„კულტურულ ფასეულობათა საზღვარგარეთ გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„კულტურულ ფასეულობათა საზღვარგარეთ გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2137
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 07/05/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 13, 02/06/2003
სარეგისტრაციო კოდი 450.030.000.05.001.001.242
  • Word
2137
07/05/2003
სსმ, 13, 02/06/2003
450.030.000.05.001.001.242
„კულტურულ ფასეულობათა საზღვარგარეთ გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„კულტურულ ფასეულობათა საზღვარგარეთ გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„კულტურულ ფასეულობათა საზღვარგარეთ გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №23, 11.07.2001, მუხ.89) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. კანონის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“.

2. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1. საქართველოს კანონმდებლობა კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის სფეროში

1. საქართველოს კანონმდებლობა კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის სფეროში შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონისა და სხვა ნორმატიული აქტებისაგან.

2. ეს კანონი ადგენს საქართველოს კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის ერთიან წესს.“.

3. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო

ამ კანონით განსაზღვრული საქართველოს კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანისა და დროებით გატანის, საქართველოში შემოტანისა და დროებით შემოტანის წესი ვრცელდება ნებისმიერ კულტურულ ფასეულობაზე.“.

4. მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანა _ ნებისმიერი პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთით საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კულტურული ფასეულობის გადაადგილება მისი უკან შემოტანის ვალდებულების გარეშე.

2. კულტურული ფასეულობის საქართველოდან დროებით გატანა _ ნებისმიერი პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთით საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კულტურული ფასეულობის გადაადგილება დადგენილ ვადებში მისი უკან შემოტანის ვალდებულებით.“.

5. მეორე თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი II

კულტურული ფასეულობის საქართველოდან უკანონო გატანა, საქართველოში უკანონო შემოტანა და მასზე საკუთრების უფლების სამართლებრივი რეჟიმი“.

6. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 7. კულტურული ფასეულობის საქართველოდან უკანონო გატანა, საქართველოში უკანონო შემოტანა და მასზე საკუთრების უფლების უკანონო გადაცემა

1. უკანონოდ ითვლება კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანა, საქართველოში შემოტანა და მასზე საკუთრების უფლების გადაცემა, თუ დარღვეულია ამ კანონით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები.

2. უკანონოდ ითვლება აგრეთვე კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანა, საქართველოში შემოტანა და მასზე საკუთრების უფლების გადაცემა, თუ იგი უცხო სახელმწიფოს მიერ ქვეყნის ნაწილობრივი ან სრული ოკუპაციის ან ქვეყნის ცალკეულ ტერიტორიაზე სახელმწიფო იურისდიქციის სხვა მიზეზით დაკარგვის პირდაპირი ან არაპირდაპირი შედეგია.“.

7. მე-8 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოდან უკანონოდ გატანილი კულტურული ფასეულობის საქართველოში დაბრუნება“.

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კულტურული ფასეულობის მესაკუთრეს უფლება აქვს, თხოვნით მიმართოს საქართველოს შესაბამის ორგანოებს, მხარდაჭერა აღმოუჩინონ საქართველოდან უკანონოდ გატანილი ან უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე უკანონო მფლობელობაში მყოფი კულტურული ფასეულობის საქართველოში დასაბრუნებლად.“.

8. მესამე თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი III

 სახელმწიფო ორგანოების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მოქალაქეების მონაწილეობა კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანისა და დროებით გატანის, საქართველოში შემოტანისა და დროებით შემოტანის სფეროში“.

9. მე-11 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანისა და დროებით გატანის, საქართველოში შემოტანისა და დროებით შემოტანის რეგულირების სახელმწიფო ორგანოები და მათი კომპეტენციები“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების თანახმად კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანას, დროებით გატანას, საქართველოში შემოტანასა და დროებით შემოტანას არეგულირებს და აკონტროლებს საქართველოს კულტურის სამინისტრო.“.

10. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 12. საქართველოს კულტურის სამინისტროს კომპეტენცია კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის, დროებით გატანის, საქართველოში შემოტანისა და დროებით შემოტანის სფეროში

საქართველოს კულტურის სამინისტრო:

ა) ხელს უწყობს კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის შექმნას; სათანადო სამეცნიერო და ტექნიკური დაწესებულებების დაარსებასა და განვითარებას;

ბ) ადგენს იმ კულტურული ფასეულობის დაცვით სახელმწიფო სიასა და რეესტრს, რომლებზედაც ვრცელდება ამ კანონის მოქმედება;

გ) აწარმოებს კულტურული ფასეულობის პასპორტიზაციას;

დ) კულტურული ფასეულობის დაცვითი სახელმწიფო სიისა და რეესტრის ბაზაზე ადგენს საკუთრების ნებისმიერი ფორმით არსებული კულტურული ფასეულობის იმ სახელმწიფო რეესტრს, რომელიც ამ კანონის თანახმად არ ექვემდებარება საქართველოდან გატანას, რამაც შესაძლებელია მნიშვნელოვნად გააღარიბოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა;

ე) იღებს გადაწყვეტილებას კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის ან დროებით გატანის შესახებ;

ვ) უზრუნველყოფს საქართველოდან გასატანად განცხადებული კულტურული ფასეულობის, აგრეთვე დროებით გატანის შემთხვევაში მისი უკან დაბრუნებისას სავალდებულო სახელმწიფო ექსპერტიზის ჩატარებას;

ზ) გასცემს ნებართვას კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანაზე ან დროებით გატანაზე;

თ) აწარმოებს საქართველოში დროებით შემოტანილი კულტურული ფასეულობის სახელმწიფო რეგისტრაციას;

ი) კულტურული ფასეულობის დაკარგვის ან ხელყოფის ფაქტების შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას აწვდის როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ პუბლიკაციებით, მასობრივი ინფორმაციის და კანონით ნებადართული სხვა საშუალებებით;

კ) საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების თანახმად იღებს ზომებს კულტურული ფასეულობის მესაკუთრის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად.“.

11. მე-13 და მე-14 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 13. საქართველოს მუზეუმებში დაცული მოძრავი ძეგლების საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის სახელმწიფო რეგულირება

საქართველოს მუზეუმებსა და საცავებში დაცული მოძრავი ძეგლების საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის სახელმწიფო რეგულირებას ახორციელებს საქართველოს კულტურის სამინისტრო „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული სამეცნიერო-მეთოდური საბჭოს დასკვნის საფუძველზე.

    მუხლი 14. საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მოქალაქეების მონაწილეობა კულტურული ფასეულობის დაცვის, მისი საქართველოდან გატანის, დროებით გატანის, საქართველოში შემოტანისა და დროებით შემოტანის რეგულირების საქმეში

საქართველოს საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და მოქალაქეებს უფლება აქვთ, შეუზღუდავად მიიღონ სრული და ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს კულტურული ფასეულობის დაცვის, მისი საქართველოდან გატანის, დროებით გატანის, საქართველოში შემოტანისა და დროებით შემოტანის შესახებ, თუ ეს უკანასკნელი არ წარმოადგენს სახელმწიფო ინტერესებთან ან ამ ფასეულობის გამტანი ფიზიკური და იურიდიული პირების კანონით დაცულ ინტერესებთან დაკავშირებულ საიდუმლოებას.“.

12. მეოთხე თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თავი IV

კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის, დროებით გატანის, საქართველოში შემოტანისა და დროებით შემოტანის სახელმწიფო რეგულირება“.

13. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 15. კულტურული ფასეულობის სახელმწიფო ექსპერტიზა

1. კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის ან დროებით გატანის განმცხადებელი ნებისმიერი პირი ვალდებულია წარადგინოს იგი სახელმწიფო ექსპერტიზისათვის.

2. თუ ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ კულტურული ფასეულობა თავისი მნიშვნელობით ექვემდებარება კულტურული ფასეულობის დაცვით სახელმწიფო სიასა და რეესტრში შეტანას, საქართველოს კულტურის სამინისტრო ამას განახორციელებს კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის ან დროებით გატანის განმცხადებელი პირის თანხმობის გარეშე.

3. თუ კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის ან დროებით გატანის განმცხადებელი არ ეთანხმება ექსპერტიზის დასკვნას, სადავო საკითხს იხილავს სასამართლო.“.

14. მე-16 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოდან გასატანად განცხადებული ან დროებით გასატანად განცხადებული, აგრეთვე დროებით გატანის შემდეგ საქართველოში დაბრუნებული კულტურული ფასეულობის სახელმწიფო ექსპერტიზის ჩატარებას ორგანიზებას უწევს საქართველოს კულტურის სამინისტრო.

3. საქართველოდან დროებით გასატანად განცხადებული, აგრეთვე დროებით გატანის შემდეგ საქართველოში დაბრუნებული კულტურის მოძრავი ძეგლი ან ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტი ექვემდებარება აუცილებელ სახელმწიფო ექსპერტიზას.“.

15. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 17. ექსპერტიზის ანაზღაურების წესი

კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანასთან, მასზე საკუთრების უფლების გადაცემასთან, აგრეთვე სხვა ანალოგიურ სამუშაოებთან დაკავშირებით ჩასატარებელი ექსპერტიზის ღირებულებას ანაზღაურებს მესაკუთრე საქართველოს კულტურის სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“.

16. მე-18 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის, დროებით გატანის, საქართველოში შემოტანისა და დროებით შემოტანის წესი დიპლომატიური პრივილეგიითა და იმუნიტეტით აღჭურვილი პირისათვის“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კანონით განსაზღვრული კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის, დროებით გატანის, საქართველოში შემოტანისა და დროებით შემოტანის წესი ვრცელდება დიპლომატიური პრივილეგიითა და იმუნიტეტით აღჭურვილ პირებზედაც.“.

17. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 21. კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანა საფოსტო გზავნილისა და ამანათის სახით

კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანა საფოსტო გზავნილისა და ამანათის სახით ხორციელდება ამ სფეროში საქართველოს კანონმდებლობითა და ამ კანონით დადგენილი წესებისა და პირობების გათვალისწინებით.“.

18. მეხუთე თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თავი V

კულტურული ფასეულობის საქართველოდან დროებით გატანისა და საქართველოში შემოტანის რეგულირება“.

19. 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 22. კულტურული ფასეულობის საქართველოდან დროებით გატანა

1. კულტურული ფასეულობის საქართველოდან დროებით გატანას სამუზეუმო, საარქივო, საბიბლიოთეკო დაწესებულებები, ფიზიკური და იურიდიული პირები ახორციელებენ შემდეგი მიზნებისათვის:

ა) გამოფენის ორგანიზება;

ბ) სარესტავრაციო და სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩატარება;

გ) საკონცერტო, თეატრალური ან სხვა სახის სამსახიობო საქმიანობა;

დ) სხვა შემთხვევაში, როდესაც ეს არ ეწინააღმდეგება ამ კანონსა და საქართველოს კანონმდებლობას.

2. საქართველოდან დროებით გატანას ექვემდებარება აგრეთვე ის კულტურული ფასეულობები ან მათი კოლექციები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კანონის მე-5 მუხლით.“.

20. 23_26-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 23. განცხადება კულტურის მოძრავ ძეგლს ან ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტს მიკუთვნებული კულტურული ფასეულობის საქართველოდან დროებით გატანაზე ნებართვის მისაღებად

საქართველოს სახელმწიფო სამუზეუმო ფონდი, არქივი, ბიბლიოთეკა, კულტურული ფასეულობის საცავი სხვა სახელმწიფო დაწესებულება, აგრეთვე სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები და სხვა პირები კულტურის მოძრავ ძეგლს ან ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტს მიკუთვნებული კულტურული ფასეულობის საქართველოდან დროებით გატანაზე ნებართვის მისაღებად განცხადებით მიმართავენ საქართველოს კულტურის სამინისტროს. განცხადებას უნდა ერთვოდეს:

ა) მიმღებ მხარესთან დადებული ხელშეკრულება კულტურული ფასეულობის საქართველოდან დროებით გატანის მიზნებისა და პირობების შესახებ;

ბ) დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს მიმღები მხარის მიერ სადაზღვევო რისკის ყველა შემთხვევის უზრუნველყოფას, კომერციული დაზღვევა ან დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს მიმღები მხარის მიერ ყველა სხვა რისკის ფინანსურ უზრუნველყოფას სახელმწიფო გარანტიით;

გ) მიმღები მხარისა და სახელმწიფოს დოკუმენტურად დამოწმებული გარანტიები საქართველოდან დროებით გატანილი კულტურული ფასეულობის დაცვისა და საქართველოში დაბრუნების შესახებ;

დ) ცნობა იმის შესახებ, არის თუ არა საქართველოდან დროებით გასატანი კულტურული ფასეულობა შეტანილი საქართველოს კულტურულ ფასეულობათა დაცვით სახელმწიფო სიასა და რეესტრში.

    მუხლი 24. უარი კულტურის მოძრავ ძეგლს ან ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტს მიკუთვნებული კულტურული ფასეულობის საქართველოდან დროებით გატანაზე ნებართვის მისაღებ განცხადებაზე

განმცხადებელს კულტურის მოძრავ ძეგლს ან ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტს მიკუთვნებული კულტურული ფასეულობის საქართველოდან დროებით გატანაზე ნებართვის მისაღებ განცხადებაზე უარი შეიძლება ეთქვას, თუ:

ა) არ შეუძლია ამ კანონით დადგენილი წესით წარადგინოს კულტურული ფასეულობის საქართველოში შემოტანის (დაბრუნების) გარანტიები;

ბ) გასატანად განცხადებული კულტურული ფასეულობის მდგომარეობა არ იძლევა შენახვის პირობების შეცვლის შესაძლებლობას, ან თუ ასეთი შეცვლა გამოიწვევს მისი ხარისხობრივი მდგომარეობის გაუარესებას ნებისმიერი სახით;

გ) გაურკვეველია გასატანად განცხადებული კულტურული ფასეულობის მესაკუთრე ან თუ იგი წარმოადგენს მასზე საკუთრების უფლების მოპოვებაზე დავის საგანს;

დ) გასატან ქვეყანაში უახლოეს წარსულში მოხდა, ხდება ან მოსალოდნელია სტიქიური უბედურება ან შეიარაღებული კონფლიქტი, ან არსებობს სხვა გარემოება, რომელიც საეჭვოს ხდის დროებით გასატანი კულტურული ფასეულობის დაცვას;

ე) საქართველოს არ გააჩნია დიპლომატიური ურთიერთობა იმ ქვეყანასთან, სადაც აპირებენ კულტურული ფასეულობის გატანას.

    მუხლი 25. საქართველოდან დროებით გატანილი კულტურული ფასეულობის ექსპერტიზა მისი საქართველოში დაბრუნების შემდეგ

კულტურული ფასეულობა საქართველოდან დროებით გატანის შემდეგ საქართველოში დაბრუნებისას ექვემდებარება აუცილებელ სახელმწიფო ექსპერტიზას, რომელიც ტარდება ამ კანონის მე-15-17 მუხლების მოთხოვნათა დაცვით.

    მუხლი 26. საქართველოდან დროებით გასატანი კულტურული ფასეულობის დიპლომატიური არხით დაცვა

საქართველოდან დროებით გატანილ კულტურულ ფასეულობას მისი განთავსების ქვეყანაში დიპლომატიური არხით იცავს საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენელი საზღვარგარეთ.“.

21. მეექვსე თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი VI

კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანასა და დროებით გატანაზე ნებართვის გაცემა“.

22. 28_32-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 28. კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანასა და დროებით გატანაზე ნებართვის გაცემა

1. კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანასა და დროებით გატანაზე ნებართვას გასცემს საქართველოს კულტურის სამინისტრო.

2. კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანასა და დროებით გატანაზე ნებართვა წარმოადგენს ამ ფასეულობის საქართველოს საბაჟო და სახელმწიფო საზღვარზე გადატანის საფუძველს.

3. საქართველოში დადგენილია კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანისა და დროებით გატანის ნებართვის ერთიანი ფორმა, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს კულტურის სამინისტრო.

4. კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანისა და დროებით გატანის შესახებ ნებართვის გაცემის, მოქმედების შეჩერების, განახლების, გაუქმების, მასზე უარის თქმისა და მასში ცვლილებების შეტანის წესი განისაზღვრება „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

5. ნებართვა ერთჯერადია და მისი მოქმედების ვადაა 3 თვე.

    მუხლი 29. იმ კულტურული ფასეულობის საქართველოდან დროებით გატანაზე ნებართვის გაცემა, რომელიც შეტანილია კულტურული ფასეულობის დაცვით სახელმწიფო სიასა და რეესტრში

1. საქართველოს კულტურის სამინისტრო ნებართვას გასცემს აგრეთვე იმ კულტურული ფასეულობის საქართველოდან დროებით გატანაზე, რომელიც მუდმივად ინახება სახელმწიფო და მუნიციპალურ მუზეუმში, არქივში, ბიბლიოთეკაში, კულტურული ფასეულობის საცავ სხვა სახელმწიფო დაწესებულებაში.

2. განცხადებას კულტურული ფასეულობის საქართველოდან დროებით გატანაზე ნებართვის მისაღებად წარადგენს ამ ფასეულობის მესაკუთრე ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი.

3. მიღებული გადაწყვეტილება ნებართვის გაცემის ან მასზე უარის თქმის შესახებ განმცხადებელს უნდა ეცნობოს განცხადების მიღების დღიდან არა უგვიანეს 1 თვისა.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლო წესით.

    მუხლი 30. კულტურული ფასეულობის საქართველოდან დროებით გატანის შესახებ ხელშეკრულების ურღვეობა

კულტურული ფასეულობის საქართველოდან დროებით გატანის პირობებისა და მიზნების შესახებ მის მიმღებ მხარესთან დადებული ხელშეკრულება დროებით გატანაზე ნებართვის გაცემის შემდეგ არ ექვემდებარება შეცვლას.

    მუხლი 31. კულტურული ფასეულობა, რომელიც შეიცავს ძვირფას ლითონებსა და ქვებს

იმ კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანაზე ნებართვის გაცემა, რომელიც შეიცავს ძვირფას ლითონებსა და ქვებს, ხორციელდება ამ კანონისა და სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე.

    მუხლი 32. იარაღის სახეობა, რომელიც წარმოადგენს კულტურულ ფასეულობას

ნებართვა ნებისმიერი კატეგორიის იმ იარაღის საქართველოდან გატანაზე, რომელსაც აქვს ისტორიული, სამეცნიერო, მხატვრული ან სხვა კულტურული ღირებულება, გაიცემა ამ კანონისა და სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე.“.

23. 33-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანა შეიძლება განხორციელდეს კანონიერი მესაკუთრის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, ამ კანონით დადგენილი წესით.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მოთხოვნა არ ვრცელდება საქართველოდან დროებით გასატან კულტურულ ფასეულობაზე.“.

24. 34-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სახელმწიფოს უპირატესი შესყიდვის უფლება საქართველოდან გასატანად განცხადებულ კულტურულ ფასეულობაზე“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ავტორის მიერ კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანისას ამ ფასეულობის მიმართ არ გამოიყენება სახელმწიფოს უპირატესი შესყიდვის უფლება.“.

25. 36-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანა ავტორის ან მისი მემკვიდრის მიერ“.

26. 39-ე და მე-40 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 39. პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის

კულტურული ფასეულობის საზღვარგარეთ უკანონო გადაადგილება და საქართველოდან დროებით გატანილი კულტურული ფასეულობის ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში დაუბრუნებლობა, რაც კულტურული ფასეულობის საქართველოდან უკანონო გატანად ითვლება, იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას.

    მუხლი 40. საერთაშორისო თანამშრომლობა კულტურული ფასეულობის საქართველოდან უკანონო გატანისა და საქართველოში უკანონო შემოტანის და მასზე საკუთრების უფლების უკანონო გადაცემის თავიდან აცილების მიზნით

კულტურული ფასეულობის საქართველოდან უკანონო გატანის ან საქართველოში უკანონო შემოტანის, მასზე საკუთრების უფლების უკანონო გადაცემის თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს კულტურის სამინისტრო თანამშრომლობს უცხო სახელმწიფოების ანალოგიურ სამსახურებთან, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.“.

27. 41-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საერთაშორისო ხელშეკრულებები საქართველოდან უკანონოდ გატანილი და საქართველოში უკანონოდ შემოტანილი კულტურული ფასეულობის დაბრუნების შესახებ“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველო მონაწილეობს საერთაშორისო ხელშეკრულებებში საქართველოდან უკანონოდ გატანილი კულტურული ფასეულობის დაბრუნების შესახებ.“.

28. 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დებულება კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის ან დროებით გატანის ნებართვის ფორმის, მისი გაცემისა და მასზე გაწეული მომსახურების ანაზღაურების წესის შესახებ.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი

ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2003 წლის 7 მაისი.

№2137_IIს