„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2260
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/12/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 55, 27/12/2005
სარეგისტრაციო კოდი 010.110.000.04.001.002.027
  • Word
2260
16/12/2005
სსმ, 55, 27/12/2005
010.110.000.04.001.002.027
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს ორგანული კანონი

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

                 მუხლი 1. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 76) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 26.

1. აკრძალულია ფინანსური და მატერიალური შემოწირულობების მიღება:

ა) სხვა ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მოძრაობებისაგან, ლექციების, სემინარებისა და სხვა მსგავსი საჯარო ღონისძიებების მოწყობის გარდა;

ბ) სახელმწიფო ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის, სახელმწიფო ორგანიზაციისა და იმ საწარმოსაგან, რომელშიც სახელმწიფო წილი აღემატება 10%-ს, გარდა ამ კანონით დადგენილი შემთხვევებისა;

გ) არასამეწარმეო იურიდიული პირისაგან და რელიგიური ორგანიზაციისაგან, ლექციების, სემინარებისა და სხვა მსგავსი საჯარო ღონისძიებების მოწყობის გარდა;

დ) მოქალაქეობის არმქონე პირისაგან;

ე) ანონიმური ფორმით, გარდა კანონით გათვალისწინებულისა.

2. შემოწირულობის შემტანი იურიდიული პირი ვალდებულია მიუთითოს საკუთარი სახელწოდება და იურიდიული მისამართი, ხოლო ფიზიკურმა პირმა უნდა მიუთითოს სახელი, გვარი, მისამართი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) და პირადი ნომრები.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული მონაცემების მითითების გარეშე შეტანილი ფულადი სახსრები ითვლება ანონიმურად. ანონიმური შემოწირულობები პოლიტიკური გაერთიანების საფინანსო საქმიანობაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირის მიერ დაუყოვნებლივ უნდა გადაირიცხოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.“.

2. 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 27.

პარტიის მიერ მიღებული ფინანსური და მატერიალური შემოწირულობების მოცულობა წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს:

ა) თითოეული ფიზიკური პირისაგან – 30 000 ლარს;

ბ) თითოეული იურიდიული პირისაგან – 100 000 ლარს.“.

3. 30-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 30.

1. სახელმწიფო თავისი ბიუჯეტიდან ყოველწლიურად გამოყოფს გარკვეულ თანხას პარტიების ორგანიზაციული და სხვა საქმიანობისათვის.

2. პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც საქართველოს პარლამენტის უკანასკნელ საერთო არჩევნებში გადალახეს 4%-იანი ბარიერი, ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხა გამოეყოფა მიღებული ხმების შესაბამისად:

ა) 200 000 ხმამდე – თითოეული ამომრჩევლის ხმაზე 2 ლარი;

ბ) დამატებით 200 000-დან 500 000 ხმამდე – თითოეული ამომრჩევლის ხმაზე 1,5 ლარი;

გ) დამატებით 500 000 ხმაზე ზევით – თითოეული ამომრჩევლის ხმაზე 1 ლარი.

3. პოლიტიკურ პარტიებს, ყოველთვიურად დამატებით გამოეყოფა 200 ლარი, უკანასკნელი საპარლამენტო არჩევნების შედეგად თითოეული პროპორციული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრისათვის.

4. საარჩევნო ბლოკისათვის გამოყოფილი თანხა თანაბრად ნაწილდება მასში გაერთიანებულ პარტიებს შორის.“.

4. 31-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 31.

1. ამ კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული თანხა პარტიის ანგარიშზე ჩაირიცხება პროპორციულად, ყოველთვიურად.

2. თუ პარტია უარს იტყვის ამ კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებულ ფულად სახსრებზე, იგი ჩაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.“.

5. 32-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 32.

1. პარტია ყოველი წლის 1 თებერვლამდე ბეჭდვით ორგანოში აქვეყნებს გასული წლის საფინანსო დეკლარაციას აუდიტორის (აუდიტური ფირმის) დასკვნასთან ერთად. დეკლარაციაში აისახება პარტიის წლიური შემოსავალი (საწევრო შენატანების და შემოწირულობების ოდენობა, შემოწირულობის განმახორციელებელი ფიზიკური და იურიდიული პირების თაობაზე მონაცემები, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი, აგრეთვე საგამომცემლო და პარტიის მიერ სხვადასხვა ღონისძიების მოწყობით მიღებული თანხები) და გასავალი (არჩევნებზე, სხვადასხვა ღონისძიების დაფინანსებაზე, შრომის ანაზღაურებაზე, მივლინებაზე და სხვა გაწეული ხარჯები), აგრეთვე ქონებრივი მდგომარეობის ანგარიში (კუთვნილი შენობა-ნაგებობების, ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა და სახეობა, მათი საერთო ღირებულება, საბანკო დაწესებულებებში რიცხული თანხების ოდენობა).

2. არჩევნებისათვის გამოყენებული სახსრების შემოსავალ-გასავალი დეკლარაციაში ცალკე უნდა იყოს ნაჩვენები.

3. არჩევნების დროს პარტიის საარჩევნო ბლოკში გაერთიანების შემთხვევაში პარტიის მიერ მიღებულ და გამოყენებულ სახსრებად ითვლება პარტიის საარჩევნო ბლოკში გაერთიანებამდე მიღებულ და გამოყენებულ თანხებს დამატებული საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული და გამოყენებული შემოწირულობების იმდენჯერ ნაკლები თანხა, რამდენი პარტიაც იყო გაერთიანებული საარჩევნო ბლოკში.

4. პარტია დეკლარაციის გამოქვეყნებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროში და პარტიის იურიდიული მისამართის შესაბამისად ადგილობრივ საგადასახადო ორგანოში წარადგენს გამოქვეყნებული დეკლარაციისა და აუდიტორის (აუდიტური ფირმის) დასკვნის ასლს.“.

6. 39-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული წესით პარტიების დაფინანსება დაიწყება 2006 წლის 1 იანვრიდან.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4–მე-7 პუნქტები:

„4. ამ კანონის 30-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნ-ქტებით დადგენილი დაფინანსება საქართველოს პარლამენტის უახლოეს არჩევნებამდე მიეცემათ აგრეთვე იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი არიან ფრაქციის სახით.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პარტიები დაფინანსებას მიიღებენ ამ კანონის 30-ე მუხლით საარჩევნო სუბიექტისათვის განკუთვნილი დაფინანსების ფარგლებში. საარჩევნო სუბიექტისათვის განკუთვნილი დაფინანსება იყოფა იმ პარტიებს შორის, რომლებშიც გაწევრიანებული არიან პროპორციული წესით არჩეული პარლამენტის წევრები, ამ პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად.

6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით დადგენილი წესით დაფინანსებისას მხედველობაში არ მიიღება 2006 წლის 1 იანვრიდან პარლამენტის წევრთა ფრაქციული კუთვნილების თვალსაზრისით განხორციელებული ცვლილებები.

7. 2009 წლის 1 იანვრამდე ამ კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული მონაცემების მითითების გარეშე შეტანილი ფულადი სახსრები ითვლება ანონიმურად. ყოველწლიურად ნებადართულია ანონიმური დაფინანსების მიღება არა უმეტეს 30 000 ლარის ოდენობით. ანონიმური შემოწირულობა აღნიშნული თანხის ზევით პოლიტიკური გაერთიანების საფინანსო საქმიანობაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირის მიერ დაუყოვნებლივ უნდა გადაირიცხოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.“.

7. მე-40 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 401 მუხლი:

     „მუხლი 401.

ამ კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2009 წლის 1 იანვრიდან.“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 16 დეკემბერი.

№2260რს