„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2279-IXმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 01/12/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/12/2022
სარეგისტრაციო კოდი 010290000.04.001.018043
2279-IXმს-Xმპ
01/12/2022
ვებგვერდი, 15/12/2022
010290000.04.001.018043
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს ორგანული კანონი

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 76) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 251 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.1%-ს. აღნიშნულ ოდენობაში შედის პარტიის მიერ და მის სასარგებლოდ სხვა პირის მიერ გაწეული ხარჯები, რომლებიც დადგენილია საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ანტიკორუფციული ბიუროს (შემდგომ − ანტიკორუფციული ბიურო) მიერ და რომელთა შესახებაც ეცნობება შესაბამის პარტიას.“.

2. 26-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. პარტიის შემოწირულებების შესახებ ინფორმაცია (მათ შორის, ინფორმაცია, რომელიც შეიცავს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მონაცემებს) საჯაროა. აღნიშნული ინფორმაციის ხელმისაწვდომობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს ანტიკორუფციული ბიურო. ანტიკორუფციულმა ბიურომ ვებგვერდის მეშვეობით ყოველთვიურად უნდა უზრუნველყოს პარტიის შემოწირულებების შესახებ ინფორმაციის საჯარო ხელმისაწვდომობა.“.

3. 261 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. თუ აღარ არსებობს ამ მუხლით განსაზღვრული გარემოებები, ანტიკორუფციული ბიურო საკუთარი ინიციატივით ან ამავე მუხლით დადგენილი შეზღუდვებისადმი დაქვემდებარებული პირის განცხადების საფუძველზე, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით განიხილავს პირისთვის შეზღუდვების გაუქმების საკითხს.“.

4. 271 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შემოწირულების მიღების, აგრეთვე საწევრო შენატანის განხორციელების შესახებ ინფორმაცია პარტიამ 5 სამუშაო დღის ვადაში უნდა წარუდგინოს ანტიკორუფციულ ბიუროს.

2. თუ შემოწირულების მიღებით, აგრეთვე საწევრო შენატანის განხორციელებით ირღვევა ამ კანონით დადგენილი მოთხოვნები, პარტია ვალდებულია თანხა მის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში დაუბრუნოს შემომწირველს/საწევრო შენატანის განმახორციელებელ პირს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში თანხა გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში. თუ პარტიამ არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა შემოწირულების უკანონობის შესახებ, თანხის დაბრუნების ვალდებულება წარმოიშობა ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მოთხოვნის მომენტიდან.“.

5. 32-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პარტია ყოველი წლის 1 თებერვლამდე ანტიკორუფციულ ბიუროს უგზავნის გასული წლის საფინანსო დეკლარაციას აუდიტორის (აუდიტორული ფირმის) დასკვნასთან ერთად. პარტიის იურიდიული მისამართის მიხედვით ადგილობრივ საგადასახადო ორგანოს ეგზავნება დეკლარაციისა და აუდიტორის (აუდიტორული ფირმის) დასკვნის ასლები. დეკლარაციაში აისახება პარტიის წლიური შემოსავალი (საწევრო შენატანებისა და შემოწირულებების ოდენობები, საწევრო შენატანების განმახორციელებელ მოქალაქეთა ვინაობა, მონაცემები შემოწირულებების განმახორციელებელი მოქალაქეებისა და იურიდიული პირების თაობაზე, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი, აგრეთვე პარტიის მიერ საგამომცემლო საქმიანობიდან და სხვადასხვა ღონისძიების მოწყობით მიღებული თანხები) და გასავალი (არჩევნებზე, სხვადასხვა ღონისძიების დაფინანსებაზე, შრომის ანაზღაურებასა და მივლინებაზე გაწეული და სხვა ხარჯები), აგრეთვე ქონებრივი მდგომარეობის ანგარიში (კუთვნილი შენობა-ნაგებობებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა და სახეობა, მათი საერთო ღირებულება, საბანკო დაწესებულებებში რიცხული თანხების ოდენობა).“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ანტიკორუფციული ბიურო ვალდებულია პარტიის წლიურ საფინანსო დეკლარაციასა და საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშთან დაკავშირებული ინფორმაცია მიაწოდოს ყველა დაინტერესებულ პირს, აგრეთვე უზრუნველყოს მისი მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მათი შესაბამის ვებგვერდზე გამოქვეყნება.“;

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. პარტიის წლიური საფინანსო დეკლარაციის ფორმას შეიმუშავებს და პარტიის დაფინანსების აუდიტის სტანდარტებს ადგენს ანტიკორუფციული ბიურო.“.

6. 322 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 322

ამ კანონით გათვალისწინებული პარტიის ფინანსურ მდგომარეობასა და შემოწირულებების განხორციელებასთან დაკავშირებული მონაცემების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის წესს ადგენს ანტიკორუფციული ბიურო.“.

7. 33-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პარტია უფლებამოსილია თავისი საქმიანობის ფინანსური აუდიტის განხორციელების მიზნით მიმართოს ნებისმიერ დამოუკიდებელ აუდიტორს, რომელიც აკმაყოფილებს ანტიკორუფციული ბიუროს მიერ დადგენილ სტანდარტებს.

3. პარტიის ფინანსური მდგომარეობის შესახებ დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა წარედგინება ანტიკორუფციულ ბიუროს.“.

8. 34-ე და 341 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 34

თუ პარტია დროულად არ წარუდგენს საფინანსო დეკლარაციას ანტიკორუფციულ ბიუროს, ანტიკორუფციული ბიურო მას წერილობით გააფრთხილებს და მოსთხოვს ხარვეზის 5 დღის ვადაში აღმოფხვრას. თუ პარტია 5 დღის გასვლის შემდეგაც არ წარუდგენს საფინანსო დეკლარაციას ანტიკორუფციულ ბიუროს, იგი კარგავს ამ კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლებას მომდევნო 1 წლის განმავლობაში.

მუხლი 34 1

1. პარტიის ფინანსური საქმიანობის კანონიერებისა და გამჭვირვალობის მონიტორინგს ახორციელებს ანტიკორუფციული ბიურო.

2. ანტიკორუფციული ბიურო უფლებამოსილია:

ა) შეიმუშაოს პარტიის წლიური საფინანსო დეკლარაციის ფორმა და საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშის ფორმა;

ბ) დაადგინოს პარტიის დაფინანსების აუდიტის სტანდარტები;

გ) შეამოწმოს პარტიის საფინანსო დეკლარაციისა და საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშის სისრულე, სისწორე და კანონიერება;

დ) ამ კანონით გათვალისწინებული ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის უფლებამოსილების განხორციელებისას გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა და ელექტრონული ხელმოწერა. ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობით დოკუმენტს;

ე) არაუმეტეს წელიწადში ერთხელ განახორციელოს პარტიის ფინანსური საქმიანობის აუდიტი;

ვ) პარტიის უკანონო ფინანსურ საქმიანობაზე საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში პარტიის რიგგარეშე ფინანსური აუდიტის განხორციელების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს;

ზ) უზრუნველყოს პარტიის დაფინანსების გამჭვირვალობა;

თ) მონიტორინგის განხორციელების მიზნით პარტიისგან, ადმინისტრაციული ორგანოსგან და კომერციული ბანკისგან გამოითხოვოს ინფორმაცია პარტიის ფინანსების შესახებ;

ი) საჭიროების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გამოითხოვოს ინფორმაცია პარტიისთვის შემომწირველი ფიზიკური პირის ან იურიდიული პირის ფინანსების შესახებ;

კ) დაინტერესებულ პირებს გაუწიოს კონსულტაცია პარტიის დაფინანსების საკითხებზე;

ლ) მოახდინოს რეაგირება პარტიის დაფინანსებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის დარღვევაზე და გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული სანქციები;

მ) დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში მიმართოს პროკურატურის ორგანოებს;

ნ) პირისგან გამოითხოვოს ფინანსური ანგარიში, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი ამ კანონის 261 მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არსებობის თაობაზე;

ო) პირზე ამ კანონის 261 მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვების გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღოს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. მხარის მოთხოვნის შემთხვევაში ამ გადაწყვეტილების ასლი მხარეს უნდა გადაეცეს აქტის გამოცემის დღის მომდევნო დღის 18 საათამდე;

პ) შეიმუშაოს პარტიის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის განხორციელების მეთოდოლოგია;

ჟ) განახორციელოს კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.

3. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შესახებ, სახელმწიფო ორგანოები ამის თაობაზე ინფორმაციას აწვდიან ანტიკორუფციულ ბიუროს.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მიმართვის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს მიმართვის წარდგენიდან 48 საათში. ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვა დასაბუთებული უნდა იყოს და მასში მითითებული უნდა იყოს ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველი და მიზანი, გამოსათხოვი ინფორმაციის პერიოდი და მოცულობა. აღნიშნული მიმართვის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული უნდა იყოს ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველი და მიზანი, გამოსათხოვი ინფორმაციის პერიოდი და მოცულობა, აგრეთვე გადაწყვეტილების მოქმედების ვადა.“.

9. 342 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ანტიკორუფციული ბიუროსთვის მის მიერ მოთხოვნილი, ამ კანონით განსაზღვრული ინფორმაციის მიწოდების კანონით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა −

გამოიწვევს გაფრთხილებას ან ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, კვალიფიციური პარტიის დაჯარიმებას 5 000 ლარით.“;

ბ) მე-11 და მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ამ მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ანტიკორუფციული ბიუროს უფლებამოსილი პირი ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს, რომელიც დაუყოვნებლივ ეგზავნება განსახილველად რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს.

12. თუ არსებობს გარემოება, რომელმაც შესაძლებელია დააბრკოლოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის კანონით გათვალისწინებული სახდელის აღსრულება, ანტიკორუფციული ბიურო უფლებამოსილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენასთან ერთად პარტიის ან/და პირის ქონებას (მათ შორის, საბანკო ანგარიშებს) დაადოს ყადაღა შესაბამისი სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული სანქციის პროპორციულად. ყადაღა დაუყოვნებლივ ამოქმედდება და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმთან ერთად დასადასტურებლად წარედგინება სასამართლოს.“.

10. 392 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 392

ანტიკორუფციული ბიურო ვალდებულია პარტიის/საარჩევნო სუბიექტის საფინანსო დეკლარაციასა და საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშთან დაკავშირებული ინფორმაცია 2024 წლის 1 იანვრამდე მიაწოდოს ყველა დაინტერესებულ პირს, აგრეთვე უზრუნველყოს ამ ინფორმაციის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მათი შესაბამის ვებგვერდზე გამოქვეყნება.“.

მუხლი 2. 2023 წლის 1 სექტემბრამდე შესაბამისმა ორგანოებმა/თანამდებობის პირებმა მიიღონ/გამოსცენ ამ კანონით გათვალისწინებული „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესასრულებლად საჭირო კანონქვემდებარე აქტები და უზრუნველყონ სათანადო კანონქვემდებარე აქტების იმავე კანონთან შესაბამისობა.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2023 წლის 1 სექტემბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

1 დეკემბერი 2022 წ.

N2279-IXმს-Xმპ