დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5677 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 28/12/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 49, 28/12/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.330.000.05.001.003.125 |
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 2000 წელი, მუხ. 137) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:
„ზ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.“.
2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 52 მუხლი:
„მუხლი 52. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სპეციალური წოდებები
1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემის შესაბამისი სამსახურის საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მიერ განსაზღვრული მოსამსახურეებისათვის წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:
ა) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ინსპექტორი, III კლასის ინსპექტორი, II კლასის ინსპექტორი, I კლასის ინსპექტორი;
ბ) უფროსი სპეციალური წოდება – ინსპექტორი, წამყვანი ინსპექტორი, მთავარი ინსპექტორი;
გ) უმაღლესი სპეციალური წოდება – გარემოს დაცვის სახელმწიფო ინსპექტორი, გარემოს დაცვის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი.
2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვის სამსახურის ცალკეული სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლებისათვის, რომლებიც ასრულებენ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ფუნქციებს, წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:
ა) უმცროსი სპეციალური წოდება – რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი;
ბ) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი;
გ) უფროსი სპეციალური წოდება – მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი.
3. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემის შესაბამისი სამსახურის მოსამსახურეთა სპეციალურ წოდებას წინ ემატება სამსახურის სახელწოდება.“.
3. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად დაწესებულია სპეციალური წოდებით სამსახურის შემდეგი ვადა:
ა) უმცროსი ლეიტენანტი, უმცროსი იურისტი, უმცროსი ინსპექტორი – 1 წელი;
ბ) ლეიტენანტი, III კლასის იურისტი, III კლასის ინსპექტორი – 2 წელი;
გ) უფროსი ლეიტენანტი, II კლასის იურისტი, II კლასის ინსპექტორი – 3 წელი;
დ) კაპიტანი, კაპიტან-ლეიტენანტი, I კლასის იურისტი, I კლასის ინსპექტორი – 3 წელი;
ე) მაიორი, მესამე რანგის კაპიტანი, იუსტიციის უმცროსი მრჩეველი, III კლასის მრჩეველი, ინსპექტორი – 4 წელი;
ვ) ვიცე-პოლკოვნიკი, მეორე რანგის კაპიტანი, იუსტიციის მრჩეველი, II კლასის მრჩეველი, წამყვანი ინსპექტორი – 5 წელი;
ზ) პოლკოვნიკი, პირველი რანგის კაპიტანი, იუსტიციის უფროსი მრჩეველი, I კლასის მრჩეველი, მთავარი ინსპექტორი – 5 წელი.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს 2008 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტის
მოვალეობის შემსრულებელი ნ. ბურჯანაძე
თბილისი,
2007 წლის 28 დეკემბერი.
№5677–რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები