„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 230
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/07/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 17, 28/07/2008
სარეგისტრაციო კოდი 010.290.000.04.001.003.262
  • Word
230
15/07/2008
სსმ, 17, 28/07/2008
010.290.000.04.001.003.262
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს ორგანული კანონი

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 76) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 30-ე მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ამ მუხლით განსაზღვრული ფორმულის მიზნებისათვის, უკანასკნელი საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის საერთო არჩევნების შედეგები გამოყენებული იქნება პარტიის შეხედულებისამებრ, ამ მუხლით გათვალისწინებული პირობებით.“.

2. 31-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 31.

1. ამ კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული საბიუჯეტო დაფინანსების გაცემა იწყება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების საბოლოო შედეგის გამოცხადებიდან.

2. საბიუჯეტო დაფინანსების სახით მისაღები თანხა პარტიის ანგარიშზე ჩაირიცხება ყოველთვიურად, პარტიის საბიუჯეტო დაფინანსების 1/12-ის ოდენობით.

3. თუ პარტიას საბიუჯეტო დაფინანსების მიღების უფლება წარმოეშობა წლის განმავლობაში, მაგრამ წლის ბოლომდე დარჩენილია სულ მცირე 6 კალენდარული თვე, პარტია ამ წლის საბიუჯეტო დაფინანსებას სრულად მიიღებს და თანხა განაწილდება პროპორციულად, დარჩენილი თვეების მიხედვით, ხოლო თუ წლის ბოლომდე დარჩენილია 6 კალენდარულ თვეზე ნაკლები, პარტია დაფინანსებას მიიღებს მხოლოდ დარჩენილი თვეების ოდენობით, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი საბიუჯეტო დაფინანსების გაცემის წესის შესაბამისად.

4. თუ პარტია უარს იტყვის ამ კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებულ ფულად სახსრებზე, ისინი ჩაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.

5. პარტიას, რომელსაც უკანასკნელი საპარლამენტო არჩევნების შედეგის მიხედვით ამ კანონის 30-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხა ეკუთვნის, დაფინანსებას ვერ მიიღებს ან დაფინანსება შეუწყდება, თუ:

ა) პარტიის პროპორციული სისტემით არჩეულ ყველა წევრს შეუწყდა პარლამენტის წევრის უფლებამოსილება;

ბ) პარტიის პროპორციული სისტემით არჩეულმა ყველა წევრმა დატოვა პარტია.“.

3. 39-ე მუხლის მე-3–მე-6 და მე-8 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 15 ივლისი.

№230–რს