„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3378-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/03/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/03/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/04/2015
სარეგისტრაციო კოდი 470010000.05.001.017679
3378-IIს
20/03/2015
ვებგვერდი, 31/03/2015
470010000.05.001.017679
„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №18, 28.06.2001, მუხ. 62) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-40 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 40. ინფორმაციის მიწოდება მცირეწლოვანი ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის არმქონე პაციენტისათვის

თუ პაციენტი მცირეწლოვანია ან არ აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი, ან თუ პაციენტს სხვა რამ არ აქვს განცხადებული წარსულში, როცა მას ჰქონდა გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი, ამ კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციას დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი პაციენტის ნათესავს ან კანონიერ წარმომადგენელს აწვდის.“.

2. 41-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია პაციენტს, ხოლო მისი მცირეწლოვანების ან მის მიერ გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში − პაციენტის ნათესავს ან კანონიერ წარმომადგენელს, პაციენტის მოთხოვნით, გააცნოს მის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული ინფორმაცია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მათ შორის, დიაგნოსტიკური გამოკვლევების შედეგები, მკურნალობასა და მოვლასთან დაკავშირებული მონაცემები, სხვა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მიერ ჩატარებული კონსულტაციის ამსახველი ჩანაწერები.“.

3. 42-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ პაციენტი მცირეწლოვანია ან არ აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია პაციენტის ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის დასაბუთებული მოთხოვნით შეიტანოს პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული შესწორება, დამატება ან განმარტება.“.

4. 45-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 45. მცირეწლოვანი ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის არმქონე პაციენტისათვის სამედიცინო მომსახურების გაწევის უფლება

1. მცირეწლოვანი ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის არმქონე პაციენტისათვის სამედიცინო მომსახურების გაწევის უფლება დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს აქვს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიიღებს პაციენტის ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის წერილობით ინფორმირებულ თანხმობას.

2. თუ არსებობს  მცირეწლოვანი ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის არმქონე პაციენტის სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა ან ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი გაუარესების ან/და ინვალიდობის რისკი, რის გამოც აუცილებელია მისთვის გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გაწევა, მაგრამ პაციენტის ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის მოძებნა ვერ ხერხდება, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი სამედიცინო მომსახურების გაწევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პაციენტის ჯანმრთელობის ინტერესების გათვალისწინებით.

3. თუ არსებობს მცირეწლოვანი ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის არმქონე პაციენტის სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა, რის გამოც აუცილებელია მისთვის გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გაწევა, მაგრამ პაციენტის ნათესავი ან კანონიერი წარმომადგენელი სამედიცინო მომსახურების გაწევის წინააღმდეგია, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი სამედიცინო მომსახურების გაწევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პაციენტის ჯანმრთელობის ინტერესების გათვალისწინებით.

4. თუ მცირეწლოვანი ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის არმქონე პაციენტის ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება პაციენტის ჯანმრთელობის ინტერესებს, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს უფლება აქვს, ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს და მოითხოვოს პაციენტისათვის შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გაწევის ნებართვა.“.

5. 47-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ პაციენტი მცირეწლოვანია ან არ აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი იღებს პაციენტის ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის წერილობით ინფორმირებულ თანხმობას სამედიცინო განათლების ან სამედიცინო-ბიოლოგიური კვლევის პროცესში პაციენტის ჩართვაზე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 1 აპრილიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

20 მარტი 2015 წ.

N3378-IIს