საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ

  • Word
საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 150
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/02/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 8, 15/03/2000
ძალის დაკარგვის თარიღი 01/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 110.050.130.05.001.000.729
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
150
23/02/2000
სსმ, 8, 15/03/2000
110.050.130.05.001.000.729
საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (30/06/2004 - 25/02/2005)

საქართველოს კანონი

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის მიზანი

ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებს, დისციპლინური სახდელის სახეებს, დისციპლინური სამართალწარმოებისა და მოსამართლეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესს.

მუხლი 2. მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველი და დისციპლინური გადაცდომის სახეები

1. საერთო სასამართლოს მოსამართლეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის ეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა და სახდელი.

2. დისციპლინური გადაცდომის სახეებია:

ა) საქმის განხილვისას მოსამართლის მიერ კანონის უხეში დარღვევა;

ბ) კორუფციული სამართალდარღვევა ან თანამდებობრივი მდგომარეობის მართლმსაჯულებისა და სამსახურებრივი ინტერესების საზიანოდ გამოყენება;

გ) მოსამართლის თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა ან მოსამართლის მოვალეობებთან ინტერესთა შეუთავსებლობა;

დ) მოსამართლისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ბღალავს სასამართლოს ავტორიტეტს ან ზიანს აყენებს სასამართლოსადმი ნდობას;

ე) საქმის განხილვის უსაფუძვლო გაჭიანურება, მოსამართლის მოვალეობების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, ანდა შრომის დისციპლინის სხვაგვარი დარღვევა;

ვ) მოსამართლეთა თათბირის ან პროფესიული საიდუმლოების გამჟღავნება;

ზ) დისციპლინური უფლებამოსილების მქონე ორგანოს საქმიანობისათვის ხელის შეშლა ან მისადმი უპატივცემულობა;

თ) სამოსამართლო ეთიკის ნორმების სხვაგვარი დარღვევა.

შენიშვნა:

1. კანონის უხეშ დარღვევად ჩაითვლება კანონმდებლობის არსებითი დარღვევა, რამაც ზიანი მიაყენა (ან შეეძლო მიეყენებინა) პროცესის მონაწილის ან მესამე პირის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს. მოსამართლის მიერ კანონის უხეშ დარღვევად არ ჩაითვლება კანონის არასწორი განმარტება, რომელსაც საფუძვლად უდევს მოსამართლის შინაგანი რწმენა.

2. კორუფციული სამართალდარღვევა არის „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დარღვევა, თუ იგი არ იწვევს სისხლისსამართლებრივ ან ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას.“

საქართველოს 2004 წლის 20 ივნისის კანონი№271-სსმI, №20, 16.07.2004წ., მუხ.97

    მუხლი 3. დისციპლინური სამართალწარმოების ვადები

მოსამართლეს დისციპლინური პასუხისმგებლობა არ ეკისრება, თუ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის დღიდან გასულია სამი წელი, ხოლო დისციპლინური დევნის აღძვრის შესახებ დადგენილების (გადაწყვეტილების) მიღების დღიდან – ერთი წელი.

    მუხლი 4. დისციპლინური სახდელისა და დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების სახეები

1. დისციპლინური სახდელებია:

ა) შენიშვნა;

ბ) საყვედური;

გ) მკაცრი საყვედური;

დ) მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება.

2. დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიებებია:

ა) მოსამართლისადმი კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვა;

ბ) სასამართლოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის პირველი მოადგილის ან მოადგილის, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლება.

    მუხლი 5. დისციპლინური სამართალწარმოების კონფიდენციალობა

დისციპლინური სამართალწარმოების პროცესი კონფიდენციალურია. შესაბამისი უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირები, სახელმწიფო მოხელეები და მათი დამხმარე პერსონალი ვალდებულნი არიან დაიცვან ყველა ინფორმაციის საიდუმლოება, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა დისციპლინური სამართალწარმოების დროს, ამ კანონით დადგენილი შემთხვევების გარდა.

თავი II

მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის აღძვრა და დისციპლინური საქმის გამოკვლევა

   მუხლი 6. დისციპლინური დევნის აღძვრის უფლება

1. საერთო სასამართლოს მოსამართლის მიმართ დისციპლინურ დევნას ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევის გარდა, აღძრავენ:

ა) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე (ან მისი მოვალეობის შემსრულებელი) – საქართველოს უზენაესი სასამართლოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების, თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების, რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეთა მიმართ;

ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების თავმჯდომარეები (ან მათი მოვალეობის შემსრულებლები) – შესაბამისად აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებზე მოქმედი რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეთა მიმართ;

გ) თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების თავმჯდომარეები (ან მათი მოვალეობის შემსრულებლები) – შესაბამისად თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების მოსამართლეთა, აგრეთვე მათ სამოქმედო ტერიტორიებზე მოქმედი რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეთა მიმართ.

2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დისციპლინურ დევნას აღძრავს საქართველოს საერთო სასამართლოების ყველა მოსამართლის მიმართ ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ნებისმიერი საფუძვლით.

საქართველოს 2004 წლის 20 ივნისის კანონი№271-სსმI, №20, 16.07.2004წ., მუხ.97

    მუხლი 7. დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების საბაბი

მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის აღძვრის საბაბი შეიძლება იყოს:

ა) ნებისმიერი პირის საჩივარი ან განცხადება (ანონიმურის გარდა);

ბ) სხვა მოსამართლის ან სასამართლოს თანამშრომლის მოხსენებითი ბარათი მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ;

გ) ზემდგომი სასამართლოს კერძო განჩინება ან სხვა აქტი, რომლითაც დადგენილია მოსამართლის მიერ საქმის განხილვისას კანონის უხეში დარღვევა;

დ) მოკვლევის ორგანოს უფროსის, გამომძიებლის ან პროკურორის შეტყობინება;

ე) სხვა მოსამართლის ან სასამართლოს კერძო დადგენილება (განჩინება) მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ დასაბუთებული ვარაუდის თაობაზე;

ვ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია მოსამართლის მიერ ისეთი ქმედების ჩადენის შესახებ, რომელიც შესაძლოა დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვალოს;

ზ) სადისციპლინო კოლეგიის წარდგინება მოსამართლის მიმართ ახალი საფუძვლით დისციპლინური დევნის აღძვრის შესახებ.

  მუხლი 8. დისციპლინური დევნის აღძვრის საფუძვლიანობის წინასწარი შემოწმება

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე, თბილისის ან ქუთაისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ან საბჭოს სხვა წევრი მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ საჩივრის, განცხადების ან სხვა ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მისი მიღებიდან ორ კვირაში წინასწარ ამოწმებს დისციპლინური დევნის აღძვრის საფუძვლიანობას, რის შედეგადაც შესაბამისი სასამართლოს თავმჯდომარე ან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს დადგენილებას (გადაწყვეტილებას) მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის აღძვრის ან დისციპლინური დევნის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ. წინასწარი შემოწმების ვადა შეიძლება გაგრძელდეს ორი კვირით ან შეჩერდეს წინასწარი შემოწმების შეუძლებლობის შემთხვევაში.

2. ამ კანონის მე-7 მუხლის „ბ”–„ე” და „ზ” ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში დისციპლინური დევნის აღძვრის საფუძვლიანობის წინასწარი შემოწმება აუცილებელი არ არის და შესაბამისი სასამართლოს თავმჯდომარე ან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია დაუყოვნებლივ აღძრას დისციპლინური დევნა.

საქართველოს 2004 წლის 20 ივნისის კანონი№271-სსმI, №20, 16.07.2004წ., მუხ.97

    მუხლი 9. დისციპლინური დევნის აღძვრაზე უარის თქმა

1. მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას შესაბამისი ორგანო ან თანამდებობის პირი იღებს, თუ:

ა) დისციპლინური დევნის აღძვრის საფუძვლიანობის წინასწარი შემოწმება, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ან სასამართლოში წარდგენილი სხვა მასალები არ მიუთითებს მოსამართლის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ბრალეულად ჩადენაზე;

ბ) დისციპლინური დევნის აღძვრის, მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის ან მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სახდელის დაკისრების ვადა ამოწურულია;

გ) მიღებული ან წინასწარი შემოწმების მასალები აშკარად მიუთითებს მოსამართლის მიერ დანაშაულის ჩადენაზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში შესაბამისი მასალები ეგზავნება სისხლის სამართლის საქმის აღძვრის უფლების მქონე ორგანოს.

საქართველოს 2004 წლის 20 ივნისის კანონი№271-სსმI, №20, 16.07.2004წ., მუხ.97

    მუხლი 10. დისციპლინური დევნის აღძვრა და სადისციპლინო კომისიის შექმნა

1. სასამართლოს თავმჯდომარე ან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის აღძვრის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დასაბუთებული ვარაუდის არსებობის შემთხვევაში. სასამართლოს თავმჯდომარეს გამოაქვს დადგენილება, ხოლო საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს – გადაწყვეტილება მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის აღძვრის შესახებ. დადგენილებაში (გადაწყვეტილებაში) უნდა აღინიშნოს დისციპლინური დევნის აღძვრის საფუძველი ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისი ქვეპუნქტების მითითებით. ამავე დადგენილებით (გადაწყვეტილებით) იქმნება სადისციპლინო კომისია ორი წევრის შემადგენლობით, რომელსაც ევალება დისციპლინური საქმის სრულყოფილი გამოკვლევა.

2. დისციპლინური დევნის აღმძვრელ სასამართლოს თავმჯდომარეს სადისციპლინო კომისიის შემადგენლობაში შეჰყავს ამავე სასამართლოს მოსამართლე, რომელიც თავმჯდომარეობს კომისიას და აპარატის ერთი მოხელე. საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სადისციპლინო კომისიის შემადგენლობაში შეჰყავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთი წევრი, რომელიც თავმჯდომარეობს კომისიას და ამ საბჭოს აპარატის ერთი მოხელე.

3. მოსამართლე არ შეიძლება იყოს სადისციპლინო კომისიის შემადგენლობაში, თუ იგი მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს წევრია.

საქართველოს 2004 წლის 20 ივნისის კანონი№271-სსმI, №20, 16.07.2004წ., მუხ.97

    მუხლი 11. შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოების და თანამდებობის პირების ინფორმაციით უზრუნველყოფა

1. მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის აღძვრის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს იმ ორგანოს ან თანამდებობის პირს, რომელსაც აქვს ამ მოსამართლის მიმართ იმავე დარღვევისათვის დისციპლინური დევნის აღძვრის უფლება.

2. თუ ორ ან მეტ უფლებამოსილ ორგანოს ან თანამდებობის პირს ერთი და იმავე ფაქტზე აღძრული აქვთ დისციპლინური დევნა, საქმის წარმოებას აგრძელებს ის ორგანო ან თანამდებობის პირი, რომელმაც უფრო ადრე მიიღო დისციპლინური დევნის აღძვრის შესახებ დადგენილება (გადაწყვეტილება).

    მუხლი 12. დისციპლინური საქმის გამოკვლევა

1. სადისციპლინო კომისია ვალდებულია ერთ თვეში დაასრულოს დისციპლინური საქმის გამოკვლევა. აუცილებლობის შემთხვევაში დისციპლინური დევნის აღმძვრელი ორგანო ან თანამდებობის პირი უფლებამოსილია გააგრძელოს დისციპლინური საქმის გამოკვლევის ვადა არა უმეტეს ორი კვირით.

2. სადისციპლინო კომისია ახსნა-განმარტებას ართმევს საჩივრის (განცხადების) ავტორსა და იმ მოსამართლეს, რომლის მიმართაც აღძრულია დისციპლინური დევნა. დისციპლინური საქმის გამოკვლევისას მოსამართლისათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევა სავალდებულოა. სადისციპლინო კომისია უფლებამოსილია მოითხოვოს დისციპლინური გადაცდომის ფაქტთან დაკავშირებული ყველა საჭირო ინფორმაცია, დოკუმენტი და მასალა, მიიწვიოს სხვა პირები და მოისმინოს მათი ინფორმაცია. სადისციპლინო კომისია ვალდებულია განიხილოს იმ მოსამართლის შუამდგომლობები, რომლის წინააღმდეგაც აღძრულია დისციპლინური დევნა და მისი მოთხოვნის შემთხვევაში ჩამოართვას მას დამატებითი ახსნა-განმარტება.

3. სასამართლოს თავმჯდომარეს უფლება აქვს ქვემდგომი სასამართლოდან, ხოლო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს ყველა სასამართლოდან (საქართველოს უზენაესი სასამართლოს გარდა) გამოითხოვოს სადისციპლინო კომისიის წინადადებით შესაბამისი სასამართლო საქმე, განხილვის პროცესში მყოფი საქმეების გარდა.

4. სადისციპლინო კომისიას შესაბამის უფლებამოსილებათა განხორციელებისას ეკრძალება მოსამართლის მიერ გამოტანილი სასამართლო აქტის კანონიერების შემოწმება, იმ შემთხვევის გარდა, როცა დისციპლინური დევნა აღძრულია მოსამართლის მიერ საქმის განხილვისას კანონის უხეში დარღვევის საფუძვლით.

საქართველოს 2004 წლის 20 ივნისის კანონი№271-სსმI, №20, 16.07.2004წ., მუხ.97

    მუხლი 13. დისციპლინური საქმის წარმოების შეჩერება

1. დისციპლინური საქმის წარმოება შეიძლება შეჩერდეს, თუ:

ა) დისციპლინური საქმის გამოკვლევის მასალები აშკარად მიუთითებს მოსამართლის მიერ დანაშაულის ჩადენაზე. ამ შემთხვევაში დისციპლინური საქმის მასალები ეგზავნება სისხლის სამართლის საქმის აღძვრის უფლების მქონე ორგანოს;

ბ) დისციპლინური საქმის გამოკვლევის პროცესში წარმოიშვა ისეთი ობიექტური სირთულეები ან დაბრკოლებები (იმ მოსამართლის ავადმყოფობა, ვის წინააღმდეგაც აღძრულია დევნა ან სხვა შემთხვევები), რომლებიც დროებით შეუძლებელს ხდის ამ საქმის გამოკვლევას. ამ შემთხვევაში შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო ან თანამდებობის პირი დადგენილებით (გადაწყვეტილებით) დროებით აჩერებს საქმის წარმოებას. დისციპლინური საქმის გამოკვლევა განახლდება კანონით დადგენილი წესით;

გ) დისციპლინური საქმის გამოკვლევის მასალები აშკარად მიუთითებს მოსამართლის მიერ საქმის განხილვისას კანონის უხეშ დარღვევაზე. ამ შემთხვევაში დისციპლინური საქმის წარმოება შეიძლება შეჩერდეს ზემდგომი სასამართლოს მიერ ამ საკითხის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ან სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

2. დისციპლინური საქმის წარმოების შეჩერების პერიოდი არ ჩაითვლება ამ კანონით დისციპლინური საქმის გამოკვლევისათვის დადგენილ ვადაში, აგრეთვე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ერთწლიან ვადაში, მაგრამ გათვალისწინებული იქნება დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის ამ კანონით დადგენილ სამწლიან ვადაში.

საქართველოს 2004 წლის 20 ივნისის კანონი№271-სსმI, №20, 16.07.2004წ., მუხ.97

    მუხლი 14. სადისციპლინო კომისიის დასკვნა

1. სადისციპლინო კომისია შესაბამისი სასამართლოს თავმჯდომარეს ან საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წარუდგენს წერილობით დასკვნას დისციპლინურ გადაცდომასთან დაკავშირებული ფაქტების დადასტურების ან დაუდასტურებლობის შესახებ. თუ დისციპლინური დევნა აღძრულია საქმის განხილვისას მოსამართლის მიერ კანონის უხეში დარღვევის საფუძვლით, დასკვნა შეიძლება შეიცავდეს მოსამართლის მიერ კანონმდებლობის დარღვევის სამართლებრივ შეფასებას.

2. სადისციპლინო კომისიის დასკვნა უნდა შეიცავდეს კომისიის რეკომენდაციას მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის ან მის მიმართ დისციპლინური დევნის შეწყვეტის შესახებ.

3. სადისციპლინო კომისია უფლებამოსილია შეიმუშაოს რეკომენდაცია მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ ისეთი დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვისაც, რომელიც საფუძვლად არ დასდებია მის წინააღმდეგ დისციპლინური დევნის აღძვრას.

4. სადისციპლინო კომისიის დასკვნას ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი. თუ სადისციპლინო კომისიის წევრი მთლიანად ან ნაწილობრივ არ ეთანხმება კომისიის დასკვნას, მას უფლება აქვს ხელი არ მოაწეროს დასკვნას და მას თან დაურთოს საკუთარი წერილობითი მოსაზრება.

5. სადისციპლინო კომისიის დასკვნას წარდგენიდან ორ კვირაში განიხილავს შესაბამისი უფლების მქონე ორგანო ან თანამდებობის პირი.

საქართველოს 2004 წლის 20 ივნისის კანონი№271-სსმI, №20, 16.07.2004წ., მუხ.97

მუხლი 15. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დისციპლინური საკითხების შესახებ გადაწყვეტილების მიღება

1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დისციპლინური დევნის აღძვრის, სადისციპლინო კომისიის შექმნის, მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის ან დისციპლინური დევნის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით დადგენილი წესით, იმ პირობით, რომ საკითხის განხილვაში საქართველოს პრეზიდენტი, როგორც წესი, არ მონაწილეობს და სხდომებს თავმჯდომარეობს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.

2. დისციპლინური საკითხების განხილვის მიზნით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომას იწვევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.

3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სხდომაზე განიხილავს სადისციპლინო კომისიის დასკვნას. მას უფლება აქვს სხდომაზე მიიწვიოს სადისციპლინო კომისიის წევრები, მოსამართლე, ვის მიმართაც არის აღძრული დისციპლინური დევნა, საჩივრის (განცხადების) ავტორი, მოისმინოს მათი ინფორმაცია და ახსნა-განმარტებები.

საქართველოს 2004 წლის 20 ივნისის კანონი№271-სსმI, №20, 16.07.2004წ., მუხ.97

    მუხლი 16. სადისციპლინო კომისიის დასკვნის განხილვის შედეგები. მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემა და დისციპლინური დევნის შეწყვეტა

1. სადისციპლინო კომისიის დასკვნას განიხილავს შესაბამისი სასამართლოს თავმჯდომარე ან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. სასამართლოს თავმჯდომარეს გამოაქვს დადგენილება, ხოლო საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს – გადაწყვეტილება მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის ან დისციპლინური დევნის შეწყვეტის შესახებ.

2. მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიმცემი ორგანო ან თანამდებობის პირი უფლებამოსილია არ დაეთანხმოს სადისციპლინო კომისიის რეკომენდაციას მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის ან მის მიმართ დისციპლინური დევნის შეწყვეტის შესახებ და მიიღოს საპირისპირო გადაწყვეტილება. ის აგრეთვე უფლებამოსილია არ დაეთანხმოს სადისციპლინო კომისიის იურიდიულ შეფასებებს, მის მიერ მოკვლეული ფაქტობრივი მასალების გათვალისწინებით შეცვალოს მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის საფუძველი და მოსამართლე პასუხისგებაში მისცეს ისეთი დისციპლინური გადაცდომისათვის, რომელიც საფუძვლად არ დასდებია მის წინააღმდეგ დისციპლინური დევნის აღძვრას ან აღნიშნული არ არის სადისციპლინო კომისიის რეკომენდაციაში.

3. დადგენილებაში (გადაწყვეტილებაში) მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ გადმოცემული უნდა იყოს მოსამართლისათვის წარდგენილი დისციპლინური ბრალდების შინაარსი.

4. იმავე დადგენილებით (გადაწყვეტილებით) შესაბამისი ორგანო ან თანამდებობის პირი მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს სადისციპლინო კოლეგიაში ნიშნავს თავის წარმომადგენელს საქმის განხილვის დროს დისციპლინური ბრალდების მხარდასაჭერად. წარმომადგენლად, როგორც წესი, ინიშნება სადისციპლინო კომისიის წევრი (თავმჯდომარე).

5. დადგენილების (გადაწყვეტილების) ასლი გადაეცემა დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემულ მოსამართლეს.

6. დადგენილება (გადაწყვეტილება) მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის თაობაზე მისი მიღებიდან სამ დღეში დისციპლინურ საქმესთან ერთად ეგზავნება მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს.

საქართველოს 2004 წლის 20 ივნისის კანონი№271-სსმI, №20, 16.07.2004წ., მუხ.97

    მუხლი 17. ინფორმაციით უზრუნველყოფა

მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ განცხადების, საჩივრის ან შეტყობინების განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება მისი მიღებიდან ათ დღეში უნდა ეცნობოს ან გაეგზავნოს შესაბამის პირს ან ორგანოს.

    მუხლი 18. დისციპლინური დევნის შეწყვეტა

მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას შესაბამისი ორგანო ან თანამდებობის პირი იღებს, თუ:

ა) დისციპლინური საქმის გამოკვლევის შედეგად მოსამართლის მიერ ამ კანონით დისციპლინური გადაცდომის ბრალეულად ჩადენა არ დადასტურდა;

ბ) მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის ან მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სახდელის დაკისრების ვადა ამოიწურა;

გ) დისციპლინური საქმის გამოკვლევა ამა თუ იმ მიზეზით შეუძლებელია. ამ შემთხვევაში სადისციპლინო კომისია იღებს დასაბუთებულ დასკვნას, რომლის საფუძველზედაც წყდება დისციპლინური დევნა;

დ) გაგზავნილი მასალების საფუძველზე მოსამართლის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე;

ე) მოსამართლეს შეუწყდა სამოსამართლო უფლებამოსილება.

    მუხლი 19. მოსამართლისადმი კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვა

1. თუ დისციპლინური დევნის აღძვრის საფუძვლიანობის წინასწარი შემოწმებისას ან დისციპლინური საქმის გამოკვლევისას უტყუარად დადგინდება მოსამართლის მიერ ისეთი დისციპლინური გადაცდომის ჩადენა, რომლისთვისაც მიზანშეუწონლად იქნება მიჩნეული მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემა, შესაბამის ორგანოს ან თანამდებობის პირს უფლება აქვს არ აღძრას დისციპლინური დევნა ან შეწყვიტოს აღძრული დევნა და მოსამართლეს მიმართოს კერძო სარეკომენდაციო ბარათით.

2. გარემოებები, რომლებიც შეიძლება საფუძვლად დაედოს მოსამართლისადმი კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვას, აგრეთვე ამ ბარათის შინაარსი და ტექსტი კონფიდენციალურია.

3. მოსამართლისადმი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კერძო სარეკომენდაციო ბარათს ხელს აწერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.

საქართველოს 2004 წლის 20 ივნისის კანონი№271-სსმI, №20, 16.07.2004წ., მუხ.97

    მუხლი 20. საქმის განხილვისა და სხვა თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განხორციელებისაგან მოსამართლის ჩამოცილების აკრძალვა

დაუშვებელია საქმის განხილვისაგან და სხვა თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განხორციელებისაგან მოსამართლის ჩამოცილება მის წინააღმდეგ დისციპლინური დევნის აღძვრის, მისი დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის ან მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სახდელის დაკისრების გამო, ამ კანონის 56-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევის გარდა.

თავი III

მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს კოლეგიის მიერ დისციპლინური საქმეების განხილვა

    მუხლი 21. დისციპლინური საქმეების განმხილველი ორგანო და მისი საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი

1. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა მიმართ დისციპლინურ საქმეებს განიხილავს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭო (შემდგომში – სადისციპლინო საბჭო).

2. მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭო საქმიანობას ახორციელებს ამ კანონით დადგენილი წესით.

საქართველოს 2004 წლის 20 ივნისის კანონი№271-სსმI, №20, 16.07.2004წ., მუხ.97

     მუხლი 22. სადისციპლინო საბჭოს შემადგენლობა

1. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭო შედგება 8 წევრისაგან.

2. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს წევრებს, რომელთაგან ოთხი საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეა, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით ხმათა უმრავლესობით ამტკიცებს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა კონფერენცია, ხოლო კონფერენციის სხდომებს შორის შუალედში – მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტი.

3. სადისციპლინო საბჭოში იქმნება სადისციპლინო კოლეგიები ოთხი წევრის შემადგენლობით. კოლეგია, როგორც წესი, იქმნება სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეებისგან.

4. სადისციპლინო საბჭოს ჰყავს თავმჯდომარე, რომელიც იმავდროულად არის სადისციპლინო საბჭოს წევრი. სადისციპლინო საბჭოს თავმჯდომარე თავმჯდომარეობს სადისციპლინო საბჭოს სხდომებს და მოსამართლეთა კონფერენციას აწვდის ინფორმაციას სადისციპლინო საბჭოს საქმიანობის შესახებ.

საქართველოს 2004 წლის 20 ივნისის კანონი№271-სსმI, №20, 16.07.2004წ., მუხ.97

    მუხლი 23. სადისციპლინო საბჭოს კოლეგიის გადაწყვეტილების შესრულების სავალდებულობა

სადისციპლინო საბჭოს კოლეგიის გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

    მუხლი 24. სადისციპლინო საბჭოსა და მისი კოლეგიების ფორმირების წესი

1. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს წევრებს და თავმჯდომარეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა კონფერენცია, ხოლო კონფერენციის სხდომებს შორის შუალედში – მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტი. კოლეგიების შემადგენლობას განსაზღვრავენ სადისციპლინო საბჭოს წევრები.

2. თუ სადისციპლინო საბჭოს წევრობის კანდიდატმა ვერ მიიღო ხმათა საჭირო რაოდენობა, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარადგენს სხვა კანდიდატს.

3. სადისციპლინო საბჭოს თავმჯდომარე არ შეიძლება იყოს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლე, ეკავოს რაიმე სხვა თანამდებობა ან ეწეოდეს სხვა ანაზღაურებით საქმიანობას, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა. სადისციპლინო საბჭოს თავმჯდომარე არის საჯარო მოსამსახურე და მისი შრომის ანაზღაურება და საქმიანობის ხარჯები ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სადისციპლინო საბჭოს ორგანიზაციული მუშაობის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

4. სადისციპლინო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაა ოთხი წელი.

საქართველოს 2004 წლის 20 ივნისის კანონი№271-სსმI, №20, 16.07.2004წ., მუხ.97

    მუხლი 25. სადისციპლინო საბჭოს წევრი

1. სადისციპლინო საბჭოს წევრი შეიძლება იყოს საქართველოს საერთო სასამართლოს ნებისმიერი მოსამართლე, სასამართლოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მოადგილის, კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის გარდა. მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს წევრი შეიძლება აგრეთვე იყოს – უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს სპეციალობით მუშაობის სულ მცირე 5 წლის გამოცდილება.

2. მოსამართლე არ შეიძლება იყოს სადისციპლინო საბჭოს წევრი, თუ მას უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა და სახდელი.

3. სადისციპლინო საბჭოს წევრად ზედიზედ განმეორებით არჩევა შეიძლება მხოლოდ ერთხელ.

4. სადისციპლინო საბჭოს წევრობიდან განთავისუფლების საფუძველია:

ა) პირადი სურვილი;

ბ) მოსამართლის თანამდებობის დატოვება;

გ) დისციპლინური საქმის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება;

დ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენა;

ე) უფლებამოსილების ვადის გასვლა.

5. სადისციპლინო საბჭოს წევრობიდან განთავისუფლების საფუძველი შეიძლება გახდეს სამოსამართლო ეთიკის სხვა ნორმების დარღვევა.

6. გადაწყვეტილებას სადისციპლინო საბჭოს წევრობიდან განთავისუფლების შესახებ იღებს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა კონფერენცია, ხოლო კონფერენციის სხდომებს შორის შუალედში – ადმინისტრაციული კომიტეტი, რომელიც ვალდებულია შეამოწმოს სადისციპლინო საბჭოს წევრის განთავისუფლების საფუძველი. ის უფლებამოსილია სხდომაზე მიიწვიოს შესაბამისი წევრი და მოისმინოს მისი მოსაზრება.

7. სადისციპლინო საბჭოს წევრის დისციპლინურ საქმეს განიხილავს სადისციპლინო საბჭოს ის კოლეგია, რომლის წევრიც არ არის დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი მოსამართლე.

8. სადისციპლინო საბჭოში არჩევის შემდეგ მოსამართლე მოსამართლის ძირითადი მოვალეობების შესრულებისაგან არ თავისუფლდება.

საქართველოს 2000 წლის 20 აპრილის კანონი №251-სსმI, №15, 25. 04.2000წ., მუხ.37

საქართველოს 2004 წლის 20 ივნისის კანონი№271-სსმI, №20, 16.07.2004წ., მუხ.97

მუხლი 26(ამოღებულია).

საქართველოს 2004 წლის 20 ივნისის კანონი№271-სსმI, №20, 16.07.2004წ., მუხ.97

    მუხლი 27. მოვალეობების ანაზღაურების გარეშე შესრულება

სადისციპლინო საბჭოს წევრები შესაბამისი მოვალეობების შესრულებისათვის დამატებით ანაზღაურებას ან ხელფასის დანამატს არ იღებენ, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

საქართველოს 2004 წლის 20 ივნისის კანონი№271-სსმI, №20, 16.07.2004წ., მუხ.97

    მუხლი 28. სადისციპლინო საბჭოს საქმიანობის ადგილი

სადისციპლინო საბჭოს საქმიანობის ადგილია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ან ამისთვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილსამყოფელი.

საქართველოს 2004 წლის 20 ივნისის კანონი№271-სსმI, №20, 16.07.2004წ., მუხ.97

    მუხლი 29. სადისციპლინო კოლეგიის მიერ საქმის განხილვის ფარგლები

სადისციპლინო კოლეგიას უფლება არა აქვს გასცდეს დისციპლინური ბრალდების ფარგლებს (ბრალდების ფაქტობრივ მხარეს). მას აგრეთვე არა აქვს უფლება სადისციპლინო კოლეგიის სხდომაზე არსებითი მსჯელობის საგნად აქციოს ის ფაქტები ან გარემოებები, რომლებიც უშუალოდ არ უკავშირდება მოსამართლისათვის წაყენებულ დისციპლინურ ბრალდებას, ანდა ცნოს მოსამართლე ბრალეულად ისეთი დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის, რომლის გამოც დისციპლინური ბრალდება მისთვის არ წაუყენებიათ, და დააკისროს მას დისციპლინური პასუხისმგებლობა და სახდელი.

    მუხლი 30. სადისციპლინო კოლეგიის საქმიანობის პრინციპები

1. სადისციპლინო კოლეგია საქმის განხილვისას მოქმედებს როგორც სასამართლო. (ძალადაკარგულია)[ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2004 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება №1/3/209, 276-სსმIV, №31, 06.07.2004წ., გვ.2]

2. სადისციპლინო კოლეგიაში დისციპლინური საქმე განიხილება კოლეგიურად – კოლეგიის ოთხი წევრის შემადგენლობით.

3. სადისციპლინო კოლეგია დისციპლინურ საქმეს განიხილავს მიუკერძოებლად და ობიექტურად, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე.

4. სადისციპლინო კოლეგიის სხდომები დახურულია, ხოლო დისციპლინური საქმის განხილვასთან დაკავშირებული ინფორმაცია – კონფიდენციალური. სადისციპლინო საბჭოს წევრები და დისციპლინური ბრალდების წარმდგენი პირი ვალდებულნი არიან დაიცვან ამ ინფორმაციის კონფიდენციალობა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2004 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება №1/3/209, 276-სსმIV, №31, 06.07.2004წ., გვ.2

საქართველოს 2004 წლის 20 ივნისის კანონი№271-სსმI, №20, 16.07.2004წ., მუხ.97

    მუხლი 31. დისციპლინური საქმის განხილვის ვადა

სადისციპლინო კოლეგია დისციპლინურ საქმეს განიხილავს მისი მიღებიდან არა უგვიანეს ორ თვეში.

    მუხლი 32. დისციპლინური საქმის განხილვის ადგილი

სადისციპლინო კოლეგია დისციპლინურ საქმეს განიხილავს სპეციალურად გამოყოფილ დარბაზში. დისციპლინური საქმის სასამართლო დარბაზში განხილვა დაუშვებელია.

    მუხლი 33. სადისციპლინო კოლეგიაში დისციპლინური საქმეების განაწილების წესი

დისციპლინურ საქმეებს სადისციპლინო კოლეგიების შემადგენლობების მიხედვით ანაწილებს სადისციპლინო საბჭოს თავმჯდომარე საქმეთა რიგითობის გათვალისწინებით, ხოლო რიგითობის მიხედვით საქმეების განაწილების შეუძლებლობის შემთხვევაში – საკუთარი შეხედულებით.

    მუხლი 34. სადისციპლინო კოლეგიის წევრის დისციპლინური საქმისაგან ჩამოცილება

1. სადისციპლინო კოლეგიის წევრი ვალდებულია ჩამოსცილდეს დისციპლინური საქმის განხილვას, თუ არსებობს ისეთი გარემოება, რომელიც მას ხელს შეუშლის ამ საქმის მიუკერძოებლად და ობიექტურად განხილვაში.

2. სადისციპლინო კოლეგიის წევრი ვალდებულია ჩამოსცილდეს დისციპლინური საქმის განხილვას, თუ მის მიერ ან მისი მონაწილეობით გამოტანილი სასამართლოს განჩინება, დადგენილება, კერძო განჩინება, სადისციპლინო კოლეგიის წარდგინება, ანდა მისი მოხსენებითი ბარათი საფუძვლად დაედო მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის აღძვრას.

მუხლი 35. სადისციპლინო კოლეგიის აცილება

1. დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემულ მოსამართლეს, აგრეთვე დისციპლინურ პასუხისგებაში მიმცემი ორგანოს ან თანამდებობის პირის წარმომადგენელს უფლება აქვს სადისციპლინო კოლეგიის წევრს ან კოლეგიის მთელ შემადგენლობას მისცეს აცილება. იგი ვალდებულია დაასახელოს და დაასაბუთოს აცილების მოტივი. დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემულ მოსამართლეს აგრეთვე უფლება აქვს აცილება მისცეს მისი დისციპლინურ პასუხისგებაში მიმცემი ორგანოს ან თანამდებობის პირის წარმომადგენელს, რომელიც მის საქმეზე დისციპლინური ბრალდების მხარდამჭერად არის დანიშნული.

2. შუამდგომლობას სადისციპლინო კოლეგიის, მისი წევრის ან ბრალდების მხარდამჭერად დანიშნული წარმომადგენლის აცილების შესახებ განიხილავს სადისციპლინო კოლეგია სათათბირო ოთახში.

3. აცილების შესახებ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, თუ სადისციპლინო კოლეგიის წევრის, კოლეგიის მთელი შემადგენლობის ან ბრალდების მხარდამჭერად დანიშნული წარმომადგენლის მიუკერძოებლობისადმი ეჭვი საფუძვლიანია.

4. სადისციპლინო კოლეგიის წევრის ან ბრალდების მხარდამჭერად დანიშნული წარმომადგენლის მიერ წარსულში დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემული მოსამართლის მიერ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა არ ჩაითვლება სადისციპლინო კოლეგიის წევრის ან ბრალდების მხარდამჭერად დანიშნული წარმომადგენლის მიკერძოებისა და აცილების საფუძვლად. ამავე დროს, თუ სადისციპლინო კოლეგიის წევრი ან ბრალდების მხარდამჭერად დანიშნული წარმომადგენელი, როგორც ზემდგომი სასამართლოს მოსამართლე, მონაწილეობდა ქვემდგომი სასამართლოს მოსამართლის მიერ საქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებაში ან შეცვლაში და მისი დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემა ამ საქმის განხილვის დროს კანონის უხეშ დარღვევას უკავშირდება, ეს გარემოება ჩაითვლება აცილების საფუძვლად.

5. სადისციპლინო კოლეგიის წევრის ან ბრალდების მხარდამჭერად დანიშნული წარმომადგენლის აცილების შესახებ შუამდგომლობა აუცილებლად უნდა დაკმაყოფილდეს, თუ არსებობს ამ კანონის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული რომელიმე გარემოება.

6. აცილების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში სადისციპლინო კოლეგია გადადებს საქმის განხილვას და დაუყოვნებლივ მიმართავს მოხსენებითი ბარათით სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარეს სადისციპლინო საბჭოს სხვა კოლეგიისათვის საქმის გადასაცემად, აცილებული სადისციპლინო კოლეგიის წევრის ნაცვლად ამ საბჭოს სხვა კოლეგიის წევრის ან ბრალდების მხარდამჭერი სხვა წარმომადგენლის დასანიშნად.

7. სადისციპლინო კოლეგიის ან ბრალდების მხარდამჭერად დანიშნული წარმომადგენლის აცილების შემთხვევაში საქმის განხილვის გადადების ვადა არ ჩაითვლება დისციპლინური სახდელის დაკისრებისათვის ამ კანონით დადგენილ ვადაში.

8. აცილების შესახებ შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სადისციპლინო კოლეგია იმავე სხდომაზე აგრძელებს საქმის განხილვას.

    მუხლი 36. დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტა კანონით დადგენილი ვადის ამოწურვის გამო

1. დისციპლინური საქმის მიღებისას სადისციპლინო კოლეგია ვალდებულია მისი განხილვის დაწყებამდე შეამოწმოს, ხომ არ არის ამოწურული მოსამართლისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ამ კანონით დადგენილი ვადა.

2. თუ მოსამართლისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ვადა ამოწურულია, სადისციპლინო კოლეგია ვალდებულია დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და აცნობოს ეს გადაწყვეტილება მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიმცემ ორგანოს ან თანამდებობის პირს, აგრეთვე იმ მოსამართლეს, რომლის მიმართაც აღძრულია დისციპლინური დევნა.

    მუხლი 37. დისციპლინური საქმის წარმოების შეჩერება დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო

1. დისციპლინური საქმის მიღებისას სადისციპლინო კოლეგია ვალდებულია მისი განხილვის დაწყებამდე შეამოწმოს, ხომ არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს ქმედება, რომელიც საფუძვლად დაედო მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემას.

2. თუ დისციპლინური საქმის მასალების მიხედვით მოსამართლის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა აშკარაა, სადისციპლინო კოლეგია არ იწყებს საქმის განხილვას, აჩერებს დისციპლინური საქმის წარმოებას, საქმის მასალებს უგზავნის შესაბამის ორგანოს და ამის შესახებ აცნობებს მოსამართლეს, რომლის მიმართაც აღძრულია დისციპლინური დევნა, აგრეთვე მის დისციპლინურ პასუხისგებაში მიმცემ ორგანოს ან თანამდებობის პირს.

3. თუ მოსამართლის წინააღმდეგ მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებისათვის სისხლის სამართლის საქმე არ აღიძვრება ან აღძრული საქმე შეწყდება, შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ სადისციპლინო კოლეგია განაახლებს შეჩერებული დისციპლინური საქმის წარმოებას, თუ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ვადა ამოწურული არ არის.

    მუხლი 38. დისციპლინური საქმის განსახილველად მომზადება

1. სადისციპლინო კოლეგია, რომელსაც დაევალა დისციპლინური საქმის განხილვა, წინასწარ ეცნობა მას და ნიშნავს კოლეგიაში საქმის განხილვის დღეს.

2. სადისციპლინო კოლეგიამ საქმის განხილვის ადგილი, დღე და საათი დროულად უნდა აცნობოს მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიმცემ ორგანოს ან თანამდებობის პირს და მათ წარმომადგენლებს, აგრეთვე მოსამართლეს, რომლის წინააღმდეგაც აღძრულია დისციპლინური საქმე.

3. სადისციპლინო კოლეგია იწვევს მოწმეებსა და სხვა პირებს საქმის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად და აცნობებს მათ საქმის განხილვის ადგილს, დღესა და საათს.

    მუხლი 39. სადისციპლინო კოლეგიის მიერ საქმის განხილვა

1. სადისციპლინო კოლეგია დისციპლინურ საქმეს განიხილავს სადისციპლინო კოლეგიის სხდომაზე. სხდომას თავმჯდომარეობს სადისციპლინო საბჭოს თავმჯდომარე, მომხსენებელი წევრი ან საბჭოს სხვა წევრი.

2. სადისციპლინო კოლეგიის სხდომას ხსნის კოლეგიის თავმჯდომარე.

3. დისციპლინური საქმის განხილვა იწყება კოლეგიის ერთ-ერთი წევრის მოხსენებით, რომელშიც ქრონოლოგიური თანამიმდევრობით არის გადმოცემული დისციპლინური საქმის წარმოების ეტაპები და შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებები.

4. მოხსენების მოსმენის შემდეგ სიტყვა ეძლევათ მხარეებს, პირველად – მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიმცემი ორგანოს ან თანამდებობის პირის წარმომადგენელს დისციპლინური ბრალდების წარსადგენად, შემდეგ – დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემულ მოსამართლეს წაყენებულ ბრალდებაზე საპასუხოდ. დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემულ მოსამართლეს უფლება აქვს ისარგებლოს დამცველის დახმარებით. მას შეუძლია დამცველად მიიწვიოს ადვოკატი, ნებისმიერი მოსამართლე ან სხვა წარმომადგენელი.

5. მხარეებს უფლება აქვთ სრულად გამოხატონ და სათანადოდ დაიცვან თავიანთი პოზიციები, დაუსვან ერთმანეთს შეკითხვები, წარადგინონ წერილობითი და სხვა სახის მტკიცებულებები, აღძრან შუამდგომლობები სხვადასხვა დოკუმენტების, მასალების ან ინფორმაციის გამოქვეყნების, ანდა სხდომაზე მიწვეულ პირთა ინფორმაციების მოსმენის, დამატებითი დოკუმენტების მოთხოვნის ან დამატებითი პირების მიწვევისა და მათი ინფორმაციების მოსმენის, შესაბამისი სასამართლო საქმის გამოთხოვის შესახებ, აგრეთვე განახორციელონ სხვა ღონისძიებები. შუამდგომლობებს განიხილავს სადისციპლინო კოლეგია.

6. სადისციპლინო კოლეგია უფლებამოსილია დაუსვას შეკითხვები მხარეებს ან საქმის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად მიწვეულ პირებს, მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტები, მასალები ან ინფორმაცია, დამატებით მიიწვიოს სხვა პირები მათი ინფორმაციის მოსასმენად, გადადოს საქმის განხილვა არა უმეტეს ორი კვირით და განახორციელოს სხვა ღონისძიებები.

7. დისციპლინური ბრალდების წარმდგენი პირი შემოიფარგლება მხოლოდ დისციპლინური ბრალდების წაყენებითა და მისი დასაბუთებით. მას არა აქვს უფლება მოითხოვოს მოსამართლისათვის კონკრეტული დისციპლინური სახდელის დაკისრება და დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების შეფარდება.

8. სადისციპლინო კოლეგიის სხდომაზე დგება ოქმი.

საქართველოს 2004 წლის 20 ივნისის კანონი№271-სსმI, №20, 16.07.2004წ., მუხ.97

    მუხლი 40. მხარეთა თანასწორუფლებიანობის უზრუნველყოფა

1. სადისციპლინო კოლეგია ვალდებულია მხარეებს შეუქმნას თანაბარი პირობები და შესაძლებლობები თავიანთი პოზიციების გამოსახატავად და დასაცავად.

2. დაუშვებელია სადისციპლინო კოლეგიის წევრების რომელიმე მხარესთან წინასწარი შეხვედრა ანდა მისგან რაიმე ინფორმაციის მიღება მეორე მხარის დაუსწრებლად, ან მისთვის ამ ინფორმაციის შინაარსის გაუცნობლად, თუ ეს საქმის ორგანიზაციულ მხარეს არ ეხება.

3. სადისციპლინო კოლეგიის წევრი ვალდებულია საქმის განხილვამდე და განხილვის პროცესში არ გამოხატოს თავისი დამოკიდებულება ან წინასწარი განწყობა ერთ-ერთი მხარის სასარგებლოდ, რამაც შესაძლოა ეჭვქვეშ დააყენოს სადისციპლინო კოლეგიის მიუკერძოებლობა.

    მუხლი 41. დისციპლინური საქმის განხილვაში მხარეთა სავალდებულო მონაწილეობა

1. დისციპლინური საქმის განხილვისას სადისციპლინო კოლეგიის სხდომაზე დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემული მოსამართლისა და მისი პასუხისგებაში მიმცემი ორგანოს ან თანამდებობის პირის წარმომადგენლის მონაწილეობა სავალდებულოა. თუ რომელიმე მხარე სადისციპლინო კოლეგიის სხდომაზე არ გამოცხადდა, კოლეგია ვალდებულია გადადოს საქმის მოსმენა არა უმეტეს ორი კვირით. ეს ვადა არ ჩაითვლება სადისციპლინო კოლეგიის მიერ საქმის განხილვის ორთვიან ვადაში.

2. თუ დადასტურდა, რომ დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემული მოსამართლე თავს არიდებს და არასაპატიო მიზეზით არ ცხადდება სადისციპლინო კოლეგიის სხდომაზე, სადისციპლინო კოლეგია უფლებამოსილია მის დაუსწრებლად განიხილოს საქმე, შესაბამისი საფუძვლის არსებობისას ცნოს იგი ბრალეულად და დააკისროს მას დისციპლინური პასუხისმგებლობა და სახდელი.

3. თუ დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემული მოსამართლე მძიმე ავადმყოფობის ან სხვა დაუძლეველი ძალის გამო ვერ ცხადდება სადისციპლინო კოლეგიის სხდომაზე, კოლეგია უფლებამოსილია გადაწყვეტილებით შეაჩეროს დისციპლინური საქმის წარმოება სამ თვემდე ვადით. ეს ვადა არ ჩაითვლება დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების სამწლიან ვადაში. თუ ამ ვადაში საქმის წარმოების შეჩერების მიზეზები არ აღმოიფხვრება, სადისციპლინო კოლეგია უფლებამოსილია განიხილოს საქმე მოსამართლის დაუსწრებლად.

    მუხლი 42. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება მოსამართლისათვის დისციპლინური ბრალდების მოხსნის ან მოსამართლის მიერ დისციპლინური ბრალდების აღიარების შემთხვევაში

1. დისციპლინურ პასუხისგებაში მიმცემი ორგანოს ან თანამდებობის პირის წარმომადგენელს უფლება აქვს დისციპლინური საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე (კოლეგიის სათათბირო ოთახში გასვლამდე) მოხსნას მოსამართლისათვის წაყენებული დისციპლინური ბრალდება. ამ შემთხვევაში სადისციპლინო კოლეგია ვალდებულია განხილვის ეტაპის მიუხედავად შეწყვიტოს საქმის განხილვა და შესაბამისად – დისციპლინური საქმე.

2. დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემულ მოსამართლეს უფლება აქვს საქმის განხილვის დაწყებამდე სრულად აღიაროს დისციპლინური ბრალდება და სთხოვოს სადისციპლინო კოლეგიას დისციპლინური საქმის არსებითი განხილვის გარეშე მიიღოს გადაწყვეტილება მისი ბრალეულად ცნობის და მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სახდელის დაკისრების შესახებ. სადისციპლინო კოლეგია ვალდებულია დააკმაყოფილოს მოსამართლის შუამდგომლობა და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

საქართველოს 2004 წლის 20 ივნისის კანონი№271-სსმI, №20, 16.07.2004წ., მუხ.97

    მუხლი 43. სადისციპლინო კოლეგიაში საქმის განხილვის დროებით შეჩერება

1. თუ დისციპლინური საქმის განხილვის დასრულებამდე სადისციპლინო საბჭო მიიღებს იმავე მოსამართლის მიმართ აღძრულ სხვა დისციპლინურ საქმეს, სადისციპლინო კოლეგია ვალდებულია დროებით შეაჩეროს პირველი საქმის განხილვა, შეაერთოს დისციპლინური საქმეები, ერთდროულად განიხილოს ისინი და ორი ან მეტი გადაცდომისათვის ბრალეულად ცნობისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შემთხვევაში დააკისროს მას ამ კანონით გათვალისწინებული ერთ-ერთი სახდელი.

2. თუ სადისციპლინო კოლეგიისთვის ცნობილი გახდება, რომ იმავე მოსამართლის მიმართ სხვა ბრალდებით აღძრულია დისციპლინური დევნა, იგი უფლებამოსილია დროებით შეაჩეროს დისციპლინური საქმის განხილვა და დაელოდოს ამ საკითხის გადაწყვეტას.

3. სადისციპლინო კოლეგიაში საქმის განხილვის დროებით შეჩერება ხდება აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

4. საქმის დროებით შეჩერების ვადა არ ჩაითვლება სადისციპლინო კოლეგიის მიერ საქმის განხილვის ორთვიან ვადაში.

    მუხლი 44. საქმის უწყვეტად განხილვის პრინციპის დაუცველობა

დისციპლინურ სამართალწარმოებაში არ მოქმედებს საქმის განხილვის უწყვეტობის პრინციპი. დისციპლინური საქმის განხილვის გადადების ან დროებით შეჩერების შემთხვევაში მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს წევრებს უფლება აქვთ განიხილონ სხვა დისციპლინური საქმე და შემდეგ გააგრძელონ გადადებული ან დროებით შეჩერებული საქმის განხილვა. მათ უფლება აქვთ განიხილონ დისციპლინური საქმე იმის მიუხედავად, მონაწილეობენ თუ არა სხვა საქმეების (სისხლის სამართლის, სამოქალაქო ან სხვა საქმეები) განხილვაში.

    მუხლი 45. საქმის შესახებ არსებითი გადაწყვეტილების მიღება

სადისციპლინო კოლეგია ადგენს, ჩაიდინა თუ არა მოსამართლემ ქმედება, რომლისთვისაც მას წარედგინა დისციპლინური ბრალდება და ამ კანონის შესაბამისად არის თუ არა ეს ქმედება დისციპლინური გადაცდომა. სადისციპლინო კოლეგია ასევე ადგენს, მიუძღვის თუ არა მოსამართლეს ბრალი დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში. მხოლოდ სამივე ამ გარემოების არსებობისას არის სადისციპლინო კოლეგია უფლებამოსილი მიიღოს გადაწყვეტილება მოსამართლის ბრალეულად ცნობის და მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სახდელის დაკისრების შესახებ.

    მუხლი 46. სადისციპლინო კოლეგიის წარდგინება ახალი ბრალდებით დისციპლინური დევნის აღსაძრავად

თუ დისციპლინური საქმის განხილვის დროს სადისციპლინო კოლეგიაში წარმოიშვა მოსამართლის მიერ სხვა დისციპლინური გადაცდომის ჩადენის საფუძვლიანი ეჭვი, სადისციპლინო კოლეგია ვალდებულია წარდგინებით მიმართოს შესაბამის ორგანოს ან თანამდებობის პირს მოსამართლის მიმართ ახალი ბრალდებით დისციპლინური დევნის აღსაძრავად. თუ საჭიროდ მიიჩნევს სადისციპლინო კოლეგია უფლებამოსილია შეაჩეროს არსებული ბრალდებით დისციპლინური საქმის წარმოება სხვა დისციპლინური გადაცდომისათვის მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის საკითხის გადაწყვეტამდე.

    მუხლი 47. სადისციპლინო კოლეგიის მიერ გადაწყვეტილების მიღება

1. სადისციპლინო კოლეგია გადაწყვეტილებას იღებს სათათბირო ოთახში.

2. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს უჭერს კოლეგიის სამი წევრი.

3. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება ფორმდება წერილობით და მას ხელს აწერენ კოლეგიის წევრები.

4. სადისციპლინო კოლეგიის წევრი, რომელიც არ ეთანხმება დისციპლინური საქმის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას, წერილობით აყალიბებს თავის აზრს, რომელიც თან ერთვის საქმეს.

5. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გასაჩივრება შეიძლება საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოში.

საქართველოს 2004 წლის 20 ივნისის კანონი№271-სსმI, №20, 16.07.2004წ., მუხ.97

    მუხლი 48. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების სახეები

1. სადისციპლინო კოლეგია უფლებამოსილია გამოიტანოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:

ა) დისციპლინური საქმის წარმოების შეჩერების შესახებ;

ბ) დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ;

გ) მოსამართლის დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში ბრალეულად ცნობისა და მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სახდელის დაკისრების შესახებ;

დ) მოსამართლის დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში ბრალეულად ცნობის, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისა და მოსამართლისადმი კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვის შესახებ;

ე) მოსამართლის გამართლების შესახებ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები მიიღება მხოლოდ დისციპლინური საქმის არსებითი განხილვის დასრულების შემდეგ.

    მუხლი 49. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ

1. სადისციპლინო კოლეგია იღებს დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას, თუ:

ა) მოსამართლისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრების ვადა ამოიწურა;

ბ) მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიმცემმა ორგანომ ან თანამდებობის პირმა მოსამართლეს დისციპლინური ბრალდება მოუხსნა;

გ) მოსამართლე, რომლის წინააღმდეგაც აღძრულია დისციპლინური დევნა, დისციპლინური საქმის განხილვის დასრულებამდე გადადგება ანდა მას შეუწყდება სამოსამართლო უფლებამოსილება;

დ) სადისციპლინო კოლეგიის მიერ გაგზავნილი მასალების საფუძველზე მოსამართლის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, ანდა არ აღიძრა მოსამართლის ბრალის, ან იმ ფაქტების დაუდასტურებლობის გამო, რომლებიც საფუძვლად დაედო დისციპლინურ ბრალდებას.

2. დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება სადისციპლინო კოლეგიას შეუძლია მხოლოდ საქმის არსებითი განხილვის დასრულებამდე, სადისციპლინო კოლეგიის სათათბირო ოთახში გასვლამდე.

    მუხლი 50. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება დისციპლინური საქმის წარმოების დროებით შეჩერების შესახებ

1. გადაწყვეტილებას დისციპლინური საქმის წარმოების დროებით შეჩერების შესახებ სადისციპლინო კოლეგია იღებს ამ კანონის 43-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

 2. დისციპლინური საქმის წარმოების დროებით შეჩერება დაიშვება მხოლოდ საქმის არსებითი განხილვის დასრულებამდე, სადისციპლინო კოლეგიის სათათბირო ოთახში გასვლამდე.

    მუხლი 51. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში მოსამართლის ბრალეულად ცნობის, მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისა და მისადმი კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვის შესახებ

1. სადისციპლინო კოლეგია იღებს დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში მოსამართლის ბრალეულად ცნობის, მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისა და მისადმი კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვის შესახებ გადაწყვეტილებას, თუ სადისციპლინო კოლეგიაში საქმის განხილვისას დადასტურდა მოსამართლის მიერ ამ კანონით დადგენილი დისციპლინური გადაცდომის ბრალეულად ჩადენა, მაგრამ დარღვევის მცირე მნიშვნელობის, ბრალის უმნიშვნელო ხარისხის გამო ან სხვა მოტივით (საკითხის დელიკატურობის ან სხვა მიზეზით, მოსამართლის პიროვნების გათვალისწინებით) სადისციპლინო კოლეგია მიზანშეუწონლად თვლის მოსამართლისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრებას და საკმარისად მიიჩნევს მისთვის კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვას.

2. კერძო სარეკომენდაციო ბარათი არის სადისციპლინო კოლეგიის წერილი დისციპლინური დარღვევის ჩამდენი მოსამართლისადმი, სადაც უარყოფითად არის შეფასებული ამ მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი. ბარათში აგრეთვე მოცემულია სადისციპლინო კოლეგიის რეკომენდაცია და რჩევა-დარიგება დარღვევების აღმოფხვრის, მოსამართლის მოვალეობების განხორციელებასთან დაკავშირებული სირთულეებისა და პრობლემების დაძლევის გზებისა და საშუალებების შესახებ.

3. კერძო სარეკომენდაციო ბარათის შინაარსი კონფიდენციალურია. ბარათი ეგზავნება მხოლოდ დისციპლინური გადაცდომის ჩამდენ მოსამართლეს. მისი ასლის სხვა ორგანოს ან თანამდებობის პირისათვის გაგზავნა დაუშვებელია. ბარათის ასლი თან ერთვის დისციპლინურ საქმეს დალუქული პაკეტის სახით. მისი გახსნა შეიძლება მხოლოდ მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში საქმის სადისციპლინო კოლეგიაში განხილვის დროს.

    მუხლი 52. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება მოსამართლის გამართლების შესახებ

სადისციპლინო კოლეგია იღებს მოსამართლის გამართლების შესახებ გადაწყვეტილებას, თუ საქმის განხილვის შედეგად მოსამართლის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ბრალეულად ჩადენა არ დადასტურდა.

    მუხლი 53. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში მოსამართლის ბრალეულად ცნობის და მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სახდელის დაკისრების შესახებ

სადისციპლინო კოლეგია იღებს დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში მოსამართლის ბრალეულად ცნობის და მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სახდელის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებას, თუ სადისციპლინო კოლეგიაში საქმის განხილვის შედეგად დადასტურდა მოსამართლის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე დისციპლინური გადაცდომის ბრალეულად ჩადენა და კოლეგია მიზანშეწონილად მიიჩნევს დააკისროს მას ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ერთ-ერთი სახდელი.

    მუხლი 54. დისციპლინური სახდელისა და დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების დაკისრების საერთო წესი

1. სადისციპლინო კოლეგია მოსამართლისათვის დისციპლინური სახდელისა და დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების შერჩევისას ითვალისწინებს დისციპლინური გადაცდომის შინაარსსა და სიმძიმეს, შედეგებს, რომლებიც მას მოჰყვა ან შეიძლებოდა მოჰყოლოდა, ბრალის ხარისხსა და მოსამართლის პიროვნებას, მის საქმიან და მორალურ რეპუტაციას.

2. სადისციპლინო კოლეგია უფლებამოსილია გამოიყენოს მხოლოდ ერთი სახის დისციპლინური სახდელი. დისციპლინური სახდელის დაკისრება შეიძლება დამოუკიდებლად ან ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიებასთან ერთად. ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება გამოიყენება მხოლოდ დამოუკიდებლად.

3. თუ ადრე ჩადენილი დისციპლინური გადაცდომისათვის დაკისრებული სახდელი გაქარწყლებული არ არის, როგორც წესი, მოსამართლეს ეკისრება უფრო მკაცრი დისციპლინური სახდელი.

    მუხლი 55. სასამართლოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილეების, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლება

სასამართლოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მოადგილის, აგრეთვე სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლების დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიებას სადისციპლინო კოლეგია იყენებს მოსამართლის მიერ შესაბამისი ადმინისტრაციული უფლებამოსილების – სასამართლოს, კოლეგიის ან პალატის ხელმძღვანელის მოვალეობების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებული სხვა დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში.

    მუხლი 56. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ

1. სადისციპლინო კოლეგია იღებს მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას, თუ კონკრეტული დისციპლინური გადაცდომის შინაარსისა და სიმძიმის, აგრეთვე მოსამართლის მიერ ადრე ჩადენილი დისციპლინური გადაცდომების, ასევე მისი საერთო საქმიანი და მორალური რეპუტაციის გათვალისწინებით კოლეგია მიზანშეუწონლად მიიჩნევს ამ მოსამართლის მიერ სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელების გაგრძელებას. სადისციპლინო კოლეგიამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ამ გადაწყვეტილების საფუძველი შეიძლება იყოს მხოლოდ მძიმე დარღვევა.

2. თუ წარსულში მოსამართლეს ჩადენილი დისციპლინური გადაცდომისათვის დაეკისრა დისციპლინური სახდელი – მკაცრი საყვედური – დამოუკიდებლად ან კანონით გათვალისწინებულ დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიებასთან ერთად და ეს სახდელი გაქარწყლებული არ არის, ახალი დისციპლინური გადაცდომისათვის დისციპლინური სახდელის შერჩევისას კოლეგიამ აუცილებლად უნდა იმსჯელოს ამ მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხზე.

3. სადისციპლინო კოლეგიის მიერ მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან მოსამართლე კანონით დადგენილი წესით ჩამოცილებული უნდა იქნეს საქმის განხილვისაგან და სხვა თანამდებობრივი უფლებამოსილებების განხორციელებისაგან.

    მუხლი 57. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების შინაარსი

სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებაში აღინიშნება :

ა) სადისციპლინო კოლეგიის დასახელება;

ბ) სადისციპლინო კოლეგიის შემადგენლობა;

გ) დისციპლინური საქმის განხილვის დრო;

დ) დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემული მოსამართლის სახელი, გვარი და თანამდებობა;

ე) დისციპლინური დევნის აღმძვრელი და დისციპლინურ პასუხისგებაში მიმცემი თანამდებობის პირის ვინაობა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოს დასახელება;

ვ) დისციპლინური დევნის აღძვრისა და დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის თარიღები;

ზ) დისციპლინური საქმის გარემოებები;

თ) დისციპლინური ბრალდებისა და მოსამართლის ახსნა-განმარტების შინაარსი;

ი) მიღებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, გადაწყვეტილების შინაარსი და მოტივაცია;

კ) დისციპლინური გადაცდომის სახე, რომლისთვისაც მოსამართლეს ეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა და დისციპლინური სახდელისა და დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების სახეები;

ლ) დისციპლინური საქმის შეწყვეტის, მოსამართლის გამართლების, მოსამართლისადმი კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვის ან მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ წარდგინების საფუძველი.

    მუხლი 58. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა

1. სადისციპლინო კოლეგიის მიერ დისციპლინური საქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ასლები მისი მიღებიდან ხუთ დღეში ეგზავნება მოსამართლეს, რომლის მიმართაც გამოტანილ იქნა გადაწყვეტილება, დისციპლინურ პასუხისგებაში მიმცემ ორგანოს ან თანამდებობის პირს, ასევე იმ სასამართლოს, სადაც მოსამართლე მუშაობს, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და მოსამართლეთა კონფერენციას.

2. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების ასლი უნდა დაერთოს მოსამართლის პირად საქმეს.

საქართველოს 2004 წლის 20 ივნისის კანონი№271-სსმI, №20, 16.07.2004წ., მუხ.97

    მუხლი 59. სადისციპლინო კოლეგიის სხდომის ოქმი და მისი შინაარსი

1. სადისციპლინო კოლეგიის სხდომის ოქმში აისახება სადისციპლინო კოლეგიის სხდომის თარიღი, მისი დაწყების საათი, სხდომის მიმდინარეობა, სადისციპლინო კოლეგიის შემადგენლობა, მხარეთა ვინაობა, მათი პოზიციები, მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესაბამისი არგუმენტაცია, მათ მიერ დაყენებული შუამდგომლობების არსი და მათი განხილვის შედეგები, სხდომაზე მიწვეულ პირთა ვინაობა და მათი ინფორმაციები, სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების შინაარსი, სხდომის დამთავრების დრო.

2. სადისციპლინო კოლეგიის სხდომის ოქმს ხელს აწერენ სადისციპლინო კოლეგიის სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი.

3. სადისციპლინო კოლეგიის სხდომის ოქმი თან ერთვის დისციპლინურ საქმეს.

საქართველოს 2004 წლის 20 ივნისის კანონი№271-სსმI, №20, 16.07.2004წ., მუხ.97

თავი IV

სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გადასინჯვა

    მუხლი 60. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გასაჩივრება

1. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გადასინჯვა შეიძლება საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოში მისი გასაჩივრების გზით. გასაჩივრებას ექვემდებარება მხოლოდ ამ კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ – „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები. გასაჩივრების უფლება აქვთ დისციპლინური საქმის მხარეებს.

2. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების შესახებ საჩივარი წერილობითი ფორმით შეტანილი უნდა იქნეს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოში ამ გადაწყვეტილების მიღებიდან ათ დღეში.

3. მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიმცემი ორგანო ან თანამდებობის პირი სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს თავისი წარმომადგენლის მეშვეობით, რომელიც საქმის განხილვის დროს მხარს უჭერდა დისციპლინურ ბრალდებას. სადისციპლინო საბჭოში საქმის განხილვის დროს ბრალდების ფუნქციის განსახორციელებლად ის უფლებამოსილია დანიშნოს სხვა წარმომადგენელი. გადაწყვეტილებას სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, ხოლო სასამართლოს თავმჯდომარე – ერთპიროვნულად.

4. მოსამართლე, რომელსაც დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა, სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს პირადად ან თავისი დამცველის, ანდა სხვა წარმომადგენლის მეშვეობით.

საქართველოს 2004 წლის 20 ივნისის კანონი№271-სსმI, №20, 16.07.2004წ., მუხ.97

    მუხლი 61. დისციპლინური საქმის სადისციპლინო საბჭოსთვის გადაცემა

დისციპლინური საქმის ერთ-ერთი ან ორივე მხარის საჩივრის მიღებიდან ხუთ დღეში მოსამართლეთა შესაბამისი სადისციპლინო კოლეგია (თავმჯდომარე) დისციპლინურ საქმეს მიღებულ საჩივრებთან ერთად გადასცემს სადისციპლინო საბჭოს და ამის შესახებ ატყობინებს დისციპლინური საქმის მხარეებს.

საქართველოს 2004 წლის 20 ივნისის კანონი№271-სსმI, №20, 16.07.2004წ., მუხ.97

   მუხლი 62. სადისციპლინო საბჭოში საქმის გადასინჯვის პირობები

სადისციპლინო საბჭო საჩივარს სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების შესახებ განიხილავს საქმის მიღებიდან ერთ თვეში. სადისციპლინო საბჭო უზრუნველყოფს საქმის მხარეებისათვის საქმის განხილვის დროის შეტყობინებას და მათ მიწვევას სადისციპლინო საბჭოს სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად. სადისციპლინო საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით დისციპლინური საქმე გადაეცემა სადისციპლინო საბჭოს ერთ-ერთ წევრს საბჭოს სხდომაზე მოსახსენებლად.

საქართველოს 2004 წლის 20 ივნისის კანონი№271-სსმI, №20, 16.07.2004წ., მუხ.97

    მუხლი 63. სადისციპლინო საბჭოს მიერ საკითხის განხილვის ფარგლები

1. სადისციპლინო საბჭო უფლებამოსილია გადასინჯოს სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების კანონიერება და სამართლიანობა.

2. სადისციპლინო საბჭო, როგორც წესი, შემოიფარგლება სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტების იურიდიული შეფასების სისწორის, დაკისრებული სახდელისა და დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების კანონიერების, სამართლიანობისა და მიზანშეწონილობის შემოწმებით.

3. ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში სადისციპლინო საბჭო უფლებამოსილია ხელახლა არსებითად განიხილოს დისციპლინური საქმე, გამოიკვლიოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. ამ საქმის არსებითი განხილვის შესახებ ცალკე გადაწყვეტილებას სადისციპლინო საბჭო იღებს იმავე სხდომაზე.

4. დისციპლინური საქმის ხელახალი არსებითი განხილვის დროს სადისციპლინო საბჭო უფლებამოსილი არ არის გასცდეს დისციპლინური ბრალდების ფარგლებს (ბრალდების ფაქტობრივ მხარეს).

    მუხლი 64. სადისციპლინო საბჭოს საქმიანობის პრინციპები

საჩივრის განხილვის დროს სადისციპლინო საბჭო საქმიანობას ახორციელებს ამ კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული პრინციპების შესაბამისად.

    მუხლი 65. სადისციპლინო საბჭოს გადაწყვეტილება დისციპლინური საქმის ხელახალი არსებითი განხილვის შესახებ

1. სადისციპლინო საბჭო, როგორც წესი, იღებს დისციპლინური საქმის ხელახალი არსებითი განხილვის შესახებ გადაწყვეტილებას, თუ:

ა) საქმე განხილულია ამ კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული პრინციპების დარღვევით;

ბ) საქმე განხილულია კოლეგიის ისეთი შემადგენლობის მიერ, რომლის ერთი ან ყველა წევრი უნდა ჩამოსცილებოდა საქმის განხილვას ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში;

გ) საქმე განხილულია მხარეთა სავალდებულო მონაწილეობის წესის დარღვევით;

დ) საქმე სადისციპლინო კოლეგიის მიერ გამოკვლეულია არასრულყოფილად.

2. სადისციპლინო საბჭო, როგორც წესი, იღებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით დისციპლინური საქმის ხელახალი არსებითი განხილვის შესახებ გადაწყვეტილებას, თუ ამის შესახებ შუამდგომლობს სადისციპლინო საბჭოს სხდომაზე ამ საქმის მომხსენებელი წევრი. ამასთან, მომხსენებელი ვალდებულია დაასაბუთოს თავისი შუამდგომლობის საფუძვლიანობა.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების არსებობის შემთხვევაში აუცილებელი არ არის სადისციპლინო საბჭოს მიერ საქმის ხელახალი არსებითი განხილვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება. სადისციპლინო საბჭო მსჯელობს და აფასებს მოახდინა თუ არა ამ გარემოებებმა გავლენა სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების კანონიერებასა და სამართლიანობაზე და მხოლოდ ამის შემდეგ განიხილავს და წყვეტს საქმის ხელახალი არსებითი განხილვის საკითხს.

4. დისციპლინური საქმის ხელახალი არსებითი განხილვის დროს სადისციპლინო საბჭო უფლებამოსილია მიიღოს ამ კანონის 69-ე მუხლით გათვალისწინებული ნებისმიერი გადაწყვეტილება.

    მუხლი 66. სადისციპლინო საბჭოს მიერ საქმის განხილვა

1. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების შესახებ მიღებული საჩივარი განიხილება სადისციპლინო საბჭოს სხდომაზე. სხდომას თავმჯდომარეობს სადისციპლინო საბჭოს თავმჯდომარე, ან მისი დავალებით – საბჭოს სხვა წევრი.

2. სადისციპლინო საბჭო პირველად ისმენს დისციპლინურ საქმეზე დანიშნული მომხსენებლის მოხსენებას, რომელიც სადისციპლინო საბჭოს აცნობს სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებისა და მიღებული საჩივრის შინაარსს, აგრეთვე საკუთარ მოსაზრებას საჩივრის საფუძვლიანობის შესახებ.

3. მომხსენებლის შემდეგ სიტყვა ეძლევათ მხარეებს. ისინი გამოხატავენ თავიანთ პოზიციებს სადისციპლინო კოლეგიის მიერ დადასტურებული ფაქტების იურიდიული შეფასებისა და დაკისრებული დისციპლინური სახდელის ან დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების კანონიერებისა და სამართლიანობის საკითხებზე.

4. მხარეებს უფლება აქვთ სადისციპლინო საბჭოს წინაშე დააყენონ შუამდგომლობა საქმის ხელახალი არსებითი განხილვის შესახებ. თუ სადისციპლინო საბჭომ ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა, საქმის ხელახალი არსებითი განხილვის დროს მხარეებს ენიჭებათ ამ კანონის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული უფლებები.

5. დისციპლინური საქმის განხილვაში მონაწილე სადისციპლინო საბჭოს წევრებს უფლება აქვთ შეკითხვები დაუსვან მხარეებს და გამოხატონ თავიანთი პოზიცია. საქმის ხელახალი არსებითი განხილვის დროს სადისციპლინო საბჭოს წევრებს უფლება აქვთ დააყენონ საკითხი დამატებითი დოკუმენტების, მასალების ან ინფორმაციის გამოთხოვის, სხვა პირთა მიწვევის, საქმის გადადების შესახებ და განახორციელონ საქმის არსებითი განხილვის პროცედურიდან გამომდინარე სხვა უფლებამოსილებები.

6. საქმის ხელახალი არსებითი განხილვის შესახებ საკითხის კენჭისყრაზე დაყენება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ ამას მხარს უჭერს დისციპლინურ საქმეზე დანიშნული მომხსენებელი. სადისციპლინო საბჭო უფლებამოსილია, თუ ეს შესაძლებელია, იმავე სხდომაზე დაიწყოს საქმის ხელახალი არსებითი განხილვა ან გადადოს ის არა უმეტეს ორი კვირით. საქმის გადადების ვადა არ ჩაითვლება სადისციპლინო საბჭოს მიერ საქმის განხილვის ვადაში.

7. სადისციპლინო საბჭოს სხდომაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი.

საქართველოს 2004 წლის 20 ივნისის კანონი№271-სსმI, №20, 16.07.2004წ., მუხ.97

    მუხლი 67. სადისციპლინო საბჭოს სხდომაზე საქმის განხილვაში მხარეთა მონაწილეობა

სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების შესახებ საჩივრის განხილვის დროს სადისციპლინო საბჭოს სხდომაზე დისციპლინური საქმის განხილვისას სადისციპლინო საბჭო უფლებამოსილია შემოიფარგლოს დანიშნული მომხსენებლის მოსმენით და სადისციპლინო საბჭოს წევრების მიერ აზრის გამოთქმის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება. თუ სადისციპლინო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება დისციპლინური საქმის ხელახალი არსებითი განხილვის შესახებ, ის ვალდებულია უზრუნველყოს საქმის ხელახლა განხილვაში მხარეთა სავალდებულო მონაწილეობა.

    მუხლი 68. სადისციპლინო საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღება

1. სადისციპლინო საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტი ხმის უფლებით სარგებლობს სადისციპლინო საბჭოს თავმჯდომარე.

2. სადისციპლინო საბჭოს წევრმა გადაწყვეტილების მიღებისას არ შეიძლება თავი შეიკავოს ხმის მიცემისაგან.

საქართველოს 2004 წლის 20 ივნისის კანონი№271-სსმI, №20, 16.07.2004წ., მუხ.97

    მუხლი 69. სადისციპლინო საბჭოს გადაწყვეტილების სახეები

სადისციპლინო საბჭო უფლებამოსილია მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:

ა) სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ, თუ საჩივარი ეხება ამ კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს;

ბ) სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების შეცვლის შესახებ, თუ საჩივარი ეხება ამ კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს;

გ) სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შესახებ, თუ საკითხი ეხება ამ კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს.

    მუხლი 70. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველი

1. სადისციპლინო საბჭო იღებს სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას, თუ დადგინდება, რომ სადისციპლინო კოლეგიამ კანონიერად გაამართლა მოსამართლე ან შეწყვიტა მის წინააღმდეგ დისციპლინური საქმის წარმოება, ანდა სწორი იურიდიული კვალიფიკაცია მისცა კოლეგიის სხდომაზე დადგენილ დისციპლინურ გადაცდომას და ამასთანავე, მოსამართლეს კანონიერი და სამართლიანი დისციპლინური სახდელი ან დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება დააკისრა.

2. თუ სადისციპლინო საბჭო ხელახლა არსებითად იხილავს საქმეს, სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების უცვლელად დასატოვებლად, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობასთან ერთად სავალდებულოა, რომ საბჭოს სხდომაზე დადასტურდეს სადისციპლინო კოლეგიის მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტებიც (შესაბამისი დისციპლინური გადაცდომის ჩადენა, დისციპლინური საქმის შეწყვეტის ან მოსამართლის გამართლების საფუძვლები).

    მუხლი 71. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველი

1. სადისციპლინო საბჭო იღებს სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების შეცვლის შესახებ გადაწყვეტილებას, თუ:

ა) სადისციპლინო კოლეგიამ არასწორი იურიდიული კვალიფიკაცია მისცა მოსამართლის მიერ ჩადენილ ქმედებებს და სწორად ვერ განსაზღვრა ამ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული რომელი დისციპლინური გადაცდომა ჩაიდინა მოსამართლემ; სადისციპლინო საბჭო უფლებამოსილია მოსამართლის ქმედება გადააკვალიფიციროს ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ ნებისმიერი სახის დისციპლინურ გადაცდომაზე, ბრალეულად ცნოს მოსამართლე ამ კანონით გათვალისწინებული სხვა დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვისაც, თუ ამას მოიცავს დისციპლინური ბრალდების ფაქტობრივი მხარე;

ბ) სადისციპლინო კოლეგიამ გამოიყენა უკანონო, უსამართლო ან მიზანშეუწონელი დისციპლინური სახდელი ან დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება. ამ შემთხვევაში სადისციპლინო საბჭო უფლებამოსილია:

ბ.ა) უცვლელად დატოვოს დისციპლინური სახდელი და მოუხსნას მოსამართლეს დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება;

ბ.ბ) შეცვალოს დისციპლინური სახდელი და უცვლელად დატოვოს დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება;

ბ.გ) შეცვალოს დისციპლინური სახდელი და დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება, ან გამოიყენოს ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება;

ბ.დ) დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება შეცვალოს ნებისმიერი დისციპლინური სახდელით დამოუკიდებლად ან ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიებასთან ერთად.

2. თუ ერთდროულად არსებობს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გარემოებები, სადისციპლინო საბჭო იღებს გადაწყვეტილებას მოსამართლის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის იურიდიული კვალიფიკაციის, მოსამართლისათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელის ან დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების შეცვლის და, შესაბამისად, ამ ნაწილში სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების შეცვლის შესახებ.

    მუხლი 72. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი

სადისციპლინო საბჭო იღებს სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას, თუ სადისციპლინო კოლეგიამ უკანონოდ გაამართლა მოსამართლე, უკანონოდ შეწყვიტა მის წინააღმდეგ აღძრული დისციპლინური საქმე, ანდა უკანონოდ დააკისრა მას დისციპლინური პასუხისმგებლობა და გამოიყენა დისციპლინური სახდელი ან დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გაუქმებისთანავე საბჭო უფლებამოსილია მიიღოს ამ კანონის 48-ე მუხლით გათვალისწინებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გარდა.

    მუხლი 73. სადისციპლინო საბჭოს გადაწყვეტილების ფორმა

1. სადისციპლინო საბჭოს მიერ დისციპლინური საქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება წერილობით, რომელსაც ხელს აწერენ სადისციპლინო საბჭოს სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი.

2. სადისციპლინო საბჭოს გადაწყვეტილების ასლი ეგზავნება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და იმ მოსამართლეს, რომელსაც ეხება ეს გადაწყვეტილება.

საქართველოს 2004 წლის 20 ივნისის კანონი№271-სსმI, №20, 16.07.2004წ., მუხ.97

    მუხლი 74. სადისციპლინო საბჭოს გადაწყვეტილების შინაარსი და მისი შესრულების სავალდებულობა

1. სადისციპლინო საბჭოს გადაწყვეტილებაში აღინიშნება სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებისა და მიღებული საჩივრების შინაარსი, სადისციპლინო საბჭოში საკითხის განხილვის შედეგები, მიღებული გადაწყვეტილების არსი და დასაბუთება.

2. სადისციპლინო საბჭოს გადაწყვეტილება დისციპლინური საქმის შესახებ საბოლოოა და მისი შესრულება სავალდებულოა.(ძალადაკარგულია)[ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2004 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება №1/3/209, 276-სსმIV, №31, 06.07.2004წ., გვ.2]

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2004 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება №1/3/209, 276-სსმIV, №31, 06.07.2004წ., გვ.2

თავი V

სადისციპლინო კოლეგიისა და სადისციპლინო საბჭოს გადაწყვეტილებების აღსრულება

    მუხლი 75. სადისციპლინო კოლეგიისა და სადისციპლინო საბჭოს გადაწყვეტილებების აღსრულება

1. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ (თუ ის არ გასაჩივრდა) და სადისციპლინო საბჭოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს.სავალდებულოა.(ძალადაკარგულია)[ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2004 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება №1/3/209, 276-სსმIV, №31, 06.07.2004წ., გვ.2]

2. დისციპლინური სახდელისა და დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების აღსრულებაზე პასუხისმგებელია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ან საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2004 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება №1/3/209, 276-სსმIV, №31, 06.07.2004წ., გვ.2

საქართველოს 2004 წლის 20 ივნისის კანონი№271-სსმI, №20, 16.07.2004წ., მუხ.97

    მუხლი 76. სასამართლოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის პირველი მოადგილის ან მოადგილის და სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულების თავისებურება

სასამართლოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის პირველი მოადგილის ან მოადგილის და სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობიდან განთავისუფლების დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების შეფარდებისას სადისციპლინო კოლეგია ან სადისციპლინო საბჭო თავის გადაწყვეტილებას აღსასრულებლად წარუდგენს შესაბამის ორგანოს ან თანამდებობის პირს, კერძოდ, თუ საქმე ეხება საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეებს – საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმს, ხოლო ყველა სხვა შემთხვევაში – საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.

საქართველოს 2004 წლის 20 ივნისის კანონი№271-სსმI, №20, 16.07.2004წ., მუხ.97

    მუხლი 77. მოსამართლის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულება

მოსამართლის თანამდებობიდან განთავისუფლების სახდელის დაკისრების შემთხვევაში სადისციპლინო კოლეგია ან სადისციპლინო საბჭო თავის გადაწყვეტილებას აღსასრულებლად წარუდგენს შესაბამის ორგანოს ან თანამდებობის პირს, კერძოდ, თუ საქმე ეხება:

ა) საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს – საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს საქართველოს პრეზიდენტის წინაშე საკითხის დასაყენებლად;

ბ) ყველა სხვა მოსამართლეს – საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს საქართველოს პრეზიდენტის წინაშე საკითხის დასაყენებლად.

საქართველოს 2004 წლის 20 ივნისის კანონი№271-სსმI, №20, 16.07.2004წ., მუხ.97

    მუხლი 78. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება, თუ ის არ გასაჩივრდა, გასაჩივრების ვადის გასვლიდან ხუთ დღეში, აგრეთვე სადისციპლინო საბჭოს გადაწყვეტილება მისი მიღებიდან ხუთ დღეში ეგზავნება საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გადაწყვეტილების ასლის მიღებიდან ათ დღეში საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს წერილით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს პარლამენტის წინაშე საკითხის დასაყენებლად. წერილს თან უნდა ერთვოდეს შესაბამისი გადაწყვეტილების ასლი.

3. საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს წარუდგენს საქართველოს პარლამენტს.

        მუხლი 79. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება სადისციპლინო კოლეგიის ან სადისციპლინო საბჭოს მიერ მოსამართლის განთავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებების მიღების შემთხვევაში

1. სადისციპლინო კოლეგიის ან სადისციპლინო საბჭოს გადაწყვეტილებას მოსამართლის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო განიხილავს გადაწყვეტილების მიღებიდან ათ დღეში.

2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებულია საბჭოს სხდომაზე საკითხის განხილვიდან სამ დღეში მოსამართლის თანამდებობიდან განთავისუფლების საკითხი წარუდგინონ საქართველოს პრეზიდენტს.

საქართველოს 2004 წლის 20 ივნისის კანონი№271-სსმI, №20, 16.07.2004წ., მუხ.97

    მუხლი 80. მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება

1. მოსამართლის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ წარდგინების მიღების შემდეგ მოსამართლეს თანამდებობიდან ათავისუფლებს შესაბამისი ორგანო ან თანამდებობის პირი, კერძოდ:

ა) საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს – საქართველოს პარლამენტი;

ბ) ყველა სხვა მოსამართლეს – საქართველოს პრეზიდენტი.

2. პირი, რომელიც დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის ამ კანონით დადგენილი წესით გათავისუფლდა მოსამართლის თანამდებობიდან, კარგავს „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 82-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მოსამართლის ხელფასის სრული ოდენობით სამისდღეშიო პენსიის დანიშვნის უფლებას.

საქართველოს 2004 წლის 20 ივნისის კანონი№271-სსმI, №20, 16.07.2004წ., მუხ.97

თავი VI

სადისციპლინო კოლეგიისა და სადისციპლინო საბჭოს გადაწყვეტილებების გამოქვეყნება, დისციპლინურ საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დარღვევის შედეგები და სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება

    მუხლი 81. სადისციპლინო კოლეგიისა და სადისციპლინო საბჭოს გადაწყვეტილებების გამოქვეყნება

1. სადისციპლინო კოლეგიას და სადისციპლინო საბჭოს უფლება აქვთ გამოაქვეყნონ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი, სადაც მითითებულია მოსამართლისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის, დისციპლინური სახდელისა და დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების დაკისრების შესახებ.

2. მოსამართლისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის, დისციპლინური სახდელისა და დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების დაკისრების საფუძვლების გამოქვეყნება დაუშვებელია, მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევის გარდა.

    მუხლი 82. სადისციპლინო საბჭოს წევრის მიერ დისციპლინურ საქმესთან დაკავშირებული კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის ვალდებულება

1. სადისციპლინო საბჭოს წევრი ვალდებულია დაიცვას დისციპლინურ საქმესთან დაკავშირებული კონფიდენციალური ინფორმაცია, არ გაამჟღავნოს მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველი და სადისციპლინო კოლეგიის წევრთა თათბირის საიდუმლოება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესის შეუსრულებლობა ჩაითვლება ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დისციპლინურ გადაცდომად და გახდება მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს შემადგენლობიდან მოსამართლის გამოყვანის საფუძველი, აგრეთვე შეიძლება გახდეს მისი დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველი.

    მუხლი 83. სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება

სადისციპლინო კომისიის წევრის, დისციპლინური ბრალდების წარმდგენი პირის, აგრეთვე სადისციპლინო კოლეგიისა და სადისციპლინო საბჭოს წევრის დისციპლინური უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული სამივლინებო ხარჯები ანაზღაურდება სამსახურის ადგილის მიხედვით.

თავი VII

დისციპლინური სახდელის გაქარწყლება და მისი დაკისრების სამართლებრივი შედეგები

    მუხლი 84. დისციპლინური სახდელის გაქარწყლება

1. „შენიშვნა“ გაქარწყლებულად ჩაითვლება მისი დაკისრებიდან ექვსი თვის, „საყვედური“ – ცხრა თვის, ხოლო „მკაცრი საყვედური“– ერთი წლის გასვლის შემდეგ, თუ მოსამართლე ამ ვადაში ახალ დისციპლინურ გადაცდომას არ ჩაიდენს.

2. მოსამართლე, რომლის მიმართაც გამოტანილია გადაწყვეტილება დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში მისი ბრალეულად ცნობის, მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისა და დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების სახით კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვის შესახებ, დისციპლინური სახდელის მქონედ არ ითვლება.

3. დაუშვებელია დისციპლინური სახდელის მოხსნა ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი შესაბამისი ვადის გასვლამდე.

    მუხლი 85. მოსამართლის დაწინაურების შეზღუდვა

1. მოსამართლეს, თუ მის მიმართ დისციპლინური სახდელი გაქარწყლებული არ არის, ეზღუდება თანამდებობრივი დაწინაურების ან საკლასო ჩინის მიღების უფლება.

2. შესაბამისმა ორგანომ ან თანამდებობის პირმა არ უნდა მიანიჭოს ახალი საკლასო ჩინი ან გაამწესოს ზედა ინსტანციის სასამართლოში მოსამართლე, თუ მის მიმართ დისციპლინური სახდელი გაქარწყლებული არ არის.

    მუხლი 86. იმავე ბრალდებით მოსამართლის ბრალეულად ცნობისა და მისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრების დაუშვებლობა

სადისციპლინო კოლეგიის ან სადისციპლინო საბჭოს მიერ მოსამართლის ბრალეულად ცნობის ან გამართლების შემდეგ დაუშვებელია იმავე საფუძვლით მის მიმართ დისციპლინური დევნის აღძვრა, იმავე ბრალდებით მისი დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემა, იმავე ქმედების გამო მისი ბრალეულად ცნობა და მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სახდელის დაკისრება, გარდა ამ კანონის მე-18 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

საქართველოს 2004 წლის 20 ივნისის კანონი№271-სსმI, №20, 16.07.2004წ., მუხ.97

თავი VIII

დისციპლინური საქმის შენახვა და სტატისტიკური ინფორმაცია

    მუხლი 87. დისციპლინური საქმის შენახვა

1. დისციპლინური საქმე ინახება მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოში და ხელმიუწვდომელია სხვა პირებისათვის.

2. დისციპლინური საქმის გაგზავნა მოსამართლეთა თანამდებობაზე გამამწესებელ ორგანოებში ან თანამდებობის პირებთან დაიშვება მხოლოდ სადისციპლინო საბჭოს თავმჯდომარის ნებართვით.

3. დისციპლინური საქმის შენახვის ვადაა ათი წელი.

საქართველოს 2004 წლის 20 ივნისის კანონი№271-სსმI, №20, 16.07.2004წ., მუხ.97

    მუხლი 88. სტატისტიკური ინფორმაცია

1. სტატისტიკური ინფორმაცია სადისციპლინო საბჭოს საქმიანობისა და განხილული დისციპლინური საქმეების შესახებ პერიოდულად ეგზავნება საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა კონფერენციასა და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.

2. სხვა თანამდებობის პირთათვის, დაწესებულებებისათვის, აგრეთვე მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებისათვის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სტატისტიკური ინფორმაციის გადაცემა დაიშვება მხოლოდ სადისციპლინო საბჭოს თავმჯდომარის ნებართვითა და ინფორმაციის კონფიდენციალობის უზრუნველყოფის მიზნით ამ კანონით დადგენილი შეზღუდვების დაცვით.

საქართველოს 2004 წლის 20 ივნისის კანონი№271-სსმI, №20, 16.07.2004წ., მუხ.97

თავი IX

გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 89. წარმოებაში არსებული დისციპლინური საქმეების განხილვის გაგრძელების წესი

ამ კანონის ამოქმედებამდე „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ დებულების თანახმად წარმოებაში არსებული დისციპლინური საქმეების განხილვა კანონის ამოქმედების დღიდან გაგრძელდეს ამ კანონით დადგენილი წესით.

    მუხლი 90. იუსტიციის საბჭოს უფლებამოსილებები გარდამავალ პერიოდში

1. საქართველოს იუსტიციის საბჭო ამ კანონის ამოქმედებიდან 2001 წლის 1 მაისამდე უფლებამოსილია ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ ყველა შემთხვევაში აღძრას დისციპლინური დევნა საქართველოს საერთო სასამართლოების ყველა მოსამართლის მიმართ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გარდა.

2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის საბჭო ამ კანონის ამოქმედებიდან 2001 წლის 1 მაისამდე უფლებამოსილია ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ ყველა შემთხვევაში აღძრას დისციპლინური დევნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი საერთო სასამართლოების ყველა მოსამართლის მიმართ.

3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის საბჭო ამ კანონის ამოქმედებიდან 2001 წლის 1 მაისამდე უფლებამოსილია ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ ყველა შემთხვევაში აღძრას დისციპლინური დევნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი საერთო სასამართლოების ყველა მოსამართლის მიმართ.

4. თუ მოსამართლის მიმართ ერთ კონკრეტულ ფაქტზე დისციპლინური დევნის აღძვრისათვის არსებობს ამ კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული ერთზე მეტი საბაბი, დისციპლინური დევნის აღძვრის საკითხი განიხილება იმ ორგანოს ან თანამდებობის პირის მიერ, რომელმაც პირველად მიიღო ინფორმაცია.

    მუხლი 91. კანონის ამოქმედებამდე მიღებული გადაწყვეტილებები

1. ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური საქმეების შესახებ გამოტანილი ყველა გადაწყვეტილება რჩება ძალაში,

2. ამ კანონის ამოქმედებამდე საერთო სასამართლოების მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოება ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული დროებითი დებულებით.

საქართველოს 2000 წლის 20 აპრილის კანონი №251-სსმI, №15, 25. 04.2000წ., მუხ.37

თავი X

დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 92. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით ნორმატიული აქტის გაუქმება

ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 25 სექტემბრის №534 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულება „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“.

    მუხლი 93. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს 2000 წლის 1 ივლისიდან.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2000 წლის 23 თებერვალი.

№150-IIს

საქართველოს 2000 წლის 20 აპრილის კანონი №251-სსმI, №15, 25. 04.2000წ., მუხ.37

შეტანილი ცვლილებები:

1.საქართველოს 2000 წლის 20 აპრილის კანონი №251-სსმI, №15, 25. 04.2000წ., მუხ.37

2.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2004 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება №1/3/209, 276-სსმIV, №31, 06.07.2004წ., გვ.2

3.საქართველოს 2004 წლის 20 ივნისის კანონი№271-სსმI, №20, 16.07.2004წ., მუხ.97

23. 20/04/2018 - საქართველოს ორგანული კანონი - 2194-IIს - ვებგვერდი, 26/04/2018 22. 16/11/2017 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 2/5/658 - ვებგვერდი, 27/11/2017 21. 16/06/2017 - საქართველოს კანონი - 1051-IIს - ვებგვერდი, 22/06/2017 20. 08/02/2017 - საქართველოს კანონი - 256-IIს - ვებგვერდი, 13/02/2017 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 19. 21/12/2016 - საქართველოს კანონი - 146-რს - ვებგვერდი, 28/12/2016 18. 27/10/2015 - საქართველოს კანონი - 4364-Iს - ვებგვერდი, 11/11/2015 17. 20/03/2015 - საქართველოს კანონი - 3381-IIს - ვებგვერდი, 31/03/2015 16. 01/05/2013 - საქართველოს კანონი - 581-IIს - ვებგვერდი, 20/05/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 15. 28/12/2012 - საქართველოს კანონი - 193-რს - ვებგვერდი, 30/12/2012 14. 27/03/2012 - საქართველოს კანონი - 5922-Iს - ვებგვერდი, 19/04/2012 13. 25/12/2009 - საქართველოს კანონი - 2453 - სსმ, 49, 30/12/2009 12. 19/06/2009 - საქართველოს კანონი - 1278 - სსმ, 13, 01/07/2009 11. 11/07/2007 - საქართველოს კანონი - 5279 - სსმ, 29, 27/07/2007 10. 19/06/2007 - საქართველოს კანონი - 4953 - სსმ, 24, 02/07/2007 9. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4218 - სსმ, 2, 04/01/2007 8. 17/03/2006 - საქართველოს კანონი - 2792 - სსმ, 7, 20/03/2006 7. 25/11/2005 - საქართველოს კანონი - 2127 - სსმ, 53, 19/12/2005 6. 23/06/2005 - საქართველოს კანონი - 1752 - სსმ, 36, 11/07/2005 5. 20/04/2005 - საქართველოს კანონი - 1353 - სსმ, 19, 28/04/2005 4. 25/02/2005 - საქართველოს კანონი - 1064 - სსმ, 9, 17/03/2005 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 3. 30/06/2004 - საქართველოს კანონი - 271 - სსმ, 20, 16/07/2004 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 2. 28/06/2004 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 1/3/209,27 - სსმ, 31, 06/07/2004 1. 20/04/2000 - საქართველოს კანონი - 251 - სსმ, 15, 25/05/2000