„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 271
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/06/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 20, 16/07/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 01/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 110.050.130.05.001.001.526
  • Word
271
30/06/2004
სსმ, 20, 16/07/2004
110.050.130.05.001.001.526
„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №8, 2000 წელი, მუხ.12) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:

„შენიშვნა:

1. კანონის უხეშ დარღვევად ჩაითვლება კანონმდებლობის არსებითი დარღვევა, რამაც ზიანი მიაყენა (ან შეეძლო მიეყენებინა) პროცესის მონაწილის ან მესამე პირის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს. მოსამართლის მიერ კანონის უხეშ დარღვევად არ ჩაითვლება კანონის არასწორი განმარტება, რომელსაც საფუძვლად უდევს მოსამართლის შინაგანი რწმენა.

2. კორუფციული სამართალდარღვევა არის „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დარღვევა, თუ იგი არ იწვევს სისხლისსამართლებრივ ან ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას.“.

2. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6. დისციპლინური დევნის აღძვრის უფლება

1. საერთო სასამართლოს მოსამართლის მიმართ დისციპლინურ დევნას ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევის გარდა, აღძრავენ:

ა) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე (ან მისი მოვალეობის შემსრულებელი) – საქართველოს უზენაესი სასამართლოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების, თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების, რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეთა მიმართ;

ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების თავმჯდომარეები (ან მათი მოვალეობის შემსრულებლები) – შესაბამისად აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებზე მოქმედი რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეთა მიმართ;

გ) თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების თავმჯდომარეები (ან მათი მოვალეობის შემსრულებლები) – შესაბამისად თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების მოსამართლეთა, აგრეთვე მათ სამოქმედო ტერიტორიებზე მოქმედი რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეთა მიმართ.

2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დისციპლინურ დევნას აღძრავს საქართველოს საერთო სასამართლოების ყველა მოსამართლის მიმართ ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ნებისმიერი საფუძვლით.“.

3. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 8. დისციპლინური დევნის აღძვრის საფუძვლიანობის წინასწარი შემოწმება

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე, თბილისის ან ქუთაისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ან საბჭოს სხვა წევრი მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ საჩივრის, განცხადების ან სხვა ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მისი მიღებიდან ორ კვირაში წინასწარ ამოწმებს დისციპლინური დევნის აღძვრის საფუძვლიანობას, რის შედეგადაც შესაბამისი სასამართლოს თავმჯდომარე ან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს დადგენილებას (გადაწყვეტილებას) მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის აღძვრის ან დისციპლინური დევნის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ. წინასწარი შემოწმების ვადა შეიძლება გაგრძელდეს ორი კვირით ან შეჩერდეს წინასწარი შემოწმების შეუძლებლობის შემთხვევაში.

2. ამ კანონის მე-7 მუხლის „ბ”–„ე” და „ზ” ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში დისციპლინური დევნის აღძვრის საფუძვლიანობის წინასწარი შემოწმება აუცილებელი არ არის და შესაბამისი სასამართლოს თავმჯდომარე ან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია დაუყოვნებლივ აღძრას დისციპლინური დევნა.“.

4. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) დისციპლინური დევნის აღძვრის საფუძვლიანობის წინასწარი შემოწმება, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ან სასამართლოში წარდგენილი სხვა მასალები არ მიუთითებს მოსამართლის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ბრალეულად ჩადენაზე;“.

5. მე-10 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სასამართლოს თავმჯდომარე ან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის აღძვრის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დასაბუთებული ვარაუდის არსებობის შემთხვევაში. სასამართლოს თავმჯდომარეს გამოაქვს დადგენილება, ხოლო საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს – გადაწყვეტილება მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის აღძვრის შესახებ. დადგენილებაში (გადაწყვეტილებაში) უნდა აღინიშნოს დისციპლინური დევნის აღძვრის საფუძველი ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისი ქვეპუნქტების მითითებით. ამავე დადგენილებით (გადაწყვეტილებით) იქმნება სადისციპლინო კომისია ორი წევრის შემადგენლობით, რომელსაც ევალება დისციპლინური საქმის სრულყოფილი გამოკვლევა.

2. დისციპლინური დევნის აღმძვრელ სასამართლოს თავმჯდომარეს სადისციპლინო კომისიის შემადგენლობაში შეჰყავს ამავე სასამართლოს მოსამართლე, რომელიც თავმჯდომარეობს კომისიას და აპარატის ერთი მოხელე. საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სადისციპლინო კომისიის შემადგენლობაში შეჰყავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთი წევრი, რომელიც თავმჯდომარეობს კომისიას და ამ საბჭოს აპარატის ერთი მოხელე.“.

6. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სასამართლოს თავმჯდომარეს უფლება აქვს ქვემდგომი სასამართლოდან, ხოლო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს ყველა სასამართლოდან (საქართველოს უზენაესი სასამართლოს გარდა) გამოითხოვოს სადისციპლინო კომისიის წინადადებით შესაბამისი სასამართლო საქმე, განხილვის პროცესში მყოფი საქმეების გარდა.“.

7. მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დისციპლინური საქმის წარმოება შეიძლება შეჩერდეს, თუ:

ა) დისციპლინური საქმის გამოკვლევის მასალები აშკარად მიუთითებს მოსამართლის მიერ დანაშაულის ჩადენაზე. ამ შემთხვევაში დისციპლინური საქმის მასალები ეგზავნება სისხლის სამართლის საქმის აღძვრის უფლების მქონე ორგანოს;

ბ) დისციპლინური საქმის გამოკვლევის პროცესში წარმოიშვა ისეთი ობიექტური სირთულეები ან დაბრკოლებები (იმ მოსამართლის ავადმყოფობა, ვის წინააღმდეგაც აღძრულია დევნა ან სხვა შემთხვევები), რომლებიც დროებით შეუძლებელს ხდის ამ საქმის გამოკვლევას. ამ შემთხვევაში შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო ან თანამდებობის პირი დადგენილებით (გადაწყვეტილებით) დროებით აჩერებს საქმის წარმოებას. დისციპლინური საქმის გამოკვლევა განახლდება კანონით დადგენილი წესით;

გ) დისციპლინური საქმის გამოკვლევის მასალები აშკარად მიუთითებს მოსამართლის მიერ საქმის განხილვისას კანონის უხეშ დარღვევაზე. ამ შემთხვევაში დისციპლინური საქმის წარმოება შეიძლება შეჩერდეს ზემდგომი სასამართლოს მიერ ამ საკითხის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ან სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.“.

8. მე-14 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სადისციპლინო კომისია შესაბამისი სასამართლოს თავმჯდომარეს ან საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წარუდგენს წერილობით დასკვნას დისციპლინურ გადაცდომასთან დაკავშირებული ფაქტების დადასტურების ან დაუდასტურებლობის შესახებ. თუ დისციპლინური დევნა აღძრულია საქმის განხილვისას მოსამართლის მიერ კანონის უხეში დარღვევის საფუძვლით, დასკვნა შეიძლება შეიცავდეს მოსამართლის მიერ კანონმდებლობის დარღვევის სამართლებრივ შეფასებას.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სადისციპლინო კომისიის დასკვნას ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი. თუ სადისციპლინო კომისიის წევრი მთლიანად ან ნაწილობრივ არ ეთანხმება კომისიის დასკვნას, მას უფლება აქვს ხელი არ მოაწეროს დასკვნას და მას თან დაურთოს საკუთარი წერილობითი მოსაზრება.“.

9. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 15. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დისციპლინური საკითხების შესახებ გადაწყვეტილების მიღება

1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დისციპლინური დევნის აღძვრის, სადისციპლინო კომისიის შექმნის, მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის ან დისციპლინური დევნის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით დადგენილი წესით, იმ პირობით, რომ საკითხის განხილვაში საქართველოს პრეზიდენტი, როგორც წესი, არ მონაწილეობს და სხდომებს თავმჯდომარეობს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.

2. დისციპლინური საკითხების განხილვის მიზნით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომას იწვევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.

3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სხდომაზე განიხილავს სადისციპლინო კომისიის დასკვნას. მას უფლება აქვს სხდომაზე მიიწვიოს სადისციპლინო კომისიის წევრები, მოსამართლე, ვის მიმართაც არის აღძრული დისციპლინური დევნა, საჩივრის (განცხადების) ავტორი, მოისმინოს მათი ინფორმაცია და ახსნა-განმარტებები.“.

10. მე-16 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სადისციპლინო კომისიის დასკვნას განიხილავს შესაბამისი სასამართლოს თავმჯდომარე ან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. სასამართლოს თავმჯდომარეს გამოაქვს დადგენილება, ხოლო საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს – გადაწყვეტილება მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის ან დისციპლინური დევნის შეწყვეტის შესახებ.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. იმავე დადგენილებით (გადაწყვეტილებით) შესაბამისი ორგანო ან თანამდებობის პირი მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს სადისციპლინო კოლეგიაში ნიშნავს თავის წარმომადგენელს საქმის განხილვის დროს დისციპლინური ბრალდების მხარდასაჭერად. წარმომადგენლად, როგორც წესი, ინიშნება სადისციპლინო კომისიის წევრი (თავმჯდომარე).“;

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. დადგენილება (გადაწყვეტილება) მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის თაობაზე მისი მიღებიდან სამ დღეში დისციპლინურ საქმესთან ერთად ეგზავნება მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს.“.

11. მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მოსამართლისადმი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კერძო სარეკომენდაციო ბარათს ხელს აწერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.“.

12. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 21. დისციპლინური საქმეების განმხილველი ორგანო და მისი საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი

1. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა მიმართ დისციპლინურ საქმეებს განიხილავს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭო (შემდგომში – სადისციპლინო საბჭო).

2. მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭო საქმიანობას ახორციელებს ამ კანონით დადგენილი წესით.“.

13. 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 22. სადისციპლინო საბჭოს შემადგენლობა

1. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭო შედგება 8 წევრისაგან.

2. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს წევრებს, რომელთაგან ოთხი საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეა, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით ხმათა უმრავლესობით ამტკიცებს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა კონფერენცია, ხოლო კონფერენციის სხდომებს შორის შუალედში – მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტი.

3. სადისციპლინო საბჭოში იქმნება სადისციპლინო კოლეგიები ოთხი წევრის შემადგენლობით. კოლეგია, როგორც წესი, იქმნება სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეებისგან.

4. სადისციპლინო საბჭოს ჰყავს თავმჯდომარე, რომელიც იმავდროულად არის სადისციპლინო საბჭოს წევრი. სადისციპლინო საბჭოს თავმჯდომარე თავმჯდომარეობს სადისციპლინო საბჭოს სხდომებს და მოსამართლეთა კონფერენციას აწვდის ინფორმაციას სადისციპლინო საბჭოს საქმიანობის შესახებ.“.

14. 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 24. სადისციპლინო საბჭოსა და მისი კოლეგიების ფორმირების წესი

1. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს წევრებს და თავმჯდომარეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა კონფერენცია, ხოლო კონფერენციის სხდომებს შორის შუალედში – მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტი. კოლეგიების შემადგენლობას განსაზღვრავენ სადისციპლინო საბჭოს წევრები.

2. თუ სადისციპლინო საბჭოს წევრობის კანდიდატმა ვერ მიიღო ხმათა საჭირო რაოდენობა, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარადგენს სხვა კანდიდატს.

3. სადისციპლინო საბჭოს თავმჯდომარე არ შეიძლება იყოს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლე, ეკავოს რაიმე სხვა თანამდებობა ან ეწეოდეს სხვა ანაზღაურებით საქმიანობას, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა. სადისციპლინო საბჭოს თავმჯდომარე არის საჯარო მოსამსახურე და მისი შრომის ანაზღაურება და საქმიანობის ხარჯები ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სადისციპლინო საბჭოს ორგანიზაციული მუშაობის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

4. სადისციპლინო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაა ოთხი წელი.“.

15. 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 25. სადისციპლინო საბჭოს წევრი

1. სადისციპლინო საბჭოს წევრი შეიძლება იყოს საქართველოს საერთო სასამართლოს ნებისმიერი მოსამართლე, სასამართლოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მოადგილის, კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის გარდა. მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს წევრი შეიძლება აგრეთვე იყოს – უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს სპეციალობით მუშაობის სულ მცირე 5 წლის გამოცდილება.

2. მოსამართლე არ შეიძლება იყოს სადისციპლინო საბჭოს წევრი, თუ მას უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა და სახდელი.

3. სადისციპლინო საბჭოს წევრად ზედიზედ განმეორებით არჩევა შეიძლება მხოლოდ ერთხელ.

4. სადისციპლინო საბჭოს წევრობიდან განთავისუფლების საფუძველია:

ა) პირადი სურვილი;

ბ) მოსამართლის თანამდებობის დატოვება;

გ) დისციპლინური საქმის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება;

დ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენა;

ე) უფლებამოსილების ვადის გასვლა.

5. სადისციპლინო საბჭოს წევრობიდან განთავისუფლების საფუძველი შეიძლება გახდეს სამოსამართლო ეთიკის სხვა ნორმების დარღვევა.

6. გადაწყვეტილებას სადისციპლინო საბჭოს წევრობიდან განთავისუფლების შესახებ იღებს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა კონფერენცია, ხოლო კონფერენციის სხდომებს შორის შუალედში – ადმინისტრაციული კომიტეტი, რომელიც ვალდებულია შეამოწმოს სადისციპლინო საბჭოს წევრის განთავისუფლების საფუძველი. ის უფლებამოსილია სხდომაზე მიიწვიოს შესაბამისი წევრი და მოისმინოს მისი მოსაზრება.

7. სადისციპლინო საბჭოს წევრის დისციპლინურ საქმეს განიხილავს სადისციპლინო საბჭოს ის კოლეგია, რომლის წევრიც არ არის დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი მოსამართლე.

8. სადისციპლინო საბჭოში არჩევის შემდეგ მოსამართლე მოსამართლის ძირითადი მოვალეობების შესრულებისაგან არ თავისუფლდება.“.

16. 26-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

17. 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 27. მოვალეობების ანაზღაურების გარეშე შესრულება

სადისციპლინო საბჭოს წევრები შესაბამისი მოვალეობების შესრულებისათვის დამატებით ანაზღაურებას ან ხელფასის დანამატს არ იღებენ, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.“.

18. 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 28. სადისციპლინო საბჭოს საქმიანობის ადგილი

სადისციპლინო საბჭოს საქმიანობის ადგილია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ან ამისთვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილსამყოფელი.“.

19. 30-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სადისციპლინო კოლეგიაში დისციპლინური საქმე განიხილება კოლეგიურად – კოლეგიის ოთხი წევრის შემადგენლობით.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სადისციპლინო კოლეგიის სხდომები დახურულია, ხოლო დისციპლინური საქმის განხილვასთან დაკავშირებული ინფორმაცია – კონფიდენციალური. სადისციპლინო საბჭოს წევრები და დისციპლინური ბრალდების წარმდგენი პირი ვალდებულნი არიან დაიცვან ამ ინფორმაციის კონფიდენციალობა.“.

20. 39-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სადისციპლინო კოლეგია დისციპლინურ საქმეს განიხილავს სადისციპლინო კოლეგიის სხდომაზე. სხდომას თავმჯდომარეობს სადისციპლინო საბჭოს თავმჯდომარე, მომხსენებელი წევრი ან საბჭოს სხვა წევრი.“.

21. 47-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს უჭერს კოლეგიის სამი წევრი.“.

22. 58-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სადისციპლინო კოლეგიის მიერ დისციპლინური საქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ასლები მისი მიღებიდან ხუთ დღეში ეგზავნება მოსამართლეს, რომლის მიმართაც გამოტანილ იქნა გადაწყვეტილება, დისციპლინურ პასუხისგებაში მიმცემ ორგანოს ან თანამდებობის პირს, ასევე იმ სასამართლოს, სადაც მოსამართლე მუშაობს, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და მოსამართლეთა კონფერენციას.“.

23. 59-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სადისციპლინო კოლეგიის სხდომის ოქმს ხელს აწერენ სადისციპლინო კოლეგიის სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი.“.

24. მე-60 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გადასინჯვა შეიძლება საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოში მისი გასაჩივრების გზით. გასაჩივრებას ექვემდებარება მხოლოდ ამ კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ – „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები. გასაჩივრების უფლება აქვთ დისციპლინური საქმის მხარეებს.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიმცემი ორგანო ან თანამდებობის პირი სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს თავისი წარმომადგენლის მეშვეობით, რომელიც საქმის განხილვის დროს მხარს უჭერდა დისციპლინურ ბრალდებას. სადისციპლინო საბჭოში საქმის განხილვის დროს ბრალდების ფუნქციის განსახორციელებლად ის უფლებამოსილია დანიშნოს სხვა წარმომადგენელი. გადაწყვეტილებას სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, ხოლო სასამართლოს თავმჯდომარე – ერთპიროვნულად.“.

25. 61-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 61. დისციპლინური საქმის სადისციპლინო საბჭოსთვის გადაცემა

დისციპლინური საქმის ერთ-ერთი ან ორივე მხარის საჩივრის მიღებიდან ხუთ დღეში მოსამართლეთა შესაბამისი სადისციპლინო კოლეგია (თავმჯდომარე) დისციპლინურ საქმეს მიღებულ საჩივრებთან ერთად გადასცემს სადისციპლინო საბჭოს და ამის შესახებ ატყობინებს დისციპლინური საქმის მხარეებს.“.

26. 62-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 62. სადისციპლინო საბჭოში საქმის გადასინჯვის პირობები

სადისციპლინო საბჭო საჩივარს სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების შესახებ განიხილავს საქმის მიღებიდან ერთ თვეში. სადისციპლინო საბჭო უზრუნველყოფს საქმის მხარეებისათვის საქმის განხილვის დროის შეტყობინებას და მათ მიწვევას სადისციპლინო საბჭოს სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად. სადისციპლინო საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით დისციპლინური საქმე გადაეცემა სადისციპლინო საბჭოს ერთ-ერთ წევრს საბჭოს სხდომაზე მოსახსენებლად.“.

27. 66-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების შესახებ მიღებული საჩივარი განიხილება სადისციპლინო საბჭოს სხდომაზე. სხდომას თავმჯდომარეობს სადისციპლინო საბჭოს თავმჯდომარე, ან მისი დავალებით – საბჭოს სხვა წევრი.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დისციპლინური საქმის განხილვაში მონაწილე სადისციპლინო საბჭოს წევრებს უფლება აქვთ შეკითხვები დაუსვან მხარეებს და გამოხატონ თავიანთი პოზიცია. საქმის ხელახალი არსებითი განხილვის დროს სადისციპლინო საბჭოს წევრებს უფლება აქვთ დააყენონ საკითხი დამატებითი დოკუმენტების, მასალების ან ინფორმაციის გამოთხოვის, სხვა პირთა მიწვევის, საქმის გადადების შესახებ და განახორციელონ საქმის არსებითი განხილვის პროცედურიდან გამომდინარე სხვა უფლებამოსილებები.“;

გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სადისციპლინო საბჭოს სხდომაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი.“.

28. 68-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სადისციპლინო საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტი ხმის უფლებით სარგებლობს სადისციპლინო საბჭოს თავმჯდომარე.“.

29. 73-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 73. სადისციპლინო საბჭოს გადაწყვეტილების ფორმა

1. სადისციპლინო საბჭოს მიერ დისციპლინური საქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება წერილობით, რომელსაც ხელს აწერენ სადისციპლინო საბჭოს სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი.

2. სადისციპლინო საბჭოს გადაწყვეტილების ასლი ეგზავნება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და იმ მოსამართლეს, რომელსაც ეხება ეს გადაწყვეტილება.“.

30. 75-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დისციპლინური სახდელისა და დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების აღსრულებაზე პასუხისმგებელია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ან საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში.“.

31. 76-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 76. სასამართლოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის პირველი მოადგილის ან მოადგილის და სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულების თავისებურება

სასამართლოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის პირველი მოადგილის ან მოადგილის და სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობიდან განთავისუფლების დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების შეფარდებისას სადისციპლინო კოლეგია ან სადისციპლინო საბჭო თავის გადაწყვეტილებას აღსასრულებლად წარუდგენს შესაბამის ორგანოს ან თანამდებობის პირს, კერძოდ, თუ საქმე ეხება საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეებს – საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმს, ხოლო ყველა სხვა შემთხვევაში – საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.“.

32. 77-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 77. მოსამართლის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულება

მოსამართლის თანამდებობიდან განთავისუფლების სახდელის დაკისრების შემთხვევაში სადისციპლინო კოლეგია ან სადისციპლინო საბჭო თავის გადაწყვეტილებას აღსასრულებლად წარუდგენს შესაბამის ორგანოს ან თანამდებობის პირს, კერძოდ, თუ საქმე ეხება:

ა) საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს – საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს საქართველოს პრეზიდენტის წინაშე საკითხის დასაყენებლად;

ბ) ყველა სხვა მოსამართლეს – საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს საქართველოს პრეზიდენტის წინაშე საკითხის დასაყენებლად.“.

33. 79-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 79. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება სადისციპლინო კოლეგიის ან სადისციპლინო საბჭოს მიერ მოსამართლის განთავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებების მიღების შემთხვევაში

1. სადისციპლინო კოლეგიის ან სადისციპლინო საბჭოს გადაწყვეტილებას მოსამართლის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო განიხილავს გადაწყვეტილების მიღებიდან ათ დღეში.

2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებულია საბჭოს სხდომაზე საკითხის განხილვიდან სამ დღეში მოსამართლის თანამდებობიდან განთავისუფლების საკითხი წარუდგინონ საქართველოს პრეზიდენტს.“.

34. მე-80 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოსამართლის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ წარდგინების მიღების შემდეგ მოსამართლეს თანამდებობიდან ათავისუფლებს შესაბამისი ორგანო ან თანამდებობის პირი, კერძოდ:

ა) საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს – საქართველოს პარლამენტი;

ბ) ყველა სხვა მოსამართლეს – საქართველოს პრეზიდენტი.“.

35. 86-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 86. იმავე ბრალდებით მოსამართლის ბრალეულად ცნობისა და მისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრების დაუშვებლობა

სადისციპლინო კოლეგიის ან სადისციპლინო საბჭოს მიერ მოსამართლის ბრალეულად ცნობის ან გამართლების შემდეგ დაუშვებელია იმავე საფუძვლით მის მიმართ დისციპლინური დევნის აღძვრა, იმავე ბრალდებით მისი დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემა, იმავე ქმედების გამო მისი ბრალეულად ცნობა და მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სახდელის დაკისრება, გარდა ამ კანონის მე-18 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.

36. 87-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დისციპლინური საქმე ინახება მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოში და ხელმიუწვდომელია სხვა პირებისათვის.

2. დისციპლინური საქმის გაგზავნა მოსამართლეთა თანამდებობაზე გამამწესებელ ორგანოებში ან თანამდებობის პირებთან დაიშვება მხოლოდ სადისციპლინო საბჭოს თავმჯდომარის ნებართვით.“.

37. 88-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 88. სტატისტიკური ინფორმაცია

1. სტატისტიკური ინფორმაცია სადისციპლინო საბჭოს საქმიანობისა და განხილული დისციპლინური საქმეების შესახებ პერიოდულად ეგზავნება საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა კონფერენციასა და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.

2. სხვა თანამდებობის პირთათვის, დაწესებულებებისათვის, აგრეთვე მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებისათვის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სტატისტიკური ინფორმაციის გადაცემა დაიშვება მხოლოდ სადისციპლინო საბჭოს თავმჯდომარის ნებართვითა და ინფორმაციის კონფიდენციალობის უზრუნველყოფის მიზნით ამ კანონით დადგენილი შეზღუდვების დაცვით.“.

    მუხლი 2. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოსა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოების უფლებამოსილების შეწყვეტა

ამ კანონის შესაბამისად საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს ფორმირებისთანავე უფლებამოსილება შეუწყდეთ საქართველოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოებს.

    მუხლი 3. კანონის ამოქმედებამდე წარმოებული დისციპლინური საქმეების განხილვა

1. ამ კანონის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს ფორმირებისთანავე მას განსახილველად გადაეცემა საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოსა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოების წარმოებაში არსებული დისციპლინური საქმეები.

2. თუ ამ კანონის ამოქმედებიდან თანამდებობის პირი ან ორგანო არაუფლებამოსილი გახდა განაგრძოს დისციპლინური სამართალწარმოება, მის წარმოებაში არსებული საქმეები გადაეცემა სათანადო უფლებამოსილების მქონე ორგანოს ან თანამდებობის პირს.“.

    მუხლი 4

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 30 ივნისი.

№271–რს