„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1463-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 04/10/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/10/2013
სარეგისტრაციო კოდი 010240010.05.001.017192
1463-Iს
04/10/2013
ვებგვერდი, 22/10/2013
010240010.05.001.017192
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №3, 13.02.2004, მუხ. 7) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი−მე-3 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1

საქართველოს მთავრობა (შემდგომ − მთავრობა) არის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას. მთავრობა ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტის წინაშე.

მუხლი 2

მთავრობა შედგება პრემიერ-მინისტრისა და მინისტრებისაგან. მთავრობის შემადგენლობაში შეიძლება იყოს ერთი ან რამდენიმე სახელმწიფო მინისტრი.

მუხლი 3

1. აღმასრულებელი ხელისუფლების სფეროში მთავრობის უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, სხვა საკანონმდებლო აქტებითა და მთავრობის ნორმატიული აქტებით.

2. მთავრობა თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას ხელმძღვანელობს სამთავრობო პროგრამით.“.

 2. მე‑4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მთავრობა აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს სამი­ნისტ­როების, მათი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო და­წესებულებების, მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსე­ბუ­ლი აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედ­როებული დაწესებულების, აგრეთვე სპეციალური დანიშნულების სხვა სახელმწიფო დაწესებულებების მეშვეობით.“.

3. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5

მთავრობა საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ ფარგლებში:

ა) კოორდინაციას უწევს და აკონტროლებს სამინისტროების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულების საქმიანობას, გარდა საქართველოს პროკურატურის საქმიანობისა;

ბ) ამტკიცებს სამინისტროების აპარატების, სახელმწიფო მინისტრის აპარატის, მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსე­ბუ­ლი აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულებისა და სპეციალური დანიშნულების სხვა სახელმწიფო დაწესებულებების დებულებებს;

გ) უფლებამოსილია გააუქმოს მინისტრების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულებისა და სპეციალური დანიშნულების სხვა სახელმწიფო დაწესებულებების ხელმძღვანელთა სამართლებრივი აქტები, გარდა საქართველოს პროკურატურის უფლებამოსილი თანამდებობის პირების მიერ საპროკურორო უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გამოცემული სამართლებრივი აქტებისა;

დ) უფლებამოსილია საქართველოს პრეზიდენტს მიმართოს წარდგინებით თვითმმართველობის ან ტერიტორიული ერთეულების სხვა წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის შეჩერების ან დათხოვნის შესახებ, თუ მათი მოქმედებით საფრთხე შეექმნა ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლია­ნობას, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა კონსტიტუციური უფლებამო­სილე­ბე­ბის განხორციელებას;

ე) ამტკიცებს ცალკეულ საკითხთა შესწავლის მიზნით შექმნილი სამთავრობო კომისიისა და საბჭოს დებულებებს;

ვ) სოციალურ-ეკონომიკურ, კულტურისა და სხვა სფეროებში ამტკიცებს სახელმწიფო მიზნობრივ პროგრამებს და უზრუნველყოფს მათ განხორციელებას;

ზ) ახორციელებს საკანონმდებლო ინიციატივას და შეიმუშავებს სამთავრობო პროგრამას;

თ) საქართველოს კონსტიტუციის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად მონაწილეობს ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში;

ი) უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკური სივრცის ერთიანობას, ეკონომიკური საქმიანობის თავისუფლებას, კონკურენტული და სტაბილური საინვესტიციო გარემოს ჩამოყალიბებას;

კ) მართავს სახელმწიფო ქონებას;

ლ) არეგულირებს საფინანსო-საბიუჯეტო ურთიერთობებს, შეიმუშავებს და საქართველოს პარლამენტს წარუდგენს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიღების შემდეგ უზრუნველყოფს მის შესრულებას, საქართველოს პარლამენტს წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს;

მ) უფლებამოსილია საქართველოს პრეზიდენტს მიმართოს წარდგინებით საქართველოს პარლამენტის სესიებს შორის პერიოდში რიგგარეშე სესიის, ხოლო მორიგი სესიის მიმდინარეობისას – რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ;

ნ) უზრუნველყოფს სახელმწიფო საშინაო და საგარეო ვალის მართვას;

ო) უზრუნველყოფს მოქალაქეთა სოციალურ დაცვას;

პ) შეიმუშავებს უმუშევრობის შემცირებისა და ლიკვიდაციის სახელმწიფო პროგრამებს და უზრუნველყოფს მათ განხორციელებას;

ჟ) უზრუნველყოფს ერთიანი სახელმწიფო საემიგრაციო და საიმიგრაციო პოლიტიკის განხორციელებას;

რ) უზრუნველყოფს განათლებისა და მეცნიერების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სრულყოფას;

ს) უზრუნველყოფს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, მოსახლეობის ეკოლოგიური უსაფრთხოების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას;

ტ) ორგანიზებას უწევს ბუნებრივი რესურსების დაცვასა და რაციონალურ გამოყენებას;

უ) ახორციელებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკას;

ფ) ითანხმებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოლაპარაკებების წარმოების, აგრეთვე საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების დადების საკითხებს და უზრუნველყოფს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღებულ ვალდებულებათა შესრულებას;

ქ) მიმართავს საქართველოს პარლამენტს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებისა და შეთანხმების რატიფიცირების, დენონსირებისა და გაუქმების შესახებ;

ღ) საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს წარდგინებით საქართველოს ელჩებისა და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების დანიშვნისა და გათავისუფლების შესახებ;

ყ) ითანხმებს სხვა სახელმწიფოთა და საერთაშორისო ორგანიზაციათა ელჩების მიღებისა და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების აკრედიტაციის საკითხებს;

შ) ითანხმებს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების წევრთა კანდიდა­ტურებს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდი­დატურას, აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსისა და სხვა მხედართმთავრების თანამდებობაზე დანიშვნასა და თანამდებობიდან გადაყენებას;

ჩ) იღებს ზომებს ქვეყნის თავდაცვისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;

ც) საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის პროექტს;

ძ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დებულებას;

წ) ამტკიცებს საჯარისო წესდებებს, საქართველოს პარლამენტს დასამტკი­ცებლად წარუდგენს საქართველოს სამხედრო დოქტრინისა და საქართველოს სამხედრო ძალების აღმშენებლობის კონცეფციის პროექტებს;

ჭ) ამტკიცებს საქართველოს სამხედრო ძალების აღმშენებლობის, გამო­ყენებისა და მობილიზაციის გეგმებს, აგრეთვე ქვეყნის ეკონომიკის სამობილიზაციო გეგმებს;

ხ) ამტკიცებს ქვეყნის ტერიტორიის სამხედრო-ოპერატიულ გეგმებსა და საქართველოს სა­მოქალაქო თავდაცვის გეგმებს;

ჯ) უზრუნველყოფს საქართველოს სამხედრო ძალების ფინანსური საშუალებებით, საბრძოლო ტექნიკითა და სხვა მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით აღჭურვას;

ჰ) უზრუნველყოფს სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური დაცვის ღონისძიებების განხორციელებას;

1) იღებს ზომებს კანონიერების უზრუნველსაყოფად, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, საკუთრებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად, უზრუნველყოფს დამნაშავეობასთან ბრძოლას;

2) უზრუნველყოფს სახელმწიფო საზღვრის დაცვის ღონისძიებების განხორციელებას;

3) ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

4. მე-6 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მთავრობა საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად იღებს დადგენილებებსა და განკარგულებებს.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მთავრობის დადგენილება არის ნორმატიული აქტი, რომლის მომზადების, მიღებისა და ძალაში შესვლის წესი განისაზღვრება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონითა და მთავრობის რეგლამენტით.“.

5. III თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თავი III

მთავრობის ურთიერთობა საქართველოს პარლამენტთან და საქართველოს პრეზიდენტთან

მუხლი 7

1. ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთანავე მთავრობის უფლებამოსილება მოხსნილად ითვლება და საქართველოს პრეზიდენტი მასვე აკისრებს მოვალეობის შესრულებას მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე.

2. მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან 7 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი წამოაყენებს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტის მიერ მისთვის წარდგენილ პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას.

3. მთავრობის წევრთა შერჩევა და მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება ხდება საქართველოს კონსტიტუციის მე-80 მუხლის მე-3–მე-7 პუნქტებით დადგენილი წესით.

4. საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია უნდობლობა გამოუცხადოს მთავრობას საქართველოს კონსტიტუციის 81-ე მუხლით დადგენილი წესით.

5. მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი ასევე 2 დღის ვადაში – მთავრობის სხვა წევრებს. თუ საქართველოს პრეზიდენტი აღნიშნულ ვადაში არ გამოსცემს სამართლებრივ აქტს პრემიერ-მინისტრის დანიშვნის შესახებ, პრემიერ-მინისტრი დანიშნულად ჩაითვლება.

 6. მთავრობის უფლებამოსილება იწყება საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით მთავრობის წევრთა დანიშვნისთანავე.

მუხლი 71

 1. მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი 7 დღის ვადაში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წამოაყენებს საპარლამენტო უმრავლესობის, ხოლო თუ უმრავლესობა შექმნილი არ არის – იმ საპარლამენტო ფრაქციის მიერ წარდგენილ კანდიდატურას, რომელშიც ყველაზე მეტი საქართველოს პარლამენტის წევრია გაერთიანებული.

 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის იმავე შემადგენლობას აკისრებს მოვალეობის შესრულებას მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე.

მუხლი 72

 1. საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო ორგანოთა ფუნქციონირებას.

 2. საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი.

 3. საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში.

 4. საქართველოს პრეზიდენტი:

 ა) მთავრობასთან შეთანხმებით აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დებს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;

 ბ) საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება (შეთანხმება) დადებულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ, უფლებამოსილია მიმართოს საქართველოს პარლამენტს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებისა და შეთანხმების რატიფიცირების, დენონსირებისა და გაუქმების შესახებ, რაც საჭიროებს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას;

 გ) მთავრობის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ელჩებსა და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლებს;

 დ) მთავრობასთან შეთანხმებით იღებს სხვა სახელმწიფოთა და საერთაშორისო ორგანიზაციათა ელჩებისა და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების აკრედიტაციას;

 ე) საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევებში მთავრობას აკისრებს მოვალეობის შესრულებას მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე;

 ვ) საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევებში წამოაყენებს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას და ნიშნავს პრემიერ‑მინისტრს;

 ზ) მთავრობასთან შეთანხმებით საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების წევრთა კანდიდატურებს;

 თ) მთავრობის წინასწარი თანხმობით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას;

 ი) უფლებამოსილია მთავრობის წარდგინებით, საქართველოს პარლამენტის თანხმობით შეაჩეროს თვითმმართველობის ან ტერიტორიული ერთეულების სხვა წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობა ან დაითხოვოს ისინი, თუ მათი მოქმედებით საფრთხე შეექმნა ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა კონსტიტუციური უფლებამოსილებების განხორციელებას;

 კ) მთავრობასთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან გადააყენებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსსა და სხვა მხედართმთავრებს.

 5. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია მოითხოვოს ცალკეულ საკითხთა მთავრობის სხდომაზე განხილვა და მონაწილეობა მიიღოს ამ სხდომაში, რომელსაც აგრეთვე ესწრებიან საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და საბჭოს სხვა წევრები. მთავრობის სხდომაში პრეზიდენტის, აგრეთვე საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნისა და საბჭოს სხვა წევრების მონაწილეობის წესი დგინდება მთავრობის რეგლამენტით.

მუხლი 73

 1. საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტები, გარდა საომარი მდგომარეობის დროს გამოცემული სამართლებრივი აქტებისა და საქართველოს კონსტიტუციის 731 მუხლის მე-2−მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, საჭიროებს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას. კონტრასიგნაციას საჭიროებს აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციის 65‑ე მუხლის 11 პუნქტით განსაზღვრული საქართველოს პარლამენტისადმი საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა. კონტრასიგნაცია ხორციელდება ამ მუხლის მე-5−მე-9 პუნქტებით დადგენილი წესით.

 2. კონტრასიგნაციას არ საჭიროებს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანება, გარდა საქართველოს კონსტიტუციით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 3. კონტრასიგნაციას არ საჭიროებს საქართველოს პრეზიდენტის ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, გამოცემულია მთავრობის წარდგინებით ან რომლებზედაც მთავრობას მიცემული აქვს წინასწარი თანხმობა.

 4. კონტრასიგნაციას არ საჭიროებს საქართველოს პრეზიდენტის ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც უკავშირდება:

 ა) საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნას და მის დათხოვნას საქართველოს კონსტიტუციის მე-80 მუხლის საფუძველზე, ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის მოწვევას, აგრეთვე საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ან რიგგარეშე სესიის მოწვევას;

 ბ) კანონის ხელმოწერას და გამოქვეყნებას, აგრეთვე საქართველოს პარლამენტისთვის კანონპროექტის შენიშვნებით დაბრუნებას;

 გ) საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ თანამდებობის პირთა წარდგენას, დანიშვნას, გათავისუფლებასა და გადაყენებას, თუ საქართველოს კონსტიტუციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

 დ) სასამართლოსთვის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას;

 ე) პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის წამოყენებას და პრემიერ-მინისტრის დანიშვნას;

 ვ) მთავრობისთვის მოვალეობის შესრულების დაკისრებას საქართველოს კონსტიტუციის მე-80 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად;

 ზ) სახელმწიფო ჯილდოებისა და სპეციალური წოდებების მინიჭებას;

 თ) მოქალაქეობის მინიჭებასა და შეწყვეტას;

 ი) მთავრობის სხდომაზე საკითხის განხილვის მოთხოვნას საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით;

 კ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს საქმიანობას;

 ლ) საომარი მდგომარეობის გამოცხადებასა და გაუქმებას;

 მ) მსჯავრდებულთა შეწყალებას.

 5. საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი, რომელიც კონტრასიგნაციას საჭიროებს, საქართველოს პრეზიდენტის მიერ ხელმოწერიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა გადაეცემა პრემიერ-მინისტრს კონტრასიგნაციისათვის.

 6. პრემიერ-მინისტრს კონტრასიგნაციისათვის გადაცემული საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი 10 დღის ვადაში გააქვს მთავრობის სხდომაზე განსახილველად. თუ მთავრობა თავისი რეგლამენტით დადგენილი წესით მოიწონებს საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტს, პრემიერ-მინისტრი ხელს აწერს მას, რითაც კონტრასიგნაცია დასრულებულად ჩაითვლება.

 7. თუ მთავრობა არ მოიწონებს საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტს, რომელიც პრემიერ-მინისტრს კონტრასიგნაციისათვის გადაეცა, მთავრობა ამზადებს მოტივირებულ შენიშვნებს, რომლებსაც პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრეზიდენტს გადასცემს 10 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტთან ერთად. საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია მომდევნო 10 დღის ვადაში მთავრობის შენიშვნების შესაბამისად ცვლილება შეიტანოს თავის სამართლებრივ აქტში და ამ სახით ხელახლა გადასცეს იგი პრემიერ-მინისტრს კონტრასიგნაციისათვის, რის შემდეგაც მეორდება ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი პროცედურა.

 8. თუ მთავრობა კვლავ არ მოიწონებს საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტს, საქართველოს პრეზიდენტს აღარ შეუძლია გადასცეს პრემიერ-მინისტრს კონტრასიგნაციისათვის იმავე შინაარსის სამართლებრივი აქტი მისი განმეორებით უარყოფიდან 6 თვის ვადაში.

 9. საქართველოს პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრისათვის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე შეუძლია მოითხოვოს თავისი სამართლებრივი აქტის დაჩქარებული წესით კონტრასიგნაცია. თუ პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრეზიდენტის მიმართვას საკმარისად დასაბუთებულად მიიჩნევს, მას საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი 3 დღის ვადაში გააქვს მთავრობის სხდომაზე განსახილველად. კონტრასიგნაციაზე უარის თქმის შემთხვევაში ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული მოტივირებული შენიშვნები საქართველოს პრეზიდენტს გადაეცემა 3 დღის ვადაში. თუ პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრეზიდენტის მიმართვას საკმარისად დასაბუთებულად არ მიიჩნევს, კონტრასიგნაცია განხორციელდება ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით დადგენილ ვადებში, რასაც პრემიერ-მინისტრი ოფიციალურად აცნობებს საქართველოს პრეზიდენტს.

 10. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ან გაუქმების შესახებ პრემიერ-მინისტრს კონტრასიგნაციისათვის გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტის მიერ ხელმოწერისთანავე. ასეთ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 24 საათის განმავლობაში გააქვს მთავრობის სხდომაზე განსახილველად. თუ მთავრობა მოიწონებს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებას, პრემიერ-მინისტრი ახორციელებს კონტრასიგნაციას, ხოლო თუ მთავრობა არ მოიწონებს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებას, საქართველოს პრეზიდენტს უფლება არა აქვს, მიმართოს პრემიერ-მინისტრს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ან გაუქმების შესახებ ბრძანებულების კონტრასიგნაციის მოთხოვნით მომდევნო 24 საათის განმავლობაში.

 11. საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი, რომელიც გამოცემულია საგანგებო მდგომარეობის დროს, პრემიერ-მინისტრს გადაეცემა და მისი კონტრასიგნაცია ხორციელდება ან კონტრასიგნაციაზე უარი ითქმება ამ მუხლის მე-10 პუნქტით დადგენილი წესით.

 12. საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი, რომელიც კონტრასიგნაციას საჭიროებს, ქვეყნდება და სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს მხოლოდ კონტრასიგნაციის შემთხვევაში.

 13. კონტრასიგნაციის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტზე პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას. კონტრასიგნებული საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში მოპასუხეა მთავრობა.

მუხლი 74

 1. საქართველოს პრეზიდენტი მთავრობას უთანხმებს საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებს. ამ მიზნით იგი მთავრობას წარუდგენს წერილობით წინადადებებს, რომლებსაც მთავრობა განიხილავს თავის სხდომაზე. საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია მთავრობის რეგლამენტით დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს მთავრობის სხდომაში, რომელზედაც მისი წინადადებები განიხილება.

 2. მთავრობის თანხმობა მიიღება განკარგულების სახით.

 3. მთავრობის თანხმობის მიღების წესი დგინდება მთავრობის რეგლამენტით.“.

 6. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 8

 1. მთავრობის მეთაურია პრემიერ-მინისტრი.

 2. პრემიერ-მინისტრი:

 ა) ხელმძღვანელობს მთავრობას; საქართველოს კონსტიტუციის, ამ კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე განსაზღვრავს მთავრობის საქმიანობის მიმართულებებს, ორგანიზებას უწევს მთავრობის საქმიანობას;

 ბ) კოორდინაციას უწევს და აკონტროლებს მთავრობის სხვა წევრების საქმიანობას;

 გ) მთავრობის საქმიანობისათვის პასუხისმგებელია საქართველოს პარლამენტის წინაშე;

 დ) საქართველოს პარლამენტის მოთხოვნით წარუდგენს მას ანგარიშს სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ;

 ე) უფლებამოსილია მთავრობის მიერ ინიციირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის წინაშე დასვას მთავრობის ნდობის საკითხი;

 ვ) იწვევს და ხელმძღვანელობს მთავრობის სხდომებს, ხელს აწერს მთავრობის დადგენილებებსა და განკარგულებებს;

 ზ) კოორდინაციას უწევს რეგიონული პოლიტიკის განხორციელებას და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან მთავრობის ურთიერთობას;

 თ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობის სხვა წევრებს;

 ი) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს – ბრძანებას, ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს მთავრობის შენობაში;

 კ) კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სხვა თანამდებობის პირებს;

 ლ) წარმოადგენს მთავრობას სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;

 მ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს მთავრობის კანცელარიის მოხელეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური სახდელის დადების შესახებ;

 ნ) საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევებში ასრულებს საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობას;

 ო) ახორციელებს ამ კანონით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

 7. მე-9 მუხლის:

 ა) პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

 ბ) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. ამ მუხლის პირველი პუნქტის:

 ა) „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადამდგარად ითვლება ამის თაობაზე საჯაროდ განცხადების ან საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტისათვის წერილობითი განცხადებით მიმართვის მომენტიდან;

 ბ) „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილება შეწყვეტილად ითვლება შესაბამისი ფაქტის დადგომისთანავე;

 გ) „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილება შეწყვეტილად ითვლება შესაბამისი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან;

 დ) „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილება შეწყვეტილად ითვლება თანამდებობრივი შეუთავსებლობის ფაქტის შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილების მიღებისთანავე.

 3. პრემიერ-მინისტრის გადადგომა ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტა იწვევს მთავრობის სხვა წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტას. მთავრობის სხვა წევრის გადადგომის ან თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში პრემიერ-მინისტრი 2 კვირის ვადაში ნიშნავს მთავრობის წევრს.“.

 8. მე-10 მუხლის:

 ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია მთავრობის ერთ-ერთ წევრს დააკისროს პირველი ვიცე-პრემიერის, აგრეთვე ერთ ან რამდენიმე წევრს – ვიცე-პრემიერის მოვალეობის შესრულება.“;

 ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „4. ვიცე-პრემიერების რაოდენობას განსაზღვრავს პრემიერ-მინისტრი.“.

 9. მე-11 მუხლის:

 ა) პირველი–მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. მთავრობის შემადგენლობაში შეიძლება იყოს ერთი ან რამდენიმე სახელმწიფო მინისტრი.

 2. საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი წესით, განსაკუთრებული მნიშვნელობის სახელმწიფოებრივი ამოცანების შესასრულებლად სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღების ან გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პრემიერ-მინისტრი. მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვისას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი უფლებამოსილია შესთავაზოს საქართველოს პარლამენტს სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღება ან გაუქმება.

 3. სახელმწიფო მინისტრს ნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

 4. სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილება და მისი ფარგლები განისაზღვრება ამ კანონითა და მთავრობის დადგენილებით.“;

 ბ) მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ბ) ახორციელებს მინისტრისათვის ამ კანონით, აგრეთვე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს;“.

 10. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 მუხლი:

 „მუხლი 111

 1. პრემიერ-მინისტრი და მინისტრები საგარეო ურთიერთობებში წარმოადგენენ საქართველოს თავიანთი უფლებამოსილებების ფარგლებში.

 2. პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს უფლება აქვთ, შეასრულონ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული ყველა მოქმედება უფლებამოსილების წარდგენის გარეშე.“.

 11. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 12

 1. მთავრობის სხდომა იმართება თვეში ერთხელ მაინც.

 2. მთავრობის სხდომას იწვევს და მის დღის წესრიგს განსაზღვრავს პრემიერ-მინისტრი.

 3. მთავრობის სხდომას ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი.

 4. მთავრობის სხდომა, როგორც წესი, დახურულია. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აგრეთვე მთავრობის გადაწყვეტილებით მთავრობის სხდომა შეიძლება საჯაროდ გამოცხადდეს.

 5. მთავრობის მუშაობის, მთავრობის სხდომის მომზადების, წარმართვის, სხდომაზე საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი დგინდება მთავრობის რეგლამენტით, რომელსაც პრემიერ-მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს მთავრობა.

 6. მთავრობის გადაწყვეტილება ფორმდება მთავრობის დადგენილებით ან განკარგულებით, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი.“.

 12. მე-15 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „5. სამინისტროს უფლებამოსილება განისაზღვრება კანონით ან/და კანონის საფუძველზე მიღებული მთავრობის დადგენილებით. სამინისტროს უფლება არა აქვს, სხვა სახელმწიფო ან არასახელმწიფო დაწესებულებებს გადასცეს თავისი უფლება-მოვალეობანი, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 6. სამინისტრო მოქმედებს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს კონსტიტუციის, სხვა კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტების, მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად.“.

 13. მე-17 მუხლის:

 ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. სამინისტროს დებულებას მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს მთავრობა.“;

 ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

 14. მე-18 მუხლის:

 ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფლებამოსილება განისაზღვრება სამინისტროს დებულებითა და ამ სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.“;

 ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

 გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის (გარდა დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოსი, აგრეთვე ისეთი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა, რომელსაც, კანონის შესაბამისად, არ ჰყავს სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანო, და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შექმნილი იურიდიული პირისა) სახელმწიფო კონტროლი შეიძლება განახორციელოს მხოლოდ სამინისტრომ, თუ კანონით ან მთავრობის დადგენილებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“.

 15. მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის:

 ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, სხვა კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტების, მთავრობის დადგენილებებისა და განკარგულებების, აგრეთვე პრემიერ-მინისტრის ბრძანებების შესრულებისათვის;“;

 ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „თ) პრემიერ-მინისტრს წარუდგენს ანგარიშს სამინისტროს საქმიანობის შესახებ;“;

 გ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „კ) ასრულებს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტებით, მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით, აგრეთვე პრემიერ-მინისტრის ბრძანებებით მისთვის დაკისრებულ სხვა ამოცანებს.“.

 16. 21-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. მინისტრი, საქართველოს კონსტიტუციის 812 მუხლის შესაბამისად, გამოსცემს ბრძანებებს.“.

 17. 22-ე მუხლის:

 ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

 „2. მინისტრს შეუძლია გადადგეს თანამდებობიდან. მინისტრი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართავს პრემიერ-მინისტრს.“;

 ბ) მე-3 და მე‑4 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

 18. 24-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი.“.

 19. 25-ე მუხლის:

 ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება შეიძლება შეიქმნას თავდაცვის, სამართალდამცავ, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის, სოციალურ-ეკონომიკურ, კულტურის ან სხვა სფეროში სახელმწიფოებრივი ამოცანებისა და საჯარო ფუნქციების შესასრულებლად.“;

 ბ) მე-7−72 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

 20. 26-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელსა და მის მოადგილეს დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 4. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანოს მმართველობის სფერო, უფლება-მოვალეობანი და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები განისაზღვრება ტერიტორიული ორგანოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“.

 21. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის VII1 თავი:

 „თავი VII1

 სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება

 მუხლი 261

 1. სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება (შემდგომ − სპეციალური დაწესებულება) არის პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულება, რომელიც იქმნება კანონის საფუძველზე, კანონით გათვალისწინებული სახელმწიფოებრივი ამოცანების შესასრულებლად.

 2. სპეციალური დაწესებულება ანგარიშვალდებულია პრემიერ-მინისტრის წინაშე, რომელიც უშუალოდ ზედამხედველობს დაწესებულების საქმიანობას.

 3. სპეციალური დაწესებულების ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი. სპეციალური დაწესებულების ხელმძღვანელის მოადგილეებს ხელმძღვანელის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი. სპეციალური დაწესებულების სხვა თანამშრომლების თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხები წესრიგდება კანონით.

 4. სპეციალური დაწესებულება თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, კანონის, სპეციალური დაწესებულების დებულებისა და პრემიერ-მინისტრის მიერ განსაზღვრული სამსახურებრივი ინსტრუქციებისა და დავალებების საფუძველზე.

 5. სპეციალური დაწესებულების დებულებასა და შესაბამისი კანონით განსაზღვრულ სხვა ნორმატიულ აქტებს პრემიერ-მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს მთავრობა.“.

 22. 27-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

 „4. სპეციალური დაწესებულების მიერ სახელმწიფო წარმომადგენლობის განხორციელების საკითხები წესრიგდება შესაბამისი კანონით.“.

 23. 271 მუხლის:

 ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი არის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობა.“;

 ბ) მე-2 პუნქტის:

 ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ა) კოორდინაციას უწევს და აკონტროლებს საქართველოს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების აღსრულებას;“;

 ბ.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „დ) საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს პრეზიდენტისთვის წარდგენის მიზნით მთავრობას წარუდგენს წინადადებებს თვითმმართველობის ან ტერიტორიული ერთეულების სხვა წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის შეჩერების ან დათხოვნის შესახებ;“;

 ბ.გ) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

 24. 272 მუხლის:

 ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი თავის საქმიანობას ახორციელებს სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის მეშვეობით, რომლის საშტატო განრიგს და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთებს ამტკიცებს მთავრობა. სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი.“;

 ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3. იმ ტერიტორიის საზღვრები, რომელზედაც ვრცელდება სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის უფლებამოსილება, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის სტრუქტურა და საქმიანობის წესი დგინდება სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“.

 25. 273 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის სამართლებრივ აქტს აუქმებს მთავრობა.“.

 26. 30-ე მუხლის:

 ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. სამსახურებრივი ზედამხედველობის მიზანია სამინისტროების, მათი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სპეციალური დაწესებულებების (მათ შორის, სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულების) საქმიანობის კანონიერების უზრუნველყოფა.“;

 ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3. სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებისას პრემიერ-მინისტრი, მინისტრები, სამინისტროების მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სპეციალური დაწესებულებების (მათ შორის, სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულების) ხელმძღვანელები გამოსცემენ ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს.“;

 გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „5. თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელი პირი უფლებამოსილია სამინისტროსაგან, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და სპეციალური დაწესებულებისაგან (მათ შორის, სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულებისაგან) მოითხოვოს სამართლებრივი აქტები და სხვა დოკუმენტები, თანამდებობის პირისაგან მიიღოს განმარტებები და დასკვნები. სამინისტრო, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება და სპეციალური დაწესებულება (მათ შორის, სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულება) ვალდებული არიან დოკუმენტები, განმარტებები და დასკვნები წარმოადგინონ არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა, თუ სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელი პირის მიერ სხვა ვადა არ არის დადგენილი.“.

 27. 31-ე მუხლის:

 ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია გააუქმოს მინისტრებისა და სპეციალური დაწესებულებების (მათ შორის, სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულების) ხელმძღვანელთა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები მათი კანონიერების ან მიზანშეუწონლობის მოტივით.

 2. მთავრობა უფლებამოსილია გააუქმოს მინისტრებისა და სპეციალური დაწესებულებების (მათ შორის, სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულების) ხელმძღვანელთა სამართლებრივი აქტები მათი კანონიერების ან მიზანშეუწონლობის მოტივით.“;

 ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებები არ ვრცელდება საქართველოს პროკურატურის უფლებამოსილი თანამდებობის პირების მიერ საპროკურორო უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გამოცემულ სამართლებრივ აქტებზე.“.

 28. 32-ე მუხლის:

 ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. მინისტრი ძალადაკარგულად ცნობს მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სხვა თანამდებობის პირთა, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამინისტროების ხელმძღვანელთა სამართლებრივ აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, სხვა კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიულ აქტებს, მთავრობის დადგენილებებსა და მინისტრის ბრძანებებს.“;

 ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

 „6. ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილებები არ ვრცელდება სა­ქართ­ველოს პროკურატურის უფლებამოსილი თანამდებობის პირების მიერ საპრო­კუ­რორო უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გამოცემულ აქ­ტებსა და განხორციელებულ ქმედებებზე.“.

 29. 33-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. თანამდებობის პირის აქტი ან მოქმედება შეიძლება ცნობილ იქნეს ძალადაკარგულად მიზანშეუწონლობის მოტივით, თუ ეს აქტი ან მოქმედება აშკარად არ შეესაბამება სამთავრობო პროგრამას ან/და იმ სახელმწიფო პოლიტიკას, რომელიც გამომდინარეობს კანონის მოთხოვნებიდან და ხორციელდება მთავრობის ან მინისტრის მიერ, ან/და იწვევს სახელმწიფო ქონებისა და საბიუჯეტო სახსრების არარაციონალურ გამოყენებას, ან სხვა ხერხებით ზიანს აყენებს სახელმწიფოს ინტერესებს.“.

 30. 35-ე მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2

 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი−მე‑3 პუნქტებისა, მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა, მე‑5−მე-13 პუნქტებისა, მე-14 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა, მე‑15, მე‑17 და მე-18 პუნქტებისა, მე-19 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა, 21-ე−26-ე პუნქტებისა, 27-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა, 28-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა, 29-ე და 30-ე პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი−მე-3 პუნქტები, მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, მე‑5−მე-13 პუნქტები, მე-14 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი, მე‑15, მე‑17 და მე-18 პუნქტები, მე-19 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, 21-ე−26-ე პუნქტები, 27-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, 28-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, 29-ე და 30-ე პუნქტები ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.

 


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

4 ოქტომბერი 2013 წ.

N1463-Iს