დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 921 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 08/06/2001 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 18, 28/06/2001 |
სარეგისტრაციო კოდი | 200.010.000.05.001.000.930 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (11/07/2007 - 10/10/2008)
საქართველოს კანონი
სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1
1. ყველას აქვს უფლება თავისუფლად ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას.
2. სამეწარმეო საქმიანობა საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ კანონით.
3. სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანო, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მეწარმის საქმიანობაზე განახორციელოს კონტროლი მხოლოდ კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 2
1. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) მეწარმე – „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმო, აგრეთვე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას ამ საქმიანობის ნაწილში;
ბ) სამეწარმეო საქმიანობის კონტროლი – კანონმდებლობით მოწესრიგებული სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმართველობისა და მმართველობის, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოთა საქმიანობა, რომლის მიზანია მეწარმის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობისა და მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულების შემოწმება, აგრეთვე მეწარმის საქმიანობის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა, მის საქმიანობაში სამართალდარღვევების გამოვლენა ან შესაბამისი სანქციის დადება. ამ კანონის მიზნებისათვის კონტროლს არ წარმოადგენს კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზიის, ნებართვის, სერტიფიკატის გაცემა, სავაჭრო ქსელში სერტიფიკატის მოთხოვნა და შესაბამისი აქტის შედგენა, გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესრულებისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის შემოწმების მიზნით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობა, აგრეთვე ნავთობისა და გაზის რესურსებთან დაკავშირებული ხელშეკრულებებითა და ლიცენზიებით გათვალისწინებული საქმიანობა;
გ) მაკონტროლებელი ორგანო – სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანო, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც კანონის შესაბამისად უფლებამოსილია განახორციელოს კონტროლი სამეწარმეო საქმიანობაზე.
2. მეწარმის საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობაზე კონტროლს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებსა და კანონით დადგენილ ფარგლებში ახორციელებენ საგადასახადო და საბაჟო ორგანოები, აგრეთვე საქართველოს კონტროლის პალატა (გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო და საბაჟო ურთიერთობებისა).
3. (ამოღებულია).
საქართველოს 200 3 წლის 23 ივლისის კანონი № 2565 - სსმ I, № 24 , 20.08.2003 წ., მუხ .183
საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №919 - სსმ I, №41, 30.12.2004 წ., მუხ.203
საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №843 - სსმ I, №42, 30.12.2004 წ., მუხ.220
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4229 - სსმ I, №50, 30.12.2006 წ., მუხ.380
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4302 - სსმ I, №51, 31.12.2006 წ., მუხ.411
თავი II
სამეწარმეო საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების წესი
მუხლი 3
1. სამეწარმეო საქმიანობა შეიძლება გააკონტროლოს მხოლოდ მაკონტროლებელმა ორგანომ. შესაბამისი საფუძვლის არსებობისას მეწარმის სამეწარმეო საქმიანობის შემოწმების წინადადებით სხვა სახელმწიფო ორგანომ შეიძლება მიმართოს მაკონტროლებელ ორგანოს ან სასამართლოს.
2. მაკონტროლებელი ორგანო უფლებამოსილია კონტროლი გაუწიოს სამეწარმეო საქმიანობას (მათ შორის, შევიდეს საწარმოში, მოითხოვოს დოკუმენტები, შეაჩეროს საწარმოს საქმიანობა, დალუქოს მეწარმის კუთვნილი ქონება, დაათვალიეროს საწარმო, შეამოწმოს მეწარმის მიერ გამოშვებული ნაწარმის ხარისხი ან საწარმოში გარემოს დაცვის კანონმდებლობასთან შესაბამისობა) მხოლოდ მოსამართლის ბრძანების საფუძველზე.
3. მოსამართლე ბრძანებას მეწარმის საქმიანობის შემოწმების შესახებ გასცემს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაკონტროლებელი ორგანო მას წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას დასაბუთებული და საფუძვლიანი ეჭვით მეწარმის მიერ კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევის შესახებ.
4. თუ მოსამართლე არ გასცემს ბრძანებას მეწარმის საქმიანობის შემოწმების შესახებ, მეწარმის შემოწმება არ განხორციელდება. თუ მეწარმის შემოწმება უკვე დაწყებულია, მოსამართლის მიერ შემოწმების შესახებ ბრძანების გაცემაზე უარის თქმისას იგი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და მეწარმეს უპირობოდ დაუბრუნდეს მაკონტროლებელი ორგანოსათვის, აგრეთვე სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი თანხა ან სხვა გადაცემული ქონება თუ დოკუმენტი. ხოლო თუ ეს შეუძლებელია, მეწარმეს მიეცემა სათანადო და სრული ანაზღაურება. მეწარმეს უფლება აქვს მოითხოვოს და მიიღოს უკანონო შემოწმებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
5. კანონის დარღვევით განხორციელებული შემოწმების შედეგად მიღებულ მტკიცებულებებს იურიდიული ძალა არა აქვს.
6. მაკონტროლებელი ორგანო უფლებამოსილია შეამოწმოს მეწარმე მხოლოდ იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც არსებობს მოსამართლის ბრძანება.
7. ამ მუხლით განსაზღვრული საკითხის მოსამართლის მიერ განხილვისა და გადაწყვეტის წესი განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსით.
მუხლი 4
1. თუ მეწარმე შეამოწმა უფლებამოსილმა მაკონტროლებელმა ორგანომ, დაუშვებელია საქმიანობის იმავე საკითხთან დაკავშირებით იგი შეამოწმოს სხვა მაკონტროლებელმა ორგანომ (გარდა ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის მეორე წინადადებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ან იმავე მაკონტროლებელი ორგანოს სხვა დანაყოფმა.
2. მაკონტროლებელი ორგანო ვალდებულია კონტროლის განხორციელებამდე მეწარმეს გადასცეს მისი უფლებებისა და მოვალეობების წერილობითი ჩამონათვალი.
მუხლი 5
1. ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება:
ა) საგადასახადო და საბაჟო ორგანოების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელებულ საგადასახადო კონტროლის ღონისძიებებზე;
ბ) საქართველოს ეროვნული ბანკის კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაზე;
გ) საქართველოს კონტროლის პალატის კანონმდებლობით გათვალისწინებულ საქმიანობაზე;
დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაზე;
ე) (ამოღებულია) ;
ვ) დამოუკიდებელი მარეგულირებელი ეროვნული კომისიების მიერ განხორციელებულ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საქმიანობაზე;
ზ) (ამოღებულია);
ზ1) საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს და საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის კანონმდებლობით გათვალისწინებულ საქმიანობაზე.
2. ყველა მაკონტროლებელ ორგანოს ეკრძალება მოსთხოვოს მეწარმეს ისეთი ინფორმაციის წარდგენა, რომელიც სცილდება მისი უფლებამოსილების ფარგლებს. კონტროლის პალატა საფინანსო-სამეურნეო კონტროლის სხვა სახელმწიფო ორგანოთა შემოწმებისას უფლებამოსილია შესაბამისი ორგანოსაგან მოითხოვოს ბიუჯეტთან ანგარიშსწორების ამსახველი დოკუმენტებისა და ინფორმაციის წარდგენა მათი კამერალური წესით შემოწმების მიზნით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ცალკეული იურიდიული პირის სამეწარმეო საქმიანობის კონტროლი შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ შესაბამისი ორგანოს ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე.
4. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ მოქმედებაზე. ის მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც სამეწარმეო საქმიანობის კონტროლს ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოს თხოვნით, შემოწმების უფლებას მოიპოვებს მოსამართლის ბრძანებით. სასამართლოში შემოწმების შესახებ შუამდგომლობით შედის მოკვლევისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანო, რომელიც მოსამართლეს წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას მეწარმის მიერ კანონმდებლობის დარღვევების შესახებ. მოსამართლე საკითხს იხილავს ერთპიროვნულად, დახურულ სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობის გარეშე. განსახორციელებულ შემოწმებაზე არ მოქმედებს ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები.
საქართველოს 200 3 წლის 23 ივლისის კანონი № 2565 - სსმ I, № 24 , 20.08.2003 წ., მუხ .183
საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3115 - სსმ I, №29, 18.09.2003 წ., მუხ.230
საქართველოს 2004 წლის 24 თებერვლის კანონი №3373 - სსმ I, №7, 16.03.2004 წ., მუხ.33
საქართველოს 2005 წლის 22 მარტის კანონი №1125 - სსმ I, №13, 12.04.2005 წ., მუხ.86
საქართველოს 2006 წლის 6 ივნისის კანონი №3188 - სსმ I, №21, 15.06.2006 წ., მუხ.178
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4302 - სსმ I, №51, 31.12.2006 წ., მუხ.411
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4275 - სსმ I, №51, 31.12.2006 წ., მუხ.434
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5264 - სსმ I, №30 , 30.07.2007 წ., მუხ.335
მუხლი 6
მაკონტროლებელი ორგანო ვალდებულია ყოველი წლის 25 იანვრამდე წარუდგინოს საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს პარლამენტს ანგარიში გასული წლის განმავლობაში ბრძანებების გაცემის შესახებ სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობების, სასამართლოს მიერ გაცემული ბრძანებების ოდენობისა და მოსამართლის ბრძანებების საფუძველზე განხორციელებული შემოწმებების შედეგების შესახებ.
თავი III
მაკონტროლებელ ორგანოთა სახელმწიფო რეესტრი
მუხლი 7
1. მაკონტროლებელ ორგანოთა სახელმწიფო რეესტრის მიზანია მაკონტროლებელ ორგანოთა აღრიცხვა და არაუფლებამოსილი ორგანოების მიერ სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის განხორციელების დაუშვებლობა.
2. აკრძალულია სამეწარმეო საქმიანობაზე კონტროლი განახორციელოს იმ ორგანომ, რომელიც დადგენილი წესით არ არის რეგისტრირებული მაკონტროლებელ ორგანოთა სახელმწიფო რეესტრში.
მუხლი 8
1. მაკონტროლებელი ორგანო რეგისტრაციის თაობაზე განცხადებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.
2. განცხადებას უნდა დაერთოს:
ა) სამეწარმეო საქმიანობის იმ სახეობათა ჩამონათვალი, რომელებზედაც უნდა განხორციელდეს კონტროლი;
ბ) მითითება ნორმატიული აქტის იმ კონკრეტულ ნორმაზე (ნორმებზე), რომელიც მაკონტროლებელი ორგანოს მიერ სამეწარმეო საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია.
3. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო განცხადებას რეგისტრაციის თაობაზე განიხილავს წარდგენიდან 10 დღის ვადაში და იღებს გადაწყვეტილებას მაკონტროლებელი ორგანოს რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე. დავა რეგისტრაციის შესახებ განიხილება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. მაკონტროლებელი ორგანოს რეგისტრაციისას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მაკონტროლებელ ორგანოზე გასცემს რეგისტრაციის ცნობას.
5. მაკონტროლებელ ორგანოთა სახელმწიფო რეესტრის წარმოების ფორმა და წესი, ასევე რეგისტრაციის ცნობის ფორმა მტკიცდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
თავი IV
გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
მუხლი 9
1. ამ კანონის გამოქვეყნებიდან 2 თვის ვადაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უზრუნველყოს მაკონტროლებელ ორგანოთა სახელმწიფო რეესტრის შექმნასთან დაკავშირებული ორგანიზაციული და სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტა.
2. დაევალოთ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, კანონიერებისა და ადმინისტრაციული რეფორმების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტებს ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან ერთად მოამზადონ კანონპროექტი მაკონტროლებელი ორგანოების უფლებამოსილების გამიჯვნისა და კონტროლის განხორციელების წესის შესახებ.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 3 თვის განმავლობაში უზრუნველყოს ამ კანონის ტექსტის გადაცემა იმ იურიდიული პირებისათვის, რომლებიც საგადასახადო ორგანოებში გადასახადის გადამხდელებად არიან რეგისტრირებულნი.
4. დაევალოს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, კანონიერებისა და ადმინისტრაციული რეფორმების კომიტეტს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის დაწესებულებებთან ერთად 3 თვის ვადაში მოამზადოს წინადადებები საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის ამ კანონთან შესაბამისობაში მოსაყვანად.
5. ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი და მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს 2002 წლის 10 მაისი ს კანონი № 1399 - სსმ I, № 10 , 13.05.2002 წ., მუხ. 44
საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №843 - სსმ I, №42, 30.12.2004 წ., მუხ.220
მუხლი 10
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
2001 წლის 8 ივნისი.
№921–IIს
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს 2002 წლის 10 მაისის კანონი №1399 - სსმ I, №10, 13.05.2002 წ., მუხ.44
2. საქართველოს 2003 წლის 23 ივლისის კანონი №2565 - სსმ I, №24, 20.08.2003 წ., მუხ.183
3. საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3115 - სსმ I, №29, 18.09.2003 წ., მუხ.230
4. საქართველოს 2004 წლის 24 თებერვლის კანონი №3373 - სსმ I, №7, 16.03.2004 წ., მუხ.33
5. საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №919 - სსმ I, №41, 30.12.2004 წ., მუხ.203
6. საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №843 - სსმ I, №42, 30.12.2004 წ., მუხ.220
7. საქართველოს 2005 წლის 22 მარტის კანონი №1125 - სსმ I, №13, 12.04.2005 წ., მუხ.86
8. საქართველოს 2006 წლის 6 ივნისის კანონი №3188 - სსმ I, №21, 15.06.2006 წ., მუხ.178
9. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4229 - სსმ I, №50, 30.12.2006 წ., მუხ.380
10. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4302 - სსმ I, №51, 31.12.2006 წ., მუხ.411
11. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4275 - სსმ I, №51, 31.12.2006 წ., მუხ.434
12. საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5264 - სსმ I, №30 , 30.07.2007 წ., მუხ.335
დოკუმენტის კომენტარები