დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 824-IIმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 26/06/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/06/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470010000.05.001.102729 |
|
„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №18, 28.06.2001, მუხ. 62) მე-100 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 100. უმცროსი ექიმის მიერ 2026 წლის 1 ოქტომბრამდე დეფიციტურ საექიმო სპეციალობაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მიღება სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემდეგ 1. უმცროს ექიმს 2026 წლის 1 ოქტომბრამდე პროფესიული განვითარების საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება მიეცეს უფლება, დეფიციტურ საექიმო სპეციალობაში ჩააბაროს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდა და მიიღოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება, თუ: ა) იგი ამ კანონით დადგენილი წესით დაადასტურებს, რომ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში მუშაობდა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მითითებითა და პასუხისმგებლობით; ბ) მის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში შესრულებული სამუშაო შეესაბამება ამ საექიმო სპეციალობაში რეზიდენტურის პროგრამით განსაზღვრულ მოთხოვნებს. 2. უმცროსი ექიმის მიერ დეფიციტურ საექიმო სპეციალობაში სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლის უფლების მისაღებად აუცილებელია, რომ ამ საექიმო სპეციალობით მისი მუშაობის ხანგრძლივობა აღნიშნულ საექიმო სპეციალობაში რეზიდენტურის კურსის ხანგრძლივობაზე ნაკლები არ იყოს. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირის (უმცროსი ექიმის) დეფიციტურ საექიმო სპეციალობაში სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაშვების წესსა და პირობებს, აგრეთვე დეფიციტურ საექიმო სპეციალობათა ნუსხას განსაზღვრავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. 4. დეფიციტურ საექიმო სპეციალობათა ნუსხის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სათანადო სპეციალისტთა საჭირო რაოდენობა საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და მასთან მიმართებით რეალურად დასაქმებულ სპეციალისტთა რაოდენობა, აგრეთვე მათი ასაკი და დასაქმებული უმცროსი ექიმების რაოდენობა დეფიციტური საექიმო სპეციალობების მიხედვით.“. მუხლი 2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ამ კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში უზრუნველყოს ამ კანონის პირველი მუხლით განსაზღვრული კანონის მე-100 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტის გამოცემა. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. |
თბილისი, 26 ივნისი 2025 წ. N824-IIმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები