დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1221 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 06/02/1998 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 8-9, 06/02/1998 |
სარეგისტრაციო კოდი | 210.000.000.05.001.000.316 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (06/02/1998 - 26/06/1998)
საქართველოს კანონი
მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ
ეს კანონი განსაზღვრავს მოსაკრებლების სისტემის ზოგად პრინციპებს. მისი ამოცანაა ჩამოაყალიბოს საერთო პოლიტიკა იმ გადასახდელების მიმართ, რომლებიც გადაიხდევინება აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისა და სასამართლო დაწესებულებების მიერ მომსახურების გაწევისა და კანონით განსაზღვრული უფლებების მინიჭებისათვის.
მუხლი 1. მოსაკრებლის ცნება
მოსაკრებელი არის აუცილებელი გადასახდელი ბიუჯეტში, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათთვის კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების და/ან სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოების მიერ გაწეული გარკვეული მომსახურებისათვის.
მუხლი 2. მოსაკრებლების სისტემა
მოსაკრებლების სისტემა მოიცავს ამ კანონით გათვალისწინებული მოსაკრებლების (მათი დაწესების, შეცვლისა და გაუქმების) გადახდევინების პრინციპების, ფორმებისა და მეთოდების ერთობლიობას.
მუხლი 3. მოსაკრებლების დაწესება და გადახდევინება
1. საქართველოში მოსაკრებლების სტრუქტურას, ოდენობასა და შემოღების წესს ადგენს მხოლოდ კანონი.
2. მოსაკრებლების გადამხდელი ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებულნი არიან გადაიხადონ ამ კანონით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მოსაკრებლები.
3. დაუშვებელია ამ კანონით გაუთვალისწინებელი მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების ვინმესთვის დაკისრება.
4. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოებს, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებს შეუძლიათ შემოიღონ მხოლოდ საქართველოს შესაბამისი კანონით დაწესებული ადგილობრივი მოსაკრებლები.
მუხლი 4. კანონმდებლობა მოსაკრებლების შესახებ
1. კანონმდებლობა მოსაკრებლების შესახებ შედგება ამ კანონისაგან, მის შესაბამისად მიღებული კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.
2. მოსაკრებლების შესახებ კანონები და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ამ კანონს.
3. მოსაკრებლების თაობაზე კანონების დებულებებსა და კანონმდებლობის სხვა სფეროს ნორმატიული აქტების დებულებებს შორის მოსაკრებლების დაწესების, შეცვლისა და გაუქმების საკითხებზე კოლიზიის წარმოშობისას გამოიყენება მოსაკრებლების შესახებ კანონები.
4. აკრძალულია მოსაკრებლებთან დაკავშირებული საკითხების მოსაკრებლების შესახებ კანონმდებლობის გარდა სხვა კანონმდებლობით მოწესრიგება.
მუხლი 5. მოსაკრებლის სახეები
1. მოსაკრებლის სახეებია:
ა) საბაჟო მოსაკრებლები;
ბ) სალიცენზიო მოსაკრებლები;
გ) სახელმწიფოს სერტიფიკატის მოსაკრებლები;
დ) სარეგისტრაციო მოსაკრებლები;
ე) საპატენტო მოსაკრებლები;
ვ) სახელმწიფოს საექსპერტიზო მოსაკრებლები;
ზ) სახელმწიფო ბაჟი;
თ) საკონსულო მოსაკრებლები.
2. შემოღების წესის მიხედვით მოსაკრებლები შეიძლება იყოს საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი.
3. საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მოსაკრებლების დაწესება ხდება შესაბამისი კანონებით.
მუხლი 6. მოსაკრებლების გადამხდელები
მოსაკრებლების გადამხდელები არიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთაც სახელმწიფო ანიჭებს კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების და/ან სარგებლობის უფლებას, აგრეთვე რომელთაც სახელმწიფო ორგანოები უწევენ გარკვეულ მომსახურებას.
მუხლი 7. მოსაკრებლების განაკვეთის განსაზღვრის ზოგადი პრინციპები
1. მოსაკრებლების განაკვეთები მათ ცალკეულ სახეობებზე წესდება ამ კანონის შესაბამისად მიღებული კანონებით და განისაზღვრება შემდეგი პრინციპებით:
ა) სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილ მომსახურებაზე და/ან უფლების მინიჭებაზე გაწეული დანახარჯების ანაზღაურების გათვალისწინებით;
ბ) განსაკუთრებულ შემთხვევებში სახელმწიფოს პოლიტიკური და ეკონომიკური (მათ შორის, მოსალოდნელი შემოსავლების გათვალისწინებით) ინტერესებიდან გამომდინარე.
2. მოსაკრებლები წესდება ლარებში ან ფარდობით სიდიდეებში.
მუხლი 8. მოსაკრებლებისაგან მიღებული შემოსავლების განაწილება ბიუჯეტებს შორის
მოსაკრებლების ბიუჯეტებში ჩარიცხვა ხორციელდება „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 9. გარდამავალი დებულება
ტერიტორიულ ერთეულებში, სადაც არჩეულნი არ არიან წარმომადგენლობითი ორგანოები, მათ არჩევამდე ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ კანონით დაწესებული მოსაკრებლების შემოღების უფლება ეძლევათ „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 29 მაისის დადგენილების მე–5 პუნქტით განსაზღვრულ ორგანოებს.
მუხლი 10. კანონის ამოქმედება
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1998 წლის 6 თებერვალი.
№1221–IIს
დოკუმენტის კომენტარები