საქართველოს პარლამენტის დადგენილება „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ“

  • Word
საქართველოს პარლამენტის დადგენილება „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 2191
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/06/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 28(35), 08/07/1999
ძალის დაკარგვის თარიღი 05/04/2004
სარეგისტრაციო კოდი 0000000000000000000000
  • Word
2191
25/06/1999
სსმ, 28(35), 08/07/1999
0000000000000000000000
საქართველოს პარლამენტის დადგენილება „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ“
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

1. რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 791 მუხლი:

    მუხლი 791

არანაკლებ 30 000 ამომრჩევლის საკანონმდებლო ინიციატივის უფლება ხორციელდება რეგლამენტის 1863 მუხლით დადგენილი წესით, შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

ა) საინიციატივო ჯგუფი ხელმოწერებს აგროვებს 2 თვის ვადაში;

ბ) პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ხელმოწერების ნამდვილობას ამოწმებს 15 დღის ვადაში.“.

2. 186-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-2 პუნქტი, ხოლო რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1861, 1862 და 1863 მუხლები:

    მუხლი 1861

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის შესახებ კანონპროექტს წარუდგენს საქართვე­ლოს კონსტიტუციით და ამ რეგლამენტით დადგენილი პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელების წესის შესაბამისად.

    მუხლი 1862

პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი უფლებამოსილია პარლამენტს შესაბამის ხელმოწერებთან ერთად წარუდგინოს კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის შესახებ კანონპროექტი. ხელმოწერების ნამდვილობას ერთი კვირის ვადაში ამოწმებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი და შედეგებს წარუდგენს პარლამენტის ბიუროს.

    მუხლი 1863

1. ამომრჩეველთა ინიციატივით კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის შესახებ კანონპროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეთა მიერ იქმნება ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი.

2. საინიციატივო ჯგუფი რეგისტრაციას გადის პარლამენტში, რისთვისაც სათანადო განცხადებით მიმართავს პარლამენტის ბიუროს. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის შესახებ კანონპროექტი და საინიციატივო ჯგუფის წევრთა შემდეგი მონაცემები: სახელი, გვარი, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი. ამ მასალებს ბიურო 3 დღის ვადაში გადასცემს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს.

3. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი რეგისტრაციაში გატარების თაობაზე განცხადებით მიმართვიდან 7 დღის ვადაში საინიციატივო ჯგუფს გადასცემს რეგისტრაციის მოწმობას ან მოტივირებულ უარს ეუბნება რეგისტრაციაში გატარებაზე. რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნათა დარღვევა.

4. რეგისტრაციაში გატარებაზე უარის მიღების შემთხვევაში საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს მიმართოს პარლამენტს, რომელიც უახლოეს პლენარული სხდომების კვირაში განიხილავს მიმართვას და იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.

5. საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს რეგისტრაციაში გატარების თაობაზე განცხადება გამოითხოვოს სარეგისტრაციო მოწმობის მიღებამდე.

6. საინიციატივო ჯგუფი სარეგისტრაციო მოწმობის მიღების დღიდან უფლებამოსილია დაიწყოს კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის შესახებ კანონპროექტის მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვება.

7. ხელმოწერების შესაგროვებლად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ დადგენილი ფორმის თითოეულ ფურცელს ხელს აწერს არა უმეტეს 50 ამომრჩევლისა. ისინი პირადად აღნიშნავენ შემდეგ მონაცემებს: სახელს, გვარს, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ნომერს, მისამართს და ხელმოწერის თარიღს. ყოველ ასეთ ფურცელს ხელმოწერით ადასტურებს ხელმოწერების შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირი. მისი ხელმოწერა უნდა დამოწმდეს სანოტარო ბიუროში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ან/და მმართველობის ორგანოში.

8. შევსებულ ხელმოწერების ფურცლებს საინიციატივო ჯგუფი სარეგისტრაციო მოწმობის მიღებიდან 4 თვის ვადაში წარუდგენს პარლამენტის ბიუროს, რომელიც 3 დღის ვადაში გადასცემს მათ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს.

9. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ხელმოწერების ფურცლების მიღებიდან ერთი თვის ვადაში ამოწმებს ხელმოწერების ნამდვილობას და შედეგებს წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. თუ დადგინდა, რომ ხელმოწერები შესრულებულია რეგლამენტის მოთხოვნათა დარღვევით, ბიურო უარს ეუბნება საინიციატივო ჯგუფს კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის შესახებ კანონპროექტის პარლამენტში განსახილველად შეტანაზე.

10. ბათილად მიიჩნევა ყველა ხელმოწერა, რომელიც:

ა)  შესრულებულია იმ ფურცელზე, რომელიც არ შეესაბამება დადგენილ ფორმას ან/და რომელიც ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით არ არის დადასტურებული და დამოწმებული;

ბ)  არ შეიცავს ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილ მონაცემებს;

გ)  შესრულებულია მოტყუებით, მუქარით, ძალდატანებით ან სხვა პირის მიერ, თუ ამას წერილობით დაადასტურებს ამომრჩეველი.

11. ხელმოწერების გაყალბებაზე პასუხს აგებს ხელმოწერების შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

12. თუ შემოწმების შედეგად ნამდვილ ხელმოწერათა რაოდენობა 200 000-ზე ნაკლები აღმოჩნდა, ამომრჩეველთა ინიციატივით კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის შესახებ კანონპროექტის წარდგენის უფლების განხორციელება უარყოფილად ითვლება.

13. კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის შესახებ კანონპროექტის წარდგენაზე უარის მიღების შემთხვევაში საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს 5 დღის ვადაში მიმართოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

14. ამომრჩეველთა ხელმოწერების ნამდვილობის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დადებითი დასკვნა, 200 000 ამომრჩევლის მიერ წარმოდგენილი კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის შესახებ კანონპროექტი და ამომრჩეველთა ხელმოწერები წარედგინება პარლამენტის ბიუროს, რომელიც ამ მასალებს წარუდგენს პარლამენტს უახლოეს სასესიო კვირაში განსახილველად.

15. პარლამენტი ცნობად იღებს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნას ამომრჩეველთა ხელმოწერების ნამდვილობის შესახებ და 15 დღის ვადაში აქვეყნებს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში საყოველთაო - სახალხო განხილვისათვის.“.

3. 187-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 187

1.  კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის შესახებ კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის უზრუნველყოფის მიზნით პარლამენტი იღებს გადაწყვეტილებას საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ.

2.  საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შემადგენლობას და წევრთა რაოდენობას განსაზღვრავს პარლამენტი.

3.  კომისია ერთი თვის ვადაში განიხილავს კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებულ მასალებს.

4.  პარლამენტი კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის შესახებ კანონპროექტის განხილვას იწყებს მისი გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ. პარლამენტის სხდომაზე კამათის დაწყებამდე კომისია აცნობებს სხდომას საყოველთაო-სახალხო განხილვის შედეგებს.

5.  პარლამენტი კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის შესახებ კანონპროექტს განიხილავს ამ რეგლამენტით დადგენილი კანონპროექტის განხილვის საერთო წესის შესაბამისად.“.

II. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარის მოადგილე                ე. სურმანიძე

 

თბილისი,

1999 წლის 25 ივნისი.

 №2191 – IIს