„საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“

  • Word
„საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 3346
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 06/07/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 39, 19/07/2010
სარეგისტრაციო კოდი 390.000.000.05.001.004.098
  • Word
3346
06/07/2010
სსმ, 39, 19/07/2010
390.000.000.05.001.004.098
„საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

     მუხლი 1

საქართველოს ტყის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №28(35), 1999 წელი, მუხ. 148) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-7 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ტყის ფონდთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფოს სახელით მონაწილეობენ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო), სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სატყეო სააგენტო (შემდგომში – სატყეო სააგენტო), სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცული ტერიტორიების სააგენტო (შემდგომში – დაცული ტერიტორიების სააგენტო), ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე – ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოები.“.

2. მე-15 და მე-16 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 15. სახელმწიფო ტყის ფონდის დაცული ტერიტორიების და მათი რესურსების მართვა

სახელმწიფო ტყის ფონდის დაცულ ტერიტორიებს და მათ რესურსებს მართავს დაცული ტერიტორიების სააგენტო.

    მუხლი 16. სახელმწიფო ტყის ფონდის მართვა

1. სახელმწიფო ტყის ფონდს, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის, სახელმწიფო ტყის ფონდის დაცული ტერიტორიების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე არსებული ტყის ფონდის გარდა, მართავს სატყეო სააგენტო.

2. ადგილობრივი მნიშვნელობის ტყეს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და ამ კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, შესაბამისი სამსახურის მეშვეობით მართავს თვითმმართველი ერთეული.

3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე არსებულ ტყის ფონდს მართავენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოები.“.

3. მე-17 მუხლის მე-6 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

4. მე-18 და მე-19 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 18. სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენა

1. სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ადგენს საქართველოს მთავრობა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

2. საქართველოს მთავრობას სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შესახებ წინადადებას წარუდგენს სამინისტრო.

3. სახელმწიფო ტყის ფონდის დაცული ტერიტორიების საზღვრები დგინდება საქართველოს კანონით.

4. საზღვრის დადგენის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

    მუხლი 19. სახელმწიფო ტყის ფონდის დაყოფა

1. სახელმწიფო ტყის ფონდი იყოფა:

ა) ტყით დაფარულ ტერიტორიად;

ბ) ტყით დაუფარავ ტერიტორიად.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ტერიტორიები დგინდება „ტყის აღრიცხვის, დაგეგმვისა და მონიტორინგის წესით“, რომელსაც დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“.

5. VII თავი ამოღებულ იქნეს.

6. VIII თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტყის აღრიცხვის, დაგეგმვისა და მონიტორინგის სისტემა“.

7. 23-ე–25-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 23. სახელმწიფო ტყის ფონდის აღრიცხვა

1. სახელმწიფო ტყის ფონდის აღრიცხვა მოიცავს:

ა) ტყეების მდგომარეობის, მათი სახეობრივი შემადგენლობისა და ხნოვანებითი სტრუქტურის დადგენას, რესურსების რაოდენობრივ და ხარისხობრივ შეფასებას;

ბ) საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი და იშვიათი, რელიქტური, ენდემური, შეზღუდული გავრცელების არეალის მქონე მცენარეების გამოვლენას;

გ) სახელმწიფო ტყის ფონდის ბიოლოგიურ, პათოლოგიურ და სხვა გამოკვლევებს.

2. სახელმწიფო ტყის ფონდის აღრიცხვას თავიანთ სამოქმედო ტერიტორიებზე ახორციელებენ ამ კოდექსის მე-15 და მე-16 მუხლებით უფლებამოსილი ორგანოები. მათთან შეთანხმების საფუძველზე სახელმწიფო ტყის ფონდის აღრიცხვა შეიძლება განხორციელდეს ფიზიკური ან იურიდიული პირის სახსრებით.

3. სახელმწიფო ტყის ფონდის აღრიცხვის წესი განისაზღვრება „ტყის აღრიცხვის, დაგეგმვისა და მონიტორინგის წესით“.

    მუხლი 24. სახელმწიფო ტყის ფონდით სარგებლობის დაგეგმვა

1. სახელმწიფო ტყის ფონდით სარგებლობის დაგეგმვა ხორციელდება ტყის აღრიცხვისა და ტყის მონიტორინგის საფუძველზე.

2. სახელმწიფო ტყის ფონდით სარგებლობის დაგეგმვა მოიცავს:

ა) 30 გრადუსიდან 35 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე ტყითსარგებლობის აუცილებელი მოთხოვნების დადგენას;

ბ) სახელმწიფო ტყის ფონდის იმ უბნების დადგენას, სადაც შესაძლებელია განხორციელდეს მთავარი სარგებლობის, სპეციალური, სოციალური და მოვლითი ჭრები;

გ) ტყის მოვლის, აღდგენისა და გაშენების ღონისძიებებს;

დ) გასატარებელი ღონისძიებების სახეების, მოცულობებისა და მეთოდების განსაზღვრას;

ე) ტყითსარგებლობის უბნების დადგენას და შესაძლო მოსაპოვებელი რესურსის რაოდენობრივ და ხარისხობრივ შეფასებას.

3. სახელმწიფო ტყის ფონდით სარგებლობის დაგეგმვის შედეგად დგება ტყის მართვის ან ტყითსარგებლობის 10-წლიანი გეგმა.

4. ტყის მართვის გეგმას თავიანთ სამოქმედო ტერიტორიებზე ადგენენ ამ კოდექსის მე-16 მუხლით უფლებამოსილი ორგანოები, ხოლო ტყითსარგებლობის გეგმას ადგენს ტყითსარგებლობის გენერალური ლიცენზიის ან ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის მფლობელი.

5. ტყის მართვისა და ტყითსარგებლობის გეგმების შედგენის წესი განისაზღვრება „ტყის აღრიცხვის, დაგეგმვისა და მონიტორინგის წესით“.

    მუხლი 25. სახელმწიფო ტყის ფონდის მონიტორინგი

1. სახელმწიფო ტყის ფონდის მონიტორინგი არის სახელმწიფო ტყის ფონდის შეფასების, მისი მდგომარეობის დინამიკაზე უწყვეტი დაკვირვების, ანალიზისა და პროგნოზირების სისტემა.

2. სახელმწიფო ტყის ფონდის მონიტორინგის მასალები აისახება ტყის მართვისა და ტყითსარგებლობის გეგმებში.

3. სახელმწიფო ტყის ფონდის მონიტორინგის საფუძველზე მოპოვებული ინფორმაცია მიეწოდება საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს (საქსტატს).

4. სახელმწიფო ტყის ფონდის მონიტორინგს თავიანთ სამოქმედო ტერიტორიებზე ახორციელებენ ამ კოდექსის მე-15 და მე-16 მუხლებით უფლებამოსილი ორგანოები, აგრეთვე ტყითსარგებლობის გენერალური ლიცენზიის ან ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის მფლობელი.

5. სახელმწიფო ტყის ფონდის მონიტორინგის წესი განისაზღვრება „ტყის აღრიცხვის, დაგეგმვისა და მონიტორინგის წესით“.“.

8. 26-ე–30-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.

9. IX თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სახელმწიფო ტყის ფონდის მართვა“.

10. 31-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 31. სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის განსაკუთრებული მოთხოვნები

ნებისმიერი ცვლილება, რომელიც მიმართულია სახელმწიფო ტყის ფონდის შემცირებისაკენ, დასაბუთებული უნდა იყოს.“.

11. 32-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

12. 33-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 33. სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობა

1. აუცილებლობის შემთხვევაში ან მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებლის მიღების მიზნით სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობა შეიძლება საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

2. სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის უფლებას ანიჭებს სამინისტრო დაინტერესებულ პირებთან შეთანხმებით, საქართველოს კანონმდებლობისა და ამ კოდექსის 31-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

3. გადაწყვეტილებას ამ კოდექსის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილითა და 69-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში სახელმწიფო ტყის ფონდის სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისათვის გაცემისა და ამ ტერიტორიაზე სპეციალური ჭრების განხორციელების თაობაზე იღებს საქართველოს მთავრობა ამავე კოდექსის 31-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

4. სახელმწიფო ტყის ფონდის სპეციალური დანიშნულების მიწებზე სატყეო-სამეურნეო სამუშაოებს მართავს ამ კოდექსის მე-15 ან მე-16 მუხლით უფლებამოსილი შესაბამისი ორგანო, ხოლო სპეციალური მიზნით – ტყითმოსარგებლე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

5. სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის სამართლებრივი მოთხოვნები განისაზღვრება „ტყითსარგებლობის წესით“.“.

13. 34-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

14. 35-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სახელმწიფო ტყის ფონდის მართვისას „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული გადაწყვეტილებების მიღებაში მოსახლეობის მონაწილეობა წესრიგდება იმავე კანონის შესაბამისად.

3. სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე სახელმწიფო ორგანო იწყებს საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას გრძელვადიანი ტყით სარგებლობისათვის წინასწარ შერჩეული სახელმწიფო ტყის ფონდის ფართობების ადგილმდებარეობისა და მოსაჭრელი მერქნული რესურსების რაოდენობის განსა­ზღვრის შესახებ; აღნიშნული ინფორმაცია განთავსდება სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე სახელმწიფო ორგანოს ვებგვერდზე.“.

15. 36-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კოდექსის მე-15 და მე-16 მუხლებით უფლებამოსილი ორგანოები, ამ კოდექსის 35-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ინფორმაციის გამოქვეყნების გარდა, აგრეთვე უზრუნველყოფენ:

ა) სახელმწიფო ტყის ფონდის მდგომარეობის შესახებ სხვა ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევების გარდა;

ბ) ტყისა და მისი რესურსების მნიშვნელობის შესახებ საქართველოს მოსახლეობის ინფორმირების მიზნით სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას.“.

16. 37-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 37. სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიის ფიზიკური დაცვა

1. სახელმწიფო ტყის ფონდის დაცვა მოიცავს სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიის ფიზიკურ დაცვას უკანონო ტყითსარგებლობისაგან, ტყის რესურსების დატაცებისაგან.

2. სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიის ფიზიკური დაცვის ღონისძიებები იგეგმება სახელმწიფო ტყის ფონდის აღრიცხვისა და მონიტორინგის საფუძველზე.

3. სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიის ფიზიკური დაცვის ღონისძიებებს გეგმავენ და ახორციელებენ შესაბამისად ამ კოდექსის მე-15 და მე-16 მუხლებით უფლებამოსილი ორგანოები ან მათი ზედამხედველო-ბით – ფიზიკური ან იურიდიული პირები.

4. აკრძალულია ხე-ტყის პირველადი გადამუშავება სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე.“.

17. 39-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 39. დაცვის განსაკუთრებული რეჟიმი

1. სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, სადაც მოქმედებს დაცვის განსაკუთრებული რეჟიმი, აკრძალულია მთავარი სარგებლობის ჭრების განხორციელება.

2. სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე დაცვის განსაკუთრებულ რეჟიმს ადგენენ ამ კოდექსის მე-15 და მე-16 მუხლებით უფლებამოსილი ორგანოები.

3. სატყეო სააგენტოს მართვისადმი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე დაცვის განსაკუთრებული რეჟიმის დადგენისა და ამ რეჟიმში ღონისძიებების განხორციელების წესი დგინდება „ტყითსარგებლობის წესით“, რომელსაც დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“.

18. 41-ე–45-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.

19. 47-ე–50-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.

20. 51-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 51. ტყითსარგებლობის სახეები

1. საქართველოს ტყის ფონდის ტერიტორიაზე შეიძლება განხორციელდეს ტყითსარგებლობის შემდეგი სახეები:

ა) ხე-ტყის დამზადება;

ბ) სატყეო პლანტაციური მეურნეობის წარმოება;

გ) ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების (თესლის, ნაყოფის, ძირკვის, ლაფნის, ფიჩხის, ნეკერის და სხვა) დამზადება;

დ) ტყის არამერქნული რესურსებით (სოკოებით, სამკურნალო და ტექნიკური ნედლეულით, სხვა ბალახეული, ბუჩქოვანი მცენარეებითა და მათი პროდუქტებით) სარგებლობა;

ე) სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობა;

ვ) სპეციალური და მიჩენის მიზნით სარგებლობა;

ზ) სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნით სარგებლობა;

თ) საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით სარგებლობა;

ი) სამონადირეო მეურნეობის მოწყობა;

კ) თევზის მეურნეობის მოწყობა;

ლ) ნადირობა;

მ) სახელმწიფო ტყის ფონდში მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა;

ნ) არასასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობა;

ო) ცხოველთა თავშესაფრებისა და სანაშენეების მოწყობა;

პ) „ტყითსარგებლობის წესით“ განსაზღვრული სხვა საქმიანობა.

2. დასაშვებია ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ტყითსარგებლობის რამდენიმე სახის ერთდროულად განხორციელება.

3. დაუშვებელია სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიის ერთსა და იმავე ადგილზე ერთი და იმავე შინაარსის ან/და ისეთი ტყითსარგებლობის უფლების მინიჭება, რომელიც არსობრივად ხელს უშლის ლიცენზიით განსაზღვრული ტყითსარგებლობის უფლების განხორციელებას.

4. ამ კოდექსის მე-17 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს საპატრიარქოს უფლება აქვს, სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორია გამოიყენოს სასულიერო, სარიტუალო ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა მიზნით.“.

21. 53-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 53. ტყითსარგებლობის უფლება და მისი განხორციელება

1. ტყითსარგებლობა ხორციელდება ტყითსარგებლობის გენერალური ლიცენზიით (შემდგომში – გენერალური ლიცენზია), სამონადირეო მეურნეობისა და ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიებით (შემდგომში – სპეციალური ლიცენზია) და ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიის საფუძველზე, გარდა ამ კოდექსით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა.

2. ლიცენზირებას არ ექვემდებარება:

ა) სოციალური ჭრების განხორციელება;

ბ) სპეციალური ჭრების განხორციელება;

გ) მოვლითი ჭრების განხორციელება.

3. სატყეო სააგენტოს მართვისადმი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ამ კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ტყითსარგებლობის სახეები „ტყითსარგებლობის წესის“ შესაბამისად შეიძლება განხორციელდეს აგრეთვე:

ა) ტყითსარგებლობის ხელშეკრულებით;

ბ) ხე-ტყის დამზადების ბილეთით;

გ) ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთით.“.

22. 54-ე–67-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.

23. 68-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 68. ხე-ტყის დამზადება

1. საქართველოს ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხე-ტყის დამზადების მიზნით ხორციელდება მთავარი სარგებლობისა და გავლითი ჭრები, თუ უზრუნველყოფილია მერქნის თანაბარი და უწყვეტი მოპოვების პირობები ტყის სასარგებლო ბუნებრივი თვისებებისათვის ზიანის მიუყენებლად.

2. ხე-ტყის დამზადების მიზნით შეიძლება განხორციელდეს აგრეთვე გაწმენდითი, გამოხშირვითი, სარეკონსტრუქციო, სანიტარიული, სოციალური და სპეციალური ჭრები.

3. მთავარი სარგებლობის, გაწმენდითი, გამოხშირვითი, სარეკონსტრუქციო, სანიტარიული, გავლითი, სოციალური და სპეციალური ჭრები ხორციელდება „ტყითსარგებლობის წესით“ დადგენილი სამართლებრივი მოთხოვნების შესაბამისად.

4. საქართველოს ტყეებში ხე-ტყის დამზადება ხორციელდება 35 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე.

5. სპეციალური ჭრების განხორციელების შემთხვევაში 35 გრადუსისა და მეტი დაქანების ფერდობებზე ხე-ტყის დამზადება შესაძლებელია მხოლოდ განსაკუთრებული სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობისას.“.

24. 69-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სახელმწიფო ტყის ფონდის 30 გრადუსიდან 35 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე ხე-ტყის დამზადების სხვა აუცილებელი მოთხოვნები დგინდება აღრიცხვისა და მონიტორინგის მასალების საფუძველზე და მათი შესრულება სავალდებულოა.“.

25. 71-ე და 72-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.

26. 73-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 73. ტყეკაფი

1. ამ კოდექსით გათვალისწინებული ჭრები ხორციელდება მხოლოდ გამოყოფილ ტყეკაფზე.

2. ტყეკაფის გამოყოფის წესი და პირობები დგინდება „ტყითსარგებლობის წესით“.“.

27. 74-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

28. XVI, XVII, XVIII, XIX, XX, XXI, XXII და XXIII თავები ამოღებულ იქნეს.

29. XXVI თავი ამოღებულ იქნეს.

30. 93-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ხე-ტყის კანონიერად დამზადების დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმა და გაცემის წესი განისაზღვრება „ხე-ტყის კანონიერად დამზადების დამადასტურებელი დოკუმენტისა და მისი გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაც­ვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებით.“.

31. 95-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სახელმწიფო ტყის ფონდის აღდგენის ღონისძიებებს, არსებული საშუალებების გათვალისწინებით, ტყის ფონდის აღრიცხვისა და მონიტორინგის მასალებისა და სხვა სპეციალური გამოკვლევების საფუძველზე გეგმავენ შესაბამისად ამ კოდექსის მე-15 და მე-16 მუხლებით უფლებამოსილი ორგანოები.“.

32. 96-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

33. 97-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 97. ტყის მოვლა და მისი მიზანი

1. ტყის მოვლა არის ღონისძიებათა სისტემა, რომლის მიზანია:

ა) საქართველოს ტყეებში ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნება, ტყეების ხნოვანებითი სტრუქტურის, სახეობრივი შემადგენლობისა და ხარისხობრივი მდგომარეობის გაუმჯობესება, მდგრადი და მაღალპროდუქტიული კორომების ჩამოყალიბება;

ბ) ნიადაგის ნაყოფიერების ზრდა, წყლითა და ქარით გამოწვეული ნიადაგის ეროზიის, დაჭაობების, დამლაშების, ღვარცოფების, თოვლის ზვავებისა და სხვა ისეთი პროცესების თავიდან აცილება, რომლებიც აუარესებს ნიადაგის მდგომარეობას;

გ) ხელუხლებელი ტყეების თვითმყოფადობის შენარჩუნება, მცენარეთა რელიქტური, ენდემური და სხვა ძვირფასი სახეობების დაცვა;

დ) ტყის სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესება;

ე) ენტომომავნებლებთან და ფიტოდაავადებებთან ბრძოლა, აგრეთვე ტყის ხანძრების თავიდან ასაცილებლად პრევენციული ქმედებების განხორციელება.

2. ტყის მოვლის ღონისძიებებია:

ა) ტყის ბიოლოგიური, ქიმიური და სელექციური საშუალებებით დაცვა;

ბ) ტყეების პათოლოგიური გამოკვლევის საფუძველზე ტყის დაცვა ეკოლოგიური წონასწორობის დარღვევის გამომწვევი დაავადებებისა და მავნებლების გავრცელებისაგან;

გ) მოვლითი ჭრების განხორციელება;

დ) ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება;

ე) ტყეების ჩახერგილობისაგან გაწმენდა.

3. ტყის მოვლის ღონისძიებები იგეგმება აღრიცხვისა და მონიტორინგის მასალებისა და სხვა სპეციალური გამოკვლევების საფუძველზე.

4. ტყის მოვლის ღონისძიებებს ახორციელებენ შესაბამისად ამ კოდექსის მე-15 და მე-16 მუხლებით უფლებამოსილი ორგანოები, აგრეთვე მათთან შეთანხმებით – ფიზიკური და იურიდიული პირები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიას ხანძარსაშიში უბნის სტატუსს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით ანიჭებს ამ კოდექსის მე-15 ან მე-16 მუხლით უფლებამოსილი ორგანო აღრიცხვისა და მონიტორინგის მასალების საფუძველზე.

6. სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხანძრის ლიკვიდაციას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სახელმწიფო ტყის ფონდის შესაბამისი უბნის მართვის უფლების მქონე ორგანოს და ტყითმოსარგებლის მონაწილეობით.

7. ტყის მოვლის მიზნით ბიოლოგიური და ქიმიური საშუალებების გამოყენების უფლებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ანიჭებენ ამ კოდექსის მე-15 და მე-16 მუხლებით უფლებამოსილი ორგანოები.

8. ტყის ბიოლოგიური და ქიმიური საშუალებებით დაცვის ზედამხედველობასა და კონტროლს თავიანთ სამოქმედო ტერიტორიებზე ახორციელებენ ამ კოდექსის მე-15 და მე-16 მუხლებით უფლებამოსილი ორგანოები.“.

34. 98-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 98. ტყის სუბალპური ზოლის მოვლა და დაცვა

1. ტყის სუბალპურ ზოლში აკრძალულია ხე-ტყის დამზადება, გარდა მავნებლებით დასახლებული ზეხმელი ხეების მოჭრისა და მიწაზე დაყრილი მოთხრილ-მოტეხილი ხე-ტყის დამზადებისა.

2. ტყის სუბალპური ზოლის მოვლის ღონისძიებაა ტყის აღდგენა ბუნებრივი განახლების ხელშეწყობით.“.

35. მე-100–106-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.

36. XXXI თავი ამოღებულ იქნეს.

37. 108-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 108. საქართველოს ტყისა და ტყის კანონმდებლობის დაცვის სახელმწიფო კონტროლი

ტყეების მდგომარეობის, სახელმწიფო ტყის ფონდის მოვლის, დაცვის, აღდგენისა და გაშენების, აგრეთვე ტყითსარგებლობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებენ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვის ინსპექცია, სატყეო სააგენტო და დაცული ტერიტორიების სააგენტო.“.

38. 110-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

39. 113-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

40. 114-ე და 115-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.

41. 116-ე მუხლის:

ა) „ა“–„დ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები:

„ე) მიღებულ იქნეს საქართველოს მთავრობის შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები:

ე.ა) „სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის დადგენის წესი“;

ე.ბ) „ტყის აღრიცხვის, დაგეგმვისა და მონიტორინგის წესი“;

ე.გ) „ტყითსარგებლობის წესი“;

ე.დ) „ტყის მოვლისა და აღდგენის წესი“;

ე.ე) „საქართველოს დამსახურებული მეტყევის წოდების მინიჭების წესი“;

ვ) 2010 წლის 1 სექტემბრამდე გამოცემულ იქნეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება „ხე-ტყის კანონიერებისა და წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“.“.

42. 117-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 117. ამ კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების მიღების/გამოცემის ვადები

ამ კოდექსის 116-ე მუხლის:

ა) „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ნორმატიული აქტები მიღებულ იქნეს 2010 წლის 1 სექტემბრამდე;

ბ) „ბ.გ“, „ბ.დ“, „ბ.კ“ და „დ.ა“ ქვეპუნქტებში აღნიშნული ნორმატიული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ამ კოდექსის 116-ე მუხლის „ე.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ნორმატიული აქტის მიღებამდე;

გ) „ბ.ე“, „გ.ბ“, „დ.ბ“ და „დ.გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული ნორმატიული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ამ კოდექსის 116-ე მუხლის „ე.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ნორმატიული აქტის მიღებამდე;

დ) „ბ.ბ“, „ბ.ვ“, „ბ.ზ“, „ბ.თ“, „გ.ვ“, „დ.თ“, „დ.ი“, „დ.კ“, „დ.ლ“, „დ.მ“, „დ.ო“, „დ.პ“ და „დ.ჟ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული ნორმატიული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ამ კოდექსის 116-ე მუხლის „ე.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ნორმატიული აქტის მიღებამდე;

ე) „გ.ა“, „გ.გ“, „გ.დ“, „დ.დ“, „დ.ე“, „დ.ვ“, „დ.ზ“ და „დ.ნ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული ნორმატიული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ამ კოდექსის 116-ე მუხლის „ე.დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ნორმატიული აქტის მიღებამდე;

ვ) „ბ.ი“ ქვეპუნქტში აღნიშნული ნორმატიული აქტი ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ამ კოდექსის 116-ე მუხლის „ე.ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ნორმატიული აქტის მიღებამდე;

ზ) „დ.რ“ ქვეპუნქტში აღნიშნული ნორმატიული აქტი ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ამ კოდექსის 116-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ნორმატიული აქტის გამოცემამდე.“.

43. 118-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 6 ივლისი.

№3346–რს