კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ

  • Word
კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 985
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/06/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 23, 11/07/2001
სარეგისტრაციო კოდი 450.030.000.05.001.000.953
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
985
22/06/2001
სსმ, 23, 11/07/2001
450.030.000.05.001.000.953
კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (10/11/2006 - 29/12/2006)

საქართველოს კანონი

კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ

                    საქართველოს 2003 წ. 7 მაისის კანონი №2137- სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ70

 

                                                    პრეამბულა

ამ კანონის მიზანია დაიცვას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა, სახელმწიფოს ტერიტორიაზე არსებული კულტურული ფასეულობები საქართველოდან მათი უკანონო გატანისა და უნებართვო არქეოლოგიური გათხრებისაგან.

კანონი ხელს უწყობს საქართველოსა და სხვა სახელმწიფოების ხალხთა კულტურული ურთიერთობების განმტკიცებასა და კულტურულ ფასეულობათა გაცნობას, უზრუნველყოფს საქართველოსა და უცხო ქვეყნების ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მიერ საქართველოში დროებით შემოტანილ და საქართველოდან დროებით გატანილ კულტურულ ფასეულობათა დაცვასა და სახელმწიფოში დაბრუნებას.

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. საქართველოს კანონმდებლობა კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის სფეროში

1. საქართველოს კანონმდებლობა კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის სფეროში შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონისა და სხვა ნორმატიული აქტებისაგან.

2. ეს კანონი ადგენს საქართველოს კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის ერთიან წესს.

                 საქართველოს 2003 წ. 7 მაისის კანონი №2137- სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ70           

    მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო

ამ კანონით განსაზღვრული საქართველოს კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანისა და დროებით გატანის, საქართველოში შემოტანისა და დროებით შემოტანის წესი ვრცელდება ნებისმიერ კულტურულ ფასეულობაზე.

             საქართველოს 2003 წ. 7 მაისის კანონი №2137- სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ70

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

1. კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანა _ ნებისმიერი პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთით საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კულტურული ფასეულობის გადაადგილება მისი უკან შემოტანის ვალდებულების გარეშე.

2. კულტურული ფასეულობის საქართველოდან დროებით გატანა _ ნებისმიერი პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთით საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კულტურული ფასეულობის გადაადგილება დადგენილ ვადებში მისი უკან შემოტანის ვალდებულებით.

3. კულტურული ფასეულობის საზღვარგარეთიდან შემოტანა _ ნებისმიერი პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთით კულტურული ფასეულობის შემოტანა მისი უკან გატანის ვალდებულების გარეშე.

4. კულტურული ფასეულობის საზღვარგარეთიდან დროებით შემოტანა _ ნებისმიერი პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთით კულტურული ფასეულობის შემოტანა დადგენილ ვადებში მისი უკან გატანის ვალდებულებით.

5. კულტურული ფასეულობა – არქეოლოგიის, წინაისტორიული პერიოდის, ისტორიის, ლიტერატურის, ხელოვნების, მეცნიერებისა და სხვა მნიშვნელოვანი სასულიერო თუ საერო ხასიათის ფასეულობა, რომელიც:

ა) შექმნილია საქართველოს ტერიტორიაზე ქართველი ერის ან სხვა ერების მიერ, რომლებიც ცხოვრობდნენ ან ცხოვრობენ საქართველოს ტერიტორიაზე;

ბ) შექმნილია საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეობის არმქონე და უცხოელი მოქალაქეების მიერ, რომლებიც ცხოვრობდნენ ან ცხოვრობენ საქართველოს ტერიტორიაზე;

გ) აღმოჩენილია საქართველოს ტერიტორიაზე;

დ) წარმოადგენს საჩუქარს, ან შეძენილია იმ უცხო სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოების თანხმობით, სადაც შექმნილია ეს კულტურული ფასეულობა;

ე) შეძენილია საქართველოს არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული და საბუნებისმეტყველო ექსპედიციების მიერ იმ უცხო სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოების თანხმობით, სადაც შექმნილია ეს კულტურული ფასეულობა.

6. კულტურულ ფასეულობათა კოლექცია – ერთგვარ ან გარკვეული ნიშნით შეკრებილ სხვადასხვაგვარ კულტურულ ფასეულობათა ერთობლიობა, რომელსაც აქვს ისტორიული, მხატვრული, სამეცნიერო ან სხვა კულტურული მნიშვნელობა.

             საქართველოს 2003 წ. 7 მაისის კანონი №2137- სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ70

    მუხლი 4. კულტურულ ფასეულობებად მიჩნეული ნივთები, რომლებზედაც ვრცელდება ეს კანონი

1. ეს კანონი ვრცელდება:

ა) ფლორისა და ფაუნის, მინერალოგიისა და პალეონტოლოგიისათვის საინტერესო იშვიათ კოლექციებსა და ნიმუშებზე;

ბ) ღირებულებებზე, რომლებიც დაკავშირებულია ისტორიასთან, მათ შორის, მეცნიერებისა და ტექნიკის, ომებისა და საზოგადოების ისტორიასთან, აგრეთვე ეროვნულ მოღვაწეთა, მოაზროვნეთა, მეცნიერთა, ხელოვანთა და სპორტსმენთა ცხოვრებასთან და დიდმნიშვნელოვან ეროვნულ ფაქტებთან;

გ) არქეოლოგიურ აღმოჩენაზე;

დ) მხატვრული, ისტორიული და არქეოლოგიური ძეგლების ფრაგმენტებზე;

ე) 100 წელზე მეტი ხნის წარწერაზე, მონეტასა და ბეჭედზე;

ვ) ეთნოგრაფიულ მასალაზე;

ზ) ნებისმიერი მასალით ხელით შესრულებულ ტილოზე, სურათზე, ნახატზე (ნახაზისა და ხელით შემკული სამრეწველო ნაწარმის გარდა) და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშზე;

თ) ნებისმიერი მასალისაგან შესრულებული ქანდაკების ორიგინალურ ნაწარმოებზე;

ი) ორიგინალურ გრავიურაზე, ესტამპსა და ლითოგრაფიაზე;

კ) ნებისმიერი მასალისაგან დამზადებულ ორიგინალურ მხატვრულ შენარჩევსა და მონტაჟზე;

ლ) იშვიათ ხელნაწერზე და ინკუნაბულზე, ძველ წიგნზე, გუჯარსა და გამოცემაზე, რომლებიც განსაკუთრებულ ინტერესს (ისტორიულ, მხატვრულ, სამეცნიერო, ლიტერატურულ და სხვა) იწვევენ ცალ-ცალკე და კოლექციად;

მ) მიმოქცევიდან ამოღებულ საფოსტო მარკაზე, საგადასახადო და ანალოგიურ მარკაზე ცალ-ცალკე ან კოლექციად;

ნ) არქივზე, მათ შორის ფონო-, ფოტო- და კინოარქივზე;

ო) 100 წელზე მეტი ხნის ავეჯსა და ძველებურ მუსიკალურ საკრავზე.

2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება თანამედროვე სუვენირული ხასიათის ნაკეთობაზე, აგრეთვე სერიული და მასობრივი წარმოების კულტურული დანიშნულების ნივთზე.

    მუხლი 5. კულტურული ფასეულობა, რომელიც არ ექვემდებარება საქართველოდან გატანას

1. აკრძალულია საქართველოს ფარგლებს გარეთ იმ კულტურული ფასეულობის გატანა, რომელსაც სახელმწიფომ განსაკუთრებულის სტატუსი მიანიჭა.

2. საქართველოდან საზღვარგარეთ გატანას არ ექვემდებარება:

ა) მოძრავი ნივთი, რომელსაც განსაკუთრებული, ეროვნული ან ადგილობრივი მნიშვნელობის ისტორიული, მხატვრული ან სხვა კულტურული ღირებულება აქვს და მიეკუთვნება საქართველოს ხალხთა კულტურული მემკვიდრეობის განსაკუთრებულად ფასეულ ობიექტს, მიუხედავად მათი შექმნის დროისა;

ბ) მოძრავი ნივთი, რომელიც სახელმწიფოს მიერ ამ კანონის მიღებამდე უკვე შეტანილია დაცვით სახელმწიფო სიასა და რეესტრში, ან რომელსაც ამ კანონის მოთხოვნათა საფუძველზე საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო შეიტანს სპეციალურ სიასა და რეესტრში და რომელსაც იცავს სახელმწიფო;

გ) კულტურული ფასეულობა, რომელიც მისი აღმოჩენის ან შეძენის დროიდან მუდმივად ინახება სახელმწიფო სამუზეუმო ფონდში, არქივში, ბიბლიოთეკაში, კულტურული ფასეულობის დაცვის სხვა სახელმწიფო დაწესებულებაში, აგრეთვე საკუთრების სხვა ფორმით არსებულ ანალოგიური დანიშნულების დაწესებულებაში;

დ) სხვა უნიკალური კულტურული ფასეულობა, რომელიც პირდაპირ არ არის გათვალისწინებული ამ კანონის მე-4 მუხლის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტებით.

3. კულტურული ფასეულობების კონკრეტულ ნუსხას, რომლებიც არ ექვემდებარება საქართველოდან გატანას, ცალკე სახელმწიფო რეესტრით ადგენს და ამტკიცებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3167-სსმI, №19, 01.06.2006წ., მუხ156

    მუხლი 6. კულტურული ფასეულობა, რომლის საქართველოში შემოტანა აკრძალულია

აკრძალულია იმ კულტურული ფასეულობის საქართველოში შემოტანა, რომელზედაც უცხო სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოების შეტყობინების საფუძველზე გამოცხადებულია ძებნა.

                    საქართველოს 2003 წ. 7 მაისის კანონი №2137- სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ70

 

 

თავი II

კულტურული ფასეულობის საქართველოდან უკანონო გატანა, საქართველოში უკანონო შემოტანა და მასზე საკუთრების უფლების სამართლებრივი რეჟიმი

                    საქართველოს 2003 წ. 7 მაისის კანონი №2137- სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ70

მუხლი 7. კულტურული ფასეულობის საქართველოდან უკანონო გატანა, საქართველოში უკანონო შემოტანა და მასზე საკუთრების უფლების უკანონო გადაცემა

1. უკანონოდ ითვლება კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანა, საქართველოში შემოტანა და მასზე საკუთრების უფლების გადაცემა, თუ დარღვეულია ამ კანონით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები.

2. უკანონოდ ითვლება აგრეთვე კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანა, საქართველოში შემოტანა და მასზე საკუთრების უფლების გადაცემა, თუ იგი უცხო სახელმწიფოს მიერ ქვეყნის ნაწილობრივი ან სრული ოკუპაციის ან ქვეყნის ცალკეულ ტერიტორიაზე სახელმწიფო იურისდიქციის სხვა მიზეზით დაკარგვის პირდაპირი ან არაპირდაპირი შედეგია.

                საქართველოს 2003 წ. 7 მაისის კანონი №2137- სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ70

     მუხლი 8. საქართველოდან უკანონოდ გატანილი კულტურული ფასეულობის საქართველოში დაბრუნება

1. საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კულტურული ფასეულობის მესაკუთრეს უფლება აქვს, თხოვნით მიმართოს საქართველოს შესაბამის ორგანოებს, მხარდაჭერა აღმოუჩინონ საქართველოდან უკანონოდ გატანილი ან უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე უკანონო მფლობელობაში მყოფი კულტურული ფასეულობის საქართველოში დასაბრუნებლად.

2. ამ კატეგორიის კულტურულ ფასეულობაზე კანონიერი მესაკუთრის უფლების აღდგენის გარანტი სახელმწიფოა.

              საქართველოს 2003 წ. 7 მაისის კანონი №2137- სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ70

    მუხლი 9. საზღვარგარეთიდან საქართველოში უკანონოდ შემოტანილი კულტურული ფასეულობის დაბრუნება

1. საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებებითა და საქართველოს კანონმდებლობით საზღვარგარეთიდან საქართველოში უკანონოდ შემოტანილი კულტურული ფასეულობა დაუბრუნდება მესაკუთრეს.

2. დაბრუნება ხდება მომთხოვნი მხარის განაცხადისა და მის მიერ სათანადო დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე.

3. კულტურული ფასეულობის ამოღებისა და კანონიერი მფლობელისათვის დაბრუნების შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიაზე მისი გადაადგილების ხარჯებს გაიღებს მომთხოვნი მხარე.

4. საზღვარგარეთიდან უკანონოდ შემოტანილი კულტურული ფასეულობის კანონიერი მფლობელისათვის დაბრუნების გარანტი სახელმწიფოა.

    მუხლი 10. კულტურული ფასეულობის კეთილსინდისიერი შემძენის უფლება

საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანილი კულტურული ფასეულობის ამოღებისა და კანონიერი მფლობელისათვის დაბრუნების შემთხვევაში მის კეთილსინდისიერ შემძენს მომთხოვნმა მხარემ, თუ იგი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფო, მისი მოქალაქე ან იურიდიული პირია, უნდა გადაუხადოს ამ კულტურული ფასეულობის კომპენსაცია, თუ ამ საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ასეთი კომპენსაციის გადახდა. სხვა შემთხვევაში გადახდა მოხდება ნებაყოფლობით ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

თავი III

 სახელმწიფო ორგანოების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მოქალაქეების მონაწილეობა კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანისა და დროებით გატანის, საქართველოში შემოტანისა და დროებით შემოტანის სფეროში

                  საქართველოს 2003 წ. 7 მაისის კანონი №2137- სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ70

მუხლი 11. კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის და დროებით გატანის, საქართველოში შემოტანის და დროებით შემოტანის რეგულირების სახელმწიფო ორგანოები და მათი კომპეტენციები

1. საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების თანახმად კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანას და დროებით გატანას, საქართველოში შემოტანას და დროებით შემოტანას არეგულირებს და აკონტროლებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო.

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ამ საკითხებთან თავიანთ ფუნქციებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ახორციელებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებასთან – საქართველოს სასაზღვრო პოლიციასთან ერთად.

3. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქმიანობის საერთო კოორდინაციას ახორციელებს ამ კანონის შესაბამისად.

        საქართველოს 2003 წ. 7 მაისის კანონი №2137- სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ70

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3167-სსმI, №19, 01.06.2006წ., მუხ156

    მუხლი 12. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს კომპეტენცია კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის და დროებით გატანის, საქართველოში შემოტანის და დროებით შემოტანის სფეროში.

          საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო:

ა) ხელს უწყობს კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის შექმნას; სათანადო სამეცნიერო და ტექნიკური დაწესებულებების შექმნასა და განვითარებას;

ბ) ადგენს იმ კულტურული ფასეულობის დაცვით სახელმწიფო სიასა და რეესტრს, რომელზედაც ვრცელდება ამ კანონის მოქმედება;

გ) აწარმოებს კულტურული ფასეულობის პასპორტიზაციას;

დ) კულტურული ფასეულობის დაცვითი სახელმწიფო სიისა და რეესტრის ბაზაზე ადგენს საკუთრების ნებისმიერი ფორმით არსებული კულტურული ფასეულობის იმ სახელმწიფო რეესტრს, რომელიც ამ კანონის თანახმად არ ექვემდებარება საქართველოდან გატანას, რამაც შესაძლებელია მნიშვნელოვნად გააღარიბოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა;

ე) იღებს გადაწყვეტილებას კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის ან დროებით გატანის შესახებ;

ვ) უზრუნველყოფს საქართველოდან გასატანად განცხადებული კულტურული ფასეულობის, აგრეთვე დროებით გატანის შემთხვევაში მისი უკან დაბრუნებისას სავალდებულო სახელმწიფო ექსპერტიზის ჩატარებას;

ზ) გასცემს ნებართვას კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანაზე ან დროებით გატანაზე;

თ) აწარმოებს საქართველოში დროებით შემოტანილი კულტურული ფასეულობის სახელმწიფო რეგისტრაციას;

ი) კულტურული ფასეულობის დაკარგვის ან ხელყოფის ფაქტების შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას აწვდის როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ პუბლიკაციებით, მასობრივი ინფორმაციისა და კანონით ნებადართული სხვა საშუალებებით;

კ) საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების თანახმად იღებს ზომებს კულტურული ფასეულობის მესაკუთრის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად.

        საქართველოს 2003 წ. 7 მაისის კანონი №2137- სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ70

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3167-სსმI, №19, 01.06.2006წ., მუხ156

    მუხლი 13. საქართველოს მუზეუმებსა და საცავებში დაცული მოძრავი ძეგლების საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის სახელმწიფო რეგულირება

საქართველოს მუზეუმებსა და საცავებში დაცული მოძრავი ძეგლების საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის სახელმწიფო რეგულირებას ახორციელებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული სამეცნიერო-მეთოდური საბჭოს დასკვნის საფუძველზე.

             საქართველოს 2003 წ. 7 მაისის კანონი №2137- სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ70

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3167-სსმI, №19, 01.06.2006წ., მუხ156

მუხლი 14. საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მოქალაქეების მონაწილეობა კულტურული ფასეულობის დაცვის, მისი საქართველოდან გატანის, დროებით გატანის, საქართველოში შემოტანისა და დროებით შემოტანის რეგულირების საქმეში

საქართველოს საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და მოქალაქეებს უფლება აქვთ, შეუზღუდავად მიიღონ სრული და ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს კულტურული ფასეულობის დაცვის, მისი საქართველოდან გატანის, დროებით გატანის, საქართველოში შემოტანისა და დროებით შემოტანის შესახებ, თუ ეს უკანასკნელი არ წარმოადგენს სახელმწიფო ინტერესებთან ან ამ ფასეულობის გამტანი ფიზიკური და იურიდიული პირების კანონით დაცულ ინტერესებთან დაკავშირებულ საიდუმლოებას.

                    საქართველოს 2003 წ. 7 მაისის კანონი №2137- სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ70

თავი IV

კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის, დროებით გატანის, საქართველოში შემოტანისა და დროებით შემოტანის სახელმწიფო რეგულირება

                საქართველოს 2003 წ. 7 მაისის კანონი №2137- სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ70

        მუხლი 15. კულტურული ფასეულობის სახელმწიფო ექსპერტიზა

1. „კულტურული ფასეულობის ექსპერტიზის ჩატარების წესის შესახებ“ დებულებას ამტკიცებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი.

2. თუ ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ კულტურული ფასეულობა თავისი მნიშვნელობით ექვემდებარება კულტურული ფასეულობის დაცვით სახელმწიფო სიასა და რეესტრში შეტანას, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო ამას განახორციელებს კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის ან დროებით გატანის განმცხადებელი პირის თანხმობის გარეშე.

3. თუ კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის ან დროებით გატანის განმცხადებელი არ ეთანხმება ექსპერტიზის დასკვნას, სადავო საკითხს იხილავს სასამართლო.

           საქართველოს 2003 წ. 7 მაისის კანონი №2137- სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ70

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3167-სსმI, №19, 01.06.2006წ., მუხ156

    მუხლი 16. კულტურული ფასეულობის ექსპერტიზის ჩატარების წესი

1. „კულტურული ფასეულობის ექსპერტიზის ჩატარების წესის შესახებ“ დებულებას ამტკიცებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი.

2. საქართველოდან გასატანად განცხადებული ან დროებით გასატანად განცხადებული, აგრეთვე დროებით გატანის შემდეგ საქართველოში დაბრუნებული კულტურული ფასეულობის სახელმწიფო ექსპერტიზის ჩატარებას ორგანიზებას უწევს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო.

3. საქართველოდან დროებით გასატანად განცხადებული, აგრეთვე დროებით გატანის შემდეგ საქართველოში დაბრუნებული კულტურის მოძრავი ძეგლი ან ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტი ექვემდებარება აუცილებელ სახელმწიფო ექსპერტიზას.

4. ექსპერტიზის ჩასატარებლად საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო ხელშეკრულების საფუძველზე თანამშრომლობს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებულ მუზეუმებთან, არქივებთან, ბიბლიოთეკებთან, აგრეთვე ასეთი ექსპერტიზის ჩატარების უფლების (ლიცენზიის) მქონე სხვა მოწვეულ დამოუკიდებელ სპეციალისტებთან.

          საქართველოს 2003 წ. 7 მაისის კანონი №2137- სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ70

 

            მუხლი 17. ექსპერტიზის ანაზღაურების წესი

კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანასთან, მასზე საკუთრების უფლების გადაცემასთან, აგრეთვე სხვა ანალოგიურ სამუშაოებთან დაკავშირებით ჩასატარებელი ექსპერტიზის ღირებულებას ანაზღაურებს მესაკუთრე საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

     საქართველოს 2003 წ. 7 მაისის კანონი №2137- სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ70

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3167-სსმI, №19, 01.06.2006წ., მუხ156

 

     მუხლი 18. კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის, დროებით გატანის, საქართველოში შემოტანისა და დროებით შემოტანის წესი დიპლომატიური პრივილეგიითა და იმუნიტეტით აღჭურვილი პირისათვის

1. ამ კანონით განსაზღვრული კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის, დროებით გატანის, საქართველოში შემოტანისა და დროებით შემოტანის წესი ვრცელდება დიპლომატიური პრივილეგიითა და იმუნიტეტით აღჭურვილ პირებზედაც.

2. ამ პირის პირადი ბარგის საბაჟო შემოწმება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

      საქართველოს 2003 წ. 7 მაისის კანონი №2137- სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ70

    მუხლი 19. კულტურული ფასეულობის საზღვარგარეთიდან საქართველოში შემოტანის წესი

საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი წესით საზღვარგარეთიდან საქართველოში შემოტანილი კულტურული ფასეულობა ექვემდებარება აუცილებელ საბაჟო კონტროლს, ტარდება სპეციალურ რეგისტრაციაში და ამის შესახებ ერთი კვირის ვადაში ეცნობება საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3167-სსმI, №19, 01.06.2006წ., მუხ156

    მუხლი 20. კულტურული ფასეულობის ტრანზიტი

კულტურული ფასეულობის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის დროს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებს წარედგინება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობითა და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებით განსაზღვრული საბუთები, რომელთა საფუძველზედაც დგინდება ამ კულტურული ფასეულობის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის მიზნით შემოტანა.

    მუხლი 21. კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანა საფოსტო გზავნილისა და ამანათის სახით

კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანა საფოსტო გზავნილისა და ამანათის სახით ხორციელდება ამ სფეროში საქართველოს კანონმდებლობითა და ამ კანონით დადგენილი წესებისა და პირობების გათვალისწინებით.

         საქართველოს 2003 წ. 7 მაისის კანონი №2137- სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ70

 

თავი V

კულტურული ფასეულობის საქართველოდან დროებით გატანისა და საქართველოში შემოტანის რეგულირება

      საქართველოს 2003 წ. 7 მაისის კანონი №2137- სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ70

მუხლი 22. კულტურული ფასეულობის საქართველოდან დროებით გატანა

1. კულტურული ფასეულობის საქართველოდან დროებით გატანას სამუზეუმო, საარქივო, საბიბლიოთეკო დაწესებულებები, ფიზიკური და იურიდიული პირები ახორციელებენ შემდეგი მიზნებისათვის:

ა) გამოფენის ორგანიზება;

ბ) სარესტავრაციო და სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩატარება;

გ) საკონცერტო, თეატრალური ან სხვა სახის სამსახიობო საქმიანობა;

დ) სხვა შემთხვევაში, როდესაც ეს არ ეწინააღმდეგება ამ კანონსა და საქართველოს კანონმდებლობას.

2. საქართველოდან დროებით გატანას ექვემდებარება აგრეთვე ის კულტურული ფასეულობები ან მათი კოლექციები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კანონის მე-5 მუხლით.

         საქართველოს 2003 წ. 7 მაისის კანონი №2137- სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ70

    მუხლი 23. განცხადება კულტურის მოძრავ ძეგლს ან ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტს მიკუთვნებული კულტურული ფასეულობის საქართველოდან დროებით გატანაზე ნებართვის მისაღებად

საქართველოს სახელმწიფო სამუზეუმო ფონდი, არქივი, ბიბლიოთეკა, კულტურული ფასეულობის საცავი სხვა სახელმწიფო დაწესებულება, აგრეთვე სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და სხვა პირები კულტურის მოძრავ ძეგლს ან ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტს მიკუთვნებული კულტურული ფასეულობის საქართველოდან დროებით გატანაზე ნებართვის მისაღებად განცხადებით მიმართავენ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს. განცხადებას უნდა ერთოდეს:

ა) მიმღებ მხარესთან დადებული ხელშეკრულება კულტურული ფასეულობის საქართველოდან დროებით გატანის მიზნებისა და პირობების შესახებ;

ბ) დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს მიმღები მხარის მიერ სადაზღვევო რისკის ყველა შემთხვევის უზრუნველყოფას, კომერციული დაზღვევა ან დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს მიმღები მხარის მიერ ყველა სხვა რისკის ფინანსურ უზრუნველყოფას სახელმწიფო გარანტიით;

გ) მიმღები მხარისა და სახელმწიფოს დოკუმენტურად დამოწმებული გარანტიები საქართველოდან დროებით გატანილი კულტურული ფასეულობის დაცვისა და საქართველოში დაბრუნების შესახებ;

დ) ცნობა იმის შესახებ, არის თუ არა საქართველოდან დროებით გასატანი კულტურული ფასეულობა შეტანილი საქართველოს კულტურულ ფასეულობათა დაცვით სახელმწიფო სიასა და რეესტრში.

 

     საქართველოს 2003 წ. 7 მაისის კანონი №2137- სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ70

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3167-სსმI, №19, 01.06.2006წ., მუხ156

საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის კანონი №3645-სსმI, №44, 27.11.2006წ., მუხ293

 

    მუხლი 24. უარი კულტურის მოძრავ ძეგლს ან ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტს მიკუთვნებული კულტურული ფასეულობის საქართველოდან დროებით გატანაზე ნებართვის მისაღებ განცხადებაზე

განმცხადებელს კულტურის მოძრავ ძეგლს ან ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტს მიკუთვნებული კულტურული ფასეულობის საქართველოდან დროებით გატანაზე ნებართვის მისაღებ განცხადებაზე უარი შეიძლება ეთქვას, თუ:

ა) არ შეუძლია ამ კანონით დადგენილი წესით წარადგინოს კულტურული ფასეულობის საქართველოში შემოტანის (დაბრუნების) გარანტიები;

ბ) გასატანად განცხადებული კულტურული ფასეულობის მდგომარეობა არ იძლევა შენახვის პირობების შეცვლის შესაძლებლობას, ან თუ ასეთი შეცვლა გამოიწვევს მისი ხარისხობრივი მდგომარეობის გაუარესებას ნებისმიერი სახით;

გ) გაურკვეველია გასატანად განცხადებული კულტურული ფასეულობის მესაკუთრე ან თუ იგი წარმოადგენს მასზე საკუთრების უფლების მოპოვებაზე დავის საგანს;

დ) გასატან ქვეყანაში უახლოეს წარსულში მოხდა, ხდება ან მოსალოდნელია სტიქიური უბედურება ან შეიარაღებული კონფლიქტი, ან არსებობს სხვა გარემოება, რომელიც საეჭვოს ხდის დროებით გასატანი კულტურული ფასეულობის დაცვას;

ე) საქართველოს არ გააჩნია დიპლომატიური ურთიერთობა იმ ქვეყანასთან, სადაც აპირებენ კულტურული ფასეულობის გატანას.

         საქართველოს 2003 წ. 7 მაისის კანონი №2137- სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ70

    მუხლი 25. საქართველოდან დროებით გატანილი კულტურული ფასეულობის ექსპერტიზა მისი საქართველოში დაბრუნების შემდეგ

კულტურული ფასეულობა საქართველოდან დროებით გატანის შემდეგ საქართველოში დაბრუნებისას ექვემდებარება აუცილებელ სახელმწიფო ექსპერტიზას, რომელიც ტარდება ამ კანონის მე-15-17 მუხლების მოთხოვნათა დაცვით.

        საქართველოს 2003 წ. 7 მაისის კანონი №2137- სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ70

    მუხლი 26. საქართველოდან დროებით გასატანი კულტურული ფასეულობის დიპლომატიური არხით დაცვა

საქართველოდან დროებით გატანილ კულტურულ ფასეულობას მისი განთავსების ქვეყანაში დიპლომატიური არხით იცავს საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენელი საზღვარგარეთ.

     საქართველოს 2003 წ. 7 მაისის კანონი №2137- სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ70

    მუხლი 27. კულტურული ფასეულობის საზღვარგარეთიდან საქართველოში დროებით შემოტანის წესი

1. საზღვარგარეთიდან დროებით შემოტანილი კულტურული ფასეულობა საქართველოში ექვემდებარება აუცილებელ საბაჟო რეგისტრაციას საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

2. აღნიშნული ფასეულობის დაცვის სახელმწიფო გარანტია ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ხორციელდება საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად.

3. საქართველოში საზღვარგარეთიდან დროებით შემოტანილი კულტურული ფასეულობის მიმართ რისკის ყველა შემთხვევაში ფინანსური უზრუნველყოფის სახელმწიფო გარანტიის საერთო წესს ადგენს საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3167-სსმI, №19, 01.06.2006წ., მუხ156

თავი VI

კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანასა და დროებით გატანაზე ნებართვის გაცემა

       საქართველოს 2003 წ. 7 მაისის კანონი №2137- სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ70

    მუხლი 28. კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანასა და დროებით გატანაზე ნებართვის გაცემა

1. კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანასა და დროებით გატანაზე ნებართვას გასცემს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო.

2. კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანასა და დროებით გატანაზე ნებართვა წარმოადგენს ამ ფასეულობის საქართველოს საბაჟო და სახელმწიფო საზღვარზე გადატანის საფუძველს.

3. საქართველოში დადგენილია კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანასა და დროებით გატანაზე ნებართვის ერთიანი ფორმა, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო.

4. კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანისა და დროებით გატანის შესახებ ნებართვის გაცემის, მოქმედების შეჩერების, განახლების, გაუქმების, მასზე უარის თქმისა და მასში ცვლილებების შეტანის წესი განისაზღვრება „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

5. ნებართვა ერთჯერადია და მისი მოქმედების ვადაა 3 თვე.

       საქართველოს 2003 წ. 7 მაისის კანონი №2137- სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ70

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3167-სსმI, №19, 01.06.2006წ., მუხ156

მუხლი 29. იმ კულტურული ფასეულობის საქართველოდან დროებით გატანაზე ნებართვის გაცემა, რომელიც შეტანილია კულტურული ფასეულობის დაცვით სახელმწიფო სიასა და რეესტრში

1. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო ნებართვას გასცემს აგრეთვე იმ კულტურული ფასეულობის საქართველოდან დროებით გატანაზე, რომელიც მუდმივად ინახება სახელმწიფო და მუნიციპალურ მუზეუმში, არქივში, ბიბლიოთეკაში, კულტურული ფასეულობის საცავ სხვა სახელმწიფო დაწესებულებაში.

2. განცხადებას კულტურული ფასეულობის საქართველოდან დროებით გატანაზე ნებართვის მისაღებად წარადგენს ამ ფასეულობის მესაკუთრე ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი.

3. მიღებული გადაწყვეტილება ნებართვის გაცემის ან მასზე უარის თქმის შესახებ განმცხადებელს უნდა ეცნობოს განცხადების მიღების დღიდან არა უგვიანეს 1 თვისა.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლო წესით.

      საქართველოს 2003 წ. 7 მაისის კანონი №2137- სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ70

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3167-სსმI, №19, 01.06.2006წ., მუხ156

    მუხლი 30. კულტურული ფასეულობის საქართველოდან დროებით გატანის შესახებ ხელშეკრულების ურღვეობა

კულტურული ფასეულობის საქართველოდან დროებით გატანის პირობებისა და მიზნების შესახებ მის მიმღებ მხარესთან დადებული ხელშეკრულება დროებით გატანაზე ნებართვის გაცემის შემდეგ არ ექვემდებარება შეცვლას.

     საქართველოს 2003 წ. 7 მაისის კანონი №2137- სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ70

    მუხლი 31. კულტურული ფასეულობა, რომელიც შეიცავს ძვირფას ლითონებსა და ქვებს

იმ კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანაზე ნებართვის გაცემა, რომელიც შეიცავს ძვირფას ლითონებსა და ქვებს, ხორციელდება ამ კანონისა და სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე.

       საქართველოს 2003 წ. 7 მაისის კანონი №2137- სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ70

    მუხლი 32. იარაღის სახეობა, რომელიც წარმოადგენს კულტურულ ფასეულობას

ნებართვა ნებისმიერი კატეგორიის იმ იარაღის საქართველოდან გატანაზე, რომელსაც აქვს ისტორიული, სამეცნიერო, მხატვრული ან სხვა კულტურული ღირებულება, გაიცემა ამ კანონისა და სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე.

     საქართველოს 2003 წ. 7 მაისის კანონი №2137- სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ70

    მუხლი 33. ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საკუთრების უფლება გასატანად განცხადებულ კულტურულ ფასეულობაზე

1. კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანა შეიძლება განხორციელდეს კანონიერი მესაკუთრის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, ამ კანონით დადგენილი წესით.

2. კულტურული ფასეულობის გატანისას იურიდიული პირი ვალდებულია დოკუმენტურად დაასაბუთოს საკუთრების უფლება გასატან ნივთზე.

3. საზღვარგარეთ მუდმივ საცხოვრებლად გამსვლელი ფიზიკური პირი ვალდებულია წარადგინოს საკუთრების უფლების დამამტკიცებელი საბუთები კულტურულ ფასეულობაზე, თუ განცხადებულია, რომ იგი საოჯახო რელიქვიისა და მემორიალური ფასეულობის სახით ინახება მის ოჯახში და არა სახელმწიფო მუზეუმში, არქივში ან კულტურული ფასეულობის საცავ სხვა სახელმწიფო დაწესებულებაში.

4. ამ მუხლის მოთხოვნა არ ვრცელდება საქართველოდან დროებით გასატან კულტურულ ფასეულობაზე.

      საქართველოს 2003 წ. 7 მაისის კანონი №2137- სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ70

     მუხლი 34 სახელმწიფოს უპირატესი შესყიდვის უფლება საქართველოდან გასატანად განცხადებულ კულტურულ ფასეულობაზე

1. სახელმწიფო საექსპერტო დასკვნის საფუძველზე საქართველოს მუზეუმების, არქივებისა და ბიბლიოთეკების ფონდების შევსებისათვის საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება იმ კულტურული ფასეულობის შესყიდვაზე, რომელიც საქართველოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ან უცხო სახელმწიფოს მოქალაქეთა ან მოქალაქეობის არმქონე პირთა მიერ განცხადებულია საქართველოდან გასატანად.

2. საზღვარგარეთ მუდმივ საცხოვრებლად გამსვლელი ფიზიკური პირის მიერ კულტურული ფასეულობის გატანის შესახებ განცხადებისას და მისი აუცილებელი თანხმობის არსებობისას ფასეულობის შესყიდვისათვის საჭირო თანხას ანაზღაურებს სახელმწიფო მესაკუთრის საზღვარგარეთ გასვლამდე, ხელშეკრულების საფუძველზე.

3. ავტორის მიერ კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანისას ამ ფასეულობის მიმართ არ გამოიყენება სახელმწიფოს უპირატესი შესყიდვის უფლება.

4. კულტურული ფასეულობის შესყიდვაზე სახელმწიფოს უპირატესი უფლების განხორციელებასთან დაკავშირებული დავა განიხილება სასამართლო წესით.        საქართველოს 2003 წ. 7 მაისის კანონი №2137- სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ70

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3167-სსმI, №19, 01.06.2006წ., მუხ156

    მუხლი 35. საბაჟო ან/და სამართალდამცავი ორგანოების მიერ კულტურული ფასეულობის დაკავება

1. კულტურული ფასეულობა, რომლის მესაკუთრეც ვერ დადგინდა და რომელიც დროებით დაკავებულია საქართველოს საბაჟო ორგანოების, შინაგან საქმეთა ან სხვა სახელმწიფო ორგანოების მიერ, კულტურული ფასეულობის მესაკუთრის დადგენამდე შესანახად გადაეცემა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს.

2. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს ამ კულტურული ფასეულობის დაცვას, მის სახელმწიფო ექსპერტიზას და მასზე საკუთრების უფლების დადგენის მიზნით ავრცელებს ოფიციალურ ინფორმაციას.

3. სასამართლოს მიერ აღნიშნული კულტურული ფასეულობის მესაკუთრის დადგენისას ეს უკანასკნელი გადაეცემა მესაკუთრეს ან მის კანონიერ წარმომადგენელს, თუ დადგინდა, რომ კულტურული ფასეულობა საბაჟო წესების დარღვევის საგანი გახდა მათი სურვილისგან დამოუკიდებლად.

4. აღნიშნული კულტურული ფასეულობის დაცვის, შენახვისა და ექსპერტიზასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს მესაკუთრე, თუ სასამართლო სხვა რამეს არ დაადგენს.

5. დაკავებულ კულტურულ ფასეულობას, რომლის მესაკუთრეც ვერ დადგინდა, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო საკუთრების უფლებით გადასცემს სახელმწიფო მუზეუმს, ბიბლიოთეკასა და არქივის ფონდს.

6. კულტურული ფასეულობა, რომელიც არ გადაეცემა საკუთრების უფლებით მუდმივი შენახვისა და დაცვისათვის სახელმწიფო ან მუნიციპალურ მუზეუმს, არქივს, ბიბლიოთეკას ან კულტურული ფასეულობის დაცვის სხვა სახელმწიფო დაწესებულებას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება რეალიზაციას და თანხა შეიტანება სახელმწიფო ბიუჯეტში.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3167-სსმI, №19, 01.06.2006წ., მუხ156

     მუხლი 36. კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანა ავტორის ან მისი მემკვიდრის მიერ

კულტურული ფასეულობის ავტორს (ან მის მემკვიდრეს ავტორის გარდაცვალებიდან 70 წლის განმავლობაში), იმის მიუხედავად, იგი საქართველოს საზღვრებს გარეთ დროებით გადის თუ მუდმივ საცხოვრებლად, უფლება აქვს გაიტანოს მის (მამკვიდრებლის) მიერ შექმნილი კულტურული ფასეულობა, მიუხედავად ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნებისა.         საქართველოს 2003 წ. 7 მაისის კანონი №2137- სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ70

    მუხლი 37. კულტურული ფასეულობის საცავის მიერ უცხო სახელმწიფოდან დატაცებული ან უკანონოდ შეძენილი კულტურული ფასეულობის შეძენის თავიდან აცილება

სახელმწიფო ან საკუთრების სხვა ფორმით არსებული მუზეუმი, ბიბლიოთეკა, არქივი ან კულტურული ფასეულობის საცავი სხვა სახელმწიფო დაწესებულება ვალდებულია უცხო სახელმწიფოდან დატაცებული ან უკანონოდ ნაყიდი კულტურული ფასეულობის შეძენის თავიდან აცილების მიზნით დაადგინოს ამ კულტურული ფასეულობის კანონიერი მესაკუთრე ან მფლობელი.

თავი VIII

გადასახადები და მოსაკრებლები

    მუხლი 38. საბაჟო-საგადასახადო პირობები კულტურული ფასეულობის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილების დროს

ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად გაფორმებული კულტურული ფასეულობის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებისას გადაიხდება საბაჟო გადასახადები და მოსაკრებლები კულტურული ფასეულობის გაფორმების საბაჟო რეჟიმის შესაბამისად დადგენილი წესით.

თავი IX

პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის

    მუხლი 39. პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის

კულტურული ფასეულობის საზღვარგარეთ უკანონო გადაადგილება და საქართველოდან დროებით გატანილი კულტურული ფასეულობის ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში დაუბრუნებლობა, რაც კულტურული ფასეულობის საქართველოდან უკანონო გატანად ითვლება, იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას

      საქართველოს 2003 წ. 7 მაისის კანონი №2137- სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ70

 

თავი X

საერთაშორისო თანამშრომლობა და საერთაშორისო ხელშეკრულებები

მუხლი 40. საერთაშორისო თანამშრომლობა კულტურული ფასეულობის საქართველოდან უკანონო გატანის, საქართველოში უკანონო შემოტანის და მასზე საკუთრების უფლების უკანონო გადაცემის თავიდან აცილების მიზნით

კულტურული ფასეულობის საქართველოდან უკანონო გატანის, საქართველოში უკანონო შემოტანის და მასზე საკუთრების უფლების უკანონო გადაცემის თავიდან აცილების მიზნით საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო თანამშრომლობს უცხო სახელმწიფოების ანალოგიურ სამსახურებთან, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

  საქართველოს 2003 წ. 7 მაისის კანონი №2137- სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ70

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3167-სსმI, №19, 01.06.2006წ., მუხ156

     მუხლი 41. საერთაშორისო ხელშეკრულებები საქართველოდან უკანონოდ გატანილი და საქართველოში უკანონოდ შემოტანილი კულტურული ფასეულობის დაბრუნების შესახებ

1. საქართველო მონაწილეობს საერთაშორისო ხელშეკრულებებში საქართველოდან უკანონოდ გატანილი კულტურული ფასეულობის დაბრუნების შესახებ.

2. ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, როცა ეს შესაძლებელია, საქართველო ვალდებულია შესთავაზოს უცხო სახელმწიფოს იმ კულტურული ფასეულობის უკან დაბრუნება, რომელიც უკანონოდაა შემოტანილი მის ტერიტორიაზე.

     საქართველოს 2003 წ. 7 მაისის კანონი №2137- სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ70

    მუხლი 42. კულტურული ფასეულობის გადაადგილება და მასზე საკუთრების უფლების გადაცემის საკითხის საერთაშორისო რეგულირება

კულტურული ფასეულობის გადაადგილებისა და მასზე საკუთრების უფლების გადაცემის საერთაშორისო რეგულირების მიზნით სახელმწიფო ვალდებულია:

ა) აღკვეთოს თავის ტერიტორიაზე არსებული მუზეუმის, არქივის, ბიბლიოთეკისა და სხვა ანალოგიური დაწესებულების მიერ უცხო სახელმწიფოში შექმნილი იმ კულტურული ფასეულობის შეძენა, რომელიც უკანონოდაა შემოტანილი ან შეძენილი;

ბ) მიიღოს აუცილებელი ზომები უცხო სახელმწიფოს მოთხოვნით ყოველი ისეთი კულტურული ფასეულობის მისაგნებად და დასაბრუნებლად, რომელიც შემოტანილია საქართველოს ტერიტორიაზე, იმ აუცილებელი პირობით, რომ კეთილსინდისიერი მყიდველისათვის კომპენსაციის სრული ანაზღაურების გარანტი არის უცხო სახელმწიფო, თუ ასეთი კომპენსაციის გადახდა არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ვალდებულებებს ან საქართველოს კანონმდებლობას.

თავი XI

გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 43. ამ კანონთან დაკავშირებით მისაღები ნორმატიული აქტები

1. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს გამოსცეს ბრძანებულება საქართველოში დროებით შემოტანილი კულტურული ფასეულობის დაცვისა და მის მიმართ რისკის ფინანსური უზრუნველყოფის სახელმწიფო გარანტიების შესახებ.

2. საქართველოს კულტურის სამინისტრომ გამოსცეს:

ა) დებულება კულტურული ფასეულობის სახელმწიფო ექსპერტიზის ჩატარებისა და მასზე გაწეული მომსახურების ანაზღაურების წესის შესახებ;

ბ) დებულება კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის ან დროებით გატანის ნებართვის ფორმის, მისი გაცემისა და მასზე გაწეული მომსახურების ანაზღაურების წესის შესახებ.

3. საქართველოს კულტურის სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გამოსცენ ინსტრუქცია კულტურული ფასეულობის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილების წესის შესახე

        საქართველოს 2003 წ. 7 მაისის კანონი №2137- სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ70

 

თავი XII

დასკვნითი დებულება

    მუხლი 44. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი

ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2001 წლის 22 ივნისი.

№985_IIს

შეტანილი ცვლილებები:

 

1.საქართველოს 2002 წ. 10 მაისის კანონი №1399- სსმI, №10, 13.05.2002წ., მუხ44

2.საქართველოს 2003 წ. 7 მაისის კანონი №2137- სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ70

3. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3167- სსმI, №19, 01.06.2006წ., მუხ156

4. საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის კანონი №3645-სსმI, №44, 27.11.2006წ., მუხ293

18. 30/11/2023 - საქართველოს კანონი - 3862-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 15/12/2023 17. 16/03/2021 - საქართველოს კანონი - 376-IVმს-Xმპ - ვებგვერდი, 18/03/2021 16. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 6973-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 15. 28/06/2019 - საქართველოს კანონი - 4913-IIს - ვებგვერდი, 04/07/2019 14. 05/07/2018 - საქართველოს კანონი - 3044-რს - ვებგვერდი, 11/07/2018 13. 07/12/2017 - საქართველოს კანონი - 1635-რს - ვებგვერდი, 14/12/2017 12. 25/11/2015 - საქართველოს კანონი - 4553-Iს - ვებგვერდი, 08/12/2015 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 11. 29/05/2014 - საქართველოს კანონი - 2476-IIს - ვებგვერდი, 04/06/2014 10. 25/09/2013 - საქართველოს კანონი - 1332-რს - ვებგვერდი, 08/10/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 9. 27/03/2012 - საქართველოს კანონი - 5956-Iს - ვებგვერდი, 12/04/2012 8. 17/09/2010 - საქართველოს კანონი - 3602-IIს - სსმ, 54, 12/10/2010 7. 05/12/2008 - საქართველოს კანონი - 625 - სსმ, 35, 05/12/2008 6. 08/05/2007 - საქართველოს კანონი - 4717 - სსმ, 18, 22/05/2007 5. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4279 - სსმ, 51, 31/12/2006 4. 10/11/2006 - საქართველოს კანონი - 3645 - სსმ, 44, 27/11/2006 3. 25/05/2006 - საქართველოს კანონი - 3167 - სსმ, 19, 01/06/2006 2. 07/05/2003 - საქართველოს კანონი - 2137 - სსმ, 13, 02/06/2003 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 1. 10/05/2002 - საქართველოს კანონი - 1399 - სსმ, 10, 13/05/2002