„ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 42
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 24/12/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/12/2024
სარეგისტრაციო კოდი 300280020.16.009.016726
42
24/12/2024
ვებგვერდი, 25/12/2024
300280020.16.009.016726
„ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №42

2024 წლის 24 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე და 168-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებით დამტკიცებულ „ქსელის წესებში“ (სსმ, ვებ გვერდი, 22/04/2014, სარეგისტრაციო კოდი: 300280020.16.009.016085) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 91 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გადამცემი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, უარი უთხრას განმცხადებელს (მიერთების მაძიებელს) გადამცემ ქსელზე მიერთებაზე ისეთ საგამონაკლისო შემთხვევებში, როდესაც მისაერთებელ ობიექტთან უახლოეს ქვესადგურში ან გადამცემ ხაზზე არ არსებობს თავისუფალი მისაერთებელი სიმძლავრე, ამასთან, მოთხოვნილია ისეთი მიერთება, რომლისთვისაც გადამცემი სისტემა ვერ იქნებოდა მზად ამ მიერთების განსახორციელებლად, საჭიროა არსებული გადამცემი ქსელის მშენებლობა-რეკონსტრუქცია (გაძლიერება), რისი ფინანსური საშუალება გადამცემი სისტემის ოპერატორს არ გააჩნია (მიერთების საფასურის მიღმა) და არც უახლოესი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში არ არის გათვალისწინებული საინვესტიციო გეგმით. ასევე, თუ ასეთი მიერთება საფრთხის ქვეშ აყენებს მთლიანად გადამცემი სისტემის საიმედო ფუნქციონირებას ან მისი განხორციელება წინააღმდეგობაში მოდის ამ წესების მე-7 მუხლის 8​1 პუნქტით განსაზღვრულ პირობებთან, გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

 2.  მუხლი 101 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 101. არასტანდარტული მიერთება

1. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გადამცემ ქსელზე მიერთება შეიძლება განხორციელდეს არასტანდარტული მიერთების გზით, რა დროსაც მიერთების მაძიებელი საკუთარი სახსრებით უზრუნველყოფს მისაერთებელი ობიექტის გადამცემ ქსელზე მიერთებას.

2. არასტანდარტული მიერთება შესაძლებელია განხორციელდეს:

ა) გადამცემ ქსელზე მიერთების მოთხოვნაზე გადამცემი სისტემის ოპერატორის უარის შემთხვევაში;

ბ) მოთხოვნილ მიერთებაზე გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ მიერთების შეთავაზების გაცემის შემთხვევაში, თუ მიერთების მაძიებლისთვის მიუღებელია ამ შეთავაზებაში მოცემული მოთხოვნილი მიერთების თარიღი, რადგანაც იგი არსებითად განსხვავდება განაცხადით მოთხოვნილი მიერთების თარიღიდან და ისე აუარესებს მიერთების მაძიებლის მდგომარეობას, რომ აშკარად საფრთხის ქვეშ დგება მისაერთებელი ობიექტის მშენებლობისა და ექსპლუატაციაში გაშვების საკითხი (რაც უნდა დასტურდებოდეს მაძიებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით ან წერილობითი ახსნა/განმარტებით).

3. არასტანდარტული მიერთების მოთხოვნა, მიერთების მაძიებელმა გადამცემი სისტემის ოპერატორთან უნდა შეიტანოს წერილობით, განცხადების სახით. განცხადებაში ჩამოთვლილი და აღწერილი უნდა იყოს არასტანდარტული მიერთების მოთხოვნის გამომწვევი გარემოებები. იგი ასევე უნდა შეიცავდეს ყველა იმ გარემოებას, რაც გათვალისწინებულია ამ მუხლით არასტანდარტულ მიერთების შემთხვევაზე და ამ მიერთების შესრულების შედეგად გადაცემის მომსახურებაში შემავალი ქსელის (შექმნილი ქონების) გადამცემი სისტემის ოპერატორის საკუთრების საკითხს.

4. გადამცემ ქსელზე მიერთების მოთხოვნაზე გადამცემი სისტემის ოპერატორის უარის შემთხვევაში, არასტანდარტული მიერთების მოთხოვნისას (ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული არასტანდარტული მიერთებისას), მიერთების მაძიებელი და გადამცემი სისტემის ოპერატორი შესაძლებელია,  წერილობით შეთანხმდნენ მოთხოვნილი მიერთების სამუშაოების მიერთების მაძიებლის მიერ  შესრულების შესახებ, თუ არასტანდარტული მიერთების მოთხოვნა  ითვალისწინებს:

ა) გადამცემი სისტემის ოპერატორისათვის პირობების გაუმჯობესებასა და იმ მიზეზ(ებ)ის აღმოფხვრას, ან/და გამორიცხვას, რაც საფუძვლად დაედო გადამცემი სისტემის ოპერატორის წერილობით უარს, მოთხოვნილ მიერთებაზე;

ბ) მიერთებისთვის საჭირო ახალი / სარეკონსტრუქციო ქსელისა და სამუშაოების  საპროგნოზო-წინასწარ ხარჯთაღრიცხვას, მასთან დაკავშირებული სამუშაოების დეტალურ გეგმა-გრაფიკს (სამუშაოების დასრულების ვადების მითითებით). ამასთან, შეთავაზებაში დეტალურად უნდა იყოს მოცემული მისაერთებელი ობიექტის გადამცემ ქსელზე მიერთების სამუშაოები, მათ შორის მიერთებისთვის საჭირო ახალი ქსელის მშენებლობისა და აუცილებლობის შემთხვევაში, არსებული გადამცემი ქსელის გაძლიერების (რეკონსტრუქციის) სამუშაოებიც (სრულად, თუ ნაწილობრივ), ასევე შესრულებული სამუშაოების შედეგად შექმნილი აქტივების გადმოცემის საკითხი;

გ) ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ გარემოებებს.

5. მიერთების შეთავაზებაში მოცემული ვადების მიუღებლობის შემთხვევაში (ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში), მიერთების მაძიებელს შეუძლია მიმართოს გადაცემის სისტემის ოპერატორს ამ წესების მე-9 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული შეთავაზების მიღების შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს ამ შეთავაზებით გათვალისწინებული ვადისა. არასტანდარტული მიერთების მოთხოვნის შესახებ განცხადების გადამცემი სისტემის ოპერატორთან დარეგისტრირების მომენტიდან,  სტანდარტული მიერთების  შეთავაზებით განსაზღვრული ვადის დენა ჩერდება. აღნიშნული ვადის დენა გაგრძელდება სისტემის ოპერატორის მიერ  არასტანდარტულ მიერთებაზე უარის შემთხვევაში, აღნიშნული უარის მიერთების მაძიებლისთვის ჩაბარების მომენტიდან. ამასთან, მხარეთა მიერ არასტანდარტულ მიერთებაზე შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში,  გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ გაცემული მიერთების შეთავაზება ავტომატურად უქმდება.

6. მიერთების შეთავაზებაში მოცემული ვადების მიუღებლობის შემთხვევაში (ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში), ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მაძიებლის მიერ არასტანდარტული მიერთების შეთავაზება უნდა მოიცავდეს:

ა) მიერთებისთვის საჭირო ახალი ქსელისა და სამუშაოების საპროგნოზო-წინასწარ ხარჯთაღრიცხვას, სამუშაოების დეტალურ გეგმა-გრაფიკს  (რომელიც მათ შორის  უნდა მოიცავდეს ტექნიკური პროექტის მომზადების, პროექტის შეთანხმების, საჭიროების შემთხვევაში გარემოზე ზემოქმედების შეფასების მომზადების, სამშენებლო ნებართვების და ექსპლუატაციაში მიღების სამუშაოების დასრულების, მოწყობილობა დანადგარების საგარანტიო ვადებს და შესრულებული სამუშაოების შედეგად შექმნილი აქტივების საკითხსა და მათ გადმოცემის ვადებს);  

ბ) მიერთების სამუშაოების დასრულების საერთო ვადას, რომელიც მიერთების უჯრედის მოწყობის შემთხვევაში, უნდა იყოს ამ წესის მე-9 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული მიერთების შეთავაზებით განსაზღვრულ ვადაზე არანაკლებ 6 თვით ნაკლები, ხოლო ელექტროგადამცემი ხაზის შეჭრის შემთხვევაში – არანაკლებ 1 წლით ნაკლები;

გ) ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ პირობებს.

7. გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ არასტანდარტული მიერთების განცხადების განხილვა:

ა)   არ უნდა აღემატებოდეს არასტანდარტული მიერთების მოთხოვნის მიღებიდან 2 კალენდარულ თვეს;

ბ) შეთანხმების შემთხვევაში მხარებმა უნდა გააფორმონ ხელშეკრულება არასტანდარტული მიერთების თაობაზე, ხოლო თუ ვერ მიაღწიეს შეთანხმებას – ამავე ვადაში გადამცემი სისტემის ოპერატორმა დასაბუთებული, წერილობითი უარი უნდა უთხრას მიერთების მაძიებელს;

გ) თუ მხარეები შეთანხმდნენ არასტანდარტულ მიერთებაზე (ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში), მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს პირგასამტეხლოს მიერთების მაძიებლის მიერ, არასტანდარტული მიერთების და მასთან დაკავშირებული სამუშაოების დროულად შეუსრულებლობის – ვადა გადაცილების შემთხვევაზე;

8. გადამცემი სისტემის ოპერატორისა და მიერთების მაძიებლის მიერ არასტანდარტულ მიერთების პირობებზე შეთანხმების შემთხვევაში, მხარეებს შორის 15 სამუშაო დღის ვადაში ფორმდება ხელშეკრულება.

9. ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს:

ა) მიერთების დასრულების ვადებს;

ბ) ხელშეკრულების ფასს, რომელიც წარმოადგენს მიერთებისთვის საჭირო ახალი ქსელისა და შესასრულებელი სამუშაოების საპროგნოზო-წინასწარ ხარჯთაღრიცხვას, თუ ხელშეკრულების სხვა ფასზე არ შეთანხმდებიან;

გ) პირგასამტეხლოს, მიერთების და მასთან დაკავშირებული სამუშაოების ვადაში, დროულად შეუსრულებლობის შემთხვევაში (ხელშეკრულების ფასის 0.05% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე).

დ) სანქციებს ხელშეკრულების დროზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში;

ე) დებულებებს მასალის, დანადგარებისა და შესასრულებელი სამუშაოების ხარისხის, ვარგისიანობისა და გამძლეობის პირობების შესახებ;

ვ) დებულებებს შექმნილი ან/და რეკონსტრუირებული (გაძლიერებული) გადამცემი ქსელის (რაც საჭიროა ერთიანი გადამცემი სისტემის ფუნქციონირებისა და მართვისთვის), გადამცემი სისტემის ოპერატორის სახელზე აქტივის შექმნის ან/და რეგისტრაციის შესახებ ან სხვა, გადამცემი სისტემის ოპერატორისთვის მისაღებ სამართლებრივ გზას, რომლის შედეგად ახლად აშენებული გადამცემი ქსელი იქნება გადამცემი სისტემის ოპერატორის საკუთრებაში;

ზ) ნორმებს გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ ტექნიკური პირობით განსაზღვრული მიერთების სამუშაოების პერიოდული ინსპექტირების შესახებ;

თ) დებულებებს მიერთების სამუშაოების დასრულების დასადასტურებლად განსახორციელებელი ქმედებებისა და შესაქმნელი დოკუმენტების შესახებ;

ი)  ნორმებს მიერთების დასრულების შემდგომ, შესრულებული სამუშაოებისა და მასალის ხარისხის შემოწმების შესახებ;

კ) დებულებებს მიერთების   სამუშაოებში ან/და  შექმნილ აქტივებში  ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში, მათი გამოსწორების  შესახებ;

ლ) ნორმებს სადავო საკითხების გადაწყვეტის თაობაზე;

მ) მიერთების ხელშეკრულების ვადის გაზრდის შესაძლებლობას (ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში მიერთების ვადა არ უნდა აღემატებოდეს გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ სტანდარტული მიერთებით შეთავაზებულ ვადას).

10. ხელშეკრულებას გაფორმებისთანავე უნდა დაერთოს და მისი შემადგენელი ნაწილი უნდა გახდეს:

ა) მიერთების ტექნიკური პირობა;

ბ) მიერთების და მასთან დაკავშირებული სამუშაოების გეგმა-გრაფიკი.

11. ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა გასცეს ახალი ტექნიკური პირობა, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ამ ხელშეკრულების პირობებსა და მოიცავდეს უშუალოდ მისაერთებელი ობიექტის გადამცემ ქსელზე მიერთების (მისაერთებელი ქსელის მშენებლობის) პირობას. ამასთან, მხოლოდ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ ახალი ტექნიკური პირობა, ასევე მოიცავდეს გადამცემი ქსელის რეკონსტრუქციის (გაძლიერების) პირობებს (ასეთი აუცილებლობის შემთხვევაში).

12. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მიერთების პერიოდის განმავლობაში და მის დასრულებამდე, მხარეებმა ერთმანეთთან წერილობით უნდა შეათანხმონ ან/და ხელშეკრულებას დაურთონ, ასევე:

ა) მიერთების ტექნიკური პროექტი;

ბ) მიერთების განსახორციელებლად მისაღები აუცილებელი ნებართვები.

13. არასტანდარტული მიერთების შედეგად შექმნილი აქტივების გადაცემის მომსახურებაში შემავალი ქსელის მესაკუთრე, უპირობოდ უნდა იყოს გადამცემი სისტემის ოპერატორი (აღნიშნული პირობა მიერთების ხელშეკრულების არსებით პირობად უნდა იქნეს მხარეთა მიერ აღიარებული). წინააღმდეგ შემთხვევაში, გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია უარი განაცხადოს არასტანდარტულ მიერთებაზე. ამასთან, გადამცემი სისტემის ოპერატორმა არ უნდა მოახდინოს ამ ახლად შექმნილი აქტივების გამოყენება ან/და ექსპლუატაცია სანამ, არ მოხდება ახალად შექმნილი ქონების რეგისტრაცია გადამცემი სისტემის ოპერატორის საკუთრებად.

14. არასტანდარტული მიერთების შედეგად გადამცემი სისტემის ოპერატორის საკუთრებაში დარეგისტრირებული (გადასული) აქტივი უნდა იყოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო.  უძრავი ქონება, რომელზეც განთავსდება აღნიშნული  აქტივი, არ უნდა იყოს მესამე პირის საკუთრებაში, იპოთეკით დატვირთული ან/და სადავო.

15. გადამცემი სისტემის ოპერატორი პასუხისმგებელია იმ აქტივის გამართულ ექსპლუატაციაზე, რომელიც დარეგისტრირდება მის საკუთრებაში არასტანდარტული მიერთების შედეგად.

16. გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია უარი განაცხადოს არასტანდარტულ მიერთებაზე თუ მიერთების მაძიებელთან ვერ შეთანხმდა:

ა) მიერთების შედეგად შექმნილი ან სარეაბილიტაციო აქტივის საკუთრების საკითხზე;

ბ) პირგასამტეხლოს საკითხზე, მიერთების მაძიებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დროულად შეუსრულებლობის შემთხვევაში;

გ)  მიერთების და მასთან დაკავშირებული სამუშაოებისა და მასალის შესაბამისი ხარისხით შესრულებაზე;

დ) მიერთების პერიოდში და მისი დასრულების შემდგომ ჩატარებული სამუშაოებისა და მასალის ხარისხის შემოწმების წესზე;

ე) არასტანდარტული მიერთების მოთხოვნა ან/და ხელშეკრულება არ შეიცავს ან არ შეესაბამება ამ მუხლით პირდაპირ გათვალისწინებულ პირობებს.

17. გადამცემი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, უარი განაცხადოს არასტანდარტულ მიერთებაზე, თუ:

ა) არ ეთანხმება არასტანდარტულ მიერთებას ტექნიკური გარემოებებიდან გამომდინარე;

ბ) შეთავაზებასთან დაკავშირებით გააჩნია რედაქციული ან/და ტექნიკური ხასიათის შენიშვნ(ებ)ი, რომელიც არ გამოსწორდა მიერთების მაძიებლის მხრიდან.

18. არასტანდარტულ მიერთებაზე უარი უნდა იყოს დასაბუთებული. უარის შემთხვევაში მიერთების მაძიებელს უფლება აქვს მიმართოს კომისიას, ან სასამართლოს.

19. გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისიას ცნობის სახით წარუდგინოს მის მიერ გაფორმებული ხელშეკრულება, მასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციასთან ერთად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიგივი სანიკიძე
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე
კომისიის წევრიდავით თვალაბეიშვილი
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი