„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2117-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 04/04/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 280060000.05.001.018804
2117-IIს
04/04/2018
ვებგვერდი, 18/04/2018
280060000.05.001.018804
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №56, 28.12.2005, მუხ. 390) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. კანონის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ამ კანონის მიზანია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს ხანდაზმულ მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაცია და სახელმწიფო პენსიის (შემდგომ – პენსია) დაწესება არსებული რესურსების ფარგლებში.“.

2. მე-4 მუხლის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) პენსია – პირისათვის ამ კანონის შესაბამისად დანიშნული ყოველთვიური ფულადი სარგებელი;

კ)  კომპეტენტური  ორგანო  –  ამ  კანონით  გათვალისწინებული მიზნებისათვის შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო, რომლის სახელმწიფო კონტროლს, წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის დანიშვნასა და დებულების დამტკიცებას უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;“.

3. მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მიიღოს სოციალური დახმარებები ან/და სამედიცინო მომსახურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და პირობების გათვალისწინებით;“.

4. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომპეტენტური ორგანოს მიერ პენსიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პენსია ინიშნება განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება წარდგენილია პენსიაზე უფლების წარმოშობის თვეში ან შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან ნებისმიერ დროს და იგი აკმაყოფილებს ამ კანონით გათვალისწინებულ პენსიის მიღების პირობებს.“.

5. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 16. პენსიის შეჩერება და განახლება

1. პენსია შეჩერდება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი საფუძვლის  წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან:

ა) პირის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობისას;

ბ) პირის წინასწარ პატიმრობაში ყოფნისას;

გ) სხვა საფუძვლით, თუ იგი ამ კანონიდან გამომდინარეობს.

2. პენსია განახლდება მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და ანაზღაურდება მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არაუმეტეს პენსიის შეჩერების დღიდან 1 წლისა:

ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − პენსიონერის მიერ კომპეტენტური ორგანოსათვის პენსიის განახლების შესახებ განცხადების წარდგენის შემდეგ;

ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანისას;

გ)   ამ   მუხლის   პირველი   პუნქტის   „გ“   ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – პენსიის შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ.“.

6. მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პენსია შეწყდება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ ამ პუნქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული:

ა) პირადი განცხადებით;

ბ) საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში;

გ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, – პენსიის შეჩერების დღიდან;

დ) უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოდან გაძევებისას;

ე) პირის საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლისას ან პირის მიერ საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისას;

ვ) პენსიონერის გარდაცვალებისას;

ზ) პენსიის შეჩერების დღიდან 3 წლის გასვლის შემდეგ;

თ) სხვა საფუძვლით, თუ იგი ამ კანონიდან გამომდინარეობს.“.

7. მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პენსიიდან    თანხის    დაკავება    შეიძლება    შესაბამისი    ორგანოს    ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.“.

მუხლი 2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში  უზრუნველყოს კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

4 აპრილი 2018 წ.

N2117-IIს