„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 314-IIმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/02/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/02/2025
სარეგისტრაციო კოდი 010240010.05.001.102506
314-IIმს-XIმპ
20/02/2025
ვებგვერდი, 21/02/2025
010240010.05.001.102506
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №3, 13.02.2004, მუხ. 7) მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 13

1. მთავრობის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის, ანალიტიკური, ინფორმაციული და სხვა მასალების მომზადების, მთავრობის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ძირითადი მიმართულებების განხორციელებისა და საჯარო სამსახურის სფეროში საქმიანობის კოორდინაციის ხელშეწყობის მიზნით იქმნება მთავრობის ადმინისტრაცია.

2. მთავრობის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი, ხოლო მთავრობის ადმინისტრაციის მიმდინარე საქმიანობას უძღვება მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი. პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია მთავრობის ადმინისტრაციის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ხელმძღვანელობითი უფლებამოსილებები დელეგირების უფლებით გადასცეს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს.

3. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს ჰყავს მოადგილე/მოადგილეები, რომელსაც/რომლებსაც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე/თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობიდან/თანამდებობებიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეთა რაოდენობა განისაზღვრება მთავრობის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხით.

4. მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურა, უფლებამოსილებები და საქმიანობის ორგანიზება განისაზღვრება მთავრობის ადმინისტრაციის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მთავრობა.“.

მუხლი 2

1. 2025 წლის 1 აპრილიდან ლიკვიდირებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საჯარო სამსახურის ბიურო (შემდგომ − ბიურო).

2. ბიუროს ლიკვიდაციის მიზნით საქართველოს მთავრობამ ამ პუნქტის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში შექმნას სალიკვიდაციო კომისია და განსაზღვროს მისი შემადგენლობა, საქმიანობის წესი და უფლებამოსილებები.

3. ბიუროს ფუნქციები და უფლებამოსილებები გადაეცეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ჩაითვალოს ბიუროს უფლებამონაცვლედ საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.

  4. ბიუროს საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამონაცვლე ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ახალი სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე. ამასთანავე, აღნიშნულ სამართლებრივ აქტებში ცვლილებების შეტანის ან/და მათი ძალადაკარგულად გამოცხადების უფლებამოსილება ენიჭება შესაბამის უფლებამონაცვლე ორგანოს/თანამდებობის პირს.

  5. 2025 წლის 1 აპრილამდე  სალიკვიდაციო კომისიამ უზრუნველყოს 2025 წლის 1 აპრილამდე არსებული ბიუროს საბალანსო მონაცემების მიხედვით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისთვის გადასაცემი აქტივების, მიმდინარე ვალდებულებებისა და სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალისა და სხვა დოკუმენტების) განსაზღვრა, განკარგვა და გადაცემა.

  6. ბიუროს განკარგულებაში არსებული, „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შესაბამისი პროგრამული კოდით გათვალისწინებული ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას.

  7. ამ კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ 2025 წელს განსაზღვრული საშტატო რიცხოვნობა შეიძლება აჭარბებდეს „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისთვის განსაზღვრულ საშტატო რიცხოვნობას იმ პირობით, რომ არ გაიზრდება ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და ბიუროსთვის ჯამურად განსაზღვრული საშტატო რიცხოვნობა.

  8. ლიკვიდაციის შედეგად ბიუროდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს მიეცეთ კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

  9. საქართველოს მთავრობამ 2025 წლის 1 აპრილიდან 1 წლის ვადაში საჭიროების შემთხვევაში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარდგინებით უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა, მათ შორის, შესაბამისი ნორმატიული აქტების მიღება.

 

  მუხლი 3

  1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა და მე-2 მუხლის მე-3, მე-4 და მე-6−მე-8 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

  2. ამ კანონის პირველი მუხლი და მე-2 მუხლის მე-3, მე-4 და მე-6−მე-8 პუნქტები ამოქმედდეს 2025 წლის 1 აპრილიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

20 თებერვალი 2025 წ.

N314-IIმს-XIმპ