„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 581-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 01/05/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/05/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 01/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 110050130.05.001.016982
581-IIს
01/05/2013
ვებგვერდი, 20/05/2013
110050130.05.001.016982
„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №8, 2000 წელი, მუხ. 12) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გადაწყვეტილება უფლებამოსილი ორგანოს ან თანამდებობის პირის მიერ მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის, მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის შეწყვეტის ან შეჩერების, მოსამართლისათვის კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვის შესახებ, ასევე ამ კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება ეგზავნება საჩივრის (განცხადების/შეტყობინების) ავტორს, თუ საერთო სასამართლოში აღარ მიმდინარეობს იმ საქმის განხილვა, რომელთან დაკავშირებითაც განხორციელდა დისციპლინური სამართალწარმოება.“.

2. მე-17 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კერძო სარეკომენდაციო ბარათის შინაარსი და ტექსტი კონფიდენციალურია.“.

4. 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სადისციპლინო კოლეგია საქმიანობას ახორციელებს ამ კანონითა და სადისციპლინო კოლეგიის წარდგინებით, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ დადგენილი წესით.“.

5. 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 24. სადისციპლინო კოლეგიის ფორმირების წესი

1. სადისციპლინო კოლეგია შედგება 5 წევრისაგან, რომელთაგან 3 საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეა, ხოლო 2 არ არის მოსამართლე. სადისციპლინო კოლეგიის მოსამართლე წევრებს ირჩევს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის წინაშე სადისციპლინო კოლეგიის მოსამართლე წევრის კანდიდატურის დასახელება შეუძლია მოსამართლეთა კონფერენციაზე დამსწრე ნებისმიერ მოსამართლეს. სადისციპლინო კოლეგიის იმ წევრებს, რომლებიც არ არიან მოსამართლეები, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი. ასეთი წევრები შეირჩევიან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევრებისაგან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისაგან ან/და საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისაგან, შესაბამისი ორგანიზაციის კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს რეკომენდაციის საფუძველზე. ზემოაღნიშნულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს უფლება აქვს, წარადგინოს სადისციპლინო კოლეგიის წევრობის კანდიდატი, თუ კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ 2 წლის განმავლობაში მისი საქმიანობის ერთ-ერთი სფერო იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება სასამართლოებში განხორციელებულ სამართალწარმოებაში.  თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაცია უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს თითო კანდიდატურა. საქართველოს პარლამენტის წევრის, მოსამართლისა და პროკურორის სადისციპლინო კოლეგიის წევრობის კანდიდატად წარდგენა არ შეიძლება. კანდიდატურების საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის, ამ პუნქტითა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის, მათი განხილვის, პარლამენტის პლენარული სხდომისთვის წარდგენისა და სადისციპლინო კოლეგიის წევრად არჩევის წესი და ვადა განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით. სადისციპლინო კოლეგიის წევრი აირჩევა 2 წლის ვადით.

2. საქართველოს პარლამენტმა სადისციპლინო კოლეგიის წევრად შეიძლება აირჩიოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება, მაღალი რეპუტაცია და რომელიც სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტია. სადისციპლინო კოლეგიის წევრად არჩევისას საჭიროა წევრობის კანდიდატის წინასწარი წერილობითი თანხმობა.

3. საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ სადისციპლინო კოლეგიის  წევრს არ შეიძლება ეკავოს რაიმე სხვა თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში, ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, უშუალოდ ახორციელებდეს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო ან საკონსულტაციო ორგანოს წევრის უფლებამოსილებას ან ეწეოდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა. იგი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური გაერთიანების წევრი ან/და მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში.

4. სადისციპლინო კოლეგიის წევრი არ შეიძლება იყოს:

ა) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, მისი პირველი მოადგილე ან მოადგილე, სასამართლოს თავმჯდომარე, მისი პირველი მოადგილე ან მოადგილე, კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარე, ან პირი, რომელსაც ბოლო 1 წლის განმავლობაში ეკავა რომელიმე ასეთი თანამდებობა;

   ბ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.

  5. მოსამართლე არ შეიძლება იყოს სადისციპლინო კოლეგიის წევრი, თუ მას ბოლო 5 წლის განმავლობაში დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა და სახდელი.

    6. სადისციპლინო კოლეგიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია:

    ა) პირადი განცხადება;

    ბ) მის მიმართ საბოლოოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

    გ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;

    დ) უფლებამოსილების ვადის გასვლა;

    ე) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ აღიარება;

    ვ) გარდაცვალება;

    ზ) დისციპლინური საქმის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება;

    თ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენა;

    ი) მოვალეობის სისტემატური შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;

    კ) შეუთავსებელი თანამდებობის დაკავება ან შეუთავსებელი საქმიანობა.

   7. სადისციპლინო კოლეგიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი შეიძლება იყოს სამოსამართლო ეთიკის სხვა ნორმების დარღვევა.

   8. სადისციპლინო კოლეგიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისად საქართველოს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ან საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია, რომლებიც ვალდებული არიან შეამოწმონ სადისციპლინო კოლეგიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი. ისინი უფლებამოსილი არიან სხდომაზე მიიწვიონ შესაბამისი წევრი და მოისმინონ მისი მოსაზრება. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“–„ვ“ ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე გარემოების არსებობისას საქართველოს პარლამენტი ან საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია ასეთი გარემოების არსებობის შესახებ ინფორმაციას იღებს ცნობად, გადაწყვეტილების მიღების გარეშე, ხოლო ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ზ“–„კ“ ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე გარემოების არსებობისას − კენჭს უყრის გადაწყვეტილებას სადისციპლინო კოლეგიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.

9. სადისციპლინო კოლეგიის წევრის დისციპლინურ საქმეს სადისციპლინო კოლეგია განიხილავს ამ წევრის მონაწილეობის გარეშე.“.

6. 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 27. ანაზღაურება მოვალეობის შესრულებისათვის

საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ სადისციპლინო კოლეგიის  წევრს თავისი მოვალეობის შესრულებისათვის მიეცემა შესაბამისი ანაზღაურება საქართველოს საერთო სასამართლოებისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში.“.

7. მე-80 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სადისციპლინო კოლეგიის ან სადისციპლინო პალატის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ შესაბამისად სადისციპლინო კოლეგიის ან სადისციპლინო პალატის წარდგინების საფუძველზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს წარდგინების მიღებიდან 10 დღეში.“.

8. 81-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 81. სადისციპლინო კოლეგიისა და სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილებების გამოქვეყნება

1. სადისციპლინო კოლეგიისა და სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილებები კანონიერ ძალაში შესვლისთანავე ქვეყნდება ოფიციალურ ვებგვერდზე.

2. სადისციპლინო კოლეგიისა და სადისციპლინო პალატის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების დამოწმებული ასლები მოთხოვნის შემთხვევაში გადაეცემა მხარეებს ან/და ნებისმიერ პირს.“.

მუხლი 2

1. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციამ უზრუნველყოს  საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრებისთვის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრა ამ კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული 27-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად.

2. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უფლებამოსილმა სუბიექტებმა უზრუნველყონ სადისციპლინო კოლეგიის წევრების არჩევა ამ კანონით დადგენილი პროცედურების დაცვით.

3. ამ კანონის ამოქმედებისთანავე სადისციპლინო კოლეგიის მოქმედ შემადგენლობას უწყდება უფლებამოსილება და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის დასრულებამდე მასვე ეკისრება სადისციპლინო კოლეგიის მოვალეობათა შესრულება.

4. სადისციპლინო კოლეგიის ახალმა შემადგენლობამ უზრუნველყოს ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის სადისციპლინო კოლეგიის წარმოებაში არსებული საქმეების დასრულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედავით უსუფაშვილი

 

 

ქუთაისი,

1 მაისი 2013 წ.

N581-IIს