საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესახებ

  • Word
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 978
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/10/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 42, 17/10/1997
ძალის დაკარგვის თარიღი 05/04/2004
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
978
17/10/1997
პარლამენტის უწყებანი, 42, 17/10/1997
000000000.00(0).000.000000
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (17/10/1997 - 29/05/1998)

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

 საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. მიღებულ იქნეს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი.

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 20 სექტემბრის დადგენილება "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესახებ" (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994 წ., №20, მუხ. 429).

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე         ზ. ჟვანია

თბილისი,

1997 წლის 17 ოქტომბერი.

 978 – I ს

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

კარი I

ზოგადი დებულებანი

თავი I

საქართველოს პარლამენტის საქმიანობის რეგლამენტაციის საფუძვლები

    მუხლი 1

1. საქართველოს პარლამენტი (ტექსტში შემდგომ "პარლამენტი") არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში კონტროლს უწევს მთავრობის საქმიანობას, ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

2. პარლამენტი შედგება ოთხი წლის ვადით პროპორციული სისტემით არჩეული 150 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 85 პარლამენტის წევრისაგან.

3. სახელმწიფო უზრუნველყოფს პარლამენტის უსაფრთხოებას, რაც პარლამენტის შეუფერხებელი საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი გარანტიაა.

4. პარლამენტის უფლებამოსილება წყდება ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრებისთანავე.

5. პარლამენტის წევრი არის სრულიად საქართველოს წარმომადგენელი. პარლამენტის წევრები სარგებლობენ თავისუფალი მანდატით, თანაბარი უფლებამოსილებით და ეკისრებათ პასუხისმგებლობა დაკავებულ თანამდებობათა შესაბამისად.

6. პარლამენტის თანამდებობის პირები თავისი კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევენ პარლამენტისა და მისი ორგანოების საქმიანობას.

7. პარლამენტის საქმიანობის ძირითადი პრინციპებია:

ა) მრავალპარტიულობა;

ბ) წარმომადგენლობითი პროპორციულობის დაცვა;

გ) საკითხთა თავისუფალი, კოლექტიური განხილვა-გადაწყვეტა;

დ) კონსტიტუციის, კანონებისა და პარლამენტის რეგლამენტის განუხრელი დაცვა, მათი შესრულების კონტროლი;

ე) საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმების დაცვა და პატივისცემა;

ვ) საჯაროობა;

ზ) სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესების ერთიანობა.

8. პარლამენტი უფლებამოსილია მიიღოს საქართველოს კონსტიტუცია, კონსტიტუციური კანონი, ორგანული კანონი, კანონი, რეგლამენტი, დადგენილება, რეზოლუცია, დეკლარაცია, მიმართვა, განცხადება და სხვა გადაწყვეტილება, აგრეთვე მოისმინოს და ცნობად მიიღოს ინფორმაცია, შეიმუშაოს რეკომენდაციები. პარლამენტი მუშაობს სახელმწიფო ენაზე.

9. პარლამენტი, მისი ორგანოები და თანამდებობის პირები თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობენ საქართველოს კონსტიტუციით, პარლამენტის რეგლამენტით (ტექსტში შემდგომ „რეგლამენტი“ ) და სხვა ნორმატიული აქტებით.

10. რეგლამენტი საქართველოს კონსტიტუციიდან გამომდინარე ნორმატიული აქტია, რომელიც განსაზღვრავს პარლამენტის უფლებამოსილებათა განხორციელების წესებს, პროცედურას, პარლამენტის შინაგან სტრუქტურას და სავალდებულოა პარლამენტის ყველა წევრისათვის, აგრეთვე განსაზღვრულ ფარგლებში პარლამენტის კონტროლს დაქვემდებარებული ყველა ორგანოსა და ორგანიზაციისათვის.

11. პარლამენტის საქმიანობის ყველა საკითხს, რომელიც მოწესრიგებული არ არის რეგლამენტით და მოქმედი კანონმდებლობით, წყვეტს პარლამენტი.

 

თავი II

პარლამენტის კონსტიტუციური პრეროგატივა

    მუხლი 2

პარლამენტის კონსტიტუციური პრეროგატივა არის მხოლოდ მისი განსაკუთრებული უფლებამოსილება – კონსტიტუციისა და კანონმდებლობის საფუძველზე, რეგლამენტით დადგენილი წესითა და ფორმით, განახორციელოს საქართველოს ხალხის მიერ უმაღლესი საკანონმდებლო ხელისუფლების სახით მინდობილი ინტერესები, საპარლამენტო კონტროლი საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებული ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის უზრუნველსაყოფად.

    მუხლი 3

პარლამენტის პრეროგატივაა:

ა) საქართველოს კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვა;

ბ) საკანონმდებლო საქმიანობა;

გ) ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;

დ) საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილი მოხსენების მოსმენა;

ე) აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის დამტკიცება;

ვ) საქართველოს მთავრობის შემადგენლობის დამტკიცება;

ზ) საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული თანამდებობის პირების არჩევა, დანიშვნა, დამტკიცება ან შესაბამისად დანიშვნაზე, განთავისუფლებაზე თანხმობის მიცემა;

თ) პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული, პასუხისმგებელი ორგანოების და მთავრობის საქმიანობის კონტროლი;

ი) საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიცირება, დენონსირება, გაუქმება;

კ) სახელმწიფო საზღვრის სტატუსის დადგენა;

ლ) სამხედრო ძალთა რაოდენობის დამტკიცება;

მ) საგანგებო მდგომარეობის დროს ან საერთაშორისო ვალდებულებათა შესასრულებლად სამხედრო ძალთა გამოყენებაზე თანხმობის მიცემა;

ნ) ქვეყანაში სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალების შემოყვანის, გამოყენების და გადაადგილების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების დამტკიცება;

ო) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის, ზავის დადების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებების დამტკიცება;

პ) პარლამენტის შინაგანი სტრუქტურისა და მუშაობის წესის განსაზღვრა;

ჟ) პარლამენტისა და მისი წევრების უფლებამოსილების დადასტურება;

რ) პარლამენტის თანამდებობის პირების ვადამდე გადაყენება, განთავისუფლება;

ს) პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა;

ტ) საქართველოს კონსტიტუციითა და რეგლამენტით განსაზღვრული წესით პარლამენტის რიგგარეშე სესიების ან სხდომების ჩატარება;

უ) საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ თანამდებობის პირთა იმპიჩმენტი;

ფ) სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცება და მისი შესრულების საპარლამენტო კონტროლი;

ქ) სახელმწიფოს ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა განსაზღვრა;

ღ) საქართველოს ეროვნული ბანკის ყოველწლიური საქმიანობის ანგარიშის მოსმენა;

ყ) გადასახადებისაგან განთავისუფლება, აგრეთვე სახელმწიფო ხაზინიდან დამატებითი ხარჯების გაღება;

შ) გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღების წესების დადგენა;

ჩ) პარლამენტის წინაშე კონტროლის პალატის ანგარიშვალდებულება;

ც) თვითმმართველობის ან ტერიტორიული ერთეულების სხვა წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის შეჩერებაზე ან მათ დათხოვნაზე თანხმობა;

ძ) საქართველოს კონსტიტუციის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებათა დამტკიცება.

თავი III

საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტთან ურთიერთობის კონსტიტუციური პრეროგატივა

    მუხლი 4

საქართველოს პრეზიდენტის, როგორც სახელმწიფოს და აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის, პარლამენტთან ურთიერთობის კონსტიტუციური პრეროგატივა არის მისი განსაკუთრებული უფლებამოსილება მონაწილეობდეს საკანონმდებლო საქმიანობაში, ხელი შეუწყოს საპარლამენტო კონტროლის განხორციელებას, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ურთიერთშეთანხმებული საშინაო და საგარეო პოლიტიკის განსაზღვრას, რაც პარლამენტის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი უფლებამოსილებების ხელშეუვალობის უზენაეს გარანტს და სახელმწიფოებრივ საფუძველს წარმოადგენს.

    მუხლი 5

საქართველოს პრეზიდენტი:

ა) ნიშნავს პარლამენტის არჩევნებს;

ბ) ნიშნავს ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის დღეს;

გ) მიზანშეწონილობის და აუცილებლობის მიხედვით უფლებამოსილია დაესწროს პარლამენტის სხდომას;

დ) მიმართავს პარლამენტს;

ე) უფლებამოსილია მოითხოვოს პარლამენტში მის მიერ წარდგენილი კანონპროექტების რიგგარეშე განხილვა;

ვ) ხელს აწერს კანონპროექტს და აქვეყნებს კანონს;

ზ) კანონპროექტს მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს პარლამენტს;

თ) აცხადებს საგანგებო ან საომარ მდგომარეობას, დებს ზავს;

ი) წელიწადში ერთხელ პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე;

კ) იწვევს პარლამენტის რიგგარეშე სესიას, რიგგარეშე სხდომას;

ლ) საგანგებო მდგომარეობის დროს ან საერთაშორისო ვალდებულებების შესასრულებლად პარლამენტის თანხმობით წყვეტს სამხედრო ძალების გამოყენების საკითხს;

მ) პარლამენტის თანხმობით წყვეტს ქვეყანაში სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალების შემოყვანის, გამოყენების და გადაადგილების საკითხებს;

ნ) დებს, განსაზღვრულ შემთხვევებში კი _ პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს საერთაშორისო ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს;

ო) პარლამენტის ნორმატიული აქტის თაობაზე მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს;

პ) პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს მთავრობის შემადგენლობას;

ჟ) პარლამენტის თანხმობით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ელჩებს და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლებს, მთავრობის წევრ-მინისტრებს;

რ) პარლამენტს დასანიშნად და ასარჩევად წარუდგენს კონსტიტუციით გათვალისწინებულ სხვა თანამდებობის პირთა კანდიდატურებს;

ს) პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურასა და საქმიანობის წესს;

ტ) საგანგებო მდგომარეობის დროს გამოსცემს დეკრეტებს;

უ) საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევებში, პარლამენტის თანხმობით, შეაჩერებს თვითმმართველობის ან ტერიტორიული ერთეულების სხვა წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობას ან დაითხოვს მათ;

ფ) პარლამენტს წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს და მოხსენებას მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ, აგრეთვე ანგარიშს გასული წლის ბიუჯეტის შესრულების თაობაზე;

ქ) პარლამენტში შეაქვს კანონპროექტი საქართველოს კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის შესახებ.

 

კარი II

პარლამენტის ადგილსამყოფელი, სხდომათა დარბაზი და რიტუალები

თავი IV

პარლამენტის ადგილსამყოფელი და სხდომათა დარბაზი

    მუხლი 6

1. პარლამენტის ადგილსამყოფელია საქართველოს დედაქალაქი – თბილისი, პარლამენტის სასახლე, რუსთაველის გამზირი, 8.

2. პარლამენტის ადგილსამყოფლის დროებითი შეცვლა სხდომის ან სესიის მოწვევის მიზნით დასაშვებია მხოლოდ საგანგებო ვითარებაში, რასაც მოცემული თანამიმდევრობით წყვეტს საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტი, პარლამენტის თავმჯდომარე ან პარლამენტის წევრთა საინიციატივო ჯგუფი წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის შემადგენლობით.

3. სესიების მსვლელობის პერიოდში პარლამენტის სასახლის ფასადის წინ, სასესიო კვირის პირველი სხდომის დაწყებამდე, აღიმართება და კვირის დამთავრების შემდეგ ჩამოიშვება სახელმწიფო დროშა. დარბაზში ყოველი სესიის გახსნისას და დახურვისას სრულდება სახელმწიფო ჰიმნი.

4. პარლამენტის წევრების, პარლამენტის თანამდებობის პირების კაბინეტებში, სამუშაო მაგიდიდან მარჯვენა კუთხეში, მოთავსებულია სახელმწიფო დროშა, უკანა კედელზე, ცენტრში – სახელმწიფო გერბი.

5. პარლამენტში მიმართვის მიღებული ფორმებია:

ა) ბატონო თავმჯდომარევ;

ბ) ბატონო სხდომის თავმჯდომარევ;

გ) პატივცემულო კოლეგა.

    მუხლი 7

1. სხდომის პრეზიდიუმის ცენტრში ადგილს იკავებს პარლამენტის (სხდომის) თავმჯდომარე, მის მარჯვნივ და მარცხნივ პარლამენტის თავმჯდომარის ორ-ორი მოადგილე.

2. პარლამენტის შენობაში თვალსაჩინო ადგილას ინახება საქართველოს კონსტიტუციის დედანი და პარლამენტის საპატიო სტუმართა წიგნი. სხდომათა დარბაზში, პრეზიდიუმის უკანა კედელზე, მოთავსებულია საქართველოს გერბი.

3. პრეზიდიუმიდან მარცხენა მხარეს დგას საქართველოს პრეზიდენტის სავარძელი, რომლის უკან აღმართულია საქართველოს სახელმწიფო დროშა.

4. სხდომათა დარბაზში საქართველოს პრეზიდენტის შესვლა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა და აცხადებს მანდატური.

5. პარლამენტში დაუშვებელია ისეთი გამოსვლები და მოქმედებანი, რომლებიც შეურაცხყოფენ საქართველოს პრეზიდენტის პატივსა და ღირსებას.

6. პრეზიდიუმის წინ მოწყობილია ორი ტრიბუნა გამომსვლელთათვის.

7. პარლამენტის სხდომათა დარბაზში პარლამენტის წევრი იკავებს მხოლოდ მისთვის განკუთვნილ ადგილს, საპარლამენტო ფრაქციების მიხედვით.

7. სხდომათა დარბაზის პრეზიდიუმიდან მარცხენა მხარის ლოჟები განკუთვნილია აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის, მარჯვენა მხარის – პარლამენტის ოფიციალური და საპატიო სტუმრებისათვის.

8. სხდომათა დარბაზის ზედა აივნის ცენტრში ადგილებს იკავებენ პარლამენტის აპარატის მუშაკები, სხდომაზე განსაზღვრული წესით დასწრების მსურველი მოქალაქეები, ხოლო პრეზიდიუმიდან მარჯვნივ – სხდომაზე მოწვეული საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მარცხნივ კი – პრესის წარმომადგენლები.

    მუხლი 8

1. სხდომის თავმჯდომარე ჩაქუჩის ორი დარტყმით დამსწრეთ აცნობებს პარლამენტის სხდომის დაწყებას, სამი დარტყმით – სხდომის დამთავრებას, ყოველი სხვა პროცედურის დაწყება და დამთავრება ერთი დარტყმით აღინიშნება. სხდომის თავმჯდომარეს სხდომათა დარბაზში წესრიგის დაცვაში ეხმარება პარლამენტის მანდატური.

2. სხდომის მიმდინარეობისას, პარლამენტის წევრების გარდა, დარბაზში მოძრაობის უფლება აქვთ მხოლოდ მანდატურს, მაცნეებს, პარლამენტის აპარატის პასუხისმგებელ მუშაკებს, რომლებიც განმასხვავებელ სამკერდე ნიშნებს ატარებენ. სხდომის მიმდინარებისას დარბაზში შესვლის უფლება განსახილველ საკითხზე აქვს კომიტეტის აპარატის პასუხისმგებელ მუშაკს.

    მუხლი 9

1. პარლამენტის მუშაობის გაცნობის, საკანონმდებლო ხელისუფლებისადმი პატივისცემის სულისკვეთებით აღზრდის და ურთიერთკონტაქტის მიზნით განსაზღვრული დროით სხდომათა დარბაზში შეიძლება მოიწვიონ მოსწავლე-ახალგაზრდობის წარმომადგენლები. დასაშვებია ჩატარდეს მათი დაჯილდოვების პროცედურაც.

2. პარლამენტის სასახლეში დასაშვებია ექსკურსიები.

3. დაუშვებელია პარლამენტის სასახლეში ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის ტარება, გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისისა. ასევე დაუშვებელია პარლამენტის წევრის პირადი ჩხრეკა.

თავი V

პარლამენტის პირველი სხდომის გახსნისა და ერთგულების ფიცის დადების რიტუალები

    მუხლი 10

ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა იმართება არჩევნებიდან 20 დღის განმავლობაში, თუ ცნობილია პარლამენტის წევრთა არანაკლებ ორი მესამედის არჩევა.  სხდომას ხსნის საქართველოს პრეზიდენტი. პარლამენტი მუშაობას შეუდგება, თუ დადასტურებულია დეპუტატთა არანაკლებ ორი მესამედის უფლებამოსილება. პირველ სხდომას ესწრება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

სახელმწიფო ჰიმნის შესრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი სიტყვას აძლევს ასაკით უხუცეს პარლამენტის წევრს, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე უძღვება სხდომას.

სხდომაზე შეიძლება მოწვეულ იქნენ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, ქვეყნის სხვა რელიგიურ კონფესიათა უმაღლესი სასულიერო პირები, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეები, ამომრჩეველთა წარმომადგენლები.

    მუხლი 11

1. პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უფლებამოსილების დადასტურების შემდეგ პარლამენტის წევრები ქვეყნისადმი ერთგულების ფიცს დებენ. ტექსტს კითხულობს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, რასაც პარლამენტის წევრები ხელმოწერით ადასტურებენ:

"მე,სრულიად საქართველოს წარმომადგენელი და მისდამი ანგარიშვალდებული, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ კეთილსინდისიერად აღვასრულებ პარლამენტის წევრის უფლება-მოვალეობებს, ვიქნები კონსტიტუციური წყობილების, ქვეყნის დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და მთლიანობის, ხალხის ინტერესების, მოქალაქეთა უფლება-თავისუფლებების, საქართველოს ძლევამოსილების დაცვის სამსახურში“.

2. თუ პარლამენტის წევრის უფლებამოსილების დადასტურება გადაიდო, ან პარლამენტის წევრად აირჩიეს მეორე ტურში ან გამოკლებულის ნაცვლად, იგი ფიცის ტექსტს კითხულობს და ადასტურებს ხელმოწერით უფლებამოსილების დადასტურებისთანავე.

3. თუ პარლამენტის წევრი უარს აცხადებს ფიცის დადებაზე, განიხილება, რომ ის ვერ ახორციელებს პარლამენტის წევრის უფლებამოსილებას.

4. პარლამენტის წევრი უფლებამოსილების მთელი პერიოდის განმავლობაში ატარებს პარლამენტის წევრის პირადობის მოწმობას და სამკერდე ნიშანს, რომლებსაც მას ფიცის დადების შემდეგ გადასცემს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

კარი III

პარლამენტის სუბიექტები და მათი უფლებამოსილებანი

თავი VI

პარლამენტის წევრი

    მუხლი 12

პარლამენტის წევრის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, კანონით "პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ", სხვა კანონებით და რეგლამენტით.

    მუხლი 13

1. პარლამენტის წევრი არის საპარლამენტო საქმიანობის ძირითადი სუბიექტი, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს:

ა) პარლამენტის სხდომაზე, კომიტეტში, ფრაქციაში, საგამოძიებო და სხვა დროებით კომისიაში საქმიანობით;

ბ) ამომრჩევლებთან შეხვედრებით, მათი მიღებით, დასმულ საკითხებზე რეაგირებით;

გ) სახელმწიფო და სხვა ორგანოებთან კანონმდებლობით და რეგლამენტით გათვალისწინებული ურთიერთობით.

2. პარლამენტის წევრი პარლამენტის სხდომაზე, კომიტეტში, ფრაქციაში და ამომრჩევლებთან გაწეული საქმიანობის შესაბამისად იღებს კანონით დადგენილ გასამრჯელოს (ხელფასი, სადეპუტატო დანამატი, პრემია).

3. პარლამენტი თავისი ბიუჯეტის მეშვეობით ახორციელებს იმ დეპუტატის საბინაო პირობებით უზრუნველყოფას, რომელსაც არ გააჩნია თბილისში საცხოვრებელი ფართი.  პარლამენტის წევრს მოთხოვნის შემთხვევაში, არსებული შესაძლებლობისა და განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში, შეიძლება მიეცეს ბინის დასაქირავებლად გამოყოფილი მთლიანი თანხა ან კრედიტი კანონით და დებულებით დადგენილი წესით.  განცხადება უნდა წარედგინოს პარლამენტის თავმჯდომარეს. შესაბამისი კომიტეტი ან ამ მიზნით სპეციალურად შექმნილი დეპუტატთა ჯგუფი შეისწავლის განცხადებას და შეიმუშავებს შესაბამის დასკვნას, რომელიც წარედგინება პარლამენტის ბიუროს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. საჭიროების შემთხვევაში პარლამენტი გადაწყვეტილებას იღებს დადგენილებით.

    მუხლი 14

1. პარლამენტის წევრი მისი უფლებამოსილების დადასტურებამდე წყვეტს შეუთავსებელ სამსახურს და სამეწარმეო საქმიანობას. ამ მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში საქართველოს კონსტიტუციის, "საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ," "მეწარმეთა შესახებ" კანონების და რეგლამენტის 190-191 მუხლებით დადგენილი წესით შეუწყდება უფლებამოსილება.

2. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის საკითხს წყვეტს პარლამენტი. მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში.

3. პარლამენტის წევრი შეუთავსებელ თანამდებობაზე არჩევის, დანიშვნის ან დამტკიცებისთანავე თავისუფლდება სადეპუტატო მოვალეობისაგან. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს პარლამენტში შეაქვს გადაწყვეტილების პროექტი პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე.

    მუხლი 15

თუ სათანადო შესწავლის შემდეგ დადასტურდა, რომ პარლამენტის წევრმა გადააჭარბა უფლებებს ან ისინი პირადი ინტერესებისათვის გამოიყენა, მაშინ მის მიმართ გამოიყენება რეგლამენტის LIV და LV თავებით, "პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ" კანონით და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.

    მუხლი 16

1. პარლამენტის წევრი ვალდებულია ექვს თვეში ერთხელ მაინც წარდგეს ინფორმაციით ამომრჩეველთა წინაშე თავისი და პარლამენტის საქმიანობის შესახებ.

2. საპარლამენტო ფრაქციების წარდგინების საფუძველზე, პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, პროპორციული წესით არჩეული დეპუტატი, როგორც წესი, მიემაგრება იმ საარჩევნო ოლქს, სადაც ის ცხოვრობს, ან აქვს ამომრჩევლებთან მჭიდრო ურთიერთობა. მათგან და მაჟორიტარი დეპუტატებისაგან შეიძლება შეიქმნას დეპუტატთა ჯგუფი საარჩევნო ოლქების ან ტერიტორიული ერთეულების მიხედვით. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართვე-ლობის ორგანოები ვალდებულნი არიან პარლამენტის წევრს უფლებამოსილების შეუფერხებელი განხორციელებისათვის ადგილზე შეუქმნან ინფორმაციით, ტრანსპორტით, კავშირგაბმულობის საშუალებებით უზრუნველყოფისა და სხვა აუცილებელი სამუშაო პირობები.

    მუხლი 17

1. პარლამენტის წევრი ვალდებულია მისი უფლებამოსილების დადასტურებიდან ერთი თვის განმავლობაში და შემდეგ ყოველწლიურად, პირველ მარტამდე, კანონით დადგენილი წესით შეავსოს და სახელმწიფო მოხელეთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს წარუდგინოს ქონებრივი და საშემოსავლო დეკლარაცია.

2. ქონებრივი და საშემოსავლო დეკლარაცია უნდა შეიცავდეს პარლამენტის წევრისა და მისი ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრის ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის კანონით დადგენილი ფორმით ამსახველ სრულ მონაცემებს.

3. პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი პერიოდულად და საჭიროების შემთხვევაში აანალიზებს სათანადო ორგანოებიდან წარმოდგენილ პარლამენტის წევრის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციიის შესახებ ინფორმაციას და, აუცილებლობის შემთხვევაში, საკითხი შეაქვს პარლამენტის სხდომაზე განსახილველად.

    მუხლი 18

1. კომიტეტში, საგამოძიებო და სხვა დროებით კომისიაში, ფრაქციაში პარლამენტის წევრის გაწევრიანება ან მისი შემადგენლობიდან გამოსვლა ხდება პირადი განცხადების საფუძველზე, რეგლამენტის VI, IX, X და XI თავებით დადგენილი წესით, გარდა მე-40 მუხლით განსაზღვრული შემთხვევებისა.

2. პარლამენტის წევრი კომიტეტიდან, დროებითი კომისიიდან, ფრაქციიდან გასულად ჩაითვლება განცხადების წარდგენის მომენტიდან, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

    მუხლი 19

პარლამენტის თანამდებობის პირი ვალდებულია შეუფერხებლად მიიღოს პარლამენტის წევრი მისი მოთხოვნით.

    მუხლი 20

1. პარლამენტის წევრის სამუშაო დრო მოიცავს პარლამენტის, კომიტეტის, ფრაქციის, კომისიის სხდომებს, მათში საქმიანობას, ამომრჩევლებთან შეხვედრებს, მათ მიღებას და სხვა უფლებამოსილებათა შესრულებას. იგი სარგებლობს წელიწადში 45 კალენდარული დღის შვებულებით. შვებულება ეძლევა ზაფხულის ან ზამთრის სასესიო არდადეგების დროს მთლიანად ან, მისი თხოვნით, ორ ნაწილად გაყოფით.

2. პარლამენტში კანონშემოქმედების და სხვა სფეროებში პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით პარლამენტის წევრებს შორის აზრთა ურთიერთგაცვლისა და ინფორმაციის მიღების მიზნით იმართება სემინარები, რომლის ორგანიზაციულ და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს პარლამენტის აპარატი.

3. სემინარებში მონაწილეობისათვის შეიძლება მოწვეულ იქნენ შესაბამისი დარგის კომპეტენტური სპეციალისტები, აგრეთვე ყოფილი პარლამენტის წევრები.

4. საპარლამენტო საქმიანობაში მემკვიდრეობითობის შენარჩუნებისა და კანონშემოქმედებაში დაგროვილი გამოცდილების გაზიარების მიზნით, პარლამენტის ორგანოებში უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ კონსულტანტებად შეიძლება მოწვეულ იქნენ პარლამენტის ყოფილი წევრები.

 

თავი VII

პარლამენტის თავმჯდომარე

    მუხლი 21

პარლამენტის თავმჯდომარე არის ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს უფლებამოსილების ვადით პარლამენტის წევრთაგან არჩეული სახელმწიფო თანამდებობის პირი.

    მუხლი 22

პარლამენტის თავმჯდომარე:

ა) უძღვება პარლამენტის მუშაობას, უზრუნველყოფს აზრის თავისუფალ გამოხატვას, საერთო ხელმძღვანელობას უწევს პარლამენტის ორგანოების და თანამდებობის პირების გეგმაზომიერ საქმიანობას;

ბ) თავმჯდომარეობს პარლამენტის სხდომებს, იწვევს და თავმჯდომარეობს პარლამენტის ბიუროს სხდომებს, საჭიროების შემთხვევაში ამ უფლებამოსილებათა განხორციელებას ავალებს თავის ერთ-ერთ მოადგილეს;

გ) საჭიროებისამებრ განსაზღვრავს თავისი მოადგილეების საქმიანობის სფეროებს, აძლევს მათ ცალკეულ დავალებებს:

დ) ხელს აწერს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტების საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენის მიმართვებს;

ე) საქართველოს კონსტიტუციითა და რეგლამენტის 98-ე მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონებს;

ვ) ხელს აწერს პარლამენტის მიერ მიღებულ სხვა აქტებს;

ზ) საჭიროების შემთხვევაში პარლამენტში შეაქვს საკითხი საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისიების შექმნის შესახებ;

თ) წარმოადგენს საქართველოს პარლამენტს საშინაო და საგარეო ურთიერთობებში;

ი) უზრუნველყოფს პარლამენტის, პარლამენტის წევრთა უსაფრთხოებას, მათი ღირსების დაცვას;

კ) ახორციელებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს პარლამენტის შენობაში;

ლ) საერთო ხელმძღვანელობას უწევს პარლამენტის აპარატისა და სხვა დამხარე სტრუქტურების საქმიანობას, ნიშნავს და პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს პარლამენტის აპარატის უფროსისა და მანდატურის კანდიდატურებს, ამტკიცებს პარლამენტის აპარატის სტრუქტურას, საშტატო განრიგსა და შრომის პირობებს;

მ) კოორდინაციას უწევს პარლამენტის ბიუჯეტის ფორმირებას და უზრუნველყოფს მის მიზნობრივ ხარჯვას;

ნ) რეგლამენტით დადგენილი წესით წყვეტს პარლამენტის ცალკეულ წევრთა და საპარლამენტო დელეგაციების საზღვარგარეთ მივლინების საკითხს, როგორც წესი, ფრაქციათა წარმომადგენლობის პრინციპის დაცვით;

ო) რეგლამენტით გათვალისწინებული წესით წყვეტს დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებს;

პ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს;

ჟ) ასრულებს რეგლამენტით, სხვა საკანონმდებლო აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

რ) საქართველოს კონსტიტუციის 76-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, განსაზღვრული ვადით ასრულებს საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობას.

    მუხლი 23

1. პარლამენტის თავმჯდომარის არჩევისა და თანამდებობიდან მისი გადაყენების წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით და რეგლამენტის 101-102-ე,105-108-ე მუხლებით.

2. პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში პარლამენტი 10 დღის განმავლობაში, დადგენილი წესის შესაბამისად, ირჩევს პარლამენტის ახალ თავმჯდომარეს, ხოლო თუ სესიის დამთავრებამდე დარჩენილია 10 დღეზე ნაკლები, საკითხი განიხილება რიგგარეშე სესიაზე.

თავი VIII

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები

    მუხლი 24

პარლამენტი თავის წევრთაგან ირჩევს პარლამენტის თავმჯდომარის ოთხ მოადგილეს, რომელთა არჩევისა და ვადამდე გადაყენების წესი განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციით და რეგლამენტის 101-ე, 103-ე, 105-108-ე, მუხლებით.

    მუხლი 25

1. პარლამენტის თავმჯდომარის მიერ საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულების, ასევე თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან თანამდებობიდან მისი გადაყენების გამო პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები ასრულებენ თავმჯდომარის მოვალეობას საქართველოს კონსტიტუციით და რეგლამენტით გათვალისწინებული შემდეგი წესით:

ა) თუ საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარე ასრულებს საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობას, ამ ხნის განმავლობაში პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას იგი ავალებს ერთ-ერთ მოადგილეს, რასაც პარლამენტი ადასტურებს დადგენილებით;

ბ) პარლამენტის თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილებათა განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე ასრულებს თავმჯდომარის მოვალეობას მისივე დავალებით;

გ) თუ პარლამენტის თავმჯდომარეს არ შეუძლია მოადგილეს დაავალოს თავის უფლებამოსილებათა შესრულება, პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას მის ერთ-ერთ მოადგილეს პარლამენტი ავალებს დადგენილებით.

2. თუ ამ მუხლის "ა" და "გ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების განხილვის დროს პირველსავე კენჭისყრისას არ იქნა მიღებული პარლამენტის დასტური, შედგება იმავე ან სხვა მოადგილის კანდიდატურის ხელახალი განხილვა და კენჭისყრა. პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის საკითხი წყდება არა უგვიანეს ორი უახლოესი პლენარული სხდომის განმავლობაში.

თავი IX

პარლამენტის კომიტეტები

    მუხლი 26

პარლამენტი თავისი უფლებამოსილების ვადით ქმნის კომიტეტებს, რომელთა მიზანია საკანონმდებლო საკითხების წინასწარი მომზადება, პარლამენტის გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობა, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული, პასუხისმგებელი ორგანოების და მთავრობის საქმიანობის კონტროლი. კომიტეტის უფლებამოსილება, მუშაობის წესი და ფორმები განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, "საქართველოს პარლამენტის კომიტეტების შესახებ" კანონით, რეგლამენტით და შესაბამისი დებულებით. გადაწყვეტილება კომიტეტის შექმნის თაობაზე მიიღება კანონით.

    მუხლი 27

კომიტეტში, მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებების მიხედვით, არანაკლებ სამი წევრის შემადგენლობით იქმნება ქვეკომიტეტები. ქვეკომიტეტის შექმნის საკითხზე კომიტეტი იღებს გადაწყვეტილებას, რომელსაც პარლამენტი ამტკიცებს დადგენილებით. ქვეკომიტეტში გაწევრიანების მსურველი კომიტეტის წევრები განცხადებით მიმართავენ კომიტეტის თავმჯდომარეს. ქვეკომიტეტის შემადგენლობას ამტკიცებს კომიტეტის სხდომა.

    მუხლი 28

1. კომიტეტის თავმჯდომარის არჩევის წესი განისაზღვრება 101-ე და 104-106-ე მუხლებით.

2. კომიტეტი, თავისი უფლებამოსილების ვადით, კომიტეტის წევრთაგან, ფარული კენჭისყრით ირჩევს კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს და მოადგილეს, ხოლო ქვეკომიტეტი თავის წევრთაგან – თავმჯდომარეს. არჩეულ პირებს ამტკიცებს პარლამენტის ბიურო.

3. კომიტეტის შემადგენლობაში შეიძლება იყოს მხოლოდ პარლამენტის წევრი. პარლამენტის წევრის მეორე კომიტეტში გაწევრიანების საკითხს განსაზღვრავს მისი ფრაქცია კვოტირებით დადგენილი დამატებითი ადგილების რაოდენობის შესაბამისად.

4. კომიტეტის შემადგენლობაში არ შეიძლება იყვნენ პარლამენტის თავმჯდომარე, ისი მოადგილეები, ფრაქციების თავმჯდომარეები, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და ფრაქციათა სხვა კოალიციების თავმჯდომარეები.

5. კომიტეტის შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 10 წევრით, საპარლამენტო ფრაქციათა წარმომადგენლობის და პარლამენტის იმ წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც არ შედიან არც ერთ ფრაქციაში.

6. კომიტეტში გაწევრიანების შესახებ პარლამენტის წევრი განცხადებით (მეორე კომიტეტში გაწევრიანების შემთხვევაში კი, მისი ფრაქციის თანდართული წარდგინებით) მიმართავს შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარეს. კომიტეტის თავმჯდომარე ადგენს კომიტეტის წევრთა სიას პროპორციულობის პრინციპის დაცვით. კომიტეტის შემადგენლობა ასარჩევად წარედგინება პარლამენტის უახლოეს სხდომას. სიას ერთიანად ეყრება კენჭი.

7. თუ დაისვა რომელიმე წევრის აცილების საკითხი, ამ წინადადებას ცალკე ეყრება კენჭი. თუ აცილება მიღებულია ან პარლამენტის წევრმა თვითაცილება გამოაცხადა, სხდომას წარედგინება ახალი სია.

8. პარლამენტის წევრები კომიტეტში არჩეულებად ჩაითვლებიან, თუ სიას მხარს დაუჭერს დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედი.

    მუხლი 29

1. პარლამენტის კომიტეტი:

ა) პარლამენტის სამუშაო გეგმის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარის, ბიუროს წინადადებით ან საკუთარი ინიციატივით შეიმუშავებს კანონპროექტებს და შეაქვს პარლამენტის სხდომის განსახილველად;

ბ) მონაწილეობს საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტში შესული კანონპროექტების განხილვა-დამუშავებაში, ამზადებს დასკვნებს წარმოდგენილი კანონპროექტების თაობაზე და გადასცემს პარლამენტის შესაბამის ორგანოს;

გ) ახორციელებს პარლამენტის საკონტროლო ფუნქციებს გეგმური ან ოპერატიული შესწავლის გზით;

დ) კომიტეტის სხდომაზე განსახილველ საკითხებზე ისმენს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ, პასუხისმგებელ ორგანოთა, თანამდებობის პირთა ან მთავრობის წევრთა ინფორმაციებს, ახსნა-განმარტებებს, ამ საკითხებზე იღებს გადაწყვეტილებებს, წარდგინებებს, რეკომენდაციებს, საჭიროების შემთხვევაში, შეაქვს ისინი პარლამენტის ბიუროს და სხდომის განსახილველად ან გზავნის დანიშნულებისამებრ;

ე) წინასწარ განიხილავს პარლამენტის ასარჩევ, დასანიშნ და დასამტკიცებელ კანდიდატურებს, მოითხოვს მათ შესახებ საჭირო ინფორმაციასა და დოკუმენტაციას, რის საფუძველზედაც შეიმუშავებს დასკვნას, რომელსაც წარუდგენს ბიუროს.

2. თუ კომიტეტის მიერ შეტანილი საკითხი პარლამენტის ბიურომ უარყო, კომიტეტი უფლებამოსილია საკითხი შეიტანოს პარლამენტის სხდომაზე, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3. თუ კომიტეტში განხილულ საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი კომიტეტის წევრთა არანაკლებ ერთ მესამედს გააჩნია განსხვავებული აზრი, ისინი უფლებამოსილნი არიან პარლამენტის ბიუროს, სხდომას მოახსენონ თავიანთი მოსაზრებანი.

4. თუ კომიტეტი არ ეთანხმება ქვეკომიტეტის მიერ წარმოდგენილ მოსაზრებას, ქვეკომიტეტი უფლებამოსილია წევრთა სრული შემადგენლობის გადაწყვეტილებით თავის სხდომაზე განხილული საკითხი წარუდგინოს ბიუროს პარლამენტის სხდომის დღის წესრიგში შესატანად, და თავისი მოსაზრება მოახსენოს პარლამენტის ბიუროს ან პარლამენტის სხდომას.

    მუხლი 30

1. პარლამენტის კომიტეტებია:

ა) აგრარულ საკითხთა კომიტეტი. მისი საქმიანობის სფეროებია: კანონმდებლობა აგრარული რეფორმის, მიწის რესურსებისა და კადასტრის, აგროსამსახურებისა და სურსათის, მცენარეთა დაცვის საკითხებზე; სახელმწიფოს აგრარული და სასურსათო პროგრამის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა; აგრარული რეფორმის, მიწის რესურსებისა და კადასტრის, აგროსამსახურისა და სურსათის, მცენარეთა დაცვის საკითხებზე მიღებული დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების შესრულების საპარლამენტო კონტროლი; სავალდებულო მონაწილეობა აგრარული და სურსათის სფეროს სახელმწიფო თანამდებობის პირთა კანდიდატურების განხილვაში;

ბ) ადამიანის უფლებათა და ეროვნულ უმცირესობათა საკითხების კომიტეტი. მისი საქმიანობის სფეროებია: კანონმდებლობა ადამიანის უფლებებისა და ეროვნული უმცირესობის საკითხებზე; ადამიანის უფლებებისა და ეროვნულ უმცირესობათა სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა; ადამიანის უფლებებისა და ეროვნულ უმცირესობათა საკითხებზე მიღებული საკანონმდებლო აქტების, დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების შესრულების საპარლამენტო კონტროლი; ადამიანის უფლებათა და ეროვნულ უმცირესობათა საკითხებზე საერთაშორისო მოლაპარაკებებში მონაწილეობა;

გ) განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი. მისი საქმიანობის სფეროებია: კანონმდებლობა განათლების, მეცნიერების, ტექნოლოგიების, კულტურის, სპორტის, საგამომცემლო, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა, ახალგაზრდობის საკითხებზე; აღნიშნულ სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა; განათლების, მეცნიერების, ტექნოლოგიების, კულტურის, სპორტის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა, საგამომცემლო და ახალგაზრდობის საქმეთა საკითხებზე მიღებული საკანონმდებლო აქტების, დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების შესრულების საპარლამენტო კონტროლი; სავალდებულო მონაწილეობა ამ სფეროების სახელმწიფო თანამდებობის პირთა კანდიდატურების განხილვაში;

დ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი. მისი საქმიანობის სფეროებია: კანონმდებლობა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების გამოყენების, გარემოსა და მოსახლეობის ეკოლოგიური უსაფრთხოების, ხარისხის სერტიფიკაციისა და სტანდარტიზაციის, გარემოს დაცვითი ნორმების, გარემოს აღრიცხვისა და მონიტორინგის საკითხებზე; ამ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა, აღნიშნულ საკითხებზე მიღებული ნორმატიული აქტების საპარლამენტო კონტროლი; სავალდებულო მონაწილეობა ამ სფეროების სახელმწიფო თანამდებობის პირთა კანდიდატურების განხილვაში;

ე) დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი. მისი საქმიანობის სფეროებია: კანონმდებლობა მრეწველობის, მშენებლობის, კომუნალური მეურნეობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, ტურიზმისა და რეკრეაციის საკითხებზე; ამ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა; მოცემულ საკითხებზე მიღებული საკანონმდებლო აქტების, დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების შესრულების საპარლამენტო კონტროლი;

სავალდებულო მონაწილეობა მრეწველობის, მშენებლობის კომუნალური მეურნეობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, ტურიზმისა და რეკრეაციის სფეროების სახელმწიფო თანამდებობის პირთა კანდიდატურების განხილვაში;

ვ) ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტი. მისი საქმიანობის სფერო ებია: კანონმდებლობა ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების საკითხებზე; მონაწილეობა სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში; საერთაშორისო ეკონომიკურ ორგანიზაციებთან ურთიერთობა; ეკონომიკური რეფორმებისა და ეკონომიკური პოლიტიკის საკითხებზე მიღებული საკანონმდებლო აქტების, დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების შესრულების საპარლამენტო კონტროლი; სავალდებულო მონაწილეობა ეკონომიკის სფეროს სახელმწიფო თანამდებობის პირთა კანდიდატურების განხილვაში;

ზ) თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი. მისი საქმიანობის სფეროებია: კანონმდებლობა თავდაცვისა და უშიშროების საკითხებზე; მონაწილეობა თავდაცვისა და უშიშროების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში; მოცემული სფეროს საკითხებზე მიღებული საკანონმდებლო აქტების, დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების საპარლამენტო კონტროლი; სავალდებულო მონაწილეობა თავდაცვისა და უშიშროების სფეროს სახელმწიფო თანამდებობის პირთა კანდიდატურების განხილვაში;

თ) თვითმმართველობისა და რეგიონალური პოლიტიკის კომიტეტი. მისი საქმიანობის სფეროებია: კანონმდებლობა რეგიონალური პოლიტიკის, თვითმმართველობის, ურბანისტიკისა და საზღვაო საკითხებზე; მონაწილეობა ქვეყნის ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობის, თვითმმართველობის, ურბანისტიკისა და საზღვაო სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში; აღნიშნულ საკითხებზე მიღებული საკანონმდებლო აქტების, დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების შესრულების საპარლამენტო კონტროლი; სავალდებულო მონაწილეობა ურბანისტიკისა და საზღვაო სფეროებში სახელმწიფო თანამდებობის პირთა კანდიდატურების განხილვაში;

ი) მიგრაციისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეების კომიტეტი. მისი საქმიანობის სფეროებია: კანონმდებლობა მიგრაციის, ემიგრაციის, ადგილნაცვალთა განსახლებისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საკითხებზე; მონაწილეობა ამ სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში; უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან, მათ სათვისტომოებთან საქმიანი, სასარგებლო კონტაქტის დამყარება; ქვეყანაში შიგა ემიგრაციული პროცესების რეგულირებისათვის ხელის შეწყობა; მიგრაციის, ემიგრაციის, ადგილნაცვალთა განსახლებისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საკითხებზე მიღებული საკანონმდებლო აქტების, დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების შესრულების საპარლამენტო კონტროლი; სავალდებულო მონაწილეობა ლტოლვილთა და განსახლების სფეროს სახელმწიფო თანამდებობის პირთა კანდიდატურების განხილვაში;

კ) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი. მისი საქმიანობის სფეროებია: კანონმდებლობა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის, საგარეო ურთიერთობათა საკითხებზე; მონაწილეობა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში; საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა რატიფიცირების, დენონსირების და გაუქმების შესახებ წინადადებათა განხილვა და პარლამენტისათვის წარდგენა; საგარეო ურთიერთობათა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების საპარლამენტო კონტროლი; სავალდებულო მონაწილეობა საგარეო ურთიერთობათა სფეროს სახელმწიფო თანამდებობის პირთა კანდიდატურების განხილვაში;

ლ) საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტი. მისი საქმიანობის სფეროებია: კანონმდებლობა ზოგადსამართლებრივ, მართლწესრიგისა და კანონიერების დაცვის, აგრეთვე სახელმწიფო სამართლის, სისხლის სამართლის, სამეწარმეო სამართლის, საერთაშორისო-საჯარო და საერთაშორისო-კერძო სამართლის, სასამართლო რეფორმის საკითხებზე; მონაწილეობა სამართლებრივი პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში; საქართველოს კონსტიტუციასა და კანონებთან ყველა დონის ტერიტორიული ერთეულების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანოების, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული და აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანოების ნორმატიული აქტების შესაბამისობისათვის კონტროლი; ზოგადსამართლებრივ, მართლწესრიგისა და კანონიერების დაცვის, სასამართლო რეფორმების საკითხებზე მიღებული საკანონმდებლო აქტების, დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების შესრულების საპარლამენტო კონტროლი; სავალდებულო მონაწილეობა სამართალდაცვის სფეროს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ სახელმწიფო თანამდებობის პირთა კანდიდატურების განხილვაში;

მ) საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი. მისი საქმიანობის სფეროებია: პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნათა შესრულების დაცვის უზრუნველყოფა, დეპუტატის სტატუსის შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფა; შიდა საპარლამენტო კონტროლის განხორციელება; საკანონმდებლო და საკონტროლო საქმიანობა, პარლამენტის ორგანიზაციულ საქმიანობაში ხელისშეწყობა; აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურათა საქმიანობის ეფექტიანობის საკითხების შესწავლა და პარლამენტის ბიუროსათვის რეკომენდაციების წარდგენა; მონაწილეობა პარლამენტის მიერ ასარჩევ, დასანიშნ და დასამტკიცებელ თანამდებობის პირთა კანდიდატურების განხილვაში;

ნ) საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი. მისი საქმიანობის სფეროებია: კანონმდებლობა საფინანსო-საბიუჯეტო და ფულად-საკრედიტო პოლიტიკის, საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის საკითხებზე; მონაწილეობა სახელმწიფოს ფულად-საკრედიტო, საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში; საფინანსოსაბიუჯეტო პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებზე საერთაშორისო, აგრეთვე საზღვარგარეთის ქვეყნების სამთავრობო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, საქმიან წრეებთან თანამშრომლობა; საფინასო-საბიუჯეტო, ფულად-საკრედიტო, საგადასახადო და საბაჟო საკითხებზე მიღებული საკანონმდებლო აქტების, დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების შესრულების საპარლამენტო კონტროლი; სავალდებულო მონაწილეობა საფინანსო-საბიუჯეტო და ფულად-საკრედიტო სფეროს სახელმწიფო თანამდებობის პირთა კანდიდატურების განხილვაში.

ო) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი. მისი საქმიანობის სფეროებია: კანონმდებლობა მოსახლეობის დაცვისა და შრომითი ურთიერთობების, დედათა და ბავშვთა დაცვის, ოჯახის განვითარების, ვეტერანთა საკითხებზე; მონაწილეობა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დაცვის სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში; მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის, დასაქმების, სოციალური დაცვისა და შრომითი ურთიერთობების, დედათა და ბავშვთა დაცვის, ოჯახის განვითარების, ვეტერანების საკითხებზე მიღებული საკანონმდებლო აქტების, დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების საპარლამენტო კონტროლი; სავალდებულო მონაწილეობა ჯანმრთელობის დაცვის, დასაქმების, სოციალური უზრუნველყოფის სფეროების სახელმწიფო თანამდებობის პირთა კანდიდატურების განხილვაში.

2. კომიტეტების დებულებებს ამტკიცებს პარლამენტის ბიურო.

    მუხლი 31

პარლამენტის ბიუროს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის წევრს, საპარლამენტო ფრაქციას, უმრავლესობას, ფრაქციათა სხვა კოალიციას უფლება აქვთ სათანადო წერილობითი დასაბუთების წარდგენით დააყენონ საკითხი ახალი კომიტეტის შექმნის თაობაზე. პარლამენტი აღნიშნულ წინადადებას კენჭს უყრის დამსწრეთა უმრავლესობით. თუ წინადადება მიღებულია, კენჭისყრაზე დგება კანონპროექტი "საქართველოს პარლამენტის კომიტეტების შესახებ" კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ.

თავი X

პარლამენტის საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიები

    მუხლი 32

1. პარლამენტი დროებით საგამოძიებო კომისიას ქმნის სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოკვლევისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით.

2. სხვა დროებითი კომისია შეიძლება შეიქმნას ისეთი ცალკეული საკითხების შესასწავლად, რომლებიც მოითხოვენ დეტალურ გამოკვლევას და დასკვნის მომზადებას, აგრეთვე პარლამენტის გამგებლობას მიკუთვნებული სხვა ერთჯერადი ფუნქციების შესასრულებლად.

3. სხვა დროებითი კომისიის შექმნისთანავე პარლამენტი განსაზღვრავს მისი უფლებამოსილების ვადას, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა. თუ კომისიამ დადგენილ ვადაში ვერ წარმოადგინა დასკვნა განსახილველ საკითხზე, პარლამენტს შეუძლია:

ა) გაუგრძელოს უფლებამოსილების ვადა;

ბ) გაუგრძელოს უფლებამოსილების ვადა და შეცვალოს მისი შემადგენლობა;

გ) შეწყვიტოს კომისიის უფლებამოსილება და შესაბამისად საკითხის შესწავლა.

4. საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების უფლებამოსილება, მუშაობის წესი და ფორმები განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიების შესახებ" და "საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიების შესახებ" კანონებით, რეგლამენტის 71-ე, 74-ე მუხლებით და მათ შესაბამისად დამტკიცებული დებულებებით.

5. პარლამენტის საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიები ანგარიშვალდებულნი და პასუხისმგებელნი არიან პარლამენტის წინაშე. ისინი თვეში ერთხელ ინფორმაციას წარუდგენენ პარლამენტის ბიუროს, ხოლო სამ თვეში ერთხელ პარლამენტის სხდომას, რომელიც დამსწ-რეთა ხმების უმრავლეოსობით ცნობად იღებს ინფორმაციას, ან იღებს სხვა შესაბამის გადაწყვეტილებას.

    მუხლი 33

პარლამენტის თავმჯდომარეს, კომიტეტს, საპარლამენტო ფრაქციას ან პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეოთხედს უფლება აქვს სათანადო წერილობითი დასაბუთების წარდგენით დააყენონ საკითხი საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისიის შექმნის თაობაზე. პარლამენტი აღნიშნული წინადადების მიზანშეწონილობას კენჭს უყრის დამსწრეთა უმრავლესობით. თუ წინადადება მიღებულია, მაშინ კენჭისყრაზე დგება გადაწყვეტილების პროექტი საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისიის შექმნის შესახებ. გადაწყვეტილება მიიღება დადგენილებით.

    მუხლი 34

1. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლობა საგამოძიებო და სხვა დროებით კომისიაში არ უნდა აღემატებოდეს კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარს. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციებში გაერთიანებული და პარლამენტის იმ წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც არ შედიან არც ერთ საპარლამენტო ფრაქციაში.

2. საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისიების თავმჯდომარეები აირჩევიან კომისიის უფლებამოსილების ვადით.

3. საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისიების არჩევის წესი განისაზღვრება კანონებით "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შესახებ" და "საქართველოს პარლმენტის დროებითი კომისიის შესახებ".

4. დროებითი კომისიის შექმნის შესახებ დადგენილების მიღებისას პარლამენტი ადგენს კომისიის წევრთა რაოდენობას და კანდიდატურების წარდგენის ვადას.

5. საპარლამენტო ფრაქცია, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ათკაციანი ჯგუფი, რომელიც არ შედის არც ერთ საპარლამენტო ფრაქციაში, პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრული პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დაცვით დროებითი კომისიის თავმჯდომარეს წარუდგენს კომისიის წევრობის კანდიდატურებს.

    მუხლი 35

1. პარლამენტის საგამოძიებო ან სხვა დროებითმა კომისიამ თავის სხდომაზე დღის წესრიგთან დაკავშირებით შეიძლება მოისმინოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული, პასუხისმგებელი ორგანოების, თანამდებობის პირების ან მთავრობის წევრების ინფორმაციები, ახსნა-განმარტებები. ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით კომისია იღებს წარდგინებებს, რეკომენდაციებს, შეიმუშავებს დასკვნებს, რომლებსაც წარუდგენს ბიუროს, პარლამენტის სხდომას.

2. საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისიის მიერ შესაბამისი დასკვნის წარდგენისა და თავისი საქმიანობის შესახებ პარლამენტისათვის მოხსენების ვადების დაცვაზე კონტროლს აწესებს პარლამენტის ბიურო.

    მუხლი 36

პარლამენტის თავმჯდომარის, დეპუტატთა არანაკლებ ათკაციანი ჯგუფის, კომიტეტის, საპარლამენტო ფრაქციის წინადადებით კანონპროექტის განხილვისას და რეგლამენტით განსაზღვრულ სხვა გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში შეიძლება შეიქმნას პარლამენტის შემთანხმებელი კომისია.

თავი XI

საპარლამენტო ფრაქცია, უმრავლესობა და ფრაქციათა სხვა კოალიცია

    მუხლი 37

1. საპარლამენტო ფრაქციის შექმნისა და საქმიანობის წესი, მისი უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, კანონით "საპარლამენტო ფრაქციის შესახებ", სხვა კანონებით და რეგლამენტით.

2. ფრაქცია არის პარლამენტის წევრთა ნებაყოფლობითი გაერთიანება, რომელიც იქმნება საერთო-პოლიტიკური შეხედულების საფუძველზე.

3. ფრაქციის შექმნის უფლება აქვს პარლამენტის არანაკლებ ათ წევრს. პარლამენტის წევრებს, რომლებიც არც ერთ საპარლამენტო ფრაქციაში არ არიან გაერთიანებულნი, უფლება აქვთ საკუთარი სურვილითა და შესაბამისი ფრაქციის თავმჯდომარის თანხმობით მიემხრონ საპარლამენტო ფრაქციას, რაც ეცნობება ბიუროს და პარლამენტს. მიმხრობილი პარლამენტის წევრების რაოდენობა პარლამენტის კომიტეტებში და დროებით კომისიებში შესაბამისი ფრაქციის წარმომადგენლობის კვოტის განსაზღვრისას მხედველობაში არ მიიღება. საპარალმენტო ფრაქციის შექმნის, რეგისტრაციისა და გაუქმების დროს მიმხრობილი პარლამენტის წევრების რაოდენობა არ გაითვალისწინება. პარლამენტის წევრს შეუძლია მხოლოდ ერთ საპარლამენტო ფრაქციაში გაერთიანდეს.

4. დაუშვებელია ისეთი საპარლამენტო ფრაქციის ჩამოყალიბება, რომელიც მიზნად ისახავს პირადი, პროფესიული, ადგილობრივი ან რელიგიური ინტერესების დაცვას.

5. პარლამენტის წევრთა გაერთიანება საპარლამენტო ფრაქციის სტატუსს იძენს რეგისტრაციის მომენტიდან.

    მუხლი 38

1. საპარლამენტო ფრაქციის სხდომა საკომიტეტო სხდომების კვირაში იმართება ორშაბათს.

2. პარლამენტის სხდომის დღის წესრიგში შეტანილ კანონპროექტთან დაკავშირებით, ფრაქცია განხილვის შემდეგ ნიშნავს კამათში მონაწილეს, რომელიც პარლამენტის სხდომაზე წარმოადგენს ფრაქციის პოზიციას.

    მუხლი 39

1. საპარლამენტო ფრაქცია რეგისტრაციის მომენტამდე თავისი შემადგენლობიდან ირჩევს ფრაქციის თავმჯდომარეს.

2. საპარლამენტო ფრაქციის რეგისტრაციისათვის ფრაქციის თავმჯდომარე პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს განცხადებით, რომელშიც აღინიშნება ფრაქციის ოფიციალური სახელწოდება, მისი თავმჯდომარის, სხვა ხელმძღვანელ პირთა და წევრთა ვინაობა. მას თან ერთვის ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმა და წესდება. პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომას წარუდგენს ფრაქციის რეგისტრაციისათვის შემოსულ მასალებს. მასალები შესწავლისა და დასკვნისათვის გადაეცემა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს. ბიუროს გადაწყვეტილება ეცნობება პარლამენტის პირველსავე მომდევნო სხდომას, აგრეთვე გამოქვეყნდება "პარლამენტის უწყებანში".

3. ფრაქციის თანამდებობის პირები არიან: ფრაქციის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და მდივანი. მათი უფლებამოსილება, არჩევის, გადაყენების, გადარჩევის ან გადადგომის წესი განისაზღვრება კანონითა და მის შესაბამისად დამტკიცებული ფრაქციის წესდებით.

    მუხლი 40

1. ფრაქცია გაუქმებულად ითვლება, თუ მის შემადგენლობაში დარჩა ათზე ნაკლები წევრი.

2. ფრაქციათა გაყოფის, გაუქმების ან შეერთების შემთხვევაში პარლამენტის ბიურო გადაანაწილებს მათი პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს.

3. თუ ფრაქცია არ დაეთანხმება პარლამენტის ბიუროს, რეგისტრაციის ან გაუქმების თაობაზე, უფლებამოსილია მიმართოს პარლამენტის სხდომას.

4. პარლამენტის ორგანოების, ასევე დელეგაციების ჩამოყალიბებისას ფრაქცია უფლებამოსილია მოითხოვოს პროპორციული წარმომადგენლობის პრინციპის დაცვა.

5. თუ პარლამენტის წევრი ფრაქციიდან გავიდა ან გაირიცხა, ფრაქცია უფლებამოსილია მოითხოვოს პარლამენტის ორგანოებისა და დელეგაციების შემადგენლობაში მისი სხვა წევრით შეცვლა. საკითხს წყვეტს პარლამენტი ხმების იმ რაოდენობით, რითაც ის არჩეული იყო ამ ორგანოთა და დელეგაციათა შემადგენლობაში. მონაცვლეობის ეს წესი არ ვრცელდება პარლამენტის არჩევით თანამდებობის პირებზე. საკითხი შეიძლება გადაწყდეს მხოლოდ თანამდებობის პირთა გადარჩევის წესით.

6. იმ შემთხვევაში, თუ ფრაქციას შეუმცირდა კვოტირების ნორმები, ის ვალდებულია თვითონ განსაზღვროს თუ პერსონალურად ვის გამოიყვანს პარლამენტის ამა თუ იმ ორგანოდან, ან დააყენებს საკითხს ამის შესახებ.

    მუხლი 41

1. პარლამენტში შეიძლება შეიქმნას უმრავლესობა, ფრაქციათა სხვა კოალიცია.

2. უმრავლესობა იქმნება როგორც ერთი ფრაქციის, ისე საერთო პოლიტიკური შეხედულების მქონე ორი ან მეტი საპარლამენტო ფრაქციის მიერ, თუ მათში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობა გადააჭარბებს პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარს.

3. ფრაქციათა სხვა კოალიცია შეიძლება შექმნას ორმა ან მეტმა საპარლამენტო ფრაქციამ.

4. უმრავლესობა, ფრაქციათა სხვა კოალიცია უფლებამოსილებას შეიძენს ბიუროს მიერ მათი რეგისტრაციის შემდეგ. რეგისტრაციისათვის უმრავლესობის ლიდერი,ფრაქციათა სხვა კოალიციის თავმჯდომარე ბიუროს წარუდგენენ განცხადებას, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს უმრავლესობის ლიდერის, ფრაქციათა სხვა კოალიციის თავმჯდომარის და წევრთა ვინაობა. განცხადებას თან ერთვის მათი პოლიტიკური პლატფორმა და დებულება უმრავლესობის ლიდერის, ფრაქციათა სხვა კოალიციის თავმჯდომარის და მათში შემავალი სხვა ფრაქციების თავმჯდომარეების ხელმოწერებით.

5. ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ ეცნობება პარლამენტს და ქვეყნდება, "პარლამენტის უწყებანში".

6. უმრავლესობის და ფრაქციათა სხვა კოალიციის საქმიანობას უზრუნველყოფენ მათი აპარატები, რომლებიც იქმნება დადგენილი წესის შესაბამისად. აპარატების საშტატო ერთეულების რაოდენობა განისაზღვრება მათში გაერთიანებული ფრაქციების აპარატების საშტატო ერთეულების ხარჯზე.

7. უმრავლესობის, ფრაქციათა სხვა კოალიციის უფლებამოსილებანი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, "საპარლამენტო ფრაქციის შესახებ" კანონით, რეგლამენტით და შესაბმისი დებულებებით.

თავი XII

პარლამენტის ბიურო

    მუხლი 42

პარლამენტის საქმიანობის ორგანიზაციის მიზნით პარლამენტის თავმჯდომარის,მისი მოადგილეების, პარლამენტის კომიტეტებისა და საპარლამენტო ფრაქციების თავმჯდომარეების შემადგენლობით იქმნება პარლამენტის ბიურო.

    მუხლი 43

1. ბიურო, რეგლამენტით გათვალისწინებული წესით:

ა) შეიმუშავებს და პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს პერსპექტიულ (უფლებამოსილების ვადით) სამუშაო პროგრამას, მიმდინარე (ერთი წლის სასესიო პერიოდების გამოყოფით) სამუშაო გეგმებს, ორკვირიანი ციკლის პლენარული სხდომების დღის წესრიგს, სასესიო კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგის პროექტს, წინადადებებს შეკითხვების განხილვისა და პოლიტიკური დებატებისათვის განკუთვნილი სხდომის დანიშვნის შესახებ;

ბ) განსაზღვრავს და პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს პარლამენტის კომიტეტებში, საგამოძიებო და სხვა დროებით კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს;

გ) ამტკიცებს პარლამენტის კომიტეტებისა და კომისიების დებულებებს, იღებს გადაწყვეტილებებს პარლამენტის მუშაობის სხვა ორგანიზაციულ საკითხებზე;

დ) წყვეტს საპარლამენტო ფრაქციების, უმრავლესობის, ფრაქციათა სხვა კოალიციის რეგისტრაციის საკითხებს;

ე) ამტკიცებს კომიტეტის თავმჯდომარეთა მოადგილეებს, ქვეკომიტეტების თავმჯდომარეებს, საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის მდივანს, საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების დებულებებს, საორგანიზაციო სხდომის ოქმს, და ამის შესახებ აცნობებს პარლამენტს;

ვ) უზრუნველყოფს საზღვარგარეთის ქვეყნებში წარგზავნილი საპარლამენტო დელეგაციებისა და პარლამენტის წევრების ანგარიშების მოსმენას ბიუროს ან პარლამენტის სხდომაზე;

ზ) ახორციელებს რეგლამენტითა და საკანონმდებლო აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

2. ბიურო განიხილავს პარლამენტის სხდომაზე გასატანი კანონპროექტების მზადყოფნის საკითხს, კომიტეტებისა და კომისიების დასკვნებს, რეზოლუციებისა და მიმართვების პროექტებს. აგრეთვე შესაბამისი კომიტეტების დასკვნებს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ თანამდებობის პირთა არჩევის, დანიშვნის და დამტკიცების საკითხებზე. მათ საფუძველზე შეიმუშავებს დასკვნას, რომელსაც წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტს.

 

კარი IV

პარლამენტის სესიები

თავი XIII

ახალარჩეული პარლამენტის პირველი სესია

    მუხლი 44

1. ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე პარლამენტში არჩეულ პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციების შედეგად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით, პარლამენტის წევრთაგან პროპორციულობის პრინციპის დაცვით, დამსწრეთა უმრავლესობით აირჩევა:

ა) პარლამენტის დროებითი ხმის დამთვლელი კომისია 11 წევრის რაოდენობით, რომელიც აირჩევს თავმჯდომარესა და მდივანს. ხმის დამთვლელი კომისია ხელმძღვანელობს ბიულეტენების მომზადებას, დარიგებასა და კენჭისყრის პროცესს, თვალყურს ადევნებს და ითვლის ხმებს ღია ან ფარული კენჭისყრის დროს. დროებითი ხმის დამთვლელი კომისია პარლამენტის პირველ სხდომაზე დამტკიცებული დღის წესრიგის ამოწურვისთანავე წყვეტს საქმიანობას და შეიძლება შეიქმნას შემდგომ ყოველი ერთი სესიის ვადით, თუ პარლამენტი მიზანშეწონილად არ მიიჩნევს დროებითი ხმის დამთვლელი კომისიის ფუნქციების საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ შესრულებას;

ბ) პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია 17 წევრის რაოდენობით, რომელიც თავის შემადგენლობიდან ირჩევს თავმჯდომარესა და მდივანს.

2. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის არჩევისთანავე დროებითი სამანდატო კომისიის უფლებამოსილება წყდება.

    მუხლი 45

1. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პარლამენტს მოახსენებს არჩევნების შედეგებს და დროებით სამანდატო კომისიას გადასცემს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების დასადასტურებლად საჭირო დოკუმენტაციას (საარჩევნო ოქმები, მასალები არჩევნების შედეგების, მისი მოწყობის სისწორის, შემოსული საჩივრების, განცხადებებისა და საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენილი ფაქტების, პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობის შესახებ).

2. დროებითი სამანდატო კომისია შეისწავლის წარმოდგენილ დოკუმენტაციას და შედეგებს მოახსენებს პარლამენტს, რომელიც დადგენილებით ადასტურებს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილებას სამანდატო კომისიის მიერ წარმოდგენილი ერთიანი სიით.

3. პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების დადასტურების თაობაზე დადგენილებაში არ შეიტანება იმ პირის გვარი, რომლის არჩევის კანონიერება საეჭვოდ მიიჩნია დროებითმა სამანდატო კომისიამ, ან რომელმაც არ შეწყვიტა პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობა, ასეთი პირის საკითხს შეისწავლის დროებითი სამანდატო კომისია ან საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი. დასკვნას პარლამენტი განიხილავს უახლოეს სხდომაზე და იღებს სათანადო გადაწყვეტილებას.

4. თუ იმ წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილებაც პარლამენტმა დაადასტურა, ნაკლებია პარლამენტის სრული შემადგენლობის ორ მესამედზე, მაშინ პარლამენტის სხდომა წყდება. ახალარჩეული პარლამენტის მომდევნო სხდომას იწვევს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პარლამენტის სრული შემადგენლობის სულ ცოტა ორი მესამედის არჩევის ცნობიდან ათი დღის განმავლობაში.

    მუხლი 46

1. საარჩევნო კანონმდებლობის უხეში დარღვევის შემთხვევაში პარლამენტი იღებს დადგენილებას შესაბამის საარჩევნო ერთეულებში არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის შესახებ.

2. თუ არჩევნების შედეგების ბათილად ცნობილი უბნების ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა საქართველოს ამომრჩეველთა რაოდენობის 10 პროცენტზე ნაკლებია, პროპორციული წარმომადგენლობის საფუძველზე არჩეულ პარლამენტის წევრთა უფლებამოსილებას პარლამენტი ადასტურებს. თუ დარღვევა შეეხება ცალკეულ საარჩევნო უბანს ან უბნებს და იგი არ ცვლის მოცემულ საარჩევნო ოლქში არჩევნების შედეგებს,პარლამენტის წევრის უფლებამოსილება უნდა დადასტურდეს.

3. ახალი არჩევნების ან ხელახალი ხმის მიცემის დანიშვნის შემთხვევებში ცენტრალური საარჩევნო კომისია პარლამენტს წარუდგენს არჩევნების (ხმის მიცემის) შედეგებს. პარლამენტის სხდომაზე საკითხი განიხილება რეგლამენტით დადგენილი წესით.

    მუხლი 47

ახალარჩეული პარლამენტი, როგორც წესი, საკითხებს განიხილავს შემდეგი თანამიმდევრობით:

ა) ირჩევს პარლამენტის თავმჯდომარესა და მის მოადგილეებს;

ბ) თავისი უფლებამოსილების ვადით ქმნის კომიტეტებს, ირჩევს მათ თავმჯდომარეებს და ამტკიცებს კომიტეტების შემადგენლობას;

გ) რეგლამენტის XXIX და XXXII თავებით განსაზღვრულ შემთხვევებში განიხილავს მთავრობის შემადგენლობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

თავი XIV

პარლამენტის სასესიო მუშაობის წესი

    მუხლი 48

1. პარლამენტი იკრიბება წელიწადში ორჯერ საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიებზე. საგაზაფხულო სესია იხსნება თებერვლის პირველ სამშაბათს და იხურება ივნისის ბოლო პარასკევს, ხოლო საშემოდგომო სესია იხსნება სექტემბრის პირველ სამშაბათს და იხურება დეკემბრის მესამე პარასკევს.

2. პარლამენტის სესია იხსნება და დახურულად ცხადდება პლენარულ სხდომაზე.

    მუხლი 49

1. პარლამენტის სესია შედგება პლენარული და კომიტეტების სხდომებისაგან, იგეგმება ორკვირიანი ციკლით-კვირამონაცვლეობით. პირველი კვირა ეთმობა პლენარულ სხდომებს, ხოლო მეორე კვირაკომიტეტების მუშაობასა და ადგილებზე ამომრჩევლებთან შეხვედრას.

2. კომიტეტები, საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიები მუშაობას განაგრძობენ სესიებს შორის პერიოდშიც.

    მუხლი 50

პარლამენტის წევრი მოვალეა მონაწილეობდეს სესიის მუშაობაში. სხდომაზე დაუსწრებლობის მიზეზი ეცნობება პარლამენტის თავმჯდომარეს წერილობით. პარლამენტის წევრები მორიგ სესიაზე ცხადდებიან სპეციალური მოწვევის გარეშე. პარლამენტის მუშაობის პერიოდში პარლამენტის წევრს უფლება აქვს დადგენილი წესით მონაწილეობდეს ყველა იმ საკითხზე გამართულ კამათში, რომელიც პარლამენტის განხილვის საგანია, წამოაყენოს წინადადებები, შენიშვნები და შესწორებები განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით, შესთავაზოს კანდიდატურები და გამოთქვას თავისი აზრი ასარჩევი, დასანიშნი ან პარლამენტის მიერ დასამტკიცებელი კანდიდატურების მიმართ, დასვას შეკითხვები, ისარგებლოს სხვა დადგენილი უფლებებით.

    მუხლი 51

1. საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარის, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის მოთხოვნით ან საკუთარი ინიციატივით სესიებს შორის პერიოდში იწვევს პარლამენტის რიგგარეშე სესიას, ხოლო მორიგი სესიის მიმდინარეობისას –  რიგგარეშე სხდომას.

2. წერილობითი მოთხოვნა რიგგარეშე სესიის ან სხდომის მოწვევის თაობაზე გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს.წინადადებას თან ერთვის რიგგარეშე სესიაზე ან სხდომაზე განსახილველ საკითხთა ნუსხა.

3. რიგგარეშე სესიის ან სხდომის მოწვევის აქტი გამოიცემა წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან 48 საათის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში პარლამენტი მომდევნო 48 საათში ვალდებულია შეუდგეს მუშაობას.

4. საქართველოს პრეზიდენტი რიგგარეშე სესიას ან სხდომას მოიწვევს გადაწყვეტილების მიღებიდან არა უმეტეს 10 დღის განმავლობაში, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ, რაც პირადად უნდა ეცნობოს პარლამენტის წევრს სხდომის დაწყებამდე არა უგვიანეს 24 საათისა.

5. პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ჩატარდება მხოლოდ განსაზღვრული დღის წესრიგით და იხურება მისი ამოწურვისთანავე.

6. რიგგარეშე სესია უნდა დამთავრდეს არა უგვიანეს ერთი დღისა მომდევნო სესიის დაწყებამდე. ამ შემთხვევაში პარლამენტს მორიგი სესიის დღის წესრიგში შეუძლია შეიტანოს საკითხი (საკითხები), რომლის განხილვაც ვერ დამთავრდა.

7. პარლამენტი იკრიბება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადებიდან 48 საათის განმავლობაში. მისი წევრები ვალდებულნი არიან პერსონალური შეტყობინების გარეშე გამოცხადდნენ სხდომაზე. ამ შემთხვევაში სესია გრძელდება საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დამთავრებამდე.

თავი XV

პარლამენტის სამუშაო გეგმა

    მუხლი 52

1. ახალარჩეული პარლამენტი არა უგვიანეს მომდევნო წლის თებერვლისა, უფლებამოსილების მთელი პერიოდისათვის, ბიუროს წარდგინებით, დადგენილებით ამტკიცებს პერსპექტიულ სამუშაო პროგრამას, რომელიც მომდევნო წლების სამუშაო გეგმების შედგენის საფუძველია.

2. მომდევნო წლის მიმდინარე გეგმა, სასესიო პერიოდების გამოყოფით, მტკიცდება ყოველი წლის დეკემბერში, ხოლო მიმდინარე წლის საშემოდგომო სესიის გეგმის კორექტირება შესაძლებელია ივნისში, საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე.

3. კანონშემოქმედებითი მუშაობის კოორდინირების მიზნით პარლამენტის ბიურო აწყობს საკონსულტაციო შეხვედრებს პარლამენტის კომიტეტების, საპარლამენტო ფრაქციების, უმრავლესობისა და ფრაქციათა სხვა კოალიციების, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. გეგმების შედგენისას გათვალისწინებული უნდა იქნეს კანონპროექტების პრიორიტეტულობა, რიგითობა, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის წინადადებები.

4. პერსპექტიულ და სამუშაო გეგმებში ცალ-ცალკე უნდა იყოს მოცემული კანონპროექტებისა და პარლამენტის საკონტროლო საკითხების ნუსხა შემსრულებლისა და შესრულების ვადების მითითებით.

კარი V

პარლამენტის სხდომა

თავი XVI

პარლამენტის სხდომის დღის წესრიგი

    მუხლი 53

1. ბიურო სესიის სამუშაო გეგმის საფუძველზე, მიმდინარე ცვლილებების გათვალისწინებით, ადგენს პლენარულ სხდომებზე ორკვირიანი ციკლის განმავლობაში განსახილველი კანონპროექტების და სხვა საკითხების ნუსხას, რომელსაც პარლამენტის აპარატი წინასწარ, არაუგვიანეს ერთი კვირისა ციკლის დაწყებამდე, ურიგებს პარლამენტის წევრებს, შემდგომი ორკვირიანი ციკლის ფარგლებში წინასწარი საკომიტეტო მოსმენისათვის გამიზნული კანონპროექტების ნუსხით და მოსმენის ვადებით.

2. პარლამენტის ბიურო, როგორც წესი, ორკვირიანი ციკლის განმავლობაში განსახილველი საკითბის ნუსხის საფუძველზე, განსაზღვრავს პარლამენტის სასესიო კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგს. დღის წესრიგში გათვალისწინებული უნდა იქნეს პლენარულ სხდომაზე ყოველი საკითხის განხილვისათვის განკუთვნილი დრო.

3. ბიურო უფლებამოსილია, როგორც წესი, საკითხი შეიტანოს პარლამენტის დღის წესრიგის პროექტში იმ შემთხვევაში, თუ არ არის დარღვეული რეგლამენტით განსაზღვრული საკომიტეტო მოსმენის და გამოქვეყნების შესაბამისი ვადები.

4. პარლამენტის სამუშაო კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგის პროექტს, კანონპროექტებსა და სხვა პროექტებს სხდომების დაწყებამდე არა უგვიანეს 5 დღისა პარლამენტის აპარატი უგზავნის კომიტეტებს, ფრაქციებს, პარლამენტის წევრებს სამუშაო ადგილების მიხედვით და სახელმწიფო კანცელარიას.

    მუხლი 54

1. სხდომის თავმჯდომარე კითხულობს დღის წესრიგს, რომელსაც პარლამენტი ამტკიცებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. შესაძლებელია მოხდეს საკითხების გადაადგილება ან ერთმანეთთან დაკავშირებულ თუ ერთგვაროვან საკითხებზე კამათის გაერთიანება.

2. პარლამენტის წევრი, პარლამენტის კომიტეტი, საპარლამენტო ფრაქცია, უფლებამოსილია მოითხოვოს დღის წესრიგში იმ საკითხების შეტანა, რომლებიც ბიუროს არ გაუთვალისწინებია ან მოითხოვოს საკითხის ამოღება.

3. სხდომის თავმჯდომარე განმარტავს დღის წესრიგში საკითხის შეუტანლობის მოტივს, რის შემდეგაც გადაწყვეტილება დღის წესრიგში მისი შეტანის თაობაზე კამათის გარეშე მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით.

4. თუ პარლამენტის ბიუროს გვერდის ავლით შეტანილია წინადადება საკითხის განხილვის თაობაზე, პარლამენტი იღებს გადაწყვეტილებას უახლოეს სხდომაზე მისი მომზადებისა და განხილვისათვის პასუხისმგებელი სუბიექტის გამოყოფის შესახებ.

    მუხლი 55.

1. პარლამენტის სხდომაზე რიგგარეშე განიხილება საქართველოს პრეზიდენტის მიერ შემოტანილი კანონპროექტები და მიმართვები, მისივე მოთხოვნის საფუძველზე.

2. პარლამენტის სხდომაზე შეიძლება მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება კანონპროექტების და სხვა საკითხების რიგგარეშე განხილვის შესახებ.

3. თუ პლენარულ სხდომაზე დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხების განხილვა ვერ მოესწრო, ისინი გადაიტანება შემდეგი სხდომის დღის წესრიგის პირველ რიგში, სხდომის შეწყვეტის მომენტისათვის არსებული თანამიმდევრობით.

4. სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია ყოველი პლენარული სხდომის ბოლოს პარლამენტის წევრებს გააცნოს მომდევნო სხდომის დღის წესრიგი, თარიღი და დრო.

თავი XVII

პარლამენტის სხდომის წარმართვა

    მუხლი 56.

1. პარლამენტის პლენარული სხდომები იმართება, როგორც წესი, სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს. პლენარული სხდომის დღეებში პარლამენტი მუშაობას იწყებს დილის 10 საათზე და ამთავრებს 18 საათზე. დილის სხდომა მიმდინარეობს 10-დან 12 საათამდე. 30-წუთიანი შესვენების შემდეგ,14 საათამდე იმართება მეორე სხდომა, ხოლო ორ- საათიანი (დიდი) შესვენების შემდეგ, 16-დან 18 საათამდე საღამოს სხდომა, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს პარლამენტის გადაწყვეტილებით, დამსწრეთა უმრავლესობით.

2. საჭიროების შემთხვევაში, დამსწრეთა უმრავლესობით პარლამენტს ცვლილება შეაქვს თავისი მუშაობის განრიგში.

3. პარლამენტის ბიუროს, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ათკაციან ჯგუფს, ფრაქციას, უმრავლესობას და ფრაქციათა სხვა კოალიციას, უფლება აქვთ მოითხოვონ პოლიტიკური დებატების დღის დანიშვნა. პოლიტიკური დებატების დღე შეიძლება დაინიშნოს თვეში ერთხელ. გადაწყვეტილება მიიღება დადგენილებით.

    მუხლი 57

1. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება დეპუტატთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

2. სხდომის გახსნისა და კენჭისყრის წინ ხდება პარლამენტის წევრთა რეგისტრაცია.

3. თუ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები, კომიტეტის და ფრაქციათა თავმჯდომარეები არ ესწრებიან სხდომას, მიზეზს სხდომის თამჯდომარე იმავე სხდომაზე აცნობებს პარლამენტს.

4. პარლამენტის ყოველი დილის სხდომის გახსნის წინ, რეგისტრაციის შემდეგ, ფრაქციათა წარმომადგენლები მანდატურს აწვდიან ინფორმაციას პარლამენტის სხდომაზე მათი წევრების დასწრების შესახებ (გამცდენთა გვარები), გაცდენის მიზეზების მითითებით.

5. სხდომაზე პარლამენტის იმ წევრთა დასწრებას, რომლებიც არ არიან გაერთიანებულნი ფრაქციებში, აღრიცხავს მანდატურის სამსახური.

    მუხლი 58

1. პარლამენტის სხდომები, გარდა დახურული სხდომისა, მიმდინარეობს საჯაროდ. სხდომებს შეუძლიათ დაესწრონ პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრული წესით აკრედიტებული ჟურნალისტები.

2. საქართველოს პრეზიდენტი, მინისტრები, სახალხო დამცველი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, კონტროლის პალატის თავმჯდომარე, გენერალური პროკურორი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, უფლებამოსილნი არიან დაესწრონ პარლამენტის სხდომებს საკუთარი ინიციატივით.

3. პარლამენტის თავმჯდომარეს უფლება აქვს სხდომებზე მოიწვიოს საზოგადოებრიობის წარმომადგენლები, უცხოელი სტუმრები, რომლებიც დარბაზში მათთვის განკუთვნილ ადგილებს იკავებენ.

4. ისეთი საკითხების განხილვისას, რომელნიც საიდუმლოების დაცვას საჭიროებენ, საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ათკაციან ჯგუფს, პარლამენტის კომიტეტს, საპარლამენტო ფრაქციას შეუძლიათ დააყენონ საკითხი სხდომის ან მისი ნაწილის დახურულად გამოცხადების შესახებ. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრეთა უმრავლესობა.

5. დახურულ სხდომაზე დამსწრე პირთა წრეს განსაზღვრავს პარლამენტის სხდომის თავმჯდომარე.

6. დახურულ სხდომაზე საკითხის განხილვისას სხდომათა დარბაზის კარები ჩაიკეტება.

7. სხდომის დროს პარლამენტის წევრები, მოწვეული პირები ვალდებულნი არიან დაიცვან საპარლამენტო ეთიკის ნორმები.

თავი XVIII

პარლამენტის სხდომაზე საკითხთა განხილვა

    მუხლი 59

1. პარლამენტის სხდომაზე მოხსენება არ უნდა აღემატებოდეს 30 წუთს, თანამოხსენება 15 წუთს, დასკვნითი სიტყვა 5 წუთს. კამათში გამოსვლისათვის პარლამენტის წევრს ეძლევა 5 წუთამდე, კომიტეტის, საპარლამენტო ფრაქციის, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ათკაციანი ჯგუფის წარმომადგენელს პირველად 10 წუთამდე, მეორედ 5 წუთამდე, ხოლო პროცედურის საკითხებთან, წარმოდგენილ კანდიდატურების განხილვასთან დაკავშირებით, განცხადებებისა და შეკითხვებისათვის 3 წუთამდე.

2. პარლამენტის სხდომაზე საკითხთა განხილვა იწყება საკითხის ინიციატორის ან მის მიერ დანიშნული წარმომადგენლის მოხსენებით.

3. თუ საკითხი მომზადებულია პარლამენის კომიტეტში, თანამომხსენებლად ან ოპონენტად გამოდის შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენელი.

4. პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის ან სხვა უფლებამოსილი სუბიექტის მიერ შემოტანილ საკითხებზე მომოხსენებლად გამოდის მათ მიერ დანიშნული წარმომადგენელი, ხოლო თანამომხსენებლად ან ოპონენტად შესაბამისი კომიტეტის წარმომადგენელი. საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით შემოსულ საკითხზე მომხსენებლად დანიშნული პირი არ შეიძლება იყოს პარლამენტის წევრი.

5. პარლამენტის წევრებს უფლება აქვთ დარბაზში განლაგებული მიკროფონების მეშვეობით კონკრეტული კითხვებით მიმართონ მომხსენებელს. პასუხის გაცემის შემდეგ სხდომის თავმჯდომარე აცხადებს კამათის დაწყებას.

6. კამათში მონაწილეობის მსურველი პარლამენტის წევრები საკითხის განხილვის დაწყებამდე სხდომის სამდივნოში ეწერებიან სიაში, რომელსაც შემდეგ აცხადებს სხდომის თავმჯდომარე. გამომსვლელთა თანამიმდევრობის განსაზღვრისას სხდომის თავმჯდომარე ითვალისწინებს ფრაქციათა, კოალიციათა, უმრავლესობის წარმომადგენლობას და პოზიციას. კამათის მსვლელობისას გამომსვლელთა რიგითობის დაცვა სავალდებულოა. დაუშვებელია სიტყვით გამოსვლა სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე. განხილვის პროცედურულ ან პირად საკითხებთან დაკავშირებით პარლამენტის წევრს შეუძლია სიტყვა მოითხოვოს წინასწარ ჩაუწერლად, მიკროფონთან მისვლით. კამათისათვის განკუთვნილი დროის ამოწურვის შემდეგ კამათი წყდება.

7. თუ სხდომის თავმჯდომარე დარწმუნდა, რომ კამათის დროს საჭირო ინფორმაცია განსახილველ საკითხებზე მიღებულია, იგი უფლებამოსილია გამოაცხადოს შეზღუდული კამათი. შეზღუდულ კამათში გამოსვლის უფლება უნარჩუნდებათ მხოლოდ იმ კომიტეტებისა და საპარლამენტო ფრაქციების წარმომადგენლებს, რომლებიც კამათში იყვნენ ჩაწერილნი და არ გამოუყენებიათ ეს შესაძლებლობა. თუ პარლამენტის წევრი დადგენილი წესით არ არის ჩაწერილი გამომსვლელთა სიაში, იგი უფლებამოსილია დააყენოს საკითხი სხდომის წინაშე, რასაც წყვეტს პარლამენტი დამსწრეთა უმრავლესობით.

8. თუ პარლამენტის წევრი სიტყვის მიცემის მომენტისათვის სხდომას არ ესწრება, მას არ მიეცემა მოცემულ საკითხზე გამოსვლის უფლება. კამათის მონაწილე და განცხადებით გამოსული დეპუტატი უნდა ესწრებოდნენ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებულ კამათის მსვლელობას.

9. პარლამენტის წევრს, რომელმაც პარლამენტში განსახილველად შეიტანა წინადადება, შეუძლია კენჭისყრამდე მოხსნას იგი, თუ პარლამენტი დამსწრეთა ხმების უმრავლესობით არ მიიღებს სხვა გადაწყვეტილებას.

10. მინისტრებს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, კონტროლის პალატის თავმჯდომარეს, გენერალურ პროკურორს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, უფლება აქვთ თითოეულ განსახილველ საკითხზე ერთხელ გამოვიდნენ წინასწარ ჩაუწერლად და რიგგარეშე.

11. სხდომის თამჯდომარის მიერ კამათის შეწყვეტის შემდეგ, მომხსენებელს, თანამომხსენებელს ან ოპონენტს აქვთ საბოლოო სიტყვით გამოსვლის უფლება.

12. სხდომის თავმჯდომარეს შეუძლია გამომსვლელს გაუგრძელოს დრო მისივე მოთხოვნით, დამსწრე პარლამენტის წევრთა ხმების უმრავლესობით. თუ კამათის შეწყვეტის გამო პარლამენტის წევრს არ მიეცემა სხდომაზე გამოსვლის შესაძლებლობა, მისი მოთხოვნით გამოსვლის ტექსტს შეიტანენ სხდომის სტენოგრაფიულ ანგარიშში.

13. თუ პარლამენტის წევრს სახელმწიფო ენაზე გამოსვლა არ შეუძლია, უფლება აქვს ილაპარაკოს სხვა ენაზე, რის შესახებაც სხდომის დაწყებამდე უნდა გააფრთხილოს სხდომის თავმჯდომარე, რომ უზრუნველყოფილ იქნეს ტექსტის თარგმნა.

14. პარლამენტს სხდომას პარლამენტის წევრთა არანაკლებ ათკაციანი ჯგუფის, კომიტეტის, საპარლამენტო ფრაქციის წინადადებით, დამსწრეთა უმრავლესობით შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება კამათის გადავადების ან შეწყვეტის, განსახილველი საკითხის კომიტეტში დაბრუნების ან დღის წესრიგის მომდევნო საკითხზე გადასვლის შესახებ.

    მუხლი 60

1. პარლამენტის სხდომაზე დგება ოქმი და სტენოგრამა. პარლამენტის სხდომის ოქმი, საიდუმლო საკითხების გამოკლებით, შეიძლება გამოქვეყნდეს "პარლამენტის უწყებანში"'. პარლამენტის წევრს უფლება აქვს გამოქვეყნებამდე გაეცნოს თავისი გამოსვლის სტენოგრამას და, საჭიროების შემთხვევაში, რედაქციული შესწორებები შეიტანოს სხდომის ოქმში, მის გამოქვეყნებამდე.

2. დახურული სხდომის სტენოგრაფიული მასალების გაცნობის უფლება აქვთ მხოლოდ პარლამენტის წევრებს, საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილ წარმომადგენელს, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოების იმ წარმომადგენლებს, რომლებიც მონაწილეობდნენ დახურული სხდომის მუშაობაში.

    მუხლი 61

1. პარლამენტის სხდომებს, როგორც წესი, წარმართავს პარლამენტის თავმჯდომარე. თუ მას არ შეუძლია ამ ფუნქციის შესრულება, მიზეზი ეცნობება ბიუროს ან პარლამენტს, ხოლო სხდომის გაძღოლა დაევალება მის ერთ-ერთ მოადგილეს, რაც ფიქსირდება თავმჯდომარის ბრძანებით.

2. სხდომის თავმჯდომარე:

ა) ჩაქუჩის დარტყმით აუწყებს პარლამენტს სხდომის გახსნასა და დამთავრებას;

ბ) უძღვება საკითხების განხილვას;

გ) უზრუნველყოფს რეგლამენტის დაცვას;

დ) ადგენს კამათში მონაწილეთა რიგითობას და სიტყვას აძლევს მათ;

ე) კენჭისყრაზე აყენებს საკითხს და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს;

ვ) ხელს აწერს სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს და სხდომის ოქმს.

ზ) რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სიტყვას ჩამოართმევს გამომსვლელს, აფრთხილებს ოქმში შეტანით ან შეუტანლად, სხდომათა დარბაზს ატოვებინებს პარლამენტის წევრს, მოწვეულ სტუმარს;

თ) რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეწყვეტს სხდომას ან აცხადებს შესვენებას;

ი) კანონპროექტის განხილვისას, საჭიროების შემთხვევაში, კენჭს უყრის საკითხს კამათის შეწყვეტისა და მხარეთა მონაწილეობით შემთანხმებელი კომისიის შექმნის ან საკონსულტაციო შეხვედრის შესახებ;

კ) კენჭისყრაზე დასაყენებელი ვარიანტების სიმრავლისას აწყობს სარეიტინგო გამოკითხვას და ავტორებს სთავაზობს ნაკლებად რეალური წინადადებების მოხსნას.

3. სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს საკითხთა განხილვაში რეგლამენტით გათვალისწინებული წესით, თავისი უფლებამოსილების გადაცემის შემდეგ სხდომის თავმჯდომარე თავისი მოვალეობის შესრულებას უბრუნდება საკითხის განხილვის დამთავრებისთანავე.

თავი XIX

ხმის მიცემა და დათვლა

    მუხლი 62

1. კენჭისყრა ყველა განხილულ საკითხზე, გარდა პერსონალური, საკადრო და რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა გამონაკლისი საკითხებისა, ეწყობა 17 საათიდან საღამოს პლენარულ სხდომაზე.

2. საკითხის ინიციატორს უფლება აქვს მოითხოვოს განხილვის გარეშე საკითხის კენჭისყრაზე დაყენება, რის შესახებაც გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტი დამსწრეთა ხმების უმრავლესობით.

3. ყოველი კენჭისყრის წინ მოწმდება კვორუმი. კენჭისყრაში მონაწილეობის მიღების მიზნით პარლამენტის წვრი, რომელსაც არ გაუვლია ბოლო რეგისტრაცია, ვალდებულია კენჭისყრამდე დააფიქსიროს თავისი დასწრება სხდომაზე ზეპირი განცხადებით. დამსწრეთა უმრავლესობა კენჭისყრის შედეგების შეჯამების დროს გამოიანგარიშება იმ პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობიდან, რომლებმაც გაიარეს ბოლო რეგისტრაცია და მათგან, რომლებიც დაფიქსირდნენ კენჭისყრის დაწყებამდე. თუ სხდომას არ ესწრება კენჭისყრისათვის საჭირო პარლამენტის წევრთა რაოდენობა, სხდომის თავმჯდომარე აცხადებს კენჭისყრის გადადების დროს.

4. თუ შემოვიდა წინადადება კენჭისყრის გადადების შესახებ, მას პირველ რიგში ეყრება კენჭი.

5. კენჭისყრის გამოცხადების შემდეგ პარლამენტის წევრებს სიტყვა მიეცემათ მხოლოდ კენჭისყრის პროცედურულ საკითხებზე.

6. პარლამენტის წევრების მოთხოვნით შემოთავაზებული წინადადების (შესწორების, დამატების) ნაწილებს კენჭი ეყრება ცალ-ცალკე. ასეთი პროცედურის შემდეგ კენჭი ეყრება წინადადებას მთლიანად.

7. თუ წინადადების ყველა ნაწილი უარყვეს, იგი უარყოფილად ჩაითვლება.

8. ძირითადი წინადადების ინიციატორის თანხმობით შეიძლება ყველა წინადადებას და დამატებას კენჭი ეყაროს ძირითად წინადადებამდე. თუ მათი რიცხვი ერთი და იგივე მუხლისადმი ორი ან მეტია, სხდომის თავმჯდომარე მათ კენჭისყრაზე აყენებს წარმოდგენის რიგითობის მიხედვით. თუ ერთი ან რამდენიმე შესწორება ან დამატება მიღებულია, მაშინ ძირითად წინადადებას მათი გათვალისწინებით უყრიან კენჭს. შესწორების ან დამატების შესწორებას კენჭს უყრიან ძირითადი შესწორების ან დამატების კენჭისყრამდე.

    მუხლი 63

1. პარლამენტის წევრი ხმას აძლევს პირადად. დაუშვებელია ხმის მიცემის უფლებისა და კენჭისყრის ელექტრონული პულტის სხვისთვის გადაცემა.

2. თუ პარლამენტის წევრმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, მას უფლება არა აქვს ამ საკითხზე ხმა მისცეს კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ.

    მუხლი 64

1. პარლამენტის სხდომაზე კენჭისყრა არის ღია (ხელის აწევა და სიის ამოკითხვა, ელექტრონული სისტემით გვარების ამობეჭდვა სახელობითი კენჭისყრა) ან ფარული (ბიულეტენებით, ელექტრონული სისტემის გამოყენებით გვარების ფიქსირების დაუშვებლობის გათვალისწინებით).

2. თუ პარლამენტის სხდომამ სხვა გადაწყვეტილება არ მიიღო, საკადრო საკითხებზე კენჭისყრა ტარდება ბიულეტენებით.

3. ყოველი კენჭისყრის წინ სხდომის თავმჯდომარე აცხადებს კენჭისყრის ფორმას, რაც, საჭიროების შემთხვევაში, დასტურდება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. პარლამენტის წევრი კენჭისყრის დროს თავის ნებას გამოხატავს, როგორც მომხრე ან წინააღმდეგი.

4. საპარლამენტო ფრაქციას უფლება აქვს კენჭისყრის დაწყებამდე მოითხოვოს შესვენება არაუმეტეს 10 წუთისა.

    მუხლი 65

1. ბიულეტენების მეშვეობით ფარული კენჭისყრისას ხმის დამთვლელი კომისია ან საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ადგენს კენჭისყრის ადგილსა და ბიულეტენის ფორმას. ბიულეტენები ერთმანეთისაგან არ განსხვავდება. ბიულეტენები შეივსება კენჭისყრისათვის მოწყობილ კაბინაში.

2. საარჩევნო ბიულეტენების შევსებისას პარლამენტის წევრი გადახაზავს მისთვის არასასურველი კანდიდატის გვარს და დატოვებს მხოლოდ იმ კანდიდატის გვარს, რომელსაც მხარს უჭერს. თუ ბიულეტენში მხოლოდ ერთი გვარია შეტანილი, მისთვის ხმის მიცემა გვარის შემოხაზვით, ხოლო მიუცემლობა მისი გადახაზვით გამოიხატება.

3. სხვაგვარად შევსებული ბიულეტენი ბათილად ითვლება.

4. ელექტრონული სისტემის მიერ პარლამენტის წევრის ხმის მისაცემი პულტის სიგნალის მიუღებლობის შემთხვევაში მისი ხმა მიცემულად ჩაითვლება, თუ ეს დადასტურდება აღნიშნული კენჭისყრის შედეგების გამოცხადებამდე. თუ დადასტურდა, რომ განცხადება ფალსიფიცირების მიზნით არის გაკეთებული, ეს კენჭისყრის შედეგებზე გავლენას არ ახდენს. თუ შედეგების გამოცხადების შემდეგ დადასტურდა, რომ ელექტრონულმა სისტემამ არ მიიღო პარლამენტის წევრის პულტის სიგნალი და ეს ხმა გადამწყვეტია, ან სხვისი პულტია გამოყენებული, ტარდება ხელახალი კენჭისყრა.

5. თუ ღია კენჭისყრის შედეგების სისწორე ეჭვს იწვევს, სხდომის თავმჯდომარის, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ათკაციანი ჯგუფის, ფრაქციის მოთხოვნით შეიძლება დადგეს სახელობითი კენჭისყრის (სიის ამოკითხვით ან ელექტრონული სისტემიდან გვარების ამობეჭდვით) საკითხი, რაც დამსწრეთა უმრავლესობით გადაწყდება.

6. კენჭისყრის შედეგების ეჭვქვეშ დაყენების თაობაზე განცხადება სხდომის თავმჯდომარეს წარედგინება დაუყოვნებლივ, კენჭისყრის დამთავრებისთანავე. ხელახალი კენჭისყრის გამართვის შესახებ პარლამენტი გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა საეჭვო ხმების რაოდენობა ცვლის კენჭისყრის საბოლოო შედეგს.

7. ყველა კენჭისყრის შედეგს პარლამენტს მოახსენებს სხდომის თავმჯდომარე, ამასთან სახელობითი კენჭისყრის შედეგები შეიძლება გვარების მითითებით გამოცხადდეს მიკროფონით და გამოქვეყნდეს ბეჭვდით ორგანოში, თუ ამას მოითხოვს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ათკაციანი ჯგუფი, კომიტეტი, ფრაქცია, ან გადაწყვეტს სხდომის თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით.

8. პარლამენტის წევრის მიერ ხმის მისაცემი პულტის აღება და ჩაბარება აღირიცხება აპარატის შესაბამისი სამსახურის მიერ.

კარი VI

პარლამენტის ორგანოთა მუშაობის ფორმები

თავი XX

პარლამენტის ბიუროს, კომიტეტის სხდომა

    მუხლი 66

1. ბიუროს სხდომებს იწვევს და უძღვება პარლამენტის თავმჯდომარე ან მისი დავლებით –  მოადგილე. ბიუროს სხდომები პლენარული სხდომების კვირაში იმართება ორშაბათს, საკომიტეტო სხდომების კვირაში - სამშაბათს, ხოლო არასასესიო პერიოდში საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ ორი სხდომისა თვეში. პარლამენტის თავმჯდომარე უფლებამოსილია მოიწვიოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა საკუთარი ინიციატივით, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ათკაციანი ჯგუფის, პარლამენტის კომიტეტის, საპარლამენტო ფრაქციის დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. ბიუროს სხდომის მასალები სხდომამადე არაუგვიანეს ორი დღისა ურიგდებათ ბიუროს წევრებს. პლენარული სხდომების კვირაში ბიუროს სხდომაზე განსახილველი კანონპროექტები (თანდართული მასალებით), აგრეთვე სხვა საკითხები წარედგინება ბიუროს შესაბამის სხდომამდე არაუგვიანეს ერთი კვირით ადრე.

2. ბიუროს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ბიუროს წევრთა შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედისა. იგი გადაწყვეტილებებს იღებს სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ ბიუროს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა. ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.

3. ბიუროს სხდომა, როგორც წესი, ღიაა. იგი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დახურული სხდომის ჩატარების თაობაზეც. ბიუროს სხდომაზე დამსწრე პირთა წრეს განსაზღვრავს ბიურო. ბიუროს სხდომაზე მისი წევრის დასწრება სავალდებულოა. ბიუროს წევრის შეცვლა სხვა პარლამენტის წევრს შეუძლია მხოლოდ სათათბირო ხმის უფლებით.

4. ბიუროს სხდომებს სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება დაესწროს საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიის თავმჯდომარე, მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების კოორდინატორი, პარლამენტის აპარატის უფროსი, უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის წევრი.

5. პარლამენტის წევრს, მთავრობის წევრს,საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, სახალხო დამცველს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, გენერალურ პროკურორს, კონტროლის პალატის თავმჯდომარეს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს შეუძლიათ ბიუროს წინაშე დააყენონ საკითხი და მონაწილეობა მიიღონ მის განხილვაში სათათბირო ხმის უფლებით.

    მუხლი 67

1. ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები პარლამენტს ეცნობება პირველსავე მომდევნო სხდომაზე.

2. პარლამენტს შეუძლია გააუქმოს ბიუროს გადაწყვეტილებები ან ცვლილებები შეიტანოს მათში.

3. ბიუროს გადაწყვეტილებები ფორმდება სხდომის ოქმით. ბიუროს სხდომის ოქმის ამონაწერები ეგზავნება საპარლამენტო ფრაქციებს, კომიტეტებს, საგამოძიებო და სხვა დროებით კომისიებს, აგრეთვე საკადრო საკითხთა დეპარტამენტსა და საფინანსო სამსახურს.

    მუხლი 68

1. კომიტეტის სხდომას იწვევს და წარმართავს კომიტეტის თავმჯდომარე. მისი არყოფნის დროსპირველი მოადგილე. კომიტეტის სხდომების ჩატარების პერიოდულობას განსაზღვრავს კომიტეტი, მაგრამ არანაკლებ თვეში ორი სხდომისა.

2. კომიტეტის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომიტეტის წევრები ვალდებულნი არიან დაესწრონ სხდომას. კომიტეტის სხდომის მასალები, სხდომამდე არა უგვიანეს ორი დღისა, ურიგდებათ კომიტეტის წევრებს. გადაწყვეტილება მიიღება ღია ან ფარული კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით, გარდა რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებისა. ღია კენჭისყრის დროს ხმების გაყოფისას გადამწყვეტად ითვლება თავმჯდომარის ხმა. კომიტეტის სხდომები ტარდება საკომიტეტო სხდომების კვირის სამუშაო დღეებში, გარდა ორშაბათისა და პარასკევისა.

3. კომიტეტის რიგგარეშე სხდომას იწვევს კომიტეტის თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან პარლამენტის თავმჯდომარის, პარლამენტის ბიუროს, ქვეკომიტეტის ან კომიტეტის წევრთა ერთი მესამედის მოთხოვნით.

4. დღის წესრიგიდან საკითხის მოხსნას ან ახალი საკითხის შეტანას სჭირდება დამსწრე წევრთა ხმების ორი მესამედი.

5. კომიტეტის სხდომები იმართება ღიად ან დახურულად. კომიტეტის გადაწყვეტილებით და კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში დღის წესრიგი და სხდომის თარიღი, როგორც წესი, წინასწარ ცხადდება. სხდომას სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება ესწრებოდნენ პარლამენტის, მთავრობის წევრები და სხვა მოწვეული პირები, სხვა კომიტეტების, ფრაქციების წარმომადგენლები. ინფორმაცია კომიტეტის სხდომის შედეგების შესახებ შეიძლება გამოქვეყნდეს პრესაში. პარლამენტის კომიტეტის სხდომის ოქმები ინახება კომიტეტში და მისი უფლებამოსილების ვადის ამოწურვისთანავე ჩაბარდება პარლამენტის არქივს.

6. კომიტეტი ატარებს რეფერენტულ სხდომებს იმ საკითხების განსახილველად,რომლებიც უნდა წარუდგინოს პარლამენტს, სათათბირო სხდომებს აზრთა გაზიარებისათვის, საკანონპროექტო სხდომებს კანონპროექტის ან მისი ნაწილის განხილვისათვის, სარედაქციო სხდომებს კანონპროექტის ან მისინაწილის განმეორებითი განხილვისათვის, საინფორმაციო სხდომებს შესაბამისი დარგის სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო ორგანოთა ხელმძღვანელების ინფორმაციების მოსასმენად.

    მუხლი 69

1. კომიტეტის სხდომაზე განიხილება კომიტეტში შემუშავებული და შემოსული სხვა კანონპროექტები, ინფორმაციები კომიტეტის საქმიანობის ძირითად მიმართულებათა აქტუალურ საკითხებზე, პეტიციები, მოქალაქეთა საჩივრები და განცხადებები, მთავრობის წევრთა და სახელმწიფო თანამდებობის პირთა ახსნა-განმარტებები, ინფორმაციები, შემოწმებათა სხვა შედეგები.

2. კომიტეტის სხდომაზე განიხილება პარლამენტის მიერ ასარჩევ, დასანიშნ და დასამტკიცებელ სახელმწიფო თანამდებობის პირთა კანდიდატურები.

3. კომიტეტი იღებს რეკომენდაციას, დასკვნას, წინადადებას. კომიტეტის თავმჯდომარე გამოსცემს განკარგულებას შიგა საკომიტეტო ორგანიზაციულ საკითხებზე.

4. კომიტეტის დასკვნები, საჭიროების შემთხვევაში, წარედგინება პარლამენტის ბიუროს, პარლამენტის სხდომას ან გაიგზავნება დანიშნულებისამებრ.

    მუხლი 70

1. ქვეკომიტეტის სხდომებს იწვევს მისი თავმჯდომარე. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა უმრავლესობა. ქვეკომიტეტის წევრები ვალდებულნი არიან დაესწრონ ქვეკომიტეტის სხდომას. ქვეკომიტეტი ატარებს ღია ან დახურულ სხდომებს. სხდომის თარიღი წინასწარ ცხადდება.

2. გადაწყვეტილება მიიღება ღია ან ფარული კენჭისყრით, დამსწრეთა უმრავლესობით.

3. ქვეკომიტეტი იღებს დასკვნებსა და მიმართვებს, რომლებიც, როგორც წესი, წარედგინება კომიტეტის სხდომას.

4. ქვეკომიტეტის სხდომები საჯაროა, გარდა დახურული სხდომებისა სხდომას სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, მოწვეული პირები.

5. ქვეკომიტეტი უფლებამოსილია დასვას წინადადება კომიტეტის სხდომის დღის წესრიგში საკითხის შეტანის თაობაზე.

6. კომიტეტის სხდომაზე ქვეკომიტეტის სახელით შეიძლება კენჭისყრაზე დადგეს განსაკუთრებული ან ალტერნატიული მოსაზრება.

 

თავი XXI

პარლამენტის საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების სხდომები

    მუხლი 71

1. საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისიის პირველ საორგანიზაციო სხდომას კანონით დადგენილი წესით იწვევს კომისიის თავმჯდომარე.

2. კომისიის პირველი საორგანიზაციო სხდომა განსაზღვრავს კომისიის სტრუქტურას და ირჩევს კომისიის თავმჯდომარის მოადგილესა და მდივანს.

    მუხლი 72

1. საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისიის სხდომების პერიოდულობას და ჩატარების ადგილს განსაზღვრავს კომისია, მაგრამ თვეში არანაკლებ ორი სხდომით. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.

2. გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა უმრავლესობით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში ეწყობა ხელახალი კენჭისყრა. თუ გადაწყვეტილება კვლავ არ იქნა მიღებული, საკითხი უარყოფილად ითვლება.

3. სხდომის მიმდინარეობა სრულად და ზუსტად უნდა აისახოს საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისიის სხდომის ოქმში, რომლის შედგენაზე პასუხისმგებელია კომისიის მდივანი.

    მუხლი 73

საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისიის სხდომა იმართება ღიად ან დახურულად (კომისიის გადაწყვეტილებით). კომისიის სხდომაზე წევრთა დასწრება სავალდებულოა. კომისიის სხდომის თარიღი და დღის წესრიგი წინასწარ ეცნობებათ კომისიის წევრებს. ღია სხდომას სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები და მოწვეული პირები. ინფორმაცია კომისიის სხდომების შესახებ შეიძლება გამოქვეყნდეს პრესაში.

    მუხლი 74

შემთანხმებელი კომისიის სხდომას წარმართავს მისი ხელმძღვანელი. სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ. გადაწყვეტილებები მიიღება ერთხმად და წარედგინება პარლამენტს.

კომისიის სხდომის მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობისათვის, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება მოწვეულ იქნენ მთავრობის წევრები და სპეციალისტები.

 

თავი XXII

ინფორმაცია პარლამენტის საქმიანობის შესახებ

    მუხლი 75.

1. პარლამენტის საქმიანობის შესახებ ინფორმაციას ამზადებს და აქვეყნებს პარლამენტის პრესცენტრი.

2. პარლამენტის საქმიანობის გაშუქება ხდება აგრეთვე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, რომელთა წარმომადგენლებსაც აკრედიტაციის შემდეგ შეუძლიათ დაესწრონ პარლამენტის და მისი ორგანოების სხდომებს.

3. პარლამენტის პრესსამსახური ტელევიზიასა და რადიომაუწყებლობასთან ერთად ამზადებს პარლამენტის ღია სხდომების რეპორტაჟებს. პარლამენტის გადაწყვეტილებით შეიძლება დაშვებულ იქნეს ცალკეული სხდომების სრული რადიო-ტელეტრანსლაცია.

    მუხლი 76

1. სხდომების მომზადების პერიოდში და ჩატარების შემდეგ პარლამენტის კომიტეტები, საპარლამენტო ფრაქციები, საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისიები როგორც წესი, განხილულ საკითხებზე მიღებულ გადაწყვეტილებათა შესახებ აწვდიან ცნობებს და სხვა ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახურს და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს.

2. პარლამენტის პრესსამსახური მოიპოვებს საქართველოს შესახებ გავრცელებულ საინფორმაციო მასალებს, რომლებსაც განაზოგადებს და აწვდის პარლამენტის ორგანოებს და პარლამენტის წევრებს.

3. პარლამენტი გამოსცემს ჟურნალს "პარლამენტის უწყებანი".

კარი VII

საკანონმდებლო პროცესი

თავი XXIII

კანონპროექტის მომზადება და წარდგენა პარლამენტში

    მუხლი 77

საკანონმდებლო პროცესის განხორციელების სტადიებია: კანონპროექტის შემუშავება-წარდგენა, მისი განხილვა პარლამენტის კომიტეტებში და პარლამენტის სხდომაზე, კანონპროექტის მიღება, საქართველოს პრეზიდენტის მიერ ხელის მოწერა და კანონის გამოქვეყნება.

    მუხლი 78

საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის მიხედვით საკანონმდებლო ინიციატივის უფლება აქვთ საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის წევრს, პარლამენტის კომიტეტს, საპარლამენტო ფრაქციას, აფხაზეთისა და აჭარის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოებს და არანაკლებ 30000 ამომრჩეველს.

    მუხლი 79

1. საკანონმდებლო ინიციატივა ხორციელდება ზემოაღნიშნული უფლების მქონე სუბიექტების მიერ კანონპროექტის შემუშავებით და პარლამენტში განსახილველად მისი შეტანით.

2. საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტს შეუძლია დაუკვეთოს კანონპროექტი სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციასა და დაწესებულებას (მათ შორის უცხო ქვეყნის დაწესებულებას), ცალკეულ სპეციალისტებსა და სპეციალისტთა ჯგუფს, (მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს).

3. კანონპროექტი პარლამენტში განხილვამდე საექსპერტო დასკვნისათვის შეიძლება გადაეცეთ შესაბამისი დარგის სპეციალისტებს.

4. თუ პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივით შემოსული კანონპროექტი არ არის გათვალისწინებული პარლამენტის სამუშაო გეგმაში, ან იგი გეგმით გათვალისწინებული ვადის დარღვევით არის შემოტანილი, ან საქართველოს პრეზიდენტი მოითხოვს კანონპროექტის რიგგარეშე განხილვას, მისი საპარლამენტო განხილვის ვადებს განსაზღვრავს ბიურო ან პარლამენტის თავმჯდომარე და გადასცემს შესაბამის კომიტეტს (კომიტეტებს).

5. თუ დადგენილ ვადაში ვერ მოხერხდა კანონპროექტის საპარლამენტო განხილვისათვის მომზადება, საჭიროების შემთხვევაში, ვადას გააგრძელებს ბიურო.

6. კანონპროექტი მისმა შემტანმა სათანადო მოტივირებით შეიძლება გამოითხოვოს პირველი მოსმენით მის მიღებამდე.

    მუხლი 80

1. კანონპროექტით განისაზღვრება:

ა) ნორმატიული აქტები, რომლებიც უნდა გამოცხადდეს ძალადაკარგულად ამ კანონის მიღების შემთხვევაში;

ბ) ახალი ნორმატიული აქტები, რომელთა მიღებაც საჭიროა ამ ნორმატიულ აქტთან დაკავშირებით, მათი მიღების ვადა და მიმღები ორგანოს დასახელება.

2. კანონპროექტს უნდა დაერთოს:

ა) განმარტებითი ბარათი, რომელშიც აისახება კანონის მიღების მიზეზი და მისი ძირითადი პრინციპები, იმ შედეგების საფინანსო-ეკონომიკური გაანგარიშება, რასაც გამოიწვევს კანონის მიღება. განმარტებით ბარათში უნდა აღინიშნოს აგრეთვე პროექტის ავტორი (ავტორები) და პროექტის წარმდგენი;

ბ) კანონპროექტი სხვა საკანონმდებლო აქტებში იმ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ, რასაც გამოიწვევს წარდგენილი პროექტის მიღება.

    მუხლი 81

1. ბიუროს სხდომაზე წარდგენილ კანონპროექტს უნდა ერთვოდეს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის ინფორმაცია და პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის დასკვნა.

2. იურიდიული დეპარტამენტი აკეთებს დასკვნას შემდეგი პუნქტების გათვალისწინებით:

ა) შეესაბამება თუ არა, ან ხომ არ ეწინააღმდეგება კანონპროექტი საქართველოს კანონმდებლობას და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს;

ბ) არსებობს თუ არა ახალი კანონის ან მისი ცალკეული დებულებების მიღების საჭიროება;

გ) შეესაბამება თუ არა, ან ხომ არ ეწინააღმდეგება კანონპროექტი საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს;

დ) ამომწურავია თუ არა გასაუქმებელი აქტებისა და სავალდებულო ცვლილებათა ნუსხა.

3. საორგანიზაციო დეპარტამენტის ინფორმაცია მოიცავს რეგლამენტით და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ საპროცედურო მოთხოვნებთან კანონპროექტის მომზადებისა და განხილვის მსვლელობის შესაბამისობის საკითხებს. თუ დარღვეულია კანონპროექტის მომზადებისა და განხილვის ვადა, ამის შესახებ ეცნობება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს, რომელიც ამზადებს შესაბამის დასკვნას.

4. მხოლოდ ბიუროა უფლებამოსილი განსაკუთრებულ შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტში საკითხის რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურის დაუცველად შეტანის თაობაზე.

    მუხლი 82

1. საკანონმდებლო წინადადება არის საკანონმდებლო ინიციატივის უფლების არმქონე სუბიექტის მიერ პარლამენტში წარდგენილი ახალი კანონის მიღების ან მოქმედ კანონში ცვლილება-დამატებების შეტანის დადგენილი წესით გაფორმებული, დასაბუთებული მიმართვა, რომელსაც შეიძლება წარმოადგენდეს პეტიციის ერთ-ერთი ფორმაც.

2. საკანონმდებლო წინადადების წარდგენის უფლება აქვთ: საქართველოს მოქალაქეებს, სახელმწიფო ორგანოებს (გარდა აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურული ერთეულებისა), ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოებს, საქართველოში კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გაერთიანებებს და სხვა იურიდიულ პირებს.

3. საკანონმდებლო წინადადება შეიძლება წარდგენილ იქნეს კანონპროექტის სახით. საკანონმდებლო წინადადება შეიძლება შეიცავდეს მხოლოდ ძირითად პრინციპებსა ან კონკრეტულ წინადადებებს ამა თუ იმ მოსამზადებელ კანონპროექტთან, მათ შორის მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ მოსამზადებელ კანონპროექტთან მიმართებაში. წარდგენილი საკანონმდებლო წინადადება უნდა შეიცავდეს მისი საჭიროების ავტორისეულ დასაბუთებას, ავტორის ხელმოწერას და მისამართს.

4. პარლამენტში შემოსულ საკანონმდებლო წინადადებას, ბიურო ან პარლამენტის თავმჯდომარე 5 დღის ვადაში გადასცემენ შესაბამის კომიტეტს (კომიტეტებს, წამყვანი კომიტეტის მითითებით), რომელიც წარდგენილ საკანონმდებლო წინადადებას განიხილავს 20 დღის ვადაში. თუ ეს ვერ მოხერხდა, განხილვის ვადა წინადადების ავტორთან შეთანხმებით, შეიძლება გააგრძელოს პარლამენტის თავმჯდომარემ არა უმეტეს 10 დღით. კომიტეტში წარდგენილი წინადადება განიხილება რეგლამენტის 82-ე მუხლის შესაბამისად. საკომიტეტო მოსმენის შემდეგ საკანონმდებლო წინადადება მოტივირებული გადაწყვეტილებით შეიძლება ცნობილ იქნებ მიღებულად ან უარყოფილად.

5. კომიტეტი თავის გადაწყვეტილებას უახლოეს სხდომაზე მოახსენებს პარლამენტის ბიუროს.

6. თუ საკანონმდებლო წინადადება შემოსულია მოსამზადებელი კანონპროექტის პრინციპების ან კონკრეტული წინადადებების სახით და შესაბამისმა კომიტეტმა მისაღებად ცნო საკანონმდებლო წინადადება, იგი, ბიუროსთან შეთანხმებით, განსაზღვრულ ვადაში შეიმუშავებს კანონპროექტს და რეგლამენტით განსაზღვრული წესით გადასცემს პარლამენტის ბიუროს.

7. თუ საკანონმდებლო წინადადება წარმოდგენილია კანოპროექტის სახით და შესაბამისმა კომიტეტმა მისაღებად ცნო იგი, პროექტი რეგლამენტით დადგენილი წესით და ვადების დაცვით გადაეცემა პარლამენტის ბიუროს.

8. საკანონმდებლო წინადადების ავტორს უფლება აქვს წინადადების საკომიტეტო მოსმენამდე უკან გამოითხოვოს იგი. წინადადების მიღების შემთხვევაში, საკანონმდებლო ინიციატივის სუბიექტად გამოდის შესაბამისი კომიტეტი.

თავი XXIV

კომიტეტში კანონპროექტის განხილვა

    მუხლი 83

1. კომიტეტში მომზადებული ან საკანონმდებლო ინიციატივით შემოსული კანონპროექტი განიხილება კომიტეტის სხდომაზე (სხდომებზე). განხილვის შემდეგ კანონპროექტი განმარტებითი ბარათით, აგრეთვე, თუ საკანონმდებლო ინიციატივითაა შემოტანილი, კომიტეტის მოსაზრებებით, შენიშვნებისა და დამატებებისათვის გადაეცემა პარლამენტის კომიტეტებსა და ფრაქციებს, იურიდიულ დეპარტამენტს და ქვეყნდება „პარლამენტის უწყებანში" არა უგვიანეს ორი კვირისა საკომიტეტო მოსმენამდე. კომიტეტები და ფრაქციები კანონპროექტის მიღებიდან 10 დღის ვადაში წერილობით უპასუხებენ იმ კომიტეტს, რომელმაც მათ კანონპროექტი გაუგზავნა განსახილველად. თუ ეს ვადა არ იქნა დაცული, შესაბამისი კომიტეტის მოთხოვნით საკითხი შეიძლება განიხილოს ბიურომ და გამოიყენოს რეგლამენტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები მისი თავმჯდომარის (ან როგორც პარლამენტის წევრის) მიმართ.

2. კანონპროექტი კომიტეტის სხდომაზე განიხილება მუხლობრივად. საჭიროების შემთხვევაში, კენჭი ეყრება შენიშვნებსა და დამატებებს.

3. პარლამენტის ბიუროსათვის კანონპროექტის წარდგენის წინ ეწყობა საკომიტეტო მოსმენა, რომელიც უნდა ჩატარდეს არა უგვიანეს ორი კვირისა პარლამენტის იმ პლენარული სხდომების კვირის ორშაბათამდე, რომლებზედაც გეგმით ან დადგენილი ვადით გათვალისწინებულია საკითხის განხილვა. საკომიტეტო მოსმენა ტარდება საჯაროდ. ინფორმაცია საკომიტეტო მოსმენის თაობაზე, 7 დღით ადრე მაინც, პარლამენტის პრესცენტრმა უნდა გაავრცელოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით.

4. საკომიტეტო მოსმენის შედეგად კანონპროექტი შეიძლება მიჩნეულ იქნეს პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის მომზადებულად, არასაკმარისად მომზადებულად ან მიუღებლად. საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტის მიერ შემოტანილი კანონპროექტის არასაკმარისად მომზადებულად ან მიუღებლად ცნობა არ შეიძლება გახდეს კანონპროექტის პარლამენტის სხდომაზე განხილვის შეფერხების საფუძველი.

5. კომიტეტი ამტკიცებს პარლამენტის სხდომაზე კანონპროექტის ან კომიტეტის პოზიციის წარმდგენს (კანოპროექტის ინიციატორის მიხედვით).

6. საკომიტეტო მოსმენის შემდეგ კანონპროექტი, არა უგვიანეს ერთი კვირისა პარლამენტის პლენარული სხდომების კვირის ორშაბათამდე, რომლებზედაც გათვალისწინებულია საკითხის განხილვა, გადაეცემა პარლამენტის აპარატს ბიუროს სამშაბათის სხდომისთვის წარსადგენად და დღის წესრიგში შესატანად.

7. კომიტეტი ვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი, რომლის რიგგარეშე განხილვასაც იგი მოითხოვს, განიხილოს უახლოეს სხდომაზე.

დაუშვებელია საკომიტეტო მოსმენამდე კანონპროექტის პარლამენტის სხდომაზე გატანა.

    მუხლი 84

1. კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტი განსახილველად შემოაქვს შესაბამისი კომიტეტის წარმომადგენელს, ოპონენტად შეიძლება იყოს შესაბამისი დაინტერესებული უწყების უფლებამოსილი პირი.

2. თუ კანონპროექტი შემოტანილია საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სხვა სუბიექტის მიერ, მომხსენებელია მის მიერ დანიშნული უფლებამოსილი წარმომადგენელი.

    მუხლი 85.

თუ პარლამენტის სხდომაზე წარდგენილი კანონპროექტი, მიღებული კანონი ან მისი ცალკეული დებულებები არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას ან აქვს სხვა მნიშვნელოვანი ხარვეზები, შესაბამის კანონპროექტზე ან კანონზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირები ბიუროს ან პარლამენტის წინაშე წარსდგებიან ახსნა-განმარტებით.

    მუხლი 86

1. ალტერნატიული კანონპროექტის წარდგენა ბიუროში შეიძლება არა უგვიანეს 10 დღისა ძირითადი კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენამდე. ალტერნატიული კანონპროექტი საკომიტეტო მოსმენაზე განიხილება ძირითად კანონპროექტთან ერთად.

2. ალტერნატიული კანონპროექტი ან კანონპროექტის ალტერნატიული ნაწილი არსებითად უნდა განსხვავდებოდეს ძირითადი პროექტისაგან.

3. კომიტეტი, ალტერნატიული კანონპროექტის ინიციატორის თანხმობით, იღებს გადაწყვეტილებას პირველი მოსმენისათვის შეჯერებული ვარიანტის წარდგენის თობაზე. თუ ვერ მოხდა შეთანხმება, პირველი მოსმენისათვის პარლამენტის სხდომას წარედგინება კანონპროექტის ორივე ვარიანტი.პარლამენტი დადგენილებით წყვეტს ერთ-ერთი მათგანის უარყოფის ან საფუძვლად მიღების საკითხს.

თავი XXV

პარლამენტის სხდომაზე კანონპროექტის განხილვა და მიღება

    მუხლი 87

1. პარლამენტი, წინასწარი საკომიტეტო მოსმენის შემდეგ, კანონპროექტს განიხილავს სამი მოსმენით.

2. პარლამენტის წევრთა არანაკლებ ათკაციანი ჯგუფი, კომიტეტი, საპარლამენტო ფრაქცია გამომსვლელთა სიაში წარადგენენ თითო პარლამენტის წევრს, რომელმაც უნდა გამოხატოს მათი პოზიცია განსახილველ კანონპროექტთან დაკავშირებით.

3. პარლამენტის წევრები კანონპროექტის განხილვასთან დაკავშირებულ საპარლამენტო კამათში მონაწილეობენ, თუ კონკრეტულ შენიშვნებს და წინადადებებს წერილობით, საპარლამენტო მოსმენამდე არაუგვიანეს 24 საათისა, წარუდგენენ შესაბამის კომიტეტსა და სხდომის სამდივნოს.

4. კანონპროექტის განხილვის დროს მომხსენებელი, სხვა საკითხებთან ერთად, პარლამენტის სხდომას შეახსენებს, თუ რომელი წინადადება და შესწორება (ავტორების დასახელებით) იქნა გათვალისწინებული, რომელი – არა და რატომ.

    მუხლი 88

1. კანონპროექტის პირველი მოსმენის დროს ხდება მისი ზოგადი პრინციპებისა და ძირითადი დებულებების განხილვა. კამათის დროს გამოთქმულ კანოპროექტის ყველა ალტერნატიულ დებულებასა და პრინციპს, თუ ამას მოითხოვენ, ცალ-ცალკე ეყრება კენჭი.

2. პარლამენტის წევრთა არანაკლებ ათკაციანი ჯგუფის, კომიტეტის, საპარლამენტო ფრაქციის მიერ განსაზღვრული წარმომადგენელი და პარლამენტის წევრები სხდომას მოახსენებენ თავიანთ პოზიციას წარდგენილი კანონპროექტის პრინციპებისა და ძირითადი დებულებების თაობაზე.

    მუხლი 89

1.  პირველი მოსმენის შემდეგ პარლამენტი იღებს ერთ-ერთ გადაწყვეტილებას:

ა) კანონპროექტის (ალტერნატიული კანონპროექტებიდან ერთ-ერთის საფუძვლად) პირველი მოსმენით მიღების და მეორე მოსმენის თარიღის დანიშვნის შესახებ;

ბ) კანონპროექტის (კანონპროექტების) უარყოფის ან გამოთქმულ მოსაზრებათა გათვალისწინებით ახალი კანონპროექტის შემუშავების შესახებ.

2. პირველი მოსმენიდან მოხსნილი კანონპროექტის პარლამენტის იმავე სესიაზე განმეორებით გატანა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტი ძირეულ ცვლილებებს შეიცავს, რაზედაც დასკვნას წარადგენს პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტი.

3. კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების შემთხვევაში იგი ყველა გასათვალისწინებულ შენიშვნებთან ერთად გადაეცემა შესაბამის კომიტეტს (კომიტეტებს).

    მუხლი 90

1. პარლამენტის მიერ მიღებული შენიშვნების გათვალისწინებით კომიტეტში გადამუშავებული და განხილული კანონპროექტი პარლამენტის სხდომას წარედგინება მეორე მოსმენისათვის.

2. მეორე მოსმენის დროს განსახილველ კანონპროექტში შესწორებებისა და დამატებების თაობაზე დაიშვება მხოლოდ იმ პარლამენტის წევრის, პარლამენტის წევრთა ათკაციანი ჯგუფის, საპარლამენტო ფრაქციისა და დაინტერესებული კომიტეტის წარმომადგენლის კამათში გამოსვლა, რომლის მიერ დაყენებული წინადადება არ გაითვალისწინა შესაბამისმა კომიტეტმა. გაუთვალისწინებელი წინადადება ალტერნატიულის სახით შეიძლება დაყენებულ იქნეს კენჭისყრაზე.

3. მეორე მოსმენისას კანონპროექტი განიხილება კარების, თავების, მუხლების ან მუხლთა ნაწილების მიხედვით და ყოველ მათგანს კენჭი ეყრება ცალ-ცალკე.

4. თუ შემოთავაზებულ კანონპროექტში გათვალისწინებულია ნორმა, რომელიც მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებას ან დამატებას მოითხოვს, მაშინ მას ცალკე ეყრება კენჭი და მიიღება ხმათა იმავე რაოდენობით და წესით, როგორითაც ანალოგიური კანონი.

5. კანონპროექტის მეორე მოსმენის შემდეგ პარლამენტი იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღების, კომიტეტში საბოლოო რედაქტირებისათვის გადაცემისა და მესამე მოსმენის თარიღის დანიშვნის შესახებ;

ბ) დამატებითი დამუშავებისათვის კანონპროექტის კომიტეტში დაბრუნებისა და მეორე მოსმენის ახალი თარიღის დანიშვნის შესახებ.

6. დასაშვებია კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღება მისი იმ ცალკეული მუხლების გამოკლებით, რომლებიც შემთანხმებელი კომისიის მეშვეობით შეიძლება შემოტანილ იქნეს მესამე მოსმენისას.

    მუხლი 91

1. მესამე მოსმენისათვის პარლამენტის წევრებს ურიგდებათ კანონპროექტის რედაქტირებული ვარიანტი და მათ შეუძლიათ მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანა. მესამე მოსმენის შემდეგ კანონპროექტის საბოლოო რედაქტირებულ ვარიანტს, მესამე მოსმენაზე გამოთქმული შენიშვნების გავალისწინებით, კენჭი ეყრება მთლიანად.

2. მეორე მოსმენის დროს დამატებითი განხილვისათვის გადადებულ მუხლებს კენჭისყრაზე ცალკე გამოიტანენ. შეიძლება კანონპროექტის მიღება ამ მუხლების გარეშეც, თუ ისინი კანონპროექტის პრინციპულ დებულებებს არ წარმოადგენენ და ისინი, მათი შემდგომი გადაწყვეტის მიზნით, გარდამავალ დებულებებში აისახება.

    მუხლი 92

1. პარლამენტი უფლებამოსილია კანონპროექტის შემტანის მოტივირებული წინადადებისა და შესაბამისი კომიტეტის დასკვნის საფუძველზე დადგენილებით მიიღოს გადაწყვეტილება კანონპროექტის გამარტივებული ან დაჩქარებული პროცედურით განხილვისა და მიღების შესახებ შემდეგ შემთხვევებში, როდესაც:

ა) კანონპროექტი განსაზღვრავს მხოლოდ ცვლილებას ან დამატებას მოქმედ კანონში;

ბ) არსებობს ამის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება.

2. გამარტივებული პროცედურით კანონპროექტი განიხილება და მიიღება ერთი მოსმენით. დაჩქარებული პროცედურით კანონპროექტი განიხილება და მიიღება სამი მოსმენით პლენარული სხდომების ერთი კვირის განმავლობაში.

3. დაუშვებელია დაჩქარებული პროცედურით საქართველოს კონსტიტუციის, კონსტიტუციური კანონის განხილვა და მიღება; გამარტივებული პროცედურით დაუშვებელია აგრეთვე ორგანული კანონის განხილვა და მიღება.

    მუხლი 93

1. ნორმატიული ხასიათის მქონე დადგენილების პროექტს პარლამენტი განიხილავს ორი მოსმენით. პირველი მოსმენით დადგენილების პროექტის განხილვის შემდეგ პარლამენტი წარმოდგენილ პროექტთან დაკავშირებით იღებს ერთ-ერთ გადაწყვეტილებას, მისი:

ა) საფუძვლად მიღების შესახებ;

ბ) უარყოფის შესახებ;

გ) სარედაქციო კომისიის შექმნის შესახებ.

2. სარედაქციო კომისიის შექმნის შემთხვევაში დადგენილების პროექტთან დაკავშირებული ყოველი წინადადება უნდა წარედგინოს სარედაქციო კომისიას. თუ სარედაქციო კომისია უარყოფს პროექტთან დაკავშირებულ წინადადებას, პარლამენტი მას, ინიციატორის მოთხოვნით, დადგენილებასთან ერთად განიხილავს. ახალი წინადადების დაყენება და განხილვა შეიძლება მხოლოდ პარლამენტის თანხმობით.

3. დადგენილების პროექტის საფუძვლად მიღების ან სარედაქციო კომისიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან ერთად პარლამენტი განსაზღვრავს დადგენილების მეორე მოსმენით განხილვის თარიღს.

4. მეორე მოსმენით დადგენილების პროექტის განხილვის შემდეგ პარლამენტი იღებს ერთ-ერთ გადაწყვეტილებას:

ა) წარმოდგენილი პროექტის მთლიანად მიღების შესახებ;

ბ) შესაბამისი ორგანოსათვის ახალი პროექტის შემუშავების დავალების შესახებ.

5. პარლამენტის რეზოლუცია, დეკლარაცია და განცხადება განიხილება და მიიღება დადგენილებისათვის განსაზღვრული წესით.

    მუხლი 94

1. კონსტიტუციური კანონის პროექტი მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედი.

2. ორგანული კანონის პროექტი მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

3. პარლამენტში კანონპროექტი ან დადგენილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა, თუ საქართველოს კონსტიტუციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4. პარლამენტის რეზოლუცია ან დეკლარაცია მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ერთი მესამედი. პარლამენტის მიმართვა, განცხადება, რეკომენდაცია მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის ერთი მესამედი, თუ რეგლამენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. პარლამენტის თანხმობა, როგორც წესი, მიიღება დადგენილებით.

5. კანონპროექტის, დადგენილების და სხვა აქტების მიღების თარიღად ჩაითვლება პარლამენტის მიერ მისი საბოლოო რედაქციით მიღების დღე.

თავი XXVI

ცვლილებები და დამატებები კანონში. კანონის გაუქმება

    მუხლი 95

1. საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტებს უფლება აქვთ დასვან საკითხი მოქმედ კანონებში ცვლილებებისა თუ დამატებების შეტანის, აგრეთვე მოქმედი კანონების გაუქმების შესახებ, იმ შემთხვევაში, თუ:

ა) მიღებულია კანონი, რომელიც მოითხოვს კანონმდებლობაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანას;

ბ) აუცილებელია შესაბამისი კანონით მოწესრიგებული სფეროს რეგულირების ახალი წესის დადგენა;

გ) კანონმდებლობით მოწესრიგებულ სფეროში წარმოიშვა ახალი ურთიერთობა, რაც მოითხოვს შესაბამის კანონში დამატებების შეტანას;

დ) ერთი წლის განმავლობაში, ან კანონით დადგენილ სხვა ვადაში კანონმა ვერ იმუშავა და წინააღმდეგობები შეექმნა რეგულირების სფეროში;

ე) აუცილებელია სამართლებრივი ხარვეზების აღმოფხვრა.

2. სხდომის თავმჯდომარე კენჭისყრაზე სვამს საკითხს კანონმდებლობაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის ან ცალკეული კანონების გაუქმების მიზანშეწონილობის თაობაზე. პარლამენტი გადაწყვეტილებას იღებს დადგენილებით.

    მუხლი 96

1. კანონში ცვლილებების ან დამატებების შეტანა ხდება მხოლოდ:

ა) ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ არსებული ცალკე კანონით;

ბ) ახალი სამართლებრივი მექანიზმის დამდგენი კანონით, ამავე კანონის შესაბამის მოქმედ საკანონმდებლო აქტებში ცვლილებებისა და დამატებების რედაქციის განსაზღვრით;

2. კანონში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ კანონპროექტის წარდგენის, განხილვისა და მიღების პროცედურა ხორციელდება რეგლამენტით განსაზღვრული წესით ამ სახის კანონის მიღების პროცედურის შესაბამისად.

3. კანონი ან მისი ნაწილი უქმდება კანონით, რომელსაც პარლამენტი იღებს ხმების იმავე რაოდენობით, რომლითაც მიღებული იყო ეს კანონი.

თავი XXVII

საქართველოს კანონისა და პარლამენტის სხვა აქტების გამოქვეყნება და ამოქმედება

    მუხლი 97

პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი, 5 დღეში, შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარის ხელმოწერით, სხდომის თავმჯდომარის ხელმოწერის შემდეგ, გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს.

 

    მუხლი 98

1. საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი წესით, 10 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს.

2. საქართველოს კანონი ქვეყნდება ოფიციალურ გამოცემაში და ამოქმედდება გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს, თუ ამ კანონით სხვა ვადა არ არის განსაზღვრული.

3. თუ საქართველოს პრეზიდენტი დადგენილ ვადაში არ გამოაქვეყნებს კანონს,მაშინ, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად მას ხელს აწერს პარლამენტის თავმჯდომარე და 5 დღეში აქვეყნებს „პარლამენტის უწყებანში“ და სხვა ოფიციალურ ორგანოში.

    მუხლი 99

საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია კანონპროექტის პარლამენტის მიერ მიღებიდან 10 დღეში მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნოს იგი პარლამენტს. დაბრუნებული კანონპროექტის განხილვისა და მიღების წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციითა და რეგლამენტის XLV თავით.

 

კარი VIII

თანამდებობის პირთა არჩევა, დანიშვნა, დამტკიცება, გადაყენება და განთავისუფლება

თავი XXVIII

პარლამენტის თანამდებობის პირთა არჩევა, დამტკიცება, გადაყენება და განთავისუფლება

    მუხლი 100.

1. პარლამენტის თანამდებობის პირები არიან:

პარლამენტის თავმჯდომარე;

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე;

პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე;

საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე;

პარლამენტის საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიის თავმჯდომარე; პარლამენტის კომიტეტის, ფრაქციის, საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისიის თავმჯდომარეთა მოადგილეები, ქვეკომიტეტის თავმჯდომარე;

საპარლამენტო დელეგაციის კოორდინატორი;

პარლამენტის აპარატის უფროსი;

პარლამენტის მანდატური.

2. პარლამენტის წევრი როგორც წესი შეიძლება აირჩეს მხოლოდ ერთ საპარლამენტო თანამდებობაზე. გამონაკლისი შეიძლება დაუშვას პარლამენტის ბიურომ.

3. პარლამენტის აპარატის უფროსი და მანდატური არ შიძლება იყვნენ პარლამენტის წევრები.

    მუხლი 101

1. პარლამენტი პირველსავე სესიაზე თავისი უფლებამოსილების ვადით ირჩევს ან ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარეს, მის მოადგილეებს, კომიტეტის თავმჯდომარეებს, აპარატის უფროსსა და მანდატურს.

2. პარლამენტის თანამდებობის პირის გადადგომის, თანამდებობიდან გადაყენების, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, მოცემულ თანამდებობაზე, როგორც წესი, არა უგვიანეს 15 დღისა აირჩევა ან დამტკიცდება ახალი კანდიდატურა. თუ სესიის დამთავრებამდე დარჩენილია 10 დღეზე ნაკლები, საკითხი განიხილება მორიგი სესიის სხდომაზე (გარდა პარლამენტის თავმჯდომარისა, რაც რეგლამენტის 23-ე მუხლის   მე-2 პუნქტით გათვალისწინებული განსაკუთრებული წესით წყდება).

    მუხლი 102

1. პარლამენტი თავისი უფლებამოსილების ვადით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, პარლამენტის წევრთაგან ირჩევს პარლამენტის თავმჯდომარეს. არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება, თუ რეგისტრაცია გაიარა პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის ორმა მესამედმა. არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

2. პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატურის დასახელების უფლება აქვთ პარლამენტის იმ წევრთა არანაკლებ ათკაციან ჯგუფს, რომლებიც გაერთიანებულნი არ არიან არც ერთ საპარლამენტო ფრაქციაში, საპარლამენტო ფრაქციას, (რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში, კოალიციაში), უმრავლესობას, ფრაქციათა სხვა კოალიციას.

    მუხლი 103

1. პარლამენტი თავისი უფლებამოსილების ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, პარლამენტის წევრთაგან ირჩევს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს, მათ შორის თითო მოადგილეს აფხაზეთიდან და აჭარიდან არჩეულ პარლამენტის წევრთაგან მათივე წარდგინებით.

2. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის (გარდა აფხაზეთისა და აჭარის საპარლამენტო წარმომადგენლობიდან ასარჩევი მოადგილისა) თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატურის დასახელების უფლება აქვთ პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის იმ წევრთა არანაკლებ ათკაციან ჯგუფს, რომლებიც გაერთიანებული არ არიან არც ერთ საპარლამენტო ფრაქციაში, საპარლამენტო ფრაქციას, (რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში, კოალიციაში), უმრავლესობას, ფრაქციათა სხვა კოალიციას.

    მუხლი 104

1. პარლამენტი, პარლამენტის წევრთაგან ირჩევს პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარეს თავისი უფლებამოსილების ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

2. კანდიდატურების დასახელების უფლება აქვთ პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის იმ წევრთა არანაკლებ ათკაციან ჯგუფს, რომლებიც გაერთიანებული არ არიან არც ერთ საპარლამენტო ფრაქციაში, საპარლამენტო ფრაქციას.

3. იმავე წესით აირჩევა პარლამენტის საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისიის თავმჯდომარე, რომლის უფლებამოსილების ვადას განსაზღვრავს პარლამენტი.

4. საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის და მისი სხვა თანამდებობის პირნების არჩევის წესი განისაზღვრება საპარლამენტო ფრაქციის წესდებით.

5. პარლამენტის კომიტეტის, საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და ქვეკომიტეტის თავმჯდომარე აირჩევა შესაბამისად მათი შემადგენლობიდან და მათ ამტკიცებს პარლამენტის ბიურო.

6. საპარლამენტო დელეგაციების კოორდინატორსა და პარლამენტის აპარატის უფროსს პარლამენტის ბიუროსთან შეთანხმებით ნიშნავს პარლამენტის თავმჯდომარე და ამტკიცებს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

7. პარლამენტის მანდატურს ბიუროსთან შეთანხმებით ნიშნავს პარლამენტის თავმჯდომარე.

    მუხლი 105

1. პარლამენტის თავმჯდომარის, მისი მოადგილის, კომიტეტის თავმჯდომარის, საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურების დასახელების წერილობითი განცხადება წარედგინება სხდომის თავმჯდომარეს, რომელიც ადგენს შესაბამის კანდიდატთა ერთიან სიას, დასახელების რიგითობის მიხედვით. კანდიდატთა დასახელების შემდეგ სხდომის თავმჯდომარე აქვეყნებს სიას და თანხმობას ითხოვს მათგან კენჭი იყარონ შესაბამის თანამდებობაზე.

2. კანდიდატს უფლება აქვს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მოხსნას თავისი კანდიდატურა. სიტყვით გამოსვლისათვის ყოველ კანდიდატს ეძლევა 10 წუთი, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურას – 20 წუთი. შესაბამისი დრო ეძლევათ მათ დასმულ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად, რის შემდეგაც იწყება საპარლამენტო კამათი.

    მუხლი 106

1. თუ პარლამენტის შესაბამის თანამდებობაზე არჩევნებში მონაწილეობდა ერთი კანდიდატი და ვერ აირჩა, მაშინ ტარდება ხელახალი არჩევნები. თუ არჩევნებში ორი კანდიდატი მონაწილეობდა და ვერც ერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, მაშინ იმ კანდიდატს, რომელმაც ხმების მეტი რაოდენობა დააგროვა, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ ამ შემთხვევაშიც მან ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, ტარდება ხელახალი არჩევნები.

2. თუ არჩევნებში ორზე მეტი კანდიდატი მონაწილეობდა და ვერც ერთმა ვერ მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა, მაშინ ტარდება არჩევნების მომდევნო ტური იმ ორ კანდიდატს შორის, რომელთაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. აირჩევა ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას დააგროვებს, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.თუ მომდევნო ტურში გასულმა კანდიდატმა მოხსნა თავისი კანდიდატურა, მის ნაცვლად კენჭი ეყრება მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით მომდევნო კანდიდატურას. კენჭისყრის დროს ხმათა გაყოფის შემთხვევაში ტარდება ხელახალი კენჭისყრა. ყოველი კენჭისყრის წინ კანდიდატი უფლებამოსილია მოხსნას თავისი კანდიდატურა.

3. იუსტიციის საბჭოს წევრთა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა თანამდებობის პირთა არჩევა ხდება საქართველოს პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის არჩევისათვის დადგენილი წესით, თუ რეგლამენტით ან სხვა ნორმატიული აქტებით განსხვავებული წესები არ არის დადგენილი.

    მუხლი 107.

1. პარლამენტის თანამდებობის პირი პარლამენტმა შეიძლება გადააყენოს ან გაანთავისუფლოს თანამდებობიდან. პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენების საკითხი პარლამენტის წინაშე შეიძლება დააყენოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთმა მესამედმა წერილობითი ფორმით ან პარლამენტის ბიურომ წევრთა ორი მესამედით.

2. პარლამენტის თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში (ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობა) პარლამენტის სხდომაზე დაისმება პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი.

3. პარლამენტის სხვა თანამდებობის პირთა (გარდა ფრაქციის თავმჯდომარისა და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეეებისა) გადაყენების ან განთავისუფლების საკითხი პარლამენტის წინაშე შეიძლება დააყენოს პარლამენტის თავმჯდომარემ (ბიუროსთან შეთანხმებით), ბიურომ, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთმა მეხუთედმა, ხოლო პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის გადაყენების ან გათავისუფლების საკითხი - აგრეთვე კომიტეტის წევრთა არნაკლებ ორმა მესამედმა. აფხაზეთისა და აჭარის საპარლამენტო წარმომადგენლობის წარდგენით არჩეული პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეების გადაყენების საკითხი შეუძლია დააყენოს აგრეთვე აფხაზეთიდან და აჭარიდან არჩეულ პარლამენტის წევრთა არანაკლებ ორმა მესამედმა.

4. პარლამენტის თანამდებობის პირის, გარდა პარლამენტის თავმჯდომარისა, გადაყენების ან განთავისუფლების მოთხოვნა წერილობით მოტივირებული უნდა იყოს.

5. პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენების თაობაზე საკითხის დაყენების შემდეგ პარლამენტი იღებს გადაწყვეტილებას ამ საკითხის განხილვის შესახებ. გადაწყვეტილება მიიღება დადგენილებით.

6. პარლამენტის კომიტეტის, საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, ქვეკომიტეტის თავმჯდომარეს გადააყენებს შესაბამისი კომიტეტი, კომისია და ქვეკომიტეტის შემადგენლობა, წევრთა ხმების უმრავლესობით, რასაც ადასტურებს პარლამენტის ბიურო.

7. საპარლამენტო დელეგაციების კოორდინატორს, პარლამენტის აპარატის უფროსსა და პარლამენტის მანდატურს თანამდებობიდან გაანთავისუფლებს პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტის ბიუროსთან შეთანხმებით.

8. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები, კომიტეტების, საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისიების თავმჯდომარეები გადაყენებულად ჩაითვლებიან, თუ წინადადებას მათი გადაყენების შესახებ მხარს დაუჭერს პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.

9. პარლამენტის თავმჯდომარე გადაყენებულად ჩაითვლება, თუ რეგისტრაცია გაიარა პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის არნაკლებ ორმა მესამედმა და წინადადებას მისი გადაყენების შესახებ მხარი დაუჭირა პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობამ.

    მუხლი 108

1. პარლამენტის თანამდებობის პირს შეუძლია ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე განაცხადოს გადადგომის შესახებ.

2. განცხადება გადადგომის შესახებ წარედგინება პარლამენტის ბიუროს, რომელიც მას პარლამენტს გააცნობს. პარლამენტი ცნობად იღებს თანამდებობის პირის გადადგომას. პარლამენტის თანამდებობის პირი გადამდგარად ითვლება ბიუროში შესაბამისი განცხადების წარდგენის დღიდან.

 

თავი XXIX

პარლამენტის მიერ სახელმწიფო თანამდებობის პირთა და ორგანოთა შემადგენლობის არჩევა, დანიშვნა, დამტკიცება, თანხმობა

    მუხლი 109

1. პარლამენტის მიერ სახელმწიფო ორგანოების შემადგენლობის და სახელმწიფო თანამდებობის პირთა არჩევის, დანიშვნის, დამტკიცების წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, სხვა საკანონმდებლო აქტებით და რეგლამენტით.

2. პარლამენტის მიერ არჩეულ, დანიშნულ, დამტკიცებულ თანამდებობის პირებს და იმ თანამდებობის პირებს, რომელთა დანიშვნაზე თანხმობა მისცა პარლამენტმა, შენობაში გადასაადგილებლად ეძლევათ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერით დამტკიცებული ნიმუშის შესაბამისად.

    მუხლი 110

1. პარლამენტს მთავრობის ახალი შემადგენლობა წარედგინება საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის მიღების შემდეგ, მთავრობის ძველი შემადგენლობის მიერ უფლებამოსილებათა მოხსნის მიღებიდან ორი კვირის განმავლობაში.

2. ბიურო კომიტეტების დასკვნის (დასკვნების) საფუძველზე განიხილავს მთავრობის თითოეული წევრის დანიშვნასთან დაკავშირებულ საკითხებს და იღებს მოტივირებულ დასკვნას, რომელიც წარედგინება საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტს.

    მუხლი 111

1. პარლამენტი მთავრობის წარმოდგენილ წევრებს ამტკიცებს პერსონალურად, პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

2. მთავრობის იმ წევრის საკითხს, რომელიც ვერ დამტკიცდა, წყვეტს საქართველოს პრეზიდენტი. იგი უფლებამოსილია ხელახლა წარადგინოს იგივე ან ახალი კანდიდატურა. ერთი და იგივე კანდიდატურა შეიძლება წარდგენილ იქნეს ორჯერ.

    მუხლი 112

1. საკითხი საქართველოს ელჩებისა და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების დანიშვნაზე თანხმობის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტის მიერ შესაბამისი კანდიდატურის პარლამენტისათვის წარდგენის შემდეგ, წინასწარ განიხილება შესაბამის კომიტეტში ერთი კვირის განმავლობაში.

2. ბიურო კომიტეტის დასკვნის საფუძველზე განიხილავს დანიშვნასთან დაკავშირებულ საკითხებს და იღებს მოტივირებულ დასკვნას, რომელიც წარედგინება საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტს.

3. პარლამენტი თანხმობას აძლევს საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს ელჩისა და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნაზე.

4. თუ საქართველოს პრეზიდენტი ვერ მიიღებს თანხმობას საქართველოს ელჩის ან სხვა დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნაზე, იგი უფლებამოსილია ხელახლა წარადგინოს იგივე ან ახალი კანდიდატურა. ერთი და იგივე კანდიდატურა შეიძლება წარდგენილ იქნეს მხოლოდ ორჯერ.

    მუხლი 113

პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 7 წლის ვადით ირჩევს საქართველოს ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოს – საბჭოს წევრებს. 5 წლის ვადით ნიშნავს საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარეს.

    მუხლი 114

1. პარლამენტი, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 5 წლის ვადით ირჩევს საქართველოს სახალხო დამცველს, რომლის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ საქართველოს პრეზიდენტს, საპარლამენტო ფრაქციას, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ათკაციან ჯგუფს, რომლებიც არც ერთ ფრაქციაში არ შედიან.

2. კენჭისყრის წინ სხდომის თავმჯდომარე პარლამენტს აცნობს კანდიდატურათა სიას და მათ წერილობით თანხმობას საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე არჩევის შესახებ. ყოველ ასარჩევ კანდიდატს ცალ-ცალკე ეყრება კენჭი.

3. კენჭისყრის შედეგად არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობისა. თუ არჩევისათვის საკმარისი ხმები ერთზე მეტმა კანდიდატმა მიიღო, მაგრამ მიღებულ ხმათა რაოდენობის ტოლობის გამო არჩეული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატურებს ერთად ეყრება კენჭი და არჩეულად ჩაითვლება ის, ვინც მეტ ხმას მიიღებს, მაგრამ არანაკლებ საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობისა. ხმათა თანაბრად გაყოფის განმეორების შემთხვევაში კენჭისყრის პროცედურა გრძლდება გამარჯვებულის გამოვლენამდე.

4. თუ არჩევისათვის საკმარისი ხმები ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო, კენჭისყრიდან არა უადრეს 7 და არა უგვიანეს 14 დღისა ტარდება ხელახალი არჩევნები.

5. არჩევნების ერთ ციკლში ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ.

    მუხლი 115

1. პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული, პასუხისმგებელი ორგანოების სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირთა არჩევის და დანიშვნის საკითხების საპარლამენტო განხილვამდე, წარდგენილი კანდიდატურები ერთი კვირის განმავლობაში წინასწარ განიხილება შესაბამის კომიტეტში. კომიტეტები განხილვის შედეგად შეიმუშავებენ დასკვნებს და წარუდგენენ პარლამენტის ბიუროს, რომელიც მათ საფუძველზე მოტივირებულ დასკვნას წარუდგენს პარლამენტს და საქართველოს პრეზიდენტს.

2. თუ წარდგენილმა კანდიდატურებმა საპარლამენტო განხილვის შემდეგ კენჭისყრის შედეგად ვერ მოაგროვეს ხმათა საჭირო რაოდენობა, შესაბამის სახელმწიფო თანამდებობებზე ასარჩევად და დასანიშნად პარლამენტს წარედგინება ახალი კანდიდატურები.

თავი XXX

საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის და მოსამართლეების არჩევა. გენერალური პროკურორის დანიშვნა

    მუხლი 116

პარლამენტი 10 წლის ვადით ირჩევს საკონსტიტუციო სასამართლოს სამ წევრს. საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, არანაკლებ 10 წლის ვადით ირჩევს ცალ-ცალკე საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს და მოსამართლეებს; ასევე საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 5 წლის ვადით ნიშნავს გენერალურ პროკურორს.

    მუხლი 117

1. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და მოსამართლეების, აგრეთვე გენერალურ რი პროკურორის კანდიდატურების დასახელებისა და პარლამენტის შესაბამის კომიტეტებში განხილვის შემდეგ პარლამენტის ბიურო კანდიდატურებს წარუდგენს პარლამენტს.

2. შესაბამისი კომიტეტები დასკვნებს ამზადებენ იმავე წესით, რაც სხვა სახელმწიფო თანამდებობის პირებისათვის არის გათვალისწინებული 115-ე მუხლით.

3. თუ დასახელებულმა კანდიდატებმა ვერ მოაგროვეს საქართველოს კონსტიტუციითა და რეგლამენტით გათვალისწინებული ხმათა რაოდენობა, პარლამენტს წარედგინება ახალი კანდიდატურები.

    მუხლი 118

1. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად ასარჩევი კანდიდატების დასახელების უფლება აქვთ პარლამენტის თავმჯდომარეს, საპარლამენტო ფრაქციას, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ათკაციან ჯგუფს, რომლებიც არ შედიან არც ერთ ფრაქციაში.პარლამენტის სხდომაზე კენჭისყრის წინ პარლამენტის თავმჯდომარე დამსწრეთ აცნობს კანდიდატთა სიას და მათ წერილობით თანხმობას საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად არჩევის თაობაზე. ყოველ ასარჩევ კანდიდატს ცალ-ცალკე ეყრება კენჭი.

2. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ.

3. კენჭისყრის შედეგად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს ხმათა მეტ რაოდენობას, მაგრამ პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედისა.

4. თუ არჩევნებში მონაწილეობს სამი კანდიდატი და რომელიმე მათგანმა ვერ მოაგროვა ხმათა საჭირო რაოდენობა, პარლამენტის თავმჯდომარე, საპარლამენტო ფრაქცია ან პარლამენტის წევრთა ათკაციანი ჯგუფი უფლებამოსილია პარლამენტის წინაშე იგივე კანდიდატურა დასამტკიცებლად წარმოადგინოს პირველი კენჭისყრიდან 10 დღის შემდეგ.

5. თუ პირველი კენჭისყრა ტარდება პარლამენტის სესიის ბოლო დღეს ან დარჩენილ ვადებში შეუძლებელია კანდიდატის არჩევა, ხელახალი კენჭისყრა ეწყობა პარლამენტის მომდევნო სესიის პირველსავე სხდომაზე.

6. თუ არჩევნებში მონაწილეობდა სამზე მეტი კანდიდატი და მოსამართლეთა საჭირო რაოდენობა ვერ აირჩა, ეწყობა ხელახალი კენჭისყრა. ამ შემთხვევაში კენჭს უყრიან იმ სამ კანდიდატს, რომელთაც პირველ ტურში სხვა კანდიდატებზე მეტი ხმა მიიღეს.

კარი IX

პარლამენტის სხვა ძირითადი საკონტროლო ფუნქციების განხორციელების ფორმები და წესი

თავი XXXI

პარლამენტის საკონტროლო საქმიანობის წესი

    მუხლი 119

1. პარლამენტი უშუალოდ და მის მიერ შექმნილი ორგანოების მეშვეობით, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, ხელს უწყობს საქართველოს კონსტიტუციის, კანონების, პარლამენტის სხვა აქტების შესრულებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს და აწესრიგებს მათ განხორციელებას, საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი წესით ამტკიცებს მთავრობის შემადგენლობას და კონტროლს უწევს მათ საქმიანობას, საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების, თავისუფლებებისა და მოვალეობების უზრუნველყოფას, სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებას, პარლამენტის მიერ არჩეული, დანიშნული, დამტკიცებული სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობას.

2. საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ თანამდებობის პირთა მიერ კონსტიტუციის დარღვევის, სახელმწიფო ღალატისა და სისხლის სამართლის სხვა დანაშაულის ჩადენის შემთხვევებში გამოიყენება საქართველოს კონსტიტუციითა და "იმპიჩმენტის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი იმპიჩმენტის წესი.

3. პარლამენტის სხდომა, ბიურო, კომიტეტი უფლებამოსილნი არიან ცალკეული აქტუალური საკითხების შესწავლისა და შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის შემუშავების მიზნით, პარლამენტის წევრთაგან დანიშნონ მომხსენებელი ან მომხსენებელთა ჯგუფი, რომელიც თავისი შემადგენლობიდან ირჩევს მთავარ მომხსენებელს. მომხსენებელი ადგენს საკითხის შესწავლის გეგმასა და გრაფიკს, განსაზღვრავს მასში მონაწილე სპეციალისტებს, ხელმძღვანელობს საკითხის შესწავლას, პასუხისმგებელია მის დამუშავებასა და გადაწყვეტილების პროექტის მომზადებაზე. მომხსენებელი გადაწყვეტილების პროექტს განსახილველად წარუდგენს პარლამენტს, ბიუროს ან კომიტეტის სხდომას.

    მუხლი 120

1. პეტიცია არის პირთა ჯგუფის წერილობითი მიმართვა, რომელიც შეეხება სახელმწიფოებრივ და საერთო პრობლემებიდან გამომდინარე საკითხებს.

2. პეტიციები იწერება და შეიტანება პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე, აღირიცხება სპეციალურ სარეგისტრაციო ჟურნალში და მისი ჩაბარებისა და რეგისტრაციის ნომრის შესახებ ეცნობება ავტორს.

3. პეტიცია შესასწავლად და განსახილველად გადაეცემა შესაბამის კომიტეტს ან დროებით კომისიას. კომიტეტი ან კომისია იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) მიზანშეწონილად მიიჩნევს მის შესწავლას და განხილვას უშუალოდ ან პარლამენტის სხდომაზე, ხოლო არდადეგებზე, – უახლოეს სამუშაო კვირაში;

ბ) გადაუგზავნის შესაბამის სამინისტროს, უწყებას;

გ) მიზანშეუწონლად მიიჩნევს მის შესწავლას და განხილვას.

3. გადაწყვეტილების შესახებ ერთი კვირის განმავლობაში ეცნობება პეტიციის ავტორს.

    მუხლი 121

1. სამინისტრო, უწყება ერთი თვის განმავლობაში პასუხს აცნობებს ავტორს და შესაბამისად კომიტეტს ან კომისიას. პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის ან კომისიის თანხმობით ვადა შეიძლება გაგრძელდეს ერთი თვით. თუ სამინისტრო ან უწყება დაწესებულ ვადაში პასუხს არ აცნობებს ავტორს, პარლამენტი იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

2. პარლამენტის სხდომაზე პეტიციის განხილვისათვის საჭიროა პარლამენტის ბიუროს წარედგინოს კომიტეტის ან კომისიის დასკვნა, რომელსაც დაერთვება პეტიციის სრული ტექსტი.

3. საკითხის განხილვის შემდეგ პარლამენტი იღებს დადგენილებას, რეზოლუციას ან სხვა გადაწყვეტილებას.

    მუხლი 122

საქართველოს მოქალაქეები, საზოგადოებრივი და პოლიტიკური გაერთიანებები, საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები და თანამდებობის პირები, ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოები და თანამდებობის პირები უფლებამოსილნი არიან განცხადებით მიმართონ პარლამენტის წევრებს, პარლამენტის ორგანოებსა და თანამდებობის პირებს.

    მუხლი 123

1. პარლამენტის მუშაობის მოქალაქეთათვის უკეთ გაცნობის, მათ საჩივრებსა და წინადადებებზე ოპერატიული რეაგირების მიზნით საქართველოს პარლამენტში იქმნება მოქალაქეთა საზოგადოებრივი მისაღები პარლამენტის აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფი.

2. მოქალაქეთა საზოგადოებრივ მისაღებში ყოველდღიურად მორიგეობს პარლამენტის ორი წევრი, გარდა პარლამენტის თანამდებობის პირებისა. მორიგეობის გრაფიკს ფრაქციათა თავმჯდომარეებთან შეთანხმებით განსაზღვრავს პარლამენტის ბიურო.

3. მოქალაქეთა საზოგადოებრივი მისაღები მუშაობს ყოველდღე, გარდა კვირისა.

4. მოქალაქეთა საზოგადოებრივი მისაღების სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება შესაბამისი დებულებით, რომელსაც ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე.

5. მოქალაქეთა საზოგადოებრივი მისაღები საერთო ხელმძღვანელობას უწევს პარლამენტში შესულ განცხადებებსა და საჩივრებს და უნაწილებს პარლამენტის შესაბამის კომიტეტებს, ორგანოებს, პარლამენტის წევრებს. თუ მოქალაქის, თანამდებობის პირისა და ორგანოს განცხადება ან საჩივარი შეეხება მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების და თავისუფლებების დარღვევის ან სხვა განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხს, პარლამენტის თავმჯდომარემ საკუთარი ინიციატივით ან შესაბამისი კომიტეტის წარდგინებით შეიძლება შექმნას სპეციალური შემსწავლელი ჯგუფი.

    მუხლი 124

1. დაუშვებელია სათანადო შესწავლის (შესწავლის გეგმის, ვადის დადგენის, პასუხისმგებელი პირების გამოყოფის) გარეშე პარლამენტში შემოსული საჩივრებისა და განცხადებების გადაგზავნა ქვემდებარეობის მიხედვით.

2. პარლამენტის წევრები, პარლამენტის ორგანოები და თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან განიხილონ განცხადება-საჩივრები და მოახდინონ მათზე სათანადო რეაგირება. პასუხი ერთი თვის განმავლობაში ეცნობება ავტორებს.

    მუხლი 125

პლენარული სხდომის კვირის გარდა პარლამენტის, კომიტეტების, კომისიების, თანამდებობის პირთა აპარატებში, პარლამენტის წევრებთან ორშაბათობით (თუ ეს დღე არ ემთხვევა დეპუტატების ამომრჩევლებთან ადგილზე შეხვედრებს) 14 საათიდან 19 საათამდე წარმოებს მოქალაქეთა მიღება. პარლამენტის კომიტეტი, კომისია, პარლამენტის თანამდებობის პირი, პარლამენტის წევრი პასუხისმგებელია მიღებული განცხადების, საჩივრის შესწავლა-განხილვასა და სათანადო რეაგირებაზე.

    მუხლი 126

საქართველოს მოქალაქეებს, საზოგადოებრივი და პოლიტიკური გაერთიანებების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებს, სახელმწიფო ორგანოების,ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების თანამდებობის პირებს, როგორც წესი, პარლამენტის თავმჯდომარე მიიღებს, თუ:

ა) განცხადება-საჩივრებში დასმული საკითხები მნიშვნელოვანია და არსებობს პარლამენტის თავმჯდომარესთან მათი შეხვედრის დასაბუთებული მოთხოვნა;

ბ) მათ მიერ შეტანილ განცხადება-საჩივრებზე არ არის გაცემული სათანადო პასუხი;

გ) პარლამენტის წევრებს, პარლამენტის კომიტეტებს, საგამოძიებო ან სხვა დროებით კომისიებს შემოსულ განცხადება-საჩივრებზე პასუხი საერთოდ არ გაუციათ.

    მუხლი 127

საკითხის შესწავლისა და მოსმენის შედეგად მიიღებული დასკვნა ან რეკომენდაცია, შესაძლებელია წარედგინოს ბიუროს, პარლამენტს, ან ქვემდებარეობით გადაიგზავნოს რეაგირებისათვის. ეს უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში აცნობებს პარლამენტის კომიტეტს, დროებით კომისიას რეაგირების შედეგს, რის შესახებაც შეიძლება ეცნობოს ბიუროს ან პარლამენტს. საჭიროების შემთხვევაში, პარლამენტი იღებს დადგენილებას ან რეზოლუციას მოსმენილ საკითხებზე. ასეთივე წესით მიიღება გადაწყვეტილება იმ შემთხვევაშიც, როდესაც კომიტეტს შესწავლის შედეგებზე დასკვნა ან რეკომენდაცია გადაუგზავნელად შეაქვს პარლამენტის სხდომის განსახილველად.

თავი XXXII

პარლამენტისა და მთავრობის სხვა ურთიერთობანი. პარლამენტის თანხმობა საქართველოს ელჩებისა და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების თანამდებობიდან განთავისუფლებაზე

    მუხლი 128

საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს, კონსტიტუციის შესაბამისად პარლამენტს წარუდგენს ყოველწლიურ მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ ცხადდება ორსაათიანი შესვენება. შესვენების შემდეგ პარლამენტის მუშაობის დღის წესრიგშია საპარლამენტო ფრაქციების თავმჯდომარეთა გამოსვლები. გამოსვლების ხანგრძლივობას ადგენს პარლამენტის ბიურო. დებატების შემდეგ შეიძლება მიღებული იქნეს რეზოლუცია.

    მუხლი 129

1. პარლამენტი უფლებამოსილია სხდომაზე მოიწვიოს საქართველოს მთავრობის წევრი, რომელიც წარადგენს ინფორმაციას თავისი და მის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობის თაობაზე.

2. მთავრობის წევრის მოხსენებისა და ინფორმაციის მოსმენის შემდეგ პარლამენტმა შეიძლება მიიღოს დადგენილება ან რეზოლუცია.

    მუხლი 130

მთავრობის წევრი, მოთხოვნის შემთხვევაში, ვალდებულია დაესწროს პარლამენტის, კომიტეტის, საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისიის, ქვეკომიტეტის სხდომას. თანამდებობის პირს მოთხოვნისთანავე მოუსმენს პარლამენტი, კომიტეტი ან კომისია.

    მუხლი 131

პარლამენტის კომიტეტები, საგამოძიებო კომისიები მათ კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ინფორმაციის მოსმენის, კონტროლისა და შემოწმების შედეგად საქართველოს კონსტიტუციის და კანონების გამოვლენილ დარღვევებზე შეიმუშავებენ და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებში გზავნიან რეკომენდაციებს,რომელთა განხილვის შედეგები ან მიღებული ზომები, არა უგვიანეს ერთი თვისა ან წინასწარ დადგენილ ვადაში, ეცნობება პარლამენტის შესაბამის კომიტეტს, საგამოძიებო კომისიას.

    მუხლი 132

1. პარლამენტს, მთავრობის ან მთავრობის წევრის გადადგომის მიღებიდან ორი კვირის განმავლობაში, საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტი წარუდგენს კანდიდატურებს მთავრობის წევრების მინისტრების თანამდებობებზე დანიშვნაზე თანხმობის მისაღებლად.

2. ბიურო კომიტეტების დასკვნის (დასკვნების) საფუძველზე განიხილავს მთავრობის წევრების დანიშვნასთან დაკავშირებულ საკითხებს და იღებს მოტივირებულ დასკვნას, რომელიც წარედგინება საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტს.

3. პარლამენტი მთავრობის მიერ ყოველი წარმოდგენილი წევრის დანიშვნაზე თანხმობას აძლევს საქართველოს პრეზიდენტს დადგენილებით.

4. მთავრობის წევრი მინისტრის განთავისუფლების შემთხვევაში, საქართველოს კონსტიტუციის 77-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტი მინისტრის კანდიდატურას ორი კვირის ვადაში წარუდგენს პარლამენტს თანხმობისათვის.

    მუხლი 133

თუ საქართველოს პრეზიდენტმა ვერ მიიღო პარლამენტის თანხმობა მთავრობის წევრის მინისტრის დანიშვნაზე, იგი უფლებამოსილია ხელახლა წარადგინოს ერთი და იგივე ან ახალი კანდიდატურა. იგივე კანდიდატურა შეიძლება წარდგენილ იქნეს ორჯერ.

    მუხლი 134

1. საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ელჩისა და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლის განთავისუფლებაზე თანხმობის საკითხი პარლამენტში წარდგენიდან ორი კვირის განმავლობაში წინასწარ განიხილება შესაბამის კომიტეტში. კომიტეტი უფლებამოსილია მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია, მონაცემები დიპლომატიური წარმომადგენლის პიროვნებასთან და საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე (გარდა იმ ინფორმაციისა და მონაცემებისა, რომელთა გაცნობა შეზღუდულია ან აკრძალულია კანონით). კომიტეტი განხილვის შედეგად შეიმუშავებს მოტივირებულ დასკვნას და წარუდგენს მას პარლამენტს.

2. პარლამენტი დადგენილებით თანხმობას აძლევს საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს ელჩისა და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლის განთავისუფლებაზე.

თავი XXXIII

პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული, პასუხისმგებელი ორგანოების თანამდებობის პირების საქმიანობის კონტროლი, უფლებამოსილების შეწყვეტა, თანამდებობიდან გადაყენება, გადადგომა და განთავისუფლება

    მუხლი 135

1. პარლამენტი, საქართველოს კონსტიტუციითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, კონტროლს უწევს კონტროლის პალატისა და ეროვნული ბანკის უმაღლეს თანამდებობის პირთა საქმიანობას.

2. პარლამენტის მიერ სხვა არჩეული, დანიშნული ან დამტკიცებული და ის თანამდებობის პირი, რომლის დანიშვნაზეც თანხმობა მისცა პარლამენტმა,მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია დაესწროს პარლამენტის, კომიტეტის, კომისიის სხდომებს და დადგენილ ვადაში წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები, სხვა მასალები და მისცეს განმარტება გასახილველ საკითხზე.

    მუხლი 136

1. მიმდინარე წლის დამთავრებიდან არა უგვიანეს 3 თვისა საქართველოს სახალხო დამცველი პარლამენტს წარუდგენს ანგარიშს, აგრეთვე სპეციალურ მოხსენებას, რომლის განხილვის საფუძველზე პარლამენტი იღებს დადგენილებას ან რეზოლუციას.

2. საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილებას წყვეტს პარლამენტი საქართველოს სახალხო დამცველის შესახებკანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის და ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

 

თავი XXXIV

პარლამენტის ურთიერთობა ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან

    მუხლი 137

პარლამენტის წევრი უფლებამოსილია სათათბირო ხმის უფლებით დაესწროს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სხდომებს.

    მუხლი 138

1. საარჩევნო ოლქის ან ტერიტორიული ერთეულის მიხედვით შექმნილი დეპუტატთა ჯგუფი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საერთო კოორდინაციას უწევს ადგილობრივ მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებთან პარლამენტის ურთიერთობას. დეპუტატთა ჯგუფის წევრებს უფლება აქვთ გაეცნონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობას, მოითხოვონ ინფორმაცია საფინანსო-საბიუჯეტო, სამეურნეო, სოციალური, კულტურულ-საგანმანათლებლო, კანონიერების უზრუნველყოფის, საზოგადოებრივი წესრიგისა და მოქალაქეთა კონსტიტუციურ უფლება-თავისუფლებათა დაცვის სფეროებში საქმიანობის შესახებ.

2. ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოები ვალდებულნი არიან მოთხოვნიდან არა უგვიანეს ერთი თვისა. დეპუტატთა ჯგუფს წარუდგინონ ინფორმაცია თავიანთი საქმიანობის შესახებ. წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დგება მოხსენება (ინფორმაცია) შესაბამისი წინადადებებით, რომელიც შეიძლება საპარლამენტო განხილვის საგანიც გახდეს.

    მუხლი 139

1. საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს წარუდგენს გადაწყვეტილებას თვითმმართველობის ან ტერიტორიული ერთეულების სხვა წარმომამადგენლობითი ორგანოების საქმიანობის შეჩერების ან მათი დათხოვნის შესახებ.

2. პრეზიდენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პარლამენტი იღებს დადგენილებას.

თავი XXXV

პარლამენტის წევრის კითხვა, დეპუტატთა არანაკლებ ათკაციანი ჯგუფისა და საპარლამენტო ფრაქციის შეკითხვა

    მუხლი 140

1. პარლამენტის წევრი უფლებამოსილია კითხვით მიმართოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს, მთავრობის წევრს, ქალაქის მერს, ყველა დონის ტერიტორიული ერთეულის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს ხელმძღვანელს, სახელმწიფო დაწესებულებას და მიიღოს მათგან პასუხი.

2. პარლამენტის წევრთა სულ ცოტა ათკაციან ჯგუფს, საპარლამენტო ფრაქციას უფლება აქვს შეკითხვით მიმართოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს, მთავრობის ცალკეულ წევრს, რომლებიც ვალდებულნი არიან დასმულ შეკითხვას უპასუხონ პარლამენტის სხდომაზე.

3. პასუხს ხელს აწერენ მხოლოდ ამ მუხლში ჩამოთვლილი სუბიექტები ან შესაბამისი ორგანოების ხელმძღვანელი პირები.

    მუხლი 141

1. კითხვა ან შეკითხვა შეიძლება იყოს წერილობითი ან ზეპირი. ზეპირი შეკითხვა (კითხვა) შეიძლება დაისვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე,მაგრამ არა უგვიანეს 15 დღისა სესიის დამთავრებამდე.

2. წერილობითი შეკითხვის (კითხვის) ტექსტს პარლამენტის წევრთა სულ ცოტა ათკაციანი ჯგუფის ან საპარლამენტო ფრაქციის წარმომადგენელი, აგრეთვე პარლამენტის წევრი აბარებს პარლამენტის აპარატს,რომელიც აღრიცხავს მას სპეციალურ დავთარში და გასცემს წერილობითი შეკითხვის (კითხვის) წარმოდგენის დამადასტურებელ ცნობას.

3. პარლამენტის აპარატი შემოსული წერილობითი შეკითხვის (კითხვის) ტექსტს არაუგვიანეს 3 დღისა გადასცემს ადრესატს.

    მუხლი 142

1. თითოეული ორგანო და თანამდებობის პირი, რომელსაც წერილობითი შეკითხვით (კითხვით) მიმართეს, ვალდებულია პარლამენტს შეკითხვის მიღებიდან 10 დღეში წარუდგინოს წერილობითი პასუხი. შესაბამის თანამდებობის პირს წერილობითი შეკითხვის (კითხვის) ავტორთან შეთანხმებით წერილობით შეკითხვაზე პასუხის გაცემის ვადა შეიძლება გაუგრძელდეს კიდევ 10 დღით.

2. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ზეპირი კითხვის დასმიდან არაუგვიანეს 3 დღისა პარლამენტის აპარატი უზრუნველყოფს ზეპირი კითხვის გაცნობას შესაბამისი თანამდებობის პირისათვის, რომელიც ვალდებულია არა უგვიანეს 10 დღისა პარლამენტს წარუდგინოს წერილობითი პასუხი.

3. შესაბამის თანამდებობის პირს ზეპირი კითხვის ავტორთან შეთანხმებით შეიძლება გაუგრძელდეს პასუხის გაცემის ვადა არა უმეტეს 10 დღით.

4. თანამდებობის პირის მიერ ზეპირ კითხვაზე გაცემულ პასუხს პარლამენტის აპარატი გადასცემს ზეპირი კითხვის ავტორს.

5. თანამდებობის პირს უფლება აქვს უარი თქვას კითხვაზე პასუხის გაცემაზე, თუ ინფორმაცია სახელმწიფო ან სამხედრო საიდუმლოებას შეიცავს.

6. ის კითხვა, რომელსაც პასუხი არ გაეცემა ამ მუხლით დადგენილ ვადაში და წესით, ავტომატურად დაისმება უახლოეს სამთავრობო მოსმენაზე.

    მუხლი 143.

პარლამენტის წევრს, დეპუტატთა სულ ცოტა ათკაციან ჯგუფს, საპარლამენტო ფრაქციას უფლება აქვს ნებისმიერ დროს უკან გამოითხოვოს საკუთარი წერილობითი თუ ზეპირი შეკითხვა (კითხვა).

 

თავი XXXVI

სამთავრობო მოსმენა და შეკითხვის საათი

    მუხლი 144

პარლამენტის სესიის მსვლელობის დროს, კვირამონაცვლეობით, სხდომათა პირველი კვირის პარასკევს იმართება სამთავრობო მოსმენა, ხოლო სხდომათა მეორე კვირის პარასკევს – შეკითხვის საათი.

    მუხლი 145

1. სამთავრობო მოსმენა ეწყობა დღის 17 საათიდან მთავრობის წევრებისა და პარლამენტის მიერ წინასწარ განსაზღვრულ საკითხებთან დაკავშირებით. მთავრობის წევრები სამთავრობო მოსმენისთვის წინასწარ განსაზღვრულ საკითხებს, სამთავრობო მოსმენამდე 5 დღით ადრე მაინც წერილობითი ფორმით წარუდგენენ პარლამენტს შესაბამისი კომიტეტებისათვის გადასაცემად და დეპუტატებს შორის გასავრცელებლად. სამთავრობო მოსმენამდე 7 დღით ადრე მაინც პარლამენტის მიერ სამთავრობო მოსმენისათვის წინასწარ განსაზღვრული საკითხები წერილობითი ფორმით ეგზავნება მთავრობას, პარლამენტის შესაბამის კომიტეტებს, დეპუტატებს. საჭიროების შემთხვევაში, სამთავრობო მოსმენის დრო პარლამენტის გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს. მოსმენას შეიძლება დაესწროს ყველა მინისტრი.

2. სამთავრობო მოსმენის დროს პარლამენტის წინაშე 5-წუთიანი ინფორმაციით წარსდგებიან მხოლოდ მინისტრები. მინისტრის ინფორმაციის მოსმენის შემდეგ გამოდის შესაბამისი კომიტეტის წარმომადგენელი, რომელსაც ეთმობა აგრეთვე 5 წუთი. 3. დეპუტატთა იმ კითხვებზე, რომლებზედაც დროულად არ იქნა გაცემული პასუხი, მინისტრს პასუხისათვის ეძლევა არა უმეტეს 3 წუთისა თითოეულ კითხვაზე.

    მუხლი 14

1. შეკითხვის საათი იმართება პარლამენტის წევრთა არანაკლებ ათკაციანი ჯგუფის, საპარლამენტო ფრაქციიების მიერ წინასწარ დასმული შეკითხვების საფუძველზე დღის 17 საათიდან. საჭიროების შემთხვევაში შეკითხვის საათის დრო შეიძლება გაგრძელდეს პარლამენტის გადაწყვეტილებით.

2. შეკითხვის საათს შეიძლება დაესწროს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ყველა ორგანოს ხელმძღვანელი და მინისტრი.

3. შეკითხვის საათის დროს დასმულ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად პარლამენტის წინაშე შესაბამისი ანგარიშვალდებული ორგანოს ხელმძღვანელს ან მინისტრს ეძლევათ 5 წუთამდე.

4. მთავრობის შესაბამის წევრს შეკითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ, პასუხის არსიდან გამომდინარე, შეიძლება დაესვას ერთწუთიანი კონკრეტული კითხვები, რომლებსაც მთლიანობაში ეთმობა არა უმეტეს 15 წუთისა. თითოეულ ასეთ კითხვაზე პასუხის გასაცემად პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოს ხელმძღვანელს და მინისტრს ეძლევათ 2 წუთამდე.

    მუხლი 147

რეგლამენტით დადგენილი წესით სამთავრობო მოსმენაზე და შეკითხვის საათზე დასმული საკითხები შეიძლება გახდეს საპარლამენტო განხილვის საგანი, რისთვისაც გადაწყვეტილების პროექტის მოსამზადებლად შეიძლება შეიქმნას სპეციალური ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შედის შეკითხვის და ინფორმაციის ან საკითხების ინიციატორთა სულ ცოტა თითო წარმომადგენელი.

თავი XXXVII

პარლამენტის კონტროლი სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებაზე

    მუხლი 148

1. პარლამენტი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მეშვეობით ახორციელებს საერთო, თანამიმდევრულ კონტროლს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებაზე. პარლამენტის სხვა კომიტეტები ბიუჯეტის კონტროლს, როგორც წესი, ახორციელებენ შესაბამისი სფეროების მიხედვით.

2. საბიუჯეტო წლის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობას ყოველკვარტალურად განიხილავენ პარლამენტის კომიტეტები, რომლებიც უფლებამოსილნი არიან, ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მოითხოვონ და მიიღონ შესაბამისი სახელმწიფო უწყებებიდან. საკომიტეტო განხილვის პროცესს ორგანიზაციას უწევს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი. აუცილებლობის შემთხვევაში შედეგები მოხსენდება პარლამენტს და შეიძლება საპარლამენტო განხილვის საგანიც გახდეს.

    მუხლი 149

1. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს საბიუჯეტო წლის დამთავრებიდან არა უგვიანეს 3 თვისა.

2. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს პარლამენტი განიხილავს წარმოდგენის დღიდან არაუგვიანეს 45 დღისა.

3. საქართველოს კონტროლის პალატა საქართველოს პრეზიდენტის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის წარმოდგენის დღიდან არა უგვიანეს ერთი კვირისა პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებით.

4. პარლამენტის აპარატი საქართველოს პრეზიდენტის ანგარიშისა და კონტროლის პალატის მოხსენების ასლებს 3 დღის განმავლობაში წარუდგენს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს, პარლამენტის სხვა კომიტეტებს, საპარლამენტო ფრაქციებს,პარლამენტის წევრებს. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, პარლამენტის სხვა კომიტეტები, 2 კვირის განმავლობაში, როგორც წესი, თავიანთი სფეროების მიხედვით განიხილავენ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს, კონტროლის პალატის მოხსენებას სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ და ამზადებენ შესაბამის დასკვნებს.

5. პარლამენტის სხდომას წარედგინება საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის, პარლამენტის სხვა კომიტეტების, საპარლამენტო ფრაქციების დასკვნები. პარლამენტის კომიტეტების დასკვნების განხილვისა და საპარლამენტო კამათის შემდეგ, პარლამენტი იღებს დადგენილებას სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის თაობაზე. მთავრობის ანგარიში სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ მტკიცდება იმ შემთხვევაში, თუ ზუსტად და სრულად ასახავს გასულ საბიუჯეტო წელს ბიუჯეტში შემოსავლისა და ხარჯების მოცულობებს, ხარჯების კანონიერებას. წინააღმდეგ შემთხვევაში პარლამენტს შეუძლია არ დაამტკიცოს ანგარიში. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, აგრეთვე „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევასთან დაკავშირებით, პარლამენტი უფლებამოსილია ბიუჯეტის კანონის შესრულების ნაწილში მთავრობის საქმიანობა არადამაკმაყოფილებლად მიიჩნიოს და საქართველოს პრეზიდენტის წინაშე დასვას აღმასრულებელი ხელისუფლების თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი.

    მუხლი 150

1. პარლამენტის წინაშე პასუხისმგებელი ეროვნული ბანკი – საქართველოს მთავრობის ბანკირი და ფისკალური აგენტი, ვალდებულია პარლამენტს ყოველწლიურად, არა უგვიანეს თებერვლისა, წარუდგინოს თავისი საქმიანობის წლიური ანგარიში.

2. ბიუჯეტის შესრულების წინასწარი და სრული ანგარიშის წარდგენის დროს კონტროლის პალატა, როგორც სახელმწიფო სახსრებისა და სახელმწიფოს სხვა მატერიალურ ფასეულობათა გამოყენებასა და ხარჯვაზე ზედამხედველობის სახელმწიფო ორგანო, პარლამენტს წელიწადში ორჯერ წარუდგენს მოხსენებას მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებით, ხოლო წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს თებერვლისა, თავისი საქმიანობის ანგარიშს.

    მუხლი 151

ეროვნული ბანკის საქმიანობის წლიურ ანგარიშს, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს, მთავრობის საქმიანობასთან დაკავშირებით კონტროლის პალატის მოხსენებას, კონტროლის პალატის წლიურ ანგარიშს, პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების მიერ აღნიშნული ანგარიშებისა და მოხსენების თაობაზე დასკვნების მომზადების შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 2 კვირისა ანგარიშის ან მოხსენების წარდგენის დღიდან, განიხილავს პარლამენტი და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. განხილვის პროცესში, ყველა შემთხვევაში, პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი გამოდის ოპონენტად და წარმოადგენს გადაწყვეტილების პროექტს.

კარი X

პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობანი. ხელშეკრულებების რატიფიცირება, დენონსირება, გაუქმება

თავი XXXVIII

საპარლამენტთაშორისო ურთიერთობანი

    მუხლი 152

1. პარლამენტი უფლებამოსილია სხვა სახელმწიფოების პარლამენტებსა და საერთაშორისო საპარლამენტთაშორისო ორგანიზაციებთან დადოს შეთანხმებები თანამშრომლობის შესახებ.

2. პარლამენტი ყოველ წელს ამტკიცებს სხვა სახელმწიფოების პარლამენტებთან თანამშრომლობის პროგრამას, რომელსაც შეიმუშავებს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი სხვა კომიტეტების, საპარლამენტო ფრაქციების, მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციებისა და დეპუტატების წინადადებათა გათვალისწინებით.

3. პარლამენტის ბიურო, სხვა სახელმწიფოების პარლამენტებთან თანამშრომლობის პროგრამების შესაბამისად, კომიტეტების, საპარლამენტო ფრაქციების და დეპუტატების აზრის გათვალისწინებით, ამტკიცებს საპარლამენტო დელეგაციების ოფიციალურ შემადგენლობას. პარლამენტი ბიუროს წარდგინებით ამტკიცებს საპარლამენტთაშორისო ასამბლეებში და კომისიებში დეპუტატთა კორპუსის შემადგენლობას.

4. პარლამენტს წინასწარ უნდა ეცნობოს ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობის და გამგზავრების შესახებ.

5. ფრაქციებისა და დეპუტატთა ჯგუფის წევრები, ცალკეული დეპუტატები საზღვარგარეთ მიემგზავრებიან არასაბიუჯეტო ხარჯებით და არ წარმოადგენენ პარლამენტს.

6. სესიების პერიოდში პარლამენტის წევრის ოფიციალურ საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში სხვა სახელმწიფოში ვიზიტის შემთხვევაში, დეპუტატი ვალდებულია დროულად გაენთავისუფლოს პარლამენტის თავმჯდომარესა და შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარეს პარლამენტისა და კომიტეტის სხდომებზე დასწრებისაგან.

    მუხლი 153

პარლამენტის დელეგაციები ვიზიტისა და მუშაობის შედეგების შესახებ ინფორმაციას, ანგარიშს და მოსაზრებებს წარუდგენენ ბიუროს. პარლამენტის წევრთა არანაკლებ ათკაციანი ჯგუფის, კომიტეტის, ფრაქციის მოთხოვნით ანგარიში შეიძლება გახდეს პარლამენტის სხდომის განხილვის საგანი.

    მუხლი 154

1. სხვა სახელმწიფოთა ოფიციალური დელეგაციების ვიზიტის შესახებ პარლამენტს ეცნობება დელეგაციის მიღებამდე 3 დღით ადრე მაინც.

2. პარლამენტის აპარატი პარლამენტის წევრებსა და თანამდებობის პირებს უზრუნველყოფს ინფორმაციით სხვა სახელმწიფოს ოფიციალური დელეგაციის ჩამოსვლისა და პარლამენტში მისი ვიზიტის მიზნების შესახებ.

3. პარლამენტი უფლებამოსილია მიიღოს რეზოლუცია სხვა სახელმწიფოს ოფიციალური დელეგაციის მიღებაზე უარის თქმის შესახებ.

    მუხლი 155

1. პარლამენტის სხდომათა დარბაზში სხვა სახელმწიფოს ოფიციალური დელეგაციის შემოსვლას და მის პერსონალურ შემადგენლობას პარლამენტს აცნობებს სხდომის თავმჯდომარე ან მისივე დავალებით პარლამენტის მანდატური.

2. პარლამენტის წევრებს უფლება აქვთ ფეხზე ადგომით ან სხვა მიღებული ფორმით გამოხატონ თავიანთი პატივისცემა სხვა სახელმწიფოს ოფიციალური დელეგაციის ან მისი ცალკეული წევრებისადმი.

3. პარლამენტის თავმჯდომარე ან მის მიერ უფლებამოსილი პირი (პარლამენტის წევრი) წარმოთქვამს მისასალმებელ სიტყვას, რომელშიც ზოგადად აღნიშნავს უცხო სახელმწიფოს ოფიციალური დელეგაციის საქართველოში ჩამოსვლის მიზნებს და ამოცანებს, საქართველოსა და შესაბამის სახელმწიფოს შორის არსებული ურთიერთობების მდგომარეო-ბას, წარმოაჩენს საქართველოს პარლამენტის პოზიციას.

4. სხვა სახელმწიფოს ოფიციალური დელეგაციის წევრებს შეუძლიათ სიტყვით მიმართონ პარლამენტს.

5. პარლამენტი უფლებამოსილია დამსწრე წევრთა უმრავლესობით მიიღოს გადაწყვეტილება უცხო სახელმწიფოს ოფიციალური დელეგაციის მიერ დასმული საკითხების საპარლამენტო განხილვის შესახებ. ამავე გადაწყვეტილებით პარლამენტი უფლებამოსილია ნება დართოს სხვა სახელმწიფოს ოფიციალურ დელეგაციას ან მის ცალკეულ წევრებს დაესწრონ საპარლამენტო განხილვას.

 

    მუხლი 156

პარლამენტის თავმჯდომარის, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ათკაციანი ჯგუფის, პარლამენტის კომიტეტის, საპარლამენტო ფრაქციის ინიციატივით უახლოეს მომდევნო სხდომაზე პარლამენტმა შეიძლება მიიღოს რეზოლუცია ან სხვა გადაწყვეტილება სხვა სახელმწიფოს ოფიციალური დელეგაციის ვიზიტის შედეგების შესახებ.

თავი XXXIX

მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციები

    მუხლი 157

1. საერთაშორისო ორგანიზაციებთან რეგულარული ურთიერთკავშირის დამყარების მიზნით პარლამენტი, პროპორციული წარმომადგენლობის პრინციპის დაცვით, ბიუროს წარდგინებით, ამტკიცებს მუდმივმოქმედი დელეგაციების შემადგენლობას და დელეგაციის ხელმძღვანელს.

2. მუდმივმოქმედი საპარლმენტო დელეგაციების საქმიანობას წარმართავს დელეგაციის ხელმძღვანელი, რომელიც ყოველი წლის საგაზაფხულო სესიის დაწყებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა გაწეული საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს პარლამენტს. ანგარიშის მოსმენის დროს თანამომხსენებლები არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი და მუდმივმოქმედი დელეგაციების კოორდინატორი. ანგარიშის მოსმენის შემდეგ პარლამენტი იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. ანგარიშის შესაბამისად შეიძლება შეიცვალოს დელეგაციათა შემადგენლობა.

    მუხლი 158

1. სხვა სახელმწიფოს პარლამენტებთან რეგულარული ურთიერთობის დამყარების მიზნით პარლამენტში პროპორციული წარმომადგენლობის პრინციპის დაცვით იქმნება მუდმივმოქმედი საპარლამენტთაშორისი დელეგაციები.

2. მუდმივმოქმედი საპარლამენტთაშორისი დელეგაციების უფლებამოსილებას, შექმნისა და საქმიანობის წესს მუდმივმოქმედი დელეგაციების კოორდინატორის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტი.

3. მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციებისა და მუდმივმოქმედი საპარლამენტთაშორისი დელეგაციების საქმიანობას კოორდინაციას უწევს მუდმივმოქმედი დელეგაციების კოორდინატორი, რომელიც გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველწლიურად წარუდგენს ანგარიშს პარლამენტის ბიუროს.

 

თავი XL

საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების რატიფიცირება, დენონსირება, გაუქმება

    მუხლი 159

1. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს რატიფიცირებისათვის პარლამენტს წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტი. რატიფიცირებისათვის წარდგენილ საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას წინასწარ განიხილავს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და სხვა შესაბამისი კომიტეტი.

2. რატიფიცირებისათვის წარდგენილ ხელშეკრულებას ან შეთანხმებას განიხილავს პარლამენტი და გამოაქვს შესაბამისი გადაწყვეტილება, რაც მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

3. პარლამენტი უფლებამოსილია გამოიტანოს მოტივირებული გადაწყვეტილება საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების რატიფიცირების გადადების შესახებ.

4. თუ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილია კონსტიტუციური სარჩელი სათანადო საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების კონსტიტუციურობის შესახებ, მაშინ მისი რატიფიცირების საკითხის განხილვა გადაიდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე.

    მუხლი 160

სახელმწიფოთაშორისი და სამთავრობათაშორისი ხელშეკრულების ან შეთანხმების დენონსირების შესახებ პარლამენტს წინადადებას წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტი.

 

    მუხლი 161

1. საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის მიხედვით, იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების დენონსირებას, რომლებიც რატიფიცირებულია პარლამენტის მირ ან რომლებთანაც შეერთება მოხდა პარლამენტის გადაწყვეტილებით ახდენს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

2. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი შესაბამის კომიტეტებთან ერთად წინასწარ განიხილავს დენონსირებისათვის წარდგენილ საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას და ამზადებს შესაბამის დასკვნას.

3. საერთაშორისო ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს, რომლებიც დადებული და ხელმოწერილია საქართველოს მთავრობის სახელით, ასევე არასარატიფიკაციო ხელშეკრულებებს, რომლებთანაც შეერთება მოხდა საქართველოს მთავრობის სახელით, პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით, აუქმებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

4. საერთაშორისო ხელშეკრულებების ან შეთანხმებების რატიფიცირება, დენონსირება ან გაუქმება მუხლობრივად არ ხდება.

5. საერთაშორისო ხელშეკრულებების ან შეთანხმებების რატიფიცირების, დენონსირების ან გაუქმების საკითხის საპარლამენტო განხილვას უნდა ესწრებოდნენ საგარეო ურთიერთო-ბათა კომიტეტისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელები და სხვა შესაბამისი თანამდებობის პირები.

    მუხლი 162

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი და საგარეო საქმეთა სამინისტრო ვალდებულნი არიან ხელშეკრულებების ან შეთანხმებების დადებიდან ერთი თვის ვადაში აცნობონ პარლამენტს ისეთი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების დადების შესახებ, რომლებიც რატიფიცირებას არ საჭიროებენ. აღნიშნულ ინფორმაციას პარლამენტი იღებს ცნობად ან შეიძლება გახდეს პარლამენტის განხილვის საგანი.

    მუხლი 163

საერთაშორისო ხელშეკრულებასთან საქართველოს შეერთების შესახებ პარლამენტში საკითხის შემოტანის შემთხვევაში პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი შესაბამის კომიტეტებთან ერთად ამზადებს დასკვნას და საკითხს წარუდგენს პარლამენტის ბიუროს პარლამენტის სხდომაზე განსახილველად. გადაწყვეტილება მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

კარი XI

პარლამენტის განსაკუთრებული პროცედურები

თავი XLI

სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცება

    მუხლი 164

1. საქართველოს პრეზიდენტი საბიუჯეტო სისტემის და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებკანონით განსაზღვრული წესით მომზადებული სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ძირითად მონაცემებსა და მიმართულებებს პარლამენტს შესათანხმებლად წარუდგენს მიმდინარე საბიუჯეტო წლის პირველ ივნისამდე. აღნიშნულ პროექტს პარლამენტი განსახილველად გადასცემს კომიტეტებს.

2. პარლამენტის კომიტეტები განიხილავენ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ძირითად მონაცემებს, მიმართულებებს და ამზადებენ დასკვნებს.

3. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ორგანიზაციას უწევს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების განხილვისა და შეთანხმების პროცესს. კომიტეტი უფლებამოსილია, აუცილებლობის შემთხვევაში, მოითხოვოს და მიიღოს საჭირო ინფორმაცია სამინისტროებიდან, უწყებებიდან, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა დაწესებულებებიდან და მოამზადოს დასკვნა.

4. კომიტეტებში ბიუჯეტის პროექტის ძირითადი მონაცემების განხილვის შემდეგ ერთობლივი დასკვნა შესაბამისი შენიშვნებითა და წინადადებებით ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს საბიუჯეტო წლის პირველ ივლისამდე.

5. საბიუჯეტო წლის დაწყებამდე 3 თვით ადრე საქართველოს პრეზიდენტი.

6. პარლამენტს წარუდგენს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტს.

    მუხლი 165

1. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი, როგორც წესი, შესაბამისი სფეროების მიხედვით განსახილველად გადაეცემა პარლამენტის კომიტეტებს.

2. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ამზადებს ერთიან დასკვნას ბიუჯეტის პროექტის შესახებ, რაც არ გამორიცხავს კომიტეტების მიერ განსხვავებული პოზიციების გამოხატვას.

3. მასალები ბიუჯეტის შესახებ, მონაცემები ბიუჯეტის შესრულების თაობაზე,აგრეთვე სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ირგვლივ კომიტეტების მიერ წარმოდგენილი დასკვნები საპარლამენტო განხილვამდე არაუგვიანეს ერთი კვირისა გადაეცემათ პარლამენტის წევრებს.

    მუხლი 166.

1. პლენარულ სხდომაზე, როგორც წესი, ახალი საბიუჯეტო წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტისა და მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენებას წარადგენს საქართველოს პრეზიდენტი, ან მთავრობის წევრი საქართველოს პრეზიდენტის დავალებით.

2. საქართველოს პრეზიდენტის მოხსენებასთან ერთად პარლამენტი ისმენს საქართველოს კონტროლის პალატისა და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მოხსენებებს.

3. საქართველოს პრეზიდენტის თანხმობის გარეშე დაუშვებელია რაიმე ცვლილებების შეტანა სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებკანონპროექტში. პარლამენტში კანონპროექტის შემოტანიდან პლენარულ სხდომაზე მის განხილვამდე საპარლამენტო ფრაქციების, კომიტეტების, პარლამენტის წევრების მიერ შემუშავებული წინადადებები ბიუჯეტის პროექტში ცვლილებების შეტანის თაობაზე ეგზავნება საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს. პარლამენტის სხდომა სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტის განხილვის დაწყებისთანავე ქმნის შემთანხმებელ კომისიას, რომელსაც საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტი გადასცემს მიღებულ და საკუთარ წინადადებებს. პარლამენტის კომიტეტები, საპარლამენტო ფრაქციები, პარლამენტის წევრთა არნაკლებ ათკაციანი ჯგუფი, პარლამენტის წევრები ერთი კვირის ვადაში საჭიროების შემთხვევაში წარუდგენენ შემთანხმებელ კომისიას წინადადებებს ბიუჯეტის პროექტში ცვლილებების შეტანის თაობაზე. შემთანხმებელი კომისია შექმნიდან არა უგვიანეს 2 კვირისა მიღებული წინადადებების საფუძველზე, შეიმუშავებს გადაწყვეტილების პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებკანონპროექტში ცვლილებების შეტანის შესახებ წინადადებების მიღების თაობაზე და წარუდგენს მას პარლამენტის სხდომას. პარლამენტი გადაწყვეტილების პროექტს განიხილავს და კენჭს უყრის პუნქტობრივად. გადაწყვეტილება მიღებისთანავე წარედგინება საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც მიღებიდან ერთი კვირის ვადაში, უბრუნებს პარლამენტს გადაწყვეტილებას იმ პუნქტების მითითებით, რომლებსაც იგი ეთანხმება ან სრული უარყოფით. თუ გადაწყვეტილება არ იქნება, უარყოფილი ბიუჯეტის კანონპროექტში შეიტანება შესაბამისი ცვლილებები. ბიუჯეტის პროექტის შემდგომი განხილვა მიმდინარეობს კანონპროექტისათვის დადგენილი ზოგადი წესით.

4. პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე იღებს კანონს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ.

5. თუ პარლამენტი არ მიიღებს კანონს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტი 2 კვირის ვადაში წარუდგენს პარლამენტს კანონპროექტის ახალ ვარიანტს.

6. თუ საბიუჯეტო წლის პირველი ნახევრის ბოლომდე ვერ იქნა მიღებული კანონი მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ, პარლამენტი იღებს დადგენილებას, რეზოლუციას ან რეკომენდაციას.

 

თავი XLII

პარლამენტის მიერ ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა

    მუხლი 167

1. ახალარჩეულმა პარლამენტმა საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის შესაბამისად შეიძლება მიიღოს დადგენილებები საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების თაობაზე.

2. საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების თაობაზე დადგენილებების პროექტზე მუშაობის კოორდინაციის მიზნით პარლამენტმა შეიძლება შექმნას დროებით კომისია.

    მუხლი 168

1. დროებითი კომისიის შექმნიდან ერთი თვის განმავლობაში პარლამენტის კომიტეტები, საპარლამენტო ფრაქციები აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის უწყებებთან, დაწესებულებებთან კონსულტაციების გზით შეიმუშავებენ და დროებით კომისიას წერილობითი ფორმით მიაწვდიან დასაბუთებულ, კონკრეტულ წინადადებებს საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების თაობაზე.

2. წარმოდგენილი წინადადებებისა და სხვა მასალების განზოგადების საფუძველზე კომისია შეიმუშავებს და პარლამენტის ბიუროს წარუდგენს დადგენილებების პროექტს საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების თაობაზე. ბიურო განიხილავს პროექტს და წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს.

    მუხლი 169

1. საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების თაობაზე დადგენილებების პროექტის მიღებიდან არაუგვიანეს 2 კვირისა საქართველოს პრეზიდენტი თავისი წინადადებებით უბრუნებს მას ბიუროს.

2. ბიურო განიხილავს საქართველოს პრეზიდენტის წინადადებებით დაბრუნებული დადგენილებების პროექტს და საბოლოო რედაქციისათვის გადასცემს დროებით კომისიას, აგრეთვე განსაზღვრავს პროექტების საპარლამენტო განხილვის დღეს.

3. დროებითი კომისია ბიუროს მიერ დადგენილ ვადაში პარლამენტს განსახილველად წარუდგენს დადგენილებების პროექტის საბოლოო რედაქციას. საქართველოს პრეზიდენტის წინადადებები, რომლებიც შეიძლება გათვალისწინებული არ იქნეს პროექტებში, თან ერთვის პროექტების ტექსტს.

    მუხლი 170

1. საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების თაობაზე დადგენილებების პროექტის საპარლამენტო განხილვა მიმდინარეობს კანონპროექტის განხილვისათვის დადგენილი წესით.

2. პროექტებზე მომხსენებლად გამოდის დროებითი კომისიის წარმომადგენელი, ხოლო ოპონენტად შეიძლება გამოვიდეს საქართველოს პრეზიდენტი ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი.

3. საპარლამენტო განხილვის შემდეგ პარლამენტში დადგენილებების პროექტზე თანდართულ, საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ გაუთვალისწინებელ წინადადებებს, კენჭი ეყრება ცალ-ცალკე.

4. პარლამენტი იღებს დადგენილებებს საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების თაობაზე. პარლამენტის დადგენილებები ქვეყნდება მიღებიდან 5 დღის ვადაში. ისინი ამოქმედდებიან გამოქვეყნების დღიდან.

    მუხლი 171

ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების საპარლამენტო მოსმენის დროს, კომიტეტების, საპარლამენტო ფრაქციების, უმრავლესობის და ფრაქციათა სხვა კოალიციის წინადადებების საფუძველზე, პარლამენტი უფლებამოსილია შეიტანოს ცვლილებები და დამატებები დადგენილებებში საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების თაობაზე.

    მუხლი 172

1. კომიტეტები პარლამენტის ყოველი მორიგი სესიის დაწყებამდე არა უგვიანეს 2 კვირით ადრე ბიუროს წარუდგენენ დასკვნებს შესაბამის სფეროებში საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების თაობაზე დაგენილებების შესრულების მდგომარეობის შესახებ. ცალკეული კომიტეტის დასკვნაში აისახება შესაბამის სფეროებში არსებული პრობლემატური საკითხები და მათთან დაკავშირებული წინადადებები.

2. ბიურო სხდომაზე განიხილავს კომიტეტების დასკვნებს და, საჭიროების შემთხვევაში, საკითხი შეაქვს პარლამენტის პირველივე სხდომის დღის წესრიგის პროექტში.

3. პარლამენტი უფლებამოსილია ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების თაობაზე დადგენილებებისათვის ამ თავით განსაზღვრული წესის იდენტურად საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის საფუძველზე დაამტკიცოს სახელმწიფოს კულტურულ-საგანმანათლებლო, ეკოლოგიური, სამართლებრივ-პოლიტიკური განვითარების ძირითადი პროგრამები და კონცეფციები.

 

თავი XLIII

საგანგებო და საომარი მდგომარეობის გამოცხადების, ომისა და ზავის, სამხედრო ძალთა რაოდენობის დამტკიცების საკითხთა განხილვა

    მუხლი 173

1. საქართველოს პრეზიდენტი 48 საათის განმავლობაში პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადების, ასევე საქართველოს კონსტიტუციის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ საკითხებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს. მათ დაუყოვნებლივ ეყრებათ კენჭი წინასწარი საკომიტეტო განხილვის გარეშე.

2. პარლამენტს შეუძლია საქართველოს პრეზიდენტს მოსთხოვოს მოტივირებული ინფორმაცია საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადების თაობაზე, ასევე საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს საქართველოს კონსტიტუციის 46-ე მუხლით გათვალისწინებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის აუცილებლობის შესახებ.

3. საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს პარლამენტის მუშაობა გრძელდება ამ მდგომარების დამთავრებამდე, პარლამენტის ბიუროს მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით.

    მუხლი 174

პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადების, ასევე საქართველოს კონსტიტუციის 46-ე მუხლით გათვალისწინებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის შესახებ ამტკიცებს წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

    მუხლი 175

პარლამენტი თანხმობას აძლევს საქართველოს პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის დროს ან საერთაშორისო ვალდებულებათა შესასრულებლად სამხედრო ძალთა გამოყენების თაობაზე.

საქართველოს პრეზიდენტი დაუყოვნებლივ წარუდგენს პარლამენტს გადაწყვეტილებას სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალის შემოყვანის, გამოყენების და გადაადგილების შესახებ. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება ძალაში შედის, თუ პარლამენტი ეთანხმება მას.

 

    მუხლი 176

1. საქართველოს პრეზიდენტს გადაწყვეტილება ომის გამოცხადების ან სათანადო პირობების არსებობისას ზავის დადების შესახებ პარლამენტში დასამტკიცებლად შეაქვს არაუგვიანეს 48 საათისა.

2. პარლამენტი არა უგვიანეს 2 დღისა განიხილავს საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ომის ან ზავის საკითხზე. განხილვის შემდეგ პარლამენტი იმავე სხდომაზე წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას.

    მუხლი 177

1. ეროვნული უშიროების საბჭო პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს სამხედრო ძალთა რაოდენობას. საკითხი განსახილველად გადაეცემა შესაბამის კომიტეტს, რომელიც არა უგვიანეს 10 დღისა პარლამენტს წარუდგენს მოტივირებულ დასკვნას.

2. პარლამენტი კომიტეტის დასკვნის საპარლამენტო განხილვის შემდეგ სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ამტკიცებს სამხედრო ძალთა რაოდენობას.

3. თუ პარლამენტი არ დაამტკიცებს სამხედრო ძალთა რაოდენობას, შეიძლება შეიქმნას შემთანხმებელი კომისია, რომელიც არა უგვიანეს 10 დღისა წარადგენს გადაწყვეტილების საბოლოო ვარიანტს, რასაც ამტკიცებს პარლამენტი.

თავი XLIV

იმპიჩმენტი

    მუხლი 178

1. საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხის აღძვრის ბრალდების უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს.

2. საქართველოს პრეზიდენტის მიმართ წაყენებული ბრალდება უნდა შეიცავდეს კონკრეტულ მითითებებს საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ან იმ დანაშაულის ნიშნებზე, რომელიც მას ბრალად ედება. საკითხი დასკვნისათვის გადაეცემა შესაბამისად საკონსტიტუციო ან უზენაეს სასამართლოს.

3. თუ უზენაესმა სასამართლომ თავისი დასკვნით დაადასტურა საქართველოს პრეზიდენტის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების არსებობა, ან საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა, პარლამენტი სხდომაზე განიხილავს მიღებულ დასკვნას და საქართველოს პრეზიდენტისათვის წაყენებულ ბრალდებას. პარლამენტის გადაწყვეტილებით სხდომა შეიძლება დახურულად გამოცხადდეს.

4. საქართველოს პრეზიდენტისათვის წაყენებული ბრალდების განხილვაში მონაწილეობენ საკონსტიტუციო სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილი წარმომადგენლები, მოწვეული ექსპერტები და ის პირები, რომელთა ჩვენებებსა და შეფასებებს არსებითი მნიშვნელობა აქვს. საქართველოს პრეზიდენტს ან მის სრულუფლებიან წარმომადგენელს აქვს რიგგარეშე გამოსვლის უფლება.

    მუხლი 179

1. საქართველოს პრეზიდენტის მიმართ ბრალდების განხილვის შემდეგ პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას იმპიჩმენტის წესით საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების საკითხის კენჭისყრაზე დასმის შესახებ.

2. საქართველოს პრეზიდენტი იმპიჩმენტის წესით გადაყენებულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი.

3. გადაწყვეტილება მიიღება სესიაზე საკითხის განხილვის დაწყებიდან 30 დღის განმავლობაში.

4. თუ პარლამენტმა გადაწყვეტილება არ მიიღო, საკითხი მოხსნილად ითვლება და მომდევნო ერთი წლის განმავლობაში დაუშვებელია იმავე ბრალდების წაყენება.

5. პარლამენტის გადაწყვეტილების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება საქართველოს პრეზიდენტს.

6. საგანგებო ან საომარი მდგომარეობის ან ომის დროს დაუშვებელია საქართველოს პრეზიდენტისათვის წაყენებული ბრალდების პარლამენტში განხილვა და გადაწყვეტილების მიღება.

    მუხლი 180

თუ პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ, ამ მომენტიდან 45 დღის განმავლობაში დადგენილი წესით ტარდება ვადამდელი არჩევნები, რომელსაც უზრუნველყოფს პარლამენტი.

    მუხლი 181

1. საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის, სახელმწიფო ღალატისა და სისხლის სამართლის სხვა დანაშაულის ჩადენისათვის იმპიჩმენტის წესით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, მთავრობის წევრების, გენერალური პროკურორის, კონტროლის პალატის თავმჯდომარის და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების გადაყენების საკითხის აღძვრის თაობაზე პარლამენტი იღებს დადგენილებას სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედით. დადგენილებაში მითითებული უნდა იყოს საკითხის აღძვრის საფუძვლები, აგრეთვე კონსტიტუციური წარდგინების ან უზენაეს სასამართლოში წარსადგენი სარჩელის ტექსტის მომმზადებელი სუბიექტები და ვადა. წაყენებული ბრალდება უნდა შეიცავდეს კონკრეტულ მითითებას შესაბამისი თანამდებობის პირის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ან ჩადენილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნებზე. საკითხი დასკვნისთვის გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს ან უზენაეს სასამართლოს.

2. თუ საკონსტიტუციო სასამართლომ ან უზენაესმა სასამართლომ შესაბამისად დაადასტურა საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა ან დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების არსებობა, პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით უფლებამოსილია თანამდებობიდან გადააყენოს საქართველოს კონსტიტუციის 64-ე მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი თანამდებობის პირები.

3. თანამდებობის პირი იმპიჩმენტის წესით გადაყენებულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობამ.

4. გადაწყვეტილება მიიღება სესიაზე საკითხის განხილვის დაწყებიდან 30 დღის განმავლობაში.

5. თუ პარლამენტმა გადაწყვეტილება არ მიიღო, საკითხი მოხსნილად ითვლება და მომდევნო ერთი წლის განმავლობაში დაუშვებელია იმავე ბრალდების წაყენება.

6. პარლამენტის გადაწყვეტილების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება შესაბამის თანამდებობის პირს.

 

თავი XLV

საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის და კონსტიტუციური წარდგინების შეტანა

    მუხლი 182

1. პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს შეუძლია საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანოს კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს კანონების, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის, საქართველოს პრეზიდენტის, აფხაზეთისა და აჭარის ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების ნორმატიული აქტების, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციის ამოქმედებამდე შესაბამისი ორგანოების მიერ მიღებული ნორმატიული აქტების საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის შესახებ.

2. პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს შეუძლია საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანოს კონსტიტუციური სარჩელი მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებათა შექმნისა და საქმიანობის, რეფერენდუმის ან არჩევნების ჩატარების ან მათზე უარის თქმის (არ დანიშვნის), პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის შესახებ პარლამენტის გადაწყვეტილების კონსტიტუციურობის შესახებ.

3. პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის კონსტიტუციური სარჩელის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე საქართველოს პარლამენტის ან სხვა სახელმწიფო ორგანოს კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლების დარღვევა.

    მუხლი 183

პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს უფლება აქვს საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, მთავრობის წევრის, გენერალური პროკურორის, კონტროლის პალატის თავმჯდომარის ან ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის შესახებ.

 

თავი XLVI

საქართველოს პრეზიდენტის შენიშვნებით დაბრუნებული კანონპროექტის განხილვა

    მუხლი 184

1. მოტივირებული შენიშვნებით საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაბრუნებულ კანონპროექტს პარლამენტი განიხილავს არა უგვიანეს 15 დღისა.

2. თუ შენიშვნები მიღებულია მთლიანად, პარლამენტი აღნიშნულ კანონპროექტს სათანადო ხელმოწერით 3 დღის ვადაში გადასცემს საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც კანონპროექტის საბოლოო რედაქციას ხელს აწერს და აქვეყნებს 7 დღის ვადაში.

3. თუ პარლამენტმა არ მიიღო შენიშვნები მთლიანად, პარლამენტი კენჭს უყრის კანონპროექტის პირვანდელ რედაქციას. კანონი ან ორგანული კანონი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარი დაუჭირა პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ სამმა მეხუთედმა. კონსტიტუციური კანონი მიღებულად ჩაითვლება თუ მას მხარი დაუჭირა პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორმა მესამედმა.

4. თუ საქართველოს პრეზიდენტმა დადგენილ ვადაში არ გამოაქვეყნა კანონი, მას ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.

5. თუ ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში პარლამენტმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, მაშინ ასეთი კანონპროექტი უარყოფილია და პარლამენტს შეუძლია მომდევნო გეგმურ სესიაზე, საქართველოს პრეზიდენტთან წინასწარი კონსულტაციების შემდეგ დაუბრუნდეს ჩვეულებრივი წესით მის განხილვას.

    მუხლი 185

1. თუ საქართველოს პრეზიდენტი კანონპროექტს მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს პარლამენტს, მაგრამ დამთავრებულია პარლამენტის უფლებამოსილების ვადა, შენიშვნებს განიხილავს ახალი მოწვევის პარლამენტი.

2. თუ საქართველოს პრეზიდენტი კანონპროექტს მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს პარლამენტს, მაგრამ გამოცხადებულია საპარლამენტო არდადაგები ან საპარლამენტო არდადეგებამდე დარჩენილია 15 დღეზე ნაკლები, შენიშვნებით დაბრუნებული კანონპროექტის განსახილველად დადგენილი წესით შეიძლება მოწვეული იქნეს რიგგარეშე სესია.

 

თავი XLVII

საქართველოს კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვა

    მუხლი 186

1. პარლამენტში საქართველოს კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის შესახებ სათანადო ხელმოწერებით დადასტურებული კანონპროექტის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტს, არანაკლებ 200000-ს ამომრჩეველს.

2. კანონპროექტი საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის შესახებ საყოველთაოსახალხო განხილვისათვის ოფიციალურ ორგანოში ქვეყნდება პარლამენტში მისი შეტანიდან 15 დღის განმავლობაში.

    მუხლი 187

პარლამენტი საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის შესახებ კანონპროექტის განხილვას იწყებს გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ. კამათის დაწყებამდე სხდომას ეცნობება საყოველთაო განხილვის შედეგებს.

 

თავი XLVIII

რეფერენდუმი

    მუხლი 188

1. პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთ მეხუთედს, სათანადო დასაბუთების საფუძველზე, პერსონალური ხელმოწერებით დადასტურებული წერილობითი ფორმით, შეუძლია პარლამენტში დასვას საკითხი საქართველოს კონსტიტუციითა და ორგანული კანონით განსაზღვრულ საკითხებზე რეფერენდუმის დანიშვნის მოთხოვნის შესახებ, რაც პარლამენტის სხდომაზე განიხილება მისი მიღებიდან არაუგვიანეს 20 დღის განმავლობაში.

2. პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით იღებს მიმართვას რეფერენდუმის დანიშვნის მოთხოვნის შესახებ, რაც საქართველოს პრეზიდენტს წარედგინება.

3. თუ პარლამენტმა ვერ გადაწყვიტა რეფერენდუმის დანიშვნის მოთხოვნის საკითხი, იგი მოხსნილად ითვლება და მომდევნო 6 თვის განმავლობაში მოცემულ საკითხთან დაკავშირებით კენჭისყრა აღარ შედგება.

    მუხლი 189

თუ საქართველოს პრეზიდენტი საკუთარი ინიციატივით ან 200 000 ამომრჩევლის მოთხოვნით რეფერენდუმზე გაიტანს იმავე საკითხს, რომელიც წარდგენილია პარლამენტის სხდომაზე განსახილველად, იგი სხდომის დღის წესრიგიდან მოიხსნება.

თავი XLIX

პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

    მუხლი 190

1. საქართველოს კონსტიტუციის 54-ე მუხლში განსაზღვრული საფუძვლების არსებობისას პარლამენტი განიხილავს და წყვეტს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს.

2. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტასთან დაკავშირებულ საკითხებს შეისწავლის და განიხილავს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, რომელიც შეიმუშავებს დასკვნას და წარუდგენს ბიუროს საპარლამენტო განხილვისათვის. პარლამენტი გადაწყვეტილებას იღებს დადგენილებით (გარდა 191-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა).

    მუხლი 191

1. პარლამენტის წევრის მიერ უფლებამოსილების მოხსნის შესახებ პარლამენტისათვის პირადი განცხადებით მიმართვის შემთხვევაში კომიტეტი ვალდებულია დაადგინოს განცხადების ნამდვილობა და ის გარემოებანი, რაც საფუძვლად დაედო განცხადებას.

2. თუ პარლამენტის წევრის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, კომიტეტი გამოითხოვს განაჩენს, რომლის განხილვის შედეგები საფუძვლად ედება კომიტეტის დასკვნას.

3. თუ პარლამენტის წევრმა დაიკავა პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა ან ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, კომიტეტი გამოიძახებს დოკუმენტურ მასალას, ჩამოართმევს მას ახსნა-განმარტებას და აკეთებს შესაბამის დასკვნას.

4. თუ პარლამენტის წევრმა დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა, კომიტეტი გამოითხოვს ამ ფაქტის დამადასტურებელ საბუთებს და ამოწმებს მათ ნამდვილობას.

5. პარლამენტის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში კომიტეტი გამოითხოვს ცნობას დეპუტატის გარდაცვალების შესახებ.

    მუხლი 192

1. პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება, თუ ზედიზედ 4 თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ მონაწილეობს პარლამენტის მუშაობაში. კომიტეტი გამოარკვევს მიზეზებს და თუ დადასტურდა, რომ გაცდენები არასაპატიო მიზეზითაა გამოწვეული, საკითხი დადგენილი წესით შეაქვს პარლამენტის სხდომაზე.

2. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე პარლამენტის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში.

კარი XII

პარლამენტის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა

თავი L

პარლამენტის აპარატი და დამხმარე სტრუქტურები

    მუხლი 193

1. პარლამენტის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით იქმნება პარლამენტის აპარატი, რომლის სტრუქტურა, ფუნქციები და მუშაობის წესი განისაზღვრება რეგლამენტით და მის შესაბამისად აპარატის დებულებით.

2. პარლამენტის აპარატის ფუნქციაა პარლამენტის ბიუროს, პარლამენტის თავმჯდომარის და მისი მოადგილეების, პარლამენტის წევრების, კომიტეტების, საპარლამენტო ფრაქციების, საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების საქმიანობის ორგანიზაციული, იურიდიული, დოკუმენტური, საინფორმაციო, საფინანსო, მატერიალურტექნიკური და სოციალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურება.

    მუხლი 194

პარლამენტის აპარატი უზრუნველყოფს:

ა) ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების დადასტურებიდან 3 თვის განმავლობაში მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატების და არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური გაერთიანებების წინასაარჩევნო პლატფორმის კრებულის გამოცემას;

ბ) პარლამენტის სხდომების მომზადებას;

გ) პარლამენტის წევრებს ორკვირიანი ციკლის პლენარული სხდომების დღის წესრიგის საკითხთა ნუსხით გათვალისწინებული კანონპროექტებით შესაბამისი სხდომის კვირის დადგომამდე;

დ) პარლამენტის, ბიუროს, კომიტეტების, საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისიების, ფრაქციების სამართლებრივი, მატერიალურ-ტექნიკურ, საფინანსო და სხვა საკითხების გადაწყვეტას;

ე) პარლამენტის სხდომებზე კანონპროექტებისა და სხვა საკითხების განხილვისას გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვას;

ვ) პარლამენტის წევრებისათვის მათი უფლებამოსილების განხორციელებაში ხელის შეწყობას;

ზ) პარლამენტის ბიუროს, თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების, კომიტეტების, კომისიების დავალებების შესრულებას;

თ) პარლამენტის ხელმძღვანელობისა და პარლამენტის წევრებისათვის საინფორმაციო - საცნობარო და სხვა მასალების მომზადებას,პარლამენტის მიერ მიღებული აქტების კრებულის მომზადებას;

ი) სესიებს შორის პერიოდში საჭირო საინფორმაციო მასალების მომზადებასა და პარლამენტის წევრებისათვის მიწოდებას;

კ) პარლამენტისა და მისი ბიუროს სხდომების ოქმებისა და სტენოგრამების წარმოებას, პარლამენტის უწყებანისგამოცემას;

ლ) პრესაში, ტელევიზიითა და რადიოთი პარლამენტის, მისი კომიტეტების, ფრაქციების, საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისიების დოკუმენტების გამოქვეყნებასა და გაშუქებას;

მ) პარლამენტში უცხო სახელმწიფოთა დელეგაციების, ცალკეულ სახელმწიფო, პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეთა, დიპლომატიურ წარმომადგენელთა მიღების ორგანიზაციულ-ტექნიკურ მხარეს.

    მუხლი 195

1. პარლამენტის აპარატს ხელმძღვანელობს პარლამენტის აპარატის უფროსი.

2. პარლამენტის აპარატის შემადგენლობაში შემავალი დეპარტამენტებისა და სამსახურების ხელმძღვანელებს, პარლამენტის აპარატის უფროსის წარდგინებით ნიშნავს პარლამენტის თავმჯდომარე და ამტკიცებს ბიურო.

    მუხლი 196

1. პარლამენტის აპარატის შემადგენლობაში დამოუკიდებელი სტრუქტურული საკოორდინაციო ერთეულების სახით შედიან კომიტეტების, ფრაქციების, საგამოძიებო და სხვა კომისიების აპარატები, რომელთა უფროსებს და აპარატის შემადგენლობას, თანახმად დამტკიცებული საშტატო განრიგისა, შესაბამისი კომიტეტის, ფრაქციის თავმჯდომარის, საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისიის წარდგინების საფუძველზე, საჯარო სამსახურის შესახებ კანონით დადგენილი წესით ნიშნავს და ათავისუფლებს პარლამენტის აპარატის უფროსი.

2. პარლამენტის აპარატის მუშაკთა უფლება-მოვალეობა განისაზღვრება კანონით, პარლამენტის აპარატის სტრუქტურული საკორდინაციო ერთეულების დებულებებით, რომელთაც აპარატის უფროსის წარდგინებით და ბიუროსთან შეთანხმებით ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე.

3. პარლამენტის აპარატის უფროსი კომიტეტების, ფრაქციების, კომისიების მოსაზრებების გათვალისწინებით განსაზღვრავს აპარატის სტრუქტურას, შტატებს, თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებას, სამუშაო პირობებს და დასამტკიცებლად წარუდგენს პარლამენტის თავმჯდომარეს.

    მუხლი 197

1. პარლამენტის კომიტეტებთან, საჭიროების შემთხვევაში, ქვეკომიტეტებთან, იქმნება სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოები, სადაც საზოგადოებრივ საწყისებზე მუშაობენ შესაბამისი დარგის ექსპერტ-კონსულტანტები. საბჭოს შემადგენლობას ნიშნავს კომიტეტის თავმჯდომარე. კომიტეტის თავმჯდომარეს შეუძლია პარლამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით საბჭოს წევრ ექსპერტ-კონსულტანტებს კონკრეტული საკითხის დასამუშავებლად კანონით დადგენილი წესით გაუფორმოს ვადიანი შრომითი ხელშეკრულება.

2. პარლამენტის წევრს უფლება აქვს ჰყავდეს თანაშემწე. პარლამენტის წევრს, მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში, არა უმეტეს უფლებამოსილების ვადით, თანაშემწე დაენიშნება შესაბამისი კომიტეტის და ფრაქციის (თუ გაერთიანებულია საპარლამენტო ფრაქციაში) თანხმობით. უარის თქმის შემთხვევაში საკითხს წყვეტს პარლამენტის ბიურო. პარლამენტის წევრის თანაშემწის სამუშაოზე მიღება და სამუშაოდან განთავისუფლება ხდება პარლამენტის აპარატის თანამშრომლისათვის დადგენილი წესით, ხოლო მისი უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით პარლამენტის წევრის თანაშემწის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ, რომელსაც ამტკიცებს პარლამენტი.

 

    მუხლი 198

1. პარლამენტის შენობაში და პარლამენტის სხდომის მიმდინარეობისას დარბაზში წესრიგის დაცვის მიზნით პარლამენტის აპარატთან იქმნება მანდატურის სამსახური, რომლის სტრუქტურა და მუშაობის წესი განისაზღვრება პარლამენტის მანდატურის სამსახურის დებულებით.

2. პარლამენტის მანდატურის სამსახურის დებულებას ბიუროსთან შეთანხმებით ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე.

3. პარლამენტის მანდატური არ შეიძლება იყოს რომელიმე პარტიის წევრი. მისი ასაკი არ უნდა იყოს 35 წელზე ნაკლები.

    მუხლი 199

1. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა საქართველოს საბიბლიოთეკო სისტემის მთავარი ბიბლიოთეკა, არის პარლამენტის ბიბლიოთეკა, რომლის საქმიანობა რეგულირდება ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ საქართველოს კანონით, სხვა კანონებით და შესაბამისი დებულებით.

2. ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს ნიშნავს პარლამენტის თავმჯდომარე და ამტკიცებს პარლამენტის ბიურო.

    მუხლი 200

1. აუდიტორული საქმიანობის რეგულირების სისტემაში სახელმწიფოს ფუნქციათა განხორციელების მიზნით პარლამენტთან იქმნება და მოქმედებს აუდიტორული საქმიანობის საბჭო.

2. აუდიტორული საქმიანობის საბჭოს უფლებამოსილებანი და მისი სტრუქტურა, აგრეთვე საბჭოს თავმჯდომარის კომპეტენცია და ძირითადი ფუნქციები განისაზღვრება აუდიტორული საქმიანობის შესახებსაქართველოს კანონით და აღნიშნული საბჭოს დებულებით, რასაც დადგენილებით ამტკიცებს პარლამენტი.

3. პარლამენტის კომიტეტების, ფრაქციებისა და ცალკეული დეპუტატების საფინანსო, საბიუჯეტო და სხვა ეკონომიკური ხასიათის ანალიტიკური ინფორმაციით უზრუნველყოფის მიზნით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან იქმნება საბიუჯეტო ოფისი. საბიუჯეტო ოფისის სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება შესაბამისი დებულებით, რომელსაც ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე.

თავი LI

პარლამენტის დაცვის უზრუნველყოფა

    მუხლი 201

1. კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით პარლამენტისა და პარლამენტის წევრთა დაცვას უზრუნველყოფს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური.

2. პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურთან ერთად შეიმუშავებს პარლამენტის შენობა-ნაგებობებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმს, რასაც ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე.

3. პარლამენტის თავმჯდომარის დავალებით შესაბამისი კომიტეტი შეისწავლის და განიხილავს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საქმიანობას პარლამენტის დაცვის უზრუნველყოფის ნაწილში.

 

თავი LII

პარლამენტის საფინანსო საქმიანობის კონტროლი

    მუხლი 202

1. პარლამენტის ბიუჯეტის შედგენასა და შესრულებას ხელმძღვანელობს პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების და პარლამენტის აპარატის მეშვეობით.

2. პარლამენტში საფინანსო საქმიანობის კონტროლს თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის, აგრეთვე ამ მიზნით შექმნილი ხაზინდართა ჯგუფების მეშვეობით.

3. საშემოდგომო სესიის ბოლოს პარლამენტი თავისი შემადგენლობიდან ირჩევს დროებით ჯგუფს, რომელიც პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან ერთად, საბიუჯეტო წლის დამთავრების შემდეგ, ამოწმებს პარლამენტისათვის გამოყოფილი ბიუჯეტის მიზნობრივ ხარჯვას და გამოყენებას. შემოწმების შედეგებს ჯგუფი მოახსენებს პარლამენტის სხდომას. პარლამენტის საფინანსო საქმიანობის შემსწავლელი დროებითი ჯგუფი საქმიანობის დამთავრების შემდეგ ადგენს საჯარო ანგარიშს და აქვეყნებს პარლამენტის ბეჭდვით ორგანოში.

4. პარლამენტში შეიძლება შეიქმნას პარლამენტის წევრებისათვის ფინანსური ურთიერთდახმარების ფონდი, რომელშიც გადაირიცხება პარლამენტის წევრის ხელფასიდან და სადეპუტატო უფლებამოსილების ყოველთვიური დანამატიდან რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში დაკავებული თანხები, აგრეთვე პარლამენტის წევრთა ნებაყოფლობითი შენატანები. ფონდის შექმნისა და საქმიანობის წესი, ნებაყოფლობითი შენატანების ოდენობა განისაზღვრება წესდებით. ფონდის წესდებას ამტკიცებს პარლამენტის ბიურო.

 

კარი XIII

პასუხისმგებლობა რეგლამენტის დარღვევისათვის

თავი LIII

რეგლამენტის დარღვევისათვის პარლამენტის წევრების და თანამდებობის პირების პასუხისმგებლობა

    მუხლი 203

პარლამენტის რეგლამენტის დარღვევისათვის პარლამენტის წევრთა მიმართ დაწესებულია ზემოქმედების შემდეგი ფორმები:

ა) სიტყვის ჩამორთმევა;

ბ) გაფრთხილება;

გ) გაფრთხილება ოქმში შეტანით;

დ) სხდომათა დარბაზის დატოვება;

ე) ჯარიმა.

    მუხლი 204

1. პარლამენტის სხდომის თავმჯდომარე პარლამენტის წევრს სიტყვას ჩამოართმევს, თუ იგი:

ა) სიტყვით გამოდის სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე;

ბ) სიტყვით გამოდის და არ მსჯელობს განსახილველ საკითხზე;

გ) სიტყვა მიეცა პროცედურულ ან პირად საკითხებზე და თავის გამოსვლაში შეეხო სხვა საკითხებს;

დ) აჭარბებს რეგლამენტით დადგენილ დროს ან იმ დროს, რომელიც მას გაუგრძელეს პარლამენტის სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით.

2. გაფრთხილება გამოიყენება პარლამენტის იმ წევრის მიმართ, რომელიც:

ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის "ა", "ბ", "გ" და "დ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სიტყვის ჩამორთმევის შემდეგაც განაგრძობს გამოსვლას;

ბ) სიტყვით გამოდის უმიკროფონოდ;

გ) ჩაიდენს ქმედებას, რომელიც იწვევს რეგლამენტით განსაზღვრული წესით წარმართული სხდომის შეფერხებას.

3. გაფრთხილება ოქმში შეტანით გამოიყენება, თუ პარლამენტის წევრი:

ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტის "ა", "ბ" და გ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გაფრთხილების შემდეგაც განაგრძობს გამოსვლას;

ბ) არღვევს პერსონალურ საკითხებზე კენჭისყრის ფორმას;

გ) უკვე გააფრთხილეს პარლამენტის იმავე სხდომაზე და კიდევ საჭიროებს გაფრთხილებას.

4. სხდომათა დარბაზის დატოვების მოთხოვნა გამოიყენება პარლამენტის იმ წევრის მიმართ:

ა) რომელმაც პარლამენტის იმავე სხდომაზე უკვე მიიღო გააფრთხილება ოქმში შეტანით და კვლავ განაგრძობს წესრიგის დარღვევას;

ბ) რომელიც სჩადის ძალადობას ან ამგვარი მოქმედებისაკენ მოუწოდებს პარლამენტის წევრებს.

5. პარლამენტის წევრი, რომლის მიმართაც სხდომათა დარბაზის დატოვების მოთხოვნა გამოიყენეს, ვალდებულია დატოვოს სხდომათა დარბაზი. წინააღმდეგ შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარე შეაჩერებს სხდომას, რის შემდეგაც მანდატური მიმართავს პარლამენტის წევრს სხდომათა დარბაზის დატოვების მოთხოვნით.

6. პარლამენტის წევრს, რომლის მიმართაც სხდომათა დარბაზის დატოვების მოთხოვნა გამოიყენეს, დაექვითება სანქციის გამოყენების დღის ხელფასი და სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა ანაზღაურება.

    მუხლი 205

1. პარლამენტის წევრს, რომლის მიმართ გამოიყენეს 204-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დაწესებული ზემოქმედების ფორმები, უფლება აქვს წერილობით შეიტანოს დასაბუთებული პროტესტი პარლამენტის მომდევნო სხდომის დაწყებამდე. პროტესტის განხილვას კენჭი ეყრება დამსწრეთა უმრავლესობით. განხილვის შემდეგ პროტესტი დაკმაყოფილებული იქნება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.

2. პარლამენტის წევრის მიმართ ზემოქმედების რომელიმე ფორმის გამოყენების შემთხვევაში მომდევნო გამომსვლელებს უფლება არა აქვთ კამათის საგნად გახადონ წესრიგისაკენ მოწოდების საკითხი.

    მუხლი 206

1. პარლამენტის წევრის მიერ სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევებსა და მიზეზებს განიხილავს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი და სათანადო დასკვნას წინადადებას პასუხისმგებლობის ფორმის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს პარლამენტის ბიუროს.

2. თუ პარლამენტის წევრმა დილის და საღამოს სხდომებზე არ გაიარა რეგისტრაცია, პლენარული სხდომა ჩაეთვლება გაცდენილად. გაცდენის საპატიო მიზეზად ჩაითვლება დადასტურებული ავადმყოფობა, ოჯახური მდგომარეობა, პარლამენტის თავმჯდომარის ნებართვა, სამსახურებრივი მივლინება, სტიქიური უბედურების გამო ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება.

    მუხლი 207

1. პარლამენტის კომიტეტი ყოველთვიურად ადგენს კომიტეტის სხდომების გამცდენი პარლამენტის წევრების სიას ცალკეული მათგანის მიერ გაცდენილი სხდომების რაოდენობისა და თარიღის მითითებით. კომიტეტის სხდომების გამცდენი პარლამენტის წევრების სია გადაეცემა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს, რომელიც მონაცემების სისწორის შესწავლის შემდეგ უზრუნველყოფს მის გამოქვეყნებას "პარლამენტის უწყებანში" .

2. პარლამენტის, კომიტეტის სხდომის არასაპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში გამოიყენება ფულადი ჯარიმა ყოველი 3 სხდომის გაცდენისათვის ერთი თვის ხელფასის 15%-ის ოდენობით, ამასთან გაცდენილი დღეების ხელფასის აუნაზღაურებლად.

3. კომიტეტები საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს პერიოდულად აწვდიან ინფორმაციას კომიტეტის იმ წევრების შესახებ, რომლებიც არ ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას და თავს არიდებენ საკომიტეტო საქმიანობას, რაც 3 თვეში ერთხელ უნდა მოხსენდეს პარლამენტის სხდომას.

4. ყოველი სესიის ბოლოს "პარლამენტის უწყებანში" ფრაქციების მითითებით ქვეყნდება პარლამენტის იმ წევრთა სიები, რომელთაც არასაპატიო მიზეზით გააცდინეს პლენარული სხდომები.

5. პარლამენტის წევრის მიერ შესაბამისი კომიტეტის სხდომების სისტემატური გაცდენის, საკომიტეტო საქმიანობაში მონაწილეობის მიუღებლობის შემთხვევაში საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი შესაბამისი კომიტეტის წარდგინებით შეისწავლის საკითხს. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი უფლებამოსილია შეიმუშაოს დასკვნა პარლამენტის წევრისათვის კომიტეტის წევრობის უფლებამოსილების შეზღუდვის მიზანშეწონილობის თაობაზე. დასკვნა წარედგინება პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას პარლამენტის წევრისათვის 6 თვით კომიტეტის წევრობის უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ, რაც დაუყოვნებლივ ეცნობება პარლამენტს.

6. სანქცირებული პერიოდის განმავლობაში პარლამენტის წევრი არ სარგებლობს კომიტეტის სხდომაზე ხმის უფლებით, არ აუნაზღაურდება სადეპუტატო უფლებამოსილების განსახორციელებლად ყოველთვიური დანამატის 50% და ეკრძალება რომელიმე კომიტეტში გაწევრიანება.

    მუხლი 208

სხდომის თავმჯდომარის მიერ რეგლამენტის სისტემატური და უხეში დარღვევისათვის შეიძლება კენჭისყრაზე დაისვას საკითხი მისთვის ოქმში შეტანით შენიშვნის გამოცხადების შესახებ. გადაწყვეტილება მიიღება დადგენილებით.

    მუხლი 209

1. პარლამენტის წევრის მიერ ხმის მიცემის სხვისი პულტის გამოყენების ყველა შემთხვევა განიხილება, როგორც კენჭისყრის შედეგების გაყალბება, რაც იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. ხმის მიცემისას სხვისი პულტების გამოყენების ფაქტებს აფიქსირებს მანდატურის სამსახური. აღნიშნული ფაქტები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცემა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს, რომელიც განხილვის შედეგებს შესაბამისი წინადადებებით წარუდგენს პარლამენტის ბიუროს.

2. დაუშვებელია პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტის, დადგენილების, სხვა სამართლებრივი აქტის, ოქმის და პარლამენტის სხვა დოკუმენტების გადაკეთება ან გასწორება საბოლოო კენჭისყრის შემდეგ. აღნიშნული ქმედების განხორციელება იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

თავი LIV

რეგლამენტის დარღვევისათვის სხვა სახელმწიფო თანამდებობის პირების პასუხისმგებლობა

    მუხლი 210.

1. რეგლამენტის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა კანონით და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით ეკისრებათ პარლამენტის მიერ არჩეულ, დანიშნულ ან დამტკიცებულ, აგრეთვე სხვა თანამდებობის პირებს, რომლებსაც ევალებათ პარლამენტის საქმიანობაში მონაწილეობა,

2. თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი დგება შემდეგი დარღვევებისათვის:

ა) მოწვეულია საკითხის განხილვაზე და არ ცხადდება;

ბ) არღვევს საპარლამენტო შეკითხვაზე პასუხის გაცემისათვის დაწესებულ პროცედურას;

გ) არ ცხადდება საპარლამენტო მოსმენაზე.

დ) პარლამენტს აწვდის დამახინჯებულ ან არასწორ ინფორმაციას;

ვ) არ ასრულებს პარლამენტის დადგენილებებსა და რეკომენდაციებს;

ზ) დაბრკოლებებს უქმნის პარლამენტის წევრს კანონით მინიჭებულ უფლებათა განხორციელებაში.

3. ყოველ ასეთ შემთხვევაში საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი პარლამენტის ბიუროს წინაშე აყენებს საკითხს სათანადო რეაგირების თაობაზე.

    მუხლი 211

1. რეგლამენტის დარღვევისათვის პარლამენტი მიმართავს რეაგირების შემდეგ ფორმებს:

ა) იღებს დადგენილებას ან რეზოლუციას დარღვევის გამო კონკრეტული თანამდებობის პირების მიმართ საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული სათანადო რეაგირების ზომების გასატარებლად;

ბ) წარდგინებით მიმართავს სახელმწიფო უწყებათა ხელმძღვანელებს მათ დაქვემდებარებაში მყოფი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის შესახებ. 2. პარლამენტის სხდომის სტუმარი ვალდებულია დაიცვას წესრიგი პარლამენტის სხდომის დროს. მას ეკრძალება მოქმედება, რომელიც ხელს უშლის პარლამენტს, თუ პარლამენტის წევრს სახელმწიფო ფუნქციების განხორციელებაში. კენჭისყრისას მან თავი უნდა შეიკავოს შედეგისადმი პირადი დამოკიდებულების გამოხატვისაგან. წესრიგის დამრღვევ სტუმრებს სხდომის თავმჯდომარემ შეიძლება დაატოვებინოს დარბაზი.

 

თავი LV

პარლამენტის თანხმობა იმუნიტეტის მოხსნაზე

    მუხლი 212

1. პარლამენტის წევრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის, დაკავების ან დაპატიმრებისათვის, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი გაჩხრეკისათვის პარლამენტის თანხმობა სავალდებულოა. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ პარლამენტში წინადადება შემოაქვს საქართველოს გენერალურ პროკურორს. შემოსული წინადადების საფუძვლიანობას 5 დღის განმავლობაში შეისწავლის და განიხილავს შესაბამისი კომიტეტი, რომელიც წერილობით დასკვნას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის სხდომაზე საკითხის განხილვის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღება დადგენილებით.

2. სესიათა შორის პერიოდში პარლამენტის წევრის დანაშაულზე წასწრების შემთხვევაში საკითხი განიხილება საქართველოს კონსტიტუციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

3. პარლამენტის მიერ არჩეულ, დანიშნულ ან დამტკიცებულ თანამდებობის პირთა დაკავების ან დაპატიმრების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობება პარლამენტს.

    მუხლი 213

პარლამენტის წევრს, რომლის დაკავებას და დაპატიმრებასაც პარლამენტი დაეთანხმა, დაკავების ან პატიმრობის პერიოდში შეუჩერდება სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების უფლება.

სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის, ბრალეულობის დაუდასტურებლობის, წინასწარი პატიმრობიდან განთავისუფლების ან სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში პარლამენტის წევრს აღუდგება სადეპუტატო უფლებამოსილება და მიეცემა სრული კომპესაცია კანონით დადგენილი წესით.

 

კარი XIV

დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 214

1. თუ რეგლამენტში მითითებული ვადების ბოლო დღე ემთხვევა ოფიციალური დასვენების ან უქმე დღეს, ვადის გასვლის დღედ ითვლება შემდეგი სამუშაო დღე.

2. პარლამენტის წევრებს შორის სათანადო მასალების გავრცელების დღე შესაბამისი ვადების გამოანგარიშებისას არ გაითვალისწინება.

 

31. 17/02/2004 - საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი - 3353 - სსმ, 8, 25/03/2004 30. 27/02/2003 - საქართველოს პარლამენტის დადგენილება - 1972 - სსმ, 21, 20/03/2003 29. 03/12/2002 - საქართველოს პარლამენტის დადგენილება - 1804 - სსმ, 124, 24/12/2002 28. 06/11/2002 - საქართველოს პარლამენტის დადგენილება - 1720 - სსმ, 111, 13/11/2002 27. 21/06/2002 - საქართველოს პარლამენტის დადგენილება - 1525 - სსმ, 70, 11/07/2002 26. 07/06/2002 - საქართველოს პარლამენტის დადგენილება - 1483 - სსმ, 62, 18/06/2002 25. 15/05/2002 - საქართველოს პარლამენტის დადგენილება - 1432 - სსმ, 11, 16/05/2002 24. 10/04/2002 - საქართველოს პარლამენტის დადგენილება - 1365 - სსმ, 40, 26/04/2002 23. 10/04/2002 - საქართველოს პარლამენტის დადგენილება - 1360 - სსმ, 40, 26/04/2002 22. 10/04/2002 - საქართველოს პარლამენტის დადგენილება - 1359 - სსმ, 40, 26/04/2002 21. 13/02/2001 - საქართველოს პარლამენტის დადგენილება - 722 - სსმ, 3, 14/02/2001 20. 10/11/2000 - საქართველოს პარლამენტის დადგენილება - 607 - სსმ, 42, 24/11/2000 19. 10/10/2000 - საქართველოს პარლამენტის დადგენილება - 534 - სსმ, 37, 24/10/2000 18. 30/06/2000 - საქართველოს პარლამენტის დადგენილება - 460 - სსმ, 25, 11/07/2000 17. 03/05/2000 - საქართველოს პარლამენტის დადგენილება - 268 - სსმ, 17, 12/05/2000 16. 20/04/2000 - საქართველოს პარლამენტის დადგენილება - 256 - სსმ, 15, 25/04/2000 15. 18/04/2000 - საქართველოს პარლამენტის დადგენილება - 248 - სსმ, 14, 19/04/2000 14. 10/03/2000 - საქართველოს პარლამენტის დადგენილება - 209 - სსმ, 9, 21/03/2000 13. 24/02/2000 - საქართველოს პარლამენტის დადგენილება - 174 - სსმ, 5, 02/03/2000 12. 01/02/2000 - საქართველოს პარლამენტის დადგენილება - 121 - სსმ, 1, 02/02/2000 11. 07/12/1999 - საქართველოს პარლამენტის დადგენილება - 53 - სსმ, 47(54), 09/12/1999 10. 26/11/1999 - საქართველოს პარლამენტის დადგენილება - 32 - სსმ, 46(53), 01/12/1999 9. 26/11/1999 - საქართველოს პარლამენტის დადგენილება - 31 - სსმ, 46(53), 01/12/1999 8. 25/11/1999 - საქართველოს პარლამენტის დადგენილება - 6 - სსმ, 45(52), 26/11/1999 7. 08/09/1999 - საქართველოს პარლამენტის დადგენილება - 2359 - სსმ, 42(49), 17/09/1999 6. 25/06/1999 - საქართველოს პარლამენტის დადგენილება - 2191 - სსმ, 28(35), 08/07/1999 5. 28/05/1999 - საქართველოს პარლამენტის დადგენილება - 1984 - სსმ, 27(34), 09/06/1999 4. 02/02/1999 - საქართველოს პარლამენტის დადგენილება - 1778 - სსმ, 6(13), 04/03/1999 3. 30/09/1998 - საქართველოს პარლამენტის დადგენილება - 1596 - სსმ, 2, 30/09/1998 2. 01/09/1998 - საქართველოს პარლამენტის დადგენილება - 1552 - სსმ, 2, 26/10/1998 1. 29/05/1998 - საქართველოს პარლამენტის დადგენილება - 1411 - პარლამენტის უწყებანი, 19-20, 30/05/1998