დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3013-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 26/12/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 160020020.05.001.017594 |
|
„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24, 02.07.2007, მუხ. 218) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სამართლებრივი დოკუმენტების (განცხადება, სარჩელი, საჩივარი, შესაგებელი, შუამდგომლობა და სხვა დოკუმენტები) შედგენა;“. 2. მე-5 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში იურიდიული დახმარება (სასამართლოში წარმომადგენლობა) უზრუნველყოფილია, თუ პირი გადახდისუუნაროა და მისთვის იურიდიული დახმარების გაწევა (მისი სასამართლოში წარმომადგენლობა) მიზანშეწონილია საქმის მნიშვნელობიდან და სირთულიდან გამომდინარე.“; ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. იურიდიული დახმარების სამსახური გადახდისუუნარო პირისთვის უზრუნველყოფს სამართლებრივი დოკუმენტების შედგენას სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე, საქმის მნიშვნელობისა და სირთულის მიუხედავად.“. 3. 21-ე მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საზოგადოებრივი ადვოკატის საქმეში ჩართვა და მისი შრომის ანაზღაურება“; ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. საზოგადოებრივი ადვოკატის სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებში ჩართვას უზრუნველყოფს იურიდიული დახმარების ბიურო, მიმწოდებელი ან საკონსულტაციო ცენტრი: ა) უშუალოდ იმ პირის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის მიმართვის საფუძველზე, რომელიც ითხოვს იურიდიულ დახმარებას; ბ) სასამართლოს დასაბუთებული განჩინების საფუძველზე.“; გ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. იურიდიული დახმარების ბიურო, მიმწოდებელი ან საკონსულტაციო ცენტრი დაუყოვნებლივ განიხილავს პირის მიმართვას სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებთან დაკავშირებით, არკვევს, აკმაყოფილებს თუ არა იგი ამ კანონითა და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილ კრიტერიუმებს, და 2 სამუშაო დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას საზოგადოებრივი ადვოკატის დანიშვნის ან მის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ. იურიდიული დახმარების სამსახური ვალდებულია შეასრულოს სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება ადვოკატის სახელმწიფოს ხარჯზე დანიშვნის შესახებ. 4. იურიდიული დახმარების გაწევაზე უარი დასაბუთებული უნდა იყოს. იურიდიული დახმარების გაწევაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება საჩივრდება სამსახურის დირექტორთან, ხოლო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი – სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“; დ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „7. იურიდიული დახმარების სამსახურში დასაქმებული საზოგადოებრივი ადვოკატი სისხლის სამართლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე იურიდიული დახმარების გაწევისათვის იღებს ხელფასს, ხოლო მოწვეული საზოგადოებრივი ადვოკატის მიერ გაწეული იურიდიული დახმარება ანაზღაურდება საბჭოს მიერ დამტკიცებული შრომის ანაზღაურების ოდენობისა და გაცემის წესის შესაბამისად.“. 4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 231 მუხლი: „მუხლი 231. იურიდიული დახმარების უზრუნველყოფის დროებითი წესები 1. გადახდისუუნარო პირისთვის სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების ნაწილში იურიდიული დახმარება (სასამართლოში წარმომადგენლობა), საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2015 წლის 15 აპრილიდან 2018 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოფილია იმ შემთხვევაში, თუ ეს საქმე ეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მეხუთე და მეექვსე წიგნებიდან, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონიდან, აგრეთვე აღნიშნული კანონების საფუძველზე და მათ შესასრულებლად გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებიდან გამომდინარე საკითხებს. 2. საბჭო უფლებამოსილია 2015 წლის 15 აპრილიდან 2018 წლის 1 იანვრამდე დამატებით განსაზღვროს ის საკითხები, რომლებიც არ არის მოცემული ამ მუხლის პირველ პუნქტში და რომლებთან დაკავშირებით იურიდიული დახმარება (სასამართლოში წარმომადგენლობა) სამსახურმა უნდა უზრუნველყოს პირის გადახდისუუნარობისა და საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით. 3. თუ სამოქალაქო ან ადმინისტრაციული საქმე ეხება ისეთ საკითხს, რომელიც არ არის მოცემული ამ მუხლის პირველ პუნქტში ან საბჭოს მიერ დამატებით განსაზღვრულ საკითხთა ჩამონათვალში, ამ საქმესთან დაკავშირებით იურიდიული დახმარება (სასამართლოში წარმომადგენლობა) 2015 წლის 15 აპრილიდან 2018 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოფილია იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოში მისი განხილვა გაერთიანებული სასარჩელო წესით არის შესაძლებელი. საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფის შემთხვევაში იურიდიული დახმარება (სასამართლოში წარმომადგენლობა) ხორციელდება მხოლოდ იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც მოცემულია ამ მუხლის პირველ პუნქტში ან საბჭოს მიერ დამატებით განსაზღვრულ საკითხთა ჩამონათვალში.“. 5. 26-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ეს კანონი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებთან დაკავშირებით სასამართლოში წარმომადგენლობის ნაწილში, გარდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული დაცვის სახელმწიფოს ხარჯზე განხორციელებისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვის განხორციელების შემთხვევებისა, ამოქმედდეს 2015 წლის 15 აპრილიდან, ხოლო სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე სამართლებრივი დოკუმენტების შედგენის ნაწილში – გამოქვეყნებისთანავე.“; ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. ეს კანონი ადმინისტრაციულ ორგანოში წარმომადგენლობის ნაწილში, გარდა პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დისციპლინური დარღვევის საქმის განხილვის შემთხვევისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვის განხორციელების შემთხვევისა, ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 26 დეკემბერი 2014 წ. N3013-რს |
დოკუმენტის კომენტარები