დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის №10 დადგენილებით დამტკიცებულ „ქსელის წესებში“ ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 22/04/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/05/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300280020.16.009.016166 |
|
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის №10 დადგენილებით დამტკიცებულ „ქსელის წესებში“ ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2014 წლის №10 დადგენილებით დამტკიცებულ „ქსელის წესებში“ (სსმ, ვებგვერდი, 22.04.2014, სარეგისტრაციო კოდი: 300280020.16.009.016085) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის: ა) მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) მომხმარებელი, რომელიც მიერთებულია გადამცემ ან გამანაწილებელ ქსელზე;“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. წესები მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: გადამცემი და გამანაწილებელი ქსელის ხელმისაწვდომობისა და გამოყენების ტექნიკურ-ეკონომიკური და ოპერირების კრიტერიუმები, მისი გაფართოებისა და გაუმჯობესების დაგეგმვა, ელექტროენერგეტიკული სისტემის მუშაობის რეჟიმები და სტანდარტები, ელექტროენერგიის მიწოდებისა და მოთხოვნების გრაფიკების შედგენა და განხორციელება, მონაცემთა და ინფორმაციის გაცვლა, ელექტროენერგიის აღრიცხვის პოლიტიკა.“. 2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „გ“ და "დ" ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) მაძიებელი – კონტექსტიდან გამომდინარე, გადამცემ ან გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მსურველი;“ დ) განმცხადებელი – მაძიებელი ან მოსარგებლე, რომელიც მიმართავს გადაცემის ან განაწილების ლიცენზიატს ახალი მიერთების ან არსებული მიერთების მოდიფიკაციის განაცხადით;“; ბ) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „რ) მიერთების წერტილი – წერტილი, სადაც მოსარგებლის აქტივები ფიზიკურად უერთდება გადამცემ ან გამანაწილებელ ქსელს;“; გ) „ჰ5“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰ5) მიერთების შეთავაზება – ქსელის მფლობელი ლიცენზიატის წინადადება განმცხადებლის ელექტრომოწყობილობა-დანადგარების მის კუთვნილ ქსელზე მიერთებისათვის, რომელიც მოიცავს ტექნიკურ პირობასა და ამ წესებით გათვალისწინებულ სხვა დოკუმენტებს;“; დ) ჰ42 ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ჰ43 - ჰ44 ქვეპუნქტები: „ჰ43) ტექნიკური პირობა – დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს მაძიებლის ელექტრულ ქსელთან მიერთების ან მიერთების მოდიფიკაციისთვის საჭირო სამუშაოებსა და პირობებს; „ჰ44) განაწილების ლიცენზიატის ხუთწლიანი გეგმა (შემდგომში – ხუთწლიანი გეგმა) – განაწილების ლიცენზიატის მიერ ამ თავის მოთხოვნების შესაბამისად მომზადებული დოკუმენტი, რომელიც მოიცავს მომდევნო ხუთი კალენდარული წლისათვის კონკრეტული განაწილების ლიცენზიატის მფლობელობაში არსებული ქსელის განვითარების გეგმას.“. 3. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. გადამცემ ან გამანაწილებელ ქსელთან მიერთებამდე ან გადაცემის ან განაწილების ლიცენზიატისათვის განაცხადის წარდგენამდე, განმცხადებლის მიერ შესაბამისი ლიცენზიატისთვის (მათ შორის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისათვის) მიწოდებული ყველა მონაცემი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ითვლება კონფიდენციალურ ინფორმაციად .“. 4. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ნორმალურ და ავარიულ რეჟიმში ძაბვის სიდიდეების ცვლილება დასაშვებია შემდეგ ზღვრებში: ა) ნორმალურ პირობებში ძაბვის დასაშვები გადახრა სხვადასხვა ნომინალური ძაბვისათვის მოცემულია ცხრილში:
ბ) ავარიული სიტუაციის შემდგომ ძაბვის დასაშვები გადახრა სხვადასხვა ნომინალური ძაბვისათვის მოცემულია ცხრილში:
“. 5. 62-ე მუხლს მე–5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: „6. გადაცემის ლიცენზიატის ქვესადგურებში საკუთარ მოხმარებაზე გამოყენებულ მინაერთებზე ელექტროენერგიის მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით გადასატანი კომპაქტური სატრანსფორმატორო პუნქტის გამოყენების შემთხვევაში გადასატან კომპაქტურ სატრანსფორმატორო პუნქტზე უნდა მოეწყოს საანგარიშსწორებო აღრიცხვა.“. 6. 63-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ძაბვისა და დენური წრედების მონტაჟის დროს გამოყენებული უნდა იქნეს კაბელები ფერადი იზოლაციის მქონე სადენებით, თითო წვერში სხვა ფერებთან კომბინაციის გარეშე, გარდა ნულოვანი სადენისა.“. 7. 64-ე მუხლის: ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. დადგმის ადგილისა და მეთოდის შერჩევისას გათვალისწინებული უნდა იყოს დენისა და ძაბვის ტრანსფორმატორების ფირნიშიდან ყველა მონაცემის ვიზუალური წაკითხვის შესაძლებლობა, მოწყობილობის გამორთვის ან დემონტაჟის სამუშაოების განხორციელების გარეშე. დასაშვებია ფირნიშის მონაცემების გამოტანა ხილულ ადგილზე.“; ბ) მე-11 და მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. დასაშვებია დენის ტრანსფორმატორების გამოყენება ტრანსფორმაციის გაზრდილი კოეფიციენტით (თერმული და ელექტროდინამიკური მდგრადობის ან სალტეების დაცვის პირობებიდან გამომდინარე), თუ მინაერთის მაქსიმალური დატვირთვის დროს დენის ტრანსფორმატორის მეორად გრაგნილში დენი იქნება არანაკლებ მრიცხველის ნომინალური დენის 40%-ისა, ხოლო მინიმალური დატვირთვის დროს – არანაკლებ 5%-ისა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დენის ტრანსფორმატორის ფაქტობრივად გაზომილი ცდომილება დენის ტრანსფორმატორის ნომინალური დენის 1%-ის სიდიდის დროს არ აღემატება საქართველოში აღიარებული შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტით დადგენილი შესატყვისი ცდომილებების ზღვრებს. 12. სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზის ერთზე მეტი ამომრთველით მიერთების სქემით განხორციელებისას, თუ არსებობს სახაზო დენის ტრანსფორმატორი ან მისი მოწყობის ტექნიკური შესაძლებლობა (ხაზის იმედიანი მუშაობის პირობების გათვალისწინებით), საანგარიშსწორებო მრიცხველი უნდა მიერთდეს სახაზო დენის ტრანსფორმატორის წრედზე.“; გ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „14. დენის მზომი ტრანსფორმატორების ელექტროენერგიის აღრიცხვის მიზნებისთვის გამოყენებული გრაგნილები და საანგარიშსწორებო/საკონტროლო მრიცხველებთან მათი დამაკავშირებელი წრედები უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ აღრიცხვის მიზანს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა დენისა და ძაბვის წრედები გამოყენებულია სადისპეტჩერო მართვის უზრუნველმყოფი ელექტრომოწყობილობების კვებისთვის, იმ პირობის დაცვით, რომ უზრუნველყოფილი იყოს აღრიცხვის სიზუსტის მიმართ ამ წესებით დადგენილი მოთხოვნები.“; 8. 65-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საანგარიშსწორებო და საკონტროლო აღრიცხვაში გამოყენებული ელექტრონული მრიცხველი უნდა აღრიცხავდეს და ინდიკატორზე გამოჰქონდეს აქტიური სიმძლავრის (კვტ), აქტიური ენერგიის (კვტ.სთ), რეაქტიული სიმძლავრისა (კვარ) და რეაქტიული ენერგიის (კვარ.სთ) მიმდინარე მნიშვნელობები. ამასთან, მრიცხველი იმგვარად უნდა იყოს დაპროგრამებული, რომ მრიცხველში საანგარიშო კოეფიციენტის: ა) გათვალისწინების შემთხვევაში მრიცხველის ეკრანზე გამოტანილი ენერგიების ჩვენების მნიშვნელობა გამოისახოს არანაკლებ 1 კვტ.სთ-მდე (კვარ.სთ-მდე) სიზუსტით; ბ) გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში მრიცხველის ეკრანზე გამოტანილი ენერგიების ჩვენებების მნიშვნელობების სათანადო საანგარიშო კოეფიციენტზე გამრავლებით მიღებულ იქნეს ენერგიის მნიშვნელობა არანაკლებ 1 კვტ.სთ-მდე (კვარ.სთ-მდე) სიზუსტით.“. 9. 70-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) მაძიებელი ან/და მოსარგებლე ვალდებულია ბაზრის ოპერატორსა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს წარუდგინოს წერილობითი მოთხოვნა თანდართული დოკუმენტაციით (ქსელთან მიერთების ტექნიკური პირობა, მისი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ გაცემული ზედა დონის ესკაა სისტემასთან ჩართვის/დაკავშირების დამადასტურებელი ტექნიკური დოკუმენტი) აღრიცხვის კვანძის შემოწმების შესახებ. ამ პუნქტით მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარმოდგენის ვალდებულება არ ვრცელდება გადასატანი კომპაქტური სატრანსფორმატორო პუნქტის აღრიცხვის კვანძის შემოწმების შემთხვევაში.“. 10. IX თავი ამოღებულ იქნეს. 11. 73-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის X, XI, XII, XIII, XIV თავები: „თავი X. გამანაწილებელ ქსელთან მიერთების წესი მუხლი 74. მიზანი 1. წინამდებარე წესი განსაზღვრავს გამანაწილებელ ქსელთან მიერთებისა და გამანაწილებელი ქსელით სარგებლობის ძირითად ტექნიკურ-ორგანიზაციულ პირობებს და ამ ნაწილში განსაზღვრავს შესაბამის ლიცენზიატებსა და მათი მომსახურებით მოსარგებლე სუბიექტებს შორის ურთიერთობებს, მათ შორის: ა) ელექტროსადგურებისა (გარდა მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურისა) და 35-110 კვ ძაბვის საფეხურზე მიერთების მაძიებლის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების პირობებს; ბ) ელექტროსადგურებისა (გარდა მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურისა) და 35-110 კვ ძაბვის ქსელზე მაძიებლის მიერთების განაცხადის განხილვის, შესაბამისობის შემოწმებისა და მიერთების პროცედურებს; გ) იმ ინფორმაციის ჩამონათვალს, რომელიც ელექტროსადგურებისა (გარდა მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურისა) და 35-110 კვ ძაბვის ქსელზე მიერთების მაძიებელმა უნდა მიაწოდოს განაწილების ლიცენზიატს მიერთების პროცესში; დ) ელექტროსადგურებისა (გარდა მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურისა) და 35-110 კვ ძაბვის ქსელზე მიერთების მაძიებლების გამანაწილებელ ქსელთან მიერთების წერტილს; ე) გამანაწილებელ ქსელთან მიერთებისათვის საჭირო ტექნიკურ მოთხოვნებს; ვ) გამანაწილებელ ქსელში ელექტროენერგიის ხარისხის სტანდარტებს. 2. გამანაწილებელ ქსელთან მიერთების წესის მიზანია: ა) გამანაწილებელი ქსელისა და ამ ქსელზე მიერთებული ელექტრომოწყობილობა-დანადგარების უსაფრთხო ექსპლუატაციისა და სტაბილური მუშაობის უზრუნველყოფა; ბ) გამანაწილებელ ქსელთან მიერთების წერტილებში გამანაწილებელი ქსელის მუშაობის რეჟიმების მახასიათებლების შესახებ მოთხოვნების განსაზღვრა; გ) გამანაწილებელ ქსელთან ელექტროსადგურისა (გარდა მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის) და 35-110 კვ ძაბვის საფეხურზე ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების განაცხადის განხილვისა და მიერთების პროცედურების დადგენა. მუხლი 75. გამანაწილებელ ქსელთან მიერთების ზოგადი დებულებები 1. გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მოწყობა (მშენებლობა) უნდა სრულდებოდეს ამ წესებისა და საქართველოში მოქმედი შესაბამისი ტექნიკური და სამშენებლო რეგლამენტების დაცვით. 2. გამანაწილებელ ქსელთან ელექტროსადგურის ან 35-110 კვ ძაბვის საფეხურზე ახალი მომხმარებლის მიერთების მსურველი (მაძიებელი) პასუხისმგებელია განაწილების ლიცენზიატის მიერ გაცემული მიერთების ტექნიკური პირობის შესრულებასა და გამანაწილებელ ქსელთან მიერთებისათვის აუცილებელ სამუშაოებთან დაკავშირებული ხარჯის გაღებაზე. 3. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია უზრუნველყოს გამანაწილებელ ქსელში ძაბვის ამ წესებითა და საქართველოში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტებით განსაზღვრული პარამეტრების დაცვა. 4. გამანაწილებელ ქსელზე ახალი მიერთების დროს მიერთების წერტილი განისაზღვრება განაწილების ლიცენზიატის მიერ ამ წესების შესაბამისად. 5. გამანაწილებელ ქსელთან მიერთების განაცხადის ფორმა მტკიცდება კომისიის გადაწყვეტილებით ამ წესების 77-ე და 78-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით. მუხლი 76. გამანაწილებელ ქსელთან მიერთების განაცხადი 1. გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მაძიებელი (ამ წესების მიზნებისათვის მხოლოდ 35-110 კვ ძაბვის ქსელთან მიერთების მაძიებელი და ელექტროსადგური) განაწილების ლიცენზიატს მიმართავს შესაბამისი განაცხადით (წერილობითი ან ელექტრონული ფორმით). 2. გამანაწილებელ ქსელთან 35-110 კვ ძაბვის საფეხურზე მომხმარებლის მიერთების განაცხადი უნდა შეიცავდეს: ა) მაძიებლის ობიექტის დასახელებასა და ადგილმდებარეობას (მისამართი, საკადასტრო კოდი); ბ) მოთხოვნილ მაქსიმალურ აქტიურ ან/და სრულ სიმძლავრეს; გ) მისაერთებელი ობიექტის ძირითადი ელექტრომოწყობილობა-დანადგარების ტიპებს (ელექტრული ძრავა, ფოლად-სადნობი ღუმელი, კომპრესორი, გამმართველ-ინვერტორი, განათება და ა.შ.); დ) მოთხოვნილ მისაერთებელ სავარაუდო ნომინალურ ძაბვას; 3. განაწილების ლიცენზიატი, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მიერთების განაცხადით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, უფლებამოსილია მაძიებლისგან მოითხოვოს შემდეგი დამატებითი მონაცემები: ა) ელექტროენერგიის წლიური მოხმარება და დატვირთვის ტიპური გრაფიკი; ბ) მიერთების მაძიებლის მიერ მისი კუთვნილი ობიექტის გარე ელექტრომომარაგების სამუშაოების დასრულების დაგეგმილი სავარაუდო ვადა და მაძიებლის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებისათვის მზადყოფნის სავარაუდო ვადა. 4. განაწილების ქსელთან ელექტროსადგურის მიერთების განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) ელექტროსადგურის დასახელებასა და ადგილმდებარეობას; ბ) პირველადი ენერგიის წყაროს სახეობას (ჰიდრო, მზე და ა.შ.); გ) გამანაწილებელ ქსელთან მიერთებისათვის მოთხოვნილი ნომინალური ძაბვის საფეხური; დ) ელექტროსადგურის საპროექტო სიმძლავრეს; ე) ელექტროსადგურის რეგულირების ტიპს (პიკური, საბაზისო და სხვა); ვ) გარე ელექტრომომარაგების სამუშაოების დასრულების სავარაუდო ვადას და ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებისათვის მზადყოფნის სავარაუდო თარიღს. 5. მაძიებელი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში მიერთების განაცხადს თან დაურთოს მოთხოვნილ ძაბის საფეხურზე მიერთების ტექნიკური აუცილებლობის შესახებ დასაბუთება 77-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად. მუხლი 77. გამანაწილებელ ქსელთან ელექტროსადგურისა და 35-110 კვ ძაბვის საფეხურზე ახალი მომხმარებლის მიერთების განაცხადის განხილვა 1. თუ ადგილი აქვს გამანაწილებელ ქსელთან ელექტროსადგურისა და 35-110 კვ ძაბვის საფეხურზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნას, ასეთი მიერთება შეიძლება განხორციელდეს მხარეებს შორის ურთიერთშეთანხმებით. შეუთანხმებლობის მიუხედავად, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია უფასოდ გასცეს მიერთების შეთავაზება (ტექნიკური პირობა) ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში, ხოლო შესაბამისი მაძიებელი თვითონ უზრუნველყოფს ქსელთან მიერთებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს მიღებული ტექნიკური პირობის შესაბამისად. 2. მაძიებელი ვალდებულია გამანაწილებელ ქსელზე მიერთების მოთხოვნით (ელექტრონული ან წერილობითი ფორმით) მიმართოს შესაბამის განაწილების ლიცენზიატს. 3. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია განაცხადის ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში დაადგინოს განაცხადისა და მასში ასახული მოთხოვნის სრულყოფილება და განმცხადებელს დაუყოვნებლივ აცნობოს პასუხი როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ისე განაცხადში მითითებული საშუალებით წერილობით ან ელექტრონულად (ხარვეზის დადგენის შემთხვევაში უარი უნდა იყოს დასაბუთებული). 4. განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია დაადგინოს გამანაწილებელ ქსელზე მიერთების მოთხოვნის შესახებ განაცხადში ხარვეზი (მხოლოდ ამ წესებით გათვალისწინებულ შემთხვევაში) და დატოვოს ის განუხილველად. ასეთ შემთხვევაში მოთხოვნილი მიერთება განხორციელდება მხოლოდ ახალი განაცხადის წარდგენისას. 5. განაცხადში ხარვეზის დადგენისა და მისი განუხილველად დატოვების საფუძველს შეიძლება წარმოადგენდეს: ა) თუ განაცხადი არ არის სრულყოფილი ან/და შევსებულია ხარვეზით (მათ შორის, თუ განაცხადი არ არის შევსებული კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული სტანდარტული ფორმის დაცვით); ბ) მაძიებლის მიერ (გარდა ელექტროსადგურებისა) მოთხოვნილი სიმძლავრის უზრუნველყოფა გათვალისწინებულია უფრო დაბალი ნომინალური ძაბვის საფეხურით, კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ თანახმად, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; გ) აშკარაა, რომ მოთხოვნილი სიმძლავრის უზრუნველყოფა შეუძლებელია განაწილების ლიცენზიატის მიერ გამანაწილებელი ქსელის რომელიმე ნომინალური ძაბვის საფეხურით; დ) მაძიებლის მიერ მოთხოვნილი ნომინალური ძაბვის საფეხური განაწილების ლიცენზიატს არ გააჩნია. 6. განაწილების ლიცენზიატი არ არის უფლებამოსილი დაადგინოს მიერთების განაცხადის ხარვეზი ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, როდესაც მაძიებლისათვის ტექნიკურად აუცილებელია მოთხოვნილ ნომინალურ ძაბვის საფეხურზე მიერთება და აღნიშნულის შესახებ მაძიებელს გააჩნია სათანადო დასაბუთება. 7. განაცხადის ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის გასვლის შემდეგ (იმ შემთხვევაში, თუ ხარვეზი არ დადგინდა) განაცხადი ითვლება მიღებულად და იწყება განაცხადის არსებითი განხილვა, ამ წესის შესაბამისად, გამანაწილებელ ქსელთან მიერთების შეთავაზების მოსამზადებლად. 8. განაწილების ლიცენზიატი განაცხადის მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში შეიმუშავებს და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს შესათანხმებლად უგზავნის ტექნიკური პირობის პროექტს მიერთების განაცხადის ასლთან და მაძიებლის მიერ მიწოდებულ დამატებით დოკუმენტაციასთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი შეისწავლის განაწილების ლიცენზიატის მიერ მიწოდებულ დოკუმენტაციას და 15 სამუშაო დღის განმავლობაში უგზავნის განაწილების ლიცენზიატს თავის დადებით პოზიციას ან შენიშვნებსა და სათანადოდ დასაბუთებულ მოთხოვნებს მიერთების შეთავაზების პროექტში ცვლილების შეტანის თაობაზე. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია გაითვალისწინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ სათანადოდ დასაბუთებული შენიშვნები მიერთების შეთავაზების საბოლოო პროექტის შესამუშავებლად. 9. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია მიერთების შეთავაზების პროექტის შესწავლის პროცესში, ნებისმიერ დროს, მოითხოვოს განაწილების ლიცენზიატთან მიერთების შეთავაზების პროექტის განხილვა ან/და დამატებითი ინფორმაციის მოწოდება. 10. თუ ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული 15 სამუშაო დღის ვადაში დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი წერილობით არ შეატყობინებს განაწილების ლიცენზიატს მიერთების შეთავაზების პროექტზე არსებულ შენიშვნებს, ითვლება, რომ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა უპირობოდ შეითანხმა მიერთების შეთავაზების პროექტი. 11. გამანაწილებელ ქსელთან მიერთების განაცხადის მიღებიდან 50 (ორმოცდაათი) სამუშაო დღის განმავლობაში განაწილების ლიცენზიატი უგზავნის მიერთების შეთავაზებას გამანაწილებელ ქსელთან მიერთების თაობაზე შესაბამის განმცხადებელს, რომელსაც განაწილების ლიცენზიატი იღებს განაცხადის განხილვის, შესაბამისი მაძიებლის ელექტრომოწყობილობა-დანადგარების ქსელზე შესაძლო ზემოქმედების გამოკვლევისა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მოსაზრების (გადამცემ ქსელზე ზემოქმედების კვლევის) გათვალისწინებით. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს ეგზავნება შესაბამისი მიერთების შეთავაზების ასლი. 12. თუ განაწილების ლიცენზიატის მიერ მიერთების განაცხადის არსებითი შესწავლისას აშკარა გახდა, რომ მაძიებლის მიერ მოთხოვნილი სიმძლავრით მიერთების განხორციელება მოთხოვნილ ნომინალურ ძაბვის საფეხურზე შეუძლებელი ან ტექნიკურად მიზანშეუწონელია (მისაერთებელი გამანაწილებელი ქსელის უბნის საპროექტო გამტარუნარიანობის გათვალისწინებით), განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია მაძიებელს შესთავაზოს განაცხადით მოთხოვნილისგან განსხვავებული მისაერთებელი ნომინალური ძაბვის საფეხური (სათანადო დასაბუთებით), 13. გამანაწილებელ ქსელთან მიერთების შეთავაზება უნდა შეიცავდეს: ა) ტექნიკურ პირობას; ბ) ახალი მიერთების განხორციელების არეალში (ქვესადგური ან/და გადამცემი ხაზი, სადაც ფიზიკურად ხორციელდება მიერთება) შესასრულებელი სამუშაოების დეტალურ აღწერილობას, რომლებიც საჭიროა მოთხოვნილი სიმძლავრით მიერთების უზრუნველსაყოფად; გ) მიერთების წერტილთან დაკავშირებულ ინფორმაციას (ადგილმდებარეობას, მისაერთებელ სიმძლავრესა და ძაბვის საფეხურს, იმ ქვესადგურის ქსელის არსებულ გამტარუნარიანობას, რომელზეც უნდა მიერთდეს განმცხადებლის ელექტროსადგური და სხვა); დ) მიერთების სავარაუდო ხარჯთან დაკავშირებულ ინფორმაციას (იმ შემთხვევაში, თუ მაძიებელსა და განაწილების ლიცენზიატს შორის არსებობს წინასწარი შეთანხმება იმის შესახებ, რომ მიერთების მშენებლობას განახორციელებს განაწილების ლიცენზიატი); ე) ამ მუხლის მე-18 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესახებ ინფორმაციას. 14. განაწილების ლიცენზიატის მიერ გაცემული ტექნიკური პირობა შეიძლება შეიცავდეს მითითებებს შესაბამისი მაძიებლის გამანაწილებელ ქსელთან (ქვესადგურთან ან ქვესადგურიდან გამავალ გადამცემ ხაზთან) მიერთებისათვის პირდაპირ დაკავშირებულ სამუშაოებს – მიერთების უჯრედისა და აღრიცხვის კვანძის მოწყობის, გამანაწილებელ ქსელთან დამაკავშირებელი გადამცემი ხაზის/ხაზების მშენებლობის, მიერთების წერტილიდან განაწილების ლიცენზიატის ქვესადგურამდე არსებული ქსელის გაძლიერების (განშტოების ან შეჭრის შემთხვევაში), განაწილების ლიცენზიატის ქვესადგურ(ებ)ში საკომუტაციო მოწყობილობების ცვლილების მართვისა და რელეური დაცვის ღონისძიებების განხორციელების, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციას გამანაწილებელი ქსელის გაძლიერების მიზნით სხვა ტექნიკური სამუშაოების შესახებ. 15. საკომუტაციო მოწყობილობ(ებ)ის ცვლილებისა და ქსელის გაძლიერების მიზნით საჭირო ტექნიკური სამუშაოების განხორციელების აუცილებლობის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატის მოთხოვნა უნდა იყოს სათანადოდ დასაბუთებული. მაძიებლის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია. 16. გამანაწილებელ ქსელზე მიერთების შეთავაზების მომზადებისას მიერთების წერტილი და ამ მიერთებისათვის საჭირო სხვა მოთხოვნები არსებული განაცხადის შესაბამისად უნდა განისაზღვროს ტექნიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე იმგვარად, რომ მაძიებლისთვის გამანაწილებელ ქსელზე მიერთება დაკავშირებული იყოს შესაძლო მცირე ხარჯებთან. 17. გამანაწილებელ ქსელთან მიერთების შეთავაზების (ტექნიკური პირობის) გაცემა უნდა მოხდეს იმავე ვადით, რა ვადაც მოთხოვნილია განმცხადებლის მიერ გამანაწილებელ ქსელთან მიერთების განაცხადით, მაგრამ არანაკლებ 2 წლისა. დასაშვებია მიერთების შეთავაზების შეცვლა მხარეებს შორის ურთიერთშეთანხმებით. 18. მაძიებელმა განაწილების ლიცენზიატისაგან მიერთების შეთავაზების მიღებიდან 20 (ოცი) სამუშაო დღის ვადაში წერილობით უნდა აცნობოს თავისი თანხმობა განაწილების ლიცენზიატს ან დაიწყოს მასთან მიერთების შეთავაზებაში ცვლილების შეტანის საკითხის განხილვა (ასეთი აუცილებლობის არსებობის შემთხვევაში), წინააღმდეგ შემთხვევაში შეთავაზება ავტომატურად გაუქმებულად ჩაითვლება. მუხლი 78. გამანაწილებელ ქსელთან მიერთების წერტილი 1. ელექტროსადგურისა და 35-110 კვ ძაბვაზე მიერთებული მოსარგებლის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების წერტილი უნდა ემთხვეოდეს მოსარგებლესა და განაწილების ლიცენზიატს შორის საბალანსო (ქონებრივი) გაყოფის საზღვარს. 2. განაწილების ლიცენზიატის საექსპლუატაციო პასუხისმგებლობა ვრცელდება განაწილების ლიცენზიატსა და მოსარგებლეს შორის ქონებრივი გაყოფის საზღვრამდე (მიერთების წერტილამდე), თუ მოქმედი კანონმდებლობით ან მხარეებს შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 3. მოსარგებლე უნდა ფლობდეს და ექსპლუატაციას უწევდეს მიერთების წერტილიდან თავის მხარეზე არსებულ ყველა ელექტრომოწყობილობა-დანადგარს, რომელთა ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვაზეც თავად არის პასუხისმგებელი. მუხლი 79. გამანაწილებელ ქსელთან მიერთების პროცედურა 1. ამ მუხლის მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ ელექტროსადგურისა (გარდა მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურისა) და 35-110 კვ ძაბვის საფეხურზე ახალი მომხმარებლის მიერთების შემთხვევებზე. 2. მაძიებელი ვალდებულია, გამანაწილებელ ქსელთან მიერთების შეთავაზების მიღების შემდეგ, მაგრამ გამანაწილებელ ქსელთან მიერთებამდე, განაწილების ლიცენზიატს შეუთანხმოს მისაერთებელი ობიექტის მშენებლობის პროექტის ელექტრული ნაწილი. 3. მაძიებელი, მას შემდეგ, რაც შეასრულებს მიერთების ტექნიკური პირობითა და შეთანხმებული პროექტით განსაზღვრულ სამუშაოებს, გამანაწილებელ ქსელთან მიერთებამდე წერილობით მიმართავს განაწილების ლიცენზიატს გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მზადყოფნის შესახებ, რომელსაც უნდა ერთოდეს: ა) აკრედიტებული პირის მიერ ჩატარებული მაძიებლის ქვესადგურის პირველადი და მეორადი კომუტაციის ელექტრომოწყობილობების გაზომვების ოქმები (ოქმში მითითებული უნდა იყოს დასკვნა მისი ვარგისიანობის შესახებ); ბ) სარელეო დაცვის დანაყენების ოქმი; გ) საექსპერტო დასკვნა მისაერთებელი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზის ვარგისიანობის შესახებ; დ) მაძიებლის ელექტრომოწყობილობა-დანადგარების ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელი თანამშრომლების სია საკვალიფიკაციო ჯგუფისა და საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით; ე) ზედა დონის ესკაა სისტემაში ჩართვის დამადასტურებელი ტექნიკური დოკუმენტი (მოეთხოვება ელექტროსადგურებსა და მხოლოდ იმ მაძიებლებს, რომლებიც აპირებენ კვალიფიციურ საწარმოდ დარეგისტრირებას). 4. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მაძიებლის მიერთების მზადყოფნის წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში შეამოწმოს შესაბამისი მაძიებლის ელექტრომოწყობილობა-დანადგარების ამ წესებთან და მიერთების ტექნიკურ პირობასთან (ან/და შეთანხმებულ პროექტთან) შესაბამისობა (შემდგომში – შესაბამისობის შემოწმება). 5. შესაბამისობის შემოწმების ეტაპზე განაწილების ლიცენზიატმა უნდა განახორციელოს: ა) ტექნიკური პირობის შესაბამისად, შეთანხმებული პროექტის შესრულებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება; ბ) მისაერთებელი ელექტრომოწყობილობა-დანადგარების ადგილზე დათვალიერება; გ) ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების შემოწმება. 6. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მაძიებელს განუსაზღვროს გონივრული ვადა შესაბამისობის შემოწმებისას აღმოჩენილი ხარვეზების გამოსასწორებლად, რომელთა გამოსწორების შემდეგ მაძიებელი ხელახლა უგზავნის განაწილების ლიცენზიატს მიერთების მზადყოფნის შესახებ შეტყობინებას. 7. შესაბამისობის შემოწმების დადებითი შედეგით დასრულების შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი გასცემს შესაბამისობის დამადასტურებელ დოკუმენტს (ქსელში ჩართვის ტექნიკურ დოკუმენტს) და ჩართავს მაძიებლის ელექტრომოწყობილობა-დანადგარებს ქსელში (გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), რითაც სრულდება გამანაწილებელ ქსელთან მიერთების პროცედურა. 8. იმ შემთხვევაში, თუ მაძიებელს წარმოადგენს ელექტროსადგური ან ისეთი მომხმარებელი, რომელსაც სურს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილე კვალიფიციურ საწარმოდ რეგისტრაცია, მისი აღრიცხვის კვანძების შემოწმება, ქსელში ჩართვა (ძაბვის ქვეშ დაყენება), აგრეთვე ექსპლუატაციაში მიღებისათვის ელექტროსადგურის კომპლექსური შემოწმება-ტესტირება ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 80. გამანაწილებელ ქსელთან მიერთებისათვის საჭირო ტექნიკური მოთხოვნები 1. გამანაწილებელ ქსელზე ახალი მიერთებისას ყველა მისაერთებელი ელექტრომოწყობილობა–დანადგარი უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესებითა და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებსა და ნორმებს. 2. გამანაწილებელ ქსელთან მიერთების წერტილებში ელექტროენერგიის ძაბვის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს ამ წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს, ამასთან, განაწილების ლიცენზიატი პასუხისმგებელია ძაბვის ხარისხის მხოლოდ იმ პარამეტრებზე, რომლის გამოსწორება ან/და შეცვლა შესაძლებელია მის მიერ. 3. გამანაწილებელ ქსელში წარმოქმნილი ავარიის გამო მოსარგებლის ელექტრომოწყობილობა–დანადგარების დაზიანების თავიდან აცილების მიზნით (რომელიც შეიძლება გამოიხატოს ფაზის დაკარგვაში, ძაბვის ნახტომისებურად ცვლილებაში და ა.შ.), მოსარგებლე ვალდებულია თავისი ელექტრომოწყობილობა-დანადგარების სათანადო დამცავი მოწყობილობებით უზრუნველყოფაზე, რომელთა გამართულ მუშაობაზე თავად არის პასუხისმგებელი. 4. მოსარგებლის ელექტრომოწყობილობა–დანადგარების დაცვების დანაყენები უნდა იყოს სელექტიური მისი მკვებავი ელექტროგადამცემი ხაზის დაცვების დანაყენებთან. 5. როდესაც მიერთების წერტილი მდებარეობს განაწილების ლიცენზიატის ქვესადგურში, მაშინ მიერთების უჯრედიდან გამავალი ელექტროგადამცემი ხაზის დაცვები თავსებადი უნდა იყოს ამ ქვესადგურზე არსებული დაცვის საშუალებებთან. 6. განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია ახალი მოსარგებლის მიერთების ან არსებული მიერთების მოდიფიკაციის შემთხვევაში დაესწროს მოსარგებლის რელეური დაცვებისა და ავტომატიკის ტესტირებას, რომლის ჩატარების ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ განაწილების ლიცენზიატს უნდა ეცნობოს წინასწარ, ამ წესების 79-ე მუხლის შესაბამისად. 7. მოსარგებლის ელექტრომოწყობილობა–დანადგარების დამცავი ან/და მუშა დამიწების მოწყობა უნდა მოხდეს შეთანხმებული პროექტის შესაბამისად. 8. მოსარგებლის ობიექტზე შემსვლელი ელექტროგადამცემი ხაზის მართვა უნდა ხორციელდებოდეს შესაბამისი საკომუტაციო აპარატურის მეშვეობით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს განაწილების ლიცენზიატის მოთხოვნებს. 9. გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული ელექტრომოწყობილობა-დანადგარები უნდა აკმაყოფილებდეს ელექტროენერგიის ძაბვის ხარისხის მაჩვენებლების შემდეგ მოთხოვნებს (მიერთების წერტილებში): ა) ძაბვის ციმციმის (ფლიკერი) სიდიდე უნდა იყოს შემდეგ ზღვრებში: ა.ა) ხდომილების სიხშირე ინტერვალში: 0.22 – 600 წუთი
ა. ბ) ხდომილების სიხშირე ინტერვალში: 0.02 – 0.22 წუთი დასაშვებია 3-მდე სიდიდე. ა. გ) ხდომილების სიხშირე ინტერვალში: =< 0.02 წუთი დასაშვებია 5-მდე სიდიდე. ბ) ჰარმონიკული დამახინჯება: ბ.ა) ძაბვის ჰარმონიკული დამახინჯების ზღვრები (%) მიერთების წერტილებში უნდა შეესაბამებოდეს ცხრილში მოცემულ მოთხოვნებს:
ბ.ბ) მოსარგებლის დენის ჰარმონიკული დამახინჯების ზღვრები მიერთების წერტილებში უნდა შეესაბამებოდეს ცხრილში მოცემულ მოთხოვნებს.
გ) გამანაწილებელ ქსელზე მაძიებლის ელექტრომოწყობილობა–დანადგარების მიერთებით გამოწვეული ძაბვის ასიმეტრია მიერთების წერტილში არ უნდა აღემატებოდეს 1.3%-ს. 10. ელექტროსადგურისა და გადაცემის ლიცენზიატის ქვესადგურების 6-10-35 კვ ძაბვის სალტეებზე, სადაც მიერთებულია განაწილების ლიცენზიატის ქსელი, ძაბვის მნიშვნელობები ნორმალურ დამყარებულ რეჟიმებში უნდა რეგულირდებოდეს ნომინალური ძაბვის (Uნომ) სიდიდიდან (მინიმალური დატვირთვის რეჟიმის შემთხვევაში) 1.05Uნომ სიდიდემდე (მაქსიმალური დატვირთვის რეჟიმის შემთხვევაში), ინტეგრალური ალბათობით არანაკლებ დროის 95%-ის განმავლობაში, გარდა იმ წერტილებისა, სადაც 6-10 კვ ძაბვაზე განაწილების ლიცენზიატის მომხმარებლებს ელექტროენერგია მიეწოდებათ ავტოტრანსფორმატორის დაბალი ძაბვის გრაგნილით. 11. გამანაწილებელ ქსელში ნორმალურ რეჟიმში ძაბვის სიდიდის გადახრა დასაშვებია შემდეგ ზღვრებში: კვირის განმავლობაში ინტეგრალური ალბათობით არანაკლებ დროის 95%-ის განმავლობაში უნდა იყოს ნომინალური ძაბვის ±7.5 %-ის ფარგლებში. 12. გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული მომხმარებლები ვალდებული არიან უზრუნველყონ მიერთების წერტილში სიმძლავრის კოეფიციენტის არანაკლებ 0.9 სიდიდე. ამასთან, ძაბვის საფეხურის, დატვირთვისა და მისაერთებელი ელექტრომოწყობილობა-დანადგარების ტიპის გათვალისწინებით, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია მიერთების ტექნიკური პირობით განსაზღვროს განსხვავებული მოთხოვნები სიმძლავრის კოეფიციენტის 0.9 დან 1.0 ინტერვალში, 13. გამანაწილებელ ქსელთან მიერთება ისე უნდა განხორციელდეს, რომ განაწილების ლიცენზიატს საჭიროების შემთხვევაში გააჩნდეს მის ქსელზე მიერთებული ნებისმიერი მოსარგებლის მინაერთის გამორთვის ტექნიკური საშუალება. 14. გამანაწილებელ ქსელთან მიერთების წერტილის (ადგილმდებარეობის, ძაბვის) ან/და გარე ელექტრომომარაგების ქსელის სათანადოდ დაგეგმარების მიზნით განაწილების ლიცენზიატმა უნდა გაითვალისწინოს მომხმარებლის დატვირთვის ტიპი, ხასიათი და ტექნოლოგიური თავისებურება იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს მისაერთებელი ელექტრომოწყობილობა-დანადგარების გამართული და უსაფრთხო ფუნქციონირება. მუხლი 81. დამატებითი მოთხოვნები 35-110 კვ ძაბვაზე მიერთებული მოსარგებლეების მიმართ 1. მოსარგებლე ვალდებულია გააჩნდეს გასაგები და არაორაზროვანი ნიშანდების სისტემა, რომელიც უნდა ასახავდეს მოსარგებლის ობიექტის ან/და მისი ელექტრომოწყობილობა-დანადგარების დასახელებასა და ნომენკლატურას. 2. გამანაწილებელ ქსელზე მიერთებული ობიექტის ან/და ელექტრომოწყობილობა-დანადგარების ნიშანდება უნდა შეესაბამებოდეს განაწილების ლიცენზიატის პრაქტიკას. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებლის ან მოსარგებლის ობიექტის ან/და ელექტრომოწყობილობა-დანადგარების დასახელება ან/და ნომენკლატურა იწვევს გაუგებრობას ან ემთხვევა სხვა მოსარგებლის ობიექტის ან/და ელექტრომოწყობილობა-დანადგარების დასახელებას ან ნომენკლატურას, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია მოსთხოვოს განმცხადებელს ან მოსარგებლეს ობიექტის ან/და ელექტრომოწყობილობა-დანადგარების დასახელების ან ნიშანდების შეცვლა. 3. მოსარგებლის ელექტრომოწყობილობა-დანადგარების დამცავი ან/და მუშა დამიწება მიერთებული უნდა იყოს დამიწების კონტურთან. 4. მოსარგებლეების დამიწების სისტემები საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს სხვა მოსარგებლეებს. სახიფათო ელექტრული პოტენციალი, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ელექტრომოწყობილობა-დანადგარების კორპუსებზე ან/და ელექტრულ ქსელში, არ უნდა გასცდეს დამიწების ზონას. დაუშვებელია გამანაწილებელი ქვესადგურისა და მოსარგებლის ელექტრომოწყობილობა-დანადგარების ძაბვის ქვეშ დაყენება მანამდე, სანამ არ იქნება გაზომვებით დადასტურებული დამიწების მოწყობილობის პარამეტრები. 5. დაუსახლებელ ძნელად მისაღწევ ადგილებზე საჰაერო ხაზების ნორმალურ რეჟიმებში მუშაობის პირობებში სადენებსა და მიწის ზედაპირს შორის უმცირესი მანძილები არ უნდა იყოს ცხრილში მოყვანილ სიდიდეებზე ნაკლები. უმცირესი მანძილები განისაზღვრება ჩაღუნვის ისრის უდიდესი მნიშვნელობისას (აღნიშნულ უბნებზე ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურის პირობებში, დატვირთვის დენით გამოწვეული სადენის დამატებითი გახურების გაუთვალისწინებლად ან ქარის ზემოქმედების გარეშე ყინულმოცვის გათვალისწინებით).
6. შენობა-ნაგებობებიდან ჰორიზონტალური მანძილი 1 კვ-მდე ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის სადენებამდე ამ უკანასკნელის მაქსიმალური ჰორიზონტალური გადახრისას არ უნდა იყოს: ა) 1.5 მეტრზე ნაკლები აივნებამდე, ტერასებამდე და ფანჯრებამდე; ბ) 1 მეტრზე ნაკლები ყრუ კედლებამდე. 7. ჰორიზონტალური მანძილი შენობა-ნაგებობების გამოშვერილი ნაწილებიდან საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების სადენებამდე ამ უკანასკნელის მაქსიმალური ჰორიზონტალური გადახრისას არ უნდა იყოს: ა) 2 მეტრზე ნაკლები 1-10 კვ ძაბვისათვის; ბ) 4 მეტრზე ნაკლები 35-110 კვ ძაბვისათვის. 8. დასაშვებია ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებში მოყვანილი მანძილების შემცირება ელექტროგადამცემი ხაზების მიახლოებისას უწვადი მასალებით ნაგები სამრეწველო შენობა-ნაგებობების ყრუ კედლებამდე, მაგრამ იმ პირობის დაცვით, რომ ნებისმიერი მანძილი გადახრილ სადენსა და შენობა-ნაგებობას შორის არ უნდა იყოს იმაზე ნაკლები, რაც განსაზღვრულია მე-9 პუნქტში მოყვანილ ცხრილში. 9. საჰაერო ხაზების შენობებისა და ნაგებობების თავზე გატარება დაუშვებელია, იმ სამრეწველო შენობებისა და ნაგებობების გარდა, რომლებიც შესრულებულია უწვადი მასალებით. ვერტიკალური მანძილები საჰაერო ხაზებიდან სამრეწველო დანიშნულების შენობებსა და ნაგებობებამდე, რომლებიც შესრულებულია უწვადი მასალებით, ჩაღუნვის ისრის უდიდესი მნიშვნელობისას არ უნდა იყოს ცხრილში მოყვანილ სიდიდეებზე ნაკლები:
10. მაღალი ძაბვის გამანაწილებელი მოწყობილობა აღჭურვილი უნდა იყოს ოპერატიული ბლოკირებებით, ელექტროდანადგართა მოწყობის წესების შესაბამისად, რაც ასახული უნდა იყოს პროექტში. 11. 110 კვ ძაბვის საფეხურზე მიერთებული ტრანსფორმატორის მონაცემებიდან გამომდინარე ნეიტრალის იზოლაცია და დამიწების მეთოდი ისე უნდა იყოს შერჩეული, რომ ტრანსფორმატორს დაუზიანებლად შეეძლოს დამიწების გარეშე მუშაობა. ნეიტრალის იზოლაცია დაცული უნდა იყოს მცლელით ან გადამეტძაბვის შემზღუდველით. 12. გამანაწილებელი და გადამცემი ქსელის ფუნქციონირების საიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით მოსარგებლე ვალდებულია, რელეური დაცვის დანაყენები შეუთანხმოს განაწილების ლიცენზიატს, ხოლო სასისტემო ავტომატიკის დანაყენები – დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს. 13. მოსარგებლის ძალოვანი ტრანსფორმატორი, ნომინალური სიმძლავრიდან გამომდინარე, აღჭურვილი უნდა იყოს ტრანსფორმატორის დაცვებით მოქმედი ნორმების შესაბამისად. 14. მოსარგებლის გადამცემ ხაზზე საჭიროების შემთხვევაში განხორციელებული უნდა იყოს: ა) 110 კვ ძაბვის საფეხურზე – დისტანციური დაცვა, სამსაფეხურიანი ნულოვანი მიმდევრობის დენური დაცვა, მაქსიმალური დენური დაცვა, დენური მოკვეთა; ბ) 35 კვ ძაბვის საფეხურზე – დისტანციური დაცვა, დენური მოკვეთა, მაქსიმალური დენური დაცვა, ერთფაზა დამიწებისგან დაცვა. 15. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია უზრუნველყოს მოსარგებლეთათვის ყველა საჭირო ინფორმაციის მიწოდება მოსარგებლის დაცვისა და კონტროლის სისტემების უსაფრთხო და გამართული მუშაობისათვის. 16. განაწილების ან/და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია მოსარგებლეს მოსთხოვოს შესაბამისი ელექტრული სიგნალებისა და პარამეტრების მიწოდება, მათ შორის: ა) საკომუტაციო მოწყობილობების მდგომარეობა (ჩართული, გამორთული); ბ) თითოეული გენერატორის, ენერგობლოკის/აგრეგატის აქტიური და რეაქტიული დატვირთვა გენერატორის ტერმინალზე; გ) საგენერატორო ძაბვის ჩვენება; დ) ძალოვანი ტრანსფორმატორის ხვიათა გამომყვანის გადამრთველის პოზიცია; ე) ელექტროსადგურის მაღალი ძაბვის სალტეზე ძაბვის მნიშვნელობა; ვ) სიჩქარის რეგულატორის მახასიათებლები და სიმძლავრის ლიმიტები; ზ) მომხმარებლის აქტიური და რეაქტიული სიმძლავრის სიდიდეები 35-110 კვ ძაბვის მხარეზე. 17. ამ მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში მოსარგებლე ვალდებულია ყველა ღონე იხმაროს მის უმოკლეს ვადაში გამოსასწორებლად. 18. თუ მოსარგებლეს გააჩნია საკუთარი სარეზერვო გენერატორი, რომელსაც შეუძლია კვებოს მოსარგებლის ობიექტზე განლაგებული ელექტრომოწყობილობა-დანადგარები ავტონომიური სქემით, ასეთ შემთხვევაში ავტონომიურ რეჟიმში მუშაობისათვის ობიექტზე უნდა არსებობდეს გამანაწილებელი ქსელიდან განმხოლოების შესაძლებლობა შესაბამისი ბლოკირების სისტემით. მოსარგებლის ობიექტის ავტონომიურ რეჟიმზე გადართვის სქემა, აგრეთვე შესაბამისი ბლოკირების სისტემა მოწყობილი უნდა იყოს განაწილების ლიცენზიატთან შეთანხმებით. მუხლი 82. დამატებითი მოთხოვნები გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული ელექტროსადგურების (გარდა მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურებისა) მიმართ 1. გამანაწილებელ ქსელზე ელექტროსადგურის მიერთება არ უნდა აუარესებდეს სხვა მოსარგებლის ელექტრომომარაგების საიმედოობასა და ხარისხს. გამანაწილებელ ქსელზე მიერთების მაძიებელი ვალდებულია პროექტირებისას გაითვალისწინოს გადამცემი ქსელის წესების 23-ე მუხლის მოთხოვნები. 2. ელექტროენერგიის მწარმოებელი პასუხისმგებელია თავისი ელექტროსადგურის მომსახურე პერსონალისა და ელექტრომოწყობილობა-დანადგარების უსაფრთხოებაზე. 3. ელექტროენერგიის მწარმოებელი ვალდებულია დაინტერესებულ მხარეებს შეუთანხმოს ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით ელექტროსადგურის საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პროგრამა იმისათვის, რომ მოხდეს შესაბამისი საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის დაგეგმვა და კოორდინაცია. ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით ელექტროსადგურის საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 4. ელექტროენერგიის მწარმოებელი ვალდებულია განაწილებისა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს ნებისმიერ ეტაპზე (შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში) მიაწოდოს მის ხელთ არსებული დამატებითი ინფორმაცია ელექტროსადგურზე თითოეული ენერგობლოკის/აგრეგატის შესახებ, რომელიც საჭიროა განაწილების ლიცენზიატის ან/და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისთვის კანონმდებლობით დაწესებული მოვალეობების ჯეროვნად შესრულებისათვის. 5. ელექტროენერგიის მწარმოებელი ვალდებულია რომ: ა) ელექტროსადგურის გენერატორის რელეური დაცვის მოქმედება კოორდინირებული იყოს განაწილებისა და გადამცემი ქსელის რელეური დაცვისა და ავტომატიკის მოქმედებასთან, შემდეგი მახასიათებლების გათვალისწინებით, როგორიცაა: ა.ა) მოკლე შერთვის დენის ლიკვიდაციის დრო; ა.ბ) ავტომატური განმეორებითი ჩართვის დროის კოორდინაცია; ა.გ) სახაზო ამომრთველის დაცვის დანაყენები, რომლებიც არ უნდა შეიცვალოს განაწილებისა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან შეთანხმების გარეშე; ბ) ძაბვის მახასიათებლები შეესაბამებოდეს ამ წესების მე-80 მუხლის მოთხოვნებს; გ) ჯამური ჰარმონიკული დამახინჯების ზღვრები შეესაბამებოდეს ამ წესების მე-80 მუხლის მოთხოვნებს. 6. იმ შემთხვევაში, როდესაც გამანაწილებელი ქსელის ნაწილი, რომელზეც არის მიერთებული ენერგობლოკი/აგრეგატი, ავარიულ რეჟიმში გამოეყოფა ელექტროენერგეტიკულ სიტემას, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, გამანაწილებელი ქსელის მუშაობის პირობებიდან გამომდინარე, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან შეთანხმებით გადაწყვიტოს, აღნიშნულმა ენერგობლოკმა/აგრეგატმა გააგრძელოს მუშაობა კუნძულოვან რეჟიმში თუ არა. 7. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მოთხოვნის შემთხვევაში ელექტროენერგიის მწარმოებელი ვალდებულია განაწილების ლიცენზიატთან სათანადო კოორდინაციით შეიმუშაოს ოპერატიული პროცედურები ავარიულ სიტუაციებში ენერგობლოკის/აგრეგატის სწრაფ რეაგირებაზე, ენერგობლოკის/აგრეგატის ავტომატური გაშვების ჩათვლით. 8. ენერგობლოკის/აგრეგატის გამანაწილებელ ქსელთან სინქრონიზაცია უნდა მოხდეს იმ ამომრთველ(ებ)ის საშუალებით, რომელიც შეთანხმებულია განაწილების ლიცენზიატთან. ელექტროსადგურის კონფიგურაციიდან გამომდინარე, ეს ამომრთველები შეიძლება იყოს: ა) საგენერატორო ამომრთველი; ბ) სამაღლებელი ტრანსფორმატორების დაბალი და მაღალი ძაბვის სატრანსფორმატორო ამომრთველები. 9. სინქრონიზაციის ავტომატურ მოწყობილობას უნდა შეეძლოს გენერატორის გამანაწილებელ ქსელთან სინქრონიზაცია შემდეგი მოთხოვნების შესაბამისად: ა) სიხშირის 48-52 ჰც დიაპაზონში; ბ) ქსელის ნომინალური ძაბვის ±10% ცვლილების დიაპაზონში. 10. ელექტროსადგურის პროექტირება ისე უნდა მოხდეს, რომ მაქსიმალურად იყოს შემცირებული რომელიმე ენერგობლოკის/აგრეგატის ავარიის გავრცელების რისკი სხვა ენერგობლოკებზე/აგრეგატებზე. ენერგობლოკის/აგრეგატის საკუთარი მოხმარება უნდა იყოს მიერთებული ამ ენერგობლოკის სამაღლებელი ტრანსფორმატორის დაბალი ძაბვის მხარეს ან/და ამ ენერგობლოკის/აგრეგატის დამხმარე მოწყობილობების კვება უნდა ხორციელდებოდეს სარეზერვო ან/და სხვა გარანტირებული წყაროდან. 11. ელექტროენერგიის მწარმოებელი ვალდებულია აცნობოს დისპეტჩერიზაციისა და განაწილების ლიცენზიატებს, რომ მის ენერგობლოკებს/აგრეგატს გააჩნია ნულიდან გაშვების შესაძლებლობა ქსელიდან ძაბვის მიწოდების გარეშე. 12. სამაღლებელი ტრანსფორმატორი ისე უნდა იყოს შერჩეული, რომ არ შეიზღუდოს ელექტროსადგურის რეაქტიული სიმძლავრის შესაძლებლობები გამანაწილებელ ქსელში ძაბვის დასაშვებ ზღვრებში ცვალებადობისას. 13. ელექტროსადგურის სამაღლებელ ტრანსფორმატორს უნდა გააჩნდეს (განაწილების ან დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მხრიდან ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში) გრაგნილების ხვიების გამომყვანების გადართვის შესაძლებლობა, რომლის ბიჯი არ უნდა აღემატებოდეს 2.5%-ს. 14. გენერატორის სამაღლებელი ტრანფორმატორების მაღალი ძაბვის გრაგნილები უნდა იყოს შეერთებული ვარსკვლავურად და ნეიტრალი გამოყვანილი უნდა იყოს კორპუსს გარეთ, ხოლო დაბალი ძაბვის გრაგნილების შეერთების ტიპი უნდა იყოს სამკუთხედი. 15. ენერგობლოკი/აგრეგატი აღჭურვილი უნდა იყოს სიჩქარის რეგულატორით და სიხშირის ცვალებადობაზე დატვირთვის კონტროლის სისტემით სათანადო რეაგირების უზრუნველსაყოფად, გადაცემის ქსელის წესების 23-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად. 16. ელექტროენერგიის მწარმოებელი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს განაწილების ქსელში ძაბვების რეგულირებაში შესაბამისი ძაბვის ავტომატური რეგულატორების მეშვეობით, ამ წესების 23-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად. 17. ელექტროენერგიის მწარმოებელი ვალდებულია გააჩნდეს მაქსიმალური დენური დაცვა ან მაქსიმალური დენური დაცვა მინიმალური ძაბვის ბლოკირებით, გენერატორის დიფერენცილური დაცვა, სიხშირული დაცვა და აგზნების ველის დაკარგვისგან დაცვა. 18. განაწილების ლიცენზიატი საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილია მოითხოვოს ამ მუხლში გათვალისწინებული დაცვების გარდა დამატებითი სხვა დაცვები. 19. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია უზრუნველყოს ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების წერტილში არსებული ამომრთველის ოპერატიული მართვა (საჭიროების შემთხვევაში დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან შეთანხმებით). მუხლი 83. განაწილების ლიცენზიატის მიერ ელექტროენერგიის მწარმოებლისათვის მისაწოდებელი ინფორმაცია 1. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ელექტროენერგიის მწარმოებელს, რომლის ენერგობლოკი/აგრეგატი უერთდება გამანაწილებელ ქსელს, მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია: ა) მიერთების წერტილში ქსელის ეკვივალენტური წინააღმდეგობები ან მოკლე შერთვის დენების სიდიდეები სისტემის მუშაობის მაქსიმალურ და მინიმალურ რეჟიმებში; ბ) ინფორმაცია მიერთების წერტილში არსებული რელეური დაცვისა და ავტომატიკის შესახებ; გ) პროექტირებისათვის საჭირო სხვა აუცილებელი ინფორმაცია. მუხლი 84. გამანაწილებელ ქსელთან მიერთების წერტილის სქემები და ნახაზები 1. ამ მუხლის მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ ელექტროსადგურისა და 35-110 კვ ძაბვის საფეხურზე მიერთების მაძიებლებზე. 2. მიერთების წერტილის ნახაზები მზადდება ყოველი მისაერთებელი ელექტრომოწყობილობა-დანადგარისათვის და მოიცავს პროექტირების ნორმებით განსაზღვრულ ყველა საჭირო ნახაზს. 3. მაძიებელი ამზადებს და გადასცემს განაწილების ლიცენზიატს მიერთების წერტილამდე მის მხარეს არსებული ყველა ელექტრომოწყობილობა-დანადგარის ნახაზსა და სქემას. 4. განაწილების ლიცენზიატი ამზადებს და განმცხადებელს გადასცემს მისაერთებელი ქვესადგურის სქემებს ან/და სხვა საჭირო მონაცემებს მიერთებისათვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისათვის. 5. თუ მიერთების წერტილი უნდა იყოს (ან არის) მაძიებლის მფლობელობაში არსებულ ობიექტზე, მაძიებელი ვალდებულია, მოამზადოს მიერთების უჯრედის ნახაზები. სხვა შემთხვევაში მიერთების უჯრედის ნახაზებს ამზადებს განაწილების ლიცენზიატი. 6. მიერთების წერტილის ნახაზები და სქემები ზუსტად უნდა ასახავდეს მიერთების წერტილში პირველადი კომუტაციის ელექტრულ მიერთებებსა და მასთან დაკავშირებულ მოწყობილობებს. 7. მიერთების წერტილების ნახაზების შტამპი უნდა მოიცავდეს უფლებამოსილი პირების სახელებსა და გვარებს, თარიღებსა და ხელმოწერებს. 8. მიერთების წერტილების სქემები და ნახაზები დამტკიცებული უნდა იქნეს განაწილების ლიცენზიატის მიერ. მიერთების წერტილის სქემებისა და ნახაზების თითო ეგზემპლარი უნდა ინახებოდეს ყველა მხარესთან. 9. მიერთების წერტილის ნახაზები გამოყენებული უნდა იქნეს მიერთების ობიექტთან დაკავშირებით განსახორციელებელი სამშენებლო, საექსპლუატაციო, სარემონტო თუ საპროექტო სამუშაოების დროს. მუხლი 85. ობიექტებზე დაშვება 1. მოსარგებლე უზრუნველყოფს განაწილების ლიცენზიატის, აგრეთვე კანონმდებლობით უფლებამოსილი ორგანიზაციების წარმომადგენლების დადგენილი წესით შეუფერხებელ დაშვებას (მათი ხელსაწყოების, ელექტრომოწყობილობებისა და სატრანსპორტო საშუალებების ჩათვლით) მიერთების ადგილზე (მიერთების წერტილის მოსარგებლის ობიექტზე არსებობის შემთხვევაში) და მოსარგებლის ტერიტორიაზე არსებულ განაწილების ლიცენზიატის აპარატურაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 2. განაწილების ლიცენზიატის ქვესადგურზე არსებული ელექტრომოწყობილობა-დანადგარების ექსპლუატაცია უნდა განხორციელდეს ქარხანა-დამამზადებლის ინსტრუქციებისა და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. მოსარგებლის ობიექტზე ან ტერიტორიაზე არსებული განაწილების ლიცენზიატის ყველა ელექტრომოწყობილობა-დანადგარის ექსპლუატაცია უნდა განხორციელდეს დამამზადებლის/განაწილების ლიცენზიატის ინსტრუქციებისა და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. თავი XI. გამანაწილებელი ქსელის დაგეგმვის წესი მუხლი 86. მიზანი 1. გამანაწილებელი ქსელის განვითარების დაგეგმვის საქმიანობა გამომდინარეობს ქსელის დატვირთვის ზრდის პროგნოზიდან და ითვალისწინებს შესაბამისი ღონისძიებების გატარების დაგეგმვას იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს გამანაწილებელი ქსელით მოსარგებლეების ხარისხიანი და საიმედო ელექტრომომარაგება. 2. გამანაწილებელი ქსელის განვითარების დაგეგმვის წესის (შემდგომში – გამანაწილებელი ქსელის დაგეგმვის წესი) მიზანია: ა) გამანაწილებელი ქსელის დაგეგმვის პროცედურების, ტექნიკური მოთხოვნებისა და ვალდებულებების განსაზღვრა გამანაწილებელი ქსელის განვითარების (ქსელის დაპროექტება, მშენებლობა, რეკონსტრუქცია და გაფართოება) კოორდინაციის უზრუნველსაყოფად; ბ) გამანაწილებელი ქსელის დაგეგმვის პრინციპებისა და კრიტერიუმების განსაზღვრა ქსელის უსაფრთხო და ეკონომიური ფუნქციონირების, აგრეთვე მომსახურების ხარისხის სტანდარტების სათანადო დონის უზრუნველსაყოფად; გ) დაგეგმვისათვის საჭირო ინფორმაციის გაცვლის ვალდებულებისა და პროცედურის განსაზღვრა განაწილების ლიცენზიატს, გამანაწილებელი ქსელით მოსარგებლესა და მაძიებელს შორის; დ) განაწილების ლიცენზიატებსა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს შორის დაგეგმვასთან დაკავშირებული თანამშრომლობისა და ურთიერთობის პროცედურების განსაზღვრა; ე) ხელი შეუწყოს განაწილების ლიცენზიატის მიერ ქსელის განვითარებას საიმედოობისა და ეკონომიურობის პრინციპების გათვალისწინებით. 3. გამანაწილებელი ქსელის დაგეგმვის წესის მოქმედება ვრცელდება გამანაწილებელი ქსელით მოსარგებლეებზე, მაძიებლებსა და განაწილების ლიცენზიატებზე. მუხლი 87. დაგეგმვის ძირითადი პრინციპები და კრიტერიუმები 1. განაწილების ლიცენზიატის მიერ მომზადებული ხუთწლიანი გეგმის შემუშავების კრიტერიუმებია: ა) გამანაწილებელი ქსელით ელექტრომომარაგების (კონკრეტული დასახლებული პუნქტის, მსხვილი ობიექტების, რეგიონის და ა.შ.) უსაფრთხოების ნორმებისა და საიმედოობის სტანდარტების (მათ შორის, ელექტრომომარაგების წყვეტის მაჩვენებლების) გაუმჯობესება ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად; ბ) მომსახურების ხარისხის (მიწოდების უწყვეტობა, ელექტროენერგიის ხარისხი) გაუმჯობესება; გ) გამანაწილებელ ქსელში დანაკარგების შემცირება; დ) ენერგიის განახლებადი წყაროების გამანაწილებელ ქსელში ინტეგრაცია; ე) მოხმარების ზრდის პროგნოზთან დაკავშირებული განვითარების გეგმები (ახალი ქსელის მოწყობა, არსებული ქსელის რეაბილიტაცია, გაფართოება, გამტარუნარიანობის გაზრდა და ა.შ.); ვ) სტრატეგიული გეგმებიდან გამომდინარე განსახორციელებელი ღონისძიებები; ზ) ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება (ეკოლოგიურად უსაფრთხო ტექნოლოგიების დანერგვა); თ) ავტომატურად მართვადი ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების განვითარება. 2. ხუთწლიანი გეგმით გათვალისწინებული თითოეული პროექტი/სამუშაო უნდა კვალიფიცირდებოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ერთი ან რამდენიმე კრიტერიუმით. 3. განაწილების ლიცენზიატები ვალდებული არიან შეიმუშაონ საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი ხარჯ-სარგებლიანობის ანგარიშის გამჭვირვალე და გასაგები მეთოდოლოგია ქულობრივი შეფასების სისტემით, ამ მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე, რომელიც წინასწარ თანხმდება კომისიასთან. 4. ელექტროენერგეტიკული სისტემის ნორმალური ექსპლუატაციის პირობებში გამანაწილებელი ქსელის ყველა ელექტრომოწყობილობა-დანადგარის მუშა მახასიათებელი უნდა იყოს საპასპორტო მონაცემებით განსაზღვრულ ნორმალურ ზღვრებში და გამანაწილებელ ქსელში ელექტროენერგიის ხარისხის მაჩვენებლები უნდა იყოს ამ წესებით დასაშვებ ფარგლებში. 5. ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ავარიული პირობების დროს გამანაწილებელი ელექტრომოწყობილობა-დანადგარების გადატვირთვის დონე და ხანგრძლივობა უნდა შეესაბამებოდეს დამამზადებლის საქარხნო ინსტრუქციებსა და საქართველოში მოქმედ სტანდარტებსა და ტექნიკურ რეგლამენტებს გარემო პირობების გათვალისწინებით. 6. სიმძლავრის კოეფიციენტი (cosf) გამანაწილებელ ქსელში (გარდა საყოფაცხოვრებო მომხმარებელისა) დროის 95%-ის განმავლობაში უნდა იყოს შენარჩუნებული 0.9 – 1.0 ფარგლებში. 7. განაწილების ლიცენზიატმა განვითარების გეგმები ისე უნდა შეიმუშაოს, რომ შემდგომში აღარ განავითაროს მისი მომსახურების არეალში მყოფი 6 კვ ძაბვის ქსელი (გონიერების ფარგლებში). ნაცვლად აღნიშნული ძაბვის საფეხურისა, უპირატესობა უნდა მიენიჭოს 10 კვ და საშუალო ძაბვის სხვა უფრო მაღალი საფეხურების განვითარებას. 8. გამანაწილებელი ქსელის განვითარება უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ მუდმივად იყოს დაკმაყოფილებული შემდეგი საიმედოობის სტანდარტები (გარდა ისეთი ავარიული და ფორსმაჟორული შემთხვევებისა, რომლებზე კონტროლიც სცილდება შესაბამისი ლიცენზიატის შესაძლებლობებს): ა) 35-110 კვ ძაბვის ორტრანსფორმატორიან გამანაწილებელ ქვესადგურში ერთი ძალოვანი ელემენტის (ტრანსფორმატორი, ამომრთველი და სხვა) დაზიანება არ უნდა იწვევდეს ამ ქვესადგურზე მიერთებული დატვირთვის 30%-ზე მეტის გამორთვას; ბ) 35-110 კვ ძაბვის ერთტრანსფორმატორიანი გამანაწილებელი ქვესადგურები უნდა შემცირდეს კომისიასთან შეთანხმებული გეგმა-გრაფიკის მიხედვით; გ) წინამდებარე წესის ძალაში შესვლიდან 5 წლის განმავლობაში განაწილების ლიცენზიატმა შესაბამისი ღონისძიებების გატარების შედეგად უნდა უზრუნველყოს, რომ ქალაქისა და დაბის ტიპის დასახლებების გამანაწილებელ ქსელში ძაბვის დასაშვები გადახრა მომხმარებლების გამანაწილებელ ქსელთან მიერთების წერტილებში ნორმალურ პირობებში კვირის მანძილზე დროის 95%-ის განმავლობაში არ აღემატებოდეს ±5 %-ს; დ) განაწილების ლიცენზიატმა უნდა უზრუნველყოს გამანაწილებელი ქსელის ელემენტების (ტრანსფორმატორების, ელექტროგადამცემი ხაზების) დატვირთვის შენარჩუნება არაუმეტეს საანგარიშო დატვირთვის მნიშვნელობამდე; ე) ელექტრომომარაგების წყვეტის მაჩვენებლები (გამორთვების საშუალო ხანგრძლივობის ინდექსი – SAIDI, გამორთვების საშუალო სიხშირის ინდექსი – SAIFI და მიუწოდებელი ელექტროენერგიის ინდექსი – ENS) უნდა შენარჩუნდეს კომისიის მიერ განსაზღვრული სამიზნე მაჩვენებლების შესაბამისად. 9. განაწილების ლიცენზიატმა უნდა უზრუნველყოს 35-110 კვ ძაბვის ქვესადგურებში რეაქტიული ენერგიის კონტროლი. 10. გამანაწილებელი ქსელის განვითარების გეგმებში ასახული უნდა იყოს განაწილების ლიცენზიატის გეგმები/პროგნოზები გადამცემ და სხვა გამანაწილებელ ქსელებთან ახალი მიერთების წერტილების ან/და არსებული მიერთების წერტილების სიმძლავრის გაზრდის საჭიროების შესახებ. მუხლი 88. სტრატეგიული გეგმები 1. სტრატეგიულ გეგმებს განეკუთვნება: ა) საქართველოს ენერგეტიკის სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებით, დარგის განვითარების სხვადასხვა სამოქმედო გეგმებითა და სტრატეგიით განსაზღვრული მიზნები და სამოქმედო გეგმები (მათ შორის, გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმა); ბ) საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ დამტკიცებული საპროგნოზო ელექტროენერგეტიკული ბალანსები; გ) გარემოსდაცვითი კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებისათვის საჭირო ღონისძიებები; დ) ადამიანის ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებები; ე) საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები. 2. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია გაითვალისწინოს სტრატეგიული გეგმებით განაწილების სფეროს განვითარებასთან დაკავშირებული ღონისძიებები და მიმართულებები საკუთარი ხუთწლიანი გეგმის მომზადებისას. 3. განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია კომისიისგან წერილობით მოითხოვოს სტრატეგიულ გეგმებთან დაკავშირებულ საკითხებზე განმარტებები. მუხლი 89. ხუთწლიანი გეგმა 1. განაწილების ლიცენზიატის მიერ ხორციელდება გამანაწილებელი ქსელის განვითარების გრძელვადიანი დაგეგმვა, მათ შორის, ყველა საჭირო კვლევა და შეფასება. ამ მიზნით განაწილების ლიცენზიატი შეიმუშავებს ხუთწლიან გეგმას, რომელიც ამ თავით დადგენილი პროცედურებით შესათანხმებლად წარედგინება კომისიას. 2. ხუთწლიანი გეგმა მოიცავს დეტალურ ინფორმაციას პირველი სამი წლის განმავლობაში განსახორციელებელი პროექტების გეგმის შესახებ. ხუთწლიანი გეგმის ბოლო ორი წელი (მე-4 და მე-5) მოიცავს ზოგად ინფორმაციას განაწილების ლიცენზიატის გეგმების შესახებ ცალკეული მიზნების შესასრულებლად და ატარებს ინდიკატურ ხასიათს. 3. ხუთწლიანი გეგმა შეიცავს: ა) ინფორმაციას განაწილების ლიცენზიატის ქსელში ელექტროენერგიის არსებული და სამომავლო (საპროგნოზო) მოთხოვნის (დატვირთვის), გატარებისა და მიწოდების შესახებ; ბ) გონივრულ პროგნოზებს გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული ელექტროსადგურების მიერ ელექტროენერგიის წარმოების შესახებ, რომელიც განისაზღვრება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან სათანადო კოორდინაციით; გ) ინფორმაციას იმ გამანაწილებელი ქსელის ინფრასტრუქტურის შესახებ, რომელიც უნდა აშენდეს მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში; დ) ინფორმაციას გადაწყვეტილი პროექტების შესახებ (კომისიასთან შესათანხმებელი/შეთანხმებული საინვესტიციო გეგმები), რომლებიც უნდა განხორციელდეს არა უმეტეს მომდევნო სამი წლის განმავლობაში; ე) ინფორმაციას ახალი გენერაციის ობიექტების გამანაწილებელ ქსელში ინტეგრაციის შესახებ (მიერთებაზე მიღებული განაცხადებისა და სხვა ინფორმაციების გათვალისწინებით); ვ) ინფორმაციას ახალი მომხმარებლების გამანაწილებელ ქსელთან მიერთების შესახებ (მიერთებაზე მიღებული განაცხადებისა და თავისუფალი მისაერთებელი სიმძლავრეების შესახებ, კვების ცენტრების მიხედვით); ზ) ინფორმაციას ახალი გენერაციის ობიექტების გამანაწილებელ ქსელთან ინტეგრაციის მიზნებისათვის ქსელის თითოეული კვანძის გამტარუნარიანობისა და მისი გაძლიერების შესახებ; თ) ინფორმაციას მომსახურების ხარისხის (მომსახურების კომერციული ხარისხისა და ელექტროენერგიის ხარისხის), აგრეთვე რეაქტიული სიმძლავრის კომპენსაციისა და ელექტროენერგიის დანაკარგების კუთხით არსებული პრობლემებისა და სათანადო გეგმების შესახებ, აღნიშნული პრობლემების გამოსწორებისათვის; ი) ინფორმაციას ელექტროენერგიის ხარისხის ანალიზატორების განთავსების ადგილმდებარეობის შესახებ; კ) გადამცემ ქსელთან მიერთების წერტილების მოდიფიკაციასთან ან ახალი მიერთების წერტილების მოწყობასთან დაკავშირებულ გეგმებს; ლ) ხარჯსარგებლიანობის (ტექნიკურ-ეკონომიკურ) ანალიზს. 4. ხუთწლიანი გეგმით გათვალისწინებული სამუშაოები (გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაცია ან ახლის მშენებლობა, ქვესადგურებში დამატებითი სატრანსფორმატორო სიმძლავრეების შექმნა და ა.შ.) ხორციელდება განაწილების ლიცენზიატის მიერ. 5. განაწილების ლიცენზიატი უზრუნველყოფს დაგეგმვისთვის საჭირო ინფორმაციის გამანაწილებელი ქსელით მოსარგებლეებისა და მაძიებლებისგან შეგროვებასა და კოორდინაციას, აგრეთვე ინფორმაციის გაცვლას გადაცემისა და სხვა განაწილების ლიცენზიატებთან. 6. 1 კვ-ზე მაღალი ძაბვის გამანაწილებელი ქსელით მოსარგებლეებმა და აგრეთვე განაწილების ლიცენზიატებმა უნდა ითანამშრომლონ ერთმანეთთან ხუთწლიანი გეგმების მომზადების საკითხებში, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად გულისხმობს დაგეგმვისათვის საჭირო მონაცემების მიწოდებას. 7. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ხუთწლიანი გეგმით გათვალისწინებული პროექტები განახორციელოს კონკრეტული მოსარგებლეების ან მაძიებლებისთვის რაიმე სახის ფინანსური ვალდებულების დაკისრების გარეშე. 8. გამანაწილებელი ქსელის განვითარების კვლევებში გათვალისწინებული უნდა იყოს დაგეგმილი ღონისძიებების (აქტივების შექმნა, ექსპლუატაცია და სხვა) დანახარჯების ანალიზი. ანალიზის დროს გამოყენებული კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულების განაკვეთი (WACC) შესაბამისობაში უნდა იყოს „ელექტროენერგიის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიების დამტკიცების შესახებ” კომისიის 2014 წლის 30 ივნისის № 14 დადგენილების მოთხოვნებთან. 9. გამანაწილებელი ქსელის გასაფართოებლად შესაბამისი სამუშაოების წარმოებისათვის საჭირო დრო დამოკიდებულია დაგეგმილი სამუშაოების სიდიდესა და კომპლექსურობაზე, აგრეთვე შესაძლოა დამოკიდებული იყოს გადამცემ ქსელთან მიერთების წერტილების მოდიფიკაციასა და სხვადასხვა ნებართვის აღებისთვის საჭირო პროცედურებზე/დროზე. ხუთწლიანი გეგმა უნდა მომზადდეს ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით. მუხლი 90. ხუთწლიანი გეგმის შემუშავების პროცედურა 1. ხუთწლიანი გეგმის პროექტს ყოველწლიურად, მომდევნო 5 კალენდარული წლისთვის შეიმუშავებს განაწილების ლიცენზიატი. აღნიშნული პროცესი აგრეთვე მოიცავს ყველა საჭირო კვლევისა და შეფასების ჩატარებას, აგრეთვე დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან შეთანხმებას (მხოლოდ ამ წესებით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში). 2. განაწილების ლიცენზიატმა ხუთწლიანი გეგმის პროექტის მომზადებისას 35-110 კვ ძაბვის ქსელების განვითარების გეგმები უნდა განსაზღვროს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან კოორდინაციითა და შეთანხმებით, ელექტროენერგეტიკული სისტემის განვითარების ათწლიანი გეგმის, სხვა სტრატეგიული გეგმებისა და ელექტროენერგეტიკული სისტემის ფუნქციონირების ეკონომიკურობის გათვალისწინებით. 3. განაწილების თითოეული ლიცენზიატი ხუთწლიანი გეგმის პროექტს არა უგვიანეს შესაბამისი წლის 1 ივნისისა უგზავნის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს განსახილველად და ამავე ვადაში ინფორმაციის სახით წარუდგენს კომისიას. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია მიღებიდან არა უგვიანეს მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისა შეისწავლოს ხუთწლიანი გეგმის შესაბამისობა გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიან გეგმასთან (მხოლოდ 35-110 კვ ძაბვის ქსელების განვითარების გეგმის ნაწილში) და მიაწოდოს კომისიას მისი დასაბუთებული შენიშვნები და რეკომენდაციები წარმოდგენილ გეგმასთან დაკავშირებით. 4. კომისია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის დასაბუთებული შენიშვნებისა და რეკომენდაციების მიღების შემდეგ იწყებს ხუთწლიანი გეგმის პროექტის შესწავლას, მართავს კონსულტაციებსა და საჯარო განხილვებს, რის შედეგადაც, არაუგვიანეს ორი თვის ვადაში: ა) ითანხმებს განაწილების ლიცენზიატის მიერ წარმოდგენილ ხუთწლიან გეგმის პროექტს; ან ბ) გადაწყვეტილებით განსაზღვრავს გეგმის პროექტის ხარვეზებს, უბრუნებს მას განაწილების ლიცენზიატს შესაბამისი შენიშვნებით და კორექტირებული გეგმის წარმოდგენისათვის განუსაზღვრავს არაუმეტეს ერთი თვის ვადას. 5. იმ შემთხვევაში, თუ განაწილების ლიცენზიატს კომისიამ დაუბრუნა ხუთწლიანი გეგმის პროექტი კორექტირებისათვის, იგი ვალდებულია არაუგვიანეს კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში განახლებული ხუთწლიანი გეგმის პროექტი შესაბამის დასაბუთებასთან ერთად წარმოადგინოს კომისიაში, რომელსაც კომისია მისი გადაწყვეტილებით ითანხმებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ვადაში. 6. ხუთწლიან გეგმაში ცვლილების შეტანა შესაძლებელია წელიწადში ერთხელ, ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურის დაცვით. 7. გამანაწილებელი ქსელის ხუთწლიანი გეგმა შესასრულებლად სავალდებულო დოკუმენტია. აღნიშნული გეგმის შესრულებისათვის პასუხისმგებელი არიან განაწილების ლიცენზიატები. ხუთწლიანი გეგმის შესრულების კონტროლს ახორციელებს კომისია. 8. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ხუთწლიანი გეგმის საფუძველზე დადგენილი წესის შესაბამისად შეიმუშაოს და ყოველი სატარიფო რეგულირების დაწყების წინ კომისიას წინასწარ შესათანხმებლად წარუდგინოს შესაბამის სატარიფო რეგულირების პერიოდზე გათვლილი საინვესტიციო გეგმები (პროექტები). აღნიშნული საინვესტიციო გეგმების შემუშავების, განხილვისა და შეთანხმების წესი განისაზღვრება ამ წესებითა და „ელექტროენერგიის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2014 წლის 30 ივნისის № 14 დადგენილებით. 9. კომისია უფლებამოსილია მოითხოვოს წინასწარ შეთანხმებული საინვესტიციო გეგმების შესრულების შესახებ ინფორმაცია. მოთხოვნის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია დაიწყოს კონსულტაციები კომისიასთან და მიაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია, რომლის დასრულების შემდეგ მომზადდება კომისიის შენიშვნები და რეკომენდაციები (საჭიროების შემთხვევაში). მუხლი 91. დაგეგმვის მონაცემთა მიწოდება 1. ხუთწლიანი გეგმის შემუშავების მიზნებისათვის 1 კვ ძაბვაზე უფრო მაღალ საფეხურზე მიერთებულმა გამანაწილებელი ქსელით მოსარგებლეებმა განაწილების ლიცენზიატის მიერ მოთხოვნილ ვადებში უნდა მიაწოდონ დაგეგმვის მონაცემები ამ წესების შესაბამისად. აღნიშნული ინფორმაცია სხვა მონაცემებთან ერთად უნდა მოიცავდეს გრძელვადიან პერიოდში საპროგნოზო მოხმარებისა და დატვირთვის მონაცემებს. 2. ახალი ელექტროსადგური და 35-110 გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მაძიებელი ვალდებულია მიერთების განაცხადთან ერთად (ან მიერთების განაცხადით) განაწილების ლიცენზიატს მიაწოდოს დაგეგმვისათვის საჭირო მონაცემები (სიმძლავრის ათვისების გრაფიკი) მომდევნო ხუთწლიანი პერიოდისათვის. 3. 35-110 კვ ძაბვის საფეხურზე მიერთებული მომხმარებელი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პირდაპირი მომხმარებლები (ყველა ძაბვაზე) ვალდებული არიან განაწილების ლიცენზიატს გადასცენ მომდევნო ხუთი წლის პროგნოზი დატვირთვისა და მოხმარების შესახებ გამანაწილებელ ქსელთან მიერთების თითოეული წერტილისათვის. პროგნოზის პირველი წელი უნდა იყოს ჩაშლილი თვეების მიხედვით, ხოლო დარჩენილი ოთხი წელი უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ წლიური მონაცემით. 4. განაწილების ლიცენზიატმა უნდა დაახარისხოს დაგეგმვის მონაცემები შემდეგი კატეგორიების მიხედვით: ა) საპროგნოზო მონაცემები – აღნიშნული მონაცემები მოიცავს მოსარგებლის ან მაძიებლის ელექტროენერგიის მოხმარებასა და სიმძლავრის დატვირთვასთან დაკავშირებულ პროგნოზს მომდევნო ხუთწლიანი პერიოდისათვის; ბ) ელექტრომოწყობილობა-დანადგარების შეფასებითი ან საპროექტო მონაცემები – აღნიშნული მონაცემები მოიცავს მოსარგებლის ან მაძიებლის მიერ დაგეგმილი ახალი ელექტრომოწყობილობა-დანადგარების პარამეტრების საპროექტო ან შეფასებით მონაცემებს, რომლებიც უნდა წარმოადგინონ მაძიებლებმა მიერთების შეთავაზების მიღების შემდეგ; გ) ელექტრომოწყობილობა-დანადგარების რეგისტრირებული/საპასპორტო მონაცემები ან შესაბამისი აქტით დადასტურებული ფაქტობრივი მონაცემები – აღნიშნული მონაცემები მოიცავს მოსარგებლის ან მაძიებლის ელექტრომოწყობილობა-დანადგარების დაზუსტებულ/საპასპორტო პარამეტრებს. 5. დაგეგმვის მონაცემებში ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში მოსარგებლე ვალდებულია აცნობოს აღნიშნულის შესახებ განაწილების ლიცენზიატს. შეტყობინებაში უნდა იყოს მითითებული დრო და პერიოდი, როდესაც ცვლილებას ჰქონდა ან ექნება ადგილი, ასევე მისი გამომწვევი მიზეზები. მუხლი 92. ელექტრონული რუკები 1. განაწილების ლიცენზიატმა უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ელექტრონული რუკების მომზადება გეოგრაფიული საინფორმაციო რუკების ფორმატში. 2. განაწილების ლიცენზიატმა ქსელში განხორციელებული ცვლილებები უნდა ასახოს შესაბამის რუკებზე. მუხლი 93. განაწილების ლიცენზიატის დაგეგმვის საშუალებები 1. განაწილების ლიცენზიატმა დაგეგმვის თანამედროვე და ეფექტური საშუალებების გამოყენებით უნდა უზრუნველყოს გამანაწილებელი ქსელის ოპერირების ეფექტურობისა და საიმედოობის დონის ამაღლება. 2. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია დანერგოს თანამედროვე კომპიუტერული მოდელირების პროგრამა/პროგრამები გამანაწილებელი ქსელის კვლევების კომპიუტერული მოდელირებისა და ოპტიმიზაციისათვის. კომპიუტერული მოდელირების პროგრამა უნდა აკმაყოფილებდეს გამანაწილებელი სისტემის დაგეგმვის მოთხოვნებს და უნდა გააჩნდეს შემდეგი შესაძლებლობები (მოდულები): ა) ნაკადგანაწილების ანალიზი; ბ) კონდენსატორების (რეაქტიული კომპენსაციის მოწყობილობების) განთავსების მოდელირება და ოპტიმიზაცია; გ) მოკლე შერთვის დენების ანალიზი; დ) ძაბვის რეგულირების ანალიზი; ე) ძრავული გაშვებისას ძაბვის ვარდნის ანალიზი; ვ) ფიდერების დინამიური ოპტიმიზაცია, დატვირთვის გადართვის სიმულირებით. აღნიშნული ფუნქციის საშუალებით ასევე შესაძლებელი უნდა იყოს ოპერატიული გადაწყვეტილებებისა და ავარიული შემთხვევების ანალიზი; ზ) მოხმარების (დატვირთვის) პროგნოზირება; თ) ქსელში ჰარმონიკებისა და ძაბვის სხვა მახასიათებლების ანალიზი. 3. განაწილების ლიცენზიატი უნდა ფლობდეს სრულ ინფორმაციას თავისი ქსელის ყველა ელემენტის ტექნიკური მახასიათებლის შესახებ, მათ შორის, საპასპორტო-საქარხნო ან შესაბამისი აქტით დადასტურებულ ფაქტობრივ მონაცემებზე, ექსპლუატაციაში ყოფნის პერიოდზე და სხვ. მუხლი 94. დანაკარგების შემცირების ღონისძიებები 1. განაწილების ლიცენზიატი მუდმივად უნდა სრულყოფდეს პროექტირებისას და ქსელის მშენებლობისას გამოყენებულ ტექნოლოგიებს, აგრეთვე ოპერატიულ პროცედურებს. 2. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია გაატაროს კონკრეტული ღონისძიებები გამანაწილებელ ქსელში დანაკარგების შესამცირებლად, კერძოდ: ა) გამოიყენოს მხოლოდ დაპრესილი ან ჭანჭიკით დაჭერილი შეერთებები/გადაბმები; ბ) არ დაუშვას მიერთების დროს ელექტროსადენების ერთმანეთზე ხელით გადაბმა; გ) დაბალი ძაბვის ქსელში ელექტროსადენის განივკვეთი და სიგრძე ისე უნდა იყოს შერჩეული, რომ ძაბვის ვარდნა ხაზის მთელ სიგრძეზე არ აღემატებოდეს 5%-ს; დ) უზრუნველყოს დატვირთვის ქვეშ ძაბვის რეგულირების შესაძლებლობის მქონე ახალი ტრანსფორმატორების შერჩევა; ე) გამანაწილებელი ქსელი უნდა განვითარდეს იმგვარად, რომ მაქსიმალურად შემცირდეს დაბალი ძაბვის გადამცემი ხაზის სიგრძე სატრანსფორმატორო პუნქტიდან მომხმარებლის დატვირთვის პუნქტამდე; ვ) სატრანსფორმატორო პუნქტები უნდა დაპროექტდეს ტექნიკურ-ეკონომიკურად გამართლებულ მაღალ ნომინალურ ძაბვაზე (გონივრულობის ფარგლებში); ზ) რეაქტიული სიმძლავრის კომპენსაცია მოხდეს უპირატესად მოხმარებასთან ახლოს, ამასთან, განაწილების ლიცენზიატმა უნდა გაამკაცროს კონტროლი მომხმარებლის მხრიდან სიმძლავრის კოეფიციენტთან დაკავშირებით, ამ წესებით განსაზღვრულ მოთხოვნების შესრულებაზე; თ) აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს მიერთების წერტილებში, დადგენილი სტანდარტების შესაბამისად; ი) დაბალი ძაბვის ხაზები შესრულებული უნდა იყოს იზოლირებული სადენებით; კ) დადგენილი წესის შესაბამისად უნდა ხორციელდებოდეს ხაზის ტრასების გაკაფვა; ლ) სატრანსფორმატორო პუნქტები უნდა დაპროექტდეს მომხმარებელთა ჯგუფების სიახლოვეს (დატვირთვის ცენტრში) იმგვარად, რომ შესაბამისი მომხმარებლები შეძლებისდაგვარად თანაბრად იყოს დაშორებული აღნიშნული სატრანსფორმატორო პუნქტიდან; მ) ავტომატური საკომუტაციო აპარატურა უნდა განთავსდეს 1 კვ და მეტი ძაბვის გამანაწილებელი ქსელის ელექტროგადამცემი ხაზების განშტოების შემთხვევაში; ნ) დანაკარგების სტრუქტურული დაყოფა და ანალიზი უნდა ხორციელდებოდეს აღრიცხვის სისტემებისა და შესაბამისი კომპიუტერული პროგრამის საშუალებით; ო) სხვა ღონისძიებები, რომელთაც განაწილების ლიცენზიატი მიზანშეწონილად მიიჩნევს. მუხლი 95. მოხმარების (დატვირთვის) პროგნოზირება 1. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ყოველწლიურად შეიმუშაოს მომდევნო ხუთი წლის მოხმარების (დატვირთვის) პროგნოზი, რომელიც იქნება ხუთწლიანი გეგმის შემადგენელი ნაწილი. 2. განაწილების ლიცენზიატმა მოხმარების (დატვირთვის) პროგნოზის შემუშავებისას უნდა გაითვალისწინოს შემდეგი საკითხები: ა) მოსახლეობის რაოდენობის ცვლილებისა და ელექტროენერგიის მიწოდების პროგნოზები მომხმარებელთა კატეგორიების მიხედვით (საყოფაცხოვრებო, კომერციული, სამრეწველო და სხვა); ბ) ელექტრიფიკაცია, ქსელის რეაბილიტაცია და გამრიცხველიანება; გ) ელექტროენერგიის ტარიფები და მისი სტრუქტურა; დ) სტრატეგიული გეგმები, აგრეთვე ის პროექტები, რომელთა განხორციელებაც იგეგმება ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და კერძო ინვესტორების მიერ; ე) მოთხოვნის მართვის, პიკური დატვირთვის შერბილებისა და დანაკარგების შემცირების გეგმის ეფექტები; ვ) მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი მოვლენები; ზ) სხვა განაწილების ლიცენზიატებისა და ქსელის მფლობელების გეგმები, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიოს შესაბამის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების წერტილებში გადადინებაზე; თ) მიწის გამოყენებისა და ზონირების მეთოდი; ი) ნებისმიერი ინფორმაცია, რომელის გამოყენებასაც განაწილების ლიცენზიატი მიზანშეწონილად მიიჩნევს. 3. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია შექმნას გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული მომხმარებლების კატეგორიების მონაცემთა ბაზები მე-9 დანართის შესაბამისად და ასახოს ბილინგის ბაზაში, რომელიც უნდა განაახლოს ყოველწლიურად. 4. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია დაამუშაოს მოხმარების (დატვირთვის) გრაფიკები იმისათვის, რომ გაანალიზდეს მოხმარების (დატვირთვის) ხასიათი სხვადასხვა მომხმარებლის კატეგორიისა და მოწყობილობებისათვის. ამ მიზნით გათვალისწინებული უნდა იქნეს: ა) ელექტროენერგიის მოთხოვნის გრაფიკი დღე-ღამური, სეზონისა და წლის ჭრილში; ბ) მომხმარებლების კატეგორიების მოხმარების გრაფიკები და მათ შორის განსხვავების ანალიზი; გ) თითოეული კატეგორიის მომხმარებლებისათვის დღიური, სეზონური და წლიური მოხმარება; დ) თითოეული კატეგორიის მომხმარებლებისათვის დღიური, სეზონური და წლიური პიკური დატვირთვა; 5. განაწილების ლიცენზიატმა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან შეთანხმებით უნდა განსაზღვროს გადამცემ ქსელთან მიერთების წერტილებში დატვირთვის გრაფიკები. მუხლი 96. გამანაწილებელი ქსელის კვლევები 1. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია პერიოდულად (არანაკლებ წელიწადში ერთხელ) ჩაატაროს გამანაწილებელი ქსელის კვლევები დაგეგმილი მიერთებების, სტრატეგიული პროექტებით გათვალისწინებული ღონისძიებებისა და მოხმარების (დატვირთვის) პროგნოზის ქსელზე შესაძლო ზეგავლენის შესახებ, იმისათვის რომ უზრუნველყოფილი იყოს ქსელის საიმედო ფუნქციონირება და მომსახურების ხარისხის სტანდარტების სათანადოდ დაკმაყოფილება. 2. განაწილების ლიცენზიატის მიერ შესრულებული კვლევები უნდა მოიცავდეს: ა) ნაკადგანაწილების ანალიზს. ამ დროს უნდა მოხდეს გამანაწილებელი ქვესადგურების (ტრანსფორმატორების), ელექტროგადამცემი ხაზების გადატვირთვის ხარისხის გამოკვლევა. საპროგნოზო ნაკადგანაწილების ანალიზი უნდა ტარდებოდეს ზამთრისა და ზაფხულის მინიმალური და მაქსიმალური დატვირთვის პირობებისთვის; ბ) მომხმარებლების მკვებავი ელექტროგადამცემი ხაზების ოპტიმიზაციას, რაც გულისხმობს არსებული სქემების, საპროექტო მიერთებების, მოხმარების პროგნოზირებისა და გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი ახალი ქვესადგურების შესაძლებლობების ანალიზს; გ) რეაქტიული სიმძლავრის კომპენსაციის ოპტიმალური გეგმების შემუშავებას (საჭიროების შემთხვევაში დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან სათანადო თანამშრომლობით). ამ კვლევების შედეგად უნდა ჩამოყალიბდეს რეაქტიული სიმძლავრის კომპენსაციისა და ძაბვის რეგულირების სტრატეგია. რეაქტიული სიმძლავრის კომპენსაციის გეგმის შემუშავებისას უნდა იქნეს გამოკვეთილი მათი დადებითი ზეგავლენა ელექტროენერგიის ხარისხსა და დანაკარგებზე. მაკომპენსირებელი მოწყობილობების განთავსების ოპტიმალური ადგილმდებარეობის განსაზღვრა სასურველია სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით; დ) დანაკარგების შემცირების ზომების შემუშავებას ელექტრომომარაგების საიმედოობასთან დაკავშირებული საკითხების გათვალისწინებით. კვლევების დროს უნდა გაანალიზდეს დანაკარგების სტრუქტურა, რომელიც უნდა დახარისხდეს სხვადასხვა კატეგორიად და შეჯამდეს რაოდენობრივად. დანაკარგების ანალიზი იმგვარად უნდა განხორციელდეს, რომ გამოიკვეთოს განაწილების ლიცენზიატის მიერ გასატარებელი (ან გატარებული) ღონიძიებების დადებითი ეფექტი, აგრეთვე მოხმარების ზრდის, გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლების მიერთებისა და ელექტროსადგურების მიერთების შედეგად გამოწვეული დადებითი ან უარყოფითი ეფექტი. კვლევების შედეგების გათვალისწინებით განაწილების ლიცენზიატმა უნდა დაგეგმოს ტექნიკურ-ეკონომიკურად მიზანშეწონილი ღონისძიებები დანაკარგების შესამცირებლად; ე) ძაბვის დანაკარგების კვლევებს, იმისათვის, რომ გამოვლინდეს ქსელის ის უბნები ან/და გამანაწილებელ ქსელთან მიერთების ის წერტილები, სადაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ძაბვის დანაკარგებს და თავიდან იქნეს აცილებული ამ წესებით დადგენილი ძაბვის ნორმალურიდან დასაშვები გადახრის ზღვრების დარღვევა. ძაბვის ვარდნის კვლევის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ახალი ელექტროსადგურების მიერთების გეგმები და მოხმარების (დატვირთვის) ზრდის პროგნოზი; ვ) მოკლე შერთვის დენების ანგარიშებს, იმისათვის, რომ დადგინდეს ახალი ელექტროსადგურებისა და სხვა ელექტრომოწყობილობა-დანადგარების ქსელთან მიერთების შედეგად მოკლე შერთვის დენების დონეებზე შესაძლო ზემოქმედება. მოკლე შერთვის დენების კვლევებისას უნდა გამოვლინდეს ქსელის ის უბნები, სადაც არსებობს ელექტრომოწყობილობა-დანადგარებისათვის საშიში სიდიდის მოკლე შერთვის დენების წარმოშობის შესაძლებლობა და მათი დაზიანების საფრთხე (მათ შორის, როგორც გამანაწილებელი ქსელით მოსარგებლის, ასევე განაწილების ლიცენზიატისა). მოკლე შერთვის დენების კვლევები შესაძლოა ჩატარდეს სხვადასხვა სცენარის მიხედვით, მათ შორის, მინიმალურ და მაქსიმალურ დატვირთვებზე, ხოლო კვლევებისას გამოვლენილი შედეგების მიხედვით საჭირიების შემთხვევაში უნდა დაიგეგმოს მოკლე შერთვის შემამცირებელი ღონისძიებები, რომლებიც უნდა აისახოს გამანაწილებელი ქსელის განვითარების გეგმებში; ზ) გამანაწილებელი ქსელის საიმედოობის კვლევებს. ამ კვლევების დროს ალბათობრივად უნდა განისაზღვროს გამანაწილებელ ქსელში მომხმარებლების ელექტრომომარაგების წყვეტის მოსალოდნელი ხანგრძლივობის, სიხშირის გადახრის და მიუწოდებელი ენერგიის (SAIDI-ს, SAIFI-ს, და ENS-ის) საპროგნოზო მაჩვენებლები, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს სათანადო ღონისძიებების დაგეგმვა საიმედოობის სტანდარტების მოთხოვნილ დონეზე შესასრულებლად. 3. განაწილების ლიცენზიატის მომხმარებლების სტანდარტის შესაბამისი ხარისხის ელექტროენერგიით მომარაგების უზრუნველყოფისათვის ლიცენზიატმა უნდა დანერგოს ელექტროენერგიის ხარისხის მაჩვენებლების ანალიზატორების (ჩამწერების) გამოყენება, რისთვისაც მან უნდა შეიმუშაოს აღნიშნული ანალიზატორების (ჩამწერების) საკუთარ ქსელში განთავსების ყოველწლიური სქემა-გრაფიკი, რომელიც უნდა შეთანხმდეს კომისიასთან. 4. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მოთხოვნილი პერიოდულობითა და ფორმატით მიაწოდოს კომისიას ელექტროენერგიის ხარისხის მაჩვენებლები კომისიასთან წინასწარ შეთანხმებული საკონტროლო წერტილებისათვის. თავი XII. გამანაწილებელი ქსელის ოპერატიული მართვის წესი მუხლი 97. ზოგადი დებულებები 1. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია უზრუნველყოს გამანაწილებელი ქსელის გამართული და უსაფრთხო ფუნქციონირება. აღნიშნული ვალდებულების შესრულებისათვის იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ელექტროენერგიის წარმოებისა და მოხმარების საპროგნოზო მონაცემები გამანაწილებელი ქსელის მოსარგებლეებისგან. 2. წინამდებარე წესების შესაბამისად, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს მიაწოდოს მოხმარების საპროგნოზო მონაცემები. 3. ამ თავის მოთხოვნები ვრცელდება: ა) განაწილების ლიცენზიატებზე; ბ) გამანაწილებელ ქსელში ჩართულ მოსარგებლეებზე, რომელთა დადგმული სიმძლავრე აღემატება 1000 კვტ-ს. 4. გამანაწილებელ ქსელში ჩართული ელექტრომოწყობილობა-დანადგარების გათიშვების დაგეგმვის თვალსაზრისით არსებობს სამი სახის გათიშვის ტიპი: ა) მოკლევადიანი გეგმური გათიშვა, რომელიც მოითხოვს სულ მცირე შვიდი დღით ადრე შეთანხმებას დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან; ბ) არაგეგმური გათიშვა, რომლის საჭიროება წარმოიშვება ელექტრომოწყობილობა-დანადგარის მუშაობის არასასურველი პირობებიდან გამომდინარე და რომელიც მოითხოვს უახლოეს პერიოდში შეკეთებაში ჩაყენებას; გ) იძულებითი გათიშვა, რომელიც ხორციელდება განაწილების ლიცენზიატის კონტროლის გარეშე და გამოწვეულია ელექტრომოწყობილობა-დანადგარის ავარიით ან დამცავი ავტომატიკის მოქმედებით. აღნიშნული გათიშვის შესახებ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ, გათიშვის სავარაუდო მიზეზის მითითებით. 5. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია კოორდინაცია მოახდინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან ელექტროენერგეტიკული სისტემის გამართული და უსაფრთხო ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, მათ შორის, სისტემის აღდგენის პროცედურების განხორციელებისას ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ავარიული გათიშვების შემდეგ. მუხლი 98. მიზნები და ამოცანები 1. გამანაწილებელი ქსელის ოპერატიული მართვის წესი მოიცავს გამანაწილებელ ქსელში ჩართული ელექტრომოწყობილობა-დანადგარების გათიშვების დაგეგმვის კოორდინაციის საკითხებს. 2. გამანაწილებელი ქსელის ოპერატიული მართვის წესის მიზანია განსაზღვროს განაწილების ლიცენზიატის მიერ ოპერატიული მართვისა და მოკლევადიანი პროგნოზების შესახებ ინფორმაციის დამუშავებისა და ამ ინფორმაციის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისთვის მიწოდების პროცედურები გადამცემი ქსელის წესების მოთხოვნების შესაბამისად. 3. გამანაწილებელი ქსელის ოპერატიული მართვის წესის ამოცანაა: ა) დატვირთვისა და წარმოების პროგნოზის, აგრეთვე სხვა მონაცემების განსაზღვრა, რომლებიც განაწილების ლიცენზიატს უნდა მიაწოდონ გამანაწილებელი ქსელით მოსარგებლეებმა, განაწილებლის ლიცენზიატისთვის ამ წესებით, ლიცენზიითა და კანონმდებლობით დაკისრებული სხვა პასუხისმგებლობების ჯეროვნად შესასრულებლად; ბ) დაადგინოს გამანაწილებელი ქსელის ოპერატიული მართვისა და გათიშვების დაგეგმვის პროცედურები გამანაწილებელი ქსელის ეფექტური და უწყვეტი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, იმ პირობის გათვალისწინებით, რომ სათანადოდ იქნება გათვალისწინებული გამანაწილებელ ქსელში ჩართული ელექტრომოწყობილობა-დანადგარების გეგმური შეკეთების სამუშაოების საჭიროება. 4. გამანაწილებელი ქსელის ოპერატიული მართვის წესის მოქმედების სფეროს მიეკუთვნება: ა) გამანაწილებელი ქსელის დატვირთვისა და გენერაციის მოკლევადიანი პროგნოზირება; ბ) გამანაწილებელ ქსელზე მიერთებული მომხმარებლებისა და ელექტროსადგურების გათიშვების დაგეგმვა და კოორდინაცია; გ) გამანაწილებელი ქსელის ოპერატიული მართვის საკითხები. მუხლი 99. გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული მომხმარებლების მოხმარების მოკლევადიანი პროგნოზირება 1. დატვირთვის მონაცემების მიწოდების, ოპერატიული დაგეგმვისა და კონტროლის განხორციელების დროს, მოკლევადიანი ოპერატიული გეგმების შემუშავების ეტაპზე, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია შეიმუშაოს ელექტროენერგიაზე მოთხოვნის პროგნოზები განაწილების ლიცენზიატების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. 2. გამანაწილებელ ქსელში ელექტროენერგიაზე მოთხოვნის პროგნოზირების მიზნებია: ა) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსის მომზადება განაწილების ლიცენზიატების მიერ მიწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით ისე, რომ გათვალისწინებულ იქნეს სიმძლავრის საკმარისი რეზერვი; ბ) მოკლევადიანი ოპერატიული გეგმების შემუშავების ეტაპებზე იმ ფაქტორების განსაზღვრა, რომლებიც უნდა გაითვალისწინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა მოთხოვნების პროგნოზირების პროცესში. 3. გრძელვადიანი მოთხოვნის პროგნოზირებისთვის განაწილების ლიცენზიატები ვალდებული არიან, მიაწოდონ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს მონაცემები მოთხოვნილი სიმძლავრისა და აქტიური ენერგიის შესახებ დაგეგმვის სხვადასხვა ეტაპისათვის. 4. ოპერატიული დაგეგმვის ეტაპის დროს (პირველი წლიდან მე-5 წლის ჩათვლით): ა) არა უგვიანეს ყოველი წლის 30 სექტემბრისა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია წერილობით შეატყობინოს განაწილების ლიცენზიატებს ელექტროენერგეტიკული სისტემის მოსალოდნელი წლიური პიკური მოთხოვნის თარიღი/დრო და მოსალოდნელი მინიმალური წლიური მოთხოვნის თარიღი/დრო; ბ) არაუგვიანეს ყოველი წლის 30 ოქტომბრისა თითოეული განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს წერილობით შეატყობინოს მომდევნო ხუთწლიანი პერიოდის თითოეული წლის საპროგნოზო მონაცემები, კერძოდ: ბ.ა) საათობრივი მოთხოვნა აქტიურ სიმძლავრეზე (მიერთების წერტილების მიხედვით და ჯამურად). ეს მონაცემები იანგარიშება განაწილების ლიცენზიატებისთვის მოსალოდნელი მაქსიმალური დატვირთვის დღისათვის და აგრეთვე დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისთვის მოსალოდნელი წლიური პიკური მოთხოვნილების დღისათვის; ბ.ბ) წლიური მოთხოვნა (მიერთების წერტილების მიხედვით და ჯამურად) აქტიურ სიმძლავრეზე, მოხმარების კატეგორიების მიხედვით (მაგ. მოსახლეობა, კომერციული სექტორი, სამთავრობო დაწესებულებები, სამრეწველო მომხმარებლები, სასოფლო-სამეურნეო მომხმარებლები, გარე განათება, საავადმყოფოები და ა.შ.), სიტუაციის შესაბამისად; ბ.გ) აქტიურ სიმძლავრეზე (მიერთების წერტილების მიხედვით და ჯამურად) შედგენილი საათობრივი მოთხოვნის პროგნოზი, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ მიწოდებული მინიმალური მოხმარების დღისთვის; ბ.დ) აქტიურ სიმძლავრეზე მოთხოვნა და სიმძლავრის კოეფიციენტი მიერთების წერტილებში მოსარგებლეების პიკური მოხმარების საათებში და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ მიწოდებული წლის პიკის საათებში; ბ.ე) მიერთების წერტილებში აქტიურ სიმძლავრეზე მოთხოვნა და სიმძლავრის კოეფიციენტი - დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ მოწოდებული წლის მინიმალური მოთხოვნის პერიოდში. 5. მოკლევადიანი დაგეგმვის ეტაპზე ერთი თვით ადრე განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია წერილობით მიაწოდოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს სიმძლავრის საათობრივი გრაფიკები. 6. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია წერილობით მიაწოდოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს მონაცემები თითოეული დღის აქტიური და რეაქტიული სიმძლავრეების შესახებ, წინა კალენდარული დღის განმავლობაში საათებისა და მიერთების წერტილების მიხედვით. მუხლი 100. გათიშვების დაგეგმვა 1. განაწილების ლიცენზიატები ვალდებული არიან, შეატყობინონ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს გამანაწილებელ ქსელში ან მასთან დაკავშირებულ მოწყობილობა-დანადგარებსა და შენობა-ნაგებობებზე ჩასატარებელი ნებისმიერი სარემონტო სამუშაოების შესახებ, რომლებმაც შეიძლება ზემოქმედება მოახდინონ ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგეტიკული სისტემისათვის მომსახურების გაწევის შესაძლებლობაზე. 2. გამანაწილებელ ქსელში გათიშვების დაგეგმვისა და გამანაწილებელი ქსელის მომხმარებლების გეგმური გათიშვების კოორდინაციის დროს განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია იმოქმედოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის განკარგულების შესაბამისად. 3. განაწილების ლიცენზიატს ნებისმიერ დროს, მაგრამ კონკრეტული გათიშვის დაწყებამდე არანაკლებ შვიდი (7) დღით ადრე შეუძლია მოითხოვოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისაგან მოკლევადიანი გეგმური სარემონტო გათიშვების უფლება. მოთხოვნის შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) გამანაწილებელი ქსელის შესახებ, რომელსაც გათიშვა ეხება; ბ) გათიშული სიმძლავრის შესახებ (მგვტ); გ) ხელმისაწვდომი სიმძლავრის შესახებ მგვტ-ში (ელექტროსადგურების შემთხვევაში); დ) გათიშვის მისაღები დაწყების დღესა და დროს ან დროის შესაძლო ინტერვალს; ე) გათიშვის მოთხოვნილ ხანგრძლივობას (რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 72 საათს). 4. მოთხოვნის მიღებისთანავე დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა უნდა შეისწავლოს იგი და ელექტროენერგიის ლიცენზიატისგან სიტუაციის განხილვის შემდეგ პასუხი აცნობოს სამი სამუშაო დღის განმავლობაში. 5. თუ გამანაწილებელ ქსელს სჭირდება გათიშვა ისე, რომ არ ემთხვევა დაგეგმილ ვადებს (გრძელვადიანი ან/და მოკლევადიანი გათიშვების გეგმებს), განაწილების ლიცენზიატმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს აღნიშნულის შესახებ. ასეთი შეტყობინება უნდა მოიცავდეს: ა) გამანაწილებელი ქსელის დასახელებას; ბ) არაგეგმური გათიშვის მოსალოდნელი დაწყების დღეს, დროსა და ხანგრძლივობას; გ) ინფორმაციას გათიშვის ხასიათისა და გათიშული სიმძლავრის (მგვტ) სიდიდის შესახებ (მათ შორის, ინფორმაციას სიმძლავრეზე, რომელიც შეიძლება ხელმისაწვდომი იქნეს გათიშვისას). 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს ვადაში დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა უნდა დაადასტუროს ან შესთავაზოს განაწილების ლიცენზიატს კორექტირების შეტანა გათიშვის დაწყების თარიღთან და პერიოდთან დაკავშირებით. კორექტირებაზე თანხმობის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატმა უნდა დაუდასტუროს აღნიშნული დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს. 7. იმ შემთხვევაში, როცა ადგილი აქვს განაწილების ქსელის იძულებით გათიშვას, განაწილების ლიცენზიატმა უნდა აცნობოს ამის შესახებ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს დაუყოვნებლივ. აღდგენის თარიღისა და დროის დადგენისთანავე განაწილების ლიცენზიატმა დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოს ინფორმაცია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს და უნდა უზრუნველყოს სათანადო ღონისძიებების გატარება ელექტროენერგიის უმოკლეს ვადებში აღსადგენად. 8. განაწილების ლიცენზიატმა არაგეგმური გათიშვისას გათიშვის მიზეზისა და აღდგენის ზუსტი დროის დადგენის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს. 9. თუ გათიშვის აღდგენისას, ნებისმიერ დროს, განაწილების ლიცენზიატისთვის ცნობილი გახდება, რომ აღდგენა ვერ მოხერხდება შეთანხმებულ ვადებში, მან ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს, მიუთითოს დაგვიანების მიზეზები და აღდგენის თარიღი. მუხლი 101. გამანაწილებელი ქსელის ოპერატიული მართვა 1. ყოველი წლის დასაწყისში განაწილებისა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატების შესაბამი უფლებამოსილი პირები ვალდებული არიან ერთმანეთს წარუდგინონ ოპერატიული პერსონალის იმ პირთა სია, ვისაც უფლება აქვს აწარმოოს ოპერატიული მოლაპარაკებები. 2. ოპერატიულ პერსონალს შორის საუბარი უნდა წარმოებდეს გამართული ტერმინოლოგიით, ოპერატიული გადართვების წარმოებისას ფუნქცია-მოვალეობებისა და მოქმედებების გამიჯვნის მიზნით კი უნდა იხელმძღვანელონ ელექტროდანადგართა მართვა-გამგებლობის შეთანხმებული ჩამონათვალის მიხედვით. 3. ოპერატიულ პერსონალს შორის საუბარი უნდა იწერებოდეს სპეციალურ მოწყობილობაში, რომლისგანაც, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი უნდა იყოს ნებისმიერი ჩანაწერის ამოღება. 4. ზემდგომ ოპერატიულ პერსონალს უფლება აქვს მის დაქვემდებარებაში მყოფ ოპერატიულ პერსონალზე გასცეს ელექტროენერგეტიკული სისტემის მართვისათვის საჭირო ნებისმიერი განკარგულება, მათ შორის: ა) ოპერატიული გადართვების წარმოებაზე მართვასა და გამგებლობაში არსებულ ელექტროგადამცემ ხაზებზე; ბ) ოპერატიული გადართვების წარმოებაზე ელექტროსადგურებსა და ქვესადგურებში ძირითად ელექტრომოწყობილობა-დანადგარებზე; გ) რელეური დაცვისა და ავტომატიკის დანაყენების შეცვლაზე; დ) სასისტემო ავარიის ლიკვიდაციის პროცესში შესაბამისი სქემის მომზადებასა და გადართვების წარმოებაზე. 5. განაწილების ლიცენზიატის 110-35-10-6 კვ ძაბვის ქსელში ჩართული ის მოსარგებლეები, რომელთაც გააჩნიათ საკუთარი 110-35-10-6 კვ ძაბვის ქსელი, ვალდებული არიან დისპეტჩერიზაციისა და განაწილების ლიცენზიატთან ყოველწლიურად წარადგინონ იმ პირთა სია, უსაფრთხოების ჯუფის მითითებით, რომელთაც უფლება ენიჭებათ ოპერატიული მოლაპარაკება აწარმოონ საკუთარი ქსელის მართვაზე. 6. განაწილების ლიცენზიატის სადისპეტჩერო სამსახური ვალდებულია: ა) განუხრელად შეასრულოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის ყველა განკარგულება და მოთხოვნა; ბ) მკაცრად დაიცვას მოხმარების შეთანხმებული ყოველსაათობრივი გრაფიკი; გ) დროულად აცნობოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს მის ქსელში მომხდარი ავარიული გამორთვების შესახებ, რომლებსაც შეეძლოთ გავლენა მოეხდინათ ელექტროენერგეტიკული სისტემის ნორმალურ მუშაობაზე; დ) არ დაუშვას სიხშირის ავტომატური განტვირთვის მოწყობილობით და ავარიასაწინააღმდეგო ავტომატიკის მოქმედების შედეგად გამორთული მომხმარებლების ჩართვა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან შეთანხმების გარეშე; ე) განაწილების ლიცენზიატის ქსელში ავარიის დროულ აღმოფხვრაზე. 7. იმ შემთხვევაში, თუ განაწილების ლიცენზიატს გარკვეული მიზეზის გამო არ შეუძლია განაცხადით მოთხოვნილი სამუშაოების შესრულება შეთანხმებულ დროში, მაშინ მან უარი უნდა განაცხადოს სამუშაოს წარმოებაზე და გაუქმდეს განაცხადი. 8. განაწილების ლიცენზიატის რეგიონული სადისპეტჩერო სამსახურებიდან დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს განაცხადი უნდა გადაეცეს განაწილების ლიცენზიატის ცენტრალური სადისპეტჩერო სამსახურის გავლით. 9. გეგმურ შეკეთებაში არსებულ მოწყობილობაზე ვადის გაგრძელებაზე განაცხადი განაწილების ლცენზიატმა უნდა გადასცეს ძირითადი განაცხადის ვადის გასვლამდე ერთი დღით ადრე, დღის 12 საათამდე. 10. არაგეგმური განაცხადები, რომლებიც არ ატარებენ ავარიულ ხასიათს, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს უნდა გადაეცეს ერთი დღით ადრე, დღის 12 საათამდე. 11. გამანაწილებელ ქსელში ჩართული ელექტრომოწყობილობა-დანადგარების მართვა- გამგებლობის მინიჭება ხდება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. 12. ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ახალი ელექტრომოწყობილობა-დანადგარების ან რელეური დაცვისა და ავტომატიკის ექსპლუატაციაში შეყვანა ან მისი გამოცდა, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს გამანაწილებელ ქსელში ჩართული მომხმარებლების გათიშვა, უნდა შეთანხმდეს განაწილების ლიცენზიატთან. 13. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია (დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისაგან შესაბამისი დავალების მიღების შემთხვევაში) უზრუნველყოს ავარიის შემდგომ დამყარებულ რეჟიმში ავტონომიურად მომუშავე ელექტროსადგურების ნორმალური მუშაობა. 14. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ გამანაწილებელ ქსელში ჩართული ელექტროსადგურის ნულიდან გაშვების შესახებ განკარგულების გაცემის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი მოქმედებს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან შეთანხმებული ინსტრუქციების მიხედვით. თავი XIII. გამანაწილებელი ქსელის აღრიცხვის წესი მუხლი 102. მოქმედების სფერო და მიზნები 1. ამ თავით დადგენილი მოთხოვნები ვრცელდება განაწილების ლიცენზიატსა და განაწილების ლიცენზიატის საცალო მომხმარებლებზე. 2. გამანაწილებელი ქსელის აღრიცხვის წესის მიზანს წარმოადგენს: ა) აღრიცხვის მოწყობილობების ტექნიკური მოთხოვნების (მათ შორის, სიზუსტის კლასის) განსაზღვრა; ბ) მრავალფუნქციური ელექტრონული აღრიცხვის სისტემების მოწყობის პირობების განსაზღვრა. 3. გამანაწილებელი ქსელის აღრიცხვის წესის ამოცანებია: ა) აღრიცხვის მოწყობის ტექნიკური მოთხოვნების დადგენა; ბ) მრავალფუნქციური ელექტრონული აღრიცხვის სისტემების განვითარების ხელშეწყობა. 4. ამ თავში განხილული მოთხოვნები არ ვრცელდება გამანაწილებელი ქსელის ისეთ აღრიცხვის წერტილებზე, რომლებიც მონაწილეობენ საბითუმო ვაჭრობაში. მუხლი 103. ზოგადი დებულებები 1. მომხმარებელი უფლებამოსილია არ მიიღოს ნებისმიერი ისეთი პირობა ან/და მომსახურება, რომელიც პირდაპირ არ არის განსაზღვრული ამ წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით. 2. აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს ამ წესების მოთხოვნების შესაბამისად. 3. მიუხედავად გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მეთოდისა და აღრიცხვის კვანძის ადგილმდებარეობისა, აღრიცხვის კვანძი უნდა იმყოფებოდეს განაწილების ლიცენზიატის მფლობელობაში. 4. განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია ტექნიკური და ეკონომიკური ეფექტიანობის პრინციპის გათვალისწინებით განავითაროს ელექტროენერგიის აღრიცხვის (გაზომვის) თანამედროვე ტექნოლოგიები და პროცესები, რომლებიც შესაძლოა არ იყოს ასახული ამ წესში ან რომლის შესაძლებლობებიც აღემატება ამ წესებით გათვალისწინებულ მინიმალურ მოთხოვნებს. მუხლი 104. ტექნიკური მოთხოვნები აღრიცხვის მოწყობილობების მიმართ 1. ახალი მიერთების უზრუნველსაყოფად დამონტაჟებული დენისა და ძაბვის ტრანსფორმატორები უნდა შეესაბამებოდეს ამ წესების 64-ე მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს. 2. დენისა და ძაბვის ტრანსფორმატორები უნდა განთავსდეს მიერთების წერტილში (საბალანსო გაყოფის საზღვარზე) ან მიერთების წერტილთან სიახლოვეს, ფიზიკური ადგილმდებარეობისა და ხარჯების გათვალისწინებით. 3. 1 კვ და უფრო მაღალ ძაბვაზე მიერთების შემთხვევაში ელექტროენერგიის მრიცხველი და მისი მოწყობის სტანდარტები უნდა აკმაყოფილებდეს 65-ე მუხლის მოთხოვნებს. 4. 1 კვ-ზე დაბალი ძაბვის მიერთების შემთხვევაში გამოიყენება არანაკლებ 1.0 სიზუსტის კლასის მრიცხველები და მზომი ტრანსფორმატორები. მხარეები უფლებამოსილი არიან შეთანხმდნენ უფრო მაღალი სიზუსტის აღრიცხვის მოწყობაზე. მუხლი 105. აღრიცხვიანობის რეესტრი 1. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია აწარმოოს აღრიცხვიანობის რეესტრი. 2. აღრიცხვიანობის რეესტრის წარმოების მიზნით, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია შეინახოს შემდეგი მონაცემები თითოეული აღრიცხვის წერტილისათვის: ა) მომხმარებლების მრიცხველების დაყენების ან შეცვლის თარიღების შესახებ; ბ) მრიცხველის დამონტაჟებისას მრიცხველზე არსებული საწყისი ჩვენება; გ) მომხმარებლის მრიცხველების და ლუქის ნომრები; დ) მრიცხველის განთავსების ადგილმდებარეობა (მისამართი); ე) ნებისმიერი ქმედება, განხორციელებული მომხმარებლის აღრიცხვის კვანძში (მათ შორის, შემოწმება, შეცვლა, შეკეთება და ა.შ.); ვ) მიერთების ტექნიკური პირობა. მუხლი 106. მრავალფუნქციური აღრიცხვის სისტემები 1. განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია საცალო მომხმარებელთან ან/და კომისიასთან შეთანხმებით დანერგოს მრავალფუნქციური ელექტრონული აღრიცხვის ტექნოლოგიები. 2. მრავალფუნქციური ელექტრონული მრიცხველის (ე.წ. „ჭკვიანი“ მრიცხველის) კატეგორიას განეკუთვნება ის მრიცხველები, რომლებსაც გააჩნიათ უნარი დაამყარონ ორმხრივი ელექტრონული კომუნიკაცია ელექტროენერგიის მომხმარებელსა და მიმწოდებელს შორის და ხელი შეუწყონ მომხმარებლის ენერგომოხმარების ოპტიმიზაციას. 3. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია საცალო მომხმარებლის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში 30 სამუშაო დღის განმავლობაში შეცვალოს არსებული მრიცხველი ახალი მრავალფუნქციური ელექტრონული მრიცხველით, რომლის საფასური და გადახდის პირობები (ვადები) განისაზღვრება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ნორმატიული აქტით. 4. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია განათავსოს საკუთარ ვებგვერდზე იმ მრავალფუნქციური ელექტრონული მრიცხველების ჩამონათვალი, ტექნიკური მახასიათებლები, რომლებიც შეტანილია საქართველოში დაკანონებულ გაზომვის საშუალებების ტიპების რეესტრში და ხელმისაწვდომია საცალო მომხმარებლისთვის დასამონტაჟებლად. 5. მრავალფუნქციურ ელექტრონულ მრიცხველს უნდა გააჩნდეს შემდეგი მინიმალური შესაძლებლობები: ა) ფაქტობრივი მოხმარებისა და მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის შესახებ ინფორმაციის ელექტრონულად მიწოდება მომხმარებლისთვის; ბ) გააჩნდეს მომხმარებელთან კომუნიკაციის ინტერფეისი, მათ შორის, დისტანციურად; გ) წაკითხვა განახორციელოს არანაკლებ საათში ერთხელ; დ) უზრუნველყოს ორმხრივი კომუნიკაცია კონტროლისთვის (მათ შორის, პროგრამის განახლების/შეკეთებისა და თვითდიაგნოსტიკის ფუნქცია); ე) გააჩნდეს დროში დიფერენცირებული სატარიფო დარიცხვის განხორციელების შესაძლებლობა; ვ) გააჩნდეს დისტანციურად ელექტრომომარაგების ჩართვა-გამორთვის უნარი; ზ) გააჩნდეს მონაცემების უსაფრთხო კომუნიკაციის დაცვის უნარი; თ) გააჩნდეს არასანქცირებული ჩარევის დადგენის ფუნქცია; ი) ორი მიმართულებით (გაცემისა და მიღების რეჟიმში) აღრიცხვის უნარი (იმ შემთხვევაში, თუ საცალო მომხმარებელს საკუთრებაში აქვს მიკროელექტროსადგური); კ) შეტყობინების გაგზავნის უნარი (მათ შორის, ნორმაზე მეტი მოხმარებისა და აღრიცხვიანობის მოშლის შემთხვევაში); ლ) ძაბვის ხარისხისა და ელექტროენერგიის უწყვეტობის კომისიასთან შეთანხმებული მაჩვენებლების ჩაწერის ფუნქცია. 6. მრავალფუნქციური ელექტრონული მრიცხველები დისტანციურად უნდა გადასცემდეს აღრიცხვის (გაზომვის) მონაცემებს განაწილების ლიცენზიატს, რომლის უზრუნველყოფაზეც განაწილების ლიცენზიატი თავადაა პასუხისმგებელი. თავი XIV. გარდამავალი დებულებები მუხლი 107. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით გადავადებული ვალდებულებები 1. ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-„ვ“ ქვეპუნქტში მითითებული პირების მიერ შესასრულებელი ვალდებულებების კომისიის გადაწყვეტილებებით ინდივიდუალური გადავადება ძალაშია ამავე გადაწყვეტილებებით განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე. 2. კონკრეტული გარემოების არსებობისას, კომისია უფლებამოსილია შეიტანოს ცვლილება ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ გადაწყვეტილებებში ინდივიდუალური გადავადების თაობაზე. მუხლი 108. გამანაწილებელ ქსელთან მიერთება, ქსელის დაგეგმვა და აღრიცხვა გარდამავალ პერიოდში 1. ამ წესების 77-ე მუხლით გათვალისწინებული გამანაწილებელ ქსელთან მიერთების განაცხადის ფორმის დამტკიცებამდე, მიერთების განაცხადი შეიძლება წარდგენილ იქნეს მხოლოდ წერილობით ფორმით და იგი უნდა შეიცავდეს შესაბამისად 76-ე ან 77-ე მუხლებით განსაზღვრულ ინფორმაციას. 2. ამ წესების 87-ე–91-ე და 93-ე–96-ე მუხლებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება და გამანაწილებელი ქსელის განვითარების პირველი ხუთწლიანი გეგმის კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატებს ეკისრებათ 2017 წლის 1 იანვრის შემდეგ. 3. ამ წესების 92-ე მუხლით გათვალისწინებული ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის ელექტრონული რუკები უნდა მომზადდეს არაუგვიანეს 2018 წლის 1 იანვრისა. 4. იმ მომხმარებლებთან მიმართებაში, რომლებიც მიერთებული იყვნენ ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე ამ წესების 104-ე მუხლის ამოქმედებამდე, ელექტროენერგიის განაწილებლის ლიცენზიატი ვალდებულია 104-ე მუხლის მე-2–მე-3 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნები დააკმაყოფილოს: ა) არაუგვიანეს 2018 წლის 1 იანვრამდე; ან ბ) თუ მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების წერტილის მოდიფიკაცია ხორციელდება 2018 წლის 1 იანვრამდე – შესაბამისი მოდიფიკაციისთანავე. 5. ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატმა ამ წესების 105-ე მუხლით გათვალისწინებული აღრიცხვიანობის რეესტრის შექმნა უნდა უზრუნველყოს არაუგვიანეს 2017 წლის 1 იანვრისა. 6. 2017 წლის პირველ იანვრამდე დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა განაწილების ლიცენზიატებთან შეთანხმებით განსაზღვროს და კომისიას წარუდგინოს გამანაწილებელი ქსელის გადამცემ ქსელთან მიერთების თითოეული წერტილისათვის პიკური დატვირთვისა და მაქსიმალურად დასაშვები სიმძლავრის სიდიდეები.". | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები