სახელმწიფო პენსიის შესახებ

სახელმწიფო პენსიის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2442
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/12/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 56, 28/12/2005
სარეგისტრაციო კოდი 280.060.000.05.001.002.060
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2442
23/12/2005
სსმ, 56, 28/12/2005
280.060.000.05.001.002.060
სახელმწიფო პენსიის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (22/12/2016 - 23/03/2017)

საქართველოს კანონი

სახელმწიფო პენსიის შესახებ

ამ კანონის მიზანია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს ხანდაზმულ მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაცია და სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის (შემდგომ – პენსია) დაწესება არსებული რესურსების ფარგლებში.

საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6061 – ვებგვერდი, 07.05.2012წ.

 

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო და საგანი

1. ეს კანონი არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს.

2. ეს კანონი ვრცელდება:

ა) საქართველოს მოქალაქეებზე;

ბ) საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებზე;

გ) პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადების შეტანის მომენტისათვის ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერ საფუძველზე მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებულ პირებს აქვთ საქართველოს მოქალაქეების თანაბარი უფლებები, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6061 – ვებგვერდი, 07.05.2012წ.

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6301 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.

    მუხლი 2. კანონმდებლობა პენსიის შესახებ

კანონმდებლობა პენსიის შესახებ შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, სხვა საკანონმდებლო აქტებისა და მათ საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.

    მუხლი 3. კანონის ძირითადი პრინციპები

ამ კანონის ძირითადი პრინციპებია:

ა) ადამიანის უფლებების დაცვა;

ბ) კანონის წინაშე თანასწორობა;

გ) საყოველთაოობა;

დ) მუდმივობა;

ე) თაობათა შორის სოლიდარობა;

ვ) პენსიის მიღების სახელმწიფო გარანტია.

    მუხლი 4. ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) განცხადება – უფლებამოსილი პირის მიერ პენსიის თაობაზე ამ კანონით დადგენილი წესით შეტანილი წერილობითი ან ელექტრონული ფორმის მოთხოვნა ;

ბ) გარდაცვალება – პირის გარდაცვალება, რაც დადასტურებულია კომპეტენტური ორგანოს მიერ, ან გარდაცვლილად გამოცხადება ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

გ) საჯარო საქმიანობა – საჯარო სამსახურში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, სკოლამდელი აღზრდის, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც მიეკუთვნება საჯარო საქმიანობას, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; ( გავრცელდეს 2014 წლის 15 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე)

[გ) საჯარო საქმიანობა – სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, სკოლამდელი აღზრდის, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;  (ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან)]

[გ) საჯარო საქმიანობა – სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა), განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;  ( ამოქმედდეს 2017 წლის 1 აპრილიდან )]

დ) (ამოღებულია – 24.04.2012, №6061);  

ე) მაძიებელი – პენსიის მიღების უფლების მქონე პირი პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადების შეტანის მომენტიდან;

ვ) პენსიონერი – პირი, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად დანიშნული აქვს პენსია;

ზ) მინისტრი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;

თ) მუდმივად მცხოვრები პირი – პირი, რომელსაც აქვს კანონიერი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოში, საქართველოს საზღვრების გარეთ კანონიერად მუშაობის, სწავლის ან მოგზაურობის მიუხედავად;

ი) პენსია – პირისათვის ამ კანონის შესაბამისად დანიშნული ყოველთვიური ფულადი სარგებლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის ერთობლიობა;

კ) კომპეტენტური ორგანო – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანო;

ლ) (ამოღებულია – 24.04.2012, №6061).

საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6061 – ვებგვერდი, 07.05.2012წ.

საქართველოს 2013 წლის 1 ნოემბრის კანონი №1490 - ვებგვერდი, 11.11.2013წ.

საქართველოს 2014  წლის  29  მაისის კანონი №2483 - ვებგვერდი, 02.06.2014წ.

საქართველოს 2015 წლის 27  ოქტომბრის კანონი  №4376  - ვებგვერდი,  11.11. 2015 წ.

საქართველოს 2016 წლის 8  ივნისის კანონი  5376  - ვებგვერდი, 24.06.2016წ.

საქართველოს 2016 წლის 21  დეკემბრის კანონი  №149  - ვებგვერდი, 28.12.2016წ.

 

თავი II. პენსიის დანიშვნა

    მუხლი 5. პენსიაზე უფლების წარმოშობა

1. პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან.

2. თუ პირს ერთდროულად წარმოეშვა უფლება ამ კანონითა და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სარგებლებზე, მას აქვს მხოლოდ ერთი კანონით მინიჭებული სარგებლის მოთხოვნის უფლება, მისივე არჩევით.

3. პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“–„ო“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებზე.

საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6061 – ვებგვერდი, 07.05.2012წ.

საქართველოს 2014  წლის 14  მაისის კანონი №2422 - ვებგვერდი, 22.05.2014წ.

საქართველოს 2015 წლის 3 ივლისის კანონი №3896 - ვებგვერდი, 10.07.2015წ.

    მუხლი 6. (ამოღებულია)

საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6061 – ვებგვერდი, 07.05.2012წ.

 

თავი III. პენსიის ოდენობა

    მუხლი 7. პენსიის ოდენობა და დაფინანსების წყარო

1. პენსიის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით.

2. პენსიის დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი.

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5601 - სსმ I, №47, 26.12.07 წ., მუხ.403

საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6061 – ვებგვერდი, 07.05.2012წ.

    მუხლი 8. (ამოღებულია)

საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6061 – ვებგვერდი, 07.05.2012წ.

    მუხლი 9. (ამოღებულია)

საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6061 – ვებგვერდი, 07.05.2012წ.

 

თავი IV. პენსიის ადმინისტრირება

    მუხლი 10. პენსიის ადმინისტრირება

1. პენსიის ადმინისტრირების/კომპეტენტური ორგანოს უფლება-მოვალეობებია:

ა) პენსიის დანიშვნა, მისი გაცემის ორგანიზება, შეჩერება, განახლება, შეწყვეტა და გადაანგარიშება;

ბ) თავის საქმიანობაში შესაბამისი პროგ­­­რამული უზრუნველყოფისა და მართვის ავტომატიზე­ბული საშუალებების, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემისა და ელექტრონული ხელმოწერის გამოყენება. ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტს.

2. მაძიებელსა/პენსიონერსა და კომპეტენტურ ორგანოს შორის მიმოწერა შეიძლება განხორციელდეს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. ორივეს აქვს თანაბარი იურიდიული ძალა. ამასთანავე, ელექტრონული ფორმით გაგზავნილი ნებისმიერი შეტყობინება ან სხვა დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი მიღებისთანავე.

საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6061 – ვებგვერდი, 07.05.2012წ.

    მუხლი 11. (ამოღებულია)

საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6061 – ვებგვერდი, 07.05.2012წ.

 

თავი V. პენსიის დანიშვნა

    მუხლი 12. პენსიონერის უფლება-მოვალეობები

1. პენსიონერს უფლება აქვს:

ა) მიიღოს პენსია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) დამატებით მიიღოს სოციალური დახმარებები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

გ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.

2. პენსიონერი ვალდებულია:

ა) აცნობოს კომპეტენტურ ორგანოს იმ გარემოების დადგომის შესახებ, რომელსაც თან სდევს პენსიის გაცემის შეწყვეტა, ამ გარემოების წარმოშობიდან არა უგვიანეს 15 დღისა;

ბ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოვალეობები.

საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6061 – ვებგვერდი, 07.05.2012წ.

    მუხლი 13. პენსიის დასანიშნად მიმართვა

1. პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარედგინება კომპეტენტურ ორგანოს.

2. (ამოღებულია – 24.04.2012, №6061).

3. პენსიის დანიშვნისათვის საჭირო დოკუმენტების ნუსხა, საპენსიო დოკუმენტაციის წარმოების, აგრეთვე პენსიის დანიშვნის წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.

საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6061 – ვებგვერდი, 07.05.2012წ.

    მუხლი 14. გადაწყვეტილება პენსიის დანიშვნის თაობაზე

1. პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადებას კომპეტენტური ორგანო განიხილავს განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან არა უგვიანეს 10 დღისა.

2. კომპეტენტური ორგანოს მიერ პენსიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) ინიშნება განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება წარდგენილია პენსიაზე უფლების წარმოშობის თვეში ან შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან ნებისმიერ დროს და იგი აკმაყოფილებს ამ კანონით გათვალისწინებულ პენსიის მიღების პირობებს. პენსიის ჯანმრთელობის დაზღვევის სარგებლის მიღებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ცალკე კანონმდებლობით.

3. (ამოღებულია – 24.04.2012, №6061).

საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6061 – ვებგვერდი, 07.05.2012წ.

 

თავი VI. პენსიის გაცემა

    მუხლი 15. პენსიის გაცემის წესი

1. პენსია გაიცემა საქართველოს ტერიტორიაზე.

2. პენსია გაიცემა ნებისმიერ ადგილას, პენსიონერის სურვილის მიხედვით.

3. მიმდინარე თვის პენსიის გაცემა, მისი ადგილზე მიტანის ჩათვლით, წარმოებს არა უგვიანეს მომდევნო თვის დასრულებისა.

4. პენსიის გაცემის ორგანიზება ხდება მინისტრის ნორმატიული აქტით დადგენილი წესითა და პირობებით.

    მუხლი 16. პენსიის შეჩერება და განახლება

1. პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) შეჩერდება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან:

ა) პირის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობისას;

ბ) პირის წინასწარ პატიმრობაში ყოფნისას.

2. პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) განახლდება მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და ანაზღაურდება მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა პენსიის შეჩერების დღიდან:

ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − პენსიონერის მიერ კომპეტენტური ორგანოსთვის პენსიის განახლების თაობაზე განცხადების წარდგენის შემდეგ;

ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანისას.

საქართველოს 2007 წლის 5 ივნისის კანონი №4857 - სსმ I, №20, 16.06.2007 წ., მუხ.173

საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6061 – ვებგვერდი, 07.05.2012წ.

    მუხლი 17. პენსიის შეწყვეტა

1. პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) შეწყდება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ ამ პუნქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული:

ა) პირადი განცხადებით;

ბ) საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში;

გ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, – პენსიის შეჩერების დღიდან;

დ) უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოდან გაძევებისას;

ე) პირის საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლისას ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისას;

ვ) პენსიონერის გარდაცვალებისას;

ზ) პენსიის შეჩერების დღიდან 3 წლის გასვლის შემდეგ;

თ) სხვა საფუძვლით, თუ იგი ამ კანონიდან გამომდინარეობს.

2. პენსიის შეწყვეტის ერთ-ერთი წყაროა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ წარმოებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაცია, რომელიც ავტომატურ რეჟიმში მიეწოდება კომპეტენტურ ორგანოს.

საქართველოს 2007 წლის 5 ივნისის კანონი №4857 - სსმ I, №20, 16.06.2007 წ., მუხ.173

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5601 - სსმ I, №47, 26.12.07 წ., მუხ.403

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5869 - სსმ I, №6, 25.03.2008 წ., მუხ.24

საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2709 - სსმ I, №12, 24.03.2010 წ., მუხ.75

საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3044 - სსმ I, №25, 17.05.2010 წ., მუხ.167

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5577 - ვებგვერდი, 28.12.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6317 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6061 – ვებგვერდი, 07.05.2012წ.

    მუხლი 18. პენსიის მიუღებელი თანხის ანაზღაურება პირის გარდაცვალების შემთხვევაში

1. პენსია, რომელიც პირს ეკუთვნოდა და მისი გარდაცვალების დროისათვის არ იქნა მიღებული, მიეცემა მის მემკვიდრეებს, თუ მათ მიუღებელი თანხისთვის მიმართეს პირის გარდაცვალების დღიდან არა უგვიანეს ერთი წლისა.

2. პენსიის აღნიშნული თანხის მიღების თაობაზე რამდენიმე მემკვიდრის მიერ მიმართვისას კუთვნილი თანხა მათ შორის განაწილდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

თავი VII. პენსიიდან თანხის დაკავება

    მუხლი 19. პენსიიდან თანხის დაკავება

1. პენსიიდან თანხის დაკავება შეიძლება მხოლოდ კომპეტენტური ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

2. ზედმეტად დარიცხული პენსიის დაბრუნება შესაძლებელია კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილებით დანიშნული პენსიის არა უმეტეს 20%-ის დაკავების მეშვეობით იმ შემთხვევებში, როდესაც ზედმეტი თანხის დარიცხვა გამოწვეულია პენსიონერის მიერ არასწორი მონაცემების წარდგენით.

3. სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება დანიშნული პენსიის არა უმეტეს 50%-ის დაკავება.

 

თავი VIII. (ამოღებულია)

საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6061 – ვებგვერდი, 07.05.2012წ.

    მუხლი 20. (ამოღებულია)

საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6061 – ვებგვერდი, 07.05.2012წ.

 

თავი IX. პასუხისმგებლობა კანონის მოთხოვნათა დარღვევისათვის

    მუხლი 21. პასუხისმგებლობა კანონის მოთხოვნათა დარღვევისათვის

ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

თავი X. გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 22. 2012 წლის 1 სექტემბრამდე მოპოვებულ უფლებათა შენარჩუნება

1. პენსიაზე უფლების მქონე იმ პენსიონერს, რომელსაც 2012 წლის 1 სექტემბრამდე აქვს დანიშნული საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის „საპენსიო უზრუნველყოფისა“ და „სოციალური დაცვის“ პროგრამული კოდებით დაფინანსებული რაიმე სახის ყოველთვიური ფულადი გასაცემელი (გარდა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა), რომლის ჯამური ოდენობა ტოლია ან აღემატება შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფისათვის „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი „საპენსიო პაკეტით“ განსაზღვრული ფულადი გასაცემლის ოდენობას, უწყდება ზემოაღნიშნული კოდებით დაფინანსებული გასაცემლები და იმავე ოდენობის შესაბამისი თანხის გაცემა უგრძელდება შეჯამებულად, „საპენსიო პაკეტის“ ფულადი გასაცემლის სახით, ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პენსიის შეწყვეტის საფუძვლის წარმოშობამდე.

2. პენსიაზე უფლების მქონე იმ პენსიონერს, რომელსაც 2012 წლის 1 სექტემბრამდე აქვს დანიშნული საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის „საპენსიო უზრუნველყოფისა“ და „სოციალური დაცვის“ პროგრამული კოდებით დაფინანსებული რაიმე სახის ყოველთვიური ფულადი გასაცემელი (გარდა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა), რომლის ჯამური ოდენობა ნაკლებია შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფისათვის „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი „საპენსიო პაკეტით“ განსაზღვრული ფულადი გასაცემლის ოდენობაზე, უწყდება ზემოაღნიშნული კოდებით დაფინანსებული გასაცემლები და მისი „საპენსიო პაკეტი“ განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით.

3. პირს, რომელიც 2012 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით არ არის პენსიაზე უფლების მქონე პირი და იყო საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის „საპენსიო უზრუნველყოფისა“ და „სოციალური დაცვის“ პროგრამული კოდებით დაფინანსებული რაიმე სახის ყოველთვიური ფულადი გასაცემლის (გარდა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა) მიმღები, შეუნარჩუნდება მოპოვებული ფულადი სარგებლის იმავე ოდენობით მიღების უფლება საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული „სოციალური პაკეტის“ სახით, პენსიის შეწყვეტის საფუძვლის წარმოშობამდე.

4. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების მიზნებისათვის 2012 წლის 1 სექტემბრამდე დანიშნული საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის „საპენსიო უზრუნველყოფისა“ და „სოციალური დაცვის“ პროგრამული კოდებით დაფინანსებული რაიმე სახის ყოველთვიური ფულადი გასაცემლის (გარდა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა) ჯამური ოდენობის გამოთვლისას ასევე გათვალისწინებულ იქნეს ყველა გასაცემელი (გარდა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა), რომელთა გაცემაც 2012 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით შეჩერებულია არა უმეტეს 6 თვის განმავლობაში.

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5601 - სსმ I, №47, 26.12.07 წ., მუხ.403

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5869 - სსმ I, №6, 25.03.2008 წ., მუხ.24

საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6061 – ვებგვერდი, 07.05.2012წ.

    მუხლი 23. (ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 5 ივნისის კანონი №4857 - სსმ I, №20, 16.06.2007 წ., მუხ.173

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5601 - სსმ I, №47, 26.12.07 წ., მუხ.403

საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6443 – ვებგვერდი, 22.06.2012წ.

საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6061 – ვებგვერდი, 07.05.2012წ.

    მუხლი 24. პენსიის დანიშვნისა და გაცემის გარდამავალი რეგულირება

1. საკანონმდებლო აქტებში ცვლილებებისა და დამატებების განხორციელებამდე ამ კანონით გათვალისწინებული პენსიის დანიშვნასა და გაცემასთან დაკავშირებული საკითხების დროებითი რეგულირება ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

2. ამ კანონის იმპლემენტაციასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

3. თუ პენსიის დანიშვნა და გაცემა რეგულირდება სხვა საკანონმდებლო აქტებით, პენსია ინიშნება მხოლოდ ამ კანონით დადგენილ პირობათა დაკმაყოფილების შემთხვევაში.

    მუხლი 241 . ზედმეტად გაცემული პენსიის ლეგალიზაცია

1. 2016 წლის 1 დეკემბრამდე ზედმეტად გაცემული პენსია ლეგალიზებულად ითვლება  და დაბრუნებას არ ექვემდებარება.

2. შეწყდეს ადმინისტრაციული, სასამართლო და სააღსრულებო წარმოებები ამ მუხლის პირველი პუნქტით ლეგალიზებული პენსიის დაბრუნების თაობაზე საქმეებზე.

3. 2016 წლის 1 დეკემბრამდე პენსიიდან დაკავებული თანხა, აგრეთვე პენსიის ზედმეტად  გაცემის გამო შესაბამისი დავალიანების მქონე პირის მიერ ნებისმიერი სხვა ფორმით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება.

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5869 - სსმ I, №6, 25.03.2008 წ., მუხ.24

საქართველოს 2011 წლის 11 ნოემბრის კანონი №5253 - ვებგვერდი, 16.11.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6540 – ვებგვერდი, 04.07.2012წ.

საქართველოს 2013 წლის 1 ნოემბრის კანონი №1490 - ვებგვერდი, 11.11.2013წ.  

საქართველოს 2016 წლის 22  დეკემბრის კანონი  №198  - ვებგვერდი, 29.12.2016წ.

    მუხლი 25. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები

საქართველოს მთავრობამ და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყონ ამ კანონის ამოქმედებისათვის საჭირო სამართლებრივი აქტების მიღება/გამოცემა.

საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6061 – ვებგვერდი, 07.05.2012წ.

    მუხლი 26. (ამოღებულია)

საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6061 – ვებგვერდი, 07.05.2012წ.

    მუხლი 27. (ამოღებულია)

საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6061 – ვებგვერდი, 07.05.2012წ.

 

თავი XI. დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 28. ძალადაკარგული ნორმატიული აქტები

ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი:

ა) საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი „სავალდებულო სოციალური დაზღვევის სფეროში ინდივიდუალური (პერსონიფიცირებული) აღრიცხვისა და ინდივიდუალური ანგარიშების შემოღების შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №21, 15.07.2003, მუხ. 142);

ბ) საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი „სავალდებულო სადაზღვევო პენსიების შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №21, 15.07.2003, მუხ. 144);

გ) საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი „სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №21, 15.07.2003, მუხ. 143).

    მუხლი 29. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი

მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 23 დეკემბერი.

№2442-რს

29. 09/06/2021 - საქართველოს კანონი - 609-IVმს-Xმპ - ვებგვერდი, 14/06/2021 28. 02/07/2020 - საქართველოს კანონი - 6728-რს - ვებგვერდი, 08/07/2020 27. 11/12/2019 - საქართველოს კანონი - 5467-Iს - ვებგვერდი, 19/12/2019 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 26. 29/05/2019 - საქართველოს კანონი - 4614-IIს - ვებგვერდი, 05/06/2019 25. 05/07/2018 - საქართველოს კანონი - 3079-რს - ვებგვერდი, 11/07/2018 24. 27/06/2018 - საქართველოს კანონი - 2629-IIს - ვებგვერდი, 06/07/2018 23. 04/04/2018 - საქართველოს კანონი - 2117-IIს - ვებგვერდი, 18/04/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 22. 21/04/2017 - საქართველოს კანონი - 662-IIს - ვებგვერდი, 10/05/2017 21. 23/03/2017 - საქართველოს კანონი - 503-IIს - ვებგვერდი, 27/03/2017 20. 22/12/2016 - საქართველოს კანონი - 198-რს - ვებგვერდი, 29/12/2016 19. 21/12/2016 - საქართველოს კანონი - 149-რს - ვებგვერდი, 28/12/2016 18. 08/06/2016 - საქართველოს კანონი - 5376-IIს - ვებგვერდი, 24/06/2016 17. 27/10/2015 - საქართველოს კანონი - 4376-Iს - ვებგვერდი, 11/11/2015 16. 03/07/2015 - საქართველოს კანონი - 3896-რს - ვებგვერდი, 10/07/2015 15. 29/05/2014 - საქართველოს კანონი - 2483-IIს - ვებგვერდი, 02/06/2014 14. 14/05/2014 - საქართველოს კანონი - 2422-IIს - ვებგვერდი, 22/05/2014 13. 01/11/2013 - საქართველოს კანონი - 1490-Iს - ვებგვერდი, 11/11/2013 12. 22/06/2012 - საქართველოს კანონი - 6540-Iს - ვებგვერდი, 04/07/2012 11. 12/06/2012 - საქართველოს კანონი - 6443-რს - ვებგვერდი, 22/06/2012 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 10. 25/05/2012 - საქართველოს კანონი - 6317-Iს - ვებგვერდი, 19/06/2012 9. 25/05/2012 - საქართველოს კანონი - 6301-Iს - ვებგვერდი, 12/06/2012 8. 24/04/2012 - საქართველოს კანონი - 6061-Iს - ვებგვერდი, 07/05/2012 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 7. 20/12/2011 - საქართველოს კანონი - 5577 - ვებგვერდი, 111228073, 28/12/2011 6. 11/11/2011 - საქართველოს კანონი - 5253-IIს - ვებგვერდი, 111116008, 16/11/2011 5. 04/05/2010 - საქართველოს კანონი - 3044 - სსმ, 25, 17/05/2010 4. 09/03/2010 - საქართველოს კანონი - 2709 - სსმ, 12, 24/03/2010 3. 14/03/2008 - საქართველოს კანონი - 5869 - სსმ, 6, 25/03/2008 2. 14/12/2007 - საქართველოს კანონი - 5601 - სსმ, 47, 26/12/2007 1. 05/06/2007 - საქართველოს კანონი - 4857 - სსმ, 20, 16/06/2007