მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1028
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 31/10/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 45, 21/11/1997
სარეგისტრაციო კოდი 010.290.000.05.001.000.283
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1028
31/10/1997
პარლამენტის უწყებანი, 45, 21/11/1997
010.290.000.05.001.000.283
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს ორგანული კანონი

 

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

1. პოლიტიკური პარტია (შემდგომ – პარტია) არის საერთო მსოფლმხედველობრივ და ორგანიზაციულ საფუძველზე შექმნილი მოქალაქეთა ნებაყოფლობითი, დამოუკიდებელი გაერთიანება, რომელიც რეგისტრირებულია ამ კანონით დადგენილი წესით და თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების ფარგლებში.

2. ეს კანონი განსაზღვრავს პარტიის უფლებებსა და ვალდებულებებს, სტატუსს, შექმნისა და საქმიანობის წესებს, მისი ფინანსური საქმიანობის კანონიერებასა და გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ წესებს, აგრეთვე პასუხისმგებლობას ამ კანონით დადგენილი ნორმების დარღვევისთვის.

3.  პარტიის ფინანსური საქმიანობის კანონიერებასა და გამჭვირვალობასთან დაკავშირებული, ამ კანონით დადგენილი ნორმები ვრცელდება აგრეთვე იმ პირზე, რომელსაც თავად აქვს განცხადებული საარჩევნო მიზანი და ამ მიზნის მისაღწევად შესაბამის ფინანსურ და სხვა მატერიალურ რესურსებს იყენებს.

4. განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ფიზიკურ პირზე ამ კანონთან ერთად ვრცელდება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დამოუკიდებელი კანდიდატისთვის დადგენილი ნორმები.

5. საარჩევნო კამპანიის ხარჯების რეგულირებასთან დაკავშირებით, მათი კანონიერებისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად ამ კანონით დადგენილი ნორმები გამოიყენება საქართველოს ორგანულ კანონთან „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ერთად.

    მუხლი 2

პარტია, როგორც თავისუფალი დემოკრატიული საზოგადოების აუცილებელი კონსტიტუციურ-სამართლებრივი ნაწილი, არჩევნების მეშვეობით და კანონმდებლობით ნებადართული სხვა საშუალებებით მონაწილეობს მოქალაქეთა პოლიტიკური ნების ფორმირებასა და გამოხატვაში.

    მუხლი 3

პარტიის შექმნასა და საქმიანობას საფუძვლად უდევს შემდეგი პრინციპები:

ა) პარტიაში გაწევრიანებისა და პარტიიდან გასვლის ნებაყოფლობითობა;

ბ) დამოუკიდებლობა და თვითმმართველობა;

გ) არჩევითობა და ანგარიშვალდებულება;

დ) პარტიების თანასწორობა კანონის წინაშე;

ე) პარტიის შექმნისა და საქმიანობის საჯაროობა.

    მუხლი 4

პარტია არის არასამეწარმეო იურიდიული პირი. მასზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ის დებულებები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება ამ კანონს.

    მუხლი 5

1. პარტიის შექმნისა და მის საქმიანობაში მონაწილეობის უფლება საქართველოს ყოველი მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა.

2. დაუშვებელია ისეთი პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს.

    მუხლი 51 . (ამოღებულია)

საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №5661 - ვებგვერდი, 29.12.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 8 მაისის ორგანული კანონი №6116 - ვებგვერდი, 29.05.2012წ.

    მუხლი 6

დაუშვებელია პარტიის შექმნა რეგიონული ან ტერიტორიული ნიშნის მიხედვით.

    მუხლი 7

1. სახელმწიფო უზრუნველყოფს პარტიის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას.

2. დაუშვებელია სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირთა ჩარევა პარტიის საქმიანობაში, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.  

     მუხლი 71

განცხადებული საარჩევნო მიზანი ის ფაქტობრივი გარემოებაა, როდესაც იკვეთება კონკრეტული პირის არჩევნებში მონაწილეობის გზით ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი. განცხადება გაკეთებული უნდა იყოს საჯაროდ და მიმართული უნდა იყოს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებისკენ.

თავი II

პარტიის შექმნა და მისი საქმიანობის ორგანიზება

    მუხლი 8

პარტიის შექმნისა და მის საქმიანობაში მონაწილეობის უფლება აქვს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეს.

    მუხლი 9

საქართველოს მოქალაქე შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი პარტიის წევრი.

მუხლი 10

1. პირს, რომელიც ჩაირიცხება თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში, განწესდება მოსამართლედ, უწყდება პოლიტიკური პარტიის წევრობა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში მყოფ პირად ითვლება:

ა) საქართველოს პროკურატურის თანამშრომელი (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა);

ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურე;

გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელი;

დ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოსამსახურე; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციელი; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურე;

ე) სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომელი;

ვ) საქართველოს თავდაცვის ძალების მოსამსახურე;

ზ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურე;

თ) საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურე;

ი) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი;

კ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მოსამსახურე.

ლ) ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის მოსამსახურე.

საქართველოს 2005 წლის 22 მარტის ორგანული კანონი №1136 - სსმ I, №13, 12.04.2005წ., მუხ.75

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის ორგანული კანონი №4272 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ.43   

საქართველოს 2015 წლის 1  მაისის   ორგანული კანონი  №3561 - ვებგვერდი, 18.05.2015წ.  

საქართველოს 2015 წლის 8  ივლისის ორგანული კანონი  №3972  - ვებგვერდი, 15.07.2015წ.

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის ორგანული  კანონი №3133  –  ვებგვერდი, 11.07.2018წ.

საქართველოს 2018 წლის 21  ივლისის ორგანული  კანონი № 3302  –  ვებგვერდი, 09.08.2018წ.

საქართველოს 2018 წლის 20  სექტემბრის ორგანული  კანონი №3434   –  ვებგვერდი, 03.10.2018წ.

საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის ორგანული კანონი №4103 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.

საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის ორგანული კანონი №4254 – ვებგვერდი, 29.12.2018წ.

საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის ორგანული კანონი №4255 – ვებგვერდი, 29.12.2018წ.

საქართველოს 2019 წლის 2  აპრილის ორგანული  კანონი №4410  –  ვებგვერდი, 08.04.2019წ.

საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის ორგანული კანონი №5408 – ვებგვერდი, 10.12.2019წ.

საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის ორგანული კანონი №1341 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.

საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის ორგანული კანონი №4009 - ვებგვერდი, 26.12.2023წ.

    მუხლი 11

დაუშვებელია პარტიის წევრობის შეზღუდვა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიის, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

    მუხლი 12

1. პარტიის შესაქმნელად მოქალაქეთა არანაკლებ 300-კაციანი ჯგუფი წინასწარი ნებართვის გარეშე ატარებს პარტიის დამფუძნებელ ყრილობას (კონფერენციას, კონგრესს, ასამბლეას ან სხვ.).

2. დამფუძნებელი ყრილობა იღებს პარტიის წესდებას.

3. დამფუძნებელ ყრილობას ესწრება და მის ოქმს ამოწმებს ნოტარიუსი.

    მუხლი 13

1. წესდებაში უნდა აღინიშნოს პარტიის:

ა) სახელწოდება, აგრეთვე მისი შემოკლებული დასახელება, თუ ასეთი გამოიყენება;

ბ) იურიდიული მისამართი;

გ) საქმიანობის მიზნები (ამოცანები) და მათი განხორციელების ფორმები;

დ) წევრად მიღებისა და წევრობის შეწყვეტის წესი და პირობები;

ე) წევრის უფლება-მოვალეობები;

ვ) ორგანიზაციული სტრუქტურა;

ზ) ხელმძღვანელი, აღმასრულებელი და მაკონტროლებელი ორგანოების შექმნის წესი, მათი კომპეტენცია და უფლებამოსილების ვადა;

თ) ზოგად და სპეციალურ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ თანამდებობის პირთა ჩამონათვალი და წარმომადგენლობის ფარგლები;

ი) ქონების შექმნის წყაროები და მისი გამოყენების წესი;

კ) წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი და პირობები;

ლ) საქმიანობის შეწყვეტის საფუძვლები (რეორგანიზაციისა და თვითლიკვიდაციის წესები);

მ) სიმბოლიკის აღწერილობა, თუ ასეთი გამოიყენება.

2. წესდება შეიძლება შეიცავდეს სხვა დებულებებსაც, რომლებიც ეხება პარტიის საქმიანობას და არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.

    მუხლი 14

1. პარტიის სახელწოდება, მისი შემოკლებული დასახელება და სიმბოლიკა არ შეიძლება ემთხვეოდეს სხვა, უკვე რეგისტრირებული ან ლიკვიდირებული პარტიის სახელწოდებას, შემოკლებულ დასახელებასა და სიმბოლიკას, თუ ამ პარტიის ლიკვიდაციის დღიდან 4 წელზე ნაკლებია გასული.

2. აკრძალულია პარტიის სახელწოდების, შემოკლებული დასახელებისა და სიმბოლიკის გამოყენება ამ პარტიის ნებართვის გარეშე.

    მუხლი 15

1. პარტიის წესდებით განსაზღვრული კომპეტენტური ორგანოები წესდებითვე დადგენილი პროცედურით, დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებას პარტიის წევრად მიღების თაობაზე. წევრად მიღებაზე უარის თქმის მიზეზის დასაბუთება აუცილებელი არ არის.

2. პარტიიდან გასვლა თავისუფალია.

3. პარტიის წევრთა მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების ფარგლები, აგრეთვე საფუძვლები, რომლებიც ამართლებს მათ გამოყენებას, და პარტიის ორგანოები, რომლებიც იღებენ გადაწყვეტი-ლებას ასეთი ზომების შეფარდების თაობაზე, განისაზღვრება პარტიის წესდებით.

4. პარტიიდან გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას წესდებით განსაზღვრულ შემთხვევებში იღებს წესდებით უფლებამოსილი ორგანო. ეს გადაწყვეტილება წერილობით უნდა იყოს დასაბუთებული. იგი შეიძლება გასაჩივრდეს პარტიის ზემდგომ ორგანოში.

    მუხლი 16

1. პარტიის ხელმძღვანელი, აღმასრულებელი და მაკონტროლებელი ორგანოები არიან: პარტიის წევრთა ყრილობა (კონგრესი, ასამბლეა, კონფერენცია და სხვ.), გამგეობა (საბჭო, დარბაზი, სამდივნო, კომიტეტი და სხვ.), სარევიზიო კომისია (საზედამხედველო კომისია, საკონტროლო კომისია და სხვ.).

2. წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს აგრეთვე პარტიის სხვა ორგანოების შექმნას და ხელმძღვანელი თანამდებობების შემოღებას.

    მუხლი 17

1. პარტიის ხელმძღვანელი ორგანო – პარტიის წევრთა ყრილობა არის პარტიის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო. იგი მოიწვევა წესდებით დადგენილ ვადაში, მაგრამ არანაკლებ 4 წელიწადში ერთხელ.

2. თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყრილობაში მონაწილეობის უფლება აქვს პარტიის ყველა წევრს. წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს ყრილობაში პარტიის წევრთა ჯგუფების მიერ არჩეული წარმომადგენლების მონაწილეობას. ამ წარმომადგენელთა კვოტები დგინდება წესდებით ან გამგეობის გადაწყვეტილებით, ისე, რომ აირჩეს არანაკლებ 200 წარმომადგენლისა.

3. ყრილობა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება პარტიის წევრთა ან წარმომადგენელთა ნახევარზე მეტი. წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს უფრო მაღალ კვორუმს.

4. თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყრილობა გადაწყვეტილებას იღებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით.

5. ყრილობის განსაკუთრებული უფლებამოსილებაა პარტიის წესდების მიღება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, პარტიის ხელმძღვანელი, აღმასრულებელი და მაკონტროლებელი ორგანოების არჩევა, პარტიის რეორგანიზაციისა და თვითლიკვიდაციის, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებული სხვა საკითხების გადაწყვეტა.

    მუხლი 18

1. პარტიის აღმასრულებელ ორგანოს – გამგეობას წესდებით დადგენილი ვადით, არანაკლებ 3 წევრის შემადგენლობით ირჩევს ყრილობა.

2. გამგეობა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება გამგეობის წევრთა ნახევარზე მეტი. წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს უფრო მაღალ კვორუმს.

3. გამგეობა გადაწყვეტილებას იღებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს ცალკეული საკითხების კვალიფიციური უმრავლესობით გადაწყვეტას.

    მუხლი 19

1. პარტიის სარევიზიო ორგანოს – სარევიზიო კომისიას წესდებით დადგენილი ვადით, არანაკლებ 3 წევრის შემადგენლობით ირჩევს ყრილობა.

2. სარევიზიო კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს უფრო მაღალ კვორუმს.

3. სარევიზიო კომისია გადაწყვეტილებას იღებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს ცალკეული საკითხების კვალიფიციური უმრავლესობით გადაწყვეტას.

4. სარევიზიო კომისიის განსაკუთრებული უფლებამოსილებაა პარტიის საფინანსო-საბუღალტრო დოკუმენტების რევიზია. წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს კომისიის სხვა საკონტროლო ფუნქციებს.

    მუხლი 20

პარტიის ყრილობის მოწვევის, გამგეობისა და სარევიზიო კომისიის არჩევის წესს, აგრეთვე მათი უფლებამოსილების ფარგლებს ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად განსაზღვრავს პარტიის წესდება.

    მუხლი 21

1. პარტიას უფლება აქვს შექმნას სტრუქტურული ქვედანაყოფები (ფილიალი, წარმომადგენლობა, ახალგაზრდული ორგანიზაცია და სხვ.) იურიდიული პირის უფლების გარეშე.

2. თუ პარტიის წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ქვედანაყოფის დებულებას ამტკიცებს პარტიის გამგეობა.

3. თუ ქვედანაყოფის საქმიანობა ხორციელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მაშინ მის დებულებას და პარტიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) ხელმოწერის (ხელმოწერების) ნოტარიულად დამოწმებულ ნიმუშებს პარტიის გამგეობა (ხელმძღვანელი თანამდებობის პირი) ერთი თვის ვადაში უგზავნის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო).

4. თუ ქვედანაყოფის საქმიანობა ხორციელდება საქართველოს რომელიმე ადმინისტრაციული ერთეულის ფარგლებში, მაშინ მის დებულებას, პარტიის წესდებას და პარტიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) ხელმოწერის (ხელმოწერების) ნოტარიულად დამოწმებულ ნიმუშს (ნიმუშებს) პარტიის გამგეობა 1 თვის ვადაში უგზავნის შესაბამის მუნიციპალიტეტის ორგანოს.

საქართველოს 2007 წლის 25 მაისის ორგანული კანონი №4817 - სსმ I, №19, 01.06.2007წ., მუხ164

საქართველოს 2012 წლის 8 მაისის ორგანული კანონი №6116 - ვებგვერდი, 29.05.2012წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6861 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

    მუხლი 22

1. პარტიის რეგისტრაცია ხდება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. პარტიის რეგისტრაცია მოიცავს საგადასახადო რეგისტრაციასაც.

1 1. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრი არის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) შესახებ მონაცემთა სისტემური ერთობლიობა.

12. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის ფორმა და წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

2. პარტიის დამფუძნებელი ყრილობის ჩატარებიდან ერთი კვირის ვადაში საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინება შემდეგი დოკუმენტები:

ა) განცხადება პარტიის რეგისტრაციის შესახებ, პარტიის ხელმძღვანელი პირის (პირების) ხელმოწერით (ხელმოწერებით);

ბ) ნოტარიუსის მიერ დამოწმებული პარტიის დამფუძნებელი ყრილობის ოქმი;

გ) პარტიის არანაკლებ 1000 წევრის სია , სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, პირადობის მოწმობის ნომერის, სამუშაო ადგილის, საცხოვრებელი ადგილის მისამართისა და ტელეფონის მითითებითა და მათი ხელმოწერებით;

(ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის სიტყვები „პარტიის არანაკლებ 1000 წევრის სია“) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება №3/2/1277 – ვებგვერდი, 29.04.2022წ.

დ) პარტიის წესდება;

ე) ცნობა პარტიის იურიდიული მისამართისა და ტელეფონის შესახებ;

ვ) პარტიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) ხელმოწერის (ხელმოწერების) ნოტარიულად დამოწმებული ნიმუშები;

ზ) ესკიზები პარტიის ბეჭდის, ემბლემისა და სხვა სიმბოლიკის გამოსახულებით, თუ ასეთები გამოიყენება.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილების რეგისტრაციისთვის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინება იმავე პუნქტის შესაბამისი ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი (დოკუმენტები), რომელშიც (რომლებშიც) ასახულია განახლებული ინფორმაცია შესაბამის ფაქტთან დაკავშირებით.

საქართველოს 2012 წლის 8 მაისის ორგანული კანონი №6116 - ვებგვერდი, 29.05.2012წ.  

საქართველოს 2016 წლის 27 აპრილის ორგანული კანონი 5037 - ვებგვერდი, 13.05.2016წ.

    მუხლი 23

1. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტო ამოწმებს წარდგენილი დოკუმენტების სისწორეს და პარტიის რეგისტრაციის საკითხს წყვეტს მათი წარდგენიდან ერთი თვის ვადაში.

2. პარტიის მარეგისტრირებელი ორგანო წარდგენილი დოკუმენტების განხილვის შემდეგ იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) რეგისტრირებულ იქნეს;

ბ) უარი ეთქვას რეგისტრაციაზე.

3. პარტიის რეგისტრაციის შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანო სარეგისტრაციო მოწმობას გასცემს გადაწყვეტილების მიღებიდან 7 დღის ვადაში.

4. პარტიას შეიძლება უარი ეთქვას რეგისტრაციაზე, თუ მისი წესდება ან სარეგისტრაციოდ წარდგენილი სხვა დოკუმენტები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის ან ამ კანონის მოთხოვნებს.

5. პარტიის რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში მარეგისტრი-რებელი ორგანო ვალდებულია განმცხადებელს გადაწყვეტილების მიღებიდან 7 დღის ვადაში, წერილობით აცნობოს ამის თაობაზე, უარის თქმის დასაბუთებული მიზეზის მითითებით.

6. პარტიას შეუძლია რეგისტრაციაზე უარი ერთი თვის ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში.

7. რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზის აღმოფხვრის შემთხვევაში განმცხადებელს შეუძლია ხელახლა წარადგინოს დოკუმენტები სარე-გისტრაციოდ.

8. თუ ამ მუხლით დადგენილ ვადაში არ განხორციელდა რეგისტრაცია და განმცხადებელს არ ეცნობა რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, ამასთან, თუ პარტიის მიერ წარდგენილი დოკუმენტები აკმაყოფილებს ამ კანონის მოთხოვნებს, პარტია რეგისტრირებულად ჩაითვლება და „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტო“ ვალდებულია მომდევნო 7 დღის ვადაში გასცეს სარეგისტრაციო მოწმობა.

საქართველოს 2012 წლის 8 მაისის ორგანული კანონი №6116 - ვებგვერდი, 29.05.2012წ.

    მუხლი 24

1. პარტია ვალდებულია წესდებაში ან/და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრში რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებულ, ამ კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მონაცემებში ცვლილების შეტანის შემთხვევაში 10 დღის ვადაში აცნობოს ამის თაობაზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარუდგინოს მას შესაბამისი დოკუმენტი (დოკუმენტები).

2. თუ ამ კანონით, საქართველოს კანონმდებლობით ან პარტიის წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ცვლილების რეგისტრაციის საფუძველია პარტიის ყრილობის მიერ სათანადო წესით მიღებული გადაწყვეტილება. ამ მიზნით ჩატარებულ ყრილობას ესწრება და მის ოქმს ამოწმებს ნოტარიუსი. არ არის სავალდებულო ნოტარიუსის დასწრება ყრილობის იმ ნაწილზე, რომელიც უშუალოდ არ უკავშირდება ისეთ საკითხს, რომელზე მიღებული გადაწყვეტილების სანოტარო წესით დამოწმებაც გათვალისწინებულია ამ პუნქტით, რის შესახებაც უნდა აღინიშნოს ნოტარიუსის მიერ დამოწმებულ ყრილობის ოქმში.

3. ცვლილების რეგისტრაცია ხდება ამ კანონის 23-ე მუხლით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში.

4. წესდებაში ან/და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრში რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებულ, ამ კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მონაცემებში შეტანილი ცვლილების მიხედვით მიღებული გადაწყვეტილება მოქმედებს მხოლოდ ამ ცვლილების რეგისტრაციის შემდეგ.

    მუხლი 241

თუ პარტია საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − ანტიკორუფციულ ბიუროს ამ კანონით გათვალისწინებულ საფინანსო დეკლარაციას ზედიზედ 2 კალენდარული წლის განმავლობაში არ წარუდგენს ან მის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − ანტიკორუფციული ბიუროსთვის ზედიზედ 2 კალენდარული წლის განმავლობაში წარდგენილ ყველა ასეთ საფინანსო დეკლარაციაში ასახული ყველა შემოსავალი და ხარჯი ნულის ტოლია, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მიმართვის საფუძველზე აუქმებს აღნიშნული პარტიის რეგისტრაციას. მისი რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ ამ პარტიის დარჩენილი ქონება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით გადაეცემა სახელმწიფო ხაზინას.

თავი III

პარტიისა და განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის ქონება და ფინანსები, მათი ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი

საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №5661 - ვებგვერდი, 29.12.2011წ.

     მუხლი 25

1. პარტიის ქონებას ქმნის:

ა) საწევრო შენატანები;

ბ) შემოწირულებები;

გ) კანონით დადგენილ შემთხვევებში სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა;

დ) (ამოღებულია - 15.12.2023, №4019).

11. საწევრო შენატანად მიიჩნევა ამ კანონის შესაბამისად განხორციელებული საწევრო შენატანის სახით გადახდილი მხოლოდ ის ფულადი თანხა, რომლის ზუსტი ოდენობაც დადგენილია პარტიის წესდებით.

2. შემოწირულებად მიიჩნევა:

ა) პარტიის ანგარიშზე ჩარიცხული ისეთი ფულადი თანხა, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პარტიის ქონების შემადგენელ არცერთ ნაწილს არ განეკუთვნება;

ბ) პარტიის მიერ უსასყიდლოდ ან ფასდაკლებით/შეღავათიანი პირობით მიღებული ისეთი მატერიალური ან არამატერიალური ფასეულობა (მათ შორის, შეღავათიანი კრედიტი) ან მომსახურება, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პარტიის ქონების შემადგენელ არცერთ ნაწილს არ განეკუთვნება. აღნიშნული მომსახურება, რომელსაც მოხალისეობის ფარგლებში ნებაყოფლობით სწევს ფიზიკური პირი, შემოწირულებად არ მიიჩნევა;

გ) პარტიის მხარდასაჭერად გაღებული ისეთი ფულადი თანხა, უსასყიდლოდ ან ფასდაკლებით/შეღავათიანი პირობით გაცემული ისეთი მატერიალური ან არამატერიალური ფასეულობა (მათ შორის, შეღავათიანი კრედიტი) ან გაწეული ისეთი მომსახურება, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პარტიის ქონების შემადგენელ არცერთ ნაწილს არ განეკუთვნება, მიუხედავად იმისა, იდენტიფიცირებადია თუ არა ასეთი თანხის, ფასეულობის ან/და მომსახურების მიმღები სუბიექტი. აღნიშნული მომსახურება, რომელსაც მოხალისეობის ფარგლებში ნებაყოფლობით სწევს ფიზიკური პირი, შემოწირულებად არ მიიჩნევა.

3. (ამოღებულია - 15.12.2023, №4019).

4. შემოწირულებისთვის ამ კანონით დადგენილი წესები ვრცელდება აგრეთვე პარტიის მხარდაჭერისგან თავის შეკავების მიზნით გაღებულ ისეთ ფულად თანხაზე, უსასყიდლოდ ან ფასდაკლებით/შეღავათიანი პირობით გაცემულ ისეთ მატერიალურ ან არამატერიალურ ფასეულობაზე (მათ შორის, შეღავათიან კრედიტზე) ან გაწეულ ისეთ მომსახურებაზე, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პარტიის ქონების შემადგენელ არცერთ ნაწილს არ განეკუთვნება, მიუხედავად იმისა, იდენტიფიცირებადია თუ არა ასეთი თანხის, ფასეულობის ან/და მომსახურების მიმღები სუბიექტი. აღნიშნული მომსახურება, რომელსაც მოხალისეობის ფარგლებში ნებაყოფლობით სწევს ფიზიკური პირი, შემოწირულებად არ მიიჩნევა.

5. პარტიას უფლება აქვს, აიღოს კრედიტი მხოლოდ საქართველოს კომერციული ბანკისაგან საერთო რაოდენობით არაუმეტეს ერთი მილიონი ლარისა კალენდარული წლის განმავლობაში.

საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის ორგანული კანონი №4918 - სსმ I, №22, 19.06.2007წ., მუხ.186

საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №5661 - ვებგვერდი, 29.12.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 8 მაისის ორგანული კანონი №6116 - ვებგვერდი, 29.05.2012წ.

      მუხლი 251  

1. პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.04%-ს. აღნიშნულ ოდენობაში შედის პარტიის მიერ და მის სასარგებლოდ სხვა პირის მიერ გაწეული ხარჯები, რომლებიც დადგენილია საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ანტიკორუფციული ბიუროს (შემდგომ − ანტიკორუფციული ბიურო) მიერ და რომელთა შესახებაც ეცნობება შესაბამის პარტიას.

11 . (ამოღებულია - 02.07.2020, №6724).

2. (ამოღებულია – 08.05.2012, №6116).

3. პარტიის საექსპერტო-საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე გაწეული ხარჯი არ უნდა აღემატებოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ზღვრული ოდენობის 10%-ს.

4. პარტია უფლებამოსილია სადღესასწაულო ღონისძიებების აღნიშვნის ფარგლებში წლის განმავლობაში საჩუქრად გასცეს მცირე ღირებულების მქონე ნივთები საერთო ღირებულებით არა უმეტეს 5 000 ლარისა.

5. (ამოღებულია - 02.07.2020, №6724).

6. (ამოღებულია - 29.07.2013, №900).

საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №5661 - ვებგვერდი, 29.12.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 8 მაისის ორგანული კანონი №6116 - ვებგვერდი, 29.05.2012წ.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №6551 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.

    მუხლი 252

1. პარტიას ეკრძალება კანდიდატის, წარმომადგენლის ან სხვა პირის მეშვეობით, პირდაპირ ან არაპირდაპირ, საქართველოს მოქალაქისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ან არამატერიალურ ფასეულობათა გადაცემა (პარტიის კამპანიის მცირე ღირებულების მქონე აქსესუარების − მაისურების, კეპების, ქუდების, დროშების და სხვა მსგავსი ნივთების − გარდა), ფასდაკლებით/შეღავათიანი პირობებით საქონლის ან მომსახურების მიყიდვა ან მიწოდება, საბაზრო ფასზე მეტ ფასად საქონლის ან მომსახურების შესყიდვა, უსასყიდლოდ საქონლის ან მომსახურების (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა) მიწოდება ან გავრცელება, ან საქართველოს მოქალაქის დაინტერესება ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდების, მატერიალურ ან არამატერიალურ ფასეულობათა ან მომსახურების (მათ შორის, ფიქციური შრომითი ან სხვაგვარი ურთიერთობების დამყარების) მიწოდებით ან დაპირებით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედება ასევე ეკრძალება ნებისმიერ პირს რომელიმე პარტიის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული, დაპირებასთან დაკავშირებული აკრძალვა არ შეეხება პოლიტიკურ და საარჩევნო დაპირებებს, რომლებიც უკავშირდება საბიუჯეტო სახსრების სამომავლო განაწილებას და სახელმწიფო პოლიტიკის სამომავლო განხორციელებას.

საქართველოს 2012 წლის 8 მაისის ორგანული კანონი №6116 - ვებგვერდი, 29.05.2012წ.

      მუხლი 26

1. დაუშვებელია შემოწირულების მიღება:

ა) საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირისგან;

ბ) საქართველოში ან საქართველოს ფარგლების გარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირისგან ან/და პირთა სხვა სახის გაერთიანებისგან, გარდა ლექციის, სემინარის ან სხვა, მსგავსი საჯარო ღონისძიების უსასყიდლოდ მოწყობისა;

გ) საჯარო დაწესებულებისგან;

დ) სხვა სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტისგან;

ე) ანონიმურად.

2. შემოწირულების განხორციელებისას პირმა უნდა მიუთითოს სახელი, გვარი და პირადი ნომერი.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული მონაცემების მითითების გარეშე შეტანილი ფულადი სახსრები ითვლება ანონიმურად. ანონიმური შემოწირულობები პოლიტიკური გაერთიანების საფინანსო საქმიანობაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირის მიერ დაუყოვნებლივ უნდა გადაირიცხოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

4. (ამოღებულია - 15.12.2023, №4019).

5. (ამოღებულია - 15.12.2023, №4019).

6. პარტიის შემოწირულებების შესახებ ინფორმაცია (მათ შორის, ინფორმაცია, რომელიც შეიცავს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მონაცემებს) საჯაროა. აღნიშნული ინფორმაციის ხელმისაწვდომობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს ანტიკორუფციული ბიურო. ანტიკორუფციულმა ბიურომ ვებგვერდის მეშვეობით ყოველთვიურად უნდა უზრუნველყოს პარტიის შემოწირულებების შესახებ ინფორმაციის საჯარო ხელმისაწვდომობა.

საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის ორგანული კანონი №2260 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.362

საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის ორგანული კანონი №4918 - სსმ I, №22, 19.06.2007წ., მუხ.186

საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №5661 - ვებგვერდი, 29.12.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 8 მაისის ორგანული კანონი №6116 - ვებგვერდი, 29.05.2012წ.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №6551 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.

    მუხლი 261

1. პარტიისთვის ამ თავით დადგენილი შეზღუდვები ვრცელდება პირზე, რომელსაც თავად აქვს განცხადებული საარჩევნო მიზნები და რომელიც ამ მიზნების მისაღწევად შესაბამის ფინანსურ და სხვა მატერიალურ რესურსებს იყენებს.

2. თუ პირს პასუხისმგებლობა დაეკისრება ამ კანონით გათვალისწინებული შემოწირულებებისთვის დადგენილი წესების ან ამომრჩევლის მოსყიდვის მარეგულირებელი ნორმების განმეორებითი დარღვევისათვის, მასზე ვრცელდება ფინანსური გამჭვირვალობისთვის ამ თავით დადგენილი წესი.

3. ფიზიკური პირი, რომელსაც თავად აქვს განცხადებული საარჩევნო მიზნები და ამ მიზნებისთვის გასწევს ხარჯებს, ვალდებულია შექმნას სპეციალური ფონდი.

4. შეზღუდვების მიზანია პარტიის და განცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე პირის საარჩევნო მიზნებთან დაკავშირებული შემოსავლებისა და ხარჯების რეგულირება და მათი გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. ამ მუხლით განსაზღვრულ პირებზე შეზღუდვები ვრცელდება მხოლოდ იმ ქმედებებისთვის, რომლებიც უკავშირდება საარჩევნო მიზნების მისაღწევად ფინანსური ან სხვა მატერიალური ან არამატერიალური რესურსების გამოყენებას. შეზღუდვები არ ვრცელდება ეკონომიკურ/სამეწარმეო საქმიანობაზე, საკუთრების უფლებაზე, სხვა კერძოსამართლებრივ უფლებებსა და თავისუფლებებზე, თუ ისინი არ უკავშირდება საარჩევნო მიზნებს ან/და არ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვებისათვის გვერდის ავლის მიზნით.

5. ამ კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები არ ვრცელდება საერთაშორისო ორგანიზაციებსა და იმ იურიდიულ პირებზე, რომელთა მიზანია პარტიების ინსტიტუციური განვითარება, რაც არ უკავშირდება რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერას ან მხარდაჭერისგან თავის შეკავებას.

6. ამ კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს გამოხატვის თავისუფლების, სამოქალაქო აქტივობის განხორციელების და წინასაარჩევნო აგიტაციის წინააღმდეგ.

7. ამ მუხლით დადგენილი შეზღუდვები უქმდება არჩევნების შედეგების შეჯამების დღეს.

8. თუ აღარ არსებობს ამ მუხლით განსაზღვრული გარემოებები, ანტიკორუფციული ბიურო საკუთარი ინიციატივით ან ამავე მუხლით დადგენილი შეზღუდვებისადმი დაქვემდებარებული პირის განცხადების საფუძველზე, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით განიხილავს პირისთვის შეზღუდვების გაუქმების საკითხს.

საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №5661 - ვებგვერდი, 29.12.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 8 მაისის ორგანული კანონი №6116 - ვებგვერდი, 29.05.2012წ.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №6551 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.

      მუხლი 27

1. პარტიის მიერ საქართველოს თითოეული მოქალაქისგან წლის განმავლობაში მიღებულ შემოწირულებათა საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 60 000 ლარს. პარტიის თითოეული წევრის მიერ განხორციელებული საწევრო შენატანების წლიური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1 200 ლარს.

2. (ამოღებულია - 15.12.2023, №4019).

3. საქართველოს მოქალაქემ შემოწირულებები შეიძლება წლის განმავლობაში რამდენიმე პარტიის სასარგებლოდ განახორციელოს, მაგრამ აღნიშნულ შემოწირულებათა საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს მოქალაქისთვის ამ კანონით დადგენილ ზღვრულ ოდენობას.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა ვრცელდება ყველა სახის შემოწირულებაზე, მათ შორის, პარტიის მიზნებისათვის და მისი სახელით გაწეულ მომსახურებებზე.

5. პარტიის მიერ საწევრო შენატანები, აგრეთვე მოქალაქისაგან შემოწირულებების სახით ფულადი სახსრები მიიღება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით. შემოწირულება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საქართველოში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკში არსებული, შემომწირველის ან საწევრო შენატანის განმახორციელებელი პირის კუთვნილი ანგარიშიდან.

6. შემოწირულების სხვა პირის მეშვეობით განხორციელება გამოიწვევს შემოწირულების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართვას, ხოლო სამართალდამრღვევ პირს დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობა.

7. (ამოღებულია - 29.07.2013, №900).

საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის ორგანული კანონი №2260 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.362

საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის ორგანული კანონი №4918 - სსმ I, №22, 19.06.2007წ., მუხ.186

საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №5661 - ვებგვერდი, 29.12.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 8 მაისის ორგანული კანონი №6116 - ვებგვერდი, 29.05.2012წ.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №6551 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.

      მუხლი 271

1. შემოწირულების მიღების, აგრეთვე საწევრო შენატანის განხორციელების შესახებ ინფორმაცია პარტიამ 5 სამუშაო დღის ვადაში უნდა წარუდგინოს ანტიკორუფციულ ბიუროს.

2. თუ შემოწირულების მიღებით, აგრეთვე საწევრო შენატანის განხორციელებით ირღვევა ამ კანონით დადგენილი მოთხოვნები, პარტია ვალდებულია თანხა მის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში დაუბრუნოს შემომწირველს/საწევრო შენატანის განმახორციელებელ პირს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში თანხა გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში. თუ პარტიამ არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა შემოწირულების უკანონობის შესახებ, თანხის დაბრუნების ვალდებულება წარმოიშობა ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მოთხოვნის მომენტიდან.

3. პარტიის უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ შესაბამისი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მას დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობა.

საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №5661 - ვებგვერდი, 29.12.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 8 მაისის ორგანული კანონი №6116 - ვებგვერდი, 29.05.2012წ.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №6551 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.

საქართველოს 2022 წლის 1 დეკემბრის ორგანული კანონი №2279 – ვებგვერდი, 15.12.2022წ.

    მუხლი 28. (ამოღებულია)

საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №5661 - ვებგვერდი, 29.12.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 8 მაისის ორგანული კანონი №6116 - ვებგვერდი, 29.05.2012წ.

    მუხლი 29

სახელმწიფოს მიერ პარტიების საარჩევნო კამპანიის დაფინანსება რეგულირდება საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის საფუძველზე.

    მუხლი 291. (ამოღებულია)

საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის ორგანული კანონი №963 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.296

    მუხლი 30

1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად გამოიყოფა თანხა პარტიების საქმიანობის ფინანსური მხარდაჭერისა და პარტიული სისტემის განვითარებისთვის.

2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას იღებს პარტია, რომელმაც საქართველოს პარლამენტის ბოლო არჩევნებში ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1% მაინც მიიღო.

3. პარტია ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღებს თანხას საქართველოს პარლამენტის ბოლო არჩევნებში პირველი 50 000 ნამდვილი ხმის ფარგლებში მიღებული თითოეული ხმისთვის 15 ლარის, ხოლო თითოეული შემდგომი მიღებული ნამდვილი ხმისთვის − 5 ლარის ოდენობით.

4. პარტია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას მიიღებს შესაბამისი მოწვევის საქართველოს პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენის მეორე დღიდან მომდევნო მოწვევის საქართველოს პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენის დღემდე. პარტიას უფლება აქვს, მისთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლების წარმოშობიდან 1 თვის ვადაში უარი თქვას ამ დაფინანსების მიღებაზე. ამისთვის მან სათანადო წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

5. პარტია კარგავს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლებას, თუ ამ პარტიის წარდგენით არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრთა ნახევარს ან ნახევარზე მეტს ვადამდე შეუწყდა პარლამენტის წევრის უფლებამოსილება და შეუძლებელია მისი/მათი ადგილმონაცვლე იმდენი პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობა, რომ აღნიშნული პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა რაოდენობა იმავე პარტიის მიერ მიღებული პარლამენტის წევრთა მანდატების ნახევარზე მეტი იყოს. ამ გარემოების წარმოშობის შემთხვევაში პარტიას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება შეუწყდება მომდევნო კალენდარული თვის პირველი დღიდან.

6. პარტია შესაბამისი მომდევნო 6 კალენდარული თვის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ მისი წარდგენით არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტი პარლამენტის შესაბამისი წინა მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება პარლამენტის მორიგი პლენარული სხდომების ნახევარზე მეტს. ამ გარემოების წარმოშობის შემთხვევაში პარტიას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება შეუჩერდება მომდევნო კალენდარული თვის პირველი დღიდან.

საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის ორგანული კანონი №2260 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.362

საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის ორგანული კანონი №4918 - სსმ I, №22, 19.06.2007წ., მუხ.186

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №230 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.119

საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის ორგანული კანონი №963 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.296

საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №5661 - ვებგვერდი, 29.12.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 8 მაისის ორგანული კანონი №6116 - ვებგვერდი, 29.05.2012წ.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №6551 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.

საქართველოს 2016 წლის 22  ივნისის ორგანული კანონი №5439  - ვებგვერდი, 12.07.2016წ.

საქართველოს 2017 წლის 26  ივლისის ორგანული კანონი №1276 - ვებგვერდი, 29.07.2017წ.

 საქართველოს 2018 წლის 18  აპრილის ორგანული  კანონი №2142  –  ვებგვერდი, 10.05.2018წ.

    მუხლი 301 (ამოღებულია)

 

      მუხლი 31

1. ამ კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული საბიუჯეტო დაფინანსების გაცემა იწყება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების საბოლოო შედეგის გამოცხადებიდან.

2. საბიუჯეტო დაფინანსების სახით მისაღები თანხა პარტიის ანგარიშზე ჩაირიცხება ყოველთვიურად, პარტიის საბიუჯეტო დაფინანსების 1/12-ის ოდენობით.

3. თუ პარტიას საბიუჯეტო დაფინანსების მიღების უფლება წარმოეშობა წლის განმავლობაში, მაგრამ წლის ბოლომდე დარჩენილია სულ მცირე 6 კალენდარული თვე, პარტია ამ წლის საბიუჯეტო დაფინანსებას სრულად მიიღებს და თანხა განაწილდება პროპორციულად, დარჩენილი თვეების მიხედვით, ხოლო თუ წლის ბოლომდე დარჩენილია 6 კალენდარულ თვეზე ნაკლები, პარტია დაფინანსებას მიიღებს მხოლოდ დარჩენილი თვეების ოდენობით, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი საბიუჯეტო დაფინანსების გაცემის წესის შესაბამისად.

4. თუ პარტია უარს იტყვის ამ კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებულ ფულად სახსრებზე, ისინი ჩაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.

5. (ამოღებულია).

6. (ამოღებულია - 02.07.2020, №6724).

საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის ორგანული კანონი №2260 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.362

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №230 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.119

საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის ორგანული კანონი №963 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.296

საქართველოს 2014 წლის 7 მარტის ორგანული კანონი №2095 - ვებგვერდი, 14.03.2014წ.

      მუხლი 32

1. პარტია ყოველი წლის 1 თებერვლამდე ანტიკორუფციულ ბიუროს უგზავნის გასული წლის საფინანსო დეკლარაციას აუდიტორის (აუდიტორული ფირმის) დასკვნასთან ერთად. პარტიის იურიდიული მისამართის მიხედვით ადგილობრივ საგადასახადო ორგანოს ეგზავნება დეკლარაციისა და აუდიტორის (აუდიტორული ფირმის) დასკვნის ასლები. დეკლარაციაში აისახება პარტიის წლიური შემოსავალი (საწევრო შენატანების ოდენობა, შემოწირულებების ოდენობა, საწევრო შენატანების განმახორციელებელ პირთა ვინაობა, მონაცემები შემოწირულებების განმახორციელებელი სუბიექტების თაობაზე, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხები) და გასავალი (არჩევნებზე, სხვადასხვა ღონისძიების დაფინანსებაზე, შრომის ანაზღაურებასა და მივლინებაზე გაწეული და სხვა ხარჯები), აგრეთვე ქონებრივი მდგომარეობის ანგარიში (კუთვნილი შენობა-ნაგებობებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა და სახეობები, მათი საერთო ღირებულება, საბანკო დაწესებულებებში რიცხული ფულადი თანხების ოდენობა).

2. არჩევნებისათვის გამოყენებული სახსრების შემოსავალ-გასავალი პარტიის საფინანსო დეკლარაციაში ცალკე უნდა იყოს ნაჩვენები.

3. ანტიკორუფციული ბიურო ვალდებულია პარტიის წლიურ საფინანსო დეკლარაციასა და საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშთან დაკავშირებული ინფორმაცია მიაწოდოს ყველა დაინტერესებულ პირს, აგრეთვე უზრუნველყოს მისი მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მათი შესაბამის ვებგვერდზე გამოქვეყნება.

4. პარტია ვალდებულია წლიურ საფინანსო დეკლარაციაში ასახოს ამ კანონის 261 მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვებისადმი დაქვემდებარებული პირის მიერ გაწეული ის ხარჯები, რომლებიც პარტიის საარჩევნო მიზნებსა და საქმიანობას მოხმარდა. აღნიშნულ ხარჯებში არ იგულისხმება ამ კანონის 261 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ პარტიის ინსტიტუციური მხარდაჭერის მიზნით გაწეული ხარჯები.

5. პარტიის წლიური საფინანსო დეკლარაციის ფორმას შეიმუშავებს და პარტიის დაფინანსების აუდიტის სტანდარტებს ადგენს ანტიკორუფციული ბიურო.

6. პარტია ვალდებულია შეინახოს საფინანსო დეკლარაცია და მასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი 6 წლის განმავლობაში, ასევე შეასრულოს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებები, რომლებიც დაკავშირებულია საგადასახადო დოკუმენტების წარმოებასა და შენახვასთან.

7. იმ პარტიას, რომლის წლიური ბრუნვა არ აღემატება 10 000 (ათი ათას) ლარს, უფლება აქვს, წლიური საფინანსო დეკლარაცია წარადგინოს აუდიტორული დასკვნის გარეშე.

საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის ორგანული კანონი №2260 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.362

საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის ორგანული კანონი №4918 - სსმ I, №22, 19.06.2007წ., მუხ.186

საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №5661 - ვებგვერდი, 29.12.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 8 მაისის ორგანული კანონი №6116 - ვებგვერდი, 29.05.2012წ.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №6551 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.

    მუხლი 321. (ამოღებულია)

საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №5661 - ვებგვერდი, 29.12.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №6551 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.

    მუხლი 322

ამ კანონით გათვალისწინებული პარტიის ფინანსურ მდგომარეობასა და შემოწირულებების განხორციელებასთან დაკავშირებული მონაცემების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის წესს ადგენს ანტიკორუფციული ბიურო.

საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №5661 - ვებგვერდი, 29.12.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №6551 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.

საქართველოს 2022 წლის 1 დეკემბრის ორგანული კანონი №2279 – ვებგვერდი, 15.12.2022წ.

     მუხლი 33

1. პარტია, გარდა ამ კანონის 32-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული პარტიისა, ვალდებულია ყოველწლიურად განახორციელოს თავისი საქმიანობის ფინანსური აუდიტი.

2. პარტია უფლებამოსილია თავისი საქმიანობის ფინანსური აუდიტის განხორციელების მიზნით მიმართოს ნებისმიერ დამოუკიდებელ აუდიტორს, რომელიც აკმაყოფილებს ანტიკორუფციული ბიუროს მიერ დადგენილ სტანდარტებს.

3. პარტიის ფინანსური მდგომარეობის შესახებ დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა წარედგინება ანტიკორუფციულ ბიუროს.

საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის ორგანული კანონი №4918 - სსმ I, №22, 19.06.2007წ., მუხ.186

საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №5661 - ვებგვერდი, 29.12.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №6551 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.

    მუხლი 331. (ამოღებულია)

საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №5661 - ვებგვერდი, 29.12.2011წ.

     მუხლი 34

თუ პარტია დროულად არ წარუდგენს საფინანსო დეკლარაციას ანტიკორუფციულ ბიუროს, ანტიკორუფციული ბიურო მას წერილობით გააფრთხილებს და მოსთხოვს ხარვეზის 5 დღის ვადაში აღმოფხვრას. თუ პარტია 5 დღის გასვლის შემდეგაც არ წარუდგენს საფინანსო დეკლარაციას ანტიკორუფციულ ბიუროს, იგი კარგავს ამ კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლებას მომდევნო 1 წლის განმავლობაში.

საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №5661 - ვებგვერდი, 29.12.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №6551 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.

საქართველოს 2022 წლის 1 დეკემბრის ორგანული კანონი №2279 – ვებგვერდი, 15.12.2022წ.

      მუხლი 341

1. პარტიის ფინანსური საქმიანობის კანონიერებისა და გამჭვირვალობის მონიტორინგს ახორციელებს ანტიკორუფციული ბიურო.

2. ანტიკორუფციული ბიურო უფლებამოსილია:

ა) შეიმუშაოს პარტიის წლიური საფინანსო დეკლარაციის ფორმა და საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშის ფორმა;

ბ) დაადგინოს პარტიის დაფინანსების აუდიტის სტანდარტები;

გ) შეამოწმოს პარტიის საფინანსო დეკლარაციისა და საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშის სისრულე, სისწორე და კანონიერება;

დ) ამ კანონით გათვალისწინებული ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის უფლებამოსილების განხორციელებისას გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა და ელექტრონული ხელმოწერა. ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობით დოკუმენტს;

ე) არაუმეტეს წელიწადში ერთხელ განახორციელოს პარტიის ფინანსური საქმიანობის აუდიტი;

ვ) პარტიის უკანონო ფინანსურ საქმიანობაზე საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში პარტიის რიგგარეშე ფინანსური აუდიტის განხორციელების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს;

ზ) უზრუნველყოს პარტიის დაფინანსების გამჭვირვალობა;

თ) მონიტორინგის განხორციელების მიზნით პარტიისგან, განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირისგან გამოითხოვოს ინფორმაცია მისი ფინანსების შესახებ;

ი) (ამოღებულია - 29.05.2024, №4215);

კ) დაინტერესებულ პირებს გაუწიოს კონსულტაცია პარტიის დაფინანსების საკითხებზე;

ლ) მოახდინოს რეაგირება პარტიის დაფინანსებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის დარღვევაზე და გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული სანქციები;

მ) დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში მიმართოს პროკურატურის ორგანოებს;

ნ) პირისგან გამოითხოვოს ფინანსური ანგარიში, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი ამ კანონის 261 მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არსებობის თაობაზე;

ო) პირზე ამ კანონის 261 მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვების გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღოს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. მხარის მოთხოვნის შემთხვევაში ამ გადაწყვეტილების ასლი მხარეს უნდა გადაეცეს აქტის გამოცემის დღის მომდევნო დღის 18 საათამდე;

პ) შეიმუშაოს პარტიის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის განხორციელების მეთოდოლოგია;

1) პარტიის ან განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის მიერ ამ თავით გათვალისწინებული ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში მისცეს მას მითითება შესაბამისი ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ და აღნიშნული ხარვეზის აღმოსაფხვრელად გონივრული ვადა განუსაზღვროს;

ჟ) განახორციელოს კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.

21. ანტიკორუფციული ბიურო უფლებამოსილია პარტიის ან განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის მიზნით განახორციელოს აგრეთვე შემდეგი ღონისძიებები:

ა) ფიზიკური პირის გამოკითხვა ამ კანონით დადგენილი წესით;

ბ) ფიზიკური პირის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით;

გ) საჯარო დაწესებულებისგან, ფიზიკური პირისგან, იურიდიული პირისგან (მათ შორის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერისგან), სხვა სუბიექტისგან საჭირო ინფორმაციის, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემის, სხვა პერსონალური მონაცემისა და საიდუმლოების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა) შემცველი ინფორმაციის, გამოთხოვა.

3. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შესახებ, სახელმწიფო ორგანოები ამის თაობაზე ინფორმაციას აწვდიან ანტიკორუფციულ ბიუროს.

4. ამ მუხლის 21 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ იმ ინფორმაციას, რომელიც საჯარო ინფორმაციას არ მიეკუთვნება, ანტიკორუფციული ბიურო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გამოითხოვს. ამ მიზნით ანტიკორუფციული ბიურო სასამართლოს წარუდგენს მიმართვას თავისი ადგილსამყოფლის მიხედვით. ამ შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს აღნიშნული მიმართვის წარდგენიდან 48 საათში. ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვა დასაბუთებული უნდა იყოს. მასში მითითებული უნდა იყოს ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველი და მიზანი, გამოსათხოვი ინფორმაციის პერიოდი და მოცულობა. ამ მიმართვის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველი და მიზანი, გამოსათხოვი ინფორმაციის პერიოდი და მოცულობა, აგრეთვე აღნიშნული გადაწყვეტილების მოქმედების ვადა.

5. ყველა სუბიექტი, რომლებსაც ანტიკორუფციული ბიურო მოსთხოვს ამ კანონით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენას, ვალდებულია წარუდგინოს მას თავის ხელთ არსებული აღნიშნული ინფორმაცია.

6. ამ თავით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას ანტიკორუფციული ბიურო ადმინისტრაციულ წარმოებას ახორციელებს არაუმეტეს 3 თვის განმავლობაში. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში ეს ვადა არაუმეტეს 3 თვით გაახანგრძლივოს.

საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №5661 - ვებგვერდი, 29.12.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 8 მაისის ორგანული კანონი №6116 - ვებგვერდი, 29.05.2012წ.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №6551 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.

    მუხლი 342

1. პარტიის/საარჩევნო სუბიექტის ან განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული შემოწირულების/საწევრო შენატანის მიღება ან/და შემოწირულების/საწევრო შენატანის დამალვა −

გამოიწვევს ამ შემოწირულების/საწევრო შენატანის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვას და პარტიის/საარჩევნო სუბიექტის ან განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის დაჯარიმებას აღნიშნული შემოწირულების/საწევრო შენატანის ორმაგი ოდენობით.

2. შემოწირულების, საწევრო შენატანის ან ამ კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით ან მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ხარჯის ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით განხორციელება, როდესაც პარტიას, საარჩევნო სუბიექტს ან ამ კანონის 261 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირს, რომელმაც მიიღო შემოწირულება ან საწევრო შენატანი ან რომლის მხარდასაჭერადაც იქნა გაწეული ხარჯი ან რომელიც შესაძლებელია სარგებელს იღებდეს სხვა პოლიტიკური ძალის მხარდაჭერისგან თავის შეკავების მიზნით ხარჯის გაწევით, არ ჰქონდა და არც შეიძლებოდა, რომ ჰქონოდა ინფორმაცია კანონდარღვევის შესახებ, −

გამოიწვევს აკრძალული შემოწირულების, საწევრო შენატანის, ხარჯის განმახორციელებელი სუბიექტისა და აკრძალული შემოწირულების, საწევრო შენატანის, ხარჯის სხვა პირის მეშვეობით განმახორციელებელი სუბიექტის (არსებობის შემთხვევაში) დაჯარიმებას აკრძალული შემოწირულების, საწევრო შენატანის, ხარჯის ორმაგი ოდენობით.

3. პარტიის, საარჩევნო სუბიექტის ან განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული შემოწირულების ან საწევრო შენატანის მიღება ან/და შემოწირულების ან საწევრო შენატანის თაობაზე ინფორმაციის დამალვა −

გამოიწვევს დაჯარიმებას ამ შემოწირულების ან საწევრო შენატანის ორმაგი ოდენობით.

4. პარტიის/საარჩევნო სუბიექტის მიერ ან ამ კანონის 261 მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირის მიერ ამ კანონით დადგენილი მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარით.

5. ანტიკორუფციული ბიუროსთვის მის მიერ მოთხოვნილი, ამ კანონით ან საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული ინფორმაციის მიწოდების კანონით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა ან კანონის თანახმად პარტიისთვის ან განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირისთვის მიცემული შესაბამისი ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს მითითების შეუსრულებლობა −

გამოიწვევს გაფრთხილებას ან ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარით, კვალიფიციური პარტიის დაჯარიმებას 5 000 ლარით, სხვა სუბიექტის დაჯარიმებას 2 000 ლარით.

51. ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ფიზიკური პირის გამოკითხვისას ან ანტიკორუფციული ბიუროს შუამდგომლობის საფუძველზე ფიზიკური პირის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვისას აღნიშნული პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდება −

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარით.

6. (ამოღებულია - 02.07.2020, №6724).

7.  (ამოღებულია - 29.07.2013, №900).

8. ამ კანონის 251 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევა −

გამოიწვევს დაჯარიმებას ზღვრის გადაჭარბებით გაწეული ხარჯის ორმაგი ოდენობით.

9. ამ მუხლის პირველი−მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ან სხვა პირის მეშვეობით ჩადენა −

გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის შესაბამისი პუნქტით დადგენილი ჯარიმის ორმაგი ოდენობით, ხოლო მიღებული გაფრთხილების შემდეგ ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში − შესაბამისი პუნქტით დადგენილი ჯარიმის ოდენობით.

10. ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა სამართალდამრღვევს შეიძლება დაეკისროს შესაბამისი ქმედების ჩადენიდან 6 წლის განმავლობაში.

11. ამ მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ანტიკორუფციული ბიუროს უფლებამოსილი პირი ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს, რომელიც დაუყოვნებლივ ეგზავნება განსახილველად რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს.

12. თუ არსებობს გარემოება, რომელმაც შესაძლებელია დააბრკოლოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის კანონით გათვალისწინებული სახდელის აღსრულება, ანტიკორუფციული ბიურო უფლებამოსილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენასთან ერთად სამართალდამრღვევის ქონებას (მათ შორის, საბანკო ანგარიშებს) დაადოს ყადაღა შესაბამისი სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული სანქციის პროპორციულად. ყადაღა დაუყოვნებლივ ამოქმედდება და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმთან ერთად დასადასტურებლად წარედგინება სასამართლოს.

13. სასამართლო ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის დადასტურების საკითხს განიხილავს და მის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მასალების მიღებიდან 15 დღის ვადაში. სასამართლოს გადაწყვეტილება ერთჯერადად საჩივრდება სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის წარდგენიდან არაუგვიანეს 15 დღისა. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

14. წინასაარჩევნო პერიოდში სასამართლო ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის დადასტურების საკითხს განიხილავს და მის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მასალების წარდგენიდან 5 კალენდარული დღის ვადაში. სასამართლოს გადაწყვეტილება ერთჯერადად საჩივრდება სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 72 საათის განმავლობაში. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. სასამართლო ვალდებულია დასაბუთებული გადაწყვეტილება და საქმის მასალები მხარეს გადასცეს გადაწყვეტილების მიღების მომდევნო დღის არაუგვიანეს 12 საათისა.

15. სასამართლო ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ყადაღის დადების საკითხს განიხილავს და მის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მასალების წარდგენიდან არაუგვიანეს 48 საათისა. სასამართლოს გადაწყვეტილება ერთჯერადად საჩივრდება სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 48 საათის განმავლობაში. გასაჩივრება არ აჩერებს ყადაღის მოქმედებას. სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის წარდგენიდან არაუგვიანეს 48 საათისა. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. სასამართლო ვალდებულია დასაბუთებული გადაწყვეტილება და საქმის მასალები მხარეს გადასცეს გადაწყვეტილების მიღების მომდევნო დღის არაუგვიანეს 12 საათისა.

16. (ამოღებულია - 15.12.2023, №4019).

17. ამ კანონის მიზნებისთვის აკრძალულ შემოწირულებად, აკრძალულ საწევრო შენატანად, აკრძალულ ხარჯად მიიჩნევა ამავე კანონის რომელიმე მოთხოვნის დარღვევით ან/და დაუსაბუთებელი ქონების გამოყენებით განხორციელებული შემოწირულება, განხორციელებული საწევრო შენატანი, გაწეული ხარჯი.

საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №5661 - ვებგვერდი, 29.12.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 8 მაისის ორგანული კანონი №6116 - ვებგვერდი, 29.05.2012წ.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №6551 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.

     მუხლი 343

1. ფიზიკური პირი, რომელსაც შესაძლებელია ჰქონდეს ანტიკორუფციული ბიუროს მიერ პარტიის, საარჩევნო სუბიექტის ან განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის განსახორციელებლად საჭირო ინფორმაცია, შეიძლება ნებაყოფლობით გამოჰკითხოს ანტიკორუფციულმა ბიურომ. დაუშვებელია, გამოსაკითხი პირი აიძულონ, წარადგინოს მტკიცებულება ან გასცეს ინფორმაცია.

2. გამოსაკითხ პირს უფლება აქვს, თავისი ხარჯით ისარგებლოს ადვოკატის მომსახურებით, არ გასცეს ინფორმაცია საკუთარი თავის ან/და ახლო ნათესავის წინააღმდეგ. ანტიკორუფციულმა ბიურომ გამოსაკითხ პირს ამ უფლებების შესახებ განმარტება გამოკითხვის დაწყებამდე უნდა მისცეს. ამ პუნქტის მიზნებისთვის გამოსაკითხი პირის ახლო ნათესავად მიიჩნევა მისი მშობელი, მშვილებელი, შვილი, მინდობით აღსაზრდელი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე.

3. გამოკითხვის დაწყებამდე უნდა დადგინდეს გამოსაკითხი პირის ვინაობა და სხვა აუცილებელი ინფორმაცია. ეს ინფორმაცია გამოკითხვის ოქმში უნდა აღინიშნოს.

4. ანტიკორუფციული ბიურო ვალდებულია გამოსაკითხ პირს განუმარტოს, რომ გამოკითხვა ნებაყოფლობითია. ამ განმარტების შესახებ გამოკითხვის ოქმში უნდა აღინიშნოს.

5. გამოსაკითხი პირი ვალდებულია გამოკითხვისას ანტიკორუფციულ ბიუროს სწორი ინფორმაცია მიაწოდოს.

6. ანტიკორუფციული ბიურო ვალდებულია გამოსაკითხი პირი წერილობით გააფრთხილოს ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თაობაზე. გაფრთხილების შესახებ გამოკითხვის ოქმში უნდა აღინიშნოს.

7. ანტიკორუფციული ბიურო ვალდებულია გამოსაკითხ პირს განუმარტოს, რომ შეიძლება იგი მაგისტრატ მოსამართლესთან დასაკითხად იქნეს დაბარებული.

8. გამოკითხვისას დასაშვებია ხმის ან/და გამოსახულების ჩამწერი ტექნიკური საშუალების გამოყენება. გამოსაკითხ პირს მისი გამოყენების შესახებ წინასწარ უნდა ეცნობოს.

9. გამოსაკითხი პირი შეიძლება დისტანციურად, ელექტრონული საშუალების გამოყენებით გამოიკითხოს.

თავი IV

პარტიის საქმიანობის შეწყვეტა

    მუხლი 35

პარტიის აკრძალვა შეიძლება მხოლოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

    მუხლი 36

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია აკრძალოს პარტია, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, ქმნის ან შექმნილი აქვს შეიარაღებული ფორმირება.

    მუხლი 37

1. პარტიის საქმიანობა შეიძლება აგრეთვე შეწყდეს რეორგანიზაციის (შერწყმა, შეერთება, გაყოფა) ან თვითლიკვიდაციის საფუძველზე.

2. პარტიის რეორგანიზაცია ხდება ყრილობის გადაწყვეტილებით, ხოლო რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი პარტიის (პარტიების) რეგისტრაცია – ამ კანონით დადგენილი წესით.

3. რეორგანიზაციის შემთხვევაში პარტიის ქონების განაწილების საკითხს წყვეტს ყრილობა, დადგენილი წესით.

4. პარტიის თვითლიკვიდაცია ხდება ყრილობის გადაწყვეტილებით, წესდებით დადგენილი წესით.

    მუხლი 38

პარტიის აკრძალვის ან თვითლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადაეცემა სახელმწიფო ხაზინას.

თავი V

გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 39

1. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 10 აგვისტოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული პარტიები ექვემდებარებიან ხელახალ რეგისტრაციას, ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, 1998 წლის 1 მარტამდე.

2. ხელახალი რეგისტრაციის შემთხვევაში პარტიაზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-12 მუხლით, აგრეთვე 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები.

3. (ამოღებულია).

4. (ამოღებულია).

5. (ამოღებულია).

6. (ამოღებულია).

7. ამ კანონის 30-ე მუხლის მე-10 პუნქტით დადგენილი წესი 2011 წლის 1 იანვრამდე არ ვრცელდება იმ პარტიაზე, რომელიც სახელმწიფო დაფინანსებას მიიღებს 2007 წლის 1 ოქტომბრამდე ჩატარებული არჩევნების შედეგების მიხედვით.

8. (ამოღებულია).

9. ამ კანონის 30-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესი ვრცელდება 2007 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ ჩატარებული არჩევნების შედეგებზე.

10. 2009 წლის საბიუჯეტო დაფინანსების მიღების შესახებ პარტიებმა წინასწარი წერილობითი თანხმობა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უნდა წარადგინონ არა უგვიანეს 2009 წლის 31 იანვრისა.

11. 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგების მქონე 7 საარჩევნო სუბიექტს, რომლებიც არ არიან წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში, ერთჯერადად მიეცეს საბაზო დაფინანსების ოდენობის ნახევარი. ასეთი საარჩევნო სუბიექტი დაფინანსებას მიიღებს მხოლოდ წინასწარი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, რომელსაც წარუდგენს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ამ პუნქტის ამოქმედებიდან 20 დღის ვადაში. თუ პარტიამ დადგენილ ვადაში არ წარადგინა შესაბამისი მოთხოვნა, იგი კარგავს ასეთი დაფინანსების მიღების უფლებას, რის შესახებაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური მას წერილობით აცნობებს.

12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ფულადი თანხა შესაბამის სუბიექტებს მიეცეთ ამ პუნქტის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში.

საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის ორგანული კანონი №2260 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.362

საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის ორგანული კანონი №4918 - სსმ I, №22, 19.06.2007წ., მუხ.186

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის ორგანული კანონი №5292 - სსმ I, №29, 27.07.2007წ., მუხ.301

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №230 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.119

საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის ორგანული კანონი №963 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.296

საქართველოს 2009 წლის 27 თებერვლის ორგანული კანონი №1026 - სსმ I, №3, 11.03.2009წ., მუხ.13

საქართველოს 2013 წლის 7 აგვისტოს ორგანული კანონი №923 - ვებგვერდი, 20.08.2013წ.

     მუხლი 391

1. პარტია, რომელიც 2028 წლამდე ჩატარებული პარლამენტის არჩევნების საფუძველზე, ამ კანონის 30-ე მუხლით დადგენილი წესით იღებს საბიუჯეტო დაფინანსებას, მიიღებს დანამატს იმავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მისაღები დაფინანსების 30%-ის ოდენობით, თუ მის მიერ პარლამენტის ბოლო არჩევნებზე წარდგენილ პარტიულ სიაში ყოველ სამეულში ერთი კანდიდატი განსხვავებული სქესის წარმომადგენელია. ამ პუნქტით გათვალისწინებული დანამატი გამოყენებული უნდა იქნეს პარტიის სტრუქტურული ერთეულის − ქალთა ორგანიზაციის საქმიანობისთვის.

2. თუ პარტია 2024 წლამდე ჩატარებულ პარლამენტის არჩევნებში საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში მონაწილეობდა, საარჩევნო ბლოკში შემავალი ყველა პარტიის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები ჯამური თანხა განისაზღვრება ამ კანონის 30-ე მუხლითა და ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით, საარჩევნო ბლოკის მიერ პროპორციული სისტემით მიღებული ხმების შესაბამისად და ეს ჯამური თანხა საარჩევნო ბლოკში შემავალ პარტიებზე თანაბრად იყოფა, თუ საარჩევნო ბლოკის წესდებით სხვა პროპორცია არ არის დადგენილი. ამასთანავე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას მხოლოდ იმ საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიები მიიღებენ, რომელმაც საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი შესაბამისი საარჩევნო ბარიერი გადალახა.

3. 2024 წლამდე ჩატარებულ საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილე, საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტია კარგავს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლებას, თუ ამ პარტიის მიერ საარჩევნო ბლოკის საარჩევნო სიაში შეყვანილ საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატთაგან არჩეული პარლამენტის წევრების ნახევარს ან ნახევარზე მეტს ვადამდე შეუწყდა პარლამენტის წევრის უფლებამოსილება და შეუძლებელია მისი/მათი ადგილმონაცვლე იმდენი პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობა, რომ აღნიშნული პარტიის მიერ საარჩევნო ბლოკის საარჩევნო სიაში შეყვანილ პარლამენტის წევრობის კანდიდატთაგან არჩეული პარლამენტის წევრების რაოდენობა იმავე პარტიის მიერ მიღებული პარლამენტის წევრთა მანდატების ნახევარზე მეტი იყოს. ამ გარემოების წარმოშობის შემთხვევაში პარტიას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება შეუწყდება მომდევნო კალენდარული თვის პირველი დღიდან.

4. 2024 წლამდე ჩატარებულ საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილე, საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტია შესაბამისი მომდევნო 6 კალენდარული თვის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ ამ პარტიის მიერ საარჩევნო ბლოკის საარჩევნო სიაში შეყვანილ საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატთაგან არჩეული პარლამენტის წევრების ნახევარზე მეტი პარლამენტის შესაბამისი წინა მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება პარლამენტის მორიგი პლენარული სხდომების ნახევარზე მეტს. ამ გარემოების წარმოშობის შემთხვევაში პარტიას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება შეუჩერდება მომდევნო კალენდარული თვის პირველი დღიდან.

      მუხლი 392

ანტიკორუფციული ბიურო ვალდებულია პარტიის/საარჩევნო სუბიექტის საფინანსო დეკლარაციასა და საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშთან დაკავშირებული ინფორმაცია 2024 წლის 1 იანვრამდე მიაწოდოს ყველა დაინტერესებულ პირს, აგრეთვე უზრუნველყოს ამ ინფორმაციის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მათი შესაბამის ვებგვერდზე გამოქვეყნება.

     მუხლი 393

1. პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების საერთო ოდენობა 2023 წლის 2 სექტემბრამდე არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.05%-ს. აღნიშნულ ოდენობაში შედის პარტიის მიერ და მის სასარგებლოდ სხვა პირის მიერ გაწეული ხარჯები, რომლებიც 2023 წლის 1 სექტემბრამდე დაადგინა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა და რომელთა შესახებაც ეცნობება შესაბამის პარტიას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას შესაბამისი ზღვრის გადაჭარბებით გაწეული ხარჯის ორმაგი ოდენობით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნის განმეორებით დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ჯარიმის ორმაგი ოდენობით.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს 2023 წლის 1 სექტემბრამდე ადგენს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფლებამოსილი პირი, ხოლო 2023 წლის 1 სექტემბრიდან − ანტიკორუფციული ბიუროს უფლებამოსილი პირი. აღნიშნული ოქმი დაუყოვნებლივ ეგზავნება განსახილველად რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს. ამასთანავე, ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენასთან დაკავშირებულ სამართალწარმოებაზე ვრცელდება ამ კანონის 342 მუხლის შესაბამისი ნორმები, აგრეთვე სხვა სათანადო საკანონმდებლო ნორმები.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა პირს შეიძლება დაეკისროს შესაბამისი ქმედების ჩადენიდან 6 წლის განმავლობაში.

თავი VI

 დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 40

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

    მუხლი 401

მ კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2009 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის ორგანული კანონი №2260 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.362

    მუხლი 41

ამ კანონის ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 10 აგვისტოს კანონი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” (საქართველოს უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991 წ., №8, მუხ. 591).

საქართველოს პრეზიდენტი       

ე. შევარდნაძე

თბილისი,

1997 წლის 31 ოქტომბერი.

№1028–Iს

44. 29/05/2024 - საქართველოს ორგანული კანონი - 4215-XIVმს-Xმპ - ვებგვერდი, 12/06/2024 43. 15/05/2024 - საქართველოს ორგანული კანონი - 4159-XIVმს-Xმპ - ვებგვერდი, 21/05/2024 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 42. 15/12/2023 - საქართველოს ორგანული კანონი - 4019-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 29/12/2023 41. 15/12/2023 - საქართველოს ორგანული კანონი - 4009-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 26/12/2023 40. 09/02/2023 - საქართველოს ორგანული კანონი - 2582-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 27/02/2023 39. 22/12/2022 - საქართველოს ორგანული კანონი - 2476-Xრს-Xმპ - ვებგვერდი, 29/12/2022 38. 01/12/2022 - საქართველოს ორგანული კანონი - 2279-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 15/12/2022 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 37. 21/04/2022 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 3/2/1277 - ვებგვერდი, 29/04/2022 36. 30/12/2021 - საქართველოს ორგანული კანონი - 1341-VIIრს-Xმპ - ვებგვერდი, 13/01/2022 35. 22/06/2021 - საქართველოს ორგანული კანონი - 671-IVმს-Xმპ - ვებგვერდი, 24/06/2021 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 34. 15/07/2020 - საქართველოს ორგანული კანონი - 6861-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 33. 02/07/2020 - საქართველოს ორგანული კანონი - 6724-რს - ვებგვერდი, 03/07/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 32. 29/11/2019 - საქართველოს ორგანული კანონი - 5408-Iს - ვებგვერდი, 10/12/2019 31. 02/04/2019 - საქართველოს ორგანული კანონი - 4410-IIს - ვებგვერდი, 08/04/2019 30. 27/12/2018 - საქართველოს ორგანული კანონი - 4254-რს - ვებგვერდი, 29/12/2018 29. 27/12/2018 - საქართველოს ორგანული კანონი - 4255-რს - ვებგვერდი, 29/12/2018 28. 22/12/2018 - საქართველოს ორგანული კანონი - 4103-რს - ვებგვერდი, 28/12/2018 27. 20/09/2018 - საქართველოს ორგანული კანონი - 3434-Iს - ვებგვერდი, 03/10/2018 26. 21/07/2018 - საქართველოს ორგანული კანონი - 3302-რს - ვებგვერდი, 09/08/2018 25. 05/07/2018 - საქართველოს ორგანული კანონი - 3133-რს - ვებგვერდი, 11/07/2018 24. 18/04/2018 - საქართველოს ორგანული კანონი - 2142-IIს - ვებგვერდი, 10/05/2018 23. 26/07/2017 - საქართველოს ორგანული კანონი - 1276-რს - ვებგვერდი, 29/07/2017 22. 22/06/2016 - საქართველოს ორგანული კანონი - 5439-IIს - ვებგვერდი, 12/07/2016 21. 27/05/2016 - საქართველოს ორგანული კანონი - 5143-IIს - ვებგვერდი, 04/06/2016 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 20. 27/04/2016 - საქართველოს ორგანული კანონი - 5037-IIს - ვებგვერდი, 13/05/2016 19. 08/07/2015 - საქართველოს ორგანული კანონი - 3972-რს - ვებგვერდი, 15/07/2015 18. 01/05/2015 - საქართველოს ორგანული კანონი - 3561-IIს - ვებგვერდი, 18/05/2015 17. 07/03/2014 - საქართველოს ორგანული კანონი - 2097-IIს - ვებგვერდი, 14/03/2014 16. 07/03/2014 - საქართველოს ორგანული კანონი - 2095-IIს - ვებგვერდი, 14/03/2014 15. 07/08/2013 - საქართველოს ორგანული კანონი - 923-რს - ვებგვერდი, 20/08/2013 14. 29/07/2013 - საქართველოს ორგანული კანონი - 900-რს - ვებგვერდი, 20/08/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 13. 22/06/2012 - საქართველოს ორგანული კანონი - 6551-Iს - ვებგვერდი, 29/06/2012 12. 08/05/2012 - საქართველოს ორგანული კანონი - 6116-Iს - ვებგვერდი, 29/05/2012 11. 28/12/2011 - საქართველოს ორგანული კანონი - 5661-რს - ვებგვერდი, 111229001, 29/12/2011 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 10. 25/12/2009 - საქართველოს ორგანული კანონი - 2476 - სსმ, 49, 30/12/2009 9. 27/02/2009 - საქართველოს ორგანული კანონი - 1026 - სსმ, 3, 11/03/2009 8. 30/12/2008 - საქართველოს ორგანული კანონი - 963 - სსმ, 41, 30/12/2008 7. 15/07/2008 - საქართველოს ორგანული კანონი - 230 - სსმ, 17, 28/07/2008 6. 11/07/2007 - საქართველოს ორგანული კანონი - 5292 - სსმ, 29, 27/07/2007 5. 08/06/2007 - საქართველოს ორგანული კანონი - 4918 - სსმ, 22, 19/06/2007 4. 25/05/2007 - საქართველოს ორგანული კანონი - 4817 - სსმ, 19, 01/06/2007 3. 29/12/2006 - საქართველოს ორგანული კანონი - 4272 - სსმ, 51, 31/12/2006 2. 16/12/2005 - საქართველოს ორგანული კანონი - 2260 - სსმ, 55, 27/12/2005 1. 22/03/2005 - საქართველოს ორგანული კანონი - 1136 - სსმ, 13, 12/04/2005 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას