საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 580
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.020896
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
580
12/12/2018
ვებგვერდი, 13/12/2018
010240030.10.003.020896
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (13/12/2018 - 12/06/2019)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №580

2018 წლის 12 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტისა და მე-8 მუხლის მე-12 პუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანდართული დებულება.

 

მუხლი 2
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილება;

ბ) „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №298 დადგენილება.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წელს ჩატარებული საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.

 


პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე



საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულება

 


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას თავდაცვის სფეროში.

2. სამინისტროს დანიშნულებაა საქართველოს თავდაცვის ძალების (შემდგომში – თავდაცვის ძალები)  აღმშენებლობა, მისი მუდმივი საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნის უზრუნველყოფა, ბრძოლისუნარიანობის განმტკიცება, ქვეყნის დამოუკიდებლობის ნებისმიერი ხელყოფისა და შესაძლო აგრესიის მოგერიება.

3. სამინისტროში დასაქმებულნი არიან სამხედრო მოსამსახურეები, სამოქალაქო და სპეციალური წოდების მქონე პირები.

4. სამინისტრო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობითა და საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით.

5. სამინისტრო თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

6. სამინისტროს დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი.

7. სამინისტროს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორების ანგარიში, სახაზინო კოდი, სათანადო ხარჯთა ნუსხა, ბეჭედი და შტამპი თავისი დასახელებითა და საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.

8. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, გენერალ გ. კვინიტაძის ქ. №20.

მუხლი 2. სამინისტროს საქმიანობის სფერო და ამოცანები

1. ქვეყნის სახმელეთო და  საჰაერო სივრცის, ხოლო საომარი მდგომარეობისას ასევე საზღვაო სივრცის დაცვა.

2. თავდაცვის პოლიტიკის შემუშავება და  წარმართვა.

3. თავდაცვის სფეროში საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა აღსრულების  უზრუნველყოფა.

4. თავდაცვის ძალების განვითარების ძირითადი პროგრამების, გეგმებისა და სამომავლო სტრუქტურის განსაზღვრა/შემუშავება.

5. საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებისათვის აუცილებელი პროგრამების, კონცეფციებისა და გეგმების შემუშავება და ამ მიზნით სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან/ორგანიზაციიდან საჭირო ინფორმაციის გამოთხოვა და სპეციალისტების/წარმომადგენლების მიწვევა, აგრეთვე საქართველოს ეროვნული თავდაცვის გეგმების შემუშავების პროცესში მათი ჩართულობის უზრუნველყოფა.

6. ეროვნული და უწყებრივი დონის კონცეპტუალური და ორგანიზაციული დოკუმენტების შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობა.

7. თავდაცვის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის, დოქტრინების, წესდებების  შემუშავება და მათი ინიციირება შესაბამის ორგანოებში, აგრეთვე მინისტრის სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება.

8. თავდაცვის ბიუჯეტისა და ფინანსური პროექტების შემუშავება.

9. კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, იარაღის, სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ბრუნვასთან დაკავშირებული ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემა.

10. საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნა და მისი ინსპექტირება.

11. საქართველოს საზღვაო სივრცეში სუვერენული უფლებების დაცვა და შავ ზღვაზე ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველმყოფ შესაბამის უწყებებთან ურთიერთქმედება, სამხედრო-საზღვაო ოპერაციების დაგეგმვაში მონაწილეობა, აღსრულების კოორდინაცია, კომპეტენციის ფარგლებში.

12. კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სპეციალური და კონტრტერორისტული ოპერაციების ჩატარება და მათში მონაწილეობა.

13. საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობით გათვალისწინებული ვალდებულებების დაგეგმვა, აღსრულება და კონტროლი.

14. თავდაცვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა.

15. თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნისათვის საჭირო  შეიარაღებით, ტექნიკით, აღჭურვილობით, ასევე სხვა სამხედრო ქონებითა და მატერიალური საშუალებებით უზრუნველყოფა.

16. ლოჯისტიკური დაგეგმვა და უზრუნველყოფა; კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და საქართველოს სახელმწიფო (კერძო) სტრუქტურების სარკინიგზო, საზღვაო, საავტომობილო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებითა და ხაზებით პრიორიტეტული სარგებლობა; დადგენილი წესით, სამხედრო გადაზიდვების გეგმების შემუშავება, შეთანხმება და დამტკიცება.

17. სამხედრო დანიშნულების პროდუქციის, მათ შორის, ახალი და მოდერნიზებული შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის თავდაცვის ძალების შეიარაღებაში მიღება და შეიარაღებიდან მოხსნა.

18. სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების მოდერნიზაცია.

19. თავდაცვითი და სასწავლო ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციების მოწყობა-განვითარება.

20. სამხედრო ქონებისა  და  სამხედრო პროდუქციის მართვა.

21. თავდაცვის ძალების რეზერვის სისტემის მომზადება,  მართვა და განვითარება.

22. სამინისტროს სისტემაში უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა.

23. სამხედრო სადაზვერვო საქმიანობის განხორციელება.

24. საინფორმაციო ოპერაციებში მონაწილეობა.

25.  სამინისტროს სისტემის სამედიცინო უზრუნველყოფა, სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შეფასება და გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვა.

26. ქვედანაყოფების დასახელებისა და დისლოკაციის ადგილების, აგრეთვე სამხედრო ობიექტების განლაგების განსაზღვრა.

27. საძიებო-სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობა, კომპეტენციის ფარგლებში.

28. საგანგებო სიტუაციისა და საგანგებო მდგომარეობის დროს სახელმწიფო ორგანოების მხარდაჭერა  კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

29. სამხედრო ცერემონიალებისა და სარიტუალო ღონისძიებების ჩატარების უზრუნველყოფა.

30. სამხედრო  სწავლებებისა და ოპერაციების დაგეგმვა და მათი წარმართვა.

31. ქვეყნის შიგნით წვრთნებისას შესაბამისი უწყებების ჩართულობის კოორდინაცია.

32. საომარი მდგომარეობის დროს კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა და კიბეროპერაციების წარმოება.

33. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საგამოძიებო ქვემდებარეობის ფარგლებში დანაშაულთა გამოძიება, ოპერატიულ-სამძებრო და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 143​1 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება.

34. სამხედრო დისციპლინის  უზრუნველყოფა.

35. თავდაცვა და სამხედრო ობიექტების დაცვა.

36. სახელმწიფოში შექმნილი საგანგებო სიტუაციის, საგანგებო ან/და საომარი მდგომარეობის დროს  დადგენილი წესით რეაგირება.

37. კომპეტენციის ფარგლებში, ომის საშიშროებისა და სამხედრო საფრთხეების განსაზღვრა.

38. სამხედრო განათლების სისტემის, სამხედრო კვლევისა და მეცნიერების განვითარება.

39.  სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრების სამედიცინო და სოციალური უზრუნველყოფა საბიუჯეტო ასიგნებათა ფარგლებში, ასევე ფსიქოლოგიური მხარდაჭერა.

40. სამინისტროს სისტემის ორგანიზაციული მოწყობა, მისი ადამიანური რესურსების მართვა და განვითარება.

41. თავდაცვის მიზნებისთვის კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემებით უზრუნველყოფა და მისი განვითარების ხელშეწყობა; კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და საქართველოს სახელმწიფო (კერძო) სტრუქტურების კავშირგაბმულობის ქსელებით პრიორიტეტული სარგებლობა; თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კავშირგაბმულობის საშუალებებისა და არხების აღდგენის, გამოყოფილი რადიოსიხშირული სპექტრების გამოყენების გეგმების შეთანხმება.

42. კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, უცხოეთის შესაბამის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, საერთაშორისო ან/და არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მათ ორგანოებთან ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების გაფორმება (მიუხედავად მათი ფორმისა და სახელწოდებისა), რომლებიც არ წარმოადგენენ „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებს, არ რეგულირდებიან საერთაშორისო სამართლის ნორმებით და ფორმდება საჯარო უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში.

43. კანონმდებლობით დადგენილი წესითა და განსაზღვრული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით იურიდიული პირების დაფუძნება.

მუხლი 3. სამინისტროს ხელმძღვანელობა

1. სამინისტროს უშუალოდ ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც ანგარიშვალდებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე.

2. მინისტრს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი.

3. მინისტრი არ არის სამხედრო მოსამსახურე.

4. მინისტრი:

ა) წარმოადგენს სამინისტროს ან სამინისტროს თანამდებობის პირებსა და მოხელეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ანიჭებს სამინისტროს წარმომადგენლობის უფლებამოსილებას;

ბ) ახორციელებს ორგანიზაციულ ღონისძიებებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და მისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;

გ) ახორციელებს ღონისძიებებს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის სამართლებრივი აქტების შესასრულებლად, რომლებიც სამინისტროს მმართველობის სფეროს განეკუთვნება;

დ) კოორდინაციას უწევს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას, ახორციელებს სამინისტროს შესაბამის თანამდებობის პირთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას და, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ძალადაკარგულად ცნობს სამინისტროს თანამდებობის პირების აქტებსა და მოქმედებებს მათი  უკანონობის ან მიზანშეუწონლობის მოტივით;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს ნორმატიულ და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და ზედამხედველობს მათ შესრულებას;

ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მოსამსახურეებს, წყვეტს მათი წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, მივლინებაში წარგზავნის,  შვებულებაში გასვლისა და სხვა საკითხებს, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ზ) საქართველოს პრეზიდენტის მიერ თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით, საქართველოს მთავრობას წარუდგენს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის  (შემდგომში – თავდაცვის ძალების მეთაური) კანდიდატურას;

თ) პრემიერ-მინისტრს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების კანდიდატურებს და წინადადებებს მათი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ;

ი) დადგენილი წესით, ანიჭებს სამხედრო და სახელმწიფო სპეციალურ წოდებებს, ასევე მოსამსახურეს წარადგენს უმაღლესი სამხედრო წოდების ან უმაღლესი სახელმწიფო სპეციალური წოდების მისანიჭებლად;

კ) დადგენილი წესით, პროფესიულ საჯარო მოხელეს ანიჭებს მოხელის კლასს;

ლ) განსაკუთრებული დამსახურებისათვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებს წარადგენს სახელმწიფო ჯილდოზე;

მ) პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლებისა და გასავლის საკითხების შესახებ, აგრეთვე, აუცილებლობის შემთხვევაში, წარუდგენს წინადადებებს ფონდებიდან და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ასიგნებების გამოყოფის თაობაზე;

ნ) იღებს გადაწყვეტილებას საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხს აგებს სამინისტროს ბიუჯეტის ზუსტ და მიზანმიმართულ ხარჯვაზე;

ო) უფლებამოსილია, შექმნას სათათბირო ორგანოები, კომისიები და საბჭოები, განსაზღვროს მათი უფლება-მოვალეობანი და საქმიანობის წესი;

პ) უფლებამოსილია, მინისტრის პირველ მოადგილეს, მოადგილეებს ან/და სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებს, კომპეტენციის ფარგლებში, მიანიჭოს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელების უფლება;

ჟ) თავდაცვის ძალების მეთაურის დასაბუთებული წარდგინებისა და სამინისტროში მოქმედი გადაწყვეტილების მიმღები საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ახალი და მოდერნიზებული შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის შეიარაღებაში მიღების, აგრეთვე მოძველებული შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის შეიარაღებიდან მოხსნის თაობაზე;

რ) თავდაცვის ძალების მეთაურის დასაბუთებული წარდგინებისა და სამინისტროში მოქმედი გადაწყვეტილების მიმღები საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, დადგენილი წესით, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის მოდერნიზაციის თაობაზე;

ს) გასცემს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალურ დაშვებას;

ტ) უფლებამოსილია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვროს სამინისტროსათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებებიდან ომისა და  თავდაცვის ძალების ვეტერანის მოწმობის მქონე პირთათვის დახმარების გაცემის, სოციალური დაცვის, მატერიალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დახმარებასთან დაკავშირებული საკითხები;

უ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით აცხადებს კონკურსს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად;

ფ) ნორმატიული აქტით ამტკიცებს:

ფ.ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს, აგრეთვე J-2 – დაზვერვის დეპარტამენტისა და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს დებულებას;

ფ.ბ) სამინისტროში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესს;

ფ.გ) უწყებრივი მედლისა და სამკერდე ნიშნის ნიმუშებსა და მათი გაცემის წესს;

ფ.დ)  სამინისტროს მიერ პოლიგონის, სასროლეთისა და ტირის მოწყობის წესს;

ფ.ე) სამინისტროს სისტემაში გენერალური ინსპექციის მიერ  ინსპექტირებისა და სამსახურებრივი შემოწმების წესს;

ფ.ვ) საქართველოს თავდაცვის ძალებისა და მისი შემადგენლობის, აგრეთვე სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების დროშას,  ემბლემას, ინსიგნიასა და სხვა სიმბოლიკას;

ფ.ზ) სამხედრო ცერემონიალებისა და სარიტუალო ღონისძიებების ჩატარების წესს;

ფ.თ) სამხედრო მოსამსახურეების იარაღიდან სროლის, ფიზიკურ ნორმატივებსა და  მათი  ჩაბარების წესს;

ფ.ი) მოსამსახურეთა სანივთე და სასურსათო უზრუნველყოფის წესს;

ქ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს:

ქ.ა) სამინისტროს საშტატო ნუსხას;

ქ.ბ) სამინისტროში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების დასახელებასა და თანამდებობათა ნუსხას;

ქ.გ) სამინისტროს შინაგანაწესს;

ქ.დ) ქვედანაყოფების დასახელებებსა და მათი მუდმივი დისლოკაციის ადგილებს, აგრეთვე სამხედრო ობიექტების განლაგების ადგილებს;

ქ.ე) მადლობის სიგელის ფორმას;

ქ.ვ) სამხედრო საგანმანათლებლო კონცეპტუალურ დოკუმენტებს.

5. მინისტრს ჰყავს 5 მოადგილე, მათ შორის, ერთი – პირველი.

6. მინისტრის მოადგილეები არ არიან სამხედრო მოსამსახურეები.

7. მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

8. მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, თუ კანონითა და მთავრობის აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

9. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის დავალებით ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.

10. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე იმავდროულად შესაძლებელია იყოს სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი.

11. მინისტრის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს მინისტრის პირველი მოადგილე, ხოლო პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში, მინისტრის გადაწყვეტილებით – მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე.

მუხლი 4. სამინისტროს სისტემა

1. სამინისტროს სისტემა მოიცავს:

ა) სამოქალაქო ოფისს;

ბ) თავდაცვის ძალებს;

გ) სამინისტროს სისტემაში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირსა  და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს.

2. ამ დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „პ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები ერთიანდებიან სამოქალაქო ოფისში.

3. ამ დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ – „შ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები ერთიანდებიან თავდაცვის ძალებში.

4. სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები არიან:

ა) გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი;

ბ) გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი;

გ) დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია;

დ) კიბერუსაფრთხოების ბიურო;

ე) სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“;

ვ) თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა.

5. სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ზოგიერთი ღონისძიების დაფინანსება ან/და შესაბამისი ქონებით უზრუნველყოფა შესაძლებელია, განხორციელდეს ცენტრალიზებულად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტროსათვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში.

6. თავდაცვის ძალებსა და მის შემადგენლობას, აგრეთვე სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს აქვთ დროშა,  ემბლემა, ინსიგნია და სხვა სიმბოლიკა, რომლებსაც ნორმატიული აქტით ამტკიცებს მინისტრი.

მუხლი 5. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები

1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) გენერალური ინსპექცია;

ბ) სამინისტროს ადმინისტრაცია;

გ) სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;

დ) თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტი;

ე) სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი;

ვ) ფინანსების მართვის დეპარტამენტი;

ზ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი;

თ) თავდაცვის ატაშეებისა და წარმომადგენლების სამსახური;

ი) საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი;

კ) სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტი;

ლ) ადამიანური რესურსების დეპარტამენტი;

მ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი;

ნ) იურიდიული დეპარტამენტი;

ო) სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტი;

პ) რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის სამმართველო;

ჟ) გენერალური შტაბი:

ჟ.ა) J-1 პერსონალის დეპარტამენტი;

ჟ.ბ) J-2 – დაზვერვის დეპარტამენტი;

ჟ.გ) J-3 – ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტი;

ჟ.დ) J-4 – ლოჯისტიკის დაგეგმვის დეპარტამენტი;

ჟ.ე) J-5 – სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტი;

ჟ.ვ) J-6 – კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტი;

ჟ.ზ) J-7 – სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტი;

ჟ.თ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

ჟ.ი) საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგის სამმართველო;

ჟ.კ) შეიარაღების კონტროლისა და ვერიფიკაციის სამმართველო;

ჟ.ლ) სამედიცინო დეპარტამენტი;

ჟ.მ) კავშირგაბმულობის ცენტრი;

ჟ.ნ) სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრი;

რ) აღმოსავლეთის სარდლობა;

ს) დასავლეთის სარდლობა;

ტ) ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობა;

უ) სპეციალური ოპერაციების ძალები;

ფ) წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობა;

ქ) ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა;

ღ) ეროვნული გვარდია;

ყ) სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი;

შ) სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სტრუქტურული ქვედანაყოფების სტრუქტურა, ამოცანები და კომპეტენცია განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ნორმატიული აქტით ამტკიცებს მინისტრი.

მუხლი 6. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია

1. გენერალური ინსპექცია:

ა) ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და სხვა სუბიექტებში საქართველოს კანონმდებლობითა და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების, მათ შორის, დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების განუხრელი შესრულების კონტროლს; მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენას, აღკვეთასა და შესაბამის რეაგირებას;

ბ) უზრუნველყოფს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სხვა სუბიექტების ინსპექტირებასა და სამსახურებრივ შემოწმებას (მათ შორის, ფინანსურს), გარდა თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში საბრძოლო მზადყოფნის შემოწმებისა;

გ) ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, სამინისტროს სისტემაში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და სხვა სუბიექტებში საქართველოს კანონმდებლობითა  და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების დამრღვევ მოსამსახურეთა მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ უფლებამოსილი პირისათვის შესაბამისი რეკომენდაციებისა და დასკვნების წარდგენას;

დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს;

ე) უზრუნველყოფს გენერალური ინსპექციის „ცხელი ხაზის“ ფუნქციონირებას;

ვ) ახორციელებს კონტროლს სამინისტროს სისტემაში მოსამსახურეებზე დისკრიმინაციის შემთხვევებზე, უზრუნველყოფს პრევენციისა და დისკრიმინაციის შედეგების აღმოფხვრისათვის საჭირო ღონისძიებების გატარებას.

2. სამინისტროს ადმინისტრაცია:

ა) უზრუნველყოფს სამინისტროს სამოქალაქო ოფისის (გარდა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემთხვევებისა) ერთიან საქმისწარმოებას (საიდუმლო, არასაიდუმლო) და სამინისტროს არქივის მართვას. ასევე, სამინისტროს სისტემაში ერთიანი ტექნიკური პოლიტიკისა და თანამედროვე ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით, ახორციელებს მეთოდიკურ ხელმძღვანელობას საქმისწარმოებასა და საარქივო საქმეზე მუშაობის დადგენილი წესების დაცვაზე, ამ მიზნით გასცემს შესაბამის რეკომენდაციებს;

ბ) აღრიცხავს იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებით სამინისტროს მიერ გაცემულ ლიცენზიებსა და ნებართვებს;

გ) წარმართავს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების ნატოს უსაფრთხოების პოლიტიკასთან თავსებადი წესებისა და მოთხოვნების შემუშავებას და უზრუნველყოფს მისი იმპლემენტაციისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებას;

დ) წარმართავს საქართველოში ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ორგანოსა (NSA) და ცენტრალური რეგისტრის ფუნქციონირებას; 

ე) ახორციელებს შესაბამის დაწესებულებებში არსებული ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებული ინფორმაციის ქვერეგისტრების საქმიანობის კოორდინაციასა და ქვერეგისტრებში ფიზიკური, ინფორმაციული, პერსონალის, საკომუნიკაციო და ინფორმაციული ტექნოლოგიების უსაფრთხოების ნორმების კონტროლს;

ვ) უზრუნველყოფს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებებისა და ნატოს უსაფრთხოების ოფისის რეკომენდაციების შესრულებას;

ზ) უზრუნველყოფს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებული ინფორმაციის დამამუშავებელი საკომუნიკაციო და ინფორმაციული სისტემების უსაფრთხოების კონტროლს;

თ) მინისტრის, მინისტრის შესაბამისი მოადგილის, აგრეთვე სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების მიერ, წინასწარი წერილობითი მიმართვის საფუძველზე, ატარებს საპროტოკოლო ღონისძიებებს;

ი) ახორციელებს საზღვარგარეთის ქვეყნების ოფიციალური დელეგაციების ვიზიტების, მათ შორის, პარტნიორ ქვეყნებთან გაფორმებული თანამშრომლობის გეგმებით (პროგრამებით) გათვალისწინებული ღონისძიებების პროგრამების, მოსამზადებელი ღონისძიებების ნუსხის (მათ შორის, განთავსება, ტრანსპორტირება, ოფიციალური სადილი, ოფიციალური დასაჩუქრება და სხვ.), შესაბამისი ბრძანებების პროექტების შედგენასა და მათში გაწერილი დავალებების შესრულების ორგანიზებასა და კონტროლს;

კ) ახდენს საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში სამინისტროს მიერ გასამართი ვიზიტებისა და ღონისძიებების (სემინარები, შეხვედრები, კონფერენციები, საერთაშორისო ხელშეკრულებების ხელმოწერის ცერემონიალი და სხვ.) ორგანიზაციულ უზრუნველყოფასა და, საჭიროებისამებრ, თანამშრომლების წინასწარ მივლინებას;

ლ) ახორციელებს უცხოეთის ქვეყნებში სამინისტროს წარმომადგენლების სამსახურებრივი მივლინების  დაგეგმვას, ორგანიზებასა და ვიზებით უზრუნველყოფას;

მ)  ახორციელებს სამინისტროს წარმომადგენლების უცხო ქვეყნის დელეგაციებთან შეხვედრების თარგმანის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას;

ნ) საპროტოკოლო ღონისძიებების გატარების უზრუნველსაყოფად, თანამშრომლობს სხვადასხვა დაწესებულებასთან, საქართველოში უცხო ქვეყნების დიპლომატიური მისიების შესაბამის სამსახურებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან;

ო) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან კოორდინირებით, უზრუნველყოფს სამინისტროს საპროტოკოლო, სატრანსპორტო და სხვა ტექნიკური საშუალებების მზადყოფნის ორგანიზებასა და მიზანმიმართული გამოყენების კონტროლს;

პ) ახორციელებს სამინისტროს სამოქალაქო ოფისის მუშაობის ორგანიზებას, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სხვა სუბიექტების ურთიერთობის კოორდინაციას;

ჟ) უზრუნველყოფს მინისტრისათვის ინფორმაციისა და წინადადებების წარდგენას მინისტრისა და მისი მონაწილეობით განსახილველი საკითხებისა და მისაღები გადაწყვეტილებების თაობაზე;

რ) უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებასა და ამ მიზნებით  სამინისტროს დანაყოფებიდან შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვასა და შესრულების მონიტორინგს, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, სისტემის გამჭვირვალობასა და საჯაროობას;

ს) უზრუნველყოფს სამინისტროში პერსონალური მონაცემების დაცვის მდგომარეობის შესწავლას, პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე რეკომენდაციების შემუშავებას, პერსონალური მონაცემების დაცვის/დამუშავების საკითხებზე სამინისტროს თანამშრომელთა ტრენინგის ინიციირებასა და მის ორგანიზებაში მონაწილეობას, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან თანამშრომლობას.

3. სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი:

ა) უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას  ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ნატო) ინტეგრაციისა და ალიანსთან თანამშრომლობის საკითხების შესახებ;

ბ) უზრუნველყოფს საზოგადოებისათვის სამინისტროს საქმიანობის, მათ შორის,  თავდაცვის ძალებში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას (მიმდინარე რეფორმები, სწავლებები, ოფიციალური შეხვედრები, ვიზიტები, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ნატო) ინტეგრაციის პროცესი, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ქართული კონტინგენტის მონაწილეობა, სამხედრო სწავლებები, წვრთნები და სამინისტროს სხვა პრიორიტეტული მიმართულებები) და მედიის მხრიდან საინფორმაციო მხარდაჭერას;

გ) უზრუნველყოფს სამინისტროს საზოგადოებასა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობას, მათ შორის, მედიის წარმომადგენლებისთვის პრესრელიზების, საინფორმაციო და ვიზუალური მასალების მომზადებასა და მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებას;

დ) საზოგადოებრივი აზრის შესწავლის მიზნით, უზრუნველყოფს კვლევითი და ანალიტიკური სამუშაოების ჩატარებას;

ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დამყარებას;

ვ) უზრუნველყოფს საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლებთან თემატური შეხვედრების, პრესკონფერენციების, ბრიფინგებისა და მედიატურების მოწყობას;

ზ) ახორციელებს მასმედიის წარმომადგენელთა აკრედიტაციას, რეგისტრაციასა და მათ თანხლებას სამინისტროს სისტემაში შემავალ ობიექტებზე ვიზიტისას;

თ) შეიმუშავებს და გეგმავს სამინისტროს სისტემის სტრატეგიული კომუნიკაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის პოლიტიკას.

4. თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტი:

ა) აფასებს თავდაცვის სისტემის ეფექტიანობას, შეიმუშავებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს თავდაცვის პოლიტიკასა და გეგმებთან დაკავშირებით;

ბ) აფასებს ქვეყნის უსაფრთხოების გარემოს და ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკური კურსის გათვალისწინებით,  შეიმუშავებს წინადადებებს თავდაცვის პოლიტიკის მიმართულებებთან დაკავშირებით;

გ) ახორციელებს ქვეყნის თავდაცვის ორგანიზების, ძირითადი პრინციპებისა და შესაძლებლობების ანალიზს, შეიმუშავებს პრიორიტეტულ მოთხოვნებს, აგრეთვე განსაზღვრავს თავდაცვის ძალების განვითარების მოკლე, საშუალო და  გრძელვადიან გეგმებს;

დ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში, შეიმუშავებს თავდაცვის პოლიტიკის, დაგეგმვისა და სტრატეგიულ დოკუმენტებს, კოორდინაციას უწევს მათი შემუშავების/გადასინჯვის პროცესს;

ე) ახორციელებს დაგეგმვის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირების პროცესის კოორდინაციას და რესურსების მართვის ფარგლებში მონაწილეობას იღებს თავდაცვის ბიუჯეტის ფორმირების პროცესში;

ვ) მონაწილეობას იღებს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავების უწყებათაშორის სამუშაო ფორმატებში;

ზ) ახორციელებს საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში თავდაცვის სფეროში არსებული და საპროგნოზო ვითარების, გამოწვევებისა და საფრთხეების ანალიზს პოლიტიკურ-სტრატეგიული, საფინანსო-ეკონომიკური და სამხედრო-ტექნიკური თვალსაზრისით.

5. სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი:

ა) უზრუნველყოფს შესაბამისი პროცედურების გატარებას სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისათვის;

ბ) ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვის საკონტრაქტო პირობების შესრულების მონიტორინგს, კომპეტენციის ფარგლებში.

6. ფინანსების მართვის დეპარტამენტი:

ა) შეისწავლის სამინისტროს მიერ გასატარებელი საფინანსო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს და შეიმუშავებს სამინისტროს საფინანსო პოლიტიკას;

ბ) ახორციელებს საერთაშორისო პროგრამების ფინანსურ დაგეგმვასა და შესრულებას;

გ) ახორციელებს დამტკიცებული ბიუჯეტის მიზნობრივ ხარჯვასა და მისი შესრულების ანალიზს;

დ) პასუხისმგებელია სამინისტროს სისტემაში ბუღალტრული აღრიცხვის მოწესრიგებასა და ფინანსური დისციპლინის განმტკიცებაზე;

ე) ოფისისა და თავდაცვის ძალების შესაბამისი მოთხოვნების საფუძველზე, შეიმუშავებს თავდაცვის ბიუჯეტის პროექტს;

ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს სამინისტროსათვის ბალანსზე რიცხული/სარგებლობაში გადაცემული ქონების სამშენებლო, სარემონტო, სამონტაჟო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ზედამხედველობას;

ზ) სამინისტროს მოთხოვნით/ხელშეკრულების პირობებით განსაზღვრული ტექნიკური და ხარისხობრივი მახასიათებლების შესაბამისობის დადგენის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს მიწოდებული საქონლის შემოწმებას;

თ) ახორციელებს კვებითი მომსახურების ხარისხის შემოწმებას/კონტროლს.

7. საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი:

ა) წარმართავს სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებს;

ბ) უზრუნველყოფს/კოორდინაციას უწევს სამინისტროს მიერ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ნატო) და მის ქვესტრუქტურებთან თანამშრომლობას, ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობას;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს, ერთი მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და, მეორე მხრივ, საქართველოს შორის ასოციირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის კოორდინაციას;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტებისა და სამინისტროს მიერ უცხოეთის შესაბამის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოსთან, საერთაშორისო და/ან არასამთავრობო ორგანიზაციასთან დასადები სხვა ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების სამართლებრივ უზრუნველყოფას, აგრეთვე სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე სამინისტროში სხვა სახელმწიფო ორგანოებიდან და უწყებებიდან შემოსული საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას და ამზადებს სათანადო დასკვნებსა  და რეკომენდაციებს;

ე) ახორციელებს საზღვარგარეთის სახელმწიფოების, მათ თავდაცვის უწყებებთან ურთიერთობის დამყარების, წარმოებისა და განვითარების პროცესის კოორდინაცია-მონიტორინგს.

8. თავდაცვის ატაშეებისა და  წარმომადგენლების სამსახური:

ა) კოორდინაციას უწევს საქართველოს თავდაცვის ატაშეების, სამინისტროს სამოქალაქო და სამხედრო წარმომადგენლებისა და მათი აპარატების საქმიანობას;

ბ) ხელს უწყობს საზღვარგარეთის ქვეყნების  თავდაცვის უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განვითარებას.

9. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი:

ა) ახორციელებს სამინისტროში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვასა და განვითარებას;

ბ) უზრუნველყოფს კიბერუსაფრთხოების ერთიანი პოლიტიკის ხელშეწყობას;

გ) უზრუნველყოფს სამინისტროში ელექტრონული მონაცემთა ბაზების, სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის შექმნას, დანერგვასა და მათ გამართულად მუშაობას.

10.  სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტი:

ა)  იარაღის, სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, ტრანზიტის, საბროკერო მომსახურებისა და ტექნიკური დახმარების კონტროლისთვის საჭირო ღონისძიებების გატარებით, ხელს უწყობს რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოებას;

ბ) ახორციელებს სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიისა და ამ კომისიასთან არსებული უწყებათაშორისი ექსპერტთა ჯგუფის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;

გ) ახორციელებს სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის წევრთა გამოკითხვის წესით მისაღები რეკომენდაციების პროექტების შემუშავებას;

დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული, სამინისტროს მიერ გასაცემი ლიცენზიებისა და ნებართვების მომზადებას;

ე) შეიმუშავებს წინადადებებს იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული, სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების თაობაზე.

11. ადამიანური რესურსების დეპარტამენტი:

ა) ახორციელებს სამინისტროს ადამიანური რესურსის (როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო პერსონალის) სტრატეგიული ანალიზისა და  მართვის ხელშეწყობას, შესაბამისი ხედვებისა და გეგმების მომზადებას;

ბ) შეიმუშავებს და ხელმძღვანელობასთან ათანხმებს სამინისტროს ადამიანური რესურსის  მართვის სისტემების ინსტიტუციური განვითარების ხედვას და ხელს უწყობს მის განხორციელებას;

გ) საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, შეიმუშავებს და ხელმძღვანელობასთან ათანხმებს პროფესიულ საჯარო მოხელეთა მართვის პოლიტიკას, უზრუნველყოფს მის განხორციელებას, ხოლო სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში − მისი განხორციელების ზედამხედველობას;

დ) ახორციელებს სამინისტროს (კომპეტენციის ფარგლებში – საჯარო სამართლის იურიდიული პირების) პროფესიულ საჯარო მოხელეთა კარიერის მართვასა და ადმინისტრირებას, დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;

ე) შეიმუშავებს და ხელმძღვანელობასთან ათანხმებს სამინისტროს სამხედრო პერსონალისა და  სამხედრო განათლების პოლიტიკას;

ვ) უზრუნველყოფს სამხედრო პერსონალთან დაკავშირებული პოლიტიკის აღსრულების პროცესზე სამოქალაქო ზედამხედველობის ეფექტური მექანიზმების დანერგვასა და განვითარებას;

ზ) ახორციელებს სამინისტროს ორგანიზაციული განვითარების მხარდაჭერას, ორგანიზაციულ ანალიზს, შეფასებას, დაგეგმვისა და განვითარების მექანიზმების დანერგვას ადამიანურ რესურსებთან მიმართებით;

თ)  ხელს უწყობს სამინისტროში ეთიკური და ანტიკორუფციული გარემოს გაძლიერებას;

ი) შეიმუშავებს სამინისტროსა და საქართველოს  თავდაცვის ძალებში გენდერული პერსპექტივების ინტეგრირების პოლიტიკას და უზრუნველყოფს იმპლემენტაციის მხარდაჭერას;

კ) უზრუნველყოფს სამინისტროს პროფესიულ საჯარო მოხელეთა, აგრეთვე თავდაცვის ძალების (გარდა სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტისა და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოსი) სამოქალაქო (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა) და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირთა დროულ და ხარისხობრივ დაკომპლექტებას.

12.  შიდა აუდიტის დეპარტამენტი ახორციელებს „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრულ უფლებამოსილებას.

13. იურიდიული დეპარტამენტი:

ა) ახორციელებს სამინისტროში სამართალშემოქმედებით საქმიანობას, მათ შორის, სამინისტროს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებზე ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;

ბ) უზრუნველყოფს სამინისტროს საპარლამენტო მდივნის საქმიანობის ხელშეწყობას;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტთან, საქართველოს მთავრობასა და სხვა უწყებებთან სამინისტროს ურთიერთობას;

დ) ამზადებს და ვიზირებას უკეთებს მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივ ექსპერტიზას უტარებს სამინისტროში სხვა სახელმწიფო ორგანოებიდან და უწყებებიდან შემოსული სამართლებრივი აქტების პროექტებს, აგრეთვე სამინისტროს გამგებლობის სფეროში შემავალ საკითხებზე ხელშეკრულებების (გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებებისა), შეთანხმებებისა და მემორანდუმების პროექტებს და ამზადებს სათანადო დასკვნებსა  და რეკომენდაციებს;

ვ) სამინისტროს სისტემაში სამართლებრივი უზრუნველყოფის სფეროში ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით, უზრუნველყოფს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამართლებრივ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი დანაყოფების მეთოდოლოგიურ ხელმძღვანელობასა და მათი საქმიანობის საერთო კოორდინაციას;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, განიხილავს დეპარტამენტში შესულ კორესპონდენციებს;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს სასამართლოში, ადმინისტრაციულ ორგანოებში, საგამოძიებო ორგანოებში, აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში სამინისტროს წარმომადგენლობასა და სამინისტროს ინტერესების დაცვას;

ი) სამინისტროს სახელით განიხილავს ადმინისტრაციულ საჩივრებს და ამზადებს გადაწყვეტილებათა პროექტებს;

კ) უზრუნველყოფს სამინისტროს მონაწილეობით განხილულ ადმინისტრაციულ საჩივრებთან დაკავშირებით, აგრეთვე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების განზოგადებასა და რეკომენდაციების წარდგენას სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის.

14. სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტი:

ა) უზრუნველყოფს სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირების, აგრეთვე მათი ოჯახის წევრების სოციალურ ხელშეწყობასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაგეგმვასა და  განხორციელებას;

ბ) ახორციელებს დაჭრილი და დაშავებული სამხედრო და სხვა მოსამსახურეების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და რეინტეგრაციის პროცესის ეფექტიანად და ხარისხიანად წარმართვას სამინისტროს სისტემის შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით;

გ) უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემის სამხედრო და სხვა მოსამსახურეების ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებული პოლიტიკის გატარებას. სამინისტროს პრიორიტეტების საფუძველზე, სამხედრო-ფსიქოლოგიური სერვისების უზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით, შეიმუშავებს ფსიქოლოგიური შერჩევის სისტემას, მეთოდურ რეკომენდაციებს  და უზრუნველყოფს მის შემდგომ განხორციელებას;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებით, უზრუნველყოფს სახელმწიფო, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთობლივი პროექტების შემუშავებასა  და განხორციელებას.

15. რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის სამმართველო:

ა) ახორციელებს თავდაცვის სტრატეგიული და უწყებრივი დონის სამართლებრივი აქტების იმპლემენტაციის მხარდაჭერას, მონიტორინგსა და  ანგარიშგებას;

ბ) ხელს უწყობს თავდაცვის ტრანსფორმაციას და მხარს უჭერს  სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ ტრანსფორმაციის ვალდებულებების შესასრულებლად საჭირო ძირითადი ფუნქცია-მოვალეობების შესრულებას;

გ) სამინისტროში გადაწყვეტილების მიღების პროცესების ხელშეწყობის მიზნით, კოორდინაციას უწევს მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფების, მართვის ჯგუფისა და გადაწყვეტილების მიმღები საბჭოს ეფექტურ მუშაობას;

დ) უზრუნველყოფს შიდა აუდიტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის მხარდაჭერას, მიმდინარე მონიტორინგსა და ანგარიშგებას;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს სამთავრობო დონეზე და უწყებათაშორის ფორმატში სამინისტროს მიერ აღებული ვალდებულებების შემუშავების კოორდინაციას, აღსრულების მონიტორინგსა და ანგარიშგებას;

ვ) სამინისტროს სისტემაში უზრუნველყოფს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) უსაფრთხოების სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორ ქვეყნებთან არსებული თანამშრომლობის ფორმატით გათვალისწინებული ღონისძიებების მონიტორინგსა და კონტროლს.

16. გენერალური შტაბი:

ა) ხელს უწყობს თავდაცვის ძალების მეთაურს საქართველოს თავდაცვის ძალების ფუნქციების განხორციელებაში;

ბ) მონაწილეობს თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვაში და სამხედრო საფრთხის შეფასებაში;

გ) ამზადებს სტრატეგიულ-ოპერატიულ გეგმებს და განსაზღვრავს სტრატეგიულ-ოპერატიულ მიმართულებებს; თავდაცვის ძალების წინაშე დასმული ამოცანებიდან გამომდინარე,  უზრუნველყოფს სტრატეგიული გეგმების შემუშავებასა და თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარებას;

დ) საგანგებო და/ან საომარი მდგომარეობის, აგრეთვე სხვა განსაკუთრებული სიტუაციების პირობებში ახორციელებს გაერთიანებული ძალების, ოპერატიული და ტაქტიკური დაჯგუფებების სტრუქტურის შემუშავებას;

ე) უზრუნველყოფს სამხედრო პერსონალის პოლიტიკის შემუშავებასა და თავდაცვის ძალებში მის დანერგვას; სამხედრო პერსონალის დაგეგმვის, მზადყოფნისა  და მართვის სისტემების ჩამოყალიბებას/განვითარებას და გამართულ მუშაობას; თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ოპტიმალური საშტატო ნუსხის, შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის ტაბელების მომზადებას; სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეებითა და შრომითი ხელშეკრულებით  დასასაქმებელი (გარდა კერძო და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა) სამოქალაქო პერსონალის დროულ და ხარისხობრივ დაკომპლექტებას;

ვ) ახორციელებს თავდაცვის ძალების სტრატეგიული და ოპერატიული (საბრძოლო) გეგმების შემუშავებისა და აღსრულების პროცესში გენერალური შტაბის პერსონალის მხარდაჭერის საკითხებით უზრუნველყოფას; ოპერატიული (საბრძოლო) გეგმების აღსრულების პროცესში უზრუნველყოფს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების რეზერვის სამხედრო მოსამსახურეებით შევსების კოორდინირებას,  ზედამხედველობასა და თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების მორალურ-ფსიქოლოგიური მდგრადობის მხარდაჭერასა და ხელშეწყობას;

ზ)  ახორციელებს თავდაცვის ძალების სადაზვერვო ინფორმაციით უზრუნველყოფას, მონაწილეობს სადაზვერვო ღონისძიებების დაგეგმვაში; უზრუნველყოფს თავდაცვის ძალების სადაზვერვო ღონისძიებების კოორდინაციას და, კომპეტენციის ფარგლებში, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში უსაფრთხოების ღონისძიებების ორგანიზებას;

თ) ახორციელებს სამხედრო ოპერაციების დაგეგმვასა და ოპერატიული გეგმების შემუშავებას; კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს სამხედრო-საზღვაო ოპერაციების დაგეგმვასა და აღსრულების კოორდინაციაში;

ი) ახორციელებს საერთაშორისო  და გაერთიანებული (ეროვნული) სწავლებების დაგეგმვასა და ჩატარებას;

კ) უზრუნველყოფს თავდაცვის ძალების ლოჯისტიკური ოპერაციებისა და ლოჯისტიკური მარაგების დაგეგმვას, თავდაცვის ძალების ინფრასტრუქტურის განვითარების  მოკლევადიანი გეგმების შემუშავებასა და თავდაცვის ძალების სტრატეგიული გეგმების მხარდასაჭერად ინფრასტრუქტურის განვითარების გრძელვადიანი გეგმების შემუშავებას;

ლ) თავდაცვის პოლიტიკით განსაზღვრული პრიორიტეტების საფუძველზე,  ახორციელებს გრძელვადიანი ოპერატიული მოთხოვნების განსაზღვრასა და ძალთა დაგეგმვას;

მ) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის კოორდინაციას;

ნ) ახორციელებს სამინისტროს მართვისა და კონტროლის სისტემის  კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემებით მხარდაჭერის დაგეგმვას, ორგანიზებას და კოორდინაციას; უზრუნველყოფს კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დანერგვასა და  მათ შემდგომ განვითარებას, თავდაცვის ძალების მართვისა და კონტროლის სისტემის მხარდასაჭერად, სტრატეგიულ-ოპერატიული დონის კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დროულ, უწყვეტ, საიმედო და უსაფრთხო ფუნქციონირებას, სტრატეგიულ-ოპერატიული დონის კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების ტაქტიკური დონის სისტემებთან ურთიერთქმედებას;

ო) განსაზღვრავს სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების მიმართულებებს, უზრუნველყოფს გამოცდილების გაზიარების სისტემის ფუნქციონირებასა და დოქტრინების შემუშავების/განვითარების პროცესის კოორდინაციას, მინისტრს ან მის მიერ განსაზღვრულ თანამდებობის პირს წარუდგენს წინადადებებს უცხოეთში მიღებული სამხედრო განათლების საქართველოში არსებული საკარიერო სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამებთან თავსებადობის შესახებ;

პ) უზრუნველყოფს თავდაცვის ძალების მეთაურისა და მისი მოადგილეების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებასა და სამართლებრივ ექსპერტიზას; თავდაცვის ძალების ყოველდღიური საქმიანობის ხელშეწყობასა და მათი საპროტოკოლო ღონისძიებების ორგანიზებას;

ჟ) ახორციელებს გენერალური შტაბის ქვედანაყოფების საქმიანობის სამართლებრივ და საფინანსო უზრუნველყოფას;

რ) განსაზღვრული გეგმის შესაბამისად, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში ახორციელებს საიდუმლოების რეჟიმის დაცვისა და საიდუმლო საქმისწარმოების მონიტორინგს; კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს საქმისწარმოების ორგანიზებასა და არქივის მართვას;

ს) უზრუნველყოფს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებული ინფორმაციის ქვერეგისტრის ფუნქციონირებას;

ტ) ახორციელებს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში სპორტული ღონისძიებებისა და ცეცხლსასროლი (სამსახურებრივ-საშტატო) იარაღიდან სროლის კურსების ჩატარებას;

უ) ახორციელებს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში საბრძოლო მზადყოფნის ინსპექტირებას;

ფ) უზრუნველყოფს „ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების“ შესახებ ხელშეკრულების, „ღია ცის“ შესახებ ხელშეკრულების, „სამხედრო ინფორმაციის გლობალური გაცვლისა“ და „ვენის 2011 წლის“ დოკუმენტებით გათვალისწინებული მოთხოვნების იმპლემენტაციას; 

ქ) ახორციელებს სამედიცინო უზრუნველყოფის მიმდინარე და პერსპექტიული გეგმების შემუშავებასა და მათი განხორციელების მონიტორინგს, სამედიცინო ქონებითა და სამკურნალწამლო საშუალებებით უზრუნველყოფის დაგეგმვას, მომარაგებასა და მათ მიმოქცევაზე კონტროლს, ასევე სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შეფასებასა და გასატარებელ ღონისძიებათა დაგეგმვას;

ღ) ახორციელებს სამხედრო პერსონალის მართვის პოლიტიკიდან გამომდინარე, სამხედრო მოსამსახურეთა რეკრუტირების, შერჩევის, გადანაწილება-დანიშვნის, სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობათა მინიჭების, მომზადება-გადამზადების, პროფესიული განვითარების, განათლების მიღებისა და შენარჩუნების უზრუნველყოფას, სამინისტროს სისტემის სამხედრო პერსონალის კარიერის დაგეგმვისა და მართვის უზრუნველყოფას, კომპეტენციის ფარგლებში, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ პირთა სამოქალაქო საზოგადოებაში რეინტეგრაციისა და სოციალური გარანტიების საკითხების უზრუნველყოფას; 

ყ) ახორციელებს საქართველოს ეროვნული თავდაცვის მზადყოფნის გეგმის შემუშავების კოორდინაციას, საქართველოს ეროვნული თავდაცვის მზადყოფნის გეგმის შემუშავების პროცესში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან/ორგანიზაციიდან საჭირო ინფორმაციის გამოთხოვასა და სპეციალისტების/წარმომადგენლების მიწვევას, აგრეთვე საქართველოს ეროვნული თავდაცვის მზადყოფნის გეგმის შემუშავების პროცესში მათი ჩართულობის უზრუნველყოფას.

17. აღმოსავლეთის სარდლობა – თავდაცვის გეგმით განსაზღვრული ოპერაციის რაიონში უზრუნველყოფს სრული სპექტრის ოპერაციების წარმოებას, ახორციელებს დაქვემდებარებული ქვედანაყოფების მართვას და უზრუნველყოფს დასახული ამოცანის შესრულებას, მონაწილეობს სამშვიდობო ოპერაციებში და სხვა სახის საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაში, საგანგებო მდგომარეობის ან/და საგანგებო სიტუაციის დროს ახორციელებს სახელმწიფო ორგანოების მხარდაჭერას, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

18. დასავლეთის  სარდლობა – თავდაცვის გეგმით განსაზღვრული ოპერაციის რაიონში უზრუნველყოფს სრული სპექტრის ოპერაციების წარმოებას, ახორციელებს  დაქვემდებარებული ქვედანაყოფების მართვას და უზრუნველყოფს დასახული ამოცანის შესრულებას, მონაწილეობს სამშვიდობო ოპერაციებში და სხვა სახის საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაში, საგანგებო მდგომარეობის ან/და საგანგებო სიტუაციის დროს ახორციელებს სახელმწიფო ორგანოების მხარდაჭერას, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

19. ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობა:

ა) უზრუნველყოფს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების საავიაციო მხარდაჭერას, საქართველოს საჰაერო სივრცის დაცვას, მართვასა და კონტროლს;

ბ) ახორციელებს ეროვნული თავდაცვის მზადყოფნის გეგმით გათვალისწინებული სახელმწიფოს სტრატეგიული ობიექტებისა  და სამანევრო ქვედანაყოფების საჰაერო თავდაცვასა და სამანევრო ქვედანაყოფების საჰაერო საცეცხლე მხარდაჭერას; 

გ) უზრუნველყოფს ჯარების საბრძოლო მოქმედებათა ლოჯისტიკურ მხარდაჭერასა და სამედიცინო ევაკუაციას, საძიებო-სამაშველო ოპერაციების წარმოებასა და რეკოგნოსცირებას;

დ) უზრუნველყოფს აერომობილური ოპერაციების ჩატარებას;

ე) მონაწილეობს სამშვიდობო ოპერაციებში და სხვა სახის საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაში;

ვ) საგანგებო მდგომარეობის ან/და საგანგებო სიტუაციის დროს ახორციელებს სახელმწიფო ორგანოების მხარდაჭერას, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

20. სპეციალური ოპერაციების ძალები მონაწილეობას იღებს გაერთიანებული ოპერაციების პროცესში, წვრთნის და ამზადებს სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფებს, ატარებს სპეციალურ ოპერაციებს და აგრეთვე, კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს თავდაცვის ძალების სხვა ქვედანაყოფების მხარდაჭერას.

21. წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობა:

ა) უზრუნველყოფს სამხედრო-სასწავლო დაწესებულებათა ინსტიტუციური ბაზისა და ორგანიზაციული სფეროს განვითარებას;

ბ) ახორციელებს თავდაცვის ძალების პერსონალის სამხედრო პროფესიული განათლებით უზრუნველყოფას, ქვედანაყოფების წვრთნასა და  შეფასებას, აგრეთვე თავდაცვის ძალების სამხედრო დოქტრინებით უზრუნველყოფას;

გ) ახორციელებს პროფესიონალი სამხედრო მოსამსახურეების მომზადებას/გადამზადებასა და ქვედანაყოფების შეფასებას, „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ (PfP) პროგრამისა და ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გეგმების ფარგლებში ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციისა (ნატო) და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეების მომზადებასა და ქვედანაყოფების შეფასებას;

დ) უზრუნველყოფს ოპერატიული და ტაქტიკური დონის დოქტრინალური სახელმძღვანელოების შემუშავებას;

ე) ახორციელებს საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის მისაღებად განსაზღვრული ქვედანაყოფების გადასროლისწინა მომზადებას, გადამზადებასა და შეფასებას, თავდაცვის ძალებში დაგეგმილი ეროვნული და საერთაშორისო სწავლებისა და წვრთნების მხარდაჭერას.

22. ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა ახორციელებს თავდაცვის ძალების ლოჯისტიკურ მხარდაჭერას, სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ლოჯისტიკურ უზრუნველყოფას, ტოპოგეოდეზიურ და პოლიგრაფიულ მომსახურებას.

23. ეროვნული გვარდია:

ა) ახორციელებს ტერიტორიული და სამობილიზაციო რეზერვის მართვას;

ბ) ახორციელებს საგანგებო სიტუაციების ან/და საგანგებო მდგომარეობის დროს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მხარდაჭერას, სამოქალაქო უსაფრთხოების ღონისძიებათა განხორციელების ხელშეწყობას; მონაწილეობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში,  საგანგებო სიტუაციებით გამოწვეული სამოქალაქო უსაფრთხოების ღონისძიებების დაგეგმვაში, ორგანიზებასა და აღსრულებაში;

გ) თავდაცვის ძალების მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით, ახორციელებს  თავდაცვის ძალების რეზერვისტთა მომზადებასა და გადამზადებას; მონაწილეობს  თავდაცვის ძალების რეზერვის მობილიზაციის სისტემის მართვისა და განვითარების ღონისძიებათა დაგეგმვაში;  ურთიერთობს  თავდაცვის ძალების რეზერვში აღრიცხვისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხებში უფლებამოსილ სამთავრობო დაწესებულებასა და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან;  

დ) უზრუნველყოფს სხვადასხვა ცერემონიისა და სარიტუალო ღონისძიების ჩატარებას.

24. სამხედრო პოლიციიის დეპარტამენტი:

ა) ახორციელებს საქართველოს  სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული საგამოძიებო ქვემდებარეობის ფარგლებში დანაშაულის თავიდან აცილებას, გამოვლენას, გამოძიებასა და  დამნაშავეთა ძებნა-დაკავებას, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე;

ბ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს  ოპერატიულ-ტექნიკურ, ოპერატიულ-სამძებრო და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს, კომპეტენციის ფარგლებში, მოიპოვებს  ინფორმაციას და უზრუნველყოფს მის ანალიტიკურ დამუშავებასა და ანალიზს;

გ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სხვა ნორმატიული აქტებით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თავიდან აცილებას, გამოვლენასა და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას;

დ) უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემის უსაფრთხოებასა და მართლწესრიგის დაცვას;  

ე) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს სამინისტროს სარგებლობაში არსებულ ობიექტებსა და ტერიტორიაზე, თავდაცვის ძალების დისლოკაციის ადგილებში და მათ ფარგლებს გარეთ სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვის კონტროლს;

ვ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს სამინისტროს სარგებლობაში არსებული ობიექტებისა და ტერიტორიის, თავდაცვის ძალების დისლოკაციის ადგილების დაცვითი ღონისძიებების უზრუნველყოფას, სამინისტროს სამხედრო ობიექტების პერიმეტრის დაცვითი და უსაფრთხოების ოფიცერთა მეშვეობით ქვედანაყოფების შიდა უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელებას;

ზ) ახორციელებს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა დაჭრა-დასახიჩრების, ტრავმის მიღების ან დაღუპვის ფაქტებზე ინსპექტირებასა და სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებას – უკავშირდება თუ არა აღნიშნული ფაქტები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას და აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი დასკვნის მომზადებას/ გაცემას;

თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა საქმიანობას.

25. სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტი ახორციელებს სამხედრო სადაზვერვო საქმიანობას,  ფარული და ღია წყაროებიდან ოპერატიული ინფორმაციის მოპოვებას და მონაწილეობს მოსალოდნელი რისკის განსაზღვრაში.

მუხლი 7. თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობა და მათი უფლებამოსილება

1. თავდაცვის ძალებს ჰყავს მეთაური, რომელსაც, საქართველოს მთავრობის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

2. თავდაცვის ძალების მეთაურის კანდიდატურას საქართველოს მთავრობას წარუდგენს მინისტრი. კანდიდატი უნდა იყოს პირი, რომელსაც აქვს უმაღლესი სამხედრო წოდება და უმაღლესი სამხედრო განათლება.

3. თავდაცვის ძალების მეთაური ანგარიშვალდებულია მინისტრის, პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს პრეზიდენტის წინაშე.

4. თავდაცვის ძალების მეთაური ახორციელებს „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ პუნქტით განსაზღვრულ შემდეგ უფლებამოსილებებს:

ა) უზრუნველყოფს თავდაცვის ძალების გამოყენების სამხედრო-სტრატეგიული და ოპერატიულ-ტაქტიკური გეგმების მომზადების კონტროლს;

ბ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს/რეკომენდაციებს:

ბ.ა) თავდაცვის პოლიტიკის, თავდაცვის ძალების სტრატეგიული მართვის, სამომავლო განვითარების, სამხედრო ტექნიკის, შეიარაღების შეძენისა და პერსპექტიული სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური საკითხების შესახებ;

ბ.ბ) ახალი და მოდერნიზებული შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის შეიარაღებაში მიღების, აგრეთვე მოძველებული შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის შეიარაღებიდან მოხსნის თაობაზე;

ბ.გ) იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა თავდაცვის ძალებში შემავალი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის ამოცანების შესასრულებლად;

ბ.დ) სამხედრო პროგრამებისა და სამინისტროს ბიუჯეტის შესახებ;

ბ.ე) საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის საკითხებში;

გ) განსაზღვრავს სამხედრო ტექნიკის განაწილებისა და განთავსების ადგილებს ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილის გარეთ;

დ) მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, წყვეტს პერსონალის მართვის საკითხებს;

ე) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად, უზრუნველყოფს სხვა ქვეყნების შეიარაღებულ ძალებთან ორმხრივ და მრავალმხრივ სამხედრო თანამშრომლობას;

ვ) ისმენს ანგარიშს თავდაცვის ძალებში შემავალი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

ზ) მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

თ) ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტებით საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული/ გენერალური შტაბის, აგრეთვე მისი უფროსისათვის ამ აქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებას, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

ი) ახორციელებს მინისტრის მიერ განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

5. თავდაცვის ძალების მეთაურს ჰყავს სამი მოადგილე, კერძოდ, პირველი მოადგილე, მოადგილე – გენერალური შტაბის უფროსი და მოადგილე, რომლებსაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

6. თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილის საკურატორო სფეროსა და უფლებამოსილებას მინისტრთან შეთანხმებით განსაზღვრავს თავდაცვის ძალების მეთაური.

7. თავდაცვის ძალების მეთაურის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავდაცვის ძალების მეთაურის პირველი მოადგილე, ხოლო პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში, თავდაცვის ძალების მეთაურის დავალებით, მისი ერთ-ერთი მოადგილე.

8. თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე:

ა) ხელს უწყობს თავდაცვის ძალების მეთაურს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, განიხილავს თავდაცვის ძალებში შესულ კორესპონდენციას;

გ) ზედამხედველობს თავდაცვის ძალების მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასა და შრომის დისციპლინის დაცვას;

დ) ზედამხედველობს და ანაწილებს დავალებებს მის საკურატორო სფეროში შემავალ სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებზე და მოსამსახურეებზე, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას;

ვ) მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

ზ) ასრულებს თავდაცვის ძალების მეთაურის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს;

თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

9. თავდაცვის ძალების სერჟანტთა შემადგენლობას ხელმძღვანელობს და სამხედრო მოსამსახურეთა (გარდა ოფიცრებისა) დისციპლინის განმტკიცების, ფიზიკური მზადყოფნის, ინდივიდუალური საბრძოლო მომზადების, სამხედრო-პროფესიული განათლებისა და კარიერული განვითარების საკითხებს უფლებამოსილების ფარგლებში კოორდინაციას უწევს თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი, რომელსაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი წარმოადგენს თავდაცვის ძალების მეთაურის მრჩეველს სერჟანტთა სამხედრო-პროფესიულ და კარიერულ განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებში.


25. 13/02/2026 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 59 - ვებგვერდი, 16/02/2026 24. 26/12/2025 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 603 - ვებგვერდი, 29/12/2025 23. 12/08/2025 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 346 - ვებგვერდი, 13/08/2025 22. 21/03/2025 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 85 - ვებგვერდი, 24/03/2025 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 21. 17/02/2025 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 35 - ვებგვერდი, 17/02/2025 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 20. 18/11/2024 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 387 - ვებგვერდი, 19/11/2024 19. 28/03/2024 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 108 - ვებგვერდი, 29/03/2024 18. 30/10/2023 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 427 - ვებგვერდი, 31/10/2023 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 17. 07/08/2023 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 287 - ვებგვერდი, 08/08/2023 16. 08/05/2023 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 173 - ვებგვერდი, 08/05/2023 15. 10/02/2023 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 61 - ვებგვერდი, 13/02/2023 14. 26/10/2022 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 506 - ვებგვერდი, 26/10/2022 13. 12/04/2022 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 184 - ვებგვერდი, 14/04/2022 12. 01/02/2022 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 48 - ვებგვერდი, 03/02/2022 11. 24/11/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 544 - ვებგვერდი, 24/11/2021 10. 08/04/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 165 - ვებგვერდი, 12/04/2021 9. 02/04/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 151 - ვებგვერდი, 05/04/2021 8. 21/01/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 19 - ვებგვერდი, 21/01/2021 7. 29/07/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 472 - ვებგვერდი, 31/07/2020 6. 15/07/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 441 - ვებგვერდი, 15/07/2020 5. 09/07/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 422 - ვებგვერდი, 10/07/2020 4. 21/05/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 318 - ვებგვერდი, 22/05/2020 3. 20/12/2019 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 631 - ვებგვერდი, 26/12/2019 2. 28/11/2019 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 569 - ვებგვერდი, 03/12/2019 1. 12/06/2019 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 277 - ვებგვერდი, 14/06/2019