სახელმწიფო პენსიის შესახებ

სახელმწიფო პენსიის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2442
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/12/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 56, 28/12/2005
სარეგისტრაციო კოდი 280.060.000.05.001.002.060
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2442
23/12/2005
სსმ, 56, 28/12/2005
280.060.000.05.001.002.060
სახელმწიფო პენსიის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (04/05/2010 - 11/11/2011)

საქართველოს კანონი

სახელმწიფო პენსიის შესახებ

ამ კანონის მიზანია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაციის უზრუნველყოფა. სახელმწიფო პენსიის დაწესებით ადგენს ასაკის, შესაძლებლობის შეზღუდვის და მარჩენალის დაკარგვის გამო პირის მინიმალური საარსებო საშუალებით უზრუნველყოფის საყოველთაო უფლებას და ამ უფლების რეალიზებას ახდენს ეტაპობრივად, არსებული რესურსების ფარგლებში.

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო და საგანი

1. ეს კანონი არეგულირებს სახელმწიფო პენსიაზე (შემდგომში – პენსია) უფლების წარმოშობის საფუძვლებს, განსაზღვრავს პენსიის ოდენობას, მისი ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, მისი შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, არეგულირებს პენსიის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.

2. ეს კანონი ვრცელდება:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებზე;

ბ) პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადების შეტანის მომენტისათვის ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერ საფუძველზე მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებზე.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებულ პირებს აქვთ საქართველოს მოქალაქეების თანაბარი უფლებები, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

    მუხლი 2. კანონმდებლობა პენსიის შესახებ

კანონმდებლობა პენსიის შესახებ შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, სხვა საკანონმდებლო აქტებისა და მათ საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.

    მუხლი 3. კანონის ძირითადი პრინციპები

ამ კანონის ძირითადი პრინციპებია:

ა) ადამიანის უფლებების დაცვა;

ბ) კანონის წინაშე თანასწორობა;

გ) საყოველთაოობა;

დ) მუდმივობა;

ე) თაობათა შორის სოლიდარობა;

ვ) პენსიის მიღების სახელმწიფო გარანტია.

    მუხლი 4. ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) განცხადება – პენსიის მიღებაზე უფლებამოსილი პირის მიერ ამ კანონით დადგენილი წესით შეტანილი წერილობითი მოთხოვნა;

ბ) გარდაცვალება – პირის გარდაცვალება, რაც დადასტურებულია კომპეტენტური ორგანოს მიერ, ან გარდაცვლილად გამოცხადება ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

გ) საჯარო საქმიანობა – ადმინისტრაციულ ორგანოში ან სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციაში განხორციელებული ანაზღაურებადი საქმიანობა, გარდა სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობისა;

დ) მარჩენალდაკარგული – შვილი (შვილები) და ნაშვილები ბავშვი (ბავშვები) 18 წლის ასაკის მიღწევამდე;

ე) მაძიებელი – პენსიის მიღების უფლების მქონე პირი პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადების შეტანის მომენტიდან;

ვ) პენსიონერი – პირი, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად დანიშნული აქვს პენსია;

ზ) მინისტრი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;

თ) მუდმივად მცხოვრები პირი – პირი, რომელსაც აქვს კანონიერი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოში, საქართველოს საზღვრების გარეთ კანონიერად მუშაობის, სწავლის ან მოგზაურობის მიუხედავად;

ი) პენსია – ამ კანონით განსაზღვრული პირობებით პირის ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფა;

კ) კომპეტენტური ორგანო – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანო;

ლ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი – პირი, რომელსაც ასეთი სტატუსი მინიჭებული აქვს „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

თავი II. პენსიის დანიშვნა

    მუხლი 5. პენსიის დანიშვნის საფუძვლები

ამ კანონის შესაბამისად პენსიის დანიშვნის საფუძვლებია:

ა) საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა;

ბ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა;

გ) მარჩენალის გარდაცვალება.

    მუხლი 6. პენსიის მიღების უფლება

1. პენსიის მიღების უფლების წარმოშობის საფუძველია ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა. ამასთანავე, საპენსიო ასაკის მიღწევის გამო პენსიის მიღების უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლის ასაკიდან.

2. პენსიის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში.

3. პენსიის მიღების უფლების მქონე პირს პენსიის დასანიშნად მიმართვა შეუძლია აღნიშნული უფლების წარმოშობიდან ნებისმიერ დროს.

4. ორი ან მეტი საფუძვლით პენსიის მიღების უფლების წარმოშობის შემთხვევაში პირს პენსია ენიშნება მხოლოდ ერთი საფუძვლით, მისივე არჩევით.

5. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღება გამორიცხავს პენსიის მიღების უფლებას.

6. თუ პირს ერთდროულად წარმოეშვა ამ კანონითა და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლება, მას აქვს მხოლოდ ერთი კანონით მინიჭებული სარგებლის მიღების უფლება, მისივე არჩევით.

7. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსისა და მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებზე.

თავი III. პენსიის ოდენობა

    მუხლი 7. პენსიის მინიმალური ოდენობა

პენსიის მინიმალური ოდენობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5601 - სსმ I, №47, 26.12.07 წ., მუხ.403

    მუხლი 8. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო პენსიის გაანგარიშება

1. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს ენიშნებათ პენსია 35 ლარის ოდენობით. ასეთივე პენსია ენიშნებათ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებს, რომლებიც საჭიროებენ სხვა პირის მუდმივ დახმარებას.

2. მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს ენიშნებათ პენსია 28 ლარის ოდენობით. ასეთივე პენსია ენიშნებათ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებს.

    მუხლი 9. მარჩენალის გარდაცვალების გამო პენსიის გაანგარიშება

მარჩენალის გარდაცვალების საფუძვლით პენსია ენიშნება ყოველ მარჩენალდაკარგულს:

ა) ერთ-ერთი მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში – თითოეულს 28 ლარის ოდენობით, მარჩენალდაკარგულების საერთო რაოდენობის მიუხედავად;

ბ) უდედმამო ბავშვებს – თითოეულს 35 ლარის ოდენობით, მარჩენალდაკარგულების საერთო რაოდენობის მიუხედავად.

თავი IV. პენსიის ადმინისტრირება

    მუხლი 10. პენსიის ადმინისტრირების ორგანო

პენსიის დანიშვნა, მისი გაცემის ორგანიზება, შეჩერება, განახლება, გადაანგარიშება და შეწყვეტა კომპეტენტური ორგანოს უფლებამოსილებაა.

    მუხლი 11. კომპეტენტური ორგანოს უფლება-მოვალეობები

1. ამ კანონით გათვალისწინებული ფუნქციების განსახორციელებლად კომპეტენტური ორგანოს უფლება-მოვალეობებია:

ა) პენსიის დანიშვნა, მისი გაცემის ორგანიზება, შეჩერება, განახლება, გადაანგარიშება და შეწყვეტა;

ბ) პენსიონერთა აღრიცხვა;

გ) მონიტორინგი და სახელმწიფო ზედამხედველობა, აგრეთვე საპენსიო სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა და მათზე რეაგირება კანონით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით;

დ) სტატისტიკის წარმოება, ყოველწლიური ანგარიშის მომზადება და ინფორმაციის გავრცელება;

ე) შესაბამისი დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისაგან პენსიის დანიშვნის, მისი გაცემის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის საკითხის გადაწყვეტისათვის საჭირო ინფორმაციის გამოთხოვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ვ) საკუთარი დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობები.

2. კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილებები შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი V. პენსიის დანიშვნა

    მუხლი 12. პენსიონერის უფლება-მოვალეობები

1. პენსიონერს უფლება აქვს:

ა) მიიღოს პენსია ამ კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით;

ბ) დამატებით მიიღოს სოციალური დახმარებები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

გ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.

2. პენსიონერი ვალდებულია:

ა) აცნობოს კომპეტენტურ ორგანოს იმ გარემოების დადგომის შესახებ, რომელსაც თან სდევს პენსიის გაცემის შეწყვეტა, ამ გარემოების წარმოშობიდან არა უგვიანეს 15 დღისა;

ბ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოვალეობები.

    მუხლი 13. პენსიის დასანიშნად მიმართვა

1. პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარედგინება კომპეტენტურ ორგანოს.

2. განცხადება შეიტანება მაძიებლის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. ამ წესიდან გამონაკლისი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

3. პენსიის დანიშვნისათვის საჭირო დოკუმენტების ნუსხა, საპენსიო დოკუმენტაციის წარმოების, აგრეთვე პენსიის დანიშვნის წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.

    მუხლი 14. გადაწყვეტილება პენსიის დანიშვნის თაობაზე

1. პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადებას კომპეტენტური ორგანო განიხილავს განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან არა უგვიანეს 10 დღისა.

2. კომპეტენტური ორგანოს მიერ პენსიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პენსია ინიშნება განცხადების წარდგენის დღიდან, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

3. მარჩენალის გარდაცვალების გამო პენსია ინიშნება მარჩენალის გარდაცვალების დღიდან, თუ განცხადება კომპეტენტურ ორგანოს წარედგინება ამ საფუძვლის წარმოშობიდან 3 თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემთხვევაში პენსია ინიშნება განცხადების წარდგენის დღიდან.

თავი VI. პენსიის გაცემა

    მუხლი 15. პენსიის გაცემის წესი

1. პენსია გაიცემა საქართველოს ტერიტორიაზე.

2. პენსია გაიცემა ნებისმიერ ადგილას, პენსიონერის სურვილის მიხედვით.

3. მიმდინარე თვის პენსიის გაცემა, მისი ადგილზე მიტანის ჩათვლით, წარმოებს არა უგვიანეს მომდევნო თვის დასრულებისა.

4. პენსიის გაცემის ორგანიზება ხდება მინისტრის ნორმატიული აქტით დადგენილი წესითა და პირობებით.

    მუხლი 16. პენსიის გაცემის შეჩერება და განახლება

1. პენსიის გაცემა შეჩერდება:

ა) საქართველოს მოქალაქის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობისას;

ბ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გადამოწმებაზე საპატიო მიზეზით (საავადმყოფოში, სანატორიუმში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნის გამო) გამოუცხადებლობისას. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის განმეორებით დადგენის შემთხვევაში პენსიის გაცემა განახლდება ასეთი სტატუსის დადგენის დღიდან და ანაზღაურდება ამ დაწესებულებაში პირის ყოფნის პერიოდისთვისაც. ამასთანავე, თუ ხელახალი შემოწმების დროს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირს დაუდგინდა შეზღუდული შესაძლებლობის სხვა სტატუსი, მაშინ პენსია წარსული დროისთვის გაიცემა შეზღუდული შესაძლებლობის წინა სტატუსის მიხედვით. სხვა საპატიო მიზეზები განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.

2. პენსიის გაცემის შეჩერების ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მისი გაცემა განახლდება პენსიონერის მიერ კომპეტენტურ ორგანოში პენსიის გაცემის განახლების თაობაზე განცხადების შეტანის თვის მომდევნო თვეს და ანაზღაურდება მის მიერ მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა პენსიის გაცემის შეჩერების დღიდან.

საქართველოს 2007 წლის 5 ივნისის კანონი №4857 - სსმ I, №20, 16.06.2007 წ., მუხ.173

    მუხლი 17. პენსიის გაცემის შეწყვეტა და განახლება

1. პენსიის გაცემა შეწყდება:

ა) პენსიონერის გარდაცვალებისას – აღნიშნული საფუძვლის წარმოშობის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან;

ბ) საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში;

გ) ამ კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით პენსიის მიღების უფლების მქონე პირის მიერ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დაკარგვისას;

დ) ამ კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული მარჩენალდაკარგული პირის (პირების) მიერ 18 წლის ასაკის მიღწევისას – მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან;

ე) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გადამოწმებაზე გამოუცხადებლობისას, თუ არ არსებობს პენსიის გაცემის შეჩერების ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოება – მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან;

ვ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა – მისი კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან;

ზ) უცხო ქვეყნის მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოდან გაძევებისას;

თ) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლისას ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისას;

ი) პირადი განცხადებით;

კ) სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე ყოფნისას (გარდა ხანდაზმულთა თავშესაფარში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატში, ბავშვთა სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებაში მყოფი და მინდობით აღზრდას დაქვემდებარებული პირებისა);

კ1) პენსიის შეჩერებიდან 3 წლის გასვლის შემდგომ;

ლ) სხვა საფუძვლით, თუ ის გამომდინარეობს ამ კანონიდან.

11. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით პენსიის გაცემის შეწყვეტა განხორციელდეს „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლით განსაზღვრული პირის მიერ წარმოდგენილი პენსიის მიმღების გარდაცვალების მოწმობის ან გარდაცვალების რეგისტრაციის შესახებ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ კომპეტენტური ორგანოსთვის მიწოდებული ყოველთვიური ინფორმაციის საფუძველზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით შეწყვეტილი პენსიის გაცემა განახლდება:

ა) პირის გარდაცვლილად გამოცხადების ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებისას;

ბ) საჯარო საქმიანობის შეწყვეტისას;

გ) პენსიის გაცემის შეწყვეტის ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის განმეორებით დადგენის შემდეგ;

დ) თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ;

ე) სხვა საფუძვლით, თუ ის გამომდინარეობს ამ კანონიდან.

3. ამ მუხლის შესაბამისად შეწყვეტილი პენსიის გაცემის განახლებისათვის აუცილებელია განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენა კომპეტენტურ ორგანოში.

საქართველოს 2007 წლის 5 ივნისის კანონი №4857 - სსმ I, №20, 16.06.2007 წ., მუხ.173

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5601 - სსმ I, №47, 26.12.07 წ., მუხ.403

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5869 - სსმ I, №6, 25.03.2008 წ., მუხ.24

საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2709 - სსმ I, №12, 24.03.2010 წ., მუხ.75

საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3044 - სსმ I, №25, 17.05.2010 წ., მუხ.167

    მუხლი 18. პენსიის მიუღებელი თანხის ანაზღაურება პირის გარდაცვალების შემთხვევაში

1. პენსია, რომელიც პირს ეკუთვნოდა და მისი გარდაცვალების დროისათვის არ იქნა მიღებული, მიეცემა მის მემკვიდრეებს, თუ მათ მიუღებელი თანხისთვის მიმართეს პირის გარდაცვალების დღიდან არა უგვიანეს ერთი წლისა.

2. პენსიის აღნიშნული თანხის მიღების თაობაზე რამდენიმე მემკვიდრის მიერ მიმართვისას კუთვნილი თანხა მათ შორის განაწილდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი VII. პენსიიდან თანხის დაკავება

    მუხლი 19. პენსიიდან თანხის დაკავება

1. პენსიიდან თანხის დაკავება შეიძლება მხოლოდ კომპეტენტური ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

2. ზედმეტად დარიცხული პენსიის დაბრუნება შესაძლებელია კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილებით დანიშნული პენსიის არა უმეტეს 20%-ის დაკავების მეშვეობით იმ შემთხვევებში, როდესაც ზედმეტი თანხის დარიცხვა გამოწვეულია პენსიონერის მიერ არასწორი მონაცემების წარდგენით.

3. სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება დანიშნული პენსიის არა უმეტეს 50%-ის დაკავება.

თავი VIII. პენსიის დაფინანსების წყარო

    მუხლი 20. პენსიის დაფინანსების წყარო

პენსიის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.

თავი IX. პასუხისმგებლობა კანონის მოთხოვნათა დარღვევისათვის

    მუხლი 21. პასუხისმგებლობა კანონის მოთხოვნათა დარღვევისათვის

ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

თავი X. გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 22. ამ კანონის ამოქმედებამდე მოპოვებული უფლებების შენარჩუნება

1. ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული პენსიები (პენსიის დანამატებთან ერთად), რომლებიც დანიშნულია ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებითა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტებით, ამ კანონის ამოქმედების დღიდან განიხილება, როგორც ამ კანონის თანახმად დანიშნული და გაცემული პენსიები და მათი გაცემა გაგრძელდება მხოლოდ ამ კანონის შესაბამისად.

2. ქვემოთ ჩამოთვლილი საკანონმდებლო აქტებით განისაზღვრება ამავე აქტებით რეგულირებული პენსიების მიმღებ პირთა წრე, მათი მიღების უფლების წარმოშობის საფუძვლები და პენსიების ოდენობები:

ა) „ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა აღიარებისა და მათი სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირთათვის – 35 ლარი;

ბ) „ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე და სხვა სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ პირთათვის – 45 ლარი, ხოლო მე-6 მუხლით გათვალისწინებულ პირთათვის – 40 ლარი;

გ) „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული პირისთვის – 50 ლარი, ხოლო მისი გარდაცვალების შემთხვევაში – მისი, აგრეთვე პოლიტიკური რეპრესიის გამო გარდაცვლილი პირის შვილისთვის (18 წლის ასაკამდე) და შრომისუუნარო მეუღლისთვის, მშობლისთვის, შვილისთვის (ნაშვილებისთვის) – 45 ლარი;

დ) „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ და „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული:

დ.ა) მეორე მსოფლიო ომის I და II ჯგუფების ინვალიდებისათვის – 129 ლარი, მეორე მსოფლიო ომის III ჯგუფის ინვალიდებისა და მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისათვის – 80 ლარი;

დ.ბ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებთან გათანაბრებულ პირთათვის – 55 ლარი;

დ.გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, ასევე სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე განხორციელებული საბრძოლო მოქმედებების:

დ.გ.ა) I და II ჯგუფების ინვალიდებისათვის – 84 ლარი, III ჯგუფის ინვალიდებისათვის – 70 ლარი;

დ.გ.ბ) მონაწილეთათვის – 60 ლარი;

დ.გ.გ) მონაწილეებთან გათანაბრებულ პირთათვის – 55 ლარი;

ე) „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებულ პირთათვის – 45 ლარი.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული პენსიების ოდენობები ამ კანონის ამოქმედების მომენტიდან ავტომატურად ვრცელდება მათ მიმღებ პირებზე, პენსიის დანიშვნის დროის მიუხედავად, თუ დანიშნული პენსია ამ კანონით გათვალისწინებული პენსიის ოდენობაზე ნაკლებია ან მისი ტოლია.

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5601 - სსმ I, №47, 26.12.07 წ., მუხ.403

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5869 - სსმ I, №6, 25.03.2008 წ., მუხ.24

    მუხლი 23. იმ პენსიონერთა უფლებები, რომლებიც არ არიან გათვალისწინებული ამ კანონით

ამ კანონის ამოქმედებამდე ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პენსიონერებს უგრძელდებათ დანიშნული პენსიის მიღების უფლება კომპეტენტურ დაწესებულებებში შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენილ ვადაში გადამოწმებამდე, ხოლო ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებსაც 18 წლის ასაკის შემდეგ დადგენილი აქვთ ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი, ენიშნებათ მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირისათვის დადგენილი ოდენობის პენსია. სხვა საფუძვლით პენსიის მიმღებ პირებს უგრძელდებათ დანიშნული პენსიის მიღების უფლება პენსიის გაცემის შეწყვეტის საფუძვლების წარმოშობამდე, რომლებიც გამომდინარეობს ამ კანონის ამოქმედებამდე მოქმედი საპენსიო კანონმდებლობიდან.

საქართველოს 2007 წლის 5 ივნისის კანონი №4857 - სსმ I, №20, 16.06.2007 წ., მუხ.173

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5601 - სსმ I, №47, 26.12.07 წ., მუხ.403

    მუხლი 24. პენსიის დანიშვნისა და გაცემის გარდამავალი რეგულირება

1. საკანონმდებლო აქტებში ცვლილებებისა და დამატებების განხორციელებამდე ამ კანონით გათვალისწინებული პენსიის დანიშვნასა და გაცემასთან დაკავშირებული საკითხების დროებითი რეგულირება ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

2. ამ კანონის იმპლემენტაციასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

3. თუ პენსიის დანიშვნა და გაცემა რეგულირდება სხვა საკანონმდებლო აქტებით, პენსია ინიშნება მხოლოდ ამ კანონით დადგენილ პირობათა დაკმაყოფილების შემთხვევაში.

   მუხლი 241. ზედმეტად დარიცხული პენსიის ლეგალიზაცია

1. 2008 წლის 1 აპრილამდე ზედმეტად დარიცხული პენსია, იმ შემთხვევაში, თუ ზედმეტი თანხის დარიცხვა გამოწვეულია პენსიონერის მიერ არასწორი მონაცემების წარდგენით, ექვემდებარება ლეგალიზაციას და მასზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება.

2. 2008 წლის 1 აპრილამდე ამ კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე პენსიიდან დაკავებული თანხები არ ექვემდებარება დაბრუნებას.

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5869 - სსმ I, №6, 25.03.2008 წ., მუხ.24

    მუხლი 25. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გამოსაცემი ნორმატიული აქტები

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში შეიმუშაოს და დაამტკიცოს პენსიის დანიშვნისა და მისი გაცემის განახლებისათვის საჭირო დოკუმენტების ნუსხა, ასევე საპენსიო დოკუმენტაციის წარმოებისა და პენსიის გაცემის წესები.

    მუხლი 26. პენსიის ოდენობის განსაზღვრა

ამ კანონის ამოქმედების შემდეგ პენსიების ოდენობებში ცვლილებები აისახება შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში.

    მუხლი 27. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიება

შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებული ურთიერთობები (ე. წ. რეგრესული პენსიები) რეგულირდება ცალკე კანონმდებლობით.

თავი XI. დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 28. ძალადაკარგული ნორმატიული აქტები

ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი:

ა) საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი „სავალდებულო სოციალური დაზღვევის სფეროში ინდივიდუალური (პერსონიფიცირებული) აღრიცხვისა და ინდივიდუალური ანგარიშების შემოღების შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №21, 15.07.2003, მუხ. 142);

ბ) საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი „სავალდებულო სადაზღვევო პენსიების შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №21, 15.07.2003, მუხ. 144);

გ) საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი „სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №21, 15.07.2003, მუხ. 143).

    მუხლი 29. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი

მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 23 დეკემბერი.

№2442-რს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2007 წლის 5 ივნისის კანონი №4857 - სსმ I, №20, 16.06.2007 წ., მუხ.173

2. საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5601 - სსმ I, №47, 26.12.07 წ., მუხ.403

3. საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5869 - სსმ I, №6, 25.03.2008 წ., მუხ.24

4. საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2709 - სსმ I, №12, 24.03.2010 წ., მუხ.75

5. საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3044 - სსმ I, №25, 17.05.2010 წ., მუხ.167

29. 09/06/2021 - საქართველოს კანონი - 609-IVმს-Xმპ - ვებგვერდი, 14/06/2021 28. 02/07/2020 - საქართველოს კანონი - 6728-რს - ვებგვერდი, 08/07/2020 27. 11/12/2019 - საქართველოს კანონი - 5467-Iს - ვებგვერდი, 19/12/2019 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 26. 29/05/2019 - საქართველოს კანონი - 4614-IIს - ვებგვერდი, 05/06/2019 25. 05/07/2018 - საქართველოს კანონი - 3079-რს - ვებგვერდი, 11/07/2018 24. 27/06/2018 - საქართველოს კანონი - 2629-IIს - ვებგვერდი, 06/07/2018 23. 04/04/2018 - საქართველოს კანონი - 2117-IIს - ვებგვერდი, 18/04/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 22. 21/04/2017 - საქართველოს კანონი - 662-IIს - ვებგვერდი, 10/05/2017 21. 23/03/2017 - საქართველოს კანონი - 503-IIს - ვებგვერდი, 27/03/2017 20. 22/12/2016 - საქართველოს კანონი - 198-რს - ვებგვერდი, 29/12/2016 19. 21/12/2016 - საქართველოს კანონი - 149-რს - ვებგვერდი, 28/12/2016 18. 08/06/2016 - საქართველოს კანონი - 5376-IIს - ვებგვერდი, 24/06/2016 17. 27/10/2015 - საქართველოს კანონი - 4376-Iს - ვებგვერდი, 11/11/2015 16. 03/07/2015 - საქართველოს კანონი - 3896-რს - ვებგვერდი, 10/07/2015 15. 29/05/2014 - საქართველოს კანონი - 2483-IIს - ვებგვერდი, 02/06/2014 14. 14/05/2014 - საქართველოს კანონი - 2422-IIს - ვებგვერდი, 22/05/2014 13. 01/11/2013 - საქართველოს კანონი - 1490-Iს - ვებგვერდი, 11/11/2013 12. 22/06/2012 - საქართველოს კანონი - 6540-Iს - ვებგვერდი, 04/07/2012 11. 12/06/2012 - საქართველოს კანონი - 6443-რს - ვებგვერდი, 22/06/2012 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 10. 25/05/2012 - საქართველოს კანონი - 6317-Iს - ვებგვერდი, 19/06/2012 9. 25/05/2012 - საქართველოს კანონი - 6301-Iს - ვებგვერდი, 12/06/2012 8. 24/04/2012 - საქართველოს კანონი - 6061-Iს - ვებგვერდი, 07/05/2012 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 7. 20/12/2011 - საქართველოს კანონი - 5577 - ვებგვერდი, 111228073, 28/12/2011 6. 11/11/2011 - საქართველოს კანონი - 5253-IIს - ვებგვერდი, 111116008, 16/11/2011 5. 04/05/2010 - საქართველოს კანონი - 3044 - სსმ, 25, 17/05/2010 4. 09/03/2010 - საქართველოს კანონი - 2709 - სსმ, 12, 24/03/2010 3. 14/03/2008 - საქართველოს კანონი - 5869 - სსმ, 6, 25/03/2008 2. 14/12/2007 - საქართველოს კანონი - 5601 - სსმ, 47, 26/12/2007 1. 05/06/2007 - საქართველოს კანონი - 4857 - სსმ, 20, 16/06/2007