დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3277 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 11/02/2004 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 3, 13/02/2004 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.240.010.05.001.001.439 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (26/06/2009 - 03/11/2009)
საქართველოს კანონი
საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1
საქართველოს მთავრობა (შემდგომში – მთავრობა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს აღმასრულებელი ხელისუფლების, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელებას. მთავრობა თავისი საქმიანობით პასუხისმგებელია საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის წინაშე.
მუხლი 2
მთავრობა შედგება პრემიერ-მინისტრისა და მინისტრებისაგან. მთავრობის შემადგენლობაში შეიძლება იყოს სახელმწიფო მინისტრი (სახელმწიფო მინისტრები).
საქართველო ს 2008 წლის 5 ივლისის კანონი №94 - სსმ I , № 13 16.07. 2008 წ., მუხ.106
მუხლი 3
1. მთავრობის უფლებამოსილებანი აღმასრულებელი ხელისუფლების სფეროში განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, სხვა საკანონმდებლო აქტებითა და საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტებით.
2. მთავრობა თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას ხელმძღვანელობს სამთავრობო პროგრამით, რომელსაც ნდობას უცხადებს საქართველოს პარლამენტი.
მუხლი 4
1. მთავრობა აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელებას უზრუნველყოფს სამინისტროებისა და მათი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მეშვეობით.
2. დაუშვებელია მთავრობის შემადგენლობაში ამ კანონით გათვალისწინებულის გარდა სხვა რაიმე სტრუქტურის/ორგანოს შექმნა ან არსებობა.
თავი II
მთავრობის კომპეტენცია
მუხლი 5
მთავრობა საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში:
ა) კოორდინაციასა და კონტროლს უწევს სამინისტროებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების საქმიანობას, გარდა საქართველოს პროკურატურისა;
ბ) ამტკიცებს სამინისტროების აპარატებისა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულებებს;
გ) უფლებამოსილია გააუქმოს მინისტრებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელთა სამართლებრივი აქტები, გარდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის და საქართველოს პროკურატურის უფლებამოსილი თანამდებობის პირების მიერ საპროკურორო უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გამოცემული სამართლებრივი აქტებისა;
დ) ამტკიცებს ცალკეულ საკითხთა შესწავლის მიზნით შექმნილი სამთავრობო კომისიის დებულებას;
ე) სოციალურ-ეკონომიკურ, კულტურისა და სხვა სფეროებში ამტკიცებს სახელმწიფო მიზნობრივ პროგრამებს და უზრუნველყოფს მათ განხორციელებას;
ვ) ახორციელებს საკანონმდებლო ინიციატივას და შეიმუშავებს სამთავრობო პროგრამას;
ზ) საქართველოს კონსტიტუციის, სხვა საკანონმდებლო აქტებისა და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების შესაბამისად მონაწილეობს ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში;
თ) უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკური სივრცის ერთიანობას, ეკონომიკური საქმიანობის თავისუფლებას, კონკურენტუნარიანი და სტაბილური საინვესტიციო გარემოს ფორმირებას;
ი) ახორციელებს სახელმწიფო ქონების მართვას;
კ) ახორციელებს საფინანსო-საბიუჯეტო ურთიერთობების რეგულირებას, შეიმუშავებს და საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით საქართველოს პარლამენტს წარუდგენს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს, სახელმწიფო ბიუჯეტის მიღების შემდეგ უზრუნველყოფს მის შესრულებას, საქართველოს პარლამენტს წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს;
ლ) უზრუნველყოფს სახელმწიფო საშინაო და საგარეო ვალის მართვას;
მ) უზრუნველყოფს მოქალაქეთა სოციალურ დაცვას;
ნ) შეიმუშავებს უმუშევრობის შემცირებისა და ლიკვიდაციის სახელმწიფო პროგრამებს და უზრუნველყოფს მათ განხორციელებას;
ო) უზრუნველყოფს ერთიანი სახელმწიფო საემიგრაციო და საიმიგრაციო პოლიტიკის გატარებას;
პ) უზრუნველყოფს განათლებისა და მეცნიერების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სრულყოფას;
ჟ) გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, მოსახლეობის ეკოლოგიური უსაფრთხოების სფეროში უზრუნველყოფს ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას;
რ) ორგანიზებას უწევს ბუნებრივი რესურსების დაცვასა და რაციონალურად გამოყენებას;
ს) საქართველოს პრეზიდენტის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, უზრუნველყოფს საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღებულ ვალდებულებათა შესრულებას;
ტ) იღებს აუცილებელ ზომებს ქვეყნის თავდაცვისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;
უ) უზრუნველყოფს საქართველოს სამხედრო ძალების ფინანსური საშუალებებით, საბრძოლო ტექნიკითა და სხვა მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით აღჭურვას;
ფ) იღებს ზომებს კანონიერების უზრუნველყოფის, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, საკუთრებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, უზრუნველყოფს დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლას;
ქ) უზრუნველყოფს სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური დაცვის ღონისძიებების განხორციელებას;
ღ) უზრუნველყოფს სახელმწიფო საზღვრის დაცვის ღონისძიებების განხორციელებას;
ყ) ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, სხვა საკანონმდებლო აქტებითა და საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.
საქართველო ს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი № 806 - სსმ I , № 39 25.12.2004 წ., მუხ. 185
საქართველოს 2008 წლის 10 ოქტომბრის კანონი №345 - სსმ I, №27 27.10.2008 წ., მუხ.169
მუხლი 6
1. მთავრობა საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონებისა და საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად იღებს დადგენილებებსა და განკარგულებებს.
2. მთავრობის სამართლებრივ აქტებს ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი.
3. მთავრობის დადგენილება არის ნორმატიული აქტი, რომლის მომზადების, მიღება-გამოცემისა და ძალაში შესვლის წესი განისაზღვრება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით.
4. მთავრობის სამართლებრივი აქტების შესრულება სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
თავი III
მთავრობის ურთიერთობა საქართველოს პრეზიდენტთან
მუხლი 7
1. მთავრობა და მთავრობის წევრები უფლებამოსილებას იხსნიან საქართველოს პრეზიდენტის წინაშე.
2. საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის მიღების შემდეგ მთავრობა იხსნის უფლებამოსილებას. პრეზიდენტი იღებს მთავრობის უფლებამოსილების მოხსნას და მასვე შეუძლია დააკისროს მოვალეობათა შესრულება მთავრობის ახალი შემადგენლობის ფორმირებამდე.
3. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებთან დაკავშირებით მოიწვიოს მთავრობის სხდომა და უხელმძღვანელოს მას. ამ შემთხვევაში მთავრობის სხდომის დღის წესრიგს განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი და სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება პრეზიდენტის აქტით.
4. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს მთავრობისა და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა აქტები, თუ ისინი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, კანონებსა და პრეზიდენტის ნორმატიულ აქტებს, გარდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის და საქართველოს პროკურატურის უფლებამოსილი თანამდებობის პირების მიერ საპროკურორო უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გამოცემული აქტებისა.
5. საქართველოს პრეზიდენტი:
ა) ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, თანხმობას აძლევს პრემიერ-მინისტრს მინისტრების დანიშვნაზე;
ბ) უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ან კონსტიტუციით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში გადააყენოს მთავრობა, თანამდებობიდან გაათავისუფლოს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და საქართველოს იუსტიციის მინისტრი;
გ) იღებს მთავრობის, მთავრობის წევრის გადადგომას, უფლებამოსილია მთავრობას, მთავრობის წევრს დააკისროს მოვალეობათა შესრულება მთავრობის ახალი შემადგენლობის ფორმირებამდე ან მთავრობის ახალი წევრის დანიშვნამდე;
დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახმელეთო ჯარებისა და სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლებს;
დ1) საქართველოს იუსტიციის მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს მთავარ პროკურორს;
ე) ამტკიცებს საქართველოს სამხედრო ძალების სტრუქტურას და საჯარისო წესდებებს, საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს სამხედრო დოქტრინისა და სამხედრო ძალების აღმშენებლობის კონცეფციის პროექტებს;
ვ) ამტკიცებს საქართველოს სამხედრო ძალების აღმშენებლობის, გამოყენებისა და მობილიზაციის გეგმებს, აგრეთვე ქვეყნის ეკონომიკის სამობილიზაციო გეგმებს;
ზ) ამტკიცებს ქვეყნის ტერიტორიის სამხედრო-ოპერატიულ და საქართველოს სამოქალაქო თავდაცვის გეგმებს.
6. საქართველოს კონსტიტუციის 511 მუხლის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას, საქართველოს პარლამენტის მიერ კონსტიტუციით დადგენილ ვადაში მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია დანიშნოს პრემიერ-მინისტრი და თანხმობა მისცეს მას მინისტრების დანიშვნაზე.
საქართველო ს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი № 806 - სსმ I , № 39 25.12.2004 წ., მუხ. 185
საქართველოს 2008 წლის 10 ოქტომბრის კანონი №345 - სსმ I, №27 27.10.2008 წ., მუხ.169
საქართველოს 2008 წლის 23 დეკემბრის კანონი №832 - სსმ I, №40 29.12.2008 წ., მუხ.271
თავი IV
მთავრობის ხელმძღვანელობა და მისი საქმიანობის ორგანიზება
მუხლი 8
1. მთავრობას ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
2. პრემიერ-მინისტრი:
ა) ხელმძღვანელობს მთავრობას, საქართველოს კონსტიტუციის, ამ კანონის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე განსაზღვრავს მთავრობის საქმიანობის მიმართულებებს, ორგანიზებას უწევს მის საქმიანობას;
ბ) კოორდინაციასა და კონტროლს უწევს მთავრობის წევრების საქმიანობას;
გ) პასუხისმგებელია მთავრობის საქმიანობისათვის საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის წინაშე;
დ) საქართველოს პარლამენტის მოთხოვნით წარუდგენს მას ანგარიშს სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ;
ე) იწვევს და ხელმძღვანელობს მთავრობის სხდომებს, საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევებში ხელს აწერს მთავრობის დადგენილებებსა და განკარგულებებს;
ვ) კოორდინაციას უწევს რეგიონული პოლიტიკის განხორციელებას და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან მთავრობის ურთიერთობას;
ზ) საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს მთავრობის სხვა წევრებს, უფლებამოსილია თანამდებობიდან გაათავისუფლოს მთავრობის წევრები;
თ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს – ბრძანებას, ახორციელებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს მთავრობის შენობაში;
ი) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სხვა თანამდებობის პირებს;
კ) წარმოადგენს მთავრობას სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;
ლ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს მთავრობის კანცელარიის მოხელეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური სახდელის დადების თაობაზე;
მ) საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევებში ასრულებს საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობებს;
ნ) ასრულებს ამ კანონით, სხვა საკანონმდებლო აქტებითა და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს 2008 წლის 10 ოქტომბრის კანონი №345 - სსმ I, №27 27.10.2008 წ., მუხ.169
მუხლი 9
1. პრემიერ-მინისტრს უფლებამოსილება უწყდება:
ა) გადადგომისას;
ბ) გარდაცვალებისას;
გ) მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას;
დ) მთავრობის გადაყენებისას;
ე) საქართველოს კონსტიტუციის 64-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით;
ვ) მთავრობის წევრის საქმიანობასთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავებისას;
ზ) პირადი განცხადების საფუძველზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში პრემიერ-მინისტრს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
3. პრემიერ-მინისტრის გადადგომა ან მისი უფლებამოსილების სხვა საფუძველზე შეწყვეტა იწვევს მთავრობის სხვა წევრების უფლებამოსილებათა შეწყვეტას. მთავრობის სხვა წევრის გადადგომის ან თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით 2 კვირის ვადაში ნიშნავს მთავრობის ახალ წევრს.
მუხლი 10
1. პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული წესით მთავრობის ერთ-ერთ წევრს დააკისროს პირველი ვიცე-პრემიერის, აგრეთვე ერთ ან რამდენიმე წევრს – ვიცე-პრემიერის მოვალეობის შესრულება.
2. პირველი ვიცე-პრემიერი ასრულებს პრემიერ-მინისტრის მოვალეობას მისი არყოფნისა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, აგრეთვე მის ცალკეულ დავალებებს.
3. ვიცე-პრემიერი (ვიცე-პრემიერები) აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელებას კოორდინაციას უწევს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით დადგენილ სახელმწიფო მმართველობის განსაზღვრულ სფეროში.
4. ვიცე-პრემიერების რაოდენობას საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით განსაზღვრავს პრემიერ-მინისტრი.
5. პირველ ვიცე-პრემიერსა და ვიცე-პრემიერს (ვიცე-პრემიერებს) მოვალეობები ეკისრებათ პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, რომლის შესახებაც მთავრობის წევრებს ეცნობებათ მისი გამოცემიდან ხუთი დღის ვადაში. ამავე ბრძანებით განისაზღვრება პირველი ვიცე-პრემიერისა და ვიცე-პრემიერის (ვიცე-პრემიერების) ფუნქციები.
საქართველო ს 2008 წლის 5 ივლისის კანონი №94 - სსმ I , № 13 16.07. 2008 წ., მუხ.106
მუხლი 11
1. მთავრობის შემადგენლობაში შეიძლება იყოს სახელმწიფო მინისტრი (სახელმწიფო მინისტრები).
2. საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი წესით, განსაკუთრებული მნიშვნელობის სახელმწიფოებრივი ამოცანების შესასრულებლად სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღების, აგრეთვე ამ თანამდებობის გაუქმების თაობაზე პრემიერ-მინისტრის (პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის) წარდგინებით გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი.
3. სახელმწიფო მინისტრს ნიშნავს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით.
4. სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილება და კომპეტენციის ფარგლები განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
5. სახელმწიფო მინისტრი:
ა) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს აღმასრულებელ ხელისუფლებას;
ბ) ახორციელებს მინისტრისათვის ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებას;
გ) ასრულებს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის ცალკეულ დავალებებს;
დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს.
6. სახელმწიფო მინისტრის საქმიანობას უზრუნველყოფს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.
7. სახელმწიფო მინისტრის აპარატის სტრუქტურასა და საშტატო განრიგს განსაზღვრავს მთავრობა.
8. სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტა ხორციელდება ამ კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
მუხლი 12
1. მთავრობის სხდომა ტარდება თვეში ერთხელ მაინც.
2. მთავრობის სხდომას იწვევს და მის დღის წესრიგს განსაზღვრავს პრემიერ-მინისტრი, გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.
3. მთავრობის სხდომას ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი, გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.
4. მთავრობის სხდომაში პრემიერ-მინისტრი და მინისტრები მონაწილეობენ პირადად. თუ მთავრობის სხდომაზე მინისტრის დასწრება შეუძლებელია, იგი ამის შესახებ წინასწარ ატყობინებს პრემიერ-მინისტრს. სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით მთავრობის სხდომაზე სათათბირო ხმის უფლებით შესაძლებელია მოწვეულ იქნენ სხვა პირებიც.
5. მთავრობის სხდომა, როგორც წესი, დახურულია. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აგრეთვე მთავრობის გადაწყვეტილებით მთავრობის სხდომა შეიძლება გამოცხადდეს საჯაროდ.
6. მთავრობის მუშაობის, მთავრობის სხდომის მომზადების, წარმართვისა და სხდომაზე საკითხის განხილვის წესი განისაზღვრება მთავრობის რეგლამენტით, რომელსაც პრემიერ-მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს მთავრობა.
7. მთავრობის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება მთავრობის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. მთავრობა გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.
8. მთავრობის გადაწყვეტილება ფორმდება მთავრობის დადგენილებით ან განკარგულებით, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი, გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.
საქართველო ს 2009 წლის 26 ივნისის კანონი № 1345 - სსმ I , № 16 07.07. 2009 წ., მუხ. 81
თავი V
მთავრობის კანცელარია
მუხლი 13
1. მთავრობის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის, ანალიტიკური, ინფორმაციული და სხვა მასალების მომზადების, აგრეთვე მთავრობის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობის მიზნით იქმნება მთავრობის კანცელარია.
2. მთავრობის კანცელარიას ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი.
3. მთავრობის კანცელარიის სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის ორგანიზება განისაზღვრება მთავრობის კანცელარიის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მთავრობა.
თავი VI
სამინისტრო
მუხლი 14
1. სამინისტრო იქმნება კანონის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრების განსაზღვრულ სფეროში სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად.
2. საქართველოს სამინისტროებია:
ა) განათლებისა და მეცნიერების;
ბ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების;
გ) ეკონომიკური განვითარების;
დ) ენერგეტიკის;
ე) თავდაცვის;
ვ) იუსტიციის;
ზ) კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის;
თ) ლტოლვილთა და განსახლების;
ი) საგარეო საქმეთა;
კ) შინაგან საქმეთა;
ლ) სოფლის მეურნეობის;
მ) ფინანსთა;
ნ) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის;
ო) სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა;
პ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის.
საქართველო ს 2004 წლის 24 ივნისის კანონი № 195 - სსმ I , № 17 07.07.2004 წ., მუხ. 58
საქართველო ს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი № 806 - სსმ I , № 39 25.12.2004 წ., მუხ. 185
საქართველოს 2008 წლის 10 ოქტომბრის კანონი №345 - სსმ I, №27 27.10.2008 წ., მუხ.169
საქართველო ს 2008 წლის 23 დეკემბრის კანონი № 8 48 - სსმ I , № 40 29 . 12 . 2008 წ., მუხ. 27 3
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №959 - სსმ I, №41 30.12..2008 წ., მუხ.333
მუხლი 15
1. სამინისტრო ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ ან მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.
2. სამინისტროს აქვს დებულება, დასრულებული ბალანსი და ანგარიში ხაზინაში, ხარჯთაღრიცხვა და ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.
3. სამინისტრო ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე.
4. სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
5. სამინისტროს კომპეტენცია დგინდება კანონით ან/და კანონის საფუძველზე გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებითა და მთავრობის დადგენილებით. სამინისტროს უფლება არა აქვს სხვა სახელმწიფო ან არასახელმწიფო დაწესებულებებს გადასცეს უფლება-მოვალეობები, რომლებიც მის კომპეტენციას განეკუთვნება, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.
6. სამინისტრო ასრულებს მოქმედებებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კონსტიტუციის, სხვა კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად.
მუხლი 16
1. სამინისტროს მმართველობის სფერო განისაზღვრება სამინისტროს დებულებით.
2. თუ საკითხი, რომელიც კანონით გადაცემულია აღმასრულებელი ხელისუფლების გამგებლობაში, არ მიეკუთვნება არც ერთი სამინისტროს გამგებლობის სფეროს, მასზე გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა.
3. თუ საკითხი მიეკუთვნება რამდენიმე სამინისტროს გამგებლობის სფეროს და განსაზღვრული არ არის მასზე გადაწყვეტილების მიმღები სამინისტრო, გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა.
მუხლი 17
1. სამინისტროს დებულებას, გარდა საქართველოს შინაგან საქმეთა, თავდაცვისა და იუსტიციის სამინისტროების დებულებებისა, მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს მთავრობა.
2. საქართველოს შინაგან საქმეთა, თავდაცვისა და იუსტიციის სამინისტროების დებულებებს მთავრობის წარდგინებით, ბრძანებულებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
3. სამინისტროს დებულება უნდა შეიცავდეს:
ა) სამინისტროს სრულ დასახელებას და იურიდიულ მისამართს;
ბ) სამინისტროს საქმიანობის სფეროს და ამოცანებს;
გ) სამინისტროს ხელმძღვანელობის ორგანიზებას, ხელმძღვანელთა უფლება-მოვალეობებს;
დ) სამინისტროს სისტემას, სტრუქტურას, სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითად ამოცანებს და კომპეტენციას;
ე) სხვა არსებით საკითხებს სამინისტროს საქმიანობის ორგანიზების შესახებ.
საქართველო ს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი № 806 - სსმ I , № 39 25.12.2004 წ., მუხ. 185
საქართველოს 2008 წლის 10 ოქტომბრის კანონი №345 - სსმ I, №27 27.10.2008 წ., მუხ.169
მუხლი 18
1. სამინისტროს დებულების შესაბამისად სამინისტრო იყოფა სტრუქტურულ ქვედანაყოფებად.
2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის კომპეტენცია განისაზღვრება სამინისტროს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
3. სამინისტროს სისტემაში არსებული იმ დეპარტამენტის, ინსპექციის, მთავარი სამმართველოს, სამმართველოს, სხვა სტრუქტურული ერთეულის კომპეტენცია, რომელიც ახორციელებს მმართველობით ფუნქციებს, სახელმწიფო ზედამხედველობას და კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში – სახელმწიფოებრივ იძულებას, განისაზღვრება სამინისტროს დებულებით.
4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის (გარდა დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოებისა, აგრეთვე ისეთი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა, რომლებსაც კანონის შესაბამისად არ გააჩნიათ სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანო, და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შექმნილი იურიდიული პირებისა) სახელმწიფო კონტროლი შეიძლება განახორციელოს მხოლოდ სამინისტრომ ან საქართველოს პრეზიდენტის უშუალო დაქვემდებარებაში არსებულმა აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებამ, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საქართველო ს 2004 წლის 11 ნოემბრის კანონი № 569 - სსმ I , № 34 16.11.2004 წ., მუხ. 159
საქართველოს 2005 წლის 22 მარტის კანონი №1132 - სსმ I, №13 12.04.2005 წ., მუხ.82
საქართველოს 2007 წლის 2 მარტის კანონი №4409 - სსმ I, №8 23.03.2007 წ., მუხ.73
მუხლი 19
1. სამინისტროს ტერიტორიული ორგანო იქმნება, გარდაიქმნება და საქმიანობას წყვეტს მთავრობის დადგენილებით, თუ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
2. სამინისტროს ტერიტორიული ორგანო საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს სამინისტროს.
3. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელს და მის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
4. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს მმართველობის სფერო, უფლება-მოვალეობანი და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები განისაზღვრება ტერიტორიული ორგანოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
მუხლი 20
1. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებზე.
2. მინისტრი:
ა) ხელმძღვანელობს სამინისტროს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროსთვის მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, კანონების, პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, მთავრობის დადგენილებებისა და განკარგულებების შესრულებისათვის;
გ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების და ტერიტორიული ორგანოების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულების მიმდინარეობას და ამ კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებსა და საქმიანობაზე;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო განრიგით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებს, ტერიტორიულ ორგანოთა მოხელეებს, მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
დ1) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს თანხმობას აძლევს თანამშრომელთა თანამდებობაზე დანიშვნასა და თანამდებობიდან გათავისუფლებაზე;
ე) პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებას სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე და აუცილებლობის შემთხვევაში – დამატებითი ბიუჯეტის პროექტზე, იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულებისათვის;
ვ) სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხარჯთაღრიცხვას, ახორციელებს კონტროლს მის შესრულებაზე და აუცილებლობის შემთხვევაში იძლევა მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ;
ზ) ადგენს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების სტრუქტურასა და საქმისწარმოების წესს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი დადგენილია მინისტრის ბრძანების ზემდგომი სამართლებრივი აქტებით;
თ) პრემიერ-მინისტრს წარუდგენს ანგარიშს სამინისტროს საქმიანობის შესახებ. საქართველოს შინაგან საქმეთა, თავდაცვისა და იუსტიციის მინისტრები ანგარიშს აბარებენ აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტს;
ი) მონაწილეობს მთავრობის სხდომებში;
კ) ასრულებს მისთვის კანონებით, პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით დაკისრებულ სხვა ამოცანებს.
3. თუ სამინისტროს გამგებლობის სფეროსთვის მიკუთვნებული საკითხი ეხება აგრეთვე სხვა სამინისტროს, მინისტრი გადაწყვეტილებას ათანხმებს შესაბამის მინისტრთან. თანხმობის მიუღწევლობის შემთხვევაში საკითხი განიხილება მთავრობის სხდომაზე.
4. მინისტრი პასუხისმგებელია სახელმწიფო ქონების დაცვისა და გამოყენებისათვის და ორგანიზებას უწევს ამ საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. მინისტრს შეუძლია თავისი მმართველობის სფეროში შექმნას კომისიები და საბჭოები სათათბირო უფლებით და განსაზღვროს მათი მოვალეობანი და საქმიანობის წესი.
საქართველო ს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი № 806 - სსმ I , № 39 25.12.2004 წ., მუხ. 185
საქართველოს 2008 წლის 10 ოქტომბრის კანონი №345 - სსმ I, №27 27.10.2008 წ., მუხ.169
საქართველოს 2009 წლის 26 ივნისის კანონი №1349 - სსმ I, №16 07.07.2009 წ., მუხ.83
მუხლი 21
1. საქართველოს კონსტიტუციის 812 მუხლის შესაბამისად, მინისტრი კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოსცემს ბრძანებებს.
2. მინისტრი, რომელიც ხელს აწერს ბრძანებას, პასუხისმგებელია მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობისათვის.
მუხლი 22
1. მინისტრს უფლებამოსილება უწყდება:
ა) გადადგომისას;
ბ) გარდაცვალებისას;
გ) თანამდებობიდან პრემიერ-მინისტრის აქტის საფუძველზე გათავისუფლებისას;
დ) მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას;
ე) მთავრობის შემადგენლობის მიერ უფლებამოსილების მოხსნისას;
ვ) საქართველოს კონსტიტუციის 64-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
2. მინისტრი გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს. მინისტრს შეუძლია გადადგეს, თუ არსებობს პრეზიდენტის ან საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებისადმი პრინციპული უთანხმოება, საჯარო სამსახურში ყოფნის მიზანშეუწონლობა მრწამსის გამო, კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილების შესრულების იძულება, რამაც შეიძლება მნიშვნელოვანი მატერიალური თუ მორალური ზიანი გამოიწვიოს, აგრეთვე ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობისას, რომელიც ხელს უშლის სამსახურებრივი უფლებამოსილების აღსრულებას.
3. მინისტრის გადადგომის ან გადადგომაზე მოტივირებული უარის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი. გადაწყვეტილება გადადგომაზე თანხმობის ან უარის შესახებ მიიღება ერთი თვის ვადაში. გადადგომაზე მოტივირებული უარის შემთხვევაში მინისტრი ვალდებულია გააგრძელოს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება. ის ამავე დროს ინარჩუნებს უფლებას, გათავისუფლდეს თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. მინისტრის გადადგომა იწვევს ამ კანონითა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შედეგებს.
მუხლი 23
1. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები. მოადგილეთა რაოდენობა განისაზღვრება სამინისტროს დებულებით, ხოლო უფლებამოსილებანი – მინისტრის ბრძანებით, თუ კანონითა და მთავრობის აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. მთავრობის შემადგენლობის მიერ უფლებამოსილების მოხსნისას ან სხვა საფუძველზე მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტისას მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს უფლებამოსილება შეუწყდებათ მთავრობის ახალი შემადგენლობის ან მინისტრის დანიშვნისთანავე.
3. მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს უფლება არა აქვთ შედიოდნენ სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელ, საკონტროლო და სარევიზიო ორგანოებში, ეწეოდნენ სამეწარმეო საქმიანობას.
4. მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას, რომლებიც მინისტრის ბრძანებით მის დაქვემდებარებაშია გადაცემული.
5. მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს სამინისტროს საქმიანობას და კოორდინაციას უწევს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, ტერიტორიული ორგანოებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას მინისტრის არყოფნისას.
საქართველო ს 2008 წლის 21 მარტის კანონი № 5983 - სსმ I , № 9 04.04.2008 წ., მუხ. 77
მუხლი 24
1. მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს მინისტრის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი.
2. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის დავალებით ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.
თავი VII
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები
მუხლი 25
1. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება წარმოადგენს სამინისტროს გამგებლობაში არსებულ აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებას.
2. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება იქმნება, გარდაიქმნება და საქმიანობას წყვეტს კანონით ან მთავრობის დადგენილებით.
3. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება იქმნება სოციალურ-ეკონომიკურ, კულტურულ ან სხვა სფეროებში სახელმწიფოებრივი ამოცანებისა და საჯარო ფუნქციების განსახორციელებლად.
4. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
5. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების დებულებას ამტკიცებს მინისტრი. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების დებულებაზე ვრცელდება ამ კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები.
6. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელს მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი.
7. საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ხელმძღვანელებს მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი საკუთარი ინიციატივით ან პრემიერ-მინისტრი მინისტრის წარდგინებით.
71. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს პროკურატურის ხელმძღვანელს – მთავარ პროკურორს საქართველოს იუსტიციის მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
8. ამ მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებების რეგისტრაციას ახორციელებს მთავრობა სპეციალურ რეესტრში.
საქართველო ს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი № 806 - სსმ I , № 39 25.12.2004 წ., მუხ. 185
საქართველოს 2008 წლის 10 ოქტომბრის კანონი №345 - სსმ I, №27 27.10.2008 წ., მუხ.169
მუხლი 26
1. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანოს შექმნის, გარდაქმნისა და საქმიანობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანო წარმოადგენს ამ დაწესებულებას შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში.
3. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელს და მის მოადგილეს ამ დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
4. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანოს მმართველობის სფერო, უფლება-მოვალეობანი და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები განისაზღვრება ტერიტორიული ორგანოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
თავი VIII
სახელმწიფოს წარმომადგენლობა
მუხლი 27
1. სამინისტრო ან სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება უფლებამოსილია გასწიოს სახელმწიფოს წარმომადგენლობა მისთვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებისას.
2. თუ საქართველოს კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული, აღმასრულებელი ხელისუფლების რომელი დაწესებულება ჩაითვლება სახელმწიფოს წარმომადგენლად ამა თუ იმ სამართლებრივ ურთიერთობაში, სახელმწიფოს წარმომადგენელს ნიშნავს მთავრობა.
3. სახელმწიფო დაწესებულების წარმომადგენელი ამ დაწესებულების დებულების შესაბამისად არის დაწესებულების ხელმძღვანელი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
თავი VIII1
სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი
მუხლი 271
1. სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი არის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი, რომელსაც პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის შემდეგ თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
2. სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი:
ა) კოორდინაციას უწევს და აკონტროლებს საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის ნორმატიული აქტების აღსრულებას;
ბ) მთავრობის დავალებით ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში ახორციელებს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების რეგიონალურ პროგრამებს;
გ) კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სახელმწიფო ზედამხედველობას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე;
დ) საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს წინადადებებს საკრებულოს საქმიანობის შეჩერების ან დათხოვნის თაობაზე, თუ მისი მოქმედებით საფრთხე შეექმნა ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა კონსტიტუციური უფლებამოსილებების განხორციელებას;
ე) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 63-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს წინადადებებს საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე;
ვ) მთავრობის დავალების შემთხვევაში კოორდინაციას უწევს საქართველოს სამინისტროების ტერიტორიული ორგანოების საქმიანობას;
ზ) უფლებამოსილია სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობა მიიღოს მთავრობის სხდომებში;
თ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს;
ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველო ს 2007 წლის 8 ივნისის კანონი №4916 - სსმ I , № 22 19.06.2007 წ., მუხ. 199
მუხლი 272
1. სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი თავის საქმიანობას ახორციელებს სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის მეშვეობით, რომლის საშტატო განრიგს და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთებს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი.
2. სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის და მისი ადმინისტრაციის საქმიანობა ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
3. სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის უფლებამოსილებათა ტერიტორიული საზღვრები, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
საქართველო ს 2007 წლის 8 ივნისის კანონი №4916 - სსმ I , № 22 19.06.2007 წ., მუხ. 199
მუხლი 273
1. სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის სამართლებრივი აქტია ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი – სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის განკარგულება.
2. სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის სამართლებრივ აქტს აუქმებს საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს მთავრობა.
3. სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის სამართლებრივი აქტი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
საქართველო ს 2007 წლის 8 ივნისის კანონი №4916 - სსმ I , № 22 19.06.2007 წ., მუხ. 199
თავი IX
აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები
მუხლი 28
1. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები შედის საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა სისტემაში.
2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კონსტიტუციების, საქართველოს სამართლებრივი აქტების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სამართლებრივი აქტების საფუძველზე.
3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები იქმნება, გარდაიქმნება და საქმიანობას წყვეტს საქართველოს კონსტიტუციით, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კონსტიტუციებით, საქართველოს სამართლებრივი აქტებით, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით.
თავი X
სათათბირო ორგანოები
მუხლი 29
1. პრემიერ-მინისტრს, მთავრობას, მთავრობის წევრს ცალკეულ საკითხთა შესწავლის მიზნით შეუძლია შექმნას სათათბირო ორგანოები – კომისიები და საბჭოები.
2. სათათბირო ორგანო იქმნება აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენციისათვის მიკუთვნებული სხვადასხვა საკითხების მოსამზადებლად. სათათბირო ორგანოს ამოცანებს, აგრეთვე მისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადების წესს ამ ორგანოს შექმნისას განსაზღვრავს შესაბამისად პრემიერ-მინისტრი, მთავრობა, მთავრობის წევრი.
3. სათათბირო ორგანოს უფლება აქვს სახელმწიფო დაწესებულებებიდან მიიღოს თავისი მუშაობისათვის საჭირო დოკუმენტები, ცნობები და სხვა მონაცემები.
4. სათათბირო ორგანოს მიერ მომზადებული დასკვნები და წინადადებები განსაზღვრულ ვადაში უნდა წარედგინოს შესაბამისად პრემიერ-მინისტრს, მთავრობას, მთავრობის წევრს.
5. სახელმწიფო მოხელე ან პირი, რომელიც სახელმწიფო მოხელე არ არის, სათათბირო ორგანოს წევრად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მისი თანხმობით.
თავი XI
სამსახურებრივი ზედამხედველობა
მუხლი 30
1. სამსახურებრივი ზედამხედველობის მიზანია სამინისტროებისა და მათი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების საქმიანობის კანონიერების უზრუნველყოფა.
2. სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელი პირი უფლებამოსილია:
ა) გასცეს წერილობითი მითითებები გამოცემულ აქტში ან შესრულებულ მოქმედებაში ნაკლოვანების აღმოფხვრის შესახებ;
ბ) შეაჩეროს აქტის აღსრულება ან მოქმედების შესრულება;
გ) ცნოს აქტი ძალადაკარგულად.
3. სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებისას საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა ხელმძღვანელები გამოსცემენ ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს.
4. სამსახურებრივი ზედამხედველობა ხორციელდება ქვემდებარეობის წესით.
5. სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელი პირი უფლებამოსილია სამინისტროსა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისაგან მოითხოვოს სამართლებრივი აქტები და სხვა დოკუმენტები, თანამდებობის პირებისაგან მიიღოს განმარტებები და დასკვნები. სამინისტრო ვალდებულია დოკუმენტები, განმარტებები და დასკვნები წარმოადგინოს არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა, თუ სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელი პირის მიერ სხვა ვადა არ არის დადგენილი.
მუხლი 31
1. პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია გააუქმოს მინისტრების ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები მათი კანონიერების ან მიზანშეუწონლობის მოტივით.
2. მთავრობა უფლებამოსილია გააუქმოს მინისტრის სამართლებრივი აქტი მისი კანონიერების ან მიზანშეუწონლობის მოტივით.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებები არ ვრცელდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის და საქართველოს პროკურატურის უფლებამოსილი თანამდებობის პირების მიერ საპროკურორო უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გამოცემულ სამართლებრივ აქტებზე.
საქართველოს 2008 წლის 10 ოქტომბრის კანონი №345 - სსმ I, №27 27.10.2008 წ., მუხ.169
მუხლი 32
1. მინისტრი ზედამხედველობს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კანონიერებას და მიზანშეწონილობას.
2. მინისტრი ძალადაკარგულად ცნობს პირველი მოადგილის, მოადგილეების, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სხვა თანამდებობის პირთა, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამინისტროების ხელმძღვანელთა აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, სხვა კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებსა და განკარგულებებს, მინისტრის ბრძანებებს.
3. მინისტრი უფლებამოსილია ძალადაკარგულად ცნოს ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ თანამდებობის პირთა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელთა აქტები და მოქმედებები მათი მიზანშეუწონლობის მოტივით.
4. მინისტრს უფლება აქვს სამინისტროს თანამდებობის პირების მოქმედებაზე სამსახურებრივი ზედამხედველობა დააკისროს პირველ მოადგილეს.
5. სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელ პირს უფლება აქვს გასცეს შესასრულებლად სავალდებულო მითითებები აქტის შეცვლის ან მოქმედებაში ნაკლოვანების აღმოფხვრის ანდა ახალი მოქმედების შესრულების შესახებ.
მუხლი 33
1. თანამდებობის პირის აქტი ან მოქმედება შეიძლება ცნობილ იქნეს ძალადაკარგულად მიზანშეუწონლობის მოტივით, თუ აქტი ან მოქმედება აშკარად არ შეესაბამება სამთავრობო პროგრამას ან/და იმ სახელმწიფო პოლიტიკას, რომელიც გამომდინარეობს კანონის მოთხოვნებიდან და ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობის ან მინისტრის მიერ, ან/და იწვევს სახელმწიფო ქონებისა და საბიუჯეტო სახსრების არარაციონალურ გამოყენებას, ან სხვა ხერხებით ზიანს აყენებს სახელმწიფოს ინტერესებს.
2. მიზანშეუწონლობის მოტივით არ შეიძლება ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი ან მოქმედება, რომელიც გამოცემულია ან შესრულებულია საჯარო სამსახურის ორგანიზებისას, აგრეთვე სხვა აქტი ან მოქმედება, რომლის გამოცემის ან შესრულების პირობები გამომდინარეობს კანონიდან ან სხვა სამართლებრივი აქტებიდან.
3. მიზანშეუწონლობის მოტივით აქტის ან მოქმედების ძალადაკარგულად ცნობა უნდა იყოს დასაბუთებული.
საქართველოს 2008 წლის 10 ოქტომბრის კანონი №345 - სსმ I, №27 27.10.2008 წ., მუხ.169
მუხლი 34
1. სამართლებრივი დავა სამინისტროებსა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებს შორის წყდება ქვემდებარეობის წესით, თუ კანონით დადგენილი არ არის დავის გადაწყვეტის სხვა წესი.
2. სამართლებრივ დავას სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებს შორის წყვეტს მინისტრი.
3. სამართლებრივ დავას იმ სახელმწიფო დაწესებულებებს შორის, რომლებიც მმართველობის სხვადასხვა სფეროში შედის, წყვეტენ დაინტერესებული მინისტრები. თანხმობის მიუღწევლობის შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა.
თავი XII
გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
მუხლი 35
1. საქართველოს პრეზიდენტმა და მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყონ:
ა) საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის ლიკვიდაცია და სახელმწიფო დეპარტამენტების რეორგანიზაცია ამ მუხლითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) ამ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი სალიკვიდაციო კომისიის შექმნა.
2. ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახური. საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტით 2 კვირის ვადაში შეიქმნას სამსახურის სალიკვიდაციო კომისია. სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი სახელმწიფო ქონების განაწილება განხორციელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად.
3. ამ პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად რეორგანიზებულ იქნეს სახელმწიფო დეპარტამენტები სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებად და განხორციელდეს მათი შესაბამისი სამინისტროებისათვის გადაცემა:
ა) (ამოღებულია).
ბ) შეიქმნას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო და მმართველობის სფეროში გადაეცეს სატყეო მეურნეობის, დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის, გეოლოგიის, ჰიდრომეტეოროლოგიის, გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო დეპარტამენტები;
გ) (ამოღებულია).
დ) შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში გადაეცეს მატერიალური რეზერვებისა და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტები;
ე) შეიქმნას ეკონომიკის სამინისტრო და მმართველობის სფეროში გადაეცეს სტატისტიკის, ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტები;
ვ) იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში გადაეცეს მიწის (გარდა სარეკრეაციო ტერიტორიების, ქალაქ თბილისის და ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული მიწებისა) მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების კატეგორიების შეცვლის ფუნქცია, ასევე საარქივო და მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტები. მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის კანონმდებლობით გათვალისწინებული ის ფუნქციები და უფლებამოსილებანი, რომლებიც უკავშირდება მიწის კონსოლიდაციისა და ნიადაგის ხარისხობრივ შეფასებას (ნიადაგის ატლასები) და მათი მდგომარეობის თაობაზე ერთიანი ბანკის შექმნას, მიწის რაციონალურად გამოყენებას, ნაყოფიერების აღდგენასა და შენარჩუნებას, ნიადაგის ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებას, გადაეცეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს. ის ფუნქციები და უფლებამოსილებანი, რომლებიც უკავშირდება მიწის მიზნობრივი გამოყენებისა და დაცვის შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად სახელმწიფო კონტროლის განხორციელებას, ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნის, შენახვისა და გამოყენების წესების შემუშავებას, დაბინძურებული და დეგრადირებული მიწის კონსერვაციის ღონისძიებების მომზადებას და მათ შესრულებაზე სახელმწიფო კონტროლს, ასევე ნიადაგის ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებაზე სახელმწიფო კონტროლს, სარეკრეაციო ტერიტორიების, ქალაქ თბილისის და ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული მიწების ერთი კატეგორიიდან სხვა კატეგორიაში გადაყვანას, კანონმდებლობით დადგენილი წესით მიწის ნაკვეთების გამოყოფაში, საზღვრების დადგენასა და გამიჯვნაში მონაწილეობის მიღებას, გადაეცეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს;
ზ) შეიქმნას კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო და მმართველობის სფეროში გადაეცეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტები;
თ) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში გადაეცეს ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტი;
ი) შეიქმნას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და მმართველობის სფეროში გადაეცეს ენის სახელმწიფო პალატა და ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტი.
4. ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის და სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირები. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში წარმოადგინოს წინადადებები მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის განსაზღვრისა და შემდგომი დაქვემდებარების შესახებ. ამ საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
5. ლიკვიდირებულ იქნეს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სახელმწიფო ინსპექცია და მისი ფუნქციები გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.
6. მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში წარმოადგინოს წინადადებები სწავლულ ექსპერტთა საბჭოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის განსაზღვრისა და შემდგომი დაქვემდებარების შესახებ.
7. მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში პარლამენტში წარმოადგინოს ამ კანონით განსაზღვრული, აღმასრულებელი ხელისუფლების რეორგანიზაციისა და ფუნქციათა გადანაწილების განსახორციელებლად აუცილებელი საკანონმდებლო აქტების პროექტები. საკანონმდებლო ცვლილებების ძალაში შესვლამდე აღნიშნული დაწესებულებები განაგრძობენ თავიანთი მოვალეობების შესრულებას.
8. ამ მუხლის საფუძველზე შექმნილი სამინისტროები ჩაითვალოს ლიკვიდირებული დაწესებულებების უფლებამონაცვლედ.
9. ამ მუხლით გათვალისწინებული, ლიკვიდაციას დაქვემდებარებული დაწესებულებების ხელმძღვანელთა მიერ გამოცემული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას. მათში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის, აგრეთვე მათი გაუქმების უფლება ენიჭება მათ უფლებამონაცვლე სამინისტროებს.
საქართველო ს 2004 წლის 24 ივნისის კანონი № 195 - სსმ I , № 17 07.07.2004 წ., მუხ. 58
საქართველო ს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი № 806 - სსმ I , № 39 25.12.2004 წ., მუხ. 185
საქართველოს 2004 წლის 23 დეკემბრის კანონი №777 - სსმ I, №42 31.12.2004 წ., მუხ.215
საქართველოს 2005 წლის 10 მარტის კანონი №1071 - სსმ I, №11 29.03.2005 წ., მუხ.70
საქართველოს 2006 წლის 17 თებერვლის კანონი №2656 - სსმ I, №6 24 .0 2 .2006 წ., მუხ.49
საქართველოს 2007 წლის 7 დეკემბრის კანონი №5567 - სსმ I, №45 21.12.2007 წ., მუხ.394
მუხლი 36
ამ კანონის ამოქმედების მომენტიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 15 აპრილის კანონი (პარლამენტის უწყებანი, №17-18, 9 მაისი, 1997, გვ. 32). აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები და მათი ხელმძღვანელები ახორციელებენ თავიანთ უფლებამოსილებებს საქართველოს კონსტიტუციისა და ამ კანონის შესაბამისად მთავრობის შემადგენლობის უფლებამოსილების დაწყებამდე.
მუხლი 37
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
თბილისი,
2004 წლის 11 თებერვალი.
№3277-IIს
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №195 - სსმ I, №17 07.07.2004 წ., მუხ.58
2. საქართველოს 2004 წლის 11 ნოემბრის კანონი №569 - სსმ I, №34 16.11.2004 წ., მუხ.159
3. საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №806 - სსმ I, №39 25.12.2004 წ., მუხ.185
4. საქართველოს 2004 წლის 23 დეკემბრის კანონი №777 - სსმ I, №42 31.12.2004 წ., მუხ.215
5. საქართველოს 2005 წლის 10 მარტის კანონი №1071 - სსმ I, №11 29.03.2005 წ., მუხ.70
6. საქართველოს 2005 წლის 22 მარტის კანონი №1132 - სსმ I, №13 12.04.2005 წ., მუხ.82
7. საქართველოს 2006 წლის 17 თებერვლის კანონი №2656 - სსმ I, №6 24.02.2006 წ., მუხ.49
8. საქართველოს 2007 წლის 2 მარტის კანონი №4409 - სსმ I, №8 23.03.2007 წ., მუხ.73
9. საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის კანონი №4916 - სსმ I, №22 19.06.2007 წ., მუხ.199
10. საქართველოს 2007 წლის 7 დეკემბრის კანონი №5567 - სსმ I, №45 21.12.2007 წ., მუხ.394
11. საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5983 - სსმ I, №9 04.04.2008 წ., მუხ.77
12. საქართველოს 2008 წლის 5 ივლისის კანონი №94 - სსმ I, №13 16.07.2008 წ., მუხ.106
13. საქართველოს 2008 წლის 10 ოქტომბრის კანონი №345 - სსმ I, №27 27.10.2008 წ., მუხ.169
14. საქართველოს 2008 წლის 23 დეკემბრის კანონი №832 - სსმ I, №40 29.12.2008 წ., მუხ.271
15. საქართველოს 2008 წლის 23 დეკემბრის კანონი №848 - სსმ I, №40 29.12.2008 წ., მუხ.273
16. საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №959 - სსმ I, №41 30.12.2008 წ., მუხ.333
17. საქართველოს 2009 წლის 26 ივნისის კანონი №1345 - სსმ I, №16 07.07.2009 წ., მუხ.81
18. საქართველოს 2009 წლის 26 ივნისის კანონი №1349 - სსმ I, №16 07.07.2009 წ., მუხ.83
დოკუმენტის კომენტარები