დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „ქსელის წესების“ დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 17/04/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/04/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300280020.16.009.016085 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
პირველადი სახე (22/04/2014 - 23/04/2015)
|
„ქსელის წესების“ დამტკიცების შესახებ
|
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს „ქსელის წესები“თანდართული რედაქციით.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ქსელის წესები
|
თავი I
ზოგადი დებულებები
|
მუხლი 1.
მოქმედების სფერო, მიზნები და ამოცანები |
1. ქსელის წესები (შემდგომში „წესები“) განსაზღვრავს საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეთა და მაძიებლების მიერ გადამცემი ქსელის განვითარების, მართვის, ხელმისაწვდომობისა და უსაფრთხო სარგებლობის პროცედურებს, პირობებს, პრინციპებსა და სტანდარტებს.
2. ამ წესების მოქმედება ვრცელდება მაძიებელსა და ელექტროენერგეტიკული სისტემის ქვემოთ ჩამოთვლილ მონაწილეებზე: ა) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი; ბ) გადაცემის ლიცენზიატი; გ) ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი; დ) ელექტროენერგიის მწარმოებელი; ე) განაწილების ლიცენზიატი; ვ) მომხმარებელი, რომელიც მიერთებულია გადამცემ ქსელზე; ზ) სხვა მომხმარებელი, რომელიც არ არის ამ პუნქტის "ვ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული, მაგრამ თავისი პარამეტრებით თუ ადგილმდებარეობით ხვდება ამ წესების მოქმედების სფეროში. 3. წესების ამოცანაა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირებს (სუბიექტებს) შორის ურთიერთობების რეგულირება, მათი უფლებების, მოვალეობების, პასუხისმგებლობებისა და ანგარიშვალდებულებების განსაზღვრა, რათა უზრუნველყოფილ იქნეს: ა) გადამცემი ქსელის გამჭვირვალე, არადისკრიმინაციული და ეკონომიური (უმცირესი ღირებულების პრინციპით) ხელმისაწვდომობა და გამოყენება მისი უსაფრთხო, საიმედო და ეფექტიანი ექსპლუატაციის გათვალისწინებით; ბ) მოსარგებლეებისა და მაძიებლებისათვის ტექნიკური პირობის მოთხოვნების დადგენა; გ) ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეთა შორის სათანადო ინფორმაციის გაცვლა. 4. წესები მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა გადამცემი ქსელის ხელმისაწვდომობისა და გამოყენების ტექნიკურ-ეკონომიკური და ოპერირების კრიტერიუმები, მისი გაფართოების და გაუმჯობესების დაგეგმვა, ელექტროენერგეტიკული სისტემის მუშაობის რეჟიმები და სტანდარტები, ელექტროენერგიის მიწოდებისა და მოთხოვნების გრაფიკების შედგენა და განხორციელება, მონაცემთა და ინფორმაციის გაცვლა, ელექტროენერგიის აღრიცხვის პოლიტიკა. |
მუხლი 2.
ტერმინების განმარტება |
1. წესების მიზნებისთვის ქვემოთ ჩამოთვლილ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობები:
ა) მოსარგებლე - პირველი მუხლის მე-2 პუნქტის “დ”-“ზ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილე; ბ) ელექტროენერგიის მწარმოებელი - წარმოების ლიცენზიატი და მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური; გ) მაძიებელი - გადამცემ ქსელთან მიერთების მსურველი; დ) განმცხადებელი - მაძიებელი ან მოსარგებლე, რომელიც მიმართავს გადაცემის შესაბამის ლიცენზიატს ახალი მიერთების ან არსებული მიერთების მოდიფიკაციის განაცხადით; ე) მიერთების განაცხადი - ამ წესებით დადგენილი ფორმით შედგენილი წერილობითი მიმართვა ქსელთან მიერთების ან არსებული კავშირის მოდიფიკაციის შესახებ; ვ) წლიური ანგარიში - ანგარიში, რომელშიც შეჯამებულია ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილის მუშაობის წლიური საექსპლუატაციო მონაცემები დადგენილი ფორმით; ზ) დადგმული სიმძლავრე – აქტიური სიმძლავრე, რომლითაც მოწყობილობას შეუძლია ხანგრძლივად მუშაობა გადატვირთვის გარეშე, ტექნიკური პირობების ან საპასპორტო მონაცემების შესაბამისად; თ) მომხმარებლის დატვირთვის ავტომატური გამორთვა - პროცესი, რომლის დროსაც ხდება წინასწარშერჩეული მომხმარებლის დატვირთვის ავტომატურად გათიშვა ავარიულ რეჟიმში; ი) ძაბვის ავტომატური რეგულატორი - სისტემა, რომლის მიზანია სალტეზე ძაბვის დასაშვები სიდიდის შენარჩუნება, გენერატორის აგზნების დენის ავტომატური რეგულირებით ან/და ძალოვანი ტრანსფორამტორების ტრანსფორმაციის კოეფიციენტის ავტომატური ცვლილებით; კ) სრული გათიშვა - სიტუაცია, როცა ელექტროენერგეტიკული სისტემა ჩამქრალია და შეუძლებელია მისი აღდგენა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის ინსტრუქციების გარეშე; ლ) ელექტროსადგური - ობიექტი, რომელიც შედგება ერთი ან მეტი ენერგობლოკი/აგრეგატისაგან და განკუთვნილია ელექტროენერგიის წარმოებისათვის (გენერაციისთვის); მ) სისტემის გაშვება ნულიდან - სრულად ჩამქრალი ელექტროენერგეტიკული სისტემის აღდგენა ისეთი ელექტროსადგურის მეშვეობით, რომელსაც შეუძლია მუშაობის დაწყება გარედან ელექტროენერგიის მიღების გარეშე; ნ) გათიშვების დამტკიცებული გეგმა გენერაციის ობიექტებისათვის - დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ შემუშავებული გათიშვების გეგმა, რომელიც მოიცავს ენერგობლოკების/აგრეგატების გათიშვების პერიოდს 0 და 1 წლის განმავლობაში; ო) გათიშვების დამტკიცებული გეგმა გადამცემი ქსელისათვის - დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ შემუშავებელი გათიშვების გეგმა, რომელიც მოიცავს გადამცემი ქსელის ელემენტების გათიშვების პერიოდს 0 წლის განმავლობაში; პ) მიერთების ხელშეკრულება – ერთის მხრივ, განმცხადებელსა და, მეორეს მხრივ, გადაცემის ლიცენზიატსა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს შორის დადებული ხელშეკრულება, რომელშიც განსაზღვრულია გადამცემ ქსელთან მიერთების ახალ წერტილებში მოსარგებლის ჩართვის პირობები და ვადები; ჟ) მიერთების თარიღი – პროექტით გათვალისწინებული ელექტრომოწყობილობა-დანადგარების ტესტირების წარმატებით დასრულებისა და საექსპლუატაციოდ მზადყოფნის თარიღი; რ) მიერთების წერტილი - წერტილი, სადაც მოსარგებლის აქტივები ფიზიკურად უერთდება გადამცემ ქსელს; ს) კრიტიკული დატვირთვა - მდგომარეობა, როდესაც ქვესადგურების ელექტრომოწყობილობის/დანადგარების ან/და გადამცემი ხაზების დატვირთვა ხანგრძლივად დასაშვები სიმძლავრის 90%-100%-ის ფარგლებშია; ტ) სკადა (SCADA) – მონაცემთა შეგროვებისა და კონტროლის სისტემა; უ) მომხმარებლის დატვირთვის მართვა – ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ავარიული რეჟიმის პირობებში მომხმარებლის დატვირთვის რეგულირება სიხშირის დასაშვებ ფარგლებში შენარჩუნების მიზნით; ფ) პირდაპირ მიერთებული მომხმარებელი - გადამცემ ქსელში პირდაპირ ჩართული მომხმარებელი, გენერაციის და განაწილების კომპანიების გარდა; ქ) ნორმალური რეჟიმი – ელექტროენერგეტიკული სისტემის მუშაობის რეჟიმი, რომლის დროსაც უზრუნველყოფილია ყველა მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგება მისი ხარისხის დასაშვები ზღვრების პირობებში; ღ) ავარიული რეჟიმი – ელექტროენერგეტიკული სისტემის მუშაობის რეჟიმი, რომლის დროსაც დარღვეულია მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგება და/ან ელექტოენერგიის ხარისხის მაჩვენებლები სცდება დასაშვებ ზღვრებს; ყ) ელექტრომოწყობილობა - ელექტრული ნაკეთობების ერთობლიობა, რომელიც განკუთვნილია ელექტროენერგიის წარმოების, ტრანსფორმაციის, გადაცემის, განაწილების ან მოხმარებისთვის; შ) ენერგობლოკი/აგრეგატი - დანადგარი, რომელიც განკუთვნილია ელექტროენერგიის წარმოებისათვის და განთავსებულია სხვადასხვა ტიპის ელექტროსადგურებში; ჩ) გეგმური გათიშვა ფიქსირებული თარიღებით - ელექტროენერგეტიკული სისტემის ელემენტების გეგმური გათიშვა, რომლის ვადა წინასწარ განსაზღვრულია ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილის მიერ და რომელიც არ შეიძლება შეიცვალოს ამ წესებით განსაზღვრული შემთხვევების გარდა; ც) გეგმური გათიშვა მოქნილი თარიღებით – ელექტროენერგეტიკული სისტემის ელემენტების გეგმური გათიშვა, რომლის ვადა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მოთხოვნით შეიძლება შეიცვალოს; ძ) იძულებითი გათიშვა–ელექტროენერგეტიკული სისტემის ელემენტების გათიშვა დაზიანების ან რაიმე სხვა დაუგეგმავი მიზეზის გამო; წ) სიხშირის კონტროლი – ელექტროენერგეტიკულ სისტემაში სიხშირის შენარჩუნება დასაშვები ზღვრული სიდიდეების ფარგლებში; ჭ) სიხშირის რეგულირება – ენერგობლოკი/აგრეგატის აქტიური სიმძლავრის ავტომატური ცვლილება და/ან მოხმარების განტვირთვა; ხ) ელექტროსადგურის მუშაობის გრაფიკი - ელექტროსადგურის საათობრივი წარმოების გეგმა; ჯ) რემონტი – ეკონომიკურად მიზანშეწონილი სამუშაოთა კომპლექსი, რომელიმე ობიექტის (მოწყობილობა-დანადგარის) მუშაობისუნარიანი ან გამართული მდგომარეობის აღსადგენად; ჰ) ელექტროენერგიის მწარმოებელი - პირი, რომელიც ფლობს და/ან მართავს ელექტროსადგურს; ჰ1) წყვეტადი დატვირთვა - დატვირთვა, რომელიც შეიძლება გაითიშოს ავტომატურად ან ოპერატორის მიერ ელექტროენერგეტიკულ სისტემაში სიხშირის აღდგენის ან კონტროლის მიზნით; ჰ2) დატვირთვის შეზღუდვა - დატვირთვის შემცირება მომხმარებლის მიერ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის წინასწარ დაწესებული ლიმიტების ფარგლებში; ჰ3) დატვირთვის ნებაყოფლობითი შემცირება - დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ შერჩეული მოსარგებლის მოთხოვნის ნებაყოფლობითი შეთანხმებული შემცირება სიხშირის მართვის ხელშესაწყობად; ჰ4) რემონტების გეგმა - გეგმების ერთობლიობა, რომელიც შეთანხმებულია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან და რომლებშიც მოცემულია გადაცემის ლიცენზიატის, ელექტროენერგიის მწარმოებლის, განაწილების ლიცენზიატის ან მომხმარებლის მოწყობილობათა გეგმური სარემონტო სამუშაოები; ჰ5) მიერთების შეთავაზება - დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის წინადადება განმცხადებლის ელექტრომოწყობილობათა გადამცემ ქსელზე მიერთებისათვის, რომელიც შეიცავს ტექნიკურ პირობას, მიერთების სავარაუდო თარიღსა, მიერთების ხელშეკრულების პროექტსა და მიერთების საფასურს; ჰ6) ოპერატიული რეზერვი - გენერაციის აქტიური სიმძლავრის რეზერვი, რომელიც საჭიროა ელექტროენერგეტიკულ სისტემაში სიხშირის ავარიული ან შემთხვევითი შემცირების შედეგად ელექტროენერგეტიკული სისტემის პარამეტრების დასაშვებ ზღვრებში შესანარჩუნებლად; ჰ7) ოპერირების დაწყების თარიღი - დღე, როცა ელექტრომოწყობილობა/დანადგარი ტესტირების გავლის შემდგომ მიიღება ექსპლუატაციაში; ჰ8) საოპერაციო ტესტები - საოპერაციო პროცედურების ჩამოყალიბების, კორექტირებებისა და პერსონალის სწავლების მიზნით, აგრეთვე ელექტროენერგეტიკული სისტემის ნორმალური რეჟიმიდან გადახრის პირობებში ოპერირების შესახებ ინფორმაციის მისაღებად დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ ჩატარებული ტესტები; ჰ9) ელექტროენერგეტიკული სისტემა – ელექტროსადგურებისა და ელექტრული ქსელების ერთობლიობა, რომელიც დაკავშირებულია წარმოების, გადაცემის, განაწილებისა და მოხმარების უწყვეტი პროცესით და იმართება ერთიანი რეჟიმით; ჰ10) პროექტის დაგეგმვის მონაცემები - მონაცემები, რომელთაც დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი მოითხოვს მოსარგებლეებისგან ახალი მიერთების ან არსებული მიერთების მოდიფიკაციისას; ჰ11) რეგისტრირებული სიმძლავრე (ქონებული სიმძლავრე) - დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან დარეგისტრირებული სიმძლავრე, რომელიც წარმოადგენს ენერგობლოკის/აგრეგატის დადგმულ სიმძლავრეს გამოკლებული ენერგობლოკის/აგრეგატის იძულებით შეზღუდული სიმძლავრე (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ჰ12) რეგისტრირებული მონაცემები - სტანდარტული დაგეგმის ან დეტალური დაგემვის ის მონაცემები, რომელიც მიერთების შემდეგ ხდება ფიქსირებული; ჰ13) რეგისტრირებული საოპერაციო მახასიათებლები - ენერგობლოკის/აგრეგატის ოპერირებისათვის საჭირო მახასიათებლების მნიშვნელობები, რომლებიც რეგისტრირებულია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან წესების თანახმად; ჰ14) საიმედოობა - ელექტროენერგეტიკული სისტემის უნარი, შეინარჩუნოს მდგრადობა წარმოქმნილი შეშფოთებების დროს; ჰ15) დაგეგმვის სტანდარტული მონაცემები - ზოგადი მონაცემები, რომელთაც დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ყოველწლიურად სთხოვს მოსარგებლეებს დამტკიცებული ფორმით; ჰ16) ელექტროდანადგარი - ურთიერთდაკავშირებული მოწყობილობების ერთობლიობა, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის წარმოებას, გარდაქმნას, გადაცემას, განაწილებას, დაგროვებასა და მოხმარებას; ჰ17) ქვესადგური - ელექტრომოწყობილობათა ერთობლიობა, რომლის დანიშნულებაა ქსელის კომუტაცია, ელექტროენერგიის მიღება, გარდაქმნა, ტრანსფორმაცია და განაწილება; ჰ18) ტესტირების პროგრამა – პროცედურები, რომლებიც აკონკრეტებს შესაბამისი ქმედებების თანმიმდევრობას და დროს, რომლის მიხედვით უნდა ჩატარდეს სისტემის შესაბამისი ელემენტების ტესტირება; ჰ19) ნულოვანი წელი (წელი 0) – ნიშნავს მიმდინარე კალენდარულ წელს, პირველი წელი (წელი 1) – მიმდინარე წლის მომდევნო კალენდარულ წელს, მეორე წელი (წელი 2) – პირველი წლის მომდევნო კალენდარულ წელს და ა.შ.; ჰ20) საათობრივი მონაცემების მიწოდება - ელექტრული პარამეტრების მიწოდებას ყოველი ერთსაათიანი შუალედით; ჰ21) ტექნიკური მომსახურება – ოპერაციების კომპლექსი ან ოპერაცია მოწყობილობის მუშაობის უნარიანობის ან გამართული მდგომარეობის შესანარჩუნებლად დანიშნულებისამებრ გამოყენების, მზადყოფნის, შენახვისა და ტრანსპორტირების პირობებში; ჰ22) აქტიური ელექტრული ენერგია – ინტეგრალი აქტიური სიმძლავრე დროის მიხდევით; ჰ23) აქტიური სიმძლავრე - უწყვეტი ენერგიის საშუალო დროის მიხედვით ელექტრული ტალღის ერთი პერიოდის მანძილზე; ჰ24) რეაქტიული სიმძლავრე – ძაბვისა და დენის ნამრავლი გამრავლებული მათ შორის ფაზური კუთხის სინუსზე. 2. წესებში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონითა და სხვა მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობები. |
მუხლი 3.
წესების მოთხოვნების შესრულების ვალდებულება |
1. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, უზრუნველყოს სათანადო ღონისძიებების გატარება წესების მოთხოვნების შესასრულებლად.
2. წესების მოთხოვნების შესასრულებლად დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს უფლება აქვს, ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეების მიმართ განახორციელოს წესებით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება, გასცეს განკარგულებები, მითითებები და ინსტრუქციები, რომელთა შესრულება სავალდებულოა ადრესატისათვის. ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეები ვალდებულნი არიან, შეასრულონ ამ წესების მოთხოვნები და პრინციპები, ხელმისაწვდომი გახადონ თავიანთი ელექტრომოწყობილობა და სისტემური მომსახურება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისთვის და შეასრულონ მისი განკარგულებები, მითითებები და ინსტრუქციები. |
მუხლი 4.
მონაცემები, შეტყობინებები და კონფიდენციალურობა |
1. წესებით გათვალისწინებული მითითების, განკარგულების, ინსტრუქციის გაცემა უნდა განხორციელდეს მხარეებს შორის ამ წესებით დადგენილი ფორმებითა და საშუალებებით.
2. გადამცემ ქსელთან მიერთებამდე ან გადაცემის ლიცენზიატისათვის განაცხადის წარდგენამდე, განმცხადებლის მიერ გადაცემის ლიცენზიატისა და შემდგომში დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისათვის მიწოდებული ყველა მონაცემი კონფიდენციალურ ინფორმაციად ითვლება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. მოსარგებლის მიერ მონაცემების მოთხოვნის შემთხვევაში დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, მიაწოდოს მას სათანადო მონაცემები. ამ მონაცემების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ მოთხოვნაში მითითებული მიზნებისათვის და მოსარგებლემ უნდა დაიცვას მათი კონფიდენციალურობა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. |
მუხლი 5.
მოსარგებლის ქსელის მართვა |
1. თუ მოსარგებლის ქსელი (ან მისი ნაწილი და შესაბამისი ელექტრომოწყობილობა-დანადგარი) რეჟიმული თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია, განახორციელოს აღნიშნული ქსელის მართვა და კონტროლი გადამცემი ქსელის ანალოგიურად, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. |
თავი II
გადამცემ ქსელთან მიერთების წესი
|
მუხლი 6.
გადამცემ ქსელთან მიერთების წესის მიზნები და ამოცანები |
1. გადამცემ ქსელთან მიერთების წესი (შემდგომში “მიერთების წესი”)განსაზღვრავს გადამცემ ქსელთან მიერთებისა და ქსელით სარგებლობის ძირითად ტექნიკურ-ორგანიზაციულ პირობებს, რომელთა დაცვა სავალდებულოა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისათვის, გადაცემის ლიცენზიატისათვის, მოსარგებლისა და მაძიებლისათვის.
2. მიერთების წესის მიზანია: ა) გადამცემი ქსელისა და ამ ქსელზე მიერთებული ელექტრომოწყობილობა-დანადგარების უსაფრთხო ექსპლუატაციისა და ელექტროენერგეტიკული სისტემის სტაბილური მუშაობის უზრუნველყოფა; ბ) მიერთების წერტილებში გადამცემი ქსელის მახასიათებლების შესახებ მოთხოვნების განსაზღვრა. სათანადო ელექტრომოწყობილობა-დანადგარების, სქემების, კონტროლისა და დაცვის სისტემის შერჩევა; გ) მიერთების ხელშეკრულების ძირითადი პირობების განსაზღვრა. 3. მიერთების წესის ამოცანებია: ა) განმცხადებლის გადამცემ ქსელთან მიერთების სამართლიანი და არადისკრიმინაციული წესებისა და სტანდარტების განსაზღვრა; ბ) მიერთების წერტილებში გადამცემი ქსელის ნორმალური ფუნქციონირების სტანდარტების განსაზღვრა; გ) გადამცემ ქსელთან მიერთების ტექნიკური გადაწყვეტისა და ექსპლუატაციის კრიტერიუმების განსაზღვრა ეკონომიკური მიზანშეწონილობის (უმცირესი ღირებულების პრინციპით) გათვალისწინებით. |
მუხლი 7.
ქსელთან მიერთების ძირითადი მოთხოვნები |
1. განმცხადებელმა, რომელსაც სურს გადამცემ ქსელთან მიერთება ან არსებული მიერთების მოდიფიკაცია, განაცხადით უნდა მიმართოს შესაბამის გადაცემის ლიცენზიატს და გააფორმოს მიერთების ხელშეკრულება დისპეტჩერიზაციისა და გადაცემის ლიცენზიატებთან.
2. მიერთების წერტილში ყველა ელექტრომოწყობილობა-დანადგარი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს. 3. დისპეტჩერიზაციისა და გადაცემის ლიცენზიატები ვალდებული არიან, მიიღონ ან მიაწოდონ დადგენილი ხარისხის ელექტროენერგია მიერთების წერტილში. |
მუხლი 8.
მიერთების განაცხადი |
1. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, შეიმუშაოს გადამცემ ქსელთან მიერთების განაცხადის ფორმა და წარუდგინოს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას დასამტკიცებლად.
2. განმცხადებელი ვალდებულია, შევსებული მიერთების განაცხადი წარუდგინოს იმ გადაცემის ლიცენზიატს, რომლის კუთვნილ გადამცემ ქსელზე უნდა მოხდეს მიერთება ან არსებული მიერთების მოდიფიკაცია. 3.მიერთების განაცხადის ფორმაში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ რეკვიზიტებთან ერთად, მოცემული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: ა) განმცხადებლის დასახელება, სამართლებრივი ფორმა, საბანკო რეკვიზიტები, მისამართი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი; ბ) ტექნიკური ინფორმაციის მისაღებად გამოყოფილი პირის საკონტაქტო მონაცემები; გ) ობიექტის მდებარეობა, მისი განლაგების გეგმისა და საკადასტრო რუკის ჩათვლით; დ) შემოთავაზებული ახალი ან არსებული მიერთების მოდიფიკაციის, აგრეთვე ელექტრომოწყობილობა-დანადგარების ზოგადი აღწერილობა; ე) გადამცემი ქსელის დაგეგმვის შესაბამისი მონაცემები, ამ წესებით გათვალისწინებული ფორმის შესაბამისად; ვ) განმცხადებლის ელექტრომოწყობილობა-დანადგარების გადამცემ ქსელზე მიერთებისა და ექსპლუატაციაში გაშვების სავარაუდო თარიღები; ზ) მიერთებული ობიექტის ფლობის დამადასტურებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები (მოდიფიკაციის შემთხვევაში); თ) ახალი ობიექტის მშენებლობისათვის საჭირო მიწის ნაკვეთის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ახალი მიერთების შემთხვევაში). |
მუხლი 9.
მიერთების განაცხადის განხილვა |
1. გადაცემის ლიცენზიატი ვალდებულია, განაცხადის მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში შეამოწმოს, წარმოდგენილია თუ არა განაცხადი დადგენილი ფორმით, მოიცავს თუ არა მე-8 მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციას და ხარვეზების არსებობის შემთხვევაში წერილობით აცნობოს განმცხადებელს აღნიშნულის მითითებით და ხარვეზის გამოსწორების მიზნით განუსაზღვროს 5 დღიანი ვადა.
2. ხარვეზების გამოსწორების ან ხარვეზების არარსებობის დადგენიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, გადაცემის ლიცენზიატი არსებითად განიხილავს განაცხადს და უგზავნის მას დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს თავის კომენტარებთან ერთად. 3. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი განაცხადის მიღებიდან 20 კალენდარული დღის განმავლობაში განიხილავს განაცხადს გადაცემის ლიცენზიატის კომენტარებთან ერთად და თავის გადაწყვეტილებას უგზავნის გადაცემის ლიცენზიატს, რომელიც მისი მიღებიდან 3 სამუშაო დღეში უგზავნის აღნიშნულ გადაწყვეტილებას განმცხადებელს. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი იღებს განმცხადებლის ელექტრომოწყობილობა-დანადგარების გადამცემ ქსელზე შესაძლო ზემოქმედების გამოკვლევის საფუძველზე. 5. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის გადაწყვეტილება უნდა მოიცავდეს: ა) დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში - შეთავაზებას მიერთების შესახებ, რომელიც უნდა იყოს შედგენილი მე-10 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად; ბ) უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში - დასაბუთებულ უარს განაცხადის დაკმაყოფილებაზე, თუ ქსელზე ზემოქმედების შესწავლისას დადგინდება, რომ განმცხადებლის ელექტრომოწყობილობა-დანადგარები არ აკმაყოფილებს ელექტროენერგეტიკული სისტემის უსაფრთხო და საიმედო მუშაობასთან დაკავშირებულ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და/ან მიერთების პროექტი აუარესებს გადამცემი ქსელის მდგომარეობას. ამასთან, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, განმცხადებელს მისცეს მითითება, თუ რა ცვლილებაა შესატანი განაცხადში, რომ ის მისაღები გახდეს, თუ ქსელზე ზემოქმედების შესწავლისას დადგინდება, რომ ასეთი ცვლილებების შემთხვევაში მიერთება არ გააუარესებს გადამცემი ქსელის მდგომარეობას. ასეთ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში არ განახორციელებს სათანადო ცვლილებების (ან სათანადოდ შეცვლილი განაცხადის) წარდგენას, მიერთების განაცხადი აღარ განიხილება; გ) ამ პუნქტის "ბ" ქვეპუნქტში აღნიშნული ვადის გასვლამდე განმცხადებლის მიერ დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი, შესაბამის გადაცემის ლიცენზიატთან შეთანხმებით, უფლებამოსილია, ეს ვადა ერთჯერადად გააგრძელოს არაუმეტეს 20 სამუშაო დღით. 6. გამონაკლის შემთხვევაში, ამ მუხლით მიერთების განაცხადის განხილვის შესაბამისი ეტაპისთვის დადგენილი თითოეული ვადა შეიძლება გაიზარდოს განაცხადისა და ჩასატარებელი კვლევების სირთულიდან გამომდინარე, მხოლოდ განმცხადებელთან შეთანხმებით. |
მუხლი 10.
შეთავაზება მიერთების შესახებ |
1. შეთავაზება მიერთების შესახებ უნდა მოიცავდეს:
ა) ტექნიკურ პირობას, რომელშიც მოცემული უნდა იყოს მიერთების დეტალური აღწერილობა, მათ შორის მიერთებისათვის საჭირო ელექტრომოწყობილობა-დანადგარების დეტალური აღწერა და ინფორმაცია არსებულ გადამცემ ქსელში საჭირო ცვლილებების შესახებ; ბ) მიერთების სავარაუდო თარიღებს; გ) მიერთების ხელშეკრულების პროექტს; დ) განმცხადებლის მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ქსელზე მიერთებისათვის გადასახდელ საფასურს. 2. განმცხადებელმა გადაცემის ლიცენზიატისგან შეთავაზების მიღებიდან 20 (ოცი) სამუშაო დღის ვადაში წერილობით უნდა აცნობოს თავისი თანხმობა დისპეტჩერიზაციისა და გადაცემის ლიცენზიატებს. წინააღმდეგ შემთხვევაში შეთავაზება ავტომატურად უქმდება. აღნიშნული ვადის გასვლამდე განმცხადებლის მიერ დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია, ამ ვადის ერთჯერადად გაგრძელება გადაცემის ლიცენზიატის მიერ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან შეთანხმებით. 3. განმცხადებლის თანხმობის შემდეგ განიხილება მასთან მიერთების ხელშეკრულების გაფორმების ან შეთავაზებული ხელშეკრულების პროექტში ცვლილებების შეტანის საკითხი. |
მუხლი 11.
მიერთების ხელშეკრულება |
1. მიერთების ხელშეკრულება ფორმდება განმცხადებელს, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატსა და შესაბამისი გადაცემის ლიცენზიატს შორის. მიერთების ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს შეიმუშავებენ გადაცემისა და დისპეჩერიზაციის ლიცენზიატები და დასამტკიცებლად წარუდგენენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნულ კომისიას.
2. მიერთების ხელშეკრულება უნდა ასახავდეს შემდეგ ძირითად მოთხოვნებს: ა) მხარეთა მიერ წესების მოთხოვნების შესრულების ვალდებულებას; ბ) განმცხადებლის ვალდებულებებს, მიაწოდოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს და შესაბამის გადაცემის ლიცენზიატს ამ წესებით გათვალისწინებული მონაცემები, მათ შორის: ბ.ა) ინფორმაცია დატვირთვის ხასიათის, გრაფიკის და სხვა საპროექტო მონაცემების შესახებ (საჭიროების მიხედვით); ბ.ბ) ელექტროსადგურის მიერთების შემთხვევაში - ელექტროსადგურის საპროექტო მონაცემები; ბ.გ) მიერთების სქემები; ბ.დ) მის ობიექტებსა და მიერთების წერტილში რელეური დაცვისა და ავტომატიკის სქემები. 3. მიერთების ხელშეკრულებაში მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული ობიექტის მფლობელობის, ოპერატიული მართვისა და ტექნიკური მომსახურების საკითხები. 4. ელექტროენერგეტიკული სისტემის საიმედო მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით, მიერთების ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს ქვემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ყველა ტიპის მისაერთებელი ობიექტისათვის: ა) რეაქტიული სიმძლავრის რეგულირებას ძაბვის კონტროლის მიზნით; ბ) ცვალებადი/წყვეტადი დატვირთვის შესაძლებლობას; გ) ელექტროენერგეტიკული სისტემისათვის განკუთვნილი ნებისმიერი სხვა სახის მომსახურებას. 5. გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული მოთხოვნებისა, ელექტროსადგურისათვის მიერთების ხელშეკრულება ასევე უნდა მოიცავდეს: ა) ენერგობლოკის/აგრეგატის სიჩქარის პირველად რეგულირებას; ბ) ენერგობლოკის/აგრეგატის სიჩქარის მეორად რეგულირებას; გ) ნულიდან გაშვების შესაძლებლობას; დ) ენერგობლოკის/აგრეგატის სიმძლავრის ოპერატიულ რეზერვირებას; ე) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ ელექტროსადგურის ავტომატური დისტანციური მართვის შესაძლებლობას. |
მუხლი 12.
მიერთების წერტილის სქემები და ნახაზები |
1. მიერთების წერტილის ნახაზები მზადდება ყოველი მისაერთებელი ელექტრომოწყობილობა-დანადგარისათვის და მოიცავს პროექტირების ნორმებით განსაზღვრულ ყველა საჭირო ნახაზს.
2. განმცხადებელი ამზადებს და გადასცემს დისპეტჩერიზაციისა და გადაცემის ლიცენზიატებს მიერთების წერტილამდე მის მხარეს არსებული ყველა ელექტრომოწყობილობა-დანადგარის ნახაზსა და სქემას, მიერთების ხელშეკრულების შესაბამისად. 3. გადაცემის ლიცენზიატი, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან შეთანხმებით, ამზადებს და გადასცემს განმცხადებელს მიერთების წერტილამდე გადაცემის ლიცენზიატის მხარეს არსებული განმცხადებლისათვის აუცილებელი ელექტრომოწყობილობა-დანადგარების ნახაზებსა და სქემებს, მიერთების ხელშეკრულების შესაბამისად. 4. თუ მიერთების წერტილი უნდა იყოს (ან არის) განმცხადებლის მფლობელობაში არსებულ ობიექტზე, განმცხადებელი ვალდებულია, მოამზადოს მიერთების უჯრედის ნახაზები. სხვა შემთხვევაში მიერთების უჯრედის ნახაზებს ამზადებს გადაცემის ლიცენზიატი, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან შეთანხმებით. 5. მიერთების წერტილის ნახაზები და სქემები ზუსტად უნდა ასახავდეს მიერთების წერტილში პირველადი და მეორადი კომუტაციის ელექტრულ მიერთებებსა და მასთან დაკავშირებულ მოწყობილობებს. 6. მიერთების წერტილების ნახაზების შტამპი უნდა მოიცავდეს უფლებამოსილი პირების სახელებსა და გვარებს, თარიღებსა და ხელმოწერებს. 7. მიერთების წერტილების სქემები და ნახაზები დამტკიცებული უნდა იქნეს გადაცემის ლიცენზიატისა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ. მიერთების წერტილის სქემებისა და ნახაზების თითო ეგზემპლარი უნდა ინახებოდეს ყველა მხარესთან. 8. გადაცემის ლიცენზიატისა და განმცხადებლის მიერ მიერთების წერტილის ნახაზების მომზადების ვალდებულებები (პროცედურები, ვადები, გაფორმების სტანდარტები და სხვა) შეთანხმებული უნდა იყოს მხარეებს შორის მიერთების ხელშეკრულებაში. 9. მიერთების წერტილის ნახაზები გამოყენებულ უნდა იქნეს მიერთების ობიექტთან დაკავშირებით განსახორციელებელი სამშენებლო, საექსპლუატაციო, სარემონტო თუ საპროექტო სამუშაოების დროს. |
მუხლი 13.
განმცხადებლის ობიექტის გადამცემ ქსელზე მიერთება (ექსპლუატაციაში მიღება) |
1. განმცხადებლის ელექტრომოწყობილობა-დანადგარების ექსპლუატაციაში გაშვების წინ აუცილებელია, ჩატარდეს წინასწარი ტესტირება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მითითებების შესაბამისად. ტესტირების გავლის შემდეგ, გადამცემ ქსელზე მიერთებამდე, განმცხადებელი ვალდებულია, წარუდგინოს შესაბამის გადაცემის ლიცენზიატს წერილობითი შეტყობინება მიერთებისთვის მზადყოფნის შესახებ, რომელსაც უნდა დაერთოს:
ა) ძირითადი ელექტრომოწყობილობა/დანადგარების დაზუსტებული სპეციფიკაციები, ნახაზები და სქემები; ბ) ინფორმაცია ტექნოლოგიური, რელეური დაცვისა და ავტომატიკის მოწყობილობების შესახებ; გ) განმცხადებლის ელექტრომოწყობილობა-დანადგარების უსაფრთხოების წესებისა და ინსტრუქციების ასლები და პასუხისმგებელი თანამშრომლების სია; დ) ინფორმაცია საკონტაქტო პირებზე, რომელთაც მინიჭებული აქვთ სრული უფლებამოსილება განმცხადებლის სახელით გადაწყვეტილების მიღებაზე; ე) განმცხადებლის მიერ შემოთავაზებული ტექნიკური მომსახურების გეგმა; ვ) ინფორმაცია მიერთების წერტილისა და განმცხადებლის ელექტრომოწყობილობა/დანადგარების ტესტირების პროცედურებზე; ზ) მისაერთებელი ობიექტის ელექტრომოწყობილობა/დანადგარების მზადყოფნის ტესტირების ანგარიშები გადამცემ ქსელში ჩასართავად. 2. გადაცემის ლიცენზიატი განიხილავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ წერილობით შეტყობინებას და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან შეთანხმების შემდეგ აცნობებს განმცხადებელს ქსელზე მიერთებაზე თანხმობის ან დამატებითი ტესტირებების ჩატარების აუცილებლობის შესახებ. |
მუხლი 14.
სიხშირის ზღვრები |
1. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, უზრუნველყოს ელექტროენერგეტიკული სისტემის ისეთი რეჟიმით მუშაობა, რათა დაცული იყოს ელეტროენერგეტიკული სისტემის მუშაობის პარამეტრები, ამ მუხლით განსაზღვრულ დასაშვებ ფარგლებში.
2. გადამცემ ქსელში ნომინალური სიხშირე უნდა იყოს 50 ჰერცი. ამასთან, ქვემოთ მოყვანილ გაუთვალისწინებელ შემთხვევაშიც 53.0 ჰერცზე მაღალი სიხშირე დაუშვებელია. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, შეინარჩუნოს სიხშირე შემდეგ ფარგლებში: ა) პარალელურ-სინქრონულ რეჟიმში მუშაობის პირობებში: f=50±0.5 ჰერცი – დღე-ღამის არანაკლებ 95%-ის განმავლობაში. ბ) იზოლირებულ რეჟიმში მუშაობის პირობებში: f=50±1 ჰერცი – დღე-ღამის არანაკლებ 95%-ის განმავლობაში. გ) ავარიის შემდგომ დამყარებულ რეჟიმში: გ.ა) 49.0-51 ჰერცი – ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე; გ.ბ) 48.0-49.0 ჰერცი – არაუმეტეს 15 წუთისა; გ.გ) 47.5.0-48.0 ჰერცი -არაუმეტეს 2 წუთისა; გ.დ) 50.5-51.0 ჰერცი -არაუმეტეს 20 წუთისა; გ.ე) სიხშირის ნომინალური მაჩვენებლიდან კვაზი მდგრადი მაქსიმალური გადახრა არ უნდა აღემატებოდეს ±0.3 ჰერცს; გ.ვ) სიხშირის მაქსიმალური დინამიური გადახრა არ უნდა აღემატებოდეს ±0.8 ჰერცს. 3. მოსარგებლეები ვალდებულნი არიან, მათმა ელექტრომოწყობილობა-დანადგარებმა მიერთების წერტილებში დააკმაყოფილოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირობები. |
მუხლი 15.
ძაბვის ზღვრები |
1. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა უნდა უზრუნველყოს, რომ ნორმალურ პირობებში ძაბვის სიდიდეები შეესაბამებოდეს ამ პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
2. ნორმალურ და ავარიულ რეჟიმში ძაბვის სიდიდეების ცვლილება დასაშვებია შემდეგ ზღვრებში: ა) ნორმალურ პირობებში ძაბვის დასაშვები გადახრა სხვადასხვა ნომინალური ძაბვებისათვის მოცემულია ცხრილში:
ბ) ავარიული სიტუაციის შემდგომ ძაბვის დასაშვები გადახრა სხვადასხვა ნომინალური ძაბვებისათვის მოცემულია ცხრილში:
3. ავარიულ რეჟიმში ამ მუხლის მე-2 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტით განსაზღვრული პარამეტრების ზღვრული მნიშვნელობიდან გადახრა დასაშვებია გაგრძელდეს არაუმეტეს 30 წუთისა. | ||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 16.
ჰარმონიკული დამახინჯება |
1. გადამცემ ქსელზე მიერთებული ყველა ელექტრომოწყობილობა-დანადგარი გათვლილი უნდა იყოს ჰარმონიკული დამახინჯების დასაშვები დონეებისთვის.
2. გადამცემ ქსელზე მიერთებული არცერთი ელექტრომოწყობილობა-დანადგარი არ უნდა იწვევდეს გადამცემ ქსელში ძაბვის ჰარმონიკულ დამახინჯებას 1.5%-ზე მეტით, ხოლო ცალკეული ჰარმონიკების შემთხვევაში – 1%-ზე მეტით. |
მუხლი 17.
ძაბვის ასიმეტრია |
1. მოსარგებლის ელექტრომოწყობილობა-დანადგარმა არ უნდა გამოიწვიოს გადამცემ ქსელზე მიერთების წერტილებში, უქმი სვლიდან ნომინალურ დატვირთვამდე ფაზათაშორისი ძაბვის ასიმეტრია ერთ პროცენტზე (1%) მეტით. |
მუხლი 18.
ძაბვის რხევა და ციმციმი |
1. მოსარგებლემ უნდა უზრუნველყოს, რომ:
ა) ძაბვის რხევა მისი ელექტრომოწყობილობა-დანადგარის მიერთების ნებისმიერ წერტილში, დატვირთვის ცვლილების დროს არ აღემატებოდეს ძაბვის ნომინალური სიდიდის ერთ პროცენტს (1%); ბ) მიერთების წერტილში ძაბვის ციმციმი არ უნდა აღემატებოდეს Pst=0.8 და Plt=0.6 ზღვრებს, 95%-ის სანდოობის ინტერვალით, გაზომვების ერთი კვირის განმავლობაში. 2. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის გადაწყვეტილებით ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ძაბვის ნებისმიერი ცვალებადობა შეიძლება ნებადართული იყოს არაუმეტეს სამ პროცენტამდე (3%), იმ პირობით, თუ ეს საფრთხეს არ უქმნის გადამცემ ქსელს ან გადამცემ ქსელზე მიერთებულ სხვა მოსარგებლეებს. |
მუხლი 19.
ძაბვის ცვალებადობა გარდამავალი რეჟიმის დროს |
1. განმცხადებლის ქსელის დაპროექტებისას და არსებულის ექსპლუატაციისას გათვალისწინებული უნდა იყოს ისეთი ზომები, რომლებიც ამცირებენ გარდამავალი რეჟიმის ზემოქმედებას გადამცემ ქსელზე. |
მუხლი 20.
ნეიტრალის დამიწების რეჟიმი |
1. 110 კვ და უფრო მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორების ნეიტრალი დამიწებული უნდა იყოს. დისპეტჩერიზაციისა და შესაბამისი გადაცემის ლიცენზიატები ვალდებული არიან, მიერთების ხელშეკრულებაში მიუთითონ მიერთების წერტილებში დამიწების მიმართ არსებული მოთხოვნები და მიწასთან მოკლე ჩართვის დასაშვები კოეფიციენტი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 1.4-ს. |
მუხლი 21.
ელექტრომოწყობილობა-დანადგარების ექსპლუატაცია |
1. მოსარგებლემ ელექტრომოწყობილობა-დანადგარის გადამცემ ქსელზე მიერთების თითოეული წერტილი უნდა უზრუნველყოს საკომუტაციო მოწყობილობით.
2. მოსარგებლე უნდა ფლობდეს და ექსპლუატაციას უწევდეს მიერთების წერტილიდან თავის მხარეზე არსებულ ყველა ელექტრომოწყობილობა-დანადგარს. 3. გადაცემის ლიცენზიატი ვალდებულია, ფლობდეს და ექსპლუატაცია გაუწიოს გადამცემ ქსელს მიერთების წერტილის ჩათვლით. 4. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, ოპერატიულად მართოს გადამცემი ქსელი და მასზე მიერთებული ყველა ელექტრომოწყობილობა-დანადგარი მოსარგებლესთან შეთანხმების შესაბამისად. 5. მოსარგებლე ვალდებულია, შეასრულოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის განკარგულება წარმოებული ან მოხმარებული სიმძლავრისა და ელექტროენერგიის მართვის უზრუნველსაყოფად. 6. მოსარგებლის ელექტრომოწყობილობა-დანადგარების ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების წესების დაცვაზე პასუხიმგებლობა ეკისრება მოსარგებლეს. |
მუხლი 22.
ელექტრომოწყობილობა-დანადგარების რელეური დაცვა და ავტომატიკა |
1. მოსარგებლე ვალდებულია, გადამცემ ქსელზე მიერთებული მის მფლობელობაში არსებული ელექტრომოწყობილობა-დანადგარები აღჭურვოს შესაბამისი რელეური დაცვისა და ავტომატიკის საშუალებებით.
2. ელექტრომოწყობილობა-დანადგარების რელეური დაცვისა და ავტომატიკის სქემებსა და პარამეტრებს ითანხმებს და მათი მუშაობის დანაყენებს ამტკიცებს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი. 3. რელეური დაცვის სქემებმა უნდა უზრუნველყონ დაზიანებული ელექტრომოწყობილობა-დანადგარების სწრაფი და სელექტიური გამორთვა გადამცემი ქსელიდან, რომლის მოთხოვნებს ითვალისწინებს ეს წესები და მიერთების ხელშეკრულება. 4. გადამცემ ქსელზე მიერთებული ელექტრომოწყობილობა-დანადგარების რელეური დაცვისა და ავტომატიკის საშუალებებს მათი საპასპორტო მონაცემებისა ან/და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მოთხოვნის შესაბამისად უნდა ჩაუტარდეს ტესტირება სწრაფმოქმედებისა და სელექტიურობის დადგენილი დონის უზრუნველსაყოფად. 5. ელექტრომოწყობილობა-დანადგარების რელეური დაცვისა და ავტომატიკის სწორი და წარმატებული მოქმედების უნარი, რელეური დაცვისა და ავტომატიკის საიმედოობის მაჩვენებლის მიხედვით უნდა აღემატებოდეს 99%-ს. 6. რელეური დაცვისა და ავტომატიკის მეშვეობით გადამცემ ქსელზე მიერთებული ელექტრომოწყობილობა-დანადგარების ამორთვის დრო (რელეური დაცვისა და ავტომატიკის ამუშავების მიზეზის წარმოშობიდან, ამომრთველის მიერ ელექტრული რკალის ჩაქრობამდე) არ უნდა აღემატებოდეს ცხრილში მოცემულ მაჩვენებლებს.
7. ალბათობა იმისა, რომ ელექტრომოწყობილობა-დანადგარის გათიშვას დასჭირდება ამ მუხლის მე-6 პუნქტში განსაზღვრულზე მეტი დრო, უნდა იყოს ერთ პროცენტზე (1%) ნაკლები. 8. ამომრთველის მოქმედების უარის შემთხვევაში, მოსარგებლის ელექტრომოწყობილობა-დანადგარები და გადაცემის ლიცენზიატის გადამცემი ქსელი მიერთების წერტილებში აღჭურვილი უნდა იყოს ამომრთველის უარის რეზერვირების ავტომატიკით, რომელიც არაუმეტეს 300 მილიწამში გათიშავს სალტეზე მიერთებულ ყველა შესაბამის ამომრთველს. 9. მოსარგებლის ელექტრომოწყობილობა-დანადგარების რელეური დაცვისა და ავტომატიკის მუდმივი და ცვლადი დენის წრედებში სამუშაოების ჩატარება მოსარგებლის მიერ ან მისი სახელით დაუშვებელია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის ნებართვის გარეშე. 10. მიერთების ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესაბამისად მოსარგებლის ქსელში უნდა დამონტაჟდეს ავტომატური განმეორებითი ჩართვის ელექტრომოწყობილობა. 11. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია: ა) დაამონტაჟოს სასისტემო ავტომატიკა, სისტემური ავარიის თავიდან აცილების მიზნით; ბ) განახორციელოს მომხმარებელთა გათიშვები სიხშირის და ძაბვის ზვავისებური ვარდნის თავიდან აცილების მიზნით. 12. გენერაციის ობიექტი აღჭურვილი უნდა იყოს დაცვის სისტემით, რომელიც აგზნების დაკარგვის შემთხვევაში გამორთავს შესაბამის გენერატორს. 13. სისტემური საჭიროებიდან გამომდინარე, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია, ელექტროენერგიის მწარმოებლისაგან მოითხოვოს ასინქრონული რეჟიმისგან დაცვის სისტემის დაყენება მათ ენერგობლოკებზე, რაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს მიერთების ხელშეკრულებაში. |
მუხლი 23.
განმცხადებლის ელექტროსადგურისათვის დადგენილი მოთხოვნები |
1. ნომინალური სიმძლავრის კოეფიციენტის მნიშვნელობები ელექტროსადგურების ენერგობლოკების/აგრეგატებისათვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს შემდეგ საზღვრებში:
2. გენერატორს უნდა შეეძლოს, მიაწოდოს ნომინალური აქტიური სიმძლავრე გენერატორის სალტეზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს სხვაგვარად არის შეთანხმებული მიერთების ხელშეკრულებაში. 3. გენერაციის ობიექტს უნდა შეეძლოს, უწყვეტად მიაწოდოს მისი ნომინალური აქტიური სიმძლავრე გენერატორის სალტეებზე, მე-14 მუხლით განსაზღვრული სიხშირის ფარგლებში. 4. ნორმალურ რეჟიმში გენერატორის სალტეზე მიწოდებულ აქტიური სიმძლავრის სიდიდეზე ზეგავლენას არ უნდა ახდენდეს მე-15 მუხლით განსაზღვრულ ნორმალურ პირობებში ძაბვის ცვალებადობა. 5. ამწევი ტრანსფორმატორის გადამრთველი, საკუთარი მოხმარების ტრანსფორმატორი და გენერატორის აგზნების სისტემა უნდა დაპროექტდეს და შეირჩეს ისე, რომ გენერატორმა იმუშაოს გადამცემი ქსელის ნომინალურ ძაბვაზე და შეძლოს რეაქტიული სიმძლავრის რეგულირება გენერატორის სიმძლავრის მახასიათებლი მრუდის შესაბამისად. გენერატორის რეაქტიული სიმძლავრე არ უნდა შეიზღუდოს მთავარი ან დამხმარე ელექტრომოწყობილობების საკონტროლო დაცვის სისტემებითა და შეუთანხმებელი ოპერატიული ჩარევით. 6. გენერატორს უნდა შეეძლოს რეაქტიული სიმძლავრის მოხმარების რეჟიმში გადასვლა მისი სიმძლავრის მახასიათებელი მრუდის მიხედვით, გადამცემ ქსელთან მუშაობის მდგრადობის შენარჩუნების გათვალისწინებით. 7. ნორმალურ პირობებში გენერატორის რეაქტიული სიმძლავრის მიწოდება გენერატორის სალტეზე, აქტიური სიმძლავრის ნომინალური სიდიდის შენარჩუნებით, უნდა უზრუნველყოფდეს ძაბვის დონის შენარჩუნებას ნომინალურიდან ± 5% ინტერვალში და გადამცემ ქსელთან მდგრადი მუშაობის შენარჩუნებას. 8. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია, წინასწარ შერჩეული ელექტროსადგურისაგან მოითხოვოს სისტემის ნულიდან გაშვების უზრუნველყოფა. ასეთი ელექტროსადგურები სისტემის ნულიდან გაშვებას აწარმოებენ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან ხელშეკრულების საფუძველზე. ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის შემთხვევაში დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა უნდა მიმართოს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას. ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ელექტროსადგური ვალდებულია, მოთხოვნისთანავე დაუშვას დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის წარმომადგენელი გაშვების პროცესის ტესტირებისა და გამოკვლევის პროცესში მონაწილეობის მისაღებად. 9. როცა ელექტროენერგეტიკული სისტემის სიხშირე აღწევს მე-14 მუხლში მოცემულ ზღვრებს, ყველა ენერგობლოკი/აგრეგატი უნდა დარჩეს სინქრონიზაციაში ელექტროენერგეტიკულ სისტემასთან მოცემული დროის განმავლობაში, რათა საშუალება მიეცეს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს გაატაროს ქმედებები მდგომარეობის გამოსასწორებლად. ენერგობლოკის/აგრეგატის მფლობელი ვალდებულია, მონაწილეობა მიიღოს სიხშირისა და ძაბვის რეგულირებაში აქტიური და რეაქტიული სიმძლავრეების ცვლილების გზით, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მოთხოვნის შესაბამისად. 10. ენერგობლოკი/აგრეგატი აღჭურვილი უნდა იყოს სიჩქარის რეგულირების სისტემით, ნორმალურ პირობებში სიმძლავრის რეგულირებით სიხშირის ცვლილების მიმართ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. 11. ენერგობლოკის/აგრეგატის სიჩქარის რეგულატორის დაპროექტებისას და მუშაობისას გათვალისწინებული უნდა იყოს სტატიზმის კოეფიციენტის ცვლილება ორი პროცენტიდან (2%-დან) რვა პროცენტამდე (8%-მდე). რეგულატორის არამგრძნობელობის დიაპაზონი (ბუნებრივი და ხელოვნური) უნდა იყოს არაუმეტეს 0.05 ჰერცისა. ზემოთ მოყვანილი გადახრისა და მგრძნობელობის ინტერვალის მოთხოვნები უნდა ეხებოდეს ყველა გენერატორს. მოსარგებლეს, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან წინასწარი შეთანხმების გარეშე, არ აქვს უფლება, შეცვალოს სიჩქარისა და სიხშირის რეგულატორის დანაყენები. გადამცემ ქსელში ჩართული აქტიურ რეჟიმში მომუშავე ჰიდროგენერატორის სიჩქარის ავტომატური რეგულირების სისტემამ უნდა უზრუნველყოს დატვირთვის აღება ნულიდან მაქსიმუმამდე არაუმეტეს 30 წამის განმავლობაში. 12. ელექტროსადგურის ავტონომიურ რეჟიმში მუშაობის დროს გენერატორის სიჩქარის რეგულირების სისტემას ასევე უნდა შეეძლოს იმუშაოს 45.0 ჰც – 55,0 ჰც სიხშირის დიაპაზონში, თუ არ იზღუდება დამამზადებელის საპასპორტო პირობებით. 13. თითოეულ გენერატორს უნდა ჰქონდეს სწრაფმოქმედი აგზნებისა და ძაბვის ავტომატური რეგულირების სისტემები, რომლებიც ელექტროსადგურის გენერატორის სალტეზე ფაქტიურ ძაბვას აკონტროლებენ და მუდმივად ჩართულნი არიან მოქმედებაში. 14. ძაბვის ავტომატური რეგულირების სისტემამ დანაყენების ± 0.5% -იანი სიზუსტით უნდა უზრუნველყოს გენერატორის სტაბილური ძაბვის შენარჩუნება ამ წესების მე-15 მუხლის შესაბამისად, ისე რომ შენარჩუნებული იყოს გენერატორის სტატიკური მდგრადობა. 15. სტატიკური აგზნების შემთვევაში, აღმგზნების ძაბვის ზედა ზღვარი მინიმუმ ორჯერ, ხოლო მოსრიალე კონტაქტების გარეშე აგზნებების შემთხვევაში 1.6-ჯერ უნდა აღემატებოდეს გენერატორის აგზნების ნომინალურ ძაბვას. აგზნების სისტემას უნდა შეეძლოს ზედა ზღვრული ძაბვის შენარჩუნება არანაკლებ10 წამის განმავლობაში. 16. ყველა გენერატორი აღჭურვილი უნდა იყოს ძაბვისა და აგზნების ავტომატური რეგულირების და რეაქტიული სიმძლავრის შემზღუდავი მოწყობილობით. ელექტროენერგიის მწარმოებელს არ აქვს უფლება, აგზნების მოწყობილობა გადაიყვანოს ავტომატურიდან ხელით მართვის რეჟიმზე დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის წინასწარი თანხმობის გარეშე. 17. რეაქტიული სიმძლავრის დისპეტჩერიზაციის მიზნით გენერაციის ობიექტის ამწევ ტრანსფორმატორებს შეიძლება ჰქონდეთ ძაბვის ქვეშ მყოფი ხვიათა გამომყვანების გადამრთველები, მიერთების ხელშეკრულების შესაბამისად. ტრანსფორმაციის კოეფიციენტი, გადამრთველების დიაპაზონი და ბიჯის სიდიდე სრულად უნდა აკმაყოფილებდეს რეაქტიული სიმძლავრისათვის ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. 18. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია, მიიღოს აღრიცხვის კონტროლის და ელექტროსადგურის სხვა მონაცემები, რომლებიც მას შესაძლოა დასჭირდეს კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების მიზნით. 19. მე-15 მუხლში მოცემულ ძაბვების ცვალებადობის დიაპაზონში და გადამცემ ქსელში ერთ ან რამდენიმე ფაზაზე მოკლე ჩართვისას, ელექტროსადგურს უნდა შეეძლოს უწყვეტი მუშაობა, რომელთა შედეგადაც მიერთების წერტილებში ძაბვა შეიძლება დაეცეს 500 მილიწამის განმავლობაში ნომინალური ძაბვის 0-დან 80%-მდე, ხოლო მომდევნო ერთი (1) წამის მანძილზე ძაბვის ცვალებადობა იყოს ნომინალური ძაბვის 80-110%-მდე დიაპაზონში, რის შემდეგაც ძაბვა კვლავ აღდგება ნომინალური ძაბვის 90-110%-მდე. 20. უკუმიმდევრობის დენების წარმოშობისას გენერატორს უნდა შეეძლოს მუშაობა საქართველოში აღიარებულ საერთაშორისო სტანდარტში ასახული მოთხოვნების შესაბამისად. გენერატორი არ უნდა გამოირთოს აგრეთვე იმ მინაერთის სარეზერვო დაცვის მოქმედებამდე, რომელზეც მოკლე ჩართვის გამო გადამცემ ქსელში წარმოიშვა უკუმიმდევრობის დენები. 21. გენერატორის ამწევი ტრანსფორმატორის (110 კვ და ზევით) მაღალი ძაბვის გრაგნილი ვარსკვლავისებურად უნდა იყოს ჩართული, ხოლო ნეიტრალი დამიწებული. ამწევი ტრანსფორმატორის ნეიტრალი, როცა ელექტროსადგური ქვესადგურის გვერდით მდებარეობს, მიერთებული უნდა იყოს ქვესადგურის დამიწების კონტურთან. 22. ელექტროსადგურები უნდა იქნეს დაპროექტებული იმგვარად, რომ სიხშირის ცვალებადობამ მე-14 მუხლში მოცემულ ფარგლებში არ გამოიწვიოს მათი მწყობრიდან გამოსვლა. ელექტროენერგიის მწარმოებელი პასუხისმგებელია, დაიცვას ენერგობლოკები/აგრეგატები დაზიანებისაგან, რაც შეიძლება გამოიწვიოს სიხშირის აღნიშნულ ზღვრებს გარეთ გასვლამ. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებას ენერგობლოკის/აგრეგატის ქსელიდან გათიშვაზე იღებს ელექტროენერგიის მწარმოებელი. 23. გადამცემი ქსელიდან გათიშვის შემდეგ ელექტროსადგური ვალდებულია, იმუშაოს ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ სიხშირის ზღვრებში გამოყოფილ დატვირთვაზე (ავტონომიურ რეჟიმში). 24. ელექტროენერგიის მწარმოებელი ვალდებულია, ელექტროსადგურზე უზრუნველყოს სინქრონიზაციის კონტროლი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ მითითებულ ამომრთველებზე, რაც, ელექტროსადგურის კონფიგურაციიდან გამომდინარე, უნდა მოიცავდეს: ა) საგენერატორო ამომრთველებს; ბ) ძალოვანი ტრანსფორმატორის მაღალი ძაბვის ამომრთველს; გ) ელექტროსადგურის გადამცემ ქსელთან მაკავშირებელ 110 კვ და უფრო მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზის ამომრთველს. 25. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უზრუნველყოფს ელექტროენერგიის მწარმოებელს ენერგობლოკის/აგრეგატის სინქრონიზაციისათვის საჭირო მონაცემებით გადაცემის ლიცენზიატის მიერ მართული ელექტრომოწყობილობა-დანადგარებიდან, ელექტროსადგურის ძალოვანი ტრანსფორმატორის მაღალი ძაბვის ამომრთველზე ან საგენერატორო ამომრთველზე სინქრონიზაციის გაადვილების მიზნით, შესაბამისი მიერთების ხელშეკრულების საფუძველზე. ამ მუხლის 24-ე პუნქტის შესაბამისად, სინქრონიზაციის მოწყობილობამ უნდა უზრუნველყოს სინქრონიზაცია, ქვემოთ მოყვანილი პირობებით: ა) სიხშირე – ამ წესების მე-14 მუხლით დადგენილ ზღვრებში; ბ) ძაბვა – ამ წესების მე-15 მუხლით დადგენილ ზღვრებში.
|
მუხლი 24.
მოთხოვნები განაწილების ლიცენზიატებისა და გადამცემ ქსელთან მიერთებული მომხმარებლების მიმართ |
1. გადამცემი ქსელის ნომინალურ (110კვ და ზემოთ) ძაბვებზე, გადამცემ ქსელში ჩართული სამფაზა ტრანსფორმატორებისა და ტრანსფორმატორთა ჯგუფების მაღალი ძაბვის გრაგნილებს, რომლებიც ვარსკვლავისებურად არიან შეერთებულნი, უნდა ჰქონდეთ ვარსკვლავისებური კავშირის ნულოვან (ნეიტრალურ) წერტილში დამიწების შესაძლებლობა. დამიწების მიზნით ნეიტრალის გამომყვანი გამოტანილი უნდა იყოს კორპუსის გარეთ.
2. განაწილების ლიცენზიატმა უნდა მიიღოს ყველა ზომა, რათა უზრუნველყოფილი იყოს სიხშირული განტვირთვის ავტომატიკით მომხმარებლის გამორთვა. სიხშირით ავტომატური განტვირთვის მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები გაწერილი უნდა იყოს მიერთების ხელშეკრულებაში. 3. მიერთების ხელშეკრულება თუ ითვალისწინებს მოსარგებლის დატვირთვის 100%-ით შეზღუდვას, მაშინ გადაცემის ლიცენზიატი უფლებამოსილია, მოსარგებლეს დართოს ნება, სიხშირული განტვირთვის ავტომატიკა დაამონტაჟოს თავის მხარესაც. 4. განაწილების ლიცენზიატები და გადამცემ ქსელზე მიერთებული მომხმარებლები ვალდებულნი არიან, უზრუნველყონ, რომ მიერთების წერტილში სიმძლავრის კოეფიციენტი იყოს არანაკლებ 0,85. ამ მიზნით განაწილების ლიცენზიატებმა და გადამცემ ქსელზე მიერთებულმა მომხმარებლებმა უნდა უზრუნველყონ სათანადო ღონისძიებების გატარება, მათ შორის შესაბამისი საშუალებების მონტაჟი. 5. განაწილების ლიცენზიატებმა დაბალი ძაბვის სისტემაში რეაქტიული სიმძლავრის კომპენსაცია უნდა განახორციელონ დატვირთვის წერტილთან უშუალო სიახლოვეს, ამ წესების მე-15 მუხლში მითითებული ძაბვის ზღვრების შენარჩუნების მიზნით. |
მუხლი 25.
მოსარგებლის ელექტრომოწყობილობა-დანადგარის ოპერატიულ მართვასთან, ტექმომსახურებასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები |
1. მოსარგებლის ელექტრომოწყობილობა-დანადგარის მართვისა და ტექმომსახურების პასუხისმგებლობა ეკისრება მის მფლობელს, თუ მიერთების ხელშეკრულება სხვა მოთხოვნებს არ ითვალისწინებს.
2. ნებისმიერი მოსარგებლე, რომლის ელექტრომოწყობილობა-დანადგარები მდებარეობს გადაცემის ლიცენზიატის ქვესადგურში, მათზე სამუშაოების შესასრულებლად ვალდებულია, დაიცვას გადაცემის და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ დადგენილი ინსტრუქციები და მოთხოვნები. 3. თუ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი და/ან გადაცემის ლიცენზიატი ასრულებს სამუშაოებს საკუთარ ელექტრომოწყობილობა-დანადგარებზე, რომლებიც განთავსებულია მოსარგებლის ობიექტზე, იგი ვალდებულია, დაიცვას ამ ობიექტისთვის დადგენილი უსაფრთხოების ინსტრუქციები და მოთხოვნები. |
მუხლი 26.
ობიექტისა და ელექტრომოწყობილობა-დანადგარების იდენტიფიკაცია |
1. გადაცემის ლიცენზიატი ვალდებულია, საჭიროების მიხედვით მიაწოდოს თითოეულ მოსარგებლეს ინფორმაცია თავისი ელექტრომოწყობილობა-დანადგარების ნომენკლატურისა და ნუმერაციისა სისტემის შესახებ. მოსარგებლე ვალდებულია, გამოიყენოს აღნიშნული ნუმერაციის სისტემა თავის ელექტრომოწყობილობა-დანადგარებთან მიმართებაში.
2. ის მხარე, რომელიც ახორციელებს ელექტრომოწყობილობა-დანადგარების მონტაჟს, პასუხისმგებელია, უზრუნველყოს საკუთარ ობიექტზე მკაფიო და არაორაზროვანი ფირნიშების არსებობა, ობიექტისა და ელექტრომოწყობილობა-დანადგარის იდენტიფიკაციის მიზნით. 3. ელექტრომოწყობილობა-დანადგარის თითოეული კომპონენტის ნუმერაცია ნაჩვენები უნდა იყოს ობიექტის ელექტრულ სქემაზე. |
მუხლი 27.
ობიექტებზე დაშვება |
1. გადაცემის ლიცენზიატისა და მოსარგებლის ობიექტებზე დაშვებასთან დაკავშირებული დებულებები განისაზღვრება ამ წესებითა და მიერთების ხელშეკრულებით.
2. მოსარგებლე უზრუნველყოფს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისა და გადაცემის ლიცენზიატის, აგრეთვე კანონმდებლობით უფლებამოსილი ორგანიზაციების წარმომადგენლების დაუბრკოლებელ დაშვებას (მათი ხელსაწყოების, ელექტრომოწყობილობებისა და სატრანსპორტო საშუალებების ჩათვლით) მიერთების უჯრედზე (მიერთების წერტილის მოსარგებლის ობიექტზე არსებობის შემთხვევაში) და მოსარგებლის შენობა-ნაგებობების შიგნით არსებულ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის და/ან გადაცემის ლიცენზიატის აპარატურაზე. 3. გადაცემის ლიცენზიატის ქვესადგურზე არსებული მოსარგებლის ელექტრომოწყობილობა-დანადგარების ექსპლუატაცია უნდა განხორციელდეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. დისპეტერიზაციის ლიცენზიატს უფლება აქვს, შეამოწმოს ასეთ ელექტრომოწყობილობა-დანადგარებთან დაკავშირებული ტესტირების შედეგები და ტექნიკური მომსახურების ჩანაწერები ნებისმიერ დროს. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს აგრეთვე აქვს უფლება, შეამოწმოს მოსარგებლის ელექტრომოწყობილობა-დანადგარები მიერთების წერტილში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში. 4. მოსარგებლის ობიექტზე არსებული გადაცემის ლიცენზიატის ყველა ელექტრომოწყობილობა-დანადგარის ექსპლუატაცია უნდა განხორციელდეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 5. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი, გადაცემის ლიცენზიატი და მოსარგებლე ვალდებულნი არიან, გამოყონ პერსონალი უსაფრთხოების საჭირო ზომების მიღებისა და ოპერატიული საქმიანობის განხორციელების მიზნით. |
თავი III
გადამცემი ქსელის დაგეგმვის წესი
|
მუხლი 28.
გადამცემი ქსელის დაგეგმვის წესის მიზნები |
1. გადამცემი ქსელის დაგეგმვის წესის (შემდგომში „დაგეგმვის წესი“) მიზანია გადამცემი ქსელის დაგეგმვის პროცედურების, ტექნიკური მოთხოვნების, აგრეთვე ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეებსა და მაძიებლებს შორის თანამშრომლობისა და ინფორმაციის გაცვლის პროცედურების განსაზღვრა, გადამცემი ქსელის დაპროექტების, მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და შემდგომი გაფართოების დაგეგმვის კოორდინაციის უზრუნველსაყოფად.
2. დაგეგმვის წესი განსაზღვრავს: ა) ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეებისა და მაძიებლების პასუხისმგებლობას გადამცემი ქსელის განვითარების გეგმასთან დაკავშირებით; ბ) ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეებსა და მაძიებლებს შორის ურთიერთობის მექანიზმებს; გ) გადამცემი ქსელის დაგეგმვის კრიტერიუმებს და სტანდარტებს, რომელთა დაცვით დისპეტჩერიზაციისა და გადაცემის ლიცენზიატებმა უნდა უზრუნველყონ გადამცემი ქსელის უსაფრთხო, საიმედო და ეფექტიანი მუშაობა; დ) იმ ინფორმაციასა და მონაცემებს, რომლებსაც გადაცემის ლიცენზიატი, მაძიებელი და მოსარგებლე წარუდგენს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს გადამცემი ქსელის განვითარების დაგეგმვის მიზნით; ე) იმ ინფორმაციასა და მონაცემებს, რომელსაც დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი წარუდგენს გადაცემის ლიცენზიატებს, მაძიებლებსა და მოსარგებლეებს ელექტრომოწყობილობა-დანადგარების შერჩევისათვის. |
მუხლი 29.
გადამცემი ქსელის დაგეგმვა |
1. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ ხორციელდება გადამცემი ქსელის განვითარების გეგმის შემუშავება, მათ შორის ყველა საჭირო კვლევა და შეფასება.
2. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უზრუნველყოფს გადაცემის ლიცენზიატების, მაძიებლებისა და მოსარგებლეებისაგან მონაცემების შეგროვებასა და კოორდინაციას, აგრეთვე ინფორმაციის გაცვლას მეზობელი ქვეყნების ელექტროენერგეტიკული სისტემის ოპერატორებთან. 3. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა უნდა შეიმუშაოს გადამცემი ქსელის განვითარების ერთიანი გეგმა ათწლიანი პერიოდისათვის, რომელსაც წარუდგენს საქართველოს ენერგეტიკისა და წაყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს. 4. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, ამ თავში აღნიშნულ და სხვა საჭირო ინფორმაციაზე დაყრდნობით შეადგინოს ელექტროენერგიის წარმოება-მოხმარების ათწლიანი საპროგნოზო ბალანსი. 5. ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეები და მაძიებლები ვალდებულნი არიან, შეასრულონ დაგეგმვასთან დაკავშირებული პირობები, ამ თავის დებულებების შესაბამისად. |
მუხლი 30.
ძირითადი პრინციპები |
1. დაგეგმვის პროცესში სხვა გარემოებებთან ერთად გათვალისწინებულ უნდა იქნეს:
ა) საიმედოობის ტექნიკური მოთხოვნები; ბ) ეკონომიკური და ოპერატიული მართვის, ტექმომსახურების, რელეური დაცვისა და ავტომატიკის საკითხები; გ) ელექტროენერგიის წარმოების, მოხმარებისა და განაწილების ობიექტებთან კოორდინაციის საკითხები; დ) საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და გარემოს დაცვის მოთხოვნები. 2. გადამცემი ქსელის განვითარების ერთიანი გეგმა უნდა ითვალისწინებდეს საიმედოობის, ეკონომიკურობის, გარემოს დაცვის, განვითარების პროგნოზების, სისტემათაშორისი კავშირებისა და ადგილობრივი გადამცემი ქსელის დაგეგმვის საკითხებს. 3. ამ წესებში გადამცემი ქსელის საიმედოობის შესაფასებლად გამოიყენება ორი კრიტერიუმი: ა) ადეკვატურობა – ელექტროენერგეტიკული სისტემის უნარი უწყვეტად დააკმაყოფილოს მომხმარებელთა მოთხოვნილება ელექტროენერგიაზე, როგორც ქსელის ელემენტის გეგმიური, ასევე მოულოდნელი გათიშვის პირობებში. ბ) მდგრადობა - ელექტროენერგეტიკული სისტემის უნარი გაუძლოს შეშფოთებებს, როგორიცაა მოკლე ჩართვა ან ელექტროენერგეტიკული სისტემის ელემენტების მოულოდნელი გათიშვა. 4. დაგეგმვის ეს მოთხოვნები მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული განვითარების სხვადასხვა სცენარებისა და გაუთვალისწინებელი სიტუაციების ალბათობის შეფასებისას. 5. გადამცემი ქსელის განვითარების დაგეგმვის დროს ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეებმა და მაძიებლებმა უნდა იხელმძღვანელონ დაგეგმვის კრიტერიუმებითა და სტანდარტებით. 6. განმცხადებლის მხრიდან მიერთების ძვირადღირებული საინჟინრო გადაწყვეტილებების შემოთავაზების შემთხვევაში, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია შესთავაზოს მხარეებს გონივრული ალტერნატივა ელექტროენერგეტიკული სისტემის საიმედო და უსაფრთხო ფუქციონირების უზრუნველყოფის მოთხოვნების დაცვით. 7. გრძელვადიანი გეგმები ყოველწლიური პერიოდულობით უნდა გადაიხედოს. 8. დაგეგმვის პროცესი უნდა შედგებოდეს შემდეგი ძირითადი ეტაპებისაგან: ა) მონაცემების შეგროვება; ბ) მონაცემების დამუშავება; გ) მოდელირება; დ) ნაკლოვანების აღმოფხვრის ან შემცირების ოპტიმალური გეგმის შემუშავება; ე) გადამცემი ქსელის განვითარების ერთიანი გეგმის მომზადება. 9. დაგეგმვის პროცესი უნდა მოიცავდეს: ა) ელექტროენერგეტიკული სისტემის მუშაობას წლის სეზონების მიხედვით; ბ) მოკლევადიან პერიოდში ელექტროენერგეტიკული სისტემის მუშაობის დეტალურ შესწავლას; გ) გრძელვადიან პერიოდში ელექტროენერგეტიკული სისტემის სტრატეგიული დაგეგმვის მოთხოვნებს. 10. დაგეგმვის პროცესი უნდა დაიწყოს ელექტროენერგეტიკული სისტემის მუშაობის შეფასებით. პოტენციური რისკების გამოვლენის შემთხვევაში, განხორციელდეს რისკების დეტალური ანალიზი, მისი აღმოფხვრის ან შემცირების მიზნით. 11. ელექტროენერგეტიკული სისტემის დაგეგმვის მოკლევადიანი პერიოდი განისაზღვრება 1-დან 5 წლამდე, ხოლო გრძელვადიანი 5-დან 10 წლამდე პერიოდით. 12. ელექტროენერგეტიკული სისტემის განვითარების გეგმა უნდა იძლეოდეს გამოვლენილი რისკების აღმოფხვრის ან/და შემცირების შესაძლებლობას. |
მუხლი 31.
გადამცემი ქსელის დაგეგმვისათვის საჭირო მონაცემები |
1. განმცხადებლები გადამცემ ქსელში ჩართვამდე და მოსარგებლეები ქსელში ჩართვის შემდგომ, ასევე გადაცემის ლიცენზიატები ვალდებულნი არიან, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს ელექტროენერგეტიკული სისტემის განვითარების დაგეგმვის უზრუნველსაყოფად წარუდგინონ ინფორმაცია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ დამტკიცებული ფორმებისა და განსაზღვრული პერიოდულობის მიხედვით.
2. განაწილების ლიცენზიატები, ელექტროენერგიის მწარმოებლები ნებისმიერი სიმძლავრის ელექტროსადგურის ან/და ცალკეული ენერგობლოკის/აგრეგატის შემთხვევაში, ხოლო მომხმარებლები 5 მგვტ-ზე მეტი დადგმული სიმძლავრის შემთხვევაში, ვალდებულნი არიან, ასეთი საწარმოო საშუალებების დაგეგმილი კონსერვაციისას, აგრეთვე ექსპლუატაციიდან და დისპეტჩერული მართვიდან გაყვანის შემთხვევაში 24 თვით ადრე შეატყობინონ აღნიშნული დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს. 3. მეზობელ სისტემებთან კავშირების შესასწავლად ელექტროენერგეტიკული სისტემის განვითარების მოდელირებისათვის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, ისარგებლოს მეზობელი ქვეყნების ქსელის მონაცემებით. |
მუხლი 32.
გადამცემი ქსელის დაგეგმვისათვის საჭირო მონაცემების კლასიფიკაცია |
1. გადამცემი ქსელის დაგეგმვის მონაცემები იყოფა ოთხ ძირითად კატეგორიად:
ა) წინასწარი საპროექტო მონაცემები; ბ) საპროექტო მონაცემები; გ) სტანდარტული მონაცემები; დ) დეტალური (დამატებითი) მონაცემები. 2. საპროექტოა მონაცემები, რომლებიც უნდა წარმოადგინონ განმცხადებლებმა ახალი მიერთების ან არსებულის მოდიფიკაციის მოთხოვნის შემთხვევაში, მიერთების შეთავაზების მიღების შემდეგ. 3. სტანდარტულია მონაცემები, რომლებიც ყოველწლიურად უნდა წარმოადგინოს გადამცემი ქსელის ყველა არსებულმა მოსარგებლემ. 4. დეტალურია (დამატებითი) მონაცემები, რომლებიც დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა შეიძლება მოითხოვოს დამატებით საპროექტო მონაცემების ან სტანდარული მონაცემების გარდა. 5. განმცხადებლის მიერ ახალი მიერთების ან არსებული მიერთების მოდიფიკაციის მოთხოვნის დროს, მაგრამ მიერთების შეთავაზების მიღებამდე, განმცხადებლის მიერ წარდგენილი ყველა მონაცემი ჩაითვლება წინასწარ საპროექტო მონაცემებად. მიერთების შეთავაზების დადგენილი წესით მიღების შემდეგ, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი წინასწარი საპროექტო მონაცემები და მოგვიანებით წარმოდგენილი დაზუსტებული მონაცემები ჩაითვლება საპროექტო მონაცემებად. 6. ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეები ვალდებულნი არიან, ყოველწლიურად მიაწოდონ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს ამ მუხლით გათვალისწინებული სტანდარტული მონაცემები. ამ მონაცემების ჩაბარების ვადაა ყოველი წლის სექტებრის ბოლო სამუშაო დღე. ეს მონაცემები უნდა მოიცავდეს მომდევნო ხუთი წლის ინფორმაციას. მონაცემთა ჩაბარების ბოლო თარიღიდან მომდევნო თარიღამდე კონკრეტული წლის მონაცემებში ცვლილების არქონის შემთხვევაში განმცხადებელს შეუძლია, მონაცემების ჩაბარების მაგივრად წარადგინოს წერილობითი განაცხადი კონკრეტული წლისათვის მონაცემების უცვლელობაზე. 7. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს უფლება აქვს, საჭიროებისამებრ მოითხოვოს მის მიერ დამტკიცებული ფორმის მიხედვით დამატებითი დეტალური მონაცემები. მოსარგებლე ვალდებულია, მიაწოდოს მას აღნიშნული ინფორმაცია მოთხოვნის მიღებიდან ოცდაათი (30) სამუშაო დღის ვადაში. 8. გადამცემი ქსელის დაგეგმვის მონაცემების კლასიფიკაცია ხდება შემდეგი მახასიათებლების მიხედვით: ა) საპროგნოზო მონაცემები: ამ კატეგორიაში შედის მომდევნო ხუთი (5) წლისათვის მოსარგებლის მიერ შეფასებული საპროგნოზო მაჩვენებლები, წარმოებისა და მოხმარების პროგნოზების ჩათვლით; ბ) დაგეგმილი ელექტრომოწყობილობა-დანადგარების სავარაუდო მონაცემები: ამ კატეგორიაში შედის ელექტრომოწყობილობა-დანადგარების ან/და ელექტროსადგურის შესახებ განმცხადებლის მიერ გადამცემ ქსელთან მიერთებამდე შეფასებული სავარაუდო ინფორმაცია და პარამეტრების სიდიდეები; გ) ელექტრომოწყობილობა-დანადგარების რეგისტრირებული მონაცემები: მონაცემები, რომლებიც მიერთების შემდეგ დაზუსტდა, როგორც საბოლოო სიდიდეები. 9. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია, დამატებით მოითხოვოს განმცხადებლისაგან ან/და მოსარგებლისგან მონაცემები და დამატებითი გათვლებისა და კვლევების ჩატარება საჭიროების მიხედვით. 10. ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეების მიერ წარმოსადგენ სტანდარტული დაგეგმვისა და დეტალური დაგეგმვის მონაცემების ჩამონათვალსა და ფორმას ამტკიცებს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი და აქვეყნებს საკუთარ ვებ-გვერდზე. 11. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მოსარგებლე მიიჩნევს, რომ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ მომზადებული საპროგნოზო მონაცემები სათანადოდ არ ასახავს მოსარგებლის დაგეგმვის მონაცემებს, იგი უფლებამოსილია, მიმართოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს აღნიშნული მონაცემების კორექტირების თხოვნით. |
მუხლი 33.
გადამცემი ქსელის შესწავლა დაგეგმვის მიზნით |
1. დისპეტერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, პერიოდულად ან საჭიროებისამებრ ჩაატაროს გადამცემი ქსელის დაგეგმვისათვის საჭირო კვლევითი სამუშაოები, გადამცემი ქსელის ეკონომიკური, უსაფრთხო, საიმედო და სტაბილური მუშაობის უზრუნველსაყოფად. კერძოდ, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, მოამზადოს:
ა) პროგნოზი მომდევნო ათწლიანი პერიოდის განმავლობაში გადამცემი ქსელის მუშაობის შესახებ; ბ) გადამცემი ქსელის განვითარების პროექტების შეფასება; გ) განმცხადებლის მიერ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისთვის წარდგენილი პროექტების შეფასება; დ) გადამცემი ქსელზე ან/და მოსარგებლეთა ქსელზე მოსალოდნელი ზემოქმედების შეფასება, რომელიც შეიძლება გამოწვეული იქნეს დატვირთვის პროგნოზული სიდიდეებით; ე) კვლევების შედეგად გადამცემ ქსელში ან მოსარგებლის ქსელში გამოვლენილი ნაკლოვანებების იდენტიფიკაცია და აღმოფხვრის ღონისძიებების განსაზღვრა; ვ) ნორმალურ და ავარიულ რეჟიმებში გადამცემი ქსელის მუშაობის შეფასება; ზ) გადამცემი ქსელისა და ელექტროენერგეტიკული სისტემის მუშაობის შეფასება გარდამავალი პროცესების დროს; თ) გადამცემი ქსელის განვითარების გეგმები; ი) ნებისმიერი სხვა შეფასება, რომელიც შეიძლება საჭირო გახდეს გადამცემი ქსელის უსაფრთხოებისა და საიმედოობის უზრუნველსაყოფად. 2. გადამცემი ქსელის დაგეგმვის მიზნით ჩასატარებელ კვლევებში შეიძლება შედიოდეს: ა) გადამცემ ქსელში დატვირთვის ნაკადგანაწილების შესწავლა; ბ) მოკლე ჩართვის ანალიზი; გ) სტატიკური და დინამიკური მდგრადობის შესწავლა; დ) დამყარებული რეჟიმების შესწავლა; ე) კვანძებში ძაბვის სიდიდეების კვლევა; ვ) ელექტრომაგნიტური გარდამავალი პროცესების კვლევა; ზ) გადამცემი ქსელის საიმედო მუშაობასთან დაკავშირებული კვლევები; თ) სხვა სახის კვლევები საჭიროების მიხედვით. |
მუხლი 34.
კომპიუტერული მოდელირება |
1. გადამცემი ქსელის დაგეგმვის მიზნით მათემატიკური მოდელების გამოყენებით რეჟიმების დამუშავების მეთოდებსა და პროცედურებს ამტკიცებს დისპეჩერიზაციის ლიცენზიატი. |
მუხლი 35.
გადამცემი ქსელის დაგეგმვის კრიტერიუმები |
1. გადამცემი ქსელის დაგეგმვისას უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ელექტროენერგიის სტანდარტული პარამეტრების შენარჩუნება ამ წესების მე-14 და მე-15 მუხლების შესაბამისად, ელექტროენერგეტიკული სისტემის დატვირთვისა და ელექტროენერგიის წარმოების მოსალოდნელი სიდიდეების პირობებში.
2. გადამცემი ქსელის დაგეგმვისას გათვალისწინებული უნდა იყოს სასისტემო ავარიის თავიდან აცილებისა და სისტემის სტაბილურობის უზრუნველყოფის ღონისძიებები მოსალოდნელი ავარიული სიტუაციების პირობებში, რომლებიც შეიძლება გამოწვეული იყოს: ა) სისტემის ერთი ელემენტის მწყობრიდან გამოსვლით (N-1); ბ) სისტემის ერთი ელემენტის მწყობრიდან გამოსვლით, პლუს ერთი ენერგობლოკის/აგრეგატის ავარიული გამორთვით (N-G-1); გ) სისტემის ერთი ელემენტის შეკეთებაში ყოფნის დროს სისტემის სხვა ელემენტის ავარიული გამორთვით (N-1-1). 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დადგომის შემდეგ, ელექტროენერგეტიკულმა სისტემამ უნდა შეინარჩუნოს სტაბილური მდგომარეობა ავარიის შემდგომი რეჟიმის პარამეტრების დასაშვები ზღვრების ფარგლებში ამ წესების მე-14 და მე-15 მუხლის შესაბამისად. 4. ავარიის შემდგომ რეჟიმში გადამცემი ქსელის მუშაობის პირობები უნდა დადგინდეს სიმულაციის ტესტების შედეგების შესაბამისად. ისინი მოკლედაა შეჯამებული პირველ დანართში. აღნიშნული არ გამორიცხავს უფრო დეტალური ტესტირების შესაძლებლობას, რომელიც გადამცემი ქსელის კონკრეტული კომპონენტების უკეთ დაგეგმვის საშუალებას იძლევა. 5. დამატებითი დეტალური ტესტირება შეიძლება მოიცავდეს: ა) ქვესადგურის საიმედოობის შეფასებას; ბ) ძაბვის ვარდნის სიმულაციას; გ) ასინქრონული რეჟიმის გაანგარიშებებს; დ) დინამიკურ მდგრადობას; ე) გადართვების სიმულაციებს; ვ) სხვა საჭირო კვლევებს. |
მუხლი 36.
ავარიების კვლევა სხვადასხვა სცენარის დროს |
1. ავარიული სიტუაციების კვლევის მიზანია ელექტროენერგეტიკული სისტემის ავარიის გავრცელებისა და სტაბილურობის დარღვევის თავიდან აცილების მიზნით შემდეგი სცენარების განხილვა:
ა) საბაზისო სცენარი; ბ) მაღალი ალბათობის ავარიული სიტუაციები; გ) მცირე ალბათობის ავარიული სიტუაციები. 2. საბაზისო სცენარი: ა) ელექტროენერგეტიკული სისტემის საბაზისო სცენარი, ანუ ნორმალური რეჟიმი გულისხმობს ისეთ მდგომარეობას, როდესაც ელექტროენერგეტიკული სისტემის ყველა ელემენტი მუშა მდგომარეობაშია და რეჟიმის პარამეტრები ნორმალური ზღვრების ფარგლებშია. ასეთი სცენარისთვის კვლევა ხორციელდება დამყარებული რეჟიმის პირობებში; ბ) საბაზისო სცენარში გათვალისწინებული დატვირთვების პირობებში ძაბვის ნორმალური სიდიდის უზრუნველსაყოფად შეიძლება გამოყენებულ იქნეს ტრანსფორმატორის ხვიათა გამომყვანების გადართვა, მაშუნტირებელი რეაქტორი და სინქრონული კომპენსატორი, შემკრები სალტეების სექციონირება და რეგულირების სხვა საშუალებები. დატვირთვის მოსალოდნელი დონეებისა და ელექტროენერგიის წარმოების გრაფიკების მოდელირებისათვის შეიძლება საჭირო გახდეს რამდენიმე საბაზისო სცენარის შემუშავება. 3. მაღალი ალბათობის ავარიული სიტუაციები: ა) ერთი ელემენტის მწყობრიდან გამოსვლის ტესტი (N-1) გულისხმობს ერთი ენერგობლოკის/აგრეგატის (შესაძლოა ცალკეულ შემთხვევებში ერთი ელექტროსადგურის) ან ელექტროგადამცემი ქსელის მხოლოდ ერთი ელემენტის მწყობრიდან გამოსვლის შესაძლებლობას. ერთი ელემენტის პოტენციური ავარიით გამოწვეული ზიანის მინიმუმზე დაყვანის მიზნით შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს ტრანსფორმატორის ხვიათა გამომყვანების გადართვის, მაშუნტირებელი რეაქტორის გამოყენებისა და სალტეების სექციონირების მეთოდი; ბ) ერთი ელემენტის და იმავდროულად ერთი ენერგონლოკის/აგრეგატის (შესაძლოა ცალკეულ შემთხვევებში ერთი ელექტროსადგურის) გათიშვის სცენარის (N-G-1) მეორე შესაძლო ავარიული სიტუაციისათვის მოსამზადებლად (ე.ი. ენერგობლოკის/აგრეგატის გათიშვიდან მეორე ელემენტის გათიშვამდე) შესაძლებელია (N-G-1) ვარიანტის მოდიფიკაცია, შემდეგი მეთოდების გამოყენებით: ტრანსფორმატორის ხვიათა გამომყვანების გადართვა, მაშუნტირებელი რეაქტორის ჩართვა-გამორთვა, გენერაციის დისპეტჩერიზაციის გეგმის შეცვლა და სალტის სექციონირება; გ) სისტემის ერთი ელემენტის შეკეთებისას სისტემის სხვა ელემენტის ავარიული გათიშვა (N-1-1) გულისხმობს გადამცემი ქსელის ერთი ელემენტის ან ერთი ენერგობლოკის/აგრეგატის (შესაძლოა ცალკეულ შემთხვევებში ერთი ელექტროსადგურის) გათიშვას იმ დროს, როდესაც სისტემის სხვა რომელიმე ელემენტი შეკეთების რეჟიმშია. შეკეთების პროცესი შეიძლება ისე იყოს დაგეგმილი, რომ სისტემა მზად იყოს მეორე ელემენტის ავარიული გათიშვისათვის, შემდეგი მეთოდებით: ტრანსფორმატორის ხვიათა გამომყვანების გადართვა, ფაზათა ძვრის კუთხის რეგულირება, სადისპეტჩერო გრაფიკის ცვლილება და სალტის სექციონირება; დ) N-1-1 კვლევის ჩატარება შეიძლება ისეთი სიტუაციებისათვის, როდესაც ერთდროულად ორი ელემენტი იძულებით არის გათიშული, მაგრამ პირველ და მეორე გათიშვებს შორის არის საკმარისი დრო გადადინებების ნორმალურ ზღვრებში აღსადგენად; ე) სისტემის ერთი ელემენტის შეკეთებისას სისტემის სხვა ელემენტის ავარიული გათიშვის (N-1-1) შემთხვევისათვის განსაზღვრული კრიტერიუმები შესაძლოა განსხვავებული იყოს იმის გათვალისწინებით, რომ (N-1-1) შემთხვევის ალბათობა ბევრად ნაკლებია ვიდრე (N-1)-ისა. (N-1-1) შემთხვევებისათვის დასაშვებია მოხმარების დატვირთვის გარკვეული შემცირება. 4. მცირე ალბათობის ავარიული სიტუაციები: ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობის შენარჩუნების მიზნით სისტემამ უნდა გაუძლოს უფრო მწვავე, მაგრამ ნაკლებად მოსალოდნელ ავარიულ სიტუაციებსაც (სალტეების დაზიანება, სალტის მაერთებელი მოწყობილობის დაზიანება, ამომრთველების დაზიანება, რელეების არასათანადო მუშაობა, ორჯაჭვა ხაზის მწყობრიდან გამოსვლა და ა.შ.) ისე, რომ ამას არ მოჰყვეს ძაბვის ზვავი ან უკონტროლო კასკადური გათიშვები. |
მუხლი 37.
გადამცემი ქსელის მუშაობის სტანდარტები |
1. მოკლე ჩართვის დენების დონეები:
ა) მოკლე ჩართვის დენების მაქსიმალური დონე არ უნდა აღემატებოდეს ელექტრომოწყობილობის მახასიათებლების 90%-ს; ბ) 110 კვ და მეტი ძაბვის გადამცემი ქსელის ნეიტრალი, როგორც წესი, ყრუდ უნდა იყოს დამიწებული. მიწასთან ცალფაზა მოკლე შერთვის დროს მიწასთან მოკლე შერთვის ძაბვა არ უნდა აღემატებოდეს ნომინალური ფაზათაშორისი ძაბვის 80%-ს. 2. დინამიკური მდგრადობის ტესტირება: ა) სისტემის დინამიკური მდგრადობა შენარჩუნებული უნდა იყოს სამფაზა მოკლე ჩართვის ან მიწასთან ორფაზა მოკლე ჩართვის დროს; ბ) დინამიკური მდგრადობის ტესტის ჩატარების დროს გასათვალისწინებულია, რომ დაზიანებული ელემენტი ამორთულ იქნეს ძირითადი დაცვით. ამავე დროს ხაზის ავტომატურად განმეორებითი ჩართვის (აგჩ) მოწყობილობა უნდა იყოს მოქმედებაში; გ) ტესტირების დროს ასინქრონული რეჟიმი ხანმოკლე დროითაც კი დაუშვებელია. 3. კასკადური გათიშვები: ა) ავარიულმა სიტუაციამ არ უნდა გამოიწვიოს გადამცემი ქსელის მთლიანობის დარღვევა ან სისტემის გათიშვა გადამცემი ხაზების ან ელექტროსადგურის კასკადური გათიშვის გამო. შესაძლო ავარიული სიტუაციების კვლევების შედეგები გათვალისწინებული უნდა იყოს სისტემის დაცვის ელექტრომოწყობილობის დაგეგმვის და რელეური დაცვის დანაყენების განსაზღვრის დროს; ბ) სპეციალური დაცვის სქემები: გადამცემ ქსელში კასკადური გათიშვების გავრცელების და, შედეგად, სისტემის ჩაქრობის თავიდან აცილების მიზნით, შესაძლებელია, განხორციელებული იქნეს სპეციალური დაცვის სქემები. 4. ძაბვის ზვავისებური ვარდნის (ძაბვის კოლაფსი) თავიდან აცილების მიზნით გადამცემი ქსელის დატვირთვის დონესა და სტატიკური მდგრადობის დარღვევის დონეს შორის ყოველთვის უნდა იყოს შენარჩუნებული მდგრადობის მარაგი. იგი უნდა განისაზღვროს გადამცემი ქსელის დატვირთვის გაზრდისას ელექტროენერგეტიკული სისტემის მახასიათებლების შესწავლით. 5. სადენების პარამეტრების დასაშვები ზღვრები (ნორმალური და ავარიული): ა) გადამცემი ხაზის სადენების თერმული პარამეტრები უნდა განისაზღვროს ყველაზე უფრო მეტად მგრძნობიარე ელემენტის პარამეტრების მიხედვით, იქნება ეს გამტარის მახასიათებლები, ჩაღუნვის ისარი, თუ ელექტრომოწყობილობის თერმული პარამეტრები; ბ) ელექტრომოწყობილობათა ნორმალური და ავარიული თერმული მდგრადობის ზღვრები უნდა განისაზღვროს სეზონურობის თავისებურებების გათვალისწინებით. ნორმალური და გადატვირვის მდგომარეობების შესაბამისი პარამეტრების განსაზღვრისას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ისეთი დამხმარე ელექტრომოწყობილობათა პარამეტრები, როგორიცაა გამანაწილებელი მოწყობილობა, ბუშინგი (შემყვანი იზოლატორი), გამზომი ტრანსფორმატორები, ტრანსფორმატორის ხვიათა გადამრთველი და სხვა; გ) როგორც ნორმალური, ასევე ავარიული სიტუაციის დაგეგმვისას, მიუღებელია ელექტრომოწყობილობათა გადატვირთვა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მომენტალურად ხდება სიტუაციის გამოსწორება (ავტომატური ან ოპერატორის მოქმედებით), მაგრამ დაცული უნდა იყოს დასაშვები ზღვრული პარამეტრები (დენის ძალა): გ.ა) საჰაერო ხაზების შემთხვევაში ნომინალური დატვირთვის (დენის ძალა) 110% მნიშვნელობები 30 წუთის განმავლობაში; გ.ბ) ტრანსფორმატორებისა და კაბელების შემთხვევაში დაცული უნდა იქნეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის, მწარმოებლისა და საერთაშორისო ელექტროტექნიკური კომისიის სტანდარტების მოთხოვნები. 6. ელექტროენერგეტიკული სისტემა ისე უნდა იყოს დაგეგმილი, რომ ძაბვა დარჩეს ამ წესების მე-15 მუხლში მოცემულ ზღვრებში. 7. ძაბვის ცვლილების მნიშვნელობები: ა) საბაზო სცენარით ოპერირებისას, ე.ი. როცა ყველა ხაზი მწყობრშია, ძაბვის (ნახტომისებური) ცვლილების მნიშვნელობა გამოწვეული კონდენსატორის და მაშუნტირებელი რეაქტორის გადართვით არ უნდა აღემატებოდეს ნომინალური ძაბვის 3.0%-ს; ბ) გაუთვალისწინებელი შემთხვევისას (N-1), ძაბვის მაქსიმალური მნიშვნელობა ამ შემთხვევის წინ და მის შემდეგ არ უნდა იყოს 10%-ზე მეტი. 8. ელექტროენერგეტიკული სისტემა ისე უნდა იყოს დაგეგმილი, რომ სიხშირე დარჩეს ამ წესების მე-14 მუხლში მოცემულ ზღვრებში. |
მუხლი 38.
ავარიის თავიდან აცილების დამატებითი ღონისძიებები |
1. გაუთვალისწინებელი შემთხვევის წინა პერიოდის (საბაზისო სცენარის) მოსამზადებლად ჩასატარებელია ქვემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებებიდან ის ქმედებები, რომლებიც მიმართულია სისტემის პარამეტრების ნორმალურ ზღვრებში აღსადგენად:
ა) ტრანსფორმატორის გრაგნილების ხვიათა გამომყვანების გადართვა; ბ) ფაზათა ძვრის კუთხის რეგულატორების გამოყენება; გ) მაშუნტირებელი რეაქტორის, სინქრონული და სტატიკური კომპენსატორის ჩართვა ან/და გამორთვა; დ) სალტეების სექციონირება. 2. საბაზისო სცენარი მოიცავს როგორც ქსელის გადატვირთვებისა და ძაბვის ნორმალური პარამეტრებიდან გადახრების თავიდან აცილებას, ასევე პოტენციური ცალკეული გაუთვალისწინებელი შემთხვევის სცენარებისთვის სისტემის მომზადებას. საბაზისო სცენარი გამოიყენება გაუთვალისწინებელი შემთხვევების შესწავლის ამოსავალ წერტილად. 3. N-G-1 და N-1-1 შემთხვევებში იგულისხმება, რომ პირველი გათიშვიდან, მათ შორის, რომელიმე ელემენტზე სარემონტო სამუშაოების დაწყებიდან მეორე გათიშვამდე, საკმარისი დროა იმისათვის, რომ მომზადდეს სისტემა მეორე გათიშვისთვის. ამ დროს დასაშვებია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება და აგრეთვე გენერაციის დისპეტჩერიზაციის გეგმის შეცვლა (რედისპეტჩირება). 4. N-1 ან N-G-1 სცენარების შემთხვევებისას და იმის გათვალისწინებით, რომ ავარიის შემდგომი პარამეტრების ზღვრები არ დარღვეულა, სისტემის პარამეტრების ნორმალურ ზღვრებში აღსადგენად ჩასატარებელია ქვემოთ ჩამოთვლილი ქმედებები: ა) ტრანსფორმატორის გრაგნილების ხვიათა გამომყვანების გადართვა; ბ) ფაზათა ძვრის კუთხის რეგულატორების გამოყენება; გ) მაშუნტირებელი რეაქტორის, სინქრონული და სტატიკური კომპენსატორის ჩართვა ან/და გამორთვა; დ) გენერაციის დისპეტჩერიზაციის გეგმის შეცვლა (რედისპეტჩირება); ე) გადართვები. 5. არჩეული უნდა იყოს ის ქმედებები, რომელთაც ყველაზე დიდი გავლენა ექნებათ ავარიული დარღვევების აღმოსაფხვრელად. 6. N-G-1და N-1-1 შემთხვევებში შეიძლება გამოყენებული იყოს დატვირთვის შემცირება მომხმარებელთა გათიშვის გზით, რათა თავიდან იქნეს აცილებული ავარიის შემდგომი პარამეტრების ზღვრების დარღვევა. 7. გენერაციის დისპეტჩერიზაციის გეგმის შეცვლა (რედისპეტჩირება): ა) მუშაობაში მყოფი ენერგობლოკების/აგრეგატების დატვირთვების შეცვლა დასაშვებია ხაზის ელემენტის (N-1) და ენერგობლოკების/აგრეგატების (G-1) ავარიული გამორთვის შემდეგ, რათა დაცული იყოს N-G-1 ან N-1-1 მოთხოვნა; ბ) გადამცემი ქსელის ელემენტის გაუთვალისწინებელი, ავარიული გამორთვისას დასაშვებია ენერგობლოკების/აგრეგატების სიმძლავრეების ცვლილება გადამცემი ქსელის პარამეტრების ნორმალურ ზღვრებში აღდგენის მიზნით. 8. ძაბვის რეგულირება ტრანსფორმატორის ხვიათა გამომყვანების გადართვის საშუალებით: ა) ტრანსფორმატორის ხვიათა გამომყვანის მდგომარეობა შერჩეული უნდა იყოს საბაზისო სქემის, ენერგობლოკების/აგრეგატების ან ქსელის ელემენტის სარემონტო გამორთვის რეჟიმებისთვის, სანამ დადგება N-G-1 ან N-1-1 შემთხვევა; ბ) როგორც ავარიისშემდგომი ქმედება, მისაღებია ტრანსფორმატორის ხვიათა გამომყვანების გადართვა ორ ქვესადგურში ელექტროენერგეტიკული სისტემის პარამეტრების ნორმალურ ზღვრებში დასაბრუნებლად; გ) ტრანსფორმატორის ხვიათა გამომყვანების გადართვა წარმოებს იმ ტრანსფორმატორებზე, რომლებიც ყველაზე დიდ გავლენას ახდენს გადამცემ ქსელზე. 9. ფაზარეგულატორებისათვის არჩეულ უნდა იქნეს ფაზათა ძვრის კუთხის სათანადო მნიშვნელობა სხვადასხვა სცენარებისათვის საჭიროების მიხედვით. 10. მაშუნტირებელი რეაქტორის, სინქრონული და სტატიკური კომპენსატორის ჩართვა-გამორთვა გათვალისწინებული უნდა იქნეს სხვადასხვა სცენარებისათვის საჭიროების მიხედვით. 11. სალტეების სექციონირება და გადამცემ ქსელში გადართვები: ა) სხვადასხვა სცენარის დამუშავებისას დასაშვებია სალტეების სექციებად დაყოფა, რათა ელექტროენერგიის მოხმარება არ გახდეს საერთო გადატვირთვის მიზეზი; ბ) სხვადასხვა სცენარის განხილვისას, ავარიის თავიდან აცილების მიზნით, დასაშვებია, გადამცემ ქსელში საჭირო რაოდენობის გადართვების განხორციელება ელექტროენერგეტიკული სისტემის პარამეტრების ნორმალურ საზღვრებში დასაბრუნებლად. 12. დატვირთვის (მოხმარების) შეზღუდვა შეიძლება განხორციელდეს N-1-1 და N-G-1 სცენარების შემთხვევაში გადამცემ ქსელის ელემენტების გადატვირთვის თავიდან აცილებისა და ძაბვის ან სიხშირის დასაშვებ ფარგლებში შესანარჩუნებლად.
|
მუხლი 39.
გადამცემი ქსელის განვითარების გეგმა
|
1. გადამცემი ქსელის განვითარების გეგმა უნდა შემუშავდეს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ, გადამცემი ქსელის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით. ამ გეგმაში აღწერილი უნდა იყოს არსებული გადამცემი ქსელი, საჭირო მოდიფიკაციები და განვითარება.
2. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, შეიმუშაოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმა და განაახლოს ყოველ წელიწადს. 3. გადამცემი ქსელის განვითარების გეგმაში განსაზღვრული უნდა იყოს გადამცემი ქსელის მოსალოდნელი რეჟიმები წლების მიხედვით და მითითებული იყოს გადამცემი ქსელის ის კვანძები, სადაც საჭიროა ახალი ელექტრომოწყობილობა/დანადგარების ექსპლუატაციაში შეყვანა ან არსებულის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია, ამ წესებით დადგენილი ელექტროენერგიის ხარისხის პარამეტრების უზრუნველსაყოფად და საიმედოობის კრიტერიუმების შესაბამისად. 4. გადამცემი ქსელის განვითარების გეგმაში მითითებული უნდა იყოს გადამცემი ქსელის ის კვანძები, სადაც ოპტიმალურია ახალი ელექტროსადგურების და/ან სხვა მოსარგებლეების მიერთება, რათა ხელი შეეწყოს კონკურენციას ელექტროენერგიის ბაზარზე და გადამცემი ქსელის განვითარებას გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული წესით. 5. თუ გადამცემი ქსელის ზოგიერთ უბანზე, სადაც გადამცემი ქსელის განვითარების გეგმის მიხედვით დაგეგმვის კრიტერიუმების (N-1, N-G-1, N-1-1) და ელექტროენერგიის ხარისხის დადგენილი მოთხოვნების შესრულება ტექნიკურ-ეკონომიკური თვალსაზრისით მიზანშეუწონელია, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, გადამცემი ქსელის განვითარების გეგმასთან ერთად საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას წარუდგინოს აღნიშნული ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზი. ანალიზში განხილული უნდა იყოს შემდეგი საკითხები: ა) დაგეგმვის კრიტერიუმების შეუსრულებლობით გამოწვეული ელექტროენერგეტიკული სისტემის ნორმალური მუშაობის დარღვევების ალბათობა და შედეგები; ბ) დაგეგმვის კრიტერიუმების შესრულების მიზნით სისტემის გასაუმჯობესებლად ჩასატარებელი სამუშაოების სავარაუდო ღირებულება; გ) ნორმალური მუშაობის დარღვევის ალბათობის შესამცირებლად საჭირო ღონისძიებების სავარაუდო ღირებულება. 6. გადამცემი ქსელის განვითარების გეგმა სხვა ინფორმაციასთან ერთად უნდა შეიცავდეს ინფორმაციას გადამცემი ქსელის საექსპლუატაციო მახასიათებლების შესახებ, რომელიც მოიცავს: ა) გადამცემი ქსელის ზოგად მახასიათებლებს, მეზობელი ქვეყნების გადამცემ ქსელებთან კავშირების გათვალისწინებით; ბ) გადამცემი ქსელის არსებული მდგომარეობის შეფასებებს და იმ უბნების სრულ ანალიზს, რომლებიც დაგეგმვის კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებენ; გ) 110 კვ და უფრო მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების გამტარუნარიანობას; დ) გადამცემი ქსელის ნაკადგანაწილებას მაქსიმალური დატვირთვების დროს; ე) მოკლე ჩართვის დენების სიდიდეებს 110 კვ და უფრო მაღალი ძაბვის ქვესადგურების სალტეებზე; ვ) გადამცემ ქსელში დანაკარგებს; ზ) გადამცემი ქსელის განვითარებას, რომელიც ეფუძნება ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის პროგნოზს; თ) გადამცემი ქსელის განვითარებას, რომელიც ეფუძნება ახალი ელექტროსადგურების მშენებლობის გეგმებს; ი) ახალი სისტემათაშორისი ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების მშენებლობების შეთავაზებებს; კ) მეზობელი ქვეყნების ელექტროენერგეტიკულ სისტემებთან დაგეგმილი გადადინებების მოცულობებს. 7. გადაცემის ლიცენზიატები ვალდებულნი არიან, მოამზადონ თავიანთი გადამცემი ქსელების საინვესტიციო გეგმები გადამცემი ქსელის განვითარების გეგმის საფუძველზე. 8. გადამცემი ქსელის განვითარების გეგმა უნდა ითვალისწინებდეს ელექტროენერგიის წარმოების წლიურ საპროგნოზო მოცულობებს ათწლიანი პერიოდისათვის. 9. გენერაციის პროგნოზირებისას გათვალისწინებული უნდა იყოს: ა) ათწლიანი პერიოდის მოხმარების პროგნოზი; ბ) ელექტროენერგეტიკული სისტემისათვის საჭირო სიმძლავრის რეზერვი; გ) არსებული ელექტროსადგურების მდგომარეობა; დ) იმ დაგეგმილი ელექტროსადგურების პარამეტრები, რომლებთანაც ხელმოწერილია ურთიერთგაგების მემორანდუმი ან მიერთების ხელშეკრულება; ე) იმპორტ-ექსპორტის სტატისტიკა და პროგნოზები; ვ) ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარებისა და მიწოდების საპროგნოზო ბალანსების ანალიზი; ზ) რეკომენდაციები ისეთი შემთხვევებისათვის, როდესაც დაგეგმილი ელექტროსადგურების ექსპლუატაციაში გაშვება გვიანდება; თ) რეკომენდაციები სიმძლავრისა და ენერგიის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. |
თავი IV
ოპერატიული მართვის წესი
|
მუხლი 40.
ელექტროენერგიაზე მოთხოვნის პროგნოზირება |
1. დატვირთვის მონაცემების მიწოდება, ოპერატიული დაგეგმვა და კონტროლი უნდა განხორციელდეს შემდეგი პრინციპების დაცვით:
ა) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, მოსარგებლეების მიერ მიწოდებულ დატვირთვის მონაცემებზე დაყრდნობით, შეადგინოს მოთხოვნის პროგნოზები გრძელვადიანი დაგეგმვის ეტაპისათვის; ბ) მოკლევადიანი ოპერატიული გეგმების შემუშავების ეტაპზე დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, შეიმუშაოს მოთხოვნების პროგნოზები ელექტროენერგიის მწარმოებლების, განაწილების ლიცენზიატებისა და სხვა მომხმარებლების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. 2. რეაქტიული სიმძლავრის მოთხოვნა მოიცავს რეაქტიული სიმძლავრის მოთხოვნას მოსარგებლის სალტეზე, მაგრამ არ მოიცავს გადამცემი ქსელის რეაქტიულ გამტარობასა და რეაქტიულ კომპენსაციას ელექტროენერგეტიკულ სისტემაში, რის საფუძველზეც დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა უნდა უზრუნველყოს ჯამური რეაქტიული გამტარობისა და რეაქტიული კომპენსაციის მონაცემების ანგარიშის ჩატარება. 3. ელექტროენერგიაზე მოთხოვნის პროგნოზირების ამოცანებია: ა) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსის მომზადება მოსარგებლეების მიერ მიწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით ისე, რომ გათვალისწინებული იქნეს სიმძლავრის საკმარისი რეზერვი; ბ) მოკლევადიანი ოპერატიული გეგმების შემუშავების ეტაპებზე იმ ფაქტორების განსაზღვრა, რომელიც უნდა გაითვალისწინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა მოთხოვნების პროგნოზირების პროცესში. 4. გრძელვადიანი მოთხოვნის პროგნოზირებისთვის განაწილების ლიცენზიატები და მომხმარებლები ვალდებულნი არიან, მიაწოდონ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს მონაცემები მოთხოვნილი სიმძლავრისა და აქტიური ენერგიის შესახებ დაგეგმვის სხვადასხვა ეტაპისათვის. 5. ოპერატიული დაგეგმვის ეტაპის დროს (პირველი წლიდან მე-5 წლის ჩათვლით): ა) არაუგვიანეს ყოველი წლის 30 სექტემბრისა, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, წერილობით შეატყობინოს მოსარგებლეებს მოსალოდნელი წლიური პიკური მოთხოვნის თარიღი/დრო და მოსალოდნელი მინიმალური წლიური მოთხოვნის თარიღი/დრო. ბ) არაუგვიანეს ყოველი წლის 30 ოქტომბრისა, თითოეული მოსარგებლე ვალდებულია, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს წერილობით შეატყობინოს მომდევნო ხუთწლიანი პერიოდის თითოეული წლის საპროგნოზო მონაცემები, კერძოდ: ბ.ა) საათობრივი მოთხოვნა აქტიურ სიმძლავრეზე (მიერთების წერტილების მიხედვით და ჯამურად). ეს მონაცემები იანგარიშება მოსარგებლეებისთვის მოსალოდნელი მაქსიმალური დატვირთვის დღისათვის და აგრეთვე დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისთვის მოსალოდნელი წლიური პიკური მოთხოვნილების დღისათვის; ბ.ბ) წლიური მოთხოვნა (მიერთების წერტილების მიხედვით და ჯამურად) აქტიურ სიმძლავრეზე, მოხმარების კატეგორიების მიხედვით (მაგ: მოსახლეობა, კომერციული სექტორი, სამთავრობო დაწესებულებები, სამრეწველო მომხმარებლები, სასოფლო-სამეურნეო მომხმარებლები, გარე განათება, საავადმყოფოები და ა.შ.) სიტუაციის შესაბამისად; ბ.გ) აქტიურ სიმძლავრეზე (მიერთების წერტილების მიხედვით და ჯამურად) შედგენილი საათობრივი მოთხოვნის პროგნოზი, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ მიწოდებული მინიმალური მოხმარების დღისთვის; ბ.დ) აქტიურ სიმძლავრეზე მოთხოვნა და სიმძლავრის კოეფიციენტი მიერთების წერტილებში მოსარგებლეების პიკური მოხმარების საათებში და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ მიწოდებული წლის პიკის საათებში; ბ.ე) მიერთების წერტილებში აქტიურ სიმძლავრეზე მოთხოვნა და სიმძლავრის კოეფიციენტი - დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ მოწოდებული წლის მინიმალური მოთხოვნის პერიოდში. 6. მოკლევადიანი დაგეგმვის ეტაპზე ერთი თვით ადრე მოსარგებლე ვალდებულია, წერილობით მიაწოდოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს სიმძლავრის საათობრივი გრაფიკები. 7. ერთი დღით ადრე დაგეგმვის ეტაპზე მოსარგებლე ვალდებულია, შეატყობინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს მიერთების ნებისმიერ წერტილში მომდევნო დღეს მოთხოვნის 1 მგვტ-ით ან მეტით ცვლილების შესახებ. 8. მოსარგებლე ვალდებულია, წერილობით მიაწოდოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს მონაცემები თითოეული დღის აქტიური და რეაქტიული სიმძლავრეების შესახებ, წინა კალენდარული დღის განმავლობაში საათებისა და მიერთების წერტილების მიხედვით. 9. ელექტროენერგიაზე მოთხოვნის პროგნოზების პროცესში დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი ფაქტორები: ა) გასული პერიოდის მონაცემები ელექტროენერგიაზე მოთხოვნების შესახებ, გადამცემი ქსელის დანაკარგების ჩათვლით; ბ) ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორის მიერ მოწოდებული შესაბამისი მონაცემები და ინფორმაცია; გ) ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლების ზრდის პროგნოზები; დ) მიმდინარე და გასული პერიოდის ამინდის პროგნოზი; ე) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისათვის წინასწარ ცნობილი რემონტების გეგმა; ვ) ელექტროენერგიის მწარმოებლების მიერ დაგეგმილი სიმძლავრის გრაფიკები; ზ) ელექტროენერგიის მოსალოდნელი იმპორტი, ექსპორტი და ტრანზიტი; თ) მოსარგებლეთა მიერ საჭიროების მიხედვით მიწოდებული სხვა ინფორმაცია. 10. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა ელექტროენერგეტიკული სისტემის მოთხოვნების პროგნოზები უნდა მოამზადოს სათანადო მეთოდოლოგიის გამოყენებით. |
მუხლი 41.
გათიშვების დაგეგმვა |
1. გათიშვების დაგეგმვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს:
ა) ენერგობლოკების/აგრეგატების და ელექტროენერგეტიკული სისტემის ელემენტების გათიშვების დაგეგმვის, კოორდინაციისა და დამტკიცების საკითხები; ბ) ელექტროენერგიის მწარმოებლების მიერ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისთვის, ოპერატიული დაგეგმვის მიზნით, მიწოდებული გეგმიური პარამეტრები. 2. გათიშვების დაგეგმვა ითვალისწინებს ისეთ გეგმიურ გათიშვებს, რომლებმაც შეიძლება შეზღუდოს ენერგობლოკის/აგრეგატის სრული რეგისტრირებული სიმძლავრე. 3. ელექტროენერგიის მწარმოებლები ვალდებულნი არიან, შეატყობინონ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს ელექტროსადგურზე ან მასთან დაკავშირებულ მოწყობილობაზე და შენობა-ნაგებობებზე ჩასატარებელი ნებისმიერი სარემონტო სამუშაოების შესახებ, რომლებმაც შეიძლება ზემოქმედება მოახდინონ ენერგობლოკის/აგრეგატის მიერ ელექტროენერგეტიკული სისტემისათვის მომსახურების გაწევის შესაძლებლობაზე. 4. გადამცემ ქსელში გათიშვების დაგეგმვის და გადამცემი ქსელის მოსარგებლეებთან გეგმიური გათიშვების კოორდინაციის დროს, თითოეული მოსარგებლე ვალდებულია, იმოქმედოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის განკარგულების შესაბამისად. 5. ენერგობლოკის/აგრეგატის გათიშვის დაგეგმვის პროცესი უნდა დაიწყოს დაგეგმილ თარიღამდე ხუთი (5) წლით ადრე. ამ პროცესის შედეგი უნდა იყოს ქვემოთ ჩამოთვლილი სამი გეგმა, რომელთაგან თითოეული უნდა შეიცავდეს სათანადოდ გაწერილ ვადებს: ა) გათიშვების შეთანხმებული გეგმა – მოიცავს ნულოვან და პირველ წელს; ბ) გათიშვების წინასწარი გეგმა - მოიცავს მეორე და მესამე წლებს; გ) გათიშვების ინდიკატური გეგმა - მოიცავს მეოთხე და მეხუთე წლებს. 6. ენერგობლოკების/აგრეგატების გათიშვის პროგრამის შემუშავების პროცესში, ერთი წლიდან მომდევნო წელზე გადასვლისას ელექტროენერგიის მწარმოებლებმა უნდა დაიცვან შემდეგი პროცედურები (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შეცვლილი გარემოებების გამო ელექტროენერგიის მწარმოებელი იძულებულია, მოახდინოს შესაბამისი რეაგირება, რაც უნდა განახორციელოს გონივრულ ფარგლებში): ა) ელექტროენერგიის მწარმოებლების მიერ მეორე წლისათვის წარმოდგენილი გათიშვების გეგმა უნდა ასახავდეს მესამე წლის გათიშვების წინასწარ გეგმას; ბ) ელექტროენერგიის მწარმოებლების მიერ პირველი წლისათვის წარმოდგენილი გათიშვების გეგმა უნდა ასახავდეს მეორე წლის გათიშვების წინასწარ გეგმას. 7. ნულოვანი წლის 30 სექტემბრამდე: ა) ელექტროენერგიის მწარმოებლები ვალდებულნი არიან, წერილობით მიაწოდონ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს ქვემოთ ჩამოთვლილი მონაცემები გეგმიური გათიშვების და შესაძლო იძულებითი გათიშვების ალბათობის შესახებ, რომლებიც ასახული უნდა იყოს გათიშვების შეთანხმებულ, წინასწარ და ინდიკატურ გეგმებში: ა.ა) ენერგობლოკის/აგრეგატის დასახელება; ა.ბ) დადგმული და რეგისტრირებული (ქონებული) სიმძლავრე; ა.გ) გათიშვის მოსალოდნელი ხანგრძლივობა; ა.დ) გათიშვის დაწყებისა და დასრულების დაგეგმილი თარიღები/საათები; ა.ე) მითითება, გეგმიური გათიშვის თარიღები მოქნილია თუ ფიქსირებული; ა.ვ) თუ გათიშვის თარიღები მოქნილია, მითითებული უნდა იყოს პერიოდი, რომლითაც ის შეიძლება შეიცვალოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისგან ასეთი მოთხოვნის მიღების შემთხვევაში; ბ) ფიქსირებული თარიღების მქონე გათიშვებთან მიმართებაში, ელექტროენერგიის მწარმოებელმა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს უნდა მიაწოდოს გათიშვის ფიქსირებული თარიღების საჭიროების დასაბუთება, თუ იგი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა მოითხოვა. თუ ელექტროენერგიის მწარმოებელი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს ვერ მიაწოდებს გონივრულ დასაბუთებას, ჩაითვლება, რომ გათიშვა დაიგეგმა მოქნილი თარიღებით და მისი თარიღი შეიძლება შეიცვალოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მოთხოვნის მიხედვით. 8. ელექტროენერგიის მწარმოებელს უფლება აქვს, ადრე წარმოდგენილ გეგმაში შეიტანოს მხოლოდ ისეთი შესწორებები, რომლებიც განპირობებულია შეცვლილ გარემოებებზე რეაგირების საჭიროებით (გონივრულ ფარგლებში). წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი ცვლილებები არ მიიღება და ძალაში რჩება შესაბამისი წლისათვის ადრე წარმოდგენილი გათიშვების წინასწარი გეგმა. 9. ნულოვანი წლის პირველ დეკემბრამდე: ა) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია: ა.ა) გათიშვების შემოთავაზებული გეგმების გათვალისწინებით, განახორციელოს გადამცემი ქსელის საიმედოობის ანალიზი ოპერატიული დაგეგმვის პერიოდისათვის და გამოიანგარიშოს თითოეული კვირის განმავლობაში ელექტროენერგიის წარმოების პიკური სიმძლავრე, რომლის უზრუნველყოფაც ელექტროსადგურს მოეთხოვება დაგეგმვის სხვადასხვა პერიოდში; ა.ბ) ელექტროენერგიის მწარმოებლების მიერ წარმოდგენილ გეგმებში რაიმე პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში, შეატყობინოს ელექტროენერგიის მწარმოებლებს ამის შესახებ და ყველა ღონე იხმაროს შეთანხმების გზით პრობლემური საკითხების გადასაწყვეტად; ბ) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდეს ინფორმაციის მიმწოდებელ მოსარგებლეს მიღებული ინფორმაციის შესახებ განმარტებების ან დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით. 10. ნულოვანი წლის 1 დეკემბრამდე, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისთვის მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით და საჭიროების შემთხვევაში მოსარგებლეებთან მისი განხილვის შემდეგ, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა წერილობით უნდა მიაწოდოს შესაბამის ელექტროენერგიის მწარმოებელს და სხვა მოსარგებლეებს გათიშვების საბოლოო გეგმა, რომელშიც ნაჩვენები იქნება, თუ რომელი ენერგობლოკები/აგრეგატები და როდის (პერიოდის მითითებით) შეიძლება გაჩერდეს გეგმიური გათიშვების პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე წლებისათვის. 11. გათიშვების საბოლოო გეგმა უნდა განსაზღვრავდეს მოქნილი და ფიქსირებული გათიშვების პერიოდებს, რომელიც დადასტურებული უნდა იქნეს ელექტროენერგიის მწარმოებლების მიერ. 12. ცვლილებების შეტანა გეგმიურ გათიშვებში ხორციელდება როდესაც: ა) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს სურს მოქნილი გეგმიური გათიშვების თარიღების შეცვლა; ბ) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს სურს ფიქსირებული გეგმიური გათიშვების სხვა დროს გადატანა. ამ შემთხვევაში დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს შეუძლია, ელექტროენერგიის მწარმოებლის წინასწარი წერილობითი გაფრთხილების შემდეგ, მოითხოვოს დაგეგმილი გათიშვების გადატანა. თუ ელექტროენერგიის მწარმოებელი დათანხმდება დაგეგმილი გათიშვების რაიმე სახით ცვლილებაზე, მაშინ იგი ვალდებულია, განახორციელოს გათიშვები ამ შეთანხმების ფარგლებში. 13. იმ შემთხვევაში, თუ ენერგობლოკი/აგრეგატი, რომლისთვისაც გათიშვების პროგრამაში გაწერილია მოქნილი გეგმიური და ფიქსირებული გეგმიური გათიშვები, ელექტროენერგიის მწარმოებელს, გონივრულ საფუძველზე დაყრდნობით, შეუძლია ჩაანაცვლოს იგივე ელექტროსადგურის სხვა ბლოკით (რომელსაც დაახლოებით იგივე სიმძლავრე და დისპეტჩირების პარამეტრები აქვს), რის შესახებაც უნდა აცნობოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, გაითვალისწინოს აღნიშნული და, შესაბამისად, გააკორექტიროს საბოლოო გათიშვების გეგმა, თუ არ არსებობს უარის თქმის საფუძველი. 14. ელექტროენერგიის მწარმოებელს ნებისმიერ დროს, მაგრამ კონკრეტული გათიშვის დაწყებამდე არანაკლებ შვიდი (7) დღით ადრე, შეუძლია, მოითხოვოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისაგან დაგეგმილი მოკლევადიანი სარემონტო გათიშვების უფლება. მოთხოვნის შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) ენერგობლოკის/აგრეგატის დასახელებას, რომელსაც გათიშვა ეხება; ბ) გათიშული და ხელმისაწვდომი სიმძლავრის (მგვტ) სიდიდეებს; გ) გათიშვის მისაღები დაწყების დღეს და დროს ან დროის შესაძლო ინტერვალს; დ) გათიშვის მოთხოვნილ ხანგრძლივობას (რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 96 საათს). 15. მოთხოვნის მიღებისთანავე დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა უნდა შეისწავლოს იგი და ელექტროენერგიის მწარმოებელთან სიტუაციის განხილვის შემდეგ, პასუხი აცნობოს სამი სამუშაო დღის განმავლობაში. 16. თუ ენერგობლოკს/აგრეგატს სჭირდება გათიშვა ისე, რომ არ ემთხვევა დაგეგმილ ვადებს (გრძელვადიანი ან/და მოკლევადიანი გათიშვების გეგმებს), ელექტროენერგიის მწარმოებელმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს აღნიშნულის შესახებ. ასეთი შეტყობინება უნდა მოიცავდეს: ა) ენერგობლოკის/აგრეგატის დასახელებას; ბ) დაუგეგმავი გათიშვის მოსალოდნელი დაწყების დღეს, დროს და ხანგრძლივობას; გ) ინფორმაციას გათიშვის ხასიათისა და გათიშული სიმძლავრის (მგვტ) სიდიდის შესახებ (მათ შორის იფორმაციას სიმძლავრეზე, რომელიც შეიძლება ხელმისაწვდომი იქნეს გათიშვისას). 17. ამ მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს ვადაში დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა უნდა დაადასტუროს ან შესთავაზოს ელექტროენერგიის მწარმოებელს კორექტირების შეტანა გათიშვის დაწყების თარიღთან და პერიოდთან დაკავშირებით. კორექტირებაზე თანხმობის შემთხვევაში ელექტროენერგიის მწარმოებელმა უნდა დაუდასტუროს აღნიშნული დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს. 18. იმ შემთხვევაში, როცა ადგილი აქვს გენერაციის ბლოკის იძულებით გათიშვას, ელექტროენერგიის მწარმოებელმა უნდა აცნობოს ამის შესახებ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს დაუყოვნებლივ. ენერგობლოკის/აგრეგატის აღდგენის თარიღისა და დროის დადგენისთანავე ელექტროენერგიის მწარმოებელმა დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს. ელექტროენერგიის მწარმოებელმა უნდა უზრუნველყოს სათანადო ღონისძიებების გატარება ენერგობლოკის/აგრეგატის შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადებში აღსადგენად. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს განახორციელოს ენერგობლოკის/აგრეგატისა და შესაბამისი ჩანაწერების შემოწმება. 19. ელექტროენერგიის მწარმოებელს უფლება აქვს, განახორციელოს მხოლოდ დაგეგმილი გათიშვები. ელექტროენერგიის მწარმოებელმა არ უნდა გადაუხვიოს ენერგობლოკის/აგრეგატის დაგეგმილი გათიშვების ან მოკლევადიანი დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების გრაფიკს, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისაგან წინასწარი თანხმობის მიღების გარეშე. 20. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია, არ გასცეს ენერგობლოკის/აგრეგატის დაგეგმილი გათიშვის ან მოკლევადიანი დაგეგმილი სარემონტო გათიშვაზე თანხმობა მაშინაც კი, როცა გათიშვა წინასწარ დაგეგმილი იყო, თუ: ა) ვერ სრულდება კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილი მოთხოვნები; ბ) გათიშვის შემთხვევაში არასაკმარისი იქნება გენერაციის სიმძლავრე პროგნოზირებული მოთხოვნისა და ოპერატიული რეზერვის დასაკმაყოფილებლად. 21. ამ მუხლის მე-20 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს შეუძლია, მოსთხოვოს ელექტროენერგიის მწარმოებელს ასეთი გათიშვის გადადება შესაბამისი ვადით. 22. მოქნილი დაგეგმილი გათიშვის ან ფიქსირებული დაგეგმილი გათიშვის პერიოდის გასვლამდე არაუგვიანეს შვიდი (7) დღის ვადისა, ელექტროენერგიის მწარმოებელმა უნდა აცნობოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს, თუ რა ვადაში ჩადგება ენერგობლოკი/აგრეგატი სრულად მწყობრში. გეგმიური სამუშაოების დამთავრების შემდგომ ელექტროენერგიის მწარმოებელმა უნდა მიუთითოს სიმძლავრის (მგვტ) სიდიდე, რომელიც ენერგობლოკს/აგრეგატს შეეძლება მიაწოდოს ელექტროენერგეტიკულ სისტემას. 23. ელექტროენერგიის მწარმოებელმა არაგეგმიური გათიშვისას, გათიშვის მიზეზის და ენერგობლოკის/აგრეგატის აღდგენის ზუსტი დროის დადგენის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს. 24. თუ ენერგობლოკის/აგრეგატის აღდგენისას, ნებისმიერ დროს, ელექტროენერგიის მწარმოებლისთვის ცნობილი გახდება, რომ აღდგენა ვერ მოხერხდება შეთანხმებულ ვადებში, მან ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს, მიუთითოს დაგვიანების მიზეზები და ენერგობლოკის/აგრეგატის გაშვების თარიღი. |
მუხლი 42.
. გადამცემი ქსელის გათიშვების დაგეგმვა |
1. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა, გადაცემის ლიცენზიატების მიერ წინასწარ მოწოდებული გეგმების საფუძველზე, გადამცემი ქსელის აღდგენით ან სარეკონსტრუქციო სამუშაოებთან დაკავშირებული გათიშვები უნდა დაგეგმოს მეორე და მესამე წლებისთვის, ხოლო სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად ნულოვანი და პირველი წლებისთვის.
2. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია, მიიღოს ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება, თუ ეს აუცილებელია გადამცემი ქსელის და ელექტროენერგეტიკული სისტემის გამართული და საიმედო ფუნქციონირებისათვის. 3. გადამცემი ქსელის გათიშვის დაგეგმვის პროცესი უნდა დაიწყოს დაგეგმილ თარიღამდე სამი (3) წლით ადრე. ამ პროცესის შედეგი უნდა იყოს ქვემოთ ჩამოთვლილი სამი გეგმა, რომელთაგან თითოეული უნდა შეიცავდეს სათანადოდ გაწერილ ვადებს: ა) გათიშვების შეთანხმებული გეგმა მოიცავს ნულოვან წელს; ბ) გათიშვების წინასწარი გეგმა მოიცავს პირველ წელს; გ) გათიშვების ინდიკატური გეგმა მოიცავს მეორე და მესამე წლებს. 4. გათიშვების ინდიკატური გეგმების შედგენა გულისხმობს გათიშვების დაგეგმვას მეორე და მესამე წლებისათვის. კერძოდ, ნულოვანი წლის 30 სექტემბრამდე დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა უნდა შეადგინოს გადამცემი ქსელის გათიშვების ინდიკატური გეგმა, რომელიც განკუთვნილია შიდა მოხმარებისათვის. ამასთან, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი შესაბამის ელექტროენერგიის მწარმოებელს დამატებით მიაწვდის ინფორმაციას, თუ სად შეიძლება წარმოიშვას შიდა გათიშვების საჭიროება ან სხვა ზომების გატარება ელექტროენერგიის წარმოების გრაფიკებისა და დისპეტჩირების შეზღუდვების ჩათვლით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს გადამცემი ქსელის უსაფრთხოების დაცვა. 5. გათიშვების წინასწარი დაგეგმვა პირველი წლისათვის ხორციელდება შემდეგი პროცედურების მიხედვით: ა) თითოეული წლის გასვლის შემდეგ ყოველ კალენდარულ წელს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა უნდა განაახლოს გადამცემი ქსელის გათიშვების წინასწარი გეგმა და ამასთან, უნდა გაითვალისწინოს ის გათიშვები, რომელიც გამოწვეული იქნება დაგეგმილი სარემონტო სამუშაოებით; ბ) ნულოვანი წლის პირველ დეკემბრამდე, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა უნდა შეიმუშაოს გადამცემი ქსელის გათიშვების საბოლოო გეგმა და ხელმისაწვდომი გახადოს მოსარგებლეებისათვის (უფლებამოსილი დაინტერესებული მხარისათვის). დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ასევე წერილობით აცნობებს შესაბამის მოსარგებლეებს გეგმის იმ საკითხების შესახებ, რომლებმაც შეიძლება მათზე გავლენა მოახდინოს, გადამცემი ქსელის გათიშვების დაწყებისა და დამთავრების თარიღების ჩათვლით. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ასევე მიუთითებს, თუ სად არის საჭირო შიდა გადართვები, საავარიო გათიშვები, ავარიული დატვირთვების მართვა და სხვა ზომების გატარება ენერგობლოკის/აგრეგატის გრაფიკებისა და დისპეტჩირების ჩათვლით, რათა გარანტირებული იყოს გადამცემი ქსელის უსაფრთხოება დასაშვებ ზღვრებში. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად პირველი წლისათვის შემუშავებული გათიშვების წინასწარი გეგმა, ერთი წლის გასვლის შემდეგ მიიჩნევა გათიშვების შეთანხმებულ გეგმად. 7. შეთანხმებული გათიშვების გეგმის ფაზებია: ა) ყოველ ხუთშაბათს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა უნდა განაახლოს გადამცემი ქსელის გათიშვების გეგმა მომდევნო შაბათი დღიდან ერთი კვირის პერიოდისათვის; ბ) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა წერილობით უნდა აცნობოს შესაბამის მოსარგებლეებს გათიშვების გეგმის იმ საკითხების შესახებ, რომლებმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს მათ მუშაობაზე, გადამცემი ქსელის შესაბამისი მონაკვეთის გათიშვების დაწყებისა და დამთავრების თარიღების ჩათვლით; გ) გათიშვის გეგმიდან გადახვევის მოთხოვნის წარმოშობის შემთხვევაში მოსარგებლემ და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინონ ერთმანეთს აღნიშნულის თაობაზე. |
მუხლი 43.
სისტემური მომსახურება |
1. ძირითად სისტემურ მომსახურებას, რომლებიც მნიშვნელოვანია გადამცემი ქსელის გამართულად ფუნქციონირებისათვის და რომლებიც განსაზღვრავენ ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მოწოდების ხარისხს, წარმოადგენს:
ა) სიხშირის კონტროლი; ბ) ძაბვის კონტროლი; გ) ელექტროენერგეტიკული სისტემის მართვა; დ) ოპერატიული რეზერვები; ე) სისტემის გაშვება ნულიდან. 2. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი სრულად უნდა აკონტროლებდეს ყველა სისტემურ მომსახურებას. მან უნდა განსაზღვროს, რომელი სისტემური მომსახურება უნდა იყოს გაწეული, როდის და ვის მიერ. 3. სისტემური მომსახურების მიზნებს წარმოადგენს: ა) იმ მიდგომების ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს სიხშირისა და ძაბვის კონტროლს გადამცემ ქსელში დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ ოპერატიული მართვის განსახორციელებლად; ბ) რეზერვის ოპერატიული მართვისთვის დროის სხვადასხვა შუალედების დაწესება, რომლითაც დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ახორციელებს რეზერვის მართვას და განსაზღვრავს პროცედურებს ენერგობლოკების/აგრეგატების და სხვა საშუალებების რეზერვის შესაფასებლად; გ) მოთხოვნების შემუშავება იმ ელექტროსადგურებისათვის, რომლებიც მონაწილეობენ ელექტროენერგეტიკული სისტემის ნულიდან გაშვებაში. 4. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი სიხშირის კონტროლს ახორციელებს ქვემოთ მოცემული საშუალებებით: ა) სიხშირის პირველადი კონტროლი ხორციელდება სიხშირის ცვლილებიდან პირველ ოცდაათ წამამდე პერიოდში; ბ) სიხშირის მეორადი კონტროლი ხორციელდება სიხშირის გადახრიდან 30 წამის შემდეგ 10 წუთამდე პერიოდში ენერგობლოკების/აგრეგატების ავტომატური და დისტანციური მართვით; გ) სიხშირის შენარჩუნება ამ წესების მე-14 მუხლით დადგენილ ზღვრებში განხორციელებული უნდა იყოს ოპერატიული რეზერვების ხარჯზე. 5. გადამცემ ქსელში ჩართული ენერგობლოკები/აგრეგატები აღჭურვილი უნდა იყოს სიჩქარის ავტომატური რეგულირების სისტემებით. ყველა სიხშირის ავტომატური რეგულირების სისტემა უნდა მოქმედებდეს სიხშირის ± 0.015 ჰც გადახრაზე. 6. ელექტროენერგიის მწარმოებელს მხოლოდ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან წინასწარი შეთანხმების შემდეგ, გამონაკლის შემთხვევაში, შეუძლია შეზღუდოს სიჩქარის რეგულატორის ქმედება: ა) პერსონალის უსაფრთხოების მიზნით და/ან ენერგობლოკის/აგრეგატის დაზიანების თავიდან ასაცილებლად; ბ) ენერგობლოკის/აგრეგატის საიმედოობის უზრუნველსაყოფად; გ) როდესაც შეზღუდვა განხორციელებულია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისაგან მიღებული ინსტრუქციის შესაბამისად. 7. ელექტროენერგეტიკული სისტემის საიმედოობის, მთლიანობისა და მასზე მიერთებული ელექტრომოწყობილობა-დანადგარების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, აკონტროლოს გადამცემ ქსელში არსებული ძაბვები დადგენილ ზღვრებში, რომლის განსახოციელებლად უნდა მიმართოს შემდეგ საშუალებებს: ა) ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ტევადური რეაქტიული სიმძლავრის მართვას მაშუნტირებელი რეაქტორებით; ბ) რეაქტიულ სიმძლავრეზე (მგვარ) მოთხოვნის კონტროლსა და მართვას; გ) გადამცემი ქსელში რეაქტიული სიმძლავრის (მგვარ) დანაკარგების კონტროლსა და მართვას; დ) ენერგობლოკებზე/აგრეგატებზე რეაქტიული სიმძლავრის (მგვარ) მართვას; ე) ტრანსფორმატორებზე ტრანსფორმაციის კოეფიციენტის ცვლილებას (ავტომატური და დისტანციური); ვ) რეაქტიული სიმძლავრის მაკომპენსირებელი საშუალებების (სტატიკური კონდესატორები, სინქრონული კომპენსატორები) მართვას; ზ) ძაბვის კონტროლის დინამიკურ სისტემას. 8. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, განსაზღვროს და შეცვალოს (საჭიროების მიხედვით) გადამცემ ქსელში ძაბვის კონტროლის პროცედურები. 9. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, მუდმივი დაკვირვება აწარმოოს ინსტრუქციებით მიხედვით საკონტროლო კვანძებში ძაბვებზე. 10. თითოეული ენერგობლოკის/აგრეგატის აგზნების სისტემა უნდა მუშაობდეს ძაბვის ავტომატური რეგულატორის მუდმივი კონტროლის ქვეშ. ელექტროენერგიის მწარმოებელს უფლება არ აქვს, გამოიყვანოს მუშაობიდან ძაბვის ავტომატური რეგულატორი ან შეზღუდოს მისი მოქმედება, გარდა ქვემოთ ჩამოთვლილი შემთხვევებისა, რომლის დროსაც ელექტროენერგიის მწარმოებელმა დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს: ა) პერსონალის უსაფრთხოების მიზნით და/ან ენერგობლოკის/აგრეგატის დაზიანების თავიდან ასაცილებლად; ბ) ენერგობლოკის/აგრეგატის საიმედოობის უზრუნველსაყოფად; გ) როდესაც შეზღუდვა განხორციელებულია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისაგან მიღებული ინსტრუქციის შესაბამისად. 11. თუ ენერგობლოკი/აგრეგატი ძაბვის ავტომატური რეგულატორის გარეშე მუშაობს, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს შეუძლია, შეზღუდოს ან საჭიროების შემთხვევაში მთლიანად გათიშოს ასეთი ენერგობლოკი/აგრეგატი იმისდა მიხედვით, რამდენადაც ეს აუცილებელია დადგენილი მოთხოვნების ფარგლებში გადამცემი ქსელის უსაფრთხო ფუნქციონირებისათვის. 12. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია, დაავალოს ელექტროენერგიის მწარმოებელს მოახდინოს რეაქტიული სიმძლავრის გამომუშავების კორექტირება. 13. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია, შეცვალოს ენერგობლოკის/აგრეგატის დატვირთვა ან დატვირთვის გრაფიკი, თუ ეს აუცილებელია გადამცემ ქსელში, მიერთების წერტილებში ძაბვების შესანარჩუნებლად ამ წესებით განსაზღვრულ დონეებზე. ამასთან, ასეთი ზომის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ისეთი ავარიული სიტუაციების დასაძლევად, რომლებიც რისკის ქვეშ აყენებენ ელექტროენერგეტიკული სისტემის საიმედოობას ან უსაფრთხოებას. 14. ძაბვის კონტროლის დამატებითი მექანიზმების გამოყენება დასაშვებია ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ავარიული პირობების გაჩენისას. ეს შეიძლება, სხვა ზომებთან ერთად მოიცავდეს შემდეგ ზომებს: : ა) ელექტროენერგიის მწარმოებელთან შეთანხმებით დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია, მოითხოვოს ენერგობლოკის/აგრეგატის რეაქტიული სიმძლავრის რეგულირება; ბ) მომხმარებლის დატვირთვის კონტროლი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამ წესებით დადგენილ ძაბვის ავარიული ზღვრებიდან გასვლის თავიდან ასაცილებლად. 15. გადამცემი ქსელის გათიშვისას გეგმის მიხედვით (ნორმალური მუშაობის პირობებში) ან/და ავარიული სიტუაციების დროს, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს შეიძლება დასჭირდეს ისეთი მართვის განხორციელება, რამაც შეიძლება დროდადრო ზემოქმედება მოახდინოს მოსარგებლეების ფუნქციონირების საიმედოობაზე. ასეთ შემთხვევაში დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია, მოითხოვოს გადამცემი ქსელის ოპერატიული გადართვების განხორციელება შემდეგი მიზეზების გამო: ა) ელექტრომოწყობილობა-დანადგარების გათიშვა რემონტის, ტესტირების, რელეური დაცვის შემოწმების ან მოსარგებლეების მიერ სხვა სამუშაოების ჩატარების მიზნით; ბ) გადამცემი ხაზის და ელექტრომოწყობილობა-დანადგარების გათიშვა ავარიის საფრთხის არსებობის ან ავარიული რემონტის აუცილებლობის დროს; გ) ძაბვის კონტროლის დროს; დ) გადამცემ ქსელში სიმძლავრეების გადადინების შემცირება იმ სიდიდემდე, რომელიც შეესაბამება გადამცემი ქსელის ქვესადგურების შესაძლებლობებსა და ელექტროენერგეტიკული სისტემის უსაფრთხოების საჭიროებებს. 16. ელექტროენერგეტიკულ სისტემაში გამორთვები შეიძლება განხორციელდეს ავტომატურად, წინასწარი შეტყობინების გარეშე, რელეური დაცვის და სასისტემო ავტომატიკის მოქმედებით. 17. ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ავარიის დროს დასაშვებია ავტომატიკის მოქმედებით გამორთვების განხორციელება, რომლის მიზანია სიმძლავრის გადადინებების, კვანძებში ძაბვისა და სიხშირის ცვალებადობის შეზღუდვა. 18. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, შეატყობინოს შესაბამის მოსარგებლეს გადამცემ ქსელში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ქმედება გავლენას ახდენს მოსარგებლის მუშაობაზე. 19. თუ სისტემაში მოხდა ავარია ან ამოქმედდა რელეური დაცვა და სასისტემო ავტომატიკა და შეუძლებელია ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელება, დასაშვებია მოსარგებლეების ინფორმირება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ გატარებული ქმედებების შემდგომ. 20. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია, გათიშოს მოსარგებლის ელექტრომოწყობილობა-დანადგარი, შემდეგი გარემოებების თავიდან ასაცილებლად: ა) პერსონალის უსაფრთხოების რისკი; ბ) ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობის დარღვევის რისკი; გ) ელექტრომოწყობილობა-დანადგარის დაზიანების რისკი; დ) გადამცემი ქსელის ელემენტების გადატვირთვა ავარიულ ლიმიტებზე მეტად; ე) ძაბვისა და სიხშირის გადახრა ამ წესებით დადგენილი ზღვრების ფარგლებს გარეთ; ვ) გადამცემ ქსელთან მიერთების პირობების ნებისმიერი მნიშვნელოვანი დარღვევა; ზ) ნებისმიერი ქმედება ან უმოქმედობა, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში. 21. რეზერვი წარმოადგენს გენერაციის გამოუყენებელ სიმძლავრეს, რომელიც გამოიყენება რეალურ დროში სიხშირის დასაშვებ ზღვრებში და მიწოდება-მოხმარების ბალანსის შესანარჩუნებლად, მოთხოვნის პროგნოზის უზუსტობისა და ენერგობლოკის/აგრეგატის მოულოდნელი გათიშვის შემთხვევებში. რეზერვი შედგება ოპერატიული (პირველად, მეორად და მესამე კატეგორიის ოპერატიული რეზერვისგან) და ცივი რეზერვისაგან. 22. პირველადი ოპერატიული რეზერვი - ელექტროენერგიის მწარმოებელი, რომლის ენერგობლოკი/აგრეგატი, სიხშირის რეგულირების მიზნით სისტემას პირველადი საოპერაციო რეზერვით უზრუნველყოფს ვალდებულია, აღნიშნულ ენერგობლოკზე/აგრეგატზე მოქმედებაში ჰქონდეს სიჩქარის რეგულატორი (სისტემური მომსახურება) და ამუშაოს ის სიხშირის ცვლილების მიმართ ავტომატურ რეჟიმში (თავისუფალი რეგულირების რეჟიმი). სიჩქარის ავტომატური რეგულატორის რეაგირების მაქსიმალური დრო არ უნდა აღემატებოდეს ხუთ (5) წამს. 23. მეორადი ოპერატიული რეზერვი გულისხმობს დამატებითი აქტიური სიმძლავრის აღებას 15-90 წამის განმავლობაში. 24. მესამე კატეგორიის ოპერატიული რეზერვი იყოფა პირველ და მეორე დონეებად: ა) პირველი დონე - დამატებითი აქტიური სიმძლავრის აღება და შენარჩუნება 90 წამიდან 5 წუთამდე პერიოდში; ბ) მეორე დონე - დამატებითი აქტიური სიმძლავრის აღება და შენარჩუნება 5 წუთიდან 30 წუთამდე პერიოდში. 25. ცივი რეზერვი არის გენერაციის სიმძლავრე, რომელიც ხელმისაწვდომი გახდება 24 საათის განმავლობაში, გენერაციის სიმძლავრეების ხელმისაწვდომობის, ამინდისა და მოთხოვნილების პროგნოზში დაშვებული ცდომილებების დასაკომპენსირებლად. ცივ რეზერვს უზრუნველყოფს ისეთი ელექტროსადგური, რომელსაც არ ევალება მოთხოვნამდე ელექტროენერგეტიკულ სისტემაში სინქრონიზაცია, მაგრამ რომელიც მზად უნდა იყოს გაშვებისათვის. 26. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, განსაზღვროს პირველადი, მეორადი და მესამე კატეგორიის ოპერატიული რეზერვების მოცულობა, რომელიც ნებისმიერ დროს უნდა არსებობდეს სისტემის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამ დროს, სხვა გარემოებებთან ერთად გათვალისწინებული უნდა იქნეს ქვემოთ ჩამოთვლილ გარემოებები: ა) ქვეყანაში მნიშვნელოვანი მოვლენები; ბ) ოპერატიული რეზერვის ეკონომიკური მაჩვენებლები; გ) სისტემაში ჩართული ყველაზე დიდი დადგმული სიმძლავრის მქონე ენერგობლოკი/აგრეგატი, ასევე სისტემათშორისი და შიდასასისტემო გადამცემი ხაზების გამტარუნარიანობები; დ) კლიმატური პირობები, რომელმაც შეიძლება ზემოქმედება მოახდინონ (პირდაპირ ან არაპირდაპირ) ენერგობლოკების/აგრეგატების და გადამცემი ქსელის საიმედოობაზე; ე) ელექტროენერგეტიკული სისტემის ყველაზე დატვირთული ელემენტის გამორთვით გამოწვეული სიხშირის მოსალოდნელი ცვლილება, რომელიც გამოთვლილია ელექტროენერგეტიკული სისტემის მათემატიკური მოდელის გამოყენებით. 27. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა უნდა აღრიცხოს ოპერატიული რეზერვის გამოყენების ხარისხი. 28. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, დაადგინოს ცივი რეზერვის მოცულობა 24 საათით ადრე, სხვა გარემოებებთან ერთად, შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით: ა) ცალკეული ენერგობლოკების/აგრეგატების ხელმისაწვდომობისა და საიმედოობის სტატისტიკური მონაცემები; ბ) ენერგობლოკის/აგრეგატის საიმედოდ მუშაობასთან დაკავშირებული რისკი; გ) მოხმარების დატვირთვის პროგნოზების ცდომილებები. 29. ელეტროენერგეტიკული სისტემის ნულიდან გაშვება ხორციელდება შემდეგი სახითა და მოთხოვნების დაცვით: ა) ელექტროენერგეტიკული სისტემის ნაწილობრივი ან სრული ჩაქრობის მდგომარეობიდან გასაშვებად საჭიროა ისეთი ელექტროსადგურების (ნულიდან გაშვების ელექტროსადგურები) არსებობა, რომლის ერთ ენერგობლოკს/აგრეგატს მაინც შესწევს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ შესაბამისი მითითების მიღებიდან უმოკლეს ვადაში, ძაბვის არარსებობის პირობებში, გაშვების, ავტონომიურად მომხმარებლის დატვირთვისა და ქსელთან მიერთების უნარი; ბ) ელექტროენერგიის იმ მწარმოებლებმა, რომელთა ვალდებულებაა ელექტროენერგეტიკული სისტემის ნულიდან გაშვება, უნდა უზრუნველყონ სიხშირისა და ძაბვის წინასწარ განსაზღვრული დონეების შენარჩუნება და დატვირთვის აღება ელექტროენერგეტიკული სისტემის აღდგენის პერიოდში; გ) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა უნდა გადაამოწმოს ნულიდან გაშვების რეალური შესაძლებლობანი, ასეთი გათიშვის დადგომის შემთხვევაში; დ) ნულიდან გაშვების განმახორციელებელმა ელექტროენერგიის მწარმოებლებმა უნდა უზრუნველყონ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან დამაკავშირებელი ხმოვანი და სხვა სახის კომუნიკაციების არსებობა და ოპერირება ელექტროენერგიის გარეშე წყაროების გამოუყენებლად იმ პერიოდის მანძილზე, რომელიც განისაზღვრება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ; ე) თუ ნულიდან გაშვების პროცესში, ენერგობლოკს/აგრეგატს არ შეუძლია პარამეტრების დადგენილ დონეზე შენარჩუნება, ელექტროენერგიის მწარმოებელმა ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია, გასცეს შესაბამისი განკარგულება არსებული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით. ელექტროენერგიის მწარმოებელმა შეიძლება პერსონალისა და ელექტრომოწყობილობა-დანადგარების უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, განახორციელოს სიმძლავრის ცვლილება დამოუკიდებლად, რაც დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტს; ვ) ელექტროენერგიის მწარმოებელმა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს უნდა წარუდგინოს ანგარიში ყველა გატარებული ქმედების შესახებ. 30. ნულიდან გაშვების განმახორციელებელ ელექტროენერგიის მწარმოებელთა ვალდებულებები ასახული უნდა იყოს დისპეჩერიზაციის ლიცენზიატთან გაფორმებულ შესაბამის შეთანხმებაში. |
მუხლი 44.
ოპერატიული ინფორმაციის გაცვლა და შეტყობინებები |
1. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატსა და ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეებს შორის ელექტროენერგეტიკული სისტემისა და ელექტრომოწყობილობა-დანადგარების უსაფრთხოდ მართვისთვის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ უზრუნველყოფილი უნდა იქნეს შემდეგი მოთხოვნები:
ა) ავარიული სიტუაციების დროს დროული და ეფექტიანი ოპერატიული კავშირის ჩამოყალიბება; ბ) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატსა და მოსარგებლეებს შორის გასაგზავნი ავარიული სიტუაციებისა და მათი გამომწვევი შემთხვევების ანგარიშის ფორმების მომზადება; გ) იმ პროცედურების განსაზღვრა, რომლებიც დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა უნდა გამოიყენოს მოსარგებლის მომსახურების ხარისხზე მატერიალური ზეგავლენის გამომწვევი მნიშვნელოვანი შემთხვევების გამოსაკვლევად. 2. შეტყობინებები ხორციელდება შემდეგი პრინციპების გათვალისწინებით: ა) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა ნებისმიერი მოსარგებლე უნდა გააფრთხილოს მის ელექტრომოწყობილობა-დანადგარებზე იმ შესაძლო გავლენების შესახებ, რაც შეიძლება გამოიწვეული იქნეს ელექტროენერგეტიკული სისტემის ოპერატიული მართვისას; ბ) მოსარგებლემ უნდა შეატყობინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს იმ შესაძლო მნიშვნელოვანი შემთხვევების შესახებ, რაც გავლენას მოახდენს ელექტროენერგეტიკულ სისტემაზე; გ) შეტყობინება უნდა გაიგზავნოს რეალური ვითარებიდან გამომდინარე, დაუყოვნებლივ და ამასთან, შეძლებისდაგვარად დეტალურად უნდა აღწერდეს არსებულ მდგომარეობას, საშუალებას აძლევდეს შეტყობინების მიმღებს განიხილოს და შეაფასოს მოსალოდნელი შედეგები და რისკები. 3. მოსარგებლის შეტყობინების მიღების შემდეგ, თუ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ჩათვლის, რომ მომხდარ შემთხვევას შეიძლება ჰქონდეს მნიშვნელოვანი ზეგავლენა გადამცემ ქსელზე, იგი უფლებამოსილია, მოსარგებლეს მოსთხოვოს დეტალური წერილობით ანგარიში ამ შემთხვევის შესახებ, რომელიც შეიძლება მოიცავდეს: ა) ამ წესებით დადგენილი სიხშირის ზღვრების დარღვევას; ბ) ამ წესებით დადგენილი ძაბვის ზღვრების დარღვევას; გ) მომხმარებლის გათიშვას; დ) კუნძულოვან ან ავტონომიურ რეჟიმს; ე) ელექტროენერგეტიკული სისტემის არასტაბილურობას. 4. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა უნდა გამოიკვლიოს ნებისმიერი მნიშვნელოვანი შემთხვევა, რომელმაც შეიძლება მატერიალური ზეგავლენა მოახდინოს მოსარგებლეზე. ეს შემთხვევები შეიძლება მოიცავდნენ მიწოდებაში შეფერხებებს, გათიშვებს, ძაბვების ან სიხშირის გადახრებს, მომსახურების ხარისხის გაუარესებასა და სხვ. მნიშვნელოვანი შემთხვევის პირველადი ანგარიში ხელმისაწვდომი უნდა იყოს თხუთმეტი (15) სამუშაო დღის შემდეგ, ხოლო საბოლოო ანგარიში კი ორი (2) თვის მანძილზე. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა ინიცირება და კოორდინაცია უნდა გაუკეთოს ისეთ ქმედებებს, როგორიცაა კვლევა, ანგარიშის წერილობით მომზადება და მონაწილე მხარეების ჩართულობა პროცესში. მოსარგებლეებმა ყველა არსებული ინფორმაცია უნდა მიაწოდონ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს და მონაწილეობა მიიღონ კვლევაში, მიზანშეწონილობისა და საჭიროების მიხედვით. 5. მოსარგებლეებმა და გადაცემის ლიცენზიატებმა უნდა მოამზადონ და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს უნდა მიაწოდონ ყოველთვიური მუშაობის ანგარიში. ეს ანგარიშები უნდა მოიცავდნენ მუშაობის მონაცემებს, მნიშვნელოვანი მოვლენების შეფასებებსა და სხვა პრობლემებს, რომლებსაც ადგილი ჰქონდათ წინა თვის განმავლობაში; იმ ღონისძიებათა ჩამონათვალს, რომელიც გაატარეს მოსარგებლეებმა და გადაცემის ლიცენზიატებმა პრობლემების გადასაჭრელად და რეკომენდაციებს მომავალში მათი თავიდან ასაცილებლად. მოსარგებლეებმა აგრეთვე უნდა მოამზადონ და წარუდინონ დისპეჩერიზაციის ლიცენზიატს კვარტალური და წლიური ოპერატიული მუშაობის ანგარიშები, რომლებიც უნდა მოიცავდეს ოპერირების მონაცემებს და ისეთ მნიშვნელოვან შემთხვევებს, რომლებმაც მატერიალური ზეგავლენა მოახდინეს გადამცემ ქსელსა თუ რომელიმე მოსარგებლეზე მოცემული კვარტლის ან წლის მანძილზე. |
მუხლი 45.
ოპერატიული კავშირი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს, გადაცემის ლიცენზიატსა და ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეებს შორის |
1. ოპერატიული კავშირი გულისხმობს გადამცემი ქსელის სათანადო ფუნქციონირების და მართვის უზრუნველსაყოფად ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეებსა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს შორის სტანდარტული და გამართული კავშირის არხების და საშუალებების გამოყენებას ინფორმაციის დროულად გაცვლის მიზნით. მათ შორის:
ა) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისა და ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეების საკონტაქტო ინფორმაციის განსაზღვრას; ბ) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატსა და ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეებს შორის კავშირის საშუალებების დეტალურ აღწერას; გ) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატსა და ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეებს შორის ინფორმაციის გაცვლის პროცედურის განსაზღვრას; დ) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატსა და ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეების პერსონალისთვის უფლებამოსილების გადაცემის ზოგადი პროცედურის განსაზღვრას. 2. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის ეროვნული სადისპეტჩერო სამსახური და მოსარგებლის ოპერატიული მართვის პუნქტები უნდა იყოს აღჭურვილი დამოუკიდებელ, გამოყოფილ არხზე ჩართული ტელეფონითა და ფაქსის აპარატით, რომელიც გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ ოპერატიული მიზნებისთვის. 3. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი და ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეები ვალდებულნი არიან, დაიცვან ერთმანეთისთვის გადაცემული ოპერატიული მონაცემების კონფიდენციალურობა, გარდა კანონმდებლობით და ამ წესებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 4. საკომუნიკაციო სისტემები და მოწყობილობა: ა) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატსა და ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეებს შორის კომუნიკაციის მიზნით სავალდებულოა SCADA-ს და მონაცემთა გადაცემის სხვა სისტემების განთავსება. ყველა მოწყობილობა თავსებადი უნდა იყოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მართვის სისტემასთან; ბ) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უზრუნველყოფს (ელექტროენერგეტიკული სისტემის შესაბამისი მონაწილის ხარჯზე) SCADA სისტემის დანერგვას რეალურ დროში ინფორმაციის მონიტორინგის და მოსარგებლის ობიექტებზე არსებული ელექტრომოწყობილობა-დანადგარების მართვის მიზნით; გ) ელექტროენერგეტიკული სისტემის ყველა მონაწილე ვალდებულია, უზრუნველყოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ მოთხოვნილი პარამეტრების ხმოვანი კავშირის განხორციელება, როგორც პირველადი, ისე ალტერნატიული კავშირის არხის უზრუნველყოფის გზით; დ) ელექტროენერგეტიკული სისტემის ყველა მონაწილე უზრუნველყოფს თავის ოპერატიული მართვის პუნქტზე ჩამწერი მოწყობილობის გამართულ ფუნქციონირებას; ე) ყველა საკომუნიკაციო მოწყობილობის განთავსება, ფუნქციონირება და ტექნიკური მომსახურება უნდა განხორციელდეს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. 5. მაკონტროლებელი და ჩამწერი მოწყობილობები: ა) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უზრუნველყოფს SCADA-ს დისტანციური კავშირის მოწყობილობის განთავსებას მოსარგებლის შესაბამის ობიექტზე. ელექტროენერგეტიკული სისტემის შესაბამისმა მონაწილემ უნდა უზრუნველყოს კავშირის მოწყობილობაზე დისტანციური მართვისთვის საჭირო ყველა იმ ინფორმაციის მიწოდება, რომელიც განსაზღვრულია მიერთების ხელშეკრულების პირობების შესაბამისად; ბ) ელექტროენერგიის მწარმოებლებმა უნდა უზრუნველყონ აქტიური და რეაქტიული სიმძლავრის გაზომვის შედეგები და ამომრთველის და გამთიშველის მდგომარეობების ინფორმაციის ხელმისაწვდომობა თითოეულ ენერგობლოკზე/აგრეგატზე. გ) გადამცემი ქსელის ფუნქციონირების შესახებ ინფორმაციის კონტროლის მიზნით დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უზრუნველყოფს, მუშაობის ნორმალური რეჟიმის, გარდამავალი პროცესის და მოწყობილობების მდგომარეობის ჩაწერას და შენახვას; დ) ენერგოსისტემის დინამიკური რეჟიმის კონტროლის მიზნით დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უზრუნველყოფს შესაბამისი მოწყობილობის განთავსებას ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილის ობიექტზე. 6. SCADA-ს სისტემა ა) SCADA-ს სისტემა უზრუნველყოფს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატსა და ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეებს შორის ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის და მონაცემების გადაცემას და გაცვლას; ბ) ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეები ერთმანეთს უკავშირდებიან სტანდარტული ციფრული ინტერფეისის საშუალებით. საკომუნიკაციო მოწყობილობის კარადები უნდა იყოს განთავსებული მოსარგებლის ობიექტზე შესაბამის ოთახში. მოსარგებლის ელექტროსადგურიდან და ელექტრომოწყობილობიდან საკომუნიკაციო მოწყობილობის კარადებამდე გაყვანილობისა და სიგნალების მიწოდების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელია შესაბამისი მოსარგებლე; გ) კავშირის ყველა საშუალება (SCADA-ს ჩათვლით) უნდა იყოს დაცული. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ელექტროენერგეტიკული სისტემის შესაბამის მონაწილესთან შეიმუშავებს და ათანხმებს პროცედურებს, რომლებიც დაარეგულირებს ამ მონაწილის ინფორმაციის მოგროვებასა და კავშირის მოწყობილობების უსაფრთხოებას და მათზე წვდომას. |
მუხლი 46.
გადამცემი ქსელის გადატვირთვის მართვა |
1. გადამცემი ქსელის გადატვირთვის მართვის მიზანია ელექტროენერგეტიკული სისტემის ფუნქციონირების საიმედოობის, უსაფრთხოებისა და ამავე დროს ელექტროენერგიაზე მოსარგებლეების მოთხოვნის შეძლებისდაგვარად დაკმაყოფილების უზრუნველყოფა.
2. გადამცემი ქსელის გადატვირთვა შეიძლება მოხდეს შემდეგ შემთხვევებში: ა) ენენრგობლოკების/აგრეგატების გაუმართავი მუშაობის ან ავარიული გამორთვის დროს; ბ) გადამცემი ხაზის ან ელექტროენერგეტიკული სისტემის რომელიმე სხვა ელემენტის გაუმართავი მუშაობის ან ავარიული გამორთვის დროს; გ) ტესტირების, ტექნიკური მომსახურების ან რემონტის გამო გენერატორის ან ელექტროენერგეტიკული სისტემის რომელიმე ელემენტის გამორთვის დროს; დ) დატვირთვის და/ან ძაბვის ისეთი ცვლილების დროს, რომელიც გავლენას ახდენს ელექტროენერგეტიკული სისტემის ნაწილზე ან მთლიანად სისტემაზე; ე) განაწილების ქსელში არსებული ისეთი შემთხვევების არსებობის დროს, რომელიც გავლენას ახდენს ელექტროენერგეტიკული სისტემის მუშაობაზე; ვ) როდესაც სიმძლავრის გადასაცემი მოცულობა აღემატება ელექტრო გადამცემი ხაზებისთვის განსაზღვრულ ლიმიტს (გამტარუნარიანობა); ზ) როდესაც მეზობელ ელექტროენერგეტიკული სისტემის შიდა გადამცემ ქსელში გადატვირთვის გამო დაგეგმილი ექსპორტისა და იმპორტის განხორციელება შეუძლებელი ხდება. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვების წარმოშობის დროს, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა უნდა მიიღოს მდგომარეობის გამოსასწორებელი შესაბამისი ზომები, გადამცემ ქსელში შეზღუდვების აღკვეთის ან მინიმუმამდე შემცირების მიზნით, რათა დაცული ან აღდგენილ იქნას ელექტროენერგეტიკული სისტემის ფუნქციონირება N-1 საიმედოობის კრიტერიუმის შესაბამისად. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი განსაზღვრავს გადაცემის ქსელის გადატვირთვის ხასიათიდან გამომდინარე მდგომარეობის გამოსასწორებელ ზომებს მათი ეფექტიანობის მიხედვით და დაუყოვნებლივ ახორციელებს მათ. ეს ზომებია: ა) ოპერატიული რეზერვების ამოქმედება; ბ) დისპეტჩერიზაციის გეგმის შეცვლა (რედისპეტჩირება); გ) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ ოპერატიული მართვის შესაბამისი პროცედურების შესრულება, ძაბვის შემცირების ჩათვლით; დ) მოსარგებლეებისთვის დაგეგმილი მიწოდების შეზღუდვა ან შეწყვეტა; ე) დაგეგმილი ექსპორტის და/ან იმპორტის შემცირება ან შეწყვეტა; ვ) მომხმარებლის დატვირთვის გამორთვა. 4. მდგომარეობის გამოსასწორებლად სხვა ქმედითი ღონისძიებების მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში, უნდა მოხდეს დაგეგმილი მიწოდების შემცირება ან შეწყვეტა, ექსპორტის და/ან იმპორტის ჩათვლით. გადამცემი ქსელის გადატვირთვის მოხსნამდე დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა უნდა შეამციროს ან შეწყვიტოს ელექტროენერგიის დაგეგმილი გამომუშავება და მიწოდება მოსარგებლეებისათვის არადისკრიმინაციული პირობებით და უზრუნველყოს პროცედურის გამჭვირვალობა. |
მუხლი 47.
მოქმედების გეგმა ავარიული სიტუაციის დროს |
1. ავარიული სიტუაციის დროს ელექტროენერგეტიკული სისტემის ნაწილობრივ ან მთლიანად ჩაქრობის შემთხვევების თავიდან აცილების ან გამორთვის შემდეგ ნორმალური ფუნქციონირების სწრაფად და უსაფრთხოდ აღდგენის მიზნით, უნდა განხორციელდეს ელექტროენერგეტიკული სისტემის მასშტაბით შესაბამისი სწავლება.
2. ავარიის ლიკვიდაციისთვის მოსამზადებელი ნებისმიერი სასწავლო წვრთნა, რომელსაც ატარებს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი, გადაცემის ლიცენზიატი ან მოსარგებლე, შეთანხმებული უნდა იყოს მათ შორის და აგრეთვე ნებისმიერ იმ მოსარგებლესთან, რომელზეც შეიძლება გავლენა მოახდინოს აღნიშნულმა სწავლებამ. 3. ავარიული სიტუაციის დროს მოქმედების გეგმის შედგენის, სწავლებების ჩატარების პირობები და ვადები: ა) ნაწილობრივი და სრული ჩაქრობის ლიკვიდაციის გეგმები უნდა ითვალისწინებდეს ავარიული მდგომარეობიდან სწრაფად და უსაფრთხოდ გამოსვლის ღონისძიებებს იმგვარად, რომ მოსარგებლეზე ამან მინიმალური გავლენა მოახდინოს; ბ) ავარიული სიტუაციის დროს მოქმედების ყველა გეგმა პერიოდულად უნდა შემოწმდეს შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად რეალურ გარემოში ტესტირებით. თუ ასეთი ტესტირება საფრთხის წინაშე აყენებს მოსარგებლეს ან იწვევს დიდ ხარჯებს, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ტესტირების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს აღნიშნული საფრთხის და ხარჯების გათვალისწინებით. ტესტირების ხარჯებს უზრუნველყოფს შესაბამისი აქტივების მფლობელი (მფლობელები); გ) მოსარგებლეები ვალდებულნი არიან შეასრულონ ავარიული სიტუაციისას მოქმედების გეგმებთან დაკავშირებული დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მოთხოვნები; დ) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი განსაზღვრავს ელექტროენერგიის მიწოდების ცვლილების მოთხოვნებს, მოსარგებლეებთან კონსულტაციების გავლის შემდეგ. მოსარგებლეებს უფლება აქვთ შესათანხმებლად წარადგინონ ალტერნატიული ვარიანტები; ე) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი პასუხისმგებელია გადამცემი ქსელის საოპერაციო ზღვრების დადგენაზე; ვ) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა რეგულარულად უნდა ჩაატაროს სისტემის აუცილებელი კვლევები, რათა განსაზღვროს, რა გავლენა ექნება სხვადასხვა ელემენტის მწყობრიდან გამოსვლას გადამცემი ქსელის საიმედოობაზე. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მოთხოვნით, განაწილების ლიცენზიატებმა ასევე უნდა ჩაატარონ საჭირო კვლევები ქსელის მათ ნაწილში და აცნობონ შედეგები დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს; ზ) ავარიული სიტუაციის დროს, პირველ რიგში, ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეებმა უნდა უზრუნველყონ პერსონალისა და მოწყობილობის უსაფრთხოება. ხოლო შემდეგ, გადამცემი ქსელის ერთიანობის დასაცავად - შესაბამისი ოპერაციების განხორციელება; თ) ავარიული სიტუაციისთვის მოსამზადებელი სასწავლო წვრთნები ტარდება წელიწადში მინიმუმ ერთხელ. სასწავლო წვრთნების დროს უნდა მოხდეს რეალური ავარიული სიტუაციის სიმულაცია. ამასთან, უნდა განხორციელდეს სასწავლო წვრთნების შეფასება, პროცედურებში არსებული ნაკლოვანებების დაფიქსირება, მათი აღმოფხვრის გზების განსაზღვრა და შესაბამისი შესწორებების შეტანა; ი) სისტემაში ავარიული სიტუაციების სამართავად, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეებთან კონსულტაციების საფუძველზე შეიმუშაოს და განახორციელოს ავარიულ სიტუაციებში სამოქმედო გეგმა (გეგმები), რომელიც სხვა გარემოემებთან ერთად უნდა ითვალისწინებდეს შემდეგს: ი.ა) სიხშირის შემცირებით მოსარგებლეების (მომხმარებლების) გამორთვა; ი.ბ) ძაბვის შემცირებით მოსარგებლეების (მომხმარებლების) გამორთვა; ი.გ) კრიტიკული სიტუაციების მართვა (ბუნებრივი კატაკლიზმებისა და სხვა მოულოდნელი მოვლენების დროს); ი.დ) მიერთების ყველა წერტილისთვის შესაძლო იძულებითი გათიშვა; ი.ე) მიწოდების აღდგენა. 4. გადამცემი ქსელის ნაწილობრივ ან მთლიანად გათიშვის შემთხვევაში, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა უნდა უზრუნველყოს ყველა მოსარგებლისათვის მიწოდების ნორმალური რეჟიმის აღდგენის სწრაფი და უსაფრთხო მექანიზმის შემუშავება, რაც მოიცავს: ა) სისტემის აღდგენის ზოგადი სტრატეგიის უზრუნველყოფას; ბ) სისტემის აღდგენის გეგმის შემუშავებასა და განხორცილებას; გ) ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეეების ვალდებულებას, ითანამშრომლონ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან სისტემის აღდგენის გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაში; დ) დისპეტერიზაციის ლიცენზიატისა და ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილის სათანადო პერსონალის სწავლებას. 5. გადამცემი ქსელის აღდგენის პროცესში ძაბვისა და სიხშირის სტანდარტული ზღვრები (ნორმალური და ავარიის შემდგომი) არ გამოიყენება. 6. ელექტროენერგეტიკული სისტემის აღდგენის გეგმა, რომელიც სავალდებულოა შესასრულებლად ყველა მონაწილისათვის, უნდა ითვალისწინებდეს შემდეგს: ა) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის უფლებამოსილებას, გასცეს განკარგულებები ნულიდან გაშვების შესაძლებლობის მქონე ენერგობლოკების/აგრეგატების გაშვების ინიცირების მიზნით; ბ) ელექტროენერგიის მწარმოებლების ვალდებულებებს, რომელთა ენერგობლოკები/აგრეგატები უზრუნველყოფენ ნულიდან გაშვებას; გ) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის უფლებამოსილებას, კოორდინაცია გაუწიოს დამატებითი რეზერვების უზრუნველყოფას; დ) შესაბამისი პროცედურის დასრულებისა და სისტემის აღდგენის შემდეგ, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის ვალდებულებას, აცნობოს სისტემის მონაწილეებს ელექტროენერგეტიკული სისტემის მუშაობის ნორმალურ რეჟიმში დაბრუნების შესახებ; ე) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ მეზობელი ქვეყნების სისტემების ოპერატორებთან სიმძლავრის მიღების შესაძლებლობის შეთანხმების საკითხს. 7. ნაწილობრივ ან მთლიანად ჩაქრობისას ელექტროენერგეტიკული სისტემის აღდგენის ზოგადი სტრატეგია უნდა მოიცავდეს: ა) ელეტროენერგეტიკულ სისტემაში კუნძულოვანი უბნების შექმნას; ბ) ელეტროენერგეტიკულ სისტემის იზოლირებული ნაწილების ეტაპობრივ ინტეგრაციას შედარებით დიდ ნაწილებთან; გ) ელეტროენერგეტიკულ სისტემის მთლიან აღდგენას. |
მუხლი 48.
საექსპლუატაციო ტესტირება |
1. საექსპლუატაციო ტესტირების განსახორციელებლად საჭიროა:
ა) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის ან ელექტროენერგეტიკული სისტემის სხვა მონაწილის მიერ ელექტროენერგეტიკული სისტემის სამოქმედო ტესტების ჩატარების პროცესის განსაზღვრა, ისე, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული პერსონალის, ელექტრომოწყობილობა-დანადგარებისა და ელექტროენერგეტიკული სისტემის უსაფრთხოება; ბ) ასეთი ტესტების ჩატარების პროცედურის დადგენა. 2. ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილემ გადამცემ ქსელზე ტესტირების ჩატარების საჭიროების შემთხვევაში, განაცხადით უნდა მიმართოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს. განაცხადი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) დაგეგმილი ტესტის მიზანსა და ხასიათს; ბ) ტესტირებაში მონაწილე ელექტრომოწყობილობა-დანადგარების მასშტაბსა და მდგომარეობას; გ) დაგეგმილი ტესტის პროცედურას, კომუტაციის (გადართვის) თანმიმდევრობისა და დროის მითითებით. 3. საექსპლუატაციო ტესტების ჩატარების მოთხოვნა უნდა ითვალისწინებდეს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ შეთავაზებული ტესტის დასაგეგმად საჭირო გონივრულ ვადას. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ადგენს თითოეული ტიპის ტესტისთვის საჭირო დროს. 4. დაგეგმილი ტესტის დამტკიცებამდე დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია, იმ შემთხვევაში თუ ტესტის ჩატარების შესახებ განაცხადში არასაკმარისი ინფორმაციაა ან დაგეგმილი ტესტის პროცედურა ვერ უზრუნველყოფს პერსონალისა და ქსელის უსაფრთხოებას. 5. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ტესტირების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას, სათანადო ინფორმაციასთან ერთად, ტესტირების მსურველის გარდა აცნობებს ელექტროენერგეტიკული სისტემის იმ მონაწილეებს, რომლებიც ხვდებიან დაგეგმილი ტესტის ზემოქმედების ქვეშ. 6. საექსპლოატაციო ტესტის ჩატარების ინიციატორი შეიძლება იყოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი, თუ ეს ტესტი საჭიროა გადამცემი ქსელის უსაფრთხო, სტაბილური და საიმედო ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად. 7. ტესტის ჩატარების შესახებ განაცხადის მიღებიდან არაუმეტეს ერთ თვეში, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ატყობინებს ტესტირების მსურველ და ზემოქმედების ქვეშ მყოფ ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეებს დაგეგმილი ტესტის შესახებ. შეტყობინება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) შემოთავაზებული ტესტის მიზანსა და ხასიათს, მასში მონაწილე ელექტრომოწყობილობა-დანადგარების მასშტაბსა და მდგომარეობას, ტესტირების მსურველისა და ზემოქმედების ქვეშ მყოფი სხვა მონაწილეების დასახელებას; ბ) ტესტის კოორდინაციის მიზნით, შესაქმნელი ტესტირების ჯგუფის საქმიანობაში მონაწილეობისათვის წევრების წარმოდგენის თხოვნას; გ) თუ ტესტი მოიცავს მაღალი ძაბვის ელექტრომოწყობილობასთან მუშაობას ან მის ტესტირებას, უნდა მოხდეს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის (პირების) ინფორმირება და ამ წესებით დადგენილი შესაბამისი უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულება. 8. ტესტირების მონაწილეებმა ტესტირების ჩატარებაზე შეტყობინების მიღებიდან ერთი თვის განმავლობაში უნდა წარუდგინონ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს შესაბამისი კანდიდატურები ტესტირების ჯგუფის შემადგენლობაში.. 9. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ქმნის ტესტირების ჯგუფს და ნიშნავს ტესტირების კოორდინატორს. ტესტირების ჯგუფის შეხვედრების ჩატარების სიხშირეს განსაზღვრავს ტესტირების კოორდინატორი საჭიროებისამებრ. 10. ტესტირების ჯგუფის დღის წესრიგში უნდა იყოს გათვალისწინებული შემდეგი საკითხები: ა) დაგეგმილი ტესტირების შესახებ დეტალური ინფორმაცია და მისი ხასიათი. ტესტის ჩატარების განაცხადში შემავალი სხვა საკითხები; ბ) ტესტირების მსურველის მიერ მოწოდებული ტესტის პროცედურის შეფასება, მასში საჭირო ცვლილებების შეტანა და ტესტის პროცედურის საბოლოო ვერსიის ჩამოყალიბება; გ) შესაძლებლობა, შემოთავაზებული ტესტი დაიგეგმოს ნებისმიერ სხვა ტესტთან (ტესტებთან) და მოწყობილობის სარემონტო სამუშაოებთან ერთდროულად, რომლის საჭიროება შეიძლება გაჩნდეს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის ან ელექტროენერგეტიკული სისტემის სარემონტო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად; დ) გადამცემი ქსელისთვის დაგეგმილი ტესტის ეკონომიკური, ოპერაციული შედეგები და მასთან დაკავშირებული რისკი. ენერგობლოკის/აგრეგატის საათობრივი გრაფიკების განსაზღვრა. 11. ტესტირების მსურველმა და სისტემის შესაბამისმა მონაწილემ (ჯგუფში წარმომადგენლის არ მქონე მონაწილეების ჩათვლით) მოთხოვნისთანავე უნდა უზრუნველყონ ტესტირების ჯგუფი ინფორმაციით. 12. ტესტირების ჯგუფი გადასცემს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს ტესტირების მსურველსა და შესაბამის სისტემის მონაწილეებს დაგეგმილი ტესტის პროგრამას, რომელიც მოიცავს: ა) ტესტირების გეგმას; ბ) ტესტირების, მათ შორის, ტესტის მონიტორინგის პროცედურას; გ) პასუხისმგებელი პირების სიას, უსაფრთხოების ზომების კოორდინირებაზე პასუხისმგებელი პირების (საჭიროების შემთხვევაში) და ტესტის განხორციელებაში მონაწილეთა ჩათვლით. 13. თუ ტესტირების ჯგუფი ვერ შეიმუშავებს ტესტირების პროგრამას ან ვერ მიაღწევს შეთანხმებას ტესტირების პროგრამის განხორციელების შესახებ, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი იღებს ტესტის ჩატარების, ტესტირების პროგრამაში ცვლილებების შეტანის ან ჩატარებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას, იმის მიხედვით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ტესტირების ჩატარება გადამცემი ქსელის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. 14. ტესტის დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში, ტესტირების ჯგუფის გადაწყვეტილების შესაბამისად, ტესტირების ინიციატორი ამზადებს და გადასცემს საექსპლოატაციო ტესტის ანგარიშს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს, შესაბამისი ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეებსა და ტესტირების ჯგუფის წევრებს. |
მუხლი 49.
ტესტირება მოსარგებლის ობიექტის მუშაობის მონიტორინგის, კვლევისა და შემოწმების მიზნით |
1. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ გადამცემი ქსელის უსაფრთხო და ეკონომიური მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით, საჭიროა, განხორციელდეს შესაბამისი ტესტების ჩატარება. სისტემის მონაწილის ელექტრომოწყობილობა-დანადგარების მუშაობის მონიტორინგის მიზნით.
2. მონიტორინგის დროს შესამოწმებელი სამუშაო პარამეტრები, სხვა პარამეტრებთან ერთად მოიცავს შემდეგს: ა) თითოეული ენერგობლოკის/აგრეგატის მიერ უზრუნველყოფილ პირველად, მეორად და მესამეულ ოპერატიულ რეზერვს; ბ) თითოეული ენერგიბლოკის/აგრეგატის მიერ სიხშირის რეგულირებას; გ) სტატიკური და დინამიკური რეაქტიული სიმძლავრის უზრუნველყოფას; დ) ენერგობლოკის/აგრეგატის სიმძლავრეს. 3. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია, განახორციელოს კვლევა, რომლის დროსაც: ა) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი მოიპოვებს ინფორმაციას მონაწილის ელექტრომოწობილობა-დანადგარების საპროექტო, საექსპლუატაციო მონაცემებისა და ამ წესებითა და მიერთების ხელშეკრულებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების თაობაზე; ბ) შესაბამისი შეტყობინების გადაცემის შემდეგ, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია, შესაბამისი მონაწილის ობიექტზე გააგზავნოს თავისი წარმომადგენელი, ნებისმიერი ელექტრომოწყობილობა-დანადგარის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული პროცედურის შესამოწმებლად. 4. ტესტირება და შედეგების მოპოვება ხორციელდება მონაწილის ობიექტის ფუნქციონირების მონიტორინგის გზით. 5. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია, ტესტირების მიზნებისთვის გამოსცეს სადისპეტჩერო განკარგულება და შექმნას ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ისეთი პირობები, როდესაც საჭირო იქნება სიხშირის ან ძაბვის რეგულირება იმისათვის, რომ დაადგინოს, მონაწილეობს თუ არა ენერგობლოკი/აგრეგატი ძაბვისა და სიხშირის რეგულირებაში გამოცხადებული მზადყოფნის შესაბამისად. 6. ექსპლუატაციაში გაშვების ტესტირება ერთ-ერთი ბოლო ქმედებაა ელექტრომოწყობილობა-დანადგარის, დამცავი მექანიზმებისა და სხვა სისტემების ტესტირების მიზნით იმისათვის, რომ შემოწმდეს, სათანადოდ მუშაობს თუ არა ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილის ელექტრომოწყობილობა-დანადგარი. 7. გაშვების ტესტის ჩატარების დროს სავალდებულოა შემდეგი პროცედურის დაცვა: ა) ამ წესებითა და მიერთების ხელშეკრულებით განსაზღვრული ყველა ტესტი ტარდება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ ექსპლუატაციაში გაშვების ტესტის წინასწარ დამტკიცებული პროგრამის მიხედვით. ტესტის ჩატარების პროცესს უნდა დაესწროს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის წარმომადგენელი; ბ) შესაბამისი მონაწილე ამზადებს გაშვების ტესტის პროგრამას (რომელშიც განსაზღვრულია სატესტო კრიტერიუმები) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან შეთანხმებული ფორმის მიხედვით და განსახილველად და დასამტკიცებლად გადასცემს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს ტესტირების თარიღამდე არანაკლებ ერთი თვით ადრე; გ) შესაბამისი მონაწილე ვალდებულია, ტესტირებისთვის უზრუნველყოს ტესტის სწორად ჩასატარებლად საჭირო ყველა მოწყობილობა; დ) შესაბამისი მონაწილე ვალდებულია, მიაწოდოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს განსახილველად და დასამტკიცებლად გაშვების ტესტისთვის გამოყოფილი პერსონალისა და მოწყობილობის შესახებ დეტალური ინფორმაცია; ე) ტესტირების დროს ნაკლოვანებების გამოვლენის შემთხვევაში, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა უნდა მოსთხოვოს შესაბამის მონაწილეს მათი გამოსწორება; ვ) გაშვების ტესტირების დასრულების შემდეგ, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი გასცემს მიერთებაზე თანხმობას ან დამატებითი ტესტირების ჩატარების მითითებას. თანხმობის შემთხვევაში, გადამცემ ქსელში ჩართვა განხორციელდება შესაბამისი მონაწილის მიერ გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის მომსახურების მიღებისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ. 8. ენერგობლოკის/აგრეგატის შესაძლებლობების ტესტი ტარდება შემდეგი მოთხოვნების დაკმაყოფილების დადასტურების მიზნით: ა) ენერგობლოკების/აგრეგატების უნარი, იმუშაონ რეგისტრირებული პარამეტრების ფარგლებში; ბ) ენერგობლოკების/აგრეგატების უნარი, დააკმაყოფილონ ამ წესებისა და მიერთების ხელშეკრულების მოთხოვნები; გ) ენერგობლოკის/აგრეგატის უნარი, მიაწოდოს სისტემური მომსახურება, რომელიც მოეთხოვება ელექტროენერგიის მწარმოებელს. 9. ყველა ტესტს აღრიცხავენ და ამოწმებენ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისა და შესაბამისი მონაწილის უფლებამოსილი წარმომადგენლები; 10. ელექტროენერგიის მწარმოებელს უნდა შეეძლოს ტესტირების დროს გამოსაყენებელი ტესტირების ინსტრუმენტებისა და მოწყობილობის საიმედოობის და სიზუსტის დემონსტრირება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის წინაშე. 11. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მოითხოვოს ნებისმიერი ენერგობლოკის/აგრეგატის ტესტის ჩატარება. ყველა ტესტი უნდა ჩატარდეს არანაკლებ წელიწადში ერთხელ, ასევე იმ შეთხვევებისას, როდესაც არსებობს ტესტის ჩატარების დასაბუთებული მიზეზი. 12. თუ ენერგობლოკი/აგრეგატი ტესტს ვერ ჩააბარებს, ელექტროენერგიის მწარმოებელი ვალდებულია, ხარვეზი აღმოფხვრას დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან შეთანხმებულ ვადაში. 13. ელექტროენერგიის მწარმოებელმა ენერგობლოკზე/აგრეგატზე, რომელმაც ადრე ტესტირება ვერ გაიარა, ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ, დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა უნდა მოითხოვოს ახალი ტესტის ჩატარება ხარვეზების აღმოფხვრის დადასტურების მიზნით. 14. ენერგობლოკის/აგრეგატის სიმძლავრის ტესტირება მოიცავს შემდეგს: ა) რეაქტიული სიმძლავრის ტესტით ხდება ენერგობლოკის/აგრეგატის მიერ რეგისტრირებული რეაქტიული სიმძლავრის მოთხოვნების დაკმაყოფილების დემონსტრირება ამ წესების მოთხოვნათა შესაბამისად. ენერგობლოკის/აგრეგატის ტესტირების შედეგი ითვლება წარმატებულად, თუ გაზომილი სიდიდეები დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისთვის მიწოდებული რეგისტრირებული სიმძლავრის ± 5 პროცენტის ფარგლებშია; ბ) პირველადი რეაგირების ტესტით ხდება ენერგობლოკის/აგრეგატის პირველადი რეაგირების უნარის დემონსტრირება. ენერგობლოკი/აგრეგატი წარმატებით გაივლის ტესტირებას, თუ გაზომილი რეაგირება ხუთი წამის განმავლობაში მოთხოვნილი დონის ± 5 პროცენტის ფარგლებშია; გ) სწრაფად გაშვების შესაძლებლობის ტესტით ხდება ენერგობლოკის/აგრეგატის გაშვებისა და გადამცემ ქსელთან ათი წუთის განმავლობაში სინქრონიზაციისა და შემოთავაზებულ სიმძლავრემდე დატვირთვის უნარის დემონსტრირება; დ) ნულიდან გაშვების გამოცდით ხდება ენერგობლოკის/აგრეგატის მიერ ნულიდან გაშვების პროცედურის განხორციელების უნარის დემონსტრირება. ტესტირება წარმატებულად ჩაითვლება, თუ ელექტროსადგური შეძლებს დამოუკიდებლად გაშვებას, ქსელთან სინქრონიზაციასა და დატვირთვის კვებას ძაბვისა და სიხშირის დადგენილი (ავარიის შემდგომი) ზღვრების ფარგლებში; ე) გამომუშავების ტესტირების საშუალებით ხდება იმის დემონსტრირება, რომ ენერგობლოკი/აგრეგატი გამომუშავების გრაფიკსა და პარამეტრებს აკმაყოფილებს. ენერგობლოკის/აგრაგატის ტესტირება ჩაითვლება წარმატებულად, თუ: ე.ა) სინქრონიზაცია დადგენილი პერიოდის ± 5 წუთის ფარგლებში განხორციელდება; ე.ბ) ენერგობლოკის/აგრეგატის გამომუშავება დადგენილი შესაძლებლობის ±2.5 პროცენტის ცდომილების ფარგლებშია; ე.გ) დატვირთვის აღების სიჩქარის შემთხვევაში, ფაქტიური აღების სიჩქარე დადგენილი აღების სიჩქარის ± 5 პროცენტის ფარგლებშია; ე.დ) დატვირთვის შემცირების სიჩქარის შემთხვევაში, ფაქტიური შემცირების სიჩქარე დადგენილი სიჩქარის ± 5 პროცენტია; ე.ე) ენერგობლოკის/აგრეგატის მინიმალური დატვირთვის შემთხვევაში, ფაქტიური სიმძლავრე დადგენილის + 5 პროცენტია; ე.ვ) ყველა სხვა პარამეტრების შემთხვევაში, ფაქტიური სიდიდეები გაცხადებული სიდიდეების ± 1.5 პროცენტის ფარგლებშია. 15. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია, საჭიროებიდან გამომდინარე მოითხოვოს ენერგობლოკის/აგრეგატის დამატებითი ტესტის ჩატარება: ა) მოკლე ჩართვით გამოწვეული ძაბვის ნახტომისებრი ცვლილება; ბ) ენერგობლოკის/აგრეგატის გადასვლა საკუთარი მოხმარების რეჟიმზე მინიმუმ ერთი საათის განმავლობაში; დ) ენერგობლოკის/აგრეგატის ძაბვისა და სიჩქარის რეგულატორების რეაგირება დატვირთვის მყისიერ ცვლილებაზე; ე) გადატვირთვის უნარი. |
თავი V
გარდამავალი დებულებები
|
მუხლი 50.
ამ წესების ამოქმედებისთვის გასატარებელი ღონისძიებები |
1. ამ წესების მოქმედება ვრცელდება მის ძალაში შესვლამდე არსებულ მოსარგებლეებზე. ამ წესების ცალკეული მოთხოვნები არსებული მოსარგებლეების მიმართ შეიძლება გადავადდეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით შემდეგი წესით:
ა) არსებული მოსარგებლეები უფლებამოსილნი არიან ამ წესების ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში მიმართონ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს წესების ცალკეული მოთხოვნების შესრულების გადავადების შესახებ. მიმართვაში დეტალურად უნდა იყოს აღწერილი: ა.ა) მოთხოვნის შესრულების გადავადების მიზეზი; ა.ბ) მოთხოვნის შესრულების გადავადების პერიოდი; ა.გ) მოთხოვნის შესრულებისათვის საჭირო ინვესტიციების მოცულობა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიმართვის მიღებიდან 3 თვის ვადაში დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის დასაბუთებული წერილობითი წინადადების საფუძველზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია იღებს გადაწყვეტილებას არსებული მოსარგებლეების მიერ ამ წესების ცალკეული მოთხოვნის შესრულების გადავადების თაობაზე. 3. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, ამ წესების ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში შეიმუშაოს და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს მიერთების ხელშეკრულების სტანდარტული პირობები და გადამცემ ქსელზე მიერთების განაცხადის ფორმა. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები