„ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 10/06/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/06/2021
სარეგისტრაციო კოდი 300280020.16.009.016450
13
10/06/2021
ვებგვერდი, 14/06/2021
300280020.16.009.016450
„ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება  №13

2021 წლის 10 ივნისი

ქ. თბილისი

 

„ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე და 168-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების  მარეგულირებელი  ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10  დადგენილების პირველი მუხლით  დამტკიცებულ „ქსელის წესებში“ (სსმ ვებგვერდი, 22/04/2014, 300280020.16.009.016085) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტს „ჰ57“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ58“ ქვეპუნქტი:

„ჰ58) სამინისტრო – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.“;

2. 112 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 113 მუხლი:

მუხლი 113. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტით გათვალისწინებული ელექტროსადგურის მიერთება

1. სამინისტრო უფლებამოსილია, „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოს მთავრობის მიერ მოწონებული საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში, ელექტროსადგურის გადამცემ ქსელთან მიერთების მიზნით, ამ მუხლით დადგენილი წესით, მიერთების სპეციალური განაცხადით მიმართოს ელექტროენერგიის გადაცემის შესაბამის ლიცენზიანტს. მიერთების სპეციალური განაცხადის ფორმას შეიმუშავებს გადამცემი სისტემის ოპერატორი და დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიას.

2. მიერთების სპეციალურ განაცხადზე ვრცელდება ამ წესების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები, გარდა ამავე პუნქტის „ე“ და „ი“ ქვეპუნქტებით დადგენილი მოთხოვნებისა. მიერთების სპეციალურ განაცხადში დამატებით მიეთითება საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის მოწონების შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების რეკვიზიტები.

3. ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიანტი მიერთების სპეციალურ განაცხადს განიხილავს ამ წესების მე-9 მუხლით დადგენილი პროცედურის შესაბამისად, ამ მუხლით დადგენილი პირობების გათვალისწინებით.

4. ამ წესების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად და ამ მუხლით დადგენილი პირობების გათვალისწინებით, ელექტროენერგიის გადაცემის შესაბამის ლიცენზიანტსა და სამინისტროს შორის,  იდება მიერთების სპეციალური ხელშეკრულება.

5. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებით შესაბამისი პირობის გათვალისწინების შემთხვევაში, „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შერჩევის პროცესში გამარჯვებული მონაწილე წარმოადგენს სამინისტროს უფლებამონაცვლეს მიერთების სპეციალურ ხელშეკრულებაში, რის შესახებაც სამინისტრო დაუყოვნებლივ აცნობებს გადაცემის ლიცენზიანტს.

6. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ელექტროენერგიის გადამცემ ქსელზე მიერთების ორივე ეტაპის საფასურს იხდის „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შერჩევის პროცესში გამარჯვებული მონაწილე, შესაბამისი საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების დადებიდან 1 თვის ვადაში.“. 

3. 29-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა შეიმუშაოს გადამცემი ქსელის განვითარების ერთიანი გეგმა ათწლიანი პერიოდისათვის, რომელსაც წარუდგენს სამინისტროსა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას.“.

4. 64-ე მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. საანგარიშსწორებო აღრიცხვის კვანძისთვის შესარჩევი დენის ტრანსფორმატორის პირველადი ნომინალური დენი თუ არ აკმაყოფილებს თერმული და ელექტროდინამიური მდგრადობის ან სალტეების დაცვის პირობებს, ამ შემთხვევაში დასაშვებია დენის ტრანსფორმატორის გამოყენება ტრანსფორმაციის გაზრდილი კოეფიციენტით თუ, მინაერთის მაქსიმალური დატვირთვის დროს დენის ტრანსფორმატორის მეორად გრაგნილში დენი იქნება არა ნაკლები მრიცხველის ნომინალური დენის 40%, მინიმალური დატვირთვის დროს - არანაკლები 5%, ხოლო სიზუსტის კლასის აღნიშვნაში „S” სიმბოლოს დამატების შემთხვევაში - არანაკლები 1%, ან გამოყენებული იქნეს ორ კოეფიციენტიანი დენის ტრანსფორმატორები.“.

5. 65-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამფაზა მრიცხველები უნდა იყოს სამელემენტიანი (64-ე მუხლის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით), შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ შესაბამის სტანდარტებს და რეგისტრირებული იყოს საქართველოში დაკანონებული გაზომვის საშუალებების სახელმწიფო რეესტრში. მათი სიზუსტის კლასი უნდა იყოს არანაკლებ 0.5-ისა (ტრანსსასაზღვრო ელექტროგადამცემ ხაზებზე არანაკლებ 0.2 სიზუსტის კლასისა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დისპეტჩერიზაციის/გადაცემის ლიცენზიატსა და მეზობელი ქვეყნის ელექტროენერგეტიკული სისტემის ტექნიკურ ოპერატორს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად სხვა რამ არ არის განსაზღვრული), ხოლო 0.4 კვ ძაბვაზე (0.380 და 0.220) მრიცხველის პირდაპირი ჩართვის დროს მისი სიზუსტის კლასი უნდა იყოს რანაკლებ 1.0-სა.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ქსელის მიერთების თითოეულ წერტილში, სადაც ელექტროენერგიის გადადინება ხორციელდება ორი მიმართულებით, უნდა დამონტაჟდეს ორმიმართულებიანი მრიცხველი, სადაც აქტიური და რეაქტიული ელექტროენერგია აღირიცხება ცალ-ცალკე, მიღების და გაცემის რეჟიმში. იმ შემთხვევაში თუ, ელექტროენერგიის გადადინება ხორციელდება ერთი მიმართულებით, მრიცხველს (ერთმიმართულებიანი) უნდა გააჩნდეს შესაძლებლობა ცალ-ცალკე აღრიცხოს და აჩვენოს აქტიური და რეაქტიული ელექტროენერგია.“.

6. 70-ე მუხლს პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. საცალო მომხარებლის აღრიცხვის კვანძის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) საბითუმო ვაჭრობაში გამოყენების მიზნით აღიარებისათვის მაძიებელმა ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს და გადამცემი სისტემის ოპერატორს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) ელექტროდანადგარებისა და მოწყობილობების ქსელთან მიერთების არსებული აღწერილობა, საბალანსო გაყოფის წერტილების მითითებით;

ბ) აღრიცხვის კვანძების ელემენტების საპასპორტო მონაცემები;

გ) აღრიცხვის კვანძ(ებ)ის ზედა დონის ესკაა სისტემაში ჩართვის დამადასტურებელი ტექნიკური დოკუმენტი;

დ) ქსელთან მიერთების ცალხაზოვანი სქემა. 6/10კვ. და დაბალი ძაბვის მინაერთებზე, ქსელთან მიერთების აღწერილობა;

ე) დენისა და ძაბვის მზომი ტრანსფორმატორების გაზომვის ოქმები; 

ვ) ქსელის ოპერატორების მიერ გაცემული დოკუმენტი მაძიებლის ქსელისა და აღრიცხვის მოწყობილობების  ამ წესების მოთხოვნებთან შესაბამისობაზე.“.

7. 88-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სამინისტროს მიერ დამტკიცებული საპროგნოზო ელექტროენერგეტიკული ბალანსები;“.

8. 3241 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სისტემის ოპერატორები, არაუგვიანეს 2021 წლის 31 დეკემბრისა, ადგენენ შესაბამისი აღრიცხვის კვანძების შესაბამისობას ამ წესების მოთხოვნებთან და თითოეულ აღრიცხვის კვანძთან მიმართებით ადგენენ შემოწმების აქტს, რომელიც უნდა მოიცავდეს აღრიცხვის კვანძების მოწყობის ფაქტობრივი მდგომარეობის ამ წესების მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებას. შესაბამისი სისტემის ოპერატორი აღრიცხვის კვანძების ამ პუნქტის მიხედვით შესაბამისობის შეფასების დასრულებიდან არაუგვიანეს 45 კალენდარული დღის ვადაში შესაბამის შეფასების დოკუმენტებს ან/და შემოწმების აქტებს წარუდგენს კომისიასა და სხვა შესაბამის მხარეებს.";

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მსხვილი მომხმარებლის სტატუსის განსაზღვრის მიზნებისათვის. ამ მუხლის პირველ, მე-4 და მე-5 პუნქტებში მითითებული საბოლოო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის აღრიცხვის კვანძებზე არ ვრცელდება ამ წესების 62-ე- 65-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნები ამ მუხლის შესაბამისი პუნქტებით გათვალისწინებული ვადების ამოწურვამდე.“.

9. 3241 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 3242 მუხლი:

„მუხლი 324². ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლებად სავალდებულო რეგისტრაციის მიზნით აღრიცხვის მოწესრიგება

1. „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილების დანართი №1-ის პირველი პუნქტის პირველი გრაფით გათვალისწინებული მომხმარებლები, რომლებიც საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 მაისის №244 დადგენილების მეორე მუხლის თანახმად რეგისტრირდებიან ელექტროენერგიის პირდაპირ მომხმარებლებად არსებულ საბითუმო ბაზარზე და რომელთა აღრიცხვის კვანძები ვერ აკმაყოფილებენ ამ წესების მოთხოვნებს, ვალდებული არიან საანგარიშსწორებო აღრიცხვის კვანძები საკუთარი ხარჯებით, მოიყვანონ ამ წესებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაში შემდეგი პირობების დაცვით:

ა) 65-ე მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები – 324¹ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადებში;

ბ) 62-64-ე მუხლებით განსაზღვრული მოთხოვნები – 324¹ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ ვადებში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტროენერგიის პირდაპირ მომხმარებლად რეგისტრაციას დაქვემდებარებული მომხმარებლების იმ აღრიცხვის კვანძებზე, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ამ წესებით დადგენილ მოთხოვნებს, არ ვრცელდება ამ წესების 62-ე-65-ე მუხლებით, აგრეთვე 70-ე მუხლით განსაზღვრული ზედა დონის ესკაა სისტემასთან ჩართვის/დაკავშირების დამადასტურებელი ტექნიკური დოკუმენტის წარდგენის თაობაზე დადგენილი მოთხოვნები ამ მუხლის შესაბამისი პუნქტებით გათვალისწინებული ვადების ამოწურვამდე.

3. განაწილების ლიცენზიატები ვალდებული არიან, ამ მუხლის შესაბამისი პუნქტებით გათვალისწინებული ვადების ამოწურვამდე, პირდაპირი მომხმარებლის მრიცხველების ჩვენებების აღება უზრუნველყონ საანგარიშო თვის ბოლო დღეს და მიაწოდონ გადამცემი სისტემის ოპერატორის და მომხმარებელს.“.

მუხლი 2
გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია, ამ დადგენილების ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში შეიმუშაოს და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს გადაცემის ლიცენზიანტისთვის სამინისტროს მიერ წარსადგენი მიერთების განაცხადის  ფორმა.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიმაია მელიქიძე
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე