საექიმო საქმიანობის შესახებ

  • Word
საექიმო საქმიანობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 904
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 08/06/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 18, 28/06/2001
სარეგისტრაციო კოდი 470.010.000.05.001.000.925
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
904
08/06/2001
სსმ, 18, 28/06/2001
470.010.000.05.001.000.925
საექიმო საქმიანობის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (26/10/2001 - 11/11/2004)

საქართველოს კანონი

საექიმო საქმიანობის შესახებ

თავი I

 ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია უზრუნველყოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის შესაბამისი პროფესიული განათლება და პრაქტიკული მომზადება, მის პროფესიულ საქმიანობაზე სათანადო სახელმწიფო ზედამხედველობის დაწესება, მისი უფლებების დაცვა, აგრეთვე ქვეყანაში აღიარებული სამედიცინო სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების საექიმო საქმიანობაში დამკვიდრებით საქართველოს მოსახლეობის მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება.

    მუხლი 2. კანონის რეგულირების სფერო

ეს კანონი არეგულირებს სამართლებრივ ურთიერთობებს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტსა და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის.

    მუხლი 3. საქართველოს კანონმდებლობა საექიმო საქმიანობის შესახებ

საქართველოს კანონმდებლობა საექიმო საქმიანობის შესახებ შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ კანონისა და სხვა ნორმატიული აქტებისაგან.

    მუხლი 4. საექიმო სპეციალობათა ნუსხა

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (შემდგომში– სამინისტრო) განსაზღვრავს:

ა) საექიმო სპეციალობათა ნუსხას;

ბ) მომიჯნავე საექიმო სპეციალობათა ნუსხას;

გ) იმ საექიმო სპეციალობათა ნუსხას, რომლებშიც ეკრძალება მუშაობა ამა თუ იმ დაავადების მქონე დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს.

    მუხლი 5. ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) საექიმო საქმიანობა – მედიცინაში განსწავლული, სათანადო უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების მქონე პირის პროფესიული საქმიანობა, რომლის მიზანია ქვეყანაში აღიარებული სამედიცინო სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების გამოყენებით, აგრეთვე საექიმო ტრადიციების გათვალისწინებით ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა, შენარჩუნება და აღდგენა, მისთვის ტანჯვის შემსუბუქება;

ბ) დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა – უმაღლესი სამედიცინო განათლებისა და დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე პირის პროფესიული საქმიანობა, რომლის შედეგებზედაც ის პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ) რეზიდენტურა – საექიმო საქმიანობის შემადგენელი, უმაღლესის – შემდგომი პროფესიული მომზადების ეტაპი ერთ-ერთ საექიმო სპეციალობაში;

დ) რეზიდენტი – პირი, რომელიც გადის რეზიდენტურის კურსს ერთ-ერთ საექიმო სპეციალობაში;

ე) ექიმი სპეციალისტი – პირი, რომელმაც გაიარა რეზიდენტურის კურსი ერთ-ერთ საექიმო სპეციალობაში და მიიღო ამ დარგში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი;

ვ) დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი – პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს დამოუკიდებელ საექიმო საქმიანობას;

ზ) ტელემედიცინა – სამედიცინო მომსახურების დისტანციური უზრუნველყოფა, რომელსაც სამედიცინო დარგის პროფესიონალი ახორციელებს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საშუალებით და რომლის მიზანია ინფორმაციის გაცვლა დაავადებათა დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის, აგრეთვე სამედიცინო პერსონალის უწყვეტი განათლების, სამედიცინო კვლევისა და მისი შედეგების შეფასებისათვის;

თ) საუნივერსიტეტო კლინიკა – შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მქონე, კვალიფიციური ექიმებითა და პედაგოგებით დაკომპლექტებული, სახელმწიფო სამედიცინო პროგრამებში მონაწილე, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სისტემაზე ორიენტირებული უმაღლესი დონის მრავალპროფილიანი სამედიცინო დაწესებულება, რომელშიც მიმდინარეობს კლინიკური დისციპლინების სწავლება, მეცნიერული კვლევა და უმცროსი ექიმისათვის აუცილებელი პრაქტიკული უნარ-ჩვევების ათვისება და რომელიც ეკუთვნის სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე უმაღლეს სამედიცინო-საგანმანათლებლო დაწესებულებას ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მასთან გაფორმებული აქვს ხელშეკრულება სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის წარმართვის შესახებ;

ი) უწყვეტი სამედიცინო განათლება - დიპლომამდელი და დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და პროფესიული მომზადების მომდევნო პერიოდი, რომელიც გრძელდება დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მთელი პროფესიული საქმიანობის განმავლობაში და არის საექიმო საქმიანობის განუყოფელი ნაწილი. მისი მიზანია თანამედროვე მედიცინის მიღწევებთან და ტექნოლოგიებთან დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შესაბამისობის უზრუნველყოფა;

კ) ერთჯერადი სამედიცინო მომსახურება – პაციენტის (პაციენტების) სამედიცინო მომსახურება, რომლის ხანგრძლივობა არ აღემატება ერთ თვეს;

ლ) მომიჯნავე სპეციალობები – მედიცინის ერთ დარგში შემავალი საექიმო სპეციალობები, რომელთა საგანმანათლებლო პროგრამა და პროფესიული საქმიანობის ხასიათი გარკვეულწილად ესადაგება ერთმანეთს;

მ) დროებითი საექიმო საქმიანობა – უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ხანგრძლივობით განხორციელებული დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა;

ნ) უმცროსი ექიმი – დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის არმქონე პირის თანამდებობა, რომლის დაკავების უფლება აქვს სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის დიპლომირებულ კურსდამთავრებულს; ექიმის ფუნქციას უმცროსი ექიმი ასრულებს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მქონე სუბიექტის მითითებითა და პასუხისმგებლობით;

ო) უწყვეტი სამედიცინო განათლების კრედიტსაათი – უწყვეტ სამედიცინო განათლების სისტემაში მონაწილეობის დამადასტურებელი რაოდენობრივი კრიტერიუმი;

პ) უწყვეტი სამედიცინო განათლების კრედიტსაათების კატეგორიები - კრედიტსაათების კატეგორიებად დაყოფა უწყვეტ სამედიცინო განათლების სისტემაში მონაწილეობის ფორმის გათვალისწინებით;

ჟ) სერტიფიცირება – დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მინიჭების პროცესი, რომლის მიზანია დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის განხორციელების უნარის შეფასება.

    მუხლი 6. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის პროფესიული დამოუკიდებლობა

დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი პროფესიული გადაწყვეტილებების მიღებისას არის თავისუფალი და დამოუკიდებელი. აკრძალულია, პირმა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტისაგან მოითხოვოს ამ კანონში მითითებული პრინციპებისა და საექიმო საქმიანობის ეთიკური ნორმების საწინააღმდეგო მოქმედება, მიუხედავად მომთხოვნი პირის თანამდებობისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, აგრეთვე აღმსარებლობისა.

თავი II

დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება

    მუხლი 7. საქართველოში უმაღლესი სამედიცინო განათლებამიღებული პირისათვის დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მინიჭება

1. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება აქვს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელმაც დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე უმაღლესი სამედიცინო სასწავლებელი და ამ კანონით დადგენილი წესით მიიღო დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი (შემდგომში - სახელმწიფო სერტიფიკატი).

2. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ პირს აქვს მხოლოდ სახელმწიფო სერტიფიკატში აღნიშნული სპეციალობით (სპეციალობებით), გარდა ამ კანონით დადგენილი გამონაკლისებისა.

    მუხლი 8. უცხო ქვეყანაში უმაღლესი სამედიცინო განათლებამიღებული პირისათვის დამოუკიდებლი საექიმო საქმიანობის უფლების მინიჭება

1. საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელმაც უმაღლესი სამედიცინო განათლება მიიღო უცხო ქვეყნის უმაღლეს სამედიცინო სასწავლებელში, რომლის დიპლომიც აღიარებულია საქართველოში, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება ეძლევა ამ კანონით დადგენილი წესით.

2. უცხო ქვეყნების ნუსხას, რომელთა უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების დიპლომები აღიარებულია საქართველოში, განსაზღვრავენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და განათლების სამინისტროები.

    მუხლი 9. იმ პირისათვის დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მინიჭება, რომელმაც ასეთი უფლება მიიღო ან რეზიდენტურის კურსი გაიარა უცხო ქვეყანაში

1. საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელმაც დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობა მიიღო ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ნუსხით გათვალისწინებულ ქვეყანაში, საქართველოში იმავე სპეციალობით (სპეციალობებით) სახელმწიფო სერტიფიკატი ეძლევა სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე, ამ კანონით დადგენილი წესით.

2. საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელმაც რეზიდენტურის კურსი გაიარა ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული ნუსხით გათვალისწინებულ ქვეყანაში, საქართველოში იმავე სპეციალობით (სპეციალობებით) სახელმწიფო სერტიფიკატი ეძლევა სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემდეგ, ამ კანონით დადგენილი წესით.

3. სამინისტრო განსაზღვრავს:

ა) იმ ქვეყნების ნუსხას, რომელთა მიერ გაცემული დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობით მის მფლობელს უფლება აქვს საქართველოში განახორციელოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა შესაბამის სპეციალობაში (სპეციალობებში) სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე;

ბ) იმ ქვეყნების ნუსხას, რომელთა რეზიდენტურის კურსის პროგრამა შეესაბამება სამინისტროს მიერ განსაზღვრულ კრიტერიუმებს.

    მუხლი 10. საქართველოს სახელმწიფო ენის ცოდნა

საქართველოში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობისას სავალდებულოა საქართველოს სახელმწიფო ენის ცოდნა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც უცხო ქვეყნის სპეციალისტი ეწევა დროებით დამოუკიდებელ საექიმო საქმიანობას ან ახორციელებს ერთჯერად სამედიცინო მომსახურებას.

    მუხლი 11. უცხო ქვეყნის სპეციალისტისათვის საქართველოში დროებითი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის ან ერთჯერადი სამედიცინო მომსახურების უფლების მინიჭება

1. უცხო ქვეყნის სპეციალისტი ამ კანონით დადგენილი წესით შეიძლება მოწვეულ იქნეს საქართველოში დროებითი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობისათვის ან ერთჯერადი სამედიცინო მომსახურებისათვის.

2. სამინისტრო ექიმთა პროფესიულ ასოციაციებთან ერთად განსაზღვრავს იმ საექიმო სპეციალობათა ნუსხას, რომელთა განვითარებისათვის ან შესაბამის სამედიცინო მომსახურებაზე საქართველოს მოსახლეობის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის საჭიროა უცხო ქვეყნის სპეციალისტის საქართველოში მოწვევა და მისთვის დროებითი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მინიჭება.

3. უცხო ქვეყნის სპეციალისტის მოწვევა დროებითი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობისათვის დასაშვებია:

ა) ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ნუსხით გათვალისწინებულ ქვეყნიდან;

ბ) ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ნუსხით გათვალისწინებულ საექიმო სპეციალობებში.

4. დასაშვებია ერთჯერადი სამედიცინო მომსახურებისათვის ნებისმიერი საექიმო სპეციალობის უცხო ქვეყნის სპეციალისტის მოწვევა მხოლოდ ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ნუსხით გათვალისწინებული ქვეყნიდან.

5. უცხო ქვეყნის სპეციალისტს საქართველოში დროებითი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის ან ერთჯერადი სამედიცინო მომსახურების უფლებას აძლევს სამინისტრო ექიმთა შესაბამის პროფესიულ ასოციაციასთან ერთად. ამ უფლების დამადასტურებელი საბუთის ფორმას ნორმატიული აქტით განსაზღვრავს სამინისტრო.

6. უცხო ქვეყნის სპეციალისტისათვის საქართველოში დროებითი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის ადგილს, ვადასა და მიზანს განსაზღვრავს სამინისტრო ამ სპეციალისტთან და ექიმთა შესაბამის პროფესიულ ასოციაციასთან ერთად.

7. უცხო ქვეყნის სპეციალისტისათვის საქართველოში დროებითი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების შეჩერების ან/და გაუქმების საფუძველი გათანაბრებულია სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების ან/და გაუქმების ამ კანონით გათვალისწინებულ პირობებთან.

8. უცხო ქვეყნის სპეციალისტს საქართველოში დროებითი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება ერთჯერადად ეძლევა არა უმეტეს ერთი წლით. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ამ ვადის გაგრძელების უფლება აქვს სამინისტროს. გადაწყვეტილება მიიღება ექიმთა შესაბამის პროფესიულ ასოციაციასთან ერთად.

9. სამინისტროს უფლება აქვს მოიწვიოს უცხო ქვეყნის სპეციალისტი საქართველოში დროებითი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობისათვის ან ერთჯერადი სამედიცინო მომსახურებისათვის. უცხო ქვეყნის სპეციალისტის მოწვევამდე აუცილებელია იმ სამედიცინო დაწესებულების წერილობითი თანხმობა, რომელშიც უცხო ქვეყნის სპეციალისტმა უნდა გასწიოს დროებითი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა ან განახორციელოს ერთჯერადი სამედიცინო მომსახურება.

10. სამედიცინო დაწესებულებას უფლება აქვს მოიწვიოს უცხო ქვეყნის სპეციალისტი დროებითი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობისათვის ან ერთჯერადი სამედიცინო მომსახურებისათვის თავისი ინიციატივით ან/და პაციენტის მოთხოვნით, სამინისტროს წერილობითი ნებართვის საფუძველზე.

11. ერთჯერადი სამედიცინო მომსახურებისათვის უცხო ქვეყნის სპეციალისტის მოწვევისას, თუ პაციენტს აღენიშნება სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა ან ესაჭიროება გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება, ამ მუხლის მე-5, მე-9 და მე-10 პუნქტებში აღნიშნული დოკუმენტები შეიძლება გაფორმდეს სამედიცინო მომსახურების გაწევის შემდეგ.

12. თუ უცხო ქვეყნის სპეციალისტს დროებითი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება ეძლევა 6 თვეზე მეტი ვადით, მასთან დადებული ხელშეკრულება აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს ადგილობრივი საექიმო კადრის (კადრების) უფასოდ მომზადება-დახელოვნებას იმ საექიმო სპეციალობაში, რომლითაც მუშაობს უცხო ქვეყნის სპეციალისტი. ადგილობრივი საექიმო კადრის (კადრების) მომზადების პირობები, აგრეთვე საექიმო კადრის (კადრების) რაოდენობა განისაზღვრება, ერთი მხრივ, უცხო ქვეყნის სპეციალისტსა და, მეორე მხრივ, სამინისტროს ან სამედიცინო დაწესებულებას შორის დადებული ხელშეკრულებით. ადგილობრივი საექიმო კადრის (კადრების) შერჩევას აწარმოებს სამინისტრო ან სამედიცინო დაწესებულება სამინისტროსთან შეთანხმებით.

13. ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უცხო ქვეყნის სპეციალისტის ხელმძღვანელობით მუშაობის პერიოდი ჩაითვლება შესაბამის სპეციალობაში რეზიდენტურის ამ კანონით დადგენილი ვადის შემადგენელ ნაწილად. ამისათვის აუცილებელია, პროფესიული მომზადების კურსის პროგრამა შეესაბამებოდეს ამ სპეციალობაში რეზიდენტურაში მომზადების სამინისტროს მიერ დამტკიცებულ პროგრამას.

14. ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოში სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე პირს უცხო ქვეყნის სპეციალისტის ხელმძღვანელობით მუშაობის პერიოდი ჩაეთვლება უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში მონაწილეობად ამ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დიპლომისშემდგომი და უწყვეტი სამედიცინო განათლების საბჭოს მიერ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად.

    მუხლი 12. სახელმწიფო სერტიფიკატით გათვალისწინებულის გარდა სხვა საექიმო სპეციალობით (სპეციალობებით) დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება

1. ნებისმიერ საექიმო სპეციალობაში (სპეციალობებში) სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს უფლება აქვს მიიღოს სახელმწიფო სერტიფიკატი სხვა საექიმო სპეციალობითაც (სპეციალობებითაც), ამ კანონით დადგენილი წესით.

2. თუ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მიერ ახალარჩეული საექიმო სპეციალობა არ არის იმ საექიმო სპეციალობის მომიჯნავე, რომლის სახელმწიფო სერტიფიკატიც მას უკვე აქვს, ახალი სახელმწიფო სერტიფიკატის მისაღებად დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტმა შესაბამის საექიმო სპეციალობაში უნდა გაიაროს რეზიდენტურის დადგენილი კურსი და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემდეგ მიიღოს შესაბამისი სახელმწიფო სერტიფიკატი.

3. თუ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მიერ ახალარჩეული საექიმო სპეციალობა იმ სპეციალობის მომიჯნავეა, რომლის სახელმწიფო სერტიფიკატიც მას უკვე აქვს, ახალი სახელმწიფო სერტიფიკატის მისაღებად დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტმა შესაბამის საექიმო სპეციალობაში უნდა გაიაროს რეზიდენტურის დადგენილი კურსის ნაწილი. მის მოცულობასა და ხანგრძლივობას განსაზღვრავს სამინისტრო ექიმთა შესაბამის პროფესიულ ასოციაციასთან ერთად.

    მუხლი 13. საექიმო სპეციალობის შესაბამისობა უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის საგანმანათლებლო კურსთან (ფაკულტეტთან)

ერთ-ერთი საექიმო სპეციალობით დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება შეიძლება მიეცეს პირს, თუ ეს სპეციალობა შეესაბამება მის მიერ უმაღლეს სამედიცინო სასწავლებელში გავლილ საგანმანათლებლო კურსს (ფაკულტეტს).

    მუხლი 14. ექიმის ფუნქციის შესრულება

1. ექიმის ფუნქციის შესრულება არის იმ პირის საექიმო საქმიანობა, რომელსაც არა აქვს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება.

2. ექიმის ფუნქციის შესრულების უფლება აქვს:

ა) უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის სტუდენტს, მხოლოდ საუნივერსიტეტო კლინიკაში ან სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც არსებობს უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის შესაბამისი კათედრა, კლინიკური მედიცინის სასწავლო პროგრამის ფარგლებში, ამისათვის სპეციალურად გამოყოფილი პედაგოგის ხელმძღვანელობითა და მეთვალყურეობით, რომელიც პასუხისმგებელია პაციენტისათვის გაწეულ სამედიცინო მომსახურებაზე;

ბ) რეზიდენტს, მხოლოდ ამ კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებულ სამედიცინო დაწესებულებაში, რეზიდენტურის სასწავლო პროგრამის ფარგლებში, ამისათვის სპეციალურად გამოყოფილი ექიმი სპეციალისტის ხელმძღვანელობითა და მეთვალყურეობით, რომელიც პასუხისმგებელია პაციენტისათვის გაწეულ სამედიცინო მომსახურებაზე, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

გ) უმცროს ექიმს.

3. პირს, რომელმაც რეზიდენტურაში პროფესიული მომზადების დაწყებამდე მიიღო სახელმწიფო სერტიფიკატი, რეზიდენტურაში მომზადების პერიოდში უფლება აქვს განახორციელოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა მხოლოდ სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრულ საექიმო სპეციალობაში.

4. რეზიდენტურის სასწავლო პროგრამის ფარგლებში რეზიდენტს არა აქვს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პაციენტს აღენიშნება სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა ან ესაჭიროება გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება და შეუძლებელია დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის დროულად მოძებნა.

5. უმცროს ექიმს არა აქვს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პაციენტს აღენიშნება სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა ან ესაჭიროება გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება და შეუძლებელია დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის დროულად მოძებნა.

6. უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის სტუდენტს არა აქვს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პაციენტს აღენიშნება სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა ან ესაჭიროება გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება და შეუძლებელია დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის დროულად მოძებნა.

    მუხლი 15. რეზიდენტურა

1. კლინიკურ სპეციალობაში რეზიდენტურის კურსის გავლა დასაშვებია მხოლოდ საუნივერსიტეტო კლინიკაში ან სამინისტროს მიერ განსაზღვრულ სამედიცინო დაწესებულებაში.

2. პროფილაქტიკური მედიცინის სპეციალობაში რეზიდენტურის კურსის გავლა დასაშვებია უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის შესაბამის კათედრაზე, სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ან სამინისტროს მიერ განსაზღვრულ სამედიცინო დაწესებულებაში.

3. სამინისტრო ექიმთა პროფესიულ ასოციაციებთან ერთად განსაზღვრავს რეზიდენტურის პროგრამით გათვალისწინებული კურსის მოცულობასა და ხანგრძლივობას.

4. იმ პირს, რომლის ექიმად მუშაობის სტაჟი შესაბამის საექიმო სპეციალობაში რეზიდენტურის პროგრამის ხანგრძლივობაზე ნაკლებია, უმაღლესის შემდგომი პროფესიული მომზადებისას ამ საექიმო სპეციალობაში მუშაობის სტაჟი რეზიდენტურის კურსის ხელმძღვანელის შეხედულებით შეიძლება ჩაეთვალოს რეზიდენტურის კურსის შემადგენელ ნაწილად.

    მუხლი 16. ექიმის ფუნქციის შესრულება კლინიკურ ასპირანტურაში სწავლის პერიოდში

1. კლინიკურ ასპირანტურაში სწავლის პერიოდში ასპირანტს, თუ მანამდე არ ჰქონდა მიღებული საექიმო სპეციალობაში სახელმწიფო სერტიფიკატი, უფლება აქვს შეასრულოს ექიმის ფუნქცია შესაბამის საექიმო სპეციალობაში რეზიდენტურის კურსის პროგრამით, ამ კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

2. კლინიკურ ასპირანტურაში სწავლა გათანაბრებულია შესაბამის საექიმო სპეციალობაში რეზიდენტურაში მომზადებასთან. თუ რეზიდენტურაში მომზადების ვადა აღემატება ასპირანტურაში სწავლის ხანგრძლივობას, ასპირანტურაში სწავლის წლები ჩაითვლება რეზიდენტურის ხანგრძლივობის შემადგენელ ნაწილად.

3. პირს, რომელმაც კლინიკურ ასპირანტურაში სწავლის დაწყებამდე მიიღო სახელმწიფო სერტიფიკატი, კლინიკურ ასპირანტურაში სწავლის პერიოდში უფლება აქვს განახორციელოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრული საექიმო სპეციალობით.

    მუხლი 17. უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის ახალკურსდამთავრებული, დიპლომის მქონე პირის უფლებები

უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის ახალკურსდამთავრებულ, დიპლომის მქონე პირს უფლება აქვს:

ა) გაიაროს რეზიდენტურის კურსი და უნიფიცირებული სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემდეგ მიიღოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება;

ბ) განახორციელოს კვლევითი და პედაგოგიური საქმიანობა მედიცინის თეორიულ დარგებში ან ჯანმრთელობის დაცვის სხვა სფეროში, რომელიც არ გულისხმობს დამოუკიდებელ საექიმო საქმიანობას;

გ) იმუშაოს უმცროს ექიმად.

 

თავი III

 სახელმწიფო სერტიფიკატი

    მუხლი 18. სერტიფიცირება

1. სერტიფიცირება მოიცავს:

ა) საექიმო პერსონალის პროფესიული ცოდნის დონისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეფასებას;

ბ) საექიმო პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის სახელმწიფო სერტიფიკატით გათვალისწინებულ პროფესიულ საქმიანობასთან შესაბამისობის განსაზღვრას.

2. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მისაღებად ყველა იმ საექიმო სპეციალობაში, რომელიც სამინისტროს მიერ შეტანილია ამ კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ნუსხით გათვალისწინებულ საექიმო სპეციალობებში, აუცილებელია სერტიფიცირება, გარდა ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული შემთხვევებისა.

    მუხლი 19. სახელმწიფო სერტიფიკატი

1. სახელმწიფო სერტიფიკატი:

ა) არის დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობა;

ბ) განსაზღვრავს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის ფარგლებსა და ვადას.

2. სახელმწიფო სერტიფიკატი სავალდებულოა მხოლოდ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობისათვის.

3. სახელმწიფო სერტიფიკატის ფორმას განსაზღვრავს სამინისტრო შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. აკრძალულია ამავე აქტით დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის უფლებების შეზღუდვა, ამ კანონით გათვალისწინებულის გარდა სხვა ინფორმაციის ან ხარჯების გაწევის მოთხოვნა.

4. სახელმწიფო სერტიფიკატი არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, რომელსაც აქვს სერია, ნომერი და დაცვის სხვა ნიშნები.

5. სახელმწიფო სერტიფიკატის სხვა პირისათვის გადაცემა აკრძალულია.

6. სახელმწიფო სერტიფიკატი ვადაზე ადრე უქმდება მისი გამცემი ორგანოს გადაწყვეტილებით:

ა) სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ მისი გარდაცვლილად გამოცხადების შემთხვევაში;

ბ) სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

    მუხლი 20. სახელმწიფო სერტიფიკატის გამცემი ორგანო

1. სახელმწიფო სერტიფიკატის გამცემი ორგანოა სახელმწიფო სერტიფიკატის მიმნიჭებელი საბჭო (შემდგომში– საბჭო).

2. საბჭო იქმნება სამინისტროსთან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით.

3. საბჭოს თავმჯდომარეა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.

4. საბჭოს შემადგენლობაში შედიან:

ა) სამინისტროს წარმომადგენლები;

ბ) უმაღლეს სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებათა წარმომადგენლები;

გ) იმ სახელმწიფო უწყებათა წარმომადგენლები, რომლებსაც აქვთ სამედიცინო სამსახური;

დ) ექიმთა პროფესიულ ასოციაციათა წარმომადგენლები;

ე) საზოგადოებრიობის წარმომადგენლები;

ვ) სამედიცინო დაწესებულებათა წარმომადგენლები.

5. საბჭოს მუშაობა რეგულირდება ამ კანონითა და „უმაღლესი და საშუალო სამედიცინო პერსონალისათვის სახელმწიფო სერტიფიკატის მიმნიჭებელი საბჭოს“ დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს სამინისტრო ექიმთა პროფესიულ ასოციაციებთან ერთად.

6. საბჭოს დებულებას ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.

7. საბჭო:

ა) ამტკიცებს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის პროგრამას, გამოსაცდელის ცოდნის შეფასების კრიტერიუმებს, გამოცდის ჩატარების წესს, გრაფიკსა და ადგილს;

ბ) სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე უმაღლეს სამედიცინო სასწავლებლებთან და ექიმთა პროფესიულ ასოციაციებთან ერთად ქმნის საგამოცდო კომისიებს შესაბამის საექიმო სპეციალობებში;

გ) განიხილავს და ამტკიცებს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგებს;

დ) განსაზღვრავს უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისათვის ამ კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების განხორციელების მექნიზმს.

    მუხლი 21. სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემის საფუძველი

1. ექიმი სპეციალისტის სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემის საფუძველია:

ა) სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებლის წერილობითი განცხადება, რომელიც შეიცავს განმცხადებლის სახელს, გვარს, დაბადების ადგილსა და თარიღს, საცხოვრებელი ადგილის მისამართს, მოქალაქეობას, სამსახურის (თუ განმცხადებელი მუშაობს) მისამართს, აგრეთვე მითითებას, თუ რომელი საექიმო სპეციალობით აპირებს მაძიებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მიღებას;

ბ) უმაღლესი სამედიცინო საგანმანათლებლო ცენზის დამადასტურებელი სახელმწიფო საგანმანათლებლო სერტიფიკატის ასლი;

გ) შესაბამის საექიმო სპეციალობაში რეზიდენტურის კურსის გავლის ან ამავე საექიმო სპეციალობით მუშაობის დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობა; ამასთან, მუშაობის სტაჟი არ უნდა იყოს შესაბამის საექიმო სპეციალობაში რეზიდენტურის ხანგრძლივობაზე ნაკლები;

დ) რეზიდენტურის კურსის ხელმძღვანელის წარდგინება-რეკომენდაცია ან იმ სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინება-რეკომენდაცია, სადაც სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელი მუშაობდა;

ე) შესაბამის საექიმო სპეციალობაში სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი მოწმობა;

ვ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომლის ფორმასაც განსაზღვრავს სამინისტრო;

ზ) ამონაწერი შრომის წიგნაკიდან, თუ სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს ასეთი გააჩნია;

თ) სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებლის მიერ შესაბამის საექიმო სპეციალობაში ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩატარებულ სამუშაოთა აღწერა;

ი) სასერტიფიკაციო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

2. საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისათვის, რომელმაც რეზიდენტურის კურსი გაიარა ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ნუსხით გათვალისწინებულ ქვეყანაში და მიიღო დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობა, საქართველოში იმავე საექიმო სპეციალობით (სპეციალობებით) მუდმივი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მიღების საფუძველია:

ა) სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებლის წერილობითი განცხადება, რომელიც შეიცავს განმცხადებლის სახელს, გვარს, დაბადების ადგილსა და თარიღს, საცხოვრებელი ადგილის მისამართს, მოქალაქეობას, სამსახურის (თუ განმცხადებელი მუშაობს) მისამართს; აგრეთვე მითითებას, თუ რომელი საექიმო სპეციალობით აპირებს მაძიებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მიღებას;

ბ) უმაღლესი სამედიცინო საგანმანათლებლო ცენზის დამადასტურებელი სახელმწიფო საგანმანათლებლო სერტიფიკატის ასლი;

გ) შესაბამის საექიმო სპეციალობაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობა, რომელიც გაცემულია ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ნუსხით გათვალისწინებულ ქვეყანაში.

3. საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისათვის, რომელმაც რეზიდენტურის კურსი გაიარა ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული ნუსხით გათვალისწინებულ ქვეყანაში, საქართველოში იმავე საექიმო სპეციალობით (სპეციალობებით) სახელმწიფო სერტიფიკატის მიღების საფუძველია:

ა) სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებლის წერილობითი განცხადება, რომელიც შეიცავს განმცხადებლის სახელს, გვარს, დაბადების ადგილსა და თარიღს, საცხოვრებელი ადგილის მისამართს, მოქალაქეობას, სამსახურის (თუ განმცხადებელი მუშაობს) მისამართს, აგრეთვე მითითებას, თუ რომელი საექიმო სპეციალობით აპირებს მაძიებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მიღებას;

ბ) უმაღლესი სამედიცინო საგანმანათლებლო ცენზის დამადასტურებელი სახელმწიფო საგანმანათლებლო სერტიფიკატის ასლი;

გ) შესაბამის საექიმო სპეციალობაში რეზიდენტურის კურსის გავლის დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობა, რომელიც გაცემულია ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული ნუსხით გათვალისწინებულ ქვეყანაში;

დ) სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობა.

საქართველოს 2001 წლის 26 ოქტომბრის კანონი №1135-სსმI, №33, 10.11.2001წ., მუხ . 133

 

    მუხლი 22. სახელმწიფო სერტიფიკატის მისაღებად წარდგენილი საბუთების განხილვა

1. საბჭო წარდგენილი საბუთების განხილვის შედეგების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემის შესახებ ან სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე.

2. საბჭო ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებლის მიერ განცხადების წარდგენიდან 30 დღეში.

3. საბჭო ვალდებულია წარდგენილი საბუთების განხილვის შედეგები აცნობოს სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღეში.

4. თუ სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს 40 დღეში არ გაეგზავნა შეტყობინება სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემაზე თანხმობის ან სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, მას უფლება აქვს ამ ვადის გასვლისთანავე შეუდგეს განცხადებაში აღნიშნულ საქმიანობას.

    მუხლი 23. უარი სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემაზე

1. საბჭოს უფლება აქვს უარი უთხრას სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემაზე, თუ:

ა) სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებლის მიერ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ამ კანონის მოთხოვნებს;

ბ) სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელი ითხოვს სახელმწიფო სერტიფიკატს იმ საქმიანობისათვის, რომლის უფლებაც მას უკვე ჩამოართვა სასამართლომ;

გ) სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს შეჩერებული აქვს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება და არ არის აღმოფხვრილი შეჩერების საფუძველი.

2. სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში საბჭო ვალდებულია სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს წერილობით აცნობოს ამ გადაწყვეტილების საფუძველი.

3. აკრძალულია სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტთა რაოდენობის შეზღუდვის მოტივით.

4. სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს სასამართლოს.

    მუხლი 24. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დაწყების შესახებ შეტყობინების ვალდებულება

1. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია პროფესიული საქმიანობის დაწყების შესახებ წერილობითი შეტყობინება გაუგზავნოს საბჭოს საქმიანობის დაწყებიდან არა უგვიანეს 10 დღისა, სამსახურის მისამართის ჩვენებით.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში საბჭოს უფლება აქვს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს მისცეს წერილობითი გაფრთხილება.

3. საბჭო ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან 3 დღეში გასცეს მისი მიღების დამადასტურებელი საბუთი.

    მუხლი 25. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადა

1. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადაა 5 წელი მისი გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან. ამ ვადის გასვლის შემდეგ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტმა ხელახლა უნდა გაიაროს სერტიფიცირება ამ კანონით დადგენილი წესით.

2. სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრულ საექიმო საქმიანობას მისი მფლობელი ახორციელებს საბჭოს მიერ სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან.

    მუხლი 26. სახელმწიფო სასერტიფიკაციო რეესტრი

1. სახელმწიფო სასერტიფიკაციო რეესტრის წარმოება არის სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემის, მისი მოქმედების შეჩერების, განახლების, გაუქმების, ასლის გაცემის შესახებ არსებულ მონაცემთა სრული და ერთიანი ბაზის შექმნის საფუძველი.

2. სახელმწიფო სასერტიფიკაციო რეესტრს აწარმოებს საბჭო.

3. სახელმწიფო სასერტიფიკაციო რეესტრში შეიტანება:

ა) მონაცემები სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის შესახებ (სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, მოქალაქეობა, სამსახურის მისამართი (სახელმწიფო ან კერძო სამედიცინო დაწესებულებაში შეთავსების მითითებით);

ბ) სახელმწიფოს მიერ სერტიფიცირებული საქმიანობის სახე (სახეები);

გ) სახელმწიფო სერტიფიკატის ნომერი და გაცემის თარიღი;

დ) მონაცემები სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების, განახლების, გაუქმების, ასლის გაცემის შესახებ;

ე) საბჭოს იურიდიული მისამართი და სახელმწიფო სერტიფიკატზე ხელმომწერი პირის ვინაობა.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით მითითებული მონაცემები სახელმწიფო სასერტიფიკაციო რეესტრში საბჭოს შეაქვს გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღეში.

5. ნებისმიერ პირს აქვს უფლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაეცნოს და წერილობით მიიღოს სახელმწიფო სასერტიფიკაციო რეესტრში შეტანილი მონაცემები.

    მუხლი 27. სახელმწიფო სერტიფიკატის ასლი

1. თუ სახელმწიფო სერტიფიკატი დაიკარგა ან დაზიანდა, მისი მფლობელი განცხადებით მიმართავს სამინისტროს ასლის გაცემის თაობაზე.

2. სახელმწიფო სერტიფიკატის ასლს საბჭო გასცემს განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 2 კვირისა.

3. სახელმწიფო სერტიფიკატის ასლის გაცემისას საბჭოს სახელმწიფო სასერტიფიკაციო რეესტრში შეაქვს შესაბამისი ცვლილება.

4. სახელმწიფო სერტიფიკატის ასლს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც დედანს.

    მუხლი 28. სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდა

1. სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდა ერთიანი და უნიფიცირებულია მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე.

2. ექიმი სპეციალისტის სახელმწიფო სერტიფიკატის მისაღებად სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაიშვება პირი, რომელსაც:

ა) საქართველოში დასრულებული აქვს რეზიდენტურის კურსი შესაბამისი საექიმო სპეციალობით და წარადგინა სათანადო მოწმობა;

ბ) აქვს შესაბამისი საექიმო სპეციალობით მუშაობის სტაჟი, რომლის ხანგრძლივობაც არ არის ამ სპეციალობაში რეზიდენტურის კურსის ხანგრძლივობაზე ნაკლები;

გ) დასრულებული აქვს შესაბამის საექიმო სპეციალობაში კლინიკური ასპირანტურის კურსი, რომლის ხანგრძლივობაც არ არის ამ სპეციალობაში რეზიდენტურის კურსის ხანგრძლივობაზე ნაკლები;

დ) ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ერთ-ერთ უცხო ქვეყანაში გავლილი აქვს რეზიდენტურის კურსი შესაბამისი საექიმო სპეციალობით და წარადგინა სათანადო მოწმობა.

3. სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში პირს აქვს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე განმეორებითი გასვლის უფლება მომდევნო ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდებს შორის 6-თვიანი ინტერვალით.

თავი IV

 სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ახალი ვადით გაგრძელება

    მუხლი 29. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ახალი ვადით გაგრძელება

1. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ახალი ვადით გაგრძელება ხდება 5 წლით, ამ კანონით დადგენილი წესით.

2. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ახალი ვადით გაგრძელებისათვის ამ კანონით განსაზღვრული ღონისძიებების მიზანია დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მიერ პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების, ახალი პროფესიული სტანდარტების, მეთოდებისა და ტექნოლოგიების ათვისების დადასტურება.

3. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ახალი ვადით გაგრძელება ამ კანონით დადგენილი წესით დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების შენარჩუნებისათვის აუცილებელია ყველა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მქონე სუბიექტისათვის, დაკავებული თანამდებობის, სამეცნიერო ხარისხისა და აკადემიური წოდების მიუხედავად.

    მუხლი 30. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ახალი ვადით გაგრძელებისათვის საჭირო ღონიძიებების ჩამტარებელი ორგანო

1. უწყვეტი სამედიცინო განათლებისთვის აუცილებელი ღონისძიებების მომზადებისა და ჩატარების მიზნით სამინისტრო ქმნის დიპლომისშემდგომი და უწყვეტი სამედიცინო განათლების საბჭოს.

2. დიპლომისშემდგომი და უწყვეტი სამედიცინო განათლების საბჭოს დებულებას ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.

3. დიპლომისშემდგომი და უწყვეტი სამედიცინო განათლების საბჭოში შედიან უმაღლეს სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებათა, ექიმთა დარგობრივი პროფესიული ასოციაციებისა და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების, სამედიცინო და სამედიცინო-სამეცნიერო დაწესებულებათა და სამინისტროს წარმომადგენლები.

    მუხლი 31. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ახალი ვადით გაგრძელების პირობები

1. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ახალი ვადით გაგრძელების პირობებია სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება ან კრედიტსაათების კატეგორიების მიხედვით უწყვეტი სამედიცინო განათლების კრედიტსაათების დადგენილი ოდენობით დაგროვება.

2. სახელმწიფო სერტიფიკატის ახალი ვადით გასაგრძელებლად დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის დააგროვებს უწყვეტი სამედიცინო განათლების კრედიტსაათების მინიმალურ ოდენობას.

3. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებული კრედიტსაათების ოდენობებს კატეგორიების მიხედვით განსაზღვრავს სამინისტრო.

4. ამ კანონის 99-ე მუხლით გათვალისწინებული ვადის დადგომიდან დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ირჩევს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობებიდან ერთ-ერთს, სურვილისამებრ.

    მუხლი 32. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ახალი ვადით გაგრძელების საფუძველი

1. სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარებით სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ახალი ვადით გაგრძელების საფუძველია:

ა) სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებლის წერილობითი განცხადება;

ბ) სახელმწიფო სერტიფიკატი;

გ) შესაბამის საექიმო სპეციალობაში სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის განმეორებით ჩაბარების დამადასტურებელი მოწმობა;

დ) ამონაწერი შრომის წიგნაკიდან, თუ სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს ასეთი გააჩნია;

ე) სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებლის მიერ შესაბამის საექიმო სპეციალობაში ჩატარებული სამუშაოს აღწერა;

ვ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, რომლის ფორმას განსაზღვრავს სამინისტრო.

2. უმაღლესისშემდგომი უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში მონაწილეობით სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ახალი ვადით გაგრძელების საფუძველია:

ა) სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებლის წერილობითი განცხადება;

ბ) სახელმწიფო სერტიფიკატი;

გ) უმაღლესისშემდგომი უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში მონაწილეობა სამინისტროს მიერ დადგენილი კრიტერიუმებით;

დ) ამონაწერი შრომის წიგნაკიდან, თუ სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს ასეთი გააჩნია;

ე) სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებლის მიერ შესაბამის საექიმო სპეციალობაში ჩატარებული სამუშაოს აღწერა;

ვ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, რომლის ფორმას განსაზღვრავს სამინისტრო.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ სისტემაში მონაწილეობის დამადასტურებელი საბუთის ფორმა განისაზღვრება სამინისტროს ნორმატიული აქტით.

    მუხლი 33. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ახალი ვადით გაგრძელებისათვის წარდგენილი საბუთების განხილვა

1. საბჭო ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ახალი ვადით გაგრძელების შესახებ, სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებლის მიერ განცხადების წარდგენიდან 4 კვირის ვადაში.

2. საბჭო წარდგენილი საბუთების განხილვის შედეგების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ახალი ვადით გაგრძელების შესახებ ამ კანონით დადენილი წესით ან სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ახალი ვადით გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ.

3. სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს უფლება აქვს გააგრძელოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა საბჭოში წარდგენილი საბუთების განხილვის პერიოდში.

4. საბჭო არ განიხილავს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ახალი ვადით გაგრძელებისათვის წარდგენილ საბუთებს, თუ:

ა) სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს შეუჩერდა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება და არ არის აღმოფხვრილი შეჩერების საფუძველი;

ბ) საბჭოს მიერ სასამართლოს წინაშე აღძრულია შუამდგომლობა სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმების შესახებ.

    მუხლი 34. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ახალი ვადით გაგრძელებისათვის წარდგენილი საბუთების განხილვის შედეგების შეტყობინება

1. საბჭო სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ახალი ვადით გაგრძელებისათვის წარდგენილი საბუთების განხილვის შედეგებს ატყობინებს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში.

2. თუ სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ვადაში არ გაეგზავნა შეტყობინება სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ახალი ვადით გაგრძელებაზე თანხმობის ან უარის თქმის შესახებ, მას უფლება აქვს გააგრძელოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა.

    მუხლი 35. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ახალი ვადით გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების შეტანა სახელმწიფო სასერტიფიკაციო რეესტრში

1. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ახალი ვადით გაგრძელების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სახელმწიფო სერტიფიკატში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა.

2. საბჭოს მონაცემები სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ახალი ვადით გაგრძელების თაობაზე შეაქვს სახელმწიფო სასერტიფიკაციო რეესტრში გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში.

    მუხლი 36. უარი სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ახალი ვადით გაგრძელებაზე

1. საბჭოს უფლება აქვს უარი უთხრას სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ახალი ვადით გაგრძელებაზე, თუ:

ა) წარდგენილი საბუთები არ აკმაყოფილებს ამ კანონის მოთხოვნებს;

ბ) სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელი ითხოვს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ახალი ვადით გაგრძელებას იმ საქმიანობაზე, რომლის უფლება მას უკვე ჩამოართვა სასამართლომ.

2. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ახალი ვადით გაგრძელებაზე უარის თქმის შემთხვევაში საბჭო ვალდებულია სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს წერილობით აცნობოს სახელმწიფო სერტიფიკატის ახალი ვადით გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.

3. აკრძალულია სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ახალი ვადით გაგრძელებაზე უარის თქმა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტთა რაოდენობის შეზღუდვის მოტივით.

4. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ახალი ვადით გაგრძელებაზე უარის თქმის შემთხვევაში სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 37. ახალი ვადით გაგრძელებული სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერება, განახლება ან გაუქმება

სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ახალი ვადით გაგრძელების შემდეგ მისი მოქმედების შეჩერების, განახლების ან გაუქმების პირობები განისაზღვრება ამ კანონის 77–79-ე მუხლებით დადგენილი წესით.

თავი V

 დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მოვალეობა პაციენტის მიმართ

    მუხლი 38. ძირითადი პრინციპები

დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი პროფესიული მოვალეობის აღსრულებისას უნდა:

ა) პაციენტებსა და საზოგადოებაში პირადი მაგალითით ამკვიდრებდეს ჯანსაღი ცხოვრების წესს;

ბ) ხელმძღვანელობდეს მხოლოდ პროფესიული სტანდარტებით, ჰუმანიზმის პრინციპებით, საქართველოს კანონმდებლობით, პატივს სცემდეს პაციენტის ღირსებას, აღმსარებლობასა და ტრადიციებს;

გ) მაქსიმალურად ითვალისწინებდეს პაციენტის ჯანმრთელობის ინტერესებს;

დ) იყოს უანგარო, პროფესიული გადაწყვეტილებების მიღებისას – თავისუფალი და დამოუკიდებელი;

ე) პირუთვნელად ასრულებდეს ექიმის ფიცს.

    მუხლი 39. პაციენტისათვის ინფორმაციის მიწოდება

1. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია პაციენტს მისთვის მისაღები ფორმით მიაწოდოს სრული, ობიექტური, დროული და გასაგები ინფორმაცია:

ა) მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მათ შორის:

ა.ა) განზრახული პროფილაქტიკური, დიაგნოსტიკური, სამკურნალო და სარეაბილიტაციო ჩარევებისა და ალტერნატიული ვარიანტების, თანმხლები რისკისა და ეფექტიანობის შესახებ;

ა.ბ) სამედიცინო გამოკვლევების შედეგების შესახებ;

ა.გ) განზრახულ სამედიცინო ჩარევაზე განცხადებული უარის მოსალოდნელი შედეგების შესახებ;

ა.დ) დიაგნოზისა და სავარაუდო პროგნოზის, აგრეთვე მკურნალობის მიმდინარეობის შესახებ;

ბ) ჯანმრთელობის შენარჩუნების ხელშემწყობი ან უარყოფითი ზეგავლენის მომხდენი ფაქტორების შესახებ;

გ) პაციენტისათვის საჭირო სამედიცინო მომსახურების არსებული სახეებისა და მათი გამოყენების შესაძლებლობათა შესახებ, აგრეთვე გაწეული თუ განზრახული სამედიცინო მომსახურების საფასურისა და მისი ანაზღაურების წესის თაობაზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციას დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი აწვდის პაციენტს მხოლოდ მისი თანხმობით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ინფორმაციის მიუწოდებლობამ შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს პაციენტის ან/და მესამე პირის ჯანმრთელობას ან/და სიცოცხლეს.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციას დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი არ აწვდის პაციენტს, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ინფორმაციის მიწოდება სერიოზულ ზიანს მიაყენებს პაციენტის ჯანმრთელობას. გადაწყვეტილებას ინფორმაციის მიუწოდებლობის შესახებ ადასტურებს სამედიცინო ეთიკის კომისია, ხოლო მისი არარსებობისას - მეორე დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი. თუ პაციენტი დაჟინებით მოითხოვს ინფორმაციის მიღებას, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია მიაწოდოს მას ეს ინფორმაცია.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის პაციენტისათვის მიუწოდებლობის შემთხვევაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში შეიტანოს შესაბამისი ჩანაწერი, რომელშიც მითითებული იქნება ინფორმაციის მიუწოდებლობის საფუძველი.

    მუხლი 40. ინფორმაციის მიწოდება ქმედუუნარო ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე ან/და გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარს მოკლებული პაციენტისათვის

თუ პაციენტი არის ქმედუუნარო ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე ან/და გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარს მოკლებული, აგრეთვე თუ პაციენტს სხვა რამ არ აქვს განცხადებული წარსულში, როცა ის ქმედუნარიანი იყო ან/და ჰქონდა გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი, ამ კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციას დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი აწვდის პაციენტის ნათესავს ან კანონიერ წარმომადგენელს.

    მუხლი 41. სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული ინფორმაციის გაცნობა პაციენტისათვის, მისი ნათესავისათვის ან კანონიერი წარმომადგენლისათვის

1. საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია პაციენტს, ხოლო მისი ქმედუუნარობის ან შეზღუდული ქმედუნარიანობის ან/და გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში პაციენტის ნათესავს ან კანონიერ წარმომადგენელს, პაციენტის მოთხოვნით, გააცნოს მის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული ინფორმაცია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, დიაგნოსტიკური გამოკვლევების შედეგების, მკურნალობასა და მოვლასთან დაკავშირებული მონაცემების, სხვა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მიერ ჩატარებული კონსულტაციის ამსახველი ჩანაწერების ჩათვლით.

2. ამ კანონის 39-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს უფლება აქვს არ გააცნოს ქმედუნარიან პაციენტს მის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული ინფორმაცია ან შეზღუდოს მისი მოცულობა, ხოლო თუ პაციენტი დაჟინებით მოითხოვს მის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული ინფორმაციის გაცნობას, საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია გააცნოს მას ეს ინფორმაცია.

3. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს მხოლოდ პაციენტის თანხმობით აქვს უფლება, გააცნოს ქმედუნარიანი ან/და გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის მქონე პაციენტის ნათესავს ან კანონიერ წარმომადგენელს პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია.

    მუხლი 42. შესწორების, დამატების ან განმარტების შეტანა სამედიცინო დოკუმენტაციაში

1. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია პაციენტის დასაბუთებული მოთხოვნით შეიტანოს შესწორება, დამატება ან განმარტება პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში, აგრეთვე განაახლოს პირადი ცხოვრებისა და სამედიცინო მონაცემები.

2. თუ პაციენტი არის ქმედუუნარო ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე ან/და გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარს მოკლებული, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია პაციენტის ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის დასაბუთებული მოთხოვნით შეიტანოს პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული შესწორება, დამატება ან განმარტება.

3. საექიმო საქმიანობის სუბიექტს უფლება აქვს პაციენტის, მისი ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის მოთხოვნით არ შეცვალოს სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული ინფორმაცია, თუ მისი დაფიქსირების აუცილებლობა საქართველოს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული.

    მუხლი 43. პაციენტისათვის დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის ვინაობისა და პროფესიული სტატუსის გაცნობის ვალდებულება

დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია ქმედუნარიან ან/და გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის მქონე პაციენტს სამედიცინო მომსახურების გაწევამდე გააცნოს თავისი ვინაობა და პროფესიული სტატუსი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა ან/და გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების აუცილებლობა, რაც არ იძლევა ზემოხსენებულის განხორციელების შესაძლებლობას.

    მუხლი 44. ინფორმირებული თანხმობა

1. სამედიცინო მომსახურების გაწევამდე დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია მიიღოს პაციენტის ზეპირი ან წერილობითი ინფორმირებული თანხმობა განზრახულ სამედიცინო ჩარევაზე.

2. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია მიიღოს წერილობითი ინფორმირებული თანხმობა შემდეგი სამედიცინო ჩარევების წინ:

ა) ნებისმიერი ქირურგიული ოპერაცია (გარდა მცირე ქირურგიული მანიპულაციებისა);

ბ) აბორტი;

გ) სისხლძარღვების კათეტერიზაცია (გარდა პერიფერიული ვენების კათეტერიზაციისა);

დ) ჰემოდიალიზი და პერიტონეული დიალიზი;

ე) ხელოვნური განაყოფიერება;

ვ) ქირურგიული კონტრაცეფცია – სტერილიზაცია;

ზ) გენეტიკური ტესტირება;

თ) გენური თერაპია;

ი) სხივური თერაპია;

კ) ავთვისებიანი სიმსივნეების ქიმიოთერაპია.

    მუხლი 45. ქმედუუნარო ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე ან/და გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარს მოკლებული პაციენტისათვის სამედიცინო მომსახურების გაწევის უფლება

1. ქმედუუნარო ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე ან/და გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარს მოკლებული პაციენტისათვის სამედიცინო მომსახურების გაწევის უფლება დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს აქვს მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც მიიღებს პაციენტის ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის წერილობით ინფორმირებულ თანხმობას.

2. თუ არსებობს სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა ან ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი გაუარესების ან/და ინვალიდობის რისკი, რის გამოც აუცილებელია გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გაწევა ქმედუუნარო ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე ან/და გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარს მოკლებული პაციენტისათვის, მაგრამ ვერ ხერხდება პაციენტის ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის მოძებნა, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი სამედიცინო მომსახურების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პაციენტის ჯანმრთელობის ინტერესების გათვალისწინებით.

3. თუ არსებობს სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა, რომელიც საჭიროებს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გაწევას ქმედუუნარო ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე ან/და გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარს მოკლებული პაციენტისათვის, მაგრამ პაციენტის ნათესავი ან კანონიერი წარმომადგენელი სამედიცინო მომსახურების გაწევის წინააღმდეგია, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი სამედიცინო მომსახურების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პაციენტის ჯანმრთელობის ინტერესების გათვალისწინებით.

4. თუ პაციენტის ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ქმედუუნარო ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე ან/და გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარს მოკლებული პაციენტის ჯანმრთელობის ინტერესებს, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს უფლება აქვს ეს გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლოში და მოითხოვოს პაციენტისათვის შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გაწევის ნებართვა.

    მუხლი 46. პაციენტის უარი სამედიცინო მომსახურების გაწევაზე და სამედიცინო მომსახურების შეწყვეტა

1. თუ ქმედუნარიანი ან/და გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის მქონე პაციენტი უარს აცხადებს სამედიცინო მომსახურების გაწევაზე ან მოითხოვს უკვე დაწყებული სამედიცინო მომსახურების შეწყვეტას, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია მიაწოდოს პაციენტს ამომწურავი ინფორმაცია მოსალოდნელი შედეგების შესახებ. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს პაციენტი, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. თუ მშობიარე უარს აცხადებს ისეთი სამედიცინო მომსახურების გაწევაზე, რომელიც აუცილებელია ცოცხალი ნაყოფის დაბადებისათვის და ეს მომსახურება მშობიარის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის მინიმალური რისკის მატარებელია, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი სამედიცინო მომსახურების გაწევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ნაყოფის ინტერესებიდან გამომდინარე.

    მუხლი 47. პაციენტის მონაწილეობა სამედიცინო განათლებისა და სამედიცინო-ბიოლოგიური კვლევის პროცესში

1. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია პაციენტისაგან მიიღოს სამედიცინო განათლების პროცესში მონაწილეობაზე ზეპირი ინფორმირებული თანხმობა, ხოლო სამედიცინო-ბიოლოგიური კვლევის პროცესში მონაწილეობაზე - წერილობითი ინფორმირებული თანხმობა.

2. თუ პაციენტი არის ქმედუუნარო ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე ან/და გაცნობიერებული გადაწყვეტილების უნარს მოკლებულია, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი იღებს პაციენტის ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის წერილობით ინფორმირებულ თანხმობას სამედიცინო განათლების ან სამედიცინო-ბიოლოგიური კვლევის პროცესში პაციენტის ჩართვაზე.

    მუხლი 48. ინფორმაციის კონფიდენციალობა

1. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, დაიცვას პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალობა როგორც საექიმო საქმიანობის განხორციელებისას, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ, როგორც პაციენტის სიცოცხლეში, ისე მისი სიკვდილის შემდეგ.

2. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს უფლება აქვს გაამჟღავნოს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და პირადი ცხოვრების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია, თუ:

ა) პაციენტი აძლევს ინფორმაციის გამჟღავნების უფლებას;

ბ) ინფორმაციის გაუმჟღავნებლობა საფრთხეს უქმნის მესამე პირის (რომლის ვინაობაც ცნობილია) ჯანმრთელობას ან/და სიცოცხლეს;

გ) თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი სავალდებულო აღრიცხვას დაქვემდებარებულ დაავადებაზე;

დ) ინფორმაცია მიეწოდება სამედიცინო მომსახურების მონაწილე სხვა სამედიცინო პერსონალს;

ე) ინფორმაციის გამჟღავნება აუცილებელია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზისათვის;

ვ) ინფორმაციის გამჟღავნებას, სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მოითხოვენ სამართალდამცველი ორგანოები;

ზ) ინფორმაცია მიეწოდება სახელმწიფო ორგანოებს პაციენტისათვის სოციალური შეღავათების დაწესების მიზნით. ამ შემთხვევაში აუცილებელია ინფორმაციის გამჟღავნებაზე პაციენტის თანხმობა;

თ) სასწავლო-სამეცნიერო მიზნით ინფორმაციის გამოყენებისას მონაცემები ისეა წარმოდგენლი, რომ შეუძლებელია პიროვნების იდენტიფიკაცია.

    მუხლი 49. პაციენტის ოჯახურ და პირად ცხოვრებაში ჩარევა

დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს უფლება აქვს ჩაერიოს პაციენტის ოჯახურ და პირად ცხოვრებაში, თუ:

ა) ჩარევა აუცილებელია პაციენტის დაავადების დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და მოვლისათვის. ამ შემთხვევაში საჭიროა პაციენტის თანხმობა;

ბ) ჩაურევლობა სერიოზულ საფრთხეს უქმნის პაციენტის ოჯახის წევრების ჯანმრთელობას ან/და სიცოცხლეს.

    მუხლი 50. სამედიცინო მომსახურების გადაბარება სხვა სამედიცინო პერსონალისათვის

1. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს უფლება აქვს პაციენტის სამედიცინო მომსახურება გადააბაროს სხვა სამედიცინო პერსონალს, თუ:

ა) იმ სამედიცინო პერსონალს, რომელსაც გადააბარა პაციენტის სამედიცინო მომსახურება, მიაწოდა სრული ინფორმაცია პაციენტისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების შესახებ;

ბ) სამედიცინო მომსახურების გაგრძელება შესაძლებელია პაციენტისათვის სამედიცინო მომსახურების გასაწევად აუცილებელი დროის განმავლობაში;

გ) უზრუნველყოფილია სამედიცინო მომსახურების უსაფრთხოება და ხარისხი.

2. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს უფლება აქვს გადააბაროს პროფესიული საქმიანობისას შესასრულებელი ამოცანა სხვა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს ან სასწავლო მიზნით ექიმის ფუნქციის შემსრულებელს, რომელსაც არ გააჩნია საამისოდ აუცილებელი ოფიციალური დოკუმენტი, თუ ის დარწმუნებულია, რომ სამედიცინო პერსონალს, რომელსაც დაავალა სამუშაოს შესრულება, აქვს სათანადო ცოდნა და პროფესიული უნარ-ჩვევები. ასეთ შემთხვევებში სამედიცინო მომსახურების ხარისხზე პასუხისმგებელია გადამბარებელი.

    მუხლი 51. სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელობისათვის ინფორმაციის მიწოდება პაციენტის ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების ან ასეთის რისკის შესახებ

თუ სამედიცინო მომსახურების გაწევისას პაციენტის ჯანმრთელობას რაიმე ზიანი მიადგა ან არსებობს ზიანის მიყენების რისკი, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელობას.

    მუხლი 52. მოვალეობის შესრულების სავალდებულოობა ექიმის ფუნქციის შემსრულებლისათვის

ამ კანონის V თავით გათვალისწინებული მოვალეობის შესრულება ეკისრება ექიმის ფუნქციის შემსრულებელსაც.

თავი VI

 დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მოვალეობა პატიმრის, დაკავებულის ან დატყვევებულისათვის სამედიცინო მომსახურების გაწევისას

    მუხლი 53. ზოგადი პრინციპები

პატიმრის, დაკავებულის ან დატყვევებულისათვის სამედიცინო მომსახურების გაწევისას დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია მისი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა და მკურნალობა უზრუნველყოს ისეთივე ხარისხითა და სამედიცინო სტანდარტებით, როგორითაც იმ ადამიანებისა, რომლებიც არ არიან პატიმრები, დაკავებულები ან დატყვევებულები.

    მუხლი 54. აკრძალვები

1. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს ეკრძალება:

ა) პირდაპირი ან არაპირდაპირი კავშირი ისეთ ქმედებებთან, რომლებიც დაკავშირებულია წამებაში ან სხვა სასტიკ, არაადამიანურ, ღირსების შემლახავ მოპყრობაში ან/და სასჯელში მონაწილეობასთან, თანამონაწილეობასთან, წაქეზებასთან ან წაქეზების მცდელობასთან, აგრეთვე, ამგვარ მოქმედებებზე დასწრება;

ბ) პატიმართან, დაკავებულთან ან დატყვევებულთან პროფესიული ურთიერთობა, თუ ამის ერთადერთი მიზანი არ არის მისი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის შეფასება, დაცვა ან გაუმჯობესება და ეს ურთიერთობა ეწინააღმდეგება სამედიცინო ეთიკის პრინციპებს;

გ) პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოყენება პატიმრის, დაკავებულის ან დატყვევებულის დაკითხვის ხელშეწყობისათვის ისეთი მეთოდებით, რომლებიც უარყოფითად იმოქმედებენ მის ფიზიკურ ან ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ან მდგომარეობაზე;

დ) პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოყენება, ინსტრუმენტის ან ნივთიერების გაცემა პატიმრის, დაკავებულის ან დატყვევებულის წამების ან სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ხელშეწყობის მიზნით, ან ამგვარი მოქმედებების მიმართ მისი წინააღმდეგობის შესასუსტებლად;

ე) პატიმრის, დაკავებულის ან დატყვევებულის ნებისმიერ შემზღუდავ მოქმედებაში მონაწილეობა, თუ ეს უკანასკნელი არ არის განსაზღვრული სამედიცინო ჩვენებებით, არ არის აუცილებელი მისი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისათვის, სხვა პატიმრის, დაკავებულის ან დატყვევებულის ანდა ბადრაგის უსაფრთხოებისათვის და საშიშროებას უქმნის პატიმრის, დაკავებულის ანდა დატყვევებულის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აკრძალვები ძალაშია საგანგებო მდგომარეობის დროსაც, შეიარაღებული კონფლიქტებისა და სამოქალაქო დაპირისპირების ჩათვლით.

    მუხლი 55. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის დამოკიდებულება მოშიმშილე პატიმრის ან დაკავებულის მიმართ

1. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს ეკრძალება მოშიმშილე პატიმრის ან დაკავებულის ხელოვნური კვება, თუ იგი უარს ამბობს საკვების ბუნებრივი გზით მიღებაზე და მას, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის აზრით, შესწევს საკვების მიღების ნებაყოფლობით შეწყვეტის შედეგების დამოუკიდებლად და გონივრულად შეფასების უნარი. ეს აზრი უნდა დაადასტუროს ერთმა სხვა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტმა მაინც. ამავე დროს, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს უფლება აქვს გაუწიოს სამედიცინო მომსახურება პაციენტს, თუ ეს უკანასკნელი ამის წინააღმდეგი არ არის.

2. პატიმრის ან დაკავებულის მიერ საკვების მიღებაზე უარის განცხადების შემთხვევაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია აცნობოს პატიმარს ან დაკავებულს საკვების მიღებაზე უარის თქმის მოსალოდნელი შედეგების შესახებ, აგრეთვე აცნობოს მას, გაუწევს თუ არა იგი სამედიცინო მომსახურებას შიმშილობის შედეგად უგონო მდგომარეობის დადგომის შემთხვევაში.

3. თუ პატიმარი ან დაკავებული ნებაყოფლობითი შიმშილობის შედეგად უგონო მდგომარეობაში აღმოჩნდა, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს უფლება აქვს იმოქმედოს პაციენტის ჯანმრთელობის ან/და სიცოცხლის ინტერესების შესაბამისად, მიუხედავად პაციენტის მიერ მანამდე განცხადებული ნებისა. გადაწყვეტილებას ამის თაობაზე იღებს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი. გადაწყვეტილების მიღებაზე არ უნდა იქონიოს გავლენა მესამე პირის მოსაზრებებმა, რომლისთვისაც პაციენტის კეთილდღეობა არ არის მთავარი.

4. თუ გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის მქონე მოშიმშილე პატიმარი ან დაკავებული უარს აცხადებს სამედიცინო მომსახურების გაწევაზე, შიმშილობის მოსალოდნელ შედეგებზე დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი პასუხს არ აგებს.

თავი VII

 დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მიერ სამედიცინო ჩანაწერების წარმოების მოვალეობა

    მუხლი 56. სამედიცინო ჩანაწერების წარმოების პირობები

1. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია თითოეული პაციენტისათვის აწარმოოს სამედიცინო ჩანაწერები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სხვა მოთხოვნების გათვალისწინებასთან ერთად, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მიერ სამედიცინო ჩანაწერების წარმოებისას აუცილებელია:

ა) სამედიცინო ჩანაწერები შესრულდეს სახელმწიფო ენაზე, მკაფიოდ და გასაგებად. უცხო ქვეყნის სპეციალისტის ჩანაწერი უნდა ითარგმნოს სახელმწიფო ენაზე;

ბ) სამედიცინო ჩანაწერები იყოს სრულყოფილი. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტმა სამედიცინო ჩანაწერების თითოეული ნაწილი (პაციენტის პიროვნული, სოციალური, სამედიცინო და სხვა მონაცემები) სრულად უნდა შეავსოს;

გ) სამედიცინო ჩანაწერებში ინფორმაცია დაფიქსირდეს დროულად და განსაზღვრულ ვადებში;

დ) სამედიცინო ჩანაწერები ადეკვატურად ასახავდეს პაციენტის სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებულ ყველა დეტალს;

ე) სამედიცინო ჩანაწერების ყოველი ახალი ნაწილი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტმა დაამოწმოს მკაფიო ხელმოწერით, არსებული წესის მიხედვით.

3. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია დაიცვას სამედიცინო ჩანაწერების შენახვის არსებული წესი. იგი ვალდებულია სამედიცინო ჩანაწერები გააცნოს მესამე პირს მხოლოდ ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

თავი VIII

 დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მოვალეობა კოლეგის მიმართ

    მუხლი 57. ზოგადი პრინციპები

დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია საექიმო საქმიანობის განხორციელებისას დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები, პაციენტის ინტერესები, საექიმო საქმიანობის პრესტიჟი, დაამკვიდროს კოლეგებს შორის ურთიერთპატივისცემის ატმოსფერო.

    მუხლი 58. კოლეგისათვის პროფესიული მომსახურების გაწევის ვალდებულება

დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმალურად დაეხმაროს კოლეგას, რომელიც მას მიმართავს მომსახურების გაწევის მიზნით.

    მუხლი 59. სხვა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის პაციენტისათვის სამედიცინო მომსახურების გაწევა

1. თუ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს სამედიცინო მომსახურების გაწევის მიზნით მიმართა პაციენტმა, რომელსაც მანამდე იმავე სპეციალობის სხვა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი მეთვალყურეობდა, პირველი ვალდებულია ყველა ღონე იხმაროს იმისათვის, რომ პაციენტმა, მისმა ნათესავმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა შეატყობინონ ამის შესახებ იმ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს, რომელიც პაციენტს ადრე მეთვალყურეობდა. აკრძალულია პაციენტისათვის სამედიცინო მომსახურების გაწევაზე უარის თქმა იმ მიზეზით, რომ მას ადრე იმავე სპეციალობის სხვა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი მკურნალობდა.

2. სხვა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მიერ გამოგზავნილი პაციენტის მკურნალობის დამთავრების შემდეგ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია უკან გაუგზავნოს პაციენტი იმავე დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს, თუ შემდგომში საჭიროა მკურნალობის ან/და მეთვალყურეობის გაგრძელება. ამ შემთხვევაში აუცილებელია პაციენტის თანხმობა.

3. თუ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტმა გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება გაუწია პაციენტს, რომელსაც მანამდე მკურნალობდა ან/და მეთვალყურეობდა სხვა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი, მომსახურების გამწევი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია შეძლებისდაგვარად სწრაფად შეატყობინოს ამის შესახებ ადრინდელ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს და პაციენტის თანხმობით მასვე გადააბაროს ავადმყოფის შემდგომი მკურნალობა ან/და მეთვალყურეობა.

4. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია შესაბამისი სამედიცინო მომსახურება გაუწიოს პაციენტს, რომელსაც მკურნალობს ან/და მეთვალყურეობს იმავე დაწესებულებაში მომუშავე კოლეგა, თუ ეს უკანასკნელი რაიმე მიზეზის გამო ვერ ახერხებს სამედიცინო მომსახურების განხორციელებას.

    მუხლი 60. პაციენტის მკურნალობა ან/და მეთვალყურეობა სტაციონარიდან გაწერის შემდეგ

სტაციონარული სამედიცინო დაწესებულებიდან პაციენტის გაწერის შემდეგ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია მისი შემდგომი მკურნალობა ან/და მეთვალყურეობა მიანდოს იმ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს, რომელიც სტაციონარში შემოსვლამდე მკურნალობდა ან/და მეთვალყურეობდა პაციენტს. ამ შემთხვევაში აუცილებელია პაციენტის თანხმობა. პაციენტის მკურნალობის ან/და მეთვალყურეობის გაგრძელების უფლება დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს აქვს მხოლოდ პაციენტის მოთხოვნით, რაც წერილობით უნდა დაფიქსირდეს სამედიცინო დოკუმენტაციაში.

    მუხლი 61. კონსილიუმი

პაციენტის კონსილიუმის წესით გასინჯვისას და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კონსილიუმის მონაწილეთა მსჯელობის დროს აკრძალულია პაციენტის ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის დასწრება. კონსილიუმის მონაწილენი უნდა შეთანხმდნენ, თუ ვინ აცნობებს პაციენტს, მის ნათესავს ან კანონიერ წარმომადგენელს კონსილიუმის გადაწყვეტილებას.

    მუხლი 62. სხვა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მოწვევა პაციენტის სამედიცინო მომსახურებაში მონაწილეობის მისაღებად

თუ დამოუკიდებელი საექიმო

საქმიანობის სუბიექტი მოიწვევს თავის კოლეგას პაციენტის სამედიცინო მომსახურებაში მონაწილეობისათვის, ხოლო პაციენტთან მას დადებული აქვს ხელშეკრულება გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების შესახებ, მომწვევი ვალდებულია შესთავაზოს მოწვეულს მისი შრომის შესაბამისი საზღაური.

    მუხლი 63. კოლეგის საქმიანობის შეფასება

ერთობლივი საექიმო საქმიანობის, აგრეთვე დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის ხელმძღვანელობით მიმდინარე უმაღლესისშემდგომი უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამაში მონაწილე კოლეგის საქმიანობის ზეპირად ან წერილობით შეფასებისას დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია იყოს კეთილსინდისიერი და ობიექტური, ხელმძღვანელობდეს ამ კანონის 57-ე მუხლში აღნიშნული პრინციპებით.

    მუხლი 64. კოლეგების მონაწილეობა უმაღლესისშემდგომი

უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში

დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია იზრუნოს თავისი ხელქვეითი კოლეგის უმაღლესისშემდგომი უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში დადგენილი წესით მონაწილეობაზე.

    მუხლი 65. აკრძალვები

აკრძალულია:

ა) კოლეგის საექიმო საქმიანობის არაობიექტური კრიტიკა, მისი პიროვნული თვისებების დამამცირებელი გამონათქვამები;

ბ) კოლეგისათვის საექიმო საქმიანობაში ხელის შეშლა, მისი გაძევების მცდელობა ან კონკურენციის გამო გაძევება;

გ) დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მიერ საექიმო პრაქტიკის დაწყება 2 წელზე ნაკლები დროის განმავლობაში იმ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის საექიმო პრაქტიკის ტერიტორიაზე (რეგიონში, დასახლებულ პუნქტში ან მის ნაწილში), რომელთანაც ის მუშაობდა უმცროს ექიმად ან გადიოდა მასთან რეზიდენტურის კურსს ან სწავლობდა დიაგნოსტიკურ ან/და სამკურნალო მეთოდებს არანაკლებ 3 თვისა. გამონაკლისი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიღებულია ზემოხსენებული დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის თანხმობა;

დ) უმუშევარი კოლეგის მდგომარეობით სარგებლობა და მასთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სატარიფო ნორმებზე ნაკლები ანაზღაურების გათვალისწინებით;

ე) საზღაურის მიღება სხვა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტისათვის ან სხვა სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტის ან გამოსაკვლევი მასალის გაგზავნისათვის, აგრეთვე საზღაურის გაცემა იმ შემთხვევებში, როცა მას უგზავნიან პაციენტს ან გამოსაკვლევ მასალას.

თავი IX

 სახელმწიფო ზედამხედველობა საექიმო საქმიანობაზე

    მუხლი 66. საექიმო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანო

1. საექიმო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს სამინისტრო საბჭოს მეშვეობით.

2. სამინისტრო უზრუნველყოფს საექიმო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობაში საუნივერსიტეტო კლინიკების, ექიმთა პროფესიული ასოციაციებისა და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების აქტიურ მონაწილეობას.

    მუხლი 67. საექიმო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის სახეები

1. საექიმო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის სახეებია:

ა) სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლი;

ბ) სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების კონტროლი;

გ) უმაღლესისშემდგომ უწყვეტ სამედიცინო განათლების სისტემაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მონაწილეობაზე მეთვალყურეობა და მისი შეფასება;

დ) დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების საჭიროებისამებრ პერიოდული შემოწმება ამ კანონით დადგენილი წესით;

ე) დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება და პროფესიული ვარგისიანობის დადგენა ამ კანონით განსაზღვრული წესით.

    მუხლი 68. სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების კონტროლი

1. სამინისტრო პერიოდულად, წელიწადში ერთხელ მაინც, შერჩევით აკონტროლებს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მიერ წარმოებული სამედიცინო მომსახურების ხარისხსა და სამედიცინო დოკუმენტაციას.

2. შემოწმების შედეგების ამსახველი დოკუმენტის მომზადებისა და განხილვის ყველა ეტაპზე აუცილებელია იმ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მონაწილეობა, რომლის საქმიანობაც შემოწმდა.

3. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს, თავისი შეხედულებით, უფლება აქვს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს დაურთოს ახსნა-განმარტებითი ბარათი, რომელშიც აისახება მისი დამოკიდებულება დოკუმენტში მოცემული შენიშვნებისადმი.

    მუხლი 69. უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მონაწილეობაზე სახელმწიფო ზედამხედველობა

1. სამინისტრო დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების შენარჩუნებისა და სრულყოფისათვის ქმნის უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემას, რომელიც მოიცავს:

ა) ყველა საექიმო სპეციალობაში პროგრამების მომზადებას;

ბ) სწავლების მეთოდების განსაზღვრას;

გ) უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მონაწილეობის შეფასების მეთოდების განსაზღვრას;

დ) უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში მონაწილეობის შეფასების შედეგების მიხედვით განმეორებითი სერტიფიცირებისათვის საჭირო კრიტერიუმების განსაზღვრას.

2. სამინისტრო 5 წელიწადში ერთხელ ახორციელებს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში მონაწილეობის შეფასებას ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შესაბამისად.

    მუხლი 70. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება მისი პროფესიული ვარგისიანობის განსაზღვრისათვის

1. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო აღარ შეუძლია განახორციელოს პროფესიული საქმიანობა, სამინისტროს უფლება აქვს დაავალოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს სამედიცინო დაწესებულებაში გაიაროს შესაბამისი სამედიცინო შემოწმება.

2. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია გაიაროს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო შემოწმება სამინისტროს მიერ გადაწვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში.

3. სამედიცინო შემოწმების შედეგებს აფასებს სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის კომისია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. დამქირავებელი უზრუნველყოფს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის ჯანმრთელობის მდგომარეობის ყოველწლიურ, პროფილაქტიკურ შემოწმებას სამინისტროს მიერ განსაზღვრული გამოკვლევების ნუსხის შესაბამისად.

    მუხლი 71. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების კონტროლზე, აგრეთვე პროფესიული ვარგისიანობის განსაზღვრისათვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებაზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგები

თუ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი უარს აცხადებს მის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების კონტროლზე, აგრეთვე პროფესიული ვარგისიანობის განსაზღვრისათვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებაზე, საბჭოს უფლება აქვს შეაჩეროს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება ამ კანონის 77-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.

    მუხლი 72. საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრება

საბჭოს ნებისმიერი გადაწყვეტილება სახელმწიფო სერტიფიკატის თაობაზე დაინტერესებულმა პირმა შეიძლება გაასაჩივროს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი X

 დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის პროფესიული პასუხისმგებლობა

    მუხლი 73. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის პროფესიული პასუხისმგებლობა

დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის პროფესიული პასუხისმგებლობა არის პაციენტის გამოკვლევასთან, მოვლასთან და მკურნალობასთან დაკავშირებული სამედიცინო სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების დარღვევისათვის გათვალისწინებული პასუხისგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 74. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის  არასწორად წარმართვისათვის გათვალისწინებული პროფესიული პასუხისმგებლობა

1. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის არასწორად წარმართვისათვის გათვალისწინებულია პროფესიული პასუხისმგებლობის შემდეგი სახეები:

ა) წერილობითი გაფრთხილება;

ბ) სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერება;

გ) სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმება;

დ) ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ალკოჰოლის შემცველი მედიკამენტების გამოწერის შეზღუდვა;

ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროფე-სიული პასუხისმგებლობის სხვა ზომები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პროფესიული პასუხისმგებლობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საბჭო.

3. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს სასამართლოში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროფესიული პასუხისმგებლობის ნებისმიერი სახე.

    მუხლი 75. წერილობითი გაფრთხილება

1. წერილობითი გაფრთხილება მიეცემა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს, რომელიც განზრახ ან დაუდევრობით არ ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრულ პროფესიულ მოვალეობებს.

2. წერილობითი გაფრთხილების საფუძველია:

ა) პაციენტის განცხადება ან საჩივარი;

ბ) პაციენტის ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის განცხადება ან საჩივარი;

გ) დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის დამქირავებლის განცხადება ან საჩივარი;

დ) იმ სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის განცხადება ან საჩივარი, სადაც მუშაობს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი, რომელსაც ადასტურებს იმავე დაწესებულებაში მომუშავე ორზე მეტი კოლეგა;

ე) იმ სამედიცინო დაწესებულებაში მომუშავე ორზე მეტი კოლეგის განცხადება ან საჩივარი, სადაც მუშაობს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი, რომელსაც ადასტურებს იმავე დაწესებულების ხელმძღვანელი;

ვ) დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის დამქირავებლის ან იმ სამედიცინო დაწესებულების მიერ მოწოდებული ინფორმაცია, სადაც დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი მუშაობს.

3. თუ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე პროფესიული საქმიანობისას ჩადენილი ქმედებისათვის, იმავე ქმედებისათვის შემოსული განცხადება ან საჩივარი არ განიხილება.

4. თუ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს ერთი კალენდარული წლის განმავლობაში წერილობითი გაფრთხილება მიეცა სულ ცოტა 3-ჯერ, საბჭო უფლებამოსილია ამ კანონით დადგენილი წესით განიხილოს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების საკითხი.

5. საბჭო ვალდებულია:

ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„ვ“ ქვეპუნქტებში მითითებული პირების მიერ განცხადების ან საჩივრის შემოტანიდან არა უგვიანეს ერთი კვირისა აცნობოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს მის შესახებ შემოსული განცხადების ან საჩივრის თაობაზე;

ბ) დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს მოთხოვნისთანავე გააცნოს მის შესახებ შემოსული განცხადების ან საჩივრის შინაარსი;

გ) დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის სურვილით მიიღოს ზეპირი ან წერილობითი განმარტება განცხადებაში ან საჩივარში მითითებული ფაქტების შესახებ;

დ) მიიღოს გადაწყვეტილება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„ვ“ ქვეპუნქტებში მითითებული პირების მიერ განცხადების ან საჩივრის შემოტანიდან არა უგვიანეს ერთი თვისა;

ე) გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში აცნობოს ამის შესახებ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს, აგრეთვე განმცხადებელს ან მომჩივანს.

6. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს არ მიეცემა ამ კანონით გათვალისწინებული წერილობითი გაფრთხილება დარღვევიდან 5 წლის შემდეგ ანდა გაფიცვაში ან სხვა მსგავს ქმედებაში მონაწილეობისათვის.

    მუხლი 76. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერება

სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერება არის სახელმწიფო სერტიფიკატით ნებადართული დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დროებითი აკრძალვა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების განახლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ან სასამართლოს მიერ მის გაუქმებამდე.

    მუხლი 77. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების საფუძველი

1. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების საფუძველია:

ა) მისი მფლობელის მიერ სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრული პირობების ან სახელმწიფო სერტიფიკატით ნებადართული დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა;

ბ) სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის მიერ ერთი წლის განმავლობაში სულ ცოტა 3-ჯერ მიღებული წერილობითი გაფრთხილება.

2. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება შეიძლება შეჩერდეს არა უმეტეს 3 თვით.

3. გადაწყვეტილება სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების შესახებ ერთი კვირის ვადაში წერილობით ეცნობება მის მფლობელს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების საფუძვლის მითითებით; ამასთან, კეთდება შესაბამისი აღნიშვნა სახელმწიფო სასერტიფიკაციო რეესტრში.

4. გადაწყვეტილება სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

    მუხლი 78. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების განახლება მოქმედების შეჩერების შემდეგ

1. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების მიზეზების აღმოფხვრისა და, აქედან გამომდინარე, შესაბამისი მოთხოვნების შესრულების შემდეგ, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება განახლდება საბჭოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის განცხადების საფუძველზე.

2. საბჭო ვალდებულია სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის განცხადება სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების განახლების შესახებ განიხილოს მისი შეტანიდან არა უგვიანეს 2 კვირისა.

    მუხლი 79. სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმება

1. სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმების საფუძველია:

ა) სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეუსაბამობა მის პროფესიულ მოვალეობასთან;

ბ) განმეორებითი სერტიფიცირების შემდეგ საბჭოს უარყოფითი გადაწყვეტილება სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ;

გ) სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის მიერ ისეთი საქმიანობის განხორციელება, რომელიც სცილდება სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრულ ფარგლებს;

დ) სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების ამ კანონით დადგენილი ვადის გასვლა, თუ მანამდე სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელმა ვერ მოახერხა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა და, აქედან გამომდინარე, შესაბამისი მოთხოვნების შესრულება;

ე) სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის მიერ ქვეყანაში აღიარებული სამედიცინო სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების სისტემატური ან ერთჯერადი მძიმე დარღვევა, თუ ამ უკანასკნელს მოჰყვა პაციენტის ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი გაუარესება ან სიკვდილი ანდა პაციენტისათვის მატერიალური ზიანის მიყენება;

ვ) სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელისათვის თავისუფლების აღკვეთის ან მისი სამუშაოდან დათხოვნის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება, მათ შორის, სამსახურიდან განთავისუფლება სასამართლოს გადაწყვეტილებით პროფესიული საქმიანობისას ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისათვის, მისი კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში გადაწყვეტილებას სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმების შესახებ საბჭოს განცხადების საფუძველზე იღებს შესაბამისი სასამართლო განსჯადობის მიხედვით.

3. საბჭო სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმების შესახებ განცხადებით მიმართავს სასამართლოს 5 დღის ვადაში იმ დღიდან, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმების საფუძველი.

4. საბჭო ვალდებულია:

ა) 5 დღის ვადაში წერილობით აცნობოს სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელს სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმების თაობაზე სასამართლოსათვის წერილობითი მიმართვის შესახებ, შესაბამისი საფუძვლების ჩვენებით;

ბ) სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში შეიტანოს შესაბამისი მონაცემები სახელმწიფო სასერტიფიკაციო რეესტრში.

5. სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმების შესახებ სასამართლოსათვის მიმართვისას საბჭოს უფლება აქვს შეაჩეროს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე, თუ საბჭო თვლის, რომ სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის მიერ პროფესიული საქმიანობის გაგრძელებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას პაციენტების ჯანმრთელობას. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების აუცილებლობა წერილობით უნდა იყოს დასაბუთებული.

    მუხლი 80. საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრება

საბჭოს ნებისმიერი გადაწყვეტილება სახელმწიფო სერტიფიკატის თაობაზე დაინტერესებულმა პირმა შეიძლება გაასაჩივროს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი XI

 დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხის განხილვა

    მუხლი 81. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხის განმხილველი ორგანო

ამ კანონით გათვალისწინებული დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის პროფესიული პასუხისმგებლობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საბჭო.

    მუხლი 82. განცხადების ან საჩივრის წარდგენა საბჭოში

1. განცხადება ან საჩივარი საბჭოს უნდა წარედგინოს წერილობით.

2. საბჭოში წარდგენილი განცხადება ან საჩივარი უნდა შეიცავდეს:

ა) განმცხადებლის ან მომჩივნის სახელს, გვარს, დაბადების თარიღსა და საცხოვრებელი ადგილის მისამართს;

ბ) იმ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის სახელს, გვარს, სპეციალობას და სამსახურის მისამართს, რომელსაც ეხება განცხადება ან საჩივარი;

გ) განცხადების ან საჩივრის არსსა და მოთხოვნას;

დ) სხვა გარემოებებს.

3. განცხადება ან საჩივარი ხელმოწერილი უნდა იყოს განმცხადებლის ან მომჩივნის მიერ.

4. თუ განცხადებას ან საჩივარს წარადგენს განმცხადებლის ან მომჩივნის ნათესავი ან საქართველოს კანონიერი წარმომადგენელი, მისი უფლებამოსილება უნდა დაამოწმოს ნოტარიუსმა ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელმა.

    მუხლი 83. განცხადების ან საჩივრის არასრულყოფილება

თუ განცხადება ან საჩივარი არასრულყოფილია და იგი ვერ გახდება განხილვის საფუძველი, საბჭო მოითხოვს დამატებითი მასალების წარდგენას უახლოესი 2 კვირის ვადაში. დამატებითი მასალების წარუდგენლობის შემთხვევაში განცხადება ან საჩივარი არ განიხილება.

    მუხლი 84. შეტყობინების აუცილებლობა

1. განცხადების ან საჩივრის მიღების შემთხვევაში სახელმწიფო სერტიფიკატის მიმნიჭებელი საბჭო მის ასლს დაუყოვნებლივ გადაუგზავნის დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს, რომელსაც ეხება განცხადება ან საჩივარი. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია განცხადების ან საჩივრის მიღებიდან 3 დღის ვადაში გაუგზავნოს ცნობა საბჭოს შეტყობინების მიღების თაობაზე.

2. შეტყობინების გაგზავნა არ არის სავალდებულო, თუ ცნობილია, რომ ამ კანონის 83 ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში განცხადება ან საჩივარი არ განიხილება.

    მუხლი 85. პასუხი განცხადებაზე ან საჩივარზე

1. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტმა განცხადებაში ან საჩივარში მითითებულ გარემოებებზე წერილობით უნდა გასცეს პასუხი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საბჭო გადაწყვეტს, რომ საკმარისია ზეპირი პასუხი.

2. პასუხში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტმა გარკვევით უნდა აღნიშნოს, ეთანხმება თუ უარყოფს განცხადებაში ან საჩივარში მითითებულ გარემოებებს, აგრეთვე დაასაბუთოს თავისი შეხედულება და წარადგინოს გამამართლებელი გარემოებები.

    მუხლი 86. განცხადებაში ან საჩივარში მოყვანილი გარემოებების ექსპერტიზა

1. თუ საბჭო მიიჩნევს, რომ საკითხის გადასაწყვეტად საჭიროა ექსპერტიზა, მას უფლება აქვს მიიღოს განმარტებები შესაბამისი პირებისაგან, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ექსპერტიზის ჩამტარებელი პირისათვის ანაზღაურების საკითხი გადაწყდება საბჭოსა და ექსპერტს შორის დადებული ხელშეკრულებით.

3. შესაბამის საექიმო სპეციალობის ექიმთა პროფესიულ ასოციაციას, მოპასუხის თანხმობის შემთხვევაში ან მისი მოთხოვნით, უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს განცხადების ან საჩივრის განხილვასა და გადაწყვეტილების გამოტანაში.

    მუხლი 87. გადაწყვეტილების მიღებისას მხარეების დასწრების აუცილებლობა

საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას მხარეების დასწრება სავალდებულოა.

    მუხლი 88. განცხადების ან საჩივრის დელეგირება

თუ საბჭო მიიჩნევს, რომ პაციენტის, მისი ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის განცხადებაში ან საჩივარში აღძრული საკითხის განხილვა არ შედის საბჭოს კომპეტენციაში და უარი განცხადების ან საჩივრის განხილვაზე არ ხელყოფს პაციენტის უფლებებს, საბჭომ განცხადება ან საჩივარი განსახილველად შეიძლება გადაუგზავნოს დამოუკიდებლი საექიმო საქმიანობის სუბიექტის დამქირავებელს ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოს.

    მუხლი 89. საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრება

საბჭოს გადაწყვეტილება პირმა შეიძლება გაასაჩივროს სასამართლოში.

თავი XII

 ტელემედიცინა

    მუხლი 90. სამედიცინო კონსულტაციის მიღება ტელემედიცინის გამოყენებით

1. ტელემედიცინის გამოყენებით სამედიცინო კონსულტაციის მიღების უფლება აქვს მხოლოდ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს.

2. ტელემედიცინის გამოყენებით მიღებული სამედიცინო კონსულტაციის საფუძველზე პაციენტს რეკომენდაციას აძლევს მხოლოდ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი.

3. პაციენტისათვის ამ ფორმით გაწეული სამედიცინო მომსახურების შედეგებზე პასუხისმგებელია დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი, რომელიც უშუალოდ გასცემს რეკომენდაციას.

    მუხლი 91. პაციენტის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალობა

1. ტელემედიცინის საშუალებების გამოყენებისას პაციენტის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა ევალება დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს.

2. პაციენტის მოთხოვნით მონაცემები მისი ვინაობის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და პირადი ცხოვრების შესახებ ტელემედიცინის გამოყენებით შეიძლება გადაიცეს ანონიმურად.

    მუხლი 92. ტექნიკური პერსონალი

1. ტექნიკურ პერსონალს, რომელიც მონაწილეობს ტელემედიცინის საშუალებებით ინფორმაციის გადაცემაში, ეკრძალება მიღებული კონსულტაციის თაობაზე ინფორმაციის გამჟღავნება პაციენტისათვის.

2. ტექნიკური პერსონალი ვალდებულია დაიცვას პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე ინფორმაციის კონფიდენციალობა.

თავი XIII

 დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის სოციალური უფლებები

    მუხლი 93. ადეკვატური სამუშაო პირობები

დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს უფლება აქვს დამქირავებლისაგან მოითხოვოს პროფესიული საქმიანობის ადეკვატური სამუშაო პირობების შექმნა.

    მუხლი 94. ადეკვატური ანაზღაურება

თუ ჯანმრთელობის დაცვის ერთ-ერთ საექიმო სპეციალობაში, დაწესებულებაში ან ორგანიზაციაში სათანადო ანაზღაურების მიღება არ არის დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტისა და პაციენტის შეთანხმების საგანი, დამქირავებელი უზრუნველყოფს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს პროფესიული საქმიანობის ადეკვატური ანაზღაურებით. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტისათვის ანაზღაურების სისტემის შექმნაში მონაწილეობენ ექიმის ინტერესთა დამცველი საზოგადოებრივი ორგანიზაციები, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის და ფინანსთა სამინისტროები.

    მუხლი 95. შეღავათები ზოგიერთ საექიმო სპეციალობაში და ცალკეულ რეგიონში მომუშავე დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტისათვის

1. სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ზოგიერთ საექიმო სპეციალობაში და ცალკეულ რეგიონში მომუშავე დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტისათვის ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობის ორგანოები აწესებენ ხელფასზე დანამატებსა და სხვა შეღავათებს, საცხოვრებელი ფართობისა და სატელეფონო კავშირით უზრუნველყოფის ჩათვლით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საექიმო სპეციალობათა და რეგიონთა ნუსხას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

3. მაღალმთიან რეგიონში მომუშავე დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტისათვის შეღავათებს განსაზღვრავს საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“.

    მუხლი 96. შეღავათები უწყვეტ სამედიცინო განათლების სისტემაში მონაწილეობისათვის

1. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს უწყვეტ სამედიცინო განათლების სისტემაში მონაწილეობის მისაღებად უფლება აქვს დამქირავებლისაგან მოითხოვოს ფასიანი შვებულება, აგრეთვე უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამებში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯებისა და მგზავრობის ან/და უწყვეტი სამედიცინო განათლების კურსებში მონაწილეობისათვის ანაზღაურება ამ კანონით დადგენილი წესით.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ფასიანი შვებულების ხანგრძლივობას კალენდარული წლის განმავლობაში და უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამებში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობასა და წესს განსაზღვრავს სამინისტრო.

    მუხლი 97. პროფესიული შეცდომის დაზღვევის უფლება

დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს უფლება აქვს დააზღვიოს პროფესიული შეცდომა, რომლის შედეგადაც პაციენტს მიადგა ქონებრივი ან არაქონებრივი ზიანი.

თავი XIV

 გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 98. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებები

1. დაევალოთ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს განათლების სამინისტროს, ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში განსაზღვრონ იმ ქვეყნების ნუსხა, რომელთა უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების დიპლომები აღიარებულია საქართველოში.

2. დაევალოთ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭობის სამინისტროს, ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში განსაზღვრონ სასერტიფიკაციო მოსაკრებლის გადახდის წესი.

3. დაევალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს:

ა) ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში შეიმუშაოს უცხო ქვეყნის სპეციალისტისათვის საქართველოში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი საბუთის ფორმა;

ბ) ექიმთა პროფესიულ ასოციაციებთან ერთად 2004 წლამდე განსაზღვროს თითოეულ საექიმო სპეციალობაში რეზიდენტურის პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა;

გ) ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის ვადაში ექიმთა პროფესიულ ასოციაციებთან ერთად განსაზღვროს იმ სამედიცინო დაწესებულებათა ნუსხა, სადაც შეიძლება კლინიკურ სპეციალობებში რეზიდენტურის კურსის გავლა;

დ) ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში ექიმთა პროფესიულ ასოციაციებთან ერთად განსაზღვროს იმ სამედიცინო დაწესებულებათა ნუსხა, სადაც შეიძლება პროფილაქტიკური მედიცინის სპეციალობებში რეზიდენტურის კურსის გავლა;

ე) ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში შეიმუშაოს სახელმწიფო სერტიფიკატის მიმნიჭებელი საბჭოს დებულება;

ვ) ექიმთა პროფესიულ ასოციაციებთან ერთად 2005 წლისათვის მოამზადოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტების პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების სრულყოფისათვის საჭირო უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამები ყველა საექიმო სპეციალობაში; განსაზღვროს სწავლების მეთოდები; შეიმუშაოს უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მონაწილეობის შეფასების კრიტერიუმები; შეიმუშაოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის განმეორებითი სერტიფიცირებისათვის საჭირო კრიტერიუმები უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში მონაწილეობის შედეგების მიხედვით;

ზ) ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში განსაზღვროს სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი ცნობის ფორმა.

4. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატისათვის ან მედიცინის მეცნიერებათა დოქტორისათვის ექიმი სპეციალისტის სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემის საფუძვლად ჩაითვალოს:

ა) სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებლის წერილობითი განცხადება, რომელიც შეიცავს განმცხადებლის სახელს, გვარს, დაბადების ადგილსა და საცხოვრებელი ადგილის მისამართს, აგრეთვე მითითებას, თუ რომელი საექიმო სპეციალობით აპირებს მაძიებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მიღებას;

ბ) უმაღლესი სამედიცინო საგანმანათლებლო ცენზის დამადასტურებელი სახელმწიფო საგანმანათლებლო სერტიფიკატი;

გ) მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ან მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის დიპლომის ასლი, რომლითაც დასტურდება სამეცნიერო ხარისხის 1997 წლის 1 ნოემბრამდე მინიჭება;

დ) შესაბამისი საექიმო სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი ბოლო 15 წლის განმავლობაში – მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატისათვის და შესაბამისი საექიმო სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი ბოლო 10 წლის განმავლობაში – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორისათვის;

ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომლის ფორმას განსაზღვრავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

ვ) ამონაწერი შრომის წიგნაკიდან, თუ სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს ასეთი გააჩნია.

5. ამ კანონის მე-17 მუხლი ამოქმედდეს 2003 წლიდან.

6. ამ კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2005 წლიდან.

7. უმაღლესი და საშუალო სამედიცინო პერსონალისათვის სასერტიფიკაციო მოსაკრებელი განისაზღვროს 60 ლარის ოდენობით და განაწილდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს 2001 წლის 26 ოქტომბრის კანონი №1135-სსმI, №33,10.11.2001წ.,მუხ . 133

    მუხლი 99. სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდა

1. 2006 წლის 1 ივნისამდე სახელმწიფო სერტიფიკატის ახალი ვადით გაგრძელება დასაშვებია მხოლოდ სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემდეგ, ამ კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით.

2. 2006 წლის 1 ივნისამდე ამ კანონის 31-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებული კრედიტსაათების ოდენობებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო განსაზღვრავს ეტაპობრივად, ყოველწლიურად მზარდი ოდენობით, არსებული რესურსების გათვალისწინებით.

    მუხლი 100. უმცროსი ექიმის მიერ 2006 წლამდე დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მიღება სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემდეგ

1. უმცროს ექიმს 2006 წლამდე სახელმწიფო სერტიფიკატის მიმნიჭებელი საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება მიეცეს უფლება, ჩააბაროს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდა და მიიღოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება, თუ:

ა) ამ კანონით დადგენილი წესით დაადასტურებს, რომ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში მუშაობდა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის ზედამხედველობით;

ბ) ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში მის მიერ შესრულებული სამუშაო შეესაბამება ამ საექიმო სპეციალობაში რეზიდენტურის პროგრამით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

2. უმცროსი ექიმის მიერ სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლის უფლების მისაღებად აუცილებელია, რომ შესაბამის საექიმო სპეციალობაში მისი მუშაობის ხანგრძლივობა არ იყოს ამ სპეციალობაში რეზიდენტურის კურსის ხანგრძლივობაზე ნაკლები.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ წესებს შეიმუშავებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში.

    მუხლი 101. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2001 წლის 8 ივნისი.

№904–IIს

შეტანილი ცვლილებები:

1.    საქართველოს 2001 წლის 26 ოქტომბრის კანონი №1135-სსმI, №33,10.11.2001წ., მუხ .133

28. 21/02/2024 - საქართველოს კანონი - 4044-XIVმს-Xმპ - ვებგვერდი, 07/03/2024 27. 30/11/2023 - საქართველოს კანონი - 3846-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 15/12/2023 26. 01/11/2023 - საქართველოს კანონი - 3613-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 22/11/2023 25. 02/05/2023 - საქართველოს კანონი - 2794-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 19/05/2023 24. 15/12/2022 - საქართველოს კანონი - 2391-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 27/12/2022 23. 16/03/2021 - საქართველოს კანონი - 360-IVმს-Xმპ - ვებგვერდი, 18/03/2021 22. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 7002-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 21. 17/03/2020 - საქართველოს კანონი - 5767-IIს - ვებგვერდი, 23/03/2020 20. 04/04/2019 - საქართველოს კანონი - 4463-IIს - ვებგვერდი, 11/04/2019 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 19. 05/07/2018 - საქართველოს კანონი - 3110-რს - ვებგვერდი, 11/07/2018 18. 04/05/2017 - საქართველოს კანონი - 776-IIს - ვებგვერდი, 25/05/2017 17. 28/12/2016 - საქართველოს კანონი - 213-რს - ვებგვერდი, 05/01/2017 16. 08/06/2016 - საქართველოს კანონი - 5383-IIს - ვებგვერდი, 17/06/2016 15. 16/07/2015 - საქართველოს კანონი - 4042-რს - ვებგვერდი, 28/07/2015 14. 20/03/2015 - საქართველოს კანონი - 3378-IIს - ვებგვერდი, 31/03/2015 13. 17/10/2014 - საქართველოს კანონი - 2702-Iს - ვებგვერდი, 31/10/2014 12. 20/09/2013 - საქართველოს კანონი - 1246-Iს - ვებგვერდი, 08/10/2013 11. 13/03/2012 - საქართველოს კანონი - 5840-Iს - ვებგვერდი, 21/03/2012 10. 17/12/2010 - საქართველოს კანონი - 4133-რს - სსმ, 76, 29/12/2010 9. 17/12/2010 - საქართველოს კანონი - 4122-რს - სსმ, 76, 29/12/2010 8. 04/12/2009 - საქართველოს კანონი - 2224 - სსმ, 45, 21/12/2009 7. 21/03/2008 - საქართველოს კანონი - 5999 - სსმ, 9, 04/04/2008 6. 14/03/2008 - საქართველოს კანონი - 5868 - სსმ, 6, 25/03/2008 5. 08/05/2007 - საქართველოს კანონი - 4721 - სსმ, 18, 22/05/2007 4. 10/11/2005 - საქართველოს კანონი - 2055 - სსმ, 48, 29/11/2005 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 3. 13/05/2005 - საქართველოს კანონი - 1434 - სსმ, 25, 02/06/2005 2. 11/11/2004 - საქართველოს კანონი - 593 - სსმ, 34, 16/11/2004 1. 26/10/2001 - საქართველოს კანონი - 1135 - სსმ, 33, 10/11/2001