დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქსელის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 23/04/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/05/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300280020.16.009.016121 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებით დამტკიცებულ „ქსელის წესებში“ (სსმ, ვებგვერდი, 22.04.2014, 300280020.16.009.016085) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) სხვა მომხმარებელი, რომელიც არ არის ამ პუნქტის „ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული, მაგრამ თავისი პარამეტრებით თუ ადგილმდებარეობით ხვდება ამ წესების მოქმედების სფეროში (მათ შორის, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის უფლების მქონე მოსარგებლეები);“. 2. მე-2 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ჰ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. ბ) ჰ24 ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ25–ჰ42“ქვეპუნქტები: „ჰ25) აღრიცხვის მოწყობილობა – მრიცხველი და მზომი ტრანსფორმატორები; ჰ26) საანგარიშსწორებო მრიცხველი – მრიცხველი, რომლითაც ხორციელდება ელექტროენერგიაზე (სიმძლავრეზე) ფინანსური ანგარიშსწორება; ჰ27) საკონტროლო მრიცხველი – მრიცხველი, რომელიც განკუთვნილია საანგარიშსწორებო მრიცხველის კონტროლისათვის, ხოლო საანგარიშსწორებო მრიცხველის დაზიანების ან/და აღრიცხვის მონაცემების დაკარგვის შემთხვევაში მის ჩასანაცვლებლად; ჰ28) აღრიცხვის წერტილი – ადგილი, სადაც ხდება ელექტროენერგიის აღრიცხვა/გაზომვა; ჰ29) აღრიცხვის კვანძი – მოწყობილობათა ერთობლიობა, რომელიც განკუთვნილია აღრიცხვის წერტილში ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გაზომვისა და აღრიცხვისათვის (დენის ტრანსფორმატორები, ძაბვის ტრანსფორმატორები, კავშირის წრედები და ელექტრული ენერგიის მრიცხველი/მრიცხველები); ჰ30) საბალანსო გაყოფის საზღვარი – ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეებს შორის ელექტრული ქსელების ქონებრივი გაყოფის საზღვარი; ჰ31) აღრიცხვის მოწყობილობების დამოწმება – ქმედებათა ერთობლიობა, განხორციელებული მეტროლოგიური სამსახურის ან იმავე უფლებამოსილების მქონე აკრედიტებული ორგანიზაციის მიერ აღრიცხვის (გაზომვის) მოწყობილობების დადგენილ მეტროლოგიურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით. დადებითი შედეგის შემთხვევაში შესაბამისობის დადასტურება ხდება დასამოწმებელი აღრიცხვის (გაზომვის) მოწყობილობებზე დამოწმების დამღის დადებით ან გაიცემა დამოწმების მოწმობა; ჰ32) აღრიცხვის მოწყობილობების სიზუსტის კლასი – აღრიცხვის მოწყობილობის უდიდესი დასაშვები ფარდობითი ცდომილება, გამოსახული პროცენტებში; ჰ33) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) კონტროლისა და აღრიცხვის ავტომატიზებული (ესკაა) სისტემა – პროგრამულ-ტექნიკური საშუალებების კომპლექსი, რომლის დანიშნულებაა ელექტროენერგიის ავტომატიზებული აღრიცხვა. ესკაა სისტემა მოიცავს აღრიცხვის გამზომ- გამოთვლით კომპლექსს, მონაცემთა აღრიცხვის, შეკრებისა და გადაცემის მოწყობილობებს; ჰ34) დენის ტრანსფორმატორი – გამზომი ტრანსფორმატორი, რომლის დანიშნულებაა გარდაქმნას დიდი სიდიდის ცვლადი დენი გაზომვებისათვის მოხერხებულ მნიშვნელობამდე და განკუთვნილია გამზომი ხელსაწყოების (ამპერმეტრი, მრიცხველი, ვატმეტრი და სხვა) ჩასართავად ცვლადი დენის ელექტრულ წრედებში; ჰ35) ძაბვის ტრანსფორმატორი – გამზომი ტრანსფორმატორი, რომლის დანიშნულებაა მაღალი ძაბვის დადაბლება, რომელიც ცვლადი დენის დანადგარებში მიეწოდება გამზომ ხელსაწყოებს, რის გამოც უზრუნველყოფილია გამზომი ხელსაწყოების უსაფრთხო მომსახურება; ჰ36) მიერთების წერტილის მოდიფიკაცია – ქსელთან მიერთებული ელექტრომოწყობილობა-დანადგარების ტექნიკური მახასიათებლების შეცვლა (გაუმჯობესება) ან ახალი ელექტრომოწყობილობა-დანადგარებით ჩანაცვლება (დამატება), რომელიც იწვევს (ან შეიძლება გამოიწვიოს) ქსელთან მიერთების სიმძლავრის ცვლილებას ან/და სხვა რაიმე ფორმით ქსელზე ზეგავლენის ცვლილებას, რომლისთვისაც აუცილებელია ახალი ტექნიკური პირობის დადგენა ქსელის მფლობელის მიერ. ჰ37) ქონებული სიმძლავრე – ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე, შემცირებული გარკვეული სიდიდით საექსპლუატაციო პირობების შეუსაბამობის გამო საპროექტო პირობებთან; ჰ38) მუშა სიმძლავრე – ელექტროსადგურის მაქსიმალური სიმძლავრე, რომელიც შესაძლებელია მიღებულ იქნეს დღე-ღამის ან/და მიმდევრობით რამდენიმე საათის განმავლობაში ხელმისაწვდომი პირველადი რესურსის (ჰიდრორესურსი, საწვავი და ა.შ.) შესაძლო მაქსიმალური გამოყენების პირობებში, ენერგობლოკის/აგრეგატის ტექნიკური მდგომარეობის გათვალისწინებით (რემონტში გაყვანილი სიმძლავრეების გამოკლებით); ჰ39) კომერციული აღრიცხვის ავტომატიზებული სისტემა (კაას) – პროგრამულ-ტექნიკური საშუალებების კომპლექსი, რომლის დანიშნულებაა იმ მონაცემების აღრიცხვა და შეგროვება, რომლებიც აუცილებელია ელექტროენერგიით (სიმძლავრის) საბითუმო ვაჭრობის ერთიანი ანგარიშსწორებისათვის, მათ შორის ორმხრივი პირდაპირი ხელშეკრულებებისა და საბალანსო ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მოცულობების დადგენისათვის; ჰ40) აღრიცხვის საკომუნიკაციო მოწყობილობა – მხოლოდ ელექტროენერგიის აღრიცხვის მიზნებისთვის გამოყენებული საკომუნიკაციო/ქსელური მოწყობილობები; ჰ41) აღრიცხვის საკომუნიკაციო წრედები – მხოლოდ აღრიცხვის მიზნებისთვის გამოყენებული საკომუნიკაციო/ინტერფეისის სადენები; ჰ42) აღრიცხვის მოწყობილობების ტესტირება – აღრიცხვის მოწყობილობების გაზომვა სიზუსტის კლასის საპასპორტო მონაცემებთან შესაბამისობის დადგენაზე.“. 3. მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ტექნიკურ პირობას, რომელშიც მოცემული უნდა იყოს მიერთების დეტალური აღწერილობა, მათ შორის, მიერთებისათვის საჭირო ელექტრომოწყობილობა-დანადგარების, SCADA-ს და მონაცემთა გადაცემის სისტემების დეტალური აღწერა და ინფორმაცია არსებულ გადამცემ ქსელში საჭირო ცვლილებების შესახებ;“. 4. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.ე“ ქვეპუნქტი: ,,ბ.ე) SCADA-ს და მონაცემთა გადაცემის სისტემების სქემები;“. 5. მე-15 მუხლს მე–3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. ამ მუხლის მოთხოვნების სათანადო დონეზე შესასრულებლად გადაცემის ლიცენზიატის ქვესადგურებში 110 კვ და უფრო მაღალი ნომინალური ძაბვის მქონე ტრანსფორმატორები და ავტოტრანსფორმატორები აღჭურვილი უნდა იყოს ძაბვის რეგულირების ტექნიკური მოწყობილობებით. ამასთან, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ ჩატარებული კვლევების საფუძველზე უნდა იქნეს გამოვლენილი 110 კვ და უფრო მაღალი ნომინალური ძაბვის ტრანსფორმატორები და ავტოტრანსფორმატორები, რომლებიც საჭიროებენ ძაბვის ავტომატურ რეჟიმში რეგულირების მოწყობილობებით აღჭურვას.“. 6. 23-ე მუხლს პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. ელექტროსადგურების გენერატორები დადგმული სიმძლავრისა და მათდამი წაყენებული მოთხოვნების შესაბამისად იყოფა A, B, C, D კატეგორიებად: ა) ჰიდროელექტროსადგურების გენერატორთა კატეგორიები და მათდამი წაყენებული მოთხოვნები ნაჩვენებია ცხრილში:
ბ) თბოელექტროსადგურების გენერატორთა კატეგორიები და მათდამი წაყენებული მოთხოვნები ნაჩვენებია ცხრილში:
7. 45-ე მუხლს მე–6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „7. SCADA-ს და მონაცემთა გადაცემის სისტემების განთავსება ხორციელდება შემდეგი პირობების გათვალისწინებით: ა) ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეები ვალდებული არიან შეათანხმონ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან SCADA-ს და მონაცემთა გადაცემის მოწყობილობების ტიპები; ბ) SCADA-ს და მონაცემთა გადაცემის სისტემების დანერგვის, განთავსებისა და ექსპლუატაციის დანახარჯებს უზრუნველყოფს ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილე.“. 8. V თავი ამოღებულ იქნეს; 9. 50–ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის VI, VII, VIII და IX თავები:
„თავი VI. ელექტროენერგიის წარმოების მზადყოფნის გრაფიკების შედგენისა და დისპეტჩერიზაციის წესი
მუხლი 51. მიზანი ამ თავის მიზანია განსაზღვროს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ ელექტროენერგიის წარმოების მზადყოფნის გრაფიკების შედგენისა და ელექტროსადგურების დისპეტჩერიზაციის პროცედურები, რათა ნებისმიერ დროს დაცულ იქნეს ელექტროენერგიის მიწოდება-მოხმარების ბალანსი, ელექტროენერგიის ხარისხი და საიმედოობა და ელექტროენერგიის მწარმოებლებს გააჩნდეთ ზემოხსენებული მიზნების უზრუნველსაყოფად სიმძლავრის საკმარისი რეზერვი.
მუხლი 52. ელექტროენერგიის წარმოებისათვის გრაფიკების შედგენა 1. ელექტროსადგურები დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს ამ წესებით გათვალისწინებული პერიოდულობითა და ფორმატით უგზავნიან მათი ენერგობლოკების/აგრეგატების მზადყოფნისა და დისპეტჩერული პარამეტრების შესახებ განაცხადებს. 2. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი მიღებული განაცხადების საფუძველზე ყოველდღე შეიმუშავებს დასაგეგმი დღის ელექტროენერგიის წარმოებისათვის (დატვირთვისათვის) მზადყოფნის გრაფიკს (შემდგომში – მზადყოფნის გრაფიკი), რეალურ დროში ელექტროენერგიის მიწოდებისა და მოთხოვნის დაბალანსების, აუთვისებელი სიმძლავრეების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენებისა და ელექტროენერგეტიკული სისტემის მუშაობის საიმედოობის სათანადო დონის უზრუნველყოფის მიზნით. მზადყოფნის განაცხადის შემუშავების შემდეგ ელექტროენერგიის შესაბამის მწარმოებელს მიეწოდება მისთვის განკუთვნილი ინფორმაცია დასაგეგმ დღეს ენერგობლოკების/აგრეგატების მიერ ელექტროენერგიის წარმოებისთვის საჭირო მზადყოფნის უზრუნველყოფის შესახებ. 3. მზადყოფნის გრაფიკის მომზადებისათვის ელექტროენერგიის მწარმოებელმა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს მზადყოფნის განაცხადით უნდა წარუდგინოს მზადყოფნის გრაფიკის შემუშავებისათვის საჭირო მონაცემები ამ თავის მოთხოვნების შესაბამისად. 4. დასაგეგმი დღე გულისხმობს კალენდარულ დღეს, რომელიც იწყება დაგეგმვის მომდევნო დღის 00:00 საათიდან და გრძელდება 24 საათის განმავლობაში, მომდევნო დღის 24:00 საათის ჩათვლით და რომლისთვისაც ხდება შესაბამისი მზადყოფნის გრაფიკების მომზადება. 5. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს მონაცემები მიეწოდება ელექტრონულად. თუ მონაცემების მიწოდების შესაბამისმა პროგრამამ ან/და ელექტრონული კავშირის სისტემამ არ იმუშავა და არ არსებობს შეთანხმება სხვა ფორმით მონაცემების მიწოდებაზე, ისინი შეიძლება მიწოდებულ იქნეს ფაქსით, ხმოვანი ან დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან შეთანხმებული კავშირის სხვა საშუალებებით. 6. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისათვის, ამ წესების შესაბამისად, მიწოდებული განაცხადების (მზადყოფნის განაცხადი, დისპეტჩერული პარამეტრები) მონაცემების ცვლილების შემთხვევაში ელექტროენერგიის მწარმოებელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს.
მუხლი 53. ელექტროენერგიის მწარმოებლის მზადყოფნის განაცხადი 1. ელექტროენერგიის მწარმოებელი, რომლის ელექტროსადგურიც მიერთებულია ელექტროენერგეტიკულ სისტემასთან (გარდა 5 მგვტ-მდე დადგმული სიმძლავრის ელექტროსადგურებისა), ვალდებულია, ყოველდღიურად მოამზადოს და გაუგზავნოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს მზადყოფნის განაცხადი, ამ მუხლის მოთხოვნების შესაბამისად. 2. ელექტროენერგიის მწარმოებელი ვალდებულია, პერიოდულად მიაწოდოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს განაცხადი დისპეტჩერიზაციისათვის საჭირო პარამეტრებისა და აღნიშნულ პარამეტრებში ნებისმიერი ცვლილების შესახებ. 3. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, შეიმუშაოს მზადყოფნისა და დისპეტჩერიზაციის პარამეტრების შესახებ განაცხადების ფორმა, რომელსაც განათავსებს საკუთარ ვებგვერდზე. 4. მზადყოფნის განაცხადი უნდა მოიცავდეს: ა) ენერგობლოკის/აგრეგატის მზადყოფნის პერიოდის შესახებ ინფორმაციას (თარიღი, საათი); ბ) ინფორმაციას თითოეული ენერგობლოკის/აგრეგატის (ელექტროსადგურის): ბ.ა) მუშა სიმძლავრის (მგვტ) საათობრივი მონაცემების შესახებ; ბ.ბ) ქონებული სიმძლავრის (მგვტ) შესახებ; ბ.გ) დასაგეგმ დღეს ენერგობლოკზე/აგრეგატზე (ელექტროსადგურზე) ტექნიკური შეზღუდვების შესახებ; ბ.დ) დასაგეგმ დღეს ენერგობლოკზე/აგრეგატზე (ელექტროსადგურზე) მიმდინარე სარემონტო სამუშაოების შესახებ; გ) ჰიდროელექტროსადგურების მიერ დამატებით წარმოდგენილ ინფორმაციას: გ.ა) წყლის მოსალოდნელი შემოდინების შესახებ; გ.ბ.) წყალსაცავში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წყლის დონის შესახებ. 5. დისპეტჩერული პარამეტრების განაცხადი უნდა მოიცავდეს: ა) ენერგობლოკის/აგრეგატის სიმძლავრის შეზღუდვების შესახებ ინფორმაციას (შეზღუდვის აღწერა, დაწყებისა და დასრულების თარიღი და დრო, შეზღუდული სიმძლავრის (მგვტ) სიდიდე); ბ) ენერგობლოკის/აგრეგატის გაშვებიდან სინქრონიზაციამდე საჭირო დროს (წთ); გ) ენერგობლოკის/აგრეგატის ქსელიდან რეჟიმულად გამორთვისას მინიმალურ საჭირო დროს ხელმეორედ ჩართვამდე; დ) ენერგობლოკის/აგრეგატის მინიმალური დატვირთვის სიმძლავრეს; ე) ენერგობლოკის/აგრეგატის ქსელიდან გამორთვის მინიმალურ დროს; ვ) ინფორმაციას ენერგობლოკის/აგრეგატის სინქრონიზაციის მეთოდის შესახებ; ზ) მონაცემებს ენერგობლოკის/აგრეგატის სიმძლავრის გაზრდის სიჩქარის (მგვტ/წმ) შესახებ; თ) მონაცემებს ენერგობლოკის/აგრეგატის სიმძლავრის შემცირების სიჩქარის (მგვტ/წმ) შესახებ; ი) მონაცემებს ძაბვის გაზრდის სიჩქარის (კვ/წმ) შესახებ; კ) მონაცემებს ძაბვის შემცირების სიჩქარის (კვ/წმ) შესახებ; ლ) მონაცემებს ენერგობლოკზე/აგრეგატზე სიმძლავრის პირველადი და მეორეული რეგულირების მდგომარეობის შესახებ; მ) მონაცემებს სადგურზე ჯგუფური რეგულირების მდგომარეობის შესახებ. 6. ელექტროენერგიის მწარმოებელი ვალდებულია, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს მზადყოფნის განაცხადთან ერთად საჭიროების შემთხვევაში მიაწოდოს მზადყოფნაში მყოფ თითოეულ ენერგობლოკთან/აგრეგატთან დაკავშირებით შემდეგი ინფორმაცია: ა) დეტალურად, განსაკუთრებული ფაქტორების შესახებ, რომლებმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონიონ დასაგეგმ დღეს ენერგობლოკის/აგრეგატის გაცხადებულ დატვირთვის სიდიდეზე; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ენერგობლოკის/აგრეგატის სიმძლავრის შესაძლო ცვლილებებისა და ხანგრძლივობის შესახებ; გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ენერგობლოკის/აგრეგატის მიერ სისტემური მომსახურების (თუ მოეთხოვება) დროებითი შეზღუდვებისა და შესაძლო ხანგრძლივობის შესახებ. 7. ელექტროენერგიის მწარმოებელი ვალდებულია, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს ყოველი სამუშაო დღის 10:00 საათამდე წარუდგინოს მზადყოფნის განაცხადი დასაგეგმი დღის/დღეებისთვის, ამ თავის მოთხოვნების შესაბამისად. თუ მომდევნო დღე წარმოადგენს დასვენების დღეს, მზადყოფნის განაცხადი წარედგინება ასევე მომდევნო პირველი სამუშაო დღის ჩათვლით პერიოდისათვის. 8. თუ ელექტროენერგიის მწარმოებელი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს არ გაუგზავნის (ან სრულად არ გაუგზავნის) მზადყოფნის განაცხადს დღის 10:00 საათამდე, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია, ნაკლული ინფორმაციის შესავსებად გამოიყენოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია, მათ შორის, წინა დღის/დღეების ფაქტობრივი მონაცემები. 9. ელექტროენერგიის მწარმოებელს უფლება აქვს, მზადყოფნის შეცვლილი განაცხადი გაუგზავნოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს 13:00 საათამდე, ცვლილების დასაბუთებული გარემოების არსებობის შემთხვევაში. ასეთ შემთხვევაში დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია, გაითვალისწინოს შეცვლილი განაცხადი დატვირთვის გრაფიკის მომზადების დროს ან განუცხადოს არგუმენტირებული უარი. 10. ყოველი სამუშაო დღის 17:30 საათამდე დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ელექტროენერგიის მწარმოებლებისგან მიღებული მზადყოფნის განაცხადების გათვალისწინებით შეიმუშავებს დასაგეგმი დღის (მომდევნო დღის 00:00 საათიდან 24:00 საათის ჩათვლით პერიოდისთვის) ელექტროენერგიის მზადყოფნის გრაფიკს. თუ მომდევნო დღე წარმოადგენს დასვენების დღეს, მზადყოფნის გრაფიკები მზადდება ასევე მომდევნო პირველი სამუშაო დღის ჩათვლით პერიოდისათვის. 11. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, 17:45 საათამდე ელექტროენერგიის მწარმოებლებს გაუგზავნოს მზადყოფნის გრაფიკები დასაგეგმი დღისათვის. 12. მზადყოფნის გრაფიკი უნდა უზრუნველყოფდეს ამ წესების შესაბამისად დადგენილი ელექტროენერგეტიკული სისტემის საიმედოობის კრიტერიუმების – ადეკვატურობისა და მდგრადობის სათანადო დონეზე შესრულებას სიმძლავრის რეზერვების მზადყოფნის ოპტიმალური სიდიდის განსაზღვრით (დაგეგმვით). მზადყოფნის განაცხადების შერჩევისას და შესაბამისი გრაფიკის შემუშავებისას დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი იყენებს შემდეგ კრიტერიუმებს: ა) ენერგობლოკის/აგრეგატის გაშვების, სინქრონიზაციისა და საჭირო სიმძლავრის აღების დროს; ბ) ენერგობლოკის/აგრეგატის სიმძლავრის ცვლილების სიჩქარეს; გ) ქონებულ, მუშა და თავისუფალ სიმძლავრეებს; დ) ენერგობლოკის/აგრეგატის მინიმალური დატვირთვის სიმძლავრეს; ე) დროის ერთეულში სიმძლავრის ცვლილების აბსოლუტურ სიდიდეს; ვ) სიხშირის რეგულირებაში მონაწილეობის შესაძლებლობას; ზ) ელექტროსადგურის ქსელზე ფიზიკური მიერთების წერტილს; თ) გამომუშავებული ელექტროენერგიის ერთეულის ღირებულებას. 13. ელექტროენერგიის მწარმოებელი ვალდებულია, გააჩნდეს მზადყოფნაში შესაბამისი გრაფიკით განსაზღვრული სიმძლავრე. თუ რაიმე მიზეზის გამო ელექტროენერგიის მწარმოებელი ვერ ახერხებს ამ წესების შესაბამისად განსაზღვრული მზადყოფნის უზრუნველყოფას, იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს. 14. მზადყოფნის გრაფიკის შემუშავების შემდეგ, დასაგეგმი დღის დაწყებამდე, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია, მიზანშეწონილად ჩათვალოს შემუშავებულ დატვირთვის გრაფიკებში შესწორებების შეტანა, თუ: ა) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ელექტროენერგიის მწარმოებლებისაგან მიიღებს შესაბამის შეტყობინებას ამ მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად; ბ) შეიცვალა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ შედგენილი ელექტროენერგიის მოხმარების პროგნოზი; გ) შეიცვალა ინფორმაცია გადამცემი ქსელის (მათ შორის ტრანსსასაზღვრო გადადინებისთვის განკუთვნილი) გამტარუნარიანობის შესახებ; დ) ელექტროენერგეტიკულ სისტემაში მოხდა ავარია და აშკარაა მზადყოფნის გრაფიკში ცვლილების შეტანის აუცილებლობა. 15. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, ელექტროენერგიის მწარმოებლებს მიაწოდოს შესაბამისი ენერგობლოკების/აგრეგატების მზადყოფნის გრაფიკი ამ მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილ ვადაზე ადრე, თუკი ამ მწარმოებლის რომელიმე ენერგობლოკს/აგრეგატს სინქრონიზაციისთვის სჭირდება იმაზე მეტი დრო, ვიდრე დარჩენილია დასაგეგმი დღის დაწყებამდე. 16. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ ელექტროენერგიის კონკრეტული მწარმოებლისთვის მიწოდებული მზადყოფნის გრაფიკი უნდა შეიცავდეს მხოლოდ ამ ელექტროენერგიის მწარმოებლის ენერგობლოკთან/აგრეგატებთან დაკავშირებულ ინფორმაციას. 17. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ შემუშავებული ელექტროენერგიის მზადყოფნის გრაფიკი არ წარმოადგენს სადისპეტჩერო განკარგულებას ან მითითებას. იგი ატარებს მხოლოდ ინდიკატორულ ხასიათს და მიზნად ისახავს ელექტროენერგიის მწარმოებლის ინფორმირებას იმის შესახებ, თუ რა მოცულობის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებას მოელის მისგან ელექტროენერგეტიკული სისტემა.
მუხლი 54. ელექტროსადგურების დისპეტჩერიზაცია 1. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი, ამ წესების მოთხოვნების შესრულების მიზნით, ელექტროენერგიის მწარმოებლებზე გასცემს დისპეტჩერულ განკარგულებებს მუშაობის რეჟიმების შესახებ, მიღებული განაცხადებისა და მზადყოფნის გრაფიკების საფუძველზე. 2. დისპეტჩერული განკარგულებები დასაგეგმ დღეს ენერგობლოკის/აგრეგატის მუშაობის რეჟიმის შესახებ გაიცემა უშუალოდ ელექტროენერგიის მწარმოებლებისათვის მზადყოფნის გრაფიკის მიწოდების შემდეგ, ნებისმიერ დროს. ელექტროენერგიის მწარმოებლები ვალდებული არიან, მზადყოფნაში გააჩნდეთ მათთვის მიწოდებულ მზადყოფნის გრაფიკებში მითითებული სიმძლავრეები. 3. ელექტროენერგიის მწარმოებლებს დისპეტჩერული განკარგულებები მიეწოდებათ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის სადისპეტჩეროს მიერ, ელექტროსადგურის ოპერატიული პერსონალის მეშვეობით. 4. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ ელექტროენერგიის მწარმოებლისთვის გაცემული დისპეტჩერული განკარგულება შეიძლება შეიცავდეს მითითებას ენერგობლოკზე/აგრეგატზე სიმძლავრის შეცვლის, ქსელთან სინქრონიზაციისა და ქსელიდან გამორთვის დროების, მუშაობის რეჟიმის შეცვლის ან/და სისტემური მომსახურების გაწევის შესახებ. 5. დისპეტჩერული განკარგულება შეიძლება მოგვიანებით გაუქმდეს ან შეიცვალოს. რეალურ დროში ელექტროენერგიაზე მოთხოვნისა და ენერგობლოკების/აგრეგატების მზადყოფნის ცვალებადობის გამო დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს შესწორებები შეაქვს ენერგობლოკების/აგრეგატების სიმძლავრის დატვირთვაში. 6. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია მზადყოფნის გრაფიკების ფარგლებში შეცვალოს ენერგობლოკების/აგრეგატების სიმძლავრე ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობის უზრუნველსაყოფად. 7. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია მზადყოფნის გრაფიკების ფარგლებში მზადყოფნაში მყოფი სიმძლავრეების დატვირთვის ცვლილების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღოს 53-ე მუხლის შესაბამისად. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია დაასაბუთოს (დაინტერესებული მხარის მიერ ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში) დროის ნებისმიერ მონაკვეთში, თუ რომელი კრიტერიუმის ან კრიტერიუმების საფუძველზე მიიღეს კონკრეტული ენერგობლოკის/აგრეგატის დისპეტჩერიზაციის (სიმძლავრის ცვლილების) თაობაზე გადაწყვეტილება. 8. დისპეტჩერული განკარგულების მიღება დაუყოვნებლივ უნდა დადასტურდეს ელექტროენერგიის მწარმოებლის მიერ ან ელექტროენერგიის მწარმოებელმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს ამ განკარგულების შეუსრულებლობის მიზეზი. შეუსრულებლობის ერთადერთი მიზეზი შეიძლება იყოს ეკოლოგიური საფრთხე, მომსახურე პერსონალის ან/და ელექტრომოწყობილობა-დანადგარების დაზიანების საფრთხე. 9. დისპეტჩერულ განკარგულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისათვის სათანადო წესით მიწოდებულ განაცხადებში აღნიშნული დატვირთვის ზღვრები, სისტემური მომსახურების გაწევის შესაძლებლობები და საექსპლუატაციო მახასიათებლები იმ დროისა და პერიოდისათვის, რომელსაც სადისპეტჩერო განკარგულება ეხება. 10. ელექროენერგეტიკულ სისტემასთან სინქრონიზებულ ენერგობლოკებს/აგრეგატებს ნებისმიერ დროს უნდა შეეძლოთ დატვირთვის შემცირება ტექნიკურ მინიმუმამდე (ენერგობლოკების/აგრეგატების მინიმალური დასაშვები სიმძლავრის გათვალისწინებით, რომლის ქვემოთაც ენერგობლოკის/აგრეგატის მუშაობა არ არის მიზანშეწონილი), ელექტროენერგიის წარმოებისა და მოხმარების დაბალანსებისათვის ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ყველაზე დიდი დატვირთვის (მომხმარებლის) ან ყველაზე დატვირთული გადამცემი ხაზის გამორთვის შემთხვევაში. აღნიშნული პირობა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ გათვალისწინებული უნდა იყოს ელექტროსადგურების დისპეტჩერიზაციის, შესაბამისი გრაფიკების მომზადების ან/და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მისთვის მინიჭებული დაგეგმვის ფუნქციების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე. 11. თუ დასაგეგმი დღისათვის შესაბამისი გრაფიკების შემუშავებისას ან დასაგეგმ დღეს რეალურ დროში ელექტროსადგურების დისპეტჩერიზაციისას დროის რომელიმე მონაკვეთში დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი აღმოაჩენს, რომ ამ მუხლის მე-10 პუნქტის მოთხოვნები დარღვეულია, იგი უფლებამოსილია, დაუკავშირდეს შესაბამის ელექტროენერგიის მწარმოებელს და განიხილოს მასთან შესაბამისი განაცხადებით გაცხადებული ენერგობლოკის/აგრეგატის მანევრულობის (შესაძლო მინიმალური დატვირთვის) ან დატვირთვის (აქტიური სიმძლავრის) შეცვლის შესაძლებლობა. თუ აღნიშნული ღონისძიებები ვერ უზრუნველყოფს ზემოხსენებული მოთხოვნების შესრულებას, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია, გასცეს განკარგულება შესაბამისი ენერგობლოკის/აგრეგატის სიმძლავრის შეზღუდვის, გათიშვის ან/და სიმძლავრის გადანაწილების შესახებ სხვადასხვა ენერგობლოკებს/აგრეგატებს შორის მხოლოდ იმ პირობით, თუ განკარგულების/განკარგულებების გაცემის შემდეგ შესაძლებელი იქნება ამ მუხლის მე-10 პუნქტის მოთხოვნების დაკმაყოფილება. 12. თუ ელექტროენერგიის მწარმოებელი ფლობს იდენტურ ორ ან მეტ ენერგობლოკს/აგრეგატს, რომლებიც ქსელს უერთდება ერთ წერტილში, იგი უფლებამოსილია შეარჩიოს და აცნობოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს, პირველად რომელი ენერგობლოკის/აგრეგატის ქსელთან მიერთებას ანიჭებს უპირატესობას. 13. თუ დისპეტჩერული განკარგულების შესრულების დროს გაჩნდება ეკოლოგიური, ასევე მომსახურე პერსონალის ან ელექტრომოწყობილობა-დანადგარების დაზიანებასთან დაკავშირებული საფრთხე, ელექტროენერგიის მწარმოებელი ვალდებულია იმოქმედოს დამოუკიდებლად ასეთი საფრთხის თავიდან აცილების ან მინიმუმამდე დაყვანისათვის და დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის შესახებ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს. 14. ელექტროენერგიის მწარმოებელი ვალდებულია ნებისმიერ დროს ენერგობლოკის/აგრეგატის ქსელთან სინქრონიზაცია და ქსელიდან გამორთვა მოახდინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის შესაბამისი განკარგულების (ან წინასწარი ნებართვის) საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ადგილი აქვს ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებულ გარემოებას. 15. თუ ენერგობლოკის/აგრეგატის ქსელთან სინქრონიზაციის შესახებ გაცემული დისპეტჩერული განკარგულება არ შეიცავს მითითებას კონკრეტული სიმძლავრით დატვირთვის (მგვტ) შესახებ, იგულისხმება, რომ დისპეტჩერული განკარგულება მოითხოვს დატვირთვის გაზრდას (სინქრონიზაციის შემდეგ) დატვირთვის ტექნიკურად დაშვებულ მინიმალურ დონემდე. 16. როდესაც ელექტროენერგიის მწარმოებელი ვერ ახერხებს თავისი ენერგობლოკის/აგრეგატის ქსელთან სინქრონიზაციას დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ გაცემული განკარგულების შესაბამისად, იგი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეატყობინოს ამის შესახებ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს და მიუთითოს სინქრონიზაციის ახალი სავარაუდო დრო. 17. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია, გასცეს განკარგულება (მათ შორის ავტომატურ რეჟიმში) ენერგობლოკის/აგრეგატის აქტიური სიმძლავრით დატვირთვის ცვლილებაზე ელექტროენერგეტიკულ სისტემაში სიხშირის დასაშვებ ზღვრებში შესანარჩუნებლად. 18. ენერგობლოკის/აგრეგატის სიმძლავრის დატვირთვის დონის შეცვლის შესახებ დისპეტჩერული განკარგულების მიღებისა და დადასტურების შემდეგ ელექტროენერგიის მწარმოებელმა უნდა შეცვალოს სიმძლავრის დატვირთვა ახალ ნიშნულამდე, რომელიც უნდა იყოს ენერგობლოკის/აგრეგატის შესაბამის განაცხადში მითითებული მახასიათებლების ფარგლებში. 19. დისპეტჩერული განკარგულება შესრულებულად ჩაითვლება მაშინ, როდესაც ენერგობლოკი/აგრეგატი განკარგულებით მოთხოვნილ სიმძლავრის მიწოდებას (დატვირთვას) უზრუნველყოფს ±1% -ის სიზუსტით. 20. როდესაც ენერგობლოკი/აგრეგატი სიხშირის რეგულირების რეჟიმში მუშაობს და სიხშირე ნომინალური სიდიდისგან (50 ჰც) განსხვავდება, ენერგობლოკის/აგრეგატის აქტიური სიმძლავრის დატვირთვის ცვლილება უნდა განხორციელდეს სიჩქარის რეგულატორის სტატიზმის რეგისტრირებული კოეფიციენტის სიდიდის შესაბამისად. 21. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია, გასცეს რეაქტიულ სიმძლავრესთან დაკავშირებული დისპეტჩერული განკარგულება გადამცემი ქსელის კვანძებში ძაბვის რეჟიმისა და რეაქტიული სიმძლავრის რეზერვების შენარჩუნების მიზნით. 22. ელექტროენერგიის მწარმოებელმა რეაქტიული სიმძლავრის გამომუშავებასთან დაკავშირებული დისპეტჩერული განკარგულება უნდა შეასრულოს ±2%-იანი სიზუსტით ან დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან შეთანხმებული სხვა სიზუსტით, რისთვისაც მან უნდა განახორციელოს: ა) ენერგობლოკის/აგრეგატის აგზნების სისტემაში როტორის დენის რეგულირება; ბ) ენერგობლოკის/აგრეგატის ამამაღლებელი ტრანსფორმატორის ხვიების გამომყვანების დისტანციური გადართვა დატვირთვის მოუხსნელად (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 23. ელექტროენერგიის მწარმოებელმა ძაბვის სიდიდის უზრუნველყოფის განკარგულება უნდა შეასრულოს ძაბვის ±1% სიზუსტით ან დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან შეთანხმებული სხვა სიზუსტით, რისთვისაც მან უნდა განახორციელოს: ა) ენერგობლოკის/აგრეგატის აგზნების სისტემის რეგულირება; ბ) ენერგობლოკის/აგრეგატის ამამაღლებელი ტრანსფორმატორის ხვიების გამომყვანების გადართვა ტვირთის ქვეშ (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 24. გადამცემ ქსელში ნომინალურზე დაბალი ძაბვის დროს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია გასცეს განკარგულება ენერგობლოკის/აგრეგატის რეაქტიული დატვირთვის მაქსიმალურ შესაძლო ნიშნულზე გაზრდის შესახებ აქტიური სიმძლავრის შეუცვლელად. ელექტროენერგიის მწარმოებელი ვალდებულია მიიღოს ყველა სათანადო ზომა აღნიშნული განკარგულების შესასრულებლად. 25. გადამცემ ქსელში ნომინალურზე მაღალი ძაბვის დროს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია გასცეს განკარგულება ენერგობლოკის/აგრეგატის რეაქტიული სიმძლავრის დატვირთვის შემცირების ან რეაქტიული სიმძლავრის მოხმარების გაზრდის შესახებ აქტიური დატვირთვის შეუცვლელად. ელექტროენერგიის მწარმოებელი ვალდებულია მიიღოს ყველა სათანადო ზომა აღნიშნული განკარგულების შესასრულებლად. 26. თუ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ სხვაგვარი მითითება არ არის გაცემული, აგზნების სისტემის მოქმედება რეაქტიული სიმძლავრის შემზღუდველების მუშაობის პირობებში უნდა მოხდეს მხოლოდ საგენერატორო სალტის ძაბვის რეგულირების რეჟიმში. ამ დროს რეაქტიული დატვირთვის მუდმივი სიდიდის კონტროლი ან სიმძლავრის მუდმივი კოეფიციენტის კონტროლი გათიშული უნდა იყოს (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც განსხვავებული პირობა შეთანხმებულია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან) და გადამცემ ქსელში ძაბვის ნებისმიერი ცვლილების დროს ძაბვის ავტომატურმა რეგულატორმა აგზნება არ უნდა შეცვალოს დასაშვებ ზღვრებს გარეთ. იმ შემთხვევებში, თუ საჭირო გახდა ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობის შენარჩუნება, აგზნების რეგულატორმა უნდა შეძლოს ფორსირების რეჟიმში მუშაობა. 27. რეაქტიულ სიმძლავრის რეგულირებასთან დაკავშირებული დისპეტჩერული განკარგულება ელექტროენერგიის მწარმოებელმა უნდა შეასრულოს დაუყოვნებლივ ან დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ მითითებულ ვადაში. 28. ელექტროენერგეტიკულ სისტემასთან სინქრონიზაციის ან აქტიური სიმძლავრის დატვირთვის შესახებ დისპეტჩერულ განკარგულებასთან ერთად დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა ელექტროენერგიის მწარმოებელს უნდა მისცეს მითითება რეაქტიულ სიმძლავრესთან დაკავშირებით (საჭიროების შემთხვევაში), თითოეული ენერგობლოკის/აგრეგატის მიხედვით. 29. ავარიულ რეჟიმში გადამცემი ქსელის მდგრადობის შესანარჩუნებლად დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია, ელექტროენერგიის მწარმოებლებს მისცეს დისპეტჩერული განკარგულება, იმუშაონ ისეთი პარამეტრებით, რომლებიც სცილდება ამ წესებით ნორმალური რეჟიმისთვის დადგენილ ზღვრებს. ასეთ შემთხვევებში დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, შეატყობინოს ელექტროენერგიის მწარმოებელს, რომ დისპეტჩერული განკარგულება გაიცა ელექტროენერგეტიკულ სისტემაში მოსალოდნელი ავარიული ან ავარიისშემდგომი მდგომარეობის გამო. ელექტროენერგიის მწარმოებელი ვალდებულია, შეასრულოს ასეთი დისპეტჩერული განკარგულებები შესაძლებლობების ფარგლებში, ამ მუხლის მე-8 და მე-13 პუნქტების გათვალისწინებით. 30. თუ ელექტროენერგიის მწარმოებლის ენერგობლოკი/აგრეგატი სინქრონიზებულია ელექტროენერგეტიკულ სისტემასთან ან მიღებული აქვს სინქრონიზაციის ბრძანება და ამ დროს მისი ოპერირება შეუძლებელი გახდა ან შეიცვალა მის მიერ გაცხადებული შესაძლებლობები, მათ შორის, მისი მზადყოფნის ან/და დისპეტჩერიზაციის პარამეტრები, ელექტროენერგიის მწარმოებელმა დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს ამის შესახებ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს და დაელოდოს ახალი განკარგულების გაცემას, რომელიც შეესაბამება ელექტროსადგურის მზადყოფნის ახალ გარემოებას. 31. ელექტროენერგიის მწარმოებელს ენერგობლოკების/აგრეგატების მუშაობის დროს მუდმივად მოქმედებაში უნდა ჰქონდეს ძაბვის ავტომატური რეგულატორები და რეაქტიული სიმძლავრის შემზღუდველები (ძაბვის შემზღუდველები). 32. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ ზეპირად ან წერილობით (ელექტრონულად) გაცემული ყველა დისპეტჩერული განკარგულება და მითითება უნდა აისახოს ოპერატიულ ჟურნალში.
თავი VII. ინფორმაციის მიწოდების წესი მუხლი 55. მიზანი ამ თავის მიზანია იმ მონაცემებისა და ინფორმაციის ჩამონათვალის განსაზღვრა, რომელთა მიწოდებაც მოეთხოვება მოსარგებლეებს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისთვის მასზე დაკისრებული გადამცემი ქსელის მართვისა და დაგეგმვის მოვალეობის შესრულებისათვის.
მუხლი 56. მონაცემებისა და ინფორმაციის კატეგორიები 1. მოსარგებლე ვალდებულია, აღრიცხოს და დისპეტჩერიზაციის დადგენილი პერიოდულობით ლიცენზიატს მიაწოდოს: ა) დაგეგმვის სტანდარტული მონაცემები ქსელთან მიერთებული ელექტრომოწყობილობა-დანადგარების შესახებ; ბ) დაგეგმვის დეტალური მონაცემები ქსელთან მიერთებული ელექტრომოწყობილობა-დანადგარების შესახებ; გ) ოპერატიული მონაცემები ქსელთან მიერთებული ელექტრომოწყობილობა-დანადგარების შესახებ. 2. გადაცემის ლიცენზიატი ვალდებულია, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს მიაწოდოს დაგეგმვის სტანდარტული და დეტალური მონაცემები დადგენილი პერიოდულობით.
მუხლი 57. ინფორმაციის შენახვა და დაარქივება 1. თითოეული მოსარგებლე ვალდებულია, დადგენილი პერიოდულობით ან დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მოთხოვნის თანახმად, წარუდგინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს 1-9 დანართების ფორმებში აღნიშნული მონაცემები. 2. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი პასუხს აგებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მონაცემების შენახვასა და დაარქივებაზე. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მონაცემები ისე უნდა იყოს შენახული და დაარქივებული, რომ საჭიროების შემთხვევაში არსებობდეს სრულფასოვანი შემოწმების საშუალება. 4. ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეები ვალდებული არიან, შეინახონ ელექტროენერგეტიკული სისტემის დაგეგმვასა და ოპერატიულ მართვასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ორიგინალ ფორმაში, მისი შექმნის დღიდან მინიმუმ ხუთი წლის მანძილზე. 5. ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეები ვალდებული არიან, უზრუნველყონ მონაცემებისა და ინფორმაციის ბაზების დაცვა არასანქცირებული წვდომისა და დაკარგვისაგან. 6. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ დააარქივოს ელექტროენერგეტიკული სისტემის დაგეგმვასა და ოპერატიულ მართვასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი.
მუხლი 58. მონაცემებისა და ინფორმაციის მიწოდება 1. მოსარგებლეთა მიერ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს გადამცემი ქსელის დაგეგმვასა და ოპერატიულ მართვასთან დაკავშირებული მონაცემები და ფორმები უნდა მიეწოდოს ამ წესების შესაბამისად. 2. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს მონაცემები და ფორმები უნდა მიეწოდოს ელექტრონულად ან წერილობით. 3. მოსარგებლე ვალდებულია, შეატყობინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს ამ წესების შესაბამისად მიწოდებულ მონაცემებში ნებისმიერი ცვლილების შესახებ. 4. თუ მოსარგებლე დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს ვერ მიაწვდის მონაცემებს, რომელთა მიწოდებაც მას მოეთხოვება ამ წესების შესაბამისად, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია, თავად შეაფასოს აღნიშნული მონაცემები ადრე მიწოდებული მონაცემების ან/და მსგავსი ელექტრომოწყობილობა-დანადგარების მონაცემების საფუძველზე. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით მითითებული გარემოების არსებობის შემთხვევაში დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, შეფასებული მონაცემების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ წერილობით მიაწოდოს ინფორმაცია შესაბამის მოსარგებლეს იმ შეფასებული მონაცემების თაობაზე, რომელთა გამოყენებასაც იგი აპირებს მითითებულ ელექტრომოწყობილობა-დანადგარებთან დაკავშირებით. 6. შეფასებული მონაცემების გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი რისკი წარმოადგენს იმ მხარის პასუხისმგებლობას, რომელმაც მონაცემების მიწოდების ან მისი სწორად გამოყენების ვალდებულება სათანადო დონეზე ვერ შეასრულა. 7. მოსარგებლე ვალდებულია, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს მიაწოდოს 1-9 დანართების შესაბამის ფორმებში მოყვანილი სტანდარტული დაგეგმვისა და დეტალური დაგეგმვის მონაცემები 32-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად, ხოლო ოპერატიული დაგეგმვის მონაცემები – დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ დადგენილი პერიოდულობით. 8. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისათვის 1-9 დანართების ფორმებით მიწოდებული დაგეგმვის სტანდარტული და დეტალური მონაცემები ავტომატურად ითვლება რეგისტრირებულ მონაცემებად 32-ე მუხლის მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის პირობის გათვალისწინებით. 9. ელექტროენერგიის მწარმოებელი ვალდებულია პირველი, მე-2 და მე-3 დანართების მონაცემების დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისათვის მიწოდებაზე. 10. მოსარგებლე (ელექტროენერგიის მწარმოებლის გარდა) ვალდებულია, მე-4, მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 (მე-8 და მე-9 დანართები მხოლოდ განაწილების ლიცენზიატის შემთხვევაში) დანართების მონაცემები მიაწოდოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს. 11. გადაცემის ლიცენზიატი ვალდებულია მე-5 დანართის მონაცემები მიაწოდოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს.
თავი VIII. აღრიცხვის წესი მუხლი 59. მოქმედების სფერო და მიზნები 1. ამ წესით დადგენილი მოთხოვნები ვრცელდება ელექტროენერგეტიკული სისტემის ყველა მონაწილესა და მაძიებელზე, მათ შორის – საბითუმო ვაჭრობაში მონაწილე პირებზე (გარდა იმპორტიორებისა და ექსპორტიორებისა). 2. აღრიცხვის წესების მიზანს წარმოადგენს: ა) ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის მოწყობისა და სიმძლავრის კონტროლის ორგანიზაციული პროცედურებისა და ტექნიკური მოთხოვნების ჩამოყალიბება; ბ) ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეების მიერ ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, მიწოდებისა და მოხმარების შესახებ ზუსტი და სარწმუნო ინფორმაციის ფორმირებისთვის საჭირო ერთიანი მეთოდოლოგიური პრინციპებისა და პროცედურების ჩამოყალიბება; გ) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) კონტროლისა და აღრიცხვის ავტომატიზებული (ესკაა) სისტემების მეშვეობით აღრიცხვის მონაცემთა ბაზების ფორმირება, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს გადამცემ ქსელში ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ფაქტობრივი ბალანსების შედგენასა და ძაბვის საფეხურების მიხედვით ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ფაქტობრივი დანახარჯების (მათ შორის დანაკარგების) დადგენას. 3. აღრიცხვის წესი განსაზღვრავს: ა) ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეების ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობას ელექტროენერგიის აღრიცხვის საკითხებში; ბ) ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძის მოწყობის, აღრიცხვის მონაცემთა გამოსახვის, შეკრების, გადაცემისა და ფორმირების წესებს; გ) აღრიცხვის მოწყობილობების ტექნიკურ და საექსპლუატაციო მოთხოვნებს; დ) აღრიცხვის მოწყობილობების დამოწმების, ტესტირებისა და ინსპექტირების მოთხოვნებს; ე) ესკაა სისტემების მოწყობისა და ადმინისტრირების მოთხოვნებს; ვ) კაას სისტემის მოწყობისა და ადმინისტრირების მოთხოვნებს.
მუხლი 60. ზოგადი დებულებები 1. ყველა მოსარგებლე და გადაცემის ლიცენზიატი ვალდებულია, აღრიცხოს მის მიერ წარმოებული, მიღებული, მიწოდებული, გადაცემული, გატარებული და მოხმარებული (მათ შორის, ელექტროსადგურისა და ქვესადგურის საკუთარი მოხმარებისა და სამეურნეო საჭიროებისათვის) ელექტროენერგია, ამ წესებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირების მიერ საბითუმო ვაჭრობაში გამოყენებული მრიცხველები უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესებისა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს და შეტანილი უნდა იყოს საქართველოში დაკანონებული გაზომვის საშუალებების ტიპების რეესტრში. 3. აღრიცხვის მოწყობილობა უნდა აკმაყოფილებდეს ამ თავში მოცემულ ყველა ტექნიკურ მოთხოვნასა და სტანდარტს. აღრიცხვის მოწყობილობების დადგენილ სტანდარტებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურება ევალება სათანადო მოწყობილობების მფლობელ გადაცემის ლიცენზიატს ან მოსარგებლეს.
მუხლი 61. პასუხისმგებლობა ელექტროენერგიის (სიმძლავრის) აღრიცხვაზე 1. გადამცემ ქსელზე ახალი მიერთების ან არსებული მიერთების მოდიფიკაციის შემთხვევაში შესაბამისი გადაცემის ლიცენზიატს ეკისრება პასუხისმგებლობა თავის კუთვნილ ტერიტორიაზე აღრიცხვის კვანძის მოწყობის, ტესტირების, დამოწმებისა და ექსპლუატაციაში მიღებისთვის მზადყოფნის უზრუნველყოფაზე. იგივე პასუხისმგებლობა ვრცელდება ელექტრული ქსელის მფლობელ შესაბამის მოსარგებლეზეც, როდესაც მის ქსელზე ხდება სხვა მომხმარებლის მიერთება ან არსებული მიერთების მოდიფიკაცია, თუ მოქმედი კანონმდებლობით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. განმცხადებლის კუთვნილ ტერიტორიაზე აღრიცხვის კვანძის მოწყობის შემთხვევაში ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პასუხისმგებლობა ეკისრება განმცხადებელს. 3. ქსელის მფლობელი შესაბამისი ლიცენზიატი ან მოსარგებლე სრულად არის პასუხისმგებელი შესრულებული სამონტაჟო სამუშაოების ხარისხსა და სრულყოფილებაზე, ამ წესების მოთხოვნების შესაბამისად. 4. გადამცემ ქსელზე ახალი მიერთების მაძიებელი ან არსებული მიერთების მოდიფიკაციის შემთხვევაში მოსარგებლე პასუხისმგებელია აღრიცხვის კვანძის მოწყობასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის გაღებაზე, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, რომელიც აისახება მიერთების ხელშეკრულებაში. 5. გადამცემ ქსელზე მიერთებული მოსარგებლის კუთვნილ ელექტრულ ქსელზე სხვა მომხმარებლის მიერთების შემთხვევაში აღრიცხვის კვანძის მოწყობასთან დაკავშირებული ხარჯი ანაზღაურდება მხარეთა შეთანხმებით. 6. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი პასუხისმგებელია ზედა დონის ესკაა სისტემის ცენტრალური აღრიცხვის გამზომ-გამოთვლითი კომპლექსის ფუქციონირებაზე, მისი მეშვეობით აღრიცხვის მონაცემების მიღებაზე, აღრიცხვის მონაცემთა სათანადო ბაზის ფორმირებასა და მართვაზე. 7. ბაზრის ოპერატორი პასუხისმგებელია კომერციული აღრიცხვის ავტომატიზებული სისტემის (კაას) შექმნასა და ადმინისტრირებაზე. 8. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი, გადაცემის ლიცენზიატები და მოსარგებლეები ვალდებული არიან უზრუნველყონ ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის სრული წვდომა შესაბამისი დონის ესკაა სისტემების აღრიცხვის მონაცემებზე. 9. მოსარგებლე უფლებამოსილია გააჩნდეს წვდომა აღრიცხვის იმ მონაცემებზე, რომლებიც მიღებულია მისი ქსელის აღრიცხვის წერტილებიდან. 10. ამ წესებით დადგენილი ფორმით გადაცემის ლიცენზიატს უნდა გააჩნდეს წვდომა ზედა დონის ესკაა სისტემის აღრიცხვის მონაცემთა ბაზაზე იმ პირობის დაცვით, რომ იგი მიიღებს სრულ ინფორმაციას გადამცემი ქსელის ყველა საანგარიშსწორებო აღრიცხვის წერტილის აღრიცხვის მონაცემებზე. 11. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მასზე დაკისრებული ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგის ფუნქციის ჯეროვნად შესასრულებლად უნდა გააჩნდეს სრული წვდომა ზედა დონის ესკაა სისტემასა და ბაზრის ოპერატორის კომერციული აღრიცხვის ავტომატიზებულ სისტემაზე. 12. მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ბაზრის ოპერატორი პასუხისმგებელია აღრიცხვიანობის ერთიანი რეესტრის შექმნასა და ადმინისტრირებაზე, რომელიც მოიცავს საბითუმო აღრიცხვის წერტილების შესახებ სრულ ინფორმაციას. რეესტრი უნდა მოიცავდეს: ა) აღრიცხვის წერტილის საიდენტიფიკაციო კოდს, ქვესადგურისა და მინაერთის (ელექტროგადამცემი ხაზის, ფიდერის, ტრანსფორმატორის) დასახელებას; ბ) აღრიცხვის მოწყობილობის დასახელებას, ტიპს, საქარხნო ნომერსა და სიზუსტის კლასს; გ) აღრიცხვის კვანძის მესაკუთრის ვანაობის შესახებ ინფორმაციას და მის საკონტაქტო მონაცემებს; დ) იმ ლიცენზიატებისა და მოსარგებლეების დასახელებას, რომელთა ანგარიშსწორებაშიც მონაწილეობს აღნიშნული აღრიცხვის კვანძი; ე) აღრიცხვის კვანძის შემოწმებისა და ტექნიკური მომსახურების დოკუმენტებს; ვ) ესკაა სისტემასთან აღრიცხვის კვანძის მიერთების შესახებ დოკუმენტს; ზ) ქსელთან მიერთების ტექნიკურ დოკუმენტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში); თ) აღრიცხვის მოწყობილობებზე შესაბამისი აკრედიტებული ორგანოს მიერ გაცემულ ყველა დამოწმების დოკუმენტს (ოქმი, სერტიფიკატი). ი) ცალხაზოვან ელექტრულ სქემებს. 13. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი პასუხისმგებელია აღრიცხვის მოწყობილობების მონაცემთა ბაზის შექმნასა და მის ადმინისტრირებაზე. მონაცემთა ბაზა უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) აღრიცხვის მოწყობილობების დასახელებას, ტიპს/მოდიფიკაციას, საქარხნო ნომერს, სიზუსტის კლასსა და საიდენტიფიკაციო კოდს; ბ) აღრიცხვის თითოეული მოწყობილობის მონტაჟის თარიღს; გ) აღრიცხვის თითოეული მოწყობილობის ექსპლუატაციაში მიღების/გაშვების თარიღსა და შესაბამის დოკუმენტებს; დ) იმ ლიცენზიატებისა და მოსარგებლეების დასახელებას, რომელთა ანგარიშსწორებაშიც მონაწილეობს აღნიშნული აღრიცხვის კვანძი; ე) აღრიცხვის თითოეული მოწყობილობის დაზიანების, შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების ისტორიას; ვ) აღრიცხვის მოწყობილობიდან აღრიცხვის ავტომატიზებულ სისტემასთან კავშირის დასამყარებლად გამოყენებულ კომუნიკაციის საშუალებებს (ტელეფონის ნომრები, IP, ან/და სხვა.); ზ) აღრიცხვის კვანძის მოწყობილობების ყველა დამოწმების/შემოწმების ოქმს, გაცემულს შესაბამისი აკრედიტებული ორგანოს მიერ; თ) აღრიცხვის კვანძის მოწყობილობების შემოწმების/ინსპექტირების აქტებს. 14. მიერთების წერტილში აღრიცხვის კვანძის დამონტაჟებამდე აღრიცხვის კვანძის მონტაჟზე პასუხისმგებელმა პირმა დასამონტაჟებლად განკუთვნილი მრიცხველები პირველადი აღიარებისთვის ან დამოწმებისთვის უნდა წარუდგინოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული მიზნებისათვის აკრედიტებულ ან უფლებამოსილ პირებს. 15. ამ წესების მოთხოვნების შესაბამისად, აღრიცხვის კვანძის მოწყობის დასრულების შემდეგ ყველა მრიცხველი და მასთან დაკავშირებული აღრიცხვის ყველა მოწყობილობა წარმოადგენს შესაბამისი გადაცემის ლიცენზიატის ან ქსელის მფლობელი მოსარგებლის საკუთრებას. 16. აღრიცხვის კვანძის, აღრიცხვის საკომუნიკაციო მოწყობილობებისა და წრედების ტექნიკურ გამართულობაზე (შეკეთება-შეცვლა), დაცულობაზე, დადებული ლუქების ხელშეუხებლობაზე, არასანქცირებული ჩარევისაგან გამოწვეულ დაზიანებასა და აღრიცხვისა და საკომუნიკაციო წრედების სიმრთელის დარღვევაზე პასუხისმგებელია ის ლიცენზიატი ან მოსარგებლე, ვის მფლობელობაში/მართვაშიც არის აღნიშნული მოწყობილობები და წრედები. 17. იმ შემთხვევებში, როდესაც აღრიცხვის კვანძი არ მდებარეობს შესაბამისი ქსელის ლიცენზიატის ან მოსარგებლის ტერიტორიაზე (ვის მფლობელობაშიც/მართვაშიც არის აღნიშნული აღრიცხვის კვანძი) და შეუძლებელია ამ აღრიცხვის კვანძის, აღრიცხვის საკომუნიკაციო მოწყობილობებისა და წრედების დაცულობაზე, დადებული ლუქების ხელშეუხებლობაზე, არასანქცირებული ჩარევისაგან გამოწვეულ დაზიანებაზე მათზე ამ მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებელობის შესრულება, აღნიშნული პასუხისმგებლობა ეკისრება იმ მოსარგებლეს, ვის ტერიტორიაზეც არის შესაბამისი აღრიცხვის მოწყობილობები და წრედები. ასეთ შემთხვევებში მხარეებს შორის უნდა გაფორმდეს აღრიცხვის კვანძის მოვლა-გამგებლობის შესახებ წერილობითი შეთანხმება. 18. ელექტროსადგურებსა და ქვესადგურებში უნდა წარმოებდეს საანგარიშსწორებო და ტექნიკური მრიცხველების ჩვენებების აღრიცხვის ჟურნალები, რომლებიც დამოწმებული უნდა იყოს დაინტერესებული მხარეების, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისა და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ. აღრიცხვის ჟურნალში იწერება მრიცხველის ჩვენებები ყოველდღიურად, ყოველი დღის 24.00 საათის მდგომარეობით, ხოლო ელექტროსადგურის გაჩერებისა და გაშვების მომენტში მრიცხველების ჩვენებები (მათ შორის საკუთარი მოხმარების მრიცხველების ჩვენებები) აღრიცხვის ჟურნალში უნდა ჩაიწეროს დამატებით, ელექტროსადგურის წარმოებისა და მოხმარების რეჟიმების ურთიერთგამიჯვნის მომენტებისთვის. 19. მოსარგებლისა და გადაცემის ლიცენზიატის ხელმძღვანელები მათ მფლობელობაში/მართვაში არსებული აღრიცხვის კვანძების გამართული მუშაობისა და ხელშეუხებლობის კონტროლისთვის ნიშნავენ პასუხისმგებელ პირს. აღრიცხვაზე პასუხისმგებელი პირის დანიშვნის, ასევე მისი შეცვლის შემთხვევაში შესაბამისი საწარმო ვალდებულია, აცნობოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს ცვლილების შესახებ, აღრიცხვაზე პასუხისმგებელი პირის საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით. აღრიცხვის სისტემების გამართულ მუშაობაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია: ა) განახორციელოს მონიტორინგი აღრიცხვის ჟურნალის წარმოებასა და მონაცემთა უტყუარობაზე; ბ) დაუყოვნებლივ აცნობოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს ნებისმიერი დარღვევის შესახებ. 20. მოსარგებლე ან/და გადაცემის ლიცენზიატი ვალდებულია დაუყოვნებლივ მიაწოდოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატსა და ბაზრის ოპერატორს ინფორმაცია მის მფლობელობაში/მართვაში არსებული დაზიანებული აღრიცხვის კვანძისა და მისი აღდგენისათვის საჭირო ღონისძიებებისა და დროის შესახებ. 21. კვალიფიციური საწარმო, გადაცემის ლიცენზიატი და მაძიებელი ვალდებულია მიაწოდონ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს ყველა ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომლებსაც მოითხოვს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი აღრიცხვასთან დაკავშირებით მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულების მიზნით. 22. აღრიცხვის კვანძის მესაკუთრე ვალდებულია აღადგინოს დაზიანებული აღრიცხვის კვანძი დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით, დადგენილი წესების შესაბამისად. 23. მოსარგებლე და გადაცემის ლიცენზიატი, საჭიროების შემთხვევაში, ვალდებული არიან განახორციელონ ახალი აღრიცხვის კვანძის მოწყობა, მათ შორის, სისტემათაშორისო ელექტროგადამცემ ხაზზე (ხაზებზე). ამასთან, ახალი აღრიცხვის კვანძის ექსპლუატაციაში მიღება უნდა განხორციელდეს ამავე წესების 70-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად. 24. აღრიცხვის კვანძის ტექნიკური სპეციფიკაციები, მიერთების სქემები და ნახაზები უნდა იყოს დოკუმენტირებული და ინახებოდეს იმ პირთან (გადაცემის ლიცენზიატი ან მოსარგებლე), ვის მფლობელობაშიც არის მოცემული აღრიცხვის კვანძი.
მუხლი 62. აღრიცხვის წერტილის განსაზღვრა 1. საანგარიშსწორებო აღრიცხვის წერტილი უნდა ემთხვეოდეს მიერთების წერტილს (საბალანსო გაყოფის წერტილი), რომელიც განსაზღვრული უნდა იყოს შესაბამისი მიერთების ხელშეკრულებით. იმ შემთხვევაში, როდესაც არ არსებობს შესაბამისი მიერთების ხელშეკრულება, მიერთების წერტილად განისაზღვრება საბალანსო გაყოფის წერტილი. 2. გამონაკლის შემთხვევაში, როდესაც ტექნიკურ-ეკონომიკურად მიზანშეუწონელია მიერთების წერტილში აღრიცხვის კვანძის მოწყობა, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს, ბაზრის ოპერატორს, შესაბამის გადაცემის ლიცენზიატსა და მოსარგებლეს ან მაძიებელს შორის შეთანხმების შემთხვევაში საანგარიშსწორებო აღრიცხვის კვანძის (მრიცხველის) განთავსების ფაქტობრივი წერტილი შეიძლება განსხვავდებოდეს მიერთების წერტილისაგან. ასეთ შემთხვევაში წერილობითი ურთიერთშეთანხმებით დადგენილი უნდა იქნეს ელექტროენერგიის ფაქტობრივი აღრიცხვის წერტილი და მასზე აღრიცხული ელექტროენერგიის გადაანგარიშების წესი, ქსელის უბანზე ელექტროენერგიის დანაკარგების გათვალისწინებით. 3. ელექტროსადგურებში საანგარიშსწორებო აღრიცხვა უნდა მოეწყოს: ა) ელექტროსადგურის გადაცემის/განაწილების ქსელთან ან/და სხვა მოსარგებლესთან მიერთების წერტილში. ბ) შემოვლითი სალტის ან სალტეთაშორის (სექციათაშორის) ყველა ამომრთველზე, რომელიც შესაძლებელია გამოყენებული იყოს რომელიმე იმ მინაერთისთვის, რომელიც განსაზღვრულია ამავე პუნქტის ა) ქვეპუნქტით. 4. ელექტროსადგურის გენერატორების მიერ გამომუშავებული, აგრეთვე საკუთარი და სამეურნეო საჭიროებისათვის დახარჯული ელექტროენერგია უნდა აღირიცხებოდეს ცალ-ცალკე, საანგარიშსწორებო სიზუსტით. ამ მიზნით აღრიცხვა უნდა მოეწყოს: ა) გენერატორზე; ბ) საკუთარი მოხმარების ტრანსფორმატორებზე; გ) აგზნების მოწყობილობებზე, თუ ისინი არ იკვებებიან საკუთარი მოხმარების ტრანსფორმატორებით; დ) ხაზებზე ან ტრანსფორმატორებზე, რომლებითაც ხდება ელექტროენერგიის მიღება სამეურნეო საჭიროებისათვის. 5. ელექტროენერგიის სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის განკუთვნილ ელექტროგადამცემ ხაზებზე საანგარიშსწორებო და საკონტროლო აღრიცხვა უნდა მოეწყოს გადამცემი ხაზის ორივე ბოლოში.
მუხლი 63. ძირითადი ტექნიკური მოთხოვნები აღრიცხვის კვანძის მოსაწყობად 1. ელექტროენერგიის მრიცხველები და საკომუნიკაციო მოწყობილობები უნდა განთავსდეს კარადაში/სათავსოში, ადვილად მისადგომ და კარგად განათებულ ადგილზე. 2. მრიცხველებს, მცველების მომჭერებს, შუალედურ მომჭერთა ამკრებებსა და მზომი ტრანსფორმატორების მეორად გამომყვანებს, რომლებმაც შესაძლებელია გავლენა იქონიონ ელექტროენერგიის აღრიცხვაზე, უნდა გააჩნდეს დალუქვის საშუალება. 3. კარადების/სათავსოების მახასიათებლები უნდა შეესაბამებოდეს მრიცხველების დამამზადებლის მიერ მითითებულ პარამეტრებს, უზრუნველყოფდეს მათ დაცვას დაზიანების, ტემპერატურული რეჟიმის დარღვევის, ტენიანობის, მტვრისა და სხვა არასასურველი ეფექტებისგან. მრიცხველების კარადები და მათში შემავალი კაბელების ეკრანები უნდა იყოს დამიწებული. 4. მრიცხველების კარადას/სათავსოს უნდა გააჩნდეს საკეტი, ხოლო მრიცხველების კარადის წინა ნაწილი უნდა იყოს გამჭვირვალე. 5. ძაბვისა და დენური წრედების მონტაჟის დროს გამოყენებული უნდა იქნეს კაბელები ფერადი იზოლაციის მქონე სადენებით, სხვა ფერებთან კომბინაციის გარეშე, გარდა ნულოვანი სადენისა. 6. ყველა აღრიცხვის წერტილს უნდა მიენიჭოს სპეციალური საიდენტიფიკაციო ნომერი (კოდი). 7. აღრიცხვის მოწყობილობების პარამეტრებისა და სქემის შეცვლისათვის სავალდებულოა: ა) ცვლილების განხორციელების აუცილებლობა დადასტურებული უნდა იყოს წერილობით, დასაბუთებული მიზეზის ჩვენებით, რომელიც წინასწარ (აღრიცხვის მოწყობილობების პარამეტრებისა და სქემის შეცვლამდე) ეგზავნება ყველა დაინტერესებულ მხარეს (მათ შორის, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს, ბაზრის ოპერატორს); ბ) ცვლილება ხორციელდება ყველა შესაბამისი უფლებამოსილი მხარის წარმომადგენელთა მონაწილეობით; გ) ცვლილების განხორციელებისათვის სავალდებულოა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მონაწილეობა. განხორციელებული ცვლილების შესახებ დგება შესაბამისი აქტი მონაწილე მხარეების მიერ. შესრულებული სამუშაოების შესახებ ჩანაწერი შეტანილი და ხელმოწერით დადასტურებული უნდა იქნეს აღრიცხვის ჟურნალში აღრიცხვაზე პასუხისმგებელი პირის მიერ. 8. საკომუნიკაციო მოწყობილობების პარამეტრების შეცვლისათვის სავალდებულოა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისა და ბაზრის ოპერატორის წინასწარ ინფორმირება. 9. ელექტროენერგიის მრიცხველები, აღრიცხვის საკომუნიკაციო მოწყობილობები და წრედები აღჭურვილი უნდა იყოს უწყვეტი ალტერნატიული და სტაბილური კვების წყაროთი (რომელიც გარკვეული დროის მანძილზე, მაგრამ არანაკლებ 1.5 საათისა, შეუნარჩუნებს მრიცხველსა და აღრიცხვის საკომუნიკაციო მოწყობილობებს კვებას და უზრუნველყოფს მრიცხველიდან მონაცემების მიღებას). ის მრიცხველები, რომელთაც არ გააჩნიათ ალტერნატიული კვების წყაროს მიმღები მომჭერები, უნდა შეიცვალოს შესაბამისი ფუნქციის მქონე მრიცხველებით.
მუხლი 64. ძირითადი ტექნიკური მოთხოვნები დენისა და ძაბვის ტრანსფორმატორების მიმართ 1. აღრიცხვაში გამოყენებული დენისა და ძაბვის ტრანსფორმატორები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ შესაბამის სტანდარტებს. მათი სიზუსტის კლასი უნდა იყოს არანაკლებ 0.5-ისა (ტრანსსასაზღვრო ელექტროგადამცემ ხაზებზე არანაკლებ 0.2 სიზუსტის კლასისა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დისპეტჩერიზაციის/გადაცემის ლიცენზიატსა და მეზობელი ქვეყნის ელექტროენერგეტიკული სისტემის ტექნიკურ ოპერატორს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად სხვა რამ არ არის განსაზღვრული). 2. სამფაზა საანგარიშსწორებო აღრიცხვაში გამოყენებული უნდა იყოს სამფაზა ძაბვის ტრანსფორმატორი ან ჯგუფი, რომელიც შედგება თითოეულ ფაზაში ცალფაზა ძაბვის ტრანსფორმატორებისგან. 3. საანგარიშსწორებო აღრიცხვისას მრიცხველის ნახევრად ირიბი და ირიბი ჩართვის დროს აუცილებელია დენის ტრანსფორმატორები დაიდგას ყველა ფაზაში, ხოლო 6–10 კვ ძაბვაზე დასაშვებია დენის ტრანსფორმატორები დაიდგას ორ ფაზაში (გარდა გენერატორებისა). 4. დენის ტრანსფორმატორების ნომინალური მეორადი დენის მნიშვნელობები უნდა ემთხვეოდეს მრიცხველების ნომინალური დენის მნიშვნელობებს. 5. დადგმის ადგილისა და მეთოდის შერჩევისას გათვალისწინებული უნდა იყოს დენისა და ძაბვის ტრანსფორმატორების ფირნიშიდან ყველა მონაცემის ვიზუალური წაკითხვის შესაძლებლობა, მოწყობილობის გამორთვის ან დემონტაჟის სამუშაოების განხორციელების გარეშე. 6. ძაბვის ტრანსფორმატორების გამთიშველების ამძრავების სახელურებზე გათვალისწინებული უნდა იყოს დალუქვის შესაძლებლობა. კამერების დალუქვის შეუძლებლობის შემთხვევაში ილუქება ძაბვის ტრანსფორმატორების გამომყვანები. 7. ძაბვის ტრანსფორმატორის თითოეულ ფაზაზე მეორად წრედებში ძაბვის ვარდნა არ უნდა აღემატებოდეს მეორადი ნომინალური ძაბვის 0.25 %-ს (0,5 სიზუსტის კლასის მზომი ტრანსფორმატორების შემთხვევაში), რაც უნდა დადასტურდეს შესაბამისი გაანგარიშებით. მეორადი ძაბვის წრედი უნდა იყოს განმხოლოებული და მიერთებული მხოლოდ მრიცხველზე. იქ, სადაც დიდია ელექტრომაგნიტური ველის გავლენა, მეორად წრედებში გამოყენებული უნდა იყოს ეკრანირებული კაბელი. ამასთან, ძაბვის წრედების კაბელის ეკრანი (ნულოვანი გამტარი) ყრუდ უნდა დამიწდეს ერთ ადგილზე, ხოლო ტევადური ძაბვის ტრანსფორმატორების გამოყენების შემთხვევაში – ორივე მხრიდან. 8. სალტეთა რამდენიმე სისტემის შემთხვევაში, როცა ძაბვის ტრანსფორმატორები მიერთებულია მხოლოდ თავის სალტეთა სისტემაზე (ფიქსირებული სქემა), საჭიროა თითოეული აღრიცხვის კვანძისთვის სალტეთა ნებისმიერ სისტემაზე ძაბვის (აღრიცხვის) წრედების ავტომატური გადამრთველების გათვალისწინება აღრიცხვის პროცესის შესანარჩუნებლად (ფიქსირებული სქემის აღდგენამდე). 9. ძაბვის წრედების მომჭერები ისე უნდა მოეწყოს, რომ შესაძლებელი იყოს ძაბვის წრედების გათიშვა თითოეულ ფაზაზე მრიცხველების შეცვლის, სქემის გასწორებისა და შემოწმების დროს, აგრეთვე – ეტალონური მრიცხველის მიერთება კაბელებისა და გამომყვანების გათიშვის გარეშე. 10. დენის ტრანსფორმატორის ნომინალური მეორადი დენი უნდა იყოს 1 ან 5 ამპერი, დენური წრედი უნდა იყოს განმხოლოებული და მიერთებული მხოლოდ მრიცხველზე. ამასთან, დენური კაბელის ეკრანი უნდა იყოს ყრუდ დამიწებული ერთ ადგილზე. 11. დასაშვებია დენის ტრანსფორმატორების გამოყენება ტრანსფორმაციის გაზრდილი კოეფიციენტით (თერმული და ელექტროდინამიკური მდგრადობის ან სალტეების დაცვის პირობებიდან გამომდინარე), თუ მინაერთის მაქსიმალური დატვირთვის დროს დენის ტრანსფორმატორის მეორად გრაგნილში დენი იქნება არანაკლებ მრიცხველის ნომინალური დენის 40%-ისა, ხოლო მინიმალური დატვირთვის დროს – არანაკლებ 5%-ისა. 12. ელექტროგადამცემი ხაზის ერთზე მეტი ამომრთველით მიერთების სქემით განხორციელებისას, თუ არსებობს სახაზო დენის ტრანსფორმატორი ან მისი მოწყობის ტექნიკური შესაძლებლობა (ხაზის იმედიანი მუშაობის პირობების გათვალისწინებით), საანგარიშსწორებო მრიცხველი უნდა მიერთდეს სახაზო დენის ტრანსფორმატორის წრედზე. 13. აღრიცხვაში გამოყენებული დენის წრედების მომჭერები ისე უნდა მოეწყოს, რომ შესაძლებელი იყოს დენის ტრანსფორმატორების მეორადი წრედების დამოკლება ან/და გათიშვა თითოეულ ფაზაზე მრიცხველების გამოცვლისას ან შემოწმებისას, აგრეთვე – ეტალონური მრიცხველის მიერთება კაბელებისა და გამომყვანების გათიშვის გარეშე. 14. დენისა და ძაბვის მზომი ტრანსფორმატორების ელექტროენერგიის აღრიცხვის მიზნებისთვის გამოყენებული გრაგნილები და საანგარიშსწორებო/საკონტროლო მრიცხველებთან მათი დამაკავშირებელი წრედები მხოლოდ აღრიცხვის მიზანს უნდა ემსახურებოდეს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა აღნიშნული წრედები გამოყენებულია სადისპეტჩერო მართვის უზრუნველმყოფი ელექტრომოწყობილობების კვებისთვის, იმ პირობის დაცვით, რომ უზრუნველყოფილი იყოს აღრიცხვის სიზუსტის მიმართ ამ წესებით დადგენილი მითხოვნები. 15. იმ შემთხვევაში, თუ დენური წრედების ცალკე შეერთება მოითხოვს დამატებით დენის ტრანსფორმატორის გამოყენებას, მაშინ დასაშვებია დენურ წრედებთან მრიცხველის შემდეგ სხვა მოწყობილობების მიერთება, თუ ეს არ იწვევს დენის ტრანსფორმატორის სიზუსტის კლასისა და დენური წრედების საიმედოობის შემცირებას. 16. მოცემული სიზუსტის კლასში მუშაობისათვის დენის ტრანსფორმატორის მეორადი წრედის დატვირთვა ვოლტამპერებში (ან ომებში) არ უნდა იყოს ნომინალური მნიშვნელობის 25%-ზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს ნომინალური მნიშვნელობის 100%-ს, რომელიც მოყვანილია მის ფირნიშზე. 17. მოცემული სიზუსტის კლასში მუშაობისათვის ძაბვის ტრანსფორმატორის მეორადი წრედის დატვირთვა ვოლტამპერებში (ან ომებში) არ უნდა აღემატებოდეს ნომინალურ მნიშვნელობას, რომელიც მოყვანილია მის ფირნიშზე. 18. დაუშვებელია საანგარიშსწორებო მრიცხველების მიერთება შუალედური დენის ტრანსფორმატორებით.
მუხლი 65. ძირითადი ტექნიკური მოთხოვნები ელექტროენერგიის მრიცხველების მიმართ 1. სამფაზა მრიცხველები უნდა იყოს სამელემენტიანი (64-ე მუხლის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით), შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ შესაბამის სტანდარტებს და რეგისტრირებული იყოს საქართველოში დაკანონებული გაზომვის საშუალებების სახელმწიფო რეესტრში. მათი სიზუსტის კლასი უნდა იყოს არანაკლებ 0.5-ისა (ტრანსსასაზღვრო ელექტროგადამცემ ხაზებზე არანაკლებ 0.2 სიზუსტის კლასისა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დისპეტჩერიზაციის/გადაცემის ლიცენზიატსა და მეზობელი ქვეყნის ელექტროენერგეტიკული სისტემის ტექნიკურ ოპერატორს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად სხვა რამ არ არის განსაზღვრული). 2. მრიცხველის კონსტრუქცია არ უნდა იძლეოდეს გაზომვის შედეგებზე არასანქცირებული ზემოქმედების საშუალებას. 3. საანგარიშსწორებო და საკონტროლო მრიცხველი უნდა იყოს ელექტრონული და თავსებადი შუალედური ან/და ქვედა დონის ესკაა სისტემებთან, რომლებიც, თავის მხრივ, თავსებადი უნდა იყოს ზედა დონის ესკაა და კაას სისტემებთან. ელექტროენერგიის მრიცხველს უნდა ჰქონდეს მონაცემთა ელექტრონულად ავტომატურ რეჟიმში გაცემის შესაძლებლობა. 4. საანგარიშსწორებო და საკონტროლო აღრიცხვაში გამოყენებული ელექტრონული მრიცხველი უნდა აღრიცხავდეს და ინდიკატორზე გამოჰქონდეს აქტიური სიმძლავრის (კვტ), აქტიური ენერგიის (კვტ.სთ), რეაქტიული სიმძლავრისა (კვარ) და რეაქტიული ენერგიის (კვარ.სთ) მიმდინარე მნიშვნელობების ზრდადი ინფორმაცია დროის მოცემულ მონაკვეთში. ამასთან, მრიცხველი იმგვარად უნდა იყოს დაპროგრამებული, რომ მრიცხველში საანგარიშო კოეფიციენტის: ა) გათვალისწინების შემთხვევაში მრიცხველის ეკრანზე გამოტანილი ენერგიების ჩვენების მნიშვნელობა გამოისახოს არანაკლებ 1 კვტ.სთ-მდე (კვარ.სთ-მდე) სიზუსტით; ბ) გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში მრიცხველის ეკრანზე გამოტანილი ენერგიების ჩვენებების მნიშვნელობების სათანადო საანგარიშო კოეფიციენტზე გამრავლებით მიღებულ იქნეს ენერგიის მნიშვნელობა არანაკლებ 1 კვტ.სთ-მდე (კვარ.სთ-მდე) სიზუსტით. 5. ქსელის მიერთების თითოეულ წერტილში მრიცხველს უნდა გააჩნდეს შესაძლებლობა, ცალ-ცალკე აღრიცხოს და აჩვენოს აქტიური და რეაქტიული ენერგიები როგორც მიღების, ასევე გაცემის რეჟიმში. 6. მრიცხველს უნდა გააჩნდეს შემდეგი მახასიათებლები: ა) ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის შემთხვევაში უნდა შეინარჩუნოს იმ დროისთვის შენახული ყველა მაჩვენებელი და მათი სიზუსტე; ბ) ელექტროენერგიის მიწოდების ხანგრძლივი შეწყვეტის დროს შენახული ინფორმაციის დაცვის მიზნით საათი, კალენდარი და ყველა მონაცემი უზრუნველყოფილი უნდა იყოს კვებით თხუთმეტი დღის მანძილზე, გარეშე კვების წყაროს დაუხმარებლად; გ) აღრიცხვის მონაცემთა წაკითხვის არც ერთი ოპერაცია არ უნდა იწვევდეს უკვე აღრიცხული და შენახული მონაცემების წაშლას ან შეცვლას. 7. მრიცხველებმა უნდა აღრიცხონ და შეინახონ ნახევარსაათიანი პერიოდების ჯამური მონაცემები, მინიმუმ 1 კალენდარული თვის განმავლობაში. 8. ყველა მრიცხველი უნდა აფიქსირებდეს დროს, საქართველოს სტანდარტული დროის მიხედვით. 9. მრიცხველი უნდა აფიქსირებდეს ძაბვის მოწოდების შეფერხებას, ძაბვის (ფაზის) წყვეტას, დენის მიმართულების ცვლილებას, ყველას სხვა სახის პროგრამულ ცვლილებასა თუ შეფერხებას იმისათვის, რომ მონაცემთა გამოკითხვის (შეგროვების) სისტემამ მოახდინოს არასრულყოფილი (მცდარი) მონაცემების იდენტიფიცირება.
მუხლი 66. საანგარიშსწორებო და საკონტროლო აღრიცხვა 1. საანგარიშსწორებო აღრიცხვა უნდა ხორციელდებოდეს ქსელთან მიერთების თითოეულ წერტილში და უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს. 2. ელექტროგადამცემ ხაზებზე (მათ შორის, ტრანსსასაზღვრო ელექტროგადამცემ ხაზებზე) საანგარიშსწორებო აღრიცხვის (მრიცხველის) გარდა გამოყენებული უნდა იქნეს საკონტროლო აღრიცხვა (მრიცხველი). საკონტროლო მრიცხველს უნდა გააჩნდეს სიზუსტის ის კლასი, რომელიც გათვალისწინებულია საანგარიშსწორებო მრიცხველისთვის. 3. ელექტროგადამცემ ხაზებზე საკონტროლო აღრიცხვა შესაძლებელია მოეწყოს ხაზის მეორე ბოლოში ან საანგარიშსწორებო აღრიცხვის იმავე წერტილში. 4. ტრანსსასაზღვრო ელექტროგადამცემ ხაზებზე საკონტროლო აღრიცხვა უნდა მოეწყოს საანგარიშსწორებო აღრიცხვის წერტილში, რისთვისაც აუცილებელია აღრიცხვის ცალკე მოწყობილობები ან იმავე მოწყობილობების იმავე კლასის დამოუკიდებელი გამომყვანები. 5. საკონტროლო აღრიცხვის მოწყობილობის დაცვა (დალუქვა) ხორციელდება იმავე პრინციპებით, როგორითაც საანგარიშსწორებო აღრიცხვის სისტემის დაცვა. 6. გადაცემის ლიცენზიატების ქვესადგურებსა და ელექტროსადგურებში უნდა წარმოებდეს ელექტროენერგიის აღრიცხვა, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს ქვესადგურებსა და ელექტროსადგურებში ელექტროენერგიის ბალანსის გამოანგარიშებას (მათ შორის, ძაბვის საფეხურების მიხედვით).
მუხლი 67. ელექტრული ენერგიისა და სიმძლავრის კონტროლისა და აღრიცხვის ავტომატიზებული (ესკაა) სისტემები 1. ესკაა სისტემები უნდა უზრუნველყოფდეს აღრიცხვის წერტილებიდან ნახევარსაათიან პერიოდებში და დროის ნებისმიერი მონაკვეთისათვის (დღე-ღამე, კვირა, თვე და ა.შ.) აღრიცხული ელექტროენერგიის, აგრეთვე საშუალო სიმძლავრის მნიშვნელობების ავტომატურ მიღებას. 2. ესკაა სისტემის შემადგენლობაში შედის: ა) ელექტრული ენერგიის აღრიცხვის გამზომ-გამოთვლითი კომპლექსი; ბ) მონაცემთა შეკრებისა და გადაცემის მოწყობილობები; გ) ელექტროენერგიის აღრიცხვის საკომუნიკაციო მოწყობილობები; დ) ელექტროენერგიის აღრიცხვის საკომუნიკაციო წრედები; ე) ელექტროენერგიის ელექტრონული მრიცხველები. 3. ელექტრული ენერგიის აღრიცხვის გამზომ-გამოთვლითი კომპლექსი იღებს ელექტროენერგიის აღრიცხვის მონაცემებს: ა) მოსარგებლის ელექტროენერგიის აღრიცხვის გამზომ-გამოთვლითი კომპლექსებიდან; ბ) მოსარგებლის მონაცემთა შეკრებისა და გადაცემის მოწყობილობებისგან; გ) ელექტროენერგიის მრიცხველებიდან. 4. ელექტრული ენერგიისა და სიმძლავრის კონტროლისა და აღრიცხვის ავტომატიზებული სისტემები უნდა იყოს აღჭურვილი ზუსტი ასტრონომიული დროის სისტემით და გარანტირებული ელექტროკვებით. 5. ესკაა სისტემა მართვის ყველა დონეზე დაცული უნდა იყოს ინფორმაციის არასანქცირებული ჩარევისა და მისი თვითნებური ცვლილებისგან როგორც ცალკეული ელემენტების დალუქვის გზით, ასევე პროგრამული საშუალებებით. 6. ელექტროენერგიის მრიცხველების დაპროგრამებას (კონფიგურირება) ახდენს აღრიცხვის კვანძის მოწყობაზე პასუხისმგებელი გადაცემის ლიცენზიატი ან ელექტრული ქსელის მფლობელი, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ დადგენილი ძირითადი მოთხოვნების გათვალისწინებით. 7. მოსარგებლეები და გადაცემის ლიცენზიატები ვალდებული არიან, საკუთარი სახსრებით უზრუნველყონ მათი აღრიცხვის მოწყობილობების თავსებადობა და კავშირი ზედა დონის ესკაა სისტემასთან.
მუხლი 68. კომერციული აღრიცხვის ავტომატიზებული სისტემა (კაას) 1. კომერციული აღრიცხვის ავტომატიზებული სისტემა (კაას) ახორციელებს ელექტროენერგიის სიმძლავრის საბითუმო ვაჭრობაში გამოყენებული საანგარიშწორებო და საკონტროლო მრიცხველებიდან ავტომატურ რეჟიმში მონაცემების მიღებას, შენახვასა და დამუშავებას საბითუმო ვაჭრობის ერთიანი ანგარიშწორების მიზნით. 2. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი, გადაცემის ლიცენზიატი და მოსარგებლეები ვალდებული არიან უზრუნველყონ ავტომატურ რეჟიმში ბაზრის ოპერატორის კომერციული აღრიცხვის ავტომატიზებული სისტემისათვის სრული და შეუფერხებელი წვდომა მათ მფლობელობაში მყოფ ესკაა სისტემების მონაცემთა ბაზებში ასახულ საბითუმო ვაჭრობაში გამოყენებულ მრიცხველებზე. 3. კომერციული აღრიცხვის ავტომატიზებული სისტემის საშუალებით ბაზრის ოპერატორი ქმნის და აწარმოებს ბაზრის ოპერატორის აღრიცხვის მონაცემთა ბაზას, რომელიც მოიცავს თითოეული საანგარიშსწორებო აღრიცხვის წერტილისთვის მინიმუმ შემდეგ ინფორმაციას: ა) აღრიცხვის წერტილის საიდენტიფიკაციო მონაცემებს; ბ) თითოეული საანგარიშო პერიოდისთვის აქტიური და რეაქტიული ენერგიის პირველად (უშუალოდ მრიცხველებიდან მიღებული) მონაცემებს; გ) ბაზრის ოპერატორის მიერ თითოეული მოსარგებლისთვის დამუშავებულ და დაანგარიშებულ მონაცემებს, რომლებიც გამოთვლილია აღრიცხვის პირველადი მონაცემების გამოყენებით; დ) მცდარი ან მონაცემთა არარსებობის შემთხვევაში ამ წესით დადგენილი უფლებამოსილი მხარეების მიერ დაანგარიშებულ, შესწორებულ ან ჩანაცვლებულ მონაცემებს. 4. კაას სისტემაში დაცული უნდა იყოს აღრიცხვის მონაცემების უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა. მონაცემები უნდა ინახებოდეს აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცამეტი თვის განმავლობაში წაკითხვის ფორმატით და ექვსი წლის განმავლობაში – დაარქივებული ფორმატით. 5. მოსარგებლეს უფლება აქვს წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში მიიღოს ინფორმაცია აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში საკუთარი აღრიცხვის წერტილისთვის და მოითხოვოს ნებისმიერი აღმოჩენილი და დადასტურებული უზუსტობის გასწორება. 6. ბაზრის ოპერატორი უფლებამოსილია აწარმოოს კონტროლი ესკაა სისტემებით მისაღები მონაცემების სისრულესა და სიზუსტეზე, მონაცემების მიუწოდებლობის შემთხვევაში მოითხოვოს აღნიშნული შეფერხების გამომწვევი მიზეზების დასახელება და მათი გამოსწორება, ხოლო ესკაა სისტემის მფლობელი ვალდებულია აღადგინოს მონაცემების მიწოდება უმოკლეს ვადაში. არაზუსტი მონაცემების გამოვლენისას ბაზრის ოპერატორი უფლებამოსილია მოითხოვოს აღრიცხვის კვანძის შემოწმება დადგენილი წესით.
მუხლი 69. მრიცხველის ჩვენებების მიღება, შენახვა და ხელმისაწვდომობა 1. ესკაა სისტემების მფლობელი ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეები ვალდებული არიან, შეინახონ ესკაა სისტემით მიღებული აღრიცხვის ინფორმაცია 13 თვის განმავლობაში, ხელმისაწვდომ ფორმატში. 2. ესკაა სისტემების მფლობელი ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეები ვალდებული არიან, 6 წლის განმავლობაში აწარმოონ აღრიცხვის მონაცემთა საარქივო ბაზა, რომელშიც შეტანილი უნდა იყოს ყველა მრიცხველის აღრიცხვის მონაცემი. 3. გადაცემის ლიცენზიატის ან/და მოსარგებლის მიერ მის ანგარიშსწორებაში გამოყენებული კონკრეტული მრიცხველების მონაცემებზე ავტომატიზებული წვდომის მოთხოვნის შემთხვევაში დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია დააკმაყოფილოს აღნიშნული მოთხოვნა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის სპეციალური ვებპლატფორმის გამოყენებით. ვებპლატფორმაზე წვდომისთვის საჭირო ქსელური უსაფრთხოების მოწყობილობების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელია მომთხოვნი მხარე. 4. იმ შემთხვევაში, როდესაც მრიცხველიდან აღრიცხვის მონაცემები არ გადაეცემა ზედა დონის ესკაა სისტემას, მრიცხველის ადგილზე წაკითხვა უნდა განხორციელდეს შესაბამისი ქსელის მფლობელი პირის ან/და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის ან/და იმ მოსარგებლის მონაწილეობით, რომლის აღრიცხვაშიც გამოყენებულია აღნიშნული მრიცხველი. ელექტროენერგიის მრიცხველებიდან აღრიცხვის მონაცემების ამოღებისა და გადაცემის წესს ადგენს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი. 5. კომუნიკაციის ხანგრძლივი პრობლემის შემთხვევაში მისი ადგილზე წაკითხვა უნდა მოხდეს უსაფრთხო პროცედურის გამოყენებით, რომლის დროსაც მონაცემების ამოღება ხდება უშუალოდ მრიცხველის ან ჩამწერი მოწყობილობის მეხსიერებიდან.
მუხლი 70. საანგარიშსწორებო აღრიცხვის კვანძის ექსპლუატაციაში მიღება, ტესტირება, ინსპექტირება/შემოწმება 1. ქსელთან მიერთების ახალ წერტილში (მაძიებლის ან/და მოსარგებლის შემთხვევაში) აღრიცხვის კვანძის ექსპლუატაციაში მიღებისათვის: ა) მაძიებელი ან/და მოსარგებლე ვალდებულია ბაზრის ოპერატორსა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს წარუდგინოს წერილობითი მოთხოვნა თანდართული დოკუმენტაციით (ქსელთან მიერთების ტექნიკური პირობა, მისი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი და ზედა დონის ესკაა სისტემასთან ჩართვის/დაკავშირების დამადასტურებელი ტექნიკური დოკუმენტი) აღრიცხვის კვანძის შემოწმების შესახებ; ბ) ბაზრის ოპერატორი და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი დაინტერესებულ მხარეებთან ერთად კომისიური წესით ამოწმებენ აღრიცხვის კვანძს და ადგენენ აღრიცხვის კვანძის შემოწმების აქტს; გ) აღრიცხვის კვანძის გამართულობის დადასტურების შემთხვევაში მას შემოწმების მომენტიდან იღებენ ელექტროენერგიის საბითუმო ვაჭრობაში გამოყენების მიზნით, ხოლო გაუმართაობის შემთხვევაში ბაზრის ოპერატორი და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილი არიან შეაჩერონ აღრიცხვის წერტილის ექსპლუატაციაში მიღება გაუმართაობის აღმოფხვრამდე; დ) ახალი აღრიცხვის კვანძის შემოწმების აქტის ფორმას ამტკიცებს ბაზრის ოპერატორი და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი. 2. მზომი ტრანსფორმატორების ტესტირება სიზუსტის კლასის საპასპორტო მონაცემებთან შესაბამისობის დადგენაზე ტარდება გადაცემის ლიცენზიატისა და დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით. დასაშვებია ტესტირების ჩატარება უფლებამოსილი მხარეების არასრული შემადგენლობით, მხოლოდ დისპეტჩერიზაციისა და შესაბამისი გადაცემის ლიცენზიატების მიერ დანარჩენ უფლებამოსილ მხარეებთან შეთანხმებით, რომელიც დასტურდება შესაბამისი აქტით: ა) ახალი აღრიცხვის მოწყობილობების ექსპლუატაციაში მიღების წინ, განთავსების ადგილზე; ბ) ახალი მიერთების ან არსებული მიერთების მოდიფიკაციისას, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მონაწილეობით; გ) დაზიანებული აღრიცხვის მოწყობილობების აღდგენითი სამუშაოების დასრულების ან ახალი აღრიცხვის მოწყობილობების დამონტაჟების შემდეგ, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მონაწილეობით; დ) გეგმურად, 6-წლიანი პერიოდულობით, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მონაწილეობით. 3. ტესტირების ჩატარება და შესაბამისი ხარჯების ანაზღაურება უნდა უზრუნველყოს აღრიცხვის კვანძის მოწყობილობების მფლობელმა. გამართულობის ფაქტს ადასტურებს შესაბამისი ტესტირების დადებითი შედეგები. ტესტირების შედეგები ფორმდება შესაბამის ოქმში. 4. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ეჭვი აღრიცხვის სიზუსტის მიმართ, დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია მოითხოვოს აღრიცხვის მოწყობილობების ლაბორატორიული შემოწმება სათანადო აკრედიტაციის მქონე ორგანიზაციის მიერ. 5 ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ქმედებების გატარების შედეგად ეჭვის დადასტურების შემთხვევაში ლაბორატორიული შემოწმების ხარჯებს ფარავს აღრიცხვის კვანძის მფლობელი, წინააღმდეგ შემთხვევაში – შემოწმების ინიციატორი დაინტერესებული მხარე. 6. დაინტერესებულ მხარეებს, ბაზრის ოპერატორსა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს წინასწარ წერილობით უნდა შეატყობინონ ტესტირების თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ 3 სამუშაო დღით ადრე. 7. აღრიცხვის მოწყობილობების ტესტირება არ უნდა იწვევდეს ელექტროენერგიის აღრიცხვის წყვეტას. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პირობის დაცვა შეუძლებელია, ელექტროენერგიის აღრიცხვის წყვეტა მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი, ხოლო აღურიცხავი ელექტროენერგიის გაანგარიშება უნდა წარმოებდეს შესაბამისი წესით. 8. გადაცემის ლიცენზიატი ან/და მოსარგებლე მის მფლობელობაში არსებული აღრიცხვის მოწყობილობის დაზიანების შემთხვევაში ვალდებულია, დაუყოვნებლივ მის ხელთ არსებული კომუნიკაციის საშუალებით შეატყობინოს აღნიშნულის შესახებ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს და შემდგომ შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში წერილობით შეატყობინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატსა და ბაზრის ოპერატორს. 9. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ამოწმებს დაზიანებულ აღრიცხვის კვანძს დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, ადგენს შესაბამის შემოწმების აქტს. 10. ქსელის მეპატრონე დაინტერესებულ მხარეებთან შეთანხმებულ ვადაში აღადგენს დაზიანებას და შეატყობინებს ამის შესახებ ყველა დაინტერესებულ მხარეს, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატსა და ბაზრის ოპერატორს. 11. დაზიანების აღმოფხვრის შემდგომ აღრიცხვის კვანძის შემოწმებას ახორციელებს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი დაინტერესებულ მხარეებთან ერთად და ადგენს შესაბამის შემოწმების აქტს. 12. დაზიანებული აღრიცხვის კვანძის გამართული ფუნქციონირება უნდა აღდგეს შეძლებისდაგვარად სწრაფად (გონივრულ ვადაში). ჩატარებული სამუშაოების დამადასტურებელი ოქმები უნდა ინახებოდეს არანაკლებ სამი წლის განმავლობაში. 13. ბაზრის ოპერატორი და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს განახორციელოს საბითუმო აღრიცხვის კვანძში განთავსებული აღრიცხვის მოწყობილობების ინსპექტირება, რომელიც არ ითვალისწინებს დადებული ლუქების ახსნას. ინსპექტირების დროს აღრიცხვის კვანძის მოწყობის სისწორესთან დაკავშირებით წარმოშობილი ეჭვის შემთხვევაში აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ბაზრის ოპერატორს/დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს, შესაბამის გადაცემის ლიცენზიატს ან/და აღრიცხვის კვანძის მფლობელს. 14. აღრიცხვის კვანძის ინსპექტირებისას უნდა ჩატარდეს შემდეგი სამუშაოები: ა) აღრიცხვის მოწყობილობების ვიზუალურ-გარეგანი დათვალიერება; ბ) მრიცხველის კორპუსის მთლიანობის შემოწმება; გ) მრიცხველისა და მომჭერების ხუფზე ლუქების მთლიანობის შემოწმება; დ) დენისა და ძაბვის ტრანსფორმატორების ტრანსფორმაციის კოეფიციენტების ჩანაწერების შემოწმება ტრანსფორმატორების ფირნიშზე მინაერთის გამორთვის გარეშე (სადაც ეს შესაძლებელია) და მრიცხველის საანგარიშო კოეფიციენტის ჩანაწერებთან შედარება; ე) მრიცხველის მიერთების სქემის შემოწმება (პროგრამულად, ლუქის ახსნის გარეშე); ვ) აღრიცხვის კვანძის შემოწმების აქტის გაფორმება ყველა მონაწილე მხარის ხელმოწერით; ზ) მრიცხველის, დენისა და ძაბვის მზომი ტრანსფორმატორების გაზომვის ოქმებისა და პასპორტის არსებობის შემოწმება; თ) აღრიცხვის ჟურნალის წარმოების შემოწმება. 15. გადამცემი ქსელის ტექნიკური აღრიცხვის (გადაცემის ლიცენზიატების ქვესადგურებში ელექტროენერგიის ბალანსის გამოანგარიშების მიზნით) მოწყობის, ექსპლუატაციაში მიღებისა და შემოწმების/ინსპექტირების პროცედურებსა და წესებს ადგენს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი.
მუხლი 71. აღრიცხვის მოწყობილობებზე დაშვება და დალუქვა 1. მოსარგებლემ და გადაცემის ლიცენზიატმა დროის ნებისმიერ მონაკვეთში დაუბრკოლებლად უნდა დაუშვან დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის, ბაზრის ოპერატორისა და შესაბამისი გადაცემის ლიცენზიატის უფლებამოსილი წარმომადგენლები აღრიცხვის კვანძის შესამოწმებლად. ტექნიკური მომსახურების საჭიროების შემთხვევაში, რომელიც შეიძლება იმავდროულად გულისხმობდეს ავტოტრანსპორტის, აპარატურის, მოწყობილობისა და ტექნიკური მომსახურებისათვის საჭირო მასალების შეტანას, მოსარგებლე ან გადაცემის ლიცენზიატი ვალდებულია უზრუნველყოს აღრიცხვის მოწყობილობის მფლობელის დაუბრკოლებელი დაშვება მის ტერიტორიაზე შესაბამისი სამუშაოების ჩატარების მიზნით. 2. აღრიცხვის კვანძის გამართულობის შემთხვევაში აღრიცხვის მოწყობილობები ილუქება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისა და სურვილის შემთხვევაში – აღრიცხვის მოწყობილობების მფლობელის მიერ. 3. აღრიცხვის მოწყობილობების ტესტირების ან მათზე სხვა მოქმედების ჩატარებამდე, ვიდრე გაიხსნება ლუქები, მონაწილე მხარეებმა უნდა შეამოწმონ მათი მთლიანობა და შეადარონ თითოეული ლუქის სერიული ნომერი მის ჩანაწერებში არსებულ ნომერს. 4. აღრიცხვის კვანძში ლუქი უნდა დაედოს შემდეგ მოწყობილობებს: ა) მრიცხველს; ბ) ძაბვის გადამრთველი მოწყობილობის ხუფს; გ) მრიცხველის ჩვენების ჩამოყრის მექანიზმს; დ) მრიცხველის მომჭერების ხუფს; ე) დენურ და ძაბვის წრედების ნებისმიერ შუალედურ მომჭერებს; ვ) სარეზერვო კვების წყაროს საკომუტაციო წრედებსა და გამთიშველებს; ზ) აღრიცხვის კვანძის ნებისმიერ სხვა ადგილს, საიდანაც შესაძლებელია აღრიცხვის კვანძში არასანქცირებული შეღწევა. 5. თითოეული ლუქის დადება ან მოხსნა უნდა განხორციელდეს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისა და ყველა სხვა უფლებამოსილი მხარის თანდასწრებით (71-ე მუხლის შესაბამისად), რის შემდეგაც უნდა გაფორმდეს აღრიცხვის კვანძის შემოწმების აქტი შესაბამისი ლუქის მოხსნის მიზნის მითითებით. თითოეულ მხარეს უნდა გააჩნდეს ამ აქტის ასლი, რომელიც უნდა შეიცავდეს: ა) ლუქის ნომერს; ბ) ლუქის დადების თარიღს; გ) ობიექტისა და მინაერთის დასახელებას; დ) აღრიცხვის კვანძის კომპონენტის დასახელებას; ე) ლუქის დადების ადგილს; ვ) ლუქის დადების პროცესში მონაწილე და დამსწრე პირების ვინაობასა და თანამდებობას. 6. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია აღრიცხვის წერტილში უზრუნველყოს აღრიცხვის ყველა მოწყობილობის დალუქვის ადგილებში (მრიცხველის ქვედა ხუფი, დენისა და ძაბვის წრედების მომჭერების ხუფები, ძაბვის ტრანსფორმატორის მეორადი წრედების ავტომატები, მათი კოლოფები და სხვა) სათანადო ლუქების დადება. 7. დადებული ლუქის სიმრთელის დაცულობაზე პასუხისმგებელია ის გადაცემის ლიცენზიატი ან ის მოსარგებლე, ვის მფლობელობაში/მართვაშიც არის აღრიცხვის მოწყობილობა.
მუხლი 72. აღრიცხვის მონაცემების შედარება და ფორმირება 1. ნებისმიერ ეტაპზე, თუ გამოვლინდა გადაცემის ლიცენზიატისა და მოსარგებლის აღრიცხვის ჟურნალის ჩანაწერებში აღრიცხვის მონაცემებსა და ზედა დონის ესკაა სისტემის მონაცემთა ბაზებში დაფიქსირებულ დროის ერთსა და იმავე პერიოდის მონაცემებს შორის განსხვავება, უპირატესობა ენიჭება ზედა დონის ესკაა სისტემის აღრიცხვის მონაცემებს. 2. შესაბამისი გადაცემის ლიცენზიატი ან/და ის მოსარგებლე, ვის მფლობელობაში/მართვაშიც არის აღრიცხვის კვანძი, ვალდებულია, მიიღოს ზომები, რომ შესაძლებელი იყოს დადგენილი პერიოდულობით ელექტროენერგიის მაჩვენებლების დისტანციურად წაკითხვა. 3. საანგარიშსწორებო მრიცხველის ან შესაბამისი აღრიცხვის კვანძის სხვა მოწყობილობის დაზიანების შემთხვევაში აღრიცხვის მონაცემების ჩანაცვლება დასაშვებია შესაბამისი საკონტროლო მრიცხველის მონაცემებით. იმ შემთხვევაში, თუ საკონტროლო მრიცხველის მონაცემები არ არსებობს ან არასრულია, მაშინ ანგარიშსწორებისთვის აღრიცხვის მონაცემების დაზუსტებული მნიშვნელობები უნდა მომზადდეს ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების მოთხოვნების შესაბამისად. 4. აღურიცხავი ელექტროენერგიის რაოდენობის დადგენის მიზნით უნდა მიეთითოს გადასაანგარიშებელი პერიოდი, რომელიც განისაზღვრება: ა) ელექტროენერგიის აღრიცხვაში გაუმართაობის დადგომის მომენტიდან გაუმართაობის აღმოფხვრის მომენტამდე; ბ) იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ელექტროენერგიის აღრიცხვაში გაუმართაობის დადგომის მომენტის დადგენა, მაშინ ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძის ბოლო შემოწმებიდან/ინსპექტირებიდან გაუმართაობის აღმოფხვრის მომენტამდე. 5. აღურიცხავი ელექტროენერგიის გამოვლენის შემთხვევაში გაანგარიშება შეიძლება განხორციელდეს შემდეგი მეთოდების გამოყენებით: ა) გაანგარიშება მინაერთის მეორე ბოლოში არსებული ელექტროენერგიის მრიცხველით – იმ შემთხვევაში, თუ მინაერთის მეორე ბოლოში არსებობს ელექტროენერგიის მრიცხველ(ებ)ი, რომელიც აღრიცხავს მხოლოდ ამ მინაერთში გამავალ (მიღებულ) ელექტროენერგიას და მისი სათანადო წესით შემოწმებით (კომისიური წესით) დადასტურდება აღრიცხვიანობის გამართულობა, მისი მაჩვენებლები შესაძლებელია ძირითადი ელექტროენერგიის მრიცხველის აღრიცხვიანობის მოშლის პერიოდისათვის გამოყენებულ იქნეს ანგარიშსწორებისათვის, მინაერთში დანაკარგების გათვალისწინებით; ბ) გაანგარიშება გენერატორებისა და საკუთარი მოხმარების მრიცხველებზე აღრიცხული ელექტროენერგიით – იმ შემთხვევაში, თუ ელექტროსადგურის მიერ სალტეზე გაშვებული ელექტროენერგიის აღრიცხვაში მონაწილე აღრიცხვის კვანძის (კვანძების) დაზიანების გამო შეუძლებელი ხდება სალტეზე გაშვებული ელექტროენერგიის რაოდენობის დადგენა, აღნიშნული რაოდენობის გათვლა უნდა განხორციელდეს გენერატორებისა და საკუთარი მოხმარების მრიცხველებზე აღრიცხული ელექტროენერგიისა და სასადგურე დანაკარგების გათვალისწინებით; გ) გაანგარიშება შემასწორებელი კოეფიციენტის გამოყენებით – იმ შემთხვევაში, თუ მრიცხველის ან აღრიცხვის კვანძის დაზიანება გამოწვეულია ძაბვის ან/და დენის სადენების დაზიანებით (მომჭერებზე კონტაქტის მოშლა, სადენის გაწყვეტა, დაწვა ან სხვა) ან წრედის პოლარობის შეცვლის გამო, აღურიცხავი ელექტროენერგიის გაანგარიშებისათვის გამოიყენება შემასწორებელი კოეფიციენტი, რომლის სიდიდეც დამოკიდებულია დაზიანებული წრედის გვარობაზე (დენის ან ძაბვის), დაზიანებული ფაზების გვარობასა (A, B ან C ფაზა) და რაოდენობაზე (1 ფაზა ან 2 ფაზა) და მრიცხველის მიერთების სქემაზე (სამფაზა ორელემენტიანი – არონის სქემა, ან სამფაზა სამელემენტიანი); დ) გაანგარიშება საშუალო სიმძლავრის მეთოდით – ელექტროენერგიის არასწორად აღრიცხვის პერიოდის დადგენის შემდეგ აღურიცხავი ელექტროენერგიის რაოდენობის გაანგარიშება წარმოებს საშუალო სიმძლავრის მეთოდით, დაზიანებამდე პერიოდის ან აღრიცხვიანობის აღდგენის შემდგომი პერიოდის გათვალისწინებით; ე) გაანგარიშება მხარეებს შორის ურთიერთშეთანხმებული სხვა მეთოდის ან გადაწყვეტის გამოყენებით, მათ შორის აღრიცხვის ავტომატიზებული სისტემის გაზომვის მონაცემების საფუძველზე. 6. აღურიცხავი ელექტროენერგიის გამოვლენად არ შეიძლება ჩაითვალოს და, შესაბამისად, არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები, ესკაა სისტემის მიერ აღრიცხვის მოწყობილობიდან ელექტროენერგიის აღრიცხვის მონაცემების მიღების პროცესში შეფერხება, იმ პირობით, რომ შესაბამისი პერიოდის ელექტროენერგიის აღრიცხვის მონაცემების სრულად ამოღება შესაძლებელია ადგილზე მრიცხველიდან.
თავი IX გარდამავალი დებულებები მუხლი 73. ამ წესების ამოქმედებისთვის გასატარებელი ღონისძიებები 1. ამ წესების მოქმედება ვრცელდება მის ძალაში შესვლამდე არსებულ ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეებზე. 2. ამ წესებით გათვალისწინებული ცალკეული მოთხოვნის შესრულება ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეების მიმართ შეიძლება გადავადდეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, ამ მუხლის მე-3-მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული წესით. 3. არსებული მოსარგებლეები (მათ შორის, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი) უფლებამოსილი არიან, 2015 წლის პირველ ივლისამდე მიმართონ კომისიას წესების ცალკეული მოთხოვნის შესრულების გადავადების მოთხოვნით, ხოლო მოთხოვნაში დეტალურად უნდა იყოს აღწერილი მოთხოვნის შესრულების გადავადების მიზეზი, გადავადების პერიოდი და მოთხოვნის შესრულებისათვის საჭირო ინვესტიციების მოცულობა. 4. კომისია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნას (გარდა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მოთხოვნისა) მიღებისთანავე შესასწავლად უგზავნის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს, რომელიც ვალდებულია შეისწავლოს მოთხოვნაში მითითებული გარემოებები და არა უგვიანეს ორი თვის ვადაში მიაწოდოს კომისიას მისი დასაბუთებული (დადებით ან უარყოფით) პოზიცია მოთხოვნილ გადავადებასთან დაკავშირებით. 5. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის წერილობითი პოზიციის მიღების შემდეგ კომისიაში იწყება ადმინისტრაციული წარმოება და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ვადაში მიიღება გადაწყვეტილება არსებული მოსარგებლეების მიერ ამ წესების ცალკეული მოთხოვნის შესრულების გადავადების ან გადავადებაზე უარის თაობაზე. 6. თუ კომისიაში წესების ცალკეული მოთხოვნის შესრულების გადავადების თაობაზე წარმოდგენილია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მოთხოვნა, მასზე ადმინისტრაციული წარმოება იწყება მიღებისთანავე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ვადაში მიიღება გადაწყვეტილება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისათვის ამ წესების ცალკეული მოთხოვნის შესრულების გადავადების ან გადავადებაზე უარის თაობაზე.“.
10. წესებს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1-9 დანართები: „ დანართი 1 ენერგობლოკის/აგრეგატის ტექნიკური პარამეტრები
დანართი 2 ენერგობლოკის/აგრეგატის გეგმიური გათიშვის მონაცემები
დანართი 3 ელექტროსადგურების ოპერატიული დაგეგმვის მონაცემები
დანართი 4 მოსარგებლის ელექტრომოწყობილობა-დანადგარების პარამეტრები
დანართი 5 ქსელის მოწყობილობათა ტექნიკური პარამეტრები
დანართი 6 მიერთების წერტილის პარამეტრები
დანართი 7 დატვირთვის მახასიათებლები
დანართი 8 მოკლე შერთვის დენების მონაცემები
დანართი 9 განაწილების ლიცენზიატის დატვირთვის სტრუქტურა
„
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები