დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4948-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 24/06/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110713009, 13/07/2011 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/04/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 240140000.05.001.016393 |
საქართველოს კანონი
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №9, 31.03.2007, მუხ. 87) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 25. სასამართლოს განჩინების გამოქვეყნების ვალდებულება
გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინება დაუყოვნებლივ უნდა გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. სასამართლომ შეიძლება დაადგინოს განჩინების დამატებით ბეჭდვით ორგანოში, მათ შორის, საერთო სახელმწიფოებრივ ან/და საერთაშორისო მნიშვნელობის საინფორმაციო საშუალებებში გამოქვეყნება.“.
2. 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. 44-ე მუხლის მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის VII1 თავი:
„თავი VII1
გადახდისუუნარობის საქმის წარმოებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების რეგისტრაციის წესი
მუხლი 551. რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებული გადაწყვეტილებები
1. სასამართლოს გადაწყვეტილებები გადახდისუუნარობის, გაკოტრების ან რეაბილიტაციის საქმის წარმოების დაწყების, შეწყვეტის, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მეურვის, გაკოტრების ან რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნის (ასევე მათი ცვლილების), რეაბილიტაციის საქმის წარმოების დასრულების და გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საფუძველზე იურიდიული პირის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ რეგისტრირდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში.
2. გადახდისუუნარობის, გაკოტრების ან რეაბილიტაციის საქმის წარმოება დაწყებულად, შეწყვეტილად, მეურვის, გაკოტრების ან რეაბილიტაციის მმართველის უფლებამოსილება (ასევე მათი ცვლილება) წარმოშობილად, რეაბილიტაციის საქმის წარმოება დასრულებულად და გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საფუძველზე იურიდიული პირის რეგისტრაცია გაუქმებულად ჩაითვლება მხოლოდ შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, მისი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ.
მუხლი 552. სასამართლოს გადაწყვეტილებების რეგისტრაციის წესი
1. ამ კანონით განსაზღვრული სასამართლოს გადაწყვეტილებები რეგისტრირდება „საჯარო რეესტრის შესახებ“ და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად.
2. სასამართლო უფლებამოსილია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და საჯარო რეესტრების წარმოების მიზნების შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გააფორმოს ავტორიზაციის ხელშეკრულება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 24 ივნისი.
№4948–რს
დოკუმენტის კომენტარები