„საქართველოს საერთო სასამართლეობის მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს საერთო სასამართლეობის მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2127
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/11/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 53, 19/12/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 01/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 110.050.130.05.001.002.002
  • Word
2127
25/11/2005
სსმ, 53, 19/12/2005
110.050.130.05.001.002.002
„საქართველოს საერთო სასამართლეობის მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №8, 2000 წელი, მუხ. 12) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლის შენიშვნის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კანონის უხეშ დარღვევად ჩაითვლება კანონმდებლობის არსებითი დარღვევა, რამაც ზიანი მიაყენა (ან შეეძლო მიეყენებინა) პროცესის მონაწილის, მესამე პირის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს ან საჯარო ინტერესებს. კანონის არაერთგზის დარღვევად ჩაითვლება კანონმდებლობის 3-ჯერ და მეტჯერ დარღვევა. მოსამართლის მიერ კანონის უხეშ ან/და არაერთგზის დარღვევად არ ჩაითვლება კანონის არასწორი განმარტება, რომელსაც საფუძვლად უდევს მოსამართლის შინაგანი რწმენა.“.

2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3. დისციპლინური სამართალწარმოების ვადები

მოსამართლეს დისციპლინური პასუხისმგებლობა არ ეკისრება, თუ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის დღიდან გასულია 5 წელი, ხოლო დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების (გადაწყვეტილების) მიღების დღიდან – 1 წელი.“.

3. II თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი II

დისციპლინური საქმის გამოკვლევა

    მუხლი 6. დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების საბაბი

მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების საბაბი შეიძლება იყოს:

ა) ნებისმიერი პირის საჩივარი ან განცხადება, გარდა ანონიმური საჩივრისა ან განცხადებისა;

ბ) სხვა მოსამართლის, სასამართლოს ან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის მოხელის მოხსენებითი ბარათი მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ;

გ) ზემდგომი სასამართლოს კერძო განჩინება ან სხვა აქტი, რომლითაც დადგენილია მოსამართლის მიერ საქმის განხილვისას კანონის უხეში დარღვევა;

დ) გამომძიებლის ან პროკურორის შეტყობინება;

ე) სხვა მოსამართლის ან სასამართლოს კერძო დადგენილება (განჩინება) მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ დასაბუთებული ვარაუდის თაობაზე;

ვ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია მოსამართლის მიერ ისეთი ქმედების ჩადენის შესახებ, რომელიც შეიძლება დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვალოს;

ზ) სადისციპლინო კოლეგიის წარდგინება მოსამართლის მიმართ ახალი საფუძვლით დისციპლინური დევნის აღძვრის შესახებ.

    მუხლი 7. დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების უფლებამოსილება

1. მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოება, ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევის გარდა, შეიძლება დაიწყოს:

ა) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ (ან მისი მოვალეობის შემსრულებელმა) – საქართველოს უზენაესი სასამართლოს, სააპელაციო სასამართლოს, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეთა მიმართ;

ბ) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ (ან მისი მოვალეობის შემსრულებელმა) – შესაბამისი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, აგრეთვე სააპელაციო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიაზე მოქმედი რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის მიმართ.

2. საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების უფლება აქვს საქართველოს საერთო სასამართლოების ყველა მოსამართლის მიმართ, ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ნებისმიერი საფუძვლით.

    მუხლი 8. დისციპლინური სამართალწარმოების დაწყება და წინასწარი შემოწმება

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ან საბჭოს სხვა წევრი (ან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის დავალებით – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის მოხელე) მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ საჩივრის, განცხადების ან სხვა ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, მიღებიდან 2 თვეში, წინასწარ ამოწმებს მის საფუძვლიანობას. წინასწარი შემოწმების ვადა შეიძლება გაგრძელდეს 2 კვირით ან შეჩერდეს წინასწარი შემოწმების შეუძლებლობის შემთხვევაში.

2. ამ კანონის მე-6 მუხლის „ბ“ – „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში წინასწარი შემოწმება აუცილებელი არ არის და შესაბამისი სასამართლოს თავმჯდომარე ან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დისციპლინური დევნის შემდგომი მსვლელობის თაობაზე.

3. მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემას შეიძლება საფუძვლად დაედოს ის გარემოებები, რომლებიც მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ საჩივარში, განცხადებაში ან სხვა ინფორმაციაში მითითებული არ ყოფილა და რომლებიც წინასწარი შემოწმებისას გამოვლინდა.

    მუხლი 9. დისციპლინური დევნის დაწყების საფუძვლიანობის შეფასება

1. წინასწარი შემოწმების შედეგად სასამართლოს თავმჯდომარე ან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი აფასებს დისციპლინური დევნის დაწყების საფუძვლიანობას და იღებს გადაწყვეტილებას დისციპლინური დევნის შეწყვეტის ან მოსამართლისათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის თაობაზე.

2. მოსამართლისათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში გადაწყვეტილებაში უნდა აღინიშნოს დისციპლინური დევნის საფუძველი ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისი ქვეპუნქტის მითითებით.

3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის გადაწყვეტილება დისციპლინური დევნის შეწყვეტის თაობაზე განსახილველად წარედგინება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების დაუმტკიცებლობის შემთხვევაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი განაახლებს დისციპლინურ დევნას და იღებს გადაწყვეტილებას მოსამართლისათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის თაობაზე.

    მუხლი 10. შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოებისა და თანამდებობის პირების ინფორმაციით უზრუნველყოფა

1. მოსამართლისათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს იმ ორგანოს ან თანამდებობის პირს, რომელსაც აქვს ამ მოსამართლის მიმართ იმავე დარღვევისათვის დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების უფლებამოსილება.

2. თუ ერთ ფაქტზე დისციპლინური სამართალწარმოება ორ ან მეტ უფლებამოსილ ორგანოს ან თანამდებობის პირს აქვს დაწყებული, საქმის წარმოებას აგრძელებს ის ორგანო ან თანამდებობის პირი, რომელმაც უფრო ადრე დაიწყო დისციპლინური სამართალწარმოება.

    მუხლი 11. დისციპლინური საქმეების ერთ წარმოებად გაერთიანება

შესაბამისი ორგანო ან თანამდებობის პირი უფლებამოსილია თავისი დადგენილებით (გადაწყვეტილებით) ერთ წარმოებად გააერთიანოს ერთი მოსამართლის მიმართ სხვადასხვა საფუძვლით წარმოებული ორი ან მეტი დისციპლინური საქმე.

    მუხლი 12. დისციპლინური საქმის გამოკვლევა

1. დისციპლინური საქმის გამოკვლევა უნდა დასრულდეს მოსამართლისათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვეში. აუცილებლობის შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 2 კვირით.

2. ახსნა-განმარტება ჩამოერთმევა საჩივრის (განცხადების) ავტორსა და იმ მოსამართლეს, რომლის მიმართაც წარმოებს დისციპლინური დევნა. დისციპლინური საქმის მწარმოებელი ორგანო უფლებამოსილია მოითხოვოს დისციპლინური გადაცდომის ფაქტთან დაკავშირებული ყველა საჭირო ინფორმაცია, დოკუმენტი და მასალა, მიიწვიოს სხვა პირი და მოისმინოს მისი ინფორმაცია. ის ვალდებულია განიხილოს იმ მოსამართლის შუამდგომლობა, რომლის წინააღმდეგაც აღძრულია დისციპლინური დევნა, და მისი მოთხოვნის შემთხვევაში ჩამოართვას მას დამატებითი ახსნა-განმარტება.

3. სასამართლოს თავმჯდომარეს უფლება აქვს ქვემდგომი სასამართლოდან, ხოლო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს – ყველა სასამართლოდან გამოითხოვოს შესაბამისი სასამართლო საქმე, განხილვის პროცესში მყოფი საქმეების გარდა.

4. დისციპლინური სამართალწარმოებისას აკრძალულია მოსამართლის მიერ გამოტანილი სასამართლო აქტის კანონიერების შემოწმება, იმ შემთხვევის გარდა, როცა დისციპლინური სამართალწარმოება ხორციელდება მოსამართლის მიერ საქმის განხილვისას კანონის უხეში დარღვევის საფუძვლით.

    მუხლი 13. დისციპლინური საქმის წარმოების შეჩერება

1. დისციპლინური საქმის წარმოება შეჩერდება, თუ:

ა) დისციპლინური საქმის გამოკვლევის მასალები აშკარად მიუთითებს მოსამართლის მიერ დანაშაულის ჩადენაზე. ამ შემთხვევაში დისციპლინური საქმის მასალები ეგზავნება საგამოძიებო ორგანოს;

ბ) დისციპლინური საქმის გამოკვლევის პროცესში წარმოიშვა ისეთი ობიექტური სირთულე ან დაბრკოლება (იმ მოსამართლის ავადმყოფობა, რომლის წინააღმდეგაც წარმოებს დისციპლინური დევნა, ან სხვა შემთხვევა), რომელიც დროებით შეუძლებელს ხდის ამ საქმის გამოკვლევას. ამ შემთხვევაში შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო ან თანამდებობის პირი დადგენილებით (გადაწყვეტილებით) აჩერებს დისციპლინური საქმის წარმოებას. დისციპლინური საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის შემთხვევაში შესაბამისი ორგანო ან თანამდებობის პირი ვალდებულია განაახლოს საქმის წარმოება;

გ) დისციპლინური საქმის გამოკვლევის მასალები აშკარად მიუთითებს მოსამართლის მიერ საქმის განხილვისას კანონის უხეშ დარღვევაზე. ამ შემთხვევაში დისციპლინური საქმის წარმოება შეიძლება შეჩერდეს ზემდგომი სასამართლოს მიერ ამ საკითხის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ან სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

2. დისციპლინური საქმის წარმოების შეჩერების პერიოდი არ ჩაითვლება ამ კანონით დისციპლინური საქმის გამოკვლევისათვის დადგენილ ვადაში, აგრეთვე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ერთწლიან ვადაში, მაგრამ გათვალისწინებული იქნება დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის ამ კანონით დადგენილ ხუთწლიან ვადაში.

    მუხლი 14. დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტა

მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას შესაბამისი ორგანო ან თანამდებობის პირი იღებს, თუ:

ა) დისციპლინური საქმის გამოკვლევის შედეგად მოსამართლის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი ან მისი ბრალეული ჩადენა არ დადასტურდა;

ბ) მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის ან მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სახდელის დაკისრების ვადა ამოიწურა;

გ) გაგზავნილი მასალის საფუძველზე მოსამართლის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა;

დ) მოსამართლეს შეუწყდა სამოსამართლო უფლებამოსილება.

    მუხლი 15. მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემა ან დისციპლინური დევნის შეწყვეტა

1. დისციპლინური საქმის გამოკვლევის დასრულების შემდეგ, დისციპლინური დევნის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად სასამართლოს თავმჯდომარეს გამოაქვს დადგენილება, ხოლო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართავს წინადადებით მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის ან დისციპლინური დევნის შეწყვეტის შესახებ.

2. მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიმცემი ორგანო უფლებამოსილია არ დაეთანხმოს წინასწარი შემოწმების შედეგებს მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის ან მის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ და მიიღოს საპირისპირო გადაწყვეტილება. ის აგრეთვე უფლებამოსილია არ დაეთანხმოს შემოწმების იურიდიულ შეფასებებს, მოკვლეული ფაქტობრივი მასალების გათვალისწინებით შეცვალოს მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის საფუძველი.

    მუხლი 16. დადგენილება (გადაწყვეტილება) მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ

1. დადგენილებაში (გადაწყვეტილებაში) მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ გადმოცემული უნდა იყოს მოსამართლისათვის წარდგენილი დისციპლინური ბრალდების შინაარსი.

2. იმავე დადგენილებით (გადაწყვეტილებით) შესაბამისი ორგანო ან თანამდებობის პირი საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიაში ნიშნავს თავის წარმომადგენელს საქმის განხილვის დროს დისციპლინური ბრალდების მხარდასაჭერად. შესაბამისი ორგანო ან თანამდებობის პირი უფლებამოსილია ბრალდების მხარდამჭერად დანიშნოს რამდენიმე წარმომადგენელი.

3. დადგენილების (გადაწყვეტილების) ასლი გადაეცემა დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემულ მოსამართლეს.

4. დადგენილება (გადაწყვეტილება) მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ მისი მიღებიდან 1 კვირაში დისციპლინურ საქმესთან ერთად ეგზავნება საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიას.

    მუხლი 17. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დისციპლინურ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება

1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დისციპლინურ საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით დადგენილი წესით.

2. დისციპლინური საკითხის განხილვაში საქართველოს პრეზიდენტი, როგორც წესი, არ მონაწილეობს და სხდომას თავმჯდომარეობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.

3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დისციპლინურ საკითხზე გამართულ სხდომაში და გადაწყვეტილების მიღებაში არ მონაწილეობს საქართველოს იუსტიციის საბჭოს ის წევრი, რომელიც საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრია.

4. დისციპლინური საკითხის განხილვის მიზნით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომას იწვევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.

5. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სხდომაზე განიხილავს მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის, ასევე მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის საკითხს და ამ საკითხებთან დაკავშირებულ მასალებს. მას უფლება აქვს სხდომაზე მიიწვიოს მოსამართლე, საჩივრის (განცხადების) ავტორი, მოისმინოს მათი ინფორმაცია და ახსნა-განმარტებები.

    მუხლი 18. ინფორმაციით უზრუნველყოფა

მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ საჩივრის, განცხადების ან ინფორმაციის განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 10 დღეში უნდა ეცნობოს ან გაეგზავნოს შესაბამის პირს ან ორგანოს.

    მუხლი 19. მოსამართლისათვის კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვა

1. თუ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების საფუძვლიანობის წინასწარი შემოწმებისას ან დისციპლინური საქმის გამოკვლევისას უტყუარად დადგინდება მოსამართლის მიერ ისეთი დისციპლინური გადაცდომის ჩადენა, რომლისთვისაც მიზანშეუწონლად იქნება მიჩნეული მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემა, შესაბამის ორგანოს ან თანამდებობის პირს უფლება აქვს შეწყვიტოს დისციპლინური სამართალწარმოება და მოსამართლეს მიმართოს კერძო სარეკომენდაციო ბარათით.

2. გარემოებები, რომლებიც შეიძლება საფუძვლად დაედოს მოსამართლისათვის კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვას, აგრეთვე ამ ბარათის შინაარსი და ტექსტი კონფიდენციალურია.

3. მოსამართლისადმი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კერძო სარეკომენდაციო ბარათს ხელს აწერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.

    მუხლი 20. საქმის განხილვისა და სხვა თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განხორციელებისაგან მოსამართლის ჩამოცილების აკრძალვა

დაუშვებელია საქმის განხილვისა და სხვა თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განხორციელებისაგან მოსამართლის ჩამოცილება მის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების, მისი დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის ან მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სახდელის დაკისრების გამო, ამ კანონის 56-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევის გარდა.“.

4. III თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის მიერ დისციპლინური საქმის განხილვა“.

5. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 21. დისციპლინური საქმეების განმხილველი ორგანო და მისი საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი

1. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა მიმართ დისციპლინურ საქმეებს განიხილავს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია (შემდგომში – სადისციპლინო კოლეგია).

2. სადისციპლინო კოლეგია საქმიანობას ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი წესით.“.

6. 22-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

7. 23-ე, 24-ე და 25-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 23. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების შესრულების სავალდებულოობა

სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

    მუხლი 24. სადისციპლინო კოლეგიის ფორმირების წესი

1. სადისციპლინო კოლეგია შედგება 6 წევრისაგან, რომელთაგან 3 არის საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლე. სადისციპლინო კოლეგიის წევრებს თავისი შემადგენლობიდან 2 წლის ვადით ირჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

2. სადისციპლინო კოლეგიის წევრი არ შეიძლება იყოს:

ა) სასამართლოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მოადგილე, კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარე;

ბ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი;

გ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელიც თანამდებობრივად შედის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში;

დ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელსაც არა აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება.

3. მოსამართლე არ შეიძლება იყოს სადისციპლინო კოლეგიის წევრი, თუ მას ბოლო 5 წლის განმავლობაში დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა და სახდელი.

4. სადისციპლინო კოლეგიის წევრობისაგან გათავისუფლების საფუძველია:

ა) პირადი სურვილი;

ბ) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობისაგან გათავისუფლება;

გ) დისციპლინური საქმის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება;

დ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენა;

ე) უფლებამოსილების ვადის გასვლა.

5. სადისციპლინო კოლეგიის წევრობისაგან გათავისუფლების საფუძველი შეიძლება გახდეს სამოსამართლო ეთიკის სხვა ნორმების დარღვევა.

6. გადაწყვეტილებას სადისციპლინო კოლეგიის წევრობისაგან გათავისუფლების შესახებ იღებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელიც ვალდებულია შეამოწმოს სადისციპლინო კოლეგიის წევრის გათავისუფლების საფუძველი. ის უფლებამოსილია სხდომაზე მიიწვიოს შესაბამისი წევრი და მოისმინოს მისი მოსაზრება.

7. სადისციპლინო კოლეგიის წევრის დისციპლინურ საქმეს სადისციპლინო კოლეგია განიხილავს ამ წევრის მონაწილეობის გარეშე.

    მუხლი 25. სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარე

სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარეს თავისი შემადგენლობიდან ირჩევს სადისციპლინო კოლეგია. სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარე თავმჯდომარეობს კოლეგიის სხდომებს და ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

8. 27-ე და 28-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 27. მოვალეობების ანაზღაურების გარეშე შესრულება

სადისციპლინო კოლეგიის წევრი შესაბამისი მოვალეობების შესრულებისათვის დამატებით ანაზღაურებას ან ხელფასის დანამატს არ იღებს.

    მუხლი 28. სადისციპლინო კოლეგიის საქმიანობის ადგილი

სადისციპლინო კოლეგიის საქმიანობის ადგილია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ან ამისთვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილსამყოფელი.“.

9. 30-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სადისციპლინო კოლეგიაში დისციპლინური საქმე განიხილება კოლეგიურად. სადისციპლინო კოლეგია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კოლეგიის არანაკლებ 4 წევრი.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სადისციპლინო კოლეგიის სხდომები დახურულია, ხოლო დისციპლინური საქმის განხილვასთან დაკავშირებული ინფორმაცია – კონფიდენციალური. სადისციპლინო კოლეგიის წევრი და დისციპლინური ბრალდების წარმდგენი პირი ვალდებული არიან დაიცვან ამ ინფორმაციის კონფიდენციალობა.“.

10. 33-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 33. სადისციპლინო კოლეგიაში დისციპლინური საქმეების განაწილების წესი

დისციპლინურ საქმეებს სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარე ანაწილებს საქმეთა რიგითობის გათვალისწინებით.“.

11. 35-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. აცილების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში სადისციპლინო კოლეგია სადისციპლინო კოლეგიის აცილებული წევრის გარეშე აგრძელებს საქმის განხილვას.“.

12. 39-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სადისციპლინო კოლეგია დისციპლინურ საქმეს განიხილავს სადისციპლინო კოლეგიის სხდომაზე. სხდომას თავმჯდომარეობს სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – მომხსენებელი წევრი.“.

13. 43-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ დისციპლინური საქმის განხილვის დასრულებამდე სადისციპლინო კოლეგია მიიღებს იმავე მოსამართლის მიმართ აღძრულ სხვა დისციპლინურ საქმეს, სადისციპლინო კოლეგია ვალდებულია დროებით შეაჩეროს პირველი საქმის განხილვა, გააერთიანოს დისციპლინური საქმეები, ერთდროულად განიხილოს ისინი და ორი ან მეტი გადაცდომისათვის ბრალეულად ცნობისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შემთხვევაში დააკისროს მოსამართლეს ამ კანონით გათვალისწინებული ერთ-ერთი სახდელი.“;

ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

14. 44-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 44. საქმის უწყვეტად განხილვის პრინციპის დაუცველობა

დისციპლინურ სამართალწარმოებაში არ მოქმედებს საქმის განხილვის უწყვეტობის პრინციპი. დისციპლინური საქმის განხილვის გადადების ან დროებით შეჩერების შემთხვევაში სადისციპლინო კოლეგიის წევრებს უფლება აქვთ განიხილონ სხვა დისციპლინური საქმე და შემდეგ გააგრძელონ გადადებული ან დროებით შეჩერებული საქმის განხილვა. მათ უფლება აქვთ განიხილონ დისციპლინური საქმე იმის მიუხედავად, მონაწილეობენ თუ არა სხვა საქმეების (სისხლის სამართლის, სამოქალაქო ან სხვა საქმეები) განხილვაში.“.

15. 46-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 46. სადისციპლინო კოლეგიის წარდგინება ახალი ბრალდებით დისციპლინური სამართალწარმოების დასაწყებად

თუ დისციპლინური საქმის განხილვის დროს სადისციპლინო კოლეგიაში წარმოიშვა მოსამართლის მიერ სხვა დისციპლინური გადაცდომის ჩადენის საფუძვლიანი ეჭვი, სადისციპლინო კოლეგია ვალდებულია წარდგინებით მიმართოს შესაბამის ორგანოს ან თანამდებობის პირს მოსამართლის მიმართ ახალი ბრალდებით დისციპლინური სამართალწარმოების დასაწყებად. თუ საჭიროდ მიიჩნევს სადისციპლინო კოლეგია უფლებამოსილია შეაჩეროს არსებული ბრალდებით დისციპლინური საქმის წარმოება სხვა დისციპლინური გადაცდომისათვის მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის საკითხის გადაწყვეტამდე.“.

16. 47-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კოლეგიის დამსწრე წევრთა უმრავლესობა.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გასაჩივრება შეიძლება სადისციპლინო კოლეგიაში საჩივრის შეტანით.“.

17. 57-ე მუხლის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) დისციპლინური სამართალწარმოების დამწყები და დისციპლინურ პასუხისგებაში მიმცემი თანამდებობის პირის ვინაობა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოს დასახელება;

ვ) დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებისა და დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის თარიღები;“.

18. IV თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის მიერ დისციპლინური საქმის განხილვა“.

19. მე-60 მუხლის:

ა) პირველი – მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გადასინჯვა შეიძლება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში (შემდგომში – სადისციპლინო პალატა) მისი გასაჩივრებით. გასაჩივრებას ექვემდებარება მხოლოდ ამ კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ – „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები. გასაჩივრების უფლება აქვთ დისციპლინური საქმის მხარეებს.

2. საჩივარი სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებაზე სადისციპლინო კოლეგიაში შეიტანება 10 დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარება უშუალოდ სადისციპლინო კოლეგიაში ან მისი ფოსტის მეშვეობით გაგზავნა.

3. გადაწყვეტილებას სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს საბჭოს სხდომაზე, ხოლო სასამართლოს თავმჯდომარე – ერთპიროვნულად. მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიმცემი ორგანო ან თანამდებობის პირი სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს თავისი წარმომადგენლის მეშვეობით, რომელიც საქმის განხილვის დროს მხარს უჭერდა დისციპლინურ ბრალდებას.“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:

„5. დისციპლინური საქმის ერთ-ერთი ან ორივე მხარის საჩივრის მიღებიდან 5 დღის განმავლობაში სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარე დისციპლინურ საქმეს მიღებულ საჩივრებთან ერთად გადასცემს სადისციპლინო პალატას და ამის შესახებ ატყობინებს დისციპლინური საქმის მხარეებს.

6. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებაზე შეტანილ საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება.“.

20. 61-ე – 74-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 61. საჩივრის შინაარსი

1. საჩივარი უნდა შეიცავდეს:

ა) სადისციპლინო პალატის დასახელებას;

ბ) საჩივრის შემტანი პირის დასახელებასა და მისამართს, მოწინააღმდეგე მხარის დასახელებასა და მისამართს;

გ) გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტ დასახელებას, ამ გადაწყვეტილების დამდგენი ორგანოს დასახელებას;

დ) მითითებას იმის თაობაზე, თუ გადაწყვეტილების რა ნაწილია გასაჩივრებული;

ე) მითითებას გასაჩივრების საფუძვლებზე (საჩივრის მიზეზები) და განმარტებას იმის თაობაზე, მოითხოვს თუ არა საჩივრის შემტანი პირი გადაწყვეტილების გაუქმებას (საჩივრის განაცხადი);

ვ) მითითებას იმ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებს პროცედურული ნორმების დარღვევას, თუ საჩივარი პროცედურული ნორმების დარღვევას ემყარება;

ზ) საჩივარზე დართული წერილობითი მასალების ნუსხას;

თ) საჩივრის შემტანი პირის ხელმოწერას.

2. წარმომადგენლის მიერ შეტანილ საჩივარს უნდა ერთვოდეს მინდობილობა, რომელიც ადასტუ-რებს წარმომადგენლის უფლებამოსილებას საჩივრის შეტანაზე, თუ ასეთი უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი არ არის საქმეში.

3. საჩივარი, აგრეთვე დამატებით შემოსული მასალები სასამართლოს წარედგინება იმდენი ასლის სახით, რამდენი მონაწილეცაა საქმეში.

    მუხლი 62. საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

1. საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სადისციპლინო პალატამ უნდა შეამოწმოს, საჩივარი ამ კანონის 61-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვითაა შეტანილი თუ არა. თუ საჩივარი აკმაყოფილებს ამ მუხლის მოთხოვნებს, სადისციპლინო პალატა იღებს მას წარმოებაში.

2. თუ საჩივარი არ აკმაყოფილებს ამ კანონის 61ე მუხლის მოთხოვნებს, სადისციპლინო პალატა ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას გონივრულ ვადას (არა უმეტეს 10 დღისა). თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან თუ საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საჩივარი განუხილველი დარჩება.

3. ამ მუხლით გათვალისწინებულ საკითხს სადისციპლინო პალატა წყვეტს ზეპირი განხილვის გარეშე.

4. საჩივრისა და თანდართული მასალების ასლები უნდა გაეგზავნოს მოწინააღმდეგე მხარეს. სადისციპლინო პალატას შეუძლია მოწინააღმდეგე მხარეს დაუნიშნოს ვადა საჩივარზე წერილობითი პასუხის გასაცემად.

    მუხლი 63. გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე და საჩივარზე უარის თქმა

1. თუ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მხარე სადისციპლინო კოლეგიაში წერილობით განაცხადებს უარს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე, საჩივარი აღარ დაიშვება.

2. საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია გადაწყვეტილების გამოტანამდე. საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს გადაწყვეტილება.

    მუხლი 64. საქმის განხილვის ვადა, საქმის განხილვის დანიშვნა

1. სადისციპლინო პალატა სადისციპლინო საქმეს განიხილავს საჩივრის წარმოებაში მიღებიდან 1 თვის განმავლობაში. ობიექტური გარემოებების არსებობის შემთხვევაში საქმის განხილვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ შეიძლება გააგრძელოს 1 თვით.

2. საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ განჩინებით სადისციპლინო პალატა განსაზღვრავს საქმის ზეპირი განხილვის დროს, რის შესახებაც მხარეებს ატყობინებს ამ განჩინების მიღებიდან 3 დღის განმავლობაში.

3. სადისციპლინო პალატა უზრუნველყოფს მხარეთა/მონაწილეთა მიწვევას სადისციპლინო პალატის სხდომაში მონაწილეობისათვის.

    მუხლი 65. სადისციპლინო პალატის მიერ საჩივრის განხილვის ფარგლები და საქმიანობის პრინციპები

1. სადისციპლინო პალატა სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებას ამოწმებს საჩივრის ფარგლებში როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი და დაკისრებული სახდელის სამართლიანობის თვალსაზრისით.

2. სადისციპლინო კოლეგიის მიერ საქმის სამართლებრივი პროცედურების დარღვევით განხილვა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამან გამოიწვია საქმეზე არსებითად არასწორი გადაწყვეტილების მიღება.

3. საჩივრის განხილვის დროს სადისციპლინო პალატა საქმიანობას ახორციელებს ამ კანონის 30-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული პრინციპების შესაბამისად.

    მუხლი 66. სადისციპლინო პალატის მიერ საქმის განხილვა

1. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებაზე მიღებული საჩივარი განიხილება სადისციპლინო პალატის სხდომაზე. სხდომას თავმჯდომარეობს სადისციპლინო პალატის თავმჯდომარე ან მისი დავალებით – პალატის სხვა წევრი.

2. სადისციპლინო პალატის სხდომის თავმჯდომარე ხსნის სხდომას და აცხადებს განსახილველ საქმეს.

3. სადისციპლინო პალატის სხდომის მდივანი მოახსენებს, თუ ვინ გამოცხადდა განსახილველ საქმეზე მოწვეულ პირთაგან, ეცნობა თუ არა გამოუცხადებელ პირებს სხდომის თაობაზე და რა ცნობები არსებობს მათი გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ. სადისციპლინო პალატა ადგენს გამოცხადებულთა ვინაობას, აგრეთვე ამოწმებს წარმომადგენელთა უფლებამოსილებას.

4. სხდომის თავმჯდომარე განუმარტავს მხარეებს და მათ წარმომადგენლებს მათ უფლება-მოვალეობებს.

5. სხდომის თავმჯდომარე აცხადებს სადისციპლინო პალატის შემადგენლობას, სხდომის მდივნის ვინაობას და განუმარტავს მხარეებს, რომ მათ შეუძლიათ განაცხადონ აცილება, თუ ასეთი აცილება საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული საქმის სხდომაზე განხილვამდე, ან თუ საქმეს იხილავს სხვა სასამართლო შემადგენლობა და არა ის, რომელიც ცნობილი იყო საქმის მომზადების სტადიაზე.

6. სხდომის თავმჯდომარე ეკითხება მხარეებს, აქვთ თუ არა შუამდგომლობები ან განცხადებები, რომლებიც განცხადებული ვერ იქნა სხდომამდე.

7. პროცესის მონაწილეები ვალდებული არიან დაიცვან წესრიგი და დაემორჩილონ სხდომის თავმჯდომარის განკარგულებას. წესრიგის დარღვევის შემთხვევაში დამრღვევს თავმჯდომარე აძლევს გაფრთხილებას.

    მუხლი 67. საქმის არსებითი განხილვა

1. საქმის არსებითი განხილვა იწყება მოსამართლის მიერ საქმის მოხსენებით, რომელიც უნდა ემყარებოდეს საქმეში წარმოდგენილ მასალებს.

2. მოსამართლის მიერ საქმის მოხსენების შემდეგ სხდომის თავმჯდომარე სიტყვას აძლევს მხარეებს ახსნა-განმარტებისათვის.

3. პირველად ახსნა-განმარტებას იძლევა საჩივრის ავტორი/ წარმომადგენელი, კერძოდ, როგორია მისი მოთხოვნა, რა გარემოებებს ემყარება ეს მოთხოვნა, რით ადასტურებს ამ გარემოებებს, კვლავ უჭერს თუ არა მხარს ამ მოთხოვნას, უარს ხომ არ ამბობს საჩივარზე და სხვ.

4. შემდეგ სასამართლო მოისმენს მოწინააღმდეგე მხარის/წარმომადგენლის ახსნა-განმარტებებს, ხომ არ ცნობს საჩივარს და სხვ.

5. თუ სხდომაზე მხოლოდ ერთი მხარე გამოცხადდება, პალატა ახსნა-განმარტებას გამოცხადებული მხარისაგან მიიღებს.

6. სხდომის თავმჯდომარის ნებართვით თითოეულ მხარეს შეუძლია შეკითხვა დაუსვას მოწინააღმდეგე მხარეს და მის წარმომადგენელს. თუ შეკითხვა სცილდება განხილვის საგანს და არ ემსახურება საქმის გარემოების გამოკვლევასა და დადგენას, სხდომის თავმჯდომარეს მხარის თხოვნით ან თავისი ინიციატივით შეუძლია მოხსნას ასეთი შეკითხვა.

7. სადისციპლინო პალატის წევრებს უფლება აქვთ მხარეებს დაუსვან შეკითხვები, რომლებიც ხელს შეუწყობს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულად და ზუსტად განსაზღვრას, მათი უტყუარობის გამორკვევას.

8. პაექრობა შედგება მხარეებისა და მათი წარმომადგენლების სიტყვებისაგან. პირველად გამოდიან საჩივრის ავტორი და მისი წარმომადგენელი, შემდეგ – მოწინააღმდეგე მხარე და მისი წარმომადგენელი.

9. მას შემდეგ, რაც პაექრობის ყოველი მონაწილე წარმოთქვამს სიტყვას, სხდომის თავმჯდომარე მხარეებს აძლევს საშუალებას, გამოვიდნენ რეპლიკით.

10. პაექრობის შემდეგ სადისციპლინო კოლეგია გადის გადაწყვეტილების მისაღებად, რის შესახებაც უცხადებს მხარეებს.

11. სათათბირო ოთახიდან დაბრუნების შემდეგ სხდომის თავმჯდომარე აცხადებს მიღებულ გადაწყვეტილებას, განმარტავს გადაწყვეტილების მიღების საფუძველებს, რის შემდეგაც სხდომას დახურულად აცხადებს.

12. სადისციპლინო პალატის სხდომაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი.

    მუხლი 68. სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილება

1. სადისციპლინო პალატა გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით.

2. სადისციპლინო პალატის წევრმა გადაწყვეტილების მიღებისას არ შეიძლება თავი შეიკავოს ხმის მიცემისაგან.

3. სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილებაში აღინიშნება სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებისა და მიღებული საჩივრების შინაარსი, სადისციპლინო პალატაში საკითხის განხილვის შედეგები, მიღებული გადაწყვეტილების არსი და დასაბუთება.

4. სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

5. სადისციპლინო პალატას მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით შეუძლია გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები, თუ მიზანშეწონილად მიაჩნია შესწორებათა შეტანა. გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის შესახებ განჩინება არ საჩივრდება.

    მუხლი 69. სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილების სახეები

სადისციპლინო პალატა უფლებამოსილია მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:

ა) სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ, თუ საჩივარი ეხება ამ კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ – „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს;

ბ) სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების შეცვლის შესახებ, თუ საჩივარი ეხება ამ კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს;

გ) სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შესახებ, თუ საკითხი ეხება ამ კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ – „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს;

დ) სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ.

    მუხლი 70. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველი

1. სადისციპლინო პალატა იღებს გადაწყვეტილებას სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ, თუ დადგინდება, რომ სადისციპლინო კოლეგიამ კანონიერად გაამართლა მოსამართლე ან შეწყვიტა მის მიმართ დისციპლინური საქმის წარმოება, ანდა სწორი იურიდიული კვალიფიკაცია მისცა კოლეგიის სხდომაზე დადგენილ დისციპლინურ გადაცდომას, ამასთანავე, მოსამართლეს კანონიერი და სამართლიანი დისციპლინური სახდელი ან დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება დააკისრა.

2. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების უცვლელად დასატოვებლად, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობასთან ერთად სავალდებულოა, რომ სადისციპლინო პალატის სხდომაზე დადასტურდეს სადისციპლინო კოლეგიის მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტებიც (შესაბამისი დისციპლინური გადაცდომის ჩადენა, დისციპლინური საქმის შეწყვეტის ან მოსამართლის გამართლების საფუძვლები).

    მუხლი 71. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველი

1. სადისციპლინო პალატა იღებს გადაწყვეტილებას სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების შეცვლის შესახებ, თუ:

ა) სადისციპლინო კოლეგიამ არასწორი იურიდიული კვალიფიკაცია მისცა მოსამართლის მიერ ჩადენილ ქმედებებს და სწორად ვერ განსაზღვრა, ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული რომელი დისციპლინური გადაცდომა ჩაიდინა მოსამართლემ; სადისციპლინო პალატა უფლებამოსილია მოსამართლის ქმედება გადააკვალიფიციროს ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ნებისმიერი სახის დისციპლინურ გადაცდომაზე, ბრალეულად ცნოს მოსამართლე ამ კანონით გათვალისწინებული სხვა დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვისაც, თუ ამას მოიცავს დისციპლინური ბრალდების ფაქტობრივი გარემოებანი;

ბ) სადისციპლინო კოლეგიამ გამოიყენა უკანონო, უსამართლო ან მიზანშეუწონელი დისციპლინური სახდელი ან დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება. ამ შემთხვევაში სადისციპლინო პალატა უფლებამოსილია:

ბ.ა) უცვლელად დატოვოს დისციპლინური სახდელი, მოუხსნას მოსამართლეს ან გამოიყენოს მის მიმართ დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება;

ბ.ბ) შეცვალოს დისციპლინური სახდელი და უცვლელად დატოვოს დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება;

ბ.გ) შეცვალოს დისციპლინური სახდელი და დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება, ან გამოიყენოს ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება;

ბ.დ) დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება შეცვალოს ნებისმიერი დისციპლინური სახდელით ან ეს სახდელი გამოიყენოს ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიებასთან ერთად.

2. თუ ერთდროულად არსებობს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გარემოებები, სადისციპლინო პალატა იღებს გადაწყვეტილებას მოსამართლის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის იურიდიული კვალიფიკაციის, მოსამართლისათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელის ან დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების შეცვლის და, შესაბამისად, ამ ნაწილში სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების შეცვლის შესახებ.

    მუხლი 72. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი

სადისციპლინო პალატა იღებს გადაწყვეტილებას სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, თუ სადისციპლინო კოლეგიამ უკანონოდ გაამართლა მოსამართლე, უკანონოდ შეწყვიტა მის წინააღმდეგ აღძრული დისციპლინური საქმე, ანდა უკანონოდ დააკისრა მას დისციპლინური პასუხისმგებლობა და გამოიყენა დისციპლინური სახდელი ან დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გაუქმებისთანავე სადისციპლინო პალატა უფლებამოსილია მიიღოს ამ კანონის 48-ე მუხლით გათვალისწინებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, იმავე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გარდა.

    მუხლი 73. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი

სადისციპლინო პალატა იღებს გადაწყვეტილებას სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ, თუ:

ა) საქმე განიხილა სადისციპლინო კოლეგიის არაკანონიერმა შემადგენლობამ;

ბ) სადისციპლინო კოლეგიამ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ ეცნობა სხდომის თაობაზე;

გ) გადაწყვეტილება მიღებულია საქმის განხილვის საფუძველზე, რომლის დროსაც დარღვეულ იქნა პროცესის კონფიდენციალობის წესები;

დ) გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია;

ე) გადაწყვეტილება ხელმოუწერელია სხდომის თავმჯდომარის ან მდივნის მიერ;

ვ) საქმეში არ არის სადისციპლინო კოლეგიის სხდომის ოქმი.

    მუხლი 74. სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილების ფორმა

1. სადისციპლინო პალატის მიერ დისციპლინური საქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება წერილობით. მას ხელს აწერენ სადისციპლინო პალატის წევრები.

2. სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილების ასლი ეგზავნება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, პროცესის მხარეებს და მათ წარმომადგენლებს.“.

21. IV1 თავი ამოღებულ იქნეს.

22. 75-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შედის გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, ხოლო სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილება – დაუყოვნებლივ.“.

23. 76-ე და 77-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 76. სასამართლოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის პირველი მოადგილის ან მოადგილის და სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულება

სასამართლოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის პირველი მოადგილის ან მოადგილის და სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლების, როგორც დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების, შეფარდებისას სადისციპლინო კოლეგია ან სადისციპლინო პალატა კანონიერ ძალაში შესულ თავის გადაწყვეტილებას აღსასრულებლად წარუდგენს შესაბამის ორგანოს ან თანამდებობის პირს, კერძოდ, თუ საქმე ეხება საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეებს – საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმს, ხოლო ყველა სხვა შემთხვევაში – საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.

    მუხლი 77. მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულება

მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების, როგორც დისციპლინური სახდელის, დაკისრებისას სადისციპლინო კოლეგია ან სადისციპლინო პალატა კანონიერ ძალაში შესულ თავის გადაწყვეტილებას აღსასრულებლად წარუდგენს შესაბამის ორგანოს ან თანამდებობის პირს, კერძოდ, თუ საქმე ეხება:

ა) საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს – საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს საქართველოს პრეზიდენტის წინაშე საკითხის დასაყენებლად;

ბ) ყველა სხვა მოსამართლეს – საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს საქართველოს პრეზიდენტის წინაშე საკითხის დასაყენებლად.“.

24. 78-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ სადისციპლინო კოლეგიის ან სადისციპლინო პალატის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება 5 დღეში ეგზავნება საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს.“.

25. 79-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 79. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება სადისციპლინო კოლეგიის ან სადისციპლინო პალატის მიერ მოსამართლის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში

1. სადისციპლინო კოლეგიის ან სადისციპლინო პალატის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო განიხილავს გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღეში.

2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებულია საბჭოს სხდომაზე საკითხის განხილვიდან 3 დღეში მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი წარუდგინოს საქართველოს პრეზიდენტს.“.

26. VI თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი VI

სადისციპლინო კოლეგიისა და სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილებების გამოქვეყნება, დისციპლინურ საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დარღვევის შედეგები და სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება

    მუხლი 81. სადისციპლინო კოლეგიისა და სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილებების გამოქვეყნება

1. სადისციპლინო კოლეგიას და სადისციპლინო პალატას უფლება აქვთ გამოაქვეყნონ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი, სადაც მითითებულია მოსამართლისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის, დისციპლინური სახდელისა და დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების დაკისრების შესახებ.

2. მოსამართლისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის, დისციპლინური სახდელისა და დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების დაკისრების საფუძვლების გამოქვეყნება დაუშვებელია, მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევის გარდა.

    მუხლი 82. სადისციპლინო კოლეგიის წევრისა და სადისციპლინო პალატის წევრის მიერ დისციპლინურ საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის ვალდებულება

1. სადისციპლინო კოლეგიის წევრი და სადისციპლინო პალატის წევრი ვალდებული არიან დაიცვან დისციპლინურ საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალობა, არ გაამჟღავნონ მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველი და თათბირის საიდუმლოება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესის შეუსრულებლობა ჩაითვლება ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დისციპლინურ გადაცდომად და გახდება სადისციპლინო კოლეგიის ან სადისციპლინო პალატის შემადგენლობიდან მოსამართლის გამოყვანის საფუძველი, აგრეთვე შეიძლება გახდეს მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი.

    მუხლი 83. სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება

დისციპლინური სამართალწარმოების განმახორციელებელი პირის, დისციპლინური ბრალდების წარმდგენი პირის, აგრეთვე სადისციპლინო კოლეგიის წევრისა და სადისციპლინო პალატის წევრის დისციპლინური უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული სამივლინებო ხარჯები ანაზღაურდება სამსახურის ადგილის მიხედვით.

27. 86-ე, 87-ე და 88-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 86. იმავე ბრალდებით მოსამართლის ბრალეულად ცნობისა და მისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრების დაუშვებლობა

სადისციპლინო კოლეგიის ან სადისციპლინო პალატის მიერ მოსამართლის ბრალეულად ცნობის ან გამართლების შემდეგ დაუშვებელია იმავე საფუძვლით მის მიმართ დისციპლინური დევნის აღძვრა, იმავე ბრალდებით მისი დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემა, იმავე ქმედების გამო მისი ბრალეულად ცნობა და მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სახდელის დაკისრება.

    მუხლი 87. დისციპლინური საქმის შენახვა

1. დისციპლინური საქმე ინახება სადისციპლინო კოლეგიაში და ხელმიუწვდომელია სხვა პირებისათვის.

2. დისციპლინური საქმის გაგზავნა მოსამართლეთა თანამდებობაზე გამამწესებელ ორგანოებში ან თანამდებობის პირებთან დაიშვება მხოლოდ სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარის ნებართვით.

3. დისციპლინური საქმის შენახვის ვადაა 10 წელი.

    მუხლი 88. სტატისტიკური ინფორმაცია

1. სტატისტიკური ინფორმაცია სადისციპლინო კოლეგიის საქმიანობისა და განხილული დისციპლინური საქმეების შესახებ პერიოდულად ეგზავნება საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა კონფერენციასა და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.

2. სხვა თანამდებობის პირთათვის, დაწესებულებებისათვის, აგრეთვე მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებისათვის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სტატისტიკური ინფორმაციის გადაცემა დაიშვება მხოლოდ სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარის ნებართვითა და ინფორმაციის კონფიდენციალობის უზრუნველყოფის მიზნით ამ კანონით დადგენილი შეზღუდვების დაცვით.“.

28. 90-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:

„5. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო 2006 წლის 15 მარტამდე უზრუნველყოფს დისციპლინური კოლეგიის ახალი წესით დაკომპლექტებას და ძველი სადისციპლინო საბჭოს ლიკვიდაციას.

6. 2006 წლის 15 მარტამდე საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს წარმოებაში არსებული საჩივრები სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებებზე განსახილველად გადაეცემა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატას.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 15 მარტიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 25 ნოემბერი.

№2127–IIს