დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 985 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 22/06/2001 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 23, 11/07/2001 |
სარეგისტრაციო კოდი | 450.030.000.05.001.000.953 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (10/05/2002 - 07/05/2003)
საქართველოს კანონი
კულტურულ ფასეულობათა საზღვარგარეთ გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ
პრეამბულა
ამ კანონის მიზანია დაიცვას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა, სახელმწიფოს ტერიტორიაზე არსებული კულტურული ფასეულობები საქართველოდან მათი უკანონო გატანისა და უნებართვო არქეოლოგიური გათხრებისაგან.
კანონი ხელს უწყობს საქართველოსა და სხვა სახელმწიფოების ხალხთა კულტურული ურთიერთობების განმტკიცებასა და კულტურულ ფასეულობათა გაცნობას, უზრუნველყოფს საქართველოსა და უცხო ქვეყნების ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მიერ საქართველოში დროებით შემოტანილ და საქართველოდან დროებით გატანილ კულტურულ ფასეულობათა დაცვასა და სახელმწიფოში დაბრუნებას.
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. საქართველოს კანონმდებლობა კულტურული ფასეულობის საზღვარგარეთ გატანისა და საქართველოში შემოტანის სფეროში
1. საქართველოს კანონმდებლობა კულტურული ფასეულობის საზღვარგარეთ გატანისა და საქართველოში შემოტანის სფეროში შედგება საქართველოს კონსტიტუციისაგან, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონისა და სხვა ნორმატიული აქტებისაგან.
2. ეს კანონი ადგენს საქართველოს კულტურული ფასეულობის საზღვარგარეთ გატანისა და საქართველოში შემოტანის ერთიან წესს.
მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო
ამ კანონით განსაზღვრული საქართველოს კულტურული ფასეულობის საზღვარგარეთ გატანისა და დროებით გატანის, საქართველოში შემოტანისა და დროებით შემოტანის წესი ვრცელდება ნებისმიერ კულტურულ ფასეულობაზე.
მუხლი 3. ტერმინთა განმარტება
1. კულტურული ფასეულობის საზღვარგარეთ გატანა _ ნებისმიერი პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთით საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კულტურული ფასეულობის გადაადგილება მისი უკან შემოტანის ვალდებულების გარეშე.
2. კულტურული ფასეულობის საზღვარგარეთ დროებით გატანა _ ნებისმიერი პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთით საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კულტურული ფასეულობის გადაადგილება დადგენილ ვადებში მისი უკან შემოტანის ვალდებულებით.
3. კულტურული ფასეულობის საზღვარგარეთიდან შემოტანა _ ნებისმიერი პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთით კულტურული ფასეულობის შემოტანა მისი უკან გატანის ვალდებულების გარეშე.
4. კულტურული ფასეულობის საზღვარგარეთიდან დროებით შემოტანა _ ნებისმიერი პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთით კულტურული ფასეულობის შემოტანა დადგენილ ვადებში მისი უკან გატანის ვალდებულებით.
5. კულტურული ფასეულობა – არქეოლოგიის, წინაისტორიული პერიოდის, ისტორიის, ლიტერატურის, ხელოვნების, მეცნიერებისა და სხვა მნიშვნელოვანი სასულიერო თუ საერო ხასიათის ფასეულობა, რომელიც:
ა) შექმნილია საქართველოს ტერიტორიაზე ქართველი ერის ან სხვა ერების მიერ, რომლებიც ცხოვრობდნენ ან ცხოვრობენ საქართველოს ტერიტორიაზე;
ბ) შექმნილია საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეობის არმქონე და უცხოელი მოქალაქეების მიერ, რომლებიც ცხოვრობდნენ ან ცხოვრობენ საქართველოს ტერიტორიაზე;
გ) აღმოჩენილია საქართველოს ტერიტორიაზე;
დ) წარმოადგენს საჩუქარს, ან შეძენილია იმ უცხო სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოების თანხმობით, სადაც შექმნილია ეს კულტურული ფასეულობა;
ე) შეძენილია საქართველოს არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული და საბუნებისმეტყველო ექსპედიციების მიერ იმ უცხო სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოების თანხმობით, სადაც შექმნილია ეს კულტურული ფასეულობა.
6. კულტურულ ფასეულობათა კოლექცია – ერთგვარ ან გარკვეული ნიშნით შეკრებილ სხვადასხვაგვარ კულტურულ ფასეულობათა ერთობლიობა, რომელსაც აქვს ისტორიული, მხატვრული, სამეცნიერო ან სხვა კულტურული მნიშვნელობა.
მუხლი 4. კულტურულ ფასეულობებად მიჩნეული ნივთები, რომლებზედაც ვრცელდება ეს კანონი
1. ეს კანონი ვრცელდება:
ა) ფლორისა და ფაუნის, მინერალოგიისა და პალეონტოლოგიისათვის საინტერესო იშვიათ კოლექციებსა და ნიმუშებზე;
ბ) ღირებულებებზე, რომლებიც დაკავშირებულია ისტორიასთან, მათ შორის, მეცნიერებისა და ტექნიკის, ომებისა და საზოგადოების ისტორიასთან, აგრეთვე ეროვნულ მოღვაწეთა, მოაზროვნეთა, მეცნიერთა, ხელოვანთა და სპორტსმენთა ცხოვრებასთან და დიდმნიშვნელოვან ეროვნულ ფაქტებთან;
გ) არქეოლოგიურ აღმოჩენაზე;
დ) მხატვრული, ისტორიული და არქეოლოგიური ძეგლების ფრაგმენტებზე;
ე) 100 წელზე მეტი ხნის წარწერაზე, მონეტასა და ბეჭედზე;
ვ) ეთნოგრაფიულ მასალაზე;
ზ) ნებისმიერი მასალით ხელით შესრულებულ ტილოზე, სურათზე, ნახატზე (ნახაზისა და ხელით შემკული სამრეწველო ნაწარმის გარდა) და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშზე;
თ) ნებისმიერი მასალისაგან შესრულებული ქანდაკების ორიგინალურ ნაწარმოებზე;
ი) ორიგინალურ გრავიურაზე, ესტამპსა და ლითოგრაფიაზე;
კ) ნებისმიერი მასალისაგან დამზადებულ ორიგინალურ მხატვრულ შენარჩევსა და მონტაჟზე;
ლ) იშვიათ ხელნაწერზე და ინკუნაბულზე, ძველ წიგნზე, გუჯარსა და გამოცემაზე, რომლებიც განსაკუთრებულ ინტერესს (ისტორიულ, მხატვრულ, სამეცნიერო, ლიტერატურულ და სხვა) იწვევენ ცალ-ცალკე და კოლექციად;
მ) მიმოქცევიდან ამოღებულ საფოსტო მარკაზე, საგადასახადო და ანალოგიურ მარკაზე ცალ-ცალკე ან კოლექციად;
ნ) არქივზე, მათ შორის ფონო-, ფოტო- და კინოარქივზე;
ო) 100 წელზე მეტი ხნის ავეჯსა და ძველებურ მუსიკალურ საკრავზე.
2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება თანამედროვე სუვენირული ხასიათის ნაკეთობაზე, აგრეთვე სერიული და მასობრივი წარმოების კულტურული დანიშნულების ნივთზე.
მუხლი 5. კულტურული ფასეულობა, რომელიც არ ექვემდებარება საქართველოდან გატანას
1. აკრძალულია საქართველოს ფარგლებს გარეთ იმ კულტურული ფასეულობის გატანა, რომელსაც სახელმწიფომ განსაკუთრებულის სტატუსი მიანიჭა.
2. საქართველოდან საზღვარგარეთ გატანას არ ექვემდებარება:
ა) მოძრავი ნივთი, რომელსაც განსაკუთრებული, ეროვნული ან ადგილობრივი მნიშვნელობის ისტორიული, მხატვრული ან სხვა კულტურული ღირებულება აქვს და მიეკუთვნება საქართველოს ხალხთა კულტურული მემკვიდრეობის განსაკუთრებულად ფასეულ ობიექტს, მიუხედავად მათი შექმნის დროისა;
ბ) მოძრავი ნივთი, რომელიც სახელმწიფოს მიერ ამ კანონის მიღებამდე უკვე შეტანილია დაცვით სახელმწიფო სიასა და რეესტრში, ან რომელსაც ამ კანონის მოთხოვნათა საფუძველზე საქართველოს კულტურის სამინისტრო შეიტანს სპეციალურ სიასა და რეესტრში და რომელსაც იცავს სახელმწიფო;
გ) კულტურული ფასეულობა, რომელიც მისი აღმოჩენის ან შეძენის დროიდან მუდმივად ინახება სახელმწიფო სამუზეუმო ფონდში, არქივში, ბიბლიოთეკაში, კულტურული ფასეულობის დაცვის სხვა სახელმწიფო დაწესებულებაში, აგრეთვე საკუთრების სხვა ფორმით არსებულ ანალოგიური დანიშნულების დაწესებულებაში;
დ) სხვა უნიკალური კულტურული ფასეულობა, რომელიც პირდაპირ არ არის გათვალისწინებული ამ კანონის მე-4 მუხლის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტებით.
3. კულტურული ფასეულობების კონკრეტულ ნუსხას, რომლებიც არ ექვემდებარება საქართველოდან გატანას, ცალკე სახელმწიფო რეესტრით ადგენს და ამტკიცებს საქართველოს კულტურის სამინისტრო.
მუხლი 6. კულტურული ფასეულობა, რომლის საქართველოში შემოტანა აკრძალულია
აკრძალულია იმ კულტურული ფასეულობის საქართველოში შემოტანა, რომელზედაც უცხო სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოების შეტყობინების საფუძველზე გამოცხადებულია ძებნა.
თავი II
კულტურული ფასეულობის საზღვარგარეთ უკანონო გატანა, საქართველოში შემოტანა და მასზე საკუთრების უფლების სამართლებრივი რეჟიმი
მუხლი 7. კულტურული ფასეულობის საზღვარგარეთ უკანონო გატანა, საქართველოში შემოტანა და მასზე საკუთრების უფლების უკანონო გადაცემა
1. უკანონოდ ითვლება კულტურული ფასეულობის საზღვარგარეთ გატანა, საქართველოში შემოტანა და მასზე საკუთრების უფლების გადაცემა, თუ დარღვეულია ამ კანონით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები.
2. უკანონოდ ითვლება აგრეთვე კულტურული ფასეულობის საზღვარგარეთ გატანა, საქართველოში შემოტანა და მასზე საკუთრების უფლების გადაცემა, თუ იგი უცხო სახელმწიფოს მიერ ქვეყნის ნაწილობრივი ან სრული ოკუპაციის ან ქვეყნის ცალკეულ ტერიტორიაზე სახელმწიფო იურისდიქციის სხვა მიზეზით დაკარგვის პირდაპირი ან არაპირდაპირი შედეგია.
მუხლი 8. საზღვარგარეთ უკანონოდ გატანილი კულტურული ფასეულობის საქართველოში დაბრუნება
1. საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კულტურული ფასეულობის მესაკუთრეს უფლება აქვს თხოვნით მიმართოს საქართველოს შესაბამის ორგანოებს, მხარდაჭერა აღმოუჩინონ საზღვარგარეთ უკანონოდ გატანილი ან უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე უკანონო მფლობელობაში მყოფი კულტურული ფასეულობის საქართველოში დასაბრუნებლად.
2. ამ კატეგორიის კულტურულ ფასეულობაზე კანონიერი მესაკუთრის უფლების აღდგენის გარანტი სახელმწიფოა.
მუხლი 9. საზღვარგარეთიდან საქართველოში უკანონოდ შემოტანილი კულტურული ფასეულობის დაბრუნება
1. საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებებითა და საქართველოს კანონმდებლობით საზღვარგარეთიდან საქართველოში უკანონოდ შემოტანილი კულტურული ფასეულობა დაუბრუნდება მესაკუთრეს.
2. დაბრუნება ხდება მომთხოვნი მხარის განაცხადისა და მის მიერ სათანადო დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე.
3. კულტურული ფასეულობის ამოღებისა და კანონიერი მფლობელისათვის დაბრუნების შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიაზე მისი გადაადგილების ხარჯებს გაიღებს მომთხოვნი მხარე.
4. საზღვარგარეთიდან უკანონოდ შემოტანილი კულტურული ფასეულობის კანონიერი მფლობელისათვის დაბრუნების გარანტი სახელმწიფოა.
მუხლი 10. კულტურული ფასეულობის კეთილსინდისიერი შემძენის უფლება
საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანილი კულტურული ფასეულობის ამოღებისა და კანონიერი მფლობელისათვის დაბრუნების შემთხვევაში მის კეთილსინდისიერ შემძენს მომთხოვნმა მხარემ, თუ იგი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფო, მისი მოქალაქე ან იურიდიული პირია, უნდა გადაუხადოს ამ კულტურული ფასეულობის კომპენსაცია, თუ ამ საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ასეთი კომპენსაციის გადახდა. სხვა შემთხვევაში გადახდა მოხდება ნებაყოფლობით ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი III
სახელმწიფო ორგანოების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მოქალაქეების მონაწილეობა კულტურული ფასეულობის საზღვარგარეთ გატანისა და დროებით გატანის, საქართველოში შემოტანისა და დროებით შემოტანის სფეროში
მუხლი 11. კულტურული ფასეულობის საზღვარგარეთ გატანისა და დროებით გატანის, საქართველოში შემოტანისა და დროებით შემოტანის რეგულირების სახელმწიფო ორგანოები და მათი კომპეტენციები
1. საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების თანახმად კულტურული ფასეულობის საზღვარგარეთ გატანას, დროებით გატანას, საქართველოში შემოტანასა და დროებით შემოტანას არეგულირებს და აკონტროლებს საქართველოს კულტურის სამინისტრო.
2. საქართველოს საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ამ საკითხებთან თავიანთ ფუნქციებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ახორციელებენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად.
3. საქართველოს კულტურის სამინისტრო საქართველოს საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტის ორგანიზაციებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქმიანობის საერთო კოორდინაციას ახორციელებს ამ კანონის შესაბამისად.
მუხლი 12. საქართველოს კულტურის სამინისტროს კომპეტენცია კულტურული ფასეულობის საზღვარგარეთ გატანის, დროებით გატანის, საქართველოში შემოტანისა და დროებით შემოტანის სფეროში
1. საქართველოს კულტურის სამინისტრო:
ა) ხელს უწყობს კულტურული ფასეულობის საზღვარგარეთ გატანისა და საქართველოში შემოტანის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის შექმნას; სათანადო-სამეცნიერო და ტექნიკური დაწესებულებების დაარსებასა და განვითარებას;
ბ) ადგენს იმ კულტურული ფასეულობის დაცვით სახელმწიფო სიასა და რეესტრს, რომლებზედაც ვრცელდება ამ კანონის მოქმედება;
გ) აწარმოებს კულტურული ფასეულობის პასპორტიზაციას;
დ) დაცვითი სახელმწიფო სიისა და რეესტრის ბაზაზე ადგენს საკუთრების ნებისმიერი ფორმით არსებული კულტურული ფასეულობის იმ სახელმწიფო რეესტრს, რომელიც ამ კანონის თანახმად არ ექვემდებარება საზღვარგარეთ გატანას, რამაც შესაძლებელია მნიშვნელოვნად გააღარიბოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა;
ე) იღებს გადაწყვეტილებას კულტურული ფასეულობის საზღვარგარეთ გატანის ან დროებით გატანის შესაძლებლობის შესახებ;
ვ) უზრუნველყოფს საზღვარგარეთ გასატანად განცხადებული კულტურული ფასეულობის, აგრეთვე დროებით გატანის შემთხვევაში მისი უკან დაბრუნებისას სავალდებულო სახელმწიფო ექსპერტიზის ჩატარებას;
ზ) გასცემს ნებართვას კულტურული ფასეულობის საზღვარგარეთ გატანაზე ან დროებით გატანაზე;
თ) აწარმოებს საქართველოში დროებით შემოტანილი კულტურული ფასეულობის სახელმწიფო რეგისტრაციას;
ი) კულტურული ფასეულობის დაკარგვის ან ხელყოფის ფაქტების შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას აწვდის როგორც საქართველოში, ისევე მის ფარგლებს გარეთ პუბლიკაციებით, მასობრივი ინფორმაციებითა და კანონით ნებადართული სხვა საშუალებებით;
კ) საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების თანახმად იღებს ზომებს კულტურული ფასეულობის მესაკუთრის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად.
მუხლი 13. საქართველოს მუზეუმებში დაცული მოძრავი ძეგლების საზღვარგარეთ გატანისა და საქართველოში შემოტანის სახელმწიფო რეგულირება
საქართველოს მუზეუმებსა და საცავებში დაცული მოძრავი ძეგლების საზღვარგარეთ გატანისა და საქართველოში შემოტანის სახელმწიფო რეგულირებას ახორციელებს საქართველოს კულტურის სამინისტრო „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული სამეცნიერო-მეთოდური საბჭოს დასკვნის საფუძველზე.
მუხლი 14. საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მოქალაქეების მონაწილეობა კულტურული ფასეულობის დაცვის, მისი საზღვარგარეთ გატანის, დროებით გატანის, საქართველოში შემოტანისა და დროებით შემოტანის რეგულირების საქმეში
საქართველოს საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და მოქალაქეებს უფლება აქვთ შეუზღუდავად მიიღონ სრული და ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს კულტურული ფასეულობის დაცვის, მისი საზღვარგარეთ გატანის, დროებით გატანის, საქართველოში შემოტანისა და დროებით შემოტანის შესახებ, თუ ეს უკანასკნელი არ წარმოადგენს სახელმწიფო ინტერესებთან ან ამ ფასეულობის გამტანი ფიზიკური და იურიდიული პირების კანონით დაცულ ინტერესებთან დაკავშირებულ საიდუმლოებას.
თავი IV
კულტურული ფასეულობის საზღვარგარეთ გატანის, დროებით გატანის, საქართველოში შემოტანისა და დროებით შემოტანის სახელმწიფო რეგულირება
მუხლი 15. კულტურული ფასეულობის სახელმწიფო ექსპერტიზა
1. კულტურული ფასეულობის საზღვარგარეთ გატანის ან დროებით გატანის განმცხადებელი ნებისმიერი პირი ვალდებულია წარადგინოს იგი სახელმწიფო ექსპერტიზისათვის. ამ პროცედურაზე უარი განიხილება როგორც კულტურული ფასეულობის საზღვარგარეთ გატანაზე ან დროებით გატანაზე უარის თქმა.
2. თუ ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ კულტურული ფასეულობა თავისი მნიშვნელობით ექვემდებარება დაცვით სახელმწიფო სიასა და რეესტრში შეტანას, საქართველოს კულტურის სამინისტრო ამას განახორციელებს კულტურული ფასეულობის საზღვარგარეთ გატანის ან დროებით გატანის განმცხადებელი პირის თანხმობის გარეშე.
3. თუ განმცხადებელი არ ეთანხმება ექსპერტიზის დასკვნას, ამ უკანასკნელის მოთხოვნის საფუძველზე საქართველოს კულტურის სამინისტროსთან იქმნება საექსპერტო-საკონსულტაციო კომისია საქართველოს კულტურის სამინისტროს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, საქართველოს საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტის, საქართველოს საპატრიარქოსა და დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობით, რომელიც საბოლოოდ გადაწყვეტს აღნიშნული კულტურული ფასეულობის საზღვარგარეთ გატანის ან დროებით გატანის საკითხს.
4. სადავო საკითხს იხილავს სასამართლო.
მუხლი 16. კულტურული ფასეულობის ექსპერტიზის ჩატარების წესი
1. „კულტურული ფასეულობის ექსპერტიზის ჩატარების წესის შესახებ“ დებულებას ამტკიცებს საქართველოს კულტურის მინისტრი.
2. საზღვარგარეთ გასატანად განცხადებული ან დროებით გასატანად განცხადებული, აგრეთვე დროებით გატანის შემდეგ საქართველოში დაბრუნებული კულტურული ფასეულობის სახელმწიფო ექსპერტიზის ჩატარებას ორგანიზებას უწევს საქართველოს კულტურის სამინისტრო.
3. საზღვარგარეთ დროებით გასატანად განცხადებული, აგრეთვე დროებით გატანის შემდეგ საქართველოში დაბრუნებული კულტურის მოძრავი ძეგლი ან ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტი ექვემდებარება აუცილებელ სახელმწიფო ექსპერტიზას.
4. ექსპერტიზის ჩასატარებლად საქართველოს კულტურის სამინისტრო ხელშეკრულების საფუძველზე თანამშრომლობს საქართველოს კულტურის სამინისტროს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, საქართველოს საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ მუზეუმებთან, არქივებთან, ბიბლიოთეკებთან, აგრეთვე ასეთი ექსპერტიზის ჩატარების უფლების (ლიცენზიის) მქონე სხვა მოწვეულ დამოუკიდებელ სპეციალისტებთან.
მუხლი 17. ექსპერტიზის ანაზღაურების წესი
კულტურული ფასეულობის საზღვარგარეთ გატანასთან, მასზე საკუთრების უფლების გადაცემასთან, აგრეთვე სხვა ანალოგიურ სამუშაოებთან დაკავშირებით ჩასატარებელი ექსპერტიზის ღირებულებას ანაზღაურებს მესაკუთრე საქართველოს კულტურის სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 18. კულტურული ფასეულობის საზღვარგარეთ გატანის, დროებით გატანის, საქართველოში შემოტანისა და დროებით შემოტანის წესი დიპლომატიური პრივილეგიით აღჭურვილი პირისათვის
1. ამ კანონით დადგენილი კულტურული ფასეულობის საზღვარგარეთ გატანის, დროებით გატანის, საქართველოში შემოტანისა და დროებით შემოტანის წესი ვრცელდება დიპლომატიური პრივილეგიითა და იმუნიტეტით აღჭურვილ პირზეც.
2. ამ პირის პირადი ბარგის საბაჟო შემოწმება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 19. კულტურული ფასეულობის საზღვარგარეთიდან საქართველოში შემოტანის წესი
საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი წესით საზღვარგარეთიდან საქართველოში შემოტანილი კულტურული ფასეულობა ექვემდებარება აუცილებელ საბაჟო კონტროლს, ტარდება სპეციალურ რეგისტრაციაში და ამის შესახებ ერთი კვირის ვადაში ეცნობება საქართველოს კულტურის სამინისტროს.
მუხლი 20. კულტურული ფასეულობის ტრანზიტი
კულტურული ფასეულობის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის დროს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებს წარედგინება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობითა და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებით განსაზღვრული საბუთები, რომელთა საფუძველზედაც დგინდება ამ კულტურული ფასეულობის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის მიზნით შემოტანა.
მუხლი 21. კულტურული ფასეულობის საზღვარგარეთ გატანა საფოსტო გზავნილისა და ამანათის სახით
კულტურული ფასეულობის საზღვარგარეთ გატანა საფოსტო გზავნილისა და ამანათის სახით ხორციელდება ამ სფეროში საქართველოს კანონმდებლობითა და ამ კანონით დადგენილი წესებისა და პირობების გათვალისწინებით.
თავი V
კულტურული ფასეულობის საზღვარგარეთ დროებით გატანისა და საქართველოში შემოტანის რეგულირება
მუხლი 22. კულტურული ფასეულობის საზღვარგარეთ დროებით გატანა
1. კულტურული ფასეულობის საზღვარგარეთ დროებით გატანას სამუზეუმო, საარქივო, საბიბლიოთეკო დაწესებულებები, ფიზიკური და იურიდიული პირები ახორციელებენ შემდეგი მიზნებისათვის:
ა) გამოფენის ორგანიზება;
ბ) სარესტავრაციო და სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩატარება;
გ) საკონცერტო, თეატრალური ან სხვა სახის სამსახიობო საქმიანობა;
დ) სხვა შემთხვევაში, როდესაც ეს არ ეწინააღმდეგება ამ კანონს და საქართველოს კანონმდებლობას.
2. საზღვარგარეთ დროებით გატანას ექვემდებარება აგრეთვე ის კულტურული ფასეულობები ან მათი კოლექციები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კანონის მე-5 მუხლით.
მუხლი 23. შუამდგომლობა იმ კულტურული ფასეულობის საზღვარგარეთ დროებით გატანაზე, რომელიც მიეკუთვნება კულტურის მოძრავ ძეგლს ან ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტს
საქართველოს სახელმწიფო სამუზეუმო ფონდის, არქივის, ბიბლიოთეკის, კულტურული ფასეულობის საცავ სხვა სახელმწიფო დაწესებულების, სახელმწიფო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისა და სხვა პირების მიერ იმ კულტურული ფასეულობის საზღვარგარეთ დროებით გატანის შუამდგომლობას საქართველოს კულტურის სამინისტროში, რომელიც მიეკუთვნება კულტურის მოძრავ ძეგლს ან ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტს, თან უნდა ერთვოდეს:
ა) ხელშეკრულება მიმღებ მხარესთან კულტურული ფასეულობის საზღვარგარეთ დროებით გატანის მიზნებისა და პირობების შესახებ;
ბ) დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს მიმღები მხარის მიერ სადაზღვევო რისკის ყველა შემთხვევის უზრუნველყოფას, კომერციული დაზღვევა ან დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს მიმღები მხარის მიერ ყველა სხვა რისკის ფინანსურ უზრუნველყოფას სახელმწიფო გარანტიით;
გ) მიმღები მხარისა და სახელმწიფოს დოკუმენტურად დამოწმებული გარანტიები საზღვარგარეთ დროებით გატანილი კულტურული ფასეულობის დაცვისა და საქართველოში დაბრუნების შესახებ;
დ) ცნობა იმის შესახებ, არის თუ არა საზღვარგარეთ დროებით გასატანი კულტურული ფასეულობა შეტანილი საქართველოს დაცვით სახელმწიფო სიასა და რეესტრში.
მუხლი 24. უარი იმ კულტურული ფასეულობის საზღვარგარეთ დროებით გატანის შუამდგომლობაზე, რომელიც მიეკუთვნება კულტურის მოძრავ ძეგლს ან ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტს
1. განმცხადებელს იმ კულტურული ფასეულობის საზღვარგარეთ დროებით გატანის შუამდგომლობაზე, რომელიც მიეკუთვნება კულტურის მოძრავ ძეგლს ან ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტს უარი შეიძლება ეთქვას, თუ:
ა) არ შეუძლია ამ კანონით დადგენილი წესით წარადგინოს კულტურული ფასეულობის საქართველოში შემოტანის (დაბრუნების) გარანტიები;
ბ) გასატანად განცხადებული კულტურული ფასეულობის მდგომარეობა არ იძლევა შენახვის პირობების შეცვლის შესაძლებლობას, ან თუ ასეთი შეცვლა გამოიწვევს მისი ხარისხობრივი მდგომარეობის გაუარესებას ნებისმიერი სახით;
გ) გაურკვეველია გასატანად განცხადებული კულტურული ფასეულობის მესაკუთრე ან თუ იგი წარმოადგენს მასზე საკუთრების უფლების მოპოვებაზე დავის საგანს;
დ) გასატან ქვეყანაში უახლოეს წარსულში მოხდა, ხდება ან მოსალოდნელია სტიქიური უბედურება ან შეიარაღებული კონფლიქტი, ან არსებობს სხვა გარემოება, რომელიც საეჭვოს ხდის დროებით გასატანი კულტურული ფასეულობის დაცვას;
ე) საქართველოს არ გააჩნია დიპლომატიური ურთიერთობა იმ ქვეყანასთან, სადაც აპირებენ კულტურული ფასეულობის გატანას.
მუხლი 25. საზღვარგარეთ დროებით გატანილი კულტურული ფასეულობის ექსპერტიზა მისი საქართველოში დაბრუნების შემდეგ
კულტურული ფასეულობა საზღვარგარეთ დროებით გატანის შემდეგ საქართველოში დაბრუნებისას ექვემდებარება აუცილებელ სახელმწიფო ექსპერტიზას, რომელიც ტარდება ამ კანონის მე-15-17 მუხლების მოთხოვნათა დაცვით.
მუხლი 26. საზღვარგარეთ დროებით გასატანი კულტურული ფასეულობის დიპლომატიური არხით დაცვა
საზღვარგარეთ დროებით გატანილ კულტურულ ფასეულობას მისი განთავსების ქვეყანაში დიპლომატიური არხით იცავს საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენელი საზღვარგარეთ.
მუხლი 27. კულტურული ფასეულობის საზღვარგარეთიდან საქართველოში დროებით შემოტანის წესი
1. საზღვარგარეთიდან დროებით შემოტანილი კულტურული ფასეულობა საქართველოში ექვემდებარება აუცილებელ საბაჟო რეგისტრაციას საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.
2. აღნიშნული ფასეულობის დაცვის სახელმწიფო გარანტია ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ხორციელდება საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად.
3. საქართველოში საზღვარგარეთიდან დროებით შემოტანილი კულტურული ფასეულობის მიმართ რისკის ყველა შემთხვევაში ფინანსური უზრუნველყოფის სახელმწიფო გარანტიის საერთო წესს ადგენს საქართველოს პრეზიდენტი.
თავი VI
კულტურული ფასეულობის საზღვარგარეთ გატანასა და დროებით გატანაზე ნებართვის გაცემა
მუხლი 28. კულტურული ფასეულობის საზღვარგარეთ გატანასა და დროებით გატანაზე ნებართვის გაცემა
1. კულტურული ფასეულობის საზღვარგარეთ გატანასა და დროებით გატანაზე ნებართვას გასცემს საქართველოს კულტურის სამინისტრო.
2. კულტურული ფასეულობის საზღვარგარეთ გატანასა და დროებით გატანაზე ნებართვა წარმოადგენს ამ ფასეულობის საქართველოს საბაჟო და სახელმწიფო საზღვარზე გატანის საფუძველს.
3. საქართველოში დადგენილია კულტურული ფასეულობის საზღვარგარეთ გატანისა და დროებით გატანის ნებართვის ერთიანი ფორმა, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს კულტურის სამინისტრო.
4. ნებართვა იმ კულტურული ფასეულობის საზღვარგარეთ გატანისა და დროებით გატანის შესახებ, რომელიც შეტანილი არ არის დაცვით სიასა და რეესტრში, გაიცემა არა უგვიანეს 2 კვირისა შუამდგომლობის მიღების დღიდან, თუ დადგენილია გასატანი ფასეულობის მესაკუთრე, ან წარმოდგენილია ამ ფასეულობაზე საკუთრების წყაროს დამამტკიცებელი საბუთები.
მუხლი 29. იმ კულტურული ფასეულობის საზღვარგარეთ დროებით გატანაზე ნებართვის გაცემა, რომელიც შეტანილია დაცვით სახელმწიფო სიასა და რეესტრში
1. საქართველოს კულტურის სამინისტრო ნებართვას გასცემს აგრეთვე იმ კულტურული ფასეულობის საზღვარგარეთ დროებით გატანაზე, რომელიც მუდმივად ინახება სახელმწიფო და მუნიციპალურ მუზეუმში, არქივში, ბიბლიოთეკაში, კულტურული ფასეულობის საცავ სხვა სახელმწიფო დაწესებულებაში.
2. შუამდგომლობას კულტურული ფასეულობის საზღვარგარეთ დროებით გატანაზე აღძრავს ამ ფასეულობის მესაკუთრე ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი.
3. მიღებული გადაწყვეტილება ნებართვის გაცემის ან მასზე უარის თქმის შესახებ განმცხადებელს უნდა ეცნობოს შუამდგომლობის მიღების დღიდან არა უგვიანეს 2 თვის განმავლობაში.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლო წესით.
მუხლი 30. კულტურული ფასეულობის საზღვარგარეთ დროებით გატანის შესახებ ხელშეკრულების ურღვეობა
კულტურული ფასეულობის საზღვარგარეთ დროებით გატანის პირობებისა და მიზნების შესახებ მის მიმღებ მხარესთან დადებული ხელშეკრულება დროებით გატანაზე ნებართვის გაცემის შემდეგ არ ექვემდებარება შეცვლას.
მუხლი 31. კულტურული ფასეულობა, რომელიც შეიცავს ძვირფას ლითონებსა და ქვებს
იმ კულტურული ფასეულობის საზღვარგარეთ გატანაზე ნებართვის გაცემა, რომელიც შეიცავს ძვირფას ლითონებსა და ქვებს, ხორციელდება ამ კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე.
მუხლი 32. იარაღის სახეობა, რომელიც წარმოადგენს კულტურულ ფასეულობას
ნებართვა ნებისმიერი კატეგორიის იმ იარაღის საზღვარგარეთ გატანაზე, რომელსაც აქვს ისტორიული, სამეცნიერო, მხატვრული ან სხვა კულტურული ღირებულება, გაიცემა ამ კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე.
თავი VII
კულტურული ფასეულობის საკუთრების უფლების უკანონო გადაცემის თავიდან აცილება
მუხლი 33. ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საკუთრების უფლება გასატანად განცხადებულ კულტურულ ფასეულობაზე
1. კულტურული ფასეულობის საზღვარგარეთ გატანა შეიძლება განხორციელდეს კანონიერი მესაკუთრის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, ამ კანონით დადგენილი წესით.
2. კულტურული ფასეულობის გატანისას იურიდიული პირი ვალდებულია დოკუმენტურად დაასაბუთოს საკუთრების უფლება გასატან ნივთზე.
3. საზღვარგარეთ მუდმივ საცხოვრებლად გამსვლელი ფიზიკური პირი ვალდებულია წარადგინოს საკუთრების უფლების დამამტკიცებელი საბუთები კულტურულ ფასეულობაზე, თუ განცხადებულია, რომ იგი საოჯახო რელიქვიისა და მემორიალური ფასეულობის სახით ინახება მის ოჯახში და არა სახელმწიფო მუზეუმში, არქივში ან კულტურული ფასეულობის საცავ სხვა სახელმწიფო დაწესებულებაში.
4. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება საზღვარგარეთ დროებით გასატან კულტურულ ფასეულობაზე.
მუხლი 34. სახელმწიფოს უპირატესი უფლება საზღვარგარეთ გასატანად განცხადებული კულტურული ფასეულობის შესყიდვაზე
1. სახელმწიფო საექსპერტო დასკვნის საფუძველზე საქართველოს მუზეუმების, არქივებისა და ბიბლიოთეკების ფონდების შევსებისათვის საქართველოს კულტურის სამინისტროს უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება იმ კულტურული ფასეულობის შესყიდვაზე, რომელიც საქართველოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ან უცხო სახელმწიფოს მოქალაქეთა ან მოქალაქეობის არმქონე პირთა მიერ განცხადებულია საქართველოდან გასატანად.
2. საზღვარგარეთ მუდმივ საცხოვრებლად გამსვლელი ფიზიკური პირის მიერ კულტურული ფასეულობის გატანის შესახებ განცხადებისას და მისი აუცილებელი თანხმობის არსებობისას ფასეულობის შესყიდვისათვის საჭირო თანხას ანაზღაურებს სახელმწიფო მესაკუთრის საზღვარგარეთ გასვლამდე, ხელშეკრულების საფუძველზე.
3. ავტორის მიერ კულტურული ფასეულობის საზღვარგარეთ გატანისას ამ ფასეულობის სახელმწიფოს მიერ შესყიდვაზე უპირატესი უფლება არ გამოიყენება.
4. კულტურული ფასეულობის შესყიდვაზე სახელმწიფოს უპირატესი უფლების განხორციელებასთან დაკავშირებული დავა განიხილება სასამართლო წესით.
მუხლი 35. საბაჟო ან/და სამართალდამცავი ორგანოების მიერ კულტურული ფასეულობის დაკავება
1. კულტურული ფასეულობა, რომლის მესაკუთრეც ვერ დადგინდა და რომელიც დროებით დაკავებულია საქართველოს საბაჟო ორგანოების, შინაგან საქმეთა ან სხვა სახელმწიფო ორგანოების მიერ, კულტურული ფასეულობის მესაკუთრის დადგენამდე შესანახად გადაეცემა საქართველოს კულტურის სამინისტროს.
2. საქართველოს კულტურის სამინისტრო ახორციელებს ამ კულტურული ფასეულობის დაცვას, მის სახელმწიფო ექსპერტიზას და მასზე საკუთრების უფლების დადგენის მიზნით ავრცელებს ოფიციალურ ინფორმაციას.
3. სასამართლოს მიერ აღნიშნული კულტურული ფასეულობის მესაკუთრის დადგენისას ეს უკანასკნელი გადაეცემა მესაკუთრეს ან მის კანონიერ წარმომადგენელს, თუ დადგინდა, რომ კულტურული ფასეულობა საბაჟო წესების დარღვევის საგანი გახდა მათი სურვილისგან დამოუკიდებლად.
4. აღნიშნული კულტურული ფასეულობის დაცვის, შენახვისა და ექსპერტიზასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს მესაკუთრე, თუ სასამართლო სხვა რამეს არ დაადგენს.
5. დაკავებულ კულტურულ ფასეულობას, რომლის მესაკუთრეც ვერ დადგინდა, საქართველოს კულტურის სამინისტრო საკუთრების უფლებით გადასცემს სახელმწიფო მუზეუმს, ბიბლიოთეკასა და არქივის ფონდს.
6. კულტურული ფასეულობა, რომელიც არ გადაეცემა საკუთრების უფლებით მუდმივი შენახვისა და დაცვისათვის სახელმწიფო ან მუნიციპალურ მუზეუმს, არქივს, ბიბლიოთეკას ან კულტურული ფასეულობის დაცვის სხვა სახელმწიფო დაწესებულებას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება რეალიზაციას და თანხა შეიტანება სახელმწიფო ბიუჯეტში.
მუხლი 36. კულტურული ფასეულობის საზღვარგარეთ გატანა ავტორის ან მისი მემკვიდრის მიერ
კულტურული ფასეულობის ავტორს (ან მის მემკვიდრეს ავტორის გარდაცვალებიდან 70 წლის განმავლობაში), იმის მიუხედავად, იგი საქართველოს საზღვრებს გარეთ დროებით გადის თუ მუდმივ საცხოვრებლად, უფლება აქვს გაიტანოს მის (მამკვიდრებლის) მიერ შექმნილი კულტურული ფასეულობა, მიუხედავად ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნებისა.
მუხლი 37. კულტურული ფასეულობის საცავის მიერ უცხო სახელმწიფოდან დატაცებული ან უკანონოდ შეძენილი კულტურული ფასეულობის შეძენის თავიდან აცილება
სახელმწიფო ან საკუთრების სხვა ფორმით არსებული მუზეუმი, ბიბლიოთეკა, არქივი ან კულტურული ფასეულობის საცავი სხვა სახელმწიფო დაწესებულება ვალდებულია უცხო სახელმწიფოდან დატაცებული ან უკანონოდ ნაყიდი კულტურული ფასეულობის შეძენის თავიდან აცილების მიზნით დაადგინოს ამ კულტურული ფასეულობის კანონიერი მესაკუთრე ან მფლობელი.
თავი VIII
გადასახადები და მოსაკრებლები
მუხლი 38. საბაჟო-საგადასახადო პირობები კულტურული ფასეულობის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილების დროს
ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად გაფორმებული კულტურული ფასეულობის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებისას გადაიხდება საბაჟო გადასახადები და მოსაკრებლები კულტურული ფასეულობის გაფორმების საბაჟო რეჟიმის შესაბამისად დადგენილი წესით.
თავი IX
პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის
მუხლი 39. პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის
კულტურული ფასეულობის საზღვარგარეთ უკანონო გადაადგილება, აგრეთვე საზღვარგარეთ დროებით გატანილი კულტურული ფასეულობის ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში დაუბრუნებლობა, რაც ასევე კულტურული ფასეულობის საზღვარგარეთ უკანონო გატანად ითვლება, იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას.
თავი X
საერთაშორისო თანამშრომლობა და საერთაშორისო ხელშეკრულებები
მუხლი 40. საერთაშორისო თანამშრომლობა კულტურული ფასეულობის საზღვარგარეთ უკანონო გატანისა და საქართველოში შემოტანის, აგრეთვე მასზე საკუთრების უფლების უკანონო გადაცემის თავიდან აცილების მიზნით
კულტურული ფასეულობის საზღვარგარეთ უკანონო გატანის ან საქართველოში შემოტანის, მასზე საკუთრების უფლების უკანონო გადაცემის თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს კულტურის სამინისტრო თანამშრომლობს უცხო სახელმწიფოების ანალოგიურ სამსახურებთან, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
მუხლი 41. საერთაშორისო ხელშეკრულებები საზღვარგარეთ უკანონოდ გატანილი და საქართველოში უკანონოდ შემოტანილი კულტურული ფასეულობის დაბრუნების შესახებ
1. საქართველო მონაწილეობს საერთაშორისო ხელშეკრულებებში საზღვარგარეთ უკანონოდ გატანილი კულტურული ფასეულობის დაბრუნების შესახებ.
2. ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, როცა ეს შესაძლებელია, საქართველო ვალდებულია შესთავაზოს უცხო სახელმწიფოს იმ კულტურული ფასეულობის უკან დაბრუნება, რომელიც უკანონოდაა შემოტანილი მის ტერიტორიაზე.
მუხლი 42. კულტურული ფასეულობის გადაადგილება და მასზე საკუთრების უფლების გადაცემის საკითხის საერთაშორისო რეგულირება
კულტურული ფასეულობის გადაადგილებისა და მასზე საკუთრების უფლების გადაცემის საერთაშორისო რეგულირების მიზნით სახელმწიფო ვალდებულია:
ა) აღკვეთოს თავის ტერიტორიაზე არსებული მუზეუმის, არქივის, ბიბლიოთეკისა და სხვა ანალოგიური დაწესებულების მიერ უცხო სახელმწიფოში შექმნილი იმ კულტურული ფასეულობის შეძენა, რომელიც უკანონოდაა შემოტანილი ან შეძენილი;
ბ) მიიღოს აუცილებელი ზომები უცხო სახელმწიფოს მოთხოვნით ყოველი ისეთი კულტურული ფასეულობის მისაგნებად და დასაბრუნებლად, რომელიც შემოტანილია საქართველოს ტერიტორიაზე, იმ აუცილებელი პირობით, რომ კეთილსინდისიერი მყიდველისათვის კომპენსაციის სრული ანაზღაურების გარანტი არის უცხო სახელმწიფო, თუ ასეთი კომპენსაციის გადახდა არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ვალდებულებებს ან საქართველოს კანონმდებლობას.
თავი XI
გარდამავალი დებულებანი
მუხლი 43. ამ კანონთან დაკავშირებით მისაღები ნორმატიული აქტები
1. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს გამოსცეს ბრძანებულება საქართველოში დროებით შემოტანილი კულტურული ფასეულობის დაცვისა და მის მიმართ რისკის ფინანსური უზრუნველყოფის სახელმწიფო გარანტიების შესახებ.
2. საქართველოს კულტურის სამინისტრომ გამოსცეს:
ა) დებულება კულტურული ფასეულობის სახელმწიფო ექსპერტიზის ჩატარებისა და მასზე გაწეული მომსახურების ანაზღაურების წესის შესახებ;
ბ) დებულება კულტურული ფასეულობის საზღვარგარეთ გატანის ან დროებით გატანის ნებართვის ფორმის, მისი გაცემისა და მასზე გაწეული მომსახურების ანაზღაურების წესის შესახებ.
3. საქართველოს კულტურის სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გამოსცენ ინსტრუქცია კულტურული ფასეულობის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილების წესის შესახებ.
თავი XII
დასკვნითი დებულება
მუხლი 44. კანონის ამოქმედება
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
2001 წლის 22 ივნისი.
№985_IIს
შეტანილი ცვლილებები :
1. საქართველოს 2002 წ. 10 მაისის კანონი №1399- სსმI, №10, 13.05.2002წ., მუხ44
დოკუმენტის კომენტარები