დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის №10 დადგენილებით დამტკიცებული „ქსელის წესებში“ ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 22/06/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/06/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300280020.16.009.016211 |
|
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის №10 დადგენილებით დამტკიცებული „ქსელის წესებში“ ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული მარეგულირებელი კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებით დამტკიცებულ „ქსელის წესებში“ (სსმ, ვებგვერდი, 22/04/2014, სარეგისტრაციო კოდი 300280020.16.009.016085) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. 110 კვ და უფრო მაღალი ძაბვის ძალოვან ტრანსფორმატორს უნდა გააჩნდეს ნეიტრალის დამიწების მოწყობილობა. მიწასთან მოკლე შერთვის დასაშვები კოეფიციენტი არ უნდა აღემატებოდეს 1.4-ს. კოეფიციენტის ზუსტი სიდიდე უნდა განისაზღვროს ტექნიკურ პირობაში ან/და ტექნიკურ პროექტში ასახული გაანგარიშების საფუძველზე. მიერთების შემდგომ კოეფიციენტის დასაშვებ ზღვრებში ცვლილება უნდა შეთანხმდეს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან.“. 2. 22-ე მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. რელეური დაცვის სქემებმა უნდა უზრუნველყონ დაზიანებული ელექტრომოწყობილობა-დანადგარების სწრაფი და სელექტიური გამორთვა გადამცემი ქსელიდან. ამ სქემების ზოგად მოთხოვნებს ითვალისწინებს ეს წესები, ხოლო მათი კონკრეტიზაცია, განმცხადებლის მისაერთებელი ობიექტის ინდივიდუალური მახასიათებლების მიხედვით, განხორციელდება ტექნიკურ პირობაში ან/და შესაბამის ტექნიკურ პროექტში.“; ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. ამ წესების მოთხოვნების ფარგლებში, განმცხადებლის მისაერთებელი ობიექტის ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით, ტექნიკური პირობით ან/და ტექნიკური პროექტით განისაზღვრება მოსარგებლის ქსელში ავტომატური განმეორებითი ჩართვის ელექტრომოწყობილობის დამონტაჟების აუცილებლობა და პირობები.“; გ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. სისტემური საჭიროებიდან გამომდინარე, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია, ელექტროენერგიის მწარმოებლისაგან მოითხოვოს ასინქრონული რეჟიმისგან დაცვის სისტემის დაყენება მათ ენერგობლოკებზე/აგრეგატებზე, რაც უნდა აისახოს ტექნიკურ პირობაში.“. 3. 23-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. გენერატორს უნდა შეეძლოს, მიაწოდოს ნომინალური აქტიური სიმძლავრე გენერატორის სალტეზე.“; ბ) მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „17. რეაქტიული სიმძლავრის დისპეტჩირების მიზნით გენერაციის ობიექტის სამაღლებელ ტრანსფორმატორებს უბდა გააჩნდეს ხვიათა გამომყვანების გადამრთველები. ტრანსფორმაციის კოეფიციენტი, გადამრთველების დიაპაზონი და ბიჯის სიდიდე სრულად უნდა აკმაყოფილებდეს რეაქტიული სიმძლავრისათვის ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.“; გ) 25-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „25. ელექტროსადგურის სინქრონიზაციის გაადვილების მიზნით დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ელექტროენერგიის მწარმოებელს უზრუნველყოფს ენერგობლოკის/აგრეგატის სინქრონიზაციისათვის საჭირო სისტემის პარამეტრებით. ამ მუხლის 24-ე პუნქტის შესაბამისად სინქრონიზაციის მოწყობილობამ უნდა უზრუნველყოს სინქრონიზაცია ქვემოთ მოყვანილი პირობებით: ა) სიხშირე – ამ წესების მე-14 მუხლით დადგენილ ზღვრებში; ბ) ძაბვა – ამ წესების მე-15 მუხლით დადგენილ ზღვრებში.“. 4. 24-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად, გადაცემის და განაწილების ლიცენზიატებმა უნდა მიიღონ ყველა ზომა, რათა უზრუნველყოფილი იყოს სიხშირული განტვირთვის ავტომატიკით მომხმარებლის გამორთვა. 3. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია, მოსარგებლეს მოსთხოვოს სიხშირული განტვირთვის ავტომატიკის დამონტაჟება თავის მხარეს.“. 5. 25-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მოსარგებლის ელექტრომოწყობილობა-დანადგარის მართვისა და ტექმომსახურების პასუხისმგებლობა ეკისრება მის მფლობელს.“. 6. 49-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ამ წესებითა ან/და მიერთების ხელშეკრულებით განსაზღვრული ყველა ტესტირება ტარდება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ ექსპლუატაციაში გაშვების ტესტირების წინასწარ დამტკიცებული პროგრამის მიხედვით. ტესტირების ჩატარების პროცესს უნდა დაესწროს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის წარმომადგენელი;“. 7. 61-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. გადამცემ ქსელზე ახალი მიერთების მაძიებელი ან არსებული მიერთების მოდიფიკაციის შემთხვევაში მოსარგებლე პასუხისმგებელია აღრიცხვის უჯრედის მოწყობასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის გაღებაზე, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.“. 8. 62-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. როგორც წესი, საანგარიშსწორებო აღრიცხვის წერტილის მდებარეობა უნდა ემთხვეოდეს მიერთების (საბალანსო გაყოფის) წერტილს. საანგარიშსწორებო აღრიცხვის წერტილის ზუსტი ადგილმდებარეობა განისაზღვრება შესაბამისი მიერთების ხელშეკრულებით ან/და ამ მუხლის მე–2 პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი ურთიერთშეთანხმებით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები