საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4962-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/06/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110706020, 06/07/2011
სარეგისტრაციო კოდი 120290000.05.001.016377
  • Word
4962-რს
24/06/2011
ვებგვერდი, 110706020, 06/07/2011
120290000.05.001.016377
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 32) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

     „მუხლი 6. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ვადა და უფლებამოსილი სამინისტრო

1. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ვადაა 18 თვე.

2. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის ვადის დასაწყისად ითვლება შესაბამისი მინისტრის ბრძანებაში მითითებული თარიღი.

3. არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის საკითხებს კოორდინაციას უწევს საქართველოს მთავრობის განკარგულებით განსაზღვრული უფლებამოსილი სამინისტრო, ხოლო ამ სამინისტროს ხელმძღვანელი არის ამ კანონით განსაზღვრული „შესაბამისი მინისტრი“.“.

2. მე-7−მე-9 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 7. განცხადება სამხედრო სამსახურის არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურით შეცვლის შესახებ

მოქალაქე, რომელმაც უნდა გაიაროს სამხედრო სავალდებულო სამსახური და აქვს ამ ვალდებულების არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის ფორმით მოხდის ამ კანონით გათვალისწინებული დასაბუთებული მიზეზი, ვალდებულია სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის უწყების მიღებიდან 10 დღის ვადაში განცხადებით მიმართოს თვითმმართველი ერთეულის გამწვევ კომისიას, ხოლო ქალაქ თბილისში − რაიონის გამწვევ კომისიას.

    მუხლი 8. განცხადების განხილვა გამწვევი კომისიის მიერ

1. თვითმმართველი ერთეულის გამწვევი კომისია, ხოლო ქალაქ თბილისში − რაიონის გამწვევი კომისია შეისწავლის წვევამდელის პირად საქმეს და მოიძიებს მასალებს, რომლებითაც დასტურდება მის მიერ მოყვანილი არგუმენტის სისწორე.

2. განმცხადებელს უფლება აქვს, დაესწროს თვითმმართველი ერთეულის, ხოლო ქალაქ თბილისში − რაიონის გამწვევი კომისიის სხდომას და დაასაბუთოს თავისი მოსაზრება.

3. თვითმმართველი ერთეულის გამწვევი კომისია, ხოლო ქალაქ თბილისში − რაიონის გამწვევი კომისია ვალდებულია 20 დღის განმავლობაში განიხილოს მოქალაქის განცხადება და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნა, რომელიც მის პირად საქმესთან ერთად საბოლოო დასკვნისათვის ეგზავნება მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიას.

4. არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიას დასკვნა გამოაქვს მოქალაქის განცხადების, პირადი საქმისა და თვითმმართველი ერთეულის გამწვევი კომისიის, ხოლო ქალაქ თბილისში − რაიონის გამწვევი კომისიის დასკვნის მიღებიდან ერთ თვეში.

5. მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის ან გაწვევაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს და ბრძანებას გამოსცემს შესაბამისი მინისტრი მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიის დასკვნის საფუძველზე.

6. თუ კომისია დააკმაყოფილებს განმცხადებლის მოთხოვნას, ხოლო შესაბამისი მინისტრი გამოსცემს ბრძანებას, განმცხადებელი ჩაირიცხება არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში.

    მუხლი 9. თვითმმართველი ერთეულის გამწვევი კომისია, ხოლო ქალაქ თბილისში − რაიონის გამწვევი კომისია

თვითმმართველი ერთეულის გამწვევი კომისია, ხოლო ქალაქ თბილისში − რაიონის გამწვევი კომისია ადგენს მოქალაქის პირად საქმეს.“.

3. მე-10 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ხელმძღვანელობს მოქალაქის მიერ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ორგანიზებას და აკონტროლებს არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის, მისი გავლისა და ორგანიზების სფეროებში თვითმმართველი ერთეულის გამწვევი კომისიის, ხოლო ქალაქ თბილისში − რაიონის გამწვევი კომისიის მუშაობას;“;

ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) იხილავს თვითმმართველი ერთეულის გამწვევი კომისიიდან, ხოლო ქალაქ თბილისში − რაიონის გამწვევი კომისიიდან შემოსულ განცხადებებსა და მოქალაქეთა საჩივრებს;“;

გ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის მოსამსახურის განცხადების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას ამ სამსახურის ვადამდე შეწყვეტის თაობაზე.“.

4. 101  და მე-11 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 101. არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის  ორგანიზაციული უზრუნველყოფა

არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიის მუშაობასა და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა განხორციელებას ორგანიზაციულად უზრუნველყოფს უფლებამოსილი სამინისტროს კომპეტენტური სამსახური.

    მუხლი 11. სადავო საკითხების გადაწყვეტა

მოქალაქეს, რომელსაც უარი ეთქვა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევაზე, შეუძლია 10 დღის განმავლობაში სასამართლოში გაასაჩივროს შესაბამისი მინისტრის ბრძანება. სასამართლო ვალდებულია 10 დღის ვადაში განიხილოს საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება შესაბამისი მინისტრის ბრძანების ძალაში დატოვების ან გაუქმების შესახებ.“.                              

5. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მოქალაქე, რომელიც განთავისუფლდა არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურიდან, ვალდებულია დადგენილი ვადის გასვლიდან 5 დღეში გამოცხადდეს თვითმმართველი ერთეულის, ხოლო ქალაქ თბილისში − რაიონის შესაბამის სამსახურში აღრიცხვაზე დასადგომად.“.

6. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 182 მუხლი:

     „მუხლი 182. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების იურიდიული ძალის შენარჩუნება

საქართველოს მთავრობის მიერ არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით უფლებამოსილი სამინისტროს განსაზღვრა არ იწვევს არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოქმედების ავტომატურ შეწყვეტას.“. 

7. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 21. მისაღები ნორმატიული აქტების ნუსხა

1. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, 1998 წლის 1 იანვრამდე დაამტკიცოს:

ა) მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიის დებულება და შემადგენლობა;

ბ) არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის დებულება.

2. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილი სამინისტროს განსაზღვრა.

3. უფლებამოსილმა სამინისტრომ უზრუნველყოს შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების გამოცემა ამ კანონთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. აღნიშნული აქტების გამოცემამდე მოქმედ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს შეუნარჩუნდეს იურიდიული ძალა.“.

 მუხლი 2. „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39, 2000 წელი, მუხ. 113) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5  მუხლის მე-3 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამშენებლო, მიწის, საგზაო და სხვა სამუშაოები, რომელთა წარმოებისას შესაძლოა დაზიანდეს სამხედრო საფლავი, უნდა ჩატარდეს შესაბამის დაინტერესებულ ორგანოებთან შეთანხმებით.“.

2. მე-9 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1.  სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფისათვის გაწეულ მუშაობას კოორდინაციას უწევს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყება.“;

ბ) მე-3 პუნქტში სიტყვები „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს შესაბამისი სამინისტრო:“.

 მუხლი 3. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №3, 13.02.2004, მუხ. 7) 35-ე მუხლის  მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) საქართველოს მთავრობამ განსაზღვროს ვეტერანთა საქმეების  დეპარტამენტის მმართველობაზე უფლებამოსილი სამინისტრო. ამასთანავე, შესაძლებელია ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის როგორც სახელწოდების, ისე სამართლებრივი სტატუსის შეცვლა;“.

 მუხლი 4. „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995, №№31-33, მუხ. 692) 24-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

 „3. ვეტერანებისათვის განკუთვნილი სახელმწიფო და ადგილობრივი სოციალური შეღავათების ადმინისტრირებისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ვეტერანთა აღრიცხვის ელექტრონულ მონაცემთა ბაზის მონაცემები.“.

    მუხლი 5

1. ამ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების  (მათ შორის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფუნქციების ან/და უფლებამოსილებების სხვა შესაბამის უწყებებში გადატანის) მიზნით ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას სათანადო სამართლებრივი აქტების გამოცემა (მიღება) 2011 წლის 1 სექტემბრამდე. 

2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები, რომლებითაც რეგულირდება ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებთან დაკავშირებული საკითხები, გარდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და მისი სამსახურების ფუნქცია-მოვალეობების განმსაზღვრელი დებულებებისა, ძალაში დარჩეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შესაბამისი აქტების გამოცემამდე.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისათვის − ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტისათვის „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გამოყოფილი ასიგნებების საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის გადასაცემად.

    მუხლი 6

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი−მე-6 პუნქტებისა და მე-2 მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი−მე-6 პუნქტები და მე-2 მუხლი ამოქმედდეს 2011 წლის 1 სექტემბრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                           მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 24 ივნისი.

№4962-რს