საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

  • Word
საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3277
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/02/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 3, 13/02/2004
სარეგისტრაციო კოდი 010.240.010.05.001.001.439
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
3277
11/02/2004
სსმ, 3, 13/02/2004
010.240.010.05.001.001.439
საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (13/02/2004 - 24/06/2004)

საქართველოს კანონი

საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

საქართველოს მთავრობა (შემდგომში – მთავრობა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს აღმასრულებელი ხელისუფლების, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელებას. მთავრობა თავისი საქმიანობით პასუხისმგებელია საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის წინაშე.

    მუხლი 2 

მთავრობა შედგება პრემიერ-მინისტრისა და მინისტრებისაგან, მათ შორის სახელმწიფო მინისტრებისაგან.

    მუხლი 3

1. მთავრობის უფლებამოსილებანი აღმასრულებელი ხელისუფლების სფეროში განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, სხვა საკანონმდებლო აქტებითა და საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტებით.

2. მთავრობა თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას ხელმძღვანელობს სამთავრობო პროგრამით, რომელსაც ნდობას უცხადებს საქართველოს პარლამენტი.

    მუხლი 4

1. მთავრობა აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელებას უზრუნველყოფს სამინისტროებისა და მათი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მეშვეობით.

2. დაუშვებელია მთავრობის შემადგენლობაში ამ კანონით გათვალისწინებულის გარდა სხვა რაიმე სტრუქტურის/ორგანოს შექმნა ან არსებობა.

თავი II

მთავრობის კომპეტენცია

    მუხლი 5

მთავრობა საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში:

ა) კოორდინაციასა და კონტროლს უწევს სამინისტროებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების საქმიანობას;

ბ) ამტკიცებს სამინისტროების აპარატებისა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულებებს;

გ) უფლებამოსილია გააუქმოს მინისტრებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელთა სამართლებრივი აქტები;

დ) ამტკიცებს ცალკეულ საკითხთა შესწავლის მიზნით შექმნილი სამთავრობო კომისიის დებულებას;

ე) სოციალურ-ეკონომიკურ, კულტურისა და სხვა სფეროებში ამტკიცებს სახელმწიფო მიზნობრივ პროგრამებს და უზრუნველყოფს მათ განხორციელებას;

ვ) ახორციელებს საკანონმდებლო ინიციატივას და შეიმუშავებს სამთავრობო პროგრამას;

ზ) საქართველოს კონსტიტუციის, სხვა საკანონმდებლო აქტებისა და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების შესაბამისად მონაწილეობს ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში;

თ) უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკური სივრცის ერთიანობას, ეკონომიკური საქმიანობის თავისუფლებას, კონკურენტუნარიანი და სტაბილური საინვესტიციო გარემოს ფორმირებას;

ი) ახორციელებს სახელმწიფო ქონების მართვას;

კ) ახორციელებს საფინანსო-საბიუჯეტო ურთიერთობების რეგულირებას, შეიმუშავებს და საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით საქართველოს პარლამენტს წარუდგენს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს, სახელმწიფო ბიუჯეტის მიღების შემდეგ უზრუნველყოფს მის შესრულებას, საქართველოს პარლამენტს წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს;

ლ) უზრუნველყოფს სახელმწიფო საშინაო და საგარეო ვალის მართვას;

მ) უზრუნველყოფს მოქალაქეთა სოციალურ დაცვას;

ნ) შეიმუშავებს უმუშევრობის შემცირებისა და ლიკვიდაციის სახელმწიფო პროგრამებს და უზრუნველყოფს მათ განხორციელებას;

ო) უზრუნველყოფს ერთიანი სახელმწიფო საემიგრაციო და საიმიგრაციო პოლიტიკის გატარებას;

პ) უზრუნველყოფს განათლებისა და მეცნიერების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სრულყოფას;

ჟ) გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, მოსახლეობის ეკოლოგიური უსაფრთხოების სფეროში უზრუნველყოფს ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას;

რ) ორგანიზებას უწევს ბუნებრივი რესურსების დაცვასა და რაციონალურად გამოყენებას;

ს) საქართველოს პრეზიდენტის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, უზრუნველყოფს საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღებულ ვალდებულებათა შესრულებას;

ტ) იღებს აუცილებელ ზომებს ქვეყნის თავდაცვისა და სახელმწიფო უშიშროების უზრუნველსაყოფად;

უ) უზრუნველყოფს საქართველოს სამხედრო ძალების ფინანსური საშუალებებით, საბრძოლო ტექნიკითა და სხვა მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით აღჭურვას;

ფ) იღებს ზომებს კანონიერების უზრუნველყოფის, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, საკუთრებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, უზრუნველყოფს დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლას;

ქ) უზრუნველყოფს სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური დაცვის ღონისძიებების განხორციელებას;

ღ) უზრუნველყოფს სახელმწიფო საზღვრის დაცვის ღონისძიებების განხორციელებას;

ყ) ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, სხვა საკანონმდებლო აქტებითა და საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.

    მუხლი 6

1. მთავრობა საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონებისა და საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად იღებს დადგენილებებსა და განკარგულებებს.

2. მთავრობის სამართლებრივ აქტებს ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი.

3. მთავრობის დადგენილება არის ნორმატიული აქტი, რომლის მომზადების, მიღება-გამოცემისა და ძალაში შესვლის წესი განისაზღვრება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით.

4. მთავრობის სამართლებრივი აქტების შესრულება სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

თავი III

მთავრობის ურთიერთობა საქართველოს პრეზიდენტთან

    მუხლი 7

1. მთავრობა და მთავრობის წევრები უფლებამოსილებას იხსნიან საქართველოს პრეზიდენტის წინაშე.

2. საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის მიღების შემდეგ მთავრობა იხსნის უფლებამოსილებას. პრეზიდენტი იღებს მთავრობის უფლებამოსილების მოხსნას და მასვე შეუძლია დააკისროს მოვალეობათა შესრულება მთავრობის ახალი შემადგენლობის ფორმირებამდე.

3. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებთან დაკავშირებით მოიწვიოს მთავრობის სხდომა და უხელმძღვანელოს მას. ამ შემთხვევაში მთავრობის სხდომის დღის წესრიგს განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი და სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება პრეზიდენტის აქტით.

4. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს მთავრობისა და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა აქტები, თუ ისინი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, კანონებსა და პრეზიდენტის ნორმატიულ აქტებს.

5. საქართველოს პრეზიდენტი:

ა) ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, თანხმობას აძლევს პრემიერ-მინისტრს მინისტრების დანიშვნაზე;

ბ) უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ან საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში გადააყენოს მთავრობა, თანამდებობიდან გაათავისუფლოს საქართველოს შინაგან საქმეთა, სახელმწიფო უშიშროებისა და თავდაცვის მინისტრები;

გ) იღებს მთავრობის, მთავრობის წევრის გადადგომას, უფლებამოსილია მთავრობას, მთავრობის წევრს დააკისროს მოვალეობათა შესრულება მთავრობის ახალი შემადგენლობის ფორმირებამდე ან მთავრობის ახალი წევრის დანიშვნამდე;

დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარის, სახმელეთო ჯარების, სამხედრო-საჰაერო ძალებისა და სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლებს;

ე) ამტკიცებს საქართველოს სამხედრო ძალების სტრუქტურას და საჯარისო წესდებებს, საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს სამხედრო დოქტრინისა და სამხედრო ძალების აღმშენებლობის კონცეფციის პროექტებს;

ვ) ამტკიცებს საქართველოს სამხედრო ძალების აღმშენებლობის, გამოყენებისა და მობილიზაციის გეგმებს, აგრეთვე ქვეყნის ეკონომიკის სამობილიზაციო გეგმებს;

ზ) ამტკიცებს ქვეყნის ტერიტორიის სამხედრო-ოპერატიულ და საქართველოს სამოქალაქო თავდაცვის გეგმებს.

6. საქართველოს კონსტიტუციის 511 მუხლის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას, საქართველოს პარლამენტის მიერ კონსტიტუციით დადგენილ ვადაში მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია დანიშნოს პრემიერ-მინისტრი და თანხმობა მისცეს მას მინისტრების დანიშვნაზე.

თავი IV

მთავრობის ხელმძღვანელობა და მისი საქმიანობის ორგანიზება

    მუხლი 8

1. მთავრობას ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

2. პრემიერ-მინისტრი:

ა) ხელმძღვანელობს მთავრობას, საქართველოს კონსტიტუციის, ამ კანონის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე განსაზღვრავს მთავრობის საქმიანობის მიმართულებებს, ორგანიზებას უწევს მის საქმიანობას;

ბ) კოორდინაციასა და კონტროლს უწევს მთავრობის წევრების საქმიანობას;

გ) პასუხისმგებელია მთავრობის საქმიანობისათვის საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის წინაშე;

დ) საქართველოს პარლამენტის მოთხოვნით წარუდგენს მას ანგარიშს სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ;

ე) იწვევს და ხელმძღვანელობს მთავრობის სხდომებს, საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევებში ხელს აწერს მთავრობის დადგენილებებსა და განკარგულებებს;

ვ) კოორდინაციას უწევს რეგიონული პოლიტიკის განხორციელებას და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან მთავრობის ურთიერთობას;

ზ) საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს მთავრობის სხვა წევრებს, უფლებამოსილია თანამდებობიდან გაათავისუფლოს მთავრობის წევრები;

თ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს – ბრძანებას, ახორციელებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს მთავრობის შენობაში;

ი) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სხვა თანამდებობის პირებს;

კ) წარმოადგენს მთავრობას სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;

ლ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს მთავრობის კანცელარიის მოხელეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური სახდელის დადების თაობაზე;

მ) საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევებში ასრულებს საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობებს;

ნ) ასრულებს ამ კანონით, სხვა საკანონმდებლო აქტებითა და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

    მუხლი 9

1. პრემიერ-მინისტრს უფლებამოსილება უწყდება:

ა) გადადგომისას;

ბ) გარდაცვალებისას;

გ) მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას;

დ) მთავრობის გადაყენებისას;

ე) საქართველოს კონსტიტუციის 64-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით;

ვ) მთავრობის წევრის საქმიანობასთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავებისას;

ზ) პირადი განცხადების საფუძველზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში პრემიერ-მინისტრს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

3. პრემიერ-მინისტრის გადადგომა ან მისი უფლებამოსილების სხვა საფუძველზე შეწყვეტა იწვევს მთავრობის სხვა წევრების უფლებამოსილებათა შეწყვეტას. მთავრობის სხვა წევრის გადადგომის ან თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით 2 კვირის ვადაში ნიშნავს მთავრობის ახალ წევრს.

    მუხლი 10

1. პრემიერ-მინისტრის ბრძანებით მთავრობის ერთ-ერთი წევრი ასრულებს ვიცე-პრემიერის მოვალეობას.

2. ვიცე-პრემიერი ასრულებს პრემიერ-მინისტრის მოვალეობას მისი არყოფნისას, აგრეთვე პრემიერ-მინისტრის ცალკეულ დავალებებს.

    მუხლი 11

1. მთავრობის შემადგენლობაში შეიძლება იყოს სახელმწიფო მინისტრი (სახელმწიფო მინისტრები).

2. საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი წესით, განსაკუთრებული მნიშვნელობის სახელმწიფოებრივი ამოცანების შესასრულებლად სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღების, აგრეთვე ამ თანამდებობის გაუქმების თაობაზე პრემიერ-მინისტრის (პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის) წარდგინებით გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი.

3. სახელმწიფო მინისტრს ნიშნავს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით.

4. სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილება და კომპეტენციის ფარგლები განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

5. სახელმწიფო მინისტრი:

ა) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს აღმასრულებელ ხელისუფლებას;

ბ) ახორციელებს მინისტრისათვის ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებას;

გ) ასრულებს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის ცალკეულ დავალებებს;

დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს.

6. სახელმწიფო მინისტრის საქმიანობას უზრუნველყოფს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

7. სახელმწიფო მინისტრის აპარატის სტრუქტურასა და საშტატო განრიგს განსაზღვრავს მთავრობა.

8. სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტა ხორციელდება ამ კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

    მუხლი 12

1. მთავრობის სხდომა ტარდება თვეში ერთხელ მაინც.

2. მთავრობის სხდომას იწვევს და მის დღის წესრიგს განსაზღვრავს პრემიერ-მინისტრი, გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.

3. მთავრობის სხდომას ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი, გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.

4. მთავრობის სხდომაში პრემიერ-მინისტრი და მინისტრები მონაწილეობენ პირადად. თუ მთავრობის სხდომაზე მინისტრის დასწრება შეუძლებელია, იგი ამის შესახებ წინასწარ ატყობინებს პრემიერ-მინისტრს. სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით მთავრობის სხდომაზე სათათბირო ხმის უფლებით შესაძლებელია მოწვეულ იქნენ სხვა პირებიც.

5. მთავრობის სხდომა, როგორც წესი, დახურულია. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აგრეთვე მთავრობის გადაწყვეტილებით მთავრობის სხდომა შეიძლება გამოცხადდეს საჯაროდ.

6. მთავრობის მუშაობის, მთავრობის სხდომის მომზადების, წარმართვისა და სხდომაზე საკითხის განხილვის წესი განისაზღვრება მთავრობის რეგლამენტით, რომელსაც პრემიერ-მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს მთავრობა.

7. მთავრობის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება მთავრობის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. მთავრობა გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.

8. მთავრობის სხდომის გადაწყვეტილება ფორმდება მთავრობის დადგენილებით ან განკარგულებით, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი, გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.

თავი V

მთავრობის კანცელარია

    მუხლი 13

1. მთავრობის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის, ანალიტიკური, ინფორმაციული და სხვა მასალების მომზადების, აგრეთვე მთავრობის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობის მიზნით იქმნება მთავრობის კანცელარია.

2. მთავრობის კანცელარიას ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი.

3. მთავრობის კანცელარიის სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის ორგანიზება განისაზღვრება მთავრობის კანცელარიის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მთავრობა.

თავი VI

სამინისტრო

    მუხლი 14

1. სამინისტრო იქმნება კანონის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრების განსაზღვრულ სფეროში სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად.

2. საქართველოს სამინისტროებია:

ა) განათლებისა და მეცნიერების;

ბ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების;

გ) ეკონომიკის;

დ) ენერგეტიკის;

ე) თავდაცვის;

ვ) ინფრასტრუქტურისა და განვითარების;

ზ) იუსტიციის;

თ) კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის;

ი) ლტოლვილთა და განსახლების;

კ) საგარეო საქმეთა;

ლ) სახელმწიფო უშიშროების;

მ) სოფლის მეურნეობის;

ნ) ფინანსთა;

ო) შინაგან საქმეთა;

პ) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის.

    მუხლი 15

1. სამინისტრო ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ ან მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.

2. სამინისტროს აქვს დებულება, დასრულებული ბალანსი და ანგარიში ხაზინაში, ხარჯთაღრიცხვა და ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.

3. სამინისტრო ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე.

4. სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

5. სამინისტროს კომპეტენცია დგინდება კანონით ან/და კანონის საფუძველზე გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებითა და მთავრობის დადგენილებით. სამინისტროს უფლება არა აქვს სხვა სახელმწიფო ან არასახელმწიფო დაწესებულებებს გადასცეს უფლება-მოვალეობები, რომლებიც მის კომპეტენციას განეკუთვნება, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

6. სამინისტრო ასრულებს მოქმედებებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კონსტიტუციის, სხვა კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად.

    მუხლი 16

1. სამინისტროს მმართველობის სფერო განისაზღვრება სამინისტროს დებულებით.

2. თუ საკითხი, რომელიც კანონით გადაცემულია აღმასრულებელი ხელისუფლების გამგებლობაში, არ მიეკუთვნება არც ერთი სამინისტროს გამგებლობის სფეროს, მასზე გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა.

3. თუ საკითხი მიეკუთვნება რამდენიმე სამინისტროს გამგებლობის სფეროს და განსაზღვრული არ არის მასზე გადაწყვეტილების მიმღები სამინისტრო, გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა.

    მუხლი 17

1. სამინისტროს დებულებას, გარდა საქართველოს შინაგან საქმეთა, სახელმწიფო უშიშროებისა და თავდაცვის სამინისტროთა დებულებებისა, მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს მთავრობა.

2. საქართველოს შინაგან საქმეთა, სახელმწიფო უშიშროებისა და თავდაცვის სამინისტროთა დებულებებს მთავრობის წარდგინებით, ბრძანებულებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

3. სამინისტროს დებულება უნდა შეიცავდეს:

ა) სამინისტროს სრულ დასახელებას და იურიდიულ მისამართს;

ბ) სამინისტროს საქმიანობის სფეროს და ამოცანებს;

გ) სამინისტროს ხელმძღვანელობის ორგანიზებას, ხელმძღვანელთა უფლება-მოვალეობებს;

დ) სამინისტროს სისტემას, სტრუქტურას, სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითად ამოცანებს და კომპეტენციას;

ე) სხვა არსებით საკითხებს სამინისტროს საქმიანობის ორგანიზების შესახებ.

    მუხლი 18

1. სამინისტროს დებულების შესაბამისად სამინისტრო იყოფა სტრუქტურულ ქვედანაყოფებად.

2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის კომპეტენცია განისაზღვრება სამინისტროს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.

3. სამინისტროს სისტემაში არსებული იმ დეპარტამენტის, ინსპექციის, მთავარი სამმართველოს, სამმართველოს, სხვა სტრუქტურული ერთეულის კომპეტენცია, რომელიც ახორციელებს მმართველობით ფუნქციებს, სახელმწიფო ზედამხედველობას და კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში – სახელმწიფოებრივ იძულებას, განისაზღვრება სამინისტროს დებულებით.

4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო კონტროლი შეიძლება განახორციელოს მხოლოდ სამინისტრომ, გარდა დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოებისა, აგრეთვე ისეთი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა, რომლებსაც კანონის შესაბამისად არ გააჩნია სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანო.

    მუხლი 19

1. სამინისტროს ტერიტორიული ორგანო იქმნება, გარდაიქმნება და საქმიანობას წყვეტს მთავრობის დადგენილებით, თუ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

2. სამინისტროს ტერიტორიული ორგანო საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს სამინისტროს.

3. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელს და მის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

4. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს მმართველობის სფერო, უფლება-მოვალეობანი და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები განისაზღვრება ტერიტორიული ორგანოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.

    მუხლი 20

1. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებზე.

2. მინისტრი:

ა) ხელმძღვანელობს სამინისტროს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროსთვის მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, კანონების, პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, მთავრობის დადგენილებებისა და განკარგულებების შესრულებისათვის;

გ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების და ტერიტორიული ორგანოების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულების მიმდინარეობას და ამ კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებსა და საქმიანობაზე;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო განრიგით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებს, ტერიტორიულ ორგანოთა მოხელეებს, მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ე) პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებას სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე და აუცილებლობის შემთხვევაში – დამატებითი ბიუჯეტის პროექტზე, იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულებისათვის;

ვ) სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხარჯთაღრიცხვას, ახორციელებს კონტროლს მის შესრულებაზე და აუცილებლობის შემთხვევაში იძლევა მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ;

ზ) ადგენს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების სტრუქტურასა და საქმისწარმოების წესს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი დადგენილია მინისტრის ბრძანების ზემდგომი სამართლებრივი აქტებით;

თ) პრემიერ-მინისტრს წარუდგენს ანგარიშს სამინისტროს საქმიანობის შესახებ. საქართველოს შინაგან საქმეთა, სახელმწიფო უშიშროებისა და თავდაცვის მინისტრები ანგარიშს აბარებენ აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტს;

ი) მონაწილეობს მთავრობის სხდომებში;

კ) ასრულებს მისთვის კანონებით, პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით დაკისრებულ სხვა ამოცანებს.

3. თუ სამინისტროს გამგებლობის სფეროსთვის მიკუთვნებული საკითხი ეხება აგრეთვე სხვა სამინისტროს, მინისტრი გადაწყვეტილებას ათანხმებს შესაბამის მინისტრთან. თანხმობის მიუღწევლობის შემთხვევაში საკითხი განიხილება მთავრობის სხდომაზე.

4. მინისტრი პასუხისმგებელია სახელმწიფო ქონების დაცვისა და გამოყენებისათვის და ორგანიზებას უწევს ამ საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. მინისტრს შეუძლია თავისი მმართველობის სფეროში შექმნას კომისიები და საბჭოები სათათბირო უფლებით და განსაზღვროს მათი მოვალეობანი და საქმიანობის წესი.

    მუხლი 21

1. საქართველოს კონსტიტუციის 812 მუხლის შესაბამისად, მინისტრი კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოსცემს ბრძანებებს.

2. მინისტრი, რომელიც ხელს აწერს ბრძანებას, პასუხისმგებელია მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობისათვის.

    მუხლი 22

1. მინისტრს უფლებამოსილება უწყდება:

ა) გადადგომისას;

ბ) გარდაცვალებისას;

გ) თანამდებობიდან პრემიერ-მინისტრის აქტის საფუძველზე გათავისუფლებისას;

დ) მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას;

ე) მთავრობის შემადგენლობის მიერ უფლებამოსილების მოხსნისას;

ვ) საქართველოს კონსტიტუციის 64-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

2. მინისტრი გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს. მინისტრს შეუძლია გადადგეს, თუ არსებობს პრეზიდენტის ან საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებისადმი პრინციპული უთანხმოება, საჯარო სამსახურში ყოფნის მიზანშეუწონლობა მრწამსის გამო, კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილების შესრულების იძულება, რამაც შეიძლება მნიშვნელოვანი მატერიალური თუ მორალური ზიანი გამოიწვიოს, აგრეთვე ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობისას, რომელიც ხელს უშლის სამსახურებრივი უფლებამოსილების აღსრულებას.

3. მინისტრის გადადგომის ან გადადგომაზე მოტივირებული უარის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი. გადაწყვეტილება გადადგომაზე თანხმობის ან უარის შესახებ მიიღება ერთი თვის ვადაში. გადადგომაზე მოტივირებული უარის შემთხვევაში მინისტრი ვალდებულია გააგრძელოს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება. ის ამავე დროს ინარჩუნებს უფლებას, გათავისუფლდეს თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. მინისტრის გადადგომა იწვევს ამ კანონითა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შედეგებს.

    მუხლი 23

1. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები. მოადგილეთა რაოდენობა განისაზღვრება სამინისტროს დებულებით, ხოლო უფლებამოსილებანი – მინისტრის ბრძანებით, თუ კანონითა და მთავრობის აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. მთავრობის შემადგენლობის მიერ უფლებამოსილების მოხსნა ან სხვა საფუძველზე მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტა იწვევს მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილებათა შეწყვეტას.

3. მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს უფლება არა აქვთ შედიოდნენ სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელ, საკონტროლო და სარევიზიო ორგანოებში, ეწეოდნენ სამეწარმეო საქმიანობას.

4. მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას, რომლებიც მინისტრის ბრძანებით მის დაქვემდებარებაშია გადაცემული.

5. მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს სამინისტროს საქმიანობას და კოორდინაციას უწევს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, ტერიტორიული ორგანოებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას მინისტრის არყოფნისას.

    მუხლი 24

1. მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს მინისტრის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი.

2. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის დავალებით ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.

თავი VII

სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები

    მუხლი 25

1. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება წარმოადგენს სამინისტროს გამგებლობაში არსებულ აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებას.

2. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება იქმნება, გარდაიქმნება და საქმიანობას წყვეტს კანონით ან მთავრობის დადგენილებით.

3. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება იქმნება სოციალურ-ეკონომიკურ, კულტურულ ან სხვა სფეროებში სახელმწიფოებრივი ამოცანებისა და საჯარო ფუნქციების განსახორციელებლად.

4. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

5. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების დებულებას ამტკიცებს მინისტრი. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების დებულებაზე ვრცელდება ამ კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები.

6. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელს მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი.

7. საქართველოს შინაგან საქმეთა, სახელმწიფო უშიშროებისა და თავდაცვის სამინისტროების მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ხელმძღვანელებს თანამდებობაზე ნიშნავს პრემიერ-მინისტრი მინისტრის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი საკუთარი ინიციატივით ან პრემიერ-მინისტრი – მინისტრის წარდგინებით.

8. ამ მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებების რეგისტრაციას ახორციელებს მთავრობა სპეციალურ რეესტრში.

    მუხლი 26

1. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანოს შექმნის, გარდაქმნისა და საქმიანობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანო წარმოადგენს ამ დაწესებულებას შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში.

3. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელს და მის მოადგილეს ამ დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

4. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანოს მმართველობის სფერო, უფლება-მოვალეობანი და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები განისაზღვრება ტერიტორიული ორგანოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.

თავი VIII

სახელმწიფოს წარმომადგენლობა

    მუხლი 27

1. სამინისტრო ან სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება უფლებამოსილია გასწიოს სახელმწიფოს წარმომადგენლობა მისთვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებისას.

2. თუ საქართველოს კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული, აღმასრულებელი ხელისუფლების რომელი დაწესებულება ჩაითვლება სახელმწიფოს წარმომადგენლად ამა თუ იმ სამართლებრივ ურთიერთობაში, სახელმწიფოს წარმომადგენელს ნიშნავს მთავრობა.

3. სახელმწიფო დაწესებულების წარმომადგენელი ამ დაწესებულების დებულების შესაბამისად არის დაწესებულების ხელმძღვანელი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

თავი IX

აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები

    მუხლი 28

1. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები შედის საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა სისტემაში.

2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კონსტიტუციების, საქართველოს სამართლებრივი აქტების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სამართლებრივი აქტების საფუძველზე.

3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები იქმნება, გარდაიქმნება და საქმიანობას წყვეტს საქართველოს კონსტიტუციით, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კონსტიტუციებით, საქართველოს სამართლებრივი აქტებით, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით.

თავი X

სათათბირო ორგანოები

    მუხლი 29

1. პრემიერ-მინისტრს, მთავრობას, მთავრობის წევრს ცალკეულ საკითხთა შესწავლის მიზნით შეუძლია შექმნას სათათბირო ორგანოები – კომისიები და საბჭოები.

2. სათათბირო ორგანო იქმნება აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენციისათვის მიკუთვნებული სხვადასხვა საკითხების მოსამზადებლად. სათათბირო ორგანოს ამოცანებს, აგრეთვე მისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადების წესს ამ ორგანოს შექმნისას განსაზღვრავს შესაბამისად პრემიერ-მინისტრი, მთავრობა, მთავრობის წევრი.

3. სათათბირო ორგანოს უფლება აქვს სახელმწიფო დაწესებულებებიდან მიიღოს თავისი მუშაობისათვის საჭირო დოკუმენტები, ცნობები და სხვა მონაცემები.

4. სათათბირო ორგანოს მიერ მომზადებული დასკვნები და წინადადებები განსაზღვრულ ვადაში უნდა წარედგინოს შესაბამისად პრემიერ-მინისტრს, მთავრობას, მთავრობის წევრს.

5. სახელმწიფო მოხელე ან პირი, რომელიც სახელმწიფო მოხელე არ არის, სათათბირო ორგანოს წევრად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მისი თანხმობით.

თავი XI

სამსახურებრივი ზედამხედველობა

    მუხლი 30

1. სამსახურებრივი ზედამხედველობის მიზანია სამინისტროებისა და მათი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების საქმიანობის კანონიერების უზრუნველყოფა.

2. სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელი პირი უფლებამოსილია:

ა) გასცეს წერილობითი მითითებები გამოცემულ აქტში ან შესრულებულ მოქმედებაში ნაკლოვანების აღმოფხვრის შესახებ;

ბ) შეაჩეროს აქტის აღსრულება ან მოქმედების შესრულება;

გ) ცნოს აქტი ძალადაკარგულად.

3. სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებისას საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა ხელმძღვანელები გამოსცემენ ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს.

4. სამსახურებრივი ზედამხედველობა ხორციელდება ქვემდებარეობის წესით.

5. სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელი პირი უფლებამოსილია სამინისტროსა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისაგან მოითხოვოს სამართლებრივი აქტები და სხვა დოკუმენტები, თანამდებობის პირებისაგან მიიღოს განმარტებები და დასკვნები. სამინისტრო ვალდებულია დოკუმენტები, განმარტებები და დასკვნები წარმოადგინოს არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა, თუ სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელი პირის მიერ სხვა ვადა არ არის დადგენილი.

    მუხლი 31

1. პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია გააუქმოს მინისტრების ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები მათი კანონიერების ან მიზანშეუწონლობის მოტივით.

2. მთავრობა უფლებამოსილია გააუქმოს მინისტრის სამართლებრივი აქტი მისი კანონიერების ან მიზანშეუწონლობის მოტივით.

    მუხლი 32

1. მინისტრი ზედამხედველობს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კანონიერებას და მიზანშეწონილობას.

2. მინისტრი ძალადაკარგულად ცნობს პირველი მოადგილის, მოადგილეების, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სხვა თანამდებობის პირთა, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამინისტროების ხელმძღვანელთა აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, სხვა კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებსა და განკარგულებებს, მინისტრის ბრძანებებს.

3. მინისტრი უფლებამოსილია ძალადაკარგულად ცნოს ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ თანამდებობის პირთა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელთა აქტები და მოქმედებები მათი მიზანშეუწონლობის მოტივით.

4. მინისტრს უფლება აქვს სამინისტროს თანამდებობის პირების მოქმედებაზე სამსახურებრივი ზედამხედველობა დააკისროს პირველ მოადგილეს.

5. სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელ პირს უფლება აქვს გასცეს შესასრულებლად სავალდებულო მითითებები აქტის შეცვლის ან მოქმედებაში ნაკლოვანების აღმოფხვრის ანდა ახალი მოქმედების შესრულების შესახებ.

    მუხლი 33

1. თანამდებობის პირის აქტი ან მოქმედება შეიძლება ცნობილ იქნეს ძალადაკარგულად მიზანშეუწონლობის მოტივით, თუ აქტი ან მოქმედება აშკარად არ შეესაბამება სამთავრობო პროგრამას და იმ სახელმწიფო პოლიტიკას, რომელიც გამომდინარეობს კანონის მოთხოვნებიდან და ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობის ან მინისტრის მიერ, ან იწვევს სახელმწიფო ქონებისა და საბიუჯეტო სახსრების არარაციონალურ გამოყენებას, ან სხვა ხერხებით ზიანს აყენებს სახელმწიფოს ინტერესებს.

2. მიზანშეუწონლობის მოტივით არ შეიძლება ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი ან მოქმედება, რომელიც გამოცემულია ან შესრულებულია საჯარო სამსახურის ორგანიზებისას, აგრეთვე სხვა აქტი ან მოქმედება, რომლის გამოცემის ან შესრულების პირობები გამომდინარეობს კანონიდან ან სხვა სამართლებრივი აქტებიდან.

3. მიზანშეუწონლობის მოტივით აქტის ან მოქმედების ძალადაკარგულად ცნობა უნდა იყოს დასაბუთებული.

    მუხლი 34

1. სამართლებრივი დავა სამინისტროებსა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებს შორის წყდება ქვემდებარეობის წესით, თუ კანონით დადგენილი არ არის დავის გადაწყვეტის სხვა წესი.

2. სამართლებრივ დავას სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებს შორის წყვეტს მინისტრი.

3. სამართლებრივ დავას იმ სახელმწიფო დაწესებულებებს შორის, რომლებიც მმართველობის სხვადასხვა სფეროში შედის, წყვეტენ დაინტერესებული მინისტრები. თანხმობის მიუღწევლობის შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა.

თავი XII

გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 35

1. საქართველოს პრეზიდენტმა და მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყონ:

ა) საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის ლიკვიდაცია და სახელმწიფო დეპარტამენტების რეორგანიზაცია ამ მუხლითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) ამ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი სალიკვიდაციო კომისიის შექმნა.

2. ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახური. საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტით 2 კვირის ვადაში შეიქმნას სამსახურის სალიკვიდაციო კომისია. სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი სახელმწიფო ქონების განაწილება განხორციელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად.

3. ამ პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად რეორგანიზებულ იქნეს სახელმწიფო დეპარტამენტები სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებად და განხორციელდეს მათი შესაბამისი სამინისტროებისათვის გადაცემა:

ა) შეიქმნას ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტრო, მისი მმართველობის სფეროში გაერთიანდეს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროები და გადაეცეს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის, საავტომობილო გზებისა და ინფორმატიზაციის სახელმწიფო დეპარტამენტები;

ბ) შეიქმნას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო და მმართველობის სფეროში გადაეცეს სატყეო მეურნეობის, დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის, გეოლოგიისა და ჰიდრომეტეოროლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტები;

გ) სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს მმართველობის სფეროში გადაეცეს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტი;

დ) შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში გადაეცეს მატერიალური რეზერვებისა და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტები;

ე) შეიქმნას ეკონომიკის სამინისტრო და მმართველობის სფეროში გადაეცეს სტატისტიკის, ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტები;

ვ) იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში გადაეცეს საარქივო და მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტები; მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებანი, რომლებიც უკავშირდება მიწის რაციონალურად გამოყენებისა და დაცვის, ნიადაგის ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებების, ნაყოფიერების აღდგენისა და შენარჩუნების ღონისძიებების განხორციელებას, მიწის მიზნობრივი გამოყენებისა და დაცვის შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად სახელმწიფო კონტროლის განხორციელებას, მიწის რესურსების მდგომარეობის თაობაზე მონაცემთა ერთიანი ბანკის შექმნას, გადაეცეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს;

ზ) შეიქმნას კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო და მმართველობის სფეროში გადაეცეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტები;

თ) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში გადაეცეს ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტი;

ი) შეიქმნას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და მმართველობის სფეროში გადაეცეს ენის სახელმწიფო პალატა და ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტი.

4. ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის და სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირები. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში წარმოადგინოს წინადადებები მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის განსაზღვრისა და შემდგომი დაქვემდებარების შესახებ. ამ საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

5. ლიკვიდირებულ იქნეს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სახელმწიფო ინსპექცია და მისი ფუნქციები გადაეცეს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს.

6. მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში წარმოადგინოს წინადადებები სწავლულ ექსპერტთა საბჭოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის განსაზღვრისა და შემდგომი დაქვემდებარების შესახებ.

7. მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში პარლამენტში წარმოადგინოს ამ კანონით განსაზღვრული, აღმასრულებელი ხელისუფლების რეორგანიზაციისა და ფუნქციათა გადანაწილების განსახორციელებლად აუცილებელი საკანონმდებლო აქტების პროექტები. საკანონმდებლო ცვლილებების ძალაში შესვლამდე აღნიშნული დაწესებულებები განაგრძობენ თავიანთი მოვალეობების შესრულებას.

8. ამ მუხლის საფუძველზე შექმნილი სამინისტროები ჩაითვალოს ლიკვიდირებული დაწესებულებების უფლებამონაცვლედ.

9. ამ მუხლით გათვალისწინებული, ლიკვიდაციას დაქვემდებარებული დაწესებულებების ხელმძღვანელთა მიერ გამოცემული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას. მათში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის, აგრეთვე მათი გაუქმების უფლება ენიჭება მათ უფლებამონაცვლე სამინისტროებს.

    მუხლი 36

ამ კანონის ამოქმედების მომენტიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 15 აპრილის კანონი (პარლამენტის უწყებანი, №17-18, 9 მაისი, 1997, გვ. 32). აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები და მათი ხელმძღვანელები ახორციელებენ თავიანთ უფლებამოსილებებს საქართველოს კონსტიტუციისა და ამ კანონის შესაბამისად მთავრობის შემადგენლობის უფლებამოსილების დაწყებამდე.

    მუხლი 37

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                           მიხეილ სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 11 თებერვალი.

№3277-IIს

44. 15/12/2023 - საქართველოს კანონი - 3994-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 26/12/2023 43. 30/11/2023 - საქართველოს კანონი - 3822-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 15/12/2023 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 42. 21/09/2023 - საქართველოს კანონი - 3501-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 12/10/2023 41. 16/03/2021 - საქართველოს კანონი - 335-IVმს-Xმპ - ვებგვერდი, 18/03/2021 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 40. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 6967-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 39. 14/07/2020 - საქართველოს კანონი - 6833-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 38. 22/12/2018 - საქართველოს კანონი - 4068-რს - ვებგვერდი, 28/12/2018 37. 20/09/2018 - საქართველოს კანონი - 3453-Iს - ვებგვერდი, 09/10/2018 36. 05/07/2018 - საქართველოს კანონი - 3024-რს - ვებგვერდი, 11/07/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 35. 07/12/2017 - საქართველოს კანონი - 1620-რს - ვებგვერდი, 14/12/2017 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 34. 21/12/2016 - საქართველოს კანონი - 141-რს - ვებგვერდი, 28/12/2016 33. 27/10/2015 - საქართველოს კანონი - 4362-Iს - ვებგვერდი, 11/11/2015 32. 18/09/2015 - საქართველოს კანონი - 4301-Iს - ვებგვერდი, 28/09/2015 31. 02/05/2014 - საქართველოს კანონი - 2355-IIს - ვებგვერდი, 16/05/2014 30. 05/02/2014 - საქართველოს კანონი - 1976-IIს - ვებგვერდი, 19/02/2014 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 29. 13/12/2013 - საქართველოს კანონი - 1792-Iს - ვებგვერდი, 28/12/2013 28. 29/11/2013 - საქართველოს კანონი - 1687-Iს - ვებგვერდი, 16/12/2013 27. 04/10/2013 - საქართველოს კანონი - 1463-Iს - ვებგვერდი, 22/10/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 26. 25/03/2013 - საქართველოს კანონი - 449-რს - ვებგვერდი, 05/04/2013 25. 05/07/2012 - საქართველოს კანონი - 6628-რს - ვებგვერდი, 05/07/2012 24. 24/06/2011 - საქართველოს კანონი - 4962-რს - ვებგვერდი, 110706020, 06/07/2011 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 23. 11/03/2011 - საქართველოს კანონი - 4385-Iს - ვებგვერდი, 110317015, 17/03/2011 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 22. 29/06/2010 - საქართველოს კანონი - 3153 - სსმ, 30, 29/06/2010 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 21. 27/04/2010 - საქართველოს კანონი - 3021 - სსმ, 23, 04/05/2010 20. 03/11/2009 - საქართველოს კანონი - 1904 - სსმ, 35, 19/11/2009 19. 03/11/2009 - საქართველოს კანონი - 1931 - სსმ, 32, 06/11/2009 18. 26/06/2009 - საქართველოს კანონი - 1349 - სსმ, 16, 07/07/2009 17. 26/06/2009 - საქართველოს კანონი - 1345 - სსმ, 16, 07/07/2009 16. 30/12/2008 - საქართველოს კანონი - 959 - სსმ, 41, 30/12/2008 15. 23/12/2008 - საქართველოს კანონი - 848 - სსმ, 40, 29/12/2008 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 14. 23/12/2008 - საქართველოს კანონი - 832 - სსმ, 40, 29/12/2008 13. 10/10/2008 - საქართველოს კანონი - 345 - სსმ, 27, 27/10/2008 12. 05/07/2008 - საქართველოს კანონი - 94 - სსმ, 13, 16/07/2008 11. 21/03/2008 - საქართველოს კანონი - 5983 - სსმ, 9, 04/04/2008 10. 07/12/2007 - საქართველოს კანონი - 5567 - სსმ, 45, 21/12/2007 9. 08/06/2007 - საქართველოს კანონი - 4916 - სსმ, 22, 19/06/2007 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 8. 02/03/2007 - საქართველოს კანონი - 4409 - სსმ, 8, 23/03/2007 7. 17/02/2006 - საქართველოს კანონი - 2656 - სსმ, 6, 24/02/2006 6. 22/03/2005 - საქართველოს კანონი - 1132 - სსმ, 13, 12/04/2005 5. 10/03/2005 - საქართველოს კანონი - 1071 - სსმ, 11, 29/03/2005 4. 23/12/2004 - საქართველოს კანონი - 777 - სსმ, 42, 31/12/2004 3. 24/12/2004 - საქართველოს კანონი - 806 - სსმ, 39, 25/12/2004 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 2. 11/11/2004 - საქართველოს კანონი - 569 - სსმ, 34, 16/11/2004 1. 24/06/2004 - საქართველოს კანონი - 195 - სსმ, 17, 07/07/2004 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას