იურიდიული დახმარების შესახებ

იურიდიული დახმარების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4955
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 19/06/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 24, 02/07/2007
სარეგისტრაციო კოდი 160.020.020.05.001.002.895
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
4955
19/06/2007
სსმ, 24, 02/07/2007
160.020.020.05.001.002.895
იურიდიული დახმარების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (30/12/2008 - 24/09/2010)

საქართველოს კანონი

იურიდიული დახმარების შესახებ

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის მიზანი

1. ამ კანონის მიზანია საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გარანტირებული დაცვის უფლების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი, სოციალურ მოთხოვნილებაზე ორიენტირებული, მდგრადი და საიმედო იურიდიული დახმარების სისტემის და საბიუჯეტო სახსრების გამჭირვალე და შედეგიანი ხარჯვისათვის იურიდიული დახმარების ადმინისტრირების ეფექტიანი სისტემის შექმნა.

2. ყველას აქვს უფლება, ამ კანონით დადგენილი წესით ისარგებლოს თანმიმდევრული და კვალიფიციური იურიდიული კონსულტაციითა და იურიდიული დახმარებით სახელმწიფოს ხარჯზე.

3. იურიდიული დახმარება ეფუძნება კანონიერების, მხარეთა თანასწორობის პრინციპებს და უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებით დაუბრკოლებელ სარგებლობას.

4. ამ კანონით დადგენილი წესით იურიდიული კონსულტაცია გაიწევა ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე, ხოლო იურიდიული დახმარება უზრუნველყოფილია სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების დროს.

    მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) იურიდიული დახმარება – სამართლებრივი დოკუმენტების შედგენა, წარმომადგენლობა სასამართლოში ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეებთან დაკავშირებით და ადმინისტრაციულ ორგანოში, აგრეთვე სისხლის სამართლის პროცესში სახელმწიფოს ხარჯზე;

ბ) იურიდიული კონსულტაცია – ყველასთვის ხელმისაწვდომი სამართლებრივი რჩევა ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე;

გ) მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრი (შემდგომში – რეესტრი) – იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მონაცემების საფუძველზე შედგენილი იურიდიული დახმარების განმახორციელებელი ადვოკატების სია;

დ) საზოგადოებრივი ადვოკატი – იურიდიული დახმარების ბიუროს, იურიდიული დახმარების მიმწოდებლის ან რეესტრში რეგისტრირებული ადვოკატი, რომელიც ამ კანონის საფუძველზე ახორციელებს იურიდიულ დახმარებას;

ე) იურიდიული დახმარების მიმწოდებელი (შემდგომში – მიმწოდებელი) – იურიდიული დახმარების განმახორციელებელი კერძო სამართლის იურიდიული პირი ან ადვოკატი;

ვ) იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირი – საქართველოს მოქალაქე, მოქალაქეობის არმქონე პირი, უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილ კრიტერიუმებს;

ზ) გადახდისუუნარო პირი – სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი, რომლის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვარზე ნაკლებია.

თავი II. იურიდიული დახმარება

    მუხლი 3. იურიდიული დახმარების სახეები

ამ კანონის მიზნებისათვის, იურიდიული დახმარების სახეებია:

ა) სამართლებრივი დოკუმენტების შედგენა;

ბ) ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელისა და მსჯავრდებულის ინტერესების დაცვა სისხლის სამართლის პროცესში;

გ) დაზარალებულის დაცვა სისხლის სამართლის პროცესში საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ, სახელმწიფოს ხარჯზე დაცვის განხორციელების შემთხვევებში;

დ) წარმომადგენლობა სასამართლოში ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეებთან დაკავშირებით;

ე) წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოში.

    მუხლი 4. იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირი

ფიზიკურ პირს უფლება აქვს, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით ისარგებლოს იურიდიული დახმარებით სახელმწიფოს ხარჯზე.

    მუხლი 5. იურიდიული დახმარების გაწევის პირობები

1. იურიდიული დახმარება უზრუნველყოფილია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე ამ კანონით დადგენილი წესით, თუ ეჭვმიტანილი, ბრალდებული, განსასჯელი, მსჯავრდებული გადახდისუუნაროა.

2. სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში იურიდიული დახმარება უზრუნველყოფილია, თუ პირი გადახდისუუნაროა და ამას მოითხოვს მართლმსაჯულების განხორციელების ინტერესები.

3. განსაკუთრებულ შემთხვევებში იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება იმ პირისათვის იურიდიული დახმარების გაწევის შესახებ, რომელიც არ არის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი.

საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №968 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.340

    მუხლი 6. პირის გადახდისუუნარობის დადგენა

1. პირის გადახდისუუნარობის დადასტურების წესი განისაზღვრება საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანებით.

2. საჭიროების შემთხვევაში პირის გადახდისუუნარობის დადგენის მიზნით იურიდიული დახმარების ბიურო ან მიმწოდებელი უფლებამოსილია, მიმართოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც ვალდებულია, დაუყოვნებლივ გასცეს სათანადო ინფორმაცია.

საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №968 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.340

    მუხლი 7. იურიდიული დახმარების ხარჯების ანაზღაურება

1. თუ სასამართლომ სამოქალაქო ან ადმინისტრაციული საქმის განხილვისას გადაწყვეტილება გამოიტანა იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირის სასარგებლოდ, იურიდიული დახმარების ხარჯების ანაზღაურება ეკისრება მოწინააღმდეგე მხარეს იურიდიული დახმარების სამსახურის სასარგებლოდ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. თუ იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირმა იურიდიული დახმარება მიიღო გადახდისუუნარობის შესახებ ყალბი, ცრუ ინფორმაციის წარდგენით, იგი ვალდებულია აანაზღაუროს მისთვის გაწეული იურიდიული დახმარების ხარჯები.

თავი III. იურიდიული დახმარების სამსახურის სტრუქტურა და საქმიანობის დამოუკიდებლობის გარანტიები

საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №968 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.340

    მუხლი 8. იურიდიული დახმარების სამსახური

1. იურიდიული დახმარების სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც უზრუნველყოფს იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობას და თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, ამ კანონის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და სამსახურის დებულების საფუძველზე.

2. სამსახური შედგება იურიდიული დახმარების სამსახურის აპარატისაგან (შემდგომში – აპარატი), ამ კანონის საფუძველზე შექმნილი იურიდიული დახმარების ბიუროებისა და საკონსულტაციო ცენტრებისაგან.

3. (ამოღებულია).

4. სამსახურის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. სამსახურის დებულებას ამტკიცებს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).

საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №968 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.340

მუხლი 8 1 . სამსახურის საქმიანობის დამოუკიდებლობის გარანტიები

სამსახური დამოუკიდებლად ასრულებს მისთვის დაკისრებულ ამოცანებს. დაუშვებელია მის საქმიანობაზე ზემოქმედება.

საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №968 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.340

    მუხლი 9. მინისტრის ფუნქციები

მინისტრის ფუნქციებია:

ა) სამსახურის დირექტორის (შემდგომში – დირექტორი) თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) სამსახურის საქმიანობის, ამ კანონის, სამსახურის დებულებისა და სხვა აქტების შესრულების, გაწეული იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ეფექტიანობის ზედამხედველობა დირექტორის ანგარიშებისა და სამსახურის მონიტორინგის საბჭოს რეკომენდაციების საფუძველზე;

გ) (ამოღებულია).

დ) სამსახურის საქმიანობის შესახებ დირექტორის კვარტალური და წლიური ანგარიშების (მათ შორის, ფინანსური ანგარიშის) მოსმენა.

საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №968 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.340

    მუხლი 10. იურიდიული დახმარების სამსახურის მონიტორინგის საბჭო

1. სამსახურის საქმიანობის დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფის მიზნით იქმნება სამეთვალყურეო ორგანო – სამსახურის მონიტორინგის საბჭო (შემდგომში – საბჭო).

2. საბჭო შედგება 7 წევრისაგან, რომელთაგან ერთი წარმოადგენს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრს, ერთი – საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოქმედ მოსამართლეს, ერთი – საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა ან ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრს, ხოლო ერთი – ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ არასამთავრობო ორგანიზაციებს. საბჭოს საქმიანობაში წევრის სახით მონაწილეობს მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე.

21. საბჭოს სხდომებში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობენ დირექტორი და იურიდიული დახმარების ბიუროს 2 წარმომადგენელი.

3. საბჭოს წევრებს ნიშნავს მინისტრი.

4. საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება საბჭოს დებულებით, რომელსაც დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს საბჭო.

5. საბჭო იკრიბება 3 თვეში ერთხელ მაინც.

6. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება მოწვეულ იქნეს საბჭოს რიგგარეშე სხდომა მინისტრის, დირექტორის, საბჭოს თავმჯდომარის ან საბჭოს არანაკლებ 3 წევრის მოთხოვნით.

7. საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა მოთხოვნიდან არა უგვიანეს 10 დღისა.

საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №968 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.340

    მუხლი 11. საბჭოს ფუნქციები

საბჭო:

ა) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს;

ბ) ყოველი წლის დასაწყისში ამტკიცებს სამსახურის სტრატეგიას, ახორციელებს მონიტორინგს სამსახურის სტრატეგიის შესრულებაზე;

გ) სამსახურის ფუნქციონირების დახვეწის მიზნით დირექტორთან შეთანხმებით შეიმუშავებს რეკომენდაციებსა და წინადადებებს და განსახილველად წარუდგენს მინისტრს;

დ) ისმენს დირექტორის კვარტალურ და წლიურ ანგარიშებს სამსახურის საქმიანობის შესახებ;

ე) ყოველი საბიუჯეტო წლის ბოლოს ისმენს სამსახურის საქმიანობის შესახებ ფინანსურ ანგარიშს;

ვ) ახორციელებს ამ კანონით და საბჭოს დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №968 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.340

    მუხლი 12. საბჭოს თავმჯდომარე

1. საბჭოს თავმჯდომარე (შემდგომში – თავმჯდომარე) აირჩევა საბჭოს წევრებისგან, საბჭოს სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით, 1 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი თავმჯდომარედ შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

2. თავმჯდომარის არჩევის, მისი უფლებამოსილების გაგრძელებისა და უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებები მიიღება დადგენილების ფორმით, რომელსაც ხელს აწერს კენჭისყრაში მონაწილე ყველა წევრი.

3. თავმჯდომარე იწვევს და უძღვება საბჭოს სხდომებს, ხელს აწერს საბჭოს მიერ მიღებულ რეკომენდაციებს და საბჭოს სახელით შედგენილ სხვა დოკუმენტებს.

    მუხლი 13. დირექტორი

1. დირექტორი ხელმძღვანელობს სამსახურს და წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობაში.

2. დირექტორს არა აქვს საადვოკატო საქმიანობის უფლება, აგრეთვე უფლება, ეწეოდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა.

3. დირექტორს არა აქვს უფლება, გაამჟღავნოს კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით.

4. დირექტორს არა აქვს უფლება, თავის ახლო ნათესავთან ან მის წარმომადგენელთან დადოს გარიგება სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

5. თუ ამ კანონითა და სამსახურის დებულებით დადგენილ შემთხვევებში ერთპიროვნულად მისაღები გადაწყვეტილების მიმართ დირექტორს აქვს პირადი ინტერესი, იგი ვალდებულია, ინტერესთა კონფლიქტის შესახებ წერილობით აცნობოს მინისტრს, რომელიც მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

6. დირექტორს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომლის (რომელთა) ფუნქციები განისაზღვრება სამსახურის დებულებითა და დირექტორის მიერ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გამოცემული აქტებით.

    მუხლი 14. დირექტორის ფუნქციები

დირექტორის ფუნქციებია:

ა) სამსახურის ხელმძღვანელობა და საკონსულტაციო ცენტრების, იურიდიული დახმარების ბიუროებისა და მიმწოდებლების საქმიანობის ზედამხედველობა;

ბ) სამსახურის დებულებისა და დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე წინადადებების შემუშავება და დასამტკიცებლად მინისტრისათვის წარდგენა;

გ) მინისტრთან შეთანხმებით სამსახურის, იურიდიული დახმარების ბიუროებისა და საკონსულტაციო ცენტრების საშტატო ნუსხისა და შრომის ანაზღაურების ფონდის დამტკიცება;

დ) თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების ოდენობის დამტკიცება;

ე) მინისტრთან შეთანხმებით სამსახურის სიმბოლიკის დამტკიცება;

ვ) მინისტრთან შეთანხმებით სამსახურის ბიუჯეტის დამტკიცება;

ზ) მინისტრთან შეთანხმებით საკონსულტაციო ცენტრებისა და იურიდიული დახმარების ბიუროების ხელმძღვანელების თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება;

თ) მინისტრთან შეთანხმებით იურიდიული დახმარების ბიუროებისა და მიმწოდებლების სამოქმედო ტერიტორიების ფარგლების განსაზღვრა;

ი) იურიდიული დახმარების შესყიდვასთან დაკავშირებით ტენდერის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება და სატენდერო პირობების დადგენა;

კ) სამსახურის საქმიანობის სრულყოფისათვის აუცილებელ ღონისძიებათა შესახებ რეკომენდაციების შემუშავება და მინისტრისათვის წარდგენა;

ლ) საკონსულტაციო ცენტრების, იურიდიული დახმარების ბიუროების, მიმწოდებლებისა და რეესტრში რეგისტრირებული ადვოკატების ანგარიშგების წესისა და ფორმის შემუშავება და დასამტკიცებლად მინისტრისათვის წარდგენა;

1) რეესტრში რეგისტრირებულ ადვოკატთა საქმეში ჩართვის პროცედურისა და შრომის ანაზღაურების ოდენობების განსაზღვრა;

მ) რეესტრში რეგისტრირებულ ადვოკატთა მიერ კვალიფიციური იურიდიული დახმარების გაწევის უზრუნველყოფა და გაწეული მომსახურების ხარისხის კონტროლი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან თანამშრომლობით, სამსახურის დებულებით დადგენილი წესით;

ნ) სამსახურის შინაგანაწესისა და სხვა დოკუმენტების შემუშავება და დამტკიცება;

ო) სამსახურის მიერ სტატისტიკის წარმოების კოორდინაცია და მისი ანალიზი;

პ) მინისტრთან შეთანხმებით დირექტორის მოადგილის (მოადგილეების) თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება;

ჟ) აპარატის, იურიდიული დახმარების ბიუროებისა და საკონსულტაციო ცენტრების თანამშრომელთა თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება, მათ მიმართ დისციპლინური ზემოქმედებისა და წახალისების ღონისძიებების გამოყენება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

რ) საკონსულტაციო ცენტრისა და იურიდიული დახმარების ბიუროს შექმნის ან გაუქმების შესახებ წინადადებების შემუშავება და მინისტრისათვის წარდგენა;

ს) იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების კრიტერიუმებისა და წესის შემუშავება და დამტკიცება, მისი შესრულების ზედამხედველობა;

ტ) საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით იურიდიული დახმარების შესყიდვასთან დაკავშირებით ტენდერის ჩატარების უზრუნველყოფა, ტენდერის შედეგად შერჩეულ მიმწოდებელთან ხელშეკრულების დადება;

უ) საკონსულტაციო ცენტრების, იურიდიული დახმარების ბიუროებისა და მიმწოდებლების საქმიანობასთან დაკავშირებული საჩივრების, აგრეთვე იურიდიულ დახმარებაზე უარის თქმის საფუძვლიანობის განხილვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ფ) ტრენინგებისა და სემინარების ჩატარების უზრუნველყოფა სამსახურში დასაქმებულ საზოგადოებრივ ადვოკატთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით;

ქ) სამსახურის საქმიანობის შესახებ კვარტალური და წლიური ანგარიშების მინისტრისათვის წარდგენა;

ღ) სამსახურის საქმიანობის შესახებ მიმდინარე ანგარიშის საბჭოსათვის 3 თვეში ერთხელ წარდგენა;

ყ) სამსახურის საფინანსო აღრიცხვა-ანგარიშგების ორგანიზება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

შ) წლიური ანგარიშის საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

ჩ) სამსახურის საქმიანობის პოპულარიზაციის უზრუნველყოფა;

ც) ამ კანონითა და სამსახურის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №968 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.340

    მუხლი 15. აპარატი

სამსახურის ეფექტიანი მართვის მიზნით იქმნება აპარატი, რომლის ფორმირების წესი, სტრუქტურა და უფლებამოსილება განისაზღვრება სამსახურის დებულებით.

    მუხლი 16. იურიდიული დახმარების ბიურო

1. იურიდიული დახმარების ბიურო არის სამსახურის შემადგენელი ერთეული, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესითა და თავისი სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებში ახორციელებს იურიდიულ დახმარებას.

2. იურიდიული დახმარების ბიურო პასუხისმგებელია თავისი სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებში კვალიფიციური იურიდიული დახმარების უზრუნველყოფისა და იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირთა ინტერესების მაქსიმალური დაცვისათვის, რათა მათ შეძლონ, სრულად ისარგებლონ საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებებით.

3. იურიდიული დახმარების ბიუროს შემადგენლობაში შედიან იურიდიული დახმარების ბიუროს ხელმძღვანელი, ადვოკატები და ადმინისტრაციული პერსონალი.

4. იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონით, სამსახურის დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით.

5. დაუშვებელია იურიდიული დახმარების ბიუროს საქმიანობაზე უკანონო ზემოქმედება.

6. იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატები მოქმედებენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების მიერ დამტკიცებული ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის შესაბამისად.

7. იურიდიული დახმარების ბიუროს ხელმძღვანელის, ადვოკატებისა და ადმინისტრაციული პერსონალის უფლებამოსილებანი განისაზღვრება სამსახურის დებულებით.

 

მუხლი 17.საკონსულტაციო ცენტრი

1. იურიდიული კონსულტაცია ხორციელდება იურიდიული დახმარების ერთიანი სისტემის ფარგლებში შექმნილ საკონსულტაციო ცენტრებში. იურიდიული კონსულტაციის ხანგრძლივობაა არა უმეტეს ერთი საათისა.

2. ფიზიკურ პირს უფლება აქვს, მიიღოს იურიდიული კონსულტაცია ნებისმიერ საკონსულტაციო ცენტრში, საცხოვრებელი ადგილისა და ქონებრივი მდგომარეობის მიუხედავად.

3. საქართველოს იმ რეგიონებში, სადაც არ მოქმედებს იურიდიული დახმარების ბიურო, რეესტრიდან საზოგადოებრივი ადვოკატის საქმეში ჩართვას უზრუნველყოფს საკონსულტაციო ცენტრი.

საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №968 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.340

    მუხლი 18. მიმწოდებელი

მიმწოდებელი არის ტენდერის საფუძველზე შერჩეული კერძო სამართლის იურიდიული პირი ან ადვოკატი, რომელიც ახორციელებს იურიდიულ დახმარებას ამ კანონის საფუძველზე და ხელშეკრულებით განსაზღვრული სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებში.

მუხლი 19 . რეესტრი

1. რეესტრში რეგისტრირებული ადვოკატი ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში იურიდიული დახმარების ბიუროს, მიმწოდებლის ან საკონსულტაციო ცენტრის მიმართვის საფუძველზე ახორციელებს იურიდიულ დახმარებას სახელმწიფოს ხარჯზე.

2. რეესტრს აწარმოებს სამსახური. რეესტრში ადვოკატის რეგისტრაცია ხორციელდება ადვოკატის განცხადების საფუძველზე, ღია კონკურსის გზით.

3. რეესტრისა და განცხადების ფორმებს ადგენს დირექტორი და ამტკიცებს მინისტრი.

საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №968 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.340

    მუხლი 20. ანგარიშგების ფორმა

საზოგადოებრივი ადვოკატი, მათ შორის, რეესტრში რეგისტრირებული ადვოკატი, ვალდებულია, გაწეული იურიდიული დახმარების შესახებ ანგარიში დადგენილი ფორმითა და დადგენილ ვადაში წარუდგინოს შესაბამის იურიდიული დახმარების ბიუროს, მიმწოდებელს ან საკონსულტაციო ცენტრს.

საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №968 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.340

თავი IV . საზოგადოებრივი ადვოკატის საქმეში ჩართვა

    მუხლი 21. საზოგადოებრივი ადვოკატის საქმეში ჩართვა

1. სისხლის სამართლის პროცესში საზოგადოებრივი ადვოკატის საქმეში ჩართვას უზრუნველყოფს იურიდიული დახმარების ბიურო, მიმწოდებელი ან საკონსულტაციო ცენტრი:

ა) ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის, მსჯავრდებულის ან მისი წარმომადგენლის ან/და ახლო ნათესავის მიმართვის საფუძველზე;

ბ) პროცესის მწარმოებელი ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართვის საფუძველზე.

2. ეჭვმიტანილს, ბრალდებულს, განსასჯელსა და მსჯავრდებულს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, დაუკავშირდნენ საზოგადოებრივ ადვოკატს და მოიწვიონ იგი. პროცესის მწარმოებელი ორგანო ვალდებულია, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე უზრუნველყოს საზოგადოებრივი ადვოკატის საქმეში ჩართვა და მის მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება.

3. ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეებთან დაკავშირებით იურიდიული დახმარების ბიურო, მიმწოდებელი ან საკონსულტაციო ცენტრი განიხილავს პირის მიმართვას, არკვევს, აკმაყოფილებს თუ არა იგი ამ კანონით და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილ კრიტერიუმებს, და იღებს გადაწყვეტილებას საზოგადოებრივი ადვოკატის დანიშვნის ან დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ.

4. იურიდიული დახმარების გაწევაზე უარი დასაბუთებული უნდა იყოს. გადაწყვეტილება იურიდიული დახმარების გაწევაზე უარის თქმის შესახებ საჩივრდება ზემდგომ თანამდებობის პირთან ან ორგანოში, ხოლო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი – სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. საზოგადოებრივი ადვოკატის საქმეში ჩართვის პროცედურა განისაზღვრება სამსახურის დებულებით.

6. საქმეში ჩართული საზოგადოებრივი ადვოკატი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეუდგეს ამ კანონით, სამსახურის დებულებითა და საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელებას.

საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №968 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.340

თავი V. სამსახურის საქმიანობის ფინანსური გარანტიები

საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №968 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.340

    მუხლი 22. სამსახურის დაფინანსების წყარო

სამსახურის დაფინანსების წყაროებია:

ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) შემოწირულებები და გრანტები;

გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

მუხლი 22 1 . სამსახურის ბიუჯეტის შემცირება

სამსახურის ბიუჯეტის შემცირება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლით გათვალისწინებული მოცულობის ფარგლებში წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით შესაძლებელია მხოლოდ საბჭოს თანხმობით.

საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №968 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.340

თავი VI. გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 23. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები

1. (ამოღებულია).

2. (ამოღებულია).

3. (ამოღებულია).

4. 2009 წლის 1 იანვრამდე სისხლის სამართლის პროცესში იურიდიული დახმარება უზრუნველყოფილია ამ კანონით დადგენილი წესით ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელისა და მსჯავრდებულის ქონებრივი მდგომარეობის მიუხედავად.

საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №968 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.340

    მუხლი 24. ამოღებულია

საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №968 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.340

თავი VII. დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 25. ძალადაკარგული ნორმატიული აქტი

ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი (სახაზინო) ადვოკატის სამსახურის შექმნის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 17 თებერვლის №308 ბრძანება.

    მუხლი 26. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ეს კანონი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების ნაწილში, გარდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული, სახელმწიფოს ხარჯზე დაცვის განხორციელების შემთხვევისა, ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს 2008 წლის 7 ოქტომბრის კანონი №325 - სსმ I, №24, 20.10.2008 წ., მუხ.163

 

საქართველოს პრეზიდენტი                                                               მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 19 ივნისი.

№4955–Iს

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2008 წლის 7 ოქტომბრის კანონი №325 - სსმ I, №24, 20.10.2008 წ., მუხ.163

2. საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №968 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.340

 

30. 05/09/2024 - საქართველოს კანონი - 4416-XVIმს-Xმპ - ვებგვერდი, 23/09/2024 29. 09/02/2023 - საქართველოს კანონი - 2571-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 27/02/2023 28. 22/12/2022 - საქართველოს კანონი - 2479-Xრს-Xმპ - ვებგვერდი, 29/12/2022 27. 30/11/2022 - საქართველოს კანონი - 2217-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 15/12/2022 26. 21/06/2022 - საქართველოს კანონი - 1660-VIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 01/07/2022 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 25. 14/07/2020 - საქართველოს კანონი - 6830-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 24. 21/05/2020 - საქართველოს კანონი - 5916-სს - ვებგვერდი, 25/05/2020 23. 20/09/2019 - საქართველოს კანონი - 5016-Iს - ვებგვერდი, 27/09/2019 22. 22/02/2019 - საქართველოს კანონი - 4317-IIს - ვებგვერდი, 07/03/2019 21. 06/12/2018 - საქართველოს კანონი - 3886-რს - ვებგვერდი, 14/12/2018 20. 31/10/2018 - საქართველოს კანონი - 3606-Iს - ვებგვერდი, 21/11/2018 19. 30/05/2018 - საქართველოს კანონი - 2388-IIს - ვებგვერდი, 12/06/2018 18. 22/02/2018 - საქართველოს კანონი - 1971-IIს - ვებგვერდი, 26/02/2018 17. 04/05/2017 - საქართველოს კანონი - 777-IIს - ვებგვერდი, 25/05/2017 16. 21/12/2016 - საქართველოს კანონი - 136-რს - ვებგვერდი, 28/12/2016 15. 01/12/2016 - საქართველოს კანონი - 48-Iს - ვებგვერდი, 15/12/2016 14. 27/05/2016 - საქართველოს კანონი - 5103-IIს - ვებგვერდი, 01/06/2016 13. 27/10/2015 - საქართველოს კანონი - 4359-Iს - ვებგვერდი, 11/11/2015 12. 17/07/2015 - საქართველოს კანონი - 4064-რს - ვებგვერდი, 29/07/2015 11. 12/06/2015 - საქართველოს კანონი - 3716-IIს - ვებგვერდი, 24/06/2015 10. 20/03/2015 - საქართველოს კანონი - 3368-IIს - ვებგვერდი, 31/03/2015 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 9. 26/12/2014 - საქართველოს კანონი - 3013-რს - ვებგვერდი, 31/12/2014 8. 17/10/2014 - საქართველოს კანონი - 2700-Iს - ვებგვერდი, 31/10/2014 7. 13/12/2013 - საქართველოს კანონი - 1779-Iს - ვებგვერდი, 28/12/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 6. 05/06/2012 - საქართველოს კანონი - 6400-Iს - ვებგვერდი, 19/06/2012 5. 25/02/2011 - საქართველოს კანონი - 4254-Iს - ვებგვერდი, 110301066, 01/03/2011 4. 17/12/2010 - საქართველოს კანონი - 4112-რს - სსმ, 75, 27/12/2010 3. 24/09/2010 - საქართველოს კანონი - 3619-რს - სსმ, 51, 29/09/2010 2. 30/12/2008 - საქართველოს კანონი - 968 - სსმ, 41, 30/12/2008 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 1. 07/10/2008 - საქართველოს კანონი - 325 - სსმ, 24, 20/10/2008