იურიდიული დახმარების შესახებ

იურიდიული დახმარების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4955
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 19/06/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 24, 02/07/2007
სარეგისტრაციო კოდი 160.020.020.05.001.002.895
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
4955
19/06/2007
სსმ, 24, 02/07/2007
160.020.020.05.001.002.895
იურიდიული დახმარების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (02/07/2007 - 07/10/2008)

საქართველოს კანონი

იურიდიული დახმარების შესახებ

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის მიზანი

1. ამ კანონის მიზანია საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გარანტირებული დაცვის უფლების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი, სოციალურ მოთხოვნილებაზე ორიენტირებული, მდგრადი და საიმედო იურიდიული დახმარების სისტემის და საბიუჯეტო სახსრების გამჭირვალე და შედეგიანი ხარჯვისათვის იურიდიული დახმარების ადმინისტრირების ეფექტიანი სისტემის შექმნა.

2. ყველას აქვს უფლება, ამ კანონით დადგენილი წესით ისარგებლოს თანმიმდევრული და კვალიფიციური იურიდიული კონსულტაციითა და იურიდიული დახმარებით სახელმწიფოს ხარჯზე.

3. იურიდიული დახმარება ეფუძნება კანონიერების, მხარეთა თანასწორობის პრინციპებს და უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებით დაუბრკოლებელ სარგებლობას.

4. ამ კანონით დადგენილი წესით იურიდიული კონსულტაცია გაიწევა ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე, ხოლო იურიდიული დახმარება უზრუნველყოფილია სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების დროს.

    მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) იურიდიული დახმარება – სამართლებრივი დოკუმენტების შედგენა, წარმომადგენლობა სასამართლოში ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეებთან დაკავშირებით და ადმინისტრაციულ ორგანოში, აგრეთვე სისხლის სამართლის პროცესში სახელმწიფოს ხარჯზე;

ბ) იურიდიული კონსულტაცია – ყველასთვის ხელმისაწვდომი სამართლებრივი რჩევა ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე;

გ) მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრი (შემდგომში – რეესტრი) – იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მონაცემების საფუძველზე შედგენილი იურიდიული დახმარების განმახორციელებელი ადვოკატების სია;

დ) საზოგადოებრივი ადვოკატი – იურიდიული დახმარების ბიუროს, იურიდიული დახმარების მიმწოდებლის ან რეესტრში რეგისტრირებული ადვოკატი, რომელიც ამ კანონის საფუძველზე ახორციელებს იურიდიულ დახმარებას;

ე) იურიდიული დახმარების მიმწოდებელი (შემდგომში – მიმწოდებელი) – იურიდიული დახმარების განმახორციელებელი კერძო სამართლის იურიდიული პირი ან ადვოკატი;

ვ) იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირი – საქართველოს მოქალაქე, მოქალაქეობის არმქონე პირი, უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილ კრიტერიუმებს;

ზ) გადახდისუუნარო პირი – სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი, რომლის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვარზე ნაკლებია.

თავი II. იურიდიული დახმარება

    მუხლი 3. იურიდიული დახმარების სახეები

ამ კანონის მიზნებისათვის, იურიდიული დახმარების სახეებია:

ა) სამართლებრივი დოკუმენტების შედგენა;

ბ) ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელისა და მსჯავრდებულის ინტერესების დაცვა სისხლის სამართლის პროცესში;

გ) დაზარალებულის დაცვა სისხლის სამართლის პროცესში საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ, სახელმწიფოს ხარჯზე დაცვის განხორციელების შემთხვევებში;

დ) წარმომადგენლობა სასამართლოში ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეებთან დაკავშირებით;

ე) წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოში.

    მუხლი 4. იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირი

ფიზიკურ პირს უფლება აქვს, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით ისარგებლოს იურიდიული დახმარებით სახელმწიფოს ხარჯზე.

    მუხლი 5. იურიდიული დახმარების გაწევის პირობები

1. სისხლის სამართლის პროცესში იურიდიული დახმარება უზრუნველყოფილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, აგრეთვე ამ კანონით განსაზღვრული წესით, თუ ეჭვმიტანილი, ბრალდებული, განსასჯელი, მსჯავრდებული გადახდისუუნაროა.

2. სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში იურიდიული დახმარება უზრუნველყოფილია, თუ პირი გადახდისუუნაროა და ამას მოითხოვს მართლმსაჯულების განხორციელების ინტერესები.

    მუხლი 6. პირის გადახდისუუნარობის დადგენა

1. პირის გადახდისუუნარობის დადასტურების წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

2. საჭიროების შემთხვევაში პირის გადახდისუუნარობის დადგენის მიზნით იურიდიული დახმარების ბიურო ან მიმწოდებელი უფლებამოსილია, მიმართოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც ვალდებულია, დაუყოვნებლივ გასცეს სათანადო ინფორმაცია.

    მუხლი 7. იურიდიული დახმარების ხარჯების ანაზღაურება

1. თუ სასამართლომ სამოქალაქო ან ადმინისტრაციული საქმის განხილვისას გადაწყვეტილება გამოიტანა იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირის სასარგებლოდ, იურიდიული დახმარების ხარჯების ანაზღაურება ეკისრება მოწინააღმდეგე მხარეს იურიდიული დახმარების სამსახურის სასარგებლოდ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. თუ იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირმა იურიდიული დახმარება მიიღო გადახდისუუნარობის შესახებ ყალბი, ცრუ ინფორმაციის წარდგენით, იგი ვალდებულია აანაზღაუროს მისთვის გაწეული იურიდიული დახმარების ხარჯები.

თავი III. იურიდიული დახმარების სამსახურის სტრუქტურა

    მუხლი 8. იურიდიული დახმარების სამსახური

1. იურიდიული დახმარების სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც უზრუნველყოფს იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობას და თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, ამ კანონის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებისა და სამსახურის დებულების საფუძველზე.

2. სამსახური შედგება იურიდიული დახმარების სამსახურის აპარატისაგან (შემდგომში – აპარატი), ამ კანონის საფუძველზე შექმნილი იურიდიული დახმარების ბიუროებისა და საკონსულტაციო ცენტრებისაგან.

3. სამსახური თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია. დაუშვებელია მის საქმიანობაზე ზემოქმედება.

4. სამსახურის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. სამსახურის დებულებას ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).

    მუხლი 9. მინისტრის ფუნქციები

მინისტრის ფუნქციებია:

ა) სამსახურის დირექტორის (შემდგომში – დირექტორი) თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) სამსახურის საქმიანობის, ამ კანონის, სამსახურის დებულებისა და სხვა აქტების შესრულების, გაწეული იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ეფექტიანობის ზედამხედველობა;

გ) იურიდიული კონსულტაციითა და იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირთათვის მომსახურების გაწევის არსებული წესის ეფექტიანობის ზედამხედველობა და შეფასება;

დ) სამსახურის საქმიანობის შესახებ დირექტორის კვარტალური და წლიური ანგარიშების (მათ შორის, ფინანსური ანგარიშის) მოსმენა.

    მუხლი 10. იურიდიული დახმარების სამსახურის მონიტორინგის საბჭო

1. სამსახურის მონიტორინგის მიზნით იქმნება მინისტრის საკონსულტაციო კოლეგიური ორგანო – იურიდიული დახმარების სამსახურის მონიტორინგის საბჭო (შემდგომში – საბჭო).

2. საბჭო შედგება 7 წევრისაგან.

3. საბჭოს წევრებს ნიშნავს მინისტრი.

4. საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.

5. საბჭო იკრიბება 3 თვეში ერთხელ მაინც.

6. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება მოწვეულ იქნეს საბჭოს რიგგარეშე სხდომა მინისტრის, დირექტორის, საბჭოს თავმჯდომარის ან საბჭოს არანაკლებ 3 წევრის მოთხოვნით.

7. საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა მოთხოვნიდან არა უგვიანეს 10 დღისა.

    მუხლი 11. საბჭოს ფუნქციები

საბჭოს ფუნქციებია:

ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის საქმიანობის მონიტორინგი;

ბ) სამსახურის ფუნქციონირების დახვეწის მიზნით, დირექტორთან შეთანხმებით რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება და განსახილველად მინისტრისათვის წარდგენა;

გ) იურიდიული კონსულტაციითა და იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირთათვის მომსახურების გაწევის არსებული წესის ეფექტიანობის შეფასება და მინისტრისათვის თავისი რეკომენდაციების წარდგენა;

დ) 3 თვეში ერთხელ სამსახურის საქმიანობის შესახებ დირექტორის მიმდინარე ანგარიშის მოსმენა;

ე) ყოველი საბიუჯეტო წლის ბოლოს სამსახურის საქმიანობის შესახებ ფინანსური ანგარიშის მოსმენა;

ვ) ამ კანონით, სამსახურისა და საბჭოს დებულებებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

    მუხლი 12. საბჭოს თავმჯდომარე

1. საბჭოს თავმჯდომარე (შემდგომში – თავმჯდომარე) აირჩევა საბჭოს წევრებისგან, საბჭოს სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით, 1 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი თავმჯდომარედ შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

2. თავმჯდომარის არჩევის, მისი უფლებამოსილების გაგრძელებისა და უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებები მიიღება დადგენილების ფორმით, რომელსაც ხელს აწერს კენჭისყრაში მონაწილე ყველა წევრი.

3. თავმჯდომარე იწვევს და უძღვება საბჭოს სხდომებს, ხელს აწერს საბჭოს მიერ მიღებულ რეკომენდაციებს და საბჭოს სახელით შედგენილ სხვა დოკუმენტებს.

    მუხლი 13. დირექტორი

1. დირექტორი ხელმძღვანელობს სამსახურს და წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობაში.

2. დირექტორს არა აქვს საადვოკატო საქმიანობის უფლება, აგრეთვე უფლება, ეწეოდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა.

3. დირექტორს არა აქვს უფლება, გაამჟღავნოს კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით.

4. დირექტორს არა აქვს უფლება, თავის ახლო ნათესავთან ან მის წარმომადგენელთან დადოს გარიგება სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

5. თუ ამ კანონითა და სამსახურის დებულებით დადგენილ შემთხვევებში ერთპიროვნულად მისაღები გადაწყვეტილების მიმართ დირექტორს აქვს პირადი ინტერესი, იგი ვალდებულია, ინტერესთა კონფლიქტის შესახებ წერილობით აცნობოს მინისტრს, რომელიც მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

6. დირექტორს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომლის (რომელთა) ფუნქციები განისაზღვრება სამსახურის დებულებითა და დირექტორის მიერ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გამოცემული აქტებით.

    მუხლი 14. დირექტორის ფუნქციები

დირექტორის ფუნქციებია:

ა) სამსახურის ხელმძღვანელობა და საკონსულტაციო ცენტრების, იურიდიული დახმარების ბიუროებისა და მიმწოდებლების საქმიანობის ზედამხედველობა;

ბ) სამსახურის დებულებისა და დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე წინადადებების შემუშავება და დასამტკიცებლად მინისტრისათვის წარდგენა;

გ) მინისტრთან შეთანხმებით სამსახურის, იურიდიული დახმარების ბიუროებისა და საკონსულტაციო ცენტრების საშტატო ნუსხისა და შრომის ანაზღაურების ფონდის დამტკიცება;

დ) თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების ოდენობის დამტკიცება;

ე) მინისტრთან შეთანხმებით სამსახურის სიმბოლიკის დამტკიცება;

ვ) მინისტრთან შეთანხმებით სამსახურის ბიუჯეტის დამტკიცება;

ზ) მინისტრთან შეთანხმებით საკონსულტაციო ცენტრებისა და იურიდიული დახმარების ბიუროების ხელმძღვანელების თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება;

თ) მინისტრთან შეთანხმებით იურიდიული დახმარების ბიუროებისა და მიმწოდებლების სამოქმედო ტერიტორიების ფარგლების განსაზღვრა;

ი) იურიდიული დახმარების შესყიდვასთან დაკავშირებით ტენდერის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება და სატენდერო პირობების დადგენა;

კ) სამსახურის საქმიანობის სრულყოფისათვის აუცილებელ ღონისძიებათა შესახებ რეკომენდაციების შემუშავება და მინისტრისათვის წარდგენა;

ლ) საკონსულტაციო ცენტრების, იურიდიული დახმარების ბიუროების, მიმწოდებლებისა და რეესტრში რეგისტრირებული ადვოკატების ანგარიშგების წესისა და ფორმის შემუშავება და დასამტკიცებლად მინისტრისათვის წარდგენა;

მ) რეესტრში რეგისტრირებულ ადვოკატთა მიერ კვალიფიციური იურიდიული დახმარების გაწევის უზრუნველყოფა და გაწეული მომსახურების ხარისხის კონტროლი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან თანამშრომლობით, სამსახურის დებულებით დადგენილი წესით;

ნ) სამსახურის შინაგანაწესისა და სხვა დოკუმენტების შემუშავება და დამტკიცება;

ო) სამსახურის მიერ სტატისტიკის წარმოების კოორდინაცია და მისი ანალიზი;

პ) მინისტრთან შეთანხმებით დირექტორის მოადგილის (მოადგილეების) თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება;

ჟ) აპარატის, იურიდიული დახმარების ბიუროებისა და საკონსულტაციო ცენტრების თანამშრომელთა თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება, მათ მიმართ დისციპლინური ზემოქმედებისა და წახალისების ღონისძიებების გამოყენება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

რ) საკონსულტაციო ცენტრისა და იურიდიული დახმარების ბიუროს შექმნის ან გაუქმების შესახებ წინადადებების შემუშავება და მინისტრისათვის წარდგენა;

ს) იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების კრიტერიუმებისა და წესის შემუშავება და დამტკიცება, მისი შესრულების ზედამხედველობა;

ტ) საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით იურიდიული დახმარების შესყიდვასთან დაკავშირებით ტენდერის ჩატარების უზრუნველყოფა, ტენდერის შედეგად შერჩეულ მიმწოდებელთან ხელშეკრულების დადება;

უ) საკონსულტაციო ცენტრების, იურიდიული დახმარების ბიუროებისა და მიმწოდებლების საქმიანობასთან დაკავშირებული საჩივრების, აგრეთვე იურიდიულ დახმარებაზე უარის თქმის საფუძვლიანობის განხილვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ფ) ტრენინგებისა და სემინარების ჩატარების უზრუნველყოფა სამსახურში დასაქმებულ საზოგადოებრივ ადვოკატთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით;

ქ) სამსახურის საქმიანობის შესახებ კვარტალური და წლიური ანგარიშების მინისტრისათვის წარდგენა;

ღ) სამსახურის საქმიანობის შესახებ მიმდინარე ანგარიშის საბჭოსათვის 3 თვეში ერთხელ წარდგენა;

ყ) სამსახურის საფინანსო აღრიცხვა-ანგარიშგების ორგანიზება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

შ) წლიური ანგარიშის საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

ჩ) სამსახურის საქმიანობის პოპულარიზაციის უზრუნველყოფა;

ც) ამ კანონითა და სამსახურის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

    მუხლი 15. აპარატი

სამსახურის ეფექტიანი მართვის მიზნით იქმნება აპარატი, რომლის ფორმირების წესი, სტრუქტურა და უფლებამოსილება განისაზღვრება სამსახურის დებულებით.

    მუხლი 16. იურიდიული დახმარების ბიურო

1. იურიდიული დახმარების ბიურო არის სამსახურის შემადგენელი ერთეული, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესითა და თავისი სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებში ახორციელებს იურიდიულ დახმარებას.

2. იურიდიული დახმარების ბიურო პასუხისმგებელია თავისი სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებში კვალიფიციური იურიდიული დახმარების უზრუნველყოფისა და იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირთა ინტერესების მაქსიმალური დაცვისათვის, რათა მათ შეძლონ, სრულად ისარგებლონ საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებებით.

3. იურიდიული დახმარების ბიუროს შემადგენლობაში შედიან იურიდიული დახმარების ბიუროს ხელმძღვანელი, ადვოკატები და ადმინისტრაციული პერსონალი.

4. იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონით, სამსახურის დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით.

5. დაუშვებელია იურიდიული დახმარების ბიუროს საქმიანობაზე უკანონო ზემოქმედება.

6. იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატები მოქმედებენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების მიერ დამტკიცებული ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის შესაბამისად.

7. იურიდიული დახმარების ბიუროს ხელმძღვანელის, ადვოკატებისა და ადმინისტრაციული პერსონალის უფლებამოსილებანი განისაზღვრება სამსახურის დებულებით.

    მუხლი 17. იურიდიული კონსულტაცია

1. იურიდიული კონსულტაცია ხორციელდება იურიდიული დახმარების ერთიანი სისტემის ფარგლებში შექმნილ საკონსულტაციო ცენტრებში. იურიდიული კონსულტაციის ხანგრძლივობაა არა უმეტეს ერთი საათისა.

2. ფიზიკურ პირს უფლება აქვს, მიიღოს იურიდიული კონსულტაცია ნებისმიერ საკონსულტაციო ცენტრში, საცხოვრებელი ადგილისა და ქონებრივი მდგომარეობის მიუხედავად.

    მუხლი 18. მიმწოდებელი

მიმწოდებელი არის ტენდერის საფუძველზე შერჩეული კერძო სამართლის იურიდიული პირი ან ადვოკატი, რომელიც ახორციელებს იურიდიულ დახმარებას ამ კანონის საფუძველზე და ხელშეკრულებით განსაზღვრული სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებში.

    მუხლი 19. რეესტრი

1. ადვოკატს უფლება აქვს, ნებაყოფლობით დარეგისტრირდეს რეესტრში და იურიდიული დახმარების ბიუროს ან მიმწოდებლის მიმართვის საფუძველზე და ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში განახორციელოს იურიდიული დახმარება სახელმწიფოს ხარჯზე.

2. რეესტრს აწარმოებს სამსახური. რეესტრში ადვოკატის რეგისტრაცია და რეგისტრაციის გაუქმება ხორციელდება ადვოკატის განცხადების საფუძველზე.

3. რეესტრისა და განცხადების ფორმებს ადგენს დირექტორი და ამტკიცებს მინისტრი.

    მუხლი 20. ანგარიშგების ფორმა

საზოგადოებრივი ადვოკატი, მათ შორის, რეესტრში რეგისტრირებული ადვოკატი, ვალდებულია, გაწეული იურიდიული დახმარების შესახებ ანგარიში დადგენილი ფორმითა და დადგენილ ვადაში წარუდგინოს შესაბამის იურიდიული დახმარების ბიუროს.

თავი IV. საზოგადოებრივი ადვოკატის საქმეში ჩართვა

    მუხლი 21. საზოგადოებრივი ადვოკატის საქმეში ჩართვა

1. სისხლის სამართლის პროცესში საზოგადოებრივი ადვოკატის საქმეში ჩართვას უზრუნველყოფს იურიდიული დახმარების ბიურო ან მიმწოდებელი:

ა) ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის, მსჯავრდებულის ან მისი წარმომადგენლის ან/და ახლო ნათესავის მიმართვის საფუძველზე;

ბ) პროცესის მწარმოებელი ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართვის საფუძველზე.

2. ეჭვმიტანილს, ბრალდებულს, განსასჯელსა და მსჯავრდებულს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, დაუკავშირდნენ საზოგადოებრივ ადვოკატს და მოიწვიონ იგი. პროცესის მწარმოებელი ორგანო ვალდებულია, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე უზრუნველყოს საზოგადოებრივი ადვოკატის საქმეში ჩართვა და მის მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება.

3. ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეებთან დაკავშირებით იურიდიული დახმარების ბიურო ან მიმწოდებელი განიხილავს პირის მიმართვას, არკვევს, აკმაყოფილებს თუ არა იგი ამ კანონით დადგენილ კრიტერიუმებს, და იღებს გადაწყვეტილებას საზოგადოებრივი ადვოკატის დანიშვნის ან დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ.

4. იურიდიული დახმარების გაწევაზე უარი დასაბუთებული უნდა იყოს. გადაწყვეტილება იურიდიული დახმარების გაწევაზე უარის თქმის შესახებ საჩივრდება ზემდგომ თანამდებობის პირთან ან ორგანოში, ხოლო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი – სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. საზოგადოებრივი ადვოკატის საქმეში ჩართვის პროცედურა განისაზღვრება სამსახურის დებულებით.

6. საქმეში ჩართული საზოგადოებრივი ადვოკატი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეუდგეს ამ კანონით, სამსახურის დებულებითა და საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელებას.

თავი V. სამსახურის დაფინანსება

    მუხლი 22. სამსახურის დაფინანსების წყარო

სამსახურის დაფინანსების წყაროებია:

ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) შემოწირულებები და გრანტები;

გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

თავი VI. გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 23. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები

1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი (სახაზინო) ადვოკატის სამსახურის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელება.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს საზოგადოებრივი (სახაზინო) ადვოკატის სამსახურის ბალანსზე არსებული ქონების გადაცემა საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – იურიდიული დახმარების სამსახურისათვის.

3. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – იურიდიული დახმარების სამსახურმა 2007 წლის განმავლობაში უზრუნველყოს იურიდიული დახმარება სისხლის სამართლის საქმეებზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

4. 2009 წლის 1 იანვრამდე სისხლის სამართლის პროცესში იურიდიული დახმარება უზრუნველყოფილია ამ კანონით დადგენილი წესით ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელისა და მსჯავრდებულის ქონებრივი მდგომარეობის მიუხედავად.

    მუხლი 24. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გამოსაცემი ბრძანებები

1. ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გამოსცეს ბრძანებები:

ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იურიდიული დახმარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ;

ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის –იურიდიული დახმარების სამსახურის მონიტორინგის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ;

გ) მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრისა და განცხადების ფორმების დამტკიცების შესახებ;

დ) საკონსულტაციო ცენტრების, იურიდიული დახმარების ბიუროების, იურიდიული დახმარების მიმწოდებლებისა და მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრში რეგისტრირებული ადვოკატების ანგარიშგების წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ.

2. 2009 წლის 1 იანვრამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გამოსცეს ბრძანება პირის გადახდისუუნარობის დადასტურების წესის შესახებ.

თავი VII. დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 25. ძალადაკარგული ნორმატიული აქტი

ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი (სახაზინო) ადვოკატის სამსახურის შექმნის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 17 თებერვლის №308 ბრძანება.

    მუხლი 26. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი, გარდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების ნაწილში, გარდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული, სახელმწიფოს ხარჯზე დაცვის განხორციელების შემთხვევისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ეს კანონი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების ნაწილში, გარდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული, სახელმწიფოს ხარჯზე დაცვის განხორციელების შემთხვევისა, ამოქმედდეს 2009 წლის 1 იანვრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                                                მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 19 ივნისი.

№4955–Iს

30. 05/09/2024 - საქართველოს კანონი - 4416-XVIმს-Xმპ - ვებგვერდი, 23/09/2024 29. 09/02/2023 - საქართველოს კანონი - 2571-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 27/02/2023 28. 22/12/2022 - საქართველოს კანონი - 2479-Xრს-Xმპ - ვებგვერდი, 29/12/2022 27. 30/11/2022 - საქართველოს კანონი - 2217-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 15/12/2022 26. 21/06/2022 - საქართველოს კანონი - 1660-VIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 01/07/2022 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 25. 14/07/2020 - საქართველოს კანონი - 6830-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 24. 21/05/2020 - საქართველოს კანონი - 5916-სს - ვებგვერდი, 25/05/2020 23. 20/09/2019 - საქართველოს კანონი - 5016-Iს - ვებგვერდი, 27/09/2019 22. 22/02/2019 - საქართველოს კანონი - 4317-IIს - ვებგვერდი, 07/03/2019 21. 06/12/2018 - საქართველოს კანონი - 3886-რს - ვებგვერდი, 14/12/2018 20. 31/10/2018 - საქართველოს კანონი - 3606-Iს - ვებგვერდი, 21/11/2018 19. 30/05/2018 - საქართველოს კანონი - 2388-IIს - ვებგვერდი, 12/06/2018 18. 22/02/2018 - საქართველოს კანონი - 1971-IIს - ვებგვერდი, 26/02/2018 17. 04/05/2017 - საქართველოს კანონი - 777-IIს - ვებგვერდი, 25/05/2017 16. 21/12/2016 - საქართველოს კანონი - 136-რს - ვებგვერდი, 28/12/2016 15. 01/12/2016 - საქართველოს კანონი - 48-Iს - ვებგვერდი, 15/12/2016 14. 27/05/2016 - საქართველოს კანონი - 5103-IIს - ვებგვერდი, 01/06/2016 13. 27/10/2015 - საქართველოს კანონი - 4359-Iს - ვებგვერდი, 11/11/2015 12. 17/07/2015 - საქართველოს კანონი - 4064-რს - ვებგვერდი, 29/07/2015 11. 12/06/2015 - საქართველოს კანონი - 3716-IIს - ვებგვერდი, 24/06/2015 10. 20/03/2015 - საქართველოს კანონი - 3368-IIს - ვებგვერდი, 31/03/2015 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 9. 26/12/2014 - საქართველოს კანონი - 3013-რს - ვებგვერდი, 31/12/2014 8. 17/10/2014 - საქართველოს კანონი - 2700-Iს - ვებგვერდი, 31/10/2014 7. 13/12/2013 - საქართველოს კანონი - 1779-Iს - ვებგვერდი, 28/12/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 6. 05/06/2012 - საქართველოს კანონი - 6400-Iს - ვებგვერდი, 19/06/2012 5. 25/02/2011 - საქართველოს კანონი - 4254-Iს - ვებგვერდი, 110301066, 01/03/2011 4. 17/12/2010 - საქართველოს კანონი - 4112-რს - სსმ, 75, 27/12/2010 3. 24/09/2010 - საქართველოს კანონი - 3619-რს - სსმ, 51, 29/09/2010 2. 30/12/2008 - საქართველოს კანონი - 968 - სსმ, 41, 30/12/2008 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 1. 07/10/2008 - საქართველოს კანონი - 325 - სსმ, 24, 20/10/2008