საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 465-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/03/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/04/2013
სარეგისტრაციო კოდი 390000000.05.001.016935
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
465-რს
25/03/2013
ვებგვერდი, 05/04/2013
390000000.05.001.016935
საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ტყის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №28(35), 1999 წელი, მუხ. 148) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

   1. მე-5  მუხლის:

   ა) „ძ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ძ) ხე-ტყის მარკირება – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მიერ დადგენილი წესით მრგვალი ხე-ტყის (მორის) სპეციალური ფირნიშის საშუალებით აღრიცხვა;“;

   ბ) „ჭ“ და „ხ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „ჭ) სახერხი საამქრო − მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამამუშავებელი ობიექტი;

  ხ) საკონტროლო ფირნიში − სპეციალური ფირნიშის განუყოფელი ნაწილი, რომელიც სახერხ საამქროში მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების შემდეგ აღრიცხვა-ანგარიშგების მიზნით, დადგენილი წესით უნდა წარედგინოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს (შემდგომ – დეპარტამენტი).“.

   2. მე-7 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „1. საქართველოს სახელმწიფო ტყის ფონდთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფოს სახელით მონაწილეობენ სამინისტრო, დეპარტამენტი, სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ეროვნული სატყეო სააგენტო (შემდგომ – ეროვნული სატყეო სააგენტო), სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცული ტერიტორიების სააგენტო (შემდგომ – დაცული ტერიტორიების სააგენტო), სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გარემოს ეროვნული სააგენტო, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე – ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოები.“.

   3. მე-16 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „1.  სახელმწიფო ტყის ფონდს, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის, სახელმწიფო ტყის ფონდის დაცული ტერიტორიების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე არსებული ტყის ფონდის გარდა, მართავს ეროვნული სატყეო სააგენტო.“.

   4. 33-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „2. სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის უფლებას სახელმწიფო ტყის ფონდში და დაცულ ტერიტორიებზე იქ, სადაც დაშვებულია სპეციალური მიზნით ტყითსარგებლობა, ანიჭებს სამინისტრო დაინტერესებულ პირებთან შეთანხმებით, საქართველოს კანონმდებლობისა და ამ კოდექსის 31-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.“.

   5. 39-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „3. ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვისადმი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე დაცვის განსაკუთრებული რეჟიმის დადგენისა და ამ რეჟიმში ღონისძიებების განხორციელების წესი დგინდება „ტყითსარგებლობის წესით“, რომელსაც დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“.

   6. 53-ე მუხლის:

   ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „3. ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვისადმი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ამ კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ტყითსარგებლობის სახეები „ტყითსარგებლობის წესის“ შესაბამისად შეიძლება განხორციელდეს აგრეთვე:

   ა) ტყითსარგებლობის ხელშეკრულებით;

   ბ) ხე-ტყის დამზადების ბილეთით;

   გ) ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთით.“;

   ბ) მე-4 და მე-5 ნაწილები ამოღებულ იქნეს;

   გ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „6. ნადირობის ობიექტებისათვის მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალს „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ამტკიცებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი.“.

7. 93-ე მუხლის პირველი–მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ხე-ტყის მოძრაობის, მარკირებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების სავალდებულო მოთხოვნები განისაზღვრება „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესისა და მრგვალი    ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით საქართველოს ტყის ფონდის ტერიტორიაზე მოპოვებულ ხე-ტყეზე შესაბამისი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტს გასცემს სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამისი ორგანო. ამავე წესის შესაბამისად, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი გაიცემა თვითმმართველი ერთეულისა და კერძო საკუთრების ტერიტორიებზე არსებული ხე-მცენარეებიდან მიღებული მერქნული რესურსის ტრანსპორტირებისა და პირველადი გადამუშავების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული საქონლის (მერქნული რესურსის) ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე.

3. იმ ხე-ტყის ტრანსპორტირება ან პირველადი გადამუშავება, რომელსაც ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებით დადგენილ  შემთხვევებში არ აქვს შესაბამისი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი, აგრეთვე იმ მრგვალი ხე-ტყის (მორის) ტრანსპორტირება ან პირველადი გადამუშავება, რომელიც დადგენილი წესით არ არის მარკირებული სპეციალური ფირნიშით, იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“

საქართველოს 2013 წლის 19 აპრილის კანონი №567 – ვებგვერდი, 08.05.2013წ.

   8. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 931 მუხლი:

   „მუხლი 931. მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემა

  საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყით სარგებლობასთან, ხე-ტყის მოძრაობასთან და პირველად გადამუშავებასთან დაკავშირებული ღონისძიებების აღრიცხვის მიზნით იქმნება მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემა, რომლის წარმოების ინსტრუქციას კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ამტკიცებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი. მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემას აწარმოებენ ამ კოდექსის მე-15 და მე-16 მუხლებით გათვალისწინებული საქართველოს ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოები, აგრეთვე სხვა შესაბამისი პირები მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის წარმოების ინსტრუქციისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.

   9. 108-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „მუხლი 108. საქართველოს ტყისა და ტყის კანონმდებლობის დაცვის სახელმწიფო კონტროლი

  ტყეების მდგომარეობის, სახელმწიფო ტყის ფონდის მოვლის, დაცვის, აღდგენისა და გაშენების, აგრეთვე ტყითსარგებლობის სახელმწიფო კონტროლს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი დაწესებულებები.“.

   10. 116-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

   მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-40 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

25 მარტი 2013 წ.

N465-რს