გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ

გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4522
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/03/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 9, 31/03/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 01/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 240.140.000.05.001.002.766
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
4522
28/03/2007
სსმ, 9, 31/03/2007
240.140.000.05.001.002.766
გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (31/03/2007 - 19/03/2008)

საქართველოს კანონი

გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ

თავი I. ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.

    მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო

1. ეს კანონი არეგულირებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული სამეწარმეო სუბიექტების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, არარეგისტრირებული კავშირისა და ამხანაგობის გადახდისუუნარობის საკითხს.

2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება:

ა) ფიზიკურ პირებზე (ინდივიდუალური მეწარმეების გარდა);

ბ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე;

გ) ბანკებზე, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებსა და სადაზღვევო კომპანიებზე, რომელთა გადახდისუუნარობის საკითხი წესრიგდება სპეციალური კანონმდებლობით.

    მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) გადახდისუუნარობა – მოვალის უუნარობა, დააკმაყოფილოს კრედიტორის ვადამოსული მოთხოვნა;

ბ) მოსალოდნელი გადახდისუუნარობის წინაშე მყოფი მოვალე – მოვალე, რომელიც სათანადო ზომების მიუღებლობის შემთხვევაში უახლოეს მომავალში გახდება ან შესაძლებელია გახდეს გადახდისუუნარო;

გ) მოთხოვნა – ნებისმიერი ვალი ან ვალდებულების შესრულების მოთხოვნა, რომლის შესრულების მოვალეობა ან შესრულებისთვის პასუხისმგებლობა გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის ეკისრება მოვალეს და რომელიც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს დაუზუსტებელ მოთხოვნებს, პირობით მოთხოვნებს, ვადამოუსვლელ მოთხოვნებსა და ჯარიმებს;

დ) დაუზუსტებელი მოთხოვნა – მოთხოვნა, რომელიც ჯერ არ არის დაზუსტებული და მოიცავს მიყენებული ზიანის ანაზღაურებასთან, ხელშეკრულების დარღვევასთან ან შეუსრულებლობასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს ან სამოქალაქო ურთიერთობიდან წარმოშობილ სხვა მოთხოვნებს;

ე) პირობითი მოთხოვნა – მოთხოვნა, რომლის წარმოშობა დამოკიდებულია მომავალ და უცნობ მოვლენაზე და რომელიც, ამასთანავე, მოიცავს გარანტიასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს, რომლებიც დამოკიდებულია მოვალის მიერ თავისი ძირითადი ვალდებულების შესრულებაზე;

ვ) ვადამოუსვლელი მოთხოვნა – მოთხოვნა, რომლის გადახდის ვადა არ დამდგარა გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის;

ზ) მოთხოვნის უზრუნველსაყოფად მიღებული ქონება – იპოთეკით ან გირავნობით დატვირთული ან სასამართლოს მიერ დაყადაღებული ქონება, აგრეთვე საქართველოს საგადასახადო კოდექსის საფუძველზე წარმოშობილი უზრუნველყოფით მიღებული ქონება;

თ) რეგისტრაცია დაუზუსტებელი მახასიათებლებით – უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაცია საკადასტრო აზომვითი ნახაზის მოთხოვნის გარეშე, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში წარმოდგენილი უძრავი ნივთის ტექნიკური მახასიათებლების საფუძველზე, რომელიც დასტურდება ამ უფლების დადგენის შესახებ დოკუმენტით;

ი) კრედიტორი – პირი, რომელსაც გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის მომენტისათვის მოვალის მიმართ აქვს საფუძვლიანი ფინანსური მოთხოვნა (მათ შორის, ვადამოუსვლელი მოთხოვნა);

კ) ახალი კრედიტორი – სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინების გამოტანის შემდეგ წარმოშობილი კრედიტორი;

ლ) უზრუნველყოფილი კრედიტორი – კრედიტორი ან ახალი კრედიტორი, რომლის მოთხოვნა უზრუნველყოფილია იპოთეკით, გირავნობით ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი ვალდებულების უზრუნველყოფის სხვა საშუალებით;

მ) კრედიტორთა გადაწყვეტილება – კრედიტორთა კრების ან კრედიტორთა კომიტეტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გადაწყვეტილება;

ნ) მონაწილე – სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების, კომანდიტური საზოგადოების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორი, სააქციო საზოგადოების აქციონერი, კოოპერატივის წევრი, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წევრი კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, ამხანაგობის მონაწილე, არარეგისტრირებული კავშირის წევრი;

ო) დაკავშირებული პირი:

ო.ა) ფიზიკურ პირთან ნათესაური კავშირის მქონე ის პირი, რომელიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, კანონისმიერ მემკვიდრეთა წრიდან I და II რიგში ირიცხება;

ო.ბ) საწარმო, რომელშიც პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს ისეთ წილს, რომელიც მას პრაქტიკულ საშუალებას აძლევს, ზემოქმედება მოახდინოს ამ საწარმოს გადაწყვეტილებებზე;

ო.გ) იმ საწარმოს მმართველი ორგანოს წევრი, რომელშიც პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს ისეთ წილს, რომელიც მას პრაქტიკულ საშუალებას აძლევს, ზემოქმედება მოახდინოს ამ საწარმოს გადაწყვეტილებებზე;

ო.დ) იურიდიული პირის მმართველი ორგანოს წევრი ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი;

ო.ე) იურიდიული პირის პარტნიორი ან დამფუძნებელი, რომელსაც პრაქტიკული საშუალება აქვს, ზემოქმედება მოახდინოს ამ პირის გადაწყვეტილებებზე;

პ) ნათესავი – საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული პირი;

ჟ) უცხოელი კრედიტორი – ფიზიკური პირი, რომელიც ფაქტობრივად არ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე 182 დღეზე მეტ ხანს ნებისმიერ 12-თვიან პერიოდში, ან იურიდიული პირი, რომლის იურიდიული მისამართი საქართველოს ფარგლებს გარეთაა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა არარეზიდენტ იურიდიულ პირს ფილიალი (წარმომადგენლობა, სააგენტო) საქართველოს ტერიტორიაზე აქვს;

რ) სამეურვეო ქონება – ქონება, რომელიც მოვალეს ეკუთვნის გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის მომენტისათვის, ასევე ამ მომენტიდან შეძენილი ან/და წარმოებული (შექმნილი) ქონება როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, იმ ნივთებისა და მოთხოვნების გამოკლებით, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით იძულებით აღსრულებას არ ექვემდებარება.

    მუხლი 4. სასამართლო განსჯადობა

1. ამ კანონით გათვალისწინებული საქმეებისათვის დგინდება სპეციალური განსჯადობა.

2. ამ კანონით გათვალისწინებულ საქმეებს განიხილავენ თბილისისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოები.

3. ამ კანონით გათვალისწინებული საქმეების განხილვის მიზნებისათვის თბილისის საქალაქო სასამართლოს იურისდიქცია მოიცავს აღმოსავლეთ საქართველოს, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს იურისდიქცია – დასავლეთ საქართველოს.

4. სასამართლო გადახდისუუნარობის საქმეს განიხილავს მოვალის იურიდიული მისამართის მიხედვით, ხოლო არარეგისტრირებული კავშირისა და ამხანაგობის გადახდისუუნარობის საქმეს – მოვალის ფაქტობრივი ადგილსამყოფლის მიხედვით.

5. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 30 დღის განმავლობაში მოვალის ქონებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა, გარდა სააპელაციო სასამართლოში და საქართველოს უზენაეს სასამართლოში მიმდინარე დავებისა, განსახილველად გადაეცემა ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ სასამართლოებს.

6. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ დავებს განიხილავენ და გადაწყვეტილებას გამოიტანენ ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული სასამართლოები.

    მუხლი 5. გადახდისუუნარობის საქმის განხილვისას გამოსაყენებელი საპროცესო ნორმები

1. ამ კანონით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის საქმის განხილვისას გამოიყენება ამავე კანონით დადგენილი სპეციალური საპროცესო ნორმები.

2. თუ ეს კანონი არ შეიცავს შესაბამისი საკითხის მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმას, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმართ გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები. კანონის ანალოგიის გამოყენება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მიზნებს.

    მუხლი 6. გადახდისუუნარობის საქმის წარმოებასთან დაკავშირებული საპროცესო ხარჯები

1. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შემტანი პირი ვალდებულია განცხადებასთან ერთად სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე შეიტანოს 5 000 ლარი. საქმის შეწყვეტის შემთხვევაში ამ თანხიდან ანაზღაურდება საპროცესო ხარჯები და მეურვის გასამრჯელო. ყველა დანარჩენ შემთხვევაში აღნიშნული თანხა დაუბრუნდება განმცხადებელს.

2. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანისათვის დადგენილია სახელმწიფო ბაჟი 5 000 ლარის ოდენობით.

3. სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია მოვალე.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ ვრცელდება მოვალეზე, როდესაც იგი ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით მოითხოვს გაკოტრებას.

თავი II. გასაჩივრება

    მუხლი 7. სასამართლოში კერძო საჩივრის შეტანა

1. გადახდისუუნარობის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით მოსამართლის მიერ განჩინების ფორმით მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე შეიძლება მხოლოდ კერძო საჩივრის შეტანა.

2. კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, რომელთა მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება.

3. კერძო საჩივარი შეტანილ უნდა იქნეს წერილობითი ფორმით იმ სასამართლოში, რომელმაც მიიღო განჩინება.

    მუხლი 8. სასამართლოში კერძო საჩივრის შეტანის ვადა

1. კერძო საჩივრის სასამართლოში შეტანა შეიძლება განჩინების გადაცემიდან 5 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

2. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

    მუხლი 9. სასამართლოში კერძო საჩივრის შეტანის შედეგი

1. კერძო საჩივრის შეტანა არ შეაჩერებს იმ საპროცესო მოქმედების შესრულებას, რომელიც სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით იყო გათვალისწინებული.

2. თუ სასამართლო კერძო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, მაშინ ის აკმაყოფილებს კერძო საჩივარს. წინააღმდეგ შემთხვევაში კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს განჩინების გამოტანიდან 5 დღის ვადაში.

    მუხლი 10. კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომი სასამართლოს მიერ

1. ზემდგომი სასამართლო კერძო საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტილებას გამოიტანს 14 დღის ვადაში.

2. ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

    მუხლი 11. დავის საერთო სასარჩელო წესით განხილვა

1. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში მონაწილე პირებს, აგრეთვე მესამე პირებს უფლება აქვთ სასამართლოს მიმართონ დავის საერთო სასარჩელო წესით განსახილველად.

2. მოსარჩელე მხარე ვალდებულია დაამტკიცოს ის გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს მოთხოვნებს.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში 3 დღის ვადაში სარჩელი შეიტანება გადახდისუუნარობის საქმის განმხილველ სასამართლოში. სასამართლო ვალდებულია 2 დღის ვადაში მიიღოს სარჩელი წარმოებაში და 7 დღის განმავლობაში დაასრულოს საქმის განხილვა.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლო ვალდებულია 2 დღის ვადაში მიიღოს სარჩელი წარმოებაში და 14 დღის განმავლობაში დაასრულოს საქმის განხილვა.

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია საკასაციო სასამართლოში გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში. საკასაციო სასამართლო ვალდებულია 2 დღის ვადაში მიიღოს სარჩელი წარმოებაში და 14 დღის განმავლობაში დაასრულოს საქმის განხილვა.

    მუხლი 12. გადახდისუუნარობის (გაკოტრების, რეაბილიტაციის) საქმის წარმოების პროცესის შეჩერება

1. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას.

2. თუ საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სარჩელის დაკმაყოფილება არსებითად შეცვლის გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შედეგს, საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების არსებობის შემთხვევაში სასამართლო გამოიტანს მოტივირებულ გადაწყვეტილებას გადახდისუუნარობის (გაკოტრების, რეაბილიტაციის) საქმის წარმოების პროცესის შეჩერების შესახებ.

3. გადახდისუუნარობის (გაკოტრების, რეაბილიტაციის) საქმის წარმოების პროცესის შეჩერება დაუშვებელია მესამე პირის სარჩელის საფუძველზე.

თავი III. განცხადება გადახდისუუნარობის შესახებ

    მუხლი 13. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის საფუძველი

გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის საფუძველია მოვალის გადახდისუუნარობა ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობა.

    მუხლი 14. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანაზე უფლებამოსილი პირები

1. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის უფლება აქვს:

ა) გადახდისუუნარო ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობის წინაშე მყოფ მოვალეს;

ბ) საგადასახადო ან/და საბაჟო ორგანოს, თუ ვალის ოდენობა არანაკლებ 50 000 ლარია და გადასახადის გადახდის ვადის დადგომიდან გასულია არანაკლებ 60 კალენდარული დღისა;

გ) კრედიტორს, თუ იგი მოვალის მიმართ წარადგენს კანონიერ ძალაში შესულ სხვა კრედიტორთა სასარგებლოდ გამოტანილ არანაკლებ 2 სასამართლო გადაწყვეტილებას, რომელიც მიქცეულია იძულების წესით აღსასრულებლად და საერთო თანხა აღემატება 50 000 ლარს;

დ) კრედიტორს (კრედიტორებს), რომლის (რომელთა) მოთხოვნაც ბოლო ფინანსური ანგარიშგების მიხედვით აღემატება მოვალის მიმართ არსებულ მოთხოვნათა საერთო რაოდენობის 30%-ს და მოთხოვნის შესრულების ვადის დადგომიდან გასულია არანაკლებ 30 კალენდარული დღისა;

ე) 2 კრედიტორს ერთად, თუ თითოეულის მოთხოვნის შესრულების ვადის დადგომიდან გასულია არანაკლებ 30 კალენდარული დღისა და მოთხოვნა არ გასაჩივრებულა მოვალის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამასთანავე, ამ კრედიტორების მოთხოვნათა საერთო რაოდენობა უნდა აღემატებოდეს 150 000 ლარს;

ვ) არანაკლებ 3 კრედიტორს ერთად, თუ თითოეულის მოთხოვნის შესრულების ვადის დადგომიდან გასულია არანაკლებ 30 კალენდარული დღისა და მოთხოვნა არ გასაჩივრებულა მოვალის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამასთანავე, ამ კრედიტორების მოთხოვნათა საერთო რაოდენობა უნდა აღემატებოდეს 50 000 ლარს.

2. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის უფლება ამ მუხლში (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა) აღნიშნულ პირებს აქვთ მხოლოდ მაშინ, თუ ვადაგადაცილებული მოთხოვნის (მოთხოვნების) შესახებ მოვალე წერილობით იყო ინფორმირებული კრედიტორის (კრედიტორების) მიერ განცხადების შეტანამდე არა უგვიანეს 30 დღისა. შეტყობინებაში იმავდროულად უნდა აღინიშნოს მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის თაობაზე.

3. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება განმცხადებელმა შეიძლება გამოითხოვოს მისი წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინების გამოტანამდე.

    მუხლი 15. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების ფორმა

გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებაში აღნიშნული უნდა იყოს:

ა) სასამართლოს დასახელება, სადაც შეაქვთ განცხადება;

ბ) განმცხადებლის (განმცხადებლების) გვარი, სახელი და მისამართი, ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – მისი სახელწოდება, იურიდიული მისამართი და საიდენტიფიკაციო ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

გ) წარმომადგენლის გვარი, სახელი და მისამართი, თუ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება შეაქვს განმცხადებლის წარმომადგენელს;

დ) მოვალის სახელწოდება, იურიდიული მისამართი და საიდენტიფიკაციო ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) განცხადების შეტანის საფუძველი;

ვ) განცხადებისათვის დართული დოკუმენტების ნუსხა.

    მუხლი 16. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანა მოვალის მიერ

მოვალის მიერ სასამართლოში შეტანილი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება ამ კანონის მე-15 მუხლით დადგენილი მონაცემების გარდა უნდა შეიცავდეს:

ა) მოვალისათვის ცნობილი ქონების ნუსხას, აგრეთვე მის საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხის ოდენობას, ამ ანგარიშების რეკვიზიტებისა და ბანკების მისამართების მითითებით;

ბ) უზრუნველყოფილ კრედიტორთა ნუსხას არსებული ვალდებულებების, უზრუნველყოფის საგნებისა და კრედიტორთა სახელების (სახელწოდებების) და მისამართების (საიდენტიფიკაციო ნომრების) მითითებით;

გ) მოვალისათვის ცნობილი დანარჩენი კრედიტორების ნუსხას არსებული ვალდებულებებისა და კრედიტორთა სახელების (სახელწოდებების) და მისამართების (საიდენტიფიკაციო ნომრების) მითითებით;

დ) მოვალის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (ორგანოს) მიერ მიღებული გადაწყვეტილების ასლს, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს, რომ მოვალე გადახდისუუნაროა ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობის წინაშე იმყოფება.

    მუხლი 17. მოვალის მოთხოვნა გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ

1. თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას, მაშინ კრედიტორთა კრებაზე ინიშნება გაკოტრების მმართველი და იწყება გაკოტრების საქმის წარმოება ამ კანონით დადგენილი წესით.

2. მომრიგებელი საბჭოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მოვალე უფლებამოსილია ნებისმიერ ეტაპზე მოითხოვოს გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

    მუხლი 18. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანა კრედიტორის (კრედიტორების) მიერ

1. კრედიტორის (კრედიტორების) მიერ სასამართლოში შეტანილი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება ამ კანონის მე-15 მუხლით დადგენილი მონაცემების გარდა უნდა შეიცავდეს:

ა) კრედიტორის (კრედიტორების შემთხვევაში – თითოეული კრედიტორის) მიერ მოვალისაგან მოთხოვნილი თანხის ოდენობას;

ბ) ვალის წარმოშობის საფუძველს, თარიღს (თარიღებს) და მითითებას, უზრუნველყოფილია თუ არა ეს ვალი;

გ) ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აღნიშნული ვალი ვადამოსულია და ექვემდებარება გადახდასა და დადასტურებას, აგრეთვე რომ მოვალე 30 დღით ადრე წერილობით იყო ინფორმირებული ვადაგადაცილებული მოთხოვნის თაობაზე;

დ) მტკიცებულებას იმის შესახებ, რომ მოვალე გადახდისუუნაროა;

ე) მტკიცებულებას იმის თაობაზე, რომ მოვალე ამ კანონით დადგენილი წესით ინფორმირებულია გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის თაობაზე.

2. პირი, რომელიც უსაფუძვლოდ ან არასაკმარისი საფუძვლით შეიტანს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას მოვალის წინააღმდეგ, პასუხს აგებს მოვალისთვის მიყენებული ნებისმიერი ზიანისათვის.

თავი IV. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღება და მისი შედეგები

    მუხლი 19. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების ვადა

1. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების საკითხს სასამართლო წყვეტს განცხადების შეტანიდან 5 დღის ვადაში.

2. თუ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე.

3. თუ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე, გადახდისუუნარობის საქმე გახსნილად ითვლება განცხადების შეტანის დღიდან.

    მუხლი 20. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმა

1. თუ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება არ აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, სასამართლო გამოიტანს განჩინებას არსებული ხარვეზის თაობაზე და განმცხადებელს გამოსასწორებლად აძლევს 5 სამუშაო დღის ვადას. თუ განმცხადებელი აღნიშნულ ვადაში გამოასწორებს ხარვეზს, სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე და მას განმცხადებელს დაუბრუნებს.

2. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე განჩინების გამოტანიდან 3 თვის განმავლობაში გადახდისუუნარობის საქმის აღძვრა იმავე განმცხადებლის მიერ იმავე სუბიექტის მიმართ იმავე საფუძვლით დაუშვებელია.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში განსაზღვრული შეზღუდვა არ ვრცელდება საქმეზე ახალი გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში.

    მუხლი 21. განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე

1. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინებით:

ა) ინიშნება მეურვე;

ბ) განისაზღვრება კრედიტორთა კრების დღე, რომელიც უნდა გაიმართოს განჩინების გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს 30 დღისა.

2. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის მომენტიდან:

ა) მოვალეს ეკრძალება ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებულ გარიგებათა შეწყვეტა სასამართლოს თანხმობის გარეშე;

ბ) ნებისმიერი კრედიტორი უფლებამოსილია კანონით განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი მოთხოვნები ვალის წარმოშობის საფუძვლის მითითებით;

გ) ჩერდება იძულებითი აღსრულება;

დ) იკრძალება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინების გამოტანამდე აღებული ვალების უზრუნველყოფა, ჩერდება ვალებისა და პროცენტების გადახდა;

ე) საქმიანობის უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით საწარმო უფლებამოსილია სასამართლოს თანხმობით იკისროს ახალი სახელშეკრულებო ვალდებულებები.

3. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის მომენტიდან გადახდისუუნარობის (გაკოტრების, რეაბილიტაციის) საქმის წარმოების პროცესში მოვალის ინტერესებს იცავს მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი.

    მუხლი 22. მოვალის ინფორმირება

1. ამ კანონის მე-14 მუხლში (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა) აღნიშნული პირები ვალდებული არიან გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანამდე მოვალეს წერილობით აცნობონ მისი სასამართლოში შეტანის თარიღი, სასამართლოს დასახელება, დავის საგანი და მოცულობა.

2. სასამართლო ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს მოვალეს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის თაობაზე.

3. მოვალე ვალდებულია დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების განხილვის პროცესში.

4. თუ სასამართლო გამოიტანს განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე, ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მოვალესა და კრედიტორს (კრედიტორებს) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის VIII თავით დადგენილი წესით და გაეგზავნოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება თანდართული დოკუმენტების ასლებთან ერთად.

    მუხლი 23. მოვალის არასაპატიო მიზეზით სასამართლოში გამოუცხადებლობის შედეგი

სასამართლოში მოვალის არასაპატიო მიზეზით ორჯერ გამოუცხადებლობის შემთხვევაში კრედიტორთა კრებაზე ინიშნება გაკოტრების მმართველი და იწყება გაკოტრების საქმის წარმოება ამ კანონით დადგენილი წესით.

    მუხლი 24. მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ მეურვისათვის ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება

1. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებიდან 30 დღის განმავლობაში მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია მეურვეს წარუდგინოს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის შესახებ, აგრეთვე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების თაობაზე.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის მოპოვების უფლება აგრეთვე აქვთ მეურვესა და კრედიტორს (კრედიტორებს).

3. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა იწვევს წარდგენაზე ვალდებული პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

    მუხლი 25. სასამართლოს განჩინების გამოქვეყნების ვალდებულება

გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინება დაუყოვნებლივ უნდა გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და ჟურნალ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“. სასამართლომ შეიძლება დაადგინოს განჩინების დამატებით სხვა ბეჭდვით ორგანოში, მათ შორის, საერთო სახელმწიფოებრივ ან/და საერთაშორისო მნიშვნელობის საინფორმაციო საშუალებებში გამოქვეყნება.

    მუხლი 26. მეურვე

1. მეურვე უნდა იყოს მხარეთაგან დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, კეთილსინდისიერი პირი, ნომინირებული პროფესიული ორგანიზაციის წევრი აუდიტორი ან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი ადვოკატი საერთო ან სამოქალაქო სპეციალიზაციით.

2. მეურვის უფლება-მოვალეობებია:

ა) განახორციელოს კონტროლი საწარმოს მართვასა და წარმომადგენლობაზე თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში;

ბ) განიხილოს და შეაფასოს მოვალის კრედიტორული და დებიტორული დავალიანებები;

გ) მოამზადოს მოხსენება მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ და წარუდგინოს იგი სასამართლოს და მომრიგებელ საბჭოს;

დ) მოამზადოს და ორგანიზაციულად უზრუნველყოს კრედიტორთა კრება და კრედიტორთა კომიტეტის სხდომა თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში;

ე) მოთხოვნის შესაბამისად წარუდგინოს ინფორმაცია სასამართლოს და მომრიგებელ საბჭოს გადახდისუუნარობის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე პროცედურების შესახებ;

ვ) შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან;

ზ) განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებები, რომლებიც დაკავშირებულია სამეურვეო ქონების განკარგვის უფლების შეზღუდვასთან; ამ საკითხზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში სასამართლო ნებართვას გასცემს განჩინების ფორმით;

თ) დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ.

3. მეურვის გასამრჯელოს განსაზღვრავს სასამართლო და იგი გადაიხდება სამეურვეო ქონებიდან. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში მეურვის გასამრჯელოს იხდის გადახდისუუნარობის საქმის აღძვრის ინიციატორი ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

4. მეურვე პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ.

5. მეურვეს უფლებამოსილებას უწყვეტს მომრიგებელი საბჭო ამ კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების სასამართლოს მიერ დამტკიცებისთანავე.

6. კრედიტორს ან მოვალეს უფლება აქვს სასამართლოს მიმართოს მოტივირებული და არგუმენტირებული შუამდგომლობით მეურვის აცილების შესახებ. ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს კრედიტორის ან მოვალის მიერ მეურვის აცილების შესახებ განცხადების შეტანიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში.

    მუხლი 27. კრედიტორთა კრება

1. კრედიტორთა კრება იმართება გადახდისუუნარობის საქმის განმხილველ სასამართლოში. კრედიტორთა კრებას ამზადებს და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს მეურვე თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში, ხოლო გაკოტრების ან რეაბილიტაციის პერიოდში – გაკოტრების/რეაბილიტაციის მმართველი. კრედიტორთა კრებას უძღვება მოსამართლე.

2. კრედიტორთა კრების მოწვევისა და მასზე გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ამ კანონით.

3. კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის უფლება აქვთ მეურვეს, კრედიტორს (კრედიტორებს), რომელიც ფლობს კრედიტორთა ხმების საერთო რაოდენობის სულ მცირე 10%-ს, მოვალეს. რიგგარეშე კრების მოწვევისა და დღის წესრიგის შესახებ შეტყობინება სასამართლომ უნდა დააგზავნოს კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის თაობაზე მოთხოვნის მიღებისთანავე. რიგგარეშე კრება უნდა გაიმართოს სასამართლოში მოთხოვნის წარდგენიდან მე-5 დღეს.

4. კრედიტორთა კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ან წარმოდგენილია კრედიტორთა ნახევარზე მეტი, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

5. კრედიტორთა კრება ამ კანონით დადგენილი წესით განიხილავს საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას:

ა) მომრიგებელი საბჭოს წევრის დანიშვნის შესახებ;

ბ) გაკოტრების ან რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნის შესახებ;

გ) კრედიტორთა კომიტეტის შექმნის, მისი შემადგენლობის, უფლებამოსილების ფარგლებისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ;

დ) მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებული სხვა საკითხების შესახებ.

6. კრედიტორთა კრებაზე გადაწყვეტილება მიიღება მასზე წარმოდგენილ ხმათა უბრალო უმრავლესობით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

7. კრედიტორთა ხმების რაოდენობა განისაზღვრება შემდეგი წესით: 1 ლარის მოთხოვნა – 1 ხმა (დამრგვალება ხდება უმცირესისაკენ).

8. თუ კრედიტორთა კრება არ შედგა ან გადაწყვეტილებაუუნაროა ან მან ვერ მიიღო გადაწყვეტილება, 7 დღის ვადაში იმავე დღის წესრიგით მოიწვევა მეორე კრება, რომელიც გადაწყვეტილებაუნარიანი იქნება მასზე წარმოდგენილ ხმათა რაოდენობის მიუხედავად.

9. თუ მეორე კრება არ შედგა ან მან ვერ მიიღო გადაწყვეტილება, მაშინ კრების ჩატარების თარიღის შესახებ გადაწყვეტილებას გონივრულ ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 5 დღისა, იღებს სასამართლო.

10. კრების მოწვევა აუცილებელი არ არის, როცა ხმათა 50%-ზე მეტის მფლობელი კრედიტორი წერილობით დაეთანხმება განსახილველ საკითხს. წერილობითი თანხმობა კრების ოქმის ტოლფასია და ითვლება კრების გადაწყვეტილებად.

11. კრედიტორთა კრების ხანგრძლივობაა არა უმეტეს 3 სამუშაო დღისა. კრედიტორთა უბრალო უმრავლესობის არგუმენტირებული წერილობითი თხოვნის საფუძველზე მოსამართლეს შეუძლია ამ ვადის გაგრძელება.

12. კრედიტორთა პირველი კრება უნდა გაიმართოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინების გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს 30 დღისა.

13. ყველა უზრუნველყოფილი და არაუზრუნველყოფილი კრედიტორი, რომელიც კანონით დადგენილ ვადაში სასამართლოს წერილობითი ფორმით წარუდგენს თავის მოთხოვნას მოვალის მიმართ, უფლებამოსილია დაესწროს კრედიტორთა კრებას. კრებაზე დასწრების უფლება აქვს მოვალესაც.

14. კრედიტორთა პირველ კრებაზე მეურვე უნდა წარდგეს მოხსენებით მოვალის ქონების, ფინანსური მდგომარეობისა და ვალდებულებების, ასევე უზრუნველყოფილი კრედიტორების შესახებ.

15. კრედიტორთა კრებაზე დამსწრე კრედიტორებსა და მოვალეს უნდა მიეცეთ მეურვის მოხსენებაზე შენიშვნების გამოთქმისა და შეკითხვების დასმის შესაძლებლობა.

16. მოვალის მიერ ამ კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით გაკოტრების საქმის წარმოების მოთხოვნის შემთხვევაში კრედიტორთა პირველ კრებაზე ინიშნება გაკოტრების მმართველი.

17. კრედიტორთა პირველი კრების ხანგრძლივობაა არა უმეტეს 7 სამუშაო დღისა. კრედიტორთა უბრალო უმრავლესობის არგუმენტირებული წერილობითი თხოვნის საფუძველზე მოსამართლეს შეუძლია ამ ვადის გაგრძელება.

18. კრედიტორთა პირველ კრებაზე მოწმდება კრედიტორთა მოთხოვნები და იქმნება მომრიგებელი საბჭო.

    მუხლი 28. კრედიტორთა კომიტეტი

1. კრედიტორთა კომიტეტი არის ფაკულტატური ორგანო.

2. კრედიტორთა კომიტეტის შექმნის, მისი წევრების არჩევის, გათავისუფლების და მათ მიერ გადაწყვეტილებების მიღების წესს, წევრთა რაოდენობასა და უფლებამოსილების ფარგლებს კრედიტორთა კრება განსაზღვრავს ხმათა უბრალო უმრავლესობით.

    მუხლი 29. კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება

1. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 30 დღის განმავლობაში კრედიტორებმა მოვალის მიმართ არსებული თავიანთი მოთხოვნები უნდა წარუდგინონ სასამართლოს. მოთხოვნებს უნდა ერთოდეს მათი დამადასტურებელი დოკუმენტები და სხვა მტკიცებულებები. მეურვე უფლებამოსილია პირს, რომელსაც აქვს რაიმე პრეტენზია ან მოთხოვნა მოვალის მიმართ (სავარაუდო კრედიტორს), მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია და მტკიცებულებები მის მიერ წარდგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით.

2. კრედიტორთა პირველ კრებაზე ყოველი წარდგენილი მოთხოვნა მოწმდება მისი მოცულობის განსაზღვრისა და დაკმაყოფილების საკითხის გადაწყვეტის მიზნით. კრედიტორთა მოთხოვნები კრებაზე განიხილება სათითაოდ და თანამიმდევრულად.

3. მოსამართლე მოუსმენს მეურვეს, მხარეებს და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას კრედიტორის მოთხოვნების აღიარების ან უარყოფის შესახებ.

4. კრედიტორი, რომელსაც აქვს როგორც უზრუნველყოფილი, ისე არაუზრუნველყოფილი მოთხოვნა, განიხილება, როგორც ორი კრედიტორი (კრედიტორი, რომელიც ერთდროულად არის ახალი კრედიტორი, უზრუნველყოფილი კრედიტორი და არაუზრუნველყოფილი კრედიტორი ან ნებისმიერი ორი ამ სამიდან, განიხილება შესაბამისად, როგორც სამი ან ორი კრედიტორი).

5. უცხოელ კრედიტორს მოთხოვნების წარსადგენად შეიძლება განესაზღვროს დამატებითი გონივრული ვადა. უცხოელი კრედიტორის მოთხოვნები განიხილება იმავე წესით, როგორითაც სხვა მოთხოვნები.

6. ყველა მოთხოვნა აისახება ეროვნულ ვალუტაში.

7. კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმების საფუძველზე მოსამართლე შეადგენს კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრს.

8. კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრში უნდა იყოს შემდეგი მონაცემები:

ა) კრედიტორის (კრედიტორების) გვარი, სახელი და მისამართი, ხოლო თუ კრედიტორი იურიდიული პირია – მისი სახელწოდება, იურიდიული მისამართი და საიდენტიფიკაციო ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ბ) კრედიტორის მოთხოვნის მოცულობა;

გ) კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების რიგითობა;

დ) ვალის მოცულობისა და კრედიტორთა რიგითობის ცვლილება.

9. კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრს ხელს აწერს მოსამართლე.

    მუხლი 30. კრედიტორის მიერ სასამართლოში დაგვიანებით წარდგენილი მოთხოვნის დაკმაყოფილების წესი

1. კანონით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ სასამართლოში წარდგენილი მოთხოვნის აღიარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო.

2. სასამართლოში დაგვიანებით წარდგენილი მოთხოვნა დაკმაყოფილდება ამ კანონის 39-ე მუხლით დადგენილი წესით.

3. სასამართლოში დაგვიანებით წარდგენილი მოთხოვნის მფლობელი პირის მოთხოვნა დაკმაყოფილდება იმ რიგითობით და იმ პროპორციულობით, როგორითაც დაკმაყოფილდა სხვა კრედიტორთა მოთხოვნები.

    მუხლი 31. კრედიტორის მიერ სასამართლოში წარდგენილი მოთხოვნის აღიარების შედეგები

კრედიტორის მიერ სასამართლოში წარდგენილი მოთხოვნის აღიარებით დგინდება კრედიტორის უფლება, დაესწროს კრედიტორთა კრებას, მისი მოთხოვნის მოცულობის პროპორციულად მონაწილეობა მიიღოს კენჭისყრაში და განახორციელოს კანონით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.

    მუხლი 32. მომრიგებელი საბჭო

1. მომრიგებელი საბჭო არის კოლეგიალური ორგანო, რომელიც იქმნება პარიტეტულ საწყისებზე და არსებითად აფასებს და წყვეტს მოვალის გადახდისუუნარობის საკითხს. მოვალის რეაბილიტაციის შემთხვევაში მომრიგებელი საბჭო ასევე განიხილავს რეაბილიტაციის გეგმას.

2. მომრიგებელი საბჭო იქმნება კრედიტორთა პირველ კრებაზე, კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმების დასრულებისთანავე.

3. მომრიგებელი საბჭო შედგება სამი წევრისაგან.

4. მომრიგებელი საბჭოს ერთ წევრს ნიშნავს მოვალე, ხოლო მეორე წევრს ირჩევს კრედიტორთა კრება ხმათა უბრალო უმრავლესობით, სახელობითი კენჭისყრით. თუ კრედიტორთა კრება ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას მომრიგებელი საბჭოს მეორე წევრის დანიშვნის თაობაზე, მაშინ მომრიგებელი საბჭოს მეორე წევრს დანიშნავს მოსამართლე კრედიტორთა პირველი კრების დამთავრებისთანავე.

5. მომრიგებელი საბჭოს მესამე წევრი შეირჩევა მოვალისა და კრედიტორების (ან მოსამართლის) მიერ გამწესებულ მომრიგებელთა შეთანხმებით.

6. თუ მომრიგებლები ვერ შეთანხმდებიან მომრიგებელი საბჭოს მესამე წევრის დანიშვნის თაობაზე, მაშინ მომრიგებელი საბჭოს მესამე წევრს დანიშნავს მოსამართლე კრედიტორთა პირველი კრების დამთავრებისთანავე.

7. მოვალემ და კრედიტორებმა მომრიგებლად შეიძლება დანიშნონ ნებისმიერი ქმედუნარიანი ფიზიკური პირი. მომრიგებლად დასახელებამდე აუცილებელია პირის წინასწარი წერილობითი თანხმობა.

8. მომრიგებელი საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით. მომრიგებლებს უფლება არა აქვთ თავი შეიკავონ ხმის მიცემისაგან.

9. მომრიგებელი საბჭოს უფლებამოსილება წყდება გაკოტრების თაობაზე ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანისთანავე, ხოლო რეაბილიტაციის შემთხვევაში – რეაბილიტაციის გეგმის განხილვისა და მოწონებისთანავე.

    მუხლი 33. მოვალის გადახდისუუნარობის საკითხის არსებითი გადაწყვეტა

1. მომრიგებელი საბჭო მოვალის გადახდისუუნარობის საკითხს სწავლობს შექმნიდან 30 დღის განმავლობაში.

2. მომრიგებელი საბჭო უფლებამოსილია მოიწვიოს და ახსნა-განმარტებები ჩამოართვას მოვალეს, კრედიტორებს და კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებულ ნებისმიერ სხვა პირს.

3. მომრიგებელი საბჭო უფლებამოსილია მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:

ა) გაკოტრების შესახებ;

ბ) რეაბილიტაციის შესახებ;

გ) გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

4. თუ მომრიგებელმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, გადაწყვეტილების მიღებიდან 3 თვის განმავლობაში გადახდისუუნარობის საქმის აღძვრა იმავე განმცხადებლის მიერ იმავე სუბიექტის მიმართ იმავე საფუძვლით დაუშვებელია.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში განსაზღვრული შეზღუდვა არ ვრცელდება საქმეზე ახალი გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში.

6. მომრიგებელი საბჭოს ყველა გადაწყვეტილებაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს სამივე მომრიგებელი.

7. მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება გაკოტრების შესახებ, რეაბილიტაციის შესახებ ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ ქვეყნდება ამ კანონის 25-ე მუხლით დადგენილი წესით.

    მუხლი 34. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტა

1. მომრიგებელი საბჭო გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს, თუ არ არსებობს გადახდისუუნარობის საფუძველი ან ეს საფუძველი აღმოიფხვრა განცხადების შეტანის შემდეგ ან მოვალეს შეუძლია ვადაგადაცილებული ვალი დაფაროს სხვა კრედიტორებისათვის ზიანის მიუყენებლად.

2. მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

3. სასამართლოს განჩინება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით უნდა ჩაბარდეს მოვალესა და კრედიტორებს.

    მუხლი 35. კრედიტორისათვის ზიანის მომტანი ქმედებები

1. კრედიტორისათვის ზიანის მომტანად ჩაითვლება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანამდე 6 თვის განმავლობაში განხორციელებული შემდეგი ქმედებები:

ა) მოვალის ქმედება, რომელმაც ხელი შეუშალა კრედიტორთა თანაბარზომიერ დაკმაყოფილებას და კონკრეტულ კრედიტორს უპირატესობა მიანიჭა იმავე რიგის სხვა კრედიტორებთან შედარებით;

ბ) მოვალის მიერ გარიგების დადება ან სხვა ქმედების განხორციელება, რომელსაც შედეგად მოჰყვა სამეურვეო ქონების გაუფასურება.

2. თუ უპირატესობამინიჭებული კრედიტორი ან ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარიგების კონტრაგენტი მოვალესთან დაკავშირებული პირი ან მოვალის ნათესავია, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ვადა შეადგენს ერთ წელს.

თავი V. გაკოტრება

    მუხლი 36. გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება

1. გაკოტრების საქმის წარმოება იწყება მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად სასამართლოს მიერ გაკოტრების შესახებ გამოტანილი განჩინების გამოქვეყნებიდან. სასამართლოს განჩინება გაკოტრების შესახებ ქვეყნდება ამ კანონით დადგენილი წესით.

2. გაკოტრების საქმის წარმოება დაიწყება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას ამ კანონის მე-17 მუხლით დადგენილი წესით.

    მუხლი 37. გაკოტრების მმართველი

1. გაკოტრების პროცესში საწარმოს მართვასა და წარმომადგენლობას ახორციელებს გაკოტრების მმართველი.

2. გაკოტრების მმართველს ნიშნავენ კრედიტორები გაკოტრების შესახებ სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში. კრედიტორთა გადაწყვეტილებას განჩინებით ამტკიცებს სასამართლო.

3. გაკოტრების მმართველი შესაძლებელია იყოს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი. გაკოტრების მმართველი უნდა იყოს მხარეთაგან დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, კეთილსინდისიერი (იურიდიული პირის შემთხვევაში – საქმიანი რეპუტაციის მქონე) პირი. გაკოტრების მმართველად არ შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელიც ახორციელებს იმავე ან მსგავს საქმიანობას, როგორსაც მოვალე.

4. გაკოტრების მმართველსა და კრედიტორებს შორის იდება ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება გაკოტრების მმართველის უფლებამოსილების ფარგლები, მისი ანაზღაურებისა და პასუხისმგებლობის საკითხები. პასუხისმგებლობის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია საბანკო გარანტიის ან/და პასუხისმგებლობის დაზღვევის გამოყენება.

    მუხლი 38. აუქციონის ჩატარების წესი და პირობები

1. სამეურვეო ქონება იყიდება მხოლოდ აუქციონის გზით.

2. აუქციონზე სამეურვეო ქონების გაყიდვას კეთილსინდისიერებისა და კრედიტორთა ინტერესების დაცვის პრინციპების გათვალისწინებით ახორციელებს გაკოტრების მმართველი.

3. აუქციონის ჩატარების შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს საერთოსახელმწიფოებრივი ან/და საერთაშორისო მნიშვნელობის საინფორმაციო საშუალებებში. ინფორმაციის გავრცელებისთვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სხვა საშუალებებიც.

4. გაკოტრების მმართველმა აუქციონის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე უნდა გამოაქვეყნოს ინფორმაცია აუქციონის ჩატარებისა და მისი თარიღის თაობაზე. ინფორმაციის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს გაკოტრების მმართველი.

5. აუქციონის ჩატარებამდე 14 დღით ადრე გაკოტრების მმართველმა მეორედ უნდა გამოაქვეყნოს ინფორმაცია აუქციონის ჩატარების შესახებ. ინფორმაციაში მითითებული უნდა იყოს:

ა) აუქციონის ჩატარების დრო და ადგილი;

ბ) მოვალის სახელწოდება და იურიდიული მისამართი;

გ) სამეურვეო ქონების ადგილმდებარეობა და მისი მაქსიმალურად შესაძლებელი აღწერილობა;

დ) სამეურვეო ქონების საწყისი ფასი;

ე) აუქციონის პირობები.

6. დაუშვებელია აუქციონში მონაწილე პირთა წრის შეზღუდვა ან სხვა შეზღუდვების დაწესება, თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული კანონმდებლობით.

7. აუქციონის ჩატარების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ნებისმიერი პირი უფლებამოსილია გაკოტრების მმართველს მიმართოს აუქციონის თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით. ინფორმაციის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს გაკოტრების მმართველი.

8. აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველმა გაკოტრების მმართველს უნდა წარუდგინოს განაცხადი აუქციონში მონაწილეობის თაობაზე.

9. პირველი აუქციონი ტარდება გაკოტრების მმართველის დანიშვნიდან 30-ე დღეს მთლიანად სამეურვეო ქონების ერთიანი ქონებრივი კომპლექსის სახით გაყიდვის მიზნით. მისი საწყისი ფასი ამ კანონის მე-40 მუხლით განსაზღვრული ყველა რიგის კრედიტორთა მოთხოვნების ჯამზე ნაკლები არ უნდა იყოს.

10. თუ პირველ აუქციონზე სამეურვეო ქონება ვერ გაიყიდა, მაშინ პირველი აუქციონიდან 30-ე დღეს ჩატარდება მეორე აუქციონი. აუქციონის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.

11. მეორე აუქციონზე კრედიტორთა გადაწყვეტილებით გასაყიდად გამოიტანება მთლიანად სამეურვეო ქონება ერთიანი ქონებრივი კომპლექსის სახით გაყიდვის მიზნით. მისი საწყისი ფასი ამ კანონის მე-40 მუხლით განსაზღვრული პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე რიგის კრედიტორთა მოთხოვნების ჯამის ტოლი უნდა იყოს.

12. თუ მეორე აუქციონზე სამეურვეო ქონება ვერ გაიყიდა, უზრუნველყოფილ და ახალ კრედიტორთა შეთანხმებით შესაძლებელია მოხდეს უზრუნველყოფილი კრედიტორების დაკმაყოფილება მათთვის უზრუნველყოფის საგნების საკუთრებაში გადაცემით. ამ შემთხვევაში საპროცესო ხარჯების გადახდა დაეკისრებათ უზრუნველყოფილ კრედიტორებს. თუ ასეთი შეთანხმება არ მოხდა ან უზრუნველყოფის საგნების გადაცემის შედეგად დარჩა სხვა ქონება, მაშინ მეორე აუქციონიდან 30-ე დღეს ჩატარდება მესამე აუქციონი. მესამე აუქციონის ჩატარების და ქონების გაყიდვის წესს განსაზღვრავს გაკოტრების მმართველი. მესამე აუქციონი ისე უნდა იყოს ორგანიზებული, რომ სამეურვეო ქონება მთლიანად გაიყიდოს.

13. კერძო სამართლის სამეწარმეო იურიდიული პირის სამეურვეო ქონების ერთიანი ქონებრივი კომპლექსის სახით შემძენი (შემძენები) სურვილისამებრ შესაძლოა დარეგისტრირდეს ამ საწარმოს ერთადერთ პარტნიორად. საკუთრების უფლების გადასვლის შედეგად საწარმო ახალ შემძენზე დაუტვირთავი და ვალებისაგან თავისუფალი გადადის. თუ ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შემდეგ აუქციონზე გაყიდული სამეურვეო ქონების პირველად მესაკუთრე იურიდიული პირის საკუთრებაში აღმოჩნდა რაიმე ქონება, ეს ქონებაც საკუთრების უფლებით ახალ შემძენს ეკუთვნის.

14. თუ აუქციონზე გამოტანილი სამეურვეო ქონება რეგისტრირებული არ არის საჯარო რეესტრში, მაშინ გაკოტრების მმართველი ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად აუქციონის გამოცხადებიდან 3 დღის ვადაში ახდენს საჯარო რეესტრში მის რეგისტრაციას დაუზუსტებელი მახასიათებლებით. საჯარო რეესტრის ჩანაწერის შემდგომი დაზუსტება საკუთრების უფლების გადასვლის მომენტიდან ევალება ახალ მესაკუთრეს. ჩანაწერის დაზუსტებისას ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში რისკი აწევს ახალ მესაკუთრეს.

15. თუ საწარმოს საქმიანობის შეჩერება საფრთხეს უქმნის ადამიანთა ჯანმრთელობას ან/და სიცოცხლეს და შეუძლებელია საწარმოს საქმიანობის უწყვეტობის უზრუნველყოფა ან აუქციონის კანონით დადგენილ ვადაში ჩატარება გამოიწვევს გასაყიდი ქონების ღირებულების მნიშვნელოვან შემცირებას, აუქციონის ჩატარების ვადის გონივრული შემცირება და სამეურვეო ქონების დაჩქარებული წესით გაყიდვა შესაძლებელია სასამართლოს მოტივირებული გადაწყვეტილებით, პოტენციური მყიდველების ინფორმირებისა და ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფის პირობით.

16. აუქციონის დამთავრების შემდეგ დგება ოქმი, რომელშიც უნდა აისახოს აუქციონის მსვლელობა და შედეგები. ოქმს ხელს აწერს გაკოტრების მმართველი.

17. აუქციონის შედეგების შესახებ ცნობა ქვეყნდება დაუყოვნებლივ იმავე ბეჭდვით ორგანოში, რომელშიც გამოქვეყნდა ინფორმაცია აუქციონის ჩატარების შესახებ.

    მუხლი 39. უზრუნველყოფილ კრედიტორთა განსაკუთრებული უფლებამოსილება

1. კრედიტორთა მოთხოვნების შესამოწმებელი კრების შემდეგ მოვალის მიერ ახალი ვალების წარმოშობის შესახებ გადაწყვეტილებას ერთხმად იღებენ უზრუნველყოფილი კრედიტორები.

2. უზრუნველყოფილი კრედიტორები სარგებლობენ კრედიტორთა მიერ მიღებული შემდეგი გადაწყვეტილებების აღსრულების შეჩერების უფლებით:

ა) გაკოტრების ან რეაბილიტაციის მმართველთან დადებული ხელშეკრულების არსებითი პირობების შესახებ;

ბ) რეაბილიტაციის ვადის განსაზღვრის შესახებ.

3. უზრუნველყოფილი კრედიტორების მიერ ამ უფლების გამოყენებისას გადაწყვეტილების აღსრულება შეჩერდება და საკითხი მოლაპარაკების გზით გადაწყდება. შეუთანხმებლობის შემთხვევაში საკითხს წყვეტს სასამართლო.

4. უზრუნველყოფილ კრედიტორთა არარსებობის შემთხვევაში მათ უფლებამოსილებებს ახორციელებს კრედიტორთა კრება, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს წარმოდგენილ ხმათა უბრალო უმრავლესობით.

    მუხლი 40. კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების რიგითობა

1. კრედიტორთა მოთხოვნები დაკმაყოფილდება შემდეგი რიგითობით:

ა) პირველი რიგი – საპროცესო ხარჯები;

ბ) მეორე რიგი – გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის თარიღიდან მოვალის მიმართ წარმოქმნილი დავალიანება;

გ) მესამე რიგი – მეურვის დანიშვნასთან და მის მიერ მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი და ანაზღაურება;

დ) მეოთხე რიგი – ყველა უზრუნველყოფილი მოთხოვნა, მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით უზრუნველყოფილი მოთხოვნები;

ე) მეხუთე რიგი – საგადასახადო დავალიანებები, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნებისა;

ვ) მეექვსე რიგი – ყველა დანარჩენი აღიარებული არაუზრუნველყოფილი მოთხოვნა;

ზ) მეშვიდე რიგი – დაგვიანებით წარდგენილი კრედიტორთა მოთხოვნები.

2. ყოველი მომდევნო რიგის მოთხოვნა დაკმაყოფილდება წინა რიგის მოთხოვნათა სრულად დაკმაყოფილების შემდეგ, თუ კრედიტორთა შეთანხმებით (ერთხმად) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3. თუ გასანაწილებელი თანხა საკმარისი არ არის ერთი რიგის ყველა მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად, მაშინ ეს მოთხოვნები დაკმაყოფილდება ამ რიგის თითოეული კრედიტორის მოთხოვნის მოცულობის პროპორციულად.

4. გაკოტრების მმართველი უფლებამოსილია კრედიტორთა მოთხოვნები დაფაროს ერთჯერადი ან ნაწილ-ნაწილ გადახდით.

5. ნებისმიერი რიგის კრედიტორს ამ კანონის 29-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებზე ნაწილობრივ უარის თქმის სანაცვლოდ უფლება აქვს მოითხოვოს თავისი რიგის კრედიტორებთან შედარებით უპირატესი დაკმაყოფილება. ამისათვის საჭიროა მისი რიგის ყველა კრედიტორის თანხმობა.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნულ კრედიტორს ამ კანონის 29-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებზე ნაწილობრივ უარის თქმის სანაცვლოდ უფლება აქვს მოითხოვოს თავისი რიგის წინა კრედიტორთა რიგში გადასვლა. ამისათვის საჭიროა წინა რიგის ყველა კრედიტორის თანხმობა.

7. კრედიტორთა მიერ ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელების შედეგები დაფიქსირდება კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრში.

    მუხლი 41. უზრუნველყოფილ კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების წესი

თუ მხარეთა შორის იპოთეკის (გირაოს) ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი:

ა) ქონების ნაწილ-ნაწილ გაყიდვისას, თუ აუქციონზე გასაყიდი დატვირთული ნივთის სყიდვის ფასი უზრუნველყოფილი კრედიტორის მოთხოვნაზე მეტია, ასეთი კრედიტორი დაკმაყოფილდება მხოლოდ თავისი მოთხოვნის მოცულობით, ხოლო ნაშთი ჩაითვლება საერთო მოთხოვნებში, ამ კანონის მე-40 მუხლის თანახმად;

ბ) თუ აუქციონზე გასაყიდი დატვირთული ნივთის სყიდვის ფასი უზრუნველყოფილი კრედიტორის მოთხოვნაზე ნაკლებია, ასეთი კრედიტორი დაკმაყოფილდება მხოლოდ ამ რეალიზაციით მიღებული თანხის მოცულობით, ხოლო დარჩენილი ვალი ჩაითვლება არაუზრუნველყოფილ მოთხოვნებში, ამ კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად.

    მუხლი 42. გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება

1. გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდება გაკოტრების მმართველის მიერ სამეურვეო ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციით მიღებული თანხის ამ კანონის შესაბამისად განაწილებისთანავე.

2. სამეურვეო ქონების რეალიზაციის შემდეგ გაკოტრების მმართველი ადგენს მოვალის გაკოტრების ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს კრედიტორებსა და სასამართლოს.

3. გაკოტრების მმართველისა და კრედიტორთა ინფორმაციის შესაბამისად სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ.

4. სამეურვეო ქონების რეალიზაციით მიღებული თანხა შეინახება სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე და განაწილდება გაკოტრების პროცესის დასრულებიდან არა უადრეს 3 თვისა.

თავი VI. რეაბილიტაცია

    მუხლი 43. რეაბილიტაციის გეგმის მომზადების ვადა

1. რეაბილიტაციის გეგმის მომზადების ვადა აითვლება მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად სასამართლოს მიერ რეაბილიტაციის შესახებ გამოტანილი განჩინების გამოქვეყნებიდან. სასამართლოს განჩინება რეაბილიტაციის შესახებ ქვეყნდება ამ კანონით დადგენილი წესით.

2. რეაბილიტაციის გეგმის მომზადების ვადას განსაზღვრავენ კრედიტორები, მაგრამ არა უმეტეს 30 დღისა. ვადის გაგრძელება შესაძლებელია კრედიტორთა გადაწყვეტილებით.

    მუხლი 44. რეაბილიტაციის მმართველი

1. რეაბილიტაციის პროცესს წარმართავს რეაბილიტაციის მმართველი.

2. რეაბილიტაციის მმართველს ნიშნავენ კრედიტორები რეაბილიტაციის შესახებ სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში. კრედიტორთა გადაწყვეტილებას განჩინებით ამტკიცებს სასამართლო.

3. რეაბილიტაციის მმართველი შესაძლებელია იყოს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი. რეაბილიტაციის მმართველი უნდა იყოს მხარეთაგან დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, კეთილსინდისიერი (იურიდიული პირის შემთხვევაში – საქმიანი რეპუტაციის მქონე) პირი. რეაბილიტაციის მმართველად არ შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელიც ახორციელებს იმავე ან მსგავს საქმიანობას, როგორსაც მოვალე.

4. რეაბილიტაციის მმართველსა და კრედიტორებს შორის იდება ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება რეაბილიტაციის მმართველის უფლებამოსილების ფარგლები, მისი ანაზღაურებისა და პასუხისმგებლობის საკითხები. პასუხისმგებლობის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია საბანკო გარანტიის ან/და პასუხისმგებლობის დაზღვევის გამოყენება.

5. რეაბილიტაციის მმართველი მხოლოდ რეაბილიტაციის გეგმის შესაბამისად ახორციელებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით საწარმოს დირექტორისა და პარტნიორთა კრებისათვის მინიჭებულ ყველა უფლებამოსილებას, გარდა საწარმოს ლიკვიდაციისა.

    მუხლი 45. რეაბილიტაციის გეგმის პროექტის წარდგენის წესი

1. გადახდისუუნარობის საკითხის გადაწყვეტის მიზნით უნდა მომზადდეს და მომრიგებელ საბჭოს განსახილველად უნდა წარედგინოს რეაბილიტაციის გეგმის პროექტი კრედიტორთა პირველი კრების დასრულებიდან 14 დღის ვადაში.

2. რეაბილიტაციის გეგმის პროექტი უნდა აკმაყოფილებდეს ამ კანონის 46-ე მუხლის მოთხოვნებს.

    მუხლი 46. რეაბილიტაციის გეგმა

1. რეაბილიტაციის გეგმის მომზადება კრედიტორთა გადაწყვეტილებით შეიძლება დაევალოს მოვალეს, კრედიტორს ან რეაბილიტაციის მმართველს ანდა რამდენიმე მათგანს ერთდროულად. შესაძლებელია აღნიშნულ პირთაგან რომელიმემ საკუთარი ინიციატივით მოამზადოს რეაბილიტაციის გეგმა.

2. პირი, რომელსაც დაევალება რეაბილიტაციის გეგმის მომზადება, ვალდებულია კონსულტაციები აწარმოოს უზრუნველყოფილ კრედიტორებთან, სხვა კრედიტორებთან და მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთან.

3. რეაბილიტაციის გეგმა წარდგენილ უნდა იქნეს წერილობითი ფორმით და უნდა მოიცავდეს მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრასთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხს, იმის გათვალისწინებით, რომ მისი განხორციელების შემთხვევაში მოვალე დაძლევს გადახდისუუნარობას ან მოსალოდნელ გადახდისუუნარობას.

4. რეაბილიტაციის გეგმით განისაზღვრება ვალებზე პროცენტების დარიცხვა და გადახდა.

5. რეაბილიტაციის გეგმით არ შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ისეთი წინადადება, რომლის თანახმად, ერთი რიგის სხვადასხვა კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების ვადა და პირობები განსხვავებული იქნება, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

6. რეაბილიტაციის გეგმის განხილვას მომრიგებელი საბჭო იწყებს რეაბილიტაციის შესახებ განჩინების გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. განხილვის პროცესი შესაძლებელია გაგრძელდეს არა უმეტეს 14 დღისა.

7. რეაბილიტაციის გეგმის განხილვის პროცესში მომრიგებელი საბჭო კონსულტაციებს აწარმოებს კრედიტორებთან, მოვალესთან და რეაბილიტაციის მმართველთან. კონსულტაციების დროს შესაძლებელია გეგმაში ცვლილებების შეტანა.

    მუხლი 47. კრედიტორთა მიერ რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცება

1. მომრიგებელი საბჭოს მიერ განხილულ და მოწონებულ რეაბილიტაციის გეგმას უზრუნველყოფილი კრედიტორები ამტკიცებენ მომრიგებელი საბჭოს მიერ რეაბილიტაციის გეგმის გადაცემიდან 7 დღის ვადაში. რეაბილიტაციის გეგმის დასამტკიცებლად საჭიროა ყველა უზრუნველყოფილი კრედიტორის თანხმობა.

2. თუ რომელიმე უზრუნველყოფილი კრედიტორი ეწინააღმდეგება რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცებას, დანარჩენი უზრუნველყოფილი კრედიტორები უფლებამოსილი არიან შესთავაზონ მას ერთ-ერთი შემდეგი წინადადება:

ა) უზრუნველყოფილი ნივთების სამეურვეო ქონებიდან გამოყოფა, რეალიზაცია და ამონაგები თანხიდან დაკმაყოფილება;

ბ) ვალის გამოსყიდვა კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრის მონაცემების შესაბამისად.

3. უზრუნველყოფილი კრედიტორი, რომელიც ეწინააღმდეგება რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცებას, ვალდებულია მიიღოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული, დანარჩენი უზრუნველყოფილი კრედიტორების მიერ შეთავაზებული წინადადება.

4. თუ ყველა უზრუნველყოფილი კრედიტორი ეწინააღმდეგება რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცებას, დანარჩენი კრედიტორები უფლებამოსილი არიან შესთავაზონ მას ერთ-ერთი შემდეგი წინადადება:

ა) უზრუნველყოფილი ნივთების სამეურვეო ქონებიდან გამოყოფა, რეალიზაცია და ამონაგები თანხიდან დაკმაყოფილება;

ბ) ვალის გამოსყიდვა კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრის მონაცემების შესაბამისად.

5. უზრუნველყოფილი კრედიტორები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცებას, ვალდებული არიან მიიღონ ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული, დანარჩენი კრედიტორების მიერ შეთავაზებული წინადადება.

    მუხლი 48. რეაბილიტაციის გეგმით არასწორი ან მცდარი მონაცემების წარდგენის, ინფორმაციის დამალვის შედეგები

თუ რეაბილიტაციის გეგმით განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით წარდგენილია არასწორი ან მცდარი მონაცემები მოვალის ქონების ან/და მისი საქმიანობის შესახებ, ან დამალულია საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას: რეაბილიტაციის მმართველის შემთხვევაში – რეაბილიტაციის მმართველის გათავისუფლების შესახებ; მოვალის შემთხვევაში – მოვალის გაკოტრების შესახებ; კრედიტორის შემთხვევაში – კრედიტორის მიერ ხმის უფლების დაკარგვის შესახებ.

    მუხლი 49. მოვალის ვალებისაგან გათავისუფლების ან შეცვლის ფარგლები

1. რეაბილიტაციის გეგმა შესაძლებელია ითვალისწინებდეს მოვალის ვალებისაგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლებას ან შეცვლას.

2. მოვალის ვალებისაგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლება ან შეცვლა შესაძლებელია ყველა კრედიტორის თანხმობით.

3. თუ რომელიმე კრედიტორი ეწინააღმდეგება მოვალის ვალებისაგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლებას ან შეცვლას, დანარჩენი კრედიტორები უფლებამოსილი არიან შესთავაზონ მას ვალის გამოსყიდვა კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრის მონაცემების შესაბამისად.

4. კრედიტორი, რომელიც ეწინააღმდეგება მოვალის ვალებისაგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლებას ან შეცვლას, ვალდებულია მიიღოს დანარჩენი კრედიტორების მიერ შეთავაზებული წინადადება.

    მუხლი 50. რეაბილიტაციის გეგმის განხორციელება

1. დამტკიცებული რეაბილიტაციის გეგმის განხორციელებისათვის პასუხისმგებელია რეაბილიტაციის მმართველი.

2. რეაბილიტაციის გეგმის განხორციელებას ზედამხედველობენ კრედიტორები.

    მუხლი 51. რეაბილიტაციის გეგმაში ცვლილებების შეტანა

1. რეაბილიტაციის გეგმაში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია, თუ კრედიტორები მიიჩნევენ, რომ რეაბილიტაციის გეგმის მთლიანად ან ნაწილობრივ განხორციელება შეუძლებელია და მისი განხორციელება შესაძლებელი იქნება მხოლოდ გეგმაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში.

2. რეაბილიტაციის გეგმაში ცვლილებები შეიტანება იმავე წესით, როგორითაც რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცება.

    მუხლი 52. რეაბილიტაციის პროცესის დასრულება და შეწყვეტა

1. რეაბილიტაციის პროცესი დასრულდება რეაბილიტაციის გეგმის განხორციელებისთანავე.

2. რეაბილიტაციის პროცესი შეწყდება, თუ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას რეაბილიტაციის შეწყვეტის შესახებ, იმ მიზეზით, რომ რეაბილიტაციის გეგმა არ ხორციელდება.

3. ნებისმიერ კრედიტორს შეუძლია მიმართოს სასამართლოს დასაბუთებული განცხადებით რეაბილიტაციის გეგმის განხორციელების შეუძლებლობის შესახებ, გეგმის იმ პუნქტების მითითებით, რომლებიც დარღვეულია განცხადების წარდგენის მომენტისათვის.

4. სასამართლო კრედიტორის განცხადებას განიხილავს მისი წარდგენიდან 14 დღის ვადაში და ამ განცხადების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას რეაბილიტაციის გეგმის შეწყვეტის შესახებ.

5. რეაბილიტაციის გეგმის შეწყვეტა იწვევს მოვალის გაკოტრებას.

    მუხლი 53. რეაბილიტაციის გეგმის შეწყვეტამდე განხორციელებული ქმედებები და გარიგებები

რეაბილიტაციის გეგმის შეწყვეტის მიუხედავად, მის შეწყვეტამდე განხორციელებული ნებისმიერი ქმედება და გარიგება ძალაში დარჩება.

თავი VII. საზღვარგარეთ წარმოებული გადახდისუუნარობის საქმე

    მუხლი 54. საზღვარგარეთ წარმოებულ გადახდისუუნარობის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება

1. საზღვარგარეთ წარმოებული გადახდისუუნარობის საქმე ცნობილი უნდა იქნეს საქართველოში არსებულ უძრავ ქონებასა და კრედიტორებთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც:

ა) სასამართლო, რომელმაც გადახდისუუნარობის საქმე განიხილა, არ არის უფლებამოსილი საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით;

ბ) საზღვარგარეთ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობის არსებით პრინციპებს, კერძოდ, პირთა ძირითად უფლებებს.

2. საზღვარგარეთ წარმოებულ გადახდისუუნარობის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების წესი განისაზღვრება „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონით.

    მუხლი 55. საზღვარგარეთ წარმოებული გადახდისუუნარობის საქმის ცნობისას განცალკევებული წარმოება საქართველოში

1. თუ მოვალე, რომლის ქონებაზედაც საზღვარგარეთ გახსნილია ამ კანონის 54-ე მუხლით გათვალისწინებული საქმის წარმოება, უძღვება საქართველოში არსებულ ფილიალს, რომელიც თვითონ დებს გარიგებებს, ან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელ ობიექტს, მაშინ საზღვარგარეთ წარმოებული გადახდისუუნარობის საქმის ცნობა არ გამორიცხავს იმას, რომ საქართველოშიც გაიხსნას გადახდისუუნარობის საქმის განცალკევებული წარმოება, რომელიც მოიცავს მოვალის მხოლოდ ქვეყნის შიგნით არსებულ ქონებას და რომელში მონაწილეობის უფლება მხოლოდ იმ კრედიტორებს აქვთ, რომელთა მოთხოვნებიც წარმოიშვა უშუალოდ ფილიალის ან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელი ობიექტის საქმიანობიდან.

2. გადახდისუუნარობის საქმის განცალკევებული წარმოების გახსნის შესახებ განცხადების შეტანის უფლება მოვალის ნაცვლად აქვს საზღვარგარეთ წარმოებულ გადახდისუუნარობის საქმეზე დანიშნულ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირს. კრედიტორი უფლებამოსილია შეიტანოს განცხადება, თუ იგი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირია და სასამართლოში დაასაბუთებს თავის ინტერესს გადახდისუუნარობის საქმის განცალკევებული წარმოების მიმართ.

3. საზღვარგარეთ წარმოებულ გადახდისუუნარობის საქმეში მონაწილე კრედიტორებს საზღვარგარეთ ამ საქმის წარმოების დროს თავიანთი მოთხოვნების დაუკმაყოფილებელი ნაწილის გამო მხოლოდ მაშინ შეუძლიათ მონაწილეობა საქართველოში გადახდისუუნარობის საქმის განცალკევებულ წარმოებაში, თუ ისინი სასამართლოში დაასაბუთებენ თავიანთ ინტერესს.

4. გადახდისუუნარობის საქმის განცალკევებული წარმოებისათვის უნდა დაინიშნოს მეურვე, რომელიც ითანამშრომლებს საზღვარგარეთ წარმოებულ გადახდისუუნარობის საქმეზე დანიშნულ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთან.

5. გადახდისუუნარობის საქმის განცალკევებული წარმოების შეწყვეტის შემდეგ დარჩენილი ქონება უბრუნდება საზღვარგარეთ წარმოებულ გადახდისუუნარობის საქმეზე დანიშნულ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირს.

თავი VIII. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

    მუხლი 56. კანონის მოქმედება

1. ეს კანონი ვრცელდება მხოლოდ იმ გადახდისუუნარობის საქმეებზე, რომლებზედაც გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება შეტანილი იქნება ამ კანონის ამოქმედების შემდეგ.

2. იმ გადახდისუუნარობის საქმეების მიმართ, რომლებზედაც გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება შეტანილია „გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 25 ივნისის კანონის შესაბამისად, გაკოტრების პროცესი უნდა დასრულდეს ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში, ხოლო რეაბილიტაციის პროცედურები – ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ვადების გასვლის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესში მყოფი სუბიექტის მიმართ შეწყდება „გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 25 ივნისის კანონის მოქმედების გავრცელება და იგი ვალდებული იქნება, დაიწყოს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება ამ კანონის შესაბამისად.

    მუხლი 57. ძალადაკარგული ნორმატიული აქტი

ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი „გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 25 ივნისის კანონი.

    მუხლი 58. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს 2007 წლის 15 აგვისტოდან.

საქართველოს პრეზიდენტი

მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 28 მარტი.

№4522–Iს

31. 18/09/2020 - საქართველოს კანონი - 7165-Iს - ვებგვერდი, 25/09/2020 30. 14/07/2020 - საქართველოს კანონი - 6808-რს - ვებგვერდი, 22/07/2020 29. 20/12/2019 - საქართველოს კანონი - 5673-რს - ვებგვერდი, 31/12/2019 28. 18/04/2019 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 1/2/1250 - ვებგვერდი, 23/04/2019 27. 07/03/2018 - საქართველოს კანონი - 2053-IIს - ვებგვერდი, 26/03/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 26. 23/12/2017 - საქართველოს კანონი - 1907-რს - ვებგვერდი, 11/01/2018 25. 04/05/2017 - საქართველოს კანონი - 760-IIს - ვებგვერდი, 29/05/2017 24. 04/05/2017 - საქართველოს კანონი - 759-IIს - ვებგვერდი, 29/05/2017 23. 21/04/2017 - საქართველოს კანონი - 653-IIს - ვებგვერდი, 10/05/2017 22. 10/03/2017 - საქართველოს კანონი - 447-IIს - ვებგვერდი, 22/03/2017 21. 22/12/2016 - საქართველოს კანონი - 184-რს - ვებგვერდი, 29/12/2016 20. 03/06/2016 - საქართველოს კანონი - 5155-რს - ვებგვერდი, 17/06/2016 19. 16/12/2015 - საქართველოს კანონი - 4642-რს - ვებგვერდი, 25/12/2015 18. 03/09/2015 - საქართველოს კანონი - 4195-Iს - ვებგვერდი, 10/09/2015 17. 11/12/2014 - საქართველოს კანონი - 2922-Iს - ვებგვერდი, 23/12/2014 16. 25/12/2013 - საქართველოს კანონი - 1869-რს - ვებგვერდი, 28/12/2013 15. 21/12/2012 - საქართველოს კანონი - 142-Iს - ვებგვერდი, 30/12/2012 14. 29/06/2012 - საქართველოს კანონი - 6604-რს - ვებგვერდი, 12/07/2012 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 13. 05/06/2012 - საქართველოს კანონი - 6395-Iს - ვებგვერდი, 19/06/2012 12. 05/06/2012 - საქართველოს კანონი - 6388-Iს - ვებგვერდი, 19/06/2012 11. 25/05/2012 - საქართველოს კანონი - 6321-Iს - ვებგვერდი, 12/06/2012 10. 25/05/2012 - საქართველოს კანონი - 6307-Iს - ვებგვერდი, 12/06/2012 9. 28/12/2011 - საქართველოს კანონი - 5668-რს - ვებგვერდი, 16/01/2012 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 8. 28/12/2011 - საქართველოს კანონი - 5667-რს - ვებგვერდი, 30/12/2011 7. 20/12/2011 - საქართველოს კანონი - 5551-რს - ვებგვერდი, 111229025, 29/12/2011 6. 24/06/2011 - საქართველოს კანონი - 4948-რს - ვებგვერდი, 110713009, 13/07/2011 5. 17/06/2011 - საქართველოს კანონი - 4828-Iს - ვებგვერდი, 110628022, 28/06/2011 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 4. 12/11/2010 - საქართველოს კანონი - 3806 - სსმ, 66, 03/12/2010 3. 27/04/2010 - საქართველოს კანონი - 2981 - სსმ, 24, 10/05/2010 2. 06/11/2009 - საქართველოს კანონი - 2003 - სსმ, 35, 19/11/2009 1. 19/03/2008 - საქართველოს კანონი - 5970 - სსმ, 8, 28/03/2008