დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 640 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 05/12/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 48, 16/12/2000 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120.260.080.05.001.000.852 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
კონსოლიდირებული ვერსია (07/05/2003 - 26/08/2003)
საქართველოს კანონი
სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო
1. ეს კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო სპეციალური წოდებების (შემდეგში – სპეციალური წოდებები) სახეებს, კლასიფიკაციას, თანაფარდობას, მინიჭებისა და ჩამორთმევის წესს.
2. სპეციალური წოდებები წესდება შემდეგი სახელმწიფო დაწესებულებების მოსამსახურეებისათვის:
ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტრო;
ბ) საქართველოს იუსტიციის საბჭო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის საბჭოები;
გ) საქართველოს პროკურატურა;
დ) საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო;
ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ვ) საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური.
3. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ მოსამსახურეებზე, რომელთაც მინიჭებული აქვთ დიპლომატიური რანგები, სამხედრო მოსამსახურეებზე, საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოების მოსამართლეებზე, საქართველოს იუსტიციის საბჭოს იმ წევრზე, რომელიც არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს მთავრობის წევრი. აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის საბჭოს იმ წევრზე, რომელიც არის აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ან აღმასრულებელი ორგანოს წევრი.
4. აკრძალულია ამ კანონით გაუთვალისწინებელი სპეციალური წოდებების მინიჭება.
საქართველოს 2001 წლის 21 დეკემბრის კანონი №1223-სსმI, №1, 10.01.2001წ., მუხ.6
საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1889-სსმI, №3, 17.01.2003წ., მუხ.16
მუხლი 2. სპეციალური წოდებების კატეგორიები
სპეციალური წოდებები იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
ა) უმცროსი სპეციალური წოდება;
ბ) საშუალო სპეციალური წოდება;
გ) უფროსი სპეციალური წოდება;
დ) უმაღლესი სპეციალური წოდება.
თავი II
სპეციალური წოდებები
მუხლი 3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის საბჭოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის საბჭოებისა და საქართველოს პროკურატურის სპეციალური წოდებები
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის საბჭოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის საბჭოებისა და საქართველოს პროკურატურის სისტემებში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:
ა) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი იურისტი, III კლასის იურისტი, II კლასის იურისტი, I კლასის იურისტი;
ბ) უფროსი სპეციალური წოდება – იუსტიციის უმცროსი მრჩეველი, იუსტიციის მრჩეველი, იუსტიციის უფროსი მრჩეველი;
გ) უმაღლესი სპეციალური წოდება – იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი, იუსტიციის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი.
2. იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სისტემაში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:
ა) უმცროსი სპეციალური წოდება – რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი, ზემდეგი;
ბ) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი;
გ) უფროსი სპეციალური წოდება – მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი;
დ) უმაღლესი სპეციალური წოდება – იუსტიციის გენერალ-მაიორი.
3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის სააღსრულებო პოლიციის სამმართველოში წესდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სპეციალური წოდებები.
4. იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოების, აგრეთვე სააღსრულებო პოლიციის სამმართველოში მოსამსახურის სპეციალურ წოდებას წინ ემატება სიტყვა „იუსტიციის“.
5. სამხედრო პროკურატურის სისტემაში მოქმედებს ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წოდებები და უმაღლესი სპეციალური წოდება – იუსტიციის გენერალ-მაიორი. სამხედრო პროკურატურის მოსამსახურის სპეციალურ წოდებას წინ ემატება სიტყვა „იუსტიციის“.
საქართველოს 2001 წლის 21 დეკემბრის კანონი №1223-სსმI, №1, 10.01.2001წ., მუხ.6
მუხლი 4. საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სპეციალური წოდებები
1. საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სისტემაში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:
ა) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ინსპექტორი, III კლასის ინსპექტორი, II კლასის ინსპექტორი, I კლასის ინსპექტორი;
ბ) უფროსი სპეციალური წოდება – III კლასის მრჩეველი, II კლასის მრჩეველი, I კლასის მრჩეველი;
გ) უმაღლესი სპეციალური წოდება – საგადასახადო შემოსავლების სახელმწიფო მრჩეველი და საგადასახადო შემოსავლების მთავარი სახელმწიფო მრჩეველი.
2. საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის სისტემის მოსამსახურეთა სპეციალურ წოდებას წინ ემატება სიტყვა „საგადასახადო სამსახურის“.
3. საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სისტემის მოსამსახურეთა სპეციალურ წოდებას წინ ემატება სიტყვა „საბაჟო სამსახურის“.
4. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:
ა) უმცროსი სპეციალური წოდება – რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი;
ბ) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი;
გ) უფროსი სპეციალური წოდება – მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი;
დ) უმაღლესი სპეციალური წოდება – ლეგიონის გენერალ-მაიორი.
5. რიგით შემადგენლობას წოდებას ანიჭებს საგანგებო ლეგიონის მეთაური, უმცროს და უფროს ოფიცერთა შემადგენლობას საგანგებო ლეგიონის მეთაურის წარდგინებით საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი.
6. საგანგებო ლეგიონის გენერალ-მაიორის წოდებას ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი.
მუხლი 5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური წოდებები
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:
ა) უმცროსი სპეციალური წოდება – რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი, ზემდეგი;
ბ) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი;
გ) უფროსი სპეციალური წოდება – მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი;
დ) უმაღლესი სპეციალური წოდება – გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი, გენერალ-პოლკოვნიკი.
2. შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა სპეციალურ წოდებას წინ ემატება სიტყვა – „პოლიციის“.
მუხლი 51. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სპეციალური წოდებები
1. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:
ა) უმცროსი სპეციალური წოდება – რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი, ზემდეგი;
ბ) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ლეიტანანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი;
გ) უფროსი სპეციალური წოდება – მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი;
დ) უმაღლესი სპეციალური წოდება – გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი, გენერალ-პოლკოვნიკი.
2. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა სპეციალური წოდების წინ დაემატოს სიტყვები „სახელმწიფო დაცვის“.
საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1889-სსმI, №3, 17.01.2003წ., მუხ.16
თავი III
სამსახურის ვადა სპეციალური წოდების მისანიჭებლად
მუხლი 6. სამსახურის ვადა სპეციალური წოდების მისანიჭებლად
1. მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად დაწესებულია სპეციალური წოდებით სამსახურის შემდეგი ვადა:
ა) უმცროსი ლეიტენანტი, უმცროსი იურისტი, უმცროსი ინსპექტორი – 1 წელი;
ბ) ლეიტენანტი, III კლასის იურისტი, III კლასის ინსპექტორი – 2 წელი;
გ) უფროსი ლეიტენანტი, II კლასის იურისტი, II კლასის ინსპექტორი – 3 წელი;
დ) კაპიტანი, I კლასის იურისტი, I კლასის ინსპექტორი – 3 წელი;
ე) მაიორი, იუსტიციის უმცროსი მრჩეველი, III კლასის მრჩეველი – 4 წელი;
ვ) ვიცე-პოლკოვნიკი, იუსტიციის მრჩეველი, II კლასის მრჩეველი – 5 წელი;
ზ) პოლკოვნიკი, იუსტიციის უფროსი მრჩეველი, I კლასის მრჩეველი – 5 წელი.
2. უმაღლესი სპეციალური წოდებების მინიჭებისას სამსახურის ვადები არ განისაზღვრება.
3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ერთი დაწესებულებიდან მეორეში მოსამსახურის გადასვლისას ან შესვლისას მოსამსახურეს მიენიჭება შესაბამისი სპეციალური წოდება წელთა ნამსახურობის გათვალისწინებით.
თავი IV
სპეციალური წოდების მინიჭება და ჩამორთმევა
მუხლი 7. სპეციალური წოდების მინიჭება
1. სპეციალური წოდების მინიჭების წესს ადგენს სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელი, ხოლო საქართველოს იუსტიციის საბჭოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის საბჭოების წევრებისათვის, აგრეთვე მათი აპარატების მოხელეებისათვის სპეციალური წოდების მინიჭების წესს განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი.
2. უმცროს, საშუალო და უფროს სპეციალურ წოდებებს ანიჭებს შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელი. იგი უფლებამოსილია უმცროსი და საშუალო სპეციალური წოდებების მინიჭების უფლება გადასცეს დაწესებულების სისტემაში შემავალი დანაყოფის უფროსს.
3. უმაღლეს სპეციალურ წოდებას ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი.
4. საქართველოს იუსტიციის საბჭოსა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის საბჭოების წევრებს სპეციალურ წოდებებს ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო მათი აპარატების მოხელეებს შესაბამისი იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე – შესაბამისი იუსტიციის საბჭოს მდივანი.
5. მომდევნო სპეციალური წოდების მინიჭება ხდება შესაბამისი წინა სპეციალური წოდების გათვალისწინებით.
6. სპეციალური წოდების მინიჭება ხდება ამ კანონით დადგენილი თანამიმდევრობით. დაუშვებელია სპეციალური წოდების მინიჭება საფეხურგამოშვებით.
7. მოსამსახურეს სპეციალური წოდება მისი არქონის შემთხვევაში მიენიჭება თანამდებობაზე დანიშვნასთან ერთად.
8. მოსამსახურეს, რომლის მიმართაც გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ან მიმდინარეობს სამსახურებრივი მოკვლევა მის მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის ფაქტზე, სპეციალური წოდება არ მიენიჭება დისციპლინური პასუხისმგებლობის მოხსნამდე, მარეაბილიტირებელ საფუძველზე სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტამდე ან სამსახურებრივი მოკვლევის დასრულებამდე.
საქართველოს 2001 წლის 21 დეკემბრის კანონი №1223-სსმI, №1, 10.01.2001წ., მუხ.6
მუხლი 8. სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება
1. მოსამსახურეს სპეციალური წოდება ვადამდე ენიჭება:
ა) ატესტაციის შედეგების მიხედვით;
ბ) განსაკუთრებული დამსახურებისათვის.
2. უმცროს, საშუალო და უფროს სპეციალურ წოდებებს ვადამდე ანიჭებენ ამ კანონის მე-7 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული თანამდებობის პირები.
3. უმცროსი, საშუალო და უფროსი სპეციალური წოდებების ვადამდე მინიჭების წესსა და პირობებს ადგენენ ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები.
მუხლი 9. სპეციალური წოდების ჩამორთმევა
1. სპეციალური წოდება პირს შეიძლება ჩამოერთვას, როგორც დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.
2. სპეციალური წოდების ჩამორთმევის წესსა და პირობებს ადგენენ ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული პირები.
3. სპეციალური წოდების ჩამორთმევის თაობაზე დავა განიხილება სასამართლო წესით.
მუხლი 10. სოციალური გარანტიები
1. სპეციალური წოდებისათვის გათვალისწინებული ხელფასის დანამატი, სამსახურებრივი და სოციალური უზრუნველყოფის სხვა გარანტიები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
2. სპეციალური წოდებისათვის შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების წარდგინებით შეიძლება შემოღებულ იქნეს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმელი და განმასხვავებელი ნიშნები. ცალკეულ სახელმწიფო დაწესებულებაში მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და განმასხვავებელი ნიშნების აღწერილობასა და ტარების წესს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
3. სპეციალური წოდების მინიჭების უსაფუძვლოდ დაგვიანების შემთხვევაში მოსამსახურეს უფლება აქვს ყველა იმ სარგოს კომპენსაციაზე, რომელიც მას უნდა მიეღო სპეციალური წოდების დროული მინიჭების შემთხვევაში.
4. უკანონოდ გათავისუფლებულ მოსამსახურეს სამსახურში აღდგენისას სამუშაო ადგილზე იძულებით არყოფნის მთელი პერიოდი ჩაეთვლება შესაბამისი სპეციალური წოდებით სამსახურის ვადაში.
თავი V
გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
მუხლი 11. გარდამავალი დებულება
1. ამ კანონის ამოქმედებამდე საგადასახადო და საბაჟო სამსახურის სპეციალური წოდებების ამ კანონით დადგენილ სპეციალურ წოდებებთან გათანაბრების წესს ადგენს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი.
2. იმ პირებს, რომელთაც ამ კანონის ამოქმედებამდე მინიჭებული ჰქონდათ იუსტიციის გენერლის უმაღლესი სპეციალური წოდება, აღნიშნული წოდება ჩაეთვალოთ იუსტიციის გენერალ-მაიორის წოდებად.
მუხლი 12. დასკვნითი დებულებანი
1. ამ კანონის დებულებანი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მის ამოქმედებამდე მინიჭებული სპეციალური წოდების ჩამორთმევის საფუძვლად.
2. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს „სპეციალური წოდებებისა და დიპლომატიური რანგების შესახებ“ (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1993 წელი, №6, მუხ. 99) საქართველოს კანონის მუხლები, გარდა 121 მუხლისა.
3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2000 წლის 5 დეკემბერი.
№640– Iს
შეტანილი ცვლილებები:
1.საქართველოს 2001 წლის 21 დეკემბრის კანონი №1223-სსმI, №1, 10.01.2001წ., მუხ.6
2.საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1889-სსმI, №3, 17.01.2003წ., მუხ.16
3.საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2217-სსმI, №15,04.06.2003წ., მუხ.107
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები