„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 484-IIმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/04/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/04/2025
სარეგისტრაციო კოდი 010240010.05.001.102585
484-IIმს-XIმპ
16/04/2025
ვებგვერდი, 16/04/2025
010240010.05.001.102585
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №3, 13.02.2004, მუხ. 7) მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) ინფრასტრუქტურის;“;

ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) რეგიონული განვითარების;“.

მუხლი 2

1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო რეორგანიზებულ იქნეს საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროდ და საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროდ.

2. რეგიონული განვითარების მიმართულებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებები გადაეცეს საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს. საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო ჩაითვალოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს უფლებამონაცვლედ რეგიონული განვითარების მიმართულებით საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში.

3. ინფრასტრუქტურის მიმართულებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებები გადაეცეს საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ჩაითვალოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს უფლებამონაცვლედ ინფრასტრუქტურის მიმართულებით საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში.

4. რეგიონული განვითარების მიმართულებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოდ განისაზღვროს საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო, ხოლო ინფრასტრუქტურის მიმართულებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოდ − საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

5. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და მის სისტემაში არსებული სხვა, შესაბამისი უწყებების საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამონაცვლე უწყებების მიერ ახალი სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე. ამასთანავე, ამ სამართლებრივ აქტებში ცვლილების შეტანის ან მათი ძალადაკარგულად გამოცხადების უფლებამოსილება ენიჭებათ შესაბამის უფლებამონაცვლე უწყებებს.

6. ამ პუნქტის ამოქმედებამდე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში დასაქმებული პირები (საჯარო მოხელეები, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები) უკონკურსოდ იქნენ გადაყვანილი საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროში ან საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროში იმავე თანამდებობებზე, რომლებიც მათ ამ პუნქტის ამოქმედების მომენტისთვის ეკავათ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, ხოლო ასეთი თანამდებობების არარსებობის შემთხვევაში − მათ ტოლფას თანამდებობებზე.

7. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში შეიქმნას კომისია, რომელიც განსაზღვრავს იმ უფლებამონაცვლე სამინისტროს, რომელშიც უნდა იქნეს გადაყვანილი ამ მუხლის პირველი პუნქტის ამოქმედების მომენტისთვის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში დასაქმებული თითოეული პირი (საჯარო მოხელე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი). ამ პუნქტით გათვალისწინებული კომისია გადაწყვეტილებას იღებს საჯარო მოხელის, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის მიერ განხორციელებული საქმიანობის, მისი ფუნქციების, მოვალეობებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით.

8. საქართველოს მთავრობამ ამ პუნქტის ამოქმედებიდან 20 დღის ვადაში შექმნას კომისია, რომელიც თავის მიერ განსაზღვრულ ვადაში უზრუნველყოფს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ამ პუნქტის ამოქმედებამდე არსებული საბალანსო მონაცემების მიხედვით საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გადასაცემი აქტივების, მიმდინარე ვალდებულებებისა და სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალისა და სხვა დოკუმენტაციის) განსაზღვრას, განკარგვას და აღნიშნული სამინისტროებისთვის მათ გადაცემას. ამ კომისიის სხვა უფლებამოსილებებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

9. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს უფლებები და მოვალეობები, რომლებიც გათვალისწინებულია სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი კერძო სამართლის იურიდიული პირების მართვის უფლებით გადაცემის შესახებ შესაბამისი ხელშეკრულებებით, საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს გადაეცეს რეგიონული განვითარების სფეროში მოქმედ კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან მიმართებით, ხოლო საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს − ინფრასტრუქტურის სფეროში მოქმედ კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან მიმართებით.

10. უფლებამონაცვლე სამინისტრო უფლებამოსილია ამ პუნქტის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 3 თვისა ამ სამინისტროში ან/და მის სისტემაში (სტრუქტურაში) დაიწყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სათანადო ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, ფუნქციათა ანალიზის საფუძველზე ოპტიმიზაციის და, შესაბამისად, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის პროცესი.

11. საქართველოს მთავრობამ და სათანადო უწყებებმა საჭიროების შემთხვევაში, ამ პუნქტის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში შესაბამისი უწყებების წარდგინებით უზრუნველყონ სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა, აგრეთვე ნორმატიული აქტების (მათ შორის, ერთობლივი ნორმატიული აქტების) მიღება/გამოცემა.

12. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და მის სისტემაში მოქმედი საბიუჯეტო ორგანიზაციების განკარგულებაში ამ პუნქტის ამოქმედებამდე არსებული, „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრული შესაბამისი პროგრამული კოდებით გათვალისწინებული ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილება ენიჭებათ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ უფლებამონაცვლე საბიუჯეტო ორგანიზაციებს (მხარჯავ დაწესებულებებს) და მათ სისტემებში შექმნილ საბიუჯეტო ორგანიზაციებს. საქართველოს მთავრობამ საქართველოს ფინანსთა მინისტრის წარდგინებით უზრუნველყოს „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრული შესაბამისი პროგრამული კოდებით გათვალისწინებული ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილების მქონე საბიუჯეტო ორგანიზაციების განსაზღვრა.

13. ამ კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით, საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს საშტატო რიცხოვნობაში გათვალისწინებულ იქნეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტისა და მთიანი რეგიონების სტრატეგიული განვითარების საკოორდინაციო საბჭოს ჯამური საშტატო რიცხოვნობა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი საშტატო რიცხოვნობის პროპორციული შემცირების ხარჯზე, იმ პირობით, რომ არ გაიზრდება „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის (პროგრამული კოდი 25 00) განსაზღვრული მომუშავეთა რიცხოვნობისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისთვის (პროგრამული კოდი 04 00) განსაზღვრული მომუშავეთა რიცხოვნობის ჯამი.

14. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადების შემთხვევაში ასახოს მასში ამ კანონიდან გამომდინარე ცვლილებები.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა და მე-2 მუხლის პირველი−მე-6 და მე-8−მე-14 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი და მე-2 მუხლის პირველი−მე-6 და  მე-8−მე-14 პუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-3 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

16 აპრილი 2025 წ.

N484-IIმს-XIმპ