„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1779-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 13/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 160020020.05.001.017266
1779-Iს
13/12/2013
ვებგვერდი, 28/12/2013
160020020.05.001.017266
„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24, 02.07.2007, მუხ. 218) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ბრალდებულის, მსჯავრდებულისა და გამართლებულის ინტერესების დაცვა სისხლის სამართლის პროცესში;“.

2. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „1. იურიდიული დახმარება უზრუნველყოფილია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე ამ კანონით დადგენილი წესით, თუ ბრალდებული, მსჯავრდებული ან/და გამართლებული გადახდისუუნაროა.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა იურიდიული დახმარების საბჭოს მიერ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება იმ პირისთვის იურიდიული დახმარების გაწევის შესახებ, რომელიც არ არის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი.“.

3. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იმ პირთა კატეგორიებს, რომლებიც ამ კანონის მიზნებისათვის გადახდისუუნაროდ ითვლებიან, და გადახდისუუნარობის დადასტურების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.“.

4. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 8. იურიდიული დახმარების სამსახური

1. იურიდიული დახმარების სამსახური (შემდგომ – სამსახური) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და უზრუნველყოფს იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობას საქართველოს კონსტიტუციის, ამ კანონის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და სამსახურის დებულების საფუძველზე.

2. სამსახურის საქმიანობაზე არ ვრცელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-11, მე-12 და მე-14 მუხლების მოქმედება.

3. სამსახური არ ექვემდებარება არცერთ სახელმწიფო ორგანოს და ანგარიშვალდებულია მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წინაშე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 4. სამსახურის დირექტორი (შემდგომ − დირექტორი) ყოველწლიურად, არაუგვიანეს 1 მარტისა, საქართველოს პარლამენტს წარუდგენს სამსახურის წინა წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშს. სამსახურის საქმიანობის შესახებ ანგარიშის მოსმენის შემდეგ საქართველოს პარლამენტი დადგენილებით მოიწონებს მას ან სამსახურს მიმართავს ცალკეული ხარვეზების აღმოფხვრის ან/და მისი საქმიანობის გაუმჯობესების მოთხოვნით.

 5. თუ საქართველოს პარლამენტი სამსახურის საქმიანობის შესახებ ანგარიშის მოსმენის შემდეგ ან სხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დაასკვნის, რომ არსებობს დირექტორისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ამ კანონის მე-13 მუხლის მე-7 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები, იგი მიიღებს დადგენილებას დირექტორისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია ამ პუნქტში მითითებული საფუძვლებით დირექტორისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ დადგენილება მიიღოს აგრეთვე იურიდიული დახმარების საბჭოს წევრთა არანაკლებ ერთი მესამედის წარდგინებით.

 6. სამსახური შედგება სამსახურის აპარატისაგან (შემდგომ – აპარატი), ამ კანონის საფუძველზე შექმნილი იურიდიული დახმარების ბიუროებისა და საკონსულტაციო ცენტრებისაგან.

   7. სამსახურის დებულებას დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს იურიდიული დახმარების საბჭო.“.

     5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 82 მუხლი:

   „მუხლი 82. საქმიანობა, რომელიც წინასწარ თანხმობას საჭიროებს

   1. სამსახურმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობით შეიძლება:

    ა) აიღოს სესხი;                                                  

    ბ) განახორციელოს თავდებობა;

    გ) განსაზღვროს სამსახურის საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი;

  დ) განსაზღვროს თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე სამსახურის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტები.  

    2. სამსახურმა  საქართველოს  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობით შეიძლება:

    ა) შეიძინოს, გაასხვისოს და დატვირთოს უძრავი ქონება;

    ბ) მიიღოს სხვა გადაწყვეტილებები სამსახურის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 

    3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით  განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უარი დასაბუთებული უნდა იყოს. უარი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

   4. სამსახური ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. სამსახურის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ან მის მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.“.

     6. მე-9 მუხლი ამოღებულ იქნეს.

     7. მე-10 და მე-11 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 10. იურიდიული დახმარების საბჭო

  1. სამსახურის მართვის, მისი ფუნქციების ეფექტიანი შესრულების, სამსახურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით იქმნება კოლეგიური ორგანო − იურიდიული დახმარების საბჭო (შემდგომ − საბჭო). 

  2. საბჭო შედგება 9 წევრისაგან, რომელთაგან 3 წევრს ირჩევს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო, 3 წევრს − საქართველოს სახალხო დამცველი, 1 წევრს იურიდიული დახმარების ბიუროების ადვოკატთაგან შეარჩევენ იურიდიული დახმარების ბიუროები, 1 წევრს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელთაგან წარადგენს საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ხოლო 1 წევრს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებისაგან − საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

  3. საქართველოს სახალხო დამცველი საბჭოს 1 წევრს წარადგენს თავისი აპარატის შემადგენლობიდან.

 4. საქართველოს სახალხო დამცველი საბჭოს 2 წევრს შეარჩევს ღია კონკურსის წესით, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლებისა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებისაგან, ამავე ორგანიზაციების ხელმძღვანელი ორგანოების რეკომენდაციების საფუძველზე.

 5. საქართველოს სახალხო დამცველმა ღია კონკურსის წესით საბჭოს წევრად უნდა შეარჩიოს საზოგადოებრივი აღიარებისა და მაღალი რეპუტაციის მქონე პირი, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის ან/და პედაგოგიური/სამეცნიერო საქმიანობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. ღია კონკურსის წესით შერჩეული საბჭოს წევრი არ შეიძლება ახორციელებდეს საადვოკატო საქმიანობას.

6. საბჭოს წევრი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი და ღია კონკურსის წესით შერჩეული საბჭოს წევრის გამოწვევა დაუშვებელია.

7. საბჭოს წევრის საქმიანობა არ ანაზღაურდება.

  8. საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი, გარდა საბჭოს იმ წევრისა, რომელიც იმავდროულად იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატია. საბჭოს ის წევრი, რომელიც იმავდროულად იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატია, შეირჩევა 1 წლის ვადით, ამ კანონის მე-16 მუხლის მე-8−მე-10 პუნქტებით დადგენილი წესით.

9. ერთი და იგივე პირი საბჭოს წევრად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ, გარდა საბჭოს იმ წევრისა, რომელიც იმავდროულად იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატია.

10. საბჭოს სხდომაში დირექტორი მონაწილეობს სათათბირო ხმის უფლებით.

11. საბჭოს სხდომა საჯაროა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, განსახილველი საკითხის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭო მიზანშეწონილად მიიჩნევს სხდომის დახურვას. საბჭოს სხდომაზე დასწრების წესი განისაზღვრება საბჭოს დებულებით.

12. საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება საბჭოს დებულებით, რომელსაც საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საბჭო.

13. საბჭო იკრიბება 2 თვეში ერთხელ მაინც.

მუხლი 11. საბჭოს ფუნქციები და გადაწყვეტილების მიღების წესი

1. საბჭო:

ა) კონკურსის წესით ირჩევს დირექტორს და ამ კანონის მე-13 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში იღებს გადაწყვეტილებას დირექტორისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ;

ბ) ამტკიცებს სამსახურის სტრატეგიას და ახორციელებს მისი შესრულების მონიტორინგს;

გ) დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სამსახურის დებულებას, ხოლო საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით − საბჭოს დებულებას;

დ) დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სამსახურის მიერ გაწეული იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების წესსა და კრიტერიუმებს;

 ე) ამტკიცებს ამ კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ იურიდიული დახმარების გაწევის კრიტერიუმებს, რომელთა საფუძველზედაც დირექტორმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება პირისთვის იურიდიული დახმარების გაწევის შესახებ;

 ვ) დირექტორის წარდგინებით იღებს გადაწყვეტილებებს იურიდიული დახმარების ბიუროს/საკონსულტაციო ცენტრის შექმნისა და გაუქმების თაობაზე, განსაზღვრავს იურიდიული დახმარების ბიუროსა და მიმწოდებლის სამოქმედო ტერიტორიებს;

 ზ) დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სამსახურის საშტატო ნუსხას და თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებისათვის გამოყოფილი თანხის ზღვრულ ოდენობას;

 თ) დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს რეესტრში რეგისტრირებული ადვოკატის საქმეში ჩართვის პროცედურას, მისი შრომის ანაზღაურების ოდენობას და გაცემის წესს;

ი) დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს საკონსულტაციო ცენტრის, იურიდიული დახმარების ბიუროს, მიმწოდებლისა და რეესტრში რეგისტრირებული ადვოკატის ანგარიშგების წესსა და ფორმას;

კ) ყოველი საბიუჯეტო წლის ბოლოს ისმენს დირექტორის ფინანსურ ანგარიშს სამსახურის საქმიანობის შესახებ;

ლ) ისმენს დირექტორის მიმდინარე და წლიურ ანგარიშებს სამსახურის საქმიანობის შესახებ;

მ) სამსახურის საქმიანობის გაუმჯობესების თაობაზე რეკომენდაციით მიმართავს დირექტორს და საბჭოს დებულებით განსაზღვრულ ფარგლებში ახორციელებს მისი შესრულების მონიტორინგს; 

 ნ) საჭიროების შემთხვევაში ისმენს იურიდიული დახმარების ბიუროს/საკონსულტაციო ცენტრის საქმიანობის შესახებ ანგარიშს, აგრეთვე მათ წინადადებებს სამსახურის საქმიანობის ოპტიმიზაციის თაობაზე;

ო) უფლებამოსილია მოისმინოს სამსახურში დასაქმებული პირის პრეტენზია დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით;

პ) უფლებამოსილია განახორციელოს კვლევა, რომლის მიზანია იურიდიული დახმარებისა და იურიდიული კონსულტაციის ხელმისაწვდომობისა და ხარისხის შესწავლა;

ჟ) პოპულარიზაციას უწევს სამსახურის საქმიანობას;

რ) ახორციელებს ამ კანონითა და საბჭოს დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. საბჭო უფლებამოსილია, თუ მის სხდომას ესწრება წევრთა არანაკლებ ორი მესამედი. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრების ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა,“ „ბ,“ „ე“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით.

3. საბჭოს ის წევრი, რომელიც იმავდროულად იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატია, არ მონაწილეობს კენჭისყრაში, თუ საბჭო განიხილავს დირექტორის არჩევისა და დირექტორისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხებს.

4. საბჭოს ემსახურება სამდივნო, რომლის საშტატო ნუსხას საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საბჭო. სამდივნოს თანამშრომლებს საბჭოს თავმჯდომარის თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი. სამდივნოს თანამშრომლები სამსახურის თანამშრომლები არიან.“.

8. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თავმჯდომარე იწვევს და უძღვება საბჭოს სხდომებს, ხელს აწერს საბჭოს მიერ მიღებულ რეკომენდაციებს და საბჭოს სახელით შედგენილ სხვა დოკუმენტებს, საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს საბჭოს დებულების პროექტს.“.

9. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 მუხლი:

„მუხლი 121. საბჭოს წევრისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლები

 1. საბჭოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება:

 ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე;

 ბ) თუ მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;

 გ) თუ იგი სასამართლოს მიერ აღიარებულია ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოცხადებულია გარდაცვლილად;

დ) ზედიზედ სამჯერ არასაპატიო მიზეზით საბჭოს სხდომებზე დაუსწრებლობის შემთხვევაში;

ე) გარდაცვალების შემთხვევაში;

ვ) თუ იგი დაინიშნა მოსამართლედ ან პროკურორად;

ზ) თუ იგი არის თანამდებობრივად გამწესებული საბჭოს წევრი და მას შეუწყდა სამსახურებრივი უფლებამოსილება;

თ) კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ან „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლის არსებობისას საბჭოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება საბჭოს გადაწყვეტილებით, ხოლო იმავე პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „ე“ ან „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების შესახებ ინფორმაციას საბჭო ცნობად იღებს, რის შედეგადაც საბჭოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება.“.  

10. მე-13 და მე-14 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 13. დირექტორი

1. სამსახურს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც საბჭო შეარჩევს ღია კონკურსის წესით, 5 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი დირექტორად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

2. დირექტორი ახორციელებს ამ კანონის მე-14 მუხლით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს, აღასრულებს საბჭოს გადაწყვეტილებებს და წარმოადგენს სამსახურს მესამე პირებთან ურთიერთობაში.

3. დირექტორად შეიძლება შერჩეულ იქნეს არანაკლებ 30 წლის, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს იურისტად მუშაობის არანაკლებ 5 წლისა და ხელმძღვანელად მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

 4. დირექტორი არ შეიძლება იმავდროულად იყოს საბჭოს წევრი. უფლებამოსილების ვადის განმავლობაში დირექტორს არ აქვს საადვოკატო ან სხვა ანაზღაურებადი საქმიანობის განხორციელების უფლება, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობებისა.

5. დირექტორზე ვრცელდება „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები.

6. თუ ამ კანონითა და სამსახურის დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ერთპიროვნულად მისაღები გადაწყვეტილების მიმართ დირექტორს აქვს პირადი ინტერესი, იგი ვალდებულია ინტერესთა კონფლიქტის შესახებ წერილობით აცნობოს საბჭოს, რომელიც იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

7. დირექტორს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება:

ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე;

ბ) თუ მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;

 გ) თუ იგი სასამართლოს მიერ აღიარებულია ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოცხადებულია გარდაცვლილად;

დ) თუ მან დაარღვია „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები;

ე) თუ იგი უხეშად ან სისტემატურად არღვევს კანონს, სამსახურის დებულებას, არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს მისთვის დაკისრებულ ფუნქციებს; 

ვ) გარდაცვალების შემთხვევაში.

 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „დ“ ან „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლის არსებობისას დირექტორს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება საბჭოს გადაწყვეტილებით, ხოლო იმავე პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ ან „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების შესახებ ინფორმაციას საბჭო ცნობად იღებს, რის შედეგადაც დირექტორს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება.

მუხლი 14. დირექტორის ფუნქციები

1. დირექტორის ფუნქციებია:

ა) სამსახურის ხელმძღვანელობა, საკონსულტაციო ცენტრის, იურიდიული დახმარების ბიუროსა და მიმწოდებლის საქმიანობის ზედამხედველობა;

ბ) სამსახურის დებულებისა და მასში ცვლილების შეტანის თაობაზე წინადადების შემუშავება და დასამტკიცებლად საბჭოსთვის წარდგენა;

გ) ყოველწლიურად, არაუგვიანეს 1 მარტისა, საბჭოსთან შეთანხმებით, საქართველოს პარლამენტისთვის სამსახურის წინა წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენა;

დ) საბჭოს მიერ დამტკიცებული ზღვრული ოდენობის ფარგლებში თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების ოდენობების განსაზღვრა;

ე) საბჭოსთან შეთანხმებით სამსახურის სიმბოლიკის დამტკიცება;

ვ) საბჭოსთან შეთანხმებით სამსახურის ბიუჯეტის პროექტისა და სამსახურის ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის წარდგენა;

ზ) იურიდიული დახმარების ბიუროს/საკონსულტაციო ცენტრის შექმნისა და გაუქმების თაობაზე, აგრეთვე იურიდიული დახმარების ბიუროსა და მიმწოდებლის სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილებათა პროექტების საბჭოსთვის წარდგენა;

თ) საკონსულტაციო ცენტრის, იურიდიული დახმარების ბიუროს, მიმწოდებლისა და რეესტრში რეგისტრირებული ადვოკატის ანგარიშგების წესისა და ფორმის შემუშავება და  დასამტკიცებლად საბჭოსთვის წარდგენა;

ი) რეესტრში რეგისტრირებული ადვოკატის საქმეში ჩართვის პროცედურის, შრომის ანაზღაურების ოდენობისა და გაცემის წესის შემუშავება და დასამტკიცებლად საბჭოსთვის წარდგენა;

კ) რეესტრში რეგისტრირებული ადვოკატის მიერ კვალიფიციური იურიდიული დახმარების გაწევის უზრუნველყოფა და გაწეული მომსახურების ხარისხის კონტროლი სამსახურის დებულებით დადგენილი წესით;

ლ) სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცება;

მ) სამსახურის მიერ სტატისტიკის წარმოების კოორდინაცია და მისი ანალიზი;

ნ) აპარატის, იურიდიული დახმარების ბიუროსა და საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომელთა თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება, მათ მიმართ დისციპლინური ზემოქმედებისა და წახალისების ღონისძიებათა გამოყენება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ო) სამსახურის მიერ გაწეული იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების წესისა და კრიტერიუმების შემუშავება, დასამტკიცებლად საბჭოსთვის წარდგენა და მისი შესრულების ზედამხედველობა;

 პ) საკონსულტაციო ცენტრის, იურიდიული დახმარების ბიუროსა და მიმწოდებლის საქმიანობასთან დაკავშირებული საჩივრების, აგრეთვე იურიდიულ დახმარებაზე უარის თქმის საფუძვლიანობის განხილვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

  ჟ) სასწავლო კურსებისა და სემინარების ჩატარების უზრუნველყოფა სამსახურის თანამშრომელთა და საზოგადოებრივ ადვოკატთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით;

    რ) სამსახურის საქმიანობის შესახებ მიმდინარე და წლიური ანგარიშების საბჭოსთვის წარდგენა;

    ს) ყოველი საბიუჯეტო წლის ბოლოს სამსახურის საქმიანობის შესახებ ფინანსური ანგარიშის საბჭოსთვის წარდგენა;

    ტ) სამსახურის ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების ორგანიზება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

    უ) სამსახურის საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიშის საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

    ფ) სამსახურის საქმიანობის პოპულარიზაციის უზრუნველყოფა;

    ქ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა;

   ღ) ამ კანონითა და სამსახურის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

    2. დირექტორი უფლებამოსილია იურიდიული დახმარების ბიუროს ხელმძღვანელს, ადვოკატსა და კონსულტანტს შრომითი ხელშეკრულებები შეუწყვიტოს მხოლოდ საბჭოს თანხმობით, გარდა პირადი განცხადებით განთავისუფლების შემთხვევისა, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ დადგენილი წესით.

    3. დირექტორის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ სასამართლოში.“.

     11. მე-16 მუხლის:

    ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „3. იურიდიული დახმარების ბიუროს შემადგენლობაში შედიან იურიდიული დახმარების ბიუროს ხელმძღვანელი, ადვოკატები, კონსულტანტები და ადმინისტრაციული პერსონალი.“;

    ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „7. იურიდიული დახმარების ბიუროს ხელმძღვანელის, ადვოკატების, კონსულტანტებისა და ადმინისტრაციული პერსონალის უფლებამოსილებანი განისაზღვრება სამსახურის დებულებით.“;

    გ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8−მე-10 პუნქტები:

   „8. იურიდიული დახმარების ბიუროები იურიდიული დახმარების ბიუროების ადვოკატთაგან ყოველწლიურად შეარჩევენ საბჭოს 1 წევრს.

    9. იურიდიული დახმარების ბიუროს მიერ საბჭოში წარდგენილი წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუადრეს 3 და არაუგვიანეს 2 თვისა თითოეული იურიდიული დახმარების ბიურო უფლებამოსილია საბჭოს წევრად ასარჩევად წარადგინოს 1 კანდიდატი. იურიდიული დახმარების ბიურო თავის შემადგენლობაში შემავალ ადვოკატთაგან საბჭოს წევრობის კანდიდატს შეარჩევს ფარული კენჭისყრით, ამავე ბიუროს ადვოკატთა სრული შემადგენლობის უმრავლესობით. კენჭისყრის შედეგად ორი ან ორზე მეტი ადვოკატის მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების დაგროვების შემთხვევაში ამ კანდიდატებს ხელახლა ეყრებათ კენჭი. წარდგენილად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც სხვა კანდიდატებზე მეტ ხმას დააგროვებს.

    10. იურიდიული დახმარების ბიუროებიდან შერჩეული თითოეული კანდიდატი კენჭისყრიდან 3 კვირის ვადაში წარმოადგენს სამოქმედო პროგრამას მომავალი 1 წლის განმავლობაში მის მიერ საბჭოში განსახორციელებელ საქმიანობასთან დაკავშირებით. კანდიდატები კენჭს უყრიან წარმოდგენილ სამოქმედო პროგრამებს. კენჭისყრაში არ მონაწილეობს ის კანდიდატი, რომლის სამოქმედო პროგრამასაც ეყრება კენჭი. საბჭოს წევრად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომლის მიერ წარმოდგენილი სამოქმედო პროგრამაც ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს. კენჭისყრის შედეგად ორი ან ორზე მეტი კანდიდატის სამოქმედო პროგრამების მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების დაგროვების შემთხვევაში ამ პროგრამებს ხელახლა ეყრებათ კენჭი. საბჭოს წევრად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომლის მიერ წარმოდგენილი სამოქმედო პროგრამაც სხვა კანდიდატების სამოქმედო პროგრამებზე მეტ ხმას დააგროვებს.“.

    12. მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „3. რეესტრისა და განცხადების ფორმებს ადგენს დირექტორი და ამტკიცებს საბჭო.“.

    13. 21-ე მუხლის:

    ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „ა) ბრალდებულის, მსჯავრდებულის ან/და გამართლებულის ან მისი წარმომადგენლის ან/და ახლო ნათესავის მიმართვის საფუძველზე;“;

    ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „2. ბრალდებულს, მსჯავრდებულს ან/და გამართლებულს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, დაუკავშირდეს საზოგადოებრივ ადვოკატს და მოიწვიოს იგი. პროცესის მწარმოებელი ორგანო ვალდებულია ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე უზრუნველყოს საზოგადოებრივი ადვოკატის საქმეში ჩართვა და მის მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება.“.

     14. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21მუხლი:

    „მუხლი 211. საზოგადოებრივი ადვოკატის დამოუკიდებლობის გარანტიები

    საზოგადოებრივი ადვოკატი საქმიანობას ახორციელებს დამოუკიდებლად. დაუშვებელია საზოგადოებრივი ადვოკატის პროფესიულ საქმიანობაში ჩარევა, აგრეთვე მის მიმართ სანქციის გამოყენება ან სანქციის გამოყენების მუქარა იმ საქმიანობის გამო, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და  ადვოკატთა ეთიკის კოდექსს.“.

     15. 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 22. სამსახურის დაფინანსების წყაროები

    1. სამსახურის დაფინანსების წყაროებია:

    ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

    ბ) შემოწირულებები და გრანტები;

    გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

    2. სამსახურის სახელმწიფო დაფინანსება განისაზღვრება სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ წლიური კანონით.

    3. სამსახურის ბიუჯეტის პროექტი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარედგინება საბჭოსთან შეთანხმებით და საქართველოს პარლამენტთან კონსულტაციის საფუძველზე, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილი წესით.“.

   მუხლი 2

 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − იურიდიული დახმარების სამსახური არის საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იურიდიული დახმარების სამსახურის უფლებამონაცვლე.

2. საქართველოს მთავრობამ, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ და საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − იურიდიული დახმარების სამსახურმა ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყონ ამავე კანონთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობა.

 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებამდე საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორისა და იურიდიული დახმარების სამსახურის მონიტორინგის საბჭოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას.

4. ამ კანონის ამოქმედების დღისათვის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – იურიდიული დახმარების სამსახურს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ქონება (მათ შორის, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იურიდიული დახმარების სამსახურის ბალანსზე რიცხული ქონება).

 5. ამ კანონის ამოქმედების დღისათვის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელმა საბჭომ, საქართველოს სახალხო დამცველმა, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ და იურიდიული დახმარების ბიუროებმა უზრუნველყონ იურიდიული დახმარების საბჭოს წევრების არჩევა ამ კანონის პირველი მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის  შესაბამისად.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად არჩეულმა იურიდიული დახმარების საბჭოს წევრებმა არჩევიდან 1 თვის ვადაში, ამ კანონის პირველი მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით დადგენილი წესით უზრუნველყონ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის არჩევა. ამ კანონის ამოქმედებისთანავე იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორს უწყდება უფლებამოსილება და იურიდიული დახმარების საბჭოს მიერ ამ კანონის შესაბამისად იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის არჩევამდე მასვე ეკისრება დირექტორის უფლებამოსილების განხორციელება.

7. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ უზრუნველყოს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანა ამ კანონთან შესაბამისობის მიზნით.

 მუხლი 3

  1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის მე-4, მე-5 და მე-7 პუნქტებისა და მე-3 მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.

   2. ამ კანონის მე-2 მუხლის მე-4, მე-5 და მე-7 პუნქტები და მე-3 მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

13 დეკემბერი 2013 წ.

N1779-Iს