დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5661-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 28/12/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111229001, 29/12/2011 |
სარეგისტრაციო კოდი | 010290000.04.001.016031 |
საქართველოს ორგანული კანონი
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 76) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:
„მუხლი 51
1. პარტიას ეკრძალება კანდიდატის, წარმომადგენლის ან სხვა პირის მეშვეობით, პირდაპირ ან არაპირდაპირ, საქართველოს მოქალაქისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ან არამატერიალურ ფასეულობათა გადაცემა (გარდა პარტიის კამპანიის მცირე ღირებულების მქონე აქსესუარებისა − მაისურებისა, კეპებისა, ქუდებისა, დროშებისა და სხვა მსგავსი ნივთებისა), ფასდაკლებით/შეღავათიანი პირობებით საქონლის ან მომსახურების მიყიდვა ან მიწოდება, საბაზროზე მეტ ფასად საქონლის ან მომსახურების შესყიდვა, უსასყიდლოდ საქონლის ან მომსახურების (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა) მიწოდება ან გავრცელება, ან საქართველოს მოქალაქის დაინტერესება ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდების, მატერიალურ ან არამატერიალურ ფასეულობათა ან მომსახურების (მათ შორის, ფიქციური შრომითი ან სხვაგვარი ურთიერთობების დამყარების) მიწოდებით ან დაპირებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული, დაპირებასთან დაკავშირებული აკრძალვა არ შეეხება პოლიტიკურ და საარჩევნო დაპირებას, რომელიც უკავშირდება საბიუჯეტო სახსრების სამომავლო განაწილებას და სახელმწიფო პოლიტიკის სამომავლო განხორციელებას.“.
2. III თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პარტიის ქონება და ფინანსები, პარტიის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი“.
3. 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 25
1. პარტიის ქონებას ქმნის:
ა) საწევრო შენატანები;
ბ) შემოწირულებები;
გ) კანონით დადგენილ შემთხვევებში − სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხები;
დ) პარტიის მიერ პარტიის სიმბოლიკის დამზადებითა და გავრცელებით, ლექციების, გამოფენებისა და სხვა მსგავსი ღონისძიებების მოწყობით, ასევე საწესდებო მიზნებიდან გამომდინარე საგამომცემლო და სხვა საქმიანობიდან მიღებული თანხები, რომლებიც არ ცვლის პარტიის, როგორც არასამეწარმეო იურიდიული პირის, ხასიათს, აგრეთვე საჯარო ღონისძიებების მეშვეობით მიღებული შემოწირულებები. ამ ქვეპუნქტის საფუძველზე წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 60 000 ლარს.
2. შემოწირულებად ითვლება პარტიის ანგარიშზე საქართველოს მოქალაქის მიერ ჩარიცხული ფულადი სახსრები, აგრეთვე პარტიის მიერ უსასყიდლოდ ან ფასდაკლებით/შეღავათიანი პირობებით მიღებული მატერიალური ფასეულობა და მომსახურება (გარდა მოხალისის მიერ ნებაყოფლობით შესრულებული სამუშაოსი), შეღავათიანი პირობებით აღებული კრედიტი.
3. პარტიას უფლება არ აქვს, აიღოს სესხი/კრედიტი ფიზიკური ან იურიდიული პირისაგან. საარჩევნო კამპანიის მიზნებისთვის საარჩევნო სუბიექტმა (პარტიამ/საარჩევნო ბლოკმა) შეიძლება ასეთ სუბიექტად რეგისტრაციის შემდეგ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კომერციული ბანკიდან აიღოს კრედიტი საერთო რაოდენობით არა უმეტეს ერთი მილიონი ლარისა.“.
4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 251 მუხლი:
„მუხლი 251
1. პარტიის და მასთან დაკავშირებული ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წლის განმავლობაში მიღებული სახელმწიფო დაფინანსების, შემოწირულებებისა და კანონით დაშვებული სხვა ფორმებით მიღებული შემოსავლის საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.2%-ს, ისევე, როგორც პარტიის მიერ გაწეული ხარჯის საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.2%-ს.
2. პარტია ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ზღვრის გადაჭარბებით მიღებული თანხები მის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვიდან 3 დღის ვადაში დაუბრუნოს შემომწირველს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში აღნიშნული თანხები გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.
3. პარტიის საექსპერტო-საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე გაწეული ხარჯი არ უნდა აღემატებოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ზღვრული ოდენობის 10%-ს.
4. პარტია უფლებამოსილია სადღესასწაულო ღონისძიებების აღნიშვნის ფარგლებში წლის განმავლობაში საჩუქრად გასცეს მცირე ღირებულების მქონე ნივთები საერთო ღირებულებით არა უმეტეს 5 000 ლარისა.
5. საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიების ხარჯებისა და შემოსავლების საერთო ოდენობები არ უნდა აღემატებოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ზღვრულ ოდენობებს.
6. თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, „წელი“ ნიშნავს პერიოდს 1 ნოემბრიდან მომავალი წლის 1 ნოემბრამდე.“.
5. 26-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტის:
ა.ა) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:
„ა1) იურიდიული პირებისაგან, მათი გაერთიანებებისაგან, სხვა ტიპის ორგანიზაციული წარმონაქმნებისაგან;“;
ა.ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სახელმწიფო ორგანოსაგან, სახელმწიფო ორგანიზაციისაგან, საჯარო სამართლის იურიდიული პირისაგან, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საზოგადოებისაგან, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;“;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. შემოწირულების განხორციელებისას პირმა უნდა მიუთითოს სახელი, გვარი, მისამართი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) ნომერი და პირადი ნომერი.“;
გ) მე-6 პუნქტში სიტყვები „ცენტრალური საარჩევნო კომისია“ შეიცვალოს სიტყვებით „კონტროლის პალატა“.
6. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 261 მუხლი:
„მუხლი 261
1. ამ თავით პარტიისთვის დადგენილი შეზღუდვები ასევე ვრცელდება:
ა) იურიდიულ პირზე, თუ ის პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული პარტიასთან, სხვაგვარად იმყოფება პარტიის კონტროლის ქვეშ ან აქვს განცხადებული პოლიტიკური მიზნები და ამოცანები;
ბ) იურიდიულ პირზე, რომელიც წარმომადგენლის ან სხვა პირის მეშვეობით მოუწოდებს ამომრჩეველს რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერისკენ ან მხარდაჭერისაგან თავის შეკავებისკენ;
გ) პირზე, რომელსაც აქვს განცხადებული პოლიტიკური და საარჩევნო მიზნები და ამოცანები, მასთან დაკავშირებულ პირზე, აგრეთვე მასთან საქმიანი ურთიერთობის მქონე პირზე, რომელსაც აქვს პოლიტიკური და საარჩევნო მიზნები, ან ახორციელებს ისეთ საქმიანობას, რომელიც გავლენას ახდენს არჩევნებში, პლებისციტსა და რეფერენდუმში საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური ნების გამოვლენაზე და ეს ქმედებები ხორციელდება ამ კანონის რეგულაციებისთვის გვერდის ავლის მიზნით.
2. იურიდიული პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული პარტიასთან, როცა მისი ხარჯები პირდაპირ ან არაპირდაპირ უკავშირდება პარტიის საქმიანობასა და მიზნებს.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს გამოხატვის თავისუფლებისა და სამოქალაქო აქტივობის განხორციელების წინააღმდეგ.“.
7. 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 27
1. პარტიის მიერ თითოეული მოქალაქისგან მიღებული ფინანსური და მატერიალური შემოწირულებების საერთო ოდენობა წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 60 000 ლარს. პარტიის თითოეული წევრის საწევრო შენატანების წლიური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1 200 ლარს.
2. შემომწირველი არ შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, რომლის წლიური შემოსავლების 15%-ზე მეტი მიღებულია მის სასარგებლოდ ან მისი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს სასარგებლოდ განხორციელებული გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვებით.
3. მოქალაქემ შემოწირულებები შეიძლება განახორციელოს წლის განმავლობაში რამდენიმე პარტიის სასარგებლოდ, მაგრამ აღნიშნულ შემოწირულებათა საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ კანონით დადგენილ ზღვრულ ოდენობას − 60 000 ლარს.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა ვრცელდება ყველა სახის შემოწირულებაზე, მათ შორის, პარტიის მიზნებისათვის და მისი სახელით გაწეულ მომსახურებებზე.
5. პარტიის მიერ საწევრო შენატანები, აგრეთვე მოქალაქისაგან შემოწირულებების სახით ფულადი სახსრები მიიღება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით. შემოწირულება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საქართველოში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკში არსებული, შემომწირველის ან საწევრო შენატანის განმახორციელებელი პირის კუთვნილი ანგარიშიდან.
6. შემოწირულების სხვა პირის მეშვეობით განხორციელება ან კანონით დადგენილი შეზღუდვებისთვის სხვაგვარად გვერდის ავლა გამოიწვევს შემოწირულების სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართვას, ხოლო სამართალდამრღვევ პირს დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობა.
7. თუ შემომწირველი ფიზიკური პირები შემოსავალს მთლიანად ან ნაწილობრივ იღებენ ერთი წყაროდან (ფიზიკური ან იურიდიული პირებისაგან ან მათთან დაკავშირებული პირებისაგან), მაშინ მათ მიერ ერთი საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ წლის განმავლობაში განხორციელებულ შემოწირულებათა საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 500 000 ლარს, ამასთანავე, თითოეულის მიერ განხორციელებული შემოწირულების საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 60 000 ლარს.“.
8. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 271 მუხლი:
„მუხლი 271
1. შემოწირულების შესახებ ინფორმაცია პარტიამ 3 დღის ვადაში უნდა წარუდგინოს საქართველოს კონტროლის პალატას.
2. თუ შემოწირულების მიღებით ირღვევა ამ კანონით დადგენილი მოთხოვნები, პარტია ვალდებულია თანხა მის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვიდან 3 დღის ვადაში დაუბრუნოს შემომწირველს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში თანხა გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.
3. პარტიის უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ შესაბამისი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მას დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობა.“.
9. 28-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თუ პარტიის მიერ კანონის დარღვევით მიღებული ფინანსური და მატერიალური შემოწირულებების საერთო ოდენობა წელიწადში:
ა) 2 000-დან 15 000 ლარამდეა, პარტიას მოეხსნება სახელმწიფო დაფინანსება 1 წლის განმავლობაში;
ბ) 15 000-დან 50 000 ლარამდეა, პარტიას მოეხსნება სახელმწიფო დაფინანსება 2 წლის განმავლობაში;
გ) 50 000 ლარზე მეტია, პარტიას მოეხსნება სახელმწიფო დაფინანსება 4 წლის განმავლობაში.“.
10. 30-ე მუხლის:
ა) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:
„71. საარჩევნო სუბიექტი, რომელიც იღებს დაფინანსებას ამ მუხლით დადგენილი წესით, მიიღებს დაფინანსებაზე დანამატს 10%-ის ოდენობით, თუ მის მიერ წარდგენილ პარტიულ სიაში (ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე − ყველა პარტიულ სიაში) ყოველ 10 კანდიდატს შორის განსხვავებული სქესი წარმოდგენილია სულ მცირე 20%-ით.“;
ბ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. პარტია საბიუჯეტო დაფინანსებას მიიღებს მხოლოდ წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე, რომელიც უნდა წარედგინოს საქართველოს კონტროლის პალატას ყოველწლიურად, არა უგვიანეს 25 ნოემბრისა. თუ პარტიამ კანონით დადგენილ ვადაში არ წარადგინა წერილობითი თანხმობა მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსების მიღების თაობაზე, ამ ვადის გასვლიდან მეორე დღეს საქართველოს კონტროლის პალატა წერილობით აცნობებს პარტიას ამის შესახებ. პარტიას უფლება აქვს, საქართველოს კონტროლის პალატის წერილობითი გაფრთხილების მიღებიდან 3 დღის ვადაში წარადგინოს შესაბამისი თანხმობა. თუ პარტიამ საქართველოს კონტროლის პალატის მიერ დადგენილ ვადაში კვლავ არ წარადგინა შესაბამისი თანხმობა, იგი კარგავს მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსების მიღების უფლებას, რის შესახებაც მას საქართველოს კონტროლის პალატა წერილობით აცნობებს. საქართველოს კონტროლის პალატა ვალდებულია პარტიის მიერ მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსების მიღების უფლების დაკარგვიდან 5 დღეში აღნიშნული თანხა დააბრუნოს სახელმწიფო ბიუჯეტში.“.
11. 301 მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. ფონდიდან თანხა გაიცემა მხოლოდ კვლევების, სწავლების, კონფერენციების, მივლინებების, რეგიონული პროექტების, ამომრჩეველთა სამოქალაქო და საარჩევნო განათლების პროექტების დაფინანსების მიზნით.
10. არასამთავრობო ორგანიზაციებზე გრანტები უნდა გაიცეს მხოლოდ პარტიების განვითარების ხელშეწყობისა და ამომრჩეველთა სამოქალაქო განათლების მიზნით წარდგენილი პროექტების საფუძველზე. ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაზე გასაცემი თანხა არ უნდა აღემატებოდეს არასამთავრობო სექტორზე გასანაწილებელი თანხის 10%-ს. არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტების განხილვისას ცენტრის საქმიანობაში სათათბირო ხმის უფლებით უნდა მონაწილეობდეს სულ მცირე 3 საერთაშორისო ორგანიზაციის ან შესაბამისი გამოცდილების მქონე უცხოური ფონდის წარმომადგენელი.“.
12. 32-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 32
1. პარტია ყოველი წლის 1 თებერვლამდე საქართველოს კონტროლის პალატას უგზავნის გასული წლის საფინანსო დეკლარაციას აუდიტორის (აუდიტური ფირმის) დასკვნასთან ერთად. პარტიის იურიდიული მისამართის მიხედვით ადგილობრივ საგადასახადო ორგანოში იგზავნება დეკლარაციისა და აუდიტორის (აუდიტური ფირმის) დასკვნის ასლები. დეკლარაციაში აისახება პარტიის წლიური შემოსავალი (საწევრო შენატანებისა და შემოწირულებების ოდენობები, საწევრო შენატანების განმახორციელებელ მოქალაქეთა ვინაობა, მონაცემები შემოწირულებების განმახორციელებელი მოქალაქეების თაობაზე, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი, აგრეთვე პარტიის მიერ საგამომცემლო საქმიანობიდან და სხვადასხვა ღონისძიების მოწყობით მიღებული თანხები) და გასავალი (არჩევნებზე, სხვადასხვა ღონისძიების დაფინანსებაზე, შრომის ანაზღაურებასა და მივლინებაზე გაწეული და სხვა ხარჯები), აგრეთვე ქონებრივი მდგომარეობის ანგარიში (კუთვნილი შენობა-ნაგებობებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა და სახეობა, მათი საერთო ღირებულება, საბანკო დაწესებულებებში რიცხული თანხების ოდენობა).
2. არჩევნებისათვის გამოყენებული სახსრების შემოსავალ-გასავალი პარტიის საფინანსო დეკლარაციაში ცალკე უნდა იყოს ნაჩვენები.
3. საქართველოს კონტროლის პალატა ვალდებულია პარტიის საფინანსო დეკლარაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია მიაწოდოს ყველა დაინტერესებულ პირს, აგრეთვე უზრუნველყოს დეკლარაციის შესაბამის ვებგვერდზე გამოქვეყნება მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
4. პარტია ვალდებულია საფინანსო დეკლარაციაში ასახოს მასთან პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებული ან მისი კონტროლის ქვეშ სხვაგვარად მყოფი იურიდიული პირის ხარჯები.
5. პარტიის წლიური საფინანსო დეკლარაციის ფორმას შეიმუშავებს და პარტიის დაფინანსების აუდიტის სტანდარტებს ადგენს საქართველოს კონტროლის პალატა.
6. პარტია ვალდებულია შეინახოს საფინანსო დეკლარაცია და მასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი 6 წლის განმავლობაში, ასევე შეასრულოს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებები, რომლებიც დაკავშირებულია საგადასახადო დოკუმენტების წარმოებასა და შენახვასთან.“.
13. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 321 და 322 მუხლები:
„მუხლი 321
არჩევნების დანიშვნის დღიდან სამ კვირაში ერთხელ ყველა პარტია, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობენ დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში, საქართველოს კონტროლის პალატას წარუდგენს ფინანსურ ანგარიშს კონტროლის პალატის მიერ დადგენილი ფორმით.
მუხლი 322
ამ კანონით გათვალისწინებული პარტიების ფინანსურ მდგომარეობასთან და შემოწირულებების განხორციელებასთან დაკავშირებული მონაცემების გამჭვირვალობის წესს ადგენს საქართველოს კონტროლის პალატა.“.
14. 33-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 33
1. პარტია ვალდებულია ყოველწლიურად განახორციელოს თავისი საქმიანობის ფინანსური აუდიტი.
2. პარტია უფლებამოსილია თავისი საქმიანობის ფინანსური აუდიტის განხორციელების მიზნით მიმართოს ნებისმიერ დამოუკიდებელ აუდიტორს, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კონტროლის პალატის მიერ დადგენილ სტანდარტებს.
3. დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა პარტიის ფინანსური მდგომარეობის შესახებ წარედგინება საქართველოს კონტროლის პალატას.“.
15. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 331 მუხლი:
„მუხლი 331
ბათილია გარიგება, რომელიც მიზნად ისახავს ამ თავით დადგენილი წესებისა და შეზღუდვებისთვის თავის არიდებას. ამგვარი გარიგების საფუძველზე გაცემული და მიღებული ქონება მიექცევა სახელმწიფოს საკუთრებაში.“.
16. 34-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 34
თუ პარტია დროულად არ წარუდგენს საფინანსო დეკლარაციას საქართველოს კონტროლის პალატას, კონტროლის პალატა მას წერილობით გააფრთხილებს და მოსთხოვს ხარვეზის 5 დღის განმავლობაში აღმოფხვრას. თუ პარტია 5 დღის გასვლის შემდეგაც არ წარუდგენს საფინანსო დეკლარაციას საქართველოს კონტროლის პალატას, იგი კარგავს ამ კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლებას მომდევნო ერთი წლის განმავლობაში.“.
17. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 341 და 342 მუხლები:
„მუხლი 341
1. პარტიის ფინანსური საქმიანობის კანონიერებასა და გამჭვირვალობაზე მონიტორინგს ახორციელებს საქართველოს კონტროლის პალატა.
2. საქართველოს კონტროლის პალატა უფლებამოსილია:
ა) შეიმუშაოს პარტიის წლიური საფინანსო დეკლარაციის ფორმა;
ბ) დაადგინოს პარტიის დაფინანსების აუდიტის სტანდარტები;
გ) შეამოწმოს პარტიის საფინანსო დეკლარაციისა და საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშის სისრულე, სისწორე და კანონიერება;
დ) ჩაატაროს პარტიის ფინანსური საქმიანობის აუდიტი;
ე) უზრუნველყოს პარტიის დაფინანსების გამჭვირვალობა;
ვ) საჭიროების შემთხვევაში პარტიიდან, ადმინისტრაციული ორგანოებიდან და კომერციული ბანკებიდან გამოითხოვოს ინფორმაცია პარტიის ფინანსებთან დაკავშირებით;
ზ) საჭიროების შემთხვევაში პირებისგან მოითხოვოს ინფორმაცია მათ მიერ პარტიებისთვის და ამ კანონის 261 მუხლით განსაზღვრული პირებისთვის გადაცემული ან მათგან მიღებული ქონების წარმომავლობის შესახებ;
თ) დაინტერესებულ პირებს გაუწიოს კონსულტაცია პარტიის დაფინანსების საკითხებზე;
ი) მოახდინოს რეაგირება პარტიის დაფინანსებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის დარღვევაზე და გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული სანქციები;
კ) დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში მიმართოს პროკურატურის ორგანოებს.
3. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ირღვევა ამ კანონით დადგენილი მოთხოვნები, სახელმწიფო ორგანოები ამის თაობაზე ინფორმაციას აწვდიან საქართველოს კონტროლის პალატას.
მუხლი 342
1. პარტიის მიერ საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული ფინანსური ან მატერიალური შემოწირულების მიღება ან დამალვა −
გამოიწვევს აკრძალული შემოწირულების სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვას და პარტიის დაჯარიმებას მიღებული ფინანსური ან მატერიალური შემოწირულების ათმაგი ოდენობით.
2. ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ პარტიის სასარგებლოდ საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული ფინანსური ან მატერიალური შემოწირულების განხორციელება −
გამოიწვევს აკრძალული ფინანსური ან მატერიალური შემოწირულების განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირის დაჯარიმებას შემოწირულების ათმაგი ოდენობით.
3. პირის მიერ პარტიის სასარგებლოდ კანონით აკრძალული ფინანსური ან მატერიალური შემოწირულების მიღება ან/და შემოწირულების თაობაზე ინფორმაციის დამალვა −
გამოიწვევს პირის დაჯარიმებას შემოწირულების ათმაგი ოდენობით.
4. პარტიის მიერ კანონით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა −
გამოიწვევს პარტიის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
5. პარტიის მიერ საქართველოს კონტროლის პალატისთვის მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდების კანონით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა −
გამოიწვევს პარტიის დაჯარიმებას 5 000 ლარით.
6. ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა პირს შეიძლება დაეკისროს შესაბამისი ქმედების ჩადენიდან 6 წლის განმავლობაში.
7. ამ მუხლით გათვალისწინებული ნორმის არაერთგზის დარღვევის ან საქართველოს კონტროლის პალატის კანონიერი მოთხოვნის განზრახ შეუსრულებლობის შემთხვევაში, ან თუ სამართალდარღვევამ მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია უფლებამოსილია საქართველოს კონტროლის პალატის წარდგინების საფუძველზე საარჩევნო სუბიექტს შეუჩეროს საარჩევნო რეგისტრაცია, თუ დარღვევა გულისხმობს არჩევნებამდე 1 წლის განმავლობაში ჩადენილ ქმედებას.
8. საქართველოს კონტროლის პალატა ყადაღას ადებს პარტიის, ფიზიკური ან/და იურიდიული პირის ქონებას (მათ შორის, საბანკო ანგარიშებს), რომელიც შეიძლება სამართალდარღვევის თაობაზე მიღებულ დადგენილებასთან ერთად გასაჩივრდეს სასამართლოში. გასაჩივრება არ აჩერებს ყადაღის მოქმედებას.
9. საქართველოს კონტროლის პალატა ამ მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე ადგენს ოქმს და იღებს დადგენილებას შესაბამისი სახდელის შეფარდების თაობაზე. ამ საქმის მიმართ გამოიყენება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალწარმოების წესები.“.
მუხლი 2. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები და ამ კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული 261 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები, რომელთაც დაფინანსება მიღებული აქვთ კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით და ეს თანხები ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის არ დაუხარჯავთ, ვალდებული არიან აღნიშნული თანხები ამ კანონის ამოქმედებიდან არა უგვიანეს 3 კალენდარული დღისა დაუბრუნონ მათ გამცემს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში თანხები მიექცევა სახელმწიფოს საკუთრებაში.
მუხლი 3
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული 342 მუხლის პირველი−მე-7 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული 342 მუხლის პირველი−მე-7 პუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 28 დეკემბერი.
№5661-რს
დოკუმენტის კომენტარები