„კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3167
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/05/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 19, 01/06/2006
სარეგისტრაციო კოდი 450.030.000.05.001.002.283
  • Word
3167
25/05/2006
სსმ, 19, 01/06/2006
450.030.000.05.001.002.283
„კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №23, 11.07.2001, მუხ. 89) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-5 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მოძრავი ნივთი, რომელიც სახელმწიფოს მიერ ამ კანონის მიღებამდე უკვე შეტანილია დაცვით სახელმწიფო სიასა და რეესტრში, ან რომელსაც ამ კანონის მოთხოვნათა საფუძველზე საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო შეიტანს სპეციალურ სიასა და რეესტრში და რომელსაც იცავს სახელმწიფო;“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კულტურული ფასეულობების კონკრეტულ ნუსხას, რომლებიც არ ექვემდებარება საქართველოდან გატანას, ცალკე სახელმწიფო რეესტრით ადგენს და ამტკიცებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო.“.

2. მე-11 – მე-13 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 11. კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის და დროებით გატანის, საქართველოში შემოტანის და დროებით შემოტანის რეგულირების სახელმწიფო ორგანოები და მათი კომპეტენციები

1. საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების თანახმად კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანას და დროებით გატანას, საქართველოში შემოტანას და დროებით შემოტანას არეგულირებს და აკონტროლებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო.

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ამ საკითხებთან თავიანთ ფუნქციებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ახორციელებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებასთან – საქართველოს სასაზღვრო პოლიციასთან ერთად.

3. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქმიანობის საერთო კოორდინაციას ახორციელებს ამ კანონის შესაბამისად.

    მუხლი 12. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს კომპეტენცია კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის და დროებით გატანის, საქართველოში შემოტანის და დროებით შემოტანის სფეროში.

საქართველოს კულტურის, ძეგლტა დაცვისა და სპორტის სამინისტრო:

ა) ხელს უწყობს კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის შექმნას; სათანადო სამეცნიერო და ტექნიკური დაწესებულებების შექმნასა და განვითარებას;

ბ) ადგენს იმ კულტურული ფასეულობის დაცვით სახელმწიფო სიასა და რეესტრს, რომელზედაც ვრცელდება ამ კანონის მოქმედება;

გ) აწარმოებს კულტურული ფასეულობის პასპორტიზაციას;

დ) კულტურული ფასეულობის დაცვითი სახელმწიფო სიისა და რეესტრის ბაზაზე ადგენს საკუთრების ნებისმიერი ფორმით არსებული კულტურული ფასეულობის იმ სახელმწიფო რეესტრს, რომელიც ამ კანონის თანახმად არ ექვემდებარება საქართველოდან გატანას, რამაც შესაძლებელია მნიშვნელოვნად გააღარიბოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა;

ე) იღებს გადაწყვეტილებას კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის ან დროებით გატანის შესახებ;

ვ) უზრუნველყოფს საქართველოდან გასატანად განცხადებული კულტურული ფასეულობის, აგრეთვე დროებით გატანის შემთხვევაში მისი უკან დაბრუნებისას სავალდებულო სახელმწიფო ექსპერტიზის ჩატარებას;

ზ) გასცემს ნებართვას კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანაზე ან დროებით გატანაზე;

თ) აწარმოებს საქართველოში დროებით შემოტანილი კულტურული ფასეულობის სახელმწიფო რეგისტრაციას;

ი) კულტურული ფასეულობის დაკარგვის ან ხელყოფის ფაქტების შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას აწვდის როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ პუბლიკაციებით, მასობრივი ინფორმაციისა და კანონით ნებადართული სხვა საშუალებებით;

კ) საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების თანახმად იღებს ზომებს კულტურული ფასეულობის მესაკუთრის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად.

    მუხლი 13. საქართველოს მუზეუმებსა და საცავებში დაცული მოძრავი ძეგლების საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის სახელმწიფო რეგულირება

საქართველოს მუზეუმებსა და საცავებში დაცული მოძრავი ძეგლების საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის სახელმწიფო რეგულირებას ახორციელებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული სამეცნიერო-მეთოდური საბჭოს დასკვნის საფუძველზე.“.

3. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ კულტურული ფასეულობა თავისი მნიშვნელობით ექვემდებარება კულტურული ფასეულობის დაცვით სახელმწიფო სიასა და რეესტრში შეტანას, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო ამას განახორციელებს კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის ან დროებით გატანის განმცხადებელი პირის თანხმობის გარეშე.“.

4. მე-16 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „კულტურული ფასეულობის ექსპერტიზის ჩატარების წესის შესახებ“ დებულებას ამტკიცებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი.

2. საქართველოდან გასატანად განცხადებული ან დროებით გასატანად განცხადებული, აგრეთვე დროებით გატანის შემდეგ საქართველოში დაბრუნებული კულტურული ფასეულობის სახელმწიფო ექსპერტიზის ჩატარებას ორგანიზებას უწევს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ექსპერტიზის ჩასატარებლად საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო ხელშეკრულების საფუძველზე თანამშრომლობს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებულ მუზეუმებთან, არქივებთან, ბიბლიოთეკებთან, აგრეთვე ასეთი ექსპერტიზის ჩატარების უფლების (ლიცენზიის) მქონე სხვა მოწვეულ დამოუკიდებელ სპეციალისტებთან.“.

5. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 17. ექსპერტიზის ანაზღაურების წესი

კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანასთან, მასზე საკუთრების უფლების გადაცემასთან, აგრეთვე სხვა ანალოგიურ სამუშაოებთან დაკავშირებით ჩასატარებელი ექსპერტიზის ღირებულებას ანაზღაურებს მესაკუთრე საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“.

6. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 19. კულტურული ფასეულობის საზღვარგარეთიდან საქართველოში შემოტანის წესი

საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი წესით საზღვარგარეთიდან საქართველოში შემოტანილი კულტურული ფასეულობა ექვემდებარება აუცილებელ საბაჟო კონტროლს, ტარდება სპეციალურ რეგისტრაციაში და ამის შესახებ ერთი კვირის ვადაში ეცნობება საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს.“.

7. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 23. განცხადება კულტურის მოძრავ ძეგლს ან ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტს მიკუთვნებული კულტურული ფასეულობის საქართველოდან დროებით გატანაზე ნებართვის მისაღებად

საქართველოს სახელმწიფო სამუზეუმო ფონდი, არქივი, ბიბლიოთეკა, კულტურული ფასეულობის საცავი სხვა სახელმწიფო დაწესებულება, აგრეთვე სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები და სხვა პირები კულტურის მოძრავ ძეგლს ან ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტს მიკუთვნებული კულტურული ფასეულობის საქართველოდან დროებით გატანაზე ნებართვის მისაღებად განცხადებით მიმართავენ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს. განცხადებას უნდა ერთოდეს:

ა) მიმღებ მხარესთან დადებული ხელშეკრულება კულტურული ფასეულობის საქართველოდან დროებით გატანის მიზნებისა და პირობების შესახებ;

ბ) დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს მიმღები მხარის მიერ სადაზღვევო რისკის ყველა შემთხვევის უზრუნველყოფას, კომერციული დაზღვევა ან დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს მიმღები მხარის მიერ ყველა სხვა რისკის ფინანსურ უზრუნველყოფას სახელმწიფო გარანტიით;

გ) მიმღები მხარისა და სახელმწიფოს დოკუმენტურად დამოწმებული გარანტიები საქართველოდან დროებით გატანილი კულტურული ფასეულობის დაცვისა და საქართველოში დაბრუნების შესახებ;

დ) ცნობა იმის შესახებ, არის თუ არა საქართველოდან დროებით გასატანი კულტურული ფასეულობა შეტანილი საქართველოს კულტურულ ფასეულობათა დაცვით სახელმწიფო სიასა და რეესტრში.“.

8. 27-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საზღვარგარეთიდან დროებით შემოტანილი კულტურული ფასეულობა საქართველოში ექვემდებარება აუცილებელ საბაჟო რეგისტრაციას საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.“.

9. 28-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანასა და დროებით გატანაზე ნებართვას გასცემს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოში დადგენილია კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანასა და დროებით გატანაზე ნებართვის ერთიანი ფორმა, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო.“.

10. 29-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო ნებართვას გასცემს აგრეთვე იმ კულტურული ფასეულობის საქართველოდან დროებით გატანაზე, რომელიც მუდმივად ინახება სახელმწიფო და მუნიციპალურ მუზეუმში, არქივში, ბიბლიოთეკაში, კულტურული ფასეულობის საცავ სხვა სახელმწიფო დაწესებულებაში.“.

11. 34-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო საექსპერტო დასკვნის საფუძველზე საქართველოს მუზეუმების, არქივებისა და ბიბლიოთეკების ფონდების შევსებისათვის საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება იმ კულტურული ფასეულობის შესყიდვაზე, რომელიც საქართველოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ან უცხო სახელმწიფოს მოქალაქეთა ან მოქალაქეობის არმქონე პირთა მიერ განცხადებულია საქართველოდან გასატანად.“.

12. 35-ე მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კულტურული ფასეულობა, რომლის მესაკუთრეც ვერ დადგინდა და რომელიც დროებით დაკავებულია საქართველოს საბაჟო ორგანოების, შინაგან საქმეთა ან სხვა სახელმწიფო ორგანოების მიერ, კულტურული ფასეულობის მესაკუთრის დადგენამდე შესანახად გადაეცემა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს.

2. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს ამ კულტურული ფასეულობის დაცვას, მის სახელმწიფო ექსპერტიზას და მასზე საკუთრების უფლების დადგენის მიზნით ავრცელებს ოფიციალურ ინფორმაციას.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დაკავებულ კულტურულ ფასეულობას, რომლის მესაკუთრეც ვერ დადგინდა, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო საკუთრების უფლებით გადასცემს სახელმწიფო მუზეუმს, ბიბლიოთეკასა და არქივის ფონდს.“.

13. მე-40 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 40. საერთაშორისო თანამშრომლობა კულტურული ფასეულობის საქართველოდან უკანონო გატანის, საქართველოში უკანონო შემოტანის და მასზე საკუთრების უფლების უკანონო გადაცემის თავიდან აცილების მიზნით

კულტურული ფასეულობის საქართველოდან უკანონო გატანის, საქართველოში უკანონო შემოტანის და მასზე საკუთრების უფლების უკანონო გადაცემის თავიდან აცილების მიზნით საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო თანამშრომლობს უცხო სახელმწიფოების ანალოგიურ სამსახურებთან, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი

მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 25 მაისი.

№3167–Iს