დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 35 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 17/02/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/02/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.10.003.024926 |
|
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/12/2018, 010240030.10.003.020896) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტს „ფ.ო“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ.პ“ ქვეპუნქტი: „ფ.პ) გენერალურ ინსპექციაში სამსახურის გავლის წესს;“. 2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი;“. 3. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი: „ზ1) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;“. 4. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პ) რეფორმების კოორდინაციისა და მდგრადობის უზრუნველყოფის დეპარტამენტი;“; ბ) „თ“ „პ2“ და „პ3“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს. 5. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სტრუქტურული ქვედანაყოფების სტრუქტურა და უფლებამოსილება განისაზღვრება მათი დებულებებით, რომლებსაც ნორმატიული აქტით ამტკიცებს მინისტრი.“. 6. მე-6 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამინისტროს ადმინისტრაცია: ა) ახორციელებს სამინისტროს სამოქალაქო ოფისის (შემდგომში – სამოქალაქო ოფისი) მუშაობის ორგანიზებას, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, მის სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სხვა სუბიექტების ურთიერთობის კოორდინაციას; ბ) უზრუნველყოფს სამოქალაქო ოფისის (გარდა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემთხვევებისა) ერთიან საქმისწარმოებას (საიდუმლო, არასაიდუმლო) და სამოქალაქო ოფისის არქივის მართვას. ასევე, სამინისტროს სისტემაში ერთიანი ტექნიკური პოლიტიკისა და თანამედროვე ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით, ახორციელებს მეთოდიკურ ხელმძღვანელობას საქმისწარმოებასა და საარქივო საქმეზე მუშაობის დადგენილი წესების დაცვაზე, ამ მიზნით გასცემს შესაბამის რეკომენდაციებს; გ) აღრიცხავს იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებით სამინისტროს მიერ გაცემულ ლიცენზიებსა და ნებართვებს; დ) წარმართავს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების ნატოს უსაფრთხოების პოლიტიკასთან თავსებადი წესებისა და მოთხოვნების შემუშავებას, უზრუნველყოფს მისი იმპლემენტაციისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებასა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებებისა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) უსაფრთხოების ოფისის (NOS) რეკომენდაციების შესრულებას; ე) წარმართავს საქართველოში ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ორგანოს (NSA) ფუნქციონირებას. აგრეთვე უზრუნველყოფს შესაბამის დაწესებულებებში არსებული ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებული ინფორმაციის ქვერეგისტრების საქმიანობის კოორდინაციასა და ქვერეგისტრებში ფიზიკური, ინფორმაციის, პერსონალის, საკომუნიკაციო და ინფორმაციული ტექნოლოგიების უსაფრთხოების ნორმებისა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებული ინფორმაციის დამამუშავებელი საკომუნიკაციო და ინფორმაციული სისტემების უსაფრთხოების კონტროლს; ვ) ახორციელებს სამინისტროს მიერ გასამართი ღონისძიებების, აგრეთვე საზღვარგარეთის ქვეყნების დელეგაციების ვიზიტების, მათ შორის, პარტნიორ ქვეყნებთან გაფორმებული თანამშრომლობის გეგმებით (პროგრამებით) გათვალისწინებული ღონისძიებების (ოფიციალური/ სამუშაო ვიზიტები, სემინარები, შეხვედრები, კონფერენციები, საერთაშორისო და ქვეყნის შიგნით ორგანიზაციებთან ხელშეკრულებების/მემორანდუმების ხელმოწერის ცერემონიალი, სარიტუალო ღონისძიებები და სხვ.) ორგანიზაციულ უზრუნველყოფას (განთავსება, ტრანსპორტირება, კვებითი ღონისძიებები, სასაჩუქრე სუვენირები და სხვ.); ზ) ახორციელებს საპროტოკოლო ღონისძიებების გასატარებლად სხვადასხვა დაწესებულებასთან, საქართველოში საზღვარგარეთის ქვეყნების დიპლომატიური მისიების შესაბამის სამსახურებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან თანამშრომლობასა და სამინისტროს წარმომადგენლების სამსახურებრივი მივლინების ორგანიზებას, მათ შორის, ვიზებითა და ავიაბილეთებით უზრუნველყოფას; თ) უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებასა და ამ მიზნებით სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვასა და მონიტორინგს, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, გამჭვირვალობასა და საჯაროობას; ი) უზრუნველყოფს სამინისტროში პერსონალური მონაცემების დაცვის მდგომარეობის შესწავლასა და რეკომენდაციების შემუშავებას, პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე სამინისტროს ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის კონსულტაციის გაწევას, პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, სამინისტროს თანამშრომელთათვის ტრენინგების ჩატარებას, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან თანამშრომლობას; კ) უზრუნველყოფს მინისტრისათვის/მინისტრის მოადგილისთვის წარსადგენი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას.“; ბ) მე-3 პუნქტის: ბ.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) უზრუნველყოფს სამინისტროს საზოგადოებასა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობას, მათ შორის, მედიის წარმომადგენლებისთვის პრესრელიზების, საინფორმაციო და ვიზუალური მასალების მომზადებასა და მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებას, ციფრული მედიის საშუალებებით საზოგადოების ჯეროვან ინფორმირებას;“; ბ.ბ) „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) უზრუნველყოფს საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან თემატური შეხვედრების, პრესკონფერენციების, ბრიფინგებისა და მედიატურების მოწყობას; ზ) ახორციელებს მედიის წარმომადგენელთა აკრედიტაციას, რეგისტრაციასა და მათ თანხლებას სამინისტროს სისტემაში შემავალ ობიექტებზე ვიზიტისას;“; გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი: ა) წარმართავს სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებს საეთაშორისო ორგანიზაციებთან; ბ) უზრუნველყოფს/კოორდინაციას უწევს სამინისტროს მიერ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ნატო) და მის ქვესტრუქტურებთან თანამშრომლობას, ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობას; გ) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს, ერთი მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებასა და მათ წევრ სახელმწიფოებსა და, მეორე მხრივ, საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის იმპლემენტაციის კოორდინირებას; დ) წარმართავს საერთაშორისო ორგანიზაციებში სამინისტროს სამოქალაქო წარმომადგენლებისა და მათი აპარატების საქმიანობას; ე) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტებისა და სამინისტროს მიერ უცხოეთის შესაბამის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოსთან, საერთაშორისო და/ან არასამთავრობო ორგანიზაციასთან დასადები სხვა ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების (გარდა სახელმწიფო შესყიდვებისა) სამართლებრივ უზრუნველყოფას, აგრეთვე სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე სამინისტროში სხვა სახელმწიფო ორგანოებიდან და უწყებებიდან შემოსული საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას და ამზადებს სათანადო დასკვნებსა და რეკომენდაციებს.“; დ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი: „71. საერთშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი: ა) წარმართავს სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებს პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის, ახორციელებს საზღვარგარეთის სახელმწიფოების თავდაცვის უწყებებსა და საქართველოში მათ წარმომადგენლობებთან ურთიერთობების დამყარების, წარმოებისა და განვითარების პროცესის კოორდინაციას/მონიტორინგს; ბ) წარმართავს საქართველოს თავდაცვის ატაშეების, საერთაშორისო ორგანიზაციებში სამინისტროს სამხედრო წარმომადგენლებისა და მათი აპარატების საქმიანობას სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინირებით, კომპეტენციის ფარგლებში.“; ე) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „15. რეფორმების კოორდინაციისა და მდგრადობის უზრუნველყოფის დეპარტამენტი: ა) ხელს უწყობს თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესს; ბ) ახდენს თავდაცვის უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტების სამოქმედო გეგმების მონიტორინგსა და ანგარიშგებას; გ) ხელს უწყობს სამინისტროს რისკების მართვის სისტემის ჩამოყალიბებას, განვითარებასა და დანერგვას; დ) სამინისტროში, გადაწყვეტილების მიღების პროცესების ხელშეწყობის მიზნით, კოორდინაციას უწევს მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფების, მართვის ჯგუფისა და გადაწყვეტილების მიმღები საბჭოს ეფექტიან მუშაობას; ე) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს, სამთავრობო დონეზე და უწყებათაშორის ფორმატში სამინისტროს მიერ აღებული ვალდებულებების აღსრულების მონიტორინგსა და ანგარიშგებას; ვ) ახორციელებს თავდაცვის უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტების სამოქმედო გეგმების შეფასებას/ანალიზს და ამზადებს შესაბამის ანგარიშებს ხელმძღვანელობისთვის წარსადგენად; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე საუკეთესო პრაქტიკის კვლევას/ანალიზს; ხელს უწყობს საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და დანერგვას; თ) სამინისტროს სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების შესახებ ამზადებს შესაბამის ანგარიშებს; ი) უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემაში პროექტის მართვის ერთიანი სტანდარტის დანერგვას; კ) უზრუნველყოფს სამინისტროს ინფრასტრუქტურისა და ლოგისტიკის სისტემის განვითარების პოლიტიკის განსაზღვრასა და მისი განხორციელების მონიტორინგს; ლ) უზრუნველყოფს სამინისტროს სტანდარტიზაციის მართვის სისტემის შექმნასა და მის ფუნქციონირებას; მ) ახორციელებს სამინისტროს კოდიფიკაციის ცენტრალიზებული სისტემის შექმნას, განვითარებასა და შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფას; ნ) უზრუნველყოფს თავდაცვის ძალების თავდაცვის მდგრადობასა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასთან (ნატო) თავსებადობის მხარდაჭერას.“; ვ) მე-8, 152 და 153 პუნქტები ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
1. საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს:
ა) სამინისტროს ადმინისტრაცია ჩაითვალოს პროტოკოლის დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ; ბ) ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი ჩაითვალოს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტისა და თავდაცვის ატაშეებისა და წარმომადგენლების დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ, კომპეტენციის ფარგლებში; გ) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი ჩაითვალოს თავდაცვის ატაშეებისა და წარმომადგენლების დეპარტამენტისა და საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ, კომპეტენციის ფარგლებში; დ) რეფორმების კოორდინაციისა და მდგრადობის უზრუნველყოფის დეპარტამენტი ჩაითვალოს თავდაცვის მდგრადობის უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას უფლებამოსილი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ახალი სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე. ამასთანავე, აღნიშნულ სამართლებრივ აქტებში ცვლილებების შეტანის ან/და მათი ძალადაკარგულად გამოცხადების უფლებამოსილება ენიჭება შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს/ თანამდებობის პირს. |
| მუხლი 3 |
1. დადგენილება, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2, მე-3, მე-4 და მე-6 პუნქტებისა, ასევე მე-2 მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. დადგენილების პირველი მუხლის მე-2, მე-3, მე-4 და მე-6 პუნქტები, ასევე მე-2 მუხლი ამოქმედდეს 2025 წლის 11 მარტიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები