„კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4553-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/11/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/12/2015
სარეგისტრაციო კოდი 450030000.05.001.017992
4553-Iს
25/11/2015
ვებგვერდი, 08/12/2015
450030000.05.001.017992
„კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №23, 11.07.2001, მუხ. 89) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-11 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების თანახმად კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანასა და დროებით გატანას, საქართველოში შემოტანასა და დროებით შემოტანას არეგულირებს და აკონტროლებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქმიანობის საერთო კოორდინაციას ახორციელებს ამ კანონის შესაბამისად.“.

2. მე-12 და მე-13 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 12. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კომპეტენცია კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანისა და დროებით გატანის, საქართველოში შემოტანისა და დროებით შემოტანის სფეროში

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო:

ა) ხელს უწყობს კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის შექმნას; სათანადო სამეცნიერო და ტექნიკური დაწესებულებების შექმნასა და განვითარებას;

ბ) ადგენს საქართველოს იმ კულტურულ ფასეულობათა დაცვით სახელმწიფო სიასა და რეესტრს, რომლებზედაც ვრცელდება ამ კანონის მოქმედება;

გ) ახორციელებს კულტურული ფასეულობის პასპორტიზაციას;

დ) იღებს გადაწყვეტილებებს კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანისა და დროებით გატანის შესახებ;

ე) უზრუნველყოფს საქართველოდან გასატანად განცხადებული კულტურული ფასეულობის, აგრეთვე დროებით გატანის შემდეგ მისი საქართველოში დაბრუნებისას სავალდებულო სახელმწიფო ექსპერტიზის ჩატარებას;

ვ) გასცემს კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანაზე ან დროებით გატანაზე ნებართვას;

ზ) ახორციელებს საქართველოში დროებით შემოტანილი კულტურული ფასეულობის სახელმწიფო რეგისტრაციას;

თ) საზოგადოებას აწვდის კულტურული ფასეულობის დაკარგვის ან ხელყოფის ფაქტის შესახებ ინფორმაციას როგორც საქართველოში, ისე მისი ფარგლების გარეთ პუბლიკაციებით, მასობრივი ინფორმაციისა და კანონით ნებადართული სხვა საშუალებებით;

ი) საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების თანახმად იღებს ზომებს კულტურული ფასეულობის მესაკუთრის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად.

მუხლი 13. საქართველოს მუზეუმსა და საცავში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის სახელმწიფო რეგულირება

საქართველოს მუზეუმსა და საცავში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის სახელმწიფო რეგულირებას ახორციელებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დასკვნის საფუძველზე.“.

3. მე-15 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „კულტურული ფასეულობის ექსპერტიზის ჩატარების წესის შესახებ“ დებულებას ამტკიცებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

2. თუ საქართველოდან გასატანად განცხადებული კულტურული ფასეულობის შესწავლისას (დათვალიერებისას) აღმოჩნდა, რომ მას აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ნიშნები, მაგრამ მინიჭებული არ აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო არაუგვიანეს 15 დღისა იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ. თუ სამინისტრო განცხადების მიღებიდან 3 თვის ვადაში არ მიანიჭებს კულტურულ ფასეულობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს, იგი გასცემს ამ კანონის 28-ე მუხლით გათვალისწინებულ ნებართვას.“.

4. მე-16 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „კულტურული ფასეულობის ექსპერტიზის ჩატარების წესის შესახებ“ დებულებას ამტკიცებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

2. საქართველოდან გასატანად განცხადებული ან დროებით გასატანად განცხადებული, აგრეთვე დროებით გატანის შემდეგ საქართველოში დაბრუნებული კულტურული ფასეულობის სახელმწიფო ექსპერტიზის ჩატარებას უზრუნველყოფს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სახელმწიფო ექსპერტიზის ჩასატარებლად საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ხელშეკრულების საფუძველზე თანამშრომლობს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ მუზეუმებთან, არქივებთან, ბიბლიოთეკებთან, აგრეთვე ასეთი ექსპერტიზის ჩატარების უფლების (ლიცენზიის) მქონე მოწვეულ, დამოუკიდებელ სპეციალისტებთან.“.

5. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 17. ექსპერტიზის ღირებულების ანაზღაურების წესი

კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანასთან, მასზე საკუთრების უფლების გადაცემასთან და სხვა, ანალოგიურ სამუშაოებთან დაკავშირებით ჩასატარებელი ექსპერტიზის ღირებულებას ანაზღაურებს კულტურული ფასეულობის მესაკუთრე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“.

6. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 19. კულტურული ფასეულობის საზღვარგარეთიდან საქართველოში შემოტანის წესი

საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით საზღვარგარეთიდან საქართველოში შემოტანილი კულტურული ფასეულობა გადის აუცილებელ საბაჟო კონტროლს და სპეციალურ რეგისტრაციას, რის შესახებაც 1 კვირის ვადაში ეცნობება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს.“.

7. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 23. განცხადება კულტურის მოძრავ ძეგლს ან ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტს მიკუთვნებული კულტურული ფასეულობის საქართველოდან დროებით გატანაზე ნებართვის მისაღებად

საქართველოს სახელმწიფო სამუზეუმო ფონდი, არქივი, ბიბლიოთეკა და კულტურული ფასეულობის საცავი სხვა სახელმწიფო დაწესებულება, აგრეთვე სახელმწიფო ხელისუფლების ორგანო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო და სხვა პირი კულტურის მოძრავ ძეგლს ან ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტს მიკუთვნებული კულტურული ფასეულობის საქართველოდან დროებით გატანაზე ნებართვის მისაღებად განცხადებით მიმართავენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს. განცხადებას უნდა ერთოდეს:

ა) მიმღებ მხარესთან დადებული ხელშეკრულება კულტურული ფასეულობის საქართველოდან დროებით გატანის მიზნებისა და პირობების შესახებ;

ბ) დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს მიმღები მხარის მიერ სადაზღვევო რისკის ყველა შემთხვევის უზრუნველყოფას, კომერციული დაზღვევა ან დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს მიმღები მხარის მიერ ყველა სხვა რისკის ფინანსურ უზრუნველყოფას სახელმწიფო გარანტიით;

გ) მიმღები მხარისა და სახელმწიფოს დოკუმენტურად დამოწმებული გარანტიები საქართველოდან დროებით გატანილი კულტურული ფასეულობის დაცვისა და საქართველოში დაბრუნების შესახებ;

დ) ცნობა იმის შესახებ, არის თუ არა საქართველოდან დროებით გასატანი კულტურული ფასეულობა შეტანილი საქართველოს კულტურულ ფასეულობათა დაცვით სახელმწიფო სიასა და რეესტრში.“.

8. 27-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საზღვარგარეთიდან საქართველოში დროებით შემოტანილი კულტურული ფასეულობა გადის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ აუცილებელ რეგისტრაციას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.“.

9. 28-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანაზე ან დროებით გატანაზე ნებართვას გასცემს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოში დადგენილია კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანაზე ან დროებით გატანაზე ნებართვის ერთიანი ფორმა, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.“.

10. 29-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო გასცემს იმ კულტურული ფასეულობის საქართველოდან დროებით გატანაზე ნებართვას, რომელიც მუდმივად ინახება სახელმწიფო მუზეუმში, მუნიციპალურ მუზეუმში, არქივში, ბიბლიოთეკაში ან კულტურული ფასეულობის საცავ სხვა სახელმწიფო დაწესებულებაში.“.

11. 35-ე მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კულტურული ფასეულობა, რომლის მესაკუთრეც ვერ დადგინდა და რომელიც დროებით დაკავებულია საქართველოს საგადასახადო ორგანოების, შინაგან საქმეთა ორგანოების ან სხვა სახელმწიფო ორგანოების მიერ, კულტურული ფასეულობის მესაკუთრის დადგენამდე შესანახად გადაეცემა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს.

2. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ახორციელებს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული კულტურული ფასეულობის დაცვას, უზრუნველყოფს მის სახელმწიფო ექსპერტიზას და მასზე საკუთრების უფლების დასადგენად ავრცელებს ოფიციალურ ინფორმაციას.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დროებით დაკავებულ კულტურულ ფასეულობას, რომლის მესაკუთრეც ვერ დადგინდა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო საკუთრების უფლებით გადასცემს სახელმწიფო მუზეუმს, ბიბლიოთეკას ან არქივის ფონდს.“.

12. მე-40 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 40. საერთაშორისო თანამშრომლობა კულტურული ფასეულობის საქართველოდან უკანონო გატანის, საქართველოში უკანონო შემოტანის და მასზე საკუთრების უფლების უკანონო გადაცემის თავიდან აცილების მიზნით

კულტურული ფასეულობის საქართველოდან უკანონო გატანის, საქართველოში უკანონო შემოტანის და მასზე საკუთრების უფლების უკანონო გადაცემის თავიდან აცილების მიზნით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო თანამშრომლობს უცხო სახელმწიფოთა ანალოგიურ სამსახურებთან, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.“.

მუხლი 2

1. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებამდე ამ კანონის ამოქმედებამდე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

25 ნოემბერი 2015 წ.

N4553-Iს