საქართველოს ტყის კოდექსი

საქართველოს ტყის კოდექსი
დოკუმენტის ნომერი 2124
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/06/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 28(35), 08/07/1999
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2021
სარეგისტრაციო კოდი 390.000.000.05.001.000.599
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2124
22/06/1999
სსმ, 28(35), 08/07/1999
390.000.000.05.001.000.599
საქართველოს ტყის კოდექსი
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (10/11/2000 - 02/03/2001)

საქართველოს კანონი

საქართველოს ტყის კოდექსი

ტყე ბუნებრივი გარემოს გლობალური ეკოლოგიური მნიშვნელობის უმთავრესი ელემენტია. მას განსაკუთრებული ადგილი უკავია ბიოსფეროს სტაბილურობის რეგულირებაში, აგრეთვე სახელმწიფოსა და მისი მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფის საქმეში.

კარი I. ზოგადი დებულებანი

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. საქართველოს ტყის კოდექსის რეგულირების საგანი

საქართველოს ტყის კოდექსი აწესრიგებს საქართველოს ტყის ფონდის და მისი რესურსების მოვლასთან, დაცვასთან, აღდგენასა და გამოყენებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

    მუხლი 2. საქართველოს კანონმდებლობა საქართველოს ტყის ფონდის მოვლის, დაცვის, აღდგენისა და გამოყენების სფეროში

საქართველოს კანონმდებლობა საქართველოს ტყის ფონდის მოვლის, დაცვის, აღდგენისა და გამოყენების სფეროში შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, „გარემოს დაცვის შესახებ“, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“, „ცხოველთა სამყაროს შესახებ“, „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონების, მიწის კანონმდებლობის, ამ კოდექსის და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებისაგან.

    მუხლი 3. საქართველოს ტყის კოდექსის მიზანი

საქართველოს ტყის კოდექსის მიზანია:

ა) ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვა და კანონიერების განმტკიცება სატყეო ურთიერთობების სფეროში;

ბ) ტყეების მოვლა, დაცვა და აღდგენა კლიმატური, წყალმარეგულირებელი, დაცვითი, კულტურული, გამაჯანსაღებელი და სხვა სასარგებლო ბუნებრივი თვისებების შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის;

გ) თვითმყოფადი ბუნებრივი და კულტურული გარემოსა და მისი ცალკეული კომპონენტების, მათ შორის, მცენარეული საფრისა და ცხოველთა სამყაროს, ბიომრავალფეროვნების, ლანდშაფტის, ტყეში არსებული კულტურისა და ბუნების ძეგლების, მცენარეთა იშვიათი, გადაშენების პირას მყოფი სახეობებისა და სხვათა მომავალი თაობებისათვის შენარჩუნება და დაცვა, მათი ჰარმონიული ურთიერთგავლენის რეგულირება;

დ) ტყითმოსარგებლეთა უფლებებისა და მოვალეობების დადგენა სატყეო ურთიერთობების სფეროში;

ე) ტყის რესურსების მეცნიერულად დასაბუთებული შესაძლებლობების საფუძველზე მათი მიზნობრივი, კომპლექსური და რაციონალური გამოყენებით საქართველოსა და მისი მოსახლეობის ეკოლოგიური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული მოთხოვნილებების დაკმაყოფილება;

ვ) ტყის მეურნეობის წარმართვის ძირითადი პრინციპების განსაზღვრა.

    მუხლი 4. საქართველოს ტყეების დაცვის, მდგრადი განვითარებისა და მართვის პრინციპები

საქართველოს ტყეების დაცვის, მდგრადი განვითარებისა და მართვის პრინციპები ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, „მდგრადი განვითარების სატყეო პრინციპების შესახებ” გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1992 წლის რიო-დე-ჟანეიროს გარემოსა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციის დეკლარაციას და „გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრულ პრინციპებს.

    მუხლი 5. კოდექსში გამოყენებული ტერმინების განმარტება

ამ კოდექსში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ტყე – გეოგრაფიული ლანდშაფტის ნაწილი, რომელიც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით ტყისთვის მიკუთვნებული ხეების, მათი გავრცელების არეალში მოქცეული მიწის, აგრეთვე ბუჩქების, ბალახების, ცხოველებისა და სხვათა ერთობლიობას, რომლებიც თავიანთი განვითარების პროცესში ურთიერთდაკავშირებულნი არიან ბიოლოგიურად და გავლენას ახდენენ ერთმანეთსა და გარემოზე;

ბ) სახელმწიფო ტყე – სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ტყე;

გ) საქართველოს ტყის ფონდი – სახელმწიფო ტყის ფონდისა და საქართველოში საკუთრების სხვა ფორმებით არსებული ტყეების და მათი რესურსების ერთობლიობა;

დ) სახელმწიფო ტყის ფონდი – საქართველოს სახელმწიფო ტყის, საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მიკუთვნებული მიწებისა და მისი რესურსების ერთობლიობა;

ე) სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდი – სახელმწიფო ტყის ფონდი, სახელმწიფო ტყის ფონდის დაცული ტერიტორიების გარდა;

ვ) ადგილობრივი ტყის ფონდი – სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის ნაწილი, რომელთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს ამ კოდექსისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არეგულირებენ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები;

ზ) ხის მეორეხარისხოვანი მასალები – მერქნიანი მცენარეების ფესვები, ქერქი, ლაფანი, ნეკერი, ძირკვი, ფიჩხი, თესლი, ტოტები;

თ) სატყეო ურთიერთობები – სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების განხორციელებისა და ტყითსარგებლობის დროს წარმოშობილი ურთიერთობები;

ი) ტყითმოსარგებლე – საქართველოს კანონმდებლობით უფლებამოსილი პირი, რომელიც ახორციელებს ტყითსარგებლობას;

კ) ტყეთმოწყობა – სახელმწიფო ტყის ფონდის აღრიცხვის სისტემის შემადგენელი ნაწილი;

ლ) ტყეკაფი – საქართველოს ტყის ფონდის ტყის განსაზღვრული უბანი, რომელზედაც განსაზღვრულია მოსაჭრელი ხეების ოდენობა და მონიშნულია მოსაჭრელი ხეები;

მ) მოვლითი ჭრა – სატყეო-სამეურნეო ღონისძიება, რომელიც ხორციელდება ტყის სახეობრივი შემადგენლობის, სტრუქტურისა და სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით;

ნ) ხის უკანონო ჭრა  ხეების ნებართვის გარეშე მოჭრა;

ო) კორომი – მომიჯნავე ტერიტორიისგან შემადგენლობითა და სტრუქტურით მკვეთრად განსხვავებული ტყის ნაწილი;

პ) ტყის კულტურები – თესვით ან დარგვით გაშენებული ტყის მერქნიან სახეობათა ნარგავები;

ჟ) ვარჯშეუკვრელი კულტურები – ტყის აღდგენის მიზნით გაშენებული ტყის კულტურები ვარჯების ურთიერთგადაფარვამდე;

რ) დაცვითი ნარგაობა – ნიადაგის დაცვის მიზნით გაშენებული მერქნიან მცენარეთა ნარგავები;

ს) სატყეო უბანი – სატყეო-სამეურნეო ღონისძიებათა ოპტიმალურად ორგანიზების მიზნით გამოყოფილი სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორია;

ტ) ხე-ტყის დამზადება – ხეების მოჭრა, სამანქანო გზამდე მოთრევა და დახარისხება;

უ) მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისია - „საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 6 თებერვლის №160 ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისია;

ფ) ტყის სუბალპური ზოლი – ტყის სუბალპური ზონის მიმდებარე 300 მეტრი სიგანის ტყის გავრცელების არეალი;

ქ) ჭალის ტყე – ვაკე რელიეფზე მდინარეების აუზში არსებული ტყეები;

ღ) ქვეტყე – მერქნიან და ბუჩქოვან მცენარეთა სახეობების ერთობლიობა, რომლებიც არ ქმნიან და არსებულ პირობებში ვერ შექმნიან კორომის ზედა საბურველს;

ყ) სერტიფიცირება – კომპეტენტური ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ ტყის ეკოლოგიური მდგომარეობის, მისი რესურსების, ტყის დაცვის ღონისძიებების და სხვათა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის აღიარება.

თავი II. სატყეო ურთიერთობების ობიექტები და სუბიექტები

    მუხლი 6. სატყეო ურთიერთობების ობიექტები

სატყეო ურთიერთობების ობიექტებია საქართველოს ტყის ფონდი და მისი რესურსები.

    მუხლი 7. სახელმწიფო, როგორც სატყეო ურთიერთობების სუბიექტი

1. საქართველოს ტყის ფონდთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფოს სახელით მონაწილეობენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტი, საქართველოს დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტი და მათი ტერიტორიული ორგანოები, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები.

2. სახელმწიფო ტყის ფონდთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფოს სახელით მონაწილე ორგანოების უფლებამოსილება განისაზღვრება ამ კოდექსით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.

    მუხლი 8. სატყეო ურთიერთობების სხვა სუბიექტები

სატყეო ურთიერთობების სხვა სუბიექტები არიან საქართველოს ტყის ფონდის მესაკუთრე, საქართველოს საპატრიარქო და ის ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც სარგებლობენ საქართველოს ტყის ფონდითა და მისი რესურსებით ან ახორციელებენ სატყეო-სამეურნეო ღონისძიებებს.

თავი III. საქართველოს ტყეებზე საკუთრების უფლება

    მუხლი 9. საქართველოს ტყეებზე საკუთრების უფლება

1. საქართველოს ტყის ფონდის მესაკუთრე შეიძლება იყოს სახელმწიფო, საქართველოს საპატრიარქო, აგრეთვე ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირი.

2. საქართველოს სახელმწიფო ტყის ფონდი არის სახელმწიფოს საკუთრება და მისი განსახელმწიფოებრივების წესი დგინდება “საქართველოს ტყეების განსახელმწიფოებრივების შესახებ“ საქართველოს კანონით.

3. სახელმწიფო ტყის ფონდი და მისი რესურსები (საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კერძო საკუთრებაში გადაცემული ტყეების გარდა) გაიცემა ფლობისა და სარგებლობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 10. ტყის მესაკუთრე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების ზოგადი უფლება-მოვალეობები

1. ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების, როგორც ტყის მესაკუთრეების, ზოგადი უფლება-მოვალეობებია:

ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლონ მათ საკუთრებაში არსებული ტყით;

ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღკვეთონ მათ საკუთრებაში არსებული ტყის ან მისი ნაწილის უკანონო მფლობელობა ან გამოყენება და ზიანის მიყენების შემთხვევაში მოითხოვონ მისი ანაზღაურება;

გ) სატყეო მეურნეობის წარმოებასთან დაკავშირებით იყოლიონ სპეციალისტები, კონსულტანტები და სხვა პერსონალი, მათ შორის, ტყის დაცვის მუშაკები იმ რაოდენობით, რომლის მინიმუმსაც ადგენს საქართველოს კანონმდებლობა;

დ) მიიღონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ზომები მავნებლების, დაავადებების, ხანძრებისა და ტყეზე ყველა სხვა მავნე გავლენის მქონე ფაქტორების აღკვეთის ან ლიკვიდაციის მიზნით;

ე) განკარგონ მათ საკუთრებაში არსებული ტყე ამ კოდექსითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ვ) უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოებს დადგენილი წესით წარუდგინონ მათ საკუთრებაში არსებული ტყეების საერთო მდგომარეობის ამსახველი და სხვა აუცილებელი სტატისტიკური მონაცემები;

ზ) უზრუნველყონ ტყეებში რაციონალური მეურნეობის წარმოება;

თ) უზრუნველყონ სახელმწიფოს მიერ შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილ მუშაკთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად აუცილებელი პირობები, წარუდგინონ მათ სატყეო მეურნეობის შესახებ ყველა საჭირო დოკუმენტი და შეასრულონ მათი კანონიერი მითითებები და მოთხოვნები.

2. საქართველოს საპატრიარქოს საკუთრებაში არსებული ტყის ფონდის ტერიტორიაზე საქართველოს საპატრიარქოს უფლებამოსილება განისაზღვრება ამ კოდექსის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფოსა და საქართველოს საპატრიარქოს შორის დადებული ხელშეკრულებით.

კარი II. სახელმწიფო ტყის ფონდის მართვა

თავი IV. სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის ზოგადი საფუძვლები

    მუხლი 11. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა კომპეტენცია სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის სფეროში

სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის სფეროში საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა და განხორციელება;

ბ) სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის სფეროში საქმიანობის კოორდინირება;

გ) საქართველოს ტყეების მოვლის, დაცვის, აღდგენისა და ტყის რესურსებით სარგებლობის ორგანიზება და რეგულირება, სახელმწიფო კონტროლი და მის განსახორციელებლად სპეციალური უფლებამოსილების მინიჭება, ტყის რესურსებით სარგებლობის სანებართვო დოკუმენტების გაცემის წესის დადგენა;

დ) ტყეების მოვლის, დაცვისა და აღდგენის, აგრეთვე ტყის რესურსების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის წესების დადგენა;

ე) სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის სფეროში ერთიანი სამეცნიერო-ტექნიკური პოლიტიკის გატარება, ნორმატიული და მეთოდოლოგიური დოკუმენტაციის შემუშავება და დამტკიცება, ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ორგანიზება და დაფინანსება;

ვ) ეკოლოგიური კატასტროფებით, ეპიდემიებით და სხვა მიზეზებით დაზიანებული ტყის აღდგენა;

ზ) საქართველოს წითელი ნუსხის წარმოება;

თ) სახელმწიფო ტყის ფონდის აღრიცხვის სისტემის ორგანიზება, ტყის მონიტორინგისა და სახელმწიფო ტყის ფონდის კადასტრის წარმოების წესის დადგენა;

ი) ტყეების მოვლის, დაცვის, აღდგენისა და ტყის რესურსებით სარგებლობის სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების დადება;

კ) ტყეების დასაცავად ბიოლოგიური და ქიმიური საშუალებების გამოყენების კონტროლი;

ლ) ტყითსარგებლობის წესების დადგენა;

მ) ტყეების მოვლის, დაცვისა და აღდგენის ღონისძიებების დაფინანსება და ამ მიზნით გამოყოფილი თანხების ხარჯვის კონტროლი;

ნ) ტყითსარგებლობის უფლების შეზღუდვის, შეჩერებისა და შეწყვეტის წესების დადგენა.

    მუხლი 12. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა კომპეტენცია სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის სფეროში

სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის სფეროში აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) ტყეების მოვლის, დაცვის, აღდგენისა და ტყის რესურსებით სარგებლობის სახელმწიფო პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა;

ბ) ტყეების მოვლის, დაცვის, აღდგენისა და ტყის რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან შეთანხმებით სახელმწიფო პროგრამის საფუძველზე ადგილობრივი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;

გ) ტყეების მოვლის, დაცვისა და აღდგენის ღონისძიებების დაფინანსებაში მონაწილეობა და მათ მიერ გამოყოფილი თანხების ხარჯვის კონტროლი;

დ) ამ კოდექსით დადგენილი წესით ტყითსარგებლობის ლიცენზიის გაცემა და ხელშეკრულების დადება;

ე) საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოებისთვის ტყითსარგებლობის შეზღუდვის, შეჩერების ან შეწყვეტის თაობაზე წინადადებების წარდგენა;

ვ) სტიქიური მოვლენების დროს საგანგებო ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა;

ზ) სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების შეცვლის თაობაზე უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოსათვის წინადადებების წარდგენა.

    მუხლი 13. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების კომპეტენცია ადგილობრივი ტყის ფონდის მართვის სფეროში

ადგილობრივი ტყის ფონდის მართვის სფეროში ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) ტყეების მოვლის, დაცვის, აღდგენისა და ტყის ხანძრებთან ბრძოლის ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა;

ბ) უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოებთან შეთანხმებით ტყეების მოვლის, დაცვისა და აღდგენის ადგილობრივი პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა;

გ) ტყეების მოვლის, დაცვისა და აღდგენის სახელმწიფო პროგრამების დაფინანსებაში მონაწილეობა და მათ მიერ გამოყოფილი თანხების ხარჯვის კონტროლი;

დ) ადგილობრივი ტყის ფონდით სარგებლობის მიზნით ტყითსარგებლობის ბილეთის გაცემა;

ე) უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოებისთვის ტყითსარგებლობის შეზღუდვის, შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ წინადადებების წარდგენა;

ვ) სტიქიური მოვლენების დროს საგანგებო ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა;

ზ) მოსახლეობის ეკოლოგიური განათლების უზრუნველყოფა;

თ) უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოებისთვის სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების საზღვრების შეცვლის შესახებ წინადადებების წარდგენა;

ი) საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

თავი V. სახელმწიფო ტყის ფონდის ინსტიტუციური მართვა

    მუხლი 14. სახელმწიფო ტყის ფონდის ინსტიტუციური მართვის მიხედვით დაყოფა

სახელმწიფო ტყის ფონდი ინსტიტუციური მართვის მიხედვით იყოფა:

ა) სახელმწიფო ტყის ფონდის დაცულ ტერიტორიებად, რომლებიც მოიცავს სახელმწიფო ტყის ფონდის ფარგლებში არსებულ და „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ ტერიტორიებს;

ბ) სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდად, რომელიც მოიცავს ადგილობრივ ტყის ფონდსაც.

    მუხლი 15. სახელმწიფო ტყის ფონდის დაცული ტერიტორიების მართვა

სახელმწიფო ტყის ფონდის დაცულ ტერიტორიებს და მათ რესურსებს მართავს საქართველოს დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტი „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ კოდექსის და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.

    მუხლი 16. სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის მართვა

1. სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდს, ადგილობრივი ტყის ფონდის გარდა, მართავს საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტი ამ კოდექსის და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.

2. სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტს უფლება აქვს, ამ კოდექსით და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით მისთვის განსაზღვრული ამოცანების განსახორციელებლად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

3. ადგილობრივ ტყის ფონდს, საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და ამ კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, შესაბამისი სამსახურის მეშვეობით მართავენ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები.

4. ადგილობრივი ტყის ფონდის მართვის სფეროში ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების უფლებამოსილება, აგრეთვე სახელმწიფო ტყის ფონდისაგან ადგილობრივი ტყის ფონდის გამიჯვნის წესი განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით „ადგილობრივი ტყის ფონდის მართვის სფეროში ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების უფლებამოსილების, სახელმწიფო ტყის ფონდისაგან ადგილობრივი ტყის ფონდის გამიჯვნის წესის შესახებ”.

    მუხლი 17. სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის მართვა

1. მიჩენილია სახელმწიფო ტყის ფონდის უბანი, რომელსაც, განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, ამ კოდექსის მე-15 ან მე-16 მუხლით უფლებამოსილ შესაბამის ორგანოსთან ერთად საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მართავს საქართველოს საპატრიარქო ან სახელმწიფო დაწესებულება.

2. სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილ უბანს გამოყოფს და საქართველოს საპატრიარქოს ან ამ უბნის მართვით დაინტერესებული სახელმწიფო დაწესებულების შესაბამის უფლებამოსილებას ადგენს საქართველოს პრეზიდენტი, დაინტერესებული სახელმწიფო დაწესებულების ან/და ამ კოდექსის მე-15 ან მე-16 მუხლით უფლებამოსილი შესაბამისი ორგანოს მოტივირებული წინადადების საფუძველზე.

3. სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის ტერიტორიაზე შეიძლება შეიზღუდოს ან მთლიანად აიკრძალოს ტყითსარგებლობა და მოქალაქეთა ტყეში ყოფნა, თუ ეს მიჩენილი უბნის გამოყოფის მიზანთან შეუთავსებელია.

4. სატყეო-სამეურნეო სამუშაოების წარმოების მიზნით მიჩენილ უბანს მართავს ამ კოდექსის მე-15 ან მე-16 მუხლით უფლებამოსილი შესაბამისი ორგანო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და ამ მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით.

5. მიჩენილი უბნის გამოყენება იმ პირის მიერ, ვისთვისაც გადაცემულია ეს უბანი, დაიშვება მხოლოდ მიჩენის მიზნისა და სახელმწიფო ტყის ფონდის აღდგენისა და მოვლის ღონისძიებების განსახორციელებლად.

6. დებულებას „სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის გამოყოფის და ამ უბნის ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის, მისი შეზღუდვის, შეჩერების და აკრძალვის წესის შესახებ“ შეიმუშავებს და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტთან შეთანხმებით საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგენს ამ კოდექსის მე-15 ან მე-16 მუხლით უფლებამოსილი შესაბამისი ორგანო.

თავი VI. სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენა და დაყოფა

    მუხლი 18. სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენა

1. სახელმწიფო სამეურნეო და ადგილობრივი ტყის ფონდის საზღვრებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ამტკიცებს საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისია.

2. სახელმწიფო სამეურნეო და ადგილობრივი ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შესახებ საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან და მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტთან შეთანხმებით მოტივირებულ წინადადებებსა და შესაბამის პროექტს წარუდგენს ამ კოდექსის მე-16 მუხლით უფლებამოსილი შესაბამისი ორგანო.

3. სახელმწიფო ტყის ფონდის დაცული ტერიტორიების საზღვრები დგინდება საქართველოს კანონით.

4. სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის საზღვრების დადგენა და მისი დაცული ტერიტორიებისაგან გამიჯვნა ხორციელდება „სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შესახებ” დებულების შესაბამისად, რომელსაც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან და ამ კოდექსის მე-15 და მე-16 მუხლებით უფლებამოსილ ორგანოებთან შეთანხმებით შეიმუშავებს და საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგენს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი.

    მუხლი 19. სახელმწიფო ტყის ფონდის დაყოფა

1. სახელმწიფო ტყის ფონდი შედგება სახელმწიფო ტყისა და სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებისაგან.

2. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწები იყოფა შემდეგ კატეგორიებად:

ა) სატყეო მიწები, რომლებიც მოიცავს ვარჯშეუკვრელ კულტურებსა და სანერგეებს, აგრეთვე ნაკაფებს, ნახანძრალებს, დაღუპულ კორომებს, 0,1 ჰექტარი და მეტი ფართობის ველობებს, მინდვრებს და სატყეო-სამეურნეო დანიშნულების ეზოებს;

ბ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები, რომლებიც მოიცავს სახნავებს, სათიბებს, საძოვრებს, ბაღებს, ვენახებს და სხვა;

გ) სხვა არასატყეო ანუ სპეციალური დანიშნულების მიწები, რომლებიც მოიცავს მკვრივსაფრიან გზებსა და სხვადასხვა დანიშნულების ზოლებს, ელექტრო- და კავშირგაბმულობის სადენების, ნავთობსადენების, გაზსადენების და წიაღისეულის მიწის მინაკუთვნებს, ტბორებს, საგუბრებს, სამეურნეო და სხვა დანიშნულების ეზოებს;

დ) გამოუყენებელი მიწები, რომლებიც მოიცავს სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე არსებულ ჭაობებს, ქვიშებს, მყინვარებს, კლდეებს, რიყეებს და სხვა.

3. სახელმწიფო ტყისა და სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების საზღვრების დადგენა და შეცვლა ხორციელდება „სახელმწიფო ტყისა და სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების საზღვრების დადგენისა და შეცვლის შესახებ” დებულების შესაბამისად, რომელსაც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტთან შეთანხმებით შეიმუშავებენ და საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგენენ ამ კოდექსის მე-15 და მე-16 მუხლებით უფლებამოსილი ორგანოები.

თავი VII. სახელმწიფო ტყის ფონდის კატეგორიები

    მუხლი 20. სახელმწიფო ტყის ფონდის კატეგორიები

1. სახელმწიფო ტყის ფონდი ერთიანი სამეურნეო მიზნების, ეკოლოგიური, სოციალური, ეკონომიკური მნიშვნელობის და სხვა მახასიათებლების მიხედვით იყოფა დაცული ტერიტორიებისა და სამეურნეო ტყის ფონდის კატეგორიებად.

2. სახელმწიფო ტყის ფონდის დაცული ტერიტორიების კატეგორიებია:

ა) სახელმწიფო ნაკრძალი;

ბ) ეროვნული პარკი;

გ) ბუნების ძეგლი;

დ) აღკვეთილი;

ე) დაცული ლანდშაფტი;

ვ) მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია.

3. სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის კატეგორიებია:

ა) საკურორტო ზონა (შემდგომ – საკურორტო ტყეები);

ბ) მწვანე ზონა (შემდგომ – მწვანე ზონის ტყეები);

გ) ნიადაგდაცვითი და წყალმარეგულირებელი ტყეები.

4. „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად შეიძლება შეიქმნას დაცული ტერიტორიების საერთაშორისო ქსელში ჩართული შემდეგი კატეგორიები:

ა) ბიოსფერული რეზერვატი;

ბ) მსოფლიო მემკვიდრეობის უბანი;

გ) საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორია.

5. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული კატეგორიების სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის ტერიტორიებზე შეიძლება შეიქმნას განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების და ლანდშაფტური უბნები.

    მუხლი 21. სახელმწიფო ტყის ფონდის კატეგორიებად დაყოფის საფუძვლები

1. ამ კოდექსის მე-20 მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ კატეგორიებად დაყოფის საფუძველია „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ" საქართველოს კანონი.

2. საკურორტო ზონის ტყეების კატეგორია ენიჭება კურორტების სანიტარიული დაცვის პირველ და მეორე ზონებში არსებულ სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდს, სადაც ტყის მეურნეობის წარმოების მთავარი მიზანია ტყეების კურორტოლოგიური თვისებებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის გაუმჯობესება და დაცვა.

3. მწვანე ზონის ტყეების კატეგორია ენიჭება ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების მიმდებარე, რეკრეაციისათვის განკუთვნილ სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდს, სადაც ტყის მეურნეობის წარმოების მთავარი მიზანია ტყეების რეკრეაციული, სანიტარიულ-ჰიგიენური და ესთეტიკური მდგომრეობის გაუმჯობესება და დაცვა.

4. ნიადაგდაცვითი და წყალმარეგულირებელი ტყეების კატეგორია ენიჭება საქართველოს დანარჩენ სახელმწიფო ტყის ფონდს, სადაც დაიშვება ყველა სახის ტყითსარგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

5. განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების უბნის სტატუსი ენიჭება სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის განსაკუთრებული ღირსების მქონე უბანს და ტყისპირს, რომლებიც დამოუკიდებელ კატეგორიებად არ გამოიყოფა.

6. ლანდშაფტური უბნის სტატუსი ენიჭება მაღალი ესთეტიკურობით და დეკორატიულობით გამორჩეულ ტყეს.

7. დებულებას „განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების და ლანდშაფტური უბნების გამოყოფისა და მათთვის შესაბამისი სტატუსის მინიჭების შესახებ” გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით შეიმუშავებს და ამტკიცებს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტი.

    მუხლი 22. სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის კატეგორიებად დაყოფის წესი

1. სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის უბნებს ამ კოდექსის მე-20 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ კატეგორიებს ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი.

2. სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის უბნისათვის კატეგორიების მინიჭების შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან და მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტთან შეთანხმებით საქართველოს პრეზიდენტს წინადადებებსა და შესაბამის პროექტს დასამტკიცებლად წარუდგენს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტი.

3. სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის უბნებს განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების და ლანდშაფტური უბნების სტატუსს ანიჭებს და ამ უბნების ტერიტორიაზე მეურნეობის წარმოების რეჟიმს ადგენს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტი.

თავი VIII. სახელმწიფო ტყის ფონდის აღრიცხვის სისტემა

    მუხლი 23. სახელმწიფო ტყის ფონდის აღრიცხვის სისტემა

სახელმწიფო ტყის ფონდის აღრიცხვის სისტემა შედგება სახელმწიფო ტყის ფონდის მონიტორინგის, კადასტრის და ტყეთმოწყობისაგან.

    მუხლი 24. სახელმწიფო ტყის ფონდის მონიტორინგი

1. სახელმწიფო ტყის ფონდის მონიტორინგი არის სახელმწიფო ტყის ფონდის შეფასების, მისი მდგომარეობის დინამიკაზე უწყვეტი დაკვირვების, ანალიზისა და პროგნოზირების სისტემა, რომლის მიზანია სახელმწიფო ტყის ფონდის მოვლის, დაცვის, აღდგენისა და გამოყენების, ტყეების ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სახელმწიფო ორგანოებისა და საქართველოს მოსახლეობის ინფორმაციით უზრუნველყოფა.

2. სახელმწიფო ტყის ფონდის მონიტორინგს, თავიანთ სამოქმედო ტერიტორიებზე, ახორციელებენ ამ კოდექსის მე-15 და მე-16 მუხლებით უფლებამოსილი ორგანოები, მათი ტერიტორიული ორგანოები, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით უფლებამოსილი სხვა სამთავრობო დაწესებულებები და ტყითმოსარგებლეები.

    მუხლი 25. სახელმწიფო ტყის ფონდის კადასტრი

1. სახელმწიფო ტყის ფონდის კადასტრი არის სახელმწიფო ტყის ფონდის ეკოლოგიური, ეკონომიკური და სხვა მაჩვენებლების მიხედვით შეფასება მისი მოვლის, დაცვის, აღდგენისა და რაციონალური გამოყენების, ტყის რესურსების რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებების სისტემატური კონტროლის, სახელმწიფო ტყის ფონდის შესახებ სახელმწიფო ორგანოებისა და მოსახლეობის ინფორმაციით უზრუნველყოფისა და სატყეო დარგის პერსპექტიული დაგეგმვის მიზნით.

2. სახელმწიფო ტყის ფონდის კადასტრი ითვალისწინებს ამ კოდექსის შესაბამისად დადგენილი პარამეტრების მიხედვით ტყის რესურსების ყველა შესაძლო ეკონომიკურ შეფასებას და ამ შეფასებების ყოველწლიურ კორექტირებას.

3. სახელმწიფო ტყის ფონდის კადასტრში აისახება სახელმწიფო ტყის ფონდის მონიტორინგის მასალები.

4. სახელმწიფო ტყის ფონდის კადასტრის მონაცემები გამოიყენება სახელმწიფო ტყეებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების მართვის, სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების, ტყითმოსარგებლეთა სამეურნეო საქმიანობის შეფასების, ტყითსარგებლობის ფასის განსაზღვრისა და კორექტირების, გადასახადების, ჯარიმების, სხვა გადასახდელების გაანგარიშების და სხვა მიზნით.

5. სახელმწიფო ტყის ფონდის კადასტრის მასალები შეიძლება გახდეს სახელმწიფო ტყის ფონდის ან მისი ტყისა და მიწების საზღვრების შეცვლის საფუძველი.

6. ფიზიკური ან იურიდიული პირისა და ამ კოდექსის მე-15 ან მე-16 მუხლით უფლებამოსილი შესაბამისი ორგანოს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, სახელმწიფო ტყის ფონდის ან მისი უბნის კადასტრის წარმოების სამუშაოები შეიძლება განხორციელდეს ამ პირის სახსრებით.

    მუხლი 26. სახელმწიფო ტყის ფონდის კადასტრის წარმოება

1. დაცული ტერიტორიებისა და სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის კადასტრებს, თავიანთ სამოქმედო ტერიტორიებზე, აწარმოებენ ამ კოდექსის მე-15 და მე-16 მუხლებით უფლებამოსილი ორგანოები, აგრეთვე, მათთან შეთანხმებით, უფლებამოსილი იურიდიული პირები.

2. სახელმწიფო ტყის ფონდის კადასტრი არის სახელმწიფო ტყის ფონდის მდგომარეობის, აგრეთვე მისი მოვლის, დაცვის, აღდგენისა და რაციონალური გამოყენების სტრატეგიული დაგეგმვის შესახებ სახელმწიფო ორგანოებისა და მოსახლეობის ინფორმაციით უზრუნველყოფის საფუძველი.

3. სახელმწიფო ტყის ფონდის კადასტრს აწარმოებს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტი.

    მუხლი 27. ტყეთმოწყობა

1. ტყეთმოწყობა ხორციელდება ყოველ 10 წელიწადში ერთხელ (ათწლიანი ციკლით). მისი მიზანია საქართველოს ტყის ფონდის მოვლის, დაცვისა და აღდგენის ღონისძიებების განხორციელებისა და მათი ეფექტიანობის ამაღლების, ტყის რესურსების რაციონალური გამოყენების, აგრეთვე ამ სფეროში ერთიანი სამეცნიერო-ტექნიკური პოლიტიკის გატარების დაგეგმვა.

2. ტყეთმოწყობის ღონისძიებებია:

ა) სახელმწიფო ტყის ფონდის და სატყეო მურნეობის და დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტების ტერიტორიული ორგანოების სამოქმედო ტერიტორიების საზღვრების დადგენა;

ბ) სატყეო მურნეობის და დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტების ტერიტორიული ორგანოების სამოქმედო ტერიტორიების მიხედვით სახელმწიფო ტყის ფონდის შიდასამეურნეო ორგანიზება და ამ ტერიტორიებზე ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და სპეციალური კარტოგრაფიული სამუშაოების ჩატარება;

გ) სახელმწიფო ტყის ფონდის ინვენტარიზაცია, ტყეების მდგომარეობის, მათი სახეობრივი შემადგენლობისა და ხნოვანებითი სტრუქტურის დადგენა, სახელმწიფო ტყის ფონდის რესურსების რაოდენობრივი და ხარისხობრივი შეფასება;

დ) გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი იშვიათი, რელიქტური, ენდემური, შეზღუდული გავრცელების არეალის მქონე მცენარეებისა და განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების უბნების გამოვლენა;

ე) ტყის იმ უბნების დადგენა, სადაც შესაძლებელია მთავარი სარგებლობის, სპეციალური და მოვლითი ჭრების ჩატარება, საჭიროა მოვლის, სამელიორაციო და სხვა სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების განხორციელება, აგრეთვე საანგარიშო ტყეკაფის და გასატარებელი ღონისძიებების სახეების, მოცულობებისა და მეთოდების განსაზღვრა;

ვ) უპირატესი ფუნქციური თვისებების მიხედვით სახელმწიფო ტყის ფონდის უბნებისთვის კატეგორიებისა და დაცვის რეჟიმის მიკუთვნების, აგრეთვე სახელმწიფო ტყისა და სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების საზღვრების დადგენისა და შეცვლის მიზანშეწონილობის განსაზღვრა;

ზ) ტყითსარგებლობის უბნების დადგენა და შესაძლო მოსაპოვებელი რესურსის რაოდენობრივი და ხარისხობრივი შეფასება;

თ) სახელმწიფო ტყის ფონდის ბიოლოგიური, პათოლოგიური და სხვა სპეციალური გამოკვლევა;

ი) ტყეთმოწყობის პროექტის განხორციელების ზედამხედველობა;

კ) ტყითსარგებლობის სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება;

ლ) 30-დან 35 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე ტყითსარგებლობის აუცილებელი მოთხოვნების დადგენა;

მ) სხვა ღონისძიებები.

3. ტყეთმოწყობის მასალები აისახება ტყეთმოწყობის პროექტში, რომელიც არის სატყეო-სამეურნეო სამუშაოების, მათ შორის, პერსპექტიული დაგეგმვის და ამ სამუშაოების დაფინანსების სავალდებულო დოკუმენტი.

4. აკრძალულია საქართველოს ტყეებში ტყეთმოწყობის გარეშე ტყითსარგებლობა და სატყეო-სამეურნეო სამუშაოების წარმოება, სტიქიური უბედურების შემთხვევების გარდა.

5. ტყეთმოწყობას თავიანთ სამოქმედო ტერიტორიებზე ახორციელებენ ამ კოდექსის მე-15 და მე-16 მუხლებით უფლებამოსილი ორგანოები. მათთან შეთანხმების საფუძველზე ტყეთმოწყობა შეიძლება განხორციელდეს ფიზიკური ან იურიდიული პირის სახსრებით.

6. ტყეთმოწყობაზე ვრცელდება „გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები.

    მუხლი 28. სახელმწიფო ტყის ფონდის აღრიცხვის სისტემა და წესი

1. დებულებას „სახელმწიფო ტყის ფონდის აღრიცხვის სისტემის შესახებ” გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის და ფინანსთა სამინისტროებთან, მიწის მართვის და სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტებთან შეთანხმებით შეიმუშავებენ და საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგენენ ამ კოდექსის მე-15 და მე-16 მუხლებით უფლებამოსილი ორგანოები.

2. დებულებას „სახელმწიფო ტყის ფონდის აღრიცხვის წესის შესახებ” გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან და მიწის მართვის და სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტებთან შეთანხმებით შეიმუშავებს და ამტკიცებს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტი.

3. დებულებას „სახელმწიფო ტყის ფონდის დაცული ტერიტორიების აღრიცხვის სისტემის განსაკუთრებული მოთხოვნების შესახებ” შეიმუშავებს და დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტთან შეთანხმებით საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგენს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.

    მუხლი 29. სახელმწიფო ტყის ფონდის აღრიცხვის სისტემის დაფინანსება

სახელმწიფო ტყის ფონდის აღრიცხვის სისტემა ფინანსდება შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან. ამ მიზნით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა სახსრები.

    მუხლი 30. ინფორმაცია საქართველოს ტყის ფონდის მდგომარეობის შესახებ

ინფორმაცია საქართველოს ტყის ფონდის მდგომარეობის შესახებ მოიცავს „სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად საქართველოს ტყის ფონდის აღრიცხვის სისტემისა და ტყითსარგებლობის განხორციელების დროს მიღებულ ინფორმაციას, რომელიც მიეწოდება საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტს.

თავი IX. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების მართვა

    მუხლი 31. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების მართვის განსაკუთრებული მოთხოვნები

1. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებს ამ კოდექსის მე-19 მუხლით განსაზღვრულ სათანადო კატეგორიას ამ კოდექსის მე-15 ან მე-16 მუხლით უფლებამოსილი შესაბამისი ორგანოს წინადადებით ანიჭებს საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისია.

2. სახელმწიფო ტყისა და სახელმწიფო ტყის ფონდის სატყეო მიწების ფართობის შემცირებისაკენ მიმართული ყველა ცვლილება უნდა იყოს არგუმენტირებული და შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნებართვით.

3. სახელმწიფო ტყის ფონდის კატეგორიებისა და ბიომრავალფეროვნების თავისებურებებიდან გამომდინარე, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ სახელმწიფო ტყის ფონდისა და მისი მიმდებარე მიწებით სარგებლობის, მათი დაცვისა და აღდგენის განსაკუთრებულ მოთხოვნებს ადგენენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და შესაბამისად ამ კოდექსის მე-15 და მე-16 მუხლებით უფლებამოსილი ორგანოები ან მათი საქვეუწყებო დაწესებულებები.

    მუხლი 32. სახელმწიფო ტყის ფონდის სატყეო, სასოფლო-სამეურნეო და გამოუყენებელი მიწების მართვა

1. სახელმწიფო ტყის ფონდის სატყეო და გამოუყენებელ მიწებს მართავენ შესაბამისად ამ კოდექსის მე-15 და მე-16 მუხლებით უფლებამოსილი ორგანოები ან მათი ტერიტორიული ორგანოები, აგრეთვე ტყითმოსარგებლე - ტყითსარგებლობის დოკუმენტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

2. სახელმწიფო ტყის ფონდის სასოფლო-სამეურნეო მიწებს ამ კოდექსის მე-15 ან მე-16 მუხლით უფლებამოსილი შესაბამისი ორგანოს თანხმობით მართავენ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები, აგრეთვე ტყითმოსარგებლე ამ კოდექსისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

    მუხლი 33. სპეციალური დანიშნულების მიწების მართვა

1. აუცილებლობის შემთხვევაში ან მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებლის მიღების მიზნით სახელმწიფო ტყის ფონდი, საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, შეიძლება გაიცეს სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისათვის.

2. სახელმწიფო ტყესა და სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებს სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისათვის გასცემს საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისია დაინტერესებულ პირთან და ამ კოდექსის მე-15 ან მე-16 მუხლით უფლებამოსილ შესაბამის ორგანოსთან შეთანხმებით, საქართველოს კანონმდებლობისა და ამ კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით.

3. ამ კოდექსის მე-15 ან მე-16 მუხლით უფლებამოსილი შესაბამისი ორგანო სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისათვის შეარჩევს სახელმწიფო ტყის ფონდის იმ უბანს, სადაც სპეციალური მიზნის განხორციელება სახელმწიფო ტყის ფონდს ყველაზე ნაკლებ ზიანს მიაყენებს.

4. სახელმწიფო ტყის ფონდის სპეციალური დანიშნულების მიწებზე სატყეო-სამეურნეო სამუშაოებს მართავს ამ კოდექსის მე-15 ან მე-16 მუხლით უფლებამოსილი შესაბამისი ორგანო, ხოლო სპეციალური მიზნით _ ტყითმოსარგებლე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

    მუხლი 34. სახელმწიფო ტყისა და სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების სამეურნეო მიზნით გამოყოფა

1. სანერგეების მოწყობის, ტყის კულტურების, ბაღებისა და პლანტაციების გაშენების, სატყეო-სამეურნეო გზების მშენებლობისა და სხვა სამეურნეო მიზნით სახელმწიფო ტყისა და სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების გამოყოფა ხორციელდება ამ კოდექსის მე-15 ან მე-16 მუხლით უფლებამოსილი ორგანოს მიერ.

2. სახელმწიფო ტყისა და სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების სამეურნეო მიზნით გამოყოფა და ტყითმოსარგებლისათვის გადაცემა ხორციელდება „სახელმწიფო ტყისა და სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების სამეურნეო მიზნით გამოყოფისა და ტყითმოსარგებლისათვის გადაცემის შესახებ“ დებულების შესაბამისად, რომელსაც დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტთან შეთანხმებით შეიმუშავებს და ამტკიცებს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტი.

თავი X. მოსახლეობისა და საზოგადოებრივი გაერთიანებების წარმომადგენელთა სახელმწიფო ტყის ფონდის მართვაში მონაწილეობა

    მუხლი 35. მოსახლეობისა და საზოგადოებრივი გაერთიანებების წარმომადგენელთა სახელმწიფო ტყის ფონდის მართვაში მონაწილეობა

1. მოსახლეობისა და საზოგადოებრივი გაერთიანებების წარმომადგენლებს უფლება აქვთ:

ა) მიიღონ სრული, ობიექტური და დროული ინფორმაცია სახელმწიფო ტყის ფონდის მდგომარეობის შესახებ;

ბ) მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის დაგეგმვის ყველა ღონისძიებაში ნებისმიერ ეტაპზე.

2. სახელმწიფო ტყის ფონდის მართვისას „გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული გადაწყვეტილებების მიღებაში მოსახლეობისა და საზოგადოებრივი გაერთიანებების წარმომადგენელთა მონაწილეობა წესრიგდება ამავე კანონის შესაბამისად.

3. სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოების მიერ ტყითსარგებლობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, შესაბამისი რეგიონების მიხედვით, უნდა გამოქვეყნდეს სახელმწიფო ტყის ფონდის მართვასთან დაკავშირებული შემდეგი ინფორმაცია:

ა) ტყეთმოწყობის შესახებ;

ბ) სახელმწიფო ტყის ფონდის კატეგორიებად დაყოფის შესახებ;

გ) სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიებისათვის დაცვის რეჟიმის მიკუთვნების შესახებ;

დ) სახელმწიფო ტყის ფონდის 5 და მეტი წლით სარგებლობისათვის გადაცემის შესახებ.

    მუხლი 36. სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოების პასუხისმგებლობა

1. ამ კოდექსის 35-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოები უზრუნველყოფენ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე მოსახლეობისა და საზოგადოებრივი გაერთიანებების წარმომადგენელთა მიერ გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების განხილვას.

2. სატყეო მეურნეობის და დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტები, საქართველოს კანონმდებლობით უფლებამოსილი სხვა ორგანოები, ამ კოდექსის 35-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ინფორმაციის გამოქვეყნების გარდა, აგრეთვე უზრუნველყოფენ:

ა) სახელმწიფო ტყის ფონდის მდგომარეობის შესახებ სხვა ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევების გარდა;

ბ) ტყისა და მისი რესურსების მნიშვნელობისა და დაცვის პროპაგანდას, საქართველოს მოსახლეობის ინფორმირების მიზნით სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას;

გ) ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნების ღონისძიებების მორალურ და მატერიალურ სტიმულირებას.

 

კარი III. ტყის დაცვა

თავი XI. საქართველოს ტყის ფონდის დაცვის ზოგადი საფუძვლები

    მუხლი 37. საქართველოს ტყის ფონდის დაცვის მიზანი

1. საქართველოს ტყის ფონდის დაცვის მიზანია:

ა) საქართველოს ტყეებში ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნება, ტყეების ხნოვანებითი სტრუქტურის, სახეობრივი შემადგენლობისა და ხარისხობრივი მდგომარეობის გაუმჯობესება, მდგრადი და მაღალპროდუქტიული კორომების ჩამოყალიბება;

ბ) ნიადაგის ნაყოფიერების ზრდა, წყლითა და ქარით გამოწვეული ნიადაგის ეროზიის, დაჭაობების, დამლაშების, ღვარცოფების, თოვლის ზვავებისა და სხვა ისეთი პროცესების თავიდან აცილება, რომლებიც აუარესებს ნიადაგის მდგომარეობას;

გ) ხელუხლებელი ტყეების თვითმყოფადობის შენარჩუნება, მცენარეთა რელიქტური, ენდემური და სხვა ძვირფასი სახეობების დაცვა.

2. საქართველოს ტყის ფონდი დაცული უნდა იქნეს:

ა) ხანძრებისაგან;

ბ) უკანონო ჭრებისაგან;

გ) ტყითსარგებლობისა და სხვა სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების განხორციელების დადგენილი წესების დარღვევებისაგან;

დ) მავნებლებისა და დაავადებებისაგან;

ე) სანიტარიული მდგომარეობის გაუარესებისაგან;

ვ) სხვა უარყოფითი ზემოქმედებისაგან.

3. საქართველოს ტყეებში ცხოველები დაცული უნდა იქნენ „ცხოველთა სამყაროს შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

4. საქართველოს დაცული ტერიტორიების დაცვის განსაკუთრებული მიზნები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

    მუხლი 38. სახელმწიფო ტყის ფონდის დაცვის რეჟიმი

1. სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის მდგომარეობის, მისი ბიომრავალფეროვნების, ხელუხლებელი ტყეების თვითმყოფადობის შენარჩუნების, მცენარეთა რელიქტური, ენდემური და სხვა ძვირფასი სახეობების დაცვის მიზნით, ტყის პრიორიტეტული ფუნქციური დანიშნულების, ისტორიული, კულტურული და სხვა ღირებულებების მიხედვით დგინდება სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის დაცვის საერთო ან განსაკუთრებული რეჟიმი.

2. საქართველოს დაცული ტერიტორიების დაცვის რეჟიმი დგინდება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” საქართველოს კანონით.

    მუხლი 39. დაცვის განსაკუთრებული რეჟიმი

1. სახელმწიფო სამეურნეო ტყეებსა და მიწებზე, სადაც მოქმედებს დაცვის განსაკუთრებული რეჟიმი, აკრძალულია:

ა) მთავარი სარგებლობის ჭრების განხორციელება;

ბ) „გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული პირველი და მეორე კატეგორიების საქმიანობა.

2. სახელმწიფო სამეურნეო ტყეებსა და მიწებზე, სადაც მოქმედებს დაცვის განსაკუთრებული რეჟიმი, სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების და ტყითსარგებლობის შეზღუდვის განსაკუთრებულ მოთხოვნებს ამ კოდექსით დადგენილი წესით განსაზღვრავენ სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტი და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები.

    მუხლი 40. დაცვის საერთო რეჟიმი

სახელმწიფო სამეურნეო ტყეებსა და მიწებზე, სადაც მოქმედებს დაცვის საერთო რეჟიმი, ვრცელდება ამ კოდექსით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესები.

    მუხლი 41. სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის კატეგორიებისათვის დაცვის რეჟიმის მიკუთვნება

1. სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის საკურორტო და მწვანე ზონებს, აგრეთვე ჭალის ტყეებსა და ტყის სუბალპურ ზოლს მიეკუთვნება დაცვის განსაკუთრებული რეჟიმი.

2. ნიადაგდაცვით და წყალმარეგულირებელ ტყეებს მიეკუთვნება დაცვის საერთო რეჟიმი, ამ კოდექსის 42-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.

    მუხლი 42. ნიადაგდაცვითი და წყალმარეგულირებელი ტყის უბნისათვის დაცვის განსაკუთრებული რეჟიმის მიკუთვნება

1. ნიადაგდაცვითი და წყალმარეგულირებელი ტყის უბნისათვის დაცვის განსაკუთრებული რეჟიმის მიკუთვნების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევაში, სახელმწიფო ტყის ფონდის კადასტრისა და აღრიცხვის მასალების, აგრეთვე სხვა გამოკვლევების საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტს წინადადებებს წარუდგენს ამ კოდექსის    მე-16 მუხლით უფლებამოსილი შესაბამისი ორგანო ან გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევაში ნიადაგდაცვითი და წყალმარეგულირებელი ტყის განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე სატყეო-სამეურნეო ღონისძიებებისა და ტყითსარგებლობის განხორციელების რეჟიმს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, განსაზღვრავს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტი, ხოლო ადგილობრივი ტყის ფონდისათვის _ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტთან და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.

4. მცენარეთა წითელ ნუსხაში შეტანილ და ენდემურ, რელიქტურ და სხვა ძვირფას სახეობებს, აგრეთვე განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების უბნებს დაცვის განსაკუთრებულ რეჟიმს აკუთვნებს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტი ამ კოდექსის 21-ე მუხლის შესაბამისად და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

    მუხლი 43. სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის უბნისათვის დაცვის განსაკუთრებული რეჟიმის მიკუთვნებისა და ამ რეჟიმის პირობებში სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების განხორციელების წესი

დებულებას „სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის უბნისათვის დაცვის განსაკუთრებული რეჟიმის მიკუთვნებისა და ამ რეჟიმის პირობებში სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების განხორციელების წესის შესახებ” გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან და დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტთან შეთანხმებით შეიმუშავებს და ამტკიცებს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტი.

თავი XII. ტყის დაცვა

    მუხლი 44. ტყის დაცვის ღონისძიებები

1. ტყის დაცვა ხორციელდება საქართველოს ტყის ფონდის ბიომრავალფეროვნების და მისი სხვა თავისებურებების გათვალისწინებით და მოიცავს სატყეო-სამეურნეო, ბიოლოგიურ, გენეტიკურ, ფიზიკურ და მექანიკურ მეთოდებს, საქართველოს ტყის ფონდის შენარჩუნების, აგრეთვე მისი განადგურების, დაზიანების, დაბინძურების და სხვა უარყოფითი ზემოქმედებისგან დაცვის ორგანიზაციულ, სამართლებრივ და სხვა ღონისძიებებს.

2. ტყის დაცვის ღონისძიებებია:

ა) ტყის ბიოლოგიური, ქიმიური და სელექციური საშუალებებით დაცვა;

ბ) ტყეების პათოლოგიური გამოკვლევის საფუძველზე ტყის დაცვა ეკოლოგიური წონასწორობის დარღვევის გამომწვევი დაავადებებისა და მავნებლების გავრცელებისაგან;

გ) ძოვების აკრძალვა ტყის კულტურებსა და იმ კორომებში, სადაც ზიანდება ტყე;

დ) ტყეების ხანძრებისაგან დაცვა;

ე) სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესება, ამ მიზნით სანიტარიული ჭრებისა და სხვა ღონისძიებების განხორციელება;

ვ) ტყეების უკანონო ტყითსარგებლობისაგან, ტყის პროდუქტების დატაცებისაგან, დაბინძურებისაგან, ნიადაგისა და ხეების მექანიკური დაზიანებისაგან და სხვა მსგავსი ქმედებებისაგან დაცვა (ფიზიკური დაცვა);

ზ) სტიქიური უბედურებების თავიდან ასაცილებელი განსაკუთრებული ღონისძიებები;

თ) ინტენსიური ექსპლუატაციის შედეგად ტყის ტრანსფორმაციის თავიდან ასაცილებელი ღონისძიებები;

ი) მავნებლებისა და დაავადებების ახალი კერების წარმოშობის აღკვეთის მიზნით საკარანტინო შემოწმების გარეშე ხე-ტყისა და მისი პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის აკრძალვა;

კ) ტყის დაცვის ღონისძიებების მატერიალური და მორალური სტიმულირება;

ლ) განსაკუთრებული მდგომარეობით გამოწვეული სხვა აუცილებელი ღონისძიებები.

    მუხლი 45. ტყის დაცვის ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება

1. ტყის დაცვის ღონისძიებები იგეგმება სახელმწიფო ტყის ფონდის კადასტრისა და ტყეთმოწყობის, აგრეთვე ტყის ყოველწლიური პათოლოგიური და სხვა სპეციალური გამოკვლევების საფუძველზე.

2. სახელმწიფო ტყის დაცვის ღონისძიებებს გეგმავენ და ახორციელებენ შესაბამისად ამ კოდექსის მე-15 და მე-16 მუხლებით უფლებამოსილი ორგანოები, აგრეთვე მათი ტერიტორიული ორგანოები ან, მათი ზედამხედველობით, ამ კოდექსის მე-9 მუხლით განსაზღვრული შესაბამისი სუბიექტები.

    მუხლი 46. ტყის ბიომრავალფეროვნების დაცვა

ტყის ბიომრავალფეროვნების დაცვა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციის, „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ” საერთაშორისო კონვენციისა და საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობის პრინციპებს. ტყის ბიომრავალფეროვნების დაცვის მიზანია ბიოსფეროს სიცოცხლისათვის აუცილებელი პირობების შენარჩუნება და გაუმჯობესება.

    მუხლი 47. ტყის ბიოლოგიური და ქიმიური საშუალებებით დაცვის უფლება და კონტროლი

1. ტყის დაცვის მიზნით ბიოლოგიური და ქიმიური საშუალებების გამოყენების უფლებას ამ კოდექსის მე-9 მუხლით განსაზღვრულ სუბიექტებს ანიჭებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.

2. ტყის ბიოლოგიური და ქიმიური საშუალებებით დაცვის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, აგრეთვე, თავიანთ სამოქმედო ტერიტორიებზე, სატყეო მეურნეობის და დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტები და მათი ტერიტორიული ორგანოები.

    მუხლი 48. ტყის ხანძრებისაგან დაცვა

1. ტყის ხანძრებისაგან დაცვის ღონისძიებებია:

ა) ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება, წიწვოვან კორომებში ქვედა ტოტების შეჭრა, ხანძარმდგრადი კორომების შექმნის მიზნით ფოთლოვანი და წიწვოვანი ნარგავებით ტყის ხელოვნურად გაშენება, სახანძრო საავტომობილო გზებისა და ბილიკების ქსელის გაფართოება, ხანძარსაწინააღმდეგო ზოლების მოწყობა, ხანძარსაშიშ პერიოდში მეხანძრე დარაჯთა დაქირავება და მეთვალყურეობის გაძლიერება, ტყეების ავიაპატრულირება და სხვა ღონისძიებები;

ბ) ხანძარსაშიშ ადგილებზე და ტყის ნაპირიდან 30 მეტრზე ახლოს ყოველგვარი მშენებლობის აკრძალვა;

გ) განსაკუთრებით ხანძარსაშიშ პერიოდში და ადგილებზე ტყითსარგებლობის, ძრავიანი ტრანსპორტის მოძრაობის, ასაფეთქებელ სამუშაოთა და ცეცხლის დანთების შეზღუდვა და აკრძალვა;

დ) ტყეში სახანძრო უსაფრთხოების დაცვის სააგიტაციო ნიშნების განლაგება, მოსახლეობასთან სათანადო სააგიტაციო მუშაობის ჩატარება;

ე) ტყეების ჩახერგილობისაგან გაწმენდა;

ვ) სხვა ღონისძიებები.

2. ტყეში ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შეიძლება მობილიზებულ იქნეს მოსახლეობა.

3. ტყის ხანძრებისაგან დაცვის მიზნით ამ კოდექსის მე-15 და მე-16 მუხლებით უფლებამოსილ ორგანოებს, აგრეთვე მათ ტერიტორიულ ორგანოებს უფლება აქვთ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან შეთანხმებით ხანძარსაშიშ პერიოდში და ადგილებზე თავიანთ სამოქმედო ტერიტორიებზე აკრძალონ ტყითსარგებლობა, მოსახლეობის ტყეში ყოფნა, სატრანსპორტო საშუალებებით ტყეში შესვლა და სხვა.

4. ტყის ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკურ ღონისძიებებს, თავიანთ სამოქმედო ტერიტორიებზე, გეგმავენ და ახორციელებენ ამ კოდექსის მე-15 და მე-16 მუხლებით უფლებამოსილი ორგანოები, აგრეთვე მათი ტერიტორიული ორგანოები ან, მათი ზედამხედველობით, ამ კოდექსის მე-9 მუხლით განსაზღვრული სუბიექტები.

5. ტყის უბანს ხანძარსაშიში უბნის სტატუსს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, ანიჭებს ამ კოდექსის მე-15 ან მე-16 მუხლით უფლებამოსილი შესაბამისი ორგანო ტყეთმოწყობის მასალებისა და თავისი საქვეუწყებო დაწესებულების წინადადების საფუძველზე.

6. სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხანძრის ლიკვიდაციას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სახელმწიფო ტყის ფონდის შესაბამისი უბნის მართვის უფლების მქონე ორგანოსა და ტყითმოსარგებლის მონაწილეობით.

    მუხლი 49. ტყის დაცვის წესი

1. დებულებას „ტყის დაცვის წესის შესახებ” შეიმუშავებს და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან, დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტთან და სხვა დაინტერესებულ სამთავრობო დაწესებულებებთან შეთანხმებით ამტკიცებს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტი.

2. დებულებას „ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის ტყის დაცვის მიზნით ბიოლოგიური და ქიმიური საშუალებების გამოყენების უფლების მინიჭების შესახებ” შეიმუშავებს და ამტკიცებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.

3. დებულებას „ტყის ხანძრებისაგან დაცვის ღონისძიებათა დაგეგმვის და განხორციელების შესახებ“ შეიმუშავებს და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროებთან და დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტთან შეთანხმებით ამტკიცებს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტი.

4. დებულებას „ტყის დაცვის მიზნით გამოსაყენებელი ბიოლოგიური, ქიმიური და სელექციური საშუალებების ნუსხის შესახებ” ამ კოდექსის მე-15 და მე-16 მუხლებით უფლებამოსილ ორგანოებთან შეთანხმებით შეიმუშავებს და ამტკიცებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.

კარი IV. ტყითსარგებლობა

თავი XIII. ტყითსარგებლობის სისტემა

    მუხლი 50. ტყითსარგებლობა და მისი მიზანი

ტყითსარგებლობა არის სახელმწიფოსა და მისი მოსახლეობის ეკოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მიზნით საქართველოს ტყის ფონდის სასარგებლო თვისებების გამოყენება და ამ ფონდის ტერიტორიაზე არსებული ეკონომიკური და სხვა ღირებულების მქონე რესურსების მოპოვება.

    მუხლი 51. ტყითსარგებლობის სახეები

1. საქართველოს ტყის ფონდის ტერიტორიაზე შეიძლება განხორციელდეს ტყითსარგებლობის შემდეგი სახეები:

ა) ხე-ტყის დამზადება (ტყითსარგებლობა მერქნის მიღების მიზნით);

ბ) პლანტაციური მეურნეობის წარმოება;

გ) ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების (თესლი, ნაყოფი, ძირკვი, ლაფანი, ფიჩხი, ნეკერი და სხვა) დამზადება;

დ) ტყის არამერქნული რესურსებით (სოკოები, სამკურნალო, ტექნიკური ნედლეული და სხვა ბალახეული, ბუჩქოვანი მცენარეები და მათი პროდუქტები) სარგებლობა;

ე) სასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობა;

ვ) სპეციალური და მიჩენის მიზნით სარგებლობა (სპეციალური დანიშნულების მიწებით სარგებლობა, წიაღის მოპოვება და სხვა);

ზ) სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნით სარგებლობა;

თ) საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით სარგებლობა;

ი) სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით სარგებლობა.

2. დასაშვებია საქართველოს ტყის ფონდით კომპლექსურად სარგებლობა და ერთი ან რამდენიმე სახის ტყითსარგებლობის ერთდროულად განხორციელება.

3. ამ კოდექსის მე-17 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს საპატრიარქოს უფლება აქვს სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ტყის ფონდის ტერიტორია გამოიყენოს სასულიერო, სარიტუალო ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა მიზნით.

    მუხლი 52. ტყითსარგებლობის ვადები

საქართველოს ტყის ფონდი გაიცემა მოკლევადიანი (1 წლამდე, მათ შორის, სეზონური) და გრძელვადიანი (20 წლამდე) სარგებლობისათვის.

    მუხლი 53. ტყითსარგებლობის უფლება და მისი განხორციელება

1. აკრძალულია ტყითსარგებლობა ტყითსარგებლობის ლიცენზიის, ხელშეკრულებისა და ბილეთის გარეშე, ამ კოდექსის 78-ე მუხლითა და 106-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული შემთხვევების გარდა.

2. ტყითმოსარგებლე შეიძლება იყოს ფიზიკური ან იურიდიული პირი.

3. სატყეო მეურნეობის და დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტების ტერიტორიული ორგანოები სახელმწიფო ტყის ფონდის მოვლის, დაცვის, აღდგენისა და გაშენების სამუშაოებს ახორციელებენ არასამეწარმეო მიზნით.

    მუხლი 54. ტყითსარგებლობის დაგეგმვისა და განხორციელების ძირითადი მოთხოვნები

1. ტყითსარგებლობა იგეგმება.

2. ტყითსარგებლობის დაგეგმვის საფუძველია ტყეთმოწყობის მასალები.

3. ტყითსარგებლობის დაგეგმვისას უპირატესობა ენიჭება გრძელვადიან ტყითსარგებლობას და ტყითსარგებლობის იმ სახეს, რომელიც ყველაზე ნაკლებად ითვალისწინებს სახელმწიფო ტყის ფონდის რესურსების მოპოვებას, აგრეთვე კომპლექსურ და რამოდენიმე სახით ერთდროულ ტყითსარგებლობას.

4. ტყითსარგებლობის დაგეგმვის ძირითადი მოთხოვნები გამომდინარეობს ამ კოდექსით განსაზღვრული პრინციპებიდან.

5. ტყითსარგებლობა ხორციელდება ისეთი მეთოდებით, რომლებიც ზიანს არ აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას, გარემოსა და მისი ბიომრავალფეროვნების მდგრადობას, ცხოველთა სამყაროს, ისტორიულ, კულტურისა და ბუნების ძეგლებს.

6. ტყითსარგებლობის დაგეგმვისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს:

ა) ტყეების წყალშემნახავი, წყალმარეგულირებელი, ნიადაგდაცვითი, გამაჯანსაღებელი და სხვა სასარგებლო თვისებების შენარჩუნება და გაუმჯობესება;

ბ) საქართველოს ტყის ფონდით მრავალმხრივი, მდგრადი და უწყვეტი სარგებლობა;

გ) ტყის ბუნებრივი შემადგენლობის შენარჩუნება და ხარისხის აღდგენა და გაუმჯობესება;

დ) ტყის ფონდის მიწების რაციონალური გამოყენება;

ე) ტყითსარგებლობის ეფექტიანობის ამაღლება მეცნიერული მიღწევებისა და მოწინავე გამოცდილების საფუძველზე ტექნოლოგიური პროცესის სრულყოფის გზით.

თავი XIV. ტყითსარგებლობის უფლების მოპოვება

    მუხლი 55. ტყითსარგებლობის სანებართვო დოკუმენტები

1. ტყითსარგებლობის სანებართვო დოკუმენტებია (შემდგომ – ტყითსარგებლობის დოკუმენტი) ტყითსარგებლობის ლიცენზია, ხელშეკრულება და ბილეთი.

2. ტყითსარგებლობის ლიცენზია და ბილეთი გაიცემა და ხელშეკრულება იდება სახელმწიფო ტყის ფონდის კადასტრისა და ტყეთმოწყობის საფუძველზე ამ კოდექსის მოთხოვნათა დაცვით.

3. ტყითსარგებლობის ლიცენზია, ხელშეკრულება და ბილეთი ძალაში შედის ტყითმოსარგებლეზე მისი გაცემის დღიდან.

4. ტყითსარგებლობის ლიცენზია, ხელშეკრულება და ბილეთი გაიცემა ტყითმოსარგებლეზე და მისი გასხვისება დაუშვებელია.

5. ტყითსარგებლობის ლიცენზიით, ხელშეკრულებითა და ბილეთით განისაზღვრება:

ა) ტყითსარგებლობის ადგილი;

ბ) ტყითსარგებლობის სახე;

გ) ტყითსარგებლობის ვადები;

დ) ასათვისებელი რესურსის სახე და ოდენობა;

ე) რესურსის მოპოვების დასაშვები ფორმები და მეთოდები;

ვ) რესურსის ღირებულება, სხვა გადასახადები და მოსაკრებლები;

ზ) ტყითმოსარგებლის სხვა უფლებები და პასუხისმგებლობა;

თ) სხვა პირობები.

    მუხლი 56. ტყითსარგებლობის დოკუმენტების სისტემა

ტყითსარგებლობის სახეების მიხედვით სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის განსახორციელებლად აუცილებელია შემდეგი დოკუმენტები:

ა) ხე-ტყის დამზადებისათვის (ტყითსარგებლობა მერქნის მიღების მიზნით) ლიცენზია ან ბილეთი;

ბ) პლანტაციური მეურნეობის წარმოებისათვის ხელშეკრულება;

გ) ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადებისათვის – ლიცენზია ან ბილეთი;

დ) არამერქნული რესურსებით სარგებლობისათვის ხელშეკრულება ან ბილეთი;

ე) სასოფლო-სამეურნეო მიზნით სახელმწიფო ტყის ფონდის იმ მიწებით სარგებლობისათვის, რომლებიც არ განეკუთვნება სახელმწიფო ტყის ფონდის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების კატეგორიას ხელშეკრულება ან ბილეთი;

ვ) სპეციალური მიზნით სარგებლობისათვის ხელშეკრულება;

ზ) სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნით სარგებლობისათვის ხელშეკრულება;

თ) საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით სარგებლობისათვის ხელშეკრულება;

ი) სამონადირეო მეურნეობის მოწყობისათვისხელშეკრულება.

    მუხლი 57. ტყითსარგებლობის ლიცენზიის გაცემა

1. ტყითსარგებლობის ლიცენზია ტენდერის ან აუქციონის წესით გაიცემა:

ა) ხე-ტყის დამზადების მიზნით მოკლევადიანი და გრძელვადიანი ტყითსარგებლობისათვის;

ბ) ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადების მიზნით გრძელვადიანი ტყითსარგებლობისათვის.

2. ამ კოდექსით განსაზღვრული ჭრის სახეებიდან ლიცენზირებას ექვემდებარება მთავარი სარგებლობისა და გავლითი ჭრები, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრული შემთხვევებისა.

3. ხე-ტყის დამზადების მიზნით ხუთ წელზე მეტი ვადით ლიცენზია გაიცემა იმ იურიდიულ პირზე, რომელიც, რესურსების მოპოვების პარალელურად, თავის სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყოფს ტყის მოვლის, დაცვისა და აღდგენის ტყეთმოწყობის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელებას.

4. დაუშვებელია სახელმწიფო ტყის ფონდის ერთსა და იმავე ადგილას ერთი და იმავე სახის ტყითსარგებლობისთვის ერთზე მეტი ლიცენზიის გაცემა.

5. ლიცენზია სახელმწიფო რეგისტრაციაში ტარდება და ტენდერში ან აუქციონში გამარჯვებულ პრეტენდენტს გადაეცემა ტენდერის ან აუქციონის ჩატარებიდან ორი კვირის ვადაში.

6. სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის ლიცენზიას გასცემს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტი, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ამ დეპარტამენტის მიერ დადგენილი წესით _ ავტონომიური რესპუბლიკის სატყეო მეურნეობის დეპარტამენტი.

7. ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების აუცილებლობიდან გამომდინარე, სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებით მთავარი სარგებლობის ჭრა შეიძლება განხორციელდეს ტყითსარგებლობის ბილეთით.

    მუხლი 58. ტყითსარგებლობის ხელშეკრულება

1. გრძელვადიანი ტყითსარგებლობის მიზნით ტყითსარგებლობის ხელშეკრულება იდება ტენდერში ან აუქციონში გამარჯვებულ პრეტენდენტსა და სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტს შორის, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ტყითსარგებლობისათვის – გამარჯვებულ პრეტენდენტსა და ავტონომიური რესპუბლიკის სატყეო მეურნეობის დეპარტამენტს შორის სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დადგენილი წესით.

2. თუ სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ამ კოდექსის 56-ე მუხლის „დ“, „ვ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება ლიცენზირებას, ტყითსარგებლობის ხელშეკრულება იდება ტენდერის ჩატარების გარეშე შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე და ამ კოდექსის მოთხოვნათა დაცვით.

3. ტყითსარგებლობის ხელშეკრულება ამ კოდექსის 56-ე მუხლის „ი” ქვეპუნქტით განსაზღვრული მიზნით იდება შესაბამისი ლიცენზიის მოქმედების ვადით.

4. დაუშვებელია სახელმწიფო ტყის ფონდის ერთსა და იმავე ტერიტორიაზე ერთი და იმავე სახის ტყითსარგებლობის განხორციელების მიზნით ერთზე მეტი ხელშეკრულების დადება.

5. დაცულ ტერიტორიებზე ტყითსარგებლობის მიზნით ტყითსარგებლობის ხელშეკრულება იდება ტენდერში ან აუქციონში გამარჯვებულ პრეტენდენტსა და დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტს შორის „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.

    მუხლი 59. ტენდერის და აუქციონის ჩატარების წესი

1. ტყითსარგებლობის ლიცენზიის გაცემისა და ხელშეკრულების დადების მიზნით ტენდერისა და აუქციონის ჩატარების წესს განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი.

2. ტენდერის ჩატარების შემთხვევაში გამარჯვებულად ითვლება ის პრეტენდენტი, რომელიც აკმაყოფილებს ტენდერის პირობებს და წარადგენს გარემოს დაცვის მოთხოვნათა შესაბამის, ეკონომიკურად და ტექნიკურად ყველაზე მისაღებ პროექტს. თუ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარდგენილ იქნა მხოლოდ ერთი განცხადება, ლიცენზია გაიცემა ან ხელშეკრულება დაიდება გამოცხადებული პირობების დაცვით.

3. ტენდერი ჩაშლილად ითვლება, თუ ვერც ერთი პრეტენდენტი ვერ აკმაყოფილებს ტენდერის პირობებს.

4. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტებს ტენდერში მონაწილეობისათვის გაწეული ხარჯები არ უნაზღაურდებათ.

5. ტენდერის ჩატარების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება იმ პრეტენდენტს, რომელიც ტენდერის ჩატარებამდე ახორციელებდა ტყითსარგებლობას, ასრულებდა გარემოს დაცვის მოთხოვნებსა და ტყითსარგებლობის დოკუმენტით განსაზღვრულ ვალდებულებებს.

6. აუქციონი იმართება იმ შემთხვევაში, თუ ტენდერზე წარდგენილი პროექტები თანაბრად აკმაყოფილებს ტენდერის პირობებს და ამის გამო წარმოიქმნება კონკურენცია.

7. აუქციონის ჩატარების შემთხვევაში გამარჯვებულად ითვლება პრეტენდენტი, რომელიც აკმაყოფილებს აუქციონის პირობებს და ტყითსარგებლობის უფლების მისაღებად სახელმწიფოს ყველაზე მეტ თანხას სთავაზობს.

8. ტენდერსა და აუქციონს ამზადებს და ატარებს შესაბამისი ტყითსარგებლობის დოკუმენტის გაცემის უფლების მქონე ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს ტენდერისა და აუქციონის მოწყობისა და ჩატარების საჯაროობას.

9. დებულებას „ტყითსარგებლობის ლიცენზიის გაცემისა და ხელშეკრულების დადების მიზნით ტენდერისა და აუქციონის ჩატარების წესის შესახებ” საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან შეთანხმებით შეიმუშავებს და საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგენს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტი.

    მუხლი 60. ტყითსარგებლობა ტყითსარგებლობის ლიცენზიის ან ხელშეკრულების მფლობელის მიერ

ტყითსარგებლობის ლიცენზიის ან ხელშეკრულების მფლობელს უფლება აქვს განახორციელოს ტყითსარგებლობა სატყეო მეურნეობის ან დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში ლიცენზიის ან ხელშეკრულების წარდგენის შემდეგ.

    მუხლი 61. ტყითსარგებლობის ბილეთი

1. ტყითსარგებლობის ბილეთი გაიცემა შესაბამისად სატყეო მეურნეობის ან დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის სათანადო ტერიტორიული ორგანოს, ხოლო ადგილობრივი ტყის ფონდის ტერიტორიაზე ტყითსარგებლობისათვის _ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების შესაბამისი სამსახურის მიერ ამ კოდექსის 56-ე მუხლის „ა”, „გ”, „დ” და „ე” ქვეპუნქტებით და 57-ე მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრული საქმიანობის განსახორციელებლად.

2. ტყითსარგებლობის ბილეთით ხე-ტყის დამზადება შეიძლება განხორციელდეს გაწმენდითი, გამოხშირვითი, სანიტარიული, გავლითი, სარეკონსტრუქციო, სპეციალური ჭრებით, აგრეთვე მთავარი სარგებლობის ჭრით.

3. ტყითსარგებლობის ბილეთი გაიცემა ერთ წლამდე ვადით და ძალაშია არა უმეტეს მისი გაცემის წლის ბოლომდე.

4. ტყითსარგებლობის ბილეთის გაცემისას უპირატესობა ენიჭება ადგილობრივ მოსახლეობას და ფიზიკურ და იურიდიული პირებს.

    მუხლი 62. ტყითმოსარგებლის უფლებები და მოვალეობები

1. ტყითმოსარგებლეს უფლება აქვს:

ა) ისარგებლოს ტყის რესურსებით ტყითსარგებლობის დოკუმენტის შესაბამისად;

ბ) მოითხოვოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვა;

გ) ტყის მართვის უფლების მქონე შესაბამის ორგანოსთან შეთანხმებით ააშენოს ტყითსარგებლობის უფლების განსახორციელებლად საჭირო სამეურნეო და სხვა სპეციალური დანიშნულების დროებითი ნაგებობები;

დ) ტყითსარგებლობის უფლების განსახორციელებლად ისარგებლოს არსებული სატყეო გზებითა და სხვა ინფრასტრუქტურით;

ე) მონაწილეობა მიიღოს ტყის მოვლის, დაცვის, აღდგენისა და გაშენების ღონისძიებებში, აგრეთვე ტყითსარგებლობის დაგეგმვასა და განხორციელებაში;

ვ) ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგოს ტყითსარგებლობის შედეგად მოპოვებული რესურსი;

ზ) გაეცნოს ტყითსარგებლობის დადგენილ წესებს.

2. ტყითმოსარგებლე ვალდებულია:

ა) გაეცნოს ტყითსარგებლობის დადგენილ წესებს და იხელმძღვანელოს ამ წესებით;

ბ) განახორციელოს მხოლოდ ტყითსარგებლობის დოკუმენტით განსაზღვრული სახის ტყითსარგებლობა მასში მითითებულ ადგილებზე, მოცულობით და ვადებში;

გ) თავისი საქმიანობით ხელი არ შეუშალოს ტყის მოვლისა და დაცვის ღონისძიებების განხორციელებას;

დ) დაიცვას ხანძარსაწინააღმდეგო წესები, ხოლო ხანძრის საფრთხის შემთხვევაში მიიღოს ზომები მის სალიკვიდაციოდ და საფრთხის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სათანადო ორგანოებს;

ე) აწარმოოს სამუშაოები ისეთი ფორმებით, მეთოდებითა და საშუალებებით, რომლებიც არ გამოიწვევს ნიადაგის ეროზიას, შეზღუდავს ან გამორიცხავს ტყითსარგებლობის უარყოფით გავლენას გარემოზე, ტყეების მდგომარეობასა და აღდგენაზე;

ვ) გაუფრთხილდეს ტყეს, დაიცვას მისი რესურსები და ბუნებრივი თვისებები;

ზ) დაიცვას ტყითსარგებლობის უსაფრთხოების წესები;

თ) შეასრულოს ტყის სანიტარიული დაცვის წესები;

ი) შესაძლებლობის ფარგლებში აღკვეთოს და სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე და სამართალდამცავ ორგანოებს დაუყოვნებლივ აცნობოს უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტები;

კ) სრული მოცულობით შეასრულოს ტყითსარგებლობის დოკუმენტით განსაზღვრული სამუშაოები.

    მუხლი 63. ტყითმოსარგებლის უფლებების დაცვის გარანტიები

1. დაუშვებელია ტყითსარგებლობის დოკუმენტით ტყითმოსარგებლი-სათვის მინიჭებული უფლების უკანონო ხელყოფა.

2. ტყითმოსარგებლის უფლების უკანონო შეზღუდვის, შეჩერების და შეწყვეტის შემთხვევაში ეს უფლება უნდა აღდგეს, ხოლო მისთვის მიყენებული ზიანი უნდა ანაზღაურდეს.

3. სახელმწიფო და საზოგადოებრივი საჭიროების გამო ტყითსარგებლობის უფლების შეწყვეტის შემთხვევაში ტყითმოსარგებლეს მიყენებული ზიანი უნაზღაურდება შესაბამისი ბიუჯეტიდან.

4. ტყითსარგებლობის უფლების შეზღუდვა, შეჩერება და შეწყვეტა დაიშვება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

    მუხლი 64. ტყითსარგებლობის უფლების შეზღუდვისა და შეჩერების საფუძვლები

ტყითსარგებლობის უფლება შეიძლება შეიზღუდოს ან შეჩერდეს, თუ:

ა) ტყითმოსარგებლე არღვევს გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნებს ან/და ტყითსარგებლობის დოკუმენტის პირობებს;

ბ) ტყის რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებული სამუშაოები საფრთხეს უქმნის ამ სამუშაოების განხორციელების ზონაში მომუშავე ან მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობას;

გ) ტყითმოსარგებლე არღვევს ტყითსარგებლობის სამუშაოთა განხორციელების უსაფრთხოების დადგენილ წესებს;

დ) ტყითმოსარგებლე დადგენილ ვადაში არ იხდის ტყითსარგებლობასთან დაკავშირებულ გადასახადებს;

ე) შეიქმნა საგანგებო მდგომარეობა.

    მუხლი 65. ტყითსარგებლობის უფლების შეზღუდვისა და შეჩერების წესი

1. გადაწყვეტილებას ტყითსარგებლობის უფლების შეზღუდვისა და შეჩერების, აგრეთვე ამ უფლების აღდგენის შესახებ იღებს შესაბამისი ტყითსარგებლობის დოკუმენტის გამცემი ორგანო და წერილობით აცნობებს ტყითმოსარგებლეს.

2. სატყეო მეურნეობის ან დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მიერ მითითებულ ვადაში (არა უმეტეს 3 თვისა) ტყითსარგებლობის უფლების შეზღუდვისა და შეჩერების მიზეზების აღმოფხვრის შემთხვევაში ტყითმოსარგებლის უფლებები აღდგება სრული მოცულობით.

3. თუ ტყითსარგებლობის უფლების შეზღუდვის ან შეჩერების დღიდან 3 თვის განმავლობაში ტყითსარგებლობის უფლება არ იქნება აღდგენილი, დგება ტყითსარგებლობის უფლების შეწყვეტის საკითხი.

4. ტყითსარგებლობის უფლების შეზღუდვის და შეჩერების შემთხვევაში წარმოშობილ დავას წყვეტს სასამართლო.

    მუხლი 66. ტყითსარგებლობის უფლების შეწყვეტის საფუძვლები

ტყითსარგებლობის უფლება წყდება შემდეგი საფუძვლების არსებობისას:

ა) ტყითსარგებლობის დოკუმენტით გათვალისწინებული პირობების დარღვევა ან დადგენილი ვადის გასვლა;

ბ) ტყითსარგებლობის უფლების მქონე პირის ინიციატივა;

გ) ტყითმოსარგებლის მიერ ლიცენზიით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამეწარმეო საქმიანობის ხანგრძლივი ვადით (ერთი და მეტი წლით) შეჩერება, რამაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ტყის ფონდს;

დ) გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევა, აგრეთვე ტყითსარგებლობის დოკუმენტით გათვალისწინებული და ტყითსარგებლობის შემდგომი გაგრძელების გამომრიცხავი პირობების შექმნა;

ე) ტენდერის ან აუქციონის პირობების უხეში დარღვევა, აგრეთვე ტყითსარგებლობის დოკუმენტის პირობების უკანონო ლიბერალიზაციისა და გადასახადის შემცირების მიზნით გარიგების ფაქტის დადგენა;

ვ) იმ საწარმოს ლიკვიდაცია, რომელზედაც გაცემული იყო ტყითსარგებლობის დოკუმენტი;

ზ) სასამართლოს მიერ იმ ფიზიკური პირის ქმედუუნაროდ ან გარდაცვლილად აღიარება, ვისზედაც გაცემული იყო ტყითსარგებლობის დოკუმენტი;

თ) ტყითსარგებლობის დოკუმენტით გათვალისწინებული გადასახადებისა და მოსაკრებლების გადაუხდელობა ან გადახდაზე უარის თქმა.

    მუხლი 67. ტყითსარგებლობის უფლების შეწყვეტის წესი

1. ამ კოდექსის 66-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოტივირებული და არგუმენტირებული საფუძვლის არსებობისას, ტყითსარგებლობის უფლების შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ტყითსარგებლობის დოკუმენტის გამცემი ან მისი ზემდგომი ორგანო.

2. შესაბამისი ტყითსარგებლობის დოკუმენტის გამცემი ორგანო ტყითსარგებლობის უფლების შეწყვეტის შესახებ ტყითმოსარგებლეს წინასწარ აცნობებს წერილობით და უდგენს ვადას მისი პოზიციების (ინტერესების) დასაცავად.

3. ტყითსარგებლობა წყდება შესაბამისი ტყითსარგებლობის დოკუმენტის გამცემი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისა და ამის შესახებ ტყითმოსარგებლის წერილობით ინფორმირებისთანავე.

4. ტყითსარგებლობის უფლების მქონე პირის ინიციატივით ტყითსარგებლობა წყდება შესაბამისი ტყითსარგებლობის დოკუმენტის გამცემი ორგანოს წერილობით ინფორმირებიდან ერთ თვეში.

5. ტყითსარგებლობის უფლების შეწყვეტის შემთხვევაში წარმოშობილ დავას წყვეტს სასამართლო.

თავი XV. ხე-ტყის დამზადება

    მუხლი 68. ხე-ტყის დამზადება

1. საქართველოს ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხე-ტყის დამზადების მიზნით ხორციელდება მთავარი სარგებლობისა და გავლითი ჭრები, თუ უზრუნველყოფილია მერქნის თანაბარი და უწყვეტი მოპოვების პირობები ტყის სასარგებლო ბუნებრივი თვისებებისათვის ზიანის მიუყენებლად.

2. ხე-ტყის დამზადება შეიძლება განხორციელდეს, აგრეთვე გაწმენდითი, გამოხშირვითი, სარეკონსტრუქციო, სანიტარიული და სპეციალური ჭრებით.

3. მთავარი სარგებლობის ჭრა ხორციელდება მწიფე და მწიფეზე უხნეს კორომებში.

4. გაწმენდითი, გამოხშირვითი, სარეკონსტრუქციო, სანიტარიული და გავლითი ჭრები ხორციელდება შესაბამისად ამ კოდექსის 101 -105-ე მუხლებით განსაზღვრულ კორომებში.

5. სპეციალური ჭრა ხორციელდება აუცილებლობის შემთხვევაში, სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობისა და მიჩენილი უბნის გამოყოფის მიზნის განსახორციელებლად, აგრეთვე მოსახლეობის საწვავი შეშით უზრუნველსაყოფად.

6. საქართველოს ტყეებში ხე-ტყის დამზადება ხორციელდება 35 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე.

7. დებულებას „სპეციალური ჭრისა და მისი განხორციელების წესის შესახებ” შეიმუშავებს და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტი.

    მუხლი 69. სახელმწიფო ტყის ფონდის 30-დან 35 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე ტყითსარგებლობის განხორციელების სპეციალური მოთხოვნები

1. სახელმწიფო ტყის ფონდის 30-დან 35 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე ხე-ტყის დამზადება დაიშვება მხოლოდ:

ა) წინასწარი სპეციალური გამოკვლევის შემდეგ;

ბ) საბაგირო და საჰაერო ტრანსპორტის გამოყენებით, ხოლო მოვლითი ჭრების განხორციელება აგრეთვე ცოცხალი გამწევი ძალით;

გ) ხე-ტყის დამზადების პარალელურად ტყის აღდგენის ღონისძიებების განხორციელების შემთხვევაში.

2. სახელმწიფო ტყის ფონდის 30-დან 35 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე ხე-ტყის დამზადების სხვა აუცილებელი მოთხოვნები დგინდება ტყეთმოწყობის მასალების საფუძველზე და სავალდებულოა შესასრულებლად.

    მუხლი 70. მთავარი სარგებლობის ჭრა

1. მთავარი სარგებლობის ჭრა ხორციელდება მერქნის მიღების მიზნით მხოლოდ ნიადაგდაცვით და წყალმარეგულირებელ ტყეებში, ჭალის ტყეების გარდა.

2. მთავარი სარგებლობის ჭრის სახეებია:

ა) პირწმინდა ჭრა;

ბ) თანდათანობითი ჭრა;

გ) ჯგუფურ-ამორჩევითი ჭრა;

დ) ნებით-ამორჩევითი ჭრა.

3. პირწმინდა ჭრა არის ტყის განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე არსებული ხეების რბილმერქნიან სახეობათა ერთდროული (პირწმინდა) მოჭრა, გარდა 20 წლამდე ასაკის მოზარდი ხეებისა და ხორციელდება მხოლოდ ვაკე რელიეფის, ნოლიდან 5 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე.

4. თანდათანობითი ჭრა არის ტყის განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე ჭრების განხორციელება ხანგრძლივი პერიოდის (30-40 წლის) განმავლობაში და გულისხმობს ამ პერიოდში ტყის საბურველის თანდათანობით და თანაბრად შეთხელებას. თანდათანობითი ჭრა ხორციელდება 20 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე.

5. ჯგუფურ-ამორჩევითი ჭრა არის ტყის განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე ხანგრძლივი პერიოდის (20-40 წლის) განმავლობაში ამ უბნის ცალკეულ მცირე მონაკვეთებზე პირწმინდა ჭრა.

6. ჯგუფურ-ამორჩევითი ჭრის განსახორციელებლად მცირე მონაკვეთების შერჩევის და მათი გაფართოების ძირითადი პრინციპია ტყის განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე მათი თანაბარი განაწილება და ტყის ბუნებრივი განახლებისათვის მაქსიმალური ხელშეწყობა. ჯგუფურ-ამორჩევითი ჭრა ხორციელდება 20 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე.

7. ნებით-ამორჩევითი ჭრა არის ტყის განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე არსებული მწიფე და მწიფეზე უხნესი, აგრეთვე სატყეო-სამეურნეო თვალსაზრისით მიზანშეწონილი სხვა ხეების თანდათანობით და მთელ უბანზე გადაანგარიშებით თანაბარი ჭრა.

    მუხლი 71. ტყის სიმწიფისა და ჭრის ოპტიმალური ხნოვანების დადგენა

მთავარი სარგებლობის ჭრების განსახორციელებლად ტყის შემქმნელი ხეების ძირითად მერქნიან სახეობათა მიხედვით ბიოლოგიურ, რაოდენობრივ, ტექნიკურ და სხვა სახის სიმწიფესა და ჭრის ოპტიმალურ ხნოვანებას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტი.

    მუხლი 72. საანგარიშო ტყეკაფი

1. სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტი, ტყეთმოწყობის მასალების საფუძველზე, მისი ტერიტორიული ორგანოების სამოქმედო ტერიტორიების მიხედვით, გრძელვადიანი ტყითსარგებლობის მიზნით ადგენს მთავარი სარგებლობის ჭრებით ხე-ტყის დამზადების ყოველწლიურ შესაძლო ოპტიმალურ ოდენობას (შემდგომ - საანგარიშო ტყეკაფი).

2. საანგარიშო ტყეკაფს ადგენს და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტი.

3. საანგარიშო ტყეკაფის გაზრდა ან შემცირება დაიშვება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით ტყეთმოწყობის მასალების, ტყეების დაცვის რეჟიმის, კატეგორიების და სხვა ისეთი პირობების შეცვლისას, რომლებიც გავლენას ახდენს ტყეების მდგომარეობაზე და შესაბამისად - ტყეთმოწყობის მასალებზე.

    მუხლი 73. ტყეკაფი და მისი ტყითმოსარგებლისთვის გადაცემა

1. ტყეკაფი გამოიყოფა და ტყითმოსარგებლეს გადაეცემა ერთ წლამდე ვადით ტყითსარგებლობისათვის.

2. ტყეკაფის ოდენობის გადამეტებით ჭრა დაიშვება მხოლოდ წინა წელს აუთვისებელი ტყეკაფის ხარჯზე.

3. ტყითმოსარგებლეს ტყეკაფი გადაეცემა ტყითსარგებლობის დოკუმენტის საფუძველზე ხე-ტყის ზეზეურად გაცემის წესით შესაბამისად ამ კოდექსის მე-15 და მე-16 მუხლებით უფლებამოსილი ორგანოების ტერიტორიული ორგანოების მიერ.

4. ამ კოდექსის მე-15 და მე-16 მუხლებით უფლებამოსილ ორგანოებს უფლება აქვთ თავიანთ სამოქმედო ტერიტორიებზე ტყეკაფის გამოყოფის მიზნით გამოიყენონ ფიზიკური და იურიდიული პირების სახსრები მათთან შეთანხმების საფუძველზე.

5. ტყეკაფის გამოყოფის მიზნით კერძო დაფინანსების გამოყენების შემთხვევაში ინვესტორს (პრეტენდენტს) ტყითსარგებლობის ლიცენზიის გაცემის დროს თანაბარ პირობებში ენიჭება უპირატესობა.

6. თუ ინვესტორმა ვერ მიიღო ლიცენზია, მას ტყეკაფის გამოყოფის მიზნით გაწეული ხარჯი უნაზღაურდება ლიცენზიის მფლობელის მიერ.

    მუხლი 74. ტყითსარგებლობის წესები ხე-ტყის დამზადებისას

ხე-ტყის დამზადების მიზნით ტყითსარგებლობის განსახორციელებლად სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტი:

ა) გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით შეიმუშავებს და საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგენს დებულებას „მთავარი სარგებლობის ჭრის წესის შესახებ”;

ბ) გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით შეიმუშავებს და ამტკიცებს დებულებას „საანგარიშო ტყეკაფის დადგენის წესის შესახებ”;

გ) გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით შეიმუშავებს და ამტკიცებს დებულებას „ტყითსარგებლობის უფლების შეზღუდვის, შეჩერებისა და შეწყვეტის წესის შესახებ”;

დ) შეიმუშავებს და საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგენს დებულებას „ხე-ტყის ზეზეურად გაცემის წესის შესახებ”;

ე) შეიმუშავებს და ამტკიცებს დებულებას „ტყეკაფის გამოყოფის წესის შესახებ”.

თავი XVI. სატყეო პლანტაციური მეურნეობა

    მუხლი 75. სატყეო პლანტაციური მეურნეობა

1. სატყეო პლანტაციური მეურნეობა არის გრძელვადიანი ტყითსარგებლობა და გულისხმობს სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხე-ტყის სასურველი პროდუქტებისა და სხვა მცენარეული რესურსების ოპტიმალური ოდენობით მოპოვებას.

2. სატყეო პლანტაციური მეურნეობის მოსაწყობად მერქნიან მცენარეთა სახეობების შერჩევა ხდება ტყითსარგებლობის ხელშეკრულების საფუძველზე და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

3. სატყეო პლანტაციურ მეურნეობაში მიღებული რესურსებით სარგებლობა ხორციელდება ტყითსარგებლობის ხელშეკრულების შესაბამისად.

    მუხლი 76. ტყითსარგებლობის წესი სატყეო პლანტაციური მეურნეობის წარმოების მიზნით

სატყეო პლანტაციური მეურნეობის წარმოების წესს ადგენს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტი დებულებით „სატყეო პლანტაციური მეურნეობის წარმოების წესის შესახებ”.

თავი XVII. ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადება

    მუხლი 77. ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადება

1. ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადების წესი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ საქართველოს ტყის ფონდისა და მისი ბიომრავალფეროვნების დაცვის მოთხოვნებს.

2. ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადების მიზნით ტყითსარგებლობა ხორციელდება ტყეთმოწყობისა და გამოვლენილი რესურსების მარაგის შესაბამისად.

3. ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადება ხორციელდება გადამუშავების, მოსახლეობის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებისა და სხვა სამეწარმეო მიზნით ამ კოდექსისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

4. ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადება ხორციელდება „ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადების წესის შესახებ” დებულების შესაბამისად, რომელსაც შეიმუშავებს და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტი.

    მუხლი 78. ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სატყეო-სამეურნეო მიზნით სარგებლობა

ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობა სატყეო-სამეურნეო მიზნით სატყეო მეურნეობის ან დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების მიერ შეიძლება განხორციელდეს ტყითსარგებლობის დოკუმენტის გარეშე.

თავი XVIII. სახელმწიფო ტყის ფონდის არამერქნული რესურსებით სარგებლობა

    მუხლი 79. სახელმწიფო ტყის ფონდის არამერქნული რესურსებით სარგებლობა

1. სახელმწიფო ტყის ფონდის არამერქნული რესურსებით სარგებლობა ხორციელდება ტყეთმოწყობის მასალებისა და სპეციალური გამოკვლევებით გამოვლენილი რესურსების საფუძველზე.

2. სახელმწიფო ტყის ფონდის არამერქნული რესურსების დამზადების წესი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ტყის ფონდისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობას.

3. სახელმწიფო ტყის ფონდის არამერქნული რესურსებით სარგებლობა ხორციელდება „სახელმწიფო ტყის ფონდის არამერქნული რესურსებით სარგებლობის წესის შესახებ” დებულების შესაბამისად, რომელსაც სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტთან შეთანხმებით შეიმუშავებს და ამტკიცებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.

თავი XIX. სახელმწიფო ტყის ფონდით სასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობა

    მუხლი 80. სახელმწიფო ტყის ფონდის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებით სარგებლობა

სახელმწიფო ტყის ფონდის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებით სარგებლობის ნებართვის გაცემა წესრიგდება ამ კოდექსით, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” საქართველოს კანონით და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 2 აგვისტოს №446 ბრძანებულებით.

    მუხლი 81. სახელმწიფო ტყითა და სახელმწიფო ტყის ფონდის სატყეო, სპეციალური დანიშნულებისა და გამოუყენებელი მიწებით სასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობა

1. სახელმწიფო ტყითა და სახელმწიფო ტყის ფონდის სატყეო, სპეციალური დანიშნულებისა და გამოუყენებელი მიწებით სასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობა გულისხმობს მათ გამოყენებას სათიბად, საძოვრად, სახნავად, მრავალწლიანი ნაყოფის მომცემი ნარგავების გასაშენებლად, პირუტყვის დროებითი სადგომებისა და სხვათა მოსაწყობად.

2. სახელმწიფო ტყისა და სახელმწიფო ტყის ფონდის სატყეო, სპეციალური დანიშნულებისა და გამოუყენებელი მიწებით სასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობისათვის ტყითსარგებლობის დოკუმენტს, ტყეთმოწყობის მასალების საფუძველზე და ამ კოდექსის 56-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით გასცემენ შესაბამისად ამ კოდექსის მე-15 და მე-16 მუხლებით უფლებამოსილი ორგანოები ან მათი საქვეუწყებო დაწესებულებები.

3. სახელმწიფო ტყისა და სახელმწიფო ტყის ფონდის სატყეო, სპეციალური დანიშნულებისა და გამოუყენებელი მიწებით სასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობისათვის ტყითსარგებლობის ბილეთი გაიცემა უპირატესად ადგილობრივ მოსახლეობაზე.

თავი XX. სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური მიზნით სარგებლობა

    მუხლი 82. სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური მიზნით სარგებლობის უფლების გაცემა

1. ტყითმოსარგებლე სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური მიზნით სარგებლობის უფლებას ახორციელებს ტყითსარგებლობის ხელშეკრულების შესაბამისად იმ ფორმებითა და მეთოდებით, რომლებიც ყველაზე ნაკლებ ზიანს აყენებს სახელმწიფო ტყის ფონდს.

2. სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური მიზნით სარგებლობის ხელშეკრულების მფლობელი ანაზღაურებს სახელმწიფო ტყის ფონდის გამოყენებული და დაზიანებული რესურსების ღირებულებას.

3. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური მიზნით სარგებლობის წესს, ამ კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად და ტყითმოსარგებლის ინტერესების გათვალისწინებით, ადგენს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტი.

თავი XXI. სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნით ტყითსარგებლობა

    მუხლი 83. სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნით ტყითსარგებლობა

1. საქართველოს ტყის ფონდი შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნით ტყითსარგებლობისათვის.

2. სამეცნიერო-კვლევით და სასწავლო დაწესებულებას სახელმწიფო შეკვეთების განხორციელების მიზნით სახელმწიფო ტყის ფონდით სარგებლობის უფლება ენიჭება ტენდერის გარეშე.

3. სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნით ტყითსარგებლობის დოკუმენტის გაცემისას ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ დაწესებულებებს შორის პრივილეგია ენიჭება იმ დაწესებულებას, რომელიც აპირებს სახელმწიფო ტყის ფონდის რესურსების კვლევასა და შესწავლას.

    მუხლი 84. სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნით ტყითსარგებლობის განხორციელება

1. ტყის კვლევისა და შესწავლის მიზნით ტყითმოსარგებლე სახელმწიფო დაწესებულებას უფლება აქვს უფასოდ ისარგებლოს სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე სახელმწიფო ორგანოებში არსებული და მისთვის აუცილებელი ნებისმიერი ინფორმაციით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევების გარდა.

2. ტყის კვლევისა და შესწავლის მიზნით ტყითმოსარგებლე სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება ვალდებულია სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტს უსასყიდლოდ მიაწოდოს სახელმწიფო ტყის ფონდისა და მისი მდგომარეობის შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაცია ამ კოდექსის მე-8 თავით დადგენილი წესების შესაბამისად.

3. სამეცნიერო-კვლევით და სასწავლო დაწესებულებაზე, რომელიც ტყის კვლევისა და შესწავლის მიზნით სარგებლობს სახელმწიფო ტყის ფონდითა და მისი რესურსებით, ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეღავათები.

4. სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ისეთი სამეცნიერო-კვლევითი ღონისძიების ან დაკვირვების განხორციელება, რომელიც გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ტყის ფონდსა და მის რესურსებზე, უფასოა და სპეციალურ ნებართვას არ საჭიროებს.

5. ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ინფორმაცია, რომელიც მოპოვებულია ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სახსრებით, არის ამ პირის საკუთრება და ქვეყნდება მესაკუთრესთან შეთანხმებით.

6. სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო ღონისძიებების განხორციელების ზოგადი წესი განისაზღვრება დებულებით „სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო ღონისძიებების განხორციელების ზოგადი წესის შესახებ”, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტი.

თავი XXII. სახელმწიფო ტყის ფონდით საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით სარგებლობა

    მუხლი 85. სახელმწიფო ტყის ფონდით საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით სარგებლობა

1. სახელმწიფო ტყის ფონდი შეიძლება გამოყენებულ იქნეს საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით, აგრეთვე ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებისა და მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებლის მიღების უზრუნველსაყოფად.

2. საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით შენობა-ნაგებობებისა და დამხმარე სათავსების აშენება, მოწყობილობებისა და სპორტული ინვენტარის დამონტაჟება და სხვა სამუშაოების დაგეგმვა და შესრულება ხორციელდება შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე.

თავი XXIII. სამონადირეო მეურნეობის მოწყობა

    მუხლი 86. სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე სამონადირეო სავარგულის შერჩევა

1. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარდა, ამ კოდექსის მე-15 და მე-16 მუხლებით უფლებამოსილ ორგანოებსა და იურიდიულ პირებს უფლება აქვთ სამონადირეო სავარგულის შესარჩევად აღრიცხონ ცხოველთა სამყაროს ობიექტები თავიანთი სამოქმედო ტერიტორიების იმ ფართობებზე ან მათ ცალკეულ ნაწილებზე, სადაც იგი არ ჩატარებულა „ცხოველთა სამყაროს შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნათა შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული მიზნით შეიძლება გამოყენებულ იქნეს სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტების სახსრები ან კერძო დაფინანსება.

3. ცხოველთა სამყაროს ობიექტების აღრიცხვისათვის კერძო დაფინანსების გამოყენების შემთხვევაში:

ა) ინვესტორს (პრეტენდენტს) ენიჭება უპირატესობა „ცხოველთა სამყაროს შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე და 46-ე მუხლებით განსაზღვრული ლიცენზიების გაცემის დროს;

ბ) თუ ინვესტორმა ვერ მიიღო ლიცენზია, მას ცხოველთა სამყაროს ობიექტების აღრიცხვაზე გაწეულ ხარჯს უნაზღაურებს ლიცენზიის მფლობელი.

4. ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ჩატარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების აღრიცხვის მასალები ჩაითვლება „ცხოველთა სამყაროს შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე და 46-ე მუხლებით განსაზღვრული ლიცენზიების გაცემის და 28-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დებულებისა და ბრძანების საფუძვლად.

5. დებულებას „სახელმწიფო ტყის ფონდის განსაზღვრულ ტერიტორიაზე ცხოველთა სამყაროს ობიექტების აღრიცხვის მეთოდებისა და წესის შესახებ” შეიმუშავებს და სატყეო მეურნეობის და დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტებთან შეთანხმებით ამტკიცებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.

    მუხლი 87. ტყითსარგებლობის ხელშეკრულება სამონადირეო მეურნეობის მოწყობისა და მართვის შესახებ

ტყითსარგებლობის ხელშეკრულება სამონადირეო მეურნეობის მოწყობისა და მართვის შესახებ იდება „ცხოველთა სამყაროს შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე და 46-ე მუხლებით განსაზღვრული ლიცენზიების საფუძველზე ამ კოდექსის მე-15 ან მე-16 მუხლით უფლებამოსილ შესაბამის ორგანოსა და ლიცენზიების მფლობელს შორის ლიცენზიის მოქმედების ვადით და ითვალისწინებს:

ა) სამონადირეო მეურნეობის წარმართვას ლიცენზიით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში და ისე, რომ სახელმწიფო ტყის ფონდს ზიანი არ მიადგეს;

ბ) სამონადირეო მეურნეობის ტერიტორიაზე ცხოველთა დაცვას ლიცენზიის მფლობელის ხარჯებით.

თავი XXIV. მოსახლეობის ტყეში ყოფნა

    მუხლი 88. მოსახლეობის ტყეში ყოფნა

1. მოსახლეობის ტყეში ყოფნა ტყითსარგებლობად არ ითვლება.

2. ყველას აქვს უფლება ისარგებლოს ტყის ბუნებრივი გარემოთი.

3. მოსახლეობას უფლება აქვს:

ა) იმყოფებოდეს და თავისუფლად გადაადგილდეს ტყეში, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი;

ბ) პირადი მოხმარების მიზნით შეაგროვოს ტყის არამერქნული რესურსები და ხის მეორეხარისხოვანი მასალები;

გ) ტყის ბუნებრივი თვისებები გამოიყენოს დასვენების, ტურიზმისა და ესთეტიკურ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების მიზნით.

4. მოსახლეობა ვალდებულია:

ა) გაუფრთხილდეს ტყეს და დაიცვას მისი სიმდიდრე;

ბ) დაიცვას ტყეში სახანძრო უსაფრთხოების წესები, არ დაუშვას ხეებისა და ბუჩქნარების მტვრევა და გაჩეხვა, ტყის კულტურების დაზიანება, ტყის დანაგვიანება და სხვა ისეთი ქმედება, რომელიც ზიანს აყენებს ბუნებრივ გარემოს.

5. მოსახლეობის ტყეში ყოფნა, მის მიერ ტყის არამერქნული რესურსების შეგროვება და სახელმწიფო ტყის ფონდთან დაკავშირებული მისი სხვა უფლებები შეიძლება შეიზღუდოს შესაბამისად ამ კოდექსის მე-15 და მე-16 მუხლებით უფლებამოსილი ორგანოების, აგრეთვე მათი ტერიტორიული ორგანოების მიერ ამ კოდექსით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

 

თავი XXV. ტყითსარგებლობის ზოგიერთი თავისებურება

    მუხლი 89. ტყითსარგებლობის თავისებურება სახელმწიფო სასაზღვრო ზოლში

ტყითსარგებლობა სახელმწიფო სასაზღვრო ზოლში ხორციელდება ამ კოდექსის და „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.

    მუხლი 90. ტყითსარგებლობა წყალდაცვით ზოლში

ტყითსარგებლობა წყალდაცვით ზოლში ხორციელდება „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს საზღვაო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

თავი XXVI. ტყითსარგებლობის გადასახადები და მოსაკრებლები

    მუხლი 91. ტყითსარგებლობის გადასახადები და მოსაკრებლები

1. ტყითსარგებლობა ფასიანია.

2. ტყითსარგებლობისთვის გადახდილი უნდა იქნეს:

ა) ბუნებრივი რესურსების სანიხრე გადასახადი;

ბ) ტყითსარგებლობის ნებართვის მისაღებად აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადებისათვის, მათ შორის, ტყეკაფის გამოყოფისათვის აუცილებელი ხარჯები;

გ) საორგანიზაციო ღონისძიებათა ხარჯები, რომლებსაც იხდის ტყითსარგებლობის ლიცენზიის გაცემის ან ხელშეკრულების დადების მიზნით ჩატარებულ ტენდერში და აუქციონში მონაწილე ყველა პრეტენდენტი;

დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ხარჯები.

3. დებულებას „ტყითსარგებლობის სანებართვო დოკუმენტის გაცემისათვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადების, მათ შორის, ტყეკაფის გამოყოფისათვის საჭირო თანხების და მათი გადახდის წესის შესახებ“ შეიმუშავებს და ფინანსთა და ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის  სამინისტროებთან შეთანხმებით ამტკიცებს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტი.

    მუხლი 92. ტყითსარგებლობისა და ტყის რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებული გადასახადებისა და მოსაკრებლებისგან გათავისუფლება

1. ტყითსარგებლობა უფასოა:

ა) ამ კოდექსის მე-15 და მე-16 მუხლებით უფლებამოსილი ორგანოებისა და მათი ტერიტორიული ორგანოების მიერ ამ კოდექსის 78-ე მუხლითა და 106-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისას;

ბ) სახელმწიფო შეკვეთით სამეცნიერო და სასწავლო მიზნით ტყითსარგებლობისას;

გ) მოსახლეობის მიერ ტყეში პირადი მოხმარებისათვის (არასამეწარმეო მიზნით) ფიჩხის, ველური ხილის, კენკრის, კაკლოვანთა, სოკოს, სამკურნალო მცენარეთა შეგროვებისას;

დ) ტყის დაცვის მუშაკთა მიერ ტყის რესურსების არასამეწარმეო მიზნით, პირადი მეურნეობისათვის მოხმარებისას.

თავი XXVII. ხე-ტყის კანონიერად დამზადების დამადასტურებელი დოკუმენტი

    მუხლი 93. ხე-ტყის კანონიერად დამზადების დამადასტურებელი დოკუმენტი

1. სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ამ კოდექსის მოთხოვნათა დაცვით დამზადებული ხე-ტყის ტყიდან ტრანსპორტირებისთვის თითოეულ სატრანსპორტო საშუალებაზე გაიცემა ხე-ტყის კანონიერად დამზადების დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. ხე-ტყის კანონიერად დამზადების დამადასტურებელი დოკუმენტი გაიცემა შესაბამისად სატყეო მეურნეობის ან დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს, ხოლო ადგილობრივი ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხე-ტყის დამზადების შემთხვევაში - ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების შესაბამისი სამსახურის უფლებამოსილი ტყის დაცვის მუშაკის მიერ და არის ხე-ტყის საკუთრების დამადასტურებელი ერთადერთი და საკმარისი დოკუმენტი.

3. აკრძალულია ხე-ტყის კანონიერად დამზადების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე ხე-ტყის პირველადი გადამუშავება და ხე-ტყისა და პირველადი გადამუშავების პროდუქტების ტრანსპორტირება და რეალიზაცია. ხე-ტყის კანონიერად დამზადების დამადასტურებელი დოკუმენტი მოთხოვნის შემთხვევაში წარედგინება საქართველოს კანონმდებლობით უფლებამოსილ პირს.

4. ხე-ტყის კანონიერად დამზადების დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმა და გაცემის წესი განისაზღვრება დებულებით „ხე-ტყის კანონიერად დამზადების დამადასტურებელი დოკუმენტისა და მისი გაცემის წესის შესახებ", რომელსაც შეიმუშავებს და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტი.

    მუხლი 94. ტყის ნებაყოფლობითი სერტიფიცირება

1. დასაშვებია ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ ტყის, მისი რესურსებისა და საქართველოს ტყის ფონდის მართვის ღონისძიებების ნებაყოფლობითი სერტიფიცირება.

2. ტყის ნებაყოფლობითი სერტიფიცირების წესი განისაზღვრება საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

კარი V. ტყის აღდგენა და მოვლა

თავი XXVIII. ტყის აღდგენა

    მუხლი 95. საქართველოს ტყის ფონდის აღდგენა და მისი მიზანი

1. საქართველოს ტყის ფონდის აღდგენა არის სატყეო-სამეურნეო ღონისძიებათა მრავალწლიანი ციკლი, რომლის მიზანია ტყის ფონდის ტყით დაუფარავ ფართობებზე და დაბალი სიხშირის კორომებში ტყის აღდგენა და გაშენება.

2. სახელმწიფო ტყის ფონდის აღდგენის ღონისძიებებს, არსებული საშუალებების გათვალისწინებით, ტყეთმოწყობის მასალებისა და სხვა სპეციალური გამოკვლევების საფუძველზე ყოველწლიურად გეგმავენ შესაბამისად ამ კოდექსის მე-15 და მე-16 მუხლებით უფლებამოსილი ორგანოები შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს წინადადებების საფუძველზე.

3. საქართველოს ტყის ფონდის აღდგენისა და გაშენების ღონისძიებები ხორციელდება ისეთი ფორმებითა და მეთოდებით, რომლებიც ზიანს არ აყენებს გარემოს.

4. ტყის აღდგენის ღონისძიებებია:

ა) ქვეტყის გამოხშირვა ან მთლიანად მოცილება, ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის მიზნით ჭრაგავლილი უბნების, ტყისპირისა და სუბალპური მეჩხერი ტყეების მოვლა, დაცვა და გაწმენდა, დარგვა, თესვა;

ბ) ღონისძიებები, რომელთა მიზანია მეჩხერი ტყეების სახეობრივი შემადგენლობის, ხნოვანებითი სტრუქტურის, ხარისხის, პროდუქტიულობის, დაცვითი და სხვა სასარგებლო ფუნქციების გაუმჯობესება.

    მუხლი 96. ტყის აღდგენისა და გაშენების დაგეგმვა და განხორციელება

1. ტყის აღდგენისა და გაშენების ღონისძიებები იგეგმება და მათი განხორციელების ფორმები დგინდება ტყეთმოწყობის მასალებისა და სხვა სპეციალური გამოკვლევების საფუძველზე, გარემოს დაცვის მოთხოვნების შესაბამისად.

2. ტყის აღდგენისა და გაშენების მიზნით შეიძლება შემუშავებულ იქნეს სპეციალური სახელმწიფო პროგრამები.

3. ტყის აღდგენისა და გაშენების ღონისძიებებს ახორციელებენ შესაბამისად ამ კოდექსის მე-15 და მე-16 მუხლებით უფლებამოსილი ორგანოები, აგრეთვე მათი ტერიტორიული ორგანოები, ასევე მათთან შეთანხმებით ფიზიკური და იურიდიული პირები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ტყის აღდგენის პროექტს ამტკიცებს და მის განხორციელებას აკონტროლებს შესაბამისად სატყეო მეურნეობის ან დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტი.

5. დებულებას „სახელმწიფო ტყის ფონდის აღდგენისა და გაშენების შესახებ“ შეიმუშავებს და დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტთან შეთანხმებით ამტკიცებს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტი.

6. დებულებას „სახელმწიფო ტყის ფონდის აღდგენისა და გაშენების მიზნით მცენარეთა სახეობების შერჩევისა და მათი გამოყენების წესის შესახებ” შეიმუშავებს და ამტკიცებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.

თავი XXIX. ტყის მოვლა

    მუხლი 97. ტყის მოვლა და მისი მიზანი

1. ტყის მოვლა არის ღონისძიებათა სისტემა, რომლის მიზანია ტყის მდგრადი, მაღალპროდუქტიული კორომების ჩამოყალიბება, მისი ბუნებრივი სასარგებლო თვისებებისა და სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესება, ხე-ტყის დამზადებისათვის კორომის მომზადება, ტექნიკური სიმწიფის ხნოვანების შემცირება და სხვა.

2. ტყის მოვლის ღონისძიებები იგეგმება ტყეთმოწყობის მასალებისა და სპეციალური გამოკვლევების საფუძველზე.

3. სახელმწიფო ტყის ფონდის მოვლის ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაზე პასუხს აგებენ შესაბამისად სატყეო მეურნეობის ან დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტი.

4. ტყის მოვლის ღონისძიებებს ახორციელებენ შესაბამისად ამ კოდექსის მე-15 და მე-16 მუხლებით უფლებამოსილი ორგანოები, აგრეთვე მათი ტერიტორიული ორგანოები, ასევე მათთან შეთანხმებით ფიზიკური და იურიდიული პირები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 98. ტყის სუბალპური ზოლის მოვლა და დაცვა

1. ტყის სუბალპურ ზოლში, ამ კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელებასთან ერთად, იკრძალება ყველა სახის ტყითსარგებლობა.

2. ტყის სუბალპური ზოლის მოვლის და დაცვის ღონისძიებებია:

ა) მავნებლებით დასახლებული ზეხმელი ხეების მოჭრა და ტყიდან გამოტანა;

ბ) ზვავებისა და ნიადაგის ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელება;

გ) განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში ტყის დაცვისა და აღდგენის სხვა ღონისძიებების განხორციელება.

თავი XXX. მოვლითი ჭრა

    მუხლი 99. მოვლითი ჭრის სახეები

კორომთა ხნოვანებისა და ფუნქციური დანიშნულების მიხედვით განისაზღვრება მოვლითი ჭრის შემდეგი სახეები:

ა) განათებითი;

ბ) გაწმენდითი;

გ) გამოხშირვითი;

დ) გავლითი;

ე) სანიტარიული;

ვ) სარეკონსტრუქციო.

    მუხლი 100. განათებითი ჭრა

განათებითი ჭრა ხორციელდება 10 წლამდე ხნოვანების 0,7 და მეტი სიხშირის კორომებში და გულისხმობს ტყის განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე ბალახის საფრისა და ქვეტყის მოცილებას და ტყიდან გამოტანას მცენარეთა ზრდის პირობების გაუმჯობესების მიზნით.

    მუხლი 101. გაწმენდითი ჭრა

გაწმენდითი ჭრა ხორციელდება 20 წლამდე ხნოვანების 0,7 და მეტი სიხშირის შერეულ კორომებში და გულისხმობს იაფფასიანი და განსაზღვრული ადგილისათვის ნაკლებად ღირებული სახეობის ხეების მოჭრას და ტყიდან გამოტანას ძვირფასი და ამ ადგილისათვის დამახასიათებელი სახეობის ხეებისათვის ზრდის პირობების გაუმჯობესებისა და მათი თანაბარი განაწილების უზრუნველყოფის მიზნით.

    მუხლი 102. გამოხშირვითი ჭრა

გამოხშირვითი ჭრა ხორციელდება 60 წლამდე (სახეობრივი შემადგენლობის მიხედვით) ხნოვანების 0,7 და მეტი სიხშირის კორომებში და გულისხმობს განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე ზრდაში ჩამორჩენილი, მრუდღეროიანი და დაზიანებული ხეების მოჭრას დანარჩენი ხეების ღეროებისა და ვარჯების სასურველი ფორმის მისაღებად აუცილებელი პირობების შექმნის მიზნით.

    მუხლი 103. გავლითი ჭრა

1. გავლითი ჭრა ხორციელდება 61 წლის და მეტი ხნოვანების 0,7 და მეტი სიხშირის კორომებში და გულისხმობს განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე გადაბერებული, დაზიანებული, მრუდღეროიანი და ჭრისათვის მიზანშეწონილი სხვა ხეების მოჭრას დანარჩენი ხეებისათვის მერქნის შემატების პირობების გაუმჯობესების მიზნით.

2. გავლითი ჭრა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გარანტირებულია ჭრის შედეგად მიღებული პროდუქციის რეალიზაცია.

    მუხლი 104. სანიტარიული ჭრა

1. სანიტარიული ჭრა ხორციელდება 0,4-ზე მეტი სიხშირის კორომებში მათი სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების აუცილებლობის შემთხვევაში და გულისხმობს განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე ზეხმელი, ხმელი, ხმობადი, ძლიერ ფაუტი (ფუტურო) და მავნებლებით ძლიერ დაზიანებული ხეების მოჭრას და ტყიდან გამოტანას, აგრეთვე სტიქიით მოთხრილი და მოტეხილი ხეების ტყიდან გამოტანას.

2. 0,4-მდე სიხშირის კორომებში სანიტარიული ჭრა დაიშვება მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის და სათანადო არგუმენტების არსებობის შემთხვევაში.

    მუხლი 105. სარეკონსტრუქციო ჭრა

სარეკონსტრუქციო ჭრა ხორციელდება იაფფასიანი და განსაზღვრული ადგილისათვის ნაკლებად ღირებული და დაბალი წარმადობის მერქნიანი სახეობის ხეების კორომებში მათი სახეობრივი და სტრუქტურული შემადგენლობის, აგრეთვე პროდუქტიულობის გაუმჯობესების მიზნით და იმ შემთხვევაში, თუ ჭრის შედეგად განთავისუფლებულ ფართობზე ტყის აღდგენა გარანტირებულია.

    მუხლი 106. მოვლითი ჭრების განხორციელება

1. განათებით ჭრას, თავიანთ სამოქმედო ტერიტორიებზე, ტყითსარგებლობის დოკუმენტის გარეშე ახორციელებენ სატყეო მეურნეობის და დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტების ტერიტორიული ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების შეაბამისი სამსახურები.

2. გაწმენდითი, გამოხშირვითი და სარეკონსტრუქციო ჭრები ხორციელდება ტყითმოსარგებლის მიერ ტყითსარგებლობის ბილეთის საფუძველზე, ხოლო ტყითმოსარგებლის არარსებობის შემთხვევაში – შესაბამისად სატყეო მეურნეობის და დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტების ტერიტორიული ორგანოების და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების სათანადო სამსახურების მიერ ამ მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებით.

3. გავლითი და სანიტარიული ჭრები ხორციელდება ტყითმოსარგებლის მიერ ტყითსარგებლობის დოკუმენტის საფუძველზე.

4. დაცულ ტერიტორიებზე, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ხორციელდება მხოლოდ სანიტარიული ჭრა, ხოლო განსაზღვრული ეკოსისტემისათვის დამახასიათებელი ბიომრავალფეროვნების მდგრადობისათვის საფრთხის არსებობის შემთხვევაში _ განათებითი, გაწმენდითი და გამოხშირვითი ჭრები.

5. დებულებას „მოვლითი ჭრის წესის შესახებ" შეიმუშავებს და დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტთან შეთანხმებით ამტკიცებს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტი.

თავი XXXI. სახელმწიფო ტყის მოვლის, დაცვისა და აღდგენის ღონისძიებების დაფინანსება

    მუხლი 107. სახელმწიფო ტყის მოვლის, დაცვისა და აღდგენის ღონისძიებების დაფინანსება

1. სახელმწიფო ტყის მოვლის, დაცვისა და აღდგენის ღონისძიებები ფინანსდება შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივი (ადგილობრივი ტყის ფონდი) ბიუჯეტებიდან. ამ მიზნით შეიძლება აგრეთვე გამოყენებულ იქნეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა თანხები.

2. სახელმწიფო ტყის მოვლის, დაცვისა და აღდგენის, აგრეთვე სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების ღონისძიებების დასაფინანსებლად აგრეთვე გამოიყენება:

ა) სახელმწიფო ტყის ფონდისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შედეგად მიღებული თანხები;

ბ) ამოღებული და ჩამორთმეული პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები.

კარი VI. საქართველოს ტყისა და ტყის კანონმდებლობის დაცვის სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა

თავი XXXII. საქართველოს ტყისა და ტყის კანონმდებლობის დაცვის სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა

    მუხლი 108. საქართველოს ტყისა და ტყის კანონმდებლობის დაცვის სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა

ტყეების მდგომარეობის, სახელმწიფო ტყის ფონდის მოვლის, დაცვის, აღდგენისა და გაშენების, აგრეთვე ტყითსარგებლობის სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას ახორციელებენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, სატყეო მეურნეობის და დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტები.

    მუხლი 109. ტყის დაცვის მუშაკის სტატუსი

1. ტყის დაცვის მუშაკი ატარებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სპეციალური ფორმის ტანსაცმელს შესაბამისი თანამდებობრივი განმასხვავებელი ნიშნებით.

2. ტყის დაცვის მუშაკს უფლება აქვს:

ა) აღკვეთოს და აიცილოს ამ კოდექსის მოთხოვნათა დარღვევები;

ბ) შეამოწმოს ფიზიკური და იურიდიული პირების ტყითსარგებლობის დოკუმენტები;

გ) შეადგინოს ოქმი საქართველოს ტყის კანონმდებლობის დარღვევების შესახებ;

დ) ტყის პროდუქტების მოპოვების კანონიერების დადგენის მიზნით გააჩეროს სატრანსპორტო საშუალებები და მოახდინოს მათი დათვალიერება;

ე) ხე-ტყის კანონიერად დამზადების დამადასტურებელი დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოახდინოს ხე-ტყისა და ტყის სხვა რესურსების ჩამორთმევა ტრანსპორტირების, შენახვისა და პირველადი გადამუშავების ადგილებზე;

ვ) შეაჩეროს, შეწყვიტოს და აკრძალოს ტყითმოსარგებლეთა სამეურნეო ან სხვა საქმიანობა, თუ იგი არ შეესაბამება ტყითსარგებლობის დოკუმენტს;

ზ) ატაროს სამსახურებრივი საშტატო იარაღი;

თ) თუ პირი სადაოდ არ ხდის მის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს, ნებაყოფლობით აანაზღაურებინოს სახელმწიფო ტყის ფონდისათვის მიყენებული ზიანი.

3. ტყის დაცვის მუშაკი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პასუხს აგებს:

ა) ტყის მდგომარეობასა და მის არადანიშნულებისამებრ გამოყენებაზე;

ბ) საქართველოს ტყის კანონმდებლობის დარღვევაზე.

    მუხლი 110. ტყის დაცვის მუშაკთა სტიმულირება

1. ტყის დაცვის მუშაკთა სტიმულირების ღონისძიებებია:

ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით „საქართველოს დამსახურებული მეტყევის“ წოდების მინიჭება;

ბ) ტყის დაცვის სფეროში 10 წლით და მეტი ვადით წარმატებით მუშაობისათვის სპეციალური სამკერდე ნიშნით დაჯილდოება.

2. დებულებას „საქართველოს დამსახურებული მეტყევის წოდების მინიჭების და სპეციალური სამკერდე ნიშნით დაჯილდოების წესის შესახებ“ შეიმუშავებს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტი და ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

კარი VII. დავების გადაწყვეტა ტყის მოვლის, დაცვის, აღდგენის, გაშენების და გამოყენების სფეროში და პასუხისმგებლობა ტყის კანონმდებლობის დარღვევისათვის

თავი XXXIII . დავების გადაწყვეტა ტყის მოვლის, დაცვის, აღდგენის, გაშენების და გამოყენების სფეროში

    მუხლი 111. დავების გადაწყვეტა ტყის მოვლის, დაცვის, აღდგენის, გაშენების და გამოყენების სფეროში

ტყის მოვლასთან, დაცვასთან, აღდგენასთან, გაშენებასა და გამოყენებასთან დაკავშირებული დავები წყდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი XXXIV. პასუხისმგებლობა საქართველოს ტყის კანონმდებლობის დარღვევისათვის

    მუხლი 112. პასუხისმგებლობა საქართველოს ტყის კოდექსის დარღვევისათვის

პასუხისმგებლობა საქართველოს ტყის კოდექსის დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 113. პასუხისმგებლობა საქართველოს ტყის კანონმდებლობის დარღვევის შედეგად გამოწვეული ზიანისათვის

1. ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებულნი არიან, ამ კოდექსის 114-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების დაცვასთან ერთად, სრულად აანაზღაურონ ტყის კანონმდებლობის დარღვევის შედეგად სახელმწიფო ტყის ფონდისათვის მიყენებული ზიანი ან, შესაძლებლობის შემთხვევაში, აღადგინონ დაზიანებამდე არსებული მდგომარეობა.

2. ამ კოდექსის და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით ტყითსარგებლობის შედეგად სახელმწიფო ტყის ფონდისათვის მიყენებული ზიანი გაიანგარიშება „უკანონო ტყითსარგებლობის შედეგად სახელმწიფო ტყის ფონდისათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშებისა და ანაზღაურების წესის შესახებ“ დებულების შესაბამისად, რომელსაც ფინანსთა და ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროებთან და სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტთან შეთანხმებით შეიმუშავებს და ამტკიცებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.

    მუხლი 114. საქართველოს ტყის კანონმდებლობის დარღვევით მოპოვებული მერქნის და ტყის სხვა რესურსების ამოღება

საქართველოს ტყის კანონმდებლობის დარღვევით მოპოვებული მერქანი და ტყის სხვა რესურსები ამოღებულ უნდა იქნეს, ან მათი ღირებულება უნდა ანაზღაურდეს დაზარალებული პირის სასარგებლოდ.

კარი VIII. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

თავი XXXV. გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 115. ამ კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულებანი

1. ამ კოდექსისა და სხვა კანონების სატყეო ურთიერთობების მომწესრიგებელ ნორმებს შორის კოლიზიის შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები.

2. სახელმწიფო ტყის ფონდით სარგებლობა, სახელმწიფო ტყის ფონდის კადასტრისა და ტყეთმოწყობის შესახებ ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნათა განხორციელებამდე, დაიშვება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შესაბამის რეგიონულ და ადგილობრივ ორგანოებთან შეთანხმებით სპეციალური გამოკვლევებით წინა პერიოდის ტყეთმოწყობის მასალების ყოველწლიური კორექტირების საფუძველზე.

3. ტყითსარგებლობა ყოფილ საკოლმეურნეო ტყეებსა და საბჭოთა მეურნეობების გამგებლობაში არსებულ ტყეებში, რომლებიც „საქართველოს რესპუბლიკის საკოლმეურნეობათაშორისო და მუნიციპალური ტყეების შესახებ” საქართველოს პარლამენტის 1995 წლის 7 მარტის დადგენილების საფუძველზე უნდა გადასცემოდა სატყეო მეურნეობის სახელმწიფო ორგანოებს, მაგრამ არ გადაეცა, ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

4. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიწის აღრიცხვისა და ტყეთმოწყობის დოკუმენტებში რეგისტრირებული ყოფილი საკოლმეურნეო ტყეებისა და საბჭოთა მეურნეობების გამგებლობაში არსებული ტყის ფონდის მიწების სატყეო მეურნეობის სახელმწიფო ორგანოებისათვის გადაცემის წესი და ვადები განისაზღვრება დებულებით „ყოფილი საკოლმეურნეო ტყეებისა და საბჭოთა მეურნეობების გამგებლობაში არსებული ტყის ფონდის მიწების სატყეო მეურნეობის სახელმწიფო ორგანოებისათვის გადაცემის წესის და ვადების შესახებ”, რომელსაც შეიმუშავებს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი და ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

5. აკრძალულია ყოფილი საკოლმეურნეო ტყეებისა და საბჭოთა მეურნეობების გამგებლობაში არსებული ტყის ფონდის მიწებზე კერძო საკუთრების უფლების დამადასტურებელი ნებისმიერი დოკუმენტის გაცემა.

6. ყოფილ საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობების გამგებლობაში არსებული ტყის ფონდის მოვლისა და დაცვის ღონისძიებების განხორციელება ევალება იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ახორციელებენ მათ მართვას (შესაბამისი სასოფლო-სამეურნეო ორგანოები).

7. ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყის ფონდის დაცვასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება საქართველოს კანონით „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“.

საქართველოს 2000 წლის 10 ნოემბრ ის კანონი № 596 - სსმ I, 43 , 01 . 12 .200 0 წ., მუხ. 123

    მუხლი 116. ამ კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები და გამოსაცემი ნორმატიული აქტები

ამ კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით:

ა) მიღებულ იქნეს საქართველოს კანონი „საქართველოს ტყეების განსახელმწიფოებრივების შესახებ”;

ბ) გამოცემულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის შემდეგი ბრძანებულებები:

ბ.ა) „ადგილობრივი ტყის ფონდის მართვის სფეროში ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების უფლებამოსილების, სახელმწიფო ტყის ფონდისაგან ადგილობრივი ტყის ფონდის გამიჯვნის წესის შესახებ”;

ბ.ბ) „სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის გამოყოფის და ამ უბნის ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის, მისი შეზღუდვის, შეჩერებისა და აკრძალვის წესის შესახებ”;

ბ.გ) „სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შესახებ“;

ბ.დ) „სახელმწიფო ტყისა და სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების საზღვრების დადგენისა და შეცვლის შესახებ“;

ბ.ე) „სახელმწიფო ტყის ფონდის აღრიცხვის სისტემის შესახებ“;

ბ.ვ) „მთავარი სარგებლობის ჭრის წესის შესახებ”;

ბ.ზ) „ხე-ტყის ზეზეურად გაცემის წესის შესახებ”;

ბ.თ) „ტყითსარგებლობის ლიცენზიის გაცემისა და ხელშეკრულების დადების მიზნით ტენდერისა და აუქციონის ჩატარების წესის შესახებ”;

ბ.ი) „საქართველოს დამსახურებული მეტყევის წოდების მინიჭების და სპეციალური სამკერდე ნიშნით დაჯილდოების წესის შესახებ”;

ბ.კ) „ყოფილი საკოლმეურნეო ტყეებისა და საბჭოთა მეურნეობების გამგებლობაში არსებული ტყის ფონდის მიწების სატყეო მეურნეობის სახელმწიფო ორგანოებისათვის გადაცემის წესის და ვადების შესახებ”;

ბ.ლ) „სახელმწიფო ტყის ფონდის დაცული ტერიტორიების აღრიცხვის სისტემის განსაკუთრებული მოთხოვნების შესახებ”;

გ) გამოცემულ იქნეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის შემდეგი ბრძანებები:

გ.ა) „ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის ტყის დაცვის მიზნით ბიოლოგიური და ქიმიური საშუალებების გამოყენების უფლების მინიჭების შესახებ”;

გ.ბ) „სახელმწიფო ტყის ფონდის განსაზღვრულ ტერიტორიაზე ცხოველთა სამყაროს ობიექტების აღრიცხვის მეთოდების და წესის შესახებ”;

გ.გ) „ტყის დაცვის მიზნით გამოსაყენებელი ბიოლოგიური, ქიმიური და სელექციური საშუალებების ნუსხის შესახებ“;

გ.დ) „სახელმწიფო ტყის ფონდის აღდგენისა და გაშენების მიზნით მცენარეთა სახეობების შერჩევისა და მათი გამოყენების წესის შესახებ”;

გ.ე) „უკანონო ტყითსარგებლობის შედეგად სახელმწიფო ტყის ფონდისათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშებისა და ანაზღაურების წესის შესახებ”;

გ.ვ) „სახელმწიფო ტყის ფონდის არამერქნული რესურსებით სარგებლობის წესის შესახებ”;

დ) გამოცემულ იქნეს საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის შემდეგი ბრძანებები:

დ.ა) „განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების და ლანდშაფტური უბნების გამოყოფისა და მათთვის შესაბამისი სტატუსის მინიჭების შესახებ”;

დ.ბ) „სახელმწიფო ტყის ფონდის აღრიცხვის წესის შესახებ”;

დ.გ) „სახელმწიფო ტყის ფონდის შესახებ ინფორმაციის და მისი სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტისთვის გადაცემის წესის შესახებ”;

დ.დ) „საქართველოს სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის უბნისთვის დაცვის განსაკუთრებული რეჟიმის მიკუთვნებისა და ამ რეჟიმის პირობებში სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების განხორციელების წესის შესახებ”;

დ.ე) „ტყის დაცვის წესის შესახებ”;

დ.ვ) „ტყის ხანძრებისაგან დაცვის ღონისძიებათა დაგეგმვის და განხორციელების შესახებ";

დ.ზ) „მოვლითი ჭრის წესის შესახებ”;

დ.თ) „საანგარიშო ტყეკაფის დადგენის წესის შესახებ”;

დ.ი) „ტყითსარგებლობის უფლების შეზღუდვის, შეჩერების, შეწყვეტისა და აღდგენის წესის შესახებ”;

დ.კ) „ტყეკაფის გამოყოფის წესის შესახებ”;

დ.მ) „სატყეო პლანტაციური მეურნეობის წარმოების წესის შესახებ”;

დ.ლ) „ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადების წესის შესახებ”;

დ.მ) „სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო ღონისძიებების განხორციელების ზოგადი წესის შესახებ”;

დ.ნ) „სახელმწიფო ტყის ფონდის აღდგენისა და გაშენების შესახებ“;

დ.ო) „სპეციალური ჭრისა და მისი განხორციელების წესის შესახებ“;

დ.პ) „სახელმწიფო ტყისა და სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების სამეურნეო მიზნით გამოყოფის და ტყითმოსარგებლისათვის გადაცემის შესახებ“;

დ.ჟ) „ტყითსარგებლობის სანებართვო დოკუმენტის გაცემისათვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადების, მათ შორის, ტყეკაფის გამოყოფისათვის საჭირო თანხების და მათი გადახდის წესის შესახებ“;

დ.რ) „ხე-ტყის კანონიერად დამზადების დამადასტურებელი დოკუმენტის და მისი გაცემის წესის შესახებ“.

    მუხლი 117. ამ კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები ნორმატიული აქტების გამოცემის ვადები

1. ამ კოდექსის 116-ე მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ნორმატიული აქტი გამოიცეს 2002 წლის 1 იანვრამდე;

ბ) „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ნორმატიული აქტები, გარდა „ბ.თ“ და „გ.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული აქტებისა, გამოიცეს 2000 წლის 1 ივლისამდე;

გ) „ბ.თ” ქვეპუნქტით განსაზღვრული ნორმატიული აქტი გამოიცეს ამ კოდექსის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში;

დ) „გ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ნორმატიული აქტი გამოიცეს ამ კოდექსის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში.

    მუხლი 118. ამ კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით ნორმატიული აქტის მასთან შესაბამისობაში მოყვანის ვადა

„საქართველოში მცენარეული რესურსებით (მათ შორის ხე-ტყით) სარგებლობის სალიცენზიო საუწყებათაშორისო საექსპერტო საბჭოს შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 28 იანვრის №64 ბრძანებულება ამ კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანილ იქნეს ამ კოდექსის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში.

თავი XXXVI. დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 119. ნორმატიული აქტები, რომლებიც ძალას კარგავს საქართველოს ტყის კოდექსის ამოქმედებისთანავე

ამ კოდექსის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს:

ა) 1978 წლის 21 დეკემბრის კანონით დამტკიცებული საქართველოს ტყის კოდექსი;

ბ) „საქართველოს ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს 1998 წლის 25 ივნისის კანონი.

    მუხლი 120. საქართველოს ტყის კოდექსის ამოქმედება

1. საქართველოს ტყის კოდექსი, მე-9 მუხლის პირველი ნაწილის გარდა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილი ამოქმედდეს „საქართველოს სახელმწიფო ტყის განსახელმწიფოებრივების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი

ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1999 წლის 22 ივნისი.

№2124-IIს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2000 წლის 11 მაისის კანონი №295 - სსმ I, №17, 12.05.2000წ., მუხ.41

      2. საქართველოს 2000 წლის 10 ნოემბრის კანონი №596 - სსმ I, 43, 01.12.2000წ., მუხ.123

 

 

 

 

30. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 6935-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 29. 22/05/2020 - საქართველოს კანონი - 5949-სს - ვებგვერდი, 28/05/2020 28. 22/02/2019 - საქართველოს კანონი - 4333-IIს - ვებგვერდი, 07/03/2019 27. 26/12/2018 - საქართველოს კანონი - 4147-რს - ვებგვერდი, 31/12/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 26. 22/12/2018 - საქართველოს კანონი - 4102-რს - ვებგვერდი, 28/12/2018 25. 27/06/2018 - საქართველოს კანონი - 2633-IIს - ვებგვერდი, 06/07/2018 24. 04/05/2018 - საქართველოს კანონი - 2325-IIს - ვებგვერდი, 11/05/2018 23. 07/12/2017 - საქართველოს კანონი - 1672-რს - ვებგვერდი, 14/12/2017 22. 01/06/2017 - საქართველოს კანონი - 900-IIს - ვებგვერდი, 21/06/2017 21. 06/09/2013 - საქართველოს კანონი - 1031-Iს - ვებგვერდი, 23/09/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 20. 19/04/2013 - საქართველოს კანონი - 567-IIს - ვებგვერდი, 08/05/2013 19. 25/03/2013 - საქართველოს კანონი - 465-რს - ვებგვერდი, 05/04/2013 18. 08/11/2011 - საქართველოს კანონი - 5201-IIს - ვებგვერდი, 111114040, 14/11/2011 17. 24/06/2011 - საქართველოს კანონი - 4949-რს - ვებგვერდი, 110713010, 13/07/2011 16. 17/05/2011 - საქართველოს კანონი - 4677-Iს - ვებგვერდი, 110601009, 01/06/2011 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 15. 05/05/2011 - საქართველოს კანონი - 4655-Iს - ვებგვერდი, 110513021, 13/05/2011 14. 11/03/2011 - საქართველოს კანონი - 4418-Iს - ვებგვერდი, 110317048, 17/03/2011 13. 06/07/2010 - საქართველოს კანონი - 3346 - სსმ, 39, 19/07/2010 12. 08/04/2010 - საქართველოს კანონი - 2919 - სსმ, 21, 22/04/2010 11. 11/12/2009 - საქართველოს კანონი - 2295 - სსმ, 45, 21/12/2009 10. 03/11/2009 - საქართველოს კანონი - 1939 - სსმ, 35, 19/11/2009 9. 16/07/2009 - საქართველოს კანონი - 1465 - სსმ, 20, 28/07/2009 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 8. 25/07/2006 - საქართველოს კანონი - 3518 - სსმ, 36, 04/08/2006 7. 22/04/2005 - საქართველოს კანონი - 1412 - სსმ, 22, 18/05/2005 6. 29/12/2004 - საქართველოს კანონი - 899 - სსმ, 6, 19/01/2005 5. 16/09/2004 - საქართველოს კანონი - 446 - სსმ, 28, 07/10/2004 4. 06/06/2003 - საქართველოს კანონი - 2374 - სსმ, 19, 01/07/2003 3. 02/03/2001 - საქართველოს კანონი - 749 - სსმ, 6, 20/03/2001 2. 10/11/2000 - საქართველოს კანონი - 596 - სსმ, 43, 01/12/2000 1. 11/05/2000 - საქართველოს კანონი - 295 - სსმ, 17, 12/05/2000