„ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 32
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 27/11/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/11/2025
სარეგისტრაციო კოდი 300280020.16.009.016767
32
27/11/2025
ვებგვერდი, 28/11/2025
300280020.16.009.016767
„ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება  №32

2025 წლის 27 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე და 168-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების  მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10  დადგენილებით  დამტკიცებულ „ქსელის წესებში“ (სსმ, ვებგვერდი, 22/04/2014, სარეგისტრაციო კოდი: 300280020.16.009.016085) შეტანილ იქნეს ცვლილება და 3243 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 3244 მუხლი:

„მუხლი 3244. გადამცემი სისტემის ოპერატორის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებულ ქსელზე საკუთრების/მფლობელობის  გამანაწილებელი სისტემის ოპერატორისთვის გადაცემა

1. ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული ქსელის  ნაწილის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის საკუთრებაში/მფლობელობაში გადაცემისას სისტემის ოპერატორების მიერ დაცული უნდა იყოს ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები.

2. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაბამისად გამოიყენება კანონის 161 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ქსელის ნაწილზე მიერთების ის განაცხადი, რომელიც წარდგენილ იქნა გადამცემი სისტემის ოპერატორისათვის ქსელზე საკუთრების/მფლობელობის უფლების გამანაწილებელი სისტემის ოპერატორისთვის გადაცემამდე და საკუთრების/მფლობელობის გადაცემის მომენტისათვის მიერთება:

ა) არ არის დასრულებული, მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის კომისიის ნორმატიული აქტით გათვალისწინებული მოთხოვნები შემდეგი დათქმებით:

ა.ა) ელექტროენერგიის გადამცემ ქსელზე მიერთების საფასურის მიღების სანაცვლოდ მიერთების დასრულების ვალდებულება ეკისრება გადამცემი სისტემის ოპერატორს, ამ მუხლის მე-4 პუნქტითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით;

ა.ბ) გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი არ არის უფლებამოსილი მესამე პირს მოსთხოვოს ასეთი მიერთებისათვის რაიმე სახის დამატებითი საფასური ან მიერთებისათვის დააწესოს გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ გაცემული ტექნიკური პირობით გათვალისწინებული მოთხოვნებისაგან განსხვავებული ან დამატებითი მოთხოვნები;

ა.გ) გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია ქსელის ნაწილზე საკუთრების/მფლობელობის უფლების გამანაწილებელი სისტემის ოპერატორისთვის გადაცემიდან არაუგვიანეს ხუთი სამუშაო დღის ვადაში, გამანაწილებელი სისტემის შესაბამის ოპერატორს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად გადასცეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ქსელზე მიერთებასთან დაკავშირებული ყველა ის განცხადება, რომელიც არ არის დასრულებული და მიაწოდოს მიერთებისათვის აუცილებელი ყველა რელევანტური ინფორმაცია/მონაცემი;

ა.დ) გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ვალდებულია გადამცემი სისტემის ოპერატორს მისცეს საშუალება შეუფერხებლად განახორციელოს მიერთების ხელშეკრულებითა და ტექნიკური პირობით განსაზღვრული სამუშაოები, მათ შორის, სამუშაოების განხორციელების პერიოდში გამოყოს ტერიტორია მიერთებისათვის საჭირო ელექტრომოწყობილობების შესანახად;

ა.ე) გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ, მიერთების ხელშეკრულებით მასზე დაკისრებული ვალდებულებების სრულად შესრულების შემდგომ, ამ მუხლის მიზნებისათვის მიერთება გადამცემი სისტემის ოპერატორის ნაწილში ჩაითვლება დასრულებულად. გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ მიერთების ხელშეკრულებით მასზე დაკისრებული ვალდებულებების სრულად შესრულება დასტურდება გადამცემი სისტემის ოპერატორსა და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ამ მიერთების ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამუშაოს შესახებ. ასეთ დროს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორისთვის შესაბამისად გამოიყენება ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესი;

ბ)  არის დასრულებული იმ ფორმით, რომ მიერთების ფარგლებში შექმნილია მხოლოდ მიერთების წერტილი, მაგრამ ამ მუხლის შესაბამისად გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის საკუთრებაში/მფლობელობაში გადაცემულ ქსელს არ გააჩნია შესაბამისი გამტარუნარიანობა და საჭიროა სიმძლავრის გაზრდა, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს აღნიშნული ქსელის საკუთრებაში/მფლობელობაში მიღებიდან 2 წლის განმავლობაში არ წარმოეშობა კომპენსაციის გადახდის ვალდებულება. აღნიშნული ვადა შეიძლება გაიზარდოს კომისიის წინასწარი თანხმობით შესაბამისი ობიექტური საფუძვლის არსებობის შემთხვევაში კომისიისთვის ამ ვადის გასვლამდე არაუგვიანეს ექვსი თვით ადრე წარდგენილი განცხადების საფუძველზე.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონკრეტული მიერთების განხორციელებისას, თუ:

ა) მიერთება ხორციელდება გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განაცხადის საფუძველზე:

ა.ა) კანონმდებლობით დადგენილი საფასურის ფარგლებში და მიერთებისას გაწეულმა ხარჯმა გადააჭარბა აღნიშნულ საფასურს, ნამეტი ხარჯები აისახება გადამცემი სისტემის ოპერატორის რეგულირებადი აქტივების ბაზაში, ხოლო შექმნილი აქტივი – გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის რეგულირებადი აქტივების ბაზაში, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ა.ბ) ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული საფასურის ფარგლებში, შექმნილი აქტივი გადამცემი სისტემის ოპერატორის რეგულირებადი აქტივების ბაზაში აისახება ნულოვანი ღირებულებით, ხოლო გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის რეგულირებადი აქტივების ბაზაში – მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) მიერთება ხორციელდება მესამე პირის განაცხადის საფუძველზე:

ბ.ა) კანონმდებლობით დადგენილი საფასურის ფარგლებში და მიერთებისას გაწეულმა ხარჯმა გადააჭარბა აღნიშნულ საფასურს, ნამეტი ხარჯები სრულად აისახება გადამცემი სისტემის ოპერატორის რეგულირებადი აქტივების ბაზაში, ხოლო შექმნილ აქტივი – გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის რეგულირებადი აქტივების ბაზაში ნულოვანი ღირებულებით;

ბ.ბ) ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული საფასურის ფარგლებში, შექმნილი აქტივი გადამცემი და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის რეგულირებადი აქტივების ბაზაში აისახება ნულოვანი ღირებულებით.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში:

ა) მიერთების ხელშეკრულების ფარგლებში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ იმ ქსელის ნაწილზე, რომელიც საკუთრებაში/მფლობელობაში გადაეცემა გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს, შექმნილი აქტივი, რაც დამონტაჟებიდან ხდება ამ ქსელის შემადგენელი, მე-3 პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების მომენტიდან, ჩაითვლება გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის საკუთრებად ან მფლობელობად, იმის გათვალისწინებით, თუ გადაცემის მომენტისათვის რა ფორმით ფლობს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი შესაბამისი ქსელის ნაწილს;

ბ) თუ კონკრეტული მიერთების განხორციელებისას გაწეული ხარჯი ნაკლებია მიერთებისათვის კანონმდებლობით დადგენილ ან, ასეთის არარსებობის შემთხვევაში – კონკრეტული მიერთების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საფასურზე, მაშინ გადამცემი სისტემის ოპერატორის რეგულირებადი დანახარჯების ბაზა ექვემდებარება აღნიშნული დადებითი სხვაობით შემცირებას დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესებით გათვალისწინებული პრინციპების შესაბამისად.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მიერთებებთან მიმართებით შესაბამისად გამოიყენება ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების 699 მუხლის მე-11 პუნქტი იმ პირობით, რომ აღნიშნული პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ხელის შემშლელ გარემოებად ასევე ჩაითვლება შემთხვევა, როდესაც მიერთება ვერ ხერხდება შესაბამისი მიერთების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში და ეს განპირობებულია ამ მუხლის შესაბამისად გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის საკუთრებაში გადაცემული ქსელის გაძლიერების აუცილებლობით.

7. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ქსელის ნაწილზე საკუთრების/მფლობელობის უფლების გამანაწილებელი სისტემის ოპერატორისთვის გადაცემის შემდეგ, აღნიშნულ ქსელზე მიერთებისათვის შესაბამისი განაცხადი უნდა წარედგინოს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით.

8. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია, ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ტარიფში ასახავს გადამცემი სისტემის ოპერატორისგან საკუთრებაში მიღებული ქსელის საბალანსო ღირებულებას, პრივატიზების შემთხვევაში – საპრივატიზებო ღირებულებას.

9. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ტრანზაქციის განხორციელება დაუშვებელია კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე.

10. ამ მუხლის მე-2 პუნქტისგან დამოუკიდებლად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ტრანზაქციის განხორციელებამდე გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია წერილობით მიმართოს კომისიას შესაბამისი თანხმობის მისაღებად. განცხადებას თან უნდა დაერთოს აქტივების ჩამონათვალი (საბალანსო ღირებულებისა და საკადასტრო კოდების (უძრავი ქონების შეთხვევაში)  მითითებით) რომელიც წარმოადგენს აღნიშნული ტრანზაქციის საგანს.

11. ამ მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე კომისია გადაწყვეტილებით გასცემს თანხმობას იმ შემთხვევაში, თუ ამით საფრთხე არ ექმნება გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულებას.

12. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ტრანზაქცია გულისხმობს ნებისმიერ ტრანზაქციას ან ტრანზაქციათა ერთობლიობას, რომლის საბოლოო შედეგიც არის გადამცემი სისტემის ოპერატორის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული ქსელის ნაწილის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის საკუთრებაში/მფლობელობაში გადაცემა, მათ შორის როგორც უშუალოდ გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ გამანაწილებელი სისტემის ოპერატორთან შესაბამისი გარიგების დადებით, ისე გადამცემი სისტემის ოპერატორის პარტნიორის მიერ გადამცემი სისტემის ოპერატორის კაპიტალიდან აქტივების ნებისმიერი ფორმით გატანით ან/და გადამცემი სისტემის ოპერატორის მფლობელობაში არსებული, მისი პარტნიორის კუთვნილი აქტივის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის საკუთრებაში/მფლობელობაში გადაცემით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიდავით თვალაბეიშვილი
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე
კომისიის წევრიგივი სანიკიძე